You are on page 1of 16

N 2 . უძველესი და ანტიკური ხანა ქართულ ხუროთმოძღვრებაში.

უძველესი დასახლების ტიპები, მეგალითური მშენებლობა, სამარხები, ქალაქები.

საქართველოს ტერიტორიაზე, ისევე როგორც სხვაგან, საცხოვრებლის თავდაპირველი სახე


პალეოლითის ხანის ბუნებრივი გამოქვაბულები იყო. ხუროთმოძღვრების ფორმები და
საერთოდ ხუროთმოძღვრების უადრესი საფეხურები საქართველოს ტერიტორიაზე ძვ.წ. V-
III ათასწლეულებს მოიცავს.
ამ ხანგრძლივი დროის მანძილზე ერთმანეთს ენაცვლებოდა არქიტექტურული ტრადიციები,
ფუძნდებოდა და ქრებოდა დასახლებები. კულტურებს თან მოჰქონდათ ახალი სამშენებლო
პრინციპები, მშენებლობის მათთვის დამახასიათებელი ხერხები, სივრცეზე წარმოდგენები.
გაჩნდა ტიპოლოგიურად განსხვავებული საცხოვრისები და დასახლებანი, განსხვავებული
სამშენებლო მეთოდები.
ძნელია და არც არის მოსალოდნელი, რომ კაცობრიობის განვითარების ამ უადრესი (ძვ.წ.V
ათასწლეული) ეტაპიდან თვალი გავადევნოთ არქიტექტურის განვითარების უწყვეტ ხაზს, ან
ამა თუ იმ ფორმების განვითარების შედეგად საცხოვრებელ ნაგებობათა ახალი ტიპის
ჩამოყალიბებას და ა.შ. თუმცა, სავსებით შესაძლებელია, რომ ცალკეულ შემთხვევებში,
შედარებით მკვიდრ, ადგილობრივ არქიტექტურულ ტრადიციებსა და ახლად „მოსულს“
შორის ერთგვარი ფორმათა გაზიარების შემთხვევები იქნეს გამოვლენილი. ადგილი ქონდა
გაცილებით უფრო რთულ მოვლენას. კერძოდ, უკვე დამკვიდრებულ კულტურებში
მძლავრი, არქიტექტურულად ჩამოყალიბებული სისტემების შემოჭრის პროცესებს.

უძველეს, ენეოლითის ხანიდან ადრებრინჯაოს ჩათვლით, პერიოდს განეკუთვნება


შულავერ-შომუთეფეს (შულავერი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისიდან
სამხრეთით, ქვემო ქართლის მხარის მარნეულის მუნიციპალიტეტში. შომუს გორა -
აზერბაიჯანში), მტკვრისა და არაქსის ორმდინარეთისა და ბედენური კულტურების ხანა.
შულავერ-შომუთეფეს არქეოლოგიური კულტურა მკვეთრი გამყინვარების შემდეგ
წარმოიქმნა, სავარაუდოდ, ძვ.წ. 6200 წელს და დაახლოებით ორი საუკუნე გაგრძელდა. ის
წინ უსწრებს მტკვარ-არაქსის კულტურას.
შულავერ-შომუთეფეს კულტურის დასახლებანი ძირითადად ქვემო ქართლში, მარნეულის
რაიონშია თავმოყრილი. გეგმაში ყველა ისინი წრიული ნაგებობების კომპლექსებია, სადაც
ასევე წრიული (ზოგჯერ ელიფსური) გეგმიან საცხოვრებლები, სამეურნეო ნაგებობები და
სამეურნეო ორმოებია. ისინი ერთმანეთისგან ზომებით გამოირჩევა. ყველაზე დიდი მათ
შორის საცხოვრებელი ნაგებობაა. ეზო წრიული ან მრუდხაზოვანი მოყვანილობისაა და
აერთიანებს, თავს უყრის ყველა დანიშნულების ნაგებობას ერთ კომპლექსში. მათ
წრიულობას ალბათ რაღაც განსაზღვრავდა. როგორც გ. ყიფიანი ვარაუდობს, უფრო
ფსიქოლოგიური ვიდრე არქიტექტურული კატეგორია, რაც ამ უადრეს საფეხურზე ჩანასახის
დონეზე არსებული სივრცობრივი აზროვნებით აიხსნება. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა,
ამ კულტურის არქიტექტურა ნელა, მაგრამ მაინც ვითარდებოდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ
აქ არ არის გეგმარების თუნდაც მარტივი სქემა.
როგორია ეს საცხოვრებელი კომპლექსები - ქვემო ქართლში მდინარე ხრამის ნაპირებზე
გამოვლინდა ძვ.წ. V-IV ათასწლეულების ათეული ნასოფლარები, საცხოვრებელი ბორცვები
არუხლო, შულავერი, იმირის გორა; ტერასების დასახლებები - სადახლო; მდინარეთა
შესართავთან კონცხზე - წოფი, მთის კალთებზე ამირანის გორა.
ნასოფლარები შულავერი და იმირის გორა ხელოვნური ბორცვებია. შულავერში 252 კვ. მ.
ფართობზე გამოვლინდა 20 ალიზის შენობა. ყველა ნაგებობა წრიულია და გუმბათური
გადახურვა აქვს. შენობათა ზომები იცვლება მათი დანიშნულების შესაბამისად. მაგალითად
საცხოვრებელი სახლის ფართობი 12-16 კვ.მ. სამეურნეო დანიშნულების შენობის - დიამეტრი
2-3 მეტრია. შენობათა კედლებში დასტურდება სარკმლის არსებობა, ნაგებია ლეკალური
ალიზის აგურით, გუმბათოვან სახურავში სასინათლო ხვრელი - ერდოა გაკეთებული.
იმირის ნასოფლარის 40 ნაგებობიდან 20 საცხოვრებელია და ამდენივე დამხმარე, სამეურნეო
დანიშნულების. ამგვარად, საცხოვრებელი კომპლექსი შეიცავდა - საცხოვრებელ ოთახს, ასევე
სამეურნეო ნაგებობას საკვების შესანახად, ორმოს წყლისთვის. სახლს პატარა კარი ჰქონდა,
კედლის ძირში, თიხატკეპნილ იატაკში ჩასმული იყო თიხის კერა ჩაუქრობელი ცეცხლით.
კერის პირი იატაკის დონიდან ამაღლებული იყო. ყველა შენობა ჩაღრმავებულია მიწაში 50
სმ.-ით. ნაგებობის გუმბათური გადახურვა ამოყვანილია ალიზის აგურის რიგების
თანმიმდევრული გადმოწევით - წაწყური წყობით. კედლების დახრილობა თითქმის
საფუძვლიდან იწყება. ალიზის ყოველი შემდგომი რიგი გადმოშვერილია 2-3 სმ. რაც ქმნის
კამარას, რომლის საფეხურებიც გასწორებულია თიხის ბათქაშით. ვარაუდობენ, რომ ასეთ
დასახლებაში 300-500 ადამიანს უნდა ეცხოვრა.

არუხლოს ნასოფლარი ხელოვნური ბორცვია 6


მეტრის სიმაღლით, ზომა 100მ×150მ. არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინეს წრიული
ფორმის ალიზის შენობების ნაშთები. შენობათა დიამეტრი 3 მეტრია (ზოგჯერ მეტიც).
კედლის სისქე 30-35 სმ. ერთმა შენობამ კედელში შემოგვინახა სასინათლო ხვრელი. სოფელს
შემოვლებული ჰქონდა ორი თავდაცვითი თხრილი, სადაც წყალი მიედინებოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ადრეული ბრინჯაოს ხანის ნასოფლარებში მიკვლეულ სახლებს ბევრი
საერთო ნიშანი აქვს ამ პერიოდის დასახლებებთან აზერბაიჯანის, სომხეთის, აღმოსავლეთ
ხმელთაშუა ზღვის, წინა აზიის, ჩრდილო მესოპოტამიის დასახლებებთან. სადაც ასევე
გვხვდება წრიული და ოვალური ფორმის გუმბათოვანი შენობები. როგორც ვხედავთ
სამხრეთ საქართველო ენეოლითისა და მომდევნო ხანაში შედიოდა წინა აზიის კულტურის
არეალში.
მრავლად გვაქვს ძვ.წ. III ათასწლეულის ნასოფლარები შიდა ქართლის ტერიტორიაზე.
უკეთაა შესწავლილი ნასოფლარები ქვაცხელები და ხიზანაანთ გორა. ორივე მდ. მტკვრის
მაღალ მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. პირველი სოფ. ურბნისთან, მეორე ორიოდე
კილომეტრის დაშორებით.
ესაა კომპაქტურად გაშენებული ნამოსახლარი. სახლები ერთმანეთს ემხრობა. მათ შორის
მცირე გასასვლელებია დატოვებული. აგებულია თიხისა და ალიზისგან, ხის წნულისგან
შემდგარი კარკასით. შენობები გეგმაში თითქმის კვადრატულია მომრგვალებული
კუთხეებით. რაც მოწმობს მის გენეზისურ კავშირზე მრგვალ სახლებთან. ფასადის მთელ
სიგრძეზე ოთახს აქვს დერეფანი/ტალანი შესასვლელით ცენტრში. ოთახის ფართობი 24-დან
42 კვ. მეტრამდე მერყეობს. იატაკი თიხატკეპნილია, ცენტრში მრგვალი კერაა, რომლის
უკანაც საყრდენი ბოძია განთავსებული . კერა და ბოძი წმიდათა წმინდად ითვლებოდა და
საცხოვრებლის ბირთვს შეადგენდა - ოჯახის მთელი ყოფა-ცხოვრება მათთან იყო
დაკავშირებული. საცხოვრებლის უკანა კედლის გასწვრივ მოწყობილია 80-100 სმ სიგანის
ამაღლებული ბაქანი, სავარაუდოდ, სარიტუალო დანიშნულებისთვის. რაც შეეხება
გადახურვას - შენობის საყრდენ ღერძზე, სვეტზე ეწყობა შეწყვილებული კოჭები. მათზე
პერპენდიკულარულად დაწყობილი იყო უფრო მცირე კვეთის კოჭები, შუაში ერდოს
ხვრელის დატოვებით. შემდეგ უკვე ეწყობოდა ღეროებისა და წნულის ფენები. ამგვარად, ამ
პერიოდის სახლებს ჰქონდათ თავისუფლად მდგარ სვეტზე და თავხეზე (მთავარი კოჭი
სახლის გადახურვისას) დაყრდნობილი ბრტყელი გადახურვა. ვარაუდობენ, რომ სწორედ
ასეთი შენობა უნდა იყო პროტოტიპი საქართველოში შემდგომ პერიოდებში ფართოდ
გავრცელებული „დარბაზის“ ტიპის სახლებისა. აღსანიშნავია ქვაცხელების სახლების
ერთგვარი მსგავსება ეგეოსის ზღვის არეში გავრცელებული საცხოვრებლების - მეგარონის
ტიპთან.
არქეოლოგიური კულტურის (ძვ.წ. III ათასწლეულის ბოლო მეოთხედი II ათასწლეული) -
ბედენური კულტურის სახელწოდება მომდინარეობს ქვემო ქართლში აღმოჩენილი ბედენის
გორა სამარხებიდან (მტკვარ-არაქსის კულტურა - ადრე ბრუნჯაოს ხანა). ამ პერიოდის,
დასახლებებზე ცოტა რამის თქმაა შესაძლებელი, რადგან კარგად გამოვლენილ
ნამოსახლარებს ერთის გარდა არ ვიცნობთ. შეიძლება ითქვას, რომ ამ კულტურის
მატარებელი ხალხი სესხულობს თავისი წინამორბედი კულტურის საცხოვრებლის ფორმას,
მაგრამ ერთგვარად ხვეწს გეგმარების ჩანასახს. წარმოიშვება ერთგვაროვანი საცხოვრებლების
რიგი, რაც თავისთავდ მის პარალელურად გულისხმობს გზას (ქუჩას, ბილიკს) და
მოპირდაპირე რიგსაც.
არქიტექტურის განვითარების ამ საფეხურზე ჯერჯერობით დანამდვილებით ვერ
დასტურდება ის ფაქტი, რომ რომელიმე კულტურამ გამოჰყო ახალი არქიტექტურული
ფორმა - ტაძარი, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურა. ამ მხრივ ყურადღებას იქცევს
ბერიკლდეების აღმოჩენა (ქარელის რაიონში. მდ. მტკვრისა და ფრონის შესართავთან
კონცხზე). ნამოსახლარი 5 შრისგან შედგება. ე.წ. „არქიტექტურული ანსამბლი“ მე-5 ფენას
განეკუთვნება და მხოლოდ ორი კომპონენტის - გალავნისა და ტაძრისგან შედგება. გ. ყიფიანი
მას პირობითად „ტაძრის კულტურად“ მოიხსენიებს. ის განსხვავდება მტკვარ-არაქსის
განვითარების ხაზისგან. მაგრამ ჩანს ისიც, რომ აქ დაფუძნება ხანგრძლივ პერიოდს არ
მოიცავს. ტაძრის განადგურების შემდეგ აქ კვლავ მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელ
ნამოსახლარს ვხედავთ. ოღონდ რამდენადმე განვითარებული სახის. ტაძრის საკმაოდ
რთული ზღუდით შემოფარგვლა იმაზეც მიგვანიშნებს, რომ მას მტრულ გარემოცვაში
მოუხდა აქ დაფუძნება.

ბერიკლდეებში, უპირველეს ყოვლისა, ტაძრის საკრალური ნიშნებით შემუშავებული გეგმა


იქცევს ყურადღებას - დიდი, სტაციონარული კერიანი დარბაზი ბოლოში ორი ყრუ
კამერითაა დაბოლოვებული. ეს ნაგებობა გარკვეული სისტემური აზროვნების შედეგი ჩანს.
იგი ალიზის კარგად ფორმირებული აგურითაა ნაგები (44 ×25 ×8) და როგორც გ. ყიფიანი
ვარაუდობს, აგური, როგორც გარკვეული ერთეული ტაძრის მასათა რეგლამენტაციას
განსაზღვრავდა. ალიზის აგურის გვერდების შეფარდება (25:44=0,56) ტაძრის სწორკუთხედის
გვერდების შეფარდებას (8:14,5=0,55) თანხვდება. ამრიგად, ტაძრის სწორკუთხედი აგურის
სწორკუთხედია 32-ჯერ გადიდებული. .
ტაძრის გეგმარებაც მოულოდნელია საქართველოსთვის და არა მხოლოდ მისთვის.
პირველად, ბერიკლდეების ტაძრის იდენტური სქემის ნაგებობა 20 საუკუნის 30-იან წლებში
მიაკვლიეს მარიში ჰარირის ბორცვზე. მან მკვლევართა დიდი ინტერესი გამოიწვია თავისი
„უცნაური“ გეგმით. მსგავსი ტაძარი ამ დროისთვის უცნობი იყო. მარის ტაძარი ღმერთ
დაგონს ეძღვნება და ზუსტად იყო დათარიღებული. ძვ.წ. 1800 წლით. ბერიკლდეების ტაძრი
მასზე სულ ცოტა 1300 წლით უფრო ადრეული. მარის ტაძარმა წარმოშვა ამ კულტურის
შუამდინარეთის კულტურებისადმი კუთვნილების საკითხი. 1967 წელს გამოვლინდა
მარიდან ჩრდილო-დასავლეთით ტაჯის ბორცვზე კიდევ ერთი მსგავსი ნაგებობა. ეს ტაძარი
ძვ.წ. 2300 წლით თარიღდება და ბერიკლდეების ტაძარზე უმცროსია, თუმცა უსწრებს მარის
ტაძარს.
ტაძრებს (ბერიკლდეები, ტაჯა, ჰარირი) იდენტური გეგმარების გარდა სხვა საერთო ნიშნებიც
ახასიათებთ, რაც შესაძლოა კანონიკურობაზე მიგვანიშნებდეს. უპირველესად, ის რომ მცირე
კამერებს კარის ღიობები არ აქვთ, რითაც გასაიდუმლოებული სარიტუალო უჯრედების
შთაბეჭდილებას ტოვებენ. გარდა ამისა, სამივეში მარცხენა კამერა უფრო მცირეა მარჯვენაზე.
მთავარი პრობლემა აქ ტაძრის გენეზისია. საიდან შემოიჭრა საქართველოში „ტაძრის
კულტურა“. ჩანასახის დონეზე მაინც რა შეიძლება იყოს ისეთი ნიმუში, რომელიც
გარკვეული დახვეწის შემდეგ მოდელად გვევლინება ბერიკლდეებზე. ასეთ ნაგობობებად გ.
ყიფიანს რამდენიმე მიაჩნია მცირე აზიის ტერიტორიაზე. ეს ტაძრები შედარებით უფრო
ხნიერია ბერიკლდეებისაზე და გვიანი ენეოლითით თარიღდება. ყურუჩაის ნაგებობა ყველა
ნიშნით საკულტო ნაგებობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ე.ი. ამ ადროისთვის ის უკვე
გამოცალკეებული ნაგებობაა დასახლებათა კომპაქტური ჯგუფისგან. არსლან-თეფეს
შემხვევაში შესაძლოა ის ჯერ კიდევ ჩართული იყო საცხოვრებლის კომპლექსში. ის თითქოს
ბერიკლდეეების სქემას იმეორებს. მოდელის საწყისად გ. ყიფიანი მაინც ჰაჯილარის
საკულტო ნაგებობაში ხედავს, სადაც სარიტუალოდ გამოყოფილი უბეები შესაძლოა
მოგვიანებით ყრუ კამერებად ყოფილიყო გარდაქმნილი.
ბერიკლდეების აღმოჩენა იმის მიმანიშნებელია, რომ ძვ.წ. IV ათასწლეულის ბოლოს
კულტურათა კიდევ ერთ ისეთ მონაცვლეობას ჰქონდა ადგილი, რომლის შესახებაც არაფერი
იყო ცნობილი. ასეთი პროცესების ყველაზე მკვეთრი გამოხატულება სწორედ მონუმენტური
საკულტო არქიტექტურაა.
ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარი შუა ბრინჯაოს ხანა - „თრიალეთის კულტურის“
ხანაა. ხდება ძველი ნასახლარების მიტოვება და მთის ტერასების ათვისება. ამ პერიოდში
ცნობილია დიდი სამარხი ყორღანები დაკრძალვის რთული რიტუალით. ბედენისა და
სამგორის ყორღანებში ქვაყრილის ქვეშ ხის ძელური შენობებია. ჯარგვალის კუთხეებში
მორები ერთმანეთთან ჭდეების საშუალებით ებმოდა.

ძვ.წ. II-I ათასწლეულებს განეკუთვნება ხელოვნურად გამაგრებული ბორცვების დასახლების


სხვა ტიპები. მიკვლეულია ერთოთახიანი საკულტო და საცხოვრებელი შენობები. მათ
საძირკვლები და კედლების ქვემო ნაწილები რიყის ქვის ჰქონდათ, ზემოთ კი ხის ჯარგვალი
იყო. ვარაუდობენ, რომ ამ სახლებსაც ზემო ხვრელი ჰქონდათ (მაგ. ნაცარგორა ცხინვალთან).
ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებს მიეკუთვნება ნასოფლარი ხოვლეგორა. აქ ოთხკუთხა
ფორმის კარიბჭიანი სახლებია გამოვლენილი. სიგანის გადახურვით რეგლამენტირების გამო
სახლი სიგრძეშია განვითარებული და ოთხ მეტრს აღწევს. შენობები აგებულია
ჰორიზონტალურად დაწყობილი ხის ლატანებით და თიხით. გადახურვა ეყრდნობოდა
კედლის სვეტებსა და თავსუფლად მდგომ ბოძებს.
საყურადღებოა ამ პერიოდის კოლხეთის დაბლობის ნამოსახლარები. არხებით
შემოსაზღვრულია - ნაოხვამუ, დიხა-გუძუბა და სხვ. აქ წრიული და მრავალწახნაგა გეგმის
ხის სახლებია.
ნაოხვამუს ბორცვი ცენტრალურ კოლხეთში, კერძოდ, სენაკის რაიონში მდებარეობს.
ოვალური ფორმის, მიწის ზედაპირიდან 1,5 მ. სიმაღლის ბორცვის დიამეტრი 60 მეტრი იყო.
მას გარშემო უვლიდა ხელოვნური არხი.
დიხა გუძუბა, ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი ბორცვი კოლხეთის დაბლობზე, ანაკლიის
მახლობლად, მდ. ენგურის შესართავთან. დიხა გუძუბაზე დადგენილია 4 კულტურული
ფენა. I ეს ფენა თარიღდება ადრინდელი ბრინჯაოს ხანის დასასრულით (ძვ. წ. III - ძვ. წ. II
ათასწლეულთა მიჯნა). II-III ფენები შუა ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება (ძვ. წ. XVIII- ძვ. წ. XV
სს.). ამ ფენებში აღმოჩნდა ხის ძელურ ნაგებობათა ნაშთები, მდიდრულად
ორნამენტირებული თიხის ჭურჭელი და სხვა.
ჩოლოქის მიდამოებში იქნა გამოვლენილი ხის „მრგვალი“ ნაგებობა, რომელიც ძვ.წ. X
საუკუნით თარიღდება. 9 მეტრი დიამეტრის თორმეტკუთხა ნაგებობას ცენრალური კერა და
ერდო ჰქონდა.

„მრგვალი სახლი“. რეკონსტრუქცია.

კოლხური სახლი (გ. ყიფიანი).

მეგალითები - უზარმაზარი ქვის ლოდებისგან აღმართულ ნაგებობებს საქართველოში


გმირთ ნაკვეთებს, დევთა ნასახლარებსა და ქვაკაცებს უწოდებდნენ. მეგალითურ (მეგა...
„დიდი“ და ...ლითი „ქვა“) ძეგლებს განეკუთვნებიან: დოლმენები, მენჰირები, კრომლეხები,
ქვაყუთები, დახურული დერეფნები. მეგალითები მთელ მსოფლიოშია გავრცელებული,
უმთავრესად ზღვისპირა რეგიონებში. ევროპაში მათი თარიღი ენეოლითისა და ბრინჯაოს
ხანით (ძვ.წ. III-II ათასწლეულით განისაზღვრება. მათი დანიშნულება ზოგიერთ
შემთხვევაში გაურკვეველია. უმთავრესად ისინი სამარხებია ან მიცვალებულის კულტთანაა
დაკავშირებული. მეგალითების აღმართვა იმ პირობებში საკმაოდ რთული იყო, ამიტომ
ისინი სათემო ნაგებობები უნდა ყოფილიყვნენ.
საქართველოში, ზოგადად ამიერკავკასიაში, უხვად მოიპოვება მეგალითური ანუ
ციკლოპური ნაგებობები. მათი ზუსტი თარიღის დადგენა ძნელია. ზოგი მკვლევარის აზრით,
უძველესი ნიმუშები შესაძლოა III ათასწლეულსაც მიეკუთვნებოდეს. მეგლითური
ნაგებობებით განსაკუთრებით გამოირჩევა თრიალეთი. აქ აღმოჩენილია დაუმუშავებელი
ლოდებით, დუღაბის გარეშე მშრალი წყობით აგებული სიმაგრეები და საცხოვრებელი
კომპლექსები.
საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ციკლოპური კომპლექსია „გოხნარის ლოდოვანი“. იგი
შედგება ნაპრალ-გვირაბების ქვაყრილისგან (კარკნალი), ციხის ნანგრევებისგან,
დოლმენებისგან. აგების თარიღი, სავარაუდოდ, ძვ.წ. II- I ათასწლეულია. ციხე გეგმით
ოთხკუთხაა, განსაკუთრებულად გრანდიოზულია ზღუდის აღმოსავლეთი კედელი. სამხრეთ
კედელში ცილინდრული კოშკებია ჩართული. ცენტრში უზარმაზარი ქვასვეტი - თევზის
გამოსახულებიანი მენჰირია აღმართული.

ასეთივე ციკლოპური კომპლექსია შაორის ციხე ჯავახეთში. სოფელ ფარავანთან.

დოლმენები - დოლმენები მსოფლიოს ყველა კონტინენზე იყო გავრცელებული, გარდა


ავსტრალიისა. საქართველოში დოლმენების აგება ძვ. წ. III ათასწლეულის მე-II ნახ.-დან
იწყება. ბრინჯაოს ხანის მეგალითური ნაგებობები ძირითადად აფხაზეთის ტერიტორიაზე
სოფლებში ეშერა, ოთხარა, აჭანდარა, შრომა, მდ. ფსოუს ხეობა და სხვ. გვხვდება. აქედან
ყველაზე კარგად ეშერას დოლმენებია შესწავლილი. დოლმენი ვერტიკალურად დადგმული
ოთხი მასიური ბრტყელი ქვაა (სიმყარისთვის შიგნით ოდნავ გადახრილი) ასეთივე ქვით
გადახურული (ცალკეული ქვების წონა 50 ტ. აღემატება). ზოგს იატაკადაც ქვის ფილა აქვს.
გეგმით ტრაპეციის ფორმის ნაგებობას წინა, ფრონტალურ ფართო კედელში 0,4 მ. დიამეტრის
ხვრელობი აქვს გამოჭრილი, რომელიც გარედან ქვის საცობით იხურებოდა. ნაგებობის
ფართო პირი სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთისკენაა მიმართული. მეტი
მდგრადობისთვის დოლმენის გვერდით კედლებსა და იატაკის ქვებზე ნარიმანდებია
(სიგრძივი ღარი) გაკეთებული. დამატებით, დოლმენებს გარედან დიდი ქვები ჰქონდა
შემოწყობილი. დოლმენის წინ ეზო ეწყობოდა სხვადასხვა რიტუალების შესასრულებლად.
გავრცელებულია მოსაზრება, რომ დოლმენები საგვარეულო სამარხები იყო, თუმცა
დაკრძალვის წესი ბოლომდე დადგენილი არ არის, სამარხებში ძვლები და სხვადასხვა
ნივთები უწესრიგოდაა მიმოფანტული.

(დოლმენი. ეშერა, აფხაზეთი)


მეცნიერთა შორის არსებობს ვარაუდი, რომ დოლმენები საცხოვრებელი სახლები ან
საკულტო რიტუალებისთვის განკუთვნილი ნაგებობებიც შეიძლებოდა ყოფილიყო.
არქეოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლენილი ახალი მონაცემებით, დოლმენები საკმაოდ
დიდი, რთული ხუროთმოძღვრული კომპლექსების შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო.
დოლმენები აფხაზეთის გარდა სამეგრელოსა და სხვანეთშიც გვხვდება. საქართველოს
ფარგლებს გარეთ დოლმენები გამოვლენილია მეზობელი რუსეთის ტერიტორიაზე,
ისტორიულ ჯიქეთში. დოლმენური კულტურა გავრცელებული იყო დასავლეთ კავკასიასა
და ყირიმის ტერიტორიაზეც. უნდა აღინიშნოს, რომ კავკასიაში არსებული დაახლოებით
შვიდი ათასამდე დოლმენიდან დღეს მხოლოდ 150-ია შემორჩენილი.
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი ხანის ძეგლები განსაკუთრებით უხვადაა
ძვ.წ. I ათასწლეულში. ამ დროს განეკუთვნება კლდეში ნაკვეთი კომპლექსების შექმნის
ტრადიცია. ასეთი კომპლექსები განსაკუთრებით ფართოდ იყო გავრცელებული
საქართველოს სამხრეთით მდებარე ურარტუს სამეფოში. მართალია, ძნელია ამ ტიპის
უძველეს ქართულ ძეგლთა დათარიღება, მაგრამ ურარტუსთან მათი გენეტიკური კავშირი
ეჭვს არ იწვევს.
თუ ხუროთმოძღვრების უადრესი ფორმების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ არქეოლოგიური
გათხრების შედეგადაა მოპოვებული, ძვ. წ. I ათასწლეულის მეორე ნახევრისა და ჩვენი
წელთაღრიცხვის დასაწყისისთვის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნაგებობების
შესახებ ინფორმაციას გვაწვდიან ბერძენი და რომაელი ავტორები: ქსენოფონტე (ძ.წ. V-IV
საუკუნე), სტრაბონი (ძვ. წ. I ს.-ჩვ.წ. I ს.), ვიტრუვიუსი (ძვ. წ. I ს.). არქეოლოგიურ
მონაპოვართა შუქზე მათი ცნობები სამშენებლო ტრადიციების ღრმა ფესვების არსებობასა და
უწყვეტობას ადასტურებენ.

ანტიკური ხანის ხუროთმოძღვრება ჩვენს ტერიტორიაზე უძველესი ნაქალაქარების სახითაა


შემორჩენილი. XX საუკუნის 30-40-იანი წლებში მცხეთაში წარმოებულმა არქეოლოგიურმა
გათხრებმა გამოავლინა ანტიკური ხანის ძვ. წ. ბოლო და ჩვ.წ. I საუკუნეთა
უმნიშვნელოვანესი ძეგლები: უზარმაზარი აკროპოლისი, იბერიის მმართველთა
რეზიდენციის ნაშთები, სასახლის ნანგრევები, მცირე მავზოლეუმი და სხვ.
მცხეთის დაწინაურებას ხელი ეუწყო მისმა მდებარეობამ. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ,
ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმავალი გზების გადაკვეთაზე, მტკვრისა და არაგვის
შეერთების ადგილას გაშენებული იბერიის დედაქალაქი გადაჭიმული იყო მტკვრის ორივე
მხარეს, ძალიან რთულ რელიეფზე.

(არმაზ-ციხე)
ძველი წელთაღრიცხვის ბოლო საუკუნეებით დათარიღებული აკროპოლისი არმაზ-ციხე,
რომელიც დღეს ბაგინეთის სახელითაა ცნობილი, მტკვრის მარჯვენა კლდოვან ნაპირზე,
ქედის კალთებზე მდებარეობს. 30 ჰექტარზე გაშლილი ციხის კედლები (2-დან 6-მ-მდე აღმა-
დაღმა მიუყვება რელიეფს და პირდაპირ კლდეზე, უსაძირკვლოდაა ნაშენი. ოთხკუთხა
კოშკებითა და კონტრფორსებით აღჭურვილი მშრალი წყობით ნაშენი კედლების ქვემო რიგი
სუფთად გათლილი ქვის კვადრებითაა ამოყვანილი, რომელიც კლდეში ამოკვეთილ
ბუდეებშია ჩაწყობილი და ერთმანეთს ე.წ. „მერცხლისკუდა“ რკინის სამაგრებით
უკავშირდება. ქვის კედელის საფუძველს ეყრდნობოდა 6 მეტრამდე სიმაღლის ალიზის
კედელი, რომელსაც სიმტკიცისთვის მუხის განივი ძელები ჰქონდა დატანებული.
შესასვლელები და სარკმლები ქვით იყო ამოყვანილი. ადგილის შერჩევის, მშენებლობის
ტექნიკის თავალსაზრისით ის ახლოს დგას წინა აზიის, კერძოდ ურარტუსა და აქემენიდური
ირანის სათავდაცვო ნაგებობებთან.

(არმაზ-ციხე)
მცხეთის დასალეთ მხარეს, არმაზისხევში პირველ საუკუნეებში არსებობდა ქართლის
პიტიახშთა სასახლისა და ნეკროპოლისის კომპლექსი. ანტიკურ ხუროთმოძღვრებასთან
კავშრირი ჩანს ცუდად შემონახული საცხოვრებელი შენობების ფრაგმენტებში: ბაზისი და
კორინთული სვეტისთავი, კბილანებიანი კარნიზის ნატეხი. სასახლის გვერდით მდებარე
აბანომაც მხოლოდ ნანგრევების სახით მოაღწია. მას მიწისქვეშა გათბობა ჰქონდა, რომაული
ტიპის ჰიპოკაუსტებით.

(მცხეთის აკლდამა)
მცხეთაში იქნა მიკვლეული აკლდამა (სადგურის მახლობლად, სახლისთვის საძირკვლის
გათხრის დროს), რომელიც ინვენტარის მიხედვით I საუკუნის დასასრულს უნდა
განეკუთვნებოდეს. სწორკუთხა აკლდამა თლილი ქვითაა ნაგები. მას ქვის
ნახევარცილინდრული კამარა აქვს და კრამიტის ორკალთიანი სახურავითაა დახურული.
აკლდამა მცირე ზომისაა, დაახლოებით 2,35×1,75 მ. უნდა აღინიშნოს, რომ აკდამის კამარა
უძველესია დღესდღეობით აღმოჩენილ კამარათა შორის და ეს ფაქტი კიდევ ერთხელ
ადასტურებს, საქართველოში ჯერ კიდევ ადრეულ ხანაში არსებობდა სამშენებლო
ხელოვნების საკმაოდ მაღალი დონე.
ანტიკური ნაქალაქარი ვანი - დასავლეთ საქართვეოში, იმერეთის მხარეშია. გათხრების
შედეგად აქ გამოვლენილია ქალაქის ნაშთები - ქუჩის კვალი, სხვადასხვა შენობათა
ნანგრევები, ნივთები იქაური მოსახლეობის ელინისტურ კულტურასთან მჭიდრო კავშირზე
მეტყველებს. ქალაქი ძვ.წ. I საუკუნეშია განადგურებული.
ანტიკური ხანის ვანი განლაგებულია ბორცვზე და დაახლოებით 8,5 ჰექტარ ფართობს
მოიცავს. მას მარჯვე სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს. აქედან მოჩანს რიონის
დაბლობი, ქუთაისი, კავკასიონის მთები და ვანზე გამავალი დიდი სავაჭრო გზა.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი ძვ.წ.VIII-I საუკუნეებით თარიღდება. ვანის ქალაქობის


პერიოდში გამოიყოფა 2 უმთავრესი ეტაპი: ძვ. წ. VI-IV სს. და ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისი –
ძვ. წ. I საუკუნის შუა წლები. პირველ ეტაპს განეკუთვნება აქ აღმოჩენილი ხის საკულტო
დანიშნულების და საცხოვრებელი ნაგებობების ნაშთები კლდეში გამოკვეთილი
სამსხვერპლოები, მდიდრული სამარხები და სხვ. აქ გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა
მოწმობს, რომ ქალაქი ვანი ძვ. წ. VI-IV სს.-ში კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი პოლიტიკურ-
ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი და მმართველთა რეზიდენცია უნდა ყოფილიყო.
მეცნიერთა ვარაუდით, ძვ. წ. III საუკუნიდან ვანმა სატაძრო ქალაქის მნიშვნელობა შეიძინა.
ამ პერიოდს განეკუთვნება გალავნის კედელი, კარიბჭის ხუროთმოძღვრული კომპლექსი,
მრგვალი ტაძარი, საფეხურიანი საკურთხეველი და სხვ. საკულტო და საზოგადოებრივი
დანიშნულების ნაგებობები. როგორც უკვე ითქვა, ქალაქმა არსებობა ძვ.წ. I საუკუნეში
შეწყვიტა.
გვიანდელი ბრინჯაოს ადრეულ საფეხურზე უნდა იყოს ათვისებული კვერნაქის ქედის
სამხრეთი ფერდობები, ქვიშაქვების მასივი. ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეულის I
ნახევრიდან იქმნებოდა უფლისციხის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომლის ძირითადი
ნაწილი უმთავრესად გამოკვეთილია ადრინდელი ანტიკური (ძველი წელთაღრიცხვით VI-IV
საუკუნეები) ხანაში.

უფლისციხე - კლდეში
ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრია.
მდებარეობს შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელის
ჩრდილოეთით, კვერნაქის ქედის სამხრეთ ფერდობზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას.
უფლისციხე წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება, მაგრამ აქ
დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომლებიც უძველესი
ადრინდელი ბრინჯაოს ხანას და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება.
ხუროთმოძღვრული კომპლექსი ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევრიდან იქმნებოდა. მისი
ძირითადი ნაწილი უმთავრესად ადრინდელ ანტიკურ ხანაში (ძვ. წ. VI–IV საუკუნეები)
გამოკვეთეს, როცა იგი შიდა ქართლის ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკურ-ეკონომიკური
და კულტურული ცენტრი იყო. უფლისციხეს დიდხანს სამეფო ქალაქი სტატუსიც ჰქონდა. ძვ.
წ. II-I სს. უფლისციხე ელინისტური ქალაქია თავისი ციტადელით, ქალაქით, საგარეუბნო
სასოფლო-სამეურნეო სავარგულებით, სოციალური იერით, ვაჭრობით, ხელოსნობით და ა.შ.
მართალია, IV ს. 30-იან წლებში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად
გამოცხადების შემდეგ, უფლისციხეში საქალაქო ცხოვრება მინელდა, მაგრამ ფეოდალურ
ხანაში იგი მაინც ითვლებოდა უძლიერეს ციხე-სიმაგრედ. ის ხშირად მოიხსენიება
მატიანეთა ფურცლებზე. არაბების ბატონობის დროს უფლისციხე იყო ქართველთა ერთ-
ერთი მთავარი დასაყრდენი განმათავისუფლებელი ბრძოლის დროს. IX-X სს. ციხე-ქალაქი
პოლიტიკური მოვლენების ცენტრში მოექცა. მის ხელში ჩასაგდებად იბრძოდნენ ქართველი
ბაგრატიონები, ტაო-კლარჯეთისა და სომხეთის მეფეები, აფხაზეთისა და კახეთის მთავრები,
არაბი სარდლები. საქართველოს გაერთიანების შემდეგ, ერთ ხანს, უფლისციხე საქართველოს
პირველი მეფის, ბაგრატ III-ის რეზიდენცია გახდა და იქ შიდა ქართლის მმართველად,
რამდენიმე წლის განმავლობაში, დედამისი, გიორგი II აფხაზთა მეფის ასული, გურანდუხტ
დედოფალი იჯდა. მონღოლების შემოსევების (XIII ს. I ნახევარი) შედეგად უფლისციხე
ძლიერ დაზიანდა, ხოლო XV ს. საბოლოოდ დაეცა და გვიანდელ ფეოდალურ ხანაში
თითქმის მთლიანად დაიცალა მოსახლეობისგან. XVIII საუკუნის 40-იან წლებში ვახუშტი
ბატონიშვილი თავის მატიანესი უფლისციხის შესახებ წერდა, რომ „აწ არს შემუსვრილიო“.
მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს: კლდეში ნაკვეთ ქუჩებს და მოედნებს, წარმართულ ტაძრებს,
სასახლეებს, სარიტუალო ქვაბულებს, დეკორირებულ კლდოვან დარბაზებს, პურის
საცხობებს, საიდუმლო გვირაბს, აგრეთვე უძველესი სამნავიანი ბაზილიკის ფრაგმენტებს,
ნაქალაქარის ცენტრალურ ნაწილში, წარმართული ტაძრის ადგილას აღმართულ
უფლისწულის ეკლესიას (ადრე შუა საუკუნეები), შუა საუკუნეების სახლებს და დარბაზებს.
მუზეუმში წარმოდგენილია უფლისციხის ნაქალაქარსა და მის გარეუბნებში მოპოვებული
არქეოლოგიური მასალა: მცირე პლასტიკის უნიკალური ნიმუშები, სამკაულები, საბრძოლო
და სამეურნეო იარაღები, საკულტო-სარიტუალო ნივთები.
ამრიგად, საქართველოს ტერიტორია მდიდარია ადრეული და ანტიკური პერიოდის
ხუროთმოძღვრული ძეგლებით. არქეოლოგიური კვლევების შედეგად გამოვლენილი
უძველესი ნამოსახლარებისა და მომდევნო ხანის უმდიდრესი მასალის განხილვამ ნათლად
დაგვანახა რომ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებმა ხალხმა ხუროთმოძღვრული
ხელოვნების განვითარების ხანგრძლივი და რთული გზა გამოიარა მარტივი მრგვალი,
ოვალური ან კვადრატს მიახლოებული საცხოვრებლიდან რთული არქიტექტურული
კომპლექსებისა და უდიდესი ქალაქების მშენებლობამდე.

You might also like