You are on page 1of 38

1

მანანა მელიქიშვილი

შუა ბავშვობა

(უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებები)

ბავშვის განვითარების თავისებურებები სხვადასხვა სფეროს მიხედვით.

ფიზიკური განვითარება და მისი გავლენა უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის ფსიქიკურ


განვითარებაზე.

უმცროსი სასკოლო ასაკი მოიცავს პერიოდს 5-6 წლიდან 11 წლამდე. ამ პერიოდში


ადგილი აქვს ბავშვის ცხოვრებაში ისეთ მნიშვნელოვან გარემოებას, როგორიცაა – სწავლის
დაწყება.
ამ პერიოდში მიმდინარეობს ბავშვის ორგანიზმის ინტენსიური ბიოლოგიური ზრდა-
განვითარება (ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის, ძვალ-კუნთოვანი
სისტემის, შინაგანი ორგანოების). ამ პერიოდში მატულობს ნერვული პროცესების აქტიობა.
ნერვული პროცესების აგზნება ჭარბობს შეკავების პროცესს და ეს განაპირობებს, უმცროსი
სასკოლო ასაკის ბავშვების ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა, მომატებული ემოციური
აგზნებადობა და მოუსვენრობა. ბავშვისთვის ერთი მხრივ, დამახასიათებელია
მომატებული ფიზიკური გამძლეობა და მეორე მხრივ, სწრაფი დაღლა და ნერვულ-
ფსიქიკური პროცესების მოწყვლადობა.
მათი შრომისუნარიანობა 25-30 წუთის შემდეგ, ჩვეულებრივ ქვეითდება. ასევე,
ბავშვები იღლებიან გახანგრძლივებულ ჯგუფში დარჩენისას და ემოციურად
დატვირთული გაკვეთილებისა და ღონისძიებების შედეგად.
ვინაიდან, კუნთური სისტემის და მისი მართვის პროცესების განვითარება არ
მიმდინარეობს სინქრონულად, ამ ასაკის ბავშვებს ახასიათებთ, მოტორული აქტიობის
განვითარების თავისებურებები. მსხვილი კუნთების განვითარება უსწრებს წვრილი
კუნთების განვითარებას, ამიტომ, ბავშვებს უკეთ აქვთ განვითარებული მსხვილი
მოტორული უნარები, ვიდრე ნატიფი მოტორული უნარები (მაგალითად, წერა).
6-8 წლის ასაკის ბავშვი ფიზიკურად - ენერგიულია. მას აქვს ჭარბი ენერგია. სულ
მოძრაობაშია. მართალია, ის ფიზიკურად განვითარებულია, მაგრამ მისი ზრდის პროცესი
არათანაბრად მიმდინარეობს. გული არ იზრდება სხეულის პროპორციულად. ამიტომ, მას
არ შეუძლია დიდხანს შეასრულოს დაძაბული ფიზიკური აქტიობა. მას ჭირდება
დასვენების პერიოდები.
2

6 წლის ასაკის ბავშვს, ისევე როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვს ძალიან უყვარს
თამაში, მაგრამ ეხლა მისი ძირითადი აქტიობაა - ახალი, კონკრეტული ჩვევის დაუფლება.
9-11 წლის ასაკის ბავშვი ფიზიკურად - აქტიურია. აქვს ჭარბი ენერგია, რომელიც
ფიზიკური აქტიობის საფუძველს წარმოადგენს. უყვარს თავგადასავლები,
შთაბეჭდილებები, ფიზიკური ვარჯიშები. ამ ასაკის ბავშვი იმდენადაა დაკავებული თავისი
ყოველდღიური თავგადასავლებით, რომ შეიძლება ყურადრების მიღმა დარჩეს - პირადი
ჰიგიენა, საკუთარი ნივთებისა და თანსაცმლის მოვლა. ამიტომ, საჭიროა
თვითდისციპლინის განვითარება.

კოგნიტური (შემეცნებითი) პროცესების განვითარება.

უმცროს სასკოლო ასაკში ადგილი აქვს, შემეცნებითი ფსიქიკური პროცესების


უნებლიე ფორმიდან (ხორციელდება თამაშის ან პრაქტიკული აქტიობის დროს),
ფსიქიკური აქტიობის ნებისმიერ, დამოუკიდებელ ფორმაზე გადასვლას, რომელსაც აქვს
თავისი მიზანი, მოტივი, განხორციელების ხერხები და საშუალებები.

აღქმა.

უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის აღქმა არასაკმარისად დანაწევრებულია, ამიტომ ამ


ასაკის ბავშვი ხანდახან ურევს მსგავსი მოხაზულობის მქონე ასოებსა და ციფრებს (6-9; შ-წ).
ამიტომ, აღქმის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს, წერისა და კითხვის
სწავლებისთვის.
6-9 წლის ასაკის ბავშვები, ხშირად ვერ ცნობენ ფიგურას, თუ ის სივრცეში ცოტათი
სხვანაირად იქნება განლაგებული. მაგალითად, ზოგი ბავშვი ვერ აღიქვამს სწორ ხაზს,
როგორც სწორს, თუ ის მოცემული იქნება დახრილად ან ვერტიკალურად.
ბავშვი აღიქვამს ნიშნის, სიმბოლოს ზოგად გამოსახულებას და ვერ ხედას, მის
ელემენტებს.
ამ ასაკის ბავშვის აღქმა განისაზღვრება პირველ რიგში, თვითონ ობიექტის
მახასიათებლებით. ამიტომ, ბავშვები საგანში ამჩნევენ არა მთავარს, მნიშვნელოვანს,
არამედ, საგნის თვალში საცემ, “მკვეთრ” თვისებებს (ფერი, ფორმა, ზომა).
მნიშვნელოვანია ვასწავლოთ ბავშვებს დაკვირვება. მასწავლებელს ძალიან
მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ბავშვის აღქმის განვითარებაში, თუ სწორად
შეურჩევს ნახატებს, სურათებს და დაეხმარება მას აღქმის ორგანიზებაში. მაგალითად,
მისცემს მითითებას, დაათვალიეროს ნახატის დეტალები გარკვეული თანმიმდევრობით,
იპოვოს ნახატში სხვადასხვა დეტალები, ააწყოს ნაწილებიდან მთელი და ა.შ. უმცროს
სასკოლო ასაკში ვითარდება სინთეზური აღქმა - აღქმული ობიექტის ელემენტებს შორის
კავშირის დამყარება. თუ მანამადე ნახატის აღწერისას ბავშვი ასახელებდა ნახატზე
3

გამოსახულ ობიექტებს, ეხლა (6-7 წელი) მას შეუძლია ნახატის აღწერა, შემდგომში (8 წელი)
კი შეძლებს ინტერპრეტაციას.
სწავლების შედეგად აღქმა ხდება ანალიზური, ის იძენს ორგანიზებული დაკვირვების
ხასიათს. მასწავლებელმა უნდა ასწავლოს ბავშვს ობიექტის არსებითი ნიშნების, საგნებისა
და მოვლენების თვისებების გამოვლენა. ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი აღქმის
განვითარების არის შედარება. მაგალითად, როცა ბავშვებს აჩვენებენ ცალკეული
ობიექტების ნახატებს (მაგალითად, მგელი, მელა, ტურა, დათვი), ისინი ამჩნევენ ობიექტის
უფრო ნაკლებ მახასიათებლებს, ვიდრე ნახატების ერთდროულად მიწოდებისას.
აღქმისათვის ასევე დამახასიათებელია ემოციურობა. ბავშვზე განსაკუთრებით დიდ
გავლენას ახდენს, მასწავლებლის ემოციური შექება, შეფასება, ვიდრე ნეიტრალური ტონით
ნათქვამი “საქებარი” სიტყვები.
აღქმის შემდეგი თავისებურებაა - აღქმის კავშირი მოქმედებასთან (განსაკუთრებით 6-7
წლის ასაკის ბავშვებთან). აღქმა მჭიდროდაა დაკავშირებული ბავშვის პრაქტიკულ
საქმიანობასთან. საგნის აღქმა ბავშვისთვის ნიშნავს აქტიობის განხორციელებას ამ საგნის
გამოყენებით, რაღაცის შეცვლას, ხელში აღებას. ამიტომ უმცროსი სასკოლო ასაკის
ბავშვების სწავლებისას გაკვეთილზე დიდი დრო უნდა დაეთმოს საგნებზე პრაქტიკულ
მოქმედებას და თვალსაჩინო მასალაზე მუშაობას.
ვითარდება აღქმის “სოციალიზაცია”, ბავშვი უპირატესობას ანიჭებს ადამიანიდან
წამოსულ სიგნალებს.
აღქმის განვითარებაში ასეთი წინსვლის მიუხედავად, ამ პერიოდში წამყვანი მაინც
საგნის გარეგნული, თვალსაჩინო მახასიათებლებია. ამას ბავშვი ხშირად შეცდომაში
შეჰყავს, რადგან დასკვნას გარეგნული, თვალსაჩინო თვისებების დაყრდნობით აკეთებს.
მაგალითად, ამ ასაკის ბავშვისთვის თუ საგანი დიდია, ამიტომ ის მძიმეც უნდა იყოს.
უმცროს სასკოლო ასაკში, დროისა და სივრცის აღქმას გარკვეული მახასიათებლები
გააჩნია, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას - ბუნების, ისტორიის, გეოგრაფიის
სწავლებისას. დროისა და სივრცის აღქმა უმცროს კლასელებთან მჭიდრო კავშირშია, მათ
პირად გამოცდილებასთან, რაც საკმად მცირეა ამ ასაკში. მაგალითად, ბავშვმა, რომელმაც
იცის, რომ მისი ბაბუა 60 წლისაა, შეიძლება მას კითხოს: - “შენ დინოზავრი გინახავს?”.
ვინაიდან მისთვის ბაბუის დაბადება და დინოზავრები, ორივე “ძალიან ადრე” მოხდა, ან
ბავშვს, რომ ვკითხოთ - “რამდენი კილომეტრია შენს სახლამდე?”. მან შეიძლება გვიპასუხოს
1000 კმ. ვინაიდან, მისთვის 20, 500, 1000 კმ. - ნიშნავს “ძალიან შორს.
უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის აღქმის განვითარება შესაძლებელია ისეთი
აქტიობებით, როგორიცაა: ხატვა; სურათების დათვალიერება, მათი აღწერა, მსაგვსება-
განსხვავების პოვნა; ძერწვა; ზღაპრებისა, ლექსების, მოთხრობების მოსმენა და შეთხზვა;
გამოცანების გამოცნობა და ა.შ. ამ აქტიობების განხორციელებისას ბავშვი ეჩვევა
ობიექტური მასალის გარდაქმნას და იძულებულია ანგარიში გაუწიოს საგნის ობიექტურ
თვისებებს. შესაბამისად, აღქმა უფრო დანაწევრებული და ორგანიზებული ხდება.

ყურადღება.

სასწავლო საქმიანობა მოითხოვს კარგად განვითარებულ ნებისმიერ ყურადღებას.


ბავშვს უნდა შეეძლოს წარმართოს ყურადღება სასწავლო ამოცანაზე, გარკვეული დროით
4

შეინარჩუნოს ინტენსიური ყურადღება, გადაიტანოს ყურადღება ერთი ობიექტიდან


მეორეზე. მაგრამ, 5-8 წლის და 9-11 წლის ასკში ნებისმიერი ყურადღება აღმოცენდება,
მხოლოდ მისი ძალების მობილიზაციისა და ძლიერი დაძაბულობის, ან გარედან მოქმედი
ძალისხმევის შედეგად. ჩვეულებრივ სიტუაციაში ბავშვს უჭირს ყურადღების ნებისმიერად
მართვა.
უმცროსი სასკოლო ასაკისთვის დამახასიათებელია, სუსტად განვითარებული
ნებისმიერი ყურადღება. სამაგიეროდ კარგად არის განვითარებული უნებლიე ყურადღება.
ყველაფერი ახალი, მოულოდნელი, საინტერესო, ნათელი იქცევს ბავშვის ყურადღებას.
ბავშვმა შეიძლება არ შეაჩეროს ყურადღება სასწავლო მასალაში არსებით დეტალებზე და
შეაჩეროს არაარსებითზე, იმიტომ, რომ მათ მიიქციეს ბავშვის ყურადღება.
გარდა ამისა, ბავშვის ყურადღება მჭიდროდაა დაკავშირებული აზროვნებასთან,
ამიტომ მას უჭირს ყურადღების კონცენტრაცია მისთვის გაუგებარ, ბუნდოვან მასალაზე.
პირველკლასელებს და ნაწილობრივ მეორეკლასელებს არ შეუძლიათ დიდხანს, ერთი
მიმართულებით ყურადღების წარმართვა. განსაკუთრებით, თუ სამუშაო უინტერესოა და
მონოტონური. შედეგად, ბავშვი ვერ ასრულებს დავალებას, ტოვებს ასოებს სიტყვაში,
სიტყვას წინადადებაში. 5-6 წლის ასაკის ბავშვს ერთი მიმართულებით ყურადღების
წარმართვა შეუძლია 15-20 წუთის განმავლობაში. 1-2 კლასში ყურადღება უფრო მტკიცეა
გარეგანი აქტიობის შესრულებისას, ვიდრე გონებრივი აქტიობის დროს. ამიტომ საჭიროა
გონებრივი აქტიობის ჩანაცვლება პრაქტიკული აქტიობებით (ხატვა, ძერწვა, სიმღერა,
ვარჯიში). მხოლოდ, მესამეკლასელებს შეუძლიათ შეინარჩუნონ ყურადღება მთელი
გაკვეთილის განმავლობაში. ყურადრების ამ თვისებას ფსიქოლოგიაში ეწოდება -
ყურადღების სიმტკიცე (ყურადღების ხანგრძლივი წარმართვა ერთი და იგივე
მიმართულებით, ერთი და იმავე ობიექტზე).
უმცროს სასკოლო ასაკში ცუდი დისციპლინის და სწავლის სირთულეების ერთ-ერთი
მიზეზია, ნებისმიერი ყურადღების სისუსტე. ამიტომ, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ
როგორ ხდება ნებისმიერი ყურადღების ფორმირება და როგორ შეიძლება მისი
განვითარება. მიჩნეულია, რომ ნებისმიერი ყურადღება, უნებლიესგან განსხვავებით არ
არის ორგანიზმის მომწიფების პროდუქტი. მისი ფორმირება ხდება სოციალურ
კონტექსტში, ბავშვისა და მოზრდილის ურთიერთობის შედეგად. ნებისმიერი ყურადღების
ფორმირებისთის მნიშვნელოვანია ბავშვის აქტიობის ორგანიზაცია.
თავის განვითარებაში ყურადღება გაივლის გარკვეულ ეტაპებს. გარემოს შემეცნებისას
ბავშვი პირველად გამოყოფს, მხოლოდ გარკვეულ ობიექტებს, შემდეგ შეძლებს სრული
სიტუაციის აღწერას და ბოლოს ინტერპრეტაციას. ამასთანავე, პირველად ბავშვს
ნებისმიერად ყურადღების წარმართვა შეუძლია იმ მიზანზე, რასაც სვამს მის წინაშე
უფროსი და შემდეგ იმაზეც, რასაც თვითონ დაისახავს მიზნად. ნებისმიერი ყურადღების
განვითარების ადრეულ სტადიაზე, მოზრდილი სიტყვით, ან ჟესტით გამოყოფს გარემოში
ობიექტს და ასე წარმართავს ბავშვის ყურადღებას. მაგალითად, მასწავლებელი ამბობს -
“ამოიღეთ წიგნები”.
რაც შეეხება ყურადღების გადაუხრადობას (უცხო, ხელშენშლელი გამღიზიანებლების
მიმართ, მეტ-ნაკლები წინააღმდეგობის გაწევა) თუ 3 წლის ბავშვი 10 წუთის განმავლობაში
4-ჯერ გადაიტანს ყურადღებას სხვა ობიექტზე, 6 წლის ასაკში - მხოლოდ ერთხელ (ეს
ბავშვის სკოლისადმი მზაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია). ბავშვის
5

ყურადღება უფრო მეტად გადახრადია, თუ ის ასრულებს მარტივ, მონოტორულ აქტიობას,


ვიდრე მაშინ, თუ ის ხსნის ”რთულ”, საინტერესო ამოცანას, რომელიც საჭიროებს
სხვადასხვა აქტიობის შესრულებას.
ცხადია, ყურადღების გადაუხრადობას და სიმტკიცეს დიდი მნიშვნელობა აქვს
სწავლის პროცესის განხორციელებისათვის. მეორეს მხრივ, თვით სწავლის პროცესი
მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ყურადღების ამ თვისებების განვითარებას.
ბავშვები იწყებენ საკუთარი ყურადღების მართვას, ნებისმიერად შეუძლიათ
წარმართონ და შეაჩერონ ყურადღება მხოლოდ თვალსაჩინო, მისთვის საინტერესო რაიმე
საგანსა და მოვლენაზე, რომლის მიმართაც ბავშვს უჩნდება ემოციური დამოკიდებულება.
მასწავლებელს შეუძლია დაეხმაროს ბავშვებს ყურადღების ორგანიზებაში რაიმე
საქმიანობაში ჩართვით, გარეგანი დამხმარე საშუალებებით, არავერბალური მინიშნებით
და ა.შ. როდესაც ბავშვები რაიმე ერთობლივ საქმიანობაში არიან ჩართულნი, მაგალითად,
გამოცანების გამოცნობა, მასწავლებელი მითითებას აძლევს ბავშვებს, დაიცვან რიგი,
ყურადღებით მოუსმინონ ამოცანას და შემდეგ უპასუხონ ხელის აწევით და ა.შ.
ნებისმიერი ყურადღების განვითარებისთვის საჭიროა “ახლო” მოტივაციის
გამოყენება, ესაა: მასწავლებლის/უფროსის შექება, შეფასება, დავალების კარგად
შესრულება.

მეხსიერება.

მეხსიერება 5-6 წლის ბავშვის წამყვანი ფსიქიკური პროცესია. ამ ასაკში მეხსიერება


ატარებს უნებლიე ხასიათს, რაც განპირობებულია იმით, რომ ბავშვს ჯერ-ჯერობით კარგად
არ აქვს განვითარებული დასამახსოვრებელი მასალის გააზრების უნარი, ნაკლებად იყენებს
ასოციაციებს, აქვს მცირე გამოცდილება და არ იცის დამახსოვრების ტექნიკები.
თუ რაიმე მოვლენა ბავშვისთვის ემოციურად მნიშვნელოვანი იყო და მასზე
შთაბეჭდილება მოახდინა, ამ შემთხვევაში, უნებლიე მეხსიერებას ახასიათებს დიდი
სიზუსტე და სტაბილობა.
ცნობილია, რომ უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვმა შეიძლება ადვილად დაიმახსოვროს
”უაზრო” მასალა; ობიექტურად აზრიანი, მაგრამ მისთვის გაუგებარი სიტყვები, ფრაზები,
ლექსები. ამის მიზეზია, ამ მასალის ჟღერადობისადმი ბავშვის განსაკუთრებული
ემოციური დამოკიდებულება (თუ ის ჩართულია თამაშის აქტიობაში). ამასთანავე, თვითონ
გაუგებარმა ინფორმაციამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ცნობისმოყვარეობა და
მიიქციოს ყურადღება.
უმცროს სასკოლო ასაკში მეხსიერების წამყვანი ფორმებია - ემოციური და
თვალსაჩინო-ხატოვანი მეხსიერება. ბავშვები ადვილად და მყარად იმახსოვრებენ თვალში
საცემ, ნათელ, საინტერესო მასალას, რომელმაც მათზე ემოციური ზეგავლენა მოახდინა.
რაც შეეხება თვალსაჩინო-ხატოვან მეხსიერებას, ბავშვები უკეთესად იმახსოვრებენ
კონკრეტულ საგნებს, მოვლენებს, სახეებს, ვიდრე განმარტებას, აღწერას, ახსნას. ამიტომ,
სასწავლო მასალის უკეთ დასამახსოვრებლად გამოყენებული უნდა იქნას დიდი
რაოდენობით თვალსაჩინო მასალა. თუმცა, დამახსოვრებულმა ხატმა შეიძლება გარკვეული
6

დროის შემდეგ განიცადოს ცვლილებები - იკარგება, ან გაზვიადდება ცალკეული


დეტალები.
ე.ი უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვები ყველაზე კარგად იმახსოვრებენ კონკრეტულ
მოვლენებს, რომელსაც თან ახლავს ემოციური კომპონენტი.
როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებს აქვთ კარგი
თვალსაჩინი-ხატოვანი მეხსიერება (როგორც ვიზუალური, ასევე აკუსტიკური), უნდა
გვახსოვდეს, რომ მეხსიერების ეს ფორმა ძნელად ექვემდებარება ნებისმიერ აღდგენას. ამავე
დროს ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს ზოგადად აქვს კარგი მეხსიერება. კარგი მეხსიერება
ტრადიციულად გულისხმობს სიტყვების, შინაარსის დამახსოვრებას. ხოლო უმცროს
მოსწავლეებს, განსაკუთრებით პირველ და მეორე კლასში სიტყვიერი ინფორმაციის
დასწავლისას, აღენიშნებათ მისი მექანიკური დამახსოვრება. შინაარსის აღდგენა ტექსტთან
ახლოს, ფასდება უფროსების მხრიდან, რომ ბავშვმა კეთილსინდისიერად შეასრულა
საშინაო დავალება და იმსახურებს მაღალ შეფასებას. ეს კი უბიძგებს ბავშვს მოყვეს
შესასწავლი მასალა, რაც შეიძლება ტექსტთან ახლოს. თანაც, მათ ჯერ არ შეუძლიათ
განზოგადება, არ აქვთ ისე განვითარებული მეტყველება, რომ თავისი სიტყვებით
გადმოსცენ დასწავლილი შინაარსი. ამიტომ, ეშინიათ რა შეცდომის დაშვების, ისინი
სიტყვა-სიტყვით აღადგენენ ტექსტს.
უმცროს სასკოლო ასაკში პედაგოგმა უნდა იმუშაოს ვერბალური და ლოგიკური
დამახსოვრების განვითარებაზე, ანუ სიმბოლური მეხსიერების განვითარებაზე.
ვერბალური მეხსიერება დაკავშირებულია მეტყველებასთან და საბოლოოდ ფორმირდება
10-13 წლის ასაკში. მისი მახასიათებელია შინაარსის ზუსტი აღდგენა საკუთარი სიტყვებით.
ლოგიკური მეხსიერების მახასიათებელია ტექსტის დედა-აზრის დამახსოვრება.
ამიტომ, ლოგიკური მეხსიერება მჭიდროდაა დაკავშირებული აზროვნებასთან. ლოგიკური
დამახსოვრების ერთ-ერთი ხერხია მასალის აზრობრივი დაჯგუფება. უმცროსი სასკოლო
ასაკის ბავშვები ამ ტექნიკას დამოუკიდებლად ვერ იყენებენ (არ შეუძლიათ ტექსტის
ანალიზი, ვერ გამოყოფენ მთავარს, არსებითს).
მასწავლებელი უნდა დაეხმაროს ბავშვს მეხსიერების ამ ფორმის განვითარებაში. უნდა
მოხდეს მასალის ანალიზი, გამოიყოს ცალკეული ნაწილები (აზრობრივი, რთულად
დასამახსოვრებელი). მნიშვნელოვანია დასასწავლი მასალის გაგება, სწავლის მოტივაციის
ფორმირება.
თანდათანობით ნებისმიერი მეხსიერება ხდება ის შემეცნებითი ფსიქიკური პროცესი,
რომელსაც სასწავლო პროცესი ეყრდნობა.
მასალის დამახსოვრებისთვის 8-10 წლის ასაკის ბავშვები აქტიურად იყენებენ
გამეორების ტექნიკას, რასაც არ აკეთებენ 5-6 წლის ბავშვები. თუ 5-6 წლის ასაკის ბავშვას
ვასწავლით მასალის დამახსოვრებისთვის გამეორების ტექნიკის გამოყენებას, ისინი მას
გამოიყენებენ, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დამახსოვრებას. თუმცა, ახალი მასალის
მიწოდებისას ამის შეხსენება აუცილებლად სჭირდებათ (არ იყენებენ სპონტანურად).
7-8 წლის ბავშვები იყენებენ აგრეთვე დაჯგუფების ტექნიკას. მაგალითად, ვთქვათ
გვჭირდება 6 ციფრის დამახსოვრება - 3,5,4,8,7 და 1. მათი ადვილად დამახსოვრების
მიზნით, შეიძლება ისინი 3 ჯგუფად (35-48-71) ან 2 ჯგუფად (354-871) დავანაწილოთ.
ინფორმაციის დამახსოვრებაზე გავლენას ახდენს ნაწილების რაოდენობა და არა
მოცულობა. ასევე შეიძლება დავაჯგუფოთ მსგავსი ობიექტები. მაგალითად, ხილი და
7

ბოსტნეული. 5-6 წლის ბავშვმა შეიძლება სპონტანურად გამოიყენოს ეს ტექნიკა, მაგრამ


ბოლომდე ვერ აცნობიერებს (ვერ ხედავს სარგებელს), თუ როგორ შეიძლება მისი
გამოყენება. მსგავს მდგომარეობას შეიძლება ადგილი ჰქონდეს 8-9 წლის ბავშვებთანაც და
მოზარდებთანაც.

აზროვნება.

აზროვნება არის შემეცნებითი ფსიქიკური პროცესი, რომლის საშუალებითაც ხდება


მიზეზ-შედაგობრივი კავშირებისა და მიმართების დამყარება, გარე სამყაროს მოვლენებსა და
ობიექტებს შორის.
ბავშვის შემეცნებითი აქტიობა და ცნობისმოყვარეობა მიმართულია გარემოს
შემეცნებაზე. აზროვნება უშუალოდაა დაკავშირებული მეტყველებასთან. რაც უფრო
მაღალია ბავშვის გონებრივი აქტიობა, მით უფრო ბევრ და მრავალფეროვან კითხვას სვამს
იგი - ეს რა არის? ვინ არის? რატომ? რისთვის? რისგან? ვის? და ა.შ.
როგორც წესი, კითხვის დასმისას უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვები წარმოიდგენენ
რეალურ სიტუაციას. აზროვნების ფორმას, რომლის დროსაც ამოცანის გადაწყვეტა
ხორციელდება შინაგან პლანში, აღქმისა და წარმოდგენის საფუძველზე, ეწოდება
თვალსაჩინო-ხატოვანი აზროვნება.. სწორედ, აზროვნების ეს ფორმაა დამახასიათებელი
უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის. ბავშვებს უჭირთ სიტყვიერად გამოთქმული
აზრის გაგება, თუ მას არ აქვს თვალსაჩინო დასაყრდენი. რა თქმა უნდა, ამ ასაკის ბავშვს
შეუძლია ლოგიკური აზროვნებაც, მაგრამ ბავშვი უფრო მგრძნობიარეა ისეთი
სწავლებისადმი, რომელიც ეყრდნობა თვალსაჩინოებას.
6-8 წლის ასაკის ბავშვი - დამკვირვებელია.
მართალია, პირველკლასელი ძალიან დაკვირვებულია, მაგრამ მას არ ესმის
ყველაფერი, რასაც ხედავს, ვინაიდან მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები ჯერ
კიდევ არ არის სრულყოფილი. უფროსებმა შეიძლება გადააფასონ მისი ინტელექტუალური
შესაძლებლობები, იმის გამო, ბავშვი ხშირად ამჩნევს ისეთ დეტალებს, რასაც არ აქცევენ
ყურადღებას მოზრდილები. პირველკლასელი აზროვნებს “აქ” და “ეხლა” კატეგორიებით.
უჭირს დროის, სივრცის და რიცხვის გაგება. მას შეუძლია ახალი მასალა აითვისოს, თუკი
იგი დაკავშირებუ;ლი იქნება, მისთვის ნაცნობ ინფორმაციასთან. ამიტომ, პედაგოგმა უნდა
კარგად იცოდეს, თუ რა იცის ბავშვმა და დააკავშიროს ახალი ცოდნა - ძველთან.
9-11 წლის ბავშვი – მკვლევარია.
ამ ასაკის ბავშვიც ასევე კარგი დამკვირვებელია, მაგრამ უფრო ყურადღებით
აკვირდება და ლოგიკურად აზროვნებს. სვამს ბევრ კითხვებს და შეუძლია თვითონ იპოვოს
მათზე პასუხი.
უყვარს კოლექციების შეგროვება. აგროვებს ყველაფერს, მისთვის მნიშვნელოვანია
რაოდენობა და არა ხარისხი. 11 წლამდე ის არ აკეთებს, თავისი კოლექციის კლასიფიკაციას
(თუ რა თქმა უნდა, მას ამაში უფროსი არ დაეხმარა). პედაგოგმა შეიძლება გამოიყენოს
ბავშვის ეს თვისება საგანმანათებლო მიზნით. ბავშვი ხდება უფრო დაკვირვებული, ხოლო
8

კოლექციის განხილვისას ან გაცვლისას, კი უმჯობესდება პიროვნებათშორისი ურთიერთო-


ბები.
ბავშვს უყვარს იმის გამოკვლევა, რაც მისთვის უცნობია. ამ ასაკში მას უკვე ესმის
მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულება, აქვს დროის (ქრონოლოგიური და ისტორიული
განცდა), სივრცის, ადგილმდებარეობის, მანძილის კარგი აღქმა. ის მსჯელობს იმის შესახებ,
რაც ესმის და ხედავს.

რა არის დამახასიათებელი უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის აზროვნებისთვის ?

უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებს უჩნდებათ ლოგიკური აზროვნების ნიშნები,


რომელიც ჯერ კიდევ მხოლოდ კონკრეტულია. ბავშვის მსჯელობა როგორც წესი, ემყარება
კონკრეტულ მაგალითებსა და პირად გამოცდილებას. ამიტომ, ახსნისას უპირატესობა უნდა
მივანიჭოთ, კონკრეტული მაგალითების გამოყენებას.
ბავშვები ამ ასაკში იშვიათად იყენებენ კავშირს: მსჯელობა-დასკვნა. მთავარ როლს
ბავშვის შემეცნებაში ასრულებს მეხსიერება, ამიტომ ბავშვები ხშირად იყენებენ ანალოგიით
მსჯელობას. მათთვის დასაბუთებას წარმოადგენს ანალოგიური მაგალითი. ამიტომ,
მასწავლებელმა მასალის ახსნისას უნდა მოიყვანოს კონკრეტული მაგალითები.
6-7 წლის ასაკის ბავშვისთვის ჯერ კიდევ დამახასიათებელია ეგოცენტრიზმი, ბავშვს
არ შეუძლია შეხედოს საკუთარ თავს სხვისი პოზიციიდან. მას ცუდად ესმის სიტუაცია,
სადაც საჭიროა საკუთარ ხედვაზე უარის თქმა და სხვის პოზიცაზე დადგომა. ისეთი სახის
მსჯელობა, როგორიცაა - “შენ, რომ იყო მის ადგილზე?” ან “შენ მოგეწონებოდა, შენ რომ ასე
მოგექცნენ?” არ გვაძლევს შედეგს, ვინაიდან არ იწვევს ბავშვში თანაგანცდის რეაქციას.
ეგოცენტრიზმი არ აძლევს ბავშვს საშუალებას გაიგოს სხვისი გამოცდილება, რომელიც
გამოთქმულია მხოლოდ ვერბალურად (თანაც ემოციის გარეშე).
ეგოცენტრიზმის დაძლევაში დიდ როლს თამაშობს ზღაპარი. შეგვიძლია მაგალითად
მოვიყვანოთ ნორვეგიული ზღაპარი:
“პატარა წიწილა სეირნობდა, მოწყინდა მარტოს და გადაწყვიტა ეპოვა ამხანაგი, ვინც
მასთან ერთად ითამაშებდა. პირველი ვისაც შეხვდა იყო ჭიაყელა. წიწილას თხოვნაზე
ვიტამაშოთო, მან უპასუხა: როგორ შემიძლია შენთან თამაში, შენ ხომ ძალიან დიდი ხარ.
წიწილამ გზა განაგრძო და შეხვდა ხბოს. წიწილას თხოვნაზე ვითამაშოთო, ხბომ უპასუხა:
როგორ ვითამაშო შენთან, როცა შენ ასეთი პატარა ხარ. როგორი ვარ მე სინამდვილეში?
ჰკითხა საკუთარ თავს დაბნეულმა წიწილამ და ფიქრის შემდეგ მიხვდა, რომ ჭიაყელასთან
შედარებით დიდია, ხოლო ხბოსთან შედარებით კი პატარა”.
ასევე ეგოცენტრიზმის დაძლევას ხელს უწყობს, როლური თამაშები და ურთიერთობა
თანატოლებთან, სადაც მან თანაფარდობაში უნდა მოიყვანოს საკუთარი და სხვისი
პოზიცია.
უმცროსი სასკოლო ასაკისისათვის დამახასიათებელია ისეთი კოგნიტური სქემების
განვითარება, როგორიცაა - შექცევადობა, მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა,
სერიაცია. ეს კოგნიტური სქემები წარმოადგენს ლოგიკური აზროვნების განვითარების
საფუძველს. ბავშვს ესმის, რომ მიმატება ზრდის რაოდენობას, ხოლო გამოკლება კი-
ამცირებს.
9

ერთ-ერთი მნიშვლელოვანი მონაპოვარია შექცევადობის ოპერაცია, გაგება იმისა, რომ


ყველა ფიზიკური, თუ გონებრივი მოქმედება შეიძლება იყოს შექცევადი (ობიექტი შეიძლება
დაუბრუნდეს პირვანდელ მდგომარეობას). მაგალითად, ძაღლები და კატები ერთად
შეიძლება განვიხილოთ, როგორც ”საყვარელი ცხოველების” კატეგორია, ხოლო ”საყვარელი
ცხოველების” კატეგორიაში შედის ძაღლები და კატები; ან თუ A მეტია B-ზე, მაშინ B
ნაკლების A-ზე.
შექცევადობა საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ საგანი ისეთად, როგორიც ის
იყო მანამდე, სანამ მასზე განახორციელებდნენ რაიმე მოქმედებას. მაგალითად, როცა ჩვენ
ვხედავთ სველ ”ღრუბელს”, ვხვდებით, რომ ის წყალში დაასველეს, რადგან წყლიდან
ამოღების შემდეგ ის გაშრება.
უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვს შეუძლია ობიექტების იერარქიული კლასიფიკაცია
და ესმის, რომ ობიექტი შეიძლება ეკუთვნოდეს იერარქიულო კლასიფიკაციის სხვადასხვა
დონეს. ეს აძლევს ბავშვს საშუალებას გაიგოს მიმართება ნაწილისა მთელთან, მთელის
ნაწილებთან და მთელის ნაწილებს შორის. მაგალითად, ბავშვს ვაჩვენებთ წითელი და
ლურჯი კვადრატების, შავი და თეთრი წრეების ნაკრებს. თუ მას ესმის კლასისადმი
მიკუთვნების მიმართება, მაშინ ის იტყვის, ნაკრებში არის 2 ძირითადი კლასი (კვადრატები
და წრეები), თითოეულ მათგანს აქვს 2 ქვეკლასი (კვადრატი არის წითელი და ლურჯი,
წრეები კი -შავი და თეთრი). ფიგურებს შორის არის იერარქია - ზედა დონე (ფორმა) და
ქვედა (ფერი). ეს აძლევს ბავშვს საშუალებას გააკეთოს დასკვნა, რომ კვადრატი შეიძლება
იყოს ან წითელი, ან ლურჯი. ლურჯი კვადრატები ნაკლებია, ვიდრე კვადრატების საერთო
რაოდენობა. კვადრატების საერთო რაოდენობა მეტია, ვიდრე წითელი კვადრატები. თუ
ავალაგებთ წითელ კვადრატებს, დარჩება მხოლოდ ლურჯი კვადრატები და ა.შ.
ბავშვებს ესმით, რომ სხვადასხვა ობიექტები შეიძლება გავაერთიანოთ - ზომის, ფერის
ან ასაკის მიხედვით და ყოველი ობიექტი შეიძლება ერთდროულად მიეკუთვნებოდეს
რამოდენიმე კლასს. მაგალითად, ბავშვი შეიძლება იყოს ერთდროულად -ბიჭი, მეორე
კლასელი, სპორცმენი და შავგვრემანი.
ოპერირებს რა რიცხვებით ბავშვი ხვდება, რომ რიცხვების სხვადასხვა კომბინაციამ
შეიძლება არ გამოიწვიოს რაოდენობის შეცვლა. მაგალითად, გიორგის აქვს 20 თეთრი.
ნინომ გამოართვა 10 თეთრი, ხოლო კოტემ მისცა 10 თეთრი. ე.ი. გიორგის აქვს ისევ 20
თეთრი.
უმცროსი ასაკის ბავშვი ეუფლება სერიაციის ოპერაციას. სერიაცია ეს არის უნარი
დააწყო ობიექტები მათი ზრდის, ან კლების მიხედვით. მაგალითად, ფორთოხალი უფრო
ძვირი ღირს ვიდრე ვაშლი. ვაშლი უფრო ძვირი ღირს ვიდრე მანდარინი. ე. ი. ფორთოხალი
უფრო ძვირი ღირს ვიდრე მანდარინი. ამ ამოცანის გადასაწყვეთად კი საჭიროა სერიაციის
განხორციელება (ბავშვმა გონებაში უნდა დააწყოს ობიექტები პატარიდან დიდისკენ, ან
პირიქით).
უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის აზროვნების პროცესი შედგება - კონკრეტული
ელემენტებისაგან (ობიექტი, მიმართება, ზომა), კონკრეტული ოპერაციებისგან (მომატება,
გამოკლება) და წესებისაგან, რომელიც აღწერს ამ ოპერაციების შესრულების ხერხებს.
აღნიშნული პერიოდის ძირითადი კოგნიტური ამოცანაა კლასების, მიმართებების და
რაოდენობის ცნების დაუფლება. ბავშვს შეუძლია ერთდროულად მხოლოდ 2 კლასით,
მიმართებით, ან რიცხვითი მაჩვენებლით ოპერირება.
10

უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვმა პრობლემის გადაჭრისას შეიძლება ერთდროულად


გამოიყენოს აზროვნების სხვადასხვა სტრატეგია, როგორც მარტივი, ასევე ძალიან რთული.
მაგალითად, მაგალითად, თუ 6-7 წლის მოსწავლეებს მივცემთ გადასაწყვეტად მარტივ
ამოცანას - 9+4=? მათ შეუძლიათ ამოცანის ამოხსნან რამოდენიმე მეთოდის გამოყენებით -
შეიძლება ამოცანა გადაჭრან მეხსიერების გამოყენებით (მიმატების ოპერაციის
განხორციელების გარეშე); შეიძლება დაიწყონ თვლა (1,2,3,4..., ჯამის მიღებამდე); შეიძლება
აიღონ დიდი რიცხვი და მიუმატონ პატარა რიცხვი თვლით (9, 10, 11, 12, 13); შეიძლება
დაყონ ამოცანა ნაწილებად (9+4=? 10+4=14. ვინაიდან 9 ნაკლებია 10-ზე ერთი ერთეულით,
ამიტომ 14-1=13). ასაკის მატებასთან ერთად, ბავშვები სულ უფრო ხშირად იყენებენ
აზროვნების რთულ სტრატეგიებს. თუმცა რთული სტრატეგიების გამოყენება ბავშვს
შეუძლია იმ ამოცანების მიმართ, რაშიც მათ აქვთ გამოცდილება, ხოლო ახალი, უცნობი
პრობლემის გადაწყვეტისას, დიდი ალბათობით გამოიყენებს მარტივ სტრატეგიას.
ბავშვს შეუძლია ინდუქციური ლოგიკის გამოყენება (კერძოდან ზოგადი დასკვნის
გაკეთება), შეუძლია გადავიდეს საკუთარი გამოცდილებიდან, ზოგად პრინციპზე.
მაგალითად, თუ მისი თოჯინების კოლექციას დაემატება ახალი თოჯინა, მაშინ მისი
თოჯინების საერთო რაოდენობა გაიზრდება ერთით. ე.ი. მიმატება ყოველთვის გამოიწვევს
რაოდენობის გაზრდას.
თუმცა ბავშვს ჯერ არ არის დაუფლებული დედუქციურ ლოგიკას. მაგალითად,
კითხვაზე - რა მოხდება, თუ გოგონა ფიზიკურად, ისევე ძლიერი იქნება როგორც ბიჭი?
პასუხი მოითხოვს დედუქციურ (ზოგადიდან კერძო დასკვნის გაკეთება) ლოგიკას.
დედუქციური ლოგიკა რთულია, იმიტომ, რომ თქვენ უნდა წარმოიდგინოთ ის, რაც
პირადად არ განგიცდიათ. უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვს კი შეუძლია აზროვნება იმ
ობიექტებსა და მოვლენებზე, რომელსაც იცნობს, ხედავს ან მანიპულირებს.
უნდა აღინიშნოს, რომ აზროვნების ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებელი არ
აღმოცენდება ერთდროულად (”ერთ მშვენიერ დღეს”). ბავშვს ჭირდება რამოდენიმე
წელიწადი, რათა მან შეძლოს აზროვნების აღნიშნული მახასიათებლების გამოყენება
პრობლემის გადასაწყვეტად.
ცნებითი-ლოგიკური აზროვნების განვითარებისათვის საჭიროა, ობიექტებს შორის
მიმართების გაგება. ამისთვის, კი საუკეთესო საშუალებაა ობიექტის შეცვლა და შედეგზე
დაკვირვება. ეს კი შეიძლება განხორციელდეს თამაშის, შრომის და ექსპერიმენტის
პროცესში.
უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვისთვის ხელმისაწვდომი ექსპერიმენტია პრაქტიკული
აქტიობა, თამაში. ის საშუალებას აძლევს ბავშვს დაინახოს მიმართება, მიზეზ-შედეგობრივი
კავშირი ობიექტებს შორის, რაც იწვევს გამოცდილების გაფართოებას.
უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვს არ შეუძლია კარგად გაიგოს თეორიული ცოდნა,
რომელიც მას ეძლევა გამზადებული სახით. ნამდვილ გაგებას ადგილი ექნება მხოლოდ
ობიექტებზე აქტიობის განხორციელების შედეგად - ტრანსფორმაცია, გადაადგილება,
დაკავშირება, კომბინაცია.
მასწავლებელმა უნდა განავითაროს ბავშვებში ცნებითი და ლოგიკური აზროვნება,
მსჯელობა, დასკვნის გაკეთების უნარი.
11

თუკი პირველი და მეორე კლასელისთვის არგუმენტია კონკრეტული ფაქტი, ან


ანალოგია, მესამე კლასელს სწავლის შედეგად უკვე შეუძლია მოიყვანოს დასაბუთებული
არგუმენტაცია და გააკეთოს მარტივი დედუქციური დასკვნა.
უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის აზროვნების განვითარება მიმდინარეობს
კონკრეტულიდან აბსტრაქტულისკენ.

კოგნიტური განვითარების ინფორმაციული მოდელი

როგორც უკვე ვიცით ინფორმაციული მიდგომის წარმომადგენლები განიხილავენ


ადამიანის ტვინს, როგორც ”კომპიუტერს”, იმ განსხვავებით, რომ ასაკის მატებასთან ერთად
ბავშვის გონებრივი პროცესები განიცდიან გარკვეულ ცვლილებებს. ინფორმაციული
მიდგომის წარმომადგენლები - ყურადღებას, მეხსიერებას, პრობლემების გადაწყვეტას და
ა.შ. იზოლირებულად შეისწავლიან. შუა ხანში შეინიშნება 2 კოგნიტური პროცესის -
მეხსიერების და მეტაშემეცნების განსაკუთრებული განვითარება.

მეხსიერება

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ოპერაციამდელ სტადიაზე ბავშვები კარგად უმკლავდებიან


ამოცენებს, რომელიც მოითხოვს ობიექტის ცნობას, მაგრამ უჭირთ ინფორმაციის
მეხსიერებაზე დაყრდნობით აღდგენა. მათ უჭირთ ისეთი მარტივი ტექნის გამოყენებაც კი,
როგორიცაა - გამეორება.
შუა ხანში, მეხსიერებაზე დაყრდნობით ინფორმაციის აღდგენა მნიშვნელოვნად
უმჯობესდება. ამ ასაკში ბავშვებს უკვე შეუძლიათ მასალის მიზანმიმართულად
დამახსოვრება.
დაწყებითი კლესების მოსწავლეები, მასალის დამახსოვრების გაუმჯობესების მიზნით
იყენებენ განსხვავებულ სტრატეგიებს. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:
გამეორება. თავადაპირველად ბავშვები უბრალოდ იმეორებენ დასამახსოვრებელ
სიტყვას, ხოლო 9 წლის ასაკისთვის კი შეუძლიათ სიტყვების ჯგუფურად გამეორება.
დაჯგუფება. ბავშვები ახდენენ დასამახსოვრებელი მასალის დაჯგუფებას. თუ
პირველი - მესამე კლასის მოსწავლეები იყენებენ მასალის დაჯგუფების საფუძვლად
მარტივ ასოციაციებს (მაგალითად, სიტყვებს შორის სიახლოვეს), მეოთხე კლასის
მოსწავლეები, მასალის დაჯგუფების საფუძვლად იღებენ საერთო ნიშანს. მაგალითად,
მსხალი, ვაშლი, ატამი - ხილია. მართალია, მასალის ორგანიზება შეიძლება ვასწავლოთ
უფრო პატარა ასაკის ბავშვებს, მაგრამ ამ სტრატეგიას ისინი საკუთარი ინიციატივით
იშვიათად იყენებენ.
სემანტიკური დამუშავება. ბავშვებს შეუძლიათ აღადგინონ, არა მხოლოდ ფაქტობრივი
ინფორმაცია, არამედ ინფორმაციიდან გამომდინარე ლოგიკური აზრი. ს. პერისი თავის
კვლევაში, ბავშვებს აწვდიდა დასამახსოვრებელად წინადადებებს. მაგალითად, ”მისი
მეგობარი გვიდა იატაკს”. შემდეგ ბავშვებს ეკითხებოდნენ, ჰქონდა, თუ არა მეგობარს
ცოცხი. 11 წლის ბავშვებისთვის არ წარმოადგენდა სირთულეს, გაეკეთებინათ დასკვნა, რომ
12

მეგობარს ცოცხი ჰქონდა. 7 წლის ბავშვები კი ამბობდნენ, რომ ზუსტი პასუხის გაცემა არ
შეუძლიათ, ვინაიდან მიწოდებულ უნფორმაციაში ცოცხზე საუბარი არ იყო.
ინფორმაციის მოძიება. როცა ჩვენ გვინდა რაღაც გავიხსენოთ, ჩვენ ვანხორციელებთ
მოგონებების მთელი სფეროს (სადაც საჭირო ინფორმაცია შეიძლება არსებობდეს)
”სკანირებას”. 3-4 წლის ბავშვებს შეუძლიათ ამ სტრატეგიის გამოყენება, რათა იპოვონ
რეალური ობიექტები, მაგრამ ვერ ასრულებენ ამ ტექნიკას აზრის დონეზე. შუა ხნის ასაკის
ბავშვები კი კარგად ფლობენ ინფორმაციის მოძიების სტრატეგიებს.
სცენარის შექმნა. ინფორმაცია შეიძლება შენახული იქნას ”სცენარების” სახით.
მაგალითად, სცენარი - ”დილა”, შეიძლება შეიცავდეს ტიპიური მოვლენების თანმიმდევ-
რობას, როგორიცაა - ადგომა, ჩაცმა, საუზმე და ა.შ.

მეტაშემეცნება

მეტაშემეცნება ეს არის რთული ინტელექტუალური პროცესები, რომელიც აძლევს


ბავშვებს საშუალებას აწარმოონ კონტროლი - საკუთარ აზროვნებაზე, მეხსიერებაზე,
ცოდნაზე, ქცევაზე.
განვიხილოთ ფლეიველის კვლევა: სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის
ბავშვებს სთხოვდნენ, დაემახსოვრებინათ კონკრეტული ინფორმაცია და ეპასუხათ, როცა
დარწმუნებული იქნებოდნენ ცოდნაში. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ უმცროსი სასკოლო
ასაკის ბავშვებმა კარგად გაართვეს თავი დავალებას; ხოლო სკოლამდელებმა, ვერ შეძლეს
ინფორმაციის სრულად აღდგენა, თუმცა თვითონ დარწმუნებული იყვნენ, რომ მასალა
კარგად დაისწავლეს.
აზროვნების და მეხსიერების პროცესების კონტროლის უნარი ჩნდება დაახლოვებით 6
წლის ასაკში, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო ძლერდება.

მეტყველება.

ბავშვის მეტყველების განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული აზროვნების


განვითარებასთან. ბავშვი გადადის მარტივი წინადადებებიდან, რთულ თანწყობილი და
ქვეწყობილი წინადადებების გამოყენებაზე. წინადადებების ფორმულირებისას ბავშვი
იყენებს კავშირებს – იმიტომ რომ, თუ, იმისთვის და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ ზეპირი მეტყველების განვითარება, უმცროს სასკოლო ასაკში
ძალიან თვალში საცემია, უფრო მნიშვვნელოვანია, ბავშვების მიერ კითხვისა და წერის
დაუფლება.
წერა და კითხვა სიმბოლური კომუნიკაციის ფორმებია, რომელიც საჭიროებს - აღქმის,
ყურადღების, მეხსიერების და აზროვნების განვითარების გარკვეულ დონეს.
13

წიგნიერების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალური და


კულტურული ფაქტორები. ლ. ვიგოტსკის თანახმად, ბავშვები სწავლობენ წერას და
კითხვას მშობლებთან, და-ძმასთან, მასწავლებელთან, თანატოლთან ურთიერთობის
საფუძველზე.
ამიტომ აუცილებელია, რომ მასწავლებელმა დასვას შეკითხვები წაკითხული
შინაარსის გარშემო, ისაუბროს ბავშვებთან წაკითხულის შესახებ და გაარკვიოს, რა გაიგეს
და ვერ გაიგეს წაკითხული მასალიდან. ასეთი ინტესიური კომუნიკაცია მეტად
მნიშვნელოვანია წიგნიერების განვითარებისთვის, ვინაიდან აქ მყარდება კავშირი იმას
შორის რაც ბავშვმა უკვე იცის და რასაც იმ მომენტში წერს ან კითხულობს.
5-6 წლის ასაკის ბავშვის მეტყველების სემანტიკური მხარე შედარებით ღარიბია.
სიტყვების მნიშვნელობას აკლია სიზუსტე - ხან ძალიან შევიწროებულია, ხან ზედმეტად
ფართე. გახსოვდეთ, რომ ბავშვებს სიტყვები ესმით პირდაპირი მნიშვნელობით.
ასევე ბავშვებს უჭირთ მეტყველების როგორც საგნის, ანალიზი. ბავშვი რომელიც
პრაქტიკულად დაუფლებულია მეტყველებას, განიცდის სირთულეს სიტყვაში ბგერითი
კომპონენტების გამოყოფაში. ამავე დროს უჭირთ, მსგავში ჟღერადობის სიტყვების და
სიტყვათა შეთანხმების აზრის გაგება. მაგალითად, მასწავლებლის შვილი და შვილის
მასწავლებელი.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვი ამჩნევს საგნის
“მკვეთრ”, თვალში საცემ მახასიათებლებს. კითხვის სწავლების დაწყებით ეტაპზე, წიგნში
მოცემულმა ილუსტრაციამ, შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს კითხვის ჩვევის
ფორმირების პროცესზე, ვინაიდან ის უბიძგებს ბავშვს გარკვეული ვარაუდისკენ, სიტყვის
მიხვედრისკენ (მაგალითად, წერია - “იხვი.” ბავშვი კითხულობს - “კვატა”). ხოლო კითხვის
ელემენტარული ჩვევის დაუფლების შემდეგ კი, ილუსტრაციები დადებით როლს
ასრულებენ, იწვევენ კითხვის ინტერესს.
უმცროსი სასკოლო ასაკისათვის დამახასიათებელია შინაგანი მეტყველების
განვითარებაც. შინაგანი მეტყველება, ეს არის მეტყველების სახე, რომელიც უზრუნველყოფს
აზროვნების პროცესს და ქცევის თვითრეგულაციას.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, მეტყველების განვითრება მჭიდროდ არის დაკავშირებული
აზროვნების განვითარებასთან. ეს კავშირი განსაკუთრებით გამოვლინდება შინაგანი
მეტყველების ფორმირების პროცესში. შინაგანი მეტყველება ასრულებს ქცევის დაგეგმვის
ფუნქციას, რომელიც ხორციელდება შინაგან პლანში (გონებაში).
მეტყველების დაუფლების მექანიზმების მობილობა საშუალებას აძლევს
უმცროსკლასელებს, ადვილად დაეუფლონ უცხო ენას. უცხო ენის შესწავლამ შეიძლება
ხელი შეუწყოს, როგორც ბავშვის მშობლიური ენის, ასევე ინტელექტუალურ განვითარებას.
ყოველი ენისთვის ბავშვის ფსიქიკაში წარმოიქმნება ე.წ. გამოყენების სფერო, გარკვეული
სახის განწყობა, ამის საფუძველზე კი არ მოხდება ენების ინტერფერენცია. მაგრამ, თუკი
ბავშვის ბილინგვიზმი ვითარდება არა მიზანმიმართულად, სტიქიურად, ამან შეიძლება
გამოიწვიოს ნეგატიური შედეგი.
14

ფანტაზია.

ფანტაზია უმცროს სასკოლო ასაკში ისევე, როგორც სხვა ფსიქიკური პროცესები


განიცდის ცვლილებებს. უმცროსი სკოლამდელისთვის თავიდან დამახასიათებელია
ფანტაზიის პასიური ფორმა (წაკითხულის ან მოსმენილის საფუძველზე წარმოდგენის
შექმნა), ხოლო შემდეგ ვითარდება ფანტაზიის აქტიური ფორმა (ქმნის ახალ წარმოდგენას).
ინფორმაციის დიდი ნაწილი უმცროს სასკოლო ასაკში ბავშვს ეძლევა სიტყვიერი
აღწერის, ნახატის ან სქემის სახით. ამის საფუძველზე მან უნდა შექმნას - მოთხრობის
გმირის, წარსული მოვლენის, ლანდშაფტის და ა.შ. წარმოდგენა, ხატი.
ფანტაზიის განვითარება გაივლის 2 სტადიას. თავდაპირველად ბავშვის მიერ შექმნილი
წარმოდგენა, ხატი მიახლოებით ასახავს რეალურ ობიექტს. მას აკლია დეტალები.
შექმნილი წარმოდგენა სტატიკურია, არ არის მოცემული ობიექტების ცვლილება და
ურთიერთკავშირი. ასეთი ხატის შექმნა მოითხოვს, დეტალურ სიტყვიერ აღწერას ან
ნახატის, კონკრეტული ობიექტის ჩვენებას.
მეორე და მესამე კლასის ბავშვები გადადიან ფანტაზიის განვითარების მეორე
სტადიაზე. ბავშვის მიერ შექმნილ წარმოდგენაში, პირველ რიგში იზრდება ობიექტის
თვისებებისა და ნიშნების რაოდენობა, აისახება ობიექტებს შორის ურთიერთკავშირი.
პირველი კლასის ბავშვმაც შეიძლება წარმოიდგინოს მოძრავი ობიექტი, მაგრამ მის
წარმოდგენაში აისახება ობიექტის მხოლოდ საწყისი და ბოლო მდგომარეობა.
მესამე კლასელებს კი უკვე შეუძლიათ წარმოიდგინონ ობიექტის გარდამავალი
მდგომარეობაც. ამავე დროს წარმოდგენილი ობიექტი შეიძლება როგორც ზუსტად იყოს
აღწერილი ტექსტში, ასევე - ნაგულისხმები. ბავშვი შეიძლება დაეყრდნოს მეხსიერებას ან
ზოგად სქემას. მაგალითად, ბავშვმა შეიძლება დაწეროს თხზულება, რამოდენიმე დღით
ადრე მოსმენილი მოთხრობის მიხედვით ან ამოხსნას მათემატიკური ამოცანა, რომლის
პირობები მოცემულია აბსტრაქტული, გრაფიკული სქემის სახით.
ფანტაზია ასრულებს 2 ფუნქციას: შემეცნებით-ინტელექტუალურს და დაცვითს.
შემაცნებით-ინტელექტუალური ფუნქცია დაკავშირებულია, გარემოზე ახალი
ინფორმაციის მიღებასა და პრაქტიკული ჩვევების ფორმირებასთან.
ფანტაზიის დაცვითი ფუნქცია გამოიხატება იმაში, რომ წარმოსახულ სიტუაციაში
შეიძლება მოხდეს დაძაბულობის მოხსნა და კონფლიქტური სიტუაციის გადაწყვეტა,
რომელიც ბავშვს ჯერ არ შეუძლია გადაწყვიტოს რეალურ ცხოვრებაში. უნდა აღინიშნოს,
რომ ფანტაზია ამ ასაკში აღწევს ისეთ მაღალ დონეს, რომ ბავშვმა შეიძლება “იცხოვროს” მის
მიერ გამოგონილ სამყარიში, ჰყავდეს წარმოსახული მეგობარი.
ფანტაზიის განვითარების მაღალი დონე, როგორც წესი დამახასიათებელია კარგად
განვითარებული ბავშვებისათვის. მეორეს მხრივ, ის შეიძლება მიუთითებდეს ბავშვის
სურვილების და მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობაზე. ამიტომ, სასორველია
ყურადღება მივაქციოთ ბავშვის ფანტაზიების შინაარს.
უნდა ყურადღება მივაქციოთ ფანტაზიის კიდევ ერთ თვისებას, რომელსაც უფროსები
ხშირად აღიქვამენ, როგორც ტყუილს. 7-8 წლის ბავშვები, რაიმე ამბის მოყოლისას,
უნებურად ამატებენ მოგონილ დეტალებს, ან იგივეს აკეთებენ, როცა უნდათ მიიქციონ
უფროსების და თანატოლების ყურადღება. რა თქმა უნდა ფანტაზიის ასეთი სახით
15

გამოვლენისას ბავშვს უნდა მივუთოთოთ, რომ ეს მისი გამოგონილია, მაგრამ ეს უნდა


გავაკეთოთ რბილად და ტაქტიანად.

ფსიქოსოციალური განვითარება.

უმცროს სასკოლო ასაკში ადგილი აქვს არა მხოლოდ შემეცნებითი ფსიქიკური


პროცესების განვითარებას, არამედ იქმნება ახალი პირობები ბავშვის პიროვნული
ზრდისთვის. ბავშვის პიროვნულ ზრდაზე გავლენას ახდენს - სასწავლო და თამაშის
სიტუაცია, შრომითი აქტიობა და ურთიერთობები.
6-8 წლის ასაკის ბავშვი სოციალურად - მეგობრულია. ბავშვებს უყვარს ჯგუფურ
აქტიობებში და თამაშებში მონაწილეობა. ეს ანვითარებს არა მხოლოდ თანამშრომლობის
გრძნობას, არამედ ბავშვი უფრო თვითდაჯერებული ხდება, ვინაიდან მისი ცალკეული
წარუმატებლობები ზოგად ფონზე ნაკლებად შესამჩნევია. მას უყვარს და ყოველთვის უნდა
გამარჯვება, ამისთვის კი მან შეიძლება მოიტყუოს კიდეც.
9-11 წლის ასაკის ბავშვი სოციალურად - შემგუებადია. ის უშუალოა, კმაყოფილია
ცხოვრებით, ჩვეულებრივ მხიარულ ხასიათზეა. ცხოვრობს აწმყოში, არ ფიქრობს
მომავალზე. ამ ასაკში, ბავშვი ხდება თავისივე სქესის ჯგუფის წევრი. გოგონებს და ბიჭებს
გარკვეული ანტაგონიზმი ახასიათებთ ერთმანეთის მიმართ. გოგონებისთვის ბიჭები
ზედმეტად ხმაურიანები არიან, ხოლო ბიჭებისთვის გოგონები კი - “სულელები”.

მე-კონცეფცია და თვითშეფასება.

მნიშვნელოვანი ცვლილება ბავშვის პიროვნული განვითარების თვალსაზრისით არის


მე-კონცეფციისა და თვითშეფასების განვითარება.
მე-კონცეფცია ეს არის ზოგადი წარმოდგენა საკუთარ თავზე.
თვითშეფასება არის თვითშემეცნების კომპონენტი, რომელიც მოიცავს საკუთარი
ფიზიკური, პიროვნული, ინტელექტუალური მახასიათებლების, მორალური თვისებებისა და
ქცევის შეფასებას.
უმცროს სასკოლო ასაკში დადებითი თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე გავლენას
ახდენს, როგორც ბავშვის წარმატებები სკოლაში, ასევე მათ მიმართ უფროსების მხრიდან
დადებითი დამოკიდებულება.
პირველკლასელთა უმრავლესობისათვის, ძირითადად დამახასიათებელია მაღალი
თვითშეფასება. ბავშვები თვლიან, რომ არიან “კარგები”, “ჭკვიანები”. დადებითად აფასებენ
თავის სასკოლო წარმატებებს.
მეორე კლასში ბავშვების უმრავლესობას თვითშეფასება მკვეთრად უქვეითდებათ. ამას
უწოდებენ “მეორე კლასის ფენომენს”. ეს დაკავშირეულია იმასთან, რომ მეორეკლასელები
კრიტიკულები ხდებიან საკუთარი თავის მიმართ. ისინი ორიენტირებული ხდებიან
სასწავლო საქმიანობის ხარისხზე, ხოლო საკუთარი სასწავლო საქმიანობის შეფასების
16

კრიტერიუმები, ჯერ კარგად არ აქვთ განვითარებული. აქედან კი ადგილი აქვს საკუთარ


თავში დაურწმუნებლობას, რაც იწვევს თვითშეფასების დაქვეითებას.
მოგვიანებით, მესამე კლასში თვითშეფასება ისევ აიწევს. ამიტომ მნიშვნელოვანია,
ბავშვებს ვასწავლოთ, რომ მნიშვნელოვანია არა შეფასება, არამედ ცოდნა, უნარები,
შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა.
მესამე კლასი გარდამტეხია ბავშვის სასწავლო საქმიანობაში, ვინაიდან, სწორედ ამ
ასაკში ვლინდება ბავშვის აქტიური ინტერესი შემეცნებისადმი. ეს დაკავშირებულია იმ
ცვლილებებთან, რასაც ადგილი აქვს მათ ინტელექტუალურ განვითარებაში. ინტესიურად
იწყებს განვითარებას ცნებითი, ვერბალური აზროვნება. აზროვნების ახალი
შესაძლებლობები კი ბიძგს აძლევს სხვა ფსიქიკური პროცესების განვითარებას: აღქმა,
ყურადღება, მეხსიერება. ბავშვი სწავლობს საკუთარი ფსიქიკური პროცესების მართვას.
უფროსებმა არ უნდა შეაფასონ ბავშვის პიროვნება ნეგატიურად, რადგან ეს
შემდგომში მნიშვნელოვნად აისახება მათ თვითშეფასებაზე. ბავშვს უნდა მიეთითოს
კონკრეტულ ქცევაზე, რომელიც მიუღებელია და არ უნდა შევეხოთ ბავშვის პიროვნებას.
უნდა ვუთხრათ, რომ მისი ქცევა არაა სწორი და არ ვუწოდოთ “ცუდი ბიჭი (გოგო)”.
იმის მიხედვით თუ როგორი თვითშეფასება აქვს ბავშვს (ადექვატური, დაბალი,
მაღალი), მან შეიძლება სტიმულირება გაუკეთოს, ან პირიქით დათრგუნოს ბავშვის აქტიობა.
ბავშვის თვითშეფასება გავლენას ახდენს სკოლაში წარმატებულ სწავლაზე და
პირიქით, სწავლაში წარმატებები თავის მხრივ გავლენას ახდენს ბავშვის თვითშეფასებაზე.
აუცილებელია მოხდეს არაადექვატური თვითშეფასების შეცვალა, რაც მნიშვნელოვნად
არის დამოკიდებული ბავშვის მასწავლებელზე. ბავშვობაში ჩამოყალიებებული
თვითშეფასება ძალიან მდგრადია, ის შეიძლება მთელი ცხოვრება გაყვეს ადამიანს.
სწავლების პროცესში მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ინდივიდუალური
და ასაკობრივი თავისებურებები და ხელი შეუწყოს ადექვატური თვითშეფასების
ფორმირებას.
სასწავლო აქტიობის შეფასებისას მასწავლებლის შეფასება უნდა იყოს კონკრეტული,
ნათელი და უნდა ეხებოდეს აწმყო დროში განხორციელებულ აქტიობას. მაგალითად, არ
შეიძლება ასეთი შეფასება - “შენ გუშინაც ცუდად დაწერე.” აგრეთვე, გაურკვეველი, ზოგადი
შეფასება (“ცუდად დაწერე”, “მოუსვენარი ხარ”) უფრო ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვზე,
ვიდრე დამსახურებული (სადაც კონკრეტული აქტიობაა მითითებული) ნეგატიური
შეფასება..
ძალიან მნიშვნელოვანია ადექვატური თვითშეფასების ჩამოყალიბება, ვინაიდან
თვითშეფასება გავლენას ახდენს – ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯამრთელობაზე, სწავლაზე,
სოციალურ ურთიერთობებზე.
თვითშეფასება არის ბავშვის პიროვნების ცენტრალური წარმონაქმნი, რომელიც
მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის სოციალურ ადაპტაციას. ამ ასაკის ბავშვი საჭიროებს
განსაკუთრებულ კეთილგანწყობას და მხარდაჭერას უფროსების მხრიდან, რათა მათ ეჭვი
არ შეეპაროთ საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში.

რეკომენდაციები ადექვატური თვითშეფასების ფორმირებისთვის:

1. ბავშვს უნდა მიეცეს მისი შესაძლებლობების ადექვატური დავალება.


17

2. დაარწმუნეთ ბავშვი, რომ მას აქვს რეალური მიზნების მიღწევის შესაძლებლო-


ბები.
 თავდაპირველად მცირე მოცულობის დავალებებით დაიწყეთ, ხოლო
შემდეგ უფრო ვრცელ დავალებებზე გადადით.
 ასწავლეთ ბავშვს რეალური მიზნების დასახვა და მათი მიღწევის გზები.
3. დაეხმარეთ ბავშვს, რათა ის დარწმუნდეს საკუთარ შესაძლებლობებში.
 შეინახეთ ადრინდელი ნამუშევრები, რათა ბავშვმა პროგრესი თავადვე
დაინახოს.
 დააჯილდოვეთ შრომისმოყვარე ბავშვები.
4. შეაქეთ, მაშინ როცა ის ამას იმსახურებს.
5. ხელი შეუწყვეთ ბავშვის ინიციატივის გამოვლენას.
6. არ შეადაროთ ბავშვი სხვა ბავშვებს, შეადარეთ მხოლოდ საკუთარ თავს (რა
შეეძლო გუშინ და რას შეძლებს ხვალ).

დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებისათვის,


დამოუკიდებლობის განვითარებას. არსებობს სხვადასხვა ხერხი ბავშვის
დამოუკიდებლობის განვითარებისათვის. მაგალითად,
 ბავშვს უნდა დავავალოთ კონკრეტული საქმე, რომელსაც ის დამოუკიდებლად
შეასრულებს.
 დაავალეთ საკლასო ოთახის მოწესრიგება, მცენარეების მორწყვა, სასწავლო
მასალის შეგროვება და ა.შ.
 მიუტევეთ აღიარებული შეცდომები.
 შესრულებული საქმე დადებითად უნდა შეფასდეს.
 უნდა მივცეთ ინიციატივის გამოვლენის საშუალება, კონკრეტული
საქმიანობის არჩევაში.
 გავუკეთოთ სტიმულირება, რომ საშინაო დავალება დამოუკიდებლად
შეასრულოს.
უნდა ავღნიშნოთ, რომ ზედმეტმა დამოუკიდებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის
თავნებობა.
დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებისთვის, საკუთარი თავის
რწმენის განვითარებას. რაც უფრო დაბალია ბავშვში საკუთარი ძალების რწმენა, მით მეტი
უნდა იმუშაოს პედაგოგმა.
დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებისათვის - ურთიერთობას.
თუკი ადრე ბავშვის ურთიერთობა დაკავშირებული იყო თამაშის სიტუაციასთან, უმცროს
სასკოლო ასაკში თავად ურთიერთობა ხდება ინტერესის და ცნობისმოყვარეობის საგანი. ის
სიამოვნებით ურთიერთობს თანატოლებთან, მასწავლებელთან, ფსიქოლოგთან,
უფროსკლასელებთან.
ამ პერიოდში ადგილი აქვს ბავშვის სოციალური პრესტიჟის ჩამოყალიბებას. ამიტომ,
პედაგოგმა საჯაროდ უნდა აღნიშნოს ბავშვის მიღწევები, სხვა უფროსების და
თანატოლების თანდასწრებით. უნდა აღინიშნოს ბავშვის, როგორც სასწავლო, ასე სხვა
სახის მიღწევებიც.
18

ემოციები.

უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის ემოციები ატარებს მძაფრ, მკვეთრად გამოხატულ,


მაგრამ არა მდგრად ხასიათს. რაც გამოიხატება ერთი ემოციური მდგომარეობიდან,
მეორეში სწრაფ გადასვლაში. ადვილია ბავშვის გაბრაზება, შეშინება. მაგრამ ასევე ადვილია
მათი ინტერესების, კმაყოფილების, სიხარულის გამოწვევა. მათ ადვილად გადაედებათ
სხვა ბავშვების ან უფროსების მიერ განცდილი ემოციები.
6-8 ასაკის ბავშვი ემოციურად დაუცველია. ბავშვი ცდილობს ასიამოვნოს, მოიგოს
უფროსის გული და მიიღოს მისგან ემოციური დაცვა. ბავშვს უნდა, რომ მიღებული იყოს
ჯგუფში. ის მიჯაჭვულია უფროსებისდმი და საჭიროებს მათ ხელმძღვანელობას. ბავშვი ამ
ასაკში ბაძავს უფროსებს და უკრიტიკოდ ღებულობს მათ ღირებულებებს. 8 წლის ბავშვი
უკვე ხედავს განსხვავებას უფროსების სიტყვასა და იმ ქცევას შორის, რასაც უფროსები მას
პირადი მაგალითით ასწავლიან. ამიტომ, კარგია, თუ არ იქნება განსხვავება უფროსების
სიტყვასა და ქცევას შორის. ბავშვი გააკეთებს იმას, რასაც აკეთებს უფროსი და არა იმას,
რასაც ის ეუბნება.
9-11 წლის ბავშვი ემოციურად - ფიცხია. ბავშვი თავისუფლად გამოხატავს ემოციებს.
ის დარბის, აჯახუნებს კარს, ყვირის, მღერის. ემოციურად ერთვება სხვადასხვა
საქმიანობაში და კამათში. მათდამი მცირედი ბრალდების დროს იკავებენ “თავდაცვით
პოზიციას”. აკეთებს ნაადრევ, ემოციურ დასკვნებს. ბავშვი მალავს თავის გრძნობებს და
შიშებს. არ უყვარს სენტიმენტალობა, მაგრამ აღფრთოვანებული იქნება იმ ადამიანით, ვისაც
იდეალად თვლის. ამ ასაკში მას უკვე ესმის, რომ სხვადასხვა ადამიანები განსხვავებულად
გამოხატავენ თავს და გაგებით უყურებს სხვა ადამიანების ემოციურ მდგომარეობას.
ამ ასაკში ადგილი აქვს ემპატიის განვითარებას (ბერძ. – თანაგრძნობა). გამოყოფენ 2
სახის ემპატიას: ჰუმანურს და ეგოცენტრულს. ჰუმანური ემპატიის დროს ხდება სხვა
ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე რეაგირება (თანაგრძნობა, შეცოდება, გახარება).
ეგოცენტრული ემპატიის დროს სხვა ადამიანის წუხილი ან სიხარული, არის მხოლოდ
მიზეზი ისეთი ემოციების აღმოცენებისა, როგორიცაა - მოწყენილობა; შიში; სიხარული,
როცა სხვა შეწუხებულია; დარდი, როცა სხვა გახარებულია (შური).
უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვი იწყებს სხვების ემოციებისადმი ყურადღების
მიქცევას და მათ გაგებას. მას ესმის, რომ მაგალითად, სხვა ადამიანის დარდი (დედის ან
სხვა ბავშვის), ამ ადამიანის ნეგატიური განცდაა და არა მისთვის რაიმე დისკომფორტი.
თუკი სკოლამდელი ასაკი ამ კუთხით შეიძლება დავახასიათოთ როგორც ეგოცენტრული,
ეხლა ადგილი აქვს ალტრუიზმის განვითარებას.
უნდა აღინიშნოს, რომ უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვმა შეიძლება გამოავლინოს
თანაგრძნობა სხვისი ტკივილის დროს, დაიცვას მეგობარი და ა.შ., მაგრამ ამავე დროს,
მსგავს სიტუაციაში მან შეიძლება არ გამოავლინოს იგივე გრძნობები. მაგალითად,
დასცინის მეგობარს, არ უჩნდება თანაგრძნობის განცდა. ამის მიზეზია ის, რომ ბავშვის
მორალური განვითარება ამ ეტაპზე ჯერ არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული.

მორალური განვითარება.
19

უმცროსი სასკოლო ასაკი სენზიტიური პერიოდია ბავშვის მორალური


განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ადრეული
ბავშვობის პერიოდსაც, მაგრამ მორალური განვითარების ნორმები ძირითადად უმცროს
სასკოლო ასაკში ყალიბდება. ბავშვს ჯერ არ შეუძლია შეიმუშაოს თავისი საკუთარი
მორალი, ამიტომ ცდილობს გაარკვიოს, თუ როგორ უნდა მოიქცეს.
პედაგოგმა უნდა იცოდეს, რომ როცა ბავშვი ეცნობა ქცევის წესებს, ის მიიღებს მათ
მხოლოდ მაშინ, თუ ეს მისთვის ემოციურად მნიშვნელოვანი იქნება, როცა ის გრძნობს, რომ
ესა თუ ის წესი მნიშვნელოვანია.
უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვები კრიტიკულად აფასებენ სხვების მიერ წესების
დარღვევას, მათ საკუთარ ქცევას კი ჯერ კიდევ იმპულსები წარმართავს. ისინი არ
განიცდიან დისკომფორტს ქცევის წესების დარღვევისას და თავს ინუგეშებენ იმით, რომ “ეს
შემთხვევით გააკეთა”, “არ უნდოდა”, “მეტს აღარ გააკეთებს”.
5-6 წლის ბავშვი ქცევის ზნეობრივ მხარეზე მსჯელობს არა მოტივის გათვალიწინებით,
არამედ შედეგით. ამიტომ, ქვევა, რომელსაც საფუძვლად უდევს ზნეობრივი მოტივი
(მაგალითად, დედის დახმარება), მაგრამ მთავრდება ცუდად (თეფში გატყდა), ბავშვის მიერ
ფასდება, როგორც “ცუდი”. ამიტომ, პედაგოგმა არ უნდა შეაფასებინოს ბავშვის ქცევა
თანატოლებს.
უმცროსი სასკოლო ბავშვები ზნეობას განიხილავენ, როგორც რაღაც გარეგანს, მათგან
დამოუკიდებელს, რაღაცას, რაც მათ უნდა გააკეთონ, რადგანაც ასე ამბობენ უფროსები.
5-7 წლის ასაკის ბავშვი ემორჩილება წესებს, თუ საპასუხოდ პირადი მოთხოვნილება
დაუკმაყოფილდება.
7-10 წლის ბავშვის სურვილია, მოეწონოს სხვა ადამიანებს, ,,იყოს კარგი.” ქცევის ავ-
კარგიანობა ფასდება იმის იხედვით, რას იტყვიან მასზე სხვები. ბავშვი ცდილობს ისე
მოიქცეს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისგან შექება და მხარდაჭერა
დაიმსახუროს (მშობლები, მასწავლებლები, მეგობრები). იწყებს “კარგის” და „ცუდის“
შესახებ საკუთარი წარმოდგენების ფორმირებას. ცდილობს სხვების თვალში კარგი
გამოჩნდეს, იყოს “კარგი ბიჭი” ან “კარგი გოგო”. ამ ასაკში ბავშვისთვის განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია უფროსის მაგალითი.

მოტივაციური სფეროს განვითარება.

მოტივი ეს არის პიროვნების შინაგანი მიდრეკილება ამა თუ იმ აქტიობის მიმართ,


რომელიც დაკავშირებულია გარკვეული მოთხოვნილების დაკმაყოფილებასთან.
თუ ადრეულ ასაკში ბავშვის ყველა სურვილი ერთნაირი ძალისა და ინტენსივობის
იყო, ეხლა ბავშვს უკვე შეუძლია მოტივების მართვა, მისი მოტივები იძენს სხვადასხვა
ძალას და ინტესიობას. ჩნდება დომინანტური ინტერესები: ზოგ ბავშვთან ეს არის
პრესტიჟის მოთხოვნილება (საკუთარი ინტერესების, სურვილების, მოთხოვნილებების
დაკმაყოფილება), ზოგთან ალტრუისტული და ზოგთან - წარმატების მიღწევის
მოთხოვნილება. ამასთან დაკავშირებით იცვლება ბავშვის მოთხოვნები უფროსების
20

მიმართ. ისინი უფროსებისგან ითხოვენ არა მხოლოდ ყურადღებას და სიყვარულს, არამედ


გაგებას, თანადგომას და პატივისცემას.
უმცროს სასკოლო ასაკში სწავლის წამყვანი მოტივია - მაღალი შეფასების მიღება.
მაღალი შეფასება პატარა მოსწავლისთვის არის ემოციური კეთილდღეობის, სიამაყის
განცდის, საკუთარი ძალების რწმენის წყარო.
ამასთანავე ვხვდებით სწავლის სხვა მოტივებსაც.
შინაგანი მოტივები:
 შემეცნებითი მოტივი - ცოდნის მიღების სურვილი.
 სოციალური მოტივი - სურს, რომ იყოს განათლებული; მიაღწიოს წარმატებას,
პრესტიჟს; იყოს საზოგადოებისთვის სასარგებლო.
გარეგანი მოტივი - სწავლობს კარგად, იმისთვის, რომ მიიღოს არა ცოდნა, არამედ
ჯილდო (კარგი ნიშანი, მასწავლებლის შექება).
1-2 კლასში სწავლის გარეგანი მოტივებია დამახასიათებელი ( ნიშანი, შექება), მე-3
კლასიდან ფორმირდება შინაგანი მოტივები (ინტერესი, ინტელექტუალური აქტიობის
გამოვლენა, სირთულეების დაძლევა შემეცნების პროცესში). თუ 1 კლასში ბავშვი სწავლაში
მარცხს მიაწერს გარეშე ფაქტორებს, მე-3 კლასელი თვლის, რომ მარცხის მიზეზი შეიძლება
იყოს მისი პიროვნული მახასიათებლები. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ცოდნის შეფასება
აღიქმება ბავშვის მიერ, როგორც მისი პიროვნების შეფასება.
ამ ასაკში ყალიბდება ის პიროვნული თვისებები, რომლებიც შემდეგ, მოზარდობის
ასაკში გამოვლინდება. პირველ რიგში ეს არის მიღწევის მოტივაცია, რომელიც ვითარდება
უმცროს სასკოლო ასაკში და მოზარდობაში თავს იჩენს, როგორც პიროვნული
მახასიათებელი.
წარმატების მიღწევისთვის ბავშვები ხელმძღვანელობენ 2 მოტივით. ესაა: წარმატების
მიღწევის მოტივი და მარცხის თავიდან აცილების მოტივი.
დაწყებით კლასებში ხშირად დომინანტურია როგორც მიღწევის, ასევე მარცხის
თავიდან არიდების მოტივი. მაღალი შეფასების მქონე ბავშვებთან, ხშირად წამყვანია
მიღწევის მოტივი - კარგად შეასულონ დავალება, მიიღონ საჭირო შედეგი.
მარცხის თავიდან არიდების მოტივი - ბავშვები ცდილობენ თავი აარიდონ დაბალ
შეფასებას და მისგან გამომდინარე შედეგებს (მასწავლებლის საყვედური, მშობლის
სანქციები - ჩხუბი, სხვადასხვა სახის აკრძალვა).
პედაგოგმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს მოსწავლეში ადექვატური პრეტენზიის
დონის ჩამოყალიბებას. პრეტენზიის მაღალი დონე დამოკიდებულია, როგორც ბავშვის
სასწავლო და სხვა სახის აქტიობაზე, ასევე ბავშვის სტატუსზე კოლექტივში. ბავშვები,
რომელთაც აქვთ მაღალი ავტორიტეტი თანატოლებში, შეიძლება ქონდეთ ადექვატური
თვითშეფასება და პრეტენზიის მაღალი დონე. ადექვატური თვითშეფასების და შესატყვისი
პრეტენზიის დონის ფორმირებაში ჩამოყალიბებაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს
პედაგოგი, რომელიც უნდა დაეხმაროს თითოეულ ბავშვს საკუთარი უნარებისა და
შესაძლებლობების გაცნობიერებაში და საკუთარი ძალების რწმენის განვითარებაში.
უმცროს სასკოლო ასაკში მასწავლებლის შეფასებაზეა დამოკიდებული სწავლის
მოტივის ჩამოყალიბება. დაბალმა შეფასებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვში ნეგატიური
განცდები და სასკოლო დეზადაპტაცია. სასკოლო შეფასებაზეა დამოკიდებული ბავშვის
თვითშეფასებაც. ბავშვები ეყრდნობიან რა მასწავლებლის შეფასებას, თვლიან საკუთარ
21

თავს და თავის თანატოლებს - წარმატებულ, წარუმატებელ და საშუალო მოსწავლეებად და


მიაწარენ, თითოეულ ჯგუფს შესატყვის პიროვნულ მახასიათებლებს. ბავშვის ცოდნის
შეფასება განიხილება, როგორც ბავშვის პიროვნების შეფასება და განსაზღვრავს, მის
სოციალურ სტატუსს. სწავლაში წარმატებულ ბავშვებს უყალიბდებათ დადებითი
თვითშეფასება, ხოლო დაბალი შეფასების მქონე ბავშვებს კი ნეგატიური.
პიროვნების სრულყოფილი განვითარებისთვის აუცილებელია კომპეტენტურობის
გრძნობის ჩამოყალიბება, რომელსაც ე. ერიქსონი მიიჩნევდა უმცროსი სასკოლო ასაკის
ბავშვის მთავარ შენაძენად. სწავლა არის უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის ძირითადი
საქმიანობა და თუ, ბავშვი აქ თავს თვლის არაკომპეტენტურად, მისი პიროვნული
განვითარება მნიშვნელოვნად ზიანდება.

უმცროსი სასკოლო ასაკის პოზიტიური ცვლილებები.

 შემეცნებითი აქტიობა, გამჭრიახობა.


 მდიდარი ფანტაზია, შემოქმედებითობა.
 ცნობისმოყვარეობა.
 ბავშვი ეუფლება წერას და კითხვას, ვითარდება შინაგანი მეტყველაბა.
 კარგი დაკვირვების უნარი.
 გულჩვილია და მოწყვლადი.
 დამოუკიდებლობის ზრდა.
 ურთიერთობის წესებისა და ნორმების დაუფლება.
 მასწავლებელი ხელშეუხებელი ავტორიტეტია.
 გახსნილია და მიმდობი.
 ახალი სოციალური როლების დაუფლება.
 საკუთარი თავის მართვის პირველი გამოცდილება (“მინდა”-”უნდა”).
 პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება.

უმცროსი სასკოლო ასაკის ნეგატიური გამოვლინებები.

 გარეგანი ატრიბუტებისადმი მაღალი ინტერესი, მათი საშუალებით თავის


გამოჩენის სურვილი (ყველაზე კარგი ჩანთა, ყველაზე კარგი კალამი და ა.შ.).
 არ არის ჩამოყალიბებული შემეცნებითი (ცოდნის მიღების სურვილი) სასწავლო
მოტივაცია.
 სასწავლო საქმიანობის “შეფასების” არასწორი გაგება.
 სხვა ადამიანებისადმი არაკრიტიკული დამოკიდებულება.
 შემეცნებითი პროცესების სისუსტე და იმპულსურობა.
 თვალსაჩინო-ხატოვანი ყურადღების დომინირება, ვერბალურ ყურადღებაზე.
 ცუდად ხედავს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს.
 წინააღმდეგობრივი და არა მდგრადი ხასიათი.
 სუსტად განვითარებული ნებისყოფა.
 თვითშეფასების სირთულეები.
22

 ყურადღების გადახრადობა.
 პოზირება.
 მაღალი კონფლიქტურობა.
 სწავლის დაბალი აქტიობა.

ინტელექტი

ინტელექტი არის ერთ–ერთი, იმ მნიშვნელოვან საკითხებს შორის, რომლებიც


ფსიქოლოგიის შესწავლის აქტუალურ საგანს წარმოადგენს. მის დიდ მნიშვნელობაზე ისიც
მიუთითებს, რომ მისი შესწავლით არაერთი ფსიქოლოგია დაინტერესებული. ისინი
განსხვავებულ ხედვას გვთავაზობენ ინტელექტის რაობისა, თუ იმ არსებითი საკითხების
შესახებ, რომლებიც ინტელექტანაა დაკავშირებული.
ინტელექტის შესწავლისას ვდგებით გარკვეული სირთულეების წინაშეც, რაც
განპირობებულია იმით, რომ არ არსებობს ინტელექტის საყოველთაოდ აღიარებული
დეფინიცია. ფსიქოლოგები ცდილობენ პასუხი გასცენ შემდეგ კითხვებს:
 რა არის ინტელექტი?
 როგორ შეგვიძლია ინტელექტის გაზომვა/ შეფასება ?
 რა ფაქტორები ახდენს ინტელექტზე გავლენას?
 შესაძლებელია თუ არ ინტელექტის ამაღლება/განვითარება?

ინტელექტის დეფინიცია

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, არ არსებობს ინტელექტის საყოველთაოდ მიღებული


დეფინიცია. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული ფსიქოლოგიაში ინტელექტის
მრავალ სხვადასხვა განმარტებას შევხვდებით.
ინტელექტის პირველი ტესტის ავტორების ბინეს და სიმონის მიხედვით, ეს არის
ადამიანის უნარი ადეკვატურად შეაფასოს და მოერგოს გარემოს მოთხოვნებს, ასევე
თვითკრიტიკის უნარი.
გერმანელი ფსიქოლოგის უილიამ შტერნის მიხედვით, ინტელექტი ეს არის
პიროვნების უნარი, ცნობიერად მიმართოს საკუთარი აზროვნება ახალი სიტუაციებისკენ და
წარმატებით გაართვას თავი მის მოთხოვნებს .
თუ შევაჯამებთ არსებულ დეფინიციებს, ინტელექტი ეს არის ადამიანის გონებრივი
უნარი, რომელიც მოიცავს:
 ლოგიკური მსჯელობის და დასკვნების გამოტანის;
 დაგეგმვის;
 პრობლემის გადაჭრის;
23

 აბსტრაქტული აზროვნების;
 კომპლექსური იდეების გაგების;
 სწრაფად დასწავლისა და გამოცდილებით სწავლის უნარებს.

ფსიქოლოგთა უმრავლესობა ეთანხმება ინტელექტს შემდეგ მახასიათებლებს:


 ინტელექტი არის ცოდნის დაუფლების ანუ სწავლის უნარი. ადამიანებს,
რომლებსაც მაღალი ინტელექტი აქვთ, უფრო ადვილად და სწრაფად ითვისებენ ახალ
ინფორმაციას, სწავლობენ ახალი ამოცანების შესრულებას, ვიდრე ის ადამიანები, რომლებსაც
შედარებით დაბალი ინტელექტი აქვთ.
 ინტელექტი არის ადრე შეძენილი ცოდნის და გამოცდილების ახალ სიტუაციაში
გამოყენების უნარი. ინტელექტის საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ გაანალიზონ და
გაიგონ ახალი მოვლენები და სიტუაციები.
 ინტელექტს გააჩნია ადაპტაციური ფუნქცია. ინტელექტის საშულებით,
ადამიანებს შეუძლიათ რეაგირება მოახდინონ ახალ მოვლენებსა და სიტუაციებზე და
გადაჭრან სხვადასხვა სახის პრობლემები.

სპირმენის მოდელი. ინტელექტი წარმოადგენს გონებრივი ენერგიის ზოგად ფაქტორს.


ნებისმიერი ინტელექტუალური საქმიანობის წარმატება დამოკიდებულია გარკვეულ
ზოგად ფაქტორზე, უნარზე. შესაბამისად, მან გამოყო ინტელექტის ზოგადი ფაქტორი (G
ფაქტორი) და S ფაქტორი, რომელიც სპეციფიკური უნარების მაჩვენებელია. სპირმენის
აზრით, ნებისმიერი ადამიანი ხასიათდება ინტელექტის გარკვეული დონით, რაზეც
დამოკიდებულია ის, თუ როგორ ადაპტირდება ადამიანი გარემოსთან. ამას გარდა, ყველა
ადამიანს აქვს სხვადასხვა ხარისხით განვითარებული სპეციფიკური უნარები, რომლებიც
კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტისას ვლინდება.
სპირმენი პირველი იყო მათ შორის, ვინც განახორციელა უნარების სტრუქტურის
ემპირიული კვლევა. ამ მიზნით შეიმუშავა ფაქტორული ანალიზის ტექნიკა. შექმნა
რამოდენიმე ტესტი, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იყო ბავშვების გონებრივი
უნარების შეფასება. ტესტი აფასებდა ლექსიკურ მარაგს, მათემატიკურ უნარებს, რთული
ინსტრუქციით ხელმძღვანელობის უნარს, ვიზუალური ხატების ფორმირების პროცესს და
სხვა.
როგორ ავღნიშნეთ, სპირმენმა გამოავლინა მხოლოდ ერთი ფაქტორი, რომელსაც
უწოდა ფაქტორი (ანუ ზოგადი უნარების ფაქტორი). ამის საფუძველზე მან გააკეთა შემდეგი
დასკვნა, თუ ბავშვი საშუალოზე მაღალ დონეზე ასრულებს ერთ-ერთ ტესტს, დიდი
ალბათობაა იმისა, რომ დანარჩენ დავალებებსაც საშუალოზე მაღალ დონეზე შეასრულებს.
ასეთი რამ მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ დავუშვებთ, რომ არსებობს ერთგვარი
ბაზისური ,,გონებრივი უნარი’’, რომელიც განაპირობებს წარმატებას ყველა სფეროში.

გილფორდის მოდელი. გილფორდი უარყოფდა ზოგადი ინტელექტის არსებობას. ის


მიიჩნევდა, რომ უნარები ერთმანეთის პარალელურად არსებობს და საჭიროა მათი
დამოიკიდებლად განვითარება. მან გამოყო ინტელექტის 3 პარამეტრი: შინაარსი, ოპერაცია
და შედეგი.
24

შინაარსი ეს არის ინფორმაციის ტიპი, რაზეც მუშაობს ინტელექტი. მან გამოყო


შინაარსის ოთხი კომპონენტი: ხატოვანი, სიმბოლური, სემანტიკური და ქცევითი.
 ხატოვანი შინაარსია გრძნობის ორგანოებიდან შემოსული ინფორმაცია.
უნარები, რომელიც დაკავშირებულია ხატოვან შინაარსთან ესაჭიროება -
მხატვარს, დიზაინერს, არქიტექტორს, მოცეკვავეს, მძღოლს, მზარეულს,
პარფიურმერს, სპორცმენს და ა.შ.
 სიმბოლურ შინაარსთან დაკავშირებული უნარები ჭირდება - მათემატიკოს,
ფიზიკოს, ქიმიკოს, პროგრამისტს.
 სემანტიკურ შინაარსთან დაკავშირებული უნარები ჭირდება - ჰუმანიტარული
პროფესიის ადამიანებს.
 ქცევითი კომპონენტი განაპირობებს სხვა ადამიანის ქცევის, აზრების,
მოტივების, გრძნობების გაგებას.

მეორე პარამეტრია - ოპერაციები, რომელიც გულისხმობს ზოგად სააზროვნო ოპერაცი-


ებს. ოპერაციებში შედის: მეხსიერება, შემეცნება, კონვერგენტული და დივერგენტული
აზროვნება და შეფასება.
მეხსიერება ეს არის ინფორმაციის შენახვის უნარი, ხოლო შემეცნება კი - ინფორმაციის
მოძიების უნარი.
კონვერგენტული აზროვნების საფუძველზე ხდება პრობლემის სწრფად გადაჭრა, ერთი
სწორი პასუხის მიღებით, ხოლო დივერგენტული აზროვნების შემთხვევაში კი მრავალი
პასუხი შეიძლება არსებობდეს. დივერგენტულ აზროვნებას ჭირდება: სისწრაფე,
მოქნილობა, ორიგინალობა და დეტალების დამუშავების სისწრაფე.
შეფასება საჭიროა ყოველდღიურ სიტუაციაში და სამწუხაროდ ამას სკოლაში არ
ასწავლიან. შეფასება საჭიროა მაშინ, როცა ადამიანი იმყოფება გაურკვეველ სიტუაციაში. მან
უნდა შეაფასოს სიტუაცია და მიიღოს გადაწყვეტილება.
გილფორდი მოსაზრების თანახმად, თუ ადამიანს აქვს მაგალითად, კარგი მეხსიერება,
შეიძლება არ ჰქონდეს კარგი კონვერგენტული აზროვნება; ხოლო ადამიანს, რომელსაც აქვს
კარგი კონვერგენტული აზროვნება, შეიძლება ჰქონდეს ცუდი შემოქმედებითი
(დივერგენტული) აზროვნება.
მასწავლებლები ხშირად ცდებიან თავისი მოსწავლეების შეფასებაში, როცა მათ
აგზავნიან ოლიმპიადებზე. ის ვინც კარგად მუშაობს სკოლის პირობებში, ხშირად
წარუმატებელია ოლიმპიადაზე; ხოლო ”ნაკლები” ცოდნის მქონე მოსწავლეები,
ბრწყინვალედ ხსნიან არასტანდარტულ ამოცანებს. მაგალითად, ასეთი ”ოროსნები” იყვნენ
ნიუტონი და აინშტეინი.
მესამე პარამეტრია - შედეგი (პროდუქტი). შინაარსის 4 კატეგორიისა და ოპერაციის 5
კატეგორიის სხვადასხვაგვარად გადაკვეთის შედეგად, მიიღება სხვადასხვა შედეგი.
პროდუქტში (შედეგში) შედის: ერთეული, კლასი, მიმართება, სისტემა, ტრანსფორმაცია და
იმპლიკაცია.
 ერთეული - ადამიანს, რომელსაც კარგად აქვს განვითარებული ერთეულებთან
მუშაობის უნარი, კარგად მუშაობენ ცალკეულ დეტალებზე. ისინი კარგად
იმახსოვრებენ კონკრეტულ ინფორმაციას (ტელეფონის ნომერი, სახელი და ა.შ.),
რომელიც არ არის დაკავშირებული სხვა ინფორმაციასთან და შესაძლოა, ცუდად
25

დაიმახსოვრონ რთული ინფორმაცია. ადამიანი, რომელიც კარგად იმახსოვრებს


რთულ ინფორმაციას, შეიძლება უჭირდეს ცალკეული ერთეული ინფორმაციის
დამახსოვრება. მაგალითად, სახელი, გვარი, სახლის ნომერი და ა.შ.
 კლასი - ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი კლასებთან მუშაობის, კარგად ხედავს
მსგავსებას და განსხვავებას ობიექტებს შორის. ბავშვებს, რომლებსაც არ უნვითა-
რებენ ამ უნარს, აქვთ სკოლაში სწავლის პრობლემები.
 მიმართება - ადამიანს კარგად ესმის ობიექტებს შორის კავშირი და მიმართებები.
ეს უნარი ”კარგია” მაღალი სააზროვნო უნარების ფორმირებისთვის.
 სისტემები - ეს არის სხვადასხვა ნაწილების ერთ მთელში გაერთიანების უნარი,
რომელიც აუცილებლად ჭირდებათ არქიტექტორებს, მეცნიერებს, ხელმძღვანე-
ლებს. ყურადღება მიაქციეთ! - გილფორდის თანახმად, თუ ადამიანს კარგად
ესმის ფიზიკური სისტემა, შეიძლება იყოს ცუდი ხელმძღვანელი, ვინაიდან, ეს
არის სხვა (ქცევითი) სფერო.
 ტრანსფორმაცია - ეს არის ცვლილება, გარდაქმნა. ეს უნარი კარგად აქვთ
განვითარებული გამოჩენილ მეცნიერებს, გამომგონებლებს, მწერლებს,
მსახიობებს და ა.შ. ეს არის უნარი დაინახო მოვლენა ახალი კუთხით.
ტრანსფორმაციის და დივერგენტული აზროვნების უნარი დამახასითებელია
შემომქმედი ადამიანებისათვის.
 იმპლიკაცია - არსებული ინფორმაციის საფუძველზე მომავლის განჭვრეტის
უნარი. ამ უანრის მქონე ადამიანები კარგად ხედავენ სიტუაციის შესაძლო
შედეგს.

შინაარსის, ოპერაციისა და შედეგის კომპონენტების კომბინაციის შედეგად


ვღებულობთ უნარების მრავალფეროვნებას. გილფორდი ადასტურებდა 100-ზე მეტი
ცალკეული უნარის არსებობას.

რ. სტერნბერგმა შემოგვთავაზა, ინტელექტის იერარქიული (სამკომპონენტიანი)


მოდელი. სტენბერგი მიიჩნევს, რომ არსებობს ინტელექტის 3 სახე/ასპექტი.
პირველი - ანალიტიკური ინტელექტი (თავდაპირველად ეწოდებოდა კომპონენტური
ინტელექტი), რომელიც იზომება IQ ტესტებით. ანალიტიკური უნარებია: დაგეგმვა,
ორგანიზაცია, ფაქტების დამახსოვრება, ანალიზი, პრობლემის გადაწყვეტის პროცესის
მონიტორინგი.
მეორე - კრიატიული ინტელექტი (თავდაპირველად ეწოდებოდა, ემპირიულო
ინტელექტი). ადამიანი, რომელსაც კარგად აქვს განვითარებული კრიატიული ინტელექტი
”ხედავს” მოვლენებს/ობიექტებს შორის ახალ კავშირებს და შეუძლია ჩაწვდეს მოვლენის
არსს.
მესამე - პრაქტიკული ინტელექტი (თავდაპირველად ეწოდებოდა, კონტექსტუალური
ინტელექტი). სწორედ ინტელექტის ამ სახეს ვუწოდებთ ადამიანის ”პრაქტიკულობას”. ის
ადამიანი, რომელსაც ეს უნარი გააჩნია, შეუძლია იპოვოს ცოდნის გამოყენების ”ხერხები”
რეალურ ცხოვრებაში ან იპოვოს კონკრეტული ამოცანის პრაქტიკული გადაწყვეტა.
პრაქტიკული ინტელექტი შეიძლება შეიცავდეს ასევე, სოციალური სიგნალების და
26

სოციალური სიტუაციის ”განჭვრეტის” უნარს. მაგალითად, თუ უფროსი ცუდ ხასიათზეა,


ჯობია თავი აარიდო მასთან საუბარს.
სტენბერგის ძირითადი იდეა მდგომარეობს არა მხოლოდ იმაში, რომ IQ ტესტები არ
ზომავს სამივე სახის ინტელექტს; არამედ, ასევე იმაში, რომ სკოლის გარეთ ბავშვებს ჭირდე-
ბათ კრიატიული და პრაქტიკული ინტელექტიც, რომლის სწავლასაც სკოლაში ნაკლები
ყურადღება ექცევა.
ჰ. გარდნერმა შემოგვთავაზა ”მრავალმხრივი ინტელექტის თეორია”. იგი თვლის, რომ
ადამიანს აქვს, სულ მცირე, რვა სახის ინტელექტი: ლოგიკურ–მათემატიკური,
ლინგვისტური, ნატურალისტური, მუსიკალური, სივრცული, სხეულებრივ–
კინესთეტიკური, ინტერპერსონალური და ინტრაპერსონალური. გარდნერი მრავალმხრივი
ინტელექტის დამადასტურებელ საბუთებს გვთავაზობს. მაგალითად, ზოგი ადამიანი
განსაკუთრებულად არის დახელოვნებული ერთ რომელიმე დარგში (მაგალითად,
მუსიკაში), მაგრამ სხვა დარგებში საშუალო უნარს ამჟღავნებს. ასევე, ტვინის სხვადასხვა
დაზიანების მიღებისას, ადამიანი ზოგჯერ მხოლოდ ერთი ტიპის ინტელექტთან
დაკავშირებულ უნარს კარგავს.

რ. კეტელმა განასხვავა 2 სახის ინტელექტი: კრისტალური ინტელექტი, რომელიც


გულისხმობს, პიროვნების უკვე შეძენილ ცოდნასა და ამ ცოდნის შესაბამისად გამოყენებისა
და განვითარების უნარს და ფლუიდური ინტელექტი, რომელიც გულისმობს ახალი ცოდნის
შეძენის, ინდუქციური მსჯელობის, მიმართებების დამყარების და ახალი დაბრკოლებებისა
და პრობლემების დაძლევის უნარს.

ინტელექტის გაზომვა/შეფასება

ალფრედ ბინეს მიაჩნდა, რომ ინტელექტი რაოდენობრივად უნდა გაიზომოს და ერთი


ქულით შეფასდეს. მან, მე–20 საუკუნის დასაწყისში, საფრანგეთში, დაიწყო ინტელექტის
სტანდარტიზებული გაზომვა. შეიმუშავა ინტელექტის ტესტი იმისათვის, რომ შეძლებოდა
სკოლაში გონებრივი შეფერხების მქონე მოსწავლეების კლასიფიკაცია და ნორმალური
მოსწავლეებისაგან მათი განსხვავება. ტესტი შექმნეს სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებისთვის,
ასაკზე ორიენტირებული ამოცანების შემუშავებით, რომლებიც შემდეგ გამოსცადეს
თითოეული ასაკობრივი ჯგუფის ნორმალურ ბავშვებზე და დაადგინეს თითოეული
ასაკისათვის ტიპური საშუალო ქულა. სწორედ, ასეთ საშუალო ქულასთან ხდებოდა
თითოეული ბავშვის ქულების შედარება, რაც იძლეოდა მისი გონებრივი ასაკის დადგენის
საშუალებას.
ინტელექტის გაზომვის, ბინეს მიერ შემუშავებული, მეთოდით დაინტერესდა ლ. ტე-
რმენი, რომელმაც მოგვიანებით ბინეს ტესტის რევიზირება მოახდინა და ახლა ცნობილია,
როგორც სტენფორდ–ბინეს ინტელექტის სკალა, რომლითაც შეიძლება ინტელექტის
კოეფიციენტის ( IQ ) გამოთვლა.
მეორე ასეთივე გამოყენებადი ტესტია - ვექსლერის ინტელექტის სკალა, რომელიც,
შედგება 6 ვერბალური და 5 არავერბალური სუბტესტისაგან. ამდენად, შეგვიძლია ამ ტესტის
საშუალებით ვიპოვოთ სამი სახის ქულა: ვერბალური IQ , არავერბალური IQ და მთლიანი
( სრული სკალის ) IQ .
27

ფსიქოლოგები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ინტელექტი არის არა ერთი, არამედ


რამდენიმე უნარის ერთობლიობა, მის შესაფასებლად იყენებდნენ ფაქტორულ ანალიზს – ეს
არის სტატისტიკური პროცედურა, რომელიც ცვლადთა უფრო დიდი ერთობლიობის
შიგნით, ახდენს ფაქტორთა უფრო ნაკლები რაოდენობის იდენტიფიცირებას. მისი მიზანია,
დაადგინოს საკვლევი კონცეფციის ძირითადი ფსიქოლოგიური პარამეტრები.
ასევე ფსიქომეტრულ მიდგომასთან ერთად, ყურადღებას ამახვილებენ ინფორმაციულ
გადამუშავებაზე. ამ შემთხვევაში ეძებენ კავშირს ინტელექტის ტესტში მიღებულ შედეგსა და
ინფორმაციის გადამუშავების ასპექტებს შორის. ამ ხედვას იზიარებენ რ. სტერნბერგი და ჰ.
გარდნერი.
რაც შეეხება ემოციურ ინტელექტს ( EQ ), მის შესაფასებლად გამოიყენება სკალები,
რომლებიც მოიცავს მისი შემადგენელი კომპონენტების – ემოციის გამოხატვის, ემოციების
გაგების, კოგნიტურ პროცესებში ემოციების ჩართვის, ემოციების რეგულირების უნარების –
შესაბამის ტესტურ ნიმუშებს.
განვითარების ფსიქოლოგიისათვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ
შეიძლება ინტელექტის შეფასება ჩვილებში. ამ მხრივ, ეს ასაკი განსაკუთრებული
სირთულით გამოირჩევა, რადგან პატარები ვერც მიწოდებულ ინსტრუქციას შეასრულებენ
და ვერც კითხვებზე უპასუხებენ. ამასთანავე, ისინი ტესტირებისას გაფანტულები და
გულგრილები ხდებიან. ამდენად, მათი ქცევის შესახებ, ტესტების გარკვეული ნაწილი მათი
მშობლებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობითაა შემუშავებული.
ჩვილების ინტელექტის შესაფასებელი ტესტები, ძირითადად, სენსო–მოტორული
ხასიათისაა ( ემსახურება აღქმისა და მოტორული რეაქციების შეფასებას). მაგალითად,
1თვიდან –3,5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის გამოიყენება ბეილის ჩვილთა განვითარების
სკალა, რომელიც შეეხება პრობლემის გადაჭრის საკითხს და მოიცავს მენტალურისა
(მაგალითად, დავარდნილი საგნის მოძებნა, რაიმე სმენით გამღიზიანებლისაკენ მიბრუნება
და სხვ.) და მოტორული ( ჯდომა, ხტუნვა და სხვა) უნარების შესაფასებელ სკალებს.
ჩვილებისთვის განკუთვნილი ტესტები არ არის სრულყოფილი, რადგან მათში შემავალი
დავალებები არ გამოირჩევა მრავალფეროვნებით. ამავე დროს, ისინი კარგად ვერ
წინასწარმეტყველებენ იმას, თუ როგორი იქნება მომავალში ბავშვის გონებრივი
შესაძლებლობები (თუმცა, ამ ტესტის ბოლო ვერსია უკეთ იძლევა ამის საშუალებას).
მიუხედავად ამ ნაკლოვანებებისა, ამ ტესტებს მაინც იყენებენ „ფილტრაციის“ მიზნით,
განვითარებაში გარკვეული შეფერხების მქონე ბავშვების გამოსავლენად, რათა შემდგომში
მოახდინონ მათზე საჭირო რეაგირება.

რა ახდნეს ინტელექტზე გავლენას: მემკვიდრეობა თუ გარემო?

ინტელექტზე საუბრისას, ყოველთვის დგება საკითხი იმის შესახებ, თუ რა ფაქტორები


ახდენს ინტელექტზე გავლენას და რა განაპირობებს ინდივიდების IQ – კოეფიციენტებს
შორის განსხვავებას?
მკვლევართა გარკვეული ნაწილი, ცალსახად, აღიარებს მემკვიდრეობის წამყვან როლს
მაშინ, როცა სხვებისათვის გარემოსა, თუ აღზრდას ენიჭება უპირატესობა. თუმცა, არსებობენ
ისეთებიც, რომლებიც ნათლად ხედავენ ორივე მათგანის აუცილებლობასა და აფასებენ
28

როგორც მემკვიდრეობის, ასევე გარემოს მიერ, ინტელექტის განვითარებასა თუ გარდაქმნაში,


შეტანილ წვლილს.
იმის დასადგენად, თუ რა ხარისხით განსაზღვრავს ინტელექტს რომელიმე მათგანი,
საჭიროა ერთმანეთისაგან განვასხვაოთ თითოეული მათგანის -– საერთო გენებისა და
საერთო გარემო პირობების გავლენა. ამის დასადგენად, მკვლევართათვის ერთ–ერთი
ყველაზე გამოცდილი ხერხია ტყუპების (მონოზიგოტურისა და დიზიგოტურის),
სიბლინგების (sibs, ინგ. - და-ძმა, ერთი მშობლების შვილები) და ერთ ოჯახში მცხოვრები
არასიბლინგების ინტელექტის კოეფიციენტების შედარება. ასევე, იკვლევენ განცალკევებით
გაზრდილ ტყუპებს (მონოზიგოტურსა და დიზიგოტურს) და სიბლინგებს.
ასეთი ტიპის კვლევებმა აჩვენეს გენეტიკის მნიშვნელოვანი როლი. როგორც აღმოჩნდა,
რაც უფრო მეტი იყო გენეტიკური კავშირი ბავშვებს შორის, მით მეტი იყო მათი ინტელექტის
კოეფიციენტებს შორის მსგავსება. მაგალითად, იდენტური ტყუპების IQ–კოეფიციენტებს
შორის უფრო მეტი იყო კორელაცია, ვიდრე არაიდენტურებში. მათთან შედარებით, კიდევ
უფრო ნაკლებად კორელირებდა სიბლინგების ქულები და მათზე ნაკლებად, არასიბლინგი
და–ძმების მონაცემები.
ამავდროულად, გარდა გენეტიკისა, კვლევამ ნათლად გამოავლინა, გარემოს
მნიშვნელოვანი როლიც. ინტელექტის ქულებს შორის უფრო მაღალ კორელაციას ჰქონდა
ადგილი, თუ სიბლინგები/ტყუპები საერთო გარემოში იზრდებოდნენ.
იმ მრავალ გარემო ფაქტორს შორის, რომლებთანაც ადამიანს ყოველდღიურად უხდება
ურთიერთობა და რომლებიც, მეტნაკლები ინტენსივობით, ზემოქმედებენ IQ–ზე,
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი. სოციალურად
როგორც დაბალმა, ასევე მაღალმა კლასმა, ბავშვის ინტელექტუალურ ფუნქციონირებაზე,
დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ
გარკვეული დონის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა ჯანმრთელობისა და
განათლების შესაბამის პირობებს უზრუნველყოფს.
IQ-ზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ე.წ. სოციალური დაღი, რომელსაც
სიდუხჭირეში მცხოვრები ბავშვები ატარებენ. ასეთმა დაღმა შეიძლება ბავშვებს შეუმციროს
თვითრწმენა, რაც, თავის მხრივ ნეგატიურად მოქმედებს IQ-ს ქულებზე.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარა, დასმული საკითხის – „მემკვიდრეობა
თუ გარემო? “ – გადაწყვეტას, მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როცა მასში „თუ“ კავშირს
შევცვლით „და“–კავშირით.
ამდენად, მართალია, გენეტიკა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინტელექტზე, ის
აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა იმ განსხვავებების ასახსნელად, რომლებიც
ინდივიდებს შორის არსებობს. ამდენად, საჭიროა იმ გარემო პირობების გათვალისწინებაც,
რომლებიც, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ინტელექტუალურ საქმიანობაში
ინდივიდთა წარმატება/წარუმატებლობას.

ინტელექტის განვითარება

შესაძლებელია თუ არა ინდივიდის ინტელექტუალური მონაცემების განვითარება?


თუ ინტელექტზე, როგორც მხოლოდ მემკვიდრეობით განპირობებულზე, უარს
ვიტყვით, ვიტოვებთ იმედს, რომ შესაბამისი გარემო პირობების შექმნით იმ ბავშვებისათვის,
29

რომლებსაც, სწორედ, ასეთი პირობების დეფიციტის გამო, შეფერხებული აქვთ


ინტელექტუალური განვითარება, შევძლებთ, მათი ინტელექტის ამაღლებას.
ფსიქოლოგებმა, ბავშვები-მშობლების ურთიერთობაში დაადგინეს, სულ მცირე 5
მახასიათებელი, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას. ესაა:
 საინტერესო და მრავალფეროვანი ფიზიკური გარემო, მათ შორის სათამაშოები,
რომელიც შეესატყვისება ბავშვის განვითარების დონეს და ასაკს.
 ყურადღება და ემოციური დამოკიდებულება.
 ხშირად ესაუბრებიან ბავშვებს.
 ბავშვთან თამაშისას ან სწავლებისას, მოქმედებენ ბავშვის ”უახოვესი
განვითარების ზონაში” (ვიგოტსკი).
 არ იყენებენ გადაჭარბებულ შეზღუდვებს, კონტროლს. მშობლები სვამენ
კითხვებს და არა ბრძანებეს.
 მშობლები ელიან ბავშვებისგან წარმატებებს და განვითარებას.

მნიშვნელოვანია ისიც, თუ როდის იწყება ბავშვის ინტელექტუალურ განვითრებაზე


ზრუნვა. როგორც მოსალოდნელი იყო, აღმოჩნდა, რომ ადრეულ ინტერვენციას გაცილებით
მეტი ეფექტი აქვს. ერთ-ერთ კვლევაში, როცა 3 კვირიდან – 3 თვემდე ასაკის, ღარიბი
ოჯახების ბავშვებთან დაიწყეს მათ განვითარებაზე ზრუნვა, 12 თვისათვის მათ უკვე
აღენიშნებოდათ ინტელექტის კოეფიციენტის ზრდა. ხოლო, ბავშვებთან, რომლებთანაც,
უფრო მოგვიანებით (4 – 7 წლის ასაკში) დაიწყეს ინტელექტუალურ განვითარებაზე ზრუნვა,
არ ჰქონდა IQ – ქულების ზრდას ადგილი. ე.ი მნიშვნელოვანია ბავშვის ინტელექტუალურ
განვითარებაზე ზრუნვა დაიწყოს ადრეული ასაკიდან.

სწავლის სირთულეები

ზოგი ბავშვი, რომელსაც აქვს ნორმალური IQ-ს მაჩვენებლები, განიცდის სირთულეებს


სწავლისას. ჩვეულებრივ ამ პრობლემას უწოდებენ სწავლის უუნარობას. სწავლის უნარის
დარღვევის მრავალი განსხვავებული ფორმა არსებობს. დარღვევათა სპექტრი იმდენად
ფართოა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მოიძებნოს სწავლის უნარის დარღვევის მქონე
ორი ერთნაირი ბავშვი. ის შესაძლოა მთელი ცხოვრება ჰქონდეს ადამიანს და მოიცავდეს
ფართო სფეროს, ხოლო შესაძლოა წარმოადგენდეს იზოლირებულ პრობლემას.
გამოყოფენ სწავლის სირთულეების მქონე ბავშვების 2 ჯგუფს. პირველ ჯგუფს
მიეკუთვნებიან - ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიობის სინდრომის (ADHD) მქონე
ბავშვები, ხოლო მეორე ჯგუფს - დისლექსიის, დისგრაფიის და დისკალკულიის მქონე
ბავშვები.

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი


30

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიობის სინდრომი (Attention Deficit


Hyperactivity Disorder) ბავშვებში გავრცელებულ ნეირობიოლოგიურ და ქცევით დარღევევას
წარმოადგენს (მოზარდობას და მოზრდილობის ასაკშიც გადადის). ამ სინდრომის მქონე
ბავშვებისთვის ზოგადად დამახასიათებელია - უყურადღებობა, იმპულსურობა და
ჰიპერაქტიურობა. სინდრომის გამომწვევი ზუსტი მიზეზი არ არის დადგენილი, თუმცა
მიიჩნევენ, რომ - გენეტიკა, პრენატალურ პერიოდში ნაყოფზე მოქმედი რისკ-ფაქტორები,
ასფიქსია და მცირე წონა დაბადებისას, გავლენას ახდენს აღნიშნული სინდრომის
ჩამოყალიბებაზე.
ტვინის ფრონტალური ნაწილი გვაძლევს საშუალებას გადავჭრათ პრობლემები,
დავგეგმოთ მოქმედება და შევაკავოთ იმპულსები. სწორედ ამიტომ, ADHD სინდრომის
შეფასებისას, მეცნიერები შეისწავლიან ტვინის ფრონტალური წილების ფუნქციონირებას.
ADHD-ის სინდრომში ერთიანდება ინდივიდების ორი ჯგუფი:
1) ყურადღების დეფიციტით, ჰიპერაქტივობის გარეშე.
2) ყურადღების დეფიციტით, იმპულსურობითა და ჰიპეაქტივობით.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე ჯგუფის ბავშვების დიაგნოზი ერთი სინდრომით
აღიწერება, მათ შორის მნიშვნელოვანი კლინიკური განსხვავებები არსებობს. პირველ
ჯგუფში გაერთიანებული ბავშვები ხასითდებიან, როგორც უფრო აპათიური, მეოცნებე,
ინერტული, მოდუნებული, ზანტი და მორცხვი ბავშვები, აქვთ სწავლის პრობლემები.
მეორე ჯგუფში გაერთიანებული ბავშვები ხასიათდებიან იმპულსურობით და
ძლიერი აქტიურობით, მოუსვენრობით. ხშირად ახასიათებთ აგრესიული ქცევა და
ქცევასთან დაკავშირებული სხვა სახის პრობლემები.
ADHD-ის სინდრომის სიმპტომების მქონე ბავშვი, სამი წლის ასაკიდან უკვე რთული
სამართავია. მათ ხშირად ეცვლებათ გუნება-განწყობილება, უჭირთ ტუალეტის ჩვევების
ათვისება. ბავშვის სკოლაში შესვლამდე მშობლებს ეს სიმპტომები ხშირ შემთხვევაში
შეუმჩნეველი რჩებათ, რადგან პრობლემები მთელი სიმძაფრით სწორედ სწავლის
დაწყებისას იჩენს თავს.
ADHD სინდრომი ბიჭებში უფრო ხშირია, ვიდრე გოგონები.

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიობის შეფასების კრიტერიუმები:

ქვემოთ ჩამოთვლილი 6 ან მეტი სიმპტომი უნდა ვლინდებოდეს 6 თვის განმავლობაში


იმ ხარისხით, რომ ბავშვს ხელს უშლიდეს გარემოსთან ადაპტაციაში.

უყურადღებობა:
 უჭირს ერთ საკითხზე ყურადღების კონცენტრირება და მალე გადადის ერთი
საქმიანობიდან მეორეზე.
 უჭირს რუტინული სამუშაოს შესრულება.
 ხშირად არის გაფანტული. რჩება შთაბეჭდილება, რომ არ გისმენს, როცა მას
მიმართავ.
 ხშირად კარგავს ნივთებს.
 ერთდროულად იწყებს რამოდენიმე აქტიობას და ვერ ასრულებს ბოლომდე.
 უჭირს დავალების ბოლომდე შესრულება.
31

 არ მოსწონს დავალებები, რომელიც ფსიქიკურ ძალისხმევას მოითხოვს.


 გულმავიწყია.
 გარე სტიმულები ადვილად იწვევს ყურადღების გადახრას.

ჰიპერაქტიურობა:
 ხშირად ცქმუტავს.
 მუდმივად მოძრაობაშია.
 არ შეუძლია წყნარად ჯდომა, გამუდმებით წრიალებს.
 ჯდომისას ამოძრავებს ხელებს, ფეხებს, ხელს კიდებს ყველაფერს.
 არ ფიქრობს, სანამ რაიმეს ჩაიდენს.
 ხშირად ყვირის უადგილოთ და იძლევა არაადექვატურ პასუხებს.
 უცებ წამოხტება და გარბის.
 ვერ იცავს რიგითობას, უჭირს წესების დაცვა.

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი განსხვავებულია


სირთულის ხარისხების მიხედვით:
 სუსტი - უმნიშვნელოდ გამოხატული სიმპტომები, არანაირი ან მინიმალური
ჩამორჩენა საზოგადოებრივ და სასკოლო საქმიანობაში.
 საშუალო - გამოხატულია სიმპტომები ან ფუნქციური ჩამორჩენა „სუსტსა“ და
„მძიმე“ შემთხვევებს შორის.
 მძიმე - ჩამოთვლილი სიმპტომების გარდა ვლინდება მრავალი სხვა სიმპტომიც,
მნიშვნელოვანი ჩამორჩენაა საშინაო, საკლასო საქმიანობასა და თანატოლებთან ურთი-
ერთობაში.

ADHD სინდრომის მქონე ბავშვებს უჭირთ სკოლაში სწავლა, აქვთ სოციალური და


ემოციური ადაპტაციის პრობლემები, რადგან ზედმეტად მგრძნობიარეები არიან მარცხისა
და წარუმატებლობის მიმართ.
რა ძირითადი პრობლემები გვხვდება ADHD - ის შემთხვევაში?
ADHD სინდრომთან დაკავშირებული პრობლემებია:
 ჩამორჩენა აკადემიურ მოსწრებაში.
 პრობლემები თანატოლებთან ურთიერთობაში.
 დაბალი თვითშეფასება.
 უპატივცემულობა საკუთარი თავის მიმართ.
 ქცევის პრობლემები.
 ნეგატიური დამოკიდებულება მშობლების მიმართ
 ნეგატიური დამოკიდებულება მასწავლებლების მიმართ
 აგრესიულობა

ADHD - ის მქონე ბავშვებს უჭრთ სოცილური ურთიერთობების დამყარება. ისინი


ხშირად არაპოპულარულები და გარიყულები არიან თანატოლების მიერ. გასაკვირი არაა,
რომ მათი უმეტესობა არაა დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში და თითქმის
დაკარგული აქვთ თითპატივისცემა. ასაკის მატებასთან ერთად, ეს პრობლემები მძაფრდება.
ADHD - ის მიზეზით გამოწვეული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა აგრესიული და
32

ასოციალური ქცევა. მაგალითად: ქურდობა, ჩხუბი, ტყუილი და ა. შ. მსგავსი ქცევები ADHD


- ის მქონე ბავშვების 70% - ს ახასიათებს. ამიტომ გასაგებია, რომ სწორედ ამ პრობლემური
ქცევების გამო, ასეთი ბავშვების მიმართ უაროფითი განწყობა იქმნება. მათ მიმართ
ნეგატიური დამოკიდებულებაა სახლშიც და სკოლაშიც.

როგორ შეიძლება დავეხმაროთ ADHD - ის მქონე ბავშვს?

ADHD -ის მკურნალობა და სიმპტომების შემსუბუქება ეფექტურია მაშინ, როდესაც


გამოიყენება სხვადასხვა მიდგომა.
 პირველ რიგში, მშობლები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ინფორმირებულები
ADHD-ის შესახებ, რათა ადეკვატური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეთ ბავშვის
მდგომარეობაზე, შეძლონ სწორად განსაძღვრონ და დააკვირდნენ სიმპტომებს.
 ბავშვისთვის მიზანშეწონილია, ინდივიდუალური და ჯგუფური
კონსულტაციების ჩატარება. კონსულტაცია შეძლება მოიცავდეს: ADHD-ის შესახებ
ინფორმირებას, სოციალური ჩვევების ჩამოყალიბების ტრენინგს, სპეციალური ტექნიკების
სწავლებას, რომლებიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების შეკავებასა და ყურადღების
კონცენტრაციაში.
 მშობლებისა და მასწავლებლის მიერ ქცევითი ტექნიკის გამოყენება, დაეხმარება
ბავშვს წარმატებით შეხვდეს გარემოს მოთხოვნებს. როგორც აღმოჩნდა, ADHD-ის მქონე
ბავშვების უმრავლესობა მიისწრაფვის სხვებისთვის მოსაწონი ქცევისკენ, დავალების
წარმატებით დასრულებისკენ. ამიტომ წინასწარ შეთანხმებული არავერბალური სიგნალი,
შეიძლება ძალიან სასარგებლო გამოდგეს დავალებასთან დასაბრუნებლად. დავალების
დამთავრებისა და მითითების შესრულების შემთხვევაში, საჭიროა წავახასისოთ (პრიზი,
ჯილდო, შექება) ბავშვები. დადებითი განმტკიცება უნდა იყოს დროული და ხშირი.
სკოლამდელი ასაკის ბავშვის წახალისება ყოველ 5-10 წუთშია საჭირო, დაწყებითი სკოლის
ასაკის ბავშვებისათვის დღეში რამდენჯერმე, ხოლო მოზრდილებისთვის - დღეში ერთხელ.

დისლექსია, დისგრაფია, დისკალკულია

დასწვალის უნარის დარღვევა, პირველ რიგში აკადემიურ მოსწრებაში ვლინდება,


რადგან ბავშვს შესაძლოა აღმოაჩნდეს წერის, კითხვის, მატემატიკის ათვისების სიძნელეები.
დასწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვებს დიდი კომპენსატორული
შესაძლებლობები გააჩნიათ. ერთი, რომელიმე ფსიქიკური ფუნქციის დეფიციტის
შემთხვევაში, იგი კომპენსაციას სხვა განვითარებული ფუნქციის ხარჯზე ახდენს, ამიტომ
შესაძლოა პირველ კლასში მოსწავლეს დასწავლის უნარის დარღვევა არც გამოუვლინდეს,
მაგრამ მაღალ კლასებში, როდესაც იმატებს დატვირთვა, მასალა რთულდება, ბავშვი ვეღარ
ახერხებს კომპენსირებას და სირთულეებიც სახეზეა.

დისლექსია
33

დისლექსია (ბერძ. „dys“ ნიშნავს მცირეს, „lexis“ ნიშნავს სიტყვებს) პირველად აღწერა
კ.მორგანმა და ჯ.ჰინშელვუდმა მე-20 საუკუნის დასწაყისში.
დისლექსია ვიწრო მნიშვნელობით ნიშნავს კითხვის უნარის დაქვეითებას, ფართო
მნიშვნელობით კი მეტყველებით გაშუალებული დასწავლის უნარის დაქვეითებას,
რომელიც ხასიათდება კითხვის, წერის და ზეპირი მეტყველების პრობლემებით.
გამოყოფენ დისლექსიის რამდენიმე სახეს:
 გენეტიკური (მემკვიდრეობითი) დისლექსია - მსგავსი პრობლემები აქვს
ოჯახის სხვა წევრებს და გადაეცემა თაობიდან თაობებს.
 პრობლემები პრენატალური განვითარებისას და მშობიარობისას - პრობლემები
შეიძლება გამოწვეული იყოს ტერატოგენის ზემოქმედებით, ჟანგბადის
ნაკლებობით, ადრეული ან დაგვიანებული მშობიარობით.
 შეძენილი დისლექსია - აღმოცენდება მოგვიანებით, რაიმე ფიზიკური
დაზიანების გამო ( ტრავმები, ჰიპოქსია), ცუდი კვებით.

დისლექსიის დიაგნოზი ისმება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის კითხვის მაჩვენებელი


საშუალო დონეზე გაცილებით დაბალია და არ შეესაბამება ბავშვის ზოგად
ინტელექტუალურ განვითარებას. დისლექსიის ხარისხი ყველა შემთხვევაში სხვადასხვაა
და ინდივიდუალურია, დამოკიდებულია ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეების
სპეციფიკაზე.

დისლექსიის გამომწვევი მიზეზები

განასხვავებენ დისლექსიის სხვადასხვა ეტიოლოგიურ ფაქტორებს:


 გენეტიკური (მემკვიდრეობითი) ფაქტორი - გამოკვლევების შედეგად
დადგინდა, რომ დისლექსიის მქონე პირების ნათესავებს მსგავსი დარღვევები ჰქონდათ.
უკანასკნელი მონაცემებით კი დისლექსიაზე პასუხისმგებელია მე-6 ქრომოსომის მოკლე
მხარი.
 ნეიროგანვითარების დეფიციტი - იგი გულისხმობს თავის ტვინის იმ ქერქული
ზონების, ან მათ შორის კავშირის დეფიციტს, რომელიც უზრუნველყოფს კითხვისათვის
აუცილებელ ვიზუალურ-ფონოლოგიური (ასო-ბგერა) ასოციაციების ჩამოყალიბებას და მათ
სინთეზს. აღნიშნული დეფიციტი, ნაყოფის თავის ტვინის ჩამოყალიბების პერიოდში,
ნეირონების მიგრაციის პროცესის დარღვევის შედეგია. ზოგჯერ, ნეირონული მიგრაციის
პროცესი ირღვევა და ნეირონები ან სცდებიან დანიშნულების ადგილს, ან ვერ აღწევენ მას.
შესაბამისად ისინი შეცდომით აღმოჩნდებიან თავის ტვინის ქერქის ადგილებში და ქმნიან
ატიპურ ნეირონულ კავშირებს.
 ალერგიული დაავადებები - ორსულობის პერიოდში დედის მიერ გადატანილი
ალერგიული დაავადებები, ხშირადა არის დაკავშირებული კითხვის პრობლემებთან.
 თავის ტვინის ფუნქციური ასიმეტრიის დისბალანსი - აღნიშნული დისბალანსი
იწვევს კითხვის პროცესის განხორციელებისას მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროს
ერთობლივი ფუნქციონირების დარღვევას. როგორც ვიცით, ჩვეულებრივ, კითხვის
34

სწავლის საწყის პერიოდში (ასოების აღქმა, გარჩევა, მათი სივრცითი ნიშნების ანალიზი)
დომინირებს მარჯვენა ჰემისფერო, ხოლო შემდეგ ეტაპზე, როდესაც იწყება ასოებისა და
სიტყვების ფონოლოგიური ნიშნების გარჩევა უპირატესობა მარცხენა ჰემისფეროს ენიჭება.
დისლექსიის დროს კი ირღვევა მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროს სტრატეგიების
ადეკვატური გამოყენება. ნორმალური მკითხველის თავის ტვინისაგან განხვავებით,
დისლექსიის მქონე პირების თავის ტვინის საფეთქლების წილები სიმეტრიულია.
 თვალის მოძრაობის და მზერის მოქნილობის კონტროლის დეფიციტი - ხელს
უშლის ინფორმაციის დეკოდირებას.

როგორ დავეხმაროთ დისლექსიის მქონე ბავშვებს?

დისლექსიის მკურნალობა ფარმაკოლოგიური პრეპატარებით არ ხდება, თუმცა,


ეფექტური და დროული დახმარების შემთხვევაში ბავშვები გადალახავენ კითხვისა და
მართლწერის პრობლემებს, მაგრამ გარკვეულ შემთვევებში კითხვის პრობლემა მთელი
ცხოვრების განმავლობაში რჩება. არსებობს სხვადასხვა ხარისხის დისლექსია. პროგნოზი კი
დამოკიდებულია როგორც ბავშვის შესაძლებლობებზე, ისე გარემოზე.
დისლექსიის მქონე ბავშვებს კითხვისა და მართლწერის სწავლებისთვის სპეციალური
პროგრამა ესაჭიროება.

დისგრაფია

წერის უნარ-ჩვევების დარღვევას ეწოდება დისგრაფია. ზოგჯერ ტერმინი დისგრაფია


გამოიყენება ცუდი კალიგრაფიის შემთხვევაში და აზრის წერილობითი ფორმით
გადმოცემის პრობლემებთან მიმართებაში. ხშირად, საკამათო საკითხია არის თუ არა
დისგრაფია დასწავლის უნარის დარღვევა და განეკუთვნება, თუ არა სპეციალური
განათლების სფეროს. დისგრაფია ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მოსწავლეს სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროებები აქვს. თუმცა, სწავლის უნარის დარღვევის მქონე
მოსწავლეებს წერის უნარ-ჩვევევის დაუფლების პროცესში აქვს გარკვეული პრობლემები -
მართლწერის, კალიგრაფიის და აზრის წერილობითი ფორმით გადმოცემის მხრივ.
წერა რთულად ორგანიზებული ფსიქიკური ოპერაციაა, რომლის დაუფლებაც
მრავალი უნარის კოორდინირებულ განვითარებას მოითხოვს. იმისათვის, რომ მოსწავლემ
შეძლოს წერის ოპერაციის ათვისება, მას უნდა შეეძლოს სიტყვის შემადგენელი ბგერების
ერთმანეთისაგან გარჩევა, ბგერების თანმიმდევრობის დაცვა, ასოს სწორი მოყვანილობის
გამოხაზვა და ბოლოს, უნდა ჰქონდეს განვითარებული ნატიფი მოტორული უნარი
შესაბამისი ასოს გამოსაყვანად.
შეასაბამისად, არასწორია მიდგომა, როდესაც პედაგოგები აქცენტს მხოლოდ ასოების
გამოსახულების დასწავლაზე აკეთებენ. მოსწავლეს წერას ვასწავლით არა მხოლოდ იმიტომ,
რომ ცალკეული ასოების წერა შეძლოს, არამედ ასოებისგან სიტყვების, სიტყვებისგან კი
წინადადებების აგება. სიტყვები და წინადადებები კი მოსწავლეს საკუთარი ნააზრევის
გადმოცემის საშუალებას აძლევს.
35

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები სირთულეებს


აწყდებიან წერის განვითერების ნებისმიერ ეტაპზე:
 უჭირთ ასოს გრაფიკული გამოსახულების ზუსტი დამახსოვრება.
 უჭირთ ასოს გრაფიკული გამოსახულების სწორად მოხაზვა. (ფორმის, ზომის
და დახრილობის ზუსტად გადმოცემა)
 უშვებენ შეცდომებს მსგავსი მოყვანილობის ასოების გამოხაზვის შემთხვევაში.
 აწყდებიან სირთულეებს ასოს რვეულის სიბრტყეში და ხაზებს შორის
მოთავსებისას.
 სიტყვების ჩაწერისას ტოვებენ, ანაცვლებენ ასოებს ან არ ასრულებენ სიტყვას.
 წინადადებების ჩაწერისას ტოვებენ სიტყვებს.
 წერისას აღენიშნებათ სხეულის უჩვეულო პოზა.
 შეძლიათ ნებისმიერი სიტყვის გადმოწერა, მაგრამ უჭირთ განსაზღვრა, თუ რა
სიტყვა დაწერეს.
ამგვარი პრობლემების მქონე ბავშვები, ხშირ შემთხვევაში, სპეციალურ მხარდაჭერას
და განმავითარებელ პროგრამას საჭიროებენ.

დისკალკულია

სწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეებს, ხშირად, პრობლემები აქვთ


მათემატიკური უნარ-ჩვევების ათვისებაში, რაც სხვადასხვა სახით ვლინდება:

 მოსწავლეს უჭირს ციფრების სვეტებში განლაგება (ქვეშ მიწერა), უკუღმა წერს


ციფრებს.
 მოსწავლე ხშირად წერს უფორმო, დიდ ციფრებს.
 მოსწავლე არასწორად კითხულობს მათემატიკურ ნიშნებს, ავიწყდება
სიმბოლოები.
 მოსწავლეს მიმატება-გამოკლების დროს ავიწყდება დამახსოვრებული ციფრები.
 მოსწავლე ასრულებს ერთი სახის მოქმედებას, როდესაც საჭიროა სხვა სახის
მოქმედება.
 მოსწავლეს არ შეუძლია ძირითადი მათემატიკური წესების გახსენება და არ
ესმის ძირითადი მათემატიკური ტერმინები, როგორცაა: დაჯგუფება,
გამოკლება, მიმატება და ა.შ
 მოსწავლეს ვერ ხვდება, თუ რატომაა მისი პასუხი არასწორი ისეთი
მაგალითების ამოხსნისას, როგორიცაა: 9-6=15 ან 4+3=43.

ყველა ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მათემატიკური უნარის დარღვევასთან, რომელსაც


დისკალკულია ეწოდება. ჩვენ არ შეგვიძლია მხოლოდ აღწერისა და დაკვირვების
საფუძველზე დავსვათ დიაგნოზი - დისკალკულია. აუცილებელია მოსწავლის
ფსიქოლოგიური ტესტირება, დიაგნოზის დადგენა და მასწავლებლებთან ერთად
36

მოსწავლის მათემატიკური უნარების განვითარებისთვის სხვადასხვა სტრატეგიების


შემუშავება.

სირთულეები, რომელსაც ვხვდებით უმცროსკლასელთა სწავლებისას

სკოლაში სწავლის დაწყება სერიოზული ცვლილებაა ბავშვის ცხოვრებაში. პედაგოგები


და მშობლები უნდა დაეხმარონ მათ უმტკივნეულოდ გადავიდნენ თამაშის ქცევიდან
სასწავლო ქცევაზე.
სირთულეები რომელსაც შეხვდება ბავშვი სკოლაში სწავლისას სხვადასხვა მიზეზითაა
გამოწვეული.
ქრონიკული წარუმატებლობა. ხშირად ბავშვის სკოლისადმი ადაპტაციას ართულებს
მშობლის დამოკიდებულება სკოლისადმი. ერთის მხრივ, მშობელს გონია, რომ ბავშვი
ცუდად იგრძნობს თავს სკოლაში (არ ეყოლება კარგი მასწავლებელი, მეგობრები); შიშობს
რომ ბავშვი ხშირად გაცივდება, იავადმყოფებს. მეორეს მხრივ, ბავშვისგან ელიან მაღალ
მიღწევებს და გამოხატავენ უკმაყოფილებას, როცა ბავშვს სირთულეები ექმნება სწავლის
პროცესში.
ბავშვის სკოლაში მიყვანის შემდეგ იცვლება მშობელის დამოკიდებულება
ბავშვისადმი, მისი წარმატებისა და წარუმატებლობისადმი. “კარგად” ითვლება ბავშვი,
რომელიც ადვილად სწავლობს წერა-კითხვას, მათემატიკას, აქვს ფართე თვალსაწიერი. იმ
აუცილებელ სირთულეებს, რომელსაც ბავშვების უმრავლესობა ხვდება სწავლის
დასაწყისში, ასეთი მშობლები ნეგატიურად აღიქვამენ. ეს კი შეიძლება გამოხატონ
ვერბალურად ან არავერბალურად. მშობლების მხრიდან ასეთი შეფასების შედეგად ეცემა
ბავშვის თვითშეფასება, იზრდება შფოთვა. ამას კი მივყავართ წარუმატებლობისკენ. ბავშვი
ცუდად ითვისებს ახალ მასალას, ჩვევებს. ყოველივე ამას მოყვება მშობლის უკმაყოფილება.
წარუმატებლობა ხდება ქრონიკული.

წარუმატებლობის მიზეზები:
 არასაკმარისი მზაობა სკოლისადმი (მაგალითად, ცუდად აქვს
განვითარებული ნატიფი მოტორიკა, შესაბამისად უჭირს წერა; ან ნებისმიერი ყურადღება,
ამიტომ უჭირს ყურადღების წარმართვა).
 ოჯახში კონფლიქტური სიტუაციების გავლენით ჩამოყალიბებული
შფოთვა. ასეთ ოჯახში გაზრდილ ბავშვს არ უყალიბდება დაცულობის გრძნობა და
პანიკურად რეაგირებს სირთულეებზე, რომელიც გადააქვს სასკოლო ცხოვრებაზე.
 მშობლების გადაჭარბებული მოლოდინი. ბავშვის ნორმალური, საშუალო
წარმატებები აღიქმება როგორც წარუმატებლობა. შედაგად იზრდება შფოთვა, ეცემა
წარმატების მიღწევის სურვილი, თვითშეფასება. ხშირად მშობლები და პედაგოგები
ცდილობენ დაეხმარონ ბავშვს სირთულეების დაძლევაში (მათი თვალთახედვით). ზრდიან
37

ბავშვის დატვირთვას, უტარებენ დამატებით მეცადინეობებს, ზედმეტად აკონტროლებენ.


ეს კი იწვევს ბავშვის განვითარების შეფერხებას.
სასწავლო საქმიანობაში ჩაურთველობა. ბავში ზის გაკვეთილზე, მაგრამ არ ესმის
მასწავლებლის შეკითხვები, მითითებები. ეს არ არის უყურადღებობა. ეს არის საკუთარ
შინაგან სამყაროში, ფანტაზიებში წასვლა. ეს ემართებათ ბავშვებს, რომლებიც ვერ
ღებულობენ საკმარის ყურადღებას, სიყვარულს, ზრუნვას მშობლებისაგან და
უფროსებისგან. ბავშვი იკამაყოფილებს მოთხოვნილებებს ფანტაზიებში და არ აქცევს
ყურადღებას რეალურ სირთულეებს. მას უყალიბდება შფოთვის მაღალი დონე. ეს კი ხელს
უშლის მისი უნარების რეალიზაციას. იწვევს სირთულეებს სწავლაში.
როგორ დავეხმაროთ ?
 გამოვიჩინოთ ყურადღება.
 დავეხმაროთ მისი ფანტაზიების რეალიზაციაში - ხატვის, ძერწვის,
კონსტრუირების გამოყენებით.
 გავუკეთოთ მხარდაჭერა.
ნეგატიური დემონსტრატიულობა. ეს დამახასიათებელია იმ ბავშვებისათვის,
რომლებსაც აქვთ ყურადღების მაღალი მოთხოვნილება. ასეთ ბავშვებს საყვედურობენ არა
ცუდ სწავლას, არამედ ცუდ ქცევას. ისინი არღვევენ დისციპლინას საკლასო ოთახში და
შესვენებაზე. მათ უნდათ მიიღონ ყურადღება ნებისმიერი ფორმით. ნებისმიერი ემოციური
გამოვლენა უფროსების მხრიდან, როგორც დადებითი (შექება, თბილი სიტყვა), ასევე
უარყოფითი (ყვირილი, შენიშვნა) არის დემონსტრატიული ქცევის განმამტკიცებელი.
ასეთ ბავშვებს აკლიათ მშობლების მხრიდან სიყვარული, მოფერება, გაგება, მიღება.
ვერბალიზმი. ბავშვებს ახასიათებთ მეტყველების განვითარების მაღალი დონე და
აზროვნების განვითარების შეფერხება. ვერბალიზმი ყალიბდება სკოლამდელ ასაკში და
განპირობებულია შემეცნებითი პროცესების განვითარების თავისებურებებით. ბევრი
მშობელი და პედაგოგი თვლის, რომ მეტყველება ფსიქიკური განვითარების მნიშვნელივანი
მახასიათებელია. ამიტომ მიმართავენ დიდ ძალისხმევას მეტყველების
განვითარებისათვის. ასწავლიან ლექსებს, ზღაპრებს. აზროვნების განვითარებისთვის
(ლოგიკური, აბსტრაქტული, პრაქტიკული აზროვნება) მნიშვნელივანი აქტიობები (ხატვა,
კონსტრუირება, როლური თამაშები) კი მეორე პლანზე გადადის. შესაბამისად, აზროვნება
(განსაკუთრებით, ხატოვანი აზროვნება) განვითარებაში ჩამორჩება მეტყველებას.
გამართული მეტყველება, გამოკვეთილი პასუხები უფროსების შეკითხვებზე ფასდება
მოზრდილების მხრიდან, როგორც განვითარების მაღალი მაჩვენებელი.
ვერბალიზმს ახლავს ბავშვის მაღალი თვითშეფასება და მშობლების მხრიდან ბავშვის
უნარების გადაჭარბებული შეფასება. სკოლაში სწავლის დროს აღმოჩნდება, რომ ბავშვს
უჭირს ამოცანების ამოხსნა, დავალებები რომლებიც საჭიროებს ხატოვან აზროვნებას,
იწვევს სირთულეებს. არ ესმით რა პრობლემის ნამდვილი მიზეზი, მშობლები
ადანაშაულებენ პედაგოგს, ან ბავშვს (აიძულებენ მეტი იმეცადინოს). ეს კი იწვევს ბავშვებში
შფოთვის მომატებას, დაურწმუნებლობას საკუთარ ძალებში, არასრულფასოვნების
გრძნობას.
როგორ დავეხმაროთ?
მეტი ყურადღება მივაქციოთ ხატოვანი და ცნებითი-ლოგიკური აზროვნების
განვითარებას.
38

ფსიქოფიზიკური ინფატილიზმი. ეს არის ფსიქიკური განვითარების შეფერხება. ასეთი


ბავშვებისთვის დამახასიათებელია სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის დამახასიათებელი
ინტერესები და მოთხოვნილებები. ასეთი ბავშვებისთვის არ არის ღირებული სკოლის
მოთხოვნები. სწავლაში მათი წარმატებები აღელვებთ მხოლოთ მათ პედაგოგებს და
მშობლებს. მათ არ აქვთ ჩამოყალიებული სწავლის მოტივაცია.
სიზარმაცე. სიზარმაცის მიზეზი შეიძლება იყოს:
დაქვეითებული შემეცნებითი ინტერესები.
წარუმატებლობის თავიდან აცილების მოტივაცია – “არ გავაკეთებ, იმიტომ რომ მაინც
არ გამომივა”, “მე არ შემიძლია”.
აქტიობის შენელებული ტემპი (ტემპერამენტის თავისებურება). ბავშვი
კეთილსინდისიერად, მაგრამ ნელა სწავლობს. პედაგოგებს და მშობლებს კი გონიათ, რომ
ის ზარმაცობს. ამიტომ გამოხატავენ უკმაყოფილებას. ბავშვს გონია რომ ის ცუდია და
არავის არ ჭირდება. ეს კი იწვევს შფოთვას და ქცევის დეზორგანიზაციას.
დაბალი თვითშეფასება. ბავშვი არ არის დარწმუნებული საკუთარ ცოდნაში. ის
ცდილობს თავი აარიდოს სასწავლო საქმიანობას.
უმცროს კლასელთა სწავლებისას სირთულეების თავიდან ასაცილებლად საჭიროა
პედაგოგების, მშობლების და ფსიქოლოგის მჭიდრო თანამშრომლობა.

You might also like