You are on page 1of 3

ჰომოფობიის 50 ელფერი

ნუკრი ტაბიძე

სიტყვა “ჰომოფობზე” ყველას ტაბურეტკიანი მღვდელი ახსენდება. მიუხედავად იმისა, რომ


მოსახლეობის უმრავლესობა ვერ იტანს “ელგებეტეებს”, “პიდარასტებს”, “ცისფერებს”,
“მეტრაკეებს” და, ერთი სიტყვით, ყველას, ვინც საზოგადოების გენდერულ ნორმებს წყალს
უყენებს, ჰომოფობის სტატუსი უკვე ბევრს აღარ აწყობს/მოსწონს. ამ ბლოგპოსტში სწორედ ამ
ჰეტეროსექსისტური არგუმენტების კლასიფიკაციას შემოგთავაზებთ. რაში გვჭირდება ეს
კლასიფიკაცია? ჯერ ერთი, ასეთი კლასიფიკაციით მინდა, ერთგვარი სამაგიერო გადავუხადო
მათ, ვინც საუკუნეებია უკვე სხვადასხვა კატეგორიაში გვაქცევს და იძულებულს გვხდის,
საკუთარი არსებობის უფლებისთვის უამრავი არგუმენტი გვქონდეს მზად. თუმცა, უფრო მეტად
მინდა, რომ არგუმენტებით შეგაიარაღოთ იმ ადამიანებთან სასაუბროდ, ვინც პოტენციური
მოკავშირე შეიძლება გახდეს. ბოლო 4 წლის მანძილზე ტრენერად და ლექტორად მუშაობისას
საქართველოს ბევრ ქალაქში სხვადასხვა ადამიანს ვესაუბრებოდი ჩაგვრისა და ჰომოფობიის
შესახებ, შესაბამისად ეს არგუმენტებიც სწორედ ამ პერიოდში მოვისმინე და სხვადასხვა
ფორმით მათთან გამკლავებაც ვისწავლე. ბუნებრივია, ეს პატარა ბლოგპოსტი ვერ მოიცავს და
ასახავს ჰომოფობიური არგუმენტების მრავალფეროვნებას და ვერც იმის პრეტენზია ექნება, რომ
მათ საპირისპიროდ მოცემული კონტრარგუმენტები ეფექტური იქნება, თუმცა უმეტეს შემთხვევაში
გარკვეულ შედეგს მაინც გამოიღებს და საზოგადოების წევრებს ჰომოფობიის პრობლემაზე
დააფიქრებს.

უპირველესად, ვიტყვი, რომ ლაპარაკი, თითქმის, ყველასთან არის შესაძლებელი. ბუნებრივია, ის


ადამიანები და სიტუაციები, სადაც შენი მიმართულებით პირდაპირი ვერბალური და ფიზიკური
აგრესია მოდის, რაციონალურ არგუმენტირებულ მსჯელობას გამორიცხავს. ამიტომ
საზოგადოების გარკვეული ნაწილის არგუმენტი, რომ “ფაშისტებს” უნდა ველაპარაკოთ, ამ
კონტექსტში აზრს მოკლებულია.

მეორე მხრივ, მედია და ლიბერალური ფლანგი აქტიურად გვიმტკიცებს, რომ საზოგადოება ორ


“პროგრესულ, არაჰომოფობ, არამოძალადე, პროევროპულ, ფერადნასკიან, ახალგაზრდა” და
მეორე მხრივ, “შავბნელ, პრორუსულ, ჰომოფობ, დრომოჭმულ, მოძალადე” ნაწილებადაა
დაყოფილი. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მართლაც ჰომოფობი და
ტრანსფობია, ყველა მათგანზე ხელის ჩაქნევა არც ღირს და არც გამოვა. ამასთან, ლიბერალურ
ნაწილშიც შეხვდებით ჰომოფობებს, იმიტომ, რომ განწყობა და დამოკიდებულება, ისევე როგორც
თვითონ ადამიანების სექსუალობა და გენდერული გამოხატვა, კონტინუუმი უფროა ვიდრე
შავი-თეთრის ოპოზიცია. ჰომოფობების დიდ ნაწილთან ლაპარაკი შეიძლება და აუცილებელიცაა.
რა თქმა უნდა, არის ნაწილი, რომელთანაც კამათს აზრი არ აქვს. თუმცა ეს უკანასკნელი,
როგორი რადიკალური ჯგუფიც უნდა იყოს, ნამდვილად მცირეა.

ამის საპირისპიროდ, 2013 წლის 17 მაისის შემდეგ ძალიან ბევრ ადამიანს არ უნდა ხელში
ტაბურეტკამომარჯვებულ მამაოს, ჭინჭრიან ქალებს ან მარშუტკაზე შემხტარ ბიჭებთან
გაიგივდეს, თუმცა არც “ყველასთვის საძულველ” ელგებეტეებთან ასოცირება სურს.
საზოგადოების ეს ნაწილი ერთი ფრაზით შეიძლება, აღვწეროთ: “ჰომოფობი არ ვარ, მაგრამ...”
ამ ხალხს სხვადასხვა მიზეზის გამო უნდა ველაპარაკოთ, დავანამუსოთ, ვასწავლოთ,
ვეკამათოთ, თუმცა ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ. ამისთვის იმ მექანიზმის გაგება დაგვეხმარება,
რაც “მაგრამს” მოსდევს.

“ჰომოფობი არ ვარ, მაგრამ მაინც ჯერ იქამდე არ ვართ ჩვენ მისული, რომ ეს მისაღები იყოს
ქართველებისთვის” - ეს ფრაზა რომ გადმოვთარგმნოთ, დაახლოებით ასე ჟღერს: მართალია,
თავში ტაბურეტკას არ ჩაგარტყამ, მაგრამ შენ გამო ჩემს უმწიკვლო რეპუტაციას ვერ შევლახავ,
პირში წყალს ჩავიგუბებ და სტატუს კვოს ჩემი შენდამი მხარდაჭერით არ დავარღვევ.
ადამიანების ეს კატეგორია საშიში თავისი უმოქმედობის გამოა. ისინი არავითარ შემთხვევაში
არ იტყვიან უარს საზოგადოებრივ სტატუსზე, რომელიც “კარგად მოქცევით” მოიპოვეს.
თანაგრძნობაც დაბალი აქვთ და არც მკვლელობის ისტორიები შეძრავთ, თუმცა ამ ნაწილს არ
ეზიზღები, იმიტომ რომ საკუთარი აზრი დიდად არ გააჩნია და შესაბამისად, ვერც საკუთარი
ინიციატივით ექნება შენ მიმართ ცუდი ან კარგი დამოკიდებულება. იმის ილუზია, რომ
საზოგადოებისადმი მათ მორჩილებას დაანგრევ და უცებ ამ ადამიანებს რევოლუციონერებად
აქცევ, სრული სისულელეა (ამას წლები და ბევრი მუშაობა თუ შეცვლის). ამიტომ, როგორც წესი,
ამ ადამიანებს ისევ საზოგადოების წნეხს ვუპირისპირებ. იმაზე ხაზგასმა, რომ რეალურად
საზოგადოების მხოლოდ რაღაც ნაწილია ჰომოფობი და ქართველები ჰომოფობიის დაძლევის
გზაზე დგანან, ყველაზე კარგი სტრატეგიაა. შეიძლება ფაქტობრივად მთლად ზუსტი არაა, მაგრამ
საკმარისია კიდევ თუნდაც 1 ადამიანი გყავდეთ ოთახში, ვინც შენსავით ფიქრობს, რომ ამ
ადამიანის ფესვგამდგარი წარმოდგენა სრულიად ჰომოფობ და ჩაკეტილ საზოგადოებაზე მაშინვე
იწყებს რყევას.

“ჰომოფობი არ ვარ, მაგრამ შვილი მაინც არ მინდა გეი” - ამ არგუმენტთან დავა ნაკლებ რთული
ჩანს, იმიტომ, რომ თითქოს წინასთან შედარებით მისი მთქმელი გეის ქვეყანაში შემოუშვებს,
გვერდითაც შეიძლება, დაუდგეს, მაგრამ აი მთლად ოჯახში ვერ აიტანს. სინამდვილეში ეს
მიდგომა უფრო მავნებლურია, იმიტომ რომ მას ის ადამიანები მიმართავენ, ვინც თემის
მეგობრებად მოიაზრება. ნანუკა ჟორჟოლიანით დაწყებული და ბარებში თანატოლებით
დამთავრებული, მსგავსი ფრაზა ერთხელ მაინც გაგვიგია. როგორც წესი, ჯერ ძალიან ბევრ
კითხვას ვუსვამ “რატომ არ გინდა?” “ჰეტერო შვილი რითაა უკეთესი?” “ნაკლებ გეყვარება?”
“მაგას როგორ გააკონტროლებ, რომ გეი/ტრანსი არ იყოს?” ამ ეტაპზე თუ არ გაერკვა საკუთარი
დამოკიდებულების აბსურდულობაში, ემოციურ ზემოქმედებაზე გადავდივარ და ვუხსნი, რატომ
იქნება მისი გეი შვილი უბედური საკუთარი თავიდან და მოსმენილი გამოცდილებებიდან
გამომდინარე. “შვილად მაინც არ მინდა” ნიშნავს, რომ მთლად ბოლომდე სრულფასოვან
ადამიანად არ აღიარებ, რაც ჰომოფობის განმარტებაა. თუმცა, ჰომოფობის სტატუსზე მეტად ამ
ადამიანებზე იმის გაცნობიერება მოქმედებს, რომ თავისი მიდგომით მისთვის ახლო ან
პოტენციურად ყველაზე ახლო ადამიანს, შვილს, შეიძლება ავნოს. წინა ჯგუფთან შედარებით
უპირატესობა ისაა, რომ ამ ხალხთან, როგორც წესი, იმის მოლოდინი მაინც გაქვს, რომ
ძალადობას დაუპირისპირდება და მეტ თანაგრძნობას გამოავლენს “იმნაირების” მიმართ.

“ჰომოფობი არ ვარ, გეი მეგობრებიც მყავს” - როგორ აღმაშფოთებლადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს


ხალხი ყველაზე ახლო მოკავშირეა, მაგრამ ყველაზე მეტი სწორედ მათ “ხვდებათ”. ამას
რამდენიმე მიზეზი აქვს: 1. ჰომოფობია კავშირშია გაუცხოებასთან, შესაბამისად, ის ადამიანები,
ვისაც “ცოცხალი” გეი, ლესბოსელი, ტრანსი უნახავს და კომუნიკაცია აქვს მასთან, უფრო მეტი
ალბათობით იქნება თემის მოკავშირე; 2. ჩვენი სტანდარტი უფრო მაღალია მათ მიმართ, ვინც
ჩვენი მეგობარი და მოკავშირე გვგონია. ისინი, ვისაც “იმნაირი” მეგობრები ჰყავს, როგორც
წესი, უფრო ახლო წრის ნაწილია და შესაბამისად, მათი მხრიდან ყველანაირი ჰომოფობიური
გამოხტომა (თუნდაც უმნიშვნელო) ზურგში დანის ჩარტყმის ტოლფასია; 3. პოლიტიკურად
კორექტული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, ეს ნიშა (თემის მეგობარი, ფემინისტი,
ტოლერანტი და ა.შ.) არ დაკარგონ, ასე რომ მათთვის შეცდომის აღიარება ძალიან ძნელია. იმის
ნაცვლად, რომ თავის პატარა ჰომოფობიურ გამოხტომაზე ბოდიში მოიხადონ, ისინი ბოლომდე
ხან სიტყვის თავისუფლებას დაიცავენ, ხან პირად დევნაში დაგდებენ ბრალს. ერთი სიტყვით,
თეთრზე შავს დაგიმტკიცებენ, გაიბუტებიან, გაიბერებიან, მაგრამ ბოდიშს ცოცხალი თავით არ
მოიხდიან. გულახდილად რომ ვთქვა, ამ ადამიანებთან კამათი ყველაზე მეტად მიჭირს.
ძირითადად იმიტომ, რომ ემოციურად მეტად ვარ ჩართული და ლოგიკური მსჯელობა და
კომუნიკაციის სტრატეგიები მაშინვე მავიწყდება. ამ ადამიანებთან დასაპირისპირებლად
ერთადერთი გამოსავალია გამოცდილებაზე დაყრდნობილი აქტივიზმის გაძლიერება. ​სისგენდერი
კაცები ვერ გადაწყვეტენ, რა არის სექსიზმი, ისევე, როგორც თეთრკანიანები ვერ იტყვიან, რა
არის რასიზმი. ანალოგიურად, რა არის ჰომოფობიური და შეურაცხმყოფელი იმ ადამიანებმა
უნდა შეაფასონ, ვისაც საკუთარ ტყავზე უწევს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან გამკლავება.

ბევრი აქტივისტისგან ასევე გამიგია, რომ რეალურად ორიენტაციასა და გენდერულ გამოხატვას


უფრო წარმოსახული მნიშვნელობა აქვს და ვინც ჰომოფობიის წინააღმდეგ იბრძვიან, მათი
რეალური იდენტობების მიუხედავად, ჰომოფობების თვალში ისინიც “იმნაირები”,
“პირადარასტები” და ერთი სიტყვით, საძულველები არიან. ზოგი უფრო შორს მიდის და გეტყვის,
რომ 17 მაისი მათი პრობლემაცაა, რადგან შეკრების თავისუფლების უფრო ზოგად პრობლემას
ეხება, ვიდრე უბრალოდ ჰომოფობიაა. ამ არგუმენტებში არის სიმართლის მარცვალი, თუმცა ორი
მნიშვნელოვანი რამ გვავიწყდება: ის ადამიანები, ვინც დიდი ხანია, ჩვენთან ერთად იბრძვიან
ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და კიდევ ათასი უბედურების დასამარცხებლად და თემის წევრებად
არ პოზიციონირდებიან, მხოლოდ ერთი რამით განსხვავდებიან ჩვენგან: მათი ყოველდღიურობა,
სხეული, გამოხატვა და პრაქტიკები ჰომოფობიური ლუპის ქვეშ არ არის მოქცეული. მათ არც
გაშინაგნებულ ჰომოფობია/ტრანსფობიასთან უწევთ ბრძოლა. მათი სიყვარული და სხეულები
განწირული არაა არაღიარებისა და დევნისთვის. აქტივიზმზე დამატებული ეს უკანასკნელი
სტრესები ცხოვრების ხარისხსა და შეხედულებებზე პირდაპირ აისახება. ეს არ ნიშნავს, რომ
აქტივიზმში მხოლოდ ისინი უნდა ჩაერთონ, ვისაც ეს გამოცდილება აქვს, პირიქით, ყველას აქვს
პასუხისმგებლობა სიძულვილთან ბრძოლაში. უბრალოდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ​მოტივები
მნიშვნელოვანია​! მხარდაჭერა და სოლიდარობა გულისხმობს იმ ადამიანების გაძლიერებას,
რომლებსაც სოლიდარობას უცხადებ, წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ ისევ საკუთარ
“კაიტიპობას” ამტკიცებ და მხოლოდ საკუთარი თავისთვის მოგაქვს სარგებელი.
ტრანსგენდერობა უკვე თავისთავადაა სახიფათო აქტივიზმი, მაშინ, როცა ტრანსგენდერი
ადამიანების მხარდაჭერა კომფორტული ოფისიდან, საერთაშორისო შეხვედრებიდან და საკუთარ
სახლში ლეპტოპის წინაც არის შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, ნებისმიერ აქტივიზმს ზუსტადაც
გამოცდილების აღიარება უნდა ედოს საფუძვლად.

You might also like