You are on page 1of 76

სიყვარული ამერიკაში

ნინო ჯიბლაძე
სიყვარული ამერიკაში
თვალები გავახილე, ზემოთ ავიხედე და დავინახე, რომ წითლად ანთებული ნიშანი,
რომელიც ქამრის შეკვრის აუცილებლობას გვამცნობს, ჩამქრალიყო. მგზავრებში
არეულობა შეინიშნებოდა, ზოგი წამომდგარიყო, ბარგის შესანახი კარადები გამოეღო
და თავიანთ ჩანთებს ალაგებდა ქვემოთ, ზოგი გაბრუებული იჯდა და საერთოდ არ
ფიქრობდა იმაზე, რომ სულ მალე უნდა ამდგარიყო და თვითმფრინავიდან გასულიყო.
მე, პირადად მათ რიცხვს მივეკუთვნებოდი, ვისაც საშინლად ეზარებოდა... ყველაფერი.
გამახსენდა, რომ წინა ღამეს საერთოდ არ მიძინია, მხოლოდ თვითმფრინავში
მოვახერხე ჩათვლემა და ახლა ისევ უნდა გამოვფხიზლებულიყავი. ჩანთიდან სარკე
ამოვიღე და ჩემს თავს ერთი ლამაზად შევუბღვირე.

თმა მოვიწესრიგე, სუნამო დავისხი, “walkman»– ი ჩანთაში ჩავდე და ზანტად წამოვდექი


ადგილიდან. გვერდზე გერმანელი კაცი მეჯდა, რომელსაც ისეთი სახე ჰქონდა,
მივხვდი, რომ ძილის დროს ალბათ არაერთხელ შევაწუხე. უხერხულად გავუღიმე და
ჟესტით ვანიშნე გავეტარებინე, რაზეც მის სახეზე ისევ და ისევ უკმაყოფილება
ამოვიკითხე. უცებ გამახსენდა, რომ მეჩქარებოდა. სასწრაფოდ მინდოდა, რეგისტრაცია
გამევლო. საქმე ის იყო, რომ ჩემი მგზავრობა მხოლოდ ახლა იწყებოდა. ვენიდან
ვაშინგტონში მივფრინავდი, რეგისტრაციის გავლა კი იმიტომ მეჩქარებოდა, რომ
ცხრასაათიანი ფრენის შემსუბუქებას ვცდილობდი.

აერობუსებში “economy» კლასს საშინელი სკამები აქვს, მაგრამ არსებობს გარკვეული


პრივილეგიებიც. პირველ რიგში ჯდომა ჩემთვის თითქმის ნახევარ გზას ამცირებს,
იმიტომ, რომ თავისუფლად ვწვები და ფეხებმოკეცილი არ ვზივარ ცხრა საათის
განმავლობაში. მალე გამოაცხადეს, რომ შეგვეძლო თვითმფრინავიდან გასვლა. არაერთ
ქართველს, თუ საქართველოში სტუმრად მყოფ ევროპელს თუ ამერიკელს,
ფაქტობრივად, თავზე გადავაბიჯე, გვერდი ავუარე პასპორტის კონტროლს, რადგანაც
სატრანზიტო ტერიტორიაზე უნდა გავჩერებულიყავი და სირბილით მივედი
სარეგისტრაციო მაგიდასთან. წითლებში ჩაცმულმა აეროპორტის თანამშრომელმა
ყურადღებით მომისმინა და მთხოვა დავლოდებოდი. ჩემდა სასიხარულოდ, შრომა
დამიფასდა და “პრივილეგირებული» სკამი დავიმსახურე. სამი საათი მქონდა
თავისუფალი დრო.

ვენის აეროპორტში გავიარ გამოვიარე და ინტერნეტ ავტომატი მოვძებნე. მას შემდეგ,


რაც ორევროიანი მონეტა ჩავუშვი, მანქანამ მაცნობა, რომ მისი მომსახურებით შვიდი
წუთი შემეძლო მესარგებლა. ჩემი შეყვარებულის წერილი დამხვდა – “ჭკვიანად იყავი.
გკოცნი. გაგა. P. S. რაც დაგაბარე, არ დაგავიწყდეს...»

სულ ეს იყო.

სასწრაფოდ დავწერე პასუხი და ცოტა დავწყნარდი. მერე კაფე “იოჰან შტრაუსში»


შევედი და მენიუს ჩავხედე. სანამ ჩემს შეკვეთას მომიტანდნენ, მოსვენება დავკარგე.
უნებურად თვალი ჩანთისკენ გამექცა. შევამოწმე, იდო თუ არა პასპორტი, ბილეთი და
საფულე ადგილზე. თვალში ქაღალდის კონვერტი მომხვდა. ამ კონვერტს თბილისიდან
ვაშინგტონში მატანდნენ.

სამთვიან კურსებზე მივემგზავრებოდი ამერიკის დედაქალაქში. ხშირად მიწევს


შტატებში მგზავრობა. ჩვეულებრივ ჯგუფებთან ერთად დავდივარ ხოლმე, ერთკვირიან
მივლინებაში. ახლა კი 97 დღით მივდივარ, სრულიად მარტო. დღეები დათვლილი
მაქვს. დღეს 28 დეკემბერია... ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც მიმტანი მომიახლოვდა და
ჩემი ულამაზესი კერძი მომართვა.

საკმაოდ დიდხანს ვსაუზმობდი. მერე დესერტიც მოვითხოვე. ასე გავიდა დაახლოებით


ორი საათი. ნელ-ნელა ხალხმა თვითმფრინავში ჩასხდომის დერეფანთან – A14-თან
დაიწყო შეკრება. მეც მივედი და რიგში ჩავდექი. A13-დან ნიუ-იორკის რეისი
ჩამოფრინდა. აეროპორტებში მუდამ იმით ვერთობი, რომ ხალხს ვაკვირდები.

დამაინტერესა ნიუ-იორკის ქაოსში გამოვლილი და ვენაში ჩამოფრენილი ხალხის


სახეებმა. განსაკუთრებული არაფერი. მხოლოდ ერთმა ცოლ-ქმარმა მიიქცია ჩემი
ყურადღება. ეჭვიც კი არ გამჩენია, რომ ცოლ-ქმარი იყო. ერთნაირი ხელჩანთები, ერთი
ასაკის, ერთი და იმავე სიმაღლის, ერთი ფერის თმები ჰქონდათ და ზუსტად ერთნაირი
პალტოები ეცვათ. კარგად დავაკვირდი და ამ პალტოებს შორის სხვაობა ვერ ვიპოვე.
ვერც მათ უემოციო სახეებში იპოვიდა კაცი რამე განსხვავებას, ორი უმეტყველო სახე,
ცხვირზე დაბჯენილი ფრჩხილისხელა სათვალეებით.

ცოტა რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ისინი ტყუპ და-ძმას უფრო ჰგავდნენ, ვიდრე
ცოლ-ქმარს. მაღალი გემოვნების და ძვირად შესანახი ცოლი, როგორც ამას ამერიკაში
უწოდებენ. ძვირად შესანახი არა მარტო ქალი იყო, არამედ კაციც. ამაზე მათ ჩანთებზე
გამოსახული ცნობილი ფრანგი დიზაინერის ინიციალები მიანიშნებდა, ორი ასო, რაც,
უმეტეს შემთხვევაში, სიმდიდრეზე მეტყველებს. მოკლედ ეს წყვილი, რომელიც სადღაც
60-65 წელს უკაკუნებდა, პირველი გამოვიდა თვითმფრინავის სალონიდან (რაც ასევე
იმას ნიშნავდა, რომ მათ არასოდეს მოუწევდათ სარეგისტრაციო მაგიდასთან სამი
საათით ადრე მივარდნა, იმიტომ, რომ ისინი Business ან world class– ით მგზავრობდნენ,
რაც ჩანთებზე ამოტვიფრულ ინიციალებზე ბევრად ძვირი ღირს). აეროპორტში ათასი
სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ირეოდა. სხვადასხვა რასის თუ რელიგიის
წარმომადგენელი...

მალე ჩემი რიგი მოდიოდა. ბილეთი ამოვიღე, კონტროლს მივუახლოვდი, შევედი


თვითმფრინავში და წვალებით ნაშოვნი ადგილი მოვძებნე. გაირკვა, რომ ჩემ გვერდით
მდებარე ოთხივე სკამი მე მეკუთვნოდა. ამ ფაქტმა იმდენად გამახარა, მზად ვიყავი,
უკან მჯდომ ინდოელ ქალს მთელი ძალით ჩავხუტებოდი. რა ბედნიერებაა... ჩანთაში
ახლად დაწყებული

წიგნი მედო. გამახსენდა, რომ ძალიან საინტერესო რომანს ვკითხულობდი: ჯონ


აპდაიკი – “ბრაზილია».

კითხვამ ისე გამიტაცა, ვერც კი შევამჩნიე, როგორ ავფრინდით. სასმელები რომ


ჩამოატარეს, ჯინ-ტონიკი შევუკვეთე, ჯერ ერთი, მერე მეორე, მესამე.... მივხვდი, რომ
ჯინ-ტონიკი ტვინს მიხსნიდა და იმდენად მსიამოვნებდა, რომ სახეზე ღიმილი
დამთამაშებდა. სასმელმა თავისი ქნა, ფიქრებმა შორს წამიყვანა, მაგრამ წამით არ
შევჩერებულვარ, წიგნი ფაქტობრივად, შევყლაპე.

– რომელი ქვეყნიდან ხართ? – დამტვრეული ინგლისურით მკითხა უკან მჯდომმა


ბიჭმა.

– საქართველოდან.

– საქართველო გამიგია! – ამაყად მითხრა მან.

– თქვენ საიდან ხართ? – აქცენტი არ მეცნობა, რუსულს წააგავს – ვკითხე მას.

– იუგოსლავიიდან ვარ.

– ააჰ, იუგოსლავია! თქვენს ქვეყანაში ძალიან ლამაზი ხალხი ცხოვრობს.

– მართალია.

– მე იუგოსლავიელი მეგობარი ცოლ-ქმარი მყავს ამერიკაში, ორივეს საკმაოდ


მიმზიდველი გარეგნობა აქვს.

– თქვენ კარგ წიგნს კითხულობთ! – გაეღიმა იუგოსლავიელს.

მივხვდი, რომ ლოყები ამეფაკლა.

საიდან იცის, რა წიგნს ვკითხულობ?

– საიდან იცით რა წიგნს ვკითხულობ?

– რუსული კითხვა შემიძლია. “Бразилия”. – ყველა ენაზე ბრაზილიას ნიშნავს. გზაში


ძალიან გავერთე, სახეზე გაკვირდებოდით. საინტერესოა დააკვირდე ქალს, რომელიც
ისეთ რამეებს კითხულობს, რაც მაგ წიგნში წერია.

ხმა აღარ ამომიღია, ჯობდა გავჩუმებულიყავი. იუგოსლავიელი ბიჭი თურმე


მგზავრობისას ჩემს სახეს აკვირდებოდა და ამით ირთობდა თავს.

თუმცა ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ვიცოდი, მას აღარსად


შევხვდებოდი. ჩანთიდან წალკმენ– ი ამოვიღე და ყურებში გავირჭვე.

– რას დალევთ? ყავას თუ ჩაის? – გამომიყვანა ჩემი ფიქრებიდან სტიუარდესამ.

ყავა დავლიე. სულ მალე თვითმფრინავი ვაშინგტონში, დალასის აეროპორტში დაეშვა.


როგორც კი საზღვარი გადავკვეთე, თავის მოსაწესრიგებლად ქალების ოთახისაკენ
გავემართე. ხელების დაბანისას უკვე მივხვდი, რომ სულ სხვა კონტინენტზე
ვიმყოფებოდი.

– ამერიკააა! – აღმომხდა, არ ვიცი, საიდან, თმა გადავივარცხნე, პომადა წავისვი, ერთი


კიდევ შევუბღვირე ჩემს თავს სარკეში, გვერდზე მდგომ ამერიკელ ქალს გავუღიმე და
გასასვლელისკენ წავედი.

***

როგორც-კი ჰაერზე მოვხვდი, ლურჯ ფორმაში ჩაცმული შავი კაცი მომიახლოვდა და


ბარგის ტაქსამდე მიტანა შემომთავაზა. პასუხად ჩემს საგორავებელ ჩემოდანს ხელი
დავტაცე და ტაქსებისკენ დამოუკიდებლად გავემართე. სამ თვეზე მეტი სასტუმროში
უნდა მეცხოვრა ნიუ-ჯერსის ავენიუზე. წელს ვაშინგტონში უკვე მესამედ ჩამოვდივარ.
ერთსა და იმავე ქუჩაზე მიწევს ცხოვრება, ერთსა და იმავე სასტუმროში.
სარეგისტრაციო მერხთან ჩემი უკვე კარგი ნაცნობი დებორა შემომეგება.

მითხრა, რომ ჩემი ნომერი მეთერთმეტე სართულზე მდებარეობდა. რეგისტრაცია


გავიარე, დებორამ გასაღები გადმომცა და ნომერში ავედი. ოთახში შესვლისთანავე
საწოლზე დავენარცხე და ჩამეძინა. ალბათ, საღამოს რვა საათი იქნებოდა, როცა
გამომეღვიძა. ბნელოდა. სააბაზანოში შევედი, შხაპი მივიღე, თეთრ პირსახოცის
ხალათში გავეხვიე და ჩემოდნის ამოლაგებას შევუდექი. ყველაფერს თავ-თავისი
ადგილი მივუჩინე, ტელევიზორი ჩავრთე და ტახტზე მოვკალათდი.

საჭმელად გარეთ გასვლა დამეზარა და ოთახში შევუკვეთე ვახშამი. ჩემი ხელჩანთიდან


პასპორტი და ბილეთი ამოვიღე და უჯრაში ჩავდე. ტელევიზორის ყურება გავაგრძელე,
მივხვდი, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი. ყველაფერი, რაც ანათებდა, სასწრაფოდ
ჩავაქრე და მალევე ჩამეძინა.

დილის შვიდის ნახევარზე ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.

– დილა მშვიდობისა! მე ჯონ ფლოიდი ვარ! თქვენ ჩემთან ერთად იმუშავებთ მომავალი
სამი თვე. რვა საათისთვის სასტუმროში მოვალ, ერთად ვისაუზმოთ. სწავლების
განრიგი და მუშაობის ცხრილი უნდა გაგაცნოთ.

– მომაყარა ინგლისურად ჯონ ფლოიდმა.

– ჰაი, ჯონ! – სულ ეს იყო, რისი თქმაც მოვახერხე.

– შეხვედრამდე!

– OK, ჯონ!

ღმერთო ჩემო. ეს რა იცის ამ ხალხმა. დილის შვიდის ნახევარზე დამირეკა, მოხსენება


წამიკითხა ტელეფონში, მე კი გაღვიძებიდან დაახლოებით ერთი საათი მუნჯი ვარ.

რვა საათზე პირველ სართულზე ვიყავი დარჭობილი. ჯონ ფლოიდი ისეთი შავკანიანი
ბიჭი აღმოჩნდა, რომ მის დანახვაზე უნებლიეთ გამოვფხიზლდი. საუზმისას გაირკვა,
რომ დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვს საათამდე სამსახურში ყოფნა მომიწევდა.
ნახევარი დღე ბრიფინგებს უნდა დავსწრებოდი, მეორე ნახევარი კი პრეზენტაციის
მომზადების ხელობას დავუფლებოდი.
ექვსი საათის შემდეგ შემეძლო ამერიკული თავისუფლება მეგემა.

ნასაუზმევს მე და ჯონმა გეზი სამსახურისკენ ავიღეთ. ოფისი სასტუმროდან 5-10


წუთის სავალზე იყო. ამერიკელი ინსტრუქტორი ქალის პირველი ბრიფინგის შემდეგ,
ჩემი ოთახი მაჩვენეს. როგორც კი მარტო დავრჩი, კომპიუტერი ჩავრთე და იმეილი
შევამოწმე. რა თქმა უნდა, გაგას წერილი დამხვდა: “იმედია, ყველაფერი კარგადაა!»
პასუხის გაცემაც კი არ მომინდა. სამსიტყვიანი იმეილი...

უცებ საშინლად მოვიწყინე. მივხვდი, რომ ეს სამი თვე ძალიან გაიწელებოდა. დღეს 29
დეკემბერია, ორშაბათი. ორ დღეში ახალი წელი მოდის. მე კი სად ვარ? მარტო ვზივარ
ოფისში, ამ სულელური იმეილების

ამარა. შვიდი საათისთვის სასტუმროში მოვედი. საღამოს კინოში წასვლა დავგეგმე.

რობერტ რედფორდის ახალი ფილმი გადიოდა. კინოში წასვლამდე გადავწყვიტე,


თბილისიდან წამოღებული კონვერტი მომეშორებინა თავიდან. ავკრიფე თუ არა
ნომერი, ქართულმა ხმამ მიპასუხა:

– ალო!

– ალო, ბატონი გიორგი მინდა!

– მე ვარ.

– გამარჯობა, თქვენთვის თბილისიდან ჩამოტანილი კონვერტი მაქვს გადმოსაცემი.

– აა, დიახ. კარგია, რომ დარეკეთ. შემიძლია პირდაპირ იქ მოვიდე, სადაც გაჩერდით.

– ერთ საათში კინოში ვაპირებ წასვლას, მანამდე თუ შეძლებთ მოსვლას –


დაგელოდებით. თუ არა, – სასტუმროში, პირველ სართულზე, სარეგისტრაციო
მაგიდასთან დავტოვებ თქვენს კონვერტს.

– არა, იცით რა? მითხარით, რომელ კინოთეატრში მიდიხართ და მეც იქ მოვალ.

– “დიუპონ სერქალ ხუთში», მეცხრამეტე ქუჩაზე.

– კარგით იმ შესასვლელთან შევხვდეთ, ხელმარჯვნივ დიდი ლომი რომ არის


გამოსახული.

– ათის ნახევრისთვის მოვალ.

– შეხვედრამდე.

– ნახვამდის.

“დიუპონ სერქალ ხუთის» შესასვლელთან ათის ნახევრისთვის მივედი. ის კაცი ჯერ არ


ჩანდა.
„ფლეიერი“ მქონდა ჩართული და ბოლო ხმაზე ვუსმენდი. იქ დავდექი, სადაც
კედელზე უზარმაზარი ლომი იყო გამოსახული ერთ მხარეს, მეორე მხარეს კი – რობერტ
რედფორდი. უცბად წინ უცხო ადამიანი დამიდგა და რაღაც მითხრა, დაბნევაც კი ვერ
მოვასწარი, ისე მოვიხსენი ყურსასმენები და მიმიკით ვანიშნე, გაემეორებინა ნათქვამი.

– გამარჯობა!

– აა, გამარჯობათ!

– ელენე თქვენ ხართ ხომ?

– მე ვარ – გავუღიმე ჩემს წინ მდგომ მამა-კაცს.

– მგონი არ დამიგვიანია.

– არა!

– გიორგი!

– ლენუ მქვია – ელენეს მხოლოდ მასწავლებლები მეძახდნენ და კიდევ ამერიკელები –


Helen -ს!

– ძალიან ლამაზი სახელია! – გაეღიმა გიორგის.

– გმადლობთ...

– ფილმის ნახვას აპირებ?

– დიახ.

– მარტო ხარ?

– დიახ.

– მაშინ თუ წინააღმდეგი არ იქნები, მეც ვნახავ ამ ფილმს შენთან ერთად. საქმე არაფერი
მაქვს, თან დავილაპარაკებთ, თბილისის ამბებს მომიყვები.

– აუცილებლად.

– რობერტ რედფორდი ჩემი საყვარელი მსახიობია.

– მართლა? მგონი კარგი ფილმი უნდა იყოს – ვეცადე გამომესწორებინა ჩემი


“ოთხასოიანი» პასუხები.

– იმედია. დამელოდე, ბილეთებს ავიღებ და შევიდეთ.

– კარგი.
ჩემს თავზე გავბრაზდი. რამ დამამუნჯა? ისე მოვიქეცი, თითქოს სიცოცხლეში
პირველად ველაპარაკებოდი ცოცხალ ადამიანს.

გამაშტერა ამ კაცის გარეგნობამ და იმ სითბომ, რომელიც მისგან მოდიოდა, მისმა


უშუალობამ, ჩაცმულობამ და ხმამ.

გამხდარი იყო, ხორბლისფერი კანი ჰქონდა და ჩალისფერი, ოდნავ გახუნებული თმა,


გრძელი, გაწელილი მომწვანო თვალები და ყურებამდე გასული პირი. განიერ მხრებს
ყავისფერი ველვეტის პიჯაკი უფარავდა. შავი შალის შარვალი ეცვა და კაშნე ეკეთა.
სალაროსკენ რომ წავიდა, მის ზურგს გავაყოლე თვალი, ერთი გამომხედა და გამიღიმა.
მალე ბილეთებით ხელში დაბრუნდა და კინოთეატრში შევედით. სეანსის დაწყებამდე
კაფეში დავსხედით.

– რა ხდება სამშობლოში? – მკითხა გიორგიმ.

– არეულობაა, – არ ვიცი, რა ვიგულისხმე “არეულობაში», მაგრამ იმედია, ყველაფერი


დალაგდება, – კიდევ ერთი უაზრო წინადადება... – თქვენ რას საქმიანობთ
ვაშინგტონში?

– უკვე ცხრა თვეა, აქ ვარ.

– ბიზნესი?

– ჰო, რაღაც მაგდაგვარი. მოდით, ჩემს საქმეებზე ნუ ვილაპარაკებთ, ისედაც ყელამდე


ვარ ამერიკელ თანამშრომლებთან ურთიერთობის გარკვევით. უკვე გადამიყვანეს
ჭკუიდან. სულ სხვა მენტალიტეტი აქვთ. ცოტა დამღალეს, – გამიღიმა. – მესმის თქვენი.

– რამდენ ხანს გაჩერდები აქ?

– სამ თვეზე მეტი.

– ძალიან კარგი. ამ ქალაქში ბევრი კარგი ადგილი ვიცი, აუცილებლად გაგიზიარებ,


უფრო სწორედ, განახებ, რაც მომწონს....

– მგონი ფილმი იწყება, – ვთქვი და წამოვდექი.

ფილმი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული იყო. როდესაც დამთავრდა, ქუჩას ერთად


გავუყევით.

– დაკვირვებული ვარ, კინოდან რომ გამოვდივარ, ყოველთვის მშია, – მითხრა გიორგიმ.

– მართლა?

– არ გშია?

– მგონი, კი.
– წავიდეთ, ვივახშმოთ – ერთი კარგი ადგილი ვიცი.

– გვიან ხომ არ არის?

– მთავარია, რომ რესტორნებია ღია, თორემ ისე, როცა რამის გაკეთება გინდა, გვიან
არასოდეს არ არის. დაიმახსოვრე!

მინდოდა თუ არა უცხო ადამიანთან ერთად ვახშმობა – არ ვიცოდი. ყველაზე


საინტერესო ის იყო, რომ მას ჩემთან ერთად კიდევ მინიმუმ საათნახევრის გატარება
სურდა. რატომ? ვეცადე, რაც შეიძლება სწრაფად მომეძებნა პასუხი: იმიტომ, რომ
ნოსტალგია აქვს? – ნუთუ იმდენად ვაგონებ სამშობლოს, რომ თუნდაც საათნახევრით
გავუქრობ ნოსტალგიის გრძნობას? იქნებ მარტოობა აქვს მობეზრებული? ან ისეთი
ადამიანია, ვისაც მარტო არ უყვარს ჭამა და ნებისმიერ ნაცნობს რესტორანში
ეპატიჟება? ხომ შეეძლო, უბრალოდ, კონვერტი გამოერთმია, ორი სიტყვით გამოეკითხა
თბილისის ამბები და წასულიყო. მაგრამ, ასე

არ გააკეთა. წავყვე?..

– რა თქმა უნდა, წამოვალ, მართლაც მომშიებია!

– კარგია.

– სად წავალთ?

– ერთი ადგილი ვიცი.

– ხორცი გიყვარს?

– ძალიან!

– მომწონს ქალები, ვისაც ხორცი უყვარს!

– მე კიდევ მგონია, რომ ქალს უფრო პიკანტური ჭამა უხდება.

– ვერ დაგეთანხმები. ქალს ძალა სჭირდება, ბევრი რამისთვის – გაეღიმა – მოკლედ,


კარგია, თუ ჭამა გიყვარს.

– მაშინ წავიდეთ იქ, სადაც ამბობ.

– ნახავ, აუცილებლად მოგეწონება! მენდობი?

– რატომღაც კი, – გავუღიმე.

ტაქსი გააჩერა, ჩავსხედით. ჯიბიდან ბარათი ამოიღო და მძღოლს მიაწოდა. მანქანა


გადანათებულ ავენიუებზე მიქროდა. მე იქით მხარეს ვუყურებდი ქუჩას, საითაც
გიორგი იჯდა. შიგადაშიგ მის ულამაზეს პროფილს ვაპარებდი თვალს. სად მოვხვდი? –
გავიფიქრე ჩემთვის.
ამ უშველებელ ქალაქში, სრულიად მარტო, უცხო კაცთან ერთად. უცებ ჩემი თავი
შემეცოდა. მაგრამ სულ მალე ეს გრძნობა სიამაყემ შეცვალა. მხრებში გავსწორდი და,
ამდენი რომ არ მეფიქრა, გამოველაპარაკე:

– მალე მივალთ?

– ორ-სამ წუთში, – დამაჯერებლად და წყნარად მიპასუხა გიორგიმ, ისე, რომ ჩემკენ არც
გამოუხედავს.

მანქანა ვისკონსინის ავენიუზე მდებარე იაპონურ რესტორანთან გაჩერდა. კედელზე


იაპონური სტილის ინგლისური შრიფტით ამოტვიფრული წარწერა ამოვიკითხე:
“Sushi– Ko».

– არც გკითხე, გიყვარს თუ არა იაპონური სამზარეულო?

– მიყვარს.

დავსხედით და წითელ კიმონოში გამოწყობილი, სახეზე ღიმილგაჩერებული იაპონელი


გოგონა გვეახლა.

– თევზი გიყვარს? – მკითხა გიორგიმ.

– მიყვარს.

– მაშინ, თუ ნებას დამრთავ, მე შევუკვეთავ.

– OK! – ვუპასუხე მოკლედ. მანამდე მკითხა, ხორცი გიყვარს თუ არაო? ისე მკითხა,
ვიფიქრე ამერიკული სტეიკის საჭმელად მივდიოდით. ახლა მეუბნება, თევზი უნდა
შევუკვეთოო. ალბათ მერყევი ხასიათი აქვს...

– მე წყალს დავლევ, – ვუთხარი ოფიციანტს, რომელიც უკვე იმდენი ხანი იდგა


თავდახრილი, რომ კითხვის ნიშანს დამსგავსებოდა.

როდესაც შეკვეთა დასრულდა, უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.

მუსიკა ისმოდა, ისიც იაპონური. რესტორანს საკმაოდ ლამაზი დიზაინი ჰქონდა. ისევე,
როგორც თითქმის ყველა იაპონურ რესტორანში, აქაც ნატურალური ფერი ჭარბობდა.
ქვის მაგიდები და ბამბუკის ტახტები ლამაზ გეომეტრიულ მწყობრში იდგა. კედელს
უზარმაზარი მარაო ფარავდა, ზედ იეროგლიფებით რაღაც იყო ამოტვიფრული. ამ
მარაოს ჩავაშტერდი და თვალს არ ვაცილებდი.

– იეროგლიფების კითხვა იცი?

– არა, ნამდვილად არ ვიცი. მგონი ვერც ვერასოდეს ვისწავლი.

– რატომ, იქნებ ოდესმე თავში რაღაცამ დაგარტყას, გაგიტაცოს აღმოსავლურმა


დამწერლობამ და რა თქმა უნდა, იაპონური იეროგლიფების სწავლასაც შეძლებ.
– არა მგონია, ისე მაგრად დამარტყას რამემ თავში, რომ მანდამდე მივიდე. ამ
რესტორანს ლამაზი დიზაინი აქვს. მომწონს ზოგჯერ მინიმალისტური სტილი.

– აღმოსავლური დიზაინი უფრო მარტივი, მკვეთრი და გრაფიკულია. თეთრი და შავი –


მათი ფერებია. სიმარტივის ფილოსოფია – ძალიან საინტერესოა. არც ვიცი, რატომ ჰქვია
ამ ფილოსოფიას ასეთი უბრალო სახელი – “სიმარტივე».

სიმარტივე ხანდახან ძალიან რთული გასაგებია, არა? განსაკუთრებით აღმოსავლური.


ხანდახან მათ ორ სიტყვაში იმდენ რამეს ამოიკითხავ, რასაც დასავლეთში, ზოგ
შემთხვევაში, ტრაქტატებს უძღვნიან.

იაპონელი გოგონა მოგვიახლოვდა და დასალევი მოგვიტანა. მე – წყალი, გიორგის –


ცივი, უშაქრო ჩაი. მალე მოიტანეს სხვადასხვანაირი სუში, სობა – იაპონური ლაფშა და
ერთი დიდი კერძი, რომელსაც “იაკიზაკანა» ერქვა. ეს იყო გრილზე შემწვარი თევზის
ნაირსახეობა. ბოლოს ჩაი დავლიეთ და წამოვედით.

გარეთ გიორგის მადლობა გადავუხადე და არჩევანი შევუქე.

– მიხარია, თუ მოგეწონა.

– ტაქსს გავაჩერებ და სასტუმროში დავბრუნდები, – თითქოს გავაფრთხილე გიორგი.

– შენ აუცილებლად მოხვდები სასტუმროში, სულ მალე, ოღონდ მე მიგიყვან.

– გმადლობთ, – ვთქვი და ტაქსის გაჩერებამდე იმას ვფიქრობდი, რომ აი, აქ კი


დამთავრდებოდა ჩემი ერთდღიანი ნაცნობობა.

ტაქსი გავაჩერეთ და საუბარი გაგრძელდა:

– ესე იგი, შენი საყვარელი მსახიობი რობერტ რედფორდია? – მკითხა მან.

– არა, რობერტ რედფორდი მომწონს და ერთგვარად პატივს ვცემ. ის შედარებით


უფროსი თაობის მსახიობია.

ჩემი საყვარელი მსახიობი მამაკაცი კი ეთან ჰოუკია. და კიდევ ჩარლი ჩაპლინი მიყვარს
ძალიან.

– გასაგებია.

ესე იგი, რობერტ რედფორდმა შენი პატივისცემა და მოწონება ერთდროულად


დაიმსახურა. არ ვიცი, რა დაიმსახურა ჩარლი ჩაპლინმა, მაგრამ ეთან ჰოუკი?! ის,
ალბათ, როგორც მამაკაცი, ისე მოგწონს?

– ალბათ. ამავე დროს, რობერტ რედფორდიც ძალიან მომწონს, როგორც მამაკაცი,


მაგრამ ერთგვარი რიდი მაქვს მის მიმართ – გავიხუმრე მე, – ეთანი უფრო ჩემი
შესაფერისი ბიჭია და თან იმიტომ მომწონს, რომ წერს, მწერალია, იცოდი?
– არა, არ ვიცოდი, – გაეღიმა გიორგის, – კარგი, აი, ვთქვათ, რობერტ რედფორდმა

და შენმა ეთან ჰოუკმა ერთდროულად დაგპატიჟეს კლუბში, რომელს აირჩევდი?

– ერთ დღეს?

– ჰო, აი, მოხდა ისე, რომ ერთ დღესაც ორივე გეპატიჟება პაემანზე, – გაეღიმა გიორგის.

– ალბათ, რობერტ რედფორდს წავყვებოდი.

– აბა, ეთანი უფრო მომწონსო?

– მომწონს, მაგრამ რობერტ რედფორდთან უფრო საინტერესო იქნებოდა საუბარი. მას


მეტი ექნება გამოცდილი და ნანახი.

– წარმოგიდგენია, მძღოლს ჩვენი საუბარი რომ ესმოდეს, სასტუმროს ნაცვლად


აუცილებლად საგიჟეთში გაგვაქანებდა, – კვდებოდა სიცილით გიორგი. მეც გულიანად
მეცინებოდა, ჩვენს უაზრო, დროის გასაწელ საუბარზე.

სასტუმროსთან რომ მივედით, გიორგი მანქანიდან გადმომყვა.

– აქ შეცილება ნამდვილად ზედმეტ პრანჭვაში ჩამეთვლება, – თქვა მან.

– დიდი მადლობა!

– რაღაც კარგი საღამო იყო, არა?

– ჰო, – ვუთხარი, შემოვტრიალდი და სასტუმროში შესვლა დავაპირე.

– ესე იგი, მაინც რობერტს ირჩევ? – მომაძახა გიორგიმ.

– უნდა ვიფიქრო, მერე გული რომ არ დამწყდეს.

– გასაგებია! – თქვა და ტაქსისკენ წავიდა.

***

რაზე ვფიქრობდი უკან დაბრუნებული? რა თქმა უნდა, ძალაუნებურად, მასზე. ოთახში


კომპიუტერი არ მქონდა, ბიზნეს-ცენტრში შეიძლებოდა იმეილის შემოწმება, მაგრამ
ქვემოთ ჩასვლა დამეზარა. ნეტავ რა უნდოდა გიორგის? შხაპს მივიღებ და მერე
ვიფიქრებ...

ტელევიზორი ჩავრთე და სააბაზანოში შევედი. ცხელმა წყალმა მომთენთა. უკვე ღამის


სამი საათი ხდებოდა, არ მეძინებოდა, მაგრამ სიამოვნებით ჩავწექი ჩემს გემრიელ
საწოლში. მაინც რა იყო ეს – არაფერიც არ ყოფილა! ჩვეულებრივი გაცნობა, რომელსაც
არაფერი მოჰყვება. მე გაგა მყავს. გაგა რომ არ არსებობდეს, მაინც აბსურდია ამ
ადამიანზე ფიქრი, ალბათ ჩემზე ბევრად უფროსია, თუმცა ასაკი რა შუაშია... ჩამეძინა.
დილას, სამსახურში წასვლამდე, სასტუმროში ვისაუზმე.

გარეთ ძალიან თბილოდა, მზე უკვე ამოსულიყო და ჰაერის დათბობა მოესწრო.


სამსახურში მალე მივედი. ბრიფინგს მოვუსმინე, მერე კრებას დავესწარი. გვითხრეს,
რომ პირველ და ორ იანვარს დასვენება იყო. ხვალ უკვე ახალი წლის ღამეა. მთელი
ოთხი დღე ვარ თავისუფალი და წარმოდგენა არა მაქვს, რა უნდა ვაკეთო. უცებ
საშინლად მომინდა სახლში, ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. გაგაააააააა! –
აღმომხდა სასოწარკვეთით. ჩემს ოთახში შევედი და იმეილი შევამოწმე. ახალი იმეილი
არ იყო. საშინლად გავბრაზდი, ავიღე ტელეფონი და გაგას დავურეკე:

– ალო?

– ალო კი არა, რას ნიშნავს ის, რომ სულ სამსიტყვიან იმეილებს მწერ?!

– ვაა, ლენუკ! როგორა ხარ, როგორ?

– ისე, რა.

– რა «ისე რა», ამერიკაში შენ ხარ და “ისე რას» ამბობ?

– ამერიკაში მე ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარაფერი უნდა მომწერო.

– რომ მოგწერო, რა აზრი აქვს, მაინც ვერ ჩაგეხუტები.

– ეგ აზრი როდის აქეთ ჩაიდე თავში?

– რა, რეალობაა!

– რეალობა სხვა რამეა.

– რა?

– ის, რომ მე მარტო ვარ ამ სიშორეზე და შენ იმეილის წერაც კი გეზარება.

– კი მაგრამ, გუშინ შენ თვითონ არ მომწერე პასუხი.

– იმიტომ, რომ შენი იმეილი სამი სიტყვით შემოიფარგლებოდა.

– რა დაგემართა, ჩემო კარგო, ადრე არასოდეს ყოფილხარ ასეთი აგრესიული. ამერიკაში


ხომ არ გაგაბრაზა ვინმემ? – გამეხუმრა გაგა.

– არა, არა... მომიყევი როგორა ხარ? – უცებ მოვლბი მე.

– როგორ უნდა ვიყო, წახვედი მაგ ამერიკაში და დამტოვე მარტო ამ ახალ წლებზე.

როგორ ვიქნები?

– არა, მარტო მე ვარ, აქ. შენ შენიანებთან ერთად მაინც შეხვდები.


– რას იზამ. არ ინერვიულო, სამი თვე მალე გაივლის.

– კარგი, გკოცნი, უფრო გრძელი იმეილები დამიწერე ხოლმე, კარგი?

– კარგი, ჩემო ძვირფასო.

– ხვალ დაგირეკავ.

– გაკოცებ.

– მეც.

საღამოს სასტუმროში მივედი. გზაზე ჟურნალები, მექსიკური ჩიფსები და კოკა-კოლა


ვიყიდე. სახლში პიჟამო ჩავიცვი და ტახტზე გემრიელად მოვკალათდი. ერთი საათი
ვათვალიერე ჟურნალები და მივხვდი, რომ მშიოდა. ის იყო, უნდა წამოვმდგარიყავი,
კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა.

საჭვრეტში გავიხედე. კართან ის ბიჭი იდგა, სასტუმროებში “ვალეტს” რომ ეძახიან.


კარი გავაღე. “ვალეტი” მიღიმოდა. ხელში საშუალო ზომის ყუთი ეჭირა. მომაწოდა –
გამოვართვი.

– ეს თქვენ, მემ!

– რა არის? – შევეკითხე მას.

– არ ვიცი, ქვემოთ ბიჭმა მოიტანა.

– ვინ ბიჭმა?

– არ ვიცი, მემ.

– დამელოდეთ, – ვუთხარი, სასწრაფოდ საფულე მოვძებნე, ხუთდოლარიანი ამოვიღე


და მივაწოდე – მითხარით, როგორ გამოიყურებოდა ის ბიჭი?

– ახლავე მემ, მოითმინეთ, ზუსტად გავიხსენო.

ჰო, იასამნისფერი ჯინსი ეცვა, ზევიდან წითელი პერანგი და წითელი შალის პალტო.
შეღებილი გრძელი, ყვითელი თმა

ჰქონდა.

– მატყუებთ, არა? – შემეცვალა სახე.

– არა, მართლა ასე გამოიყურებოდა. ჩვენ არასოდეს ვატყუებთ სტუმრებს. ერთ რამესაც
დავამატებ, მემ – მგონი ის ბიჭი “ცისფერი» იყო – დაბალი ხმით გამანდო საიდუმლო
“ვალეტმა».
– კარგი, გმადლობთ, – ვუთხარი და კარი მივხურე.

ყუთი მაგიდაზე დავდე. სანამ გავხსნიდი, გავიფიქრე – “ნეტავ რა დევს ამ ყუთში?» ან


ვინ შეიძლება ყოფილიყო ის “ცისფერი» ბიჭი? რას არ იფიქრებ ქალი, როცა საჩუქარს
ხსნი? ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სასაცილო და ყველაზე მოულოდნელი საჩუქარი
იყო. ყუთში რობერტ რედფორდის თოჯინა იჯდა.

ხელში ბარათი ეჭირა: “გილოცავთ! ხვალ ახალი წელია! ოთხი ღამით ნიუ-იორკში ხომ
არ წამობრძანდებით? პასუხისთვის, მხოლოდ რამდენიმე წუთი გაქვთ!» – ეს
ყველაფერი ქართულად ეწერა. ჩემი ბუნებრივი რეაქცია არაბუნებრივი სიცილი იყო. არ
მჯეროდა, რომ ამ ასაკში, კაცები ასე ირთობდნენ თავს. იმაზე, რაც ბარათში ეწერა,
თავიდან ყურადღება არ გამიმახვილებია, უფრო თოჯინამ დამმართა ნამდვილი
ისტერიკა. ესეც შენი რობერტ რედფორდი, – გავიფიქრე. უცებ შინაგანად ავფორიაქდი.
რატომ მაინდამაიც მე? რატომ მეპატიჟება ბატონი რობერტი ნიუ-იორკში? ეს ფორიაქი
დიდხანს გაგრძელდა.

ამ შემოთავაზებაზე, რა თქმა უნდა, უარს ვიტყვი... უცხო კაცთან ერთად ნიუ-იორკში


არ წავალ, ეგ ხომ მაინც ვიცი, დანამდვილებით.

იმდენად ვიცნობ ჩემს თავს. ვიცი, არსად წამსვლელი არა ვარ. ამ ფიქრებში ვიყავი,
ტელეფონმა რომ დარეკა.

– ალო, გამარჯობათ, ქალბატონი ლენუ (ფრანგული აქცენტით წარმოთქვა ჩემი სახელი)


ბრძანდებით?

– გამარჯობათ, ბატონო რობერტ! – სიცილს ვერ ვიკავებდი, თან იმაზე ვფიქრობდი,


საიდან მქონდა ამდენი სითამამე, რომ კაცს, რომელსაც თითქმის არ ვიცნობდი, აი, ასე
ვეთამაშებოდი.

– პასუხი მჭირდება!

– რისთვის?

– იმისთვის, რომ ორი ნომერი დავჯავშნო. სასტუმროები ძალიან გადატვირთულია


ნიუ-იორკში, ახალი წელია მაინც...

– კი მაგრამ, მე არაფერი მომიფიქრებია.

– რად უნდა იმას ბევრი ფიქრი, როდესაც ხვალ ახალი წელია და თან ნიუ-იორკი სულ
რაღაც ხუთი საათის სავალზეა აქედან.

– არა, ეგ არაფერ შუაშია, ჩემთვის არ არის ადვილი... ეს ყველაფერი გაცილებით


რთულია...

– რთული? მგონი უნდა დათანხმდეთ, თორემ ბატონი რობერტი განრისხდება და


აღარსად დაგპატიჟებთ, – იცინოდა გიორგი.
ხმას არ ვიღებდი, ტელეფონი ლოყაზე მიმეყინა.

– კარგი, სიჩუმე თანხმობის ნიშანია. დილით გამოგივლი სასტუმროში, ათი


საათისთვის, ქვემოდან დავრეკავ. მზად იყავი. ნიუ-იორკი მაგარი ქალაქია.

ჩემი მეგობრები არიან იქ და საღამოს ახალ წელს მათთან ერთად შევხვდებით. ახლა კი
წყნარად დაიძინე, ხვალ მგზავრობა გელის მაინც... – და ყურმილი დაკიდა. არა, ეს
სიჩუმე არ ნიშნავდა თანხმობას, მე არა ვარ თანახმა! არ წავალ! სარკეში ჩავიხედე, ფერი
არ მედო სახეზე. ღმერთო, როგორ ავირიე, მაგრამ როგორ მინდა ხვალ დილას
მატარებელში ჩაჯდომა, ნიუ-იორკში გამგზავრება და არევა. ასე ხომ მარტო ფილმებში
ხდება. ლამაზ ამერიკულ ფილმებში.

მაგრამ არც ერთ ფილმში, არავინ და არსად არ დაუპატიჟია პატარა თოჯინას,


რომელიც აგერ წინ მიდევს და ისე საწყლად მიყურებს, რომ მგონი, უარი არ უნდა
ვუთხრა. არა! ეს არ არის ჩვეულებრივი შემოთავაზება. ეს არ ჰგავს იმას, როგორი
ცხოვრებითაც მე ვცხოვრობ. ეს არ ჰგავს გაგას არც ერთ დაპატიჟებას, ან რომელიმე იმ
ბიჭის დაპატიჟებას, ვისაც ადრე მოვწონებივარ ან მომწონებია. კი, მაგრამ მას მე არ
მოვწონვარ! საიდან მოვიტანე?! არ შეიძლება მოეწონო ადამიანს, რომელთანაც სულ
რაღაც ოთხიოდე საათი გაქვს გატარებული. მორჩა, მეტს აღარ ვიფიქრებ, ვერ წავალ!
გადაწყდა! თან გაგას რას ვეუბნები? მას ხომ ჩემი საქციელი ნამდვილად არ მოეწონება?
ასეთი რამის გამო, შეიძლება გაგა დავკარგო კიდეც, რატომ წავალ ისეთ რამეზე, რაც
ჩემსა და გაგას ურთიერთობას საფრთხეში ჩააგდებს? ეს არ მოხდება... მაგრამ ზუსტად
თხუთმეტ წუთში ჩემი ბორბლებიანი ჩემოდანი გამოვაგორე კარადიდან და
ტანსაცმლის გაუთოებას შევუდექი.

ამ სურვილს ვერაფრით მოვთოკავდი, მარტო იმიტომ, რომ არ მსურდა


წინააღმდეგობის გაწევა... მერე კი საერთოდ ვეღარ დავიძინე. მხოლოდ ერთ რამეზე
ვფიქრობდი. სადღაც ორი საათის ჩაძინებული ვიქნებოდი, ტელეფონმა რომ დარეკა.

– ლენუკ, ჩემო საყვარელო, გილოცავ. არ მოიწყინო, გთხოვ. შენი ხათრით ახალი წლის
ღამეს სახლში ყოფნა და ტელევიზორის ყურება გადავწყვიტე...

– მომაყარა გაგამ.

– გაგა... როგორა ხარ? რომელი საათია? რას მილოცავ?

– ახლა აქ ოთხი საათია, შუადღეა. გაგაღვიძე? დღეს 31 დეკემბერია.

– ჰო, გამაღვიძე.

– მერე რა, რომ გაგაღვიძე? ჩემი გულისთვის, რომ გაიღვიძო, არაფერი გიჭირს.

– შენც გილოცავ, ბედნიერი იყავი!

– შენთან ერთად, ლენუკ.

– აჰა...
– აუ,

ნუ ხარ, რა, ასეთი მოწყენილი. ბოლოს და ბოლოს ახალ წელს ხომ არ მთავრდება
ყველაფერი არა? პირიქით, ყველაფერი ახლა იწყება.

– ჰო, მართალი ხარ, – გაგასთვის მინდოდა მეთქვა, რომ ახალი წლის შეხვედრა ნიუ-
იორკში გადავწყვიტე...

– ლენ, წავედი, გავიქეცი და აბა, ბედნიერ ახალ წელს, გკოცნი, მენატრები.

– შენც ასევე, – მეტი ვეღარაფერი ვთქვი.

ისევ ჩამეძინა.

სულ მალე ისევ გამაღვიძა ტელეფონის ზარმა.

– დილა მშვიდობისა, ქალბატონო ჰელენ!

– უკვე მოხვედი?

– არა, ჯერ მხოლოდ რვა საათია.

– აჰ...

– იმიტომ გირეკავ, რომ შემთხვევით არ ჩაგეძინოს.

– ჰო...

– ათზე მანდ ვარ. ქვემოდან დავრეკავ.

– კარგი.

ავდექი და სააბაზანოში შევედი. საიდანაც ისეთი გამოფხიზლებული დავბრუნდი, რომ


კანში ვერ ვეტეოდი. თმა გავიშრე, ჩავიცვი, წვრილმან ნივთებს თავი მოვუყარე და
დავჯექი.

ასე ვიჯექი და ტელეფონს დავყურებდი, სანამ არ დარეკა.

– ალო!

– გელოდები, ქვემოთ ვარ.

– ჩამოვდივარ, – ჩემოდანი და ჩანთა ავიღე და ოთახს საცოდავი მზერა მოვავლე.


“ნეტავი უკვე დაბრუნებული ვიყო და მთელი ეს არეულობა უკან მქონდეს
მოტოვებული». – გავიფიქრე და ლიფტისკენ გავემართე. ის სკამზე იჯდა და
ფოტოაპარატს უჩხიკინებდა.

– გამარჯობა, – დავუდექი წინ.


– მზად ხარ მგზავრობისთვის? – მკითხა მან.

– ისე რა!

– მომეცი ჩემოდანი. აპარატი დამიჭირე.

წავედით.

სასტუმროდან გამოვედით თუ არა, ისევ გამეყინა ყველაფერი. ასეთი გადაუწყვეტელი


არასოდეს ვყოფილვარ. ერთი მომენტი ისევ ვიფიქრე, გიორგის ბოდიშს მოვუხდი და
უკან დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ ვერ მოვახერხე. გვერდზე მივყვებოდი მამაკაცს,
რომელსაც წესიერად არც ვიცნობდი, უფრო სწორად, საერთოდ არ ვიცნობდი. სად
მივყვებოდი, ვიცოდი – გადარეულ ქალაქში. მაგრამ არ მქონდა არანაირი
წინათგრძნობა, რა შეიძლება მომხდარიყო იქ.

აი, ასე ბრმად მივყვებოდი ჩემთვის უცნობ სილუეტს და რატომღაც ვენდობოდი მას.
მატარებელში ცოტა დავწყნარდი, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. გიორგიც დუმდა. ბოლოს
მკითხა:

– ლენუ, რაღაც ხასიათზე ვერა ხარ, ჰო?

– ჰო.

– რატომ, მომიყევი რა მოხდა?

– შენ მომიყევი მაგ ფოტოაპარატზე. “ნიკონ»-ს კარგი აპარატები აქვს. ერთხელ, მთაში
ყოფნისას, იმდენი ფოტო გადავიღე, რომ ვათვალიერებ, ასე მგონია, ფილმს ვუყურებ
ხოლმე.

– მოყვარული ხარ, თუ ნასწავლი გაქვს ფოტო საქმე?

– არა, უბრალოდ, მიყვარს ფოტოების გადაღება.

– მეც მოყვარული ვარ, მაგრამ ასე მგონია, მოწოდებით ფოტოგრაფი ვარ.

ჩვენს გვერდით შავკანიანი გოგონა იჯდა, ხელში ბავშვი ეჭირა და ცდილობდა ეჭმია.
უკან მჯდომმა ქალმა დაახლოებით ასჯერ დააცემინა.

– გადავსხდეთ – მითხრა გიორგიმ – მგონი, ამ ქალს ატიპური პნევმონია აქვს.

სიცილით კინაღამ დავიხრჩვი. გიორგი შავკანიან ბავშვს ეთამაშებოდა და ფოტოებს


უღებდა, მე ვნერვიულობდი... ხუთი საათისთვის უკვე ნიუ-იორკში ვიყავით. მივედით
სასტუმროში, – 39-ე ქუჩაზე.

ოთახების გასაღებები რომ მოგვცეს, განვცალკევდით. ცოტა დავისვენე, მერე კი


ავფორიაქდი. რვა საათი გახდა, გიორგი არ რეკავდა. მე თვითონ ხომ არ დავურეკო?
არა, მოცდა სჯობს. ჩემოდანი ამოვალაგე და საახალწლო კაბა სკამზე გადავფინე.
ტელფონი არა და არ რეკავდა. ასე შესრულდა ათი საათი.

მალე კარზე კაკუნი გაისმა:

– ვინ არის?

– ლენუ, მე ვარ.

– შემოდი, – გავუღე კარი და თავი დავხარე, არ მინდოდა შეემჩნია, რომ მისი მოსვლა
ასე გამეხარდა.

– მზად ხარ?

– რისთვის?

– კლუბში მივდივართ. თორმეტის ნახევრისთვის იქ იკრიბებიან ჩემი ახლობლები.


ჩაიცვი და ჩამოდი. ქვემოთ დაგელოდები.

– კარგი, მალე ჩამოვალ.

– ნუ იჩქარებ, ჯერ დრო გაქვს, – ეს თქვა და გავიდა.

– გიორგი! – მივაძახე გარეთ გასულს, – საშინლად კარგად გამოიყურები.

– მართლა? – თქვა და ლიფტის წინ დაკიდებულ სარკეში ჩაიხედა.

კმაყოფილმა გაუღიმა საკუთარ თავს და პერანგის საყელო შეისწორა, – გმადლობთ.

მარტო დავრჩი თუ არა, ხალათი გავიძრე და სკამზე გადაკიდებული კაბა ჩავიცვი.


წითელი აბრეშუმის კაბა იყო. გაგას საყვარელი ფერია, – გავიფიქრე ჩემთვის. არა,
ვერსად წავალ. მოდი, ბოდიშს მოვუხდი, ვეტყვი, რომ თავი ამტკივდა საშინლად.... სად
ვარ? – უცხო კაცთან ერთად ახალი წლის შესახვედრად მივდივარ, თან ნიუ-იორკში.

ყველაფერი თითქოს სპონტანურად ხდება. სპონტანურად შეიძლება მაღაზიაში


წახვიდე, გაისეირნო... რატომ მაინცდამაინც მე? როდის მივიღებ პასუხს ამ კითხვაზე.
ეს კაბა ძალიან ლამაზია. ზუსტად ჩემს ტანზეა შეკერილი. ახლა ქვემოთ უნდა ჩავიდე,
სადაც ის მელოდება. ქვემოთ რომ ჩავედი, გიორგიმ შემომხედა და მითხრა:

– იმიტომ ვიღიმები, რომ მომწონხარ.

– გმადლობთ.

– წავედით.

რა უნდა იყოს ამ ქვეყანაზე იმაზე სამწუხარო, ახალი წლის ღამეს, წითელ


კაბაში გამოწყობილი, მსოფლიოს ცენტრში, როცა გგონია ცა სადღესასწაულო
ფეიერვერკების ელვარებისგან და გრუხუნისგან თავზე ჩამოგემხობა, – ფეხები უკან
გრჩება, შინაგან კანკალს ვერ აჩერებ და თავს ძლივს იკავებ, რომ არ მოწყდე
ადგილიდან და არ გაიქცე. მაგრამ ახლა გაქცევა ყველაზე ბანალური და უაზრო
საქციელი იქნება.... რაც არის – არის. სამ წუთში ნიუ-იორკის სადღესასწაულო
აგრესიით შეპყრობილ მასას შევუერთდი და ბოლომდე ამ როლში შესვლა ვცადე.

თორმეტს ათი წუთი აკლდა, კლუბ “ლოტუსში» რომ მივედით. იქ მყოფი საზოგადოება
უკვე საახალწლო ნოტაზე დაგვხვდა აწყობილი. გიორგის მეგობრები: ესპანელი ცოლ-
ქმარი, ამერიკელი პარტნიორი – ასევე ცოლით, ორი ფრანგი მარტოხელა მამაკაცი, და
ჰოლანდიელი ქალი.

– Happy New Year, Mister George!

– Happy New Year, Mister Alekhandro! – ესპანელი წამოდგა და ხელზე მაკოცა – კეთილი
იყოს თქვენი მობრძანება. დღეს ნებართვა ავიღე, რომ ეს წვეულება ესპანური
ტრადიციების დაცვით წარიმართოს. იმედია, არაფერი გექნებათ საწინააღმდეგო.

– მშვენიერია! გაიცანით ჰელენ, ჩემი მეგობარი, – თქვა და თვალებში შემომხედა. ყველა


იღიმოდა, ერთმანეთს ახალ წელს ვულოცავდით, კაცები შამპანურით სავსე ჭიქებს
გვაწვდიდნენ, ალეხანდრომ პატარა ტომრები ჩამოგვირიგა, შიგ ჯინჯილები,
საახალწლო წვიმებისგან გაკეთებული პარიკები, ნიღბები და ესპანური დასაკრავი
ინსტრუმენტები ეწყო. ეს ყველაფერი წამში ჩამოვიცვით, დასაკრავები ავაჟღრიალეთ და
შამპანურის ჭიქები მივუერთეთ ერთმანეთს.

– ორი წუთი დარჩა, – არ ცხრებოდა ესპანელი, – ყურძენი გამომართვით, 12 მარცვალი


უნდა შეჭამოთ, საათის თითო შემოკვრაზე, თან 12 სურვილი ჩაიფიქროთ.

ყურძენი ჩამოგვირიგა, რასაც ნამდვილი ქაოსი მოჰყვა. ყველა ყურძენს იტენიდა პირში
და სიცილით იგუდებოდა. საათი კი რეკდა.

– გიორგი, დამეხმარე, 12 სურვილს ვერ ვიგონებ, – გამოტენილი პირით ვუყვიროდი მას.

– ერთი მაინც ჩაიფიქრე, – ყვიროდა ისიც მთელ ხმაზე.

– მოიცა, – თვალები დავხუჭე, დარჩენილი მარცვლები ერთად ჩავიტენე პირში და


იმპროვიზებული (ანუ დამიქსული) საახალწლო სიმღერაც დაიწყო.

– გილოცავთ! გილოცავთ! ბედნიერ ახალ წელს! – ისმოდა ყველა მხრიდან.

– ლენუ, გილოცავ!

– შენც გილოცავ! – ვუთხარი გიორგის და შამპანურის ჭიქა ბოლომდე დავცალე.

– ძალიან მსიამოვნებს შენი ყურება! – მითხრა მან.

– მეც შენი, – ვუპასუხე, თან მივხვდი, რომ კაბის ფერი დამედო და სასწრაფოდ
შამპანურის ჭიქა მოვიყუდე.

– გიორგი, ორ წუთში მოვბრუნდები.

კარებისკენ გავემართე. გარეთ გავედი. ნიუ-იორკი ინგრეოდა. ცა ისე ქუხდა, ისე


ნათდებოდა – ომი გეგონებოდა, მაგრამ ეს არ იყო ომი, ეს ის დღესასწაული იყო,
რომელსაც მთელი ტანით და გულით ვგრძნობდი, რომელიც მეგონა, მარტო მე
მეკუთვნოდა და რომელიც, აღარასოდეს აღარ განმეორდებოდა. ქუჩა გადავკვეთე და
გავჩერდი.

ჩემი თავისთვის ორი სიტყვა მქონდა სათქმელი. მინდოდა, ის შინაგანი გაყინულობა,


ის ფეხებში კანკალი, ის თვითუკმაყოფილების გრძნობა აღარასოდეს განმეორებულიყო.
მეზიზღებოდა ეს კითხვა: “რატომ მე?» ბავშვობიდან სულ რაღაცას ვებრძოდი ჩემში.
სკოლაში ვებრძოდი ჩემს თავს – არ მომწონებოდა უკანა მერხზე მჯდომი ბიჭი,
რომელიც ოთხი წელი ზედაც არ მიყურებდა. ბოლოს გვირილები მომართვა და მითხრა
– “ელენე, მე შენ მიყვარდი და ახლაც მიყვარხარ»-ო. მახსოვს ძალიან გავბრაზდი,
გვირილები სახეში მივაყარე და გამოვიქეცი. სახლში რომ მოვედი, სარკის წინ დავჯექი,
თმის ვარცხნა დავიწყე, საკუთარი თავით ვტკბებოდი.

მსიამოვნებდა ის, რაც მოხდა. “თურმე ოთხი წელია ვუყვარვარ, მე კი არც მიყვარს, არც
მომწონს.» – ასე მოვიკალი პირველი სიყვარული და გადავყარე პირველი ყვავილები,
რომელიც უკანა მერხზე მჯდომმა ბიჭმა მაჩუქა. მას მერე სულ რაღაცას ვებრძოდი,
არასოდეს მჯეროდა, რომ ყვავილები, რომელსაც მჩუქნიდნენ, ჩემთვის იყო
დაკრეფილი და რომ სიტყვები, რომელსაც მეუბნებოდნენ, ჩემს გასაგონად იყო
ნათქვამი. ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა საკუთარ თუ სხვის გრძნობებში... “ამ
წუთიდან მარტო კარგზე ფიქრის უფლება გაქვს!»– ვუთხარი ჩემს თავს და კლუბისკენ
წავედი. ეს ემოციური შემოტევა მეტწილად შამპანურის ბრალი იყო ალბათ, მაგრამ
ამაზე არ ვფიქრობდი. მთავარი იყო ის შემესრულებინა, რასაც ჩემს თავს დავპირდი.

როგორც კი დამინახა, მკითხა:

– სად დადიხარ, მარტო ამ შუაღამისას?

– ფეიერვერკებს ვუყურებდი. გილოცავ! – ვუთხარი ყურში და ვაკოცე.

– მეც გილოცავ! ეს წელი ძალიან კარგი იქნება ჩვენს ცხოვრებაში! ნახავ!

ესპანელმა საცეკვაოდ გამიწვია. მალე მთელი სუფრა ადგა და შემოგვიერთდა. ის კი


მარტო იჯდა, გვიყურებდა, ტაშს გვიკრავდა და ფოტოებს გვიღებდა. გიორგის თვალს
ვერ ვაშორებდი, იმდენად მომწონდა, შორიდან ვტკბებოდი მისი გარეგნობით. თავი
სავარძელზე ჰქონდა მიბჯენილი და საცეკვაო მოედანს მიშტერებოდა.

მომეჩვენა, თითქოს ცოტა მოწყენილი იყო. ღრმა თვალებიდან სევდა მოჩანდა, თითქოს
რაღაც აწუხებდა და

საშუალებას არ აძლევდა ახალი წლის ღამეს მშვიდად და მხიარულად ყოფილიყო.


უცებ გავიაზრე, რომ ეს კაცი ალბათ ორმოც წელს გადაცილებული მაინც იქნებოდა და
ალბათ ფარული სევდის მიზეზიც მისი ასაკი იყო, ამ აზრმა თითქოს დამამშვიდა და
ცოტა ხანში მივუახლოვდი.

– ლენუ, მინდოდა რამე საოცარი გამეკეთებინა, გესმის?

– ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია, თუ ამას ძალიან მოინდომებს ადამიანი.

– შენ სხვანაირი გოგო ხარ, რაღაცნაირი.

– შენ კი, არ ვიცი როგორ გითხრა, იცი როგორი ხარ? მრცხვენია... მაგრამ გეტყვი,
მოიცა... შენ ის კაცი ხარ, რომელსაც ყველაზე მიმზიდველი გარეგნობა აქვს... მთელს
მსოფლიოში.

– ლენუ დათვრაააა! – თქვა გიორგიმ.

– და მაინც ხააააარ!

– იმედია, აქედან ზურგზე აკიდებული არ მომიწევს შენი წაყვანა.

– წავედით, სანამ სიარული შემიძლია! ადექი!

– მოიცა, ისინი ცეკვავენ! დაველოდოთ!

– ისინი ჩვენ ვერ გვხედავენ, დამიჯერე. წამოდი, გავისეირნოთ სუფთა ჰაერზე.

გიორგი წამოდგა, საცეკვაო მოედანზე გავიდა და ესპანელს რაღაც ჩასჩურჩულა. ის


პასუხად ჩაეხუტა. მერე ჩემთან მოვიდა.

– აბა, მითხარი, აგიყვანო ხელში?

პალტოები ჩავიცვით და გარეთ გამოვედით. ფეიერვერკების ხმა აღარ ისმოდა.

საშობაო ნათურები ისევ ანათებდა. მაღაზიების და კაფეების ვიტრინები საზეიმოდ იყო


გაწყობილი. რომ არა ეს ვიტრინები და ქუჩაში მიმოყრილი საახალწლო ატრიბუტები,
უკვე ვერავინ მიხვდებოდა, რომ დღესასწაული იყო.

– ლენუ, ერთი რაღაც უნდა გითხრა. ჩემთვის მთავარია, ადამიანისგან სითბოს


ვგრძნობდე!

– აჰა, – ვუთხარი და იქვე რომელიღაცა სახლის სადარბაზოს კიბეზე ჩამოვჯექი. – ცოტა


დავისვენოთ, კარგი?

ვიჯექი კიბეზე და ქუჩას გავყურებდი, ეს რეალობა იმდენად უჩვეულო იყო, რომ


არანაირი წარმოდგენის ჩარჩოებში არ ეტეოდა. ჩვენ ვიყავით პლანეტის ერთ-ერთ
ყველაზე დიდ ქუჩაზე, რომელიც დღეს ალბათ მილიონმა სულიერმა გადაიარა.
წინ ჩემგან სრულიად განსხვავებული ადამიანი იდგა. ნეტავ რა იქნებოდა, ის კონვერტი
რომ არ ჩამომეტანა? ალბათ, მსგავსი შეხვედრა მხოლოდ შემდეგ ცხოვრებაში მელოდა.
ის აი, აქ დგას და მიყურებს. ალბათ, იმიტომ, რომ უკეთ გაიგოს, საიდან ვარ, რისგან ვარ
გამოძერწილი. ჩვენ ხომ ჯერ სულ უცხონი ვართ ერთმანეთისთვის.

– რას ფიქრობ, მითხარი! – მკითხა გიორგიმ.

– არ ვიცი...

– მაშინ მითხარი, რას არ ფიქრობ.

– რა შეიძლება მოხდეს მომავალში.

– მაგაზე არ ფიქრობ?

– არა.

– რატომ?

– იმიტომ, რომ მომავალი ისეთი მშვენიერი რამაა, რომელიც წინასწარ არ ვიცით, რას
გვიმზადებს.

– ლენუ, შენ ხარ ლოთი! – გამეხუმრა გიორგი, – დათვერი, არა და ახლა


სადღეგრძელოებს ამბობ.

– რა, არ მეთანხმები?

– მაგაზე მერე ვილაპარაკოთ, რაზე გეთანხმები და რაზე არა. ახლა კი, ის მინდა, რომ
სახლში მშვიდობით მიგიყვანო.

– კარგი რა, რა მშვიდობა აგიჩემებია, ვერ გავიგე, ომში ვართ?

– ლენუუუ! ნუ ჯიუტობ, წავედით. გიორგიმ სასტუმროსკენ თითქმის ძალით წამიყვანა.


არ მესმოდა, რატომ უნდოდა ჩემი ასე სწრაფად სახლში მიყვანა? მაგრამ, რა მექნა,
მორჩილად მივყვებოდი, ფეხი მერეოდა, ვცდილობდი, როგორმე არ შეემჩნია. როგორც
იქნა მივაღწიეთ სასტუმრომდე. გიორგიმ ლიფტიდან გამოსვლა არ ისურვა, მხოლოდ
თავი გამოყო გარეთ და მითხრა:

– ლენუ, გიყურებ, როგორ შეხვალ ოთახში!

– გმადლობთ, ბედნიერ ახალ წელს გისურვებ!

– შენ კი – ტკბილ სიზმრებს....

ბარბაცით მივედი ნომერთან, კარში გასაღებს ვერ ვარჭობდი, ცალი თვალი ლიფტისკენ
გამირბოდა, საიდანაც გიორგი მიყურებდა და მიღიმოდა, ეტყობა, სასაცილო
მოძრაობებს ვაკეთებდი. როგორც იქნა, შევედი ოთახში და საწოლზე გავიშხლართე.
ძალიან მალე ჩამეძინა, ყველაფერი მიტრიალებდა თავში, ისე როგორც კარუსელი
ტრიალებს ხოლმე, ყველაზე მეტად კი ის აზრი, რომელმაც ასეთ მდგომარეობაში
მყოფიც კი არ მომასვენა, და ახალი წლის დილას თერთმეტის ოც წუთზე წამომაგდო
საწოლიდან. რატომ მომიყვანა მან ასე მალე სახლში, რატომ არ უნდოდა კიდევ
გვესეირნა, ან სადმე ბარში გაგვეგრძელებინა ეს ღამე?! იმიტომ რომ დავთვერი?! ნუთუ
ისეთი გონებადაკარგული ვეგონე, რომ ჩემთან მარტო დარჩენის შეეშინდა?! არასოდეს
ვყოფილვარ ასეთი მთვრალი... ამ ფიქრებში ვიყავი, რომ უცებ ტელეფონმა დარეკა.

– წავედით, “პახმელიაზე» უნდა გამოგიყვანო, – იცინოდა გიორგი.

– “პახმელიაზე» არა ვარ, არც ვყოფილვარ არასოდეს, – ვუპასუხე გაბრაზებული ხმით.

– არ გშია? უკვე ერთი საათია გამეღვიძა და თავს ვიკავებდი დარეკვისგან, ვიცოდი,


გეძინა.

– არ მეძინა.

– წავიდეთ რა, ვჭამოთ, ოღონდ ახლავე.

– აქვე ვჭამოთ, სასტუმროში.

– არა, არა, ჩაიცვი და ჩამოდი, თხუთმეტი წუთი გაქვს, ქვემოთ დაგელოდები.

ძალიან უცნაური ადამიანია, გავიფიქრე ჩემთვის და ჯინსი ამოვიცვი. მერე აბაზანაში


შევედი, პირი დავიბანე და სარკეში ჩავიხედე.

რატომღაც დამშვიდებული და დასვენებული სახე მქონდა. ჯინსს ჭუჭყიანი


ვარდისფერი სვიტრი შევუხამე, ფეხი კეტებში ჩავყავი და ქურთუკი მოვიცვი. მერე
სათვალე და გასაღები მოვნახე და ქვემოთ ჩავედი. მალე გიორგიც გამოჩნდა და გარეთ
გავედით.

ნიუ-იორკის სუსხმა სახე მომიყინა. ქუჩაში ცოტა ხალხი იყო. ბარებს ალაგებდნენ,
ფანჯრებს რეცხავდნენ, ქუჩების დასუფთავება მოესწროთ და ახლა დიდი მანქანები
რწყავდნენ ფართო ავენიუებს. მე და გიორგი ფეხით გავუყევით 39-ე ქუჩას. გვერდზე
მათხოვარი ბიჭი მოგვყვებოდა, მხარზე უშველებელი მუსიკალური ცენტრი ჰქონდა
გადებული, დადიოდა და ბოლო ხმაზე ასმენინებდა ხალხს თავისი გემოვნების შესაფერ
საშინელ მუსიკას, ცალ ხელში კონსერვის ქილა ეჭირა და გაწეული “შემეცნებითი»
სამსახურისთვის მოწყალებას აგროვებდა. გიორგიმ ხურდა ჩაუყარა და ტაქსიც
მოვიდა.

– რა საშინელი შეგრძნებაა, როცა დღესასწაული მთავრდება და ეს ნაძვისხეები და


ქუჩის დეკორაციები, მხოლოდ იმისთვისაა მზად, რომ, რაც შეიძლება მალე აალაგონ და
სადღაც საწყობებში შეყარონ.

– ჰო მაგრამ, სულ რომ გარეთ იყოს ეს ყველაფერი გამოფენილი, მაშინ ხომ თავის
ფუნქციას დაკარგავდა.
– ეგ კი ვიცი, მაგრამ უბრალოდ, არ მიყვარს, როდესაც ის, რასაც ელოდები, ჩაივლის და
მერე ჩვეულებრივი ცხოვრება გრძელდება.

– ეგ, ალბათ, არავის უყვარს. ჩვეულებრივ ცხოვრებას რაც შეეხება, მაგაში ვერ
დაგეთანხმები. მაგალითად, ასეთი პირველი იანვარი ჩემთვის სულაც არ არის
ჩვეულებრივი, – მითხრა მან – შენთვის?

– ჰო, ეს პირველი იანვარი ძალიან განსხვავდება, იმ პირველი იანვრებისგან, რომლებიც


აქამდე მქონია.

მალე ჩვენი ტაქსი ნამდვილ ამერიკულ კაფესთან გაჩერდა. ბორდოსფერი დიდი


სავარძლები იდგა, კედლებზე ელვის პრესლის, მერლინ მონროს, ჟაკლინ და ჯეკ
კენედების, ფრენკ სინატრას და სხვა გამოჩენილი ამერიკელების შავ-თეთრი ფოტოები
ეკიდა. ერთი სიტყვით, ტიპური ამერიკული კაფე იყო. თეთრი ფარდებიდან დილის
მზე აჭერდა, თეთრებში ჩაცმული ოფიციანტი მოგვიახლოვდა და ახალი წელი
მოგვილოცა.

– Double espresso, please! – უთხრა გიორგიმ. მერე კი საუზმე შევუკვეთეთ. სანამ


სანატრელ საკვებს მოგვიტანდნენ, საუბარი განვაახლეთ.

– ლენუ, შენ რას საქმიანობ თბილისში?

– ვმუშაობ...

– არა, ეგ ვიცი, მე ვგულისხმობ სხვა რა ინტერესები გაქვს?

– სხვა – თხილამურები მიყვარს ზამთარში, ზაფხულში ზღვა და მზე. დასვენება. კიდევ


ერთი ინტერესი მაქვს, რომელზეც ლაპარაკი არ მიყვარს...

მოთხრობებს ვწერ, ჩემს ცხოვრებაზე. იმას ვწერ, რაზეც არასოდეს ვლაპარაკობ.

– მართლა? საინტერესოა. იცი, ვხვდები რომ ღრმა ადამიანი ხარ, но ты такая юнная,
(მითხრა რატომღაც რუსულად), რომ არ მინდა სიღრმეებზე ფიქრი... ისეთი მინდა იყო,
როგორიც ჩანხარ. არც მიფიქრია, რომ წერ...

არ ვიცი, რატომ მითხრა ასეთი რამ, მაგრამ რატომღაც გადავწყვიტე, აღარასოდეს


დავანახებდი იმას, რაც ასე ჩემი იყო.

– მინდა სწავლა გავაგრძელო და მაგისტრატურაში ჩავაბარო მადრიდის


უნივერსიტეტში. ეს ჩემი საიდუმლო ოცნებაა.

– საიდუმლოა? და მე გამანდე, გმადლობთ. ოცნება რატომ არის, თუკი სწავლის


გაგრძელება გინდა, ეს შეიძლება ძალიან ადვილად მოახერხო. შეყვარებული ხარ?

– შეყვარებული მყავს, – თამამად ვუპასუხე გიორგის, – ასეთ დროს მირჩევნია


გულახდილი ვიყო ხოლმე.
– მართლა? – გაეღიმა გიორგის, – კარგია.

– რა არის კარგი?

– ის, რომ თურმე შეყვარებული გყოლია.

– ჰო, დიდი ხანია ვმეგობრობთ, ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანია. ჩემზე ერთი წლით
უმცროსია, მაგრამ უკვე დიდი კაცია.

გიორგი, შენ რამდენი წლის ხარ?

– ორმოცდაოთხის, შენ?

– მე ოცდახუთის ვარ უკვე, – განვუცხადე ამაყად და სასწრაფოდ მომდევნო კითხვაზე


გადავედი, – შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება? შვილები თუ გყავს?

– შვილი მყავს, – მიპასუხა გიორგიმ, – ბიჭი, ჩვიდმეტი წლის. აქ სწავლობს, ამერიკაში,


მინეაპოლისში.

– შენ გგავს?

– უფრო მე მგავს. შენ ჩემზე ცხრამეტი წლით უმცროსი ხარ, – მითხრა უცებ.

– ცხრამეტი ჩემი ბედნიერი რიცხვია, – ვერ დავმალე აღფრთოვანება.

ცოტა ხანს ჩავფიქრდი, უფრო სწორად, იმ კითხვამ ჩამაფიქრა, რაც ალბათ ყველას
დააინტერესებდა.

– დედა კი... – დაიწყო გიორგიმ.

– არ მიკითხავს.

– შეგიძლია, მკითხო... იცი, ყველაზე რთული ჩემს ცხოვრებაში, სიყვარული აღმოჩნდა.


ვთვლი, რომ ცხოვრებამ მაგ კუთხით დამჩაგრა... სუსტი აღმოვჩნდი. თუ დამიჯერებ,
დღემდე მსგავსი სილამაზის ქალი არც შემხვედრია. სულიერი და ფიზიკური
სიმრთელე... მეტი მგონია აღარც არსებობს ისეთი. . . და ვეღარ გავუძელი, გესმის ჩემი?

– არა...

– გიორგის თვალებში ვერ ვუყურებდი, ლაპარაკისას სახე ემანჭებოდა და მონაყოლს


ჟესტებს ახმარდა. მე გახევებული ვუსმენდი.

– არა, უნდა გამიგო. ის იყო ჩემთვის გემოვნების, სილამაზის, სიკეთის, ქალურობის


განსახიერება. მისნაირი მუსიკა მომწონდა, იმ მხატვრებს და

პოეტებს ვეტრფოდი, ვისაც ის. მარტო იმ წიგნებს ვკითხულობდი, რომლებსაც ის. ერთი
სიტყვით, ჩემი იდეალი იყო... და არის...
– მერე, რატომ მიატოვე?

– არ მიმიტოვებია, უბრალოდ, სუსტი ვარ, ალბათ, ჩემი თავისგან ჩემდაუნებურად


გავათავისუფლე და გავექეცი.

– სად არის?

– არის, ის ისევ ჩემი ცოლია. ჩემს სახლში ცხოვრობს, არ გავცილებივარ... მე მოხეტიალე


მუსიკოსივით ვარ, ქუჩის მაწანწალა არტისტი. იქ, სადაც ჩემი სახლია, გაჩერება
მიჭირს, თითქმის მთელი წელი გაქცეული ვარ და ქვეყნიდან ქვეყანაში დავხეტიალებ,
სამსახურიც ასეთი მაქვს, ძალაუნებურად, სხვადასხვა ქვეყნებში მიწევს ყოფნა. ეს ჩემი
ცხოვრებაა, რომელიც ავირჩიე, იმ ნამდვილ ცხოვრებას, კი რითაც წესით და კანონით
უნდა მეცხოვრა – გავექეცი...

– ვერაფერი გავიგე. სად გაექეცი?

– არ ვიცი ჯერ, სად.

ერთი კი უნდა იცოდე, კაცები აქეთ-იქეთ დარბიან, სანამ არ დაღვინდებიან, ქალი კი


ერთ ადგილას დგას. ეს არის სწორად ის, რაც ქალს იდეალთან აახლოებს. ზოგი
კაცისთვის კი შეიძლება ისე გავიდეს ცხოვრება, ვერ მიხვდეს, რომ დაღვინება უკვე
გვიანაც კი არის, მაგრამ რას იზამ... ეგრეც ხდება.

– ვერ გავიგე?

– ჯერ სადა ხარ, იმდენი რამე გელის, რასაც ვერ გაიგებ, მაგრამ არ უნდა ჩაეძიო... თუ
ვერ გაიგე, ეგეც კარგია, არც მე მესმის ბევრი რამ და მაგიტომ... უკვე დიდი ხანია, რაც
აქეთ-იქით დავხეტიალებ. მაგრამ მალე სახლში დაბრუნება მომიწევს.

ალბათ, კარგა ხანს გავჩერდები შინ, კარგა ხანს...

– კარგა ხანი რამდენია?

– შეიძლება მთელი ცხოვრებაც კი, არის ისეთი რამ, რის გამოც სახლში უნდა ვიყო.
მაგრამ ეს მიზეზი არც შენთვის არის საინტერესო და არც ჩემთვისაა სასიამოვნო
მოსაყოლი. მოდი, ახლა ისევ შენზე ვილაპარაკოთ, – რა ჰქვია შენს შეყვარებულს?

– გაგა...

– მომიყევი რამე.

– არა, არ მიყვარს ჩემს თავზე ლაპარაკი.

– ჩაკეტილი ადამიანი ხარ?

– არა, უბრალოდ, შენ რომ გაგაზე რამე მოგიყვე, ვერ წარმომიდგენია.


– რატომ? მეპრანჭები? – დაასკვნა მან.

– არა!

– მე კი მგონია, რომ სადმე წაგიკითხავს, იმ ადამიანს, ვისაც ეპრანჭები, არასოდეს უნდა


მოუყვე შენი პირადი ცხოვრება, თორემ ყველაფერს გააფუჭებ. მე შენ პირდაპირ გეტყვი,
რომ გეპრანჭები, მაგრამ მოგიყვები იმას, რასაც საჭიროდ ვთვლი. გაგასთან კონტაქტი
არ გაქვს?

– მაქვს, ინტერნეტით და ტელეფონით.

– რა საშინელებაა!.. – შევეცოდე მას, – როცა ვლაპარაკობ, თვალებში მინდა ვუყურებდე


იმ ადამიანს, ვისაც ველაპარაკები. ჩემთვის ტელეფონი მხოლოდ ინფორმაციის
მიწოდების საშუალებაა, მაგალითად, “შევხვდეთ აქა და აქ». დანარჩენი კი, რასაც
ვისმენ, თუ ვამბობ ტელეფონით, ყველაფერი მავიწყდება. ინტერნეტი კი... ასე მგონია
ინტერნეტით კონტაქტი საყვარელ ადამიანთან ანომალიაა.

– გიორგი, საჭმელი გაგიცივდება!

– თუ გაინტერესებს, იმ ადამიანს, ვისაც შეიყვარებ, შენს თავზე აუცილებლად


სიმართლე უამბე, ძველი ურთიერთობების შესახებაც მოუყევი – ეს უფრო
დაგაახლოებთ ერთმანეთთან, დამიჯერე. არ დაიტანჯო იმაზე ფიქრით, რატომ გიამბე
ორი სიტყვა ჩემს შესახებ.

– სულ რომ არაფერი გეთქვა, რა იქნებოდა?

– ის გითხარი, რაც ნამდვილია.

– ჩემგან რას ელოდები?

– იმას, რაც შენ გინდა.

– ახლა სახლში მიბრუნება მინდა.

– რატომ?

– იმიტომ, რომ არ ვიცი, აქ რისთვის ვარ.

აღარაფერი მესმოდა. სადღაც არსებობდა ქალი, რომელიც გიორგის ცხოვრების იდეალი


იყო, მე კი ამასობაში მის ქმართან ერთად ნიუ-იორკში ნამდვილ ამერიკულ საუზმეს
მივირთმევდი და ისიც კი არ ვიცოდი, რატომ ვიყავი იქ. ჩემი და გიორგის
ურთიერთობა იმდენად კარგად დაიწყო, აუცილებლად უნდა მივმხვდარიყავი, რომ
არსებობდა ისეთი რამ, რაც განწყობას ასე გამიფუჭებდა. ავდექი და გარეთ გამოვედი.
აღარ დავინტერესებულვარ იმით, რას აკეთებდა გიორგი იქ, სადაც დარჩა. ტაქსი
გავაჩერე და სასტუროში მივედი.

სანამ ჩემოდანს ვალაგებდი, კარზე კაკუნი მომესმა.


– ლენუ, შენ ვერ გამიგე.

– გაგიგე.

– რა?

– შენ ჩათვალე, რომ შემიძლია ცოლიან კაცთან სამგზავრო რომანი გავაბა, ან კიდევ ჩემი
გზით წავიდე.

ისე, აჯობებდა, ეს ყველაფერი, ვაშინგტონში გეთქვა.

– შენ ასე გაიგე? მე კი სრულიად სხვა რამ ვიგულისხმე. იცი, რაც არ უნდა ბევრი
ვიბრძოლოთ – დრო თავისას შვრება. აგიხსნი: – ადრე სხვა რამეები მომწონდა,
მომწონდა ფეხით სიარული, ბუხრით სახლის გათბობა, რუსული არაყი. ერთი
ფოტოაპარატი მქონდა “კიევი» და ის მეგონა ფოტოტექნიკის პიკი.

მთაში დავდიოდი, სათხილამუროდ და უნდა გენახა, როგორი თხილამურები მქონდა.


ბაბუაჩემის ნაჩუქარი საათი მეკეთა – ძველი, რუსული ოქროსი. ერთი სიტყვით – სხვა
დრო იყო. იქიდინ გამოსვლა გამიჭირდა, იცი? მეგონა, ახალ ტექნოლოგიებს

ვერ შევეგუებოდი. მიუხედავად იმისა, რომ სვანეთის სუნი მცემს ყველა მთის
კურორტზე და ბიჭვინთის ტალღები მელანდება, სადაც ზღვას დავინახავ, მაინც
შევიცვალე, გესმის?

– რა შუაშია აქ ბიჭვინთის ტალღები, შენ ქალი გიყვარს! ის სადღაც გელოდება, მე კი ვერ


გამიგია, აქ რას ვაკეთებ...

– იცი, რას ვამბობდი და გამაწყვეტინე, – მშვიდად და წყნარად განაგრძობდა გიორგი, –


ადრე სიყვარულიც სხვანაირი მქონდა. ქალის ბუნების აღქმაც კი შემეცვალა წლების
მანძილზე. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ამერიკის დედაქალაქში
შევხვდებოდი ჩემზე ნახევარი ცხოვრებით უმცროს გოგოს, რომელიც ინტერნეტის
გარეშე ერთი დღეც კი ვერ ძლებს და მომეწონებოდა, მაგრამ – ეს ცხოვრებაა, გესმის?

– იმედია, გახვალ და მომცემ საშუალებას ჩავლაგდე, არ მესმის რატომ დაინახე ჩემში


მხოლოდ და მხოლოდ “ხაკერი»?

– ის, რომ ინტერნეტი გიტაცებს, შენ კიდევ უფრო მომხიბვლელს გხდის.

– ამით რისი თქმა გინდა, რომ ჩემში მხოლოდ “ბყნტჰყტნ ლტდეირფ»- ს ხედავ?

– ლენუ, გახსოვს, გითხარი, ჩემთვის მთავარი სითბო არის მეთქი?

– მახსოვს.

– ეგ მართლა მთავარია. ყველაფერი მაქვს, არაფერი მაკლია. რაც მთავარია, ბიჭი მყავს.
მაგრამ მაინც მარტო ვარ. ვერსად ვჩერდები, ძალიან კარგი მეგობრები მყავს, მაგრამ
უკვე იმ ასაკში ვარ, მეგობრები ვერ მავსებენ. შენ არ იცი, რა საშინელებაა სიმარტოვე,
რას ნიშნავს, როდესაც საკუთარ სახლში მიდიხარ და გინდა იქიდან გაიქცე. და, ბოლოს
ხვდები, რომ სახლი არც კი გაქვს საერთოდ.

– კარგი, გიორგი, ბოლოს და ბოლოს ახალი წელია. რატომ გადააქციე ეს დღესასწაული


ჩვეულებრივ, დარდიან და მოსაწყენ დღედ. ჩვენ ხომ სულ სხვა განწყობა გვქონდა ამ
დილას... – როდესაც სიტყვა “ჩვენ» წარმოვთქვი, გულში რაღაცამ გამკრა, არ ვიცოდი,
არსებობდა კი ასეთი ცნება – “ჩვენ»?

– არ ვიცი, გავაფუჭე თუ არა ის, რაც ყველაზე მეტად ძვირფასია დღეს ჩემთვის. მაგრამ,
რაც გითხარი, ყველაფერში გულწრფელი ვიყავი.

– გიორგი, მე რა შუაში ვარ აქ, მაგას რატომ არ მეუბნები?

– იმ დღეს, შენ რომ უნდა შეგხვედროდი კინოსთან, სულ სხვა გეგმები მქონდა. არც
მიფიქრია, ფილმზე დასწრება.

ძალიან დიდი ხანია ცარიელი ვარ, ლენუ, მარტო დავეხეტები ქალაქიდან ქალაქში და
არასოდეს მომნდომებია, მეორე ადამიანთან ერთად გამეტარებინა თუნდაც ერთი
საათი. დაგინახე და არ ვიცი, როგორ აგიხსნა... რაღაც მოხდა იმ მომენტში. იმის
გაფიქრებაზე, რომ კინოში შეხვიდოდი და ვეღარასოდეს გნახავდი, გული გამიჩერდა
და შემოგყევი. მიმიზიდე. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს იზიდავენ.
რომლებიც, თურმე, რაც არ უნდა შორს იმყოფებოდნენ, მაინც პოულობენ ერთმანეთს.

რა თქმა უნდა, იმ წამს, არ მიფიქრია მსგავს რამეზე, უბრალოდ, მომეწონე და


გამოგყევი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ეს არ იყო მხოლოდ ინსტინქტი. დამიჯერე,
ლენუ, ისეთი დაღლილი ვარ ამ ცხოვრებით, რომ თვითონაც არ ვიცი, რა ძალა მეყო,
რომ კინოში შემოვსულიყავი შენთან ერთად.

რატომღაც დავუჯერე გიორგის. შეიძლება იმიტომ, რომ უბრალოდ მინდოდა


დამეჯერებინა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო იდეალური შემთხვევა. ის, რაც მან მიამბო, ამ
წუთასაც არ მსიამოვნებდა, მაგრამ ეგ არ იყო ჩემი ცხოვრება. ჩემი ის იყო, რაც ამ წამს
ხდებოდა, ამ ოთახში. ეს იყო ჩემი და გიორგისი.

შევეცადე, რაც მიამბო, ნამდვილ ამერიკულ კაფეში დამეტოვებინა და აღარ მეფიქრა მის
პირად პრობლემებზე, თუკი ამას მოვახერხებდი.

– ლენუ, შენთვის საახალწლო საჩუქარი მაქვს.

– რა?

– ეს საათი, რომელიც შენ გგავს, შენსავით ლამაზია და ნაზი.

– რატომ მჩუქნი?

– საახალწლოდ.

ყუთი გავხსენი. ვერცხლისფერი საათი იყო. ვთხოვე გაეკეთებინა. მარჯვენა ხელი


გავუწოდე.

– რატომ მაჩუქე მაინცდამაინც საათი?

– მინდა, რომ რაც არ უნდა დიდი დრო გავიდეს, ეს ნიუ-იორკული ახალი წელი
არასოდეს დაგავიწყდეს. იმ დრომ, რომელშიც იქნები მომავალში, ეს დრო უნდა
გაგახსენოს.

დრომ უნდა გაგახსენოს დრო.

– შენ ფიქრობ, რომ ეს საათი მთელი ცხოვრება მექნება?

– არ ვიცი, ლენუ, მეც დაახლოებით ასეთი საათი მაქვს, უკვე ძალიან დიდი ხანია
მიკეთია და ვერ ვცვლი.

ისევ დავხედე საათს. მივხვდი, რომ უკვე შემიყვარდა.

– წავალ, დაისვენე და საღამოს გავერთოთ – ამერიკულად. კარგი?

– კარგი!

მივიდა ჩემოდანთან, აიღო და კარებისკენ გაემართა.

– რას აკეთებ?

– თავს ვიზღვევ, რომ არ გამექცე. ლენუ, არ წახვიდე რა, გთხოვ. მე ხომ შეგპირდი, 2004
წელი ყველაზე კარგი წელი იქნება ჩვენს ცხოვრებაში-მეთქი. ჰოდა, ნუ გაიქცევი,
უბრალოდ გთხოვ.

– საათისთვის დიდი მადლობა.

ეს ვუთხარი და წავიდა, ჩემოდანიც თან წაიღო.

აღარ შევკამათებივარ, მაინც არსად არ ვიყავი წამსვლელი. რამდენი რამ დამატყდა


თავს ამ ახალი წლის დილას? უცებ საათი გამახსენდა, საწოლზე დავჯექი და კარგად
დავაკვირდი. ეს მეტალი საოცრად დადებით ენერგიას გამოჰყოფდა. სამაჯურიც და
ციფერბლატიც ვერცხლისფერი იყო. საჩუქრის ყუთზე ბორდოსფერი და წითელი
წარწერა ჰქონდა – Cartier Watches.

საათს უკან ასე ეწერა – Lanieres Mini Tonneau. კარგად მესმოდა რას ნიშნავდა, წითელი
წარწერა ბორდოსფერ ყუთზე. მაგრამ ამწუთას უფრო ის მაფიქრებდა, რა აზრი იყო
ჩადებული საათის ჩუქებაში? რა იგულისხმა გიორგიმ იმაში, რომ ამ საათს ჩემთვის
მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა შეეხსენებინა, ნიუ-იორკში გატარებული ახალი
წელი. ნეტავი როდის მიყიდა? ალბათ, გუშინ. დღეს ამისი საშუალება უბრალოდ არ
ექნებოდა. შხაპი მივიღე და საწოლში ჩავწექი. ვიწექი და საათს ვუყურებდი.

მერე კი ჩამეძინა.
საღამოს კარაოკე კლუბში წავედით. ეს ჩემი სურვილი იყო. გიორგის მოთხოვნით, ისეთ
ადგილებზე დაგვსვეს, სადაც გგონია, რომ სრულიად მარტო ხარ მთელ რესტორანში.
ერთი მაგიდა იდგა, სკამები, კედელზე ეკრანი ეკიდა და ქვემოთ კარაოკეს
მოწყობილობა იდო. შევპირდი, რომ აუცილებლად ვუმღერებდი, და სასწრაფოდ
დავიწყე სიმღერების ძებნა.

– ლენუ, რა მუსიკას უსმენ?

– სხვადასხვას, შენ?

– ძირითადად, ძველ ჯგუფებს – როკს.

ჯიმი ჰენდრიკსის ფანი ვარ.

– მე უ-2 მიყვარს ძალიან... ანტონიო კარლოს ჯობიმი... – გიორგიმ თავისთვის სასმელი


შეუკვეთა, მე კი სიმღერებს ვარჩევდი. დაახლოებით ნახევარ საათში მოვემზადე და
გამოვაცხადე, რომ კონცერტი იწყებოდა. გიორგი სიცილით იგუდებოდა, ჩემს მაგივრად
ის იყო დაძაბული, მაგრამ როგორც კი სიმღერა მთავრდებოდა, ადგილიდან
წამოხტებოდა და მთელი ძალით უკრავდა ტაშს. მეც ამაყად ვაკეთებდი რევერანსებს
და სასწრაფოდ მეორე სიმღერაზე გადავდიოდი.

გიორგიმ მას მერე, რაც ოთხი ჭიქა ვისკი დაცალა, თავად მოინდომა სიმღერა. ერთი
სიტყვით, იქამდეც მივედით, რომ დუეტში ვიმღერეთ, მერე კი მიკროფონს ერთმანეთს
ხელიდან ვაცლიდით. ბოლოს დავიღალეთ და გიორგიმ სცადა სადღეგრძელო ეთქვა:

– ლენუ, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად მღერი, შენით საბოლოოდ მოვიხიბლე...

– არა გრცხვენია? როგორ ამბობ ასეთ რაღაცას?

– არა, სმენა საერთოდ არა გაქვს, მაგას მივხვდი, მაგრამ ეგ ხმა მომწონს, ამიტომაც
ხშირად და დიდი სიამოვნებით მოგისმენდი. კარგად რომ მღეროდე, ისედაც
მომინდებოდა შენი მოსმენა და წარმოგიდგენია, როგორ მომწონხარ, რომ, ასე,
საშინლად მღერი და მაინც მინდა, სულ შენ გისმინო.

მაგიდასთან დავჯექი და სული მოვითქვი. ის მიყურებდა და ისევ მიღიმოდა.

– სამაგიეროდ, შენ მღერი არაჩვეულებრივად, – ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.

– ადრე თბილისში მეგობრები ერთად ვიკრიბებოდით ხოლმე, ერთმა გიტარაზე დაკვრა


იცოდა, ისიც ჩემსავით ჯიმი ჰენდრიკსის ფანი იყო, ჰოდა, მასთან რომ მივდიოდით,
ბიჭები მღეროდნენ, გოგონები ცეკვავდნენ იმ დარჩენილ ბიჭებთან ერთად, ვინც არ
მღეროდა, მე არასოდეს ვცეკვავდი და არც ვმღეროდი, უბრალოდ, ჩემთვის ვიჯექი და
ჩუმად ვღიღინებდი. იცი, რა მაგარი დრო იყო?

– მერე გემღერა. დარწმუნებული ვარ, შენი მეგობრები აღფრთოვანებულები


დარჩებოდნენ.
– რა ვიცი, რატომღაც არ მინდოდა, ან მინდოდა და თავს ვიკავებდი. უბრალოდ,
მერიდებოდა და ვერ ვტყდებოდი, ალბათ, თორემ ჩემში შიგნით, სადღაც ყოველთვის
ცხოვრობდა როკ-ვარსკვლავი. რა იყო, იცი? ჩემს მეგობრებს რატომღაც ასე ეგონათ, რომ
ცეკვა-თამაშისთვის არასოდეს მცხელოდა.

– რა, ძველი ბიჭი იყავი და რთული ცხოვრება გქონდა? – გამეცინა მე.

– არა, ვერ გიხსნი. მოკლედ, რატომ დავიწყე მაგ თემაზე ლაპარაკი? ჰო, იმის თქმა
მინდოდა, რომ სიმღერებს ჩუმად ჩემთვის ვღიღინებდი, ახლა კიდევ შენ ამამღერე ამ
ასაკში.

– შოუ-ბიზნესზე ხომ არ გინდა დაიწყო ფიქრი?

– მაშაყირებ, არა?

– არა, არ გაშაყირებ.

– იცი შენ ძალიან კარგი გოგო ხარ. მთელი საღამოა ცდილობ, შეამსუბუქო დღევანდელი
დილის უკვე დაღვინებული, ჩამომძიმებული განწყობა.

– არ ვფიქრობ.

– არა, ფიქრობ, უბრალოდ, ყველანაირად ცდილობ არ იფიქრო, მაგრამ არ გამოგივა,


დამიჯერე.

– შენ გინდა, რომ მე მაგ ყველაფერზე ვიფიქრო? რა ეგოისტი ხარ?

– ვარ.

ყველა ადამიანი ეგოისტია.

– წავიდეთ აქედან, – ავდექი მე, – კარგი იყო, რა გინდა, ხო ვიმღერეთ.

– ლენუ, რომელი საათია? მაჯას დავხედე ინსტინქტურად. მისი ნაჩუქარი საათი


სიბნელეში ანათებდა.

– ოთხის წუთებია.

– ადრეა.

– რატომ მაჩუქე საათი?

– მომწონს, – მარტო მაგიტომ. ხედავ რა არის ცხოვრება, ადრე რომ გამეცანი, საათს ვერ
გაჩუქებდი, ბაბუაჩემისას ვერ გავიმეტებდი, სხვა კი, უბრალოდ, არ მექნებოდა.

ახლა მომეწონა და გაჩუქე. იცი რა მინდა რომ გითხრა, – მომწონს ლამაზი ნივთები.
საათები, სათვალეები. ამიტომაც გეუბნები შევიცვალე-მეთქი,
მინდა ყველაზე კარგი ფოტოაპარატი მქონდეს... ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ
ყველაფერს, რასაც ვყიდულობ, ხარისხს შევუმოწმებდი. “კარტიე“ – ეს უბრალოდ
სახელია. სიმდიდრის ნიშანია და არა მარტო სიმდიდრის, ეს საუკუნეა, ეს ასწლეულია,
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანი თვლის, თუ იარლიყებს აკვირდები,
სნობი ხარ, მე ასე არ ვფიქრობ.

ეს მშვენიერი ნივთები, ჩვენ ხანდახან გვეხმარება, რომ საკუთარ თავში დავრწმუნდეთ.

– არ მესმის, რატომ?

– ეგ ცხოვრებაა, ფულია... კომფორტი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, ძვირიანი


რესტორნები, მოგზაურობა, ყველაფერი ფულია... ფული იმისთვის არ უნდა
გჭირდებოდეს ადამიანს, რომ ზედ დაიძინო. უნდა ეცადო, მაქსიმალური სიამოვნება
მიიღო და სხვასაც ასიამოვნო, შეძლებისდაგვარად. ახლა სრულიად გულწრფელი ვარ.
ფულზე ამდენს არ დაგელაპარაკებოდი, რომ არ ვიცოდე ამ დემონის მაცდური ძალა.

– გინდა თქვა, რომ ის ძვირადღირებული ნივთები, რომლებიც წლებს ვერ უძლებს და


ძალიან მალე იხევა ან ცვდება, მაინც მთავარია იმისთვის, რომ თავი მოიწონო?

– არა, მთავარი არ არის, უბრალოდ, მომწონს ლამაზი ნივთები. მოვა დრო და ამაში
დარწმუნდები, რა ვქნა, გეუბნები შევიცვალე-მეთქი. მაგრამ ადამიანური ფასეულობები
არ შემიცვლია.

– მოკლედ ეგ ძვირფასი ფეხსაცმელი რომ არ გეცვას, გგონია, რომ ვერ ივლიდი?

– არა, უბრალოდ, ეს ფეხსაცმელი რომ მაცვია, ასე მგონია უფრო რბილად და


კომფორტულად დავდივარ..

– მგონი, ახლა შენ ხარ მთვრალი... კარგი, წავიდეთ... – ვთქვი მე და წამოვდექი. გარეთ
ზუსტად ისე მივსეირნობდით, როგორც მაშინ, ვაშინგტონში, კინოდან რომ გამოვედით.
ახლა უფრო მეტად ვგრძნობდი, რომ ამ ადამიანს არ ვიცნობდი. ნეტავ ოდესმე თუ
იქნება ისე, რომ ვიგრძნო, ის ვინც გვერდზე მიდგას, ჩემი ახლობელია? თავში
ყველაფერი ამერია, გამახსენდა ამ დილის უსიამოვნო განწყობა და მოვიღუშე. გიორგის
ისევ ლიფტში დავემშვიდობე, შემფასებლური მზერით დავხედე ფეხსაცმელზე და
ლიფტიდან გამოვედი. ამჯერად, ნასვამი არ ვიყავი, ამიტომ, თავი აღარ გამოუყვია,
მენდო. თავის ნომერში ავიდა.

***

როგორ მოვიქცე? წავიდე მისი ცხოვრებიდან? მარტო ჩემი ბრალია, აქ რომ ვარ. არ უნდა
წამოვსულიყავი ნიუ-იორკში. და, საერთოდ, ვინ არის ეს კაცი? ალბათ რთული
ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ არ მითხრა. ასეთ რამეებს ქალს არ უყვებიან. მან ეს კარგად
იცის. უბრალოდ, მიმახვედრა, რომ რაღაც მიზეზების გამო, არ ცეკვავდა და არც
მღეროდა. ცდილობს, ჩემთან გაერთოს, მაგრამ, რაც აწუხებს, არ ავიწყდება. ვინ არის ის
ქალი? მართალია, ამას ამწუთას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ მაინც
მეფიქრებოდა.
ვფიქრობდი მის გარეგნობაზე, ხასიათზე, მათ ურთიერთობაზე, ასე ვიჯექი და
ვმარჩიელობდი. მაინტერესებდა, რა იყო იმის მიზეზი, რომ გიორგი მალე შინ უნდა
დაბრუნებულიყო და იქ სამუდამოდ დარჩენილიყო? ეს მიზეზი მოსვენებას არ
მაძლევდა, მაგრამ ვიცოდი, რომ გიორგის ამას ვერასოდეს ვკითხავდი, ამიტომაც
გადავწყვიტე, აღარ მეფიქრა, ვარჩიე საათზე დამეხედა და ის დრო გამეხსენებინა,
როდესაც ახალი წლის ღამეს გიორგიმ თვალებში ჩამხედა და მითხრა: “შენი ყურება
მსიამოვნებს!»-ო.

ამ მოგონებამ გამათბო და ცოტა დავწყნარდი. უცებ სხვა აზრმა მოიცვა მთელი ჩემი
არსება. დავაფიქსირე, რომ გიორგის არასოდეს უცდია ჩემი მოფერება. რატომ არ
მკოცნის ან არ მეფერება? ამ ახალმა აღმოჩენამ შემაცბუნა და საწოლზე ჩამოვჯექი.
წარმოუდგენელია, მოგწონდეს ქალი და არ მოეფერო, ან არ სცადო მაინც მისი
მოფერება.

ახალი საზრუნავი გამიჩნდა. ახლა რა იქნება? როცა შევხვდები, სულ იმას


დაველოდები, როდის მომეფერება?

მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში ფილმზე წავედით, ჩემი ყველა დილა საოცრად
დაემსგავსა ერთმანეთს, რომ აღარაფერი ვთქვა ღამეებზე. ყოველ დილას მაღვიძებს
მასზე ფიქრი, ფიქრი, რომელიც ძილშიც არ მასვენებს. ახლა კი სხვა უკიდურესობაში
გადავვარდი, იმაზე ვფიქრობ, რატომ არ მეფერება. ასე აღარ უნდა გაგრძელდეს!
ლოგინიდან წამოვხტი და გარეთ გასასვლელად მოვემზადე. ინტერნეტ კაფე მოვძებნე.
დამხვდა გაგას იმეილი: “ლენუკ, რაც შენ წასული ხარ, მოსვენება დავკარგე.

ახალმა წელმა, არც მიგრძვნია, ისე ჩაიარა. სადაც მივდივარ, ყველგან შენზე ვფიქრობ,
მალე ჩამოდი... როგორ მიმატოვე ამდენი ხნით?!»

ვერ დავიჯერე, რომ ეს გაგას წერილი იყო. ამ სიტუაციამ, იმის გარდა, რომ ამრია და
ჩემი ამერიკული გეგმები თავდაყირა დააყენა, გაგაზეც იქონია გავლენა.
დარწმუნებული ვარ, მას ჩემი განწყობა გადაედო. სასწრაფოდ დავწერე პასუხი: “გაგა,
როგორ ამბობ, რომ მიგატოვე? უბრალოდ, ცოტა ხნით წამოვედი და მალე
დაგიბრუნდები. გაკოცებ, ლენუ.» კომპიუტერმა წამში დამიწერა, რომ წერილი
გაიგზავნა.

გვერდი დავაბრუნე, ჩემი ნაწერი გადავიკითხე და გულიც გამისკდა: ეს არ არის ჩემი


ხელწერა. რა ხდება ჩემს თავს?! რატომ ვატყუებ გაგას?! დავუბრუნდები?!

გარეთ გამოვედი, არ მინდოდა სასტუმროში მიბრუნება, ციოდა, გეზი იმ

ადგილისკენ ავიღე, სადაც ადრე “თვინ თაუერები» იდგა. მივდიოდი ფეხით, მუსიკას
ვუსმენდი მთელ ხმაზე და არაფერზე არ ვფიქრობდი. წინასწარ ვნერვიულობდი.
ტერაქტის შემდეგ ნიუ-იორკში ნამყოფი არ ვიყავი. “თვინებთან» რომ მივედი,
სასოწარკვეთისაგან ბორდიურზე ჩამოვჯექი. სრული აპათია...

იქ სადაც ადრე სიცოცხლე ქუხდა და ათასობით ადამიანი ირეოდა, ახლა მხოლოდ


რკინის გალიებში მომწყვდეული სიცარიელე დამხვდა. ვუყურებდი გაოგნებული ამ
სურათს და 1996 წლის ნიუ-იორკს ვეღარაფრით ვიხსენებდი, არადა, თითქმის ორი
წელი ვცხოვრობდი აქ. გარშემო მყოფი ხალხის სახეებს დავაკვირდი, ზოგი ჩემსავით
გაოგნებული ათვალიერებდა სიცარიელეს, ზოგი საყვარელ ადამიანს უჭერდა ხელს და
ასე ცდილობდა დანახულის შემსუბუქებას, ზოგს ცრემლი მოსდიოდა, ზოგიც
უმეტყველო სახით იყურებოდა. ჩემს გვერდზე ახალგაზრდა ამერიკელი ცოლ-ქმარი
იდგა. თან ტყუპი გოგო-ბიჭი ჰყავდათ წამოყვანილი. უცბად დედამ გოგონას ხელი
დაავლო, ქმარსაც უთხრა ბიჭისთვის მოეკიდა ხელი და თვალით რაღაც ანიშნა.
მარჯვნივ გავიხედე, იქვე ახალგაზრდა მამაკაცი იდგა, თავზე მუსულმანური
თავსაფარი ეფარა...

მხოლოდ ახლა მივხვდი, როგორ შეცვლილიყო ნიუ-იორკი. უცბად იმასაც მივხვდი, თუ


რა ჰქონდა საერთო ყველა იმ ადამიანს, ვინც აქვე ირეოდა. თვალები – თვალებში
ჩამდგარი შიში და უნდობლობა. ყველაზე დიდი, გაუმრთელებელი ბზარი, რაც
ტერაქტმა ამ ხალხში გააჩინა, და რასაც საუკუნეებიც კი ვერ წაშლიდა, ალბათ...
მუსლიმანი ბიჭი მარტოდმარტო იდგა და ნაღვლიანი თვალებით იცქირებოდა
გამოცარიელებულ სივრცეში. შეიძლება მასაც და, ძმა ან დედა ჰყავდა დაღუპული, ან
სულაც საყვარელი ადამიანი. მაგრამ მასას ეს არ აინტერესებდა, ახლოსაც კი არავინ
დაუდგა, ასე იდგა საზოგადოების მიერ გარიყული ახალგაზრდა კაცი, რომელიც
ბავშვსაც და უფროსსაც შიშის ზარს სცემდა.

დაპატარავებული, შეშინებული და გულმოკლული დავბრუნდი უკან. ვიცოდი,


წამეკითხა და გამეგო რომ ტერაქტმა მსოფლიო შეცვალა, მაგრამ ის რაც ვნახე,
ყველანაირ მოლოდინს აღემატებოდა. ნიუ-იორკი ჩემთვის ის ქალაქი იყო, სადაც
პირველად მოვხვდი მარტო და მივხვდი, რომ თავად ვყოფილვარ ჩემი თავის უფალი.
თექვსმეტი წლის ჩამოვედი, ეული, ერთი დიდი ჩემოდნით. ბინას სამ გოგოსთან ერთად
ვიზიარებდი, ერთ-ერთი ბუდისტი იყო, მთელი ღამე ფანჯარასთან იდგა და
არომატიზებულ ბალახებს წვავდა. სწორედ აქ ვნახე პირველად ბუდისტიც,
დავიმეგობრე მუსულმანებიც და აფრო-ამერიკელებიც. შევადარე მათი რელიგია ჩემსას,
და მივხვდი, რამდენად ბედნიერი ვარ, რომ ქრისტიანი გავჩნდი.

რელიგიაც ასე აღვიქვი, – ადამიანი სულით უნდა იყო ქრისტიანი, და არა – დაბადებით.
ნიუ-იორკში თექვსმეტი წლის ჩამოვედი, პირველი პროტესტიც აქ გამიჩნდა... თემა
უბრალო იყო და ახლა სასაცილოც კი. მაგრამ ჩემი პროტესტი იყო დიდი. სწორედ მაშინ
ვიყიდე პირველი დისკი, რომელმაც სამუდამოდ შემაყვარა როკი. “როლინგ სთოუნზს»
ვუსმენდი მთელი დღეები, ყურში “ფლეიერი» მქონდა გარჭობილი, როცა კი დრო
მქონდა და მათსავით ვერ ვიღებდი კმაყოფილებას, ვერაფრისგან... პროტესტი არც
პოლიტიკოსების, არც მდიდარი ხალხის, არც სკოლის და არც მშობლების მიმართ
გამჩენია.

პროტესტი საკუთარი თავის მიმართ გამიჩნდა, სულ უფრო მეტი და მეტი მინდოდა, არ
მყოფნიდა ის, რაც უკვე ვიყავი. გამოსავალი ჯერ სიგარეტში ვიპოვე – ვიყიდე
რბილკოლოფიანი “ვინსტონი» და მოვქაჩე. მახველა, მახველა, მაგრამ არ შევშინდი.
ვქაჩავდი სიგარეტს, ვუსმენდი მიკ ჯაგერს და ესეც არ მყოფნიდა. კლასელ გოგონებთან
ერთად დავძვრებოდი სახურავებზე და ვუყურებდი, როგორ ეწეოდნენ ისინი
მარიხუანას. არასოდეს გამჩენია სურვილი გამესინჯა ნარკოტიკი, ამ ასაკში მივხვდი,
რომ ნარკოტიკი თავისუფლების მოპოვებაში ვერაფრით დამეხმარებოდა და
სამუდამოდ უარი ვთქვი არაფხიზელ მდგომარეობაზე. მერე რაღაც ისევ შეიცვალა
ჩემში – პროტესტი დაოკდა, მიწყნარდა და გამოსავალი სწავლაში დავინახე.

დილის სამ საათამდე ვმეცადინეობდი, ვკითხულობდი უამრავ წიგნს, რომლებიც


ბიბლიოთეკიდან გამომქონდა... ასე გავიცანი ფოლკნერის ნაწარმოებები და ჩემი
პროტესტიც დროებით გაქრა. ამ წიგნებმა ჩემი პიროვნება სულ რამდენიმე თვეში
შეცვალა, თითქოს აქ გამოვიძერწე. იმ უფლებებმა, რომელიც თურმე მქონია, დამანახა,
რომ არ მქონდა უფლება, ფუჭად გამომეყენებინა ჩემი ცხოვრება. ლიტერატურის
სიყვარულმა წერა დამაწყებინა. ვწერდი ძალიან ბევრს, ხანდახან ღამეებსაც კი
ვათენებდი. მეორე დღეს ვიღვიძებდი, ვკითხულობდი ჩემს ნაჯღაბნს და თავიდან
ვიწერდი, იმას რაც მომწონდა, რაც არა, იმწამსვე ვანადგურებდი, არ მენანებოდა ჩემი
შრომა.

მერე ლიტერატურის მოყვარულთა კლუბში დავიწყე სიარული, (ეს იყო პირველი და


უკანასკნელი კლუბი, რაც მე მოვინახულე).

ლიტერატურას კითხულობდნენ (ადრე ბავშვობაში ჩემს მეგობარ დათოსთან


ვიკრიბებოდით კლასელები და მოთხრობებს ვუკითხავდით ერთმანეთს. მე ძალიან
მრცხვენოდა რამის წაკითხვა, ჩემი ჯერი რომ მოვიდოდა, სწრაფად ჩავიკითხავდი
ხოლმე ნაწარმოებს და სულ მეგონა, ყველა უკმაყოფილო იყო ჩემით.) ამერიკაშიც ასე
იყო, რიგრიგობით ვკითხულობდით კლუბის წევრები ჩვენს თხზულებებს და მერე
ვარჩევდით. აქ თითქოს ხმაც შემეცვალა, ერთგვარად ვარტისტობდი კიდეც კითხვისას,
მომწონდა, როგორ

შევდიოდი როლში, კითხვას რომ ვამთავრებდი, ტაშსაც კი ვიმსახურებდი. ერთი


გოგონას პოეზია მომწონდა ყველაზე მეტად. მარტივად წერდა და მეგონა, რომ ის იყო
თანამედროვეობის ყველაზე საუკეთესო პოეტი (ახლა კი ვიცი, რომ თანამედროვეობის
ყველაზე დიდი პოეტი – ერთი ქართველი ბიჭია). ნიუ-იორკში ვნახე ყველა ის ნახატი,
რაც სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში, აქ დავიწყე ისეთი მუსიკის მოსმენა,
რომელსაც ადრე არასოდეს ვუსმენდი...

აქ შევიძინე არა მარტო ცოდნა, ის თავისუფლებაც, რასაც ადამიანს განათლება


ანიჭებს... ახლა თითქოს ისევ რაღაც შეიცვალა ჩემში, კიდევ ერთი ტრანსფორმაცია,
კვლავ ამ ქალაქში. მუსულმანი ბიჭის თვალები ისევე ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში,
როგორც მეტროპოლიტენის მუზეუმში ნანახი ვან გოგის “მზესუმზირები». ადამიანმა
ადვილად შეიძლება მოიპოვო თავისუფლება, მაგრამ ასევე ადვილად შეიძლება
დაკარგო ის. უმძიმესი აღმოჩნდა ჩემთვის იმის დაჯერება, რასაც შევეჩეხე და რაც
ვნახე, დიდი, ცარიელი ადგილი, სადაც სულ რაღაც ორი წლის წინ სიცოცხლე
ჩამკვდარიყო... შემეშინდა მეც. წარმოვიდგინე, რომ ეს სიცარიელე, როგორც ვირუსი,
ისე მოედებოდა მთელს დედამიწას...

უცბად მომინდა, რომ აღარ მეფიქრა ამ თემაზე, ძალიან რთული იყო ჩემთვის,
ამიტომაც შევეცადე მომეშორებინა ეს ფიქრები. ღონემიხდილი მივედი სასტუმროში,
ლოგინზე წამოვწექი და ჩამეძინა. ძილში ტელეფონის ჩუმი სიგნალი გავიგონე. ეს
შეტყობინება იყო. ყურმილი ავიღე და მოვუსმინე. “ლენუ, სად დადიხარ? ამოდი, რომ
მოხვალ, – 719-ში.» საათს დავხედე, დღის ორი საათი იყო. ძალიან ცუდად ვიყავი, კარი
გამოვიხურე და ორ წუთში 719-ი ნომრის წინ აღმოვჩნდი.

– სად იყავი?

– ინტერნეტ კაფეში. შენ როგორა ხარ?

– რა გინდოდა ინტერნეტ კაფეში? ვერ ძლებ, არა, თანამედროვე ტექნოლოგიების


გარეშე? ხომ გეუბნები, შენ “ბყნტჰყტნ ლტდეირფ» ხარ!

– წერილი წავიკითხე და გავგზავნე.

– ააა, სასიყვარულო?

– რა მნიშვნელობა აქვს?

– არა აქვს მნიშვნელობა?

– არა! შენთვის ხომ ინტერნეტით საყვარელ ადამიანთან კონტაქტი – ანომალიაა.

– სარკაზმით რატომ მელაპარაკები, უბრალოდ მიმაჩნია, რომ ელექტრონულ წერილებს


ფასი არა აქვს, არავითარი ენერგეტიკა იმ ადამიანისა, ვინც წერილს გიგზავნის,
ინტერნეტს არ მოჰყვება, კომპიუტერით არის ნაწერი და არა ხელით, სუნი არა აქვს,
არავის ხელის შეხება არ ამჩნევია, – ერთი სიტყვით, ხელოვნურია.

– რატომ ფიქრობ ამდენს, არ მესმის, არ შეგიძლია, უბრალოდ, მიიღო წერილი, გახსნა,


წაიკითხო, რა საჭიროა ასეთი ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზი, არ მესმის.

ასე ვიდექი და არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი.

– ჩამოჯექი, ყავა გინდა?

– მინდა.

გიორგი ადგა და ყავის მოდუღებას შეუდგა. მე კი, მისი მითითებისამებრ, იქვე


ჩამოვჯექი.

– ხასიათზე ვერა ხარ, მოხდა რამე? – მკითხა გიორგიმ.

– “თვინებთან» ვიყავი. . .

– ჰოო?

– ჰო! მაგრამ მინდა რომ მაგაზე აღარ ვიფიქრო... იმდენად დიდი თემაა, ჩემი გონება ვერ
იტევს...

– მესმის, ლენ, წამოდი, წავიდეთ სადმე.


– გარეთ ძალიან ცივა, ფეხით სადმე წასვლა შეუძლებელია.

– არ გშია?

ხმა არ ამომიღია. მალე ყავა გამზადდა.

გიორგი მომიახლოვდა, ფინჯანი გამომიწოდა და თვითონაც იქვე დაჯდა.

– არა, ყავას დავლევ და ოთახში ჩავალ, დავისვენებ.

– რა იყო, ღამე კარგად არ გეძინა?

– კარგად მეძინა.

– თვალები გაქვს დამძიმებული, გამოუძინებელი და კითხვებით სავსე.

– არ ვიცი, მეძინა, ყოველ შემთხვევაში, ასე მეგონა, სინამდვილეში რას ვაკეთებდი, არ


ვიცი.

– სამაგიეროდ, მე არ მძინებია. ისედაც ცოტა მძინავს ამ ბოლო დროს, მაგრამ, რაც აქ


ჩამოვედით, გამოუძინებელი ვარ. ალბათ, იმის გამო, რომ შენ გაგიცანი. შენზე ვფიქრობ
ბევრს. უკვე ხუთი-ექვსი დღეა გიცნობ.

ეს ძალიან ცოტა დროა, რა თქმა უნდა, მაგრამ მე უკვე ათასი რამის მოფიქრება
მოვასწარი.

– ტელევიზორი ჩართე, თუ შეიძლება.

– ყოველთვის გაურბიხარ ჩვენს თემას.

– ჩართე, იქნებ რამე კარგი ფილმი გადიოდეს.

ტახტზე უგემურად ჩამოვჯექი. გიორგიც გაუნძრევლად იჯდა, ვხედავდი მის


პროფილს, რომელიც არაფერზე მეტყველებდა. ისეთი დაძაბული ვიჯექი, თითოეული
კუნთი მტკიოდა.

უკვე იმაზე ვფიქრობდი, რომ ის ისევ არ იჩენდა სურვილს – მომფერებოდა.

– წავიდეთ სადმე, რესტორანში დავსხდეთ, ვჭამოთ და ცოტა დავლიოთ. შხაპს მივიღებ


და ჩავიცვამ. შენც მოემზადე.

– ფრანგულ რესტორანში წავიდეთ, – ვთქვი მე.

– როგორც შენ იტყვი. მოემზადე, მე კი მოვიფიქრებ, რომელ ფრანგულში წავიდეთ.

– კარგი, დააახლოებით შვიდი საათისთვის მზად ვიქნები.

ჩემს ოთახში ჩამოვედი, რატომღაც ხასიათი გამომიკეთდა. უცებ იმხელა ენერგია


ვიგრძენი, რომ საწოლზე დავეხეთქე, მთელი ძალით ბალიშს ჩავეხუტე და შევეცადე
ემოციები მომეთოკა. ამ ბოლო დროს ასეთი უცნაური ქცევა დამჩემდა.

ახლა სიხარულის, ემოციის შემოტევის საათი

მქონდა და მაქსიმალურად შევეცადე გამომეყენებინა ეს დრო. სააბაზანოდან რომ


გამოვედი, თეთრი, სუფთა, ახალი პირსახოცი ავიღე და სახე შიგ ჩავრგე.

ფრანგული რესტორანი, რომელიც გიორგიმ ამოარჩია, სოჰოში მდებარეობდა. ზომით


პატარა იყო, მაგრამ ძალიან ლამაზი. მუქი ყავისფერი ავეჯი იდგა, შავი ფერის ტყავის
სკამები. მაგიდებზე სპილოსძვლისფერი აბრეშუმის გადასაფარებელი ეფინა და ასეთივე
ხელსახოცები ეწყო. ვერცხლის დანა-ჩანგალი, წელში გამოყვანილი ბროლის ღვინის
ორი ჭიქა.

ჩემს წინ გიორგი, – ჩვეულ ამპლუაში, ხელში მენიუთი და დაფიქრებული სახით.


ვუყურებდი ამ კაცს და ვგრძნობდი, როგორ მსიამოვნებდა მისი ყურება. დღეს გიორგი
ჩვეულებრივზე უფრო კარგად გამოიყურებოდა. მინდოდა ხელით შევხებოდი მის
სახეს, ორივე ხელით მომეზიდა და მეკოცნა, მაგრამ ამას ვერ ვაკეთებდი. მალე ღვინო
მოგვიტანეს.

– ხვალ ვაშინგტონში ვბრუნდებით! ნიუ-იორკულ ახალ წელს გაუმარჯოს!

– გაუმარჯოს! – ვთქვი, ჭიქა ნაზად მივუჭახუნე, გავუღიმე და ვიგრძენი, რომ უბრალო


ღიმილს თვალების ელვარება მიემატა. ისიც მიღიმოდა.

ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყოველ შეხედვაზე მეტი და მეტი სითბო შემოდიოდა
ჩემში. ვისხედით ჩუმად. ასე მეგონა, ისიც ისევე ივსებოდა ჩემით, როგორც მე მისით.

ეს დაახლოებით ათ წუთს გაგრძელდა. მოულოდნელად მისი თითების შეხება


ვიგრძენი, ხელი უხეშად მომიჭირა, მერე ასე გაიჩერა თავის ხელში და მითხრა:

– ისეთი გოგო ხარ, როგორიც მინდა, რომ იყო. შევეცადე, ჭიქა თავისუფალი ხელით
ამეღო. არ მინდოდა მის ძლივს შეხებულ ხელთან განშორება.

ასე გაუნძრევლად ვიჯექი, თითქოს ღვინო მოქმედებდა და ვხურდი, ან შეიძლება ჩვენი


ენერგიების გაცვლა-გამოცვლისგან მეკიდებოდა ალმური.

– იცი, არსებობს ისეთი რამ, რასაც ბევრს რომ ეცადო, ვერსად გაექცევი.

– ???... – შევეკითხე თვალებით.

– ბედისწერა!

მალე საჭმელი მოიტანეს, ჩვენი ხელები თავისით დასცილდნენ ერთმანეთს.

– მომწონს, ხორცი რომ გიყვარს!


– ვიცი, მახსოვს, ერთხელ უკვე მითხარი.

ვახშამი დასრულდა. სუფრაზე აღარაფერი იყო დარჩენილი, მხოლოდ ცარიელი ღვინის


ჭიქები, ბოთლი და თეფშები.

სიცარიელის შეგრძნება დამეუფლა. ეს საღამოც მთავრდება, ხვალ ვაშინგტონში


მივდივართ. ანგარიში მოითხოვა და მალე სასტუმროშიც მივედით.

– დილას, თერთმეტი საათისთვის მზად იყავი, ჩამოგაკითხავ, – მითხრა ლიფტში


გიორგიმ. კარი გაიღო, დავემშვიდობე და ჩემი ოთახისკენ წავედი. ისევ იგივე
განმეორდა. ისევ არ ისურვა ჩემთან წამოსვლა.

ნეტავ რას აკეთებს თავის ოთახში იმაზე კარგს, ვიდრე ჩვენ ორნი ერთად
გავაკეთებდით. შევეცადე ბევრი არ მეფიქრა და ტელევიზორი ჩავრთე.

დილას, უთენია, კარზე კაკუნი მომესმა. ჩემი ჩემოდანი ჩამომიტანა.

– აღარ გახსოვდა, მე რომ მაქვს?

– დამავიწყდა, გმადლობთ, – ჩემოდანი შემოვიტანე და კარის მიკეტვა ვცადე.

– შემოვალ, თუ შეიძლება, ჩემთან ძალიან მოწყენილობაა, სანამ ჩალაგდები, აქ ვიქნები.

პირის დასაბანად შევედი, საშინლად გავბრაზდი იმაზე, რომ მას მხოლოდ ახლა,
დილას, მოეჩვენა, რომ მარტოა. ძალიან უცნაური ადამიანია, რომელმაც თავისავე
მსგავს უცნაურ ისტორიაში ჩამითრია. დაახლოებით ორ საათში მატარებელში
ჩავსხდებით და ზუსტად ხუთ საათში ამერიკის დედაქალაქში ჩავალთ.

საღამოს რვა საათი იქნებოდა, როდესაც ტაქსი ჩემს სასტუმროს მიუახლოვდა. გიორგი
გადმოვიდა, მხრებზე მიმიხუტა და მითხრა:

– ლენუ, დიდი მადლობა, ყველაფერი ძალიან კარგი იყო.

– მადლობა შენ!

– დაგირეკავ, OK?

– OK! – ვუპასუხე და ოთახში ავედი.

***

იმ ღამეს ბევრი არ მიფიქრია, მალევე ჩამეძინა. მეორე დილას სამსახურში მივდიოდი.


უბრალოდ, მახსოვს, გამეხარდა, “ჩემს სახლში» რომ ვიყავი. ამ შეგრძნებამ დამაწყნარა
და ჩამეძინა. მეძინა ტკბილად და მშვიდად.

დილას ადრე გამეღვიძა, ისევ სასტუმროს არაფრისმთქმელ კედლებს მივაშტერდი,


ძლივს ავდექი საწოლიდან, შხაპი მივიღე და სასაუზმოდ ჩავედი. ორშაბათი დილა იყო
და ჯონ ფლოიდი უნდა მოსულიყო. ასე ვიყავით შეთანხმებულები, ყოველ ორშაბათს
ის ჩემს სასტუმროში ისაუზმებდა და მთელი კვირის გეგმებს გამაცნობდა. რვა
საათისთვის ჩავედი რესტორანში, ჯონი უკვე იქ დამხვდა. მოკლედ მიამბო მომავალი
კვირის გეგმები, მერე ჩავლილ დღესასწაულებზე დავიწყეთ საუბარი.

– არც მახსოვს რას ვაკეთებდი ახალი წლის ღამეს, მეგობარი გოგონა მოვიდა ჩემთან,
უამრავი შამპანური დავლიე, მერე ღვინო გავურიე, მერე ვისკი და საბოლოოდ ისე
დავთვერი, დილას ხალიჩაზე გამომეღვიძა. წარმოგიდგენია, ჯენი – ჩემი მეგობრის
სახელია – აღარც დამხვდა.

მოგვიანებით დამირეკა და მითხრა, რომ თურმე ისეთი მთვრალი ვყოფილვარ,


ვერაფრით დამითანხმა საღამო ჩემს საძინებელში გაგვეტარებინა, ბალიში მოვიმარჯვე
და ხალიჩაზე დავიძინე.

– ღმერთო ჩემო, გაგექცეოდა, აბა, რას იზამდა.

– მეორე დღეს ძლივს შემოვირიგე, – კვდებოდა სიცილით ჯონი, – საჩუქრად შოკოლადი


მივართვი და წამში შევრიგდით.

– შოკოლადი კარგი საჩუქარია, – ვუთხარი მე.

– ჰო, ქალებს მხოლოდ შოკოლადით თუ შემოირიგებ, ან

კიდევ ბრილიანტის ბეჭდით, რომელიც შობას ვუსახსოვრე ჯენს. რაც უფრო ვიზრდები,
ვხვდები, რომ შობა-ახალი წელი სასწაულს არ უკავშირდება. მთელი წელი აგროვებ
საჩუქრებს, მერე ერთი თვე სახლის მორთვით ხარ დაკავებული, მერე კი მოდის ის ღამე,
რომელსაც ელი, და რა? ორ საათში ყველაფერი მთავრდება. საჩუქრები აქეთ-იქითაა
მიმოყრილი, ცარიელი ჭიქები, შესაფუთი ქაღალდები და ბაფთები კი საშინელ
არეულობას ქმნის. მოკლედ, ეს დღესასწაულები თავის ტკივილი უფროა, ვიდრე
სიამოვნება.

– ასე არ უნდა შეხედო. ახალი წელი ჩვეულებრივი დღეა, უფრო სწორად კი, ის დღეა,
რომელსაც თვითონ ქმნი. ყველაფერი მაინც ადამიანის განწყობაზეა დამოკიდებული.

– მე დღეში თერთმეტ საათს ვმუშაობ. ალბათ, არ არის გასაკვირი, რომ ახალი წლის
ღამეს ჩამეძინა. მაგრამ ჯენს ესმის ჩემი, სხვა გზა არა აქვს, ეგუება.

– ჯენი შენი “ფიანსე’ა?»

– დიახ, შენ არ გყავს საქმრო, ან მეგობარი ბიჭი?

– მყავს მეგობარი ბიჭი, ჩემს ქალაქში.

– მერე არ ჩამოვა?

– ვერ ჩამოვა.
– ძალიან ცუდი. ხომ იცი, როგორც ამბობენ: “თვალი თვალს რომ მოშორდება, გულიც
გადასხვაფერდებაო!»

– სიცრუეა, რასაც ამბობენ ყველაფერი მართალი კი არ არის. ვინც ამას ამბობს, არ


შეიძლება ყველაფერი წინასწარ იცოდეს.

– ჰო, მაგრამ ამერიკაში ყოველთვის ასე ამბობენ: “შორ მანძილზე სიყვარული


რთულიაო.»

– “Distant Love» – გავიმეორე მე – ჯონ, თუკი გრძნობა ჭეშმარიტია, ის ყველაფერს


გაუძლებს და გადაიტანს. ას ცეცხლში გამოივლის და მაინც არ გაქრება. ეს პირადად
ჩემი აზრია და მინდა ამისი მჯეროდეს.

– ძალიან კარგია, რომ ასე გჯერა.

– ჯონ, მგონი უნდა გავუყვეთ ოფისისკენ! – ვუთხარი და ყავის ბოლო წვეთი მოვსვი.

სამსახურში მისვლისთანავე მივხვდი, რომ დღესასწაულმა ჩაიარა და ახლა


ჩვეულებრივი ცხოვრება იწყება ყველსთვის. ჯონ ფლოიდი კიდევ ერთი წელიწადი
დაელოდება ახალ წელს და მერე ალკოჰოლის არევის გამო, ისევ ხალიჩაზე ჩაეძინება.
რა აზრი აქვს, საერთოდ, ასეთ ცხოვრებას – დილის ხუთ საათზე ადგე, შვიდწუთიანი
შხაპი მიიღო, მერე ასევე ცხრა წუთში ჩაატიო საუზმე, სამაგიეროდ “ტრაფიკის» გამო
სამსახურამდე მინიმუმ ორი საათი იმგზავრო, ისიც თუკი გაგიმართლა და
სამსახურთან ახლოს ცხოვრობ. მერე ოფისში იყო “ლანჩამდე». მერე ყელში ამოსული
ყოველდღიური “ლანჩი». საღამოს ისევ “ტრაფიკი». სახლში მოსვლისთანავე გამოცვლა
და სავარჯიშო დარბაზში სხეულის გასაკაჟებლად წასვლა.

ამას ნაჩქარევად მომზადებული ვახშამი მოყვება. მერე ტელევიზორი, საკაბელო


ტელევიზია, რომელსაც იმდენი არხი აქვს, სანამ დაუვლი, ტახტზე ჩაგთვლემს და
ხანდახან იმის თავიც აღარა გაქვს, საძინებლამდე მიაღწიო. დილის ხუთ საათზე, ისევ
მაღვიძარა. და ასე კვირაში ხუთი დღე. უკაცრავად, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ის
ცხოვრება, რომელიც მე მაშინ შევუკვეთე, როდესაც დავიბადე!

საღამოს თბილისში დავრეკე.

დედაჩემს რომ ველაპარაკე, მივხვდი, საშინელი ნოსტალგია მქონდა და სასწრაფოდ


შევეცადე ჩემი ფიქრებისთვის მიმართულება შემეცვალა. საათს დავხედე.

უკვე საღამოს რვა ხდებოდა. გიორგის არ დაურეკავს. ნეტავ სად არის? ისიც კი არ ვიცი,
სად ცხოვრობს. საწოლზე წამოვჯექი. თითქმის ყოველდღე აღმოვაჩენ ხოლმე, რაღაც
ისეთს ჩვენს ურთიერთობაში, რაც უნებლიეთ ხან წამომახტუნებს საწოლიდან, ხან
გარეთ, ქუჩაში გამაქანებს, ხან არ მაძინებს, ხან ჩაძინებულს მაღვიძებს. ეს სხვას
არაფერს ჰგავს, თუ არა სიყვარულს. არ მჯერა! ნუთუ ის კაცი შემიყვარდა, ვისაც არც კი
უცდია მომფერებოდა? ვიცი, როგორია მისი ხელის შეხება, მხრები.

ადრე გაგაზე ვფიქრობდი, რომ მიყვარდა, ნდობა, სინაზე – ჩვენ ეს ყველაფერი გვქონდა
ერთმანეთის მიმართ. მხოლოდ ვნებაზე არ მიფიქრია არასოდეს. ამის გარეშე ცხოვრება,
სრულიად ნორმალურად მიმაჩნდა, ბოლოს და ბოლოს მთავარი ხომ ისაა, რომ
კმაყოფილი იყო. (ასე ვფიქრობდი). მაგრამ კმაყოფილება არ იყო ის, რაც მეყოფოდა.
გაგასთან ურთიერთობით არასოდეს დავღლილვარ, თუმცა მქონია პატარ-პატარა
ნერვიულობები. ალბათ გადაღლილობით მიღებული კმაყოფილება იყო ის, რაც
მჭირდებოდა და არ ვიცოდი.

ბავშვობიდან ასე იყო – სანამ ძალა არ გამომეცლებოდა, ვერ ვეშვებოდი ნებისმიერ


დაწყებულ საქმეს. უცბად მომინდა უსასრულო ურთიერთობა ადამიანთან, მასთან
იმდენი დროის გატარება, რამდენის შემდეგაც უძალო და ღონემიხდილი გავწვებოდი
საწოლზე, შევეცდებოდი თითოეული განცდილი წამი თავიდან გამევლო და ამ
გრძნობებში დავრჩენილიყავი. ამ წუთასაც ვგრძნობდი გიორგის მიზიდულობის ძალას.
ის გრძნობა, რომელიც გამომყვა, თავბრუს მახვევდა და უზარმაზარი ენერგიით
მავსებდა. ვცდილობდი, არ გავქცეოდი ამ ტკბილ-მწარე ემოციას, რომელიც
ვულკანივით მოდიოდა საიდანღაც, როგორც ოქროსფერი ენერგიის ნაკადი,
გამოივლიდა ჩემს მუცელს, ზურგს, ხელებს, ფეხებს, მერე დაივლიდა გულმკერდში და
იქ იკრიბებოდა. ბოლომდე გაბრუებული ვიწექი და სახელს ვარქმევდი ამ გრძნობას.
ნუთუ სიყვარულია? პირველად ის გამახსენდა, როგორ დამპატიჟა

რობერტ რედფორდმა ნიუ-იორკში, მერე ახალი წლის ღამე, მატარებელი,


ფოტოაპარატი, გიორგის გარეგნობა...

ჩემი საათი, რომელმაც ხელი გადამისხვაფერა. ახლა ასე მეგონა, ჩემი ხელი იყო
ყველაზე მომხიბვლელი, ქალური, გრაციოზული და ნაზი, მათ შორის, რომელიც
ოდესმე მინახავს. გიორგი კი – რატომღაც არ მირეკავდა... საერთოდ, 25 წლის
მანძილზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც შევისწავლე, არის ის, რომ ძალიან არ
მინდოდეს რაღაცეები. იმიტომ, რომ მაშინ, როდესაც რაღაც ძალიან მინდა, არაფერი
გამომდის. იმწუთას სევდასაც ვგრძნობდი, მაგრამ ის სიამოვნება და სიხარული, რაც
ჩემში იყო, გაცილებით აღემატებოდა სევდას.

გიორგიმ არც მეორე დღეს დარეკა და ვერც მომავალი რვა დღე გავიგე რაიმე მის
შესახებ.

ვერასოდეს აღვწერ იმ სასოწარკვეთილებას, რაც ამ მოკლე პერიოდში განვიცადე.


ვიჯექი სამსახურში და ვერაფერს ვაბამდი თავს, სახლში მოვდიოდი, ტირილი
მინდოდა და ვერ ვახერხებდი. არც მიცდია გამეგო მიზეზი, სად იყო. მეხუთე დღეს
დავასკვენი, რომ აღარ გამოჩნდებოდა, შევეცადე ჩემი თავისთვის ამეხსნა, რომ ეს
ურთიერთობა, იმითი იყო კარგი, რომ მან ამდენი სიამოვნება მომიტანა. ახლა კი უნდა
შევრიგებოდი იმას, რაც ხდებოდა. ალბათ, განგებ გააკეთა ასე, წინასწარ იცოდა, რომ
მიდიოდა და ამიტომაც მაჩუქა საათი, რომელიც მუდამ მომაგონებდა ჩვენს ახალ წელს.
ეს ყველაფერი იმდენად სევდიანი იყო, რომ დიდხანს ვერაფრით გავუძლებდი...

ზუსტად მეცხრე დღეს, ოფისიდან რომ დავბრუნდი, ტელეფონზე ხმოვანი შეტყობინება


დამხვდა: “ლენ, დიუპონ სერქალზე შევხვდეთ, ცხრა საათზე!» სულ ეს იყო, მაგრამ ეს
ექვსი სიტყვა, იმდენს ნიშნავდა ჩემთვის, რომ ალბათ ათჯერ მაინც მოვუსმინე ასე
მონატრებულ ხმას. რვა საათისთვის უკვე მზად ვიყავი, სარკესთან ვიჯექი, ჩემს თავს
ვუყურებდი და ამგვარად, როგორც ყოველთვის, ვცდილობდი, დრო გამეყვანა.
მიუხედავად ამისა, დიუპონ სერქალთან მაინც ათის წუთებზე მივედი. გიორგი რომ
დავინახე, მთელი ძალით გავექანე, კისერზე ჩამოვეკიდე, ცხვირი კისერში ჩავუდე და
გავინაბე. ასე ვიდექით დაახლოებით ხუთი წუთი. არც ერთი არაფერს ვამბობდით და...
მაკოცა.

მოთმინება დავკარგე, მინდოდა, უფრო მაგრად ჩავხუტებოდი, მესმოდა ჩემი


გულისცემა, ამწუთას მივხვდი, რომ ის, რაც ადრე მქონდა განცდილი, ამასთან
შედარებით წვრილმანი შეგრძნებები იყო, და პირველად გავიგე სიყვარულის გემო.

– გიორგი, როგორა ხარ?

– ლენუ, ცოტა ხანს გაჩუმდი, – შემევედრა გიორგი.

ასე ვიდექით პარკში, ირგვლივ ხალხი მიდი-მოდიოდა, ჩვენ ვიდექით, გაუნძრევლად,


თითქოს ვიღაცამ ერთმანეთს შეგვაწება და გამოთავისუფლების საშუალებას არ
გვაძლევდა. როგორც იქნა, სკამზე ჩამოვჯექით. გიორგის თვალებში ვუყურებდი, დიდ,
გაწელილ, ამღვრეულ, მომწვანო თვალებში. მანამდე არასოდეს მენახა მსგავსი
თვალები. არავის თვალებს არ მოუხდენია ჩემზე ასეთი შთაბეჭდილება, არც ხელებს,
არც სახეს, არც ოდეკოლონის სუნს – ეს იყო სრულიად უცხო, აქამდე ჩემთვის უცნობი
არომატი.

ეს იყო ახალი სიყვარულის სურნელი, რომელიც ალბათ მან შეარჩია, რომ ჩემთვის,
ასეთი, გემრიელი და დაუვიწყარი გამხდარიყო. თავი მხარზე ჩამოვადე და გავყუჩდი.

– ჩემი პატარა გოგო, როგორ იყო ეს დღეები? მომიყევი.

– მომწყინდებოდა თუ არა, საათს ვუყურებდი, და ის, რაც მახსენდებოდა, საშინლად


მსიამოვნებდა.

– ლენუ, შენ ძალიან გიყვარს სიტყვა “საშინლად»?

– ადრეც მითქვამს?

– ჰო, ერთხელ მითხარი, “საშინლად» კარგად გამოიყურებიო, მაშინ, ლიფტში რომ


შევედი, სიხარულისაგან “საშინლად» ავფორიაქდი, – იცინოდა გიორგი. მერე ლოყებზე
მომიჭირა ხელი და ასე მეგონა სახეს გამიჭყლეტდა ორივე ხელით – ლენუ, ზეგ შაბათია,
დილას მოტოციკლეტით გამოგივლი, და სადღაც გავისეირნებთ.

– შენ მოტოციკლეტის მართვა იცი?

– მეტსაც გეტყვი, შენც უნდა ისწავლო. ისე ამერიკიდან ვერ გაგიშვებ, «ჰარლის» გემო
რომ არ გასინჯო.

– არაა, მე ვერასოდეს გავბედავ მოტოციკლეტის მართვას.

– ყველაფერს გააკეთებ, მოგივა ის ძალა, რაც ნებისმიერ რამეს შეგაძლებინებს.


მთავარია, გინდოდეს და გჯეროდეს ამის...

– ხუმრობ?!

– არა, არ ვხუმრობ, ზეგ დილას ნახავ, თუ ვხუმრობ. ახლა წამოდი, სახლში გაგაცილებ,
– მითხრა გიორგიმ და ტაქსისკენ გავემართეთ.

მეორე დღე ძალიან გრძელი აღმოჩნდა. პარასკევი საღამო შინ გავატარე, ტელევიზორის
წინ. დილას გიორგიმ გამაღვიძა, კარი გავაღე, შემოვიდა. ტყავის ქურთუკი ეცვა, ხელში
კი ერთი ქურთუკი და ორი ჩაფხუტი ეჭირა, წითელი და ლურჯი.

საწოლიდან ასე სწრაფად წამოხტომისგან თავბრუ დამეხვა და ისევ ჩავწექი. გიორგი კი


თავისი მოტანილი ნივთების დემონსტრირებას შეუდგა.

– ლენუ, ნახე, ეს შენი ქურთუკია, სულ რკინებით არის გაწყობილი, რომ რამე არ
გეტკინოს, უცებ რომ ამოვყირავდეთ, – იცინოდა გიორგი, – ეს ჩაფხუტიც შენია. ხომ
ლამაზია? მოგიხდება.

– ლამაზია, მომწონს.

– ადექი რა, გთხოვ, ვისაუზმოთ და წავიდეთ.

– ორ წუთში ავდგები, ასე მალე ვერ ვფხიზლდები ხოლმე,

– ეს ჩემი საიდუმლოა, – გამეღიმა მე.

– არა, უნდა აგაყენო.

– მოვიდა, პირდაპირ ხელში ამიყვანა და სააბაზანოში შემსვა – ძალით უნდა


გამოფხიზლდე, შენ არ იცი, რა გელის ქვემოთ.

მანქანების გასაჩერებელ მოედანზე რომ მივედით, მისი ასეთი აჟიტირების მიზეზს


ჩავწვდი: გარეთ ვერცხლისფერი მეტალით გაწყობილი, ქალივით ლამაზი შავი “ჰარლი
დევიდსონი» იდგა. გიორგიმ სასწრაფოდ დაიკავა წინა ადგილი და უკან შემომისვა.
ზუსტად სამ წუთში გზატკეცილზე აღმოვჩნდით. ბოლო ხმაზე იყო ჩართული ჯგუფი –
“უ 2». ასე ვიარეთ დაახლოებით საათნახევარი და გზად ბარში შევედით. წარმოდგენა
არა მაქვს საიდან იცოდა ეს ადგილი.

გარეთ უამრავი მოტოციკლეტი იდგა. ბარში კი მარტო როკერები და მათი მეგობარი


გოგონები ისხდნენ. ასეთ ბარებთან ხშირად ჩამივლია, მაგრამ შიგნით შესვლა
არასოდეს მომსვლია თავში აზრად.

– რაც ჩამოვედი, უკვე მესამედ ვარ აქ. ამ მოტოციკლეტს ვქირაობ ხოლმე და


დავქრივარ. დღეს სულ სხვანაირად ვიარე, რომ ვიცოდი, შენ იჯექი უკან, ბევრად უფრო
მსიამოვნებდა.

– ამ ბარს რომ ვუყურებ – თავი ქვენთინ ტარანტინოს ფილმში მგონია. – გამეცინა მე –


იცი, არც ვიცოდი, რომ მოტოციკლეტით სეირნობა, ასეთი სასიამოვნოა. ალბათ მეც
იმიტომ მომეწონა ასე, რომ შენ გეჯექი უკან.

– ლენუ, შემპირდი, რომ სხვას არავის, არასოდეს დაუჯდები მოტოციკლეტზე.

– რატომ?

– ვიეჭვიანებ. გთხოვ, შემპირდი!

– გპირდები.

– რას?

– რას და იმას, რომ არასოდეს არავის დავუჯდები უკან მოტოციკლეტზე.

– ახლა წყნარად ვარ და თავისუფლად.

– თავისუფლად?

– ჰო, აი, თავისუფალი ვარ. ასე მგონია, არანაირი პრობლემა არა მაქვს, შენთან ერთად
ძალიან წყნარად ვგრძნობ თავს. მაგარია, არა, მხოლოდ იმას აკეთებდე, რაც მოგწონს?

– ჰო, მეც კარგად ვარ...

– ბავშობაში ამერიკა სულ სხვანაირი მეგონა. იმ დროს ძალიან ძნელი იყო ამ ქვეყანაში
მოხვედრა.

თითქმის შეუძლებელი. ამერიკა ჩემი თაობისთვის რაღაც მიუწვდომელი, ძალიან შორი,


უცხო და მისტიკური იყო. მართლაც არაჩვეულებრივი ქვეყანაა, ძალიან ხშირად მიწევს
აქ ყოფნა და რაც უფრო მეტად ვეცნობი მას, მით უფრო მომწონს.

– მას მერე რაც “ თვინსები» ვნახე, ჩემი წარმოდგენა ამერიკაზე სრულიად შეიცვალა.
იცი, გიორგი, ყველაზე სახიფათო რამ სწორედ ეგ ყოფილა – რელიგიების
დაპირისპირება. ერთხელ ჩემი ლექტორი მელაპარაკებოდა ამერიკაზე – მიხსნიდა,
მაჯერებდა: “ჰელენ, არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, სადაც ტოლერანტობა ასეთ
დონეზე იდგეს. ჩვენს ქვეყანაში – რასას და რელიგიას არავითარი მნიშვნელობა არა
აქვს, მთავარია ადამიანი იყოო.» იმ დღეს, ტერაქტის ადგილას რომ მივედი, პროფესორ
მანსოურის სიტყვები სადღაც გაქრა, წაიშალა. ვხედავდი, როგორ ეშინოდა ათობით
ადამიანს, ერთი ირანელი სტუდენტის, რომელიც თვალებში ცრემლჩამდგარი
იცქირებოდა უსასრულობისაკენ.

ამერიკა თავისუფლების სიმბოლოა, ტერაქტმა კი ყველაფერი შეცვალა. ადამიანებში


ნდობა მოკლა – ეს ყველაზე საშინელი რამაა...

– ლენ, ეგ რაც მოხდა, ალბათ უნდა მომხდარიყო. ჩვენს კითხვებზე პასუხები არ


არსებობს. მაგრამ ეგეც ბედისწერა იყო, სადღაც, ოდესღაც დაიწერა თერთმეტი
სექტემბრის ტრაგედია და ასრულდა კიდეც. შედეგები კიდევ უფრო ტრაგიკულია,
ვიდრე თვითონ ტერაქტი იყო. მაგრამ მე სულიერად დაცემას არ ვემხრობი.

იმედით ცხოვრობს ადამიანი. არსებობს ისეთი რამ, რაც ყველა მაგ გრძნობაზე მეტია,
ისეთი რაღაც, რაც დაგავიწყებს იმას, რაც ნახე – სიყვარული. სიყვარული – ყველაზე
ძლიერი გრძნობაა. ეს ტერაქტებიც ოდესმე მორჩება, მობეზრდებათ ტერორისტებს
ხალხის ხოცვა და პოლიტიკოსებსაც ახალი ომების გამოგონება. როცა გიყვარს – არ
გაქვს სურვილი ბოროტება აკეთო. ხოლო, ამერიკას რაც შეეხება, მე მაინც ვთვლი, რომ
ამერიკა ფანტასტიკური ქვეყანაა... აქ ადამიანები ისე ცხოვრობენ, როგორც მათ სურთ.

– ამერიკული ცხოვრების სტილს რომ კარგად იცნობდე, ალბათ ასე არ იტყოდი... მათ
უმეტესობას მხოლოდ 4-5 საათი სძინავს დღე-ღამეში, ნახევრად მომზადებულ საჭმელს
ჭამენ და შობის ღამეს, რომლისთვისაც მთელი წელი ემზადებიან, მაგიდაზე ეძინებათ!..

– არა ხარ მართალი, ლენუ. ადამიანების უმეტესობა თავისი შრომით ქმნის ცხოვრებას,
ამიტომაც ასეთი ცხოვრების სტილი შენ შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ არავითარ
შემთხვევაში არ უნდა იყოს მიუღებელი. მე ყოველთვის ვცდილობ, აქაურობას
დადებითი თვალით ვუყურო, ის დავინახო, რაც მსიამოვნებს. აი, მაგალითად,
“ჰარლი» – ხომ ფანტასტიკაა? ეს ტიპები, ამ ბარში რომ ხედავ, როკს უსმენენ,
სვირინგებს იკეთებენ, წვერს უშვებენ და “ჰარლით» დაქრიან გზატკვეცილებზე ორასი
კილომეტრი სიჩქარით. აბა, მათ შეეკითხე ამერიკის ფასი?

– მაინც, ვერასოდეს ვიცხოვრებდი აქ.

მიუხედავად იმისა, რომ ერთგვარად მეც ამ ქვეყნის პატრიოტი ვარ. თან არც
ამერიკელი პოლიტიკოსები მომწონს, ომი ხომ მაინც მათი დაწყებულია. – ვთქვი და
ცხელი

ღვინო მოვსვი, რომელიც გიორგიმ შეუკვეთა ჩემთვის.

– ასე ცალსახად არ შეიძლება უყურებდე ქვეყანას. პოლიტიკოსები პოლიტიკას


აკეთებენ. ისინი ვერ შეცვლიან იმ სულს, რაც თუნდაც ნიუ-იორკში ტრიალებს. ვუდი
ალენი ყველა დიდ პოლიტიკოსს მირჩევნია, ჩემთვის პოლიტიკას ის უფრო ქმნის,
ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტი. ბევრ ქალაქში მიცხოვრია, ლენ და დამიჯერე, ნიუ-
იორკისნაირი დახვეწილი ქალაქი არც-ერთი არ არის, ის ენერგია, რაც ამ ქალქში
ტრიალებს, სხვაგან არსად მიგრძვნია. დამიჯერე!

– მჯერა!

– წავედით, «ჰარლი» გველოდება. არ მოსინჯავ?

– მოდი, შემდეგისთვის გადავდოთ, – ვუთხარი და თვალი ჩავუკარი. გარეთ


გამოვედით. მოტოციკლეტზე შემოვჯექი და გიორგის ჩავჭიდე ორივე ხელი.

– კარგად ზიხარ?

– უკეთესად ჯდომა რაღა უნდა იყოს, არ ვიცი.


– მაშინ წავედიიიით! – იყვირა ბოლო ხმაზე გიორგიმ და გავქროლდით.

ეს ყველაზე სასიამოვნო გასეირნება იყო ჩემს ცხოვრებაში. მოტოციკლეტი მიქროდა


ლამაზი, ფერადი მანქანებით სავსე გზატკეცილზე, წინ გიორგი იჯდა და შიგადაშიგ
მთელი ხმით ჰყვებოდა მუსიკას. ის ისე ახლოს იყო ჩემთან, როცა მინდოდა მაშინ
გადავიწეოდი და მივეხუტებოდი, როცა მინდოდა, უკნიდან ვუყურებდი და
დავტკბებოდი.

ჰაერი სუფთა და ოდნავ ცივი იყო. შიგადაშიგ მომდიოდა გიორგის ოდეკოლონის სუნი,
რომელიც ხუთშაბათ საღამოს, დიუპონ სერქალთან გატარებულ წუთებს ისე მკვეთრად
მახსენებდა, რომ სადღაც, შიგნით, მუცელი თითქოს მეკუმშებოდა. როცა
მივეხუტებოდი, ამ შეგრძნებას აწმყო დროის სიამოვნება აქრობდა, ისე როგორც ძველ
მოგონებებს ასუსტებს ახალი, უმშვენიერესი განცდები. ბევრი ვისეირნეთ. როცა
მოსაღამოვდა, გიორგიმ სახლში მიმიყვანა. გადმოსვლისას მაკოცა და შემპირდა, რომ
კვირის განმავლობაში დამირეკავდა. ორ წუთში ლიფტში ვიყავი და მერე ისევ ჩემი
ნომერი...

თავს კარგად ვგრძნობდი. “კარგად», ალბათ, არ არის ის სიტყვა, რომელიც


შემეფერებოდა, რადგან ამ ჩემს განწყობას სადღაც სევდის სურნელი დაჰკრავდა.
გიორგი არასოდეს მოდიოდა ჩემთან სტუმრად, არც იმას მთავაზობდა, მე
მივსულიყავი. ალბათ, ჰქონდა ამის მიზეზი, ფაქტი კი ის იყო, რომ ჩემთან
ყოველდღიური ურთიერთობა არ სურდა. ადრე, ყოველთვის იმის მეშინოდა, რომ მე არ
მომწყენოდა ვინმესთან ერთად. ახლა კი იმას ვცდილობ, თავად არ გავხდე მოსაწყენი.
ამ საკმაოდ მკვეთრმა ცვლილებამ დამაფიქრა...

მენატრებოდა გიორგის ოდეკოლონის სუნი, მისი თვალები და ხელები. ის კი არსად


ჩანდა. დროდადრო იმასაც ვფიქრობდი, რომ ეს კაცი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი
ილუზია იყო. მისი ერთ-ერთი ნათქვამი გულში ღრმად ჩამრჩა. მაშინ მითხრა, “ლამაზი
სათვალე და კაშნე მეხმარება, რომ სახლიდან გასვლის წინ საკუთარ თავში
დარწმუნებული ვიყოო.» ეს იყო ის, რაც ჩვენ ერთმანეთისგან ძალიან გვაშორებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ამდენი მოგზაურობის შემდეგ, მეც დავიწყე ჩანთებზე
ინიციალების ამოკითხვა და ამ ნივთების ფასებშიც გავერკვიე, ჩემთვის ეს ყველაფერი
ისევე არაფერს ნიშნავდა, როგორც ადრე. გიორგი კი, თურმე, სულ სხვანაირად
უყურებდა ამ საკითხს.

უცებ რაღაცამ დამარწმუნა, რომ ის პირდაპირობა და გულახდილობა, რომელიც მან


გამოამჟღავნა, მოსაწონიც კი იყო. მაგრამ ვხვდებოდი, ეს კაცი არ იყო მხოლოდ
მატერიალისტი, რომელსაც ღამ-ღამობით ლამაზი კოსტიუმები და სტერეო ტექნიკა
ესიზმრება. მისგან სხვა ძალა მოდიოდა, ეს ძალა არ მასვენებდა არსად – არც
სამსახურში, არც ქუჩაში, არც სასტუმროში. ერთი სიტყვით, რაც უფრო მეტი დღე
გადიოდა გიორგის გარეშე, მით უფრო ვსუსტდებოდი. სისულელე იქნებოდა ამ
ყველაფრისთვის ყურადღება არ მიმექცია და მეფიქრა, რომ მე ძალიან ძლიერი გოგონა
ვარ, რომელსაც შემთხვევით გაცნობილი 44 წლის მამაკაცი ვერ აჯობებდა, მაგრამ,
ჩემდა სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, ის უკვე მერეოდა, თან ისე, რომ, ეს ჩემზე უკეთ
იცოდა და მაინც, ასაკი აქ არაფერ შუაში იყო.
***

ერთ დილას ძალიან აღელვებულს გამეღვიძა, გადავწყვიტე სამსახურში არ


წავსულიყავი, დავრეკე და ჯონი გავაფრთხილე, რომ ვერ მივიდოდი. პარასკევი იყო.

საწოლიდან რომ წამოვდექი, თავბრუ დამეხვა. სარკეში ჩავიხედე და თვალების ქვეშ


გაჩენილი შავი რგოლები შევამჩნიე, რაც არ მომეწონა. სად წავიდა ის “ინტერნეტ
დევუშკა» არ ვიცი, ახლა ისეთ დიდ ქალად ვგრძნობდი თავს, რომ ჯერ კიდევ ჩემს მიერ
უნახავ გიორგის მეუღლეს მივამსგავსე თავი, რაც საშინლად არ მომეწონა და იმწამსვე
შევწყვიტე ფიქრი. სასწრაფოდ ჩავიცვი და ქუჩაში გავედი. მუსიკალურ მაღაზიაში ორი
ახალი დისკი ვიყიდე. მერე სასაუზმოდ წავედი და კაფედან ჩემს ამერიკელ მეგობარს,
ბეტს დავურეკე, რომელიც არც კი მომიკითხავს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ერთი
თვე ვაშინგტონში ვიმყოფებოდი. ჩემი ხმა რომ გაიგო, ბეტს ძალიან გაეხარდა და
მთხოვა შუადღისთვის შევხვედროდი.

თორმეტი საათისთვის შევხვდი და პარკში დავსხედით. ძალიან მიყვარდა ბეტი,


მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე 45 წლის იყო, ძალიან

ბევრ საერთოს ვპოულობდი მასთან. ის თბილისში ცხოვრობდა ექვსი თვე და ჩემს


ოფისში მუშაობდა. ძალიან უყვარდა ქართველები და საქართველო. ამიტომაც ჩემს
დანახვაზე თვალები ცრემლებით აევსო და მისაყვედურა, რომ ამდენი ხანი არ
დავურეკე.

– გაგა როგორ არის? – მკითხა მან. ამ კითხვამ უცბად შემაშინა, ორი კვირა გავიდა მას
შემდეგ, რაც გაგას ვესაუბრე.

ინტერნეტით აღარ და ვეღარ ვეკონტაქტებოდი, ერთი სიტყვით, გაგა ჩემს ამერიკულ


ცხოვრებაში აღარ არსებობდა.

– ბეტ, არ ვიცი, გაგა როგორ არის, ალბათ, კარგადაა.

– რატომ, ნუთუ დაშორდით. არადა ძალიან სიმპათიური ყმაწვილია. გაწყენინა? არ


მითხრა, თორემ, თბილისში რომ ჩამოვალ, ერთს კარგად გამოვლანძღავ.

– არა, არაფერი უწყენინებია, უბრალოდ, ვეღარ ვახერხებ მასთან კონტაქტს.

– ეს რა სისულელეა. ესე იგი, არ გინდა, თორემ, სულ რომ ანტარქტიდაზე ცხოვრობდე,


მაინც მოახერხებდი.

ამ სიტყვებმაც ამაღელვა. ესე იგი გიორგი რომ არ მირეკავს, ეს იმის ბრალია, რომ არ
უნდა.

ამ აზრმა ყველანაირი ძალა გამომაცალა, უმეტყველო სახით გავხედე ბეტს, და ალბათ,


თვალებით შევევედრე, რომ ცოტათი მაინც შეელამაზებინა თავისი უმოწყალო დასკვნა.

– ჰო, ალბათ არ მინდა. მომიყევი, ბრაიანი როგორ არის? ბავშვები?


– კარგად, კარგად, ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ბავშვებს მე
და ბრაიანმა საშობაოდ მოტოციკლეტები ვაჩუქეთ. ჩვენები ხომ გახსოვს, აი, ზუსტად,
ისეთები, ოღონდ მათი ზომის. აუცილებლად წავიდეთ ამ კვირას გასასეირნებლად.

– მართლა, რა საოცარი სანახაობა იქნება მოტოციკლეტისტების ოჯახი. ამ ბოლო დროს


მეც ვისეირნე «ჰარლით».

ვაშინგტონიდან სამხრეთით, თითქმის მთელი დღე.

– ლენუ, შენ არ ხუმრობ, სასწრაფოდ მომიყევი, ვინ გასეირნა «ჰარლით»? ამერიკელი


«ბოიფრენდი» ხომ არ გაიჩინე, ჰა?

– არა, «ბოიფრენდი» არ არის, ერთი ქართველი კაცია, დაახლოებით შენი ასაკის.

– აჰააა, ესე იგი, დაახლოებით ჩემხელა კაცი გაახვიე არა ბადეში? – იცინოდა ბეტი.

– არა, ბეტ, მას არ მოვწონვარ, ისე მემეგობრება, – ეს ბოლო სიტყვა ისეთი ხმით
წარმოვთქვი, ჩემი თავი შემეცოდა.

– დიდი ხნის ნაცნობია?

– არა, ერთი თვე არ არის, რაც გავიცანი.

– ისე გემეგობრება? არ შეიძლება, ერთი თვის გაცნობილი კაცი მეგობრად ჩათვალო,


თანაც თუ მთელი დღე «ჰარლით» გასეირნებს. «ჰარლი» კაცებს იმაში სჭირდებათ, რომ
თავი კაცად იგრძნონ. ეს მათი ერთ-ერთი საიდუმლოა. თუ უკან ქალს ისვამენ, ესე იგი
მის წინაშე კაცობის დემონსტრირებას ახდენენ. დამიჯერე, ძალიან ბევრი რამ ვიცი
მოტოციკლეტების შესახებ.

შენც ხომ გინახავს, მართვა არც თუ ისე ცუდად ვიცი. ამიტომაც მენდე.

– გენდობი, – გამინათდა სახე.

– მაგრამ ეგ არ არის მნიშვნელოვანი, მოსწონხარ თუ არა მას. ნებისმიერ კაცს მოეწონები,


თუკი შენ ეს მოინდომე. მთავარია, შენ თუ მოგწონს?

– მოდი, ამ თემაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, კაცებზეც.

ახლა ძალიან გადაღლილი ვარ და აზრების დალაგება მიჭირს.

– კარგი, მაშინ წამოდი, ნაყინზე დაგპატიჟებ, ვიცი, როგორც გიყვარს ყავის ნაყინი
თხილებით. შენ ხომ ჩემი პატარა მსუნაგი გოგო ხარ.

წამოვდექით და სანაყინესკენ გავემართეთ. ბეტს ნაშუადღევს დავშორდი. ყავის ნაყინმა


და ბეტთან შეხვედრამ ხასიათი საკმაოდ გამომიკეთა. დამშვიდობებისას მხრებზე
მიმიხუტა და ჩემთვის ყველაზე საყვარელი ამერიკული გამოთქმით დამემშვიდობა:
– თაკე იტ ეასყ, ბაბყ! – მითხრა მან, რაც პირდაპირ ასე ითარგმნება – იოლად შეხედე
ყველაფერს, ჩემო გოგონა! – არადა მართლა რა რთულად მეჩვენება ამწუთას
ყველაფერი, ეს ხომ ნამდვილად არ იცის არც ბეტმა, არც გაგამ, არც დედაჩემმა და არც
გიორგიმ. სასტუმროში მივბრუნდი. საღამოს კინოში წასვლა დავგეგმე, მაგრამ ვერ
წავედი, იმიტომ რომ, უცბად საშინლად მომინდა მომეძებნა გიორგი. გიორგის რომ
სცოდნოდა, როგორ “საშინლად» მინდოდა მისი მოძებნა, აუცილებლად გაეცინებოდა,
მომეხუტებოდა და გამათბობდა, ისე როგორც სიზმარში გათბობს იმის მოფერება, ვისი
მოფერებაც გენატრება.

ვგრძნობდი, რომ აუცილებლად, ყოველ მიზეზგარეშე უნდა გამოვსულიყავი ამ


ფიქრებიდან, ვგრძნობდი, რომ გიორგი უნდა მომეძებნა იქ, სადაც იყო და აღარსად
გამეშვა. საიდანღაც, ალბათ ზემოდან, მომივიდა ეს ძალა, ტელეფონთან მივედი და
გიორგის დავურეკე. ისეთი აღგზნებული ვიყავი, მეგონა მის ხმას გავიგონებდი და
მოვკვდებოდი. მაგრამ ასე არასოდეს ხდება, ყურმილის იმ მხრიდან, რომელიც ყურთან
მედო, საოცრად თბილი “ჰელლო» გაისმა.

– გიორგი!

– ლენოჩკა, – (აქამდე ასე არასოდეს მოუმართავს) – რა კარგია რომ დარეკე...

– აქ ვარ, ნომერში, დამღალა ნომერმა და საერთოდ გადავიღალე, მგონი ამ ქალაქიდან


წასვლა მინდა. შინ მინდა დავბრუნდე და ფოტოხელოვნება შევისწავლო, ან სულაც
ესპანური ენა, ან უბრალოდ, აღარ ვიმუშაო, აღარ გამოვიჭედო თავი

უაზრო სიახლეებით, რომლებიც მეორე დღეს აღარ მახსოვს, – ვბოდავდი, იმას, რაზეც
საერთოდ არ მიფიქრია.

– ლენუ, არ გიხდება ასეთი ლაპარაკი. დაივიწყე ყველაფერი, რაც ზედმეტია, ამოშალე


გონებიდან და მხოლოდ ის დაიტოვე, რაც მთავარია. სწორედ ეს არის მინიმალიზმი.

– ვეცდები.

– რას იტყოდი იმაზე, დღეს საღამოს რომ ერთად გვევახშმა. მოდი, გინდა რუსულ
რესტორანში წავიდეთ. დიდი ხანია არ ვყოფილვარ, რუსულ სიმღერებს მოვუსმენთ,
“ოკროშკას» და “სტოლიჩნი» – სალათს მივირთმევთ. ასე, რვა საათისთვის წავიდეთ
“Russian Balalaika» – ში, გამოგივლი.

– OK, Mister George! მაგრამ გამოვლა არ მინდა, პირდაპირ იქ მოვალ რვაზე.

ცხრის ნახევარი ხდებოდა, “Russian Balalaika»-ს რომ მივუახლოვდი. ფეხით მივედი


რესტორნამდე, შესასვლელში რუსი ჰუსარის ფორმაში გამოწყობილი ბიჭი შემომეგება,
პალტო გამხადა და შიგნით შემიპატიჟა.

დიდხანს ვათვალიერე მწეველების დარბაზი, მაგრამ მარტოხელა მამაკაცი ვერსად


შევნიშნე. ბარს მივეყუდე. ისევ გადავავლე დარბაზს თვალი, ერთმა წყვილმა მიიპყრო
ჩემი ყურადღება, უფრო ზუსტად რომ ვთქვა, გიორგის ზურგი ვიცანი, უკვე არ
მომეწონა ის ფაქტი, რომ კაცი, რომელიც მელოდა, შესასვლელისკენ ზურგით იჯდა. მის
წინ ყავისფერ კოსტიუმში გამოწყობილი ქალი მენიუს უკირკიტებდა. სასწრაფოდ
გიორგის ზურგისკენ წავედი.

– საღამო მშვიდობისა, ცოტა შემაგვიანდა.

– ლენ, მოდი დაჯექი.

გაიცანი ეს მარიკაა, ეს კი ლენუა, რომ გიყვებოდი, – “ნეტავ რას უყვებოდა ამ ქალს


ჩემზე?» სიბრაზით სავსე კითხვამ გამიელვა თავში.

– სასიამოვნოა, – ვთქვი და ჩამოვჯექი.

– ლენ, რას შეუკვეთავ.

– ცივ ჩაის, ყინულებით.

– გცხელა? გარეთ ცივა, ყინულებით ნუ დალევ, გაცივდები.

– მაგაზე არ იდარდო, იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული სიცივის და ყინულების


მიმართ.

– ლენა, თქვენ რა გვარი ხართ? – შემეკითხა სინაზისგან დაწვრილებული ხმით


ქალბატონი მარიკა.

ჩემი გვარი ვუთხარი და ძალდატანებით გავუღიმე.

– არ გადამრიო, – ჩემი გვარის გაგებისთანავე ქალბატონმა მარიკამ, ქართული სლენგის


გამოყენებით გამოთქვა აღტაცება. – ვახოს გოგო შენ ხარ, ელენე?

– დიახ – უკმეხად ვუპასუხე და ეს ქალი კიდევ უფრო ვერ ავიტანე.

– არ გადამრიო, – არ ცხრებოდა მარიკა.

– ვახოს უთხარი, რომ მე შემხვდი ვაშინგტონში, გადაირევა. არა, რა პატარაა ეს


სამყარო? სად ვნახე ვახოს გოგო, ღმერთო ჩემო, რა საოცრებაა. ლენა, შენ რა ლამაზი
გოგო დამდგარხარ!

“პატარაობისას არ მოვწონდი, ალბათ!» ეს ქალი უკვე იმდენად მძულდა, რომ ხმას ვერ
ვიღებდი, მაგრამ ლაპარაკის საშუალებასაც კი არ მაძლევდა, ისე მიერეკებოდა თავისას.

– ვაიმე, რა სასწაულია, ნუ, გიორგი, ჩვენი მეგობრის გოგო ყოფილა, ლენა...

– ლენუ – მე ლენუ მქვია – ძლივძლივობით მოვახერხე, ჩავრთულიყავი მის


მონოლოგში.

– სამწუხაროდ, მამამისი ჩემი მეგობარი არ არის, – თქვა გიორგიმ, – ჩემი მეგობარი მისი
გოგონაა – ეღიმებოდა მას.

– ლენა, შენ ახლა რამდენი წლისა ხარ?

– ოცდახუთის.

– რა მშვენიერი ასაკიაა, მე, აგერ, უკვე თითქმის ორჯერ შენხელა ვარ. ლენა, აქ რას
საქმიანობ?

– მე ლენუ მქვია, არ მიყვარს, ლენას რომ მეძახიან, – ცოტა მკაცრად ვუთხარი “ორჯერ
ჩემხელა» მარიკას.

– ლენა კარგი სახელია, თან რუსულ რესტორანში ვართ და ალბათ ამიტომ ავიჩემე
ლენა, – მომიბოდიშასავით ქალბატონმა მარიკამ.

იმდენად უაზრო წინადადება თქვა, რომ გიორგიმ სიცილი ვერ შეიკავა. ეს ქალი
თავიდანვე არ მომეწონა, არ მომეწონა, რადგანაც არ ვიცოდი, ვინ იყო, და უნებურად
გონებაში გიორგის დავუწყვილე. საშინლად არ მიყვარს ისეთი სიტუაციები, როდესაც
ორი ქალი ერთ მამაკაცს ეპრანჭება და გაპრანჭვის პროცესში ერთმანეთის დაცინვას ან
დამცირებას ცდილობს, რა თქმა უნდა, ქალური ღირსების დაცვით და კულტურულ
ფორმებში, მაგრამ ორი ქალის ბრძოლა ყოველთვის აშკარაა. ასე მოხდა ახლაც, მას
პირდაპირი ომი გამოვუცხადე, ჩემი ორასოიანი უკმეხი პასუხებით და არ მივეცი
საშუალება, ჩემთან კონტაქტში შემოსულყო, ის კი მოჩვენებითი თბილი მზერით
მიყურებდა, ამ მზერაში იყო რაღაც, რაც ისევე არ მომწონდა, როგორც ეს ქალი
მთლიანობაში. ძალიან მინდოდა, მეთქვა: “მე საშინელი გოგო ვარ, საშინელი უკმეხი
პასუხების გაცემა ვიცი და თან ძალიან ეჭვიანი. გიჯობს ამ კაცთან ერთად აღარასოდეს
დაგი-ნახო!» მაგრამ ჩემმა ბაგემ სრულიად სხვა რამ წარმოთქვა, თანაც ისეთი
სიმშვიდით, რომ თავად გავოგნდი.

– მე აქ მივლინებით ვიმყოფები, ტრეინინგზე, სამი თვით.

– რა საინტერესოა, რას მეცადინეობ?

– არ ვმეცადინეობ, პრაქტიკას გავდივარ.

– ჰო, ნუ, გასაგებია, – თქვა და წითელი ღვინო მოყლუპა, დავინახე, როგორ დაეტყო
ჭიქას მისი ცხიმიანი პომადის ბორდოსფერი კვალი.

სწორედ ამ წუთას გადავწყვიტე, რომ პომადას

სიცოცხლეში არასოდეს ვიხმარდი.

– ლენუ, მოყევი რამე ისეთი, რომ გამეხარდეს, – შემევედრა გიორგი.

– გუშინ ახალი ფილმი ვნახე, ულამაზესი გოგო თამაშობდა, კიდევ უნდა ვნახო,
აუცილებლად ერთად წავიდეთ.
– წავიდეთ...

– რა ფილმია? ვინ თამაშობს? – დაგვაყარა კითხვები მარიკამ.

– ცნობილი მსახიობებიდან, არავინ. ძალიან ლამაზი გოგო თამაშობს და ბიჭიც.

ამასობაში საჭმელი მოგვიტანეს და დაძაბული დისკუსია დროებით შეწყდა. დაბნეული


და დაძაბული ვიჯექი. არ ვიცოდი, ვინ იყო ეს ქალი და რატომ ავღელდი ასე ძალიან
მის დანახვაზე. ალბათ ცოლია, ეს არის ის ქალი, ვისზეც გიორგიმ მითხრა, რომ ჩემი
ცხოვრების იდეალიაო. უცბად გადავწყვიტე, თავად გამეგო, ვინ იყო ეს ქალი.

– თქვენ რას საქმიანობთ ვაშინგტონში?

– მეგობრის მოსანახულებლად ჩამოვედი თბილისიდან ორი კვირით. გიორგის


ტელეფონის ნომერი მოვძებნე და დავურეკე. საღამოს მინდოდა სადილად დამეპატიჟა,
მაგრამ ვინ დამაცადა?! – მომეჩვენა, რომ მარიკამ ეს ბოლო წინადადება ორაზროვნად
წარმოთქვა.

გიორგის გავხედე, ის იმწამსვე მიხვდა, რაც მაინტერესებდა და თვალი ჩამიკრა.

– მარიკა ჩემი უფროსი დის მეგობარია – მოკლედ მომაწოდა ინფორმაცია გიორგიმ და


გაჩუმდა. უცბად საკუთარი საქციელის შემრცხვა. მართალია, ქალბატონ მარიკას არც
ახლა ვენდობოდი და არ მჯეროდა, რომ მას გიორგის მიმართ მხოლოდ მეგობრის ძმის
სიყვარული ამოძრავებდა, მაგრამ მაინც დავწყნარდი. ილუზია თემაზე “ეს მისი
ცოლია» – დასრულდა და მარიკაში ერთი უბრალო უფროსი დის მეგობარი დავინახე,
რომელიც მაშინვე გაქრებოდა ჩემი და გიორგის ამერიკული ცხოვრებიდან, როგორც კი
ამ რესტორნიდან გავიდოდით. ასეც მოხდა. მარიკა სახლში მივაცილეთ, თბილად
დამემშვიდობა, მამა მომიკითხეო, კიდევ ერთხელ მითხრა და ისე სამუდამოდ გაქრა,
როგორც ვიწინასწარმეტყველე.

მარიკა გავაქრეთ, გიორგი ტაქსში იჯდა და ერთი სული ჰქონდა, როდის


მომეხუტებოდა, მანქანის უკანა სავარძელზე გემრიელად მოვკალათდი და თვალებში
ჩავხედე.

– ლენ, რა თვალებით მიყურებ? გინდა ჩემთან წამოსვლა? – თანხმობა ჟესტით


დავუდასტურე. მისი სახლი ჯორჯთაუნში, ერთ-ერთ აღმართზე იდგა. ხიდთან ახლოს,
ხვეული კიბით მეორე სართულზე ავედით. ნათელი ბინა ჰქონდა, დიდი ფანჯრებით
და დარაბებით, დიდი საძინებელი, სამზარეულო, სააბაზანო და უზარმაზარი აივანი.
აივანი პირდაპირ ვაშინგტონის შუაგულში, ულამაზეს ადგილს გადაჰყურებდა.
აივანზე ციოდა, ამიტომ ოთახში შემოვბრუნდი.

გიორგი კარადასთან იდგა და კონიაკს ისხამდა. ჭიქა აავსო და სავარძელში ჩაეფლო. მე


აივნის კართან ვიდექი და ვერც წინ მივდიოდი, ვერც უკან. ეს უხერხული უმოძრაობა
რამდენიმე წუთს გაგრძელდა. მინდოდა, რამენაირად გამერღვია ის სივრცე, რომელიც
ჩვენს შორის გიორგის სახლმა გააჩინა, მაგრამ არ გამომდიოდა. ვიფიქრე, რომ
ნებისმიერი სიტყვა ახლა ზედმეტი იქნებოდა. ისიც ჩუმად იჯდა და კონიაკს წრუპავდა.
როგორც იქნა, გადავდგი ნაბიჯი და სავარძლისკენ გავემართე. გიორგის რომ ჩავუარე,
მუხლზე მისი ხელის შეხება ვიგრძენი. ფეხებზე ცალი ხელი შემომხვია, თავი ნაზად
მომადო და გაყუჩდა. სულგანაბული ვიდექი და სიჩუმეს ვუსმენდი.

– ლენუ, – კონიაკის ჭიქა ძირს დადგა და ახლა ორივე ხელით მიმიხუტა. მე ისევ ვერ
ვახერხებდი სიტყვის დაძვრას. – დამეხმარე ლენ, რაღაცით მაინც მიმახვედრე, რომ
ჩემთან გინდა და აღარსად გაიქცევი. მაგას ვერ გავუძლებ, სუსტი ვარ, გესმის?!

გიორგი დაუჯერებელ სიტყვებს მეუბნებოდა. თავი ავუწიე და თვალებში ჩავხედე. არ


ვიცოდი, როგორ გამოიყურებოდა ამხელა კაცის შიში, და იყო თუ არა ის, რაც მე
დავინახე, საერთოდ, შიში. მისი სახე ხელებში დავიჭირე და თმებზე ხელი გადავუსვი.

– როგორ უნდა მიგახვედრო, არ ვიცი.

გიორგი წამოდგა, შუქი ჩააქრო, აბაზანის კარი ოდნავ გამოაღო და იქ მობრუნდა სადაც
დამტოვა.

გამთენიისას ჩამეძინა, გიორგის – გაცილებით ადრე.

ვუყურებდი ჩემთვის უცხო ადამიანს და ვცდილობდი სამუდამოდ დამემახსოვრებინა.


დილას სიგარეტის ბოლმა გამაღვიძა, მაგრამ არ გავამხილე, რომ მეღვიძა. სიგარეტი
რომ ჩააქრო, ზურგიდან მომეხუტა, რაზეც ისევ და ისევ არ მოვახდინე რეაგირება.
დაახლოებით შუადღის პირველ საათამდე, ვითომ მეძინა.

– ლენუ, ლენუ გაიღვიძე, ნახე რა მაგრად თოვს, მოდი აქ.

გიორგი ღია აივნის კართან იდგა. მისი ხალათი მოვიცვი და მის ჩუსტებში გავუყარე
ფეხი, აივნის კარი გამოვაღეთ და გარეთ გავცვივდით.

მთელი ქალაქი თოვლის ფიფქებს დაეფარა, ცა საერთოდ არ ჩანდა. ყველაფერი ერთ


მთლიან სითეთრეში გახვეულიყო. ჩვენც გვათოვდა, მაგრამ ადგილიდან არ
ვიძროდით. მანამ არ შემოვედით სახლში, სანამ სულ არ გავთეთრდით და სიცივისგან
კანკალი არ დამაწყებინა. მთელი დღე თოვდა... გიორგი ოდნავ შეცვლილი იყო. ერთი
წამით, მომეჩვენა თითქოს უფრო მეტად მობერებოდა სახე.

რამდენჯერაც შევხედავდი, იმდენჯერ ახალ აღმოჩენას ვაკეთებდი, ალბათ, თვითონაც.


თვალები ჩვეულებრივზე უფრო გაწელილი და მოჭუტული ჰქონდა. შუბლს შიგადაშიგ
ჭმუხნიდა.

არც მახსოვს, რამე მითხრა თუ არა, ან მე თუ ვთქვი რამე. საღამოხანს ქუჩაში გავიდა.
სახლში დათოვლილი და პროდუქტებით სავსე პარკებით მობრუნდა. ერთი პარკი მე
მომაწოდა, შიგ კბილის ჯაგრისი იდო და თეთრი პირსახოცის ხალათი.

– ესენი ჩემთან დატოვე. მეტი არაფერი მოიტანო. არ მინდა შენს ნივთებს ვხედავდე
მაშინ, როცა აქ არ იქნები... თევზი უნდა შევწვა, სალათს გავაკეთებ, გემრიელს.

– მოგეხმარები.
– ძალიან გთხოვ, იჯექი, არ გაინძრე. თუ სურვილი გაქვს, მიყურე, როგორ ვამზადებ
საჭმელს. დახმარება არ მჭირდება, დღეს მე უნდა მოგემსახურო, თავიდან ბოლომდე, –
გამომხედა და თვალი ჩამიკრა. მერე კი ისეთი გულმოდგინებით შეუდგა სადილის
მომზადებას, თვალი ვერ მოვაცილე.

გიორგი თავის სახლში იყო, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მამაკაცს შეეძლო


სამზარეულოში ტრიალით ასე მოვეხიბლე. ამასაც განსაკუთრებული დახვეწილობით
აკეთებდა და გამოსდიოდა კიდეც. ათასჯერ უფრო მომწონდა, ათასჯერ უფრო
მიზიდავდა და ვგრძნობდი, რაც ამ სახლში მოვედი, მის მიმართ დამოკიდებულებაც
შემეცვალა. არაფერს ვაკეთებდი, ხალათში გახვეული და გაბრუებული ტახტზე ვიჯექი.
ამ სახლმა თითქოს კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვა, ის, რაც აქამდე იყო, სადღაც
წყვდიადში გაქრა, გაიწოვა, ახლა მხოლოდ ჩვენ და ეს სახლი დავრჩით. სწორედ აქ
მივხვდი, რომ ვერასოდეს გაიცნობ ადამიანს, სანამ მის სახლს არ ნახავ. ახლა უფრო
ვენდობოდი გიორგის, მისი სტუმარი ვიყავი.

საღამოხანს ქუჩაში გავისეირნეთ, პატარა ბავშვებივით თოვლის გუნდებს ვესროდით


ერთმანეთს და აქეთ-იქით გავრბოდით.

შინ რომ მოვბრუნდით, სიცივისაგან გათოშილს არაფერი მათბობდა. ტელევიზორის


წინ დავჯექი, ძლივს გავთბი, მერე გიორგიც შემოვიდა და მითხრა:

– რა კარგია, ლენ, აქ რომ ხარ, სწორად იმ დროს ხარ აქ, როდესაც ასე მჭირდები. შენ ხომ
ეს არ იცი? მაგრამ აქ ხარ და დიდი მადლობა. თავისუფლად შეიძლებოდა, საერთოდ არ
გამოჩენილიყავი, მაგრამ გამოჩნდი. სწორედ ეს არის ბედისწერა. შესაძლოა, შენ არ
გიფიქრია, არც გაგიაზრებია ის, თუ რამდენად კარგია ეს ყველაფერი. მე მაინც
მადლობელი ვარ შენი.

გაოცებული ვუსმენდი მის მონოლოგს, გიორგი ცოტა უცნაური მეჩვენა.

– ყველაფერს, რაც ხდება ადამიანის ცხოვრებაში, თავისი მიზეზი აქვს. ადრე თუ გვიან,
ყველა ვხვდებით ამას. შენზე წინასწარ რაღაცას ვგრძნობდი, იცი? ის, რაც თბილისიდან
კონვერტით ჩამომიტანე, დიდად არც მჭირდებოდა. დედაჩემს ველაპარაკებოდი
ტელეფონით, მკითხა ვიღაც მოდის ვაშინგტონში, რამე ხომ არ გინდა გამოგიგზავნოო.
ჯერ უარი ვთქვი, ამასობაში მობილურით დამირეკეს და რაღაც საბუთი მთხოვეს.

დედას ვუთხარი, თუ მოძებნიდა, გამოეტანებინა იმ “ვიღაცისთვის». უპოვია და შენ


გამოგატანა. ეგ ნიშანი იყო! შენს გამოჩენას დიდი ხნით ადრე ვგრძნობდი, ლენუ!

– რომ არ ჩამოვსულიყავი? ან იმ დღეს ვერ შეგხვედროდი და კონვერტი სასტუმროს


მისაღებში დამეტოვებინა?

– მაგაზე ფიქრისაც კი მეშინია. რადგან ერთად ვართ, ესე იგი ასე უნდა ყოფილიყო.
მაგიტომაც ვარ ღმერთის მადლობელი, – შენი თავი რომ გამომიგზავნა, კონვერტით
ხელში. ერთ რამეს გეტყვი და დაიმახსოვრე, როდესაც რამე ხდება შენს თავს, არასოდეს
მიიღო ისე, თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ მეორე წუთს შეიძლება ეს
ყველაფერი დაკარგო, გესმის?
– მესმის, გიორგი, დღეს განსაკუთრებით ჭმუხნი შუბლს! – და თითით გავუსწორე
შუბლზე გაჩენილი ღარები.

– მოდი, თავი დამადე და დაიძინე, ჩემი პატარა გოგო დავღალე ამდენი ლაპარაკით.
მოდი, დაიძინე.

თვითონაც დაღლილს ტელევიზორთან ჩაეძინა, თავი ტახტის საზურგეზე გადაეკიდა


და ასე ჩასძინებოდა. მე თავთან დავუჯექი, იქვე ტახტზე და ვუყურებდი. თმაზე შევეხე,
თმები ასაკისაგან გახუნებული და გაუხეშებული ჰქონდა. ტუჩებთან აქეთ-იქეთ ღარები
გასჩენოდა, თვალებთანაც ნაოჭები, შუბლი კი ისე ჰქონდა შეჭმუხნული, თითქოს
ძილშიც რაღაცაზე დარდობდა, რაღაც აწუხებდა.. ეს იყო 44 წლის კაცის შუბლი, მას ის
გზა უკვე გათელილი ჰქონდა, რომელსაც მე სულ ახლა დავადექი. უცებ თვალი
გაახილა.

– ლენუ, რატომ მიცქერ ასე ჯიქურ?

– რას ვაკეთებ?

– ჯიქურ მიცქერ.

– ეგ რაღა არის?

– შენ რა ქართული დაგავიწყდა?

– მე მგონი ეგ შენი ახალგაზრდობისდროინდელი გამოთქმაა, რომელსაც ჩვენ, აღარ


ვხმარობთ, – სიცილით ვიგუდებოდი მე.

– ჯიქურ ცქერა არ იცი რას ნიშნავს?! გადამრევ შენ მე, გადამრევ – მითხრა გიორგიმ და
საძინებლისკენ ხელში ატაცებული წამიყვანა – ლენუ! შენ ძალიან ლამაზი ცხოვრება
გექნება, დაიხსომე ჩემი სიტყვები – ულამაზესი!

***

კვირას, საღამოხანს დავბრუნდი სასტუმროში.

ტორშერი ავანთე და ტახტზე ჩამოვჯექი. თავი გადავკიდე საზურგეზე და ერთ


წერტილში მივაშტერდი ჭერს. ამ ორმა დღემ დამანახა, რამდენად შორს ვიდექით მე და
გიორგი ერთმანეთისგან. რამდენად მეტი იცოდა მან

და რა გამოუცდელი და პატარა ვიყავი მე. მაგრამ ეს სრულიად არ მრთგუნავდა. ამ ორ


დღეში გიორგიმ იმდენი რამ მითხრა, ყოველთვის ამავსებდა, თუნდაც მისი ნათქვამი
ერთი ფრაზა მომცემდა იმის ძალას, რომ დილას საწოლიდან ავმდგარიყავი და ჩემი
ცხოვრების თითოეული წუთით დავმტკბარიყავი. სწორედ ამ დღეს ავიღე მწვანე
ბლოკნოტი, რომელიც ერთმა ამერიკელმა სამხედრომ მაჩუქა და იმის წერა დავიწყე,
რაც ამ ბოლო დროს ასე ძვირფასი იყო ჩემთვის. “The story of love is hello and good-bye,
until we meet again!» რაც ასე გადავთარგმნე – “სიყვარულის ისტორია არის გამარჯობა და
ნახვამდის, სანამ ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდებით!» ეს არ იყო გიორგის სიტყვები, ეს
გამოთქმა ჯიმი ჰენდრიკსის ალბომზე ეწერა, რომელიც გიორგიმ მაჩუქა კვირა საღამოს,
ერთმანეთს რომ ვემშვიდობებოდით.

– ლენუ, გახსოვს, გითხარი, ჯიმი ჰენდრიკსის ფანი ვარ-მეთქი? მოუსმინე, მოგეწონება.

ტაქსში ალბომს ვათვალიერებდი, სწორედ ამ დროს აღმოვაჩინე ეს სიტყვები... ჩვენი


ურთიერთობაც ხომ ასე დაიწყო – გამარჯობა! უცბად შემეშინდა, მეორე სიტყვამ
შემაშინა, მაგრამ დაბოლოებამ დამაწყნარა.

წამოსვლისას ვუთხარი:

– გამიჭირდება უშენოდ ძილი.

– არსებობს ორი უკიდურესობა – სიმარტივე და სირთულე. მე, ძირითადად,


უკიდურესობებით მიწევს ცხოვრება.

– მართალი ხარ. მარტივი იყო ის, რომ რეგისტრაცია გავიარე, თვითმფრინავში ჩავჯექი.
რთული კი ის იყო, შენ რომ შეგხვდი ლომთან, – მერე ყველაფერი კიდევ უფრო
გართულდა...

კართან ვაკოცე და სასტუმროში წავედი. მწვანე ბლოკნოტში დავიწყე წერა. დავწერე


ყველაფერი, რაც გიორგისთან შეხვედრის შემდეგ განვიცადე, მთელი ღამე ვწერდი,
რამაც ისე გამიტაცა, რომ ვერც მივხვდი, როგორ დამათენდა და მზის ამოსვლასთან
ერთად როგორ გაივსო მწვანე ბლოკნოტის ნახევარი. ვწერდი და ვგრძნობდი, რამდენად
ძვირფასი იყო ის ადამიანი ჩემთვის, ვისზეც ვწერდი. კალამი, ბევრ სხვა სიკეთესთან
ერთად, ადამიანის სულის სარკეა. ეს ნაწერი იყო ჩემი გაშიშვლებული სული, რომელიც
ამ ბლოკნოტში გადმოვიტანე და მასში მთელი ჩემი სითბო და სიყვარული ჩავაქსოვე.
ის სიყვარული, რომელიც ცხოვრებამ მაჩუქა და რომელმაც ჩემი ერთფეროვანი
ცხოვრება ნამდვილ ფილმად გადააქცია.

ორშაბათი დილა ჯონ ფლოიდს ეკუთვნოდა. მისი არც ერთი სიტყვა არ შემსვლია
თავში, სანამ სეე ყოუ ატ წორკ! – არ მითხრა და დამტოვა. სამსახურიდან ბეტს
დავურეკე, ვთხოვე, საღამოს ცხრა საათზე, იტალიურ რესტორანში შემხვედროდა.

– ბეტ, იდეალურად გამოიყურები!

– გმადლობთ ძვირფასო, რასაც ვერაფრით ვიტყვი შენზე. მოდი, სასწრაფოდ


შევუკვეთოთ და მერე ყველაფერი მიამბე.

ოფიციანტმა ჩვენი შეკვეთა მიიღო და დავიწყე:

– ბეტ, მგონი ჩემზე 19 წლით უფროსი კაცი მიყვარს!

– მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი წლით არის შენზე უფროსი, მთავარია, გრძნობა იყოს
მყარი.

– ვისი?
– ორივესი. პირველ რიგში, ის უნდა გაინტერესებდეს, შენ რა გინდა.

– შემიყვარდა გიორგი.

მასაც ვუყვარვარ. მითხრა ერთი ქალი ჩემი ცხოვრების იდეალი იყოო. ეს ერთი თვის
წინ თქვა. მას მერე აღარაფერი უთქვამს. ის ქალი დღესაც მისი ცოლია, მის სახლში
ცხოვრობს... მასზე ბევრს არ ვფიქრობ, უფრო მეტად ჩვენი ურთიერთობა მადარდებს.
მომავალს ვერ ვხედავ...

– მომავალზე არავინ არაფერი იცის.

მთავარია, იცოდე, რა გინდა ამ ურთიერთობისგან.

– ვიცი რომ ერთად ყოფნა მოგვწონს. უბრალოდ, არ ვიცი, რა უნდა მას.

– ჰელენ, გიორგი დიდი კაცია. მან დანამდვილებით იცის, რა უნდა შენგან. შენ კი ნუ
ნერვიულობ, იოლად შეხედე და შეეცადე, თქვენი ურთიერთობიდან მაქსიმალური
სიამოვნება მიიღო. სრულყოფილება და იდილია კი არ არსებობს.

ცხოვრება ერთ ადამიანს არასოდეს აძლევს ყველაფერს ერთად. შენ ლამაზი, ჭკვიანი,
ახალგაზრდა გოგო ხარ. ღმერთმა სიყვარული გაჩუქა, უნდა მიიღო ისეთი, როგორიც
არის. იცი, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ყველა ადამიანს უხდება მსხვერპლის გაღება.
მე, მაგალითად: ბავშვობიდან ვნატრობდი შეყვარებული ვყოფილიყავი. ყველაფერში
სიყვარულს ვეძებდი. და ღმერთმა მაჩუქა ის, რაც მინდოდა.

სამაგიეროდ, მდიდარი არა ვარ, არა მაქვს საშუალება ძვირადღირებულ კურორტებზე


დავისვენო, ევროპაში ვიმოგზაურო და ძვირფას მაღაზიებში ვიარო. საკუთარი
თავისთვის დროც კი არ მრჩება. დღეში რვა საათს ვმუშაობ, ბავშვებს წესიერად ვერც
ვეფერები, მაგრამ მყავს ადამიანი, – ბეტმა სიგარეტს მოუკიდა, – რომელსაც სიგიჟემდე
ვუყვარვარ და მიყვარს. მისი იმედი მაქვს, როცა მიჭირს, მხარზე მივეყრდნობი და ასე
მგონია, მთელი სამყარო ჩემს მხარესაა. თუ ეგ კაცი შენი ბედია, ვერსად წავა. ცხოვრებას
ნუ დაუპირისპირდები, მიუშვი როგორც არის.

– მართალი ხარ, რაც ეს ამბავი დაიწყო, დამშვიდება ვერ მოვახერხე.

ჩემს თავს ვებრძვი, სახლში რომ მოვდივარ, ვწვალობ, ასე მგონია, გიორგის
ვეღარასოდეს ვნახავ, სულ იმის დარდში ვარ, რომ აღარ გამოჩნდება

და დამეკარგება. რატომ მაქვს ასეთი საშინელი შეგრძნებები, არ ვიცი, არადა მაშინ,


როცა გიორგის ვხედავ, ვხვდები რომ ძალიან უნდა ჩემთან ყოფნა, მოვწონვარ, მისგან
საოცარი იმპულსი მოდის, რაც ადრე არვისგან მიგრძვნია. ადრე ვინც მომწონებია,
ყველა უბრალოდ მომწონდა, მსგავსი კი არასოდეს არაფერი განმიცდია. გიორგის
მთელი ტანით ვგრძნობ, იქამდე, სანამ მომიახლოვდება და მომეხუტება, ენერგიას
ვგრძნობ, რომელსაც გიორგიმდე მივყავარ, რომელიც, როგორ გითხრა, აი, მაწებებს
მასთან.
– ჰოდა, ეგ ყველაფერი კარგია, ახლა დაწყნარდი, დამშვიდდი, ჩადექი შენს ჩვეულ
რიტმში, ისე იცხოვრე, როგორც მანამდე და უბრალოდ შეეცადე ეგ სიამოვნება დაამატო
შენს მშვენიერ ცხოვრებას. ახლა ძალიან აღგზნებული მეჩვენები, რაც არ არის კარგი
ადამიანისთვის. პირველ ყოვლისა, სახლში რომ მიხვალ, შხაპი მიიღე და დაწექი.

კარგად უნდა გამოიძინო, შენი თვალები არ მომწონს.

მე და ბეტი გვიანობამდე ვისხედით რესტორანში, ის საოცარი ქალია, ძლიერი, ჭკვიანი


და ლამაზი. ბეტს რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ ის სულაც არა ჰგავს ხალხის მიერ
შექმნილი ამერიკელის სტერეოტიპს. მე ძალიან ბევრ ისეთ ამერიკელს ვიცნობ, ვინც
ჩემთვის შეიძლება მისაბაძიც კი იყოს, არათუ უინტერესო და ცარიელი. სასტუმროში
მოვბრუნდი და ბეტს თხოვნა შევუსრულე.

არ ვიცოდი, რას მიმზადებდა მეორე დღე. ღამე საწოლში რომ ვიწექი, კარზე კაკუნი
შემომესმა.

საჭვრეტში გიორგი დავინახე, რომლის დანახვამაც დამავიწყა, როგორ იღებოდა


საერთოდ კარი, როგორც იქნა ჯაჭვი გავხსენი და გიორგი შემოვუშვი. ასე იდგა და
მიყურებდა, მივეხუტე და ჩავჩურჩულე:

– გიორგი, არსად აღარ გაგიშვებ, იქამდე მაინც არ მიმატოვო, სანამ ერთად ყოფნა
შესაძლებელია, მერე, გპირდები, მე თითონ წავალ, მერე მე თვითონ წავალ... ვიცი, რომ
ვერ გავუძლებ, ძნელი იქნება, მაგრამ მაინც წავალ, ოღონდ ახლა არ მიმატოვო. –
არაფერს ამბობდა, მხოლოდ თმაზე მისვამდა ნაზად ხელს. არ ვიცი, საიდან
ამომდიოდა ასეთი სიტყვები, ან რატომ ვევედრებოდი სიყვარულს მამაკაცს, მაგრამ ეს
არ მადარდებდა, თუ საჭირო იქნებოდა, კიდევ შევევედრებოდი, ოღონდ არ
მივეტოვებინე.

– ჩემი პატარა გოგო, როგორ გაკანკალებს. მოდი, ჩაი დავლიოთ, დამშვიდდი...

გიორგიმ ჩაი ლოგინში მომიტანა, მერე მომეხუტა და შემპირდა:

– ლენუ, ერთ რამეს გპირდები, ჩვენი სიყვარული ამერიკაში არასოდეს დამთავრდება! –


თქვა გიორგიმ და მეც დავუჯერე, რადგანაც ასე მინდოდა ყოფილიყო – ერთხელ
გითხარი, არის ისეთი რამ ჩემს ცხოვრებაში, რაც არ მომცემს უფლებას, რომ
ყოველთვის შენს გვერდით ვიყო – გული შემეკუმშა, საერთოდ, ამ თემას რომ
ვეხებოდით, ყოველთვის მტკიოდა გული. – მერეც ყველაფერი კარგად იქნება,
ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ მოგინდება, ჩემო პატარა... – ჩურჩულებდა გიორგი.

***

იმღამინდელმა შეპირებამ ყველაფერი შეცვალა. გიორგი ხან ჩემთან რჩებოდა, ხან მე


ვრჩებოდი მასთან, როგორც ვთხოვე. ამერიკაში არც ერთი ღამით არ მივუტოვებივარ.
ყველგან ერთად დავდიოდით და მთელ საღამოს ერთად ვატარებდით.

ერთ ღამეს კომპიუტერთან ვისხედით და ინტერნეტით მადრიდს ვათვალიერებდით.


მადრიდი ჩემი საყვარელი ქალაქია. გიორგისაც ძალიან მოსწონდა მადრიდი და თურმე
ყოველთვის სასტუმრო “რიცში» ჩერდებოდა, სასტუმროში, რომელშიც მე მხოლოდ
ყავის დასალევად შევდიოდი და მუდამ იმ ხალხს ვათვალიერებდი შორიდან,
რომლებიც იქ ჩერდებოდნენ – მეგონა, რომ ისინი ციდან იყვნენ ჩამოფრენილები.

ინტერნეტით სასტუმრო “რიცშიც» შევიარეთ, გიორგის სახე უნათდებოდა ნაცნობი


ადგილების დანახვაზე. მერე მადრიდზე მიყვებოდა თავის ამბავს – მე – ჩემსას,
ერთადერთ რამეზე დაემთხვა ჩვენი აზრები – მადრიდის შენობები და ღამის განათება
მასაც ჩემსავით მოსწონდა.

– ლენუ, ერთხელ მითხარი, რომ მადრიდში სწავლის გაგრძელება გინდოდა.

– ჰო, გითხარი. მაგრამ ეს ჯერ ძალიან შორეულ მომავალს უკავშირდება.

– რატომ? ჩემი მეგობარი ალეხანდრო მადრიდელია, დაველეპარაკები, იქნებ რამე


მოგვიხერხოს.

ბოლო წინადადება იმდენად უშუალოდ თქვა, რომ არ ჩავთვალე სერიოზულად. მაგრამ


მეორე დღესვე გიორგიმ ალეხანდრო იაპონურ რესტორანში დაპატიჟა სადილად და ამ
თემაზე საუბარი გაგრძელდა. ალეხანდრო ასაკოვანი ესპანელი იყო, მხიარული და
ლაღი.

– ჰელენს სწავლის გაგრძელება შენს ქალაქში უნდა, ალეხანდრო, – უთხრა მას გიორგიმ,
– რას ფიქრობ, რითი შევძლებთ მის დახმარებას.

– სასიამოვნოა ამის გაგება, მადრიდი საოცარი ქალაქია. რისი შესწავლა გინდა?

– მოთხრობებს ვწერ. ყველაზე მეტად ესპანელი მწერლები მომწონს, მინდა ესპანურ


ლიტერატურაში მოვიპოვო მაგისტრის ხარისხი.

– ესპანური იცი?

– რა თქმა უნდა.

– ძალიან კარგი. – ალეხანდრომ მობილური ტელეფონი აიღო და ნომერი აკრიფა.


ვიღაცას ელაპარაკებოდა ესპანურად, ჩემზე უყვებოდა.

– ელენ, შენი რეზიუმე და პირადი მონაცემები გამომიგზავნე ინტერნეტით ხვალვე.


რამეს მოგიხერხებთ. თუკი მადრიდში წასვლა გინდა, ყველანაირად შევეცდები,
დაგეხმარო.

ალეხანდროს დიდი მადლობა

გადავუხადე და შევპირდი, რომ ყველაფერს, რაც სჭირდებოდა ხვალვე გავუგზავნიდი.


გიორგი და ესპანელი კიდევ დიდხანს საუბრობდნენ, მე შიგადაშიგ ვერთვებოდი, თან
ხან სუშის მივირთმევდი, ხან კი იმაზე ვფიქრობდი, რატომ იყო გიორგი ასე
დაინტერესებული იმით, რომ მე მადრიდში გამეგრძელებინა ცხოვრება. მაგრამ აღარ
ჩავეძიე, რადგანაც ეს ზრუნვა ძალიან მსიამოვნებდა. მერე ფეხით მივედით
ჯორჯთაუნამდე, იქვე, პარკში, დავსხედით. გარეთ თბილოდა, ჩვენ გარდა პარკში
არავინ იყო.

– ლენუ, გაგეხარდება, თუკი ორ წელიწადს მადრიდში მოგიწევს ცხოვრება?

– ნუ მაშინებ.

– რისი გეშინია?

– მადრიდი ერთადერთი ქალაქია, სადაც ამდენ ხანს შევძლებ გაჩერებას. გიორგი,


რატომ დაგაინტერესა ასე ძალიან ჩემი სწავლა-განათლების პრობლემებმა?

– მაინტერესებს შენი ცხოვრება. იცი, შენ თავისუფლად შეგიძლია სულ მალე წიგნიც
გამოსცე.

– რა წიგნი?

– რასაც წერ. შენი ნაწერი წავიკითხე, მწვანე ბლოკნოტში.

– როდის?!

– შენი ერთ-ერთი ბანაობისას. – გაეღიმა მას, ჯიბეში ხელი ჩაიყო, ქაღალდი ამოიღო და
წამიკითხა:

“ერთ დღესაც მე წავალ შენგან, ერთი ზაფხულის მზიან, მხიარულ ან ზამთრის ცივ,
მოწყენილ დღეს, ან წახვალ შენ. სადმე სხვაგან, იქ, სადაც დღეს არავინ გველოდება,
მაგრამ ადრე თუ გვიან მივალთ.

მოვხვდებით იქ, სადაც ბედისწერა მიგვიყვანს. არაფერია ქვეყნად მუდმივი, მაგრამ


თუკი ერთად დავრჩებით, ჩვენს სიყვარულს უსასრულობად ვაქცევთ. ყველა დღე
სიყვარულის იქნება და არასოდეს მოვიწყენთ. . .“

– როგორ შეგეძლო ჩემი პირადი ჩანაწერების წაკითხვა, ეგ ხომ ჩემი დღიურია?!

– არა, ეგ უფრო რომანს ჰგავს. ძალიან ლამაზად წერ. ხომ გეუბნები შენ უკვე ხარ
მწერალი, უბრალოდ, დახვეწა გჭირდება, რასაც, ჩემი აზრით, მადრიდში მოახერხებ.

– არა მჯერა, ესე იგი, შენ ყველაფერი იცი?

– რა ყველაფერი?

– ყველაფერი, ის, თუ რა გრძნობა მაქვს შენს მიმართ? ღმერთო ჩემო, როგორ მრცხვენია.

– ლენუ, შენ ჩემს მიმართ რასაც გრძნობ, ეგ რომ არ მცოდნოდა, არც ერთი წამით შენთან
არ გავჩერდებოდი. ის, რასაც შენ ჩემს მიმართ გრძნობ, მწვანე ბლოკნოტში კი არა, შენს
თვალებში ამოვიკითხე დიდი ხნის წინათ. ეს რომ არა, ჩვენ არც ვიქნებოდით. არაფერი
არ იქნებოდა, დამიჯერე.

– მჯერა, მაგრამ სხვისი დღიურების კითხვა მაინც არ შეიძლება!

– ეს მხოლოდ რეალურ, ყოველდღიურ, მოსაწყენ, ბანალურ ცხოვრებაში, – ჩვენ კი იქ


ვართ სადაც საზღვრები არ არსებობს, და არც იარსებებს. აქ თავისუფლებაა, ჩვენში
ყველაფერი მოხდება, რაც მოგვინდება და აკრძალვებს არც მე და არც შენ არ
დავემორჩილებით. ამერიკა თავისუფლებამ ააშენა. ნურასოდეს შეგაშინებს
თავისუფლება – ეს ყველაზე დიდი სიმდიდრეა, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს.
მხოლოდ ერთი რამ დაიმახსოვრე – ნურასოდეს გამოიყენებ მას ბოროტად!

– გიორგი, ვინ ხარ შენ, გამაგებინე, საიდან დააწესე ეს ახალი კანონები.

– მე არ დამიწესებია, რაც გინდა, ის აკეთე, იმისთვის ხარ დაბადებული, რომ


თავისუფალი იყო, მთავარია, მორალურ საზღვრებს არ გადააბიჯო და სხვებს გული არ
ატკინო – ჯცნფკმყჯტ დცტ ლჯპდჯკტყჯ!

“სიყვარულს ჩემთვის ახლა უკვე შენი სახელი ჰქვია – გიორგი! როდესაც ერთ მზიან
დილას ეკლესიის ზარები დარეკენ, შენ აღარ იქნები ჩემთან. მონატრების ტკივილი
შეცვლის დღევანდელი განშორების ტკივილს, ყველა ჩვენი ერთად განვლილი წუთი
დაკარგავს ძალას და გაქრება იმისთვის, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოს, რაც
მოხდა. ჩუმად ვილოცებ ფანჯარასთან და ღმერთს შევევედრები, კიდევ ერთხელ
დამანახოს შენი თავი. ღმერთი შეისმენს ჩემს ჩურჩულს და ჩვენ ერთმანეთს
შევხვდებით, მერე ყველაფერი დასრულდება და შენ წახვალ... ეს დღე ყველაზე
სევდიანი იქნება ჩემს ცხოვრებაში. დღე, რომელიც არ ჩაივლის და სამუდამოდ
გასავლელი დარჩება. ვერაფერი მოერევა ამ სევდას, ეს დღე არასოდეს ჩაივლის,
არასოდეს...»

* * * ვაშინგტონიდან შუადღისას მოვფრინავდი.

ორშაბათი იყო, მე და გიორგი ჩემს სასტუმროში ჩავედით საუზმეზე. ფორთოხლის


წვენს ვსვამდი, ის კი შვედურ მაგიდასთან ფუსფუსებდა. ცოტა ხანში მობრუნდა, ხელში
ტოსტერში გაფიცხებული ამერიკული ფუნთუშით. ფუნთუშა შუაზე გაჭრა, ყველი
წაუსვა და წინ დამიდო. დამუნჯებული ვიჯექი და ვერაფერს ვჭამდი.

– ლენ, ეს შენი საყვარელი ყველი და ფუნთუშაა. არ შეჭამ?

– არა, არ მშია – ძლივს ამოვილუღლუღე და ცრემლების შეკავებისაგან კინაღამ


გავიგუდე.

– მარწყვი?

– არა.

– ნამცხვარი?

– არა.
– წვენი მაინც დალიე, შორს მიდიხარ.

– გიორგი, თავი დაანებე ჩემზე ზრუნვას. ხვალიდან მაინც ვერ გაიგებ, რას შევჭამ და
დავლევ, ამიტომაც აქვე შეწყვიტე, თორემ მალე მარტო დავრჩები და გამიძნელდება…
ყველაფერი… ხომ იცი, არა? როგორ გამიძნელდება, – ვბუტბუტებდი, ცრემლებიან
ფორთოხლის წვენს ვყლაპავდი და

ვერაფერს ვხედავდი.

– ჰო, მაგრამ ხვალიდან ვინ მოგასვენებს, დედა, მამა, მეგობრები, ნათესავები, ყველა
მარტო შენზე იზრუნებს, პრინცესასავით ლოგინში მოგართმევენ საუზმეს, სულ
ტყუილად გეშინია. ეს მე დავრჩები მარტო, აქ, ვაშინგტონში. ხომ ხედავ, საქმე უფრო
რთულადაა, ვიდრე შენ დასახე. შენ პრინცესა იქნები, მე კი ქუჩის უპატრონო მაწანწალა,
მდიდრების კვარტლებში ვივლი და მოწყალებას შევაგროვებ. “მიბოძეთ, გეთაყვა
ცოტაოდენი ყურადღება და სითბო, ჩემმა გოგონამ დამტოვა, წავიდა, დავრჩი მარტო,
უპატრონოდ, უსახლკაროდ, უსიყვარულოდ, ჩემი მოგონებების და ოცნებების ამარა!
მიწყალობეთ ორიოდე გროში ხვევნა!» – მსახიობობდა გიორგი, მე კი ახლა უკვე
სიცილისგან ვიხრჩობოდი.

– შენ კომიკოსი ხარ, ყველაზე ტრაგიკული კომედიიდან!

– ლენ, რას მოუყვები შენს მეგობრებს?

– არაფერს!

– როგორ თუ არაფერს, დაუჯერებელია!

– დამიჯერე, შენზე ვერასოდეს, ვერცერთი ადამიანი სიტყვასაც ვერ დამაცდენინებს, შენ


ჩემი საიდუმლო იქნები, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გულში მექნება ჩამარხული.

– აბა წიგნს რომ დაწერ, იქ მე არ ვიქნები?

– მერე რა, წიგნის “ნამდვილი» პერსონაჟი ვინ იქნება, ვერავინ გაიგებს, ვერასოდეს!
არავინ იცის, რომ არსებობ და ასეც დარჩება!

– შენ სულ არ ჰგავხარ 25 წლის გოგოს, გაცილებით პატარა ხარ და გაცილებით დიდი.
ერთი სიტყვით, უასაკო ხარ.

მერე გიორგიმაც მოიწყინა, ისევ ჭმუხნიდა შუბლს და ჩემსავით არაფერს ჭამდა. ცოტა
ხანში ჩემი ოთახიდან ბარგი ჩამოვიტანეთ და მის მანქანაში ჩავალაგეთ. დაახლოებით
ერთი საათი გვრჩებოდა აეროპორტში გამგზავრებამდე, ფეხით გავუყევით ქუჩას.

ვაშინგტონში ერთი ჩვეულებრივი ორშაბათი დილა გათენებულიყო. მზე ანათებდა,


თბილოდა, ნიუ-ჯერსის ავენიუ ხალხით იყო გადაჭედილი.

ნაცრისფერ კოსტიუმებში გამოწყობილი მამაკაცები, ხელში პორტფელებით ოფისებში


მიიჩქაროდნენ. დილისთვის საგანგებოდ გაპრანჭული ქალბატონებიც უწყობდნენ მათ
ნაბიჯს.

მოხუცები ძაღლებს ასეირნებდნენ, ნახევრადმძინარე ბავშვები ზურგჩანთებს


მიათრევდნენ და ცდილობდნენ მშობლების სწრაფ ტემპს აჰყოლოდნენ. ჰაერში ყავის,
მამაკაცის ოდეკოლონის, პიტნის საღეჭი რეზინის და კაფეებიდან გამოვარდნილი
საუზმეულის სურნელი ტრიალებდა. ახალი კვირა იწყებოდა. უცებ ძალიან მომინდა,
რომ მეც ერთ-ერთი იმათგანი ვყოფილიყავი, ჩემთვისაც ერთი ჩვეულებრივი დილა
ყოფილიყო… მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ყველაზე ნაღვლიანი დილა იყო, რომელიც კიდევ
უფრო ნაღვლიან შუადღეს და საღამოს მპირდებოდა. მზად ვიყავი, ნებისმიერი
ამერიკელი ქალბატონისთვის მისი დღის განრიგი გამეცვალა, ოღონდაც კი ეს
განშორება ამერიდებინა თავიდან. გიორგი თავისი წყნარი სახით მომყვებოდა
გვერდზე, სათვალე ეკეთა, ვერ ვხედავდი მის თვალებს. ხელში გასაღებს აჩხაკუნებდა.

უცებ შეჩერდა, მიმიხუტა და თვალებში ჩამხედა.

– ლენუ, რამე მითხარი, თორემ დავიკარგე ამდენ ხალხში.

ვერაფერი ვთქვი, უბრალოდ ვაკოცე, ვიდექით ვაშინგტონის შუაგულში და ერთმანეთს


ნაზად და დიდხანს ვკოცნიდით. ხალხის უზარმაზარი მასა ერთმანეთში ირეოდა,
ყველა ისევ თავის გზაზე მიქროდა, ჩვენ კი ასე თავისუფლად ერთმანეთს განშორების
კოცნით ვკოცნიდით.

მერე ყველაფერი ზედმეტი ემოციების გარეშე მოხდა. მანქანაში ჩავსხედით და


აეროპორტისკენ გავემართეთ. გაფრენის წინა დარბაზში შესვლამდე გიორგის ხმა
შემომესმა.

– ლენუ! სულ მეყვარები! – გავშეშდი.

გიორგიმ ორი თითის აწევით გამარჯვება მისურვა. ამ ნიშანმა ბევრი რამ მომაგებინა
ცხოვრებაში. გიორგიც ასე დამამახსოვრდა – სათვალით, ყავისფერ პიჯაკში, ორი თითი
ცისკენ აშვერილი, როგორც ჩერჩილს, ან როგორც რომელიმე როკ-ვარსკვლავს, ფოტოზე
– გამარჯვების ნიშნად.

***

თვითმფრინავში ჩავჯექი, თვალები დავხუჭე და ჩამეძინა. რამდენიმე ხანში თვალები


გავახილე, ზემოთ ავიხედე და დავინახე, რომ წითლად ანთებული ნიშანი, რომელიც
ქამრის შეკვრის აუცილებლობას გვამცნობს, ჩამქრალიყო. მგზავრებში არეულობა
შეინიშნებოდა, ზოგი წამომდგარიყო, ბარგის შესანახი კარადები გამოეღოთ და
თავიანთ ჩანთებს ქვემოთ ალაგებდნენ. ზოგი გაბრუებული იჯდა და საერთოდ არ
ფიქრობდა იმაზე, რომ სულ მალე უნდა ამდგარიყო და თვითმფრინავიდან გასულიყო.

მე, პირადად, მათ რიცხვს მივეკუთვნებოდი, ვისაც არსად არ ეჩქარებოდა. ვენის


აეროპორტში ზანტად გავედი, იქაურობას თვალი მოვავლე და გავიაზრე, რომ
ამერიკასთან უკვე ოკეანეები მაშორებდა, მოსაცდელ დარბაზში ვიჯექი, უმეტყველო
სახით ვუყურებდი ადამიანებს და არაფერზე, სულ არაფერზე ვფიქრობდი.
***

თბილისში ჩამოსული მივხვდი, რომ დამთავრდა ყველაზე დიდი რამ, რაც მე აქამდე
განმიცდია. მეორე დღეს გაგა მოვიდა. სახეზე ეტყობოდა, რომ ჩემზე დარდი უკვე
რაღაც ახლით გაექარვებინა, მაგრამ მაინც მომინახულა. ჩემი ამერიკული ცხოვრებიდან
ის დეტალები მოვუყევი, რომლებიც არც მას აინტერესებდა, არც მე, მაგრამ მაინც
მისმენდა – მე კი ვყვებოდი. მერე თავისი დისკები წაიღო, რომლებსაც არასოდეს
ვუსმენდი და წავიდა...

30 აპრილს მადრიდში მივემგზავრებოდი. მანამდე ვეცადე დროის უმეტესი ნაწილი


სახლში გამეტარებინა, მეგობრები მოდიოდნენ ჩემთან. ქუჩაში სიარული არ
მსიამოვნებდა, მარტო რომ ვრჩებოდი, გულიც მტკიოდა, თავიც, ხელებში ძალა არ
მყოფნიდა და ფეხები არ მემორჩილებოდა. მაგრამ ამასაც

ვერეოდი, სადღაც ვპოულობდი ძალებს და ვერეოდი ჩემს თავს.

იყო ერთი რამ, რაც მოსვენებას არ მაძლევდა. ვერაფრით გამერკვია, რა იყო იმის
მიზეზი, რომ გიორგი თავის ცოლს ვერ მიატოვებდა.

მინდოდა დამენახა, ის ადამიანი, რომელიც გიორგისთვის ქალის იდეალი იყო. და ასე


მოვიქეცი – ერთ დილას გადავწყვიტე უბრალოდ ამესრულებინა ეს სურვილი. გიორგის
სახლი სოლოლაკში, ერთ ვიწრო ქუჩაზე იდგა. სადარბაზოში შევედი და ზარი დავრეკე.
კარი ასაკოვანმა ქალმა გააღო. ტელეფონზე დარეკვა ვთხოვე, მან სიამოვნებით
შემიპატიჟა შინ და სასტუმრო ოთახში ტელეფონის აპარატთან მიმიყვანა. ყურმილი
ხელში ავიღე და ოთახს მოვავლე თვალი.

უცებ ხმა მომესმა, რომელმაც ადგილზე გამაშეშა.

– მარინა, მარინაა, ვინ მოვიდა?

– არავინ, საყვარელო, პატარა გოგონაა, ტელეფონზე დარეკვა მთხოვა.

პასუხს ფეხის ხმა მოჰყვა. ჩუმი ნაბიჯების ხმამ კარისკენ გამახედა და კარებში მდგომი
ქალი დავინახე. ეს მაღალი, გამხდარი, ულამაზესი ქალბატონი გიორგის ცოლი იყო.
შველივით სახე ჰქონდა, გრძელი კისერი და დიდი შავი თვალები. გაშტერებული მზერა
მომაპყრო, ყურმილი ქვემოთ ჩამოვუშვი და მივესალმე.

– გამარჯობა, – თქვა მან მშვიდად, – ყვავილების მორწყვის დროა, მარინაააა, სადა ხარ?

არაფერს ვამბობდი, დაბნეულობისგან სახლში დავრეკე და დედაჩემს დაველაპარაკე.


სახლის პატრონი ქალბატონი კარებთან იდგა და მარინას ადევნებდა თვალყურს.

– ჩემი ორქიდეასთვის მომჭკნარი ფოთლის მოშორება არ დაგავიწყდეს, – ძალიან ნელა


წარმოთქვა ეს სიტყვები, – ახალი ყვავილის ამოსვლას უშლის ხელს, – თქვა და გავიდა.

მე ისევ გახევებული ვიდექი და ტელეფონის სხვადასხვა ნომრებს ვკრეფდი. მარინამ


საცოდავი მზერით გამომხედა, მივხვდი, რაღაცის გაზიარება უნდოდა და ყურმილი
ისევ დაბლა დავწიე.

– რა დღეში ჩაგვყარა ცხოვრებამ, შვილო, როგორ ვიფიქრებდი, რომ ჩემი ანგელოზივით


გოგო ოდესმე ასე იქნებოდა.

– თქვენი შვილია? – ვკითხე მე.

– არა, უკვე 28 წელიწადია ამ ოჯახში ვმუშაობ, ალბათ, ცხოვრების ბოლომდე ვერ


მოვახერხებ აქედან წასვლას, ჩემს გოგონას ვერ მივატოვებ. ოთხი წლის წინ ავად
გაგვიხდა და მას მერე ასეა.

– რა სჭირს?

– გაფანტული სკლეროზი, ღმერთმა ყველა დაიფაროს, თითქოს არაფერი –


ჯანმრთელია, მაგრამ უცბად მოუვლის... აქამდე კიდევ კარგად იყო, ახლა ექიმებმა
გვითხრეს, რომ ნელ-ნელა დამძიმდება და დამძიმდებაო... არ ვიცი, რა გვეშველება,
მარტოს მეშინია, რამე არ დაემართოს. მაგრამ მალე ჩვენი ბიჭი ჩამოვა.

მარტო აღარ ვიქნები. ამ სახლის პატრონი შვილივით მიყვარს, ნატაშას ქმარი.


სამსახურის საქმეზეა სხვაგან, მაგრამ სულ მალე ჩამოვა, უკვე მარტო ვეღარ
ვუმკლავდები. გიორგის რომ ხედავს ნატაშა, სულ სხვანაირია, მის გარეშე ჩამქრალია,
არაფერი აინტერესებს და ვერაფერს უდებს გულს. მალე ჩამოვა და ის მოუვლის. ასე
თქვა, რომ ჩამოვალ, მერე დიდი ხნით აღარსად წავალო... მაპატიე, გენაცვალე,
პრობლემები მოგახვიე, დარეკე, შვილო, დარეკე...

ეს თქვა და გავიდა, მე ყურმილი ისევ ხელში მეჭირა და გაშტერებული ვიდექი.

ოთახს გადავხედე, ყურმილი დავკიდე და როიალისკენ გავემართე. როიალი


ფანჯარასთან იდგა. ახლოს რომ მივედი, ფოტოები დავინახე, უმეტესად გიორგის და
მისი ცოლის ნატაშას ფოტოები იყო. რამდენიმე სურათზე ქერათმიანი ბიჭი იყო
გამოსახული, ერთში კი გიორგი, მისი მეუღლე და ბავშვი ერთად იყვნენ გადაღებული.
ბიჭი შუაში იდგა და აქეთ-იქიდან დედ-მამას ეხუტებოდა. მერე მეორე ოთახში გავედი,
საძინებელში.

სარკესთან ისევ ფოტოები შევამჩნიე. ერთ დიდ ჩარჩოში გიორგის ქორწილის შავ-
თეთრი ფოტო იყო ჩასმული. ჯვრისწერა, – ეს მათი ჯვრისწერა იყო, რომელიც
დაახლოებით 18-19 წლის წინ შედგა. მაშინ სკოლაში შევდიოდი, ალბათ. გიორგის
თვალები ანათებდა, ყველა ნაკვთზე ღიმილი დასთამაშებდა... ბედნიერების ღიმილი..
ვიდექი და რამდენიმე წუთი ვუყურებდი ამ ფოტოს, მერე სხვა სურათებზე გადავედი –
ერთ ფოტოზე ნატაშას ჯინსის შარვალი და ზოლიანი პერანგი ეცვა, ძველი სტილის
სათვალე ეკეთა და იცინოდა.

მასაც ყველა ნაკვთი უღიმოდა – ორივე ხელით გიორგის სახე ეჭირა, თითქოს მის
კოცნას აპირებდა. კიდევ ერთ სურათზე ორივენი ცხენებზე ისხდნენ, სადღაც
მდელოზე, შეიძლება, იპოდრომი იყო, ან ბეთანია, არ ვიცი... ფოტოების ყურებას ვეღარ
გავუძელი. ოთახში უშველებელი ორკაციანი წითელი ხის საწოლი იდგა, გარდერობი და
სარკე. საწოლზე მამაკაცის პიჯაკი და ჰალსტუხი იყო გადაფენილი, სკამის ქვეშ კი
ფეხსაცმელები ეწყო – ამ ნივთების დანახვაზე გამაჟრიალა. აქ იყო გიორგის სახლი, მისი
მთელი ცხოვრება, მისი წიგნები, დისკები, ტანსაცმელი...…

უცბად კარებისკენ გავემართე, მადლობა გადავუხადე მოახლეს, რომელიც ის-ის იყო


ბრუნდებოდა სამზარეულოდან და ქუჩაში გამოვედი. არასოდეს დამავიწყდება ის
სილამაზე, რაც იქ ვნახე. ქალი, რომელიც გიორგის ცხოვრება იყო და რომელსაც გაექცა,
გაექცა, რადგან სუსტი აღმოჩნდა. ამიტომაც მითხრა მაშინ

“ცხოვრებამ დამჩაგრა, სიყვარულს ვეღარ გავუძელი და გავიქეციო»... მახსენდებოდა


თითოეული სიტყვა, რაც მან თავის ცოლზე მითხრა ნამდვილ ამერიკულ კაფეში და
თვალები ცრემლებით მევსებოდა. მიზეზიც ეს იყო – ნატაშა, რომელიც ასე ელოდა მას.
ნელი ნაბიჯით მოვუყვებოდი სოლოლაკის ვიწრო ქუჩას და არც ერთი წამით არ
ვნანობდი იმას, რაც ჩავიდინე. ალბათ, ვერასოდეს დავივიწყებდი იმ ფოტოებს,
რომლებმაც ასე ნათლად დამანახეს გიორგის წარსული, წარსული რომელიც მისი
მომავალიც იყო და აწმყოც. ეს მოგონება, გიორგის მეუღლის შველივით სახე, მთელი
ცხოვრება თან გამყვებოდა.

სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში – თუ როგორ შემოვიდა გიორგის ცოლი იმ ოთახში,


შემომხედა და მოახლეს სთხოვა, ახალი აღმოცენებული ყვავილისთვის მიეხედა. ეს
სიტყვები, ნელა და დამარცვლით წარმოთქვა, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაცაში იყო
საქმე. სულ ვხვდებოდი, რომ ჩემი და გიორგის განშორების მიზეზიც უბრალო არ იყო.
ამ განშორებას დიდი საიდუმლო ახლდა თან, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ
გავხსენი და რომელმაც ერთიანად შემძრა. მოვდიოდი ქუჩაში და ვფიქრობდი, რომ
გიორგის სახლში დაბრუნების მიზეზი მარტო მოვალეობის მოხდა არ იყო. მას გულით
უნდოდა ავადმყოფ მეუღლეს დახმარებოდა და გვერდში დადგომოდა. წუთით
გამახსენდა ქორწილის ფოტო, თითქოს ვხედავდი და მესმოდა ეკლესიაში გიორგის
მიერ წარმოთქმული ფიცი – “მე გიორგი... ვირთავ ცოლად ნატა... და ვფიცავ ვიყო მისი
ერთგული მეუღლე სიღარიბეში და სიმდიდრეში... ჯანმრთელობის დროს და
ავადმყოფობისას... ვფიცავ, მიყვარდეს, ვუერთგულო, პატივი ვცე... იქამდე, სანამ
სიკვდილი არ დაგვაშორებს...» თვალწინ მედგა გიორგის სახე და ვიცოდი, რომ
სიმართლეს ამბობდა, ვიცოდი, რომ მას არასოდეს გაუტეხავს ეს ფიცი და არც გატეხდა.
ახალ სიყვარულზე წინ მან თავის თავზე აღებული ვალდებულება დააყენა, ფიცს კი არ
უღალატა. ეს იყო პასუხი ყველა ჩემს კითხვაზე! სხვა რა დამრჩენოდა, შევეცადე
მეპატიებინა ჩემი თავისთვისაც და გიორგისთვისაც ის, რაც მოხდა... * * *

ამ დღემ ბევრი რამ შეცვალა ჩემში.

თითქოს ახლა მივხვდი, რომ ცხოვრებაში მუდმივი არაფერია და ყველაფერს თავისი


მოსვლის და წასვლის დრო აქვს. იმასაც მივხვდი, რომ ჩემთვის ჯერ კიდევ ყველაფერი
წინ არის და რომ ცხოვრებამ მე კი არ დამჩაგრა, არამედ ათასი ულამაზესი შანსი მომცა
იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად ბედნიერი ვყოფილიყავი.

ჩემი მადრიდში წასვლის დროც მოვიდა. აეროპორტში ერთგვარი ნერვიული სტრესი


მქონდა: კანკალმა ამიტანა, რომელიც ვერაფრით დავიოკე. ისევ მახსენდებოდა
სოლოლაკის ბინა და ის ქალი, რომლისაც მეშინოდა. მეშინოდა მისი უმეტყველო სახის
და გამოხედვის, რომლისაც, ალბათ გიორგისაც ეშინოდა და ამიტომაც დახეტიალებდა
მსოფლიოს გარშემო. მთელი მგზავრობის მანძილზე თავიდან ვერ ამოვიგდე ეს სახე და
თვალები.

გიორგის გახსენებაზე არანაირი ემოცია არ მქონდა, ისე დამრთგუნა მის ცოლთან


შეხვედრამ. მადრიდში ჩავფრინდი, ტაქსით ჩემი მომავალი სასწავლებლის
ადმინისტრაციულ განყოფილებაში მივედი და ბატონი ფერნანდო ალვარესი ვიკითხე.
დერეფანში მაღალი, ჭაღარა მამაკაცი გამოვიდა და მომესალმა. მერე სიტუაციაში
გავერკვიე და პროფესორმა ფერნანდომ ჩემთვის დაქირავებულ ერთოთახიან ბინაში
მიმიყვანა. ბინა მადრიდის ცენტრში მდებარეობდა. ულამაზეს პატარა ქუჩაზე,
რომელიც გრან-ვიაზე (მადრიდის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე) გადიოდა. ხუთშაბათი
იყო, ორშაბათამდე მთელი სამი დღე მქონდა იმისთვის, რომ ადაპტაცია გამევლო და
ახალი ცხოვრებისთვის მოვმზადებულიყავი.

***

მადრიდში მაგისტრატურაში ჩავაბარე, მაგრამ, სანამ სწავლა დაიწყებოდა,


სექტემბრამდე დარჩენილი დრო – ესპანურ ენას დავუთმე. მთელი ზაფხული
ვმეცადინეობდი. ცხელოდა, ქალაქი დუღდა, მე კი მარტო დავბოდიალებდი და არც
მქონდა არავის გაცნობის სურვილი. მერე კურსელი მეგობრები შევიძინე, ერთად
დავდიოდით კაფეებში, ხან კინოში, ხან უბრალოდ ვსეირნობდით, ან პარკში ვიხსედით.
ძირითადად, ყველა უცხო ქვეყნებიდან იყო, ამიტომაც არ გვიჭირდა საერთო ენის
გამონახვა. აგვისტოს ბოლოს გამოცდები ჩავაბარე და მაგისტრატურაში ჩავირიცხე.
ესპანურ ენასა და ლიტერატურაში მინდოდა გამეკეთებინა მაგისტრის ხარისხი, თუკი
ამის ძალა მეყოფოდა, და შევძლებდი ურთულესი გამოცდების სამ თვეში ერთხელ
ჩაბარებას.

ძალიან შემიყვარდა ჩემი აქაური ცხოვრება, ცხოვრება, რომელიც იმ ადამიანმა


მომიწყო, ვინც არსად ჩანდა ამ ქალაქში. ერთადერთი, რაც მაწყნარებდა, იყო ჩემი
საათი, რომელიც ყოველ დახედვაზე გიორგის მახსენებდა და ძალას მაძლევდა,
თავიდან დამეწყო დღე და გამეთენებინა ღამე. ქუჩაში გავდიოდი სასეირნოდ, უცებ
დავიღლებოდი, გულზე სიმძიმე დამაწვებოდა და თითქოს ვიკარგებოდი,
ჩამოვჯდებოდი სკამზე და აქეთ-იქით ვიყურებოდი, არ ვიცოდი, საით იყო
დასავლეთი, აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი თუ სამხრეთი.

ვგრძნობდი, რომ რაც უფრო მეტი დღე გადიოდა, მით უფრო ვშორდებოდი ჩემს
საყვარელ ადამიანს. ხანდახან ორიენტაციას ვკარგავდი და სახლს ძლივს ვაგნებდი
ხოლმე. შიგადაშიგ თავი მტკიოდა, ვითიშებოდი და საათობით ვიყავი ერთ წერტილზე
მიშტერებული. გიორგის არყოფნა იმდენად

რთული აღმოჩნდა, რომ ერთხელ ავადაც კი გავხდი.

ოქტომბერი იყო. სახლში მოვედი, ისე მენატრებოდა, ისე მენატრებოდა, რომ ერთ
დღესაც საწოლში ჩავწექი და ავად გავხდი. ორი კვირის მანძილზე სიცხე მქონდა,
ვერაფრით ვერ დავიგდე, არანაირი წამალი არ მშველოდა. მიზეზი ძალიან კარგად
ვიცოდი, აღარც მეცადინეობა მინდოდა, არც ამხანაგები, არც მადრიდი – საერთოდ
სიცოცხლე აღარ მინდოდა. დეპრესია მქონდა, და არც ვცდილობდი იქიდან გამოსვლას.
ერთ ასეთ საღამოს ტელეფონმა დარეკა. გიორგის ესპანელი ამხანაგი იყო, მისმა ხმამ ისე
გამახარა, სულ დამავიწყდა სიცხეც და დეპრესიაც.

ალეხანდრომ ღამის კლუბში დამპატიჟა. გამოვეწყვე და წავედი. კლუბს “ნელზი» ერქვა.


ესპანეთის პრინცის საკუთრება იყო და ხშირად თვითონაც მოდიოდა აქ გასართობად.
მანამდე ბევრი მსმენია ამ კლუბზე, მაგრამ არასოდეს მქონია აქ მოსვლის სურვილი. და
აი, ალეხანდრომ სწორედ აქ დამპატიჟა. კლუბში ის თავის ცოლთან და მეგობრებთან
ერთად დამხვდა.

– ჰელენ, რა გამხდარი ხარ, ნუთუ არ მოგწონს ესპანური საჭმელი? თუ


მეცადინეობისგან ხარ ასე. ძალიან გადაღლილი სახე გაქვს.

– არ ვიცი, ალბათ – ვუთხარი და ჩემი გადაღლილი სახის გამო, უსიამოვნო შეგრძნება


დამეუფლა.

ალეხანდრომ ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა. ის კი, რაც მე ასე სიკვდილამდე


მაინტერესებდა, არც ახსენა. ბოლოს ვერ მოვითმინე და თავად ვკითხე:

– გიორგი როგორ არის?

– გიორგისთან დიდი ხანია არ მილაპარაკია, ბოლოს სექტემბრის დასაწყისში ვესაუბრე


და მითხრა, რომ მაროკოში მიემგზავრებოდა დასასვენებლად. ეს არის და ეს, რომ
დაბრუნდება, დარეკავს, ალბათ.

– მაროკოში? უცნაურია.

– არაფერია უცნაური, როდესაც ლაპარაკი ჩემს მეგობარს ეხება. ის მოხეტიალე


მუსიკოსივითაა. როდესაც დრო გაუჩნდება, სამოგზაუროდ დადის.

მაროკოდან სამშობლოში აპირებდა ჩასვლას, მერე ისევ ვაშინგტონში დაბრუნდება


ცოტა ხნით, სადღაც, დეკემბრის დასაწყისში, მეც იქ უნდა ვიყო. მერე ისევ აქ ჩამოვალ –
გიორგიც სახლში დაბრუნდება და ასე...

ცუდ ხასიათზე დავდექი, მივხვდი, რომ გიორგის დედამიწის ირგვლივ ტურნეს


ვერანაირად ვერ მივადევნებდი თვალს და გავჩუმდი. მერე ყველაფერი ჩვეულებრივად
გაგრძელდა. ალეხანდრომ ჩემთვის კოქტეილი შეუკვეთა, ჯერ ერთი, მერე მეორე...
მეოთხეზე უკვე მათთან ერთად მწკრივში ვცეკვავდი და არაფერი მახსოვდა. სახლში
გვიან მოვბრუნდი. დილას თავი მისკდებოდა, მახსენდებოდა წინა ღამე.

ცეკვის დროს ბიჭი გავიცანი, ჩემი ასაკის მადრიდელი, რომელმაც საცეკვაოდ


დამპატიჟა და მერე მთელი ღამე მელაპარაკებოდა. ალეხანდრომაც კი შეამჩნია ჩემი
ახალი ნაცნობი. სახლშიც მან გამომაცილა. პატარა სპორტულ მანქანაში ჩავსხედით და
სახლში მოვედი. ამ ფიქრებში ვიყავი, ტელეფონმა რომ დარეკა. გამახსენდა, რომ
კონსტანტინო გუშინ გაცნობილ ბიჭს ერქვა. სულ მალე კონსტანტინოს მანქანაში ვიჯექი
და მადრიდის ქუჩებში დავსეირნობდით.
ასე დაიწყო ჩემი და ესპანელი ბიჭის მეგობრობა. კონსტანტინო სიმპათიური ბიჭია,
ძალიან ჭკვიანი და განათლებული. კარგი გემოვნება აქვს და ძალიან რბილი ხასიათი.
ყველაზე კარგ მუსიკას უსმენს, და საუკეთესო მწერლები მოსწონს. 26 წლისაა, რაც
უფრო მეტად მაახლოებს მასთან. კონსტანტინომ მადრიდი სულ სხვა თვალით და-
მანახა. გამომიყვანა ჩემი ფიქრებიდან და სულ იმას ცდილობდა, გავემხიარულებინე.

მადრიდი იმაზე ბევრად დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ოდესმე წარმოვიდგენდი.


ესპანელი ხალხი ძალიან შემიყვარდა, კონსტანტინოსაგან ბევრი მეგობარი შევიძინე.
მთელ დღეს უნივერსიტეტში ვატარებდი, შესვენებაზე კონსტანტინო გამომივლიდა და
საჭმელად მივდიოდით. საღამოს ვისვენებდი და მერე დილამდე მეგობრებთან ერთად
ვერთობოდი. დავდიოდით ესპანეთის პრინცის, ფილიპეს, კლუბში და კიდევ ათას სხვა
ადგილას. კონსტანტინოს ყველაზე მეტად ეს კლუბი უყვარდა, რადგანაც იქ მე გამიცნო.
შაბათ-კვირას ტოლედოში მივდიოდით ხოლმე, კონსტანტინოს ძალიან უყვარდა
თავისი ქვეყნის ისტორია, დავსხდებოდით ტაძართან და ათას საინტერესო ამბავს
მიყვებოდა.

ერთი სიტყვით, ყველაფერი ისე იყო, როგორც გიორგიმ იწინასწარმეტყველა. ჩემმა


ბედისწერამ ამ ქალაქში ჩამომიყვანა და მშვენიერი ცხოვრება მაჩუქა.

ერთ საღამოს, კონსტანტინო რომ გავაცილე და სახლში მარტო დავრჩი, ისევ შემიპყრო
იმ გრძნობამ, რომელიც, მეგონა, წასული იყო ჩემგან. გამახსენდა გიორგის აივანი,
ზამთარი, თოვლი და მისი შეჭმუხნული შუბლი. ამ სახის გახსენება ჩემთვის
გაუსაძლისი იყო. იმ ხანებში ჩემს სადიპლომო ნაწარმოებზე ვმუშაობდი.
კომპიუტერშიც დაწყებული მქონდა ნოველა, რომელსაც “ჩიტი გალიაში» ერქვა და
რომელიც გიორგის საყვარელ თემას – თავისუფლებას – მივუძღვენი. უცებ
გადავწყვიტე, რომ ჩემი სადიპლომო ნამუშევარი წიგნი იქნებოდა, წიგნი, ჩემსა და
გიორგის სიყვარულზე, რომლის დაწერაზეც მან ერთხელ მიმანიშნა.

მწვანე ბლოკნოტი გადავშალე, კომპიუტერთან დავჯექი და დავიწყე... ძალიან მიჭირდა,


მაგრამ მაინც ვწერდი. არაფერი შემიცვლია, ზუსტად ისე აღვწერე ყველაფერი, როგორც
იყო. ტექსტის დაწერა ინგლისურად მომიწია, მაგრამ არც ეს იყო პრობლემა, თითქმის
ყოველღამე ცრემლმორეულს მეძინებოდა. ვემზადებოდი მაგისტრატურის კურსის
დახურვის ცერემონიალისთვის, რომელიც მადრიდში 21 ივნისს იმართებოდა.

ამ ცერემონიალზე ყველა სტუდენტს თავისი ნაწერი უნდა წარედგინა. ნაწარმოებები


უნივერსიტეტმა გამოსცა.

სტამბაში ვათენებდი და ვაღამებდი, მინდოდა, ჩემი წიგნი ლამაზი გამოსულიყო.


კონსტანტინო აქტიურად იყო ჩართული ამ საქმეში. სულ თან მახლდა, სადაც შეეძლო.
დახურვამდე ნაწარმოებები საბჭოზე უნდა განეხილათ, ცერემონიალზე კი – შედეგები
გამოეცხადებინათ. ჩვენი უნივერსიტეტი ყოველწლიურად რამდენიმე ნიჭიერ
მაგისტრანტს ირჩევდა და მათ ასპირანტურაში სწავლის გაგრძელების შანსს აძლევდა.
კომისიაში ასევე გამომცემლებიც იყვნენ, რომლებიც საუკეთესო წიგნის დიდი ტირაჟით
გამოცემას თავიანთ თავზე იღებდნენ. მოკლედ, გამოსაშვები საღამო იყო მთავარი დღე,
– შედეგი, სტუდენტების ერთწლიანი შრომისა.
წიგნის წერას რომ მოვრჩი, სიცარიელე დამეუფლა. კომისიას რომ ჩავაბარე წასაკითხად,
მეგონა ჩემი სული მივყიდე ვინმეს. კონსტანტინომ წიგნი წაიკითხა, რამდენიმე დღე
არაფერს მეუბნებოდა.

თითქოს გაბრაზებულიც იყო, ნაწყენიც ჩემზე, მაგრამ არაფერს იმჩნევდა. მერე მითხრა,
რომ ჩემი წარსული ცხოვრება, მარტო ჩემი იყო და მას არაფრის თქმა არ უნდოდა იმ
კაცზე, რომელზეც ეს წიგნი იყო დაწერილი. მერე წყენამ გადაუარა, და წიგნი დედასაც
წაუღო საჩუქრად. დედამისმა გამოსაშვების წინა საღამოს სადილად მიმიპატიჟა.

კონსტანტინოს მიმზიდველი გარეგნობის დედა ჰყავდა, ძალიან თბილი და საინტერესო


ქალი. მან წვრილად გამომკითხა საქართველოს შესახებ და მერე მთელი საღამო
მესაუბრებოდა. წიგნი შემიქო, მითხრა, რომ ამ ამბავმა დიდი გავლენა მოახდინა მასზე,
მეტიც, მითხრა რომ გიორგის ცოლზე ტირილიც კი დაუწყია და ვერაფრით
გაჩერებულა, მთელი ღამე მასზე უფიქრია.

დახურვის ცერემონიალის დღე მოვიდა. ალეხანდრო და მისი მეუღლეც დავპატიჟე,


წიგნში ისიც მყავდა ნახსენები და მინდოდა წაეკითხა. ცერემონიალი “ჰოტელ ლოპე დე
ვეგას» მისაღებში შედგა. უამრავი სტუმარი იყო დაპატიჟებული, ტელევიზია და
სტუდენტები ერთმანეთში ირეოდნენ.

ჩვენ, კურსელები, მაგისტრანტების მანტიასა და ქუდებში გამოვეწყვეთ და სცენაზე


ავედით. დარბაზში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. საშინლად ვნერვიულობდი, მაგრამ
დილიდანვე ვგრძნობდი, რომ მარტო არ ვიყავი. მინდოდა მეფიქრა, რომ ეს
კონსტანტინოს გამო იყო. შინაგანად ვშფოთავდი, თითქოს რაღაც უნდა მომხდარიყო,
რაღაც, რასაც ამდენ ხანს ველოდი, არ ვტყდებოდი, მაგრამ მთელი ჩემი არსებით
ველოდებოდი ამას. სცენაზე რომ ვიდექი, თვალები ამიჭრელდა, დარბაზიდან დიდი
ენერგია მომდიოდა, ეს არ იყო ჩვეულებრივი მდგომარეობა, ეს გაცილებით მეტი იყო,
ვიდრე უბრალო კურსდამთავრებულის განცდები.

24 სტუდენტი ერთად ვიდექით.

გადმოგვცეს დიპლომები, რის შემდეგაც თითოეულმა ჩვენგანმა სიტყვა თქვა. ჩემი


სიტყვა ასე ჟღერდა:

– მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მასწავლებლებს და კურსელებს, ასევე იმ ადამიანს,


ვინც ახლა ძალიან შორს არის, მაგრამ ჩემი აქ ყოფნა მთლიანად მისი დამსახურებაა...

ეს ვთქვი და გავთეთრდი. მინდოდა, გაცილებით მეტი მეთქვა, მაგრამ არ გამომივიდა,


რაღაცამ შემაჩერა.

დადგა კომისიის მიერ გაკეთებული არჩევანის გამოცხადების დრო. ოთხი მაგისტრანტი


მიიღებდა ასპირანტურის სტიპენდიას. საუკეთესო ნაწარმოები კი წიგნად გამოიცემოდა
და სხვადასხვა ენებზე ითარგმნებოდა. კურსელები ერთმანეთს ამხნევებდნენ, მე კი ისევ
გაყინული ვიდექი და ისევ რაღაც დამატებით ენერგიას ვგრძნობდი.

ჟიურიმ ოთხი მაგისტრანტი დაასახელა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მეც მათ შორის
ვიყავი, თითქოს არც გამხარებია, უფრო სწორად, ვერ ვგრძნობდი, რა მოხდა.
ჯგუფიდან ეს ოთხი სტუდენტი ისევ მიკროფონთან მიგვიწვიეს და ისევ ვერაფერი
ვთქვი, ჩემი ჯერი რომ მოვიდა.

და აი, მთავარი მომენტიც დადგა. ჟიურის წევრებიდან გამომცემლობის უფროსი


წამოდგა, რომელმაც გამარჯვებული ავტორი დაასახელა. ის ჩვენი კურსელი გერმანელი
კაცი იყო, რომელმაც ერაყის კონფლიქტთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ესსე
დაწერა. დარბაზში ტაში გაისმა, რის შემდეგაც გერმანელმა ათწუთიანი სამადლობელი
სიტყვა წარმოთქვა.

უეცრად გამომცემლობის უფროსმა გამოაცხადა, რომ მას კიდევ ერთი რამ ჰქონდა
სათქმელი. დარბაზი ისევ გაჩუმდა. – წელს გვინდა ერთი გამონაკლისი დავუშვათ და
კიდევ ერთი ნაწარმოები გამოვცეთ. ეს არის რომანი “სიყვარული ამერიკაში» –
ახალგაზრდა ქართველი მწერლის ჰელენ... აღარაფერი მესმოდა, არც მჯეროდა, რომ
ასეთი რამ ჩემს თავს ხდებოდა. დარბაზში კონსტანტინოს სილუეტი შევნიშნე, იგი
ფეხზე ამდგარიყო და მთელი ძალით უკრავდა ტაშს. დედამისიც დავინახე.... ახლა ჩემი
დრო იყო, ჩემი მიკროფონთან მისვლის დრო... მადლობა ვუთხარი გამომცემლებს, ჩემს
ესპანელ ლექტორებს და ჯგუფს.

მერე კი ქართულად ვთქვი ორი სიტყვა, რომელსაც ჩემს გარდა მთელს დარბაზში
ვერავინ გაიგებდა... ყველა მილოცავდა, კონსტანტინო თავს მევლებოდა, აღარ იცოდა,
რითი გამოეხატა თავისი აღფრთოვანება. ალეხანდრო და მისი ცოლიც მოვიდნენ.
ალეხანდროს დიდი მადლობა გადავუხადე, ვუთხარი, ის რომ არ ყოფილიყო, ეს დღეც
არ იქნებოდა. რაზეც ასე მიპასუხა:

– ეს მარტო შენი დამსახურებაა და სულ ცოტა ჩემი ქართველი მეგობრის – მერე ხელზე
მაკოცა. მინდოდა ალეხანდროს ჩავხუტებოდი და მებღავლა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ასე

არ მოვიქეცი.

საღამოს კონსტანტინომ გამომიარა.

ვთხოვე, სასტუმრო “რიცში» წავსულიყავით და იქ დაგველია ყავა. “მსოფლიო


პატარაა» – ასჯერ მაინც მსმენია ეს გამოთქმა. მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ
მსოფლიო მართლაც ამდენად პატარა იყო...

მე და კონსტანტინო მრგვალ მაგიდასთან ვისხედით და ყავას ვსვამდით, როდესაც


უცბად გიორგი დავინახე... ის იქვე იჯდა, მშვიდი სახით მიირთმევდა ყავას, ვერ
მხედავდა, სამაგიეროდ, მე ვხედავდი... რამდენიმე წუთი ასე ვიჯექი, გაყინული და
უმოქმედო, მერე მივხვდი, რომ რაღაც უნდა მექნა. კონსტანტინოს ბოდიში მოვუხადე
და მის მაგიდასთან მივსვენდი. ამომხედა და გაშრა.

ორი წუთი ასე ვიდექი, ის იჯდა. ბოლოს, როგორც იქნა, წამოდგა, ლოყაზე მაკოცა და
მითხრა დაჯექიო.

ჩუმად ვიჯექი და ასე ვლაპარაკობდით თვალებით.


– ლენუ, რა ლამაზი ხარ, დღეს განსაკუთრებულად გამოიყურები. მინდოდა, ოდესმე
გენახა ჩემი ცოლი, სწორად მოიქეცი, რომ მიხვედი და ნახე, არასოდეს ინანო... წიგნზე
ხელს ხომ არ მომიწერ? – მომაყარა მან და საწვიმარის გულის ჯიბიდან ჩემი
“სიყვარული ამერიკაში» ამოიღო.

– საიდან გაქვს?

– დილას ვიყიდე “ჰოტელ ლოპე დე ვეგასში». გმადლობთ, იმისთვის, რაც მითხარი,


შენი სიტყვები მთელი ცხოვრება მემახსოვრება... მეც იგივეს ვგრძნობ, ლენ და ალბათ,
სულ ასე იქნება...

– არაა, არ ამბობ მართალს, იქ იყავი???

– შენ როგორ ფიქრობ, აბა, სად ვიქნებოდი, ჩემო პატარა?

– მე კი მეგონა, აღარ გახსოვდი, გიორგი, აქ რატომ ხარ?

არაფერი მიპასუხა, შუბლი შეჭმუხნა და ასე მიყურებდა კარგა ხანს. ხმას არ იღებდა.
მეც ჩუმად ვიჯექი და ვუყურებდი. ცოტა ხანში პორტიე მოგვიახლოვდა და მოახსენა,
რომ მისი ბარგი უკვე ტაქსში იდო აეროპორტში წასასვლელად გამზადებული. კიდევ
ხუთი წუთი ასე იჯდა, მერე წამოდგა, მომიახლოვდა, თავი დახარა და მაკოცა.

– ლენ, აქ რამ მოგიყვანა, ამ სასტუმროში?

– ბედისწერამ... – ვუპასუხე და თვალები არ ავწიე, რადგან ცრემლებით მქონდა სავსე.

– უნდა წავიდე, ჩემო პატარა, ძალიან გახარებული ვარ, მთელი ცხოვრება ვიამაყებ
შენით, წიგნზე წამიწერე, გთხოვ!

კალამი მომაწოდა და დავწერე – “გიორგი, ყოველთვის მეყვარება ჩვენი სიყვარული


ამერიკაში, ლენუ...» – სულ ეს იყო, რაც მოვახერხე.

გიორგიმ წიგნი გამომართვა, თმებში მაკოცა, საწვიმარი შემოიცვა და წავიდა...

– ნახვამდის! – ჩავილუღლუღე ჩემთვის. თვალები ცრემლით მევსებოდა, ვხედავდი მის


უფერულ საწვიმარს, ვხედავდი მის პროფილს, ნელი, მშვიდი ნაბიჯით მიდიოდა წინ.
ამ სილუეტის გაქრობის ძალიან მეშინოდა, მას თან მიჰქონდა ყველა ის სიხარული და
ტკივილი, რაც ერთად გვქონია, ნელ-ნელა მშორდებოდა, ინთქმებოდა, იკარგებოდა და
კიდევ ერთხელ ქრებოდა ჩემი ცხოვრებიდან...

4Love.Ge

You might also like