You are on page 1of 7

ალენა ჯაბნიძე

წმინდა ავგუსტინეს აღსარება

ავგუსტინე ავრელიუსი იყო ქრისტიანი თეოლოგი, ფილოსოფოსი, ავტობიოგრაფი,


მუსიკის თეორეტიკოსი, მქადაგებელი, ისტორიკოსი, პოეტი, კათოლიკე მღვდელი, მწერალი
და პატრისტიკის წარმომადგენელი, რომელმაც არსებითი ზეგავლენა მოახდინა
ქრისტიანული ღვთისმეტყველური კანონიკის განვითარებასა და მთლიანად დასავლური
ტიპის კულტუსი ევოლუციაში. ნეტარი ავგუსტინე დაიბადა 13 ნოემბერს, 354 წელს, სამხრეთ
ნუმიდიის პატარა ქალაქ ტოგასტაში (თანამედროვე სუქარასი, ალჟირი). მამამისი
პატრიციუსი, წარმართი იყო და მხოლოდ მაშინ მოინათლა, როცა ავგუსტინეს 17 წელი
შეუსრულდა, რის შემდეგაც მალევე გარდაიცვალა. პატრიციუსი ცდილობდა თავისი
შვილისთვის კარგი განათლების მიცემას, მაგრამ მისი ზნისა და ხასიათისათვის ყურადღება
არასდროს მიუქცევია. დედას, მონიკას, ქრისტიანული აღზრდა ჰქონდა მშობლებისგან
მიღებული და ხასიათდებოდა კეთილი ბუნებითა და სათნო, მშვიდი ცხოვრებით. მონიკამ
ავრელიუსს ბავშვობიდანვე ასწავლა და შეაყვარა იესოს სახელი, რაზეც ავგუსტინე წერს:
,,უფალო, ადრეული ბავშვობიდანვე მესმოდა მარადიული ცხოვრების შესახებ, რომელიც
გვებოძა შენი ძის თავმდაბლობის წყალობით, რომელმაც ინება ჩვენამდე დამდაბლება. ჩემი
დაბადებიდან მალევე დედაჩემმა, ვისთვისაც შენ იყავი ერთადერთი სასოება, სახეზე ჯვარი
გადამსახა და საშუალება მომცა, მეგემა საიდუმლო მარილი შენი“. მაგრამ მიუხედავად ამისა,
ავგუსტინემ ქრისტიანული მოძღვრება უარყო. ავგუსტინემ ბავშვობაში მონათვლა მოინდომა,
იმიტომ რომ ავად იყო, თუმცა გამოჯანმრთელდა და საიდუმლოს აღსრულებაც გადაიდო.
ის უზნეობასა და გარყვნილ ცხოვრებას მიეცა. ეს განაპირობა მისი დროის მანკიერ ზნე-
ჩვეულებათა გარემოცვამ, ცუდი მეგობრების წრემ და თავისუფალმა ცხოვრებამ. ჭაბუკი
ავგუსტინე აფრიკელებისთვის დამახასიათებელი ტემპერამენტით ჩაეფლო გარყვნილებაში,
ბიბლია მკვდარ წიგნად მიაჩნდა და მას ისე კითხულობდა, როგორც პოლემისტი. ის გაიტაცა
თეატრალურმა წარმოდგენებმა, რადგან ,თავისივე თქმით, სპექტაკლები თვალწინ უყენებდა
მისსავე სვედავსილობას. ,,მაგრამ მაშინ მე სვედავსილს მხიბლავდა მწუხარება და თვითონვე
დავეძებდი წუხილის საბაბს: მსახიობის თამაში, ვიღაცის შეთხზულსა და გამოგონილ
უბედურებას რომ წარმოადგენდა, უფრო მეტად მომწონდა და მიტაცებდა, თუკი ცრემლს
მაღვრევინებდა. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მე - ფარას მოწყვეტილი, ზააბნეული და შენი
მოწყალე მფარველობის მოძულე ცხვარი ბინძური ქცევით გავქეციანდი?“ წერდა ის. 17 წლის
ავგუსტინე კართაგენში გაემგზავრა განათლების მიღების მიზნით, სადაც იგი მანიქეველთა
(მანიქეიზმი-მე-3 საუკუნეში ახლო აღმოსავლეთში წარმოშობილი რელიგიური მოძღვრება,
რომელიც წარმოადგენდა ქალდეურ-ბაბილონური, სპარსული და ქრისტიანული მითებისა
და რიტუალების სინთეზს) გავლენის ქვეშ მოექცა. მანიქეველები ხშირად ახსენებდნენ
მაცხოვრის სახელს, მაგრამ თავისი სწავლებითა და ცხოვრების წესით მტრები იყვნენ
ქრისტეს ეკლესიისა. მათმა სწავლებამ ავგუსტინე საკუთარი ცოდვებისთვის გამართლების
ძიების სენით დაავადა. ცოდვები უმნიშვნელოდ ეჩვენებოდა და მათ თავისი ნების
გამოხატულების შედეგად კი არ მიიჩნევდა, არამედ როგორც გარეშე ბოროტი ძალის
ტირანიას. ჭაბუკი ავგუსტინე იმდენად ჩაეფლო ამ მწვალებრულ ჭაობში, რომ მეგობრები და
ნაცნობებიც კი ჩაითრია. თავად ავგუსტინე შემდეგნაირად გვიხსნის, თუ რამ განაპირობა
მისი კავშირი მანიქეველებთან: ,,ხომ მოგეხსემენა, ჰონორატუს, რატომაც აღმოვჩნდი ამ
ხალხში: ისინი აღუქვამდნენ ყველას, ვინც მოისურვებდა მათთვის ემინა, ღმერთთან
მიეყვანათ და ყოველგვარი ცთომილებისაგან დაეხსნათ, რადგანაც მათი წარმმართველია
წმინდა და მარტივი გონება, რაკიღა ეკლესიის მრისხანე ავტორიტეტისაგან თავისუფალნი
არიან. სხვა რა მაიძულებდა ზურგი მექცია რწმენისათვის, ბავშვობიდანვე რომ ჩამინერგეს
მშობლებმა“. წმინდა მონიკა უსაზღვროდ დამწუხრებული იყო შვილის მანიქეველობით. მან
არ მოისურვა ,,გზასაცდენილთან“ ერთად ცხოვრება და აღარც ტრაპეზს იყოფდა მასთან.
მონიკა ისე დასტიროდა შვილს, როგორც მკვდარს და ლოცულობდა, რათა იგი ღმერთს
თავისი სარწმუნოებისაკენ მოექცია, ავგუსტინე თავის ,,აღსარებაში’’ ღაღადებს: ,, მაშინაც კი,
ზეციური სიმაღლიდან გამომიწოდე ხელი, უფალო! შენ შეგძრა შენი ერთგული მსახურის
ვედრებამ და ცრემლებმა. იგი მიგლოვდა უფრო მეტად, ვიდრე დედა დასტირის თავის
გარდაცვლილ ბავშვს. ის უკვე მკვდრად მთვლიდა შენთვის. შენ ისმინე მისი, უფალო, შენ
შეიწყნარე მისი ცრემლი, რომელიც ღვარად სდიოდა ყოველთვის, როდესაც შენდამი ლოცვას
აღავლენდა. შენ მოუვლინე დედაჩემს სანუგეშო სიზმარი, რომლის შემდეგაც ნება დამრთო,
მეცხოვრა მის სახლში და ერთად გვეჭამა პური, რაც ამიკრძალა მას შემდეგ, რაც მე გამიტაცა
მისთვის ესოდენ საძაგელმა შეხედულებებმა!“. ავგუსტინე 9 წლის განმავლობაში იზიარებდა
ამ რელიგიურ მოძღვრებას. შემდეგ კი მასში თანდათან ეჭვმა დაისადგურა მანიქეველთა
მოძღვრების მიმართ. ავგუსტინემ დაინახა, რომ ისინი ნგრევაში უფრო წარმატებულნი
იყვნენ, ვიდრე შენებაში, ამიტომაც მან განიზრახა კართაგენის დატოვება. სამშობლოში
დაბრუნებულმა ავგუსტინემ გრამატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. მას უყვარდა
ციცერონის კითხვა, რაც დროებით ავიწყებდა ფუჭ მხიარულებას და აღუძრავდა
ჭეშმარიტებისა და სიბრძნისკენ სწრაფვას. ,,ციცერონის თხზულებამ ძირფესვიანად შეცვალა
ჩემი სულიერი მდგომარეობა, უფალო ჩემო, შენსკენ მოაქცია ჩემი ლოცვები და სრულიად
ახალი გეზი მისცა ჩემს აღთქმებსა თუ სურვილებს. ჩემთვის ერთბაშად ნათელი გახდა
მთელი ჩემი სასოების ამაოება. ამიერიდან უჩვეულო გზნებით მიველტვოდი მხოლოდ
უკვდავ სიბრძნეს და დაცემული ნელ-ნელ ვდგებოდი ფეხზე, რათა კვლავ დავბრუნებოდი.“
ავგუსტინემ დაიწყო წმინდა წერილის შესწავლაც, თუმცა დიდებულ უბრალოებას იოლად
ვერ მისწვდა ცრუსწავლებებით გაამაყებული მისი გონება. მით უფრო, რომ მანიქეველობის
გავლენას იგი ჯერ კიდევ განიცდიდა. 29 წლის ასაკში, ის შეხვდა მართლმორწმუნეთაგან
სიკვდილის მახედ წოდებულ მანიქეველ ,,ეპისკოპოსს“-ფავსტს. მასთან ურთიერთობისას
ავგუსტინემ მანიქეველთა სწავლებაში და ცხოვრების წესში მრავალი წინააღმდეგობა
აღმოაჩინა. ფავსტთან საუბრის შემდეგ ავგუსტინე რომში გაემგზავრა. ამ დროს იგი წერდა:
,,ისწრაფე იქით, საიდანაც ანათებს ჭეშმარიტება“. რომში რიტორიკის მასწავლებლობა
დაიწყო. მალე მძიმედ დაავადდა, მაგრამ ამჯერად ნათლისღება აღარ უთხოვია, პირიქით,
რწმენადაკარგული დასცინოდა წმინდა საიდუმლოს, მაგრამ მოწყალე უფალმა არ მიატოვა
იგი და თავისთან დასაახლოვებლად მისთვის გამოუცნობი გზებით ატარა. ამ დროს მილანში
დასჭირდათ მჭევრმეტყველების მასწავლებელი და თხოვნით მიმართეს პრეფექტ სიმაქეს,
რომელმაც ეს თანამდებობა ავგუსტინეს უბოძა. ის თავის მეგობარ ალიპიუსთან ერთად
მილანში გაემგზავრა, სადაც ის გულღიად მიიღო ეპისკოპოსმა ამბროსი მედიოლანელმა,
რომლის ქადაგებებს შემდგომში ხშირად უსმენდა ხოლმე ავგუსტინე. ის ტყვევდებოდა
ამბროსის ენამზეობით, თუმცა ქრისტეს ეკლესიაში ჭეშმარიტების პოვნის იმედი მაინც არ
ჰქონდა - ის სულიერად იტანჯებოდა. მანიქეველების ახლოს გაცნობამ დაარწმუნა მათი
სწავლების სიცრუეში, ფუჭმა გართობებმა სულში დამთრგუნველი იმედგაცრუების კვალი
დაუტოვა, მაგრამ ცოდვილ ცხოვრებას მიჩვეული გამოსავალს ვერ პოულობდა. ამბროსის
ქადაგებებმა თანდათანობით მაინც შეაღწია მის სულში და რამდენიმე ხნის შემდეგ
გადაწყვიტა, შეერთებოდა კათაკმეველთა რიგებს. ,,მე მასთან ღმერთმა მიმიყვანა, რათა მის
მიერ ღმერთთან მივსულიყავი“,-წერდა ის შემდგომ. წმინდა ამბროსიმ ის მამობრივი
სიყვარულით მიიღო. მისი ქადაგების მოსმენა ავგუსტინეს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა.
მალე დიდი მღვდელთმთავრის მეთვალყურეობით საღმრთო წერილის შესწავლა დაიწყო.
დედამ, რომელმას შვილთან განშორება ვერ აიტანა და მილანში ჩავიდა, გაიხარა, როცა
შეიტყო, რომ ავგუსტინემ შეიგნო თავისი შეცდომები. მონიკას ეჭვი არ შეჰპარვია, რომ ის
ჭეშმარიტი ქრისტიანი გახდებოდა და განუწყვეტლივ ლოცულობდა მისთვის. მონიკამ
გაიცნო ეს წმინდა ეპისკოპოსი, მოუსმინა მის შეგონებებსა და რჩევებს. ამბროსიც, თავის
მხრივ, ხშირად ეუბნებოდა ავგუსტინეს, რომ მას ბედნიერება ხვდა წილად, ჰყოლოდა ასეთი
დედა. ავგუსტინე და ალიპიუსი კატეხიზატორთა ბეჯითი და მორჩილი მოწაფენი იყვნენ,
თუმცაღა ნიჭითა და ცოდნით ბევრად აღემატებოდნენ თავიანთ მასწავლებლებს. ამასობაში
ავგუსტინეს სულში მძიმე, ტკივილებით სავსე ბრძოლა მიმდინარეობდა. ის გულმოდგინეს
ფილოსოფოსთა თხზულებებს, მაგრამ იქ აწყდებოდა მხოლოდ ჭეშმარიტების ახსნისკენ
მისწრაფებას, მერყევ აზრებს, ბუნდოვან ვარაუდებს, რაც უფრო აბნევდა მას. ზოგჯერ
ქრისტიანული სწავლება სინათლისა და გადარჩენის ერთადერთ გზად ეჩვენებოდა, მაგრამ
საკუთარი ვნებების, ცოდვილი ცხოვრების მიტოვების ძალა არ შესწევდა. ,,უფალო, მიხსენ,
ოღონდ ჯერ არა!“-ზოგჯერ აღმოთქვამდა სულის სიღრმიდან, რომელსაც ტანჯავდა
ჭეშმარიტების წყურვილიც და ცდომილებებისადმი მიჯაჭვულობაც. ზოგჯერ ამბროსის
აკითხავდა რჩევისთვის, მაგრამ ეპისკოპოსს თითქმის ყოველთვის ხალხი ეხვია გარს.
ავგუსტინეს ორ კართაგენელ მოწაფესა და მეგობარსაც - ალიპისა და ნებრისიუსს -
აწუხებდათ ეჭვები და გაურკვევლობა. ისინიც ხშირად საუბრობდნენ სულზე, მომავალზე,
მიწიერ სიკეთეთა ამაოებაზე, ოცნებობდნენ სათნოებებით ცხოვრებაზე, მაგრამ არ
ჰყოფნიდათ რწმენა და ნებისყოფა, ჩამოშორებოდნენ ძველ ცხოვრებას და შესდგომოდნენ
ახალს, რომელიც თანხმობაში იქნებოდა ქრისტიანული სწავლების წესთან. ავგუსტინეზე
დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პავლე მოციქულის ეპისტოლეებმა. მან წმინდა წერილის
შესწავლას მოჰყო ხელი ბერ სიმპლიციანეს ხელმძღვანელობით, რომელიც ამბროსის
დამრიგებელიც იყო და ჭეშმარიტების სხივმა თანდათანობით შეაღწია ავგუსტინეს შეგნებაში
და გაუფანტა გაურკვევლობის წყვდიადი. იგი წერდა: ,,სიტყვები შენი, უფალო, ღრმად
შემოიჭრა ჩემს გულში. თითქოს ყოველი მხრიდან მომაქციე ალყაში. უკვე აღარ მაეჭვებდა
მარადიული ცხოვრების არსებობა, თუმცა მას დაბინდული მინის იქით, გუმანით ვხედავდი.
უკვე ვაცნობიერებდი, რომ შენ ხარ ყოველივე არსებულის ერთადერთი წყარო. სხვა
აღარაფერი მინდოდა, შენთან დამკვიდრების გარდა...მაგრამ, რაც შეეხება ქრისტიანული
წესით ჩემს ცხოვრებას, კიდევ ვყოყმანობდი. ჩემი გული კიდევ არ იყო გაწმენდილი ძველი
ცომისგან. მიხაროდა, რომ ვპოვე მაცხოვარი, შევიცან ჭეშმარიტი გზა, მაგრამ მაინც ვერ
გადამეწყვიტა, დავდგომოდი თუ არა ამ ვიწრო ბილიკს“. ავგუსტინეს ერთხელ სიმპლიციანემ
უამბო თავის მეგობარ, წარმართ ვიქორინის შესახებ, რომელიც ქრისტეს ეკლესიაში შესვლას
ყოველთვის თავს არიდებდა. მიზეზი კი ის იყო, რომ იგი უფრთხოდა თავისი
კერპთაყვანისმცემელი მეგობრების საყვედურებსა და დაცინვას. მაგრამ წმინდა წერილის
შესწავლასთან და რწმენის გაძლიერებასთან ერთად მიხვდა, რომ უდიდეს ცოდვას ჩადიოდა,
რომ ვერ ბედავდა რწმენის აღიარებას და თვალთმაქცურად ეთაყვანებოდა კერპებს,
რომლებიც შინაგანად უარყო. საბოლოოდ კი ის სახალხოდ მოინათლა. ამ ამბის მოსმენისას
ავგუსტინეს შეშურდა ვიქტორინის სიმამაცე და შეუპოვრობა, რასაც საკუთარ თავში ვერ
პოულობდა. ახლახანს აღმოცენებული სურვილი ღვთისადმი მსახურებისა არ იყო იმდენად
ძლიერი, რომ დაემარცხებინა მის გულში ფესვგადგმული გულისთქმანი, ჩვევები და
მიდრეკილლებები, თუმცა ხვდებოდა, რომ მხოლოდ უფალს შეეძლო მისთვის სიმშვიდისა
და სასოების მინიჭება. ესმოდა ძახილი: ,,განიღვიძე, რომლსა- ეგე გძინავს, და აღდეგ
მკუდრეთით, და განგანათლოს შენ ქრისტემან“, ავგუსტინეს გონება კი ზანტად ეხმიანებოდა:
,,ახლავე, კიდევ ერთი წუთი დამაცადე“. იგი აყოვნებდა ზეციური მამის ძახილზე პასუხს,
მაგრამ სახიერი უფალი არ ტოვებდა მას და თავისკენ იზიდავდა. ერთხელ ავგუსტინესა და
ალიპისთან მივიდა მათი ერთი თანამემამულე ქრისტიანი, პონტიციანე, რომელმაც მათთან
საუბრისას შემთხვევით მაგიდიდან წიგნი აიღო და გაოცდა, ეს იყო პავლე მოციქულის
ეპოსტოლენი, რასაც ავგუსტინესგან არ ელოდა. სტუმარმა დიდად გაიხარა და წამოიწყო
საუბარი უფლისა და რწმენის ძალის შესახებ. მოუთხრო, თუ როგორ მოისმინა ეგვიპტესა და
ანტიოქიაში სახარების სიტყვა კეთილნებობით სიღატაკის შესახებ, მიატოვა ყველაფერი და
ღვთის სამსახურს მიუძღვნა თავი. შემდეგ უამბო ყველა წოდების, მდგომარეობის უმარავი
ადამიანის შესახებ, რომლებიც, ქრისტეს სიყვარულით ძლეულები, ტოვებდნენ ამა სსოფელს,
მიდიან უდაბნოსა და მონასტრებში, ემსახურებიან უფალს ლოცვით, უპოვარებითა და
შრომით. ამან გააოგნა ორივე მეგობარი: მათ არასდროს სმენოდათ მონასტრებისა და მათში
მოღვაწეობის შესახებ, თუმცა მილანის მახლობლად უკვე არსებობდა სავანე, რომელსაც
ამბროსი უძღვებოდა. პონტიციანეს წასვლის შემდეგ სულის სიღრმემდე შეძრული
ავგუსტინე წამოდგა და მღელვარებისაგან აკანკალებული ხმით ჰკითხა ალიპის: ,,რას
ვაკეთებთ? რას ველით? უწიგნურებს სჯერათ ზეციური სასუფევლისა და ეს მათ
აღაფრთოვანებთ. ჩვენ კი, ჩვენ ამაო ცოდნით, სისხლსა და ხორცში ვართ ჩაფლული! იქნებ
გვეთაკილება, მივბაძოთ ჩვენზე წარმატებულთ?! სირცხვილით უნდა ვწითლდებოდეთ,
როომ გამბედაობა არ გვყოფნით, მათ მივყვეთ“. ავგუსტინე დიდი გატაცებით საუბრობდა.
შეცვლილი ხმა, სახის გამომეტყველება - ყველაფერი მის სულიერ მღელვარებაზე
მიუთითებდა. მეგობრები ბაღში გავიდნენ და ჩამოსხდნენ. ავგუსტინეს სულში საშინელი
გრიგალი მძვინვარებდა - ერთმანეთს ებრძოდა ღვთისთვის თავდადების მხურვალე
სურვილი და წუთისოფლურ საცდურთა მონობის გრძნობა. საკუთარი თავის სიძულვილი
უმძაფრდებოდა, როცა ხედავდა თავის უძლურებას და უნიათობას. ,,შენთან მოსასვლელად,
უფალო, აუცილებელი არ არის ეტლი ან ხომალდი, მხოლოდ ნებაა საჭირო, მაგრამ ნება
სრული, მტკიცე. ის არ უნდა ჰგავეს სნეულ და მერყევ აღტყინებას, რაც დამქანცავი ბრძოლის
დროს ხან ზეცად ამაღლებს სულს, ხან მიწას ანარცხებს“-წერს ავგუსტინე. შინაგანი
ბრძოლით ძალაგამოცლილი და გაწამებული ავგუსტინე მეგობარს გაეცალა, მიწაზე დაემხო
და ატირდა. აი, რას მოგვითხრობს თავად: ,,ცრემლი ღვარად მდიოდა, შენ კი, უფალო, ისინი
შეიწყნარე, როგორც შენთვის სათნო მსხვერპლი. მე ღაღად-ვყავ შენდამი: როდემდის,
უფალო, გულისწყრომაი შენი ჩემ ზედა? დაივიწყე ჩემი ადრინდელი ცხოვრების
ურჯულოებანი. ვგრძნოდბი, რომ ზუსტად ეს ურჯულოებანი მამძიმებდნენ და ერთსა და
იმავეს ვფიქრობდი: -როდის უფალო, ხვალ თუ ზეგ? ახლა რატომ არ მოუღებ ბოლოს ჩემს
განქიქებას?“ ამას ვიმეორებდი და ცხარე ცრემლს ვღვრიდი, რომ უცებ მომესმა ბავშვის
წკრიალა ხმა, რომელმაც რამდენჯერმე გაიმეორა: აიღე და წაიკითხე! აიღე და წაიკითხე! მე
სახე მეცვალა, ვცადე, გამეხსენებინა ისეთი თამაში, რომლის დროსაც ბავშვრები ამ ფრაზას
იმეორებენ. მსგავსი ვერაფერი მოვიგონე და დავასკვენი: ეს იყო ბრძანება - გადამეშალა
წმინდა წერილი და წამეკითხა, რაც თვალში მეცემოდა. ცრემლები შევიკავე, წამოცდექი და
გავემართე ალიპისკენ, სადაც დავტოვე ეპისტოლეთა წიგნი. ავიღე ის, გადავშალე და
შემდეგი სიტყვები წავიკითხე: ,,შუენიერად ვიდოდით ნუ სიმღერითა და მთრვალობითა, ნუ
საწოლითა და ბილწებითა, ნუ ხდომითა და შურითა. არამედ შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე
და ხორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქუმელ“. ავგუსტინემ კითხვა შეწყვიტა - მისი
გული ნათელმა სიმშვიდემ მოიცვა. შემდეგ მომხდარის შესახებ უამბო მეგობარს, რომელმაც
წიგნს მოჰკიდა ხელი და კითხვა განაგრძო: ,,უძლური იგი სარწმუნოებითა შეიწყნარეთ“.
ალიპიმ ეს სიტყვები თავისთავზე მიიღო და მაშინვე უყოყმანოდ, მტკიცედ გადაწყვიტა, რომ
მარტოოდენ ღმერთს ემსახურა. შეუძლებელი იყო აღწერა მონიკას სიხარულისა, როდესაც
შეიტყო, რომ მისი ლოცვა შესმენილ იქნა და საყვარელი ვაჟი შეუდგა უფლის გზას, რასაც
დიდი ხანია ნატრობდა! ავგუსტინემ მიატოვა თავისი კათედრა, დედასა და ალიპისთან
ერთად წავიდა ქალაქგარეთ მდებარე სახლში, სადაც მეგობრებმა ლოცვითა და წმინდა
წერილის კითხვით დაიწყეს მზადება ნათლისღებისთვის: ,,როგორ გადმოგცეთ ჩემდამი
გამოჩენილი ყველა მოწყალების, ყველა საშუალების შესახებ, რითაც უფალმა გამომასწორა,
მოალბო და განსწავლა ჩემი გული!“ -წერს ავგუსტინე. 387 წელს, აღდგომის დღესასწაულზე
ამბროსიმ მონათლა ავგუსტინე, მისი ვაჟი ადეოდატი და ალიპი. მათ მადლიერებით
შეასრულეს საზეიმო ჰიმნი, რომელიც ამბროსიმ შეთხზა: ,,შენ ღმერთსა გაქებთ!“, რასაც
ამჟამად გალობდნენ მოსანათლავიც და ნათლობის აღმსრულებელიც. სამწუხაროდ მონიკამ
სამშობლომდე ვერ ჩააღწია, თითქოს შვილის მოქცევას ელოდებოდა, რათა შემდეგ
წასულიყო უფალთან. ოსტიაში, სადაც მგზავრები შეჩერდნენ, ავგუსტინე და მონიკა
დიდხანს საუბრობდნენ. საოცარია მისი უკანასკნელი საუბარი დედასთან. ,,ერთადერთი
მიზეზი იმისა, რომ ამქვეყნად დიდხანს მეცოცხლა, ის იყო, რომ სიკვდილამდე მეხილე
მართლმადიდებელ ქრისტიანად. ღმერთმა კი უფრო მეტიც მომმადლა - დღეს ვხედავ, რომ
ყოველივე ამქვეყნიურზე ამაღლებულხარ და თავი უფლისათვის მიგიძღვნია. მაშ, რაღა
დამრჩენია მე ამქვეყნად“. ,,შვილო ჩემო, ახლა უკვე აღარაფერი მაკავებს ამა სოფლად. არც
მჭირდება აქ დარჩენა. აქამომდე მხოლოდ ერთი მიზნით მსურდა სიცოცხლე - შენ რომ
ჭეშმარიტ ქრისტიანად მეხილე. უფალმა შეისმინა ჩემი ლოცვა. მაჩვენა
ღვთისმსახურებისთვის სრულად მიძღვნილი შენი თავი. სხვა რისთვის ვიცოცხლო?!“ ამ
სიტყვებიდან ჩანს, რომ მან იგრძნო აღსასრულის მოახლოება. ხუთი დღის შემდეგ კი მონიკამ
დატოვა ამქვეყნიური საყოფელი. 391 წელს ჰიპონიის ეპისკოპოსმა ვალერმა ავგუსტიანეს
პრესვიტერის წოდება მიანიჭა. მრავალმხრივი და ნაყოფიერი იყო ნეტარი მამის მოღვაწეობა
ამ ხარისხში. მან დაარსა პირველი ქალთა მონასტერი აფრიკაში. მავრიტანიაში მისი
მეცადინეობით აღიკვეთა საშინელი ადათი, რომლის დროსაც ქალაქის მცხოვრებნი ორ
შეიარაღებულ ნაწილად იყოფოდნენ და ერთმანეთს ებრძოდნენ. თავისი ცხოვრების 45 წელს
ავგუსტინე ეპისკოპოსად აკურთხეს. მალე მან ჰიპონიის კათედრა დაიკავა.
მღვდელმთავრობის 35 წელი ნეტარმა მამამ მანიქევლობის, დონატეველობისა და
პელაგეველობის წინააღმდეგ ბრძოლას შეალია. ამ პოლემიკაში იგი მხოლოდ კალამს როდი
სჯერდებოდა, არამედ პირად დიისკუსიებში ამარცხებდა მწვალებელლთ, მისი საუბრები კი
შემდგომ მორწმუნეებში ვრცელდებოდა. ნეტარი ავგუსტინეს სახლი მუდამ ღია იყო
ყველასათვის. მის მაგიდაზე ასეთი სიტყვები ეწერა: ,,ვისაც უყვარს ზურგს უკან ყვედრება
სხვათა ცხოვრებისა, იცოდეს, რომ ეს მაგიდა ამხილებს მას“. მისი ქადაგებები განკუთვნილი
იყო უბრალო მეთევზეებისა და ხელოსნებისათვის და არა ანტიოქიელი თუ
კონსტანტინეპოლელი არისტოკრატიისათვის. ამ ქადაგებათა უბრალოება მეტად ახლოს იყო
სახარების სულთან. ნეტარი ავგუსტინე მრავალი საკვირველი ჩვენების ღირსი გახადა
უფალმა. მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მოვლენა იყო ყრმა იესოს ხილვა,
რომელსაც სურდა მთელი ოკეანე ერთ პატარა ქვიშის ორმოში მოექცია. სწორედ ამ დროს
ავგუსტინე ცდილობდა, საკუთარი გონებით ჩაწვდომოდა წმინდა სამების საიდუმლოს. ამ
ხილვით კი ღმერთმა ნეტარ მამას კიდევ ერთხელ დაანახა სასრულობა და უმწეობა
ადამიანის გონებისა. წმინდანი თავადაც ბევრ სასწაულს აღასრულებდა. მისი ლოცვით
არაერთი სნეული განკურნებულა. 430 წელს ჰიპონია ვანდალებმა გადაწვეს. ერთადერთი,
რაც ღვთის ნებით ცეცხლს გადაურჩა, ნეტარი ავგუსტინეს ბიბლიოთეკა იყო. კართაგენიც
მალე დაეცა. ჩრდილო აფრიკის ეკლესია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ავგუსტინე იყო
ჰიპონიის უკანასკნელი ეპისკოპოსი. მან საკუთარი თვალით იხილა საყვარელი ქალაქის
სიკვდილი, რის შემდეგაც დიდხანს აღარ უცოცხლია. იგი 430 წლის 28 აგვისტოს
გარდაიცვალა. ნეტარი ავგუსტინეს კალამს ეკუთვნის მრავალი თხზულება (მისი ბიოგრაფის
თქმით, მათი რაოდენობა 1030-ს აღემატება). შესანიშნავია მისი ,,აღსარებანი“, ,,ღვთის
ქალაქის შესახებ“, ,,17 წიგნი პელაკიანელთა წინააღმდეგ“, ,,კომენტარების დაბადების
წიგნისა“ და სხვა. იგი ცდილობდა, მისი ნაწერები ყველასთვის მისაწვდომი და სასარგებლო
ყოფილიყო. ,,უმჯობესია გრამატიკოსებმა განგვაქიქონ, ვიდრე ჩვენი აზრები ხალხისათვის
გაუგებარი იყოს“-ამბობდა იგი. წიგნ ,,აღსარებაში“ ნეტარი ავგუსტინე თვალწინ გვიშლის
თავის შინაგან სამყაროს, ვნებაბითა და ცდომილებებით გატაცებას, ჭეშმარიტებას
მოწყურებული სულის ტანჯვას. იგი მოგვითხრობს, თუ რა საოცარი გზებით მიუძღვებოდა
უფალი წყვდიადიდან ნათლისკენ, როგორ ეხმარებოდა ჭეშმარიტების შეცნობასა და
შეყვარებაში.

You might also like