You are on page 1of 24

შეგრძნება

რეალური სინამდვილის ასახვა ფსიქიკაში, პირველ რიგში, აღქმის სახით ხდება. ჩვენ აღვიქვამთ
საგნებს, მათ მოძრაობას, მათი ზედაპირის სიმაგრეს თუ სირბილეს, მათ ხმაურს, ფერს, სუნს და
ა.შ. საგნის ან მისი ცალკე თვისების, როგორც ობიექტურად ჩვენს გარეთ არსებულის განცდას -
აღქმა ეწოდება.

მაგრამ იმისათვის, რომ აღქმა განხორციელდეს, რომ დავინახოთ საგანი, გავიგონოთ მისი ხმა,
განვიცადოთ მისი ზედაპირის სიგლუვე, ან მისი სირბილე თუ სიმაგრე, ვიგრძნოთ მისი სუნი და
ა.შ., ამ საგანმა სათანადო ნერვების დაბოლოებების (რეცეპტორების) გაღიზიანების მეშვეობით
უნდა წარმოშვას ჩვენში სათანადო შეგრძნებები. შეგრძნების აღმოცენების გარეშე გარემომცველი
სინამდვილის საგანთა აღქმა შეუძლებელია. შეგრძნებები წარმოადგენენ იმ მასალას, რომელიც
აღქმის შინაარსს ”შეადგენს”, ეს მასალა, ნორმალურ პირობებში, საგნების ან მათი თვისებების
სახით ორგანიზირდება. ჩვეულებრივ შეგრძნებები განიცდებიან არა აღქმისაგან
დამოუკიდებლად არამედ აღქმის შინაარსის სახით. ე. ი. როგორც საგნის ფერი, მისი სუნი, მისი
სიგლუვე და ა. შ. და არა საგნობრიობას მოკლებული ”სინათლე” თუ ”სიმწვანე”, სიგლუვე და ა. შ.
მხოლოდ იშვიათ არაჩვეულებრივ პირობებში იჩენს თავს ხოლმე შემთხვევები, როდესაც
შეგრძნება განიცდება როგორც ასეთი აღქმის გარეშე. სინამდვილის თვალსაჩინო ასახვა აღქმის
ერთიან, მთლიან პროცესს წამოადგენს, რომელშიაც შეგრძნება არ არის გამოყოფილი, მაგრამ
თანამედროვე ფსიქოლოგიაში ამ ერთიანი პროცესის შედეგად ორი ცნება ჩამოყალიბდა - აღქმისა
და შეგრძნების ცნება.

შეგრძნება არის უმარტივესი ფსიქიკური პროცესი, რომელსაც იწვევს რეცეპტორებზე


გამღიზიანებლის ზემოქმედება. მაგალითად, ადამიანი უყურებს სკამს, მხედველობის
საშუალებით იგი განსაზღვრავს სკამის ფერს, ფორმას, სიდიდეს, შეხების საშუალებით იგი იგებს,
რომ ის მაგარია, ბრტყელია, მძიმეა. ინფორმაციას ამ საგნის ცალკეული თვისებების შესახებ
იძლევა შეგრძნებები.

შეგრძნებები დამახასიათებელია ცხოველებისთვისაც. მაგალითად ძაღლს უფრო ფაქიზი ყნოსვა


აქვს, ჭიანჭველას თვალი არჩევს ულტრაიისფერ სხივებს, რომელიც შეუმჩნეველია ადამიანის
თვალისთვის, არწივს ადამიანზე უფრო მახვილი მხედველობა აქვს, დელფინები და ღამურები
ისმენენ ულტრა ბგერებს, რაც ადამიანს არ შეუძლია. მაგრამ ადამიანი საგნებსა და მოვლენებში
არჩევს უფრო მეტს, ვიდრე არწივის თვალი ან ძაღლის ყური, რადგანაც ადამიანის შეგრძნებები
გამდიდრებულია მისი აზროვნებით.

შეგრძნებების საშუალებებით ჩვენ შევიმეცნებთ საგნების სიდიდეს, ფორმას, ფერს, სიმაგრეს,


სირბილეს, ტემპერატურას, სუნს, გემოს, ხმას. შეგრძნებები იძლევა მასალას უფრო რთული
ფსიქიკური პროცესების (აღქმა, აზროვნება, წარმოსახვა) მუშაობისთვის. შეგრძნებები არის
გარესამყაროს შესახებ ყოველგვარი ცოდნის საწყისი წყარო. დაბადებიდან უსინათლოები
ვერასოდეს ვერ შეიგრძნობენ ფერს, ყრუები - ბგერას, სიმღერას, ფრინველთა გალობას.
შეგრძნების აღმოცენება

იმისათვის,რომ აღმოცენდეს სენსორული პროცესი ანუ შეგრძნება, აუცილებელია რამდენიმე


მომენტი: ჯერ ერთი, რაიმე ფიზიკურმა მოვლენამ ისე უნდა იმოქმედოს სპეციფიკურად აგებულ
ნერვულ სტრუქტურაზე - რეცეპტორზე (რეცეპტორი-”მიმღები” ეწოდება მგრძნობიარე ნერვების
სპეციფიკური აგებულების დაბოლოებებს, რომლებიც სპეციფიკური ფიზიკური
გამღიზიანებლებით ღიზიანდება), რომ გამოიწვიოს ნერვში აგზნების ფიზიოლოგიური
პროცესი. ფიზიკური მოვლენის ასეთ ზემოქმედებას გაღიზიანებას უწოდებენ, ხოლო თვით
მოვლენას გამღიზიანებელს. ამის შემდეგ გამღიზიანებლებით გამოწვეული აგზნება უნდა
გავრცელდეს მგრძნობიარე, ანუ აფერენტული ნერვით თავის ტვინის სათანადო უბნის ნერვულ
უჯრედებზე. შეგრძნება აღმოცენდება ამ ნეირონების აგზნების შედეგად. მათი აგზნება უკვე
განიცდება შეგრძნების სახით.

ამრიგად, ფიზიკური მოვლენა რეცეპტორის გაღიზიანების შედეგად იწვევს აგზნების


ფიზიოლოგიურ პროცესს, რომელიც თავის ტვინის ქერქის სათანადო უჯრედებში გადასვლისას
იწვევს შეგრძნებას - ფსიქიკურ პროცესს.

ი.პ.პავლოვისა და მისი სკოლის კვლევა-ძიების შედეგად გამოირკვა, რომ რეცეპტორი, სათანადო


აფერენტული ნერვი და ცენტრის სათანადო უბნები, არის ნერვულ უჯრედთა ჯგუფი,
რომლებიც არსებითად ერთ რთულ ორგანოს წარმოადგენენ, რომელსაც პავლოვმა
”ანალიზატორი” უწოდა. ანალიზატორი აწარმოებს რეფლექტორულ მოქმედებას, რომელიც
ხელს უწყობს გამღიზიანებლის შეგრძნებას: მაგალითად, თვალის გუგის რეფლექსს სინათლის
ხარისხის შესატყვისად, ან თავის მობრუნებას ბგერის აღსაქმელად და ა. შ.

ანალიზატორის პერიფერიული ნაწილი - რეცეპტორი, სხვადასხვა აგებულებისაა იმისდა


მიხედვით, თუ რომელი სახის გამღიზიანებელს ღებულობს იგი. სხვადასხვა სახის შეგრძნებებს -
მხედველობის, სმენის, შეხების და ა. შ. - განსხვავებული აგებულების რეცეპტორები ემსახურება.
ასევე განსხვავდება ერთმანეთისაგან სტრუქტურით და ლოკალიზაციით თითოეული
შეგრძნების ტვინის ნერვული ცენტრები.

შეგრძნების ზღურბლები

ყოველი ინტენსიობის გამღიზიანებელს როდი შეუძლია შეგრძნების გამოწვევა. იმისათვის, რომ


აღმოცენდეს უსუსტესი შეგრძნება, გამღიზიანებელმა უნდა მიაღწიოს ინტენსიობის გარკვეულ
დონეს. გამღიზიანებლის იმ ინტენსიობას, რომელიც იწვევს უსუსტეს შეგრძნებას, ”შეგრძნების
ქვედა, ანუ მინიმალური ზღურბლი” ეწოდება. მაგალითად, ჩვენ ვერ შევიგრძნობთ მტვრის
ნაწილაკების შეხებას კანზე, ვინაიდან ამ გამღიზიანებლის ინტენსიობა ვერ აღწევს შეხების
შეგრძნების ქვედა ზღურბლს. იგი ”ზღურბლქვედაა”. იმისთვის, რომ შევიგრძნოთ შეხება, მისმა
ინტენსიობამ უნდა მიაღწიოს გარკვეულ დონეს. ყოველი სახის შეგრძნებას თავისი მინიმალური
ზღურბლი გააჩნია. მაგალითად, სპექტრის შუა ადგილის მწვანე ფერის შესატყვისი შეგრძნების
ქვედა ზღურბლი უდრის ერგის(ერგი ფიზიკური ენერგიის იმ ოდენობის პირობითი საზომია,
რომელიც საჭიროა ერთი გრამი სიმძიმის ერთ წამში ერთ სანტიმეტრზე ასაწევად) ერთ
მეასმილიონედს, საშუალო სიმაღლის ბგერის შეგრძნების ქვედა ზღურბლი ერგის ერთ
მეათმილიონედს უდრის და ა. შ. შეგრძნების ქვედა ზღურბლი მოცემული მოდალობის
შეგრძნების ორგანოს მგრძნობელობის მაჩვენებელია. რაც უფრო დაბალია ზღურბლი, მით
უფრო მგრძნობიარეა შეგრძნების ორგანო.

ქვედა ზღურბლზე მეტი ინტენსიობის გამღიზიანებელს, ე.ი. ”ზეზღურბლზედა”


გამღიზიანებელს ჩვენ მით უფრო ძლიერად შევიგრძნობთ, რაც უფრო ინტენსიურია იგი, მაგრამ
ამ მიმართულებითაც არსებობს საზღვარი. ეს არის შეგრძნების ”ზედა ანუ მაქსიმალური
ზღურბლი”. გამღიზიანებლის ის ინტენსიობა, რომლის მომატება შეგრძნების მომატებას არ
იწვევს შეგრძნების ზედა ზღურბლს უწოდებენ.

ადამიანი როდი შეიგრძნობს გამღიზიანებლის ინტენსიობის ყოველ ცვლილებას. იმისათვის,


რომ შევიგრძნოთ ასეთი ცვლილება, ინტენსიობათა შორის სხვაობამ გარკვეულ ოდენობას უნდა
მიაღწიოს - ეს არის ”საზღურბლე” სხვაობა, რომელიც მოცემული სახის შეგრძნებისთვის
სხვაობის ზღურბლს წარმოადგენს. სხვადასხვა სახის შეგრძნებას სხვადასხვა სხვაობის
ზღურბლი ახასიათებს. მაგალითად, საშუალო ინტენსიობის სინათლისთვის იგი დაახლოებით
1/100-ს უდრის, ე.ი. იმისათვის რომ შევამჩნიოთ რომელიმე ინტენსიობის სინათლის დაკლება ან
მომატება, არსებულ ინტენსიობას უნდა მოემატოს ან დააკლდეს 1/100. საშუალო ინტენსიობის
ბგერებისთვის სხვაობის ზღურბლი დაახლოებით 1/10-ს უდრის, სიმძიმისთვის - 1/30-ს და ა.შ.

სხვაობის ზღურბლი საგრძნობლად იცვლება რიგ პირობათა გამო: რეცეპტორის


ფუნქციონალური მდგომარეობის, გაღიზიანების პირობებისა და თვით ადამიანის შინაგანი
მდგომარეობის მიხედვით. სხვაობის ზღურბლი კლებულობს სათანადო მიმართულებით
სისტემატური ვარჯიშის შედეგად. შეგრძნების მგრძნობიერებაზე გავლენას ახდენს ადამიანის
დამოკიდებულება გამღიზიანებლისადმი, ის სიტუაცია, რომელშიც ხდება გამღიზიანებლის
აღქმა. რაც უფრო დაძაბულად ესწრაფვის ადამიანი მოცემული გამღიზიანებლის შემჩნევას, მით
უფრო დაბლდება ზღურბლი და ა.შ.

ყველა შეგრძნებას გააჩნია სამი ზოგადი თვისება: მოდალობა, ინტრამოდალური თვისობრიობა


და ინტენსიობა.

შეგრძნების მოდალობა (ლათინური სიტყვაა და ”მოდუს” ნიშნავს სახეს ან სახეობას).


შეგრძნებათა შორის ძირითად სხვაობას შეგრძნების მოდალობები შეადგენენ. მოდალობას
უწოდებენ შეგრძნებათა იმ სახეობებს, რომლებიც დაკავშირებულია შეგრძნების ორგანოების
(რეცეპტორების) სახეობებთან. მხედველობის შეგრძნებები ერთ მოდალობას წარმოადგენს,
სმენისა - მეორეს, გემოს - მესამეს და ა.შ. თითოეული მოდალობის შეგრძნებას იწვევს
სპეციფიკური აგებულების რეცეპტორთა გაღიზიანება სპეციფიკური ფიზიკური
გამღიზიანებლით მაგალითად, სმენით შეგრძნებას - შინაგან ყურში განლაგებული სპეციფიკური
აგებულების რეცეპტორის გაღიზიანება გარკვეული სიხშირის ჰაერის ტალღებით და ა.შ.

ინტრამოდალური თვისობრიობა (”ინტრა” ლათინურად ნიშნავს ”შიგნით”). ასე ეწოდება ერთი


მოდალობის ფარგლებში მოცემულ სხვაობებს. მაგალითად გემოს მოდალობის შეგრძნებები
განსხვავდებიან სხვადასხვა გემოს ნაირობით - მწარე, ტკბილი, მლაშე, მჟავე.
განცდაში ინტერმოდალური (”ინტერ” ლათინურად ნიშნავს ”შორის”) სხვაობები (მაგალითად,
სხვაობა ფერის შეგრძნებასა და გემოს შეგრძნებას შორის) განსხვავებულად განიცდება, ვიდრე
ინტრამოდალური სხვაობა (მაგალითად, სხვაობა წითელსა და ლურჯ ფერს შორის, ან სხვაობა
მჟავე და ტკბილ გემოს შორის) რა გინდ განსვავებული უნდა იყოს ფერები, ყველა მათ განცდას
აერთიანებს ”ფერადობის” რაღაც სპეციფიკური თვისება. მაშასადამე, სხვაობის განცდის
მიუხედავად, რაღაც ერთიანობის განცდაც ახლავს მათ.

ინტენსიობა. ერთი და იმავე მოდალობისა და ინტრამოდალური თვისებების შეგრძნებები


შეიძლება აშკარად განსხვავდებოდნენ თავისი ინტენსიობის (სიძლიერის) ხარისხის მიხედვით.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ითვლება, რომ ადამიანს შეგრძნების 5 მოდალობა გააჩნია. ეს ძველი


ფსიქოლოგიის გადმონაშთია. სინამდვილეში მოდალობათა რიცხვი ბევრად მეტია.
თანამედროვე მეცნიერების მონაცემთა მიხედვით ადამიანს გააჩნია შეგრძნებათა შემდეგი
მოდალობები: მხედველობითი, სმენის, ყნოსვის, გემოს, შეხების, ტემპერატურის, ვიბრაციის,
კინესთეტიკური, წონასწორობის ანუ სტატიკური და ორგანული შეგრძნებები.

შეგრძნებათა ყველა მოდალობა კლასიფიკაციის მიხედვით ჯგუფდება სამად:


ექსტროცეპტულ, ინტროცეპტულ და პროპრიოცეპტულ შეგრძნებებად. ექსტროცეპტულ
შეგრძნებებს იწვევს რეცეპტორთა გაღიზიანება გარემოდან მიმდინარე გამღიზიანებლებით -
ელექტრომაგნიტური ტალღით, ჰაერის ტალღით, სუნით, შეხებით და ა.შ. ამ ჯგუფს ეკუთვნის
მხედველობის, სმენის, ყნოსვის, გემოს, შეხების, ვიბრაციის შეგრძნებები. ინტროცეპტულ
შეგრძნებებს იწვევს მათი რეცეპტორების გაღიზიანება შინაგან ორგანოებში მიმდინარე
პროცესებით. ამ ჯგუფს ყველა ორგანული შეგრძნება ეკუთვნის. პროპრიოცეპტულ შეგრძნებეს
იწვევს მათი რეცეპტორების გაღიზიანება იმ პროცესებით, რომლების კუნთებში, მყესებში და
სახსრებში აღმოცენდება სუბიექტის მოძრაობის დროს. ამ ჯგუფში კინესთეტიკური შეგრძნებები
შედის.

ექტროცეპტული ჯგუფის მოდალობები იყოფა ორად იმის მიხედვით, თუ როგორ ხდება


რეცეპტორის გაღიზიანება - საგნის უშუალო შეხებით, რეცეპტორთან კონტაქტით თუ
მანძილიდან, საგანთან უშუალო კონტაქტის გარეშე, რაიმე შუამავლის საშუალებით. პირველს
უწოდებენ კონტაქტურ შეგრძნებებს (შეხება და გემო), მეორეს - დისტანტურს (მხედველობა და
სმენა). ყნოსვის შეგრძნებები არსებითად კონტაქტურია, ვინაიდან რეცეპტორების გაღიზიანება
ნივთიერების მფრინავი ნაწილაკების რეცეპტორთან კონტაქტით ხდება, მაგრამ პრაქტიკულად
დისტანტურია, რადგანაც საგნის სუნს მასთან უშუალო კონტაქტის გარეშე განვიცდით. რაც
შეეხება ვიბრაციის შეგრძნებას მისი რეცეპტორები ორივე სახით ღიზიანდება - კონტაქტითაც და
მანძილიდანაც ჰაერის მეშვეობით, ამიტომ მოდალობათა ორ ჯგუფს შორის მას
განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

მხედველობის შგრძნებების გამომწვევია ”სინათლე”, ე.ი. გარკვეული სიხშირისა და სიძლიერის


ელექტრომაგნიტური რხევა. ადამიანის მხედველობის შეგრძნებას იწვევს რხევის დიაპაზონი
360-396 მილიმიკრონის სიგრძის ტალღიდან 760 მილიმიკრონის სიგრძის ტალღამდე.
მხედველობის შეგრძნებათა რეცეპტორები განლაგებულია თვალის ბადურაზე. რეცეპტორები
ორგვარია - ჩხირები და კოლბები,ანუ კულები. ჩხირები გვაძლევენ მხოლოდ სინათლის
შეგრძნებებს, კულები კი სინათლის გარდა ფერების შეგრძნებებსაც. ჩხირები უფრო
მგრძნობიარეა ამიტომ სუსტი განათების პირობებში მხოლოდ ისინი ღიზიანდება. ამიტომაა, რომ
ბინდისას ფერებს ვერ ვხედავთ .დღის სინათლეზე დიდ როლს კოლბები თამაშობენ. ჩხირები
განფენილია მთელ თვალის ბადურაზე (მათი რაოდენობა უდრის დაახლოებით 130 მილიონს),
კოლბები კი ბადურის მხილოდ ცენტრალურ არეზეა (მათი რაოდენობა დაახლოებით 7
მილიონია).

მხედველობის შეგრძნებებში არჩევენ შეგრძნებათა ორ სახეს - სინათლის შეგრძნებებს და


ფერების შეგრძნებებს. პირველს უწოდებენ ”ნეიტრალური ფერების” ამ ”აქრომატული ფერების”
შეგრძნებებს, მეორეს - სპექტრალური ანუ ”ქრომატული ფერების” შეგრძნებებს.

ნეიტრალური ფერების შეგრნებები წარმოადგენს სინათლის ხარისხის შეგრძნებათა რიგს,


დაწყებული მაქსიმალური ნათელიდან ე.ი. თეთრიდან, და დამთავრებული სინათლის
მინიმალური ხარისხით, ე.ი. შავით. მაშასადამე, ნეიტრალური ფერებია: თეთრი, შავი და მათ
შორის მოთავსებული რუხი ფერი. მათ ერთი თვისება გააჩნიათ - სინათლის ხარისხი.

წმინდა სახით სპექტრალური ფერები სპექტრში გვეძლევა. ეს არის წითელი, ნარინჯისფერი,


ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი და იისფერი ფერები. სპექტრში მათი თანმიმდევრობა
უცვლელია. ჩამოთვლილი ფერებიდან თითოეული მრავალი ელფერის სახით განიცდება.
სპექტრალურ ფერებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს 4 ფერს: წითელს, ყვითელს,
მწვანეს და ლურჯს. ამ მთავარი ფერების სხვადასხვა კომბინაციაში შერევით შესაძლებელია
ყველა სპექტრალური ფერის შეგრძნების მიღება.

სპექტრალურ ფერებს სამი ძირითადი თვისება გააჩნიათ. ეს არის ფერის ტონი, ანუ
თვისობრიობა (”რომელობა”), სინათლის ხარისხი და ფერის სიმაძღრე.

ფერის ტონი ეწოდება სპექტრალური ფერის იმ თვისებას, რასაც ყოველდღიურ მეტყველებაში


ფერის სახელს ვუწოდებთ: წითელი ერთი ტონია, ყვითელი - მეორე, მწვანე კიდევ სხვა ტონია და
ა.შ.

სპექტრალური ფერები განსხვავდებიან აგრეთვე მეტ-ნაკლები სიმუქით, ანუ სინათლის


ხარისხით: ერთი და იმავე ფერის ტონი, მაგალითად, წითელი, მეტ-ნაკლებად მუქიც და ბაციც
შეიძლება იყოს.

ფერის სიმაძღრე ეწოდება სპექტრალური ფერის იმ თავისებურებას, რითაც იგი განსხვავდება


იმავე სინათლის ხარისხის ნეიტრალური ფერისაგან. ფერი მით ნაკლებ მაძღარია, რაც უფრო
უახლოვდება იმავე სინათლის ხარისხის მქონე ნეიტრალურ ფერს.

მხედველობის შეგრძნებებს ახასიათებს ადაპტაცია, ე.ი. რეცეპტორის შეგუება გამღიზიანებლის


მიმართ. განათების ხარისხის ერთბაშად ძლიერი შეცვლა პირველ ხანებში იწვევს შეცვლილი
განათების პირობებში ხედვის უნარის დაკარგვას. ეს უნარი სწრაფად აღდგება ადაპტაციის
შედეგად. მაგალითად, ინტენსიურად განათებული ოთახიდან ღამე გახვალთ გარეთ - ვერაფერს
ვერ დაინახავთ, შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ ღამე არც ისე ბნელი ყოფილა; თანდათან სულ უკეთ
ხედავთ.

მხედველობის რეცეპტორთა სინათლისადმი მგრძნობელობის დაკლების შედეგად ადამიანი


სუსტი განათების პირობებში, მაგალითად ბინდისას, ვერ ხედავს. ამ მოვლენას ”ქათმის
სიბრმავეს”, ანუ ჰემერალოფიას უწოდებენ. ხშირ შემთხვევაში მისი გამომწვევი მიზეზია
ნერვული სისტემის გამოფიტვა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს გადაქანცვით, უძილობით,
ავიტამინოზით, ცუდი კვებით და ა.შ.

ზოგი ადამიანი მოკლებულია სპექტრალური ფერების შეგრძნების უნარს. მთელს სინამდვილეს


იგი მხოლოდ ნეიტრალურ ფერებში ხედავს.. ამ ანომალიას სრული ფერთა სიბრმავე ეწოდება,
რადგანაც სუბიექტი ვერც ერთ სპექტრალურ ფერს ვერ ხედავს.

ზოგი ადამიანი ვერ ახერხებს ზოგიერთი სპექტრალური ფერის შეგრძნებას. შეგრძნების ეს


ანომალია უფრო ხშირია, ვიდრე სრული ფერთა სიბრმავე. ამიტომაც ამ დარღვევას ფერთა
ნაწილობრივ სიბრმავეს უწოდებენ. ადამიანს რომელიც ვერ არჩევს წითელსა და მწვანე ფერებს,
ანდა ამ ფერების გარკვეულ ელფერებს დალტონიკს ვუწოდებთ. ამ დეფექტს დიდი
პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც წითელი და მწვანე ფერი წარმოების სხვადასხვა
დარგებში გამოყენებულია, როგორც ერთმანეთის საპირისპირო ნიშანი (რკინიგზის, საჰარო და
ავტოტრანსპორტზე და ა.შ.).

არსებობს ფერთა ”ნაწილობრივი სიბრმავის” სხვა სახეც, რომლისთვისაც დამახასიათებელია


მოლურჯო-მწვანისა და მოყვითალო-მწვანე ფერის ვერ გარჩევა ერთმანეთისაგან, მაგრამ ეს
ანომალია იშვიათია.

სმენის შეგრძნებების გამღიზიანებელს წარმოადგენს ჰაერის რხევა, ე.ი. ჰაერის ტალღები, რასაც
მჟღერი საგანი იწვევს. სმენის რეცეპტორი მდებარეობს შინაგან ყურში - ლოკოკინაში. ბგერის
შეგრძნებები ორი სახისაა: ხმაური და ტონი. ტონებს იწვევს ჰაერის პერიოდული რხევა,
ხმაურებს კი - აპერიოდული. ტონებს აქვთ ზუსტად გარკვეული სიმაღლე, რომლის მიხედვითაც
ისინი ერთი სისტემის (მუსიკალური ნოტების) სახით ლაგდება. ხმაურებს გარკვეული სიმაღლე
აქვს და, გარდა ამისა, ისინი იმდენად მრავალფეროვანი და ხშირად ინდივიდუალურად
თავისებურნია, რომ მათი დალაგება ერთი სისტემის სახით ვერ ხერხდება.

ყნოსვა. სუნის შეგრძნებას იწვევს საგნის მფრინავი ნაწილაკების ქიმიური ზემოქმედება ყნოსვის
რეცეპტორებზე. რეცეპტორები მდებარეობს ცხვირის ღრუს ზედა ნაწილში, ლორწოვან გარსში.
გამღიზიანებლები, ნივთიერების მფრინავი ნაწილაკების სახით, ჰაერთან ერთად შედის ცხვირის
ღრუში და ეხება რეცეპტორებს.

სუნის შეგრძნება საკმაოდ ”სუბიექტურად” განიცდება იმ აზრით, რომ სუნი განიცდება არა
როგორც ჩვენგან დამოუკიდებელი ობიექტი, არამედ თითქოს ჩვენში შემოტანილი რამ.

სუნის შეგრძნებას ძლიერი ადაპტაცია ახასიათებს: ერთი და იმავე სუნის ხანგრძლივი


მოქმედების შედეგად მგრძნობიარება მის მიმართ ეცემა და დროებით ქრება კიდევაც: ამ სუნს
სულ ვეღარა ვგრძნობთ. ხოლო რამდენიმე სუნის ერთდროული ზემოქმედების შედეგად
ადგილი აქვს როგორც სუნთა შერევას, ისე ერთი სუნის მიერ მეორის დახშობას.

გემოს შეგრძნების გამღიზიანებელს ნივთიერების ქიმიური თვისებები წარმოადგენს, რომელნიც


მოქმედებენ რეცეპტორებზე მაშინ, როდესაც ეს ნივთიერება იშლება სითხეში. გემოს
რეცეპტორები განლაგებულია ენის ზედაპირზე და ნაწილობრივ რბილ სასაზე. რეცეპტორები 4
სახისაა - ტკბილის, მწარის, მჟავისა და მლაშის. მაგრამ გემოს შეგრძნებათა მრავალსახიანობა
დაუბოლავებელია. იგი დამოკიდებულია ამ განსხვავებულ რეცეპტორების გაღიზიანების
კომბინაციაზე, მათ პროპორციაზე.

შეხების შეგრძნების რეცეპტორები მდებარეობს სხეულის მთლიან ზედაპირზე - კანში და


ლორწოვან გარსებში. თუმცა ამ რეცეპტორების გაღიზიანებით გამოწვეული შეგრძნებები მეტად
ღარიბია - ეს არის მხოლოდ შეხებისა და ინტენსიური გაღიზიანების შემთხვევაში, წნევის, ანუ
დაწოლვის განცდა. შეხების შეგრძნებას არსებითად იტერმოდალური ხასიათი აქვს, ე.ი. მათი
გამოწვევა ხდება რამდენიმე სახის რეცეპტორთა გაღიზიანებით. ისინი აღმოცენდება საკუთრივ
შეხების შეგრძნებისა და ჩვენი ორგანოების მოძრაობის კინესთეტიკურ და ტემპერატურის
შეგრძნებების შერწყმისას ერთი მთლიანი შთაბეჭდილების (სიმაგრის, სინესტის და ა.შ.) სახით.

შეხების შეგრძნება ადვილად ვარჯიშებადია. ძალიან მაღალ მგრძნობიერებას და სიზუსტეს ეს


შეგრძნება აღწევს დაბადებიდან უსინათლო ადამიანებთან იმის გამო, რომ მხედველობას
მოკლებულ ადამიანს გარემოს აღქმის პროცესში შეხების ფართოდ გამოყენება უხდება.

ტემპერატურის შეგრძნების რეცეპტორები განლაგებულია სხეულის ზედაპირზე - კანში და


ლორწოვან გარსებში.

სითბოსა და სიცივის შეგრძნებას იწვევს თერმული გაცვლა-გამოცვლა ჩვენი სხეულის


ზედაპირსა და საგანს შორის: რაც უფრო სწრაფად გადადის სითბო ჩვენი კანიდან საგანში, მით
უფრო ცივად გვეჩვენება ეს საგანი და, პირიქით, რაც უფრო სწრაფად გადმოდის სითბო საგნიდან
ჩვენს კანში, მით უფრო თბილად გვეჩვენება ეს საგანი.

ტემპერატურის შეგრძნებას მკაფიოდ გამოხატული ადაპტაციისა და კონტრასტის მოვლენა


ახასიათებს. მაგალითად, პირველად აუტანელად ცხელი წყალი, რომელშიც ჩაჰყოფთ ხელს,
მალე ნელთბილად გეჩვენებათ. თუ ერთ ხელს ცხელ წყალში გააჩერებთ და მეორეს კი ცივში,
ხოლო შემდეგ ორივეს ჩაჰყოფთ თბილ წყალში - პირველი ხელი შეიგრძნობს მას როგორც ცივს,
მეორე კი - როგორც ცხელს.

ვიბრაციის ხშირი რიტმული რხევის შეგრძნება, შეგრძნებათა სპეციფიკურ სახეს წარმოადგენს.


ვიბრაციის შეგრძნების გამომწვევი გაღიზიანება შეიძლება ატარებდეს როგორც კონტაქტურს,
ისე დისტანციურ ხასიათსაც, მაგალითად, სასულე ორკესტრის დაკვრის ვიბრაციას შორიდან
მთელი სხეულით შევიგრძნობთ ჰაერის მეშვეობით, მეორე მხრივ, ტროლეიბუსის მოტორის
მეშვეობით გამოწვეულ ვიბრაციას ტროლეიბუსში ყოფნისას უშუალო კონტაქტით შევიგძნობთ.
შეგრძნებების ეს სახე განსაკუთრებით დიდი მნიშვნელოვნელობის მატარებელია უსინათლო და
ყრუ ადამიანებისათვის. დაბადებიდან ბრმა და ყრუ-მუნჯი ელენ კელერი ვიბრაციის შეგრძნების
მეშვეობით სცნობდა მუსიკალურ ნაწარმოებს და ტკბებოდა მუსიკით, ვიბრაციით გებულობდა
ადამიანის ”ფეხის ხმას” და ა.შ. ადრე ბავშვობაში დაბრმავებული და დაყრუებული
სკოროხოდოვა კარზე დაკაკუნებას ვიბრაციის შეგრძნებით გებულობდა და ა.შ.

კინესთეტიკური შეგრძნებები ეწოდება ჩვენი სხეულისა და მისი ნაწილების მდგომარეობისა და


მოძრაობის შეგრძნებებს. შეგრძნებათა ამ მოდალობაში ასხვავებენ შეგრძნებათა ორ ჯგუფს -
ჩვენი სხეულის ნაწილების (ხელი, ფეხი, თავი და ა.შ.) მოძრაობისა და მდგომარეობის
შეგრძნებებს და დაძაბულობის შეგრძნებებს. პირველის რეცეპტორები ანუ პროპრიოცეპტორები
მდებარეობს სახსრებში, ხოლო დაძაბულობის შეგრძნების რეცეპტორები მდებარეობს კუნთების
ბოჭკოებში.

კინესთეტიკურ შეგრძნებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკუთარი სხეულის მოძრაობათა


დაუფლებისათვის, ამ შეგრძნებათა გარეშე რაიმე გარკვეული მოძრაობის ნებისმიერი
შესრულება შეუძლებელია.

წონასწორობის შეგრძნება. ადამიანი ზუსტად შეიგრძნობს თავის სხეულის მდგომარეობას


სივრცეში, მეტადრე ვერტიკალური მდგომარეობის დარღვევის შემთხვევაში.

წონასწორობის რეცეპტორი მდებარეობს შინაგან ყურში - ლაბირინთსი. რამდენადაც


ვესტიბულარული ორგანო მოთავსებულია თავში, მისი გაღიზიანება ხდება არა მხოლოდ მთელი
სხეულის სათანადო გადანაცვლებით სივრცეში, არამედ მარტო თავის მოძრაობითაც. იმისათვის,
რომ ადამიანმა სწორად და ზუსტად შეიგრძნოს, მარტო თავის მოძრაობა ხდება თუ მთელი
სხეულისა, აუცილებელია ვესტიბულარული ორგანოს გაღიზიანებით გამოწვეულ
შეგრძნებებთან ერთად ტანის მიმართ თავის მოძრაობისა და მდგომარეობის ზუსტი შეგრძნებაც,
ე.ი. სათანადო კინესთეტიკური შეგრძნებები.

ორგანული შეგრძნებათა მოდალობაში შედის ორგანიზმისა და მის შინაგან ორგანოთა


მდგომარეობის მრავალრიცხოვანი შეგრძნებები.

ორგანული შეგრძნებების საერთო მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს მათი მჭიდრო


კავშირი ორგანიზმის ბიოლოგიურ მოთხოვნილებებთან. ორგანულ შეგრძნებათა უმრავლესობა
დაკავშირებულია მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებასთან ან, პირიქით, მათ აღმოცენებასთან,
თუ გამწვავებასთან. ორგანული შეგრძნებების რიგი აღმოცენდება მხოლოდ სათანადო
მოთხოვნილების აღმოცენების შემთხვევაში. ე.ი. როდესაც დაირღვევა წონასწორობა ორგანიზმსა
და გარემოს შორის. მაგალითად, სუნთქვის, შიმშილის, წყურვილის და სხვა ორგანული
შეგრძნებები აუცილებლად დაკავშირებულია სათანადო მოთხოვნილებასთან. ორგანულ
შეგრძნებათა ერთ-ერთ თავისებურებას შეადგენს მისი მჭიდრო კავშირი ემოციურ განცდებთან.

ტკივილის შეგრძნების შემსწავლელი საერთაშორისო ასოციაციის რეკომენდაციის თანახმად,


”ტკივილი წარმოადგენს არასასიამოვნო შეგრძნებასა და ემოციურ განცდას, რაც
დაკავშირებულია ცოცხალი ქსოვილის რელაურ ან პოტენციურ დაზიანებასთან”. ტკივილის
ხანგრძლივმა შეგრძნებამ შეიძლება გამოიწვიოს ღრმა დეპრესიული დარღვევები. დეპრესიულ
დარღვევათა განვითარების შემთხვევაში მნიშვნელოვნად იცვლება ადამიანის თუ ცხოველის
ქცევა, რასაც განაპირობებს ემოციური სფეროს განმსაზღვრელი ნერვული მექანიზმების მოშლა.

ნათქვამიდან ნათელია, რომ ტკივილი ერთ-ერთი იმნიშვნელოვანესი ფენომენია, რომელსაც


შეუძლია მოტივაციით განპირობებული ქცევის შეცვლა. მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას,
რომ ტკივილის შეგრძნება მხოლოდ ზიანის მომტანია. ტკივილს ბიოლოგიურად უაღრესად
მნიშვნელოვანი დამცველობითი ფუნქცია აქვს. მის დამცველობით ფუნქციაზე მიუთითებდნენ
ჯერ კიდევ ძველი ბერძნები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ”ტკივილი წარმოადგენს ჩვენი
ჯანმრთელობის სადარაჯოზე მდგარ ნაგაზს”. ამ ხატოვანი გამოთქმით ისინი ყურადღებას
ამახვილებდნენ რომელიმე ორგანოს ან ქსოვილის დაზიანების საწყის ეტაპზე ტკივილის
შეგრძნების ბიოლოგიურ - სასიგნალო მნიშვნელობაზე. ტკივილის შეგრძნების ბიოლოგიურ
მნიშვნელობას ადასტურებს გამოჩენილი ინგლისელი ფიზიოლოგი შერინგტონი, რომლის
სიტყვებით ”ტკივილი უაღრესად მიზანშეწონილია ორგანიზმისათვის”. ტკივილის შეგრძნების
ბიოლოგიურ მნიშვნელობაზე მიუთითებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ
ტკივილის თანდაყოლილი შეუგრძნობლობა, დაუცველნი არიან პერიფერიულ ორგანოთა თუ
სხვა სახის მექანიკურ დაზიანებათა გამომწვევ ზემოქმედებისგან. ცნობილია, რომ ადამიანი
ჩვეულებრივ, სწრაფად განერიდება ასეთ გამღიზიანებლებს და ამ გზით დაზიანებისგან იცავს
თავს. ლიტერატურაში აღწერილია ქალის გარდაცვალების შემთხვევა იმის გამო, რომ იგი
მოკლებული იყო ტკივილის შეგრძნებას. ტკივილის შეუგრძნობლობის გამო იგი ხანგრძლივი
დროის განმავლობაში არ იცვლიდა პოზას, რამაც გამოიწვია ხერხემლის არხში სისხლის ჩაქცევა
და მისი გარდაცვალება. ჩვეულებრივ, სახსრების ტკივილის გამო, ჩვენ ხანგრძლივად ვერ
ვინარჩუნებთ ერთ პოზას და ვიცვლით მას. აღწერილია აგრეთვე შემთხვევები, როდესაც
შეუგრძნობლობის გამო ავადმყოფმა ვერ იგრძნო ბრმანაწლავის გასკდომა, რასაც მოჰყვა
პერიტონიტი და გარდაცვალება. ადვილი წარმოსადგენია, თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში,
ადამიანი რომ ვერ შეიგრძნობს ტკივილს ქვების არსებობისას ან გულის სპაზმის დროს.

ამრიგად, ტკივილის შეგრძნება უნდა განვიხილოთ, როგორც ნორმალური


ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ფენომენი, რომელიც საშუალებას გვაძლევს თავიდან
ავიცილოთ მოსალოდნელი საშიშროება. ეს შეგრძნება ამცნობს ორგანიზმს, რომ თუ ტკივილის
გამომწვევი გამღიზიანებელი განაგრძობს ზემოქმედებას ან ასეთი ზემოქმედება გაძლიერდება,
მაშინ ორგანიზმის შემადგენელი ცოცხალი ქსოვილი დაზიანდება. სამწუხაროდ, ყველა
დარღვევა არ იწყება ტკივილის შეგრძნებით და ამიტომ მათი ადრეული დიაგნოსტიკა
გაძნელებულია. ადვილი წარმოსადგენია, თუ რამდენად ეფექტური იქნებოდა ისეთ მძიმე
დაავადებათა მკურნალობა, როგორიცაა სხვადასხვა სახის ავთვისებიანი სიმსივნე, ამ
პათოლოგიური პროცესის აღძვრას თან რომ სდევდეს ტკივილის შეგრძნება და შესაბამისად
შესაძლებელი იყოს მისი ადრეული დიაგნოსტიკა. სამწუხაროდ, სიმსივნის განვითარების
შემთხვევაში ტკივილის შეგრძნება იწყება გვიან სტადიებზე, როდესაც მისი მკურნალობა
გაძნელებულია და ზოგჯერ, უშედეგოც.

ტკივილის სახეები. ტკივილის შეგრძნება არაერთგვაროვანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ესა თუ ის
გამღიზიანებელი აღძრავს ტკივილის განსხავავებულ შეგრძნებას. განსხვავება აღინიშნება
როგორც დროის ფაქტორის, ასევე შეგრძნების ინტენსივობისა და კერის ლოკალიზაციის
შესაძლებლობის მიხედვით. ამ კრიტერიუმებით ტკივილის შეგრძნება იყოფა: ”მწვავე” და
”ქრონიკულ” ტკივილად; ”პირველად” და ”მეორად” ტკივილად; ”ძლიერ - მწველ” და ”ყრუ”
ტკივილად; ”ზედაპირულ” და ”ღრმა” ტკივილად; ”ფიზიკურ” და ”ფსიქოგენურ” ტკივილად.

ტკივილის კლასიფიკაციათა უმრავლესობა ეყრდნობა ტკივილის დაყოფას ორ კლასად:


ფიზიკური და ფსიქოგენური ტკივილი. ”ფიზიკური” ტკივილის ერთ-ერთი სახეა
”ზედაპირული” ტკივილი, რომელიც თავის მხრივ შეიძლება იყოს ჩხვლეტის ან წვის შეგრძნების
მსგავსად. ზედაპირული ტკივილის ამ ორი სახის ლოკალიზაცია ადვილია, ანუ ადვილია
მტკივნეული გამღიზიანებლის ზემოქმედების ადგილის განსაზღვრა. ამის გამო, შესაძლებებლია
მტკივნეული გამღიზიანებლებისგან სწრაფად განრიდება. ”ზედაპირული” ტკივილის აღძვრის
შემთხვევაში ცენტრალური ნერვული სისტემა არ ზიანდება.

”ფიზიკური” ტკივილის მეორე სახეა ”შინაგანი ორგანოებისა და საყრდენ-მამოძრავებელი


სისტემის დაზიანებით გამოწვეული ” ტკივილი, რომელიც შეიძლება იყოს ”ყრუ” და მისი
ლოკალიზაცია გაძნელებულია. ტკივილის ასეთი შეგრძნება დიფუზური ხასიათისაა და
შეიძლება პროეცირებოდეს კანის ზედაპირზე. შინაგანი ორგანოებიდან აღძრული ტკივილის
მიზეზების გარკვევა და იმ ორგანოს ლოკალიზაცია< სადაც ვითარდება ტკივილის აღმძვრელი
პათოლოგიური პროცესი, შედარებით ძნელია. ასეთი პროცესი შეიძლება განვითარდეს
ექტოდერმულ, მეზოდერმულ ან ენდოდერმილ ქსოვილში, ან კუნთში, თუ ის ზედმეტად
დაიძაბა.

”ფიზიკური” ტკივილის მესამე სახეს წარმოადგენს ”ნეიროპათიული” ტკივილი, რომელიც


ძლიერი - მწვავე ტკივილის შეგრძნებით ხასიათდება. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს
პერიფერიული ნერვის დაზიანებით, მასში პათოლოგიური (მაგალითად, ანთებითი ) პროცესის
განვითარებით ან მისი კომპრესიით. ასეთი შემთხვევის მაგალითია სამწვერა ნერვის ანთება ან
კომპრესია.” ნეიროპათიური” ტკივილი შეიძლება აღიძრას თავის ტვინის ღეროვანი და
თალამური სტრუქტურების პათოლოგიის გამოც. ასეთი ტკივილის პროექცია ხშირად კანში
ხდება და მისი წარმოშობის მიზეზების დადგენა გაძნელებულია. ამასთანავე, უძნელდება
ტკივილის შეგრძნების კერის ზუსტი ლოკალიზაცია ზოგიერთ შემთხვევაში ”ნეიროპათიური”
ტკივილი, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება და მისი თავიდან აცილება საკმაოდ
რთულია.

”ფსიქოგენური” ტკივილი წარმოიშობა ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების


გავლენით, მაგალითად, სამსახურში განცდილი უსიამოვნების ან მეუღლის მხრიდან
უყურადღებობის გამო. ფსიქოგენური ფაქტორების გავლენით გამოწვეულ ტკივილს
ლიტერატურაში აღნიშნავენ ”მეორადად შეძენილი” ტკივილის სახელითაც. ”ფსიქოგენური”
ტკივილის ბუნება ზოგ შემთხვევაში შეიძლება დაუდგენელი დარჩეს, რადგანაც პაციენტის ქცევა
ხშირად არ შეესაბამება მის მიერ აღწერილ ”მწვავე” ტკივილის შეგრძნებას.

სპეციალურ ლიტერატურაში აღწერილია ტკივილის კიდევ ერთი სახე, რომელსაც აღნიშნავენ


”ფანტომური” ტკივილის სახელით. ზოგ შემთხვევაში ეს არის აუტანელი ტკივილი, რომელიც
შეიგრძნობა მოკვეთილი კიდურის რომელიმე ნაწილზე ანუ იქ, სადაც ოდესღაც იყო მოქმედი
ორგანო. ასეთი შეგრძნება ტვირთავს ადამიანის ფსიქიკას და თუმცა ასეთ პაციენტს კარგად აქვს
გაცნობიერებული, რომ ეს მხოლოდ ილუზიებია, იგი ვერ თრგუნავს ტკივილის შეგრძნებას.

ტკივილის შეგრძნება ხშირად აღენიშნებათ ფსიქიკური დარღვევების მქონე პაციენტებსაც.


მაგალითად, ღრმა დეპრესიული დარღვევა ხშირად მიმდინარეობს ქრონიკული თავის
ტკივილის თანხლებით. ხშირად ტკივილის შეგრძნებას უჩივიან შიზოფრენიული დარღვევის
მქონე ადამიანები.

ტკივილის შეგრძნებაის რეცეპტორთა დიდი რაოდენობა ორგანიზმის ზედაპირზე - კანშია


განლაგებული, ტკივილის შეგრძნებას უფრო ხშირად იხილავენ შეხებისა და ტემპერატურის
შეგრძნებებთან ერთად, როგორც ”კანის შეგრძნებების” მოდალობას. თუმცა ფსიქოლოგიური
თვალსაზრისით უფრო მიზანშეწონილია ტკივილის მიკუთვნება ორგანული შეგრძნებებისადმი.
ძლიერი ტკივილის დროს გამღიზიანებლის თვისებას ხშირად სულაც არ განვიცდით. გარდა
ამისა, ტკივილი ხშირად განიცდება გარეგაღიზიანების გარეშეც, როგორც შინაგანი ორგანოების
მდგომარეობა (ღვიძლის ტკივილი, კუჭის ტკივილი, ძვლის ტკივილი და ა.შ.).

ტკივილის შეგრძნებას სპეციფიკური ბიოლოგიური მნიშვნელობა აქვს. იგი თავდაცვის რეაქციის


გამომწვევია: ტკივილი უბიძგებს ცოცხალ არსებას მოიშოროს სათანადო გამღიზიანებელი ან
თვითონ მოშორდეს მას.

შეგრძნებათა ურთიერთმოქმედება. შეგრძნებათა ინტენსივობა დამოკიდებულია არა მარტო


გამღიზიანებლის სიძლიერესა და რეცეპტორთა ადაპტაციის დონეზე, არამედ იმ
გამღიზიანებლებზეც, რომლებიც მოცემულ მომენტში ზემოქმედებენ სხვა გრძნობის
ორგანოებზე. ანალიზატორის მგრძნობელობის შეცვლას შეგრძნების სხვა ორგანოთა
გაღიზიანების გავლენით, ეწოდება შეგრძნებათა ურთიერთმოქმედება. შეგრძნებები
ერთმანეთისაგან იზოლირებულად არ მოქმედებენ, ისინი ერთმანეთზე ახდენენ განსაზღვრულ
გავლენას. მაგალითად, სუსტი გემოს შეგრძნება (მჟავე) ამაღლებს მხედველობით
მგრძნობელობას. ცნობილია მხედველობითი, სმენითი, ტაქტილური და სუნის მგრძნობელობის
მომატების ფაქტები ტკივილის სუსტი გამღიზიანებლის გავლენით.

სენსიბილიზაცია არის შეგრძნების მგრძნობელობის მომატება სისტემატიური ვარჯიშის


შედეგად. ცნობილია თუ როგორ ვითარდება მუსიკალური სმენა მუსიკაში ვარჯიშის გზით,
როგორ ოსტატდება დეგუსტატორი გემოთა გარჩევის მიმართ და ა.შ.

სინესთეზია არის ერთი მოდალობის შეგრძნების გამოწვევა მეორე მოდალობის შეგრძნების


საშუალებით. ადამიანს ბგერითი გავლენით შეიძლება აღმოუცენდეს ფერითი შეგრძნებები,
ხოლო ფერმა შეიძლება გამოიწვიოს სიცივის შეგრძნება. სინესთეზია არის შეგრძნებათა
ურთიერთობის კერძო შემთხვევა. არიან ადამიანები, რომლებშიც ერთი მოდალობის
რეცეპტორის გაღიზიანება იწვევს მეორე მოდალობის შეგრძნებას. სინესთეზია მეტად იშვიათი
მოვლენაა.

შეგრძნებათა კონტრასტი არის შეგრძნების ინტენსივობისა და ხარისხის შეცვლა წინმსწრები და


თანმხლები გამღიზიანებლის გავლენით. ორი გამღიზიანებლის ერთდროული ზემოქმედების
დროს წარმოიშობა ერთდროული კონტრასტი. ცივის შემდეგ ნელ-თბილი გამღიზიანებელი
გვეჩვენება ცხლად. მჟავე გემოს შეგრძნება ამაღლებს მგრძნობელობას ტკბილის მიმართ. შავ
ფონზე რუხი ფერი მოთეთროდ აღიქმება, თეთრზე კი იგივე რუხი - მოშავოდ და ა.შ.

ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს სხეულში მგრძნობელობის მოშლას. მაგალითად,


როგორიცაა:

სენესტოპათია - უკიდურესად მძიმე, უსიამოვნო გაურკვეველი შეგრძნებები სხეულის


ზედაპირზე ან შინაგან ორგანოებში. ეს არის ჩხვლეტის, ზეწოლის, წვის, მოჭერის, გადახერხვის
და ა.შ. შეგრძნებები, რომელთაც საფუძვლად არ უდევთ რომელიმე ორგანოს დაავადება.

ანესთეზია - მგრძნობელობის სრული მოშლა სხეულის გარკვეულ ნაწილში. მგრძნობელობის


არასრული, ნაწილობრივი მოშლა იწოდება ჰიპოსთეზიად, ხოლო მგრძნობელობის გაძლიერება -
ჰიპერესთეზიად.

პარასთეზია - მგრძნობელობის მოშლა სპონტანურად აღმოცენებული დაბუჟების, წვისა და სხვა


უსიამოვნო შეგრძნებების სახით.

აღქმა

გარესამყაროს შესახებ ცოდნას ადამიანი იღებს არა მარტო შეგრძნებების საშუალებით, არამედ
აღქმის გზითაც. ასახვის ეს ორი ფორმა გრძნობადი შემეცნების ერთიანი პროცესების მჭიდროდ
დაკავშირებული რგოლებია. შეგრძნების გზით ადამიანი ღებულობს ცოდნას საგნებისა და
მოვლენების ცალკეული თვისებების შესახებ, ხოლო აღქმა იძლევა საგანთა მთლიანობით ხატს.
ადამიანი გარემოს ობიექტურად მოცემულ საგანთა სახით აღიქვამს.

აღქმა არის კონკრეტული საგნის ან მისი თვისებების თვალსაჩინო, ხატოვანი ასახვა. ადამიანი
გარემოს ცალკე გამღიზიანებლების და მათი კომპლექსების სახით კი არ განიცდის, ე.ი.
გამღიზიანებლებს კი არ შეიგრძნობს, არამედ მისგან დამოუკიდებელ საგანთა სახით აღიქვამს.
სინამდვილე ადამიანის ცნობიერებაში საგანთა მოვლენათა სახით აისახება და არა საგნობრიობას
მოკლებულ, საგნის გარეშე მოცემულ სენსორულ (შეგრძნებით) თვისებათა (ფერი, გემო და ა.შ.)
სახით. გარემოს კი არ შევიგრძნობთ - აღვიქვამთ. მასალას გარემოს აღსაქმელად მხოლოდ
შეგრძნებები იძლევიან - სხვა გზა საგანთა და მათ თვისებათა აღსაქმელად არ არსებობს - მაგრამ
ჩვეულებრივ პირობებში შეგრძნებას ადამიანი აღქმის გარეშე არ განიცდის. შეგრძნებების
მასალიდან იმთავითვე იქმნება, ორგანიზდება საგნის ან მისი თვისების აღქმა. ცოცხალი არსება
ურთიერთობას ამყარებს გარემოში მოცემულ კონკრეტულ საგნებთან და მათ თვისებებთან და
არა უსაგნო სენსორულ თვისებებთან. ყოველდღიურ მეტყველებაში და არაფსიქოლოგიურ
ლიტერატურაში სიტყვებს - შეგრძნება და აღქმა ჩვეულებრივ ერთი მნიშვნელობით ხმარობენ.
”მე შევიგრძნობ” ფერს თუ ბგერას, ამბობენ იმავე მნიშვნელობით, როგორც ”მე აღვიქვამ” ფერს ან
ბგერას. მაგრამ, როგორც მეცნიერული ფსიქოლოგიის ცნებები, ისინი არსებითად
განსხვავდებიან.

აღქმის საგნობრიობა - აღქმის შეგრძნებისაგან მთავარ განმასხვავებელ ნიშანს საგნობრიობა


წარმოადგენს: აღქმა განიცდება არა როგორც სუბიექტში მიმდინარე პროცესი, არამედ როგორც
სუბიექტის გარეთ, მისგან დამოუკიდებლად არსებული ობიექტი. მიუხედავად იმისა, იქნება ეს
მთელი საგნის აღქმა, თუ მისი რომელიმე თვისებისა. მაგალითად, ვარდს რომ ვუყურებ, მე ჩემს
გარეთ არსებულ საგანს - ვარდს ვხედავ და არა ამ ვარდის ზემოქმედებით ჩემში აღძრულ
პროცესს განვიცდი. ან მის წითელ ფერს რომ განვიცდი - ჩემში აღმოცენებული სიწითლის
შეგრძნებას კი არ განვიცდი, არამედ ჩემს გარეშე, გარკვეულ მანძილზე არსებული საგნის ფერს
ვხედავ. ამ და სხვა შემთხვევაში საქმე გვაქვს აღქმასთან, რომლის შინაარსს სათანადო
შეგრძნებები ქმნიან, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეს შეგრძნებები აღქმის გარეშე არ განიცდება.

აღქმის კატეგორიალობა ანუ აზრიანობა - საგნის თვალსაჩინო ხატთან ერთად აღქმაში


მოცემულია მისი საგნობრივი მნიშვნელობაც, ანუ იმის ცოდნა რა არის ეს, რა საგანს აღვიქვამთ
ჩვენ. ეს საგანი, როგორც საგანთა გარკვეული კატეგორიის წარმომადგენელი განიცდება. აღქმის
ამ თვისებას ”კატეგორიალობას” უწოდებენ, ხოლო, რადგანაც აღქმული საგნის გარკვეული
კატეგორიის საგნად გარკვეული კატეგორიის საგნად გულისხმობა მის ერთგვარ გააზრებას
წარმოადგენს, ამდენად ამ თვისებას აღქმის ”აზრიანობასაც” უწოდებენ. კონკრეტული საგანი
განიცდება საგანთა ჯგუფის , კატეგორიის წარმომადგენლად, და ეს დასკვნის ან მსჯელობის
სახით კი არ ხდება, არამედ იმთავითვე ამ საგნის აღქმის პროცესში ხორციელდება. როდესაც ჩვენ
შევხედავთ სკამს - ის ჩვენთვის იმთავითვე ”საზოგადოდ სკამია ”, ე.ი. ”სკამების” კატეგორიის
წარმომადგენელი და არა მხოლოდ ესა და ეს ინდივიდუალური საგანი.

აღქმის კატეგორიალობის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ადამიანის


გამოცდილება - მისი პრაქტიკული დამოკიდებულება საგნებთან და სათანადო სიტყვის
გამოყენება. ჩვეულებრივ ერთ კატეგორიად ჩამოყალიბდება ის საგნები, რომელთაც ერთი
საერთო სახელი ეწოდება.

კატეგორიალური აღქმის თვალსაჩინო მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ფონემის განცდის


ფაქტი: ერთი და იმავე ასოთი აღნიშნული ბგერები ერთსა და იმავე ბგერად აღიქმება, თუმცა
სხვადასხვა სიტყვის კონტექსტში ეს ბგერები ხშირად განსხვავებულად ჟღერენ. მაგალითად
პირველი და მეორე ლ სიტყვაში ”ლალი” ან იგივე ფონემა სიტყვებში ”ლობიო” და ”ნალი”
განსხვავებულად ჟღერენ, მაგრამ ერთ და იმავე ბგერად (ლ ბგერად) აღიქმება.

ამგვარად, ჩვენ ვხედავთ, რომ აღქმა მხოლოდ სენსორული ბუნების პროცესი როდია. იგი საგნის
შემეცნების თვალსაჩინო ფორმაა და არა გაღიზიანების შეგრძნება.

აღქმის სტრუქტურული მთლიანობა - შეგრძნებებისაგან განსხვავებით, რომელიც ასახავს


საგნების ან მოვლენების ცალკეულ თვისებებს, აღქმა არის საგნის მთლიანობითი ხატი. აღქმის
მთლიანობის მნიშვნელოვან არგუმენტს წარმოადგენს დაუმთავრებლობის ის სპეციფიკური
განცდა, რომელიც გვიჩნდება დაუმთავრებელი ფიგურის ან შეწყვეტილი მელოდიის აღქმისას.
თანამედროვე ფსიქოლოგიაში დადგენილად ითვლება, რომ აღქმა ცალკე შეგრძნებების ჯამი კი
არ არის, არამედ გარკვეული სტრუქტურის მქონე მთლიანობაა და ეს მისი თვისება -
სტრუქტურული მთლიანობა - აღქმის ერთ-ერთ არსებით ნიშანს შეადგენს. მთლიანის მთავარ
თავისებურებას წარმოადგენს სპეციფიკური დამოკიდებულება მთელსა და ნაწილს შორის:
მთლიანს ნაწილთან შედარებით, ახალი თვისებები გააჩნია, თვისებები, რომლებიც არც
ნაწილება აქვს და არც მათ ჯამს. არა მხოლოდ მთელია დამოკიდებული მის ნაწილებზე არამედ
პირიქითაც გარკვეულ ფარგლებში, მთელი განსაზღვრავს მისი ნაწილებიის თავისებურებებს:
ერთი და იგივე ელემენტი, სხვადასხვა მთლიანობაში შესული განსხვავებულია ამ მთელის
თავისებურებების მიხედვით. აღქმის მთელი გავლენას ახდენს თავის ნაწილებზე სხვადასხვა
მთელში შესული ერთი და იგივე ელემენტი, განსხვავებულად აღიქმება.

აღქმის სტრუქტურული მთლიანობის თვალსაჩინო გამოვლენებაა აგრეთვე აღქმის


ტრანსპოზიცია აღქმის ერთი და იმავე სტრუქტურის უცვლელი გადატანა სხვადასხვა სენსორულ
სტრუქტურაზე მაგალითად, უცვლელად აღიქმება ერთი და იგივე მელოდია, მიუხედავად
იმისა, მაღალ ტონებზე სრულდება იგი თუ დაბალზე. ასევე უცვლელად აღვიქვამთ ერთსა და
იმავე ფორმას, მიუხედავად იმისა, თუ რა ფერით არის ეს ფორმა გამოსახული.

ადამიანის აღქმა განაწევრებულ მთლიანობას წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ აღქმის მთლიანობას


თავისი სტრუქტურა, თავისი აღნაგობა გააჩნია, რომ მთელთან ერთად ჩვენ მთელის ნაწილებსაც
ვარჩევთ. მაგალითად, სამკუთხედის ფორმის აღნაგობაში კუთხეებსაც და გვერდებსაც ვხედავთ.
გარდა ამისა, აღქმისთვის დამახასიათებელია, რომ მისი საგანი გარემოდანაც გამოყოფილად
განიცდება, ე.ი. რომ აღქმაში ყოველთვის არის მოცემული ფიგურა და ფონიც, რომელზედაც
გვეძლევა ეს ფიგურა.

ფიგურის მოცემულობა ფონსაც გულისხმობს. ამრიგად, აღქმა შიგნით განაწევრებული და


გარედან გამოყოფილ მთლიანობას წარმოადგენს. ასეთ მთლიანობას თანამედროვე
ფსიქოლოგიაში ”გეშტალტს” (გერმანული სიტყვაა და ფორმას ნიშნავს) უწოდებენ.

აღქმის კონსტანტობა - საგანთა აღქმის ობიექტური პირობები მუდამ იცვლება: განათების


ხარისხი, ფერი, მანძილი, რომლიდანაც აღვიქვამთ საგანს, მხედველობის კუთხე და ა.შ. ამ
ფიზიკური ცვლილებების მიხედვით მნიშვნელოვნად იცვლება შეგრძნების უშუალო
ფიზიოლოგიური საფუძველი და ამიტომ შეგრძნებაც უნდა იცვლებოდეს. მაგალითად, სუსტი
განათების პირობებში თეთრი საგანი ნაკლებ სინათლეს არეკლავს, ვიდრე მზით განათებული
შავი საგანი, ამიტომ ამ შემთხვევაში პირველი საგანი უფრო მუქი რუხი ფერის შეგრძნებას უნდა
იწვევდეს, ვიდრე მეორე. მიუხედავად ყველა ამ არსებითი ცვლილებისა, საგნის აღქმა გარკვეულ
ფარგლებში კონსტანტური, ე.ი. უცვლელი რჩება. ცარცი განათებისას, ან ჩრდილში
მოთავსებული, თეთრად ჩანს არეკლილი სინათლის დაბალი ხარისხის მიუხედავად, ნახშირი
მზის შუქზე შავად აღიქმება, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით მეტ სინათლეს არეკლავს,
ვიდრე ცარცი ბინდისას ანდა ჩრდილში. ბოლო მერხი აუდიტორიაში იმავე სიდიდისა აღიქმება,
როგორც პირველი, თუმცა რამდენჯერმე უფრო პატარად იხატება თვალის ბადურაზე. სკამი
მაინც სკამად ,უცვლელ ფორმად რჩება იმის მიუხედავად რომ ჩვენ სხვადასხვა მხრიდან
ვუყურებთ და, მაშასადამე, ბადურაზე მისი არსებითად ცვალებადი სურათი იხატება და ა.შ.

აღქმის კონსტანტობას დიდი მნიშვნელობა აქვს საგანთა სწორი აღქმისთვის, მათი ცნობისთვის
მუდამ ცვალებად პირობებში. სიდიდის, ფერის და ფორმის აღქმა რომ არ ყოფილიყო
კონსტანტური, ადამიანი და ცხოველი ხშირად ვერ დაამყარებდა საგნებთან პრაქტიკულ
ურთიერთობას, ვერ იცნობდა საგნებს, ვინაიდან საგნების ჩვენგან დაშორების მანძილი, მათი
განათების ხარისხი და რაკურსი ყუველდღიურ ცხოვრებაში მუდამ იცვლება.

აღქმის პიროვნებისეული ხასიათი - აღქმას აწარმოებს არა რომელიმე ანალიზატორი, არამედ


კონკრეტული პიროვნება, რომელსაც ახასიათებს ინდივიდუალური თავისებურებებით
შეფერილი მოთხოვნილებები, ინტერესები, მისწრაფებები, მიდრეკილებები, ნიჭი, აღსაქმელი
საგნის მიმართ მეტ-ნაკლები გამოცდილება. აღქმა არა მხოლოდ საგნის ხატია, არამედ
კონკრეტული ადამიანის მოქმედებაცაა. მასში მონაწილეობს ემოციებიც, რომელსაც შეუძლია
შეცვალოს აღქმის შინაარსი. ერთი და იგივე ადამიანი ერთსა და იმავე საგანს განსხვავებულად
აღიქვამს იმის მიხედვით, თუ რა გუნება-განწყობილებაზეა ეს პიროვნება აღქმის მომენტში.
ადამიანი მოიმართება, მობილიზდება, განეწყობა სათანადო საგნის აღსაქმელად და ეს მისი
განწყობა გარკვეულ გავლენას ახდენს აღქმის პროცესზე და შედეგზე. აღქმა არ არის საგნის
ფოტოგრაფიული, უცვლელი ასახვა. გარკვეულ ფარგლებში იგი პიროვნებისეულ ხასიათს
ატარებს.

ერთსა და იმავე მოვლენას ადამიანი, განსხვავებულად აღიქვამს იმის მიხედვით, თუ როგორია


მისი გამოცდილება ამ მოვლენის მიმართ, რა იცის მის შესახებ, როგორ არის ამ მომენტში
განწყობილი და სხვა. ამის გამო მოვლენის სხვადასხვა მხარეები წამოიწევს წინ. მაგალითად,
არქეოლოგი და ოქრომჭედელი სხვადასხვაგვარად აღიქვამს გათხრებში აღმოჩენილ ოქროს
ნივთს, პირველს ამ საგნის სხვა ნიშნები ეცემა თვალში, მეორეს კი - სხვა.

საგულისხმოა, რომ ხშირად ერთი და იგივე ადამიანი ერთსა და იმავე საგანს განსხვავებულად
აღიქვამს იმის მიხედვით, თუ როგორ არის განწყობილი. ამ კანონზომიერების საინტერესო
ილუსტრაციას წარმოადგენს ე.წ. ორაზროვანი სურათები - ნახატები, რომლებიც
სხვადასხვაგვარად შეიძლება იყოს აღქმული. მათ ერთი და იგივე ადამიანი სხვადასხვა რამის
გამოსახულებად დაინახავს იმის მიხედვით, თუ რა განწყობით აღიქვამს ამ სურათს.

დროის აღქმა. ნებისმიერი მოვლენა მიმდინარეობს დროში. ყოველი მოვლენის აღქმისას


ადამიანი განიცდის დროის მიმდინარეობას, მას აქვს დროის აღქმა. ადამიანს აქვს აწმყოს, ნამყოს,
მომავლის და აგრეთვე დროის მიმდინარეობის უშუალო განცდა.

რა მოდალობას ეკუთვნის დროის აღქმა? ასეთი ცალკე მოდალობა არ არსებობს. დრო არ


წარმოადგენს ფიზიკურ გამღიზიანებელს, რომელმაც შეიძლება გააღიზიანოს რაიმე რეცეპტორი.
დროის მიმდინარეობას ჩვენ განვიცდით ნებისმიერი მოდალობს შინაარსის აღქმისას. ყველაზე
ზუსტად დრო აღიქმება რიტმის აღქმისას, მაგრამ რიტმი აღიქმება როგორც სმენით, ისე
კინესტეტიკურადაც და გარკვეულ პირობებში მხედველობითაც და ტაქტილურადაც.

უნდა აღინიშნოს დროის აღქმის შემდეგი თავისებურება: მასში განუყოფელ ერთიანობაშია


დროის მიმდინარეობა ჩვენს გარეთ, გარემოში მიმდინარე მოვლენებში და ჩვენში მიმდინარე
პროცესების მსვლელობაში. დრო განიცდება როგორც ერთიანი, მიუხედავად იმისა, რას
ეყრდნობა უმეტესად მისი განცდა - ჩვენს გარეთ მიმდინარე მოვლენების აღქმას, თუ ჩვენში
მიმდინარე სასიცოცხლო პროცესების და ჩვენი სუბიექტური განცდების მიმდინარეობას.
რამდენადაც დროის აღქმა ეყრდნობა განცდათა მიმდინარეობას, გასაგებია მისი აღქმა მეტად
სუბიექტურია. ობიექტურად დროის ერთი და იგივე მონაკვეთი სუბიექტის ცნობიერების
შინაარსისა და მასში მიმდინარე განცდის ხასიათის მიხედვით შეიძლება განიცდებოდეს
განსხვავებულად. ამ მხრივ საინტერესოა ე.წ. ”სავსე დროის კანონი”: დროის შეფასება იცვლება
იმის მიხედვით, თუ რამდენად ”სავსეა” ჩვენი ცნობიერება სხვადასხვა განცდებით. დრო
განიცდება მითუფრო სწრაფად მიმდინარეთ, რაც უფრო მეტ განცდებს აქვს ადგილი. დროის
ხანგრძლივობის აღქმა დამოკიდებულია ადამიანის მოქმედების შინაარსზე. დღეები ან კვირეები,
რომელიც სავსეა საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენებით, გვეჩვენება სწრაფად
მიმდინარედ, ხოლო დროის მონაკვეთები, როცა არაფერი საინტერესო არ ხდება, გვეჩვენება
ხანგრძლივად, გაჭიმულად. განსაკუთრებით მკვეთრად განიცდის ადამიანი დროის
მიმდინარეობას მოლოდინის მდგომარეობაში: როდესაც ადამიანი მოუთმენლად ელოდება
რაღაც სასიამოვნოს, დრო დიდად გადაფასდება - ძალიან ნელა გადის და პირიქით,
არასასურველის, უსიამოვნოს მოლოდინში დრო გადის სწრაფად. ექსპერიმენტულად
დადგენილია, რომ დროის შეფასების სიზუსტე ვითარდება ასაკობრივადაც და სათანადო
გამოცდილებითაც. დროის სწორი შეფასების უნარი დიდად განსხვავებულია
ინტერინდივიდუალურადაც.

სივრცის აღქმა. აღქმა შეუძლებელია სივრცითი თვისებების აღქმის გარეშე: აღქმა საგნის
თვალსაჩინო განცდაა, ხოლო საგანი კი - განფენილია, მას სივრცეში უჭირავს გარკვეული
ადგილი. ისმის კითხვა: რომელი მოდალობის შეგრძნებების საშუალებით ხდება სივრცის აღქმა?
რომელია სივრცის აღქმის რეცეპტორი? უნდა აღვნიშნოთ, რომ სივრცითს აღქმა
ინტერმოდალური ბუნებისაა, იგი არ ეკუთვნის ერთ რომელიმე მოდალობას. სივრცის აღქმაში
მონაწილეობს არა მარტო მხედველობის შეგრძნება, არამედ სმენის, შეხების და კინესთეტიკური
შეგრძნებებიც.

სივრცის აღქმის გაგებასთან დაკავშირებით ფსიქოლოგიაში არსებობდა ორი საპირისპირო


შეხედულება - ნატივიზმი და გენეტიზმი (ემპირიზმი). პირველის წარმომადგენლები
თვლიდნენ, რომ სივრცითი თვისებების ასახვა პირველადი ხასიათისაა. იგი უკვე შეგრძნებებშია
მოცემული და ამიტომ თანდაყოლილია: უჩნდება თუ არა ბავშვს ოპტიკური შეგრძნებები, ამ
შეგრძნებებთან ერთად მოცემულია სივრცითი თვისებების განცდაც. ერთ-ერთ საბუთად
მოჰყავდათ ის, რომ ფერის შეგრძნება შეუძლებელია განფენილობის გარეშე, ფერის წარმოდგენაც
კი შეუძლებელია განფენილობის გარეშე.

გენეტიზმის წარმომადგენლები კი - პირიქით, თვლიდნენ, რომ სივრცითი თვისებების აღქმა


მეორადი ხასიათისაა, იგი ვითარდება თანდათანობით ბავშვის მიერ გამოცდილების პროცესში.
ამის საბუთად მაჰყავთ ფსიქოლოგ პრაიერის დაკვირვება: ჩვილ ბავშვს იმდენად სუსტად აქვს
სივრცის ღქმა, რომ მთვარის დანახვაზე ეტანება მას ხელის მოსაკიდებლად.

უნდა აღინიშნოს, რომ არაა სწორი საკითხის ასე დაყენება: სივრცის აღქმაში არსებობს ისეთი
მომენტები, რომლებიც მოცემულია შეგრძნების მასალაშივე და წარმოადგენენ სივრცის აღქმის
განვითარების საფუძველს. ასევე, არის ისეთი მომენტებიც, რომლებიც ვითარდება მხოლოდ
ადამიანის გამოცდილების შედეგად პრაქტიკული მოქმედების პროცესში.კერძოდ, განფენილობა
მოცემულია თავიდანვე პირველ მარტივ სენსორულ შთაბეჭდილებებთან ერთად, ხოლო
სიღრმის აღქმა ვითარდება პრაქტიკული მოქმედების პროცესში.

ეს გარემოება დადასტურებულია ემპირიული დაკვირვების საფუძველზე. დაკვირვება


მოახდინეს დაბადებიდან ბრმა ზრდასრულ ადამიანზე, რომელსაც თვალები აეხილა ოპერაციის
შედეგად(1841წ). ოპერაციის გაკეთებიდან ორი დღის შემდეგ, რიცა მას მოხსნეს სახვევი, მან
დასაწყისში დაინახა ”სინათლის ველი”, რომელსაც ბუნებრივია, ჰქონდა განფენილობა. შემდეგ
დაინახა ” ნახევრად გამჭვირვალე წყლის ბუშტები”(ეს ბუშტები იყო თვალის აკომოდაციის
სისუსტის შედეგი). შემდეგ დღეებში ავადმყოფმა თანდათან გაარჩია ერთმანეთისაგან
სხვადასხვა ფორმა (წრე, სამკუთხედი, კვადრატი) მაგრამ დაშორების აღქმა შესძლო შედარებით
გვიან: დასაწყისში მხედველობის ველის მთელი შინაარსი განიცდებოდა ბრტყლად, რელიეფის
განცდა განუვითარდა თანდათანობით. მაგალითად, ავადმყოფი დასაწყისში ვერ არჩევდა წრეს
ბურთისგან, დაშორებული საგნები პირველ დღეებში განიცდებოდა ისე ახლოს, თითქოს ისინი
ეხებოდა თვალის ქუთუთოებს. ეს დაკვირვება დადასტურდა სხვა ანალოგიურ შემთხვევებში.
ამრიგად, სივრცის აღქმის პირველი საფუძვლები განფენილობის აღქმის სახით მოცემულია უკვე
ოპტიკურ შეგრძნებებში, ხოლო რაც შეეხება სიღრმის აღქმას, იგი ვითარდება თანდათანობით.
ამას ადასტურებს ბავშვებზე ჩატარებული ექსპერიმენტი, რომელიც ცნობილია ”ხილული
ფლატეს” სახელწოდებით ექსპერიმენტში გამოყენებულია სპეციალური გრძელი მაგიდა,
რომელიც ყოველი მხრიდან გარშემორტყმულია ხის სქელი ბარიერებით. მაგიდის სახურავს
წარმოადგენს გამჭვირვალე სქელი მინა. მაგიდის ერთი მხარე უშუალოდ მინის ქვეშ დაფარულია
ფიცრებით, ხოლო მეორე - ღიაა, ისე რომ მაგიდის ქვეშ ჩანს იატაკი. ჩვილს ბავშვს რომელსაც
შეუძლია ხოხვა სვამენ მაგიდის ცენტრში. დედა მორიგეობით მიდის მაგიდის კიდესთან ხან
ფიცრებით დაფარული მხრიდან, ხან იმ მხრიდან საიდანაც მინის ქვეშ ჩავარდნილი ადგილია და
ბავშვს უხმობს თავისკენ. ბავშვები სიამოვნებით მიხოხავენ მაგიდის დახურულ მხარეს, მაგრამ
როცა აღმოჩნდებიან ჩასავარდნის წინ, ჩერდებიან. ცხრა თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში ხშირად
ვლინდება შიშის რეაქცია, რომელსაც თან ახლავს ყვირილი და ცრემლები. ისინი უარს ამბობენ
წინ წასვლაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი მინის ქვეშ სივრცეს აღიქვამენ როგორც
სიღრმეს, როგორც ფლატეს, რომელშიაც შიძლება ჩავარდეს. სხვაგვარად იქცევიან 6-9 თვის
ბავშვები. ისინი ყურადღებით იყურებიან სიღრმეში, ხელებს ამოძრავებენ მინაზე, ხანდახან
ზედაპირს ფხაჭნიან ფრჩხილებით და ა.შ. თუ დედა აგრძელებს ბავშვის თავისკენ მოხმობას იგი
ცოტა ხნის შემდეგ აგრძელებს ხოხვას ფლატეს თავზე და არ აქცევს მას ყურადღებას. ამ ასაკის
ბავშვების ქცევა გვიჩვენებს, რომ ისინი ხედავენ ფლატეს, მაგრამ ვერ აღიქვამენ სიღრმეს. იგი
მათთვის უბრალოდ ახალი შთაბეჭდილებაა და ამიტომ იპყრობს მათ ყურადღებას. ეს
ექსპერიმენტიც ადასტურებს იმას, რომ სიღრმის აღქმა არაა თანდაყოლილი და იგი ყალიბდება
ასაკთან და გამოცდილებასთან ერთად.

სივრცის აღქმის ძირითადი ფაქტორები.

სივრცის აღქმის ჩამოყალიბებაში ძირითად როლს თამაშობს ბინოკულარული (ორი თვალით)


მხედველობა, კერძოდ, ის გარემოება, რომ ჩვეულებრივ პირობებში ადამიანი საგანს აღიქვამს
ორი თვალით - ბინოკულარულად. თითოეული თვალის ბადურაზე მოიპოვება მეორე თვალის
შესატყვისი ანუ იდენტური წერტილები. თუ საგნის გამნოსახულება აღიბეჭდება ამ შესატყვის
წერტილებზე, ადამიანი ხედავს ერთ გამოსახულებას. რადგანაც თვალები ცოტათი
დაშორებულია ერთმანეთისგან, ეს ორი თვალი ერთი ობიექტის ფიქსაციის დროს საგანს
უყურებს ცოტათი განსხვავებული მხრიდან და ორი თვალის შესატყვის წერტილებზე საგანი
აღიბეჭდება ცოტათი განსხვავებული მხრიდან, ე. ი. აღიბეჭდება ოდნავ განსხვავებული სურათი.
მაგრამ რადგან ასახვა ხდება შესატყვის წერტილებზე, მას ვხედავთ ერთ საგნად. როცა საგნის
გამოსახულება აღიბეჭდება დისპარატულ წერტილებზე, მაშინ საგანს ვხედავთ გაორებულად.

კონვერგენცია. საგნის დაშორებულობის მხედველობითი აღქმის ერთ- ერთ ფაქტორს


წარმოადგენს კონვერგენცია, ე. ი. თვალების ღერძების კოორდინირებული შებრუნება შიგნით.
რაც უფრო ახლოსაა ფიქსირებული საგანი, მით უფრო მეტადაა თვალები შებრუნებული შიგნით,
ხოლო შორეული საგნის ჭვრეტის დროს თვალების ღერძები დგებიან თითქმის პარალელურ
მდგომარეობაში.

სივრცის აღქმაში მონაწილეობას ღებულობს აგრეთვე თვალის აკომოდაცია. ესაა თვალის


ბროლის ამოზნექა - გაბრტყელების მოძრაობები, რომელიც საგნის დაშორების მანძილთან არის
დაკავშირებული. ბროლი მით უფრო ბრტყელდება, რაც უფრო შორსაა აღსაქმელი საგანი და
პირიქით, მით უფრო ამოიზნიქება, რაც უფრო ახლოსაა საგანი.

სიღრმის აღქმა დამოკიდებულია ისეთ მეორად ფაქტორებზე, როგორიცაა: ჰაერის პერსპექტივა -


რაც უფრო მეტადაა დაშორებული ჩვენგან საგანი, მით უფრო ნაკლებად გამოკვეთილად,
ბუნდოვნად აისახება იგი თვალის ბადურაზე იმ ჰაერის მასის გამო, რომელიც თვალსა და საგანს
შორისაა. საგანთა ნაწილობრივი დაფარვა - უფრო დაშორებულად აღიქმება ის საგანი, რომელსაც
ნაწილობრივ ეფარება მეორე საგანი. სივრცის შევსებულობა - საგნებით შევსებული სივრცის
აღქმა გაცილებით უფრო ზუსტია, ვიდრე შეუვსებელი, ცარიელი სივრცის.

სტრატონის ცდა. სივრცის აღქმის ჩამოყალიბებაში გამოცდილების გადამწყვეტ როლზე


დამარწმუნებლად მეტყველებს სტრატონის ექსპერიმენტი. ექსპერიმენტი ეხება შემდეგი
საკითხის გარკვევას: რატომ ხედავს ადამიანი საგნებს სწორად, მაშინ როცა თვალის ბადურაზე
ყველა საგანი იხატება 180 გრადუსით გადაბრუნებულად თვალის ბროლში სხივების
გარდატეხის გამო. სტრატონმა გაიკეთა სათვალე, რომლის ლინზებში სხივები ისე
გარდატყდებოდა, როგორც თვალის ლინზებში და ამიტომ ორჯერ შებრუნებული გამოსახულება
თვალის ბადურაზე იხატებოდა არა გადაბრუნებულად, არამედ სწორად, ე. ი. იმ
მდგომარეობაში,როგორც საგნები სინამდვილეშია. ამ სათვალეს სტრატონი განუწყვეტლივ
ატარებდა 8 დღის განმავლობაში.

პირველად, როცა სათვალე გაიკეთა, მან მთელი სამყარო დაინახა 180 გრადუსით
გადაბრუნებულად: ოთახის ჭერი იყო ქვევით იატაკი კი ზევით და ა.შ. ილუზია იყო იმდენად
ძლიერი, რომ პირველ ხანებში თვალების დაუხუჭავად უძნელდებოდა საკუთარი პირის შუბლის
და თმის მიგნება ხელით. მაგრამ დაიწყო ახალ პირობებთან შეგუება. ჯერ დაიწყო იმ საგნების
სწორი აღქმა, რომლებთანაც სტრატონს ჰქონდა განსაკუთრებით ხშირი შეხებითი კონტაქტი,
მერე უფრო შორეული საგნების, ბოლოს კი ამ სათვალის ტარების მიუხედავად გარემოს აღქმა
გახდა ნორმალური: სტრატონი გარემოს ხედავდა ისე, როგორც სათვალის გაკეთებამდე.
სათვალის მოხსნის შემდეგ პირველ ხანებში სინამდვილე ოპტიკურად ისევ გადაბრუნებულად
აღიქმებოდა, ოღონდ ახლა, შეგუების პროცესი დამთავრდა რამდენიმე საათში და სტრატონი
ისევ ისე აღიქვამდე გარემოს, როგორც ექსპერიმენტამდე. ამ ცდით მტკიცდება სივრცის აღქმის
ინტერმოდალური ბუნებაც: საგნების მდგომარეობის სწორი აღქმისათვის მნიშვნელობა აქვს არა
ცალკე აღებულ რეტინალურ გამოსახულებას, არამედ იმ შთაბეჭდილებას, რომელსაც ადამიანი
იღებს ინტერმოდალური აღქმის გზით და რომელშიც გადამწყვეტ როლს თამაშობს შეხების,
კინესთეტიკური და ოპტიკური შთაბეჭდილებების შეთანხმებულობა.

აღქმის ილუზიები. აღქმა ყოველთვის როდი იძლევა საგნის ობიექტურად სწორ, უტყუარ
ასახვას. გარკვეულ პირობებში ადგილი აქვს საგნის არასწორ, დამახინჯებულ აღქმას ანუ
ილუზიას. ილუზია ეწოდება მცდარ აღქმას, რომელიც არ შეესატყვისება ინტელექტუალურ
კრიტერიუმებზე დაფუძნებულ ცოდნას აღქმული მოვლენის შესახებ. მაგალითად, თეთრი
ფერის საგანი, ჩვეულებრივ, უფრო დიდად გვეჩვენება, ვიდრე ამავე სიდიდის მუქი საგანი.
საგანი უშუალოდ აღიქმება დამახინჯებულად - დამახინჯებულია საგნის აღქმადი სურათი, და
არა ცოდნა, არა აზრი საგნის შესახებ.

ილუზიების გამომწვევი მიზეზების მიხედვით ძირითადად განასხვავებენ ილუზიათა სამ სახეს:

ფიზიკური ილუზიები ეს ის ილუზიებია, რომელსაც იწვევს საგნის მოცულობის ფიზიკური


პირობები. წყალში ჩაშვებული ჯოხი, ან ჭიქაში ჩაშვებული კოვზი, გადატეხილად აღიქმება. ამის
მიზეზი ფიზიკური მოვლენაა: სინათლის სხივების განსხვავებული გარდატეხა გამჭვირვალე
სითხეში და მის გარეთ.

ფიზიოლოგიური ილუზიები გამოწვეულია წმინდა ფიზიოლოგიყრი მოვლენებით. ასეთია,


მაგალითად, ოპტიკური კვალის მოვლენა და სხვა.

ფსიქოლოგიური ილუზიები ფსიქიკური ფაქტორებითაა განპირობებული. აქ შედის ძლიერი


აფექტის, ძლიერი სურვილის, დაძაბული მოლოდინის, შთამაგონებელი ზემოქმედების,
არასწორი მსჯელობის თუ მცდარი ცოდნის საფუძველზე წარმოქმნილი ილუზიები. ადამიანმა
ბინდისას ტყეში ბუჩქი იმიტომ აღიქვა მგლად, რომ შიშის გამო - მხეცი არ შემხვდესო, მგლის
დანახვისკენ იყო განწყობილი.

ფსიქოლოგიურ ილუზიათა მეცნიერული შესწავლის საქმეში დიდი წვლილი შეიტანა


დ.უზნაძის მიერ შექმნილმა ქართულმა ფსიქოლოგიურმა სკოლამ. ექსპერიმენტულად
დამტკიცდა, რომ ფსიქოლოგიურ ილუზიებს საფუძვლად უდევს განწყობა. თუ გაფიქსირდა
გარკვეული საგნის აღქმის განწყობა, მსგავსი საგნის აღქმისას ამ ფიქსირებული განწყობის
გავლენით ეს საგანი მცდარად, სხვა საგნის მიმართ განმტკიცებული განწყობის შესატყვისად
აღიქმება. მაგალითად, ორი არატოლი ბურთის რამდენჯერმე შედარების მერე, ტოლი ბურთები
არატოლად გვეჩვენება: ჩვეულებრივ უფრო პატარად იქ სადაც მანამდე დიდი ბურთი იყო და
დიდად იქ სადაც პატარა იყო.

აღქმის პათოლოგია.
როგორც უკვე ავღნიშნეთ აღქმა - ეს არის საგნებისა და მოვლენების ასახვა ადამიანის
ცნობიერებაში გრძნობის ორგანოებზე მათი უშუალო ზემოქმედების დროს. თუმცა
ნიშანდობლივია, რომ ვითარების შეცვლის შემთხვევაში ერთი და იგივე მოვლენა შესაძლოა
სხვადასხვაგვარად მოქმედებდეს ერთსა და იმავე ადამიანზე, ხოლო თვისობრივად მსგავს
მოვლენებს სულ სხვადასხვაგვარად აღიქვამდნენ ცალკეული ინდივიდები, მოვლენებისადმი
პიროვნული დამოკიდებულების გათვალისწინებით. მაგალითად, სასიამოვნო ლანდშაფტი,
მელოდიური მუსიკა ან გასართობი სცენური სანახაობა დადებითემოციებს იწვევს კონკრეტულ
პიროვნებაში მშვიდად ყოფნის დროს, მაგრამ განწყობილებისა თუ ვითარების შეცვლასთან
ერთად შეიძლება შეიცვალოს რეაქციებიც.

ფსიქოლოგი უ. ჯემსი აღწერს თვითდაკვირვებას ექსტრემალურ სიტუაციაში. იგი წერს: ”განა


ბევრი რომანი არსებობს, რომელიც ისეთი მხიარული განწყობილებით იკითხებოდეს, როგორიც
დიუმას ”სამი მუშკეტერი”, მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილებით შემიძლია დავადასტურო, რომ,
როდესაც ამ რომანს ვკითხულობდი ზღვის ავადმყოფობის დროს ზიზღის მეტს არაფერს
მგვრიდა ის სისასტიკე და დაუნდობლობა, რომელსაც რომანის გმირები: ათოსი, პორთოსი და
არამისი იჩენდნენ.”

შეგრძნებისაგან განსხვავებით აღქმა რთული პროცესია, ჩვენ შევიგრძნობთ ბგერას, მაგრამ


აღვიქვამთ სიმფონიურ ნაწარმოებს. ამ პროცესში ჩვენი შეფასება ემყარება სწორედ ცოდნას,
გამოცდილებას, ინტერესებს, მისწრაფებებს.

ადამიანისათვის უმნიშვნელოვანესია მხედველობითი აღქმა. მისი მნიშვნელობა იმდენად


დიდია, რომ მხედველობის ორგანოს თუნდ დროებითი გამოთიშვა (მაგალითად,
ტრავმირებული თვალების ბინტით აკვრის დროს) ჯანმრთელ ადამიანში იწვევს დაბნეულობასა
და დამთრგუნავი უსასოობის განცდას;

საკუთარი თავისა და გარემოს აღქმის თვალსაზრისით ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ


დარღვეული და გაუკუღმართებული როგორც სხეულის დეტალური და სრული აღქმის
შესაძლებლობა, ასევე დროისა და სივრცის აღქმის უნარი. პირველი მდგომარეობა ცნობილია
დეპერსონალიზაციის, ხოლო მეორე - დერეალიზაციის სახელით.

დეპერსონალიზაცია ნიშნავს თვითშეცნობის დარღვევას, საკუთარი მე-ს შეცვლას, პიროვნული


სახის დაკარგვას, გაუცხოებას, გაორებას. იოლ შემთხვევაში დეპერსონალიზაცია გამოიხატება
გრძნობებისა და აზრების შინაგანი ცვალებადობით, განცდები ადრე განცდილთ აღარ ჰგავს.
შესაძლებელია გრძნობების დაკარგვა: ადამიანები ამტკიცებენ, რომ ისინი აღარ განიცდიან აღარც
სიხარულს, აღარც მწუხარებას, არა აქვთ არც დარდის, არც სევდის განცდა, ზოგჯერ ძილის
სურვილიც კი უქრებათ. უფრო მძიმე შემთხვევაში დეპერსონალიზაცია ვლინდება გრძნობების,
აზრების, მოქმედებათა გაუცხოებით - საკუთარი მე-ს სრული გაუცხოებით.
დეპერსონალიზაციის უკიდურეს ფორმას შეიძლება თან ახლდეს საკუთარი მე-ს მთლიანი
გახლეჩა პიროვნული მე-ს გაორებით, მტკიცებით, რომ მასში სახლობს ორი ადამიანი,
რომელთაგან თითოეული სხვადასხვაგვარად ფიქრობს, მოქმედებს, აღიქვამს გარე სამყაროს.
დერეალიზაცია არის ვითარების, გარე სამყაროს გაბუნდოვანებულად აღქმა, როგორც
უღიმღამო, გაყინული, უსიცოცხლო, დეკორაციული სივრცისა. დაკარგულია საგნებისა და
ცოცხალი არსებების გრძნობადი აღქმა, რომლებიც იღებენ განყენებულ აბსტრაქტულ,
გრძნობადი კომპონენტისაგან დაცლილ სახეს.

დერეალიზაციას განეკუთვნება აგრეთვე უკვე ნანახის (”დეჟავიუ”) (უკვე მოსმენილის,


განცდილის, თავგადახდენილის) ფენომენი. ამ შემთხვევაში უცნობ ვითარებაში მყოფ ადამიანს
აქვს შეგრძნება, რომ ეს არის ნაცნობი სიტუაცია და მსგავს სიტუაციაში იგი უკვე ყოფილა ადრე.

დერეალიზაციას განეკუთვნება ასევე არასდროს ნანახის (”ჟამევიუ”) (არ გაგონილის,


განუცდელის) ფენომენი. ამ შემთხვევაში კი ხდება პირიქით - კარგად ცნობილი გარემო უეცრად
უცხო ხდება და პირველად ნანახის შთაბეჭდილებას ქმნის.

ჰალუცინაცია არის აღქმის პათოლოგია, რომლის დროსაც მოჩვენებითი ხატები წარმოიშობა


რეალური ობიექტის გარეშე. თუ ილუზიების დროს რეალურად არსებული ობიექტი
დამახინჯებულად აღიქმება, ჰალუციანციების დროს რეალური ობიექტი საერთოდ არ არსებობს.
მიუხედავად ამისა, ჰალუცინაციებს ახასიათებს ნორმალური აღქმის ყველა ფიზიკურინიშანი
(მაგალითად, ფერი, ფორმა), პაციენტი რეალურად განიცდის მას, მისთვის ის პროეცირებულია
სივრცეში. გრძნობათა ორგანოების მიხედვით ჰალუცინაცია შეიძლება იყოს სხვადასხვა
მოდალობის: მხედველობის, სმენითი, ყნოსვითი, გემოვნების, შეხების; გამოვლენის ფორმების
მიხედვით - ელემენტარული ან მრავალფეროვანი.

სმენითი ანუ ”ვერბალური” ჰალუცინაციის დროს ავადმყოფს ესმის სიტყვები, ფრაზები,


მონოლოგები, რამდენიმე ”ხმის” მეტყველება ერთდროულად. ძალზე ხშრად ხმებს
იმპერატიული (ბრძანებითი) ხასიათი აქვს. ხმები აიძულებენ ადამიანს შეასრულოს მისთვის და
გარშემომყოფთათვის სახიფათო ესა თუ ის მოქმედება (მაგალითად, გადახტეს მაღალი
სართულიდან, მიაყენოს ტრავმა სხვა ადამიანს და ა.შ. ასეთი პაციენტები სახიფათონი არიან და
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ). სხვა შემთხვევაში, პირიქით, უკრძალავს მას ამა თუ
იმ მოქმედებას. ”ჰალუცინაციური ხმები” გამოთქვამენ თავიანთ აზრს ავადმყოფის ქცევაზე - ხან
ამართლებენ და იცავენ მას, ხან პირიქით - მტრობენ; ე.წ. ”ანგელოზური” ჰალუცინაციების დროს
ხმები ავადმყოფს აძლევენ ”კეთილ რჩევებს”, ამჟღავნებენ მის მიმართ დადებით
დამოკიდებულებას და ამართლებენ მის საქციელს.

ყნოსვითი ჰალუცინაციები ყნოსვითი შეგრძნებების ფართო სპექტრით გამოირჩევა - ღუმელის


გამონაბოლქვისა და გაზის სუსტი სუნიდან ლპობის ან ხრწნის მძაფრ შეგრძნებამდე. ყნოსვით
ჯალუცინაციებს ხშირად თან ერთვის გემოვნებითი ჰალუცინაციები, რაც საკვების ან სასმელის
უჩვეულო გემოს შეგრძნებაში ვლინდება.

ტაქტილური ჰალუცინაციის დროს ავადმყოფები განიცდიან კანქვეშ მწერების ან ჭიანჭველების


ცოცვის, სხვადასხვა მცირე საგნების გადაადგილების მტანჯველ შეგრძნებას. ზოგჯერ ეს არის
კანზე რაიმე საგნის შეხება, რასაც თან ახლავს წვა, ქავილი.
ვისცერალური ჰალუცინაციის დროს პაციენტი განიცდის უჩვეულო შეგრძნებებს შინაგან
ორგანოებში: მცოცავი ჭიების, ცხოველების, მატლების, ბაყაყების ფუთფუთს მუცელში და ა.შ.

ზოგჯერ პაციენტს ერთდროულად რამდენიმე სახის ჰალუცინაცია აქვს (მაგალითად, სმენითი


და მხედველობითი, მხედველობითი და ყნოსვითი).

თავისი შინაარსით ჰალუცინაციები შეიძლება იყოს სასიამოვნო და უსიამოვნო. პირველ


შემთხვევაში ავადმყოფები მათ უცქერენ და უსმენენ ისე, როგორც კინოს ან კონცერტს
მაყურებლები და მათი გარეგნობა და მიმიკები დაინტერესებული მაყურებლის ემოციურ
განცდებს განცდებს გამოხატავენ. ასეთ დროს პაციენტების ნაწილი ყურადღების
კონცენტრაციისა და დადებითი შეგრძნების გასაძლიერებლად ყურებს ბამბით იცობს (თუმცა ამ
მეთოდს უარყოფითი შეგრძნების თავიდან ასაცილებლად უფრო ხშირად მიმართავენ).

აღქმის განვითარება ონტოგენეზში.

საინტერესოა რა დროიდან ახერხებს ბავშვი აღქმის ხატის შემუშავებას და როგორია ეს აღქმა.


ისეთი როგორც მოზრდილების თუ მისგან განსხვავებული?

ძნელია ზუსტი საზღვრის გავლება ჩვილი ბავშვის შეგრძნებისეულ და აღქმისეულ ასახვას


შორის. არსებული მონაცემების ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ სიცოცხლის პირველი ორი თვე
ბავშვი სინამდვილის შესახებ უფრო შეგრძნებებს იღებს, ვიდრე აღქმის ხატს. ლევენფილდის
მონაცემებით, გარე გამღიზიანებლის, როგორც ობიექტურად მოცემულის აღქმა ანუ რეცეფცია
მხოლოდ მესამე თვიდან ხდება ბავშვისათვის დამახასიათებელი. ამგვარად, უკვე მესამე თვიდან
ბავშვის შეგრძნებები იწყებენ აღქმად ჩამოყალიბებას. ბავშვი უკვე საგნის ხატს ასახავს და არა
წმინდა შეგრძნებას ღებულობს მისგან.

სინამდვილის მოვლენათა აღქმაზე გადასვლის შემდეგ ბავშვი კიდევ უფრო აქტიური ხდება
მასზე მოქმედი გამღიზიანებლის მიმართ. რაც დრო გადის გარემომცველი საგნები სულ უფრო
და უფრო საინტერესოდ იქცევიან, ის მათზე სულ უფრო მეტ ხანს აჩერებს მხედველობას, მეტ
ხანს უგდებს ყურს მელოდიას და ა.შ. შემდგომი წინსვლა იმაში გამოიხატება, რომ როცა
გამღიზიანებელი წყვეტს ზემოქმედებას, ბავშვი მის ძებნას იწყებს. ბავშვის ამ ტენდენციას
კლაპარედმა პერცეპტული ინტერესი უწოდა.

მეორე თვის ბოლოდან ბავშვს შეუძლია რამდენიმე ხანი გააჩეროს ერთ საგანზე თვალი. ის
თითქოს ინტერესით ათვალიერებს საგანს, რომელზეც მისი მზერა შეჩერდა. ასევე სიამოვნებით
უსმენს ის ბგერით გამღიზიანებელს. ამ დროს მან შეიძლება მზერა ჭამა შეაჩეროს, ტირილი
შეწყვიტოს. გარემოს საგნების მიმართ ბავშვის ასეთ აქტივობას ჭვრეტის ინტერესი უწოდეს.
მართალია, ის მეორე თვის ბოლოს იჩენს თავს, მაგრამ განსაკუთრებიტ შესამჩნევი მესამე თვიდან
ხდება. ჭვრეტის ინტერესის გაჩენა, თავის მხრივ, აძლიერებს ბავშვის შეგრძნების ორგანოების
აქტივობას და ამით ხელს უწყობს ამ ორგანოთა განვითარებას, განსაკუთრებით თვალის
აკომოდაციასა და კონვერგენციას. ხდება თვალის აქტივობისთვის საჭირო მაძრაობათა
სრულყოფა.
ჭვრეტის ინტერესი მეოთხე თვიდან უფრო ძლიერდება. მომდევნო თვეებში ამ მხრივ
მდგომარეობა არ იცვლება. ჭვრეტის ინტერესის პირველი ხანა, პრველი გაელვება ხანმოკლეა,
სულ სამიოდე თვე გრძელდება. მერე მის ადგილს გარემოსთან დამოკიდებულების სხვა
აქტიური პროცესი ტაცება იჭერს.

ობიექტური სინამდვილისადმი დამოკიდებულებაში ბავშვი თანდათანობით სულ უფრო და


უფრო აქტიური ხდება. ასეთი აქტიურობისათვის პასიური ჭვრეტა საკმარისი არ არის და ის მის
ხელში მოხვედრილი ობიექტთა დაუფლებაზე გადადის.

ტაცების აქტები, თავის მხრივ, იწვევენ იმ ორგანოს ფუნქციობის ინტენსიურ განვითარებას და


სრულყოფას, რომელიც ტაცების აქტის განხორციელებისთვისაა საჭირო - ხელებისა. დ.უზნაძე
თვლის, რომ აქაც, ისე როგორც ჭვრეტის შემთხვევაში ბავშვს უკვე თავიდანვე აქვს ერთგვარი
”დაუფლების მოთხოვნილება” და იგი შეხების ობიექტის მიმართ აღმოცენდება. ყველაფერს, რაც
ახლა ბავშვს ხელში ჩაუვარდება პირისკენ მიაქანებს.

ბავშვის ფსიქიკური აქტივობა ტაცების ხანის დადგომიდან თვისობრივად იცვლება. ახლა ბავშვს
დანახული ობიექტის დაუფლება ამოძრავებს. იგი უკვე აღარ არის პასიური მჭვრეტელი,
ამიტომაც ჭვრეტის ტენდენცია დამოუკიდებელ ინტერესს კარგავს კიდეც. ის გარკვეულ
აქტივობას მიმართავს იმ საგნის მიმართ, რომლის დანახვა, რომლის ხელში ჩაგდება მას
შეუძლია.

აღქმის განვითარება განუწყვეტლივ მიმდინარეობს და მასში მონაწილე ანალიზატორთა როლიც


იცვლება ხან ერთი თამაშობს უპირატეს როლს ხან მეორე. 2 წლის ასაკში ისევ იჩენს თავს
ჭვრეტის ინტერესი. ბავშვი დიდი გატაცებით ისმენს უფროსების მონათხრობს. ბავშვს აღქმის
ობიექტის შინაარსობრივი მხარე აინტერესებს, პირველ რიგში საგნის ფერი და ფორმა. ყველა
მკვლევარს აქვს დადასტურებული, რომ ადრეული ასაკის ბავშვი ჭვრეტის თუ ტაცების
პროცესში ბრჭყვიალა საგანს აძლევს უპირატესობას.

ამგვარად, ადრეული ასაკის ბავშვი აღქმის დროს საგნის ფორმასთან შედარებით ფერს აძლევს
უპირატესობას. ეს პროცესი მერეც გრძელდება უცნობი საგნების მიმართ. მაგრამ სამი
წლისათვის ნაცნობი საგნის აღქმისას უპირატესობა უკვე ფორმას ეძლევა. სკოლამდელ ასაკში
ბავშვის აღქმაში საგნის ფორმა სულ უფრო და უფრო იწყებს დომინირებას და პირველ პლანზე
დგება.

აღქმის ხატის თანდათანობითი დიფერენციაციის კვალობაზე ბავშვი უკვე მთლიან სურათსაც


აღიქვამს და ნაწილების გამოყოფასაც ახერხებს.

აღქმის განვითარება და სრულყოფა გრძელდება უმცროს სასკოლო ასაკშიც. აღქმა მჭიდრო


კავშირშია აზროვნებასთან, რადგანაც აზროვნება ემყარება აღქმაში მოცემულ მასალას,
ყოველგვარი სწავლა იწყება აღქმით. უმცროსკლასელთა აღქმა მჭიდრო კავშირშია აღქმის
შინაარსის, შეგრძნების განვითარების დონესთან. პირველ რიგში აქ იგულისხმება
მხედველობისა და სმენის შეგრძნების განვითარების დონე. სინამდვილის შესახებ ინფორმაციის
80% -ს ბავშვი იღებს მხედველობით. მხედველობისა და სმენის შეგრძნებები განვითარებას
განიცდის მთელი სასკოლო პერიოდის განმავლობაში.

პირველ კლასელებთან სჭარბობს პირველი სასიგნალო სისტემის მოქმედება, რის გამოც


სწავლებაში წამყვანი როლი აქვს თვალსაჩინოებასა და გრძნობად აღქმას. ამ ასაკის ბავშვებს ჯერ
კიდევ არა აქვს ფაქიზი მგრძნობელობა ელფერებისა და ნახევარტონების მიმართ. ასევე, პირველ
კლასელთა აღქმის ერთ-ერთი თავისებურებაა სიტყვათა გრაფიკული გამოსახულების არასაკმაო
დიფერენცირებული აღქმა. ფორმით მსგავს ასოთა შორის განსხვავების წვდომა მოითხოვს
ფაქიზი ანალიზის უნარს, რაც ამ ასაკის ბავშვებს ძალიან უჭირთ. შემდგომ კლასებში
მოსწავლეთა აღქმა ხდება შედარებით უფრო სრულყოფილი. ბავშვებს უვითარდებათ
არსებითისა და არაარსებითის გამოყოფის უნარი, აღქმა ხდება დანაწევრებული და მართვადი.

აღქმის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს სწავლა. იგი ავითარებს ბავშვის უნარს, დაინახოს
და გაანალიზოს ის, რასაც აღიქვამს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ბავშვმა შეძლოს საგანთა
იდენტურობის დადგენა ამათუ იმ ეტალონთან მიმართებაში. სასწავლო წარმატება დიდადაა
დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მაღალ დონეზეა ასული უმცროსკლასელის სენსორული
განვითარება.

დაწყებითი სკოლის ბოლოს მასწავლებლის მიერ გატარებული სპეციალური ღონისძიებების


შედეგად ბავშვს უკვე შეუძლია დამოუკიდებლად დაგეგმოს თავისი აღქმის მოქმედება,
მიზანმიმართულად, წინასწარი განზრახვით განახორციელოს იგი. ასეთი აღქმა თანდათანობით
ღებულობს ნებისმიერი დაკვირვების ფორმას.

You might also like