You are on page 1of 9

პიროვნების ფსიქიკური თვისებები

ტემპერამენტი
ტემპერამენტი არის პიროვნების ერთ-ერთი ძირითადი თვისება, რომელიც ადამიანის შესახებ
მეცნიერების ჩამოყალიბების პირველივე პერიოდიდან იყო შემჩნეული. „ტემპერამენტი“ ლათინური
სიტყვაა და ქართულად ნიშნავს „ნაწილთა თანაფარდობას“. ესაა პიროვნების ის თანდაყოლილი
ფსიქიკური თვისება, რომელზეც დამოკიდებულია ემოციების აღმოცენების სისწრაფე და შინაარსი,
ხანიერება და ასევე, პიროვნების მოქმედების ტემპი და რიტმი.
არიან ადამიანები, რომელთათვისაც დამახასიათებელია ფსიქიკური მოქმედების თანაბარზომიერი
მიმდინარეობა. ეს ადამიანები გარეგნულად არიან ყოველთვის მშვიდი, გაწონასწორებული და ცოტა
ზანტი. ისინი ნაკლებად იცინიან, მათი მზერა ყოველთვის მკაცრია და ცივი, მოძრაობები ძუნწი და
მიზანშეწონილი. რთულ ან სასაცილო სიტუაციაში აღმოჩენისას ისინი გარეგნულად ინარჩუნებენ
სიმშვიდეს. მათი მიმიკა და ჟესტები არ გამოირჩევა გამომხატველობითა და მრავალფეროვნებით,
მეტყველება მშვიდია, სიარულის მანერა - მტკიცე. სხვა ადამიანებთან კი პირიქით, ფსიქიკური მოქმედება
მიმდინარეობს ნახტომისებურად. ასეთი ადამიანები არიან ძალიან მოძრავი, მოუსვენარი, ხმაურიანი,
ყოველთვის ხალისიანი, მათი მეტყველება წყვეტილია და ემოციური, მოძრაობები - ქაოტური,მიმიკა -
მდიდარი და გამომხატველი. საუბრისას იგი აქტიურად ჟესტიკულირებს - იქნევს ხელებს, აბაკუნებს
ფეხებს. ასეთი ადამიანები არიან მოუთმენლები. სწორედ ტემპერამენტის თვისებებია ის ბუნებრივი
მონაცემები, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის ფსიქიკური მოქმედების დინამიკურ მხარეს. სხვა
სიტყვებით, ტემპერამენტზე დამოკიდებულია ფსიქიკური მოქმედების მიმდინარეობის ხასიათი,
კერძოდ: 1. ფსიქიკურ პროცესთა აღმოცენების სისწრაფე და მდგრადობა (მაგ, აღქმის სისწრაფე,
ყურადღების კონცენტრაციის ხანგრძლივობა); 2. ფსიქიკური ტემპი და რიტმი; 3. ფსიქიკურ პროცესთა
ინტენსიობა( მაგ, ემოციის სიძლიერე); 4. ფსიქიკური მოქმედების მიმართულება რაიმე გარკვეული
ობიექტებისკენ ( მაგ, ადამიანის მუდმივი სწრაფვა ახალი შთაბეჭდილებებისკენ, საკუთარი
თავისკენ,საკუთარი იდეებისკენ).
უნდა აღვნიშნოთ, რომ ზემოთაღნიშნული არაა საკმარისი ტემპერამენტის სრული
დახასიათებისთვის, რადგან ფსიქიკური მოქმედების დინამიკა დამოკიდებულია სხვა პირობებზეც,
მაგალითად, მოტივებზე და ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად
ტემპერამენტისა, მისთვის საინტერესო სამუშაოს შესრულებისას მუშაობს უფრო ენერგიულად და
სწრაფად, ვიდრე უინტერესო სამუშაოს შესრულებისას. ასევე, სასიხარულო მოვლენა ნებისმიერი
ტემპერამენტის ადამიანში იწვევს სულიერი და ფიზიკური ძალების აღმავლობას, ხოლო უბედურება -
მათ დაქვეითებას. მაგრამ ტემპერამენტის თვისებები, მოტივებისა და ფსიქიკური მდგომარეობისაგან
განსხვავებით,სხვადასხვა საქმიანობისა და მიზნების შემთხვევაშიც ადამიანში ვლინდება ერთნაირად.
მაგალითად, თუ სტუდენტი გამოცდის წინ ნერვიულობს, კონფერენციაზე მოხსენების გაკეთებისას
ავლენს შფოთვას,სპორტული შეჯიბრებისას ძალიან ღელავს - შეიძლება ითქვას, რომ მაღალი
შფოთიანობა წარმოადგენს მისი ტემპერამენტის თვისებას.

1
ტემპერამენტის დამახასიათებელი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ იგი ვლინდება
სხვადასხვა სიტუაციაში: იმაშიც, თუ როგორ ლაპარაკობს და ურთიერთობს ადამიანი,იმაშიც, თუ როგორ
განიცდის იგი ემოციებს, იმაშიც, თუ როგორ მუშაობს და ისვენებს იგი და იმაშიც,თუ როგორ რეაგირებს
იგი სხვადასხვა მოვლენებზე. ტემპერამენტის თვისებები, ადამიანის სხვა ფსიქიკურ თავისებურებებთან
შედარებით, გამოირჩევა დიდი მუდმივობითა და მდგრადობით. ტემპერამენტის სპეციფიკას
წარმოადგენს ისიც, რომ კონკრეტული ადამიანის ტემპერამენტის თვისებები შემთხვევით კი არაა
დაკავშირებული ერთმანეთთან, არამედ მათ შორის არსებობს კანონზომიერი კავშირი, რაც ქმნის
გარკვეულ ორგანიზაციას, სტრუქტურას, რომელიც ახასიათებს ტემპერამენტის ტიპს.
ტემპერამენტის კლასიფიკაცია
პირველი კლასიფიკაცია, რომელიც დღემდე გამოიყენება მეცნიერებაში, ეკუთვნის მედიცინის
მამათავარს ჰიპოკრატეს (მოღვაწეობდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნეში). მას მიაჩნდა, რომ
ადამიანის ორგანიზმში არის 4 სახის მკვებავი სითხე( ჰუმორი), რომელიც სხვადასხვა ადამიანში
წარმოდგენილია სხვადასხვა პროპორციით, რაც განსაზღვრავს მისი ტემპერამენტის ტიპს. ეს სითხეებია:
სისხლი( სანგუის), ნაღველი( ქოლე), ლორწო( ფლეგმა), შავი ნაღველი( მელან ქოლე). ჰუმორალურ
თეორიასთან ახლოს დგას ლესგაფტის შეხედულება, რომლის მიხედვითაც ტემპერამენტის საფუძველს
წარმოდგენს სისხლის მიმოქცევის სისტემის თავისებურებები, კერძოდ, სისხლძარღვთა კედლების სისქე
და სიმკვრივე(მოქნილობა), მათი დიამეტრი, გულის ფორმა და აგებულება და ა.შ. ამასთანავე,
სისხლძარღვების ვიწრო დიამეტრს და სქელ კედლებს შეესაბამება ქოლერიკული ტემპერამენტი; ვიწრო
დიამეტრს და თხელ კედლებს - სანგვინიკური; დიდ დიამეტრს და სქელ კედლებს - მელანქოლიური,
ხოლო დიდ დიამეტრს და თხელ კედლებს - ფლეგმატიკური.

ტემპერამენტის ფიზიოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს ნერვული სისტემის ოთხი ტიპი,


რომლებიც დადგენილი იქნა პავლოვის მიერ. ნერვული ტიპის საფუძველს წარმოადგენს აგზნებისა და
შეკავების პროცესთა ურთიერთობა, რომლის მიხედვითაც გამოიყოფა შემდეგი ტიპები:
1. ძლიერი, გაწონასწორებული, ძვრადი. გაწონასწორებაში იგულისხმება წონასწორობა
აგზნებისა და შეკავების პროცესებს შორის. ძვრადობაში იგულისხმება ის, რომ აგზნებისა და შეკავების
პროცესები სწრაფად ცვლიან ერთმანეთს. ნერვული სისტემის ამ ტიპს შეესაბამება სანგვინიკური
ტემპერამენტი.
2. ძლიერი, გაწონასწორებული, ინერტული ტიპი. მას ახასიათებს ძლიერი ნერვული სისტემა,
აგზნება და შეკავება გაწონასწორებულია, მაგრამ ნაკლებად ძვრადია ანუ ეს ორი პროცესი ნელა და
ძნელად ცვლის ერთმანეთს. ნერვული სისტემის ამ ტიპს შეესაბამება ფლეგმატიკური ტემპერამენტი.
3. ძლიერი, გაუწონასწორებელი ტიპი. გაუწონასწორებლობა მდგომარეობს იმაში, რომ აგზნება
სჭარბობს შეკავებას. ამ ტიპს შეესაბამება ქოლერიკული ტემპერამენტი.
4. სუსტი ტიპი. აგზნების და შეკავების პროცესები მიმდინარეობს სუსტად. ამ სუსტ ნერვულ
სისტემას ახასიათებს ადვილი დაღლადობა, იგი ვერ უძლებს ძლიერ გამღიზიანებლებს. ეს ნერვული
ტიპი შეესაბამება მელანქოლიკურ ტემპერამენტს.

2
ტემპერამენტის ტიპების დახასიათება
სანგვინიკი - მისთვის დამახასიათებელია გრძნობების დიდიაგზნებადობა, მაგრამ სწრაფი
წარმავლობა. ამ ტიპის ადამიანს გრძნობები უჩნდება ადვილად, ისინი დიდი ინტენსიობისაა, მაგრამ
ისევე ადვილად ქრება, როგორც აღმოცენდება. შინაარსის მხრივ სანგვინიკის გრძნობებში სჭარბობს
დადებითი გრძნობები: მას ახასიათებს სასიამოვნო ემოციური განცდებისადმი მიდრეკილება,
უდარდელია, ოპტიმისტურადაა განწყობილი, მომავლისაგან უფრო კარგს მოელის, ვიდრე ცუდს,
ცხოვრებაში უფრო ამჩნევს დადებით მხარეებს. გარდა ამისა, სანგვინიკს ახასიათებს მოქმედებისა და
მოძრაობის სწრაფი ტემპი, ცოცხალი მიმიკა, გრძნობების ძლიერი, იმპულსური გამოხატულება და
საზოგადოდ ფსიქიკურ პროცესთა სწრაფი მიმდინარეობა. სანგვინიკი ცოცხალი, მოძრავი ადამიანია.
ქოლერიკი - მისთვისაც დამახასიათებელია გრძნობების დიდი აგზნებადობა. მასში გრძნობები
ადვილად აღმოცენდება, ხშირად აღწევს აფექტამდე, მაგრამ სანგვინიკისაგან განსხვავებით
ქოლერიკისათვის დამახასიათებელია შედარებით უფრო მტკიცე და ხანგრძლივი გრძნობები. გრძნობების
შინაარსის მიხედვით ეს ტიპი სანგვინიკის საწინააღმდეგოა, მას მიდრეკილება აქვს უარყოფიტი
გრძნობებისადმი. მისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია უკმაყოფილება, გაჯავრება. ცხოვრებაში
იგი უფრო ამჩნევს უსიამოვნო მომენტებს, განწყობილია პესიმისტურად.
ფლეგმატიკი - ამ ტიპის ადამიანისათვის დამახასიათებელია გრძნობების სუსტი აგზნებადობა, რაც
იმას ნიშნავს, რომ მასში ძნელია გრძნობების გამოწვევა. ეს არის მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი,
მისთვის შედარებით უცხოა აფექტები. მასში გრძნობები აღმოცენდება ნელა, გვიან და არ აღწევენ
აფექტის ინტენსიობას. სამაგიეროდ ეს გრძნობები მტკიცე ხასიათისაა და გამოირჩევიან დიდი
ხანიერებით. ამ მხრივ ფლეგმატიკი სანგვინიკის საწინაარმდეგო ტიპია, ხოლო გრძნობების შინაარსის
მიხედვით ფლეგმატიკი უახლოვდება სანგვინიკს: მისთვისაც უფრო დამახასიათებელია მიდრეკილება
დადებითი გრძნობებისაკენ. ფლეგმატიკს ახასიათებს მოქმედებათა და მოძრაობათა სიდინჯე, იგი
გარეგნულად ნაკლებად გამოხატავს თავის ემოციებს, რის გამოც ზოგჯერ ტოვებს გულგრილი ადამიანის
შთაბეჭდილებას.
მელანქოლიკი - ამ ტიპისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია მიდრეკილება უარყოფითი
ემოციებისადმი, მის გრძნობებს შორის სჭარბობს უარყოფითი ემოციები. იგი განწყობილია
პესიმისტურად - თავისთვის ცუდს მოელის და ცხოვრებაშიც უფრო ხედავს უსიამოვნო მხარეებს.
მელანქოლიკისათვის დამახასიათებელია შედარებით მტკიცე ემოციები, მოძრაობები აქვს მოდუნებული
და ზანტი.
ვ.შტერნი ტემპერამენტის ტიპებს ჰყოფს ორ ჯგუფად, რითაც გარკვეულად აკეთებს
განზოგადებას: გრძნობის აგზნებადობის თვალსაზრისით სანგვინიკური და ქოლერიკული ტიპები
შეადგენენ ერთ ჯგუფს, კერძოდ, წარმოადგენენ ადვილი აგზნებადობის ტიპებს. ფლეგმატიკური და
მელანქოლიკური ტემპერამენტი შეადგენენ მეორე ჯგუფს კერძოდ, წარმოადგენენ სუსტი აგზნებადობის
ტიპებს. გრძნობათა შინაარსის თვალსაზრისით კი სანგვინიკური და ფლეგმატიკური ტიპები ქმნიან ერთ
ჯგუფს კერძოდ, ორივე უფრო მიდრეკილია დადებითი გრძნობებისკენ, ხოლო ქოლერიკული და
მელანქოლიკური ტემპერამენტი ქმნიანბ მეორე ჯგუფს და მათტვის დამახასიათებელია უარყოფითი

3
გრძნობებისადმი მიდრეკილება. ცხადია, ეს ოთხი ტიპი სრულებით ვერ ამოწურავს ადამაინთა
ტემპერამენტის მრავალფეროვნებას. ადამიანთა უმრავლესობა წარმოადგენს „ნარევ“ ტიპს, ესე იგი
ატარებს სხვადასხვა ტემპერამენტისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, მაგრამ ჩვეულებრივ, მაინც
ხასიათდება რომელიმე ტემპერამენტისაკენ მეტ-ნაკლები გადახრით.
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ტემპერამენტი ნაკლებ ცვალებადია და უფრო
დაკავშირებულია ორგანიზმის ფიზიოლოგიურ თვისებებთან, ვიდრე ხასიათი. ხასიათი უფრო მეტადაა
დამოკიდებული აღზრდაზე და ცხოვრების პირობებზე, ვიდრე ტემპერამენტი.

ხასიათი
ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური თავისებურებებით. ამ
თვალსაზრისით საუბრობენ თვისებებზე, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული ადამიანისათვის. ”ხასიათი”
ბერძნული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს ”ანაბეჭდს” ფსიქოლოგიაში სიტყვა ხასიათი გამოიყენება უფრო ვიწრო
გაგებით. ადამიანის ყველანაირ ინდივიდუალურ თავისებურებას არ თვლიან ხასიათის თვისებად, მაგალითად
ისეთი ინდივიდუალური ფსიქიკური თავისებურებები როგორიცაა მხედველობისა და სმენის სიმახვილე,
დახსომების სისწრაფე და ხანგრძლივობა, აზროვნების სიღრმე არ წარმოადგენს ხასიათის თვისებას.
ადამიანის როგორი ინდივიდუალურ-ფსიქიკური თავისებურებები ითვლება ხასიათის თვისებად?
განვიხილოთ მაგალითი: 12 წლის ნინო სკოლაში ყოველთვის ბავშვებისგან განცალკევებითაა, მორცხვობს, ბევრს არ
ლაპარაკობს, გაკვეთილზე არ სწევს ხელს, ამასთანავე, სახლში მას ჰყავს ბევრი მეგობარი, იგი არის თამამი,
მხიარული. როგორც ვხედავთ, ნინო ავლენს ხასიათის ორ განსხვავებულ თვისებას - სკოლაში მორცხვობას, ხოლო
სახლში - კომუნიკაბელურობას. თუ ნიინოს სკოლაში დავაკვირდებით, მის კომუნიკაბელურობას ვერ დავბინახავთ,
ხოლო თუ სახლში დავაკვირდებით, ვერ დავინახავთ მის მორცხვობას. როგორც ამ მაგალითიდან ჩანს, ხასიათის
ყოველი თვისება ვლინდება მხოლოდ შესატყვის ტიპიურ გარემოებაში. ეს იმით აიხსნება, რომ ხასიათის ყოველ
თვისებაში ვლინდება ადამიანის დამოკიდებულება გარკვეული გარემოებისა და სინამდვილის ამა თუ იმ მხარის
მიმართ.
ხასიათი - ესაა პიროვნების შედარებით მდგრადი ფსიქიკური თვისებების ერთობლიობა, რომელიც
გამოხარტავს ადამიანის დამოკიდებულებას სინამდვილისა და სხვა ადამიანებისადმი და ვლინდება მისთვის
ტიპიურ ქცევაში.
ადამიანის მოქმედების თავისებურება განსაზღვრულია არამარტო პიროვნების დამოკიდებულებით, არამედ
ნებისყოფის, გრძნობების, ყურადღების, აზროვნების თავისებურებებზეც, ანუ ფსიქიკურ პროცესთა
ინდივიდუალურ თავისებურებებზეც. მაგალითად, აკურატულობა და მონდომება რომელსაც ადამიანი ავლენს
შრომაში, დამოკიდებულია არამარტო შრომის მიმართ დადებით დამოკიდებულებაზე, არამედ ყურადღების
კონცეტრაციაზე, მოძრაობის სიზუსტესა და სიმარჯვეზე, ნებისყოფაზე და ა.შ.
ხასიათის ტიპოლოგია.
ხასიათის ტიპების შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს. მიზნების მიხედვით ხასიათის ერთ-ერთი
ტიპოლოგია ეკუტვნის გერმანელ ფსიქოლოგს შპრანგერს. მისი აზრით ხასიათის ტიპოლოგიის დადგენისთვის
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების იმ სფეროების, იმ ღირებულებების გათვალისწინებას, რომელიც მას

4
განსაკუთრებით იზიდავს. შპრანგერი ფიქრობდა, რომ არსებობს ექვსი ასეთი ძირითადი რირებულება, რომლის
მიხედვითაც მან გამოყო ხასიათის ექვსი ტიპი, ესენია:
1. თეორიული ტიპი. ესაა ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად იტაცებს შემეცნების სფერო, მისთვის უმაღლეს
რირებულებას წარმოადგენს შემეცნება.
2. ესთეტიკური ტიპი. მისთვის უმაღლეს და აქტუალურ ღირებულებას წარმოადგენს მშვენიერება, ხელოვნება.
3. ეკონომიური ტიპი. მისთვის წინა პლანზე დგას ეკონომიური მდგომარეობა, მატერიალური კეთილდღეობა. მისი
მოქმედების მოტივები ძირითადად დაკავშირებულია ამ სფეროსთან.
4. პოლიტიკური ტიპი. მისთვის უმაღლესი ღირებულებაა ძალაუფლება. თავის მოქმედებებში იგი გამოდია ამ
ღირებულებებიდან და ყველგან და ყოველთვის მიისწრაფვის ბატონობისკენ.
5. სოციალური ტიპი. მისთვის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს არა ბატნობა, არამედ სხვების სამსახური.
ბრძანებლობაზე მეტად მას აინტერესებს სოლიდარობა და თანამშრომლობა.
6. რელიგიური ტიპი. მოსთვის უმაღლეს ღირებულებას შეადგენს სამყარო, ღმერთი და მის ქცევას აძლევს აზრს და
მიმართულებას.
შემდეგი ტიპოლოგიის მიხედვით ხასიათის ტიპებად დაყოფა ხდება იმ მოტივების მიხედვით, რომლებიც
განსაზღვრავენ ადამინის ქცევას. ამ თვალსაზრისით შეიძლება განვასხვავოთ ეგოისტი, ალტრუისტი და
საზოგადოებრივი ტიპი. ეგოისტის ქცევას განსაზღვრავს მისი ვიწრო, პირადი ინტერესები და მოთხოვნილებები.
მისი მოქმედების ძირითადი მოტივი დაკავშირებულია, მის პირად მოთხოვნილებებთან და მიზნებთან. მისთვის
მთავარია საკუთარი მიზნის მიღწევა და არ ითვალისწინებს ახლობლების ინტერესებს და სურვილებს. რაც შეეხება
ალტრუისტს, მის ქცევას ჩვეულებრივ განსაზღვრავს სხვა ადამაინის ინტერესები, მისი კეთილდღეობისა და
წარმატების მოტივები. იგი წინა პლანზე აყენებს არა საკუთარ, არამედ სხვა ადამიანის მიზნებსა და ინტერესებს.
საზოგადოებრივი ტიპის ადამინის ქცევის მთავარ მოტივებს წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესები, მის
ქცევას ძირითადად განსაზღვრავს თავისი ჯგუფის, კლასის ინტერესები.
ხასიათის ჩამოყალიბება. როგორ ხდება ხასიათის თვისებების ჩამოყალიბება? რითი აიხსნება, რომ არ არსებობს ორი
ზუსტად ერთნაირი ხასიათის ადამიანი? ფსიქოლოგთა ნაწილი თვლის, რომ ხასიათებში განსხვავება აიხსნება იმით,
რომ ადამიანები თავისი ბიოლოგიური მემკვიდრეობით არიან განსხვავებულნი. ისინი თვლიან, რომ ხასიათის
ბევრი ან ყველა თვისება არის მემკვიდრული. სინამდვილეში, ორგანიზმის მემკვიდრული თავისებურებები
ხასიათის თვისებების ჩამოყალიბების მხოლოდ ერთი პირობაა. ხასიათის თვისებები განისაზღვრება არა
მემკვიდრულობის ბიოლოგიური კანონებით, არამედ საზოგადოებრივი კანონზომიერებებით.
ეს დადასტურებულია ჰომოზიგოტური (ერთი კვერცხუჯრედიდან განვითარებული) ტყუპების შესწავლით.
ასეთი ტყუპების მემკვიდრული თვისებები აბსოლუტურად ერთნაირია. მეცნიერებმა შეისწავლეს ასეთი ტყუპები,
რომლებიც იზრდებოდნენ სხვადასხვა ოჯახებში, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ თავისი
სოციალური მდგომარეობით, მატერიალური და კულტურული დონით. ტემპერამენტის თვისებების, ემოციურობის
მიხედვით ისინი იყვნენ ძალიან მსგავსი. ამასთანავე, ხასიათის თვისებების მიხედვით ისინი განსხვავდებოდნენ და
ასაკთან ერთად ეს განსხვავება მატულობდა. მაშასადამე, აბსოლუტურად ერთნაირი მემკვიდრული თვისებების
შემთხვაშიც კი ადამიანებს, რომლებიც ვიტარდებიან და იზრდებიან განსხვავებულ სოციალურ პირობებში,

5
უყალიბდებათ ხასიათის განსხვავებული თვისებები. ადამიანი არ იბადება მატყუარად ან პატიოსნად, ზარმაცად ან
შრომისმოყვარედ, კეთილად ან ბოროტად - ადამიანი შემდეგ ხდება ასეთი.
როგორია ხასიათის ჩამოყალიბების ძირითადი კანონზომიერებები? დიდი მნისვნელობა აქვს ფართო
საზოგადოებრივ ურთიერთობებს, რომელიც დამახასიათებელია მთელი საზოგადოებრივი წყობისთვის.
მატერიალური გაჭირვება ან მატერიალური უზრუნველყოფა, უმუშევრობა ან მომავლის რწმენა, ჩაგვრა ან
სოციალური თანასწორობა - ეს ყველაფერი ღრმა დაღს ასვამს პიროვნების არამარტო სოციალურ-ტიპიურ
თვისებებს, არამედ ხასიათის ინდივიდუალური თვისებების ჩამოყალიბებასაც.
ხასიათის თვისებების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს ისიც თუ როგორია პიროვნებათაშორისი
ურთიერთობები ოჯახში, ბავშვთა და შრომით კოლექტივში. ხასიათის სპეციფიკური თვისებები უყალიბდება
დედისერთა ბავშვს, რომელზეც ოჯახის მთელი ყურადღებაა მიმართული და მრავალშვილიან ოჯახში აღზრდილ
ბავშვს; დაახლოებით ერთი ასაკის ბავშვებს და ასაკით განსხვავებულებს; განუწყვეტელი ოჯახური კონფლიქტების
პირობებში და მეგობრულ ოჯახში აღზრდილ ბავშვს. ასევე პიროვნებათაშორისი ურთიერთობები საბავშვო ბაღსა
და სკოლაში იწვევს ხასიათის სპეციფიკური თვისებების ჩამოყალიბებას. მოწიფულ ასაკშიც კი შეიმჩნევა ხასიათის
თვისებებში საგრძნობი ძვრები, როცა ადამიანი ერთი შრომითი კოლექტივიდან ხვდება მეორეში, რომელიც
მკვეთრად განსხვავდება იქ არსებული პიროვნებათაშორისი ურთიერთობებით.
ცნობილია, რომ ადრეულ ბავშვობაში ნერვული პროცესები გამოირჩევა ყველაზე მეტი ინერტულიბით.
ამიტომ ადრეულ ბავშვობაში ჩამოყალიბებული ხასიათის თვისებები ძალიან მდგრადია და ძნელად შესაცვლელი,
ვიდრე ისინი, რიმლებიც ჩამოყალიბდნენ უფრო გვიანდელ ასაკში. ამის გამო ზოგიერთი ფსიქოლოგი ფიქრობს,
რომ პიროვნების თვისებები წინასწარაა განსაზღვრული ადრეულ ასაკში ჩამოყალიბებული ურთიერთობებით,
რომლებიც დამოკიდებულია იმაზე, კმაყოფილდებოდა თუ არა ბავშვის მისწრაფებები.
სოციალურ ჯგუფში საზოგადოებრივი და პიროვნებათაშორისი ურთიერთობები მსგავსია მოცემული
საზოგადოების ან ჯგუფის ყველა წევრისათვის ამიტომ მათ მიერ განპირობებული პიროვნების დამოკიდებულებები
სოციალურ - ტიპიურია. მაშ როგორ ხდება, რომ ერთნაირი სოციალური პირობების შედეგად ვითარდება ხასიათის
განუმეორებელი ინდივიდუალური თვისებები? რატომ განსხვავდებიან ერთ ოჯახში აღზრდილი ბავშვები
ხასიათის მიხედვით? ეს აიხსნება იმით, რომ პიროვნების ერთი და იგივე დამოკიდებულება შეიძლება
ხორციელდებოდეს სრულიად განსხვავებული ინდივიდუალური მოქმედებით. მაგალითად, შრომის მიმართ
კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ერთ ადამიანში შეიძლება გამოიხატებოდეს იმაში, რომ იგი მუშაობდეს
გრძნობით, გზნებით, გატაცებით, ხოლო მეორე ადამიანი ასევე მუშაობდეს კეთილსინდისიერად მაგრამ მშვიდად,
ზედმეტი გრძნობების გამოხატვის გარეშე. ის, თუ კონკრეტულად მოქმედების როგორი ფორმით გამოვლინდება
პიროვნების დამოკიდებულება დამოკიდებულია ნერვული სისტემის თანდაყოლილ თავისებურებებზე და
ფსიქიკის შეძენილ ინდივიდუალურ თავისებურებებზე.

6
ნიჭი
ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან არა მარტო ინტერესებითა და მისწრაფებებით, არამედ იმითაც,
თუ რა შეუძლიათ მათ. ადამიანის ნიჭი წარმოადგენს პიროვნების ერთ-ერთ ძირითად თვისებას. ყოველი
მოქმედების შესრულება ადამიანისგან მოითხოვს გარკვეულ უნარს. თუ ადამიანს გააჩნია რაიმე ნიჭი, ეს იმას
ნიშნავს, რომ მას აქვს გარკვეული სახის მოქმედების ადვილად დაუფლების უნარი. მაგალითად, ორი აბიტურიენტი
აბარებს უმაღლეს სასწავლებელში. ერთმა ჩააბარა გამოცდები და მოეწყო, მეორე - ვერა. მოწმობს თუ არა ეს იმას,
რომ ერთს აქვს უფრო მეტი ნიჭი? ამ კითხვას ვერ ვუპასუხებთ, თუ არ გვეცოდინება,რამდენი დრო დახარჯა
თითოეულმა მომზადებაზე. მხოლოდ წარმატების ფაქტით ანუ შედეგით ნიჭი არ განისაზღვრება. ნიჭი - ესაა
ადამიანის ისეთი ფსიქოლოგიური თავისებურება, რომელზეც დამოკიდებულია ცოდნის შეძენაში წარმატება,
მაგრამ რომელიც არ დაიყვანება ამ ცოდნაზე და ჩვევაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოცდაზე მიღებული ნიშანი,
საკონტროლო სამუშაოს წარმატებით ან წარუმატებლად შესრულება საშუალებას მოგვცემდა გაგვეკეთებინა დასკვნა
ადამიანის ნიჭის შესახებ. ამასთანავე, ფსიქოლოგიური კვლევებისა და პედაგოგიური გამოცდილების მონაცემები
მოწმობენ იმას, რომ ზოგჯერ ადამიანი, რომელმაც დასაწყისში რაღაც არ იცოდა, სწავლის შედეგად ძალიან სწრაფად
ეუფლება ცოდნასა და ჩვევებს და სხვებს უსწრებს დახელოვნებაში. მასში ვლინდება სხვებზე უფრო მეტი ნიჭი.
მართალია ნიჭი ვლინდება ცოდნის, ჩვევების დაუფლებაში, მაგრამ ამავე დროს იგი არ დაიყვანება მათზე. ნიჭი და
ცოდნა, ნიჭი და ჩვევები არაა ერთი და იგივე.
ცოდნასთან, ჩვევებთან მიმართებაში ადამიანის ნიჭი გამოდის, როგორც გარკვეული შესაძლებლობა.
ნიადაგში ჩაგდებული მარცვლის მსგავსად, რომლისგანაც თავთავი გაიზრდება მხოლოდ კეთილსასურველი
პირობების შემთხვევაში, ასევე ადამიანის ნიჭიც წარმოადგენს ცოდნისა და ჩვევების შეძენის მხოლოდ
შესაძლებლობას. მოხდება თუ არა ამ ცოდნისა და ჩვევების შეძენა, იქცევა თუ არა შესაძლებლობა რეალობად - ეს
დამოკიდებულია ბევრ პირობაზე. ამ პირობებში შედის შემდეგი: დაინტერესებული იქნება თუ არა ადამიანის
გარემოცვა იმით, რომ იგი დაეუფლოს ამ ცოდნასა და ჩვევებს; როგორ იქნება ორგანიზებული მისი სწავლის
პროცესი, შრომითი საქმიანობა, რაც ხელს შეუწყობს სათანადო უნარების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას.
ნიჭი - ესაა შესაძლებლობა, ხოლო ამა თუ იმ საქმეში დაოსტატების დონე - უკვე რეალობაა. ბავშვში
გამოვლენილი მუსიკალური ნიჭი სულაც არ არის იმის გარანტია, რომ ბავშვი გახდება მუსიკოსი. ეს რომ მოხდეს,
აუცილებელია სპეციალური სწავლება, ბავშვისა და პედაგოგის დაჟინებულობა, კარგი ჯნმრთელობა, მუსიკალური
ინსტრუმენტის, ნოტების არსებობა და ბევრი სხვა პირობა, რომელთა გარეშეც ნიჭი შეიძლება ისე ჩაკვდეს, რომ არ
განვითარდეს.
ფსიქოლოგია მართალია, უარყოფს ნიჭისა და ცოდნის იგივეობას, მაგრამ ამავე დროს ხაზს უსვამს მათ
ერთიანობას. ნიჭი ვლინდება მხოლოდ მოქმედებაში და ამასთანავე, მხოლოდ ისეთ მოქმედებაში, რომლის
განხორციელება ამ ნიჭის გარეშე შეუძლებელია. შეუძლებელია ვილაპარაკოთ ადამიანის ხატვის ნიჭზე, თუ
მისთვის არ უსწავლებიათ ხატვა, თუ მას არ შეუძენია ის ჩვევები, რომლებიც აუცილებელია ხატვისათვის.
მხოლოდ ხატვის სწავლების პროცესში შეიძლება გაირკვეს,აქვს თუ არა მოსწავლეს ხატვის ნიჭი. ეს გამოვლინდება
იმაში, რამდენად სწრაფად და ადვილად აითვისებს იგი მუშაობის ხერხებს, ფერთა შეხამებას, ისწავლის სამყაროში,
გარემოში მშვენიერების დანახვას. პედაგოგის სერიოზულ ფსიქოლოგიურ შეცდომას წარმოადგენს ნაადრევი,
სერიოზული შემოწმების გარეშე გარეშე გაკეთებული დასკვნა, რომ კონკრეტულ მოსწავლეს არა აქვს ნიჭი და ამას

7
ამბობს მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ბავშვს ჯერ კიდევ არა აქვს ჩამოყალიბებული აუცილებელი ცოდნა და
ჩვევები, მუშაობის ხერხები. ცნობილია ბევრი შემთხვევა, როცა ბავშვობაში ადამიანი არ ხვდებოდა სხვების
მხრიდან თავისი ნიჭის აღიარებას, რომლის შემდგომმა განვითარებამ მას მოუტანა მსოფლიო აღიარება. ამის კარგი
მაგალითია ალბერტ აინშტაინი, რომელიც იყო საშუალო დონის მოსწავლე და არავინ არ ელოდა, რომ იგი
მოახდენდა უდიდეს მეცნიერულ აღმოჩენას.
რაში გამოიხატება ნიჭისა და ცოდნა - ჩვევების ერთიანობა? ნიჭი ვლინდება არა ცოდნასა და ჩვევებში,
როგორც ასეთში, არამედ მათი შეძენის დინამიკაში,ანუ იმაში, თუ სხვა თანაბარ პირობებში რამდენად უფრო
სწრაფად, ღრმად, ადვილად და მტკიცედ ხორციელდება ცოდნისა და ჩვევების დაუფლების პროცესი, რომლებიც
აუცილებელია მოცემული საქმიანობისათვის.სწორედ აქ ჩანს ის განსხვავებები, რომლებიც გვაძლევს ნიჭიერებაზე
საუბრის უფლებას. ამრიგად,ნიჭი - ესაა პიროვნების ინდივიდუალურ - ფსიქოლოგიური თავისებურება, რომელიც
წარმოადგენს მოცემული საქმიანობის წარმატებით შესრულების პირობას.
განასხვავებენ ზოგად და სპეციალურ უნარებს. ზოგად უნარებში იგულისხმება პიროვნების ისეთი
ინდივიდუალური თვისებები, რომელიც უზრუნველყოფს ცოდნის უფრო ადვილად და სწრაფად დაუფლებას.
ზოგადი უნარები წარმოადგენს როგორც მდიდარი, ბუნებრივი მონაცემების, ისე პიროვნების ყოველმხრივი
განვითარების შედეგს. სპეციალური ნიჭი (უნარი) წარმოადგენს პიროვნების თვისებათა ისეთ სისტემას, რომელიც
ადამიანს ეხმარება კონკრეტულ საქმიანობაში წარმატების მიღწევაში, მაგალითად, ლიტერატურაში, მუსიკაში,
ხელოვნებაში და ა.შ. სპეციალურ ნიჭს ეკუთვნის აგრეთვე პრაქტიკული საქმიანობის უნარი კერძოდ,
კონსტრუქციულ-ტექნიკური, ორგანიზატორული, პედაგოგიური და სხვა უნარები.
ტალანტი და გენიოსობა. ტალანტი წარმოადგენს სპეციალური ნიჭის განვითარების მაღალ დონე. როდესაც
რომელიმე სპეციალური ნიჭი აღწევს განვითარების მაღალ დონეს, მას უწოდებენ ტალანტს. უნდა აღინიშნოს, რომ
ტალანტი ხშირად თავს იჩენს ადრეულ ბავშვობაში სპონტანურად, წინასწარი ვარჯიშის გარეშე ეს განსაკუთრებით
ეხება მუსიკალურ ნიჭს. ზოგმა დიდმა კომპოზიტორმა (მოცარტმა, რიმსკი-კორსაკოვმა) პირველად გამოავლინა
მუსიკალური ნიჭი 3-4 წლის ასაკში. თუმცა ყველა ამ შემთხვევაში ნიჭის გამოვლენაში დიდი როლი შეასრულა
მუსიკალურმა გარემომაც. ხაზგასასმელია, რომ ტალანტი, ისევე როგორც ნიჭი, გულისხმობს სპეციფიკური სახის
მოქმედების ნიჭს და არა საერთოდ ინტელექტუალურ განვითარებას, არა ზოგად გონიერებას. ტალანტი
წარმოადგენს დაოსტატების წანამძღვარს, მაგრამ ის არაა თვითონ დახელოვნება. იმისათვის რომ მიაღწიოს
კონკრეტულ საქმიანობაში სრულყოფილებას საჭიროა სისტემატური, ენერგიული და გულმოდგინე შრომა.
ტალანტი შრომისაგან კი არ ათავისუფლებს, არამედ გულისხმობს შემოქმედებით, დაძაბულ შრომას. შრომის
პროცესში გროვდება ცხოვრებისეულ;ი გამოცდილება, ცოდნისა და უნარების ის აუცილებელი კომპლექსი, რომლის
გარეშეც შეუძლებელია ყოველგვარი შემოქმედება.
გენიოსობის ცნების გავრცელებული კონცეფცია გულისხმობს, რომ გენიოსს გააჩნია ზოგადი გონიერების
იმდენად მაღალი დონე, რომ იგი არა მარტო ადვილად ეგუება მოცემულ ახალ სიტუაციებს და ადვილად წყვეტს
ახალ ამოცანებს, არამედ მოქმედების პროცესში იგი ქმნის პრინციპულად ახალს ორიგინალურს, რაც კულტურის
მოცემულ დონესთან შედარებით მოცემულ დარგში წარმოადგენს ეპოქალური მნიშვნელობის წინსვლას.
ჩვეულებრივ, გენიოსობა ზოგადი გონიერების ძალიან მაღალ დონესთან ერთად გულისხმობს გარკვეულ ტალანტს
რომელიმე დარგში. ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს გენიოსთან, რომლის შემოქმედება იშლება მისი ნიჭის

8
შესატყვისი მიმართულებით: გენიოსი მუსიკის დარგში, გენიოსი ტექნიკის დარგში, მათემატიკის, პოეზიის დარგში
და ა.შ. გაცილებით უფრო იშვიათ მოვლენას წარმოადგენენ ე.წ. ”უნივერსალური გენიოსები” (არისტოტელე,
ლეონარდო და ვინჩი), რომლებიც გენიოსობას ავლენენ კულტურის რამოდენიმე დარგში. კაცობრიობის ისტორიაში
ასეთი ტიპის გენიოსის რაოდენობა საკმაოდ მცირეა.

You might also like