You are on page 1of 6

ჰანს აიზენკი და ნიშნების ბიოლოგიური სამფაქტორიანი

თეორია

• Ბიოგრაფიული ცნობები
ჰანს იურგენ აიზენკი დაიბადა ბერლინში 1916 წლის 4 მარტს. მისი მშობლები
მსახიობები იყვნენ. ისინი განქორწინდნენ, როდესაც აიზენკი 2 წლის იყო, შემდეგ კი
იგი ბებიასთან ცხოვრობდა და იზრდებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მას
სურდა, რომ ჩაებარებინა ბერლინის უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე, მაგრამ
ეს იგივეს ნიშნავდა, რომ გაწევრიანებულიყო ნაცისტურ საიდუმლო გაერთიანებაში
და ამიტომ გერმანიიდან წამოვიდა. ერთი წელიწადი საფრანგეთში გაატარა და
საბოლოოდ ინგლისში დამკვიდრდა, სადაც ლონდონის უნივერსიტეტში
ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. მან 1938 წელს მიიღო ბაკალავრის,
1940 წელს კი — დოქტორის ხარისხი.

აიზენკის უნივერსიტეტში მოხვედრა ანეგდოტურ ამბავს უკავშირდება. სპეციალობა


მან ბერლინშივე აირჩია და ეს იყო ფიზიკა, თუმცა, შემთხვევითობამ რადიკალურად
შეცვალა მთელი მისი შემდგომი ცხოვრება და მოგვიანებით — მთელი ფსიქოლოგიის
ისტორიაც. უნივერსიტეტში მოსახვედრად საჭირო იყო მისაღები გამოცდის ჩაბარება,
რომლისთვისაც აიზენკი, კომერციულ კოლეჯში სწავლისას, მთელი წელიწადი
ემზადებოდა. ჩააბარა რა ეს გამოცდა 1935 წელს, დარწმუნებული იყო, რომ
უნივერსიტეტში ფიზიკის განყოფილებაზე მიიღეს. თუმცა, მოგვიანებით გამოირკვა,
რომ მას შეცდომით სულ სხვა გამოცდა ჰქონია ჩაბარებული და არ ჰქონდა ფიზიკის
კურსის მოსმენის უფლება. ერთი წლის ლოდინის ნაცვლად, ის დაინტერესდა,
არსებობდა თუ არა რაიმე სხვა კურსი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა მისთვის.
როდესაც უთხრეს, რომ ფსიქოლოგიის მოსმენის უფლება ჰქონდა, მან სხვათა შორის
იკითხა: „საერთოდ, რა არის ეს ფსიქოლოგია?“

აიზენკმა მილ-ჰილის ჰოსპიტალში დაიწყო მუშაობა, სადაც სხვადასხვა


ფსიქიატრიული სიმპტომის, მათ შორის შფოთვის, დეპრესიისა და ისტერიის, მქონე
პაციენტები ჰყავდა. იგი თვლიდა, რომ ბრიტანული კლინიკური ფსიქოლოგიის
დონეს არასაკმარისად მაღალი იყო,ამიტომ 1949 წელს აშშ-სა და კანადის
ფსიქოლოგიური პროგრამების გასაცნობად ჩრდილოეთ ამერიკაში გაემგზავრა. 1950
წელს მეორეჯერ იქორწინა, სიბილ როსტალზე, რომელიც პროფესიით ფსიქოლოგი
იყო. Მათ რამდენიმე ერთობლივი წიგნიც გამოსცეს. ლონდონის უნივერსიტეტში
აიზენკმა კლინიკური ფსიქოლოგიის განყოფილება დააარსა, 1955 წლიდან გასული
საუკუნის 80-იანი წლების შუა პერიოდამდე ფსიქიატრიის ინსტიტუტის პროფესორი
იყო. 1983 წელს პენსიაზე გასვლის შემდეგ სიკვდილამდე აიზენკი ლონდონის
უნივერსიტეტში პროფესორ-ემერიტუსის სტატუსით მუშაობდა. იგი 1997 წლის 4
სექტემბერს კიბოთი გარდაიცვალა.

• ნიშნების სამფაქტორიანი იერარქიული მოდელი


აიზენკის თეორიის ბირთვს მის მიერ შემუშავებული კონცეფცია შეადგენს, რომლის.
მიხედვითაც, პიროვნების ელემენტები იერარქიულად არიან განლაგებულნი. მან
ქცევის ორგანიზაციის ოთხდონიანი იერარქიული სისტემა შექმნა. აიზენკი
გამოყოფდა შემდეგ დონეებს: (1) სპეციფიკური ქცევები ან აზრები; (2) ჩვეული აქტები
ან აზრები; (3) ნიშნები ანუ პიროვნული დისპოზიციები და (4) ტიპები ანუ
სუპერფაქტორები. განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე.

პირველი, ყველაზე ქვედა დონეა სპეციფიკური მოქმედებები/ქცევები ან კოგნიციები


(აზრები) — მოქმედების ინდივიდუალური გზები ანდა აზრები, რომლებიც
შეიძლება ახასიათებდეს ან არ ახასიათებდეს პიროვნებას. მაგალითად, შეგვიძლია
წარმოვიდგინოთ სტუდენტი, რომელიც მაშინ იწყებს რვეულში გეომეტრიული
ფიგურების ხატვას, როდესაც ვერ ახერხებს დავალების შესრულებას. თუ მისი
კონსპექტები არ არის თავიდან ბოლომდე მოხატული, ვერ ვამტკიცებთ, რომ ასეთი
მოქმედება მისთვის პირველადი გახდა.

მეორე დონეა ჩვეული მოქმედებები ან კოგნიციები (აზრები) — რეაქციები,


რომლებიც მეორდება გარკვეულ პირობებში. თუ სტუდენტი მუდმივად
გულმოდგინედ მუშაობს დავალებაზე მანამდე, ვიდრე არ მიაგნებს ამოხსნას, ასეთი
ქცევა მის ჩვეულ რეაქციად იქცევა. სპეციფიკური რეაქციებისგან განსხვავებით,
ჩვეული რეაქციები საკმარისად რეგულარულად უნდა ჩნდებოდნენ ან
თანმიმდევრულნი უნდა იყვნენ. ჩვეული რეაქციები სპეციფიკური რეაქციების
ფაქტორული ანალიზით გამოიყოფა.

მესამე დონეა ნიშანი. აიზენკი ნიშანს განმარტავს, როგორც „მნიშვნელოვან,


ნაწილობრივ მუდმივ პიროვნულ თვისებას“. ნიშანი რამდენიმე
ურთიერთდაკავშირებული ჩვეული რეაქციისგან ფორმირდება. მაგალითად, თუ
სტუდენტს ჩვევად აქვს, რომ კლასში ყველა დავალება შეასრულოს და სხვა ნებისმიერ
სამუშაოსაც არ ტოვებს დაუმთავრებლად, შეიძლება ითქვას, რომ იგი
დაბეჯითებულობის ნიშნით ხასიათდება. ნიშნების დონის ქცევითი მახასიათებლები
ჩვეული რეაქციების ფაქტორული ანალიზით მიიღება, ხოლო ნიშნები „ჩვეული
ქცევის სხვადასხვა ვარიანტს შორის მნიშვნელოვანი კორელაციების არსებობით
განისაზღვრება“
მეოთხე, ქცევის ორგანიზაციის უმაღლესი დონეა ტიპების ანუ სუპერფაქტორების
დონე. ტიპს რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული ნიშანი ქმნის. მაგალითად,
დაბეჯითებულობა შეიძლება უკავშირდებოდეს საკუთარი არასრულფასოვნების
გრძნობას, ცუდ ემოციურ შეგუებულობას, სოციალურ მორცხვობას და კიდევ
რამდენიმე ნიშანს, რომელიც ერთად ინტროვერტირებულ ტიპს ქმნიან.

• სუპერნიშნები ანუ ტიპები


ადრეულ ნაშრომებში აიზენკი პიროვნების მხოლოდ ორ ბაზისურ პარამეტრს, ზოგად
ტიპს ანუ სუპერფაქტორს გამოყოფდა: ექსტრავერსია-ინტროვერსიას (E) და
ნეიროტიციზმს (N) (ემოციური სტაბილობა-ლაბილობა).

აიზენკმა მოახდინა ორი განზომილების — ექსტრავერსიისა და ნეიროტიზმის —


კომბინირება, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მათი წრეზე გამოსახვა. აიზენკის
მიხედვით, წრის თითოეული სექტორი წარმოადგენს ჰიპოკრატეს მიერ გამოყოფილი
პიროვნების ტიპებიდან ერთ-ერთს. თუმცა, აიზენკის თეორია ამ კატეგორიებში
ვარირების შესაძლებლობას ქმნის. ინდივიდი შეიძლება წრის ნებისმიერ წერტილში
აღმოჩნდეს, ძალიან ინტროვერტირებულიდან ძალიან ექსტრავერტირებულამდე და
ძალიან ლაბილურიდან (ნევროტულიდან) ძალიან სტაბილურამდე. წრეზე
წარმოდგენილი ნიშნები ადამიანებს ამ ორი განზომილების კომბინაციების
ტერმინებით აღწერს.

ამრიგად, აიზენკის მიხედვით, მელანქოლიკი ტიპი არის ინტროვერტი, რომელიც


მაღალი ნევროტიზმით ხასიათდება (E-N+). ფლეგმატური ტიპია ინტროვერტი
დაბალი ნევროტიზმით (E-N-). ქოლერიკი მაღალი ნევროტიზმის მქონე
ექსტრავერტია (E+N+). სანგვინიკს კი დაბალი ნევროტულობის მქონე ექსტრავერტი
ქმნის (E+N-).

მხოლოდ მას შემდეგ, რას პიროვნების ორ ბაზისურ პარამეტრზე დაფუძნებული


ტიპოლოგია შექმნა, აიზენკმა დაამატა მესამე პარამეტრი, მესამე ტიპი ფსიქოტიზმი
(P), თუმცა, არ უარყოფდა იმის შესაძლებლობას, რომ სისტემაში კიდევ შეიტანდა
ცვლილებებს.

აიზენკის მიერ გამოყოფილი პირველი ორი ფაქტორი შედარებით ნორმალური


ფუნქციონირების მქონე პიროვნების მახასიათებლებს შეეხება, ხოლო ფსიქოტიზმი
ისეთი ფუნქციონირების განზომილებაშია, რომელიც, ჩვეულებრივ,
ფსიქოტურობასთან და ფსიქოტურ ქცევასთან ასოცირდება, როგორებიცაა,
მაგალითად, ბოდვითი აზრები, მოჭარბებული სისასტიკე და ანტისოციალური ქცევა.
• ინტროვერსია-ექსტრავერსია
ინტროვერსია-ექსტრავერსიის განზომილება მოიაზრებს განსხვავებებს
სოციაბილურობასა და იმპულსურობაში. ტიპური ექსტრავერტი სოციაბილურია,
უყვარს წვეულებები, ჰყავს ბევრი მეგობარი, ესწრაფვის აგზნებებს და მოცემული
მომენტის მიხედვით მოქმედებს. ინტროვერტი, ამის საპირისპიროდ, სიმშვიდის
მოყვარული, ინტროსპექციული, თავშეკავებული და რეფლექსიურია; არ ენდობა
იმპულსურ გადაწყვეტილებებს და კარგად მოწესრიგებულ ცხოვრებას ანიჭებს
უპირატესობას.

დიდი რაოდენობით კვლევა მიუთითებს ინტროვერტისა და ექსტრავერტის


ფუნქციონირებას შორის არსებულ ფუნდამენტურ განსხვავებებზე.ინტროვერტები,
ექსტრავერტებთან შედარებით, უფრო მგრძნობიარენი არიან ტკივილის მიმართ,
უფრო ადვილად იღლებიან, აგზნება ამცირებს მათ პროდუქტულობას, კარგად
სწავლობენ სკოლაში, თავისუფალი დროის მარტოობაში გატარებას ამჯობინებენ,
ნაკლებად ახვევენ სხვებს თავიანთ მოსაზრებებს და ნაკლებად სექსუალურად
აქტიურნი არიან, იქნება ეს სიხშირისა თუ პარტნიორების მრავალფეროვნების
თვალსაზრისით.

აიზენკის კვლევები აჩვენებს, რომ ტიპურ ექსტრავერტს უყვარს პრაქტიკული


ხუმრობები, ყოველთვის არ არის სანდო და დროდადრო შეიძლება
წონასწორობიდანაც გამოვიდეს. ტიპური ინტროვერტი უპირატესობას ანიჭებს
წიგნებს (და არა ადამიანებს), სერიოზულია, აკონტროლებს საკუთარ ემოციებს,
სანდოა და მაღალი ეთიკური სტანდარტებით გამოირჩევა.

აიზენკი თვლის, რომ პიროვნებებს შორის ინდივიდუალური განსხვავებები


ბიოლოგიური ფუნქციონირების განსხვავებულობის ასახვაც არის. ამიტომ მიაჩნდა,
რომ ინტროვერტებს, ექსტრავერტებთან შედარებით, უფრო ადვილად აღაგზნებენ
მოვლენები და უადვილდებათ სოციალური აკრძალვების დასწავლა. შედეგად,
ინტროვერტები მეტად შებოჭილები დაშეზღუდულები არიან. არსებობს
მტკიცებულება იმისა, რომ სწავლის პროცესში ინტროვერტებზე დასჯა უფრო მეტ
გავლენას ახდენს, ხოლო ექსტრავერტები წახალისებაზე უფრო მეტად რეაგირებენ.

• ნეიროტიციზმი
ნეიროტიციზმის მაღალი მაჩვენებლების მქონე ადამიანები ხასიათდებიან ემოციური
ლაბილობით, ხშირი შფოთვითა და სხეულებრივი ჩივილებით, როგორებიცაა,
მაგალითად, თავის ტკივილი, მუცლის პრობლემები, თავბრუსხვევები. მიდრეკილნი
არიან დეპრესიისკენ, ნერვიულობისკენ, ცუდად სძინავთ და ფსიქოსომატური
დაავადებების განვითარების ტენდენციით ხასიათდებიან; ემოციები გავლენას
ახდენენ მსჯელობაზე, ნერვიულობენ იმაზე, რომ მოვლენები შეიძლება არასწორად
განვითარდნენ. ნევროტულობის დაბალი მაჩვენებლების მქონე ინდვიდები სწრაფად
რეაბილიტირდებიან უარყოფითი ემოციური გამოცდილების შემდეგ და ზოგადად
მშვიდი და გაწონასწორებული ბუნებით გამოირჩევიან. აიზენკი თვლის, რომ
მოუხედავად ნევროტიზმთან, როგორც კლინიკურ მდგომარეობასთან, აშკარა
კავშირის არსებობის შესაძლებლობისა, ნეიროტიციზმის განზომილება შეიძლება
მხოლოდ პიროვნული ნიშანი იყოს და აუცილებლობით არ ასოცირდებოდეს
პათოლოგიურ მდგომარეობასთან. ის გვთავაზობს ამ ნიშნის არაკლინიკურ
ალტერნატიულ დასახელებას ემოციურობას.

• ფსიქოტიზმი
მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოტიზმის განზომილება, მეტად ბუნდოვანია,
დიდწილად, აგრესიულობის, ემოციური სიცივის, ეგოცენტრულობის, უსახურობის,
არასოციალიზირებულობისა და არაკონვენციონალობის ტენდენციებს უკავშირდება.
აიზენკის კვლევა აჩვენებს, რომ ფსიქოტიზმის მაღალი მაჩვენებლის მქონე
ინდივიდები ზოგჯერ სასტიკნი, პრობლემურები, არაემპათიურები და აგრესიულები
არიან; გამოირჩევიან უჩვეულო გემოვნებით. ეს განზომილება ნაწილობრივ ფარავს
ისეთ ცნებებს, როგორებიცაა შიზოიდური და ანტისოციალური პიროვნული
აშლილობები. ეს ტერმინი, გარკვეულწილად, არამომგებიანია, ვინაიდან
გვაფიქრებინებს, რომ ფსიქოპათოლოგიას მოიაზრებს, რომელსაც ფსიქოზს
ვუწოდებთ; თუმცა, ეს ასე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ნიშანი შეიძლება
ფსიქოზისკენ პრედისპოზიციაზე მიუთითებდეს, ამ განზომილებაზე არსებული
ინდივიდუალური განსხვავებები ნორმალური განაწილების მრუდზე ლაგდება, რაც,
ასე თუ ისე, არ უკავშირდება ფსიქოზის კლინიკურ მდგომარეობას. ასევე, მართალია,
ნიშნის აღმწერი მახასიათებლების უმეტესობა უარყოფითი სოციალური
ღირებულების მატარებელია, აიზენკი ფსიქოტიზმის მაღალ ქულას
კრეატულობასთან აკავშირდებდა. სავარაუდოდ, აქ მნიშვნელოვანია
არატრადიციულად აზროვნების უნარი, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს
კრეატულობისთვის, თუმცა, მხოლოდ ეს არ არის შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის
საკმარისი წინაპირობა.

• ნიშნების გაზომვა კითხვარების გამოყენებით


აიზენკმა შეიმუშავა ოთხი პიროვნული კითხვარი, რომელიც სუპერფაქტორების
გასაზომად იყო მოწოდებული. პირველი მათგანია მოდსლის პიროვნული კითხვარი,
რომელიც მხოლოდ E და N ფაქტორების შეფასების საშუალებას იძლევა და მათ
შორის გარკვეულ არანულოვან კორელაციასაც იძლეოდა. ამიტომ აიზენკმა შეიმუშავა
მეორე ინსტრუმენტი, აიზენკის პიროვნული კითხვარი. ამ კითხვარში ცალკეა
მოცემული სიცრუის სკალა (L), რათა გამოირიცხოს მიზანმიმართული ტყუილი,
თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ამ კითხვარით მიღებული ნევროტიზმისა
და ექსტრავერსიის ფაქტორები დამოუკიდებელი გამოდის, მათ შორის კორელაცია
ახლოს არის ნულთან. EPI ჯერ კიდევ ორფაქტორიანი კითხვარი იყო, ამიტომ
აიზენკმა შემდგომში გამოაქვეყნა მესამე პიროვნული კითხვარი, კერძოდ, აიზენკის
ახალი პიროვნული კითხვარი, რომელიც EPI-ს გადამუშავებულ ვარიანტს
წარმოადგენდა და ფსიქოტიზმის (P) სკალასაც მოიცავდა. ფსიქოტიზმის სკალის
კრიტიკამ კითხვარის კიდევ ერთ რედაქციამდე მიიყვანა აიზენკი, რომელსაც
აიზენკის გადასინჯული პიროვნული კითხვარი ეწოდა.

You might also like