You are on page 1of 4

წინასოკრატელები

დასავლური ფილოსოფიური ტრადიცია ძველ საბერძნეთში დაიწყო, ძვ. წ. VI საუკუნეში.


პირველ-ფილოსოფოსებს უწოდებენ ‘წინასოკრატელებს’ (ანდაც ‘სოკრატემდელებს’)1.
ბერძნული სამყაროს ცენტრალური რეგიონი - ათენი2 გვიან ერთვება ‘ფილოსოფიურ თამაშში’.
თავდაპირველად ფილოსოფიური კერები ბერძნული სამყაროს განაპირა რეგიონებში
აღმოცენდა.

წინასოკრატელთა ყველაზე გამორჩეული ნიშანი არის მათი განსაკუთრებული ინტერესი


ბუნების (phusis) შესახებ საკითხებთან დაკავშირებით.3 მათი „მეცნიერული“4 ინტერესები
მოიცავდა მათემატიკას, ასტრონომიას, ბიოლოგიას. პირველ-ფილოსოფოსები უარყოფდნენ
ან, სულ მცირე, შეუმოწმებლად არ იღებდნენ, სამყაროს მითოლოგიურ ახსნებს.
წინასოკრატელთა შემოქმედებიდან მხოლოდ ფრაგმენტებმა მოაღწია ჩვენამდე, ზოგ
შემთხვევაში ეს ფრაგმენტი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი მცირე წინადადება. ის ცოდნა რაც
ჩვენ გვაქვს წინასოკრატელთა შესახებ მომდინარეობს არისტოტელეს ტექსტებიდან ‘ფიზიკა’
და ‘მეტაფიზიკა’, არისტოტელეს მოწაფის, თეოფრასტუსის ტექსტიდან ‘ბუნებისმეტყველთა
შეხედულებები’ და ნეოპლატონიკოსი ფილოსოფოსის სიმპლიკიუსის მიერ თავმოყრილი
ამონარიდებიდან.5

სოკრატემდელ ფილოსოფოსებთან უმთავრესი საკითხი არის საწყისის (‘არხეს’) ძიება. მათ,


ერთი მხრივ, აოცებდათ სამყაროს (‘კოსმოსის’) მრაფალფეროვნება და, მეორეს მხრივ, ამ
მრაფალფეროვნების მიღმა, მის საფუძვლად მდებარე კანონზომიერების დანახვას
ცდილობდნენ. ეძებდნენ სიმრავლის, მრაფალფეროვნების ამხსნელ ერთიან პრინციპს.

ტერმინები:

„არხე“ - საწყისი, წარმმართველი;


„ჰიულე“ - მასალა, მატერია;

„ძოონ“ - ცოცხალი
„ჰილოძოისტი“ - ის, ვინც მატერიას სიცოცხლეს მიაწერს

1
ეს სახელი მიუთითებს იმაზე, რომ ეს პირველ-ფილოსოფოსები მოღვაწეობდნენ სოკრატეს
მოღვაწეობამდე, მაგრამ ეს სათაური არცთუ ის კორექტულია, რადგან ზოგი ‘წინასოკრატელი’
მოაზროვნე თავად სოკრატეს და პლატონის თანამედროვეც კი იყო.
2
რომელიც იყო სოკრატესა და პლატონის მშობლიური ქალაქ-სახელმწიფო. არისტოტელესთვის ათენი
არ იყო მშობლიური ქალაქი, მაგრამ მისი ფილოსოფიური მოღვაწეობაც ძირითადად ათენთანაა
დაკავშირებული.
3
არისტოტელე უწოდებს მათ “ბუნების მკვლევარებს“.
4
ანტიკურ ხანაში მეცნიერების ის გაგება არ არსებობდა, რაც ახალი დროიდან ყალიბდება დასავლეთში.
ანტიკურობაში არსებული „მეცნიერება“ შეიძლება იწოდებოდეს უფრო როგორც წინარე-მეცნიერება
(პროტო-მეცნიერება).
5
ასევე, ძველ ბერძენ ფილოსოფოსებზე ცნობების დიდი ნაწილი მომდინარეობს დიოგენე
ლაერტელისა და სექსტუს ემპირიკოსის ნაწერებიდან.
თალესი

(დაახლ. ძვ. წ. 624 – 546)

თალესი მიჩნეულია პირველ ფილოსოფოსად.6

თალესი ანტიკურობაში იდეალიზებული იყო როგორც ერთ-ერთი „შვიდ ბრძენთაგანი“.

დანარჩენ ექვს ბრძენთა მსგავსად თალესი მიიჩნეოდა პოლიტიკური გამჭრიახობის ნიმუშად.


ჰეროდოტეს მიხედვით, თალესის რჩევით იონიური სახელმწიფოები გაერთიანდნენ
სპარსეთის საფრთხის წინაშე.

პლატონი წარმოგვიდგენს თალესს ფილოსოფოსის ნიმუშად, როდესაც მოგვითხრობს


ანეკდოტურ ამბავს მის შესახებ (Thaet. 174a-b): თალესი ჩავარდა ორმოში როდესაც
ვარსკვლავებს აკვირდებოდა.7

გადმოცემის მიხედვით თალესმა იწინასწარმეტყველა მზის დაბნელება (სავარაუდოდ ძვ. წ.


585 წ.).

მიიჩნეოდა ინჟინერიის, გეომეტრიისა და ასტრონომიის კარგ მცოდნედ, რასაც (რა ცოდნასაც)


სავარაუდოდ ეზიარა ეგვიპტეში.

თალესი ყოველივეს საწყისად მიიჩნევდა წყალს. არისტოტელე წერს, რომ თალესი ალბათ
იმიტომ მიიჩნევდა წყალს საწყისად, რაკი მიწის ირგვლივ წყალია, ყოველი თესლი, საიდანაც
ხდება რაიმეს წარმოშობა - წყლის შემცველი, ასეთივეა საზრდოც. გარდა ამისა, წყალს
შეუძლია სხვადასხვა ფორმით არსებობა (თხიერად, ყინულად, ორთქლად), თვითონ
უფორმოს შეუძლია სხვადასხვა ფორმის მიღება (მაგ. იმ ფორმის, რა ფორმის ‘ჭურჭელშიც’
მოხვდება).

ანაქსიმანდრე

(დაახლ. ძვ. წ. 610 - 546)

თალესის მსგავსად ანაქსიმანდრეც მილეთელია.

6
არისტოტელე ასახელებს თალესს პირველ „ბუნების მკვლევარად“, უფრო ზუსტად კი პირველ
ადამიანად, ვინც ბუნების (სამყაროს) მიზეზებსა და საწყისებს იკვლევდა (Metaph. I).
7
თალესისთვის დაუცინიათ, წინ ვერაფერს ხედავს და ორმოში ვარდება, მნათობების მოძრაობის
გაგებას როგორ შეძლებსო. თალესს პასუხად უთქვამს მოცინართათვის, რომ თავად შეუძლიათ
მშვიდად იყვნენ, ორმოში არ ჩავარდებიან, რადგანაც მთელი ცხოვრება ორმოში წვანან და ზევით არ
იყურებიან.
გადმოცემის თანახმად, ანაქსიმანდრემ შექმნა მზის საათი სპარტაში. ასევე, მან შეადგინა
პირველი მსოფლიო რუკა.

ანაქსიმანდრეს დაუწერია წიგნი „ბუნების შესახებ“.

ანაქსიმანდრეს მთავარი დებულება არის, რომ „არაფრიდან არაფერი [არ] წარმოიშობა“8,


შეუძლებელია, არაფრიდან, ex nihilo რაიმეს წარმოშობა, ისევე, როგორც რაიმეს არარაობად
გადაქცევა. ანაქსიმანდრე აკრიტიკებს თალესს, ამბობს, რომ წყლის პირველსაწყისად მიჩნევით
ვერ ავხსნით მრავალფეროვან მოვლენებს, წყლისგან განსხვავებული წყლიდან ვერ
წარმოიშვება. თუ დავუშვით, რომ მაგ. რკინა წყლისგანაა წარმოშობილი, მაშინ გამოდის, რომ
რკინაში რაცაა წყლისგან განსხვავებული, ის ‘არაფრიდან’ წარმოშობილა, რაც შეუძლებელია.

ანაქსიმანდრე შეეცადა ისეთი საწყისის (‘არხეს’) მონახვას, რომელიც გვერდს აუვლიდა ‘ex
nihilo’ წარმოშობის პრობლემას და, ამასთან, როგორც საწყისი (პრინციპი), იქნებოდა ერთი.
ასეთ საწყისად მან დაასახელა ‘აპეირონი’9. აპეირონი, ერთი მხრივ, არ არის არცერთი
განსაზღვრული თვისების მქონე10, მაგრამ, მეორე მხრივ, ყველა თვისებას შეიცავს11. აპეირონი
ყოველმხრივ უსაზღვროა. ყოველივე მისგან წარმოიშობა და ყოველივე მასში გადადის
(ბრუნდება) - წრებრუნვაა. წრებრუნვა არის ცვალებად საგნებში არსებული აუცილებლობა
(‘ბედისწერა’ -‘მოირა’).

წარმოშობა არის აპეირონიდან გამოყოფა. ეს შინაგანი პროცესია (არ ხდება გარეგანი ძალით).
კერძო საგნების აპეირონიდან გამოყოფა არის მათი ‘თავხედობა’, ‘მეტიჩრობა’. ეს კი არის
დანაშაული, ‘უსამართლობა’ აპეირონის მიმართ. ამავდროულად, ეს დანაშაულია აპეირონში
არსებული სხვა საგნების მიმართაც. კერძო საგანთა არსებობა უსამართლობაა, სასჯელი კი -
სიკვდილი. სამართლიანობა მხოლოდ აპეირონშია, სადაც საგნები
‘გათანასწორებულნი/გაწონასწორებულნი’ არიან.

ამასთან, რაკი აპეირონი არხეა, ანუ, მიზეზია კერძო საგნების არსებობისა, ამიტომ თავადაც
დამნაშავეა, რაკი შეაძლებინა საგნებს განკერძოება. თვითონაც უნდა დაისაჯოს. დასჯა
მოხდება საგანთა ხელახალი გამოყოფით. თავის მხრივ, საგნებიც კვლავ დაისჯებიან
განკერძოებისთვის და ასე უსასრულოდ.

ანაქსიმენი

(დაახლ. ძვ. წ. 546 - 526)

ანაქსიმენიც მილეთელი იყო. იგი თვლიდა, რომ არხე საგანთა პირველი ნივთიერებაა, სადაც
არ არის მოცემული საგანთა განსხვავებანი. საგნები ერთმანეთისგან სხვაობენ იმით, რომ
მათში პირველი ნივთიერება სხვადასხვა რაოდენობით არის მოცემული. საგანთა თვისობრივ

8
მოსაზრება თითქმის ყველა ძველი ბერძენი ფილოსოფოსის მიერაა გაზიარებული
9
ქართულად შეიძლება ითარგმნოს ‘განუზღვრელობა’
10
მაგ. არ არის ცისფერი.
11
ცისფერსაც და არა-ცისფერსაც.
განსხვავებას იწვევს მათში არსებული პირველი ნივთიერების რაოდენობრივი განსხვავება.
მაგ. ერთი საგანი მეორეზე მძიმეა იმიტომ, რომ ერთში მეტადაა პირველი ნივთიერება, ვიდრე
მეორეში. საგნებში [პირველი] ნივთიერების სახვადასხვაობას ქმნის ამ ნივთიერების
გათხელება-გასქელება (გათხელება საგნის ნაწილთა ერთმანეთისგან დაშორებაა, გასქელება -
დაახლოება). გათხელების მიზეზია სითბო, გასქელების - სიცივე.

ანაქსიმენი პირველ ნივთიერებად ასახელებს ჰაერს. ჰაერი ‘მოქნილია’ გათხელება-გასქელების


აზრით, ამასთან, ჰაერი ნაკლებად ეწინააღმდეგება სხვა საგნებს, თითქოს არც კი არსებობს
(თითქოს ‘დაცლილია’ მატერიალურობისგან). სხვა საგნებთან შედარებით უსახოა და
უთვისებო. არც წყალივით განსაზღვრულია და არც აპეირონივით განუსაზღვრელი.
ერთგვარი საშუალოა მათ შორის.

ჰაერი არის ყველაფრის არსება. ყველაფერი, არსებითად, არის ჰაერი. ყველაფერი


ერთიანობაშია და ეს ერთიანობა ჰაერში მდგომარეობს. ჰაერი ‘კრავს’, ერთ მთლიანობად
აქცევს ყოველივეს.

ჰაერი, თვითმოძრავი, მუდამ მოძრაობაშია. ის ცოცხალი ‘მატერიაა’. სიცოცხლე სუნთქვაა,


სუნთქვის გარეშე ცოცხალი კვდება, მისი ორგანიზმი დაიშლება. სამყარო (‘კოსმოსი’)
ცოცხალია, სუნთქავს. ამ აზრით, ჰაერი არის სამყაროს სული, მის გარეშე ‘კოსმოსი’
ჩამოიშლებოდა. მოკლედ, ჰაერი მხოლოდ ‘მასალა’ კი არ არის, არამედ ‘გამაერთიანებელი’
პრინციპიც.

You might also like