You are on page 1of 32

სახელმწიფოს შესახებ

პირველი დღე
წიგნი პირველი
ჩვენს წინაპრებს სახელმწიფოს კეთილდღეობა რომ ყველაფერზე მაღლა არ დაეყენებინათ,
მაშინ (მარკუს კამილიუსი) არ გაათავისუფლებდა რომს გალების თავდასხმებისგან, მანიუს
კურიუსი, გაიუს ფაბრიციუსი და ტიბერიუს კორუნკანიუსი არ გადაარჩენდნენ მას პიროსის1
თავდასხმისგან, გაიუს დუელიუსი, ავლ ანტილიუსი და ლუციუს მეტელიუსი2 - იმ
საფრთხისგან, რასაც რომს კართაგენი უქადდა, ხოლო ორი სციპიონი3 კი საკუთარი სისხლით
არ ჩააქრობდა მეორე პუნიკური ომის დაწყების სტადიაში მყოფ ხანძარს...
(II, 2) მაგრამ იყო გამორჩეული სიქველით, ისე თითქოს ეს რაიმე მეცნიერება იყოს, არ
კმარა, თუ არ დაიწყებ მის გამოყენებას. მეცნიერების შენახვა მაშინაც შეიძლება თუ მას არ
იყენებ, თავად მისი ცოდნით. მაგრამ სიქველე მთლიანად გამოყენებას ეფუძნება, ხოლო მისი
ყველაზე მთავარი გამოყენება სახელმწიფოს მართვაში ვლინდება, საქმით და არა სიტყვით იმის
შესრულებაში, რასაც ზოგიერთი თავისთვის ამტკიცებს. ფილოსოფოსები ხომ არაფერს ამბობენ
ისეთს (მე ვგულისხმობ, იმას, რაც ითქმება ნამდვილად სამართლიანად და ღირსეულად), რაც
უკვე არ შექმნილა და დამტკიცებულა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ადგენენ კანონებს
სამოქალაქო თემებისთვის. და მართლაც, საიდან გაჩნდა მოვალეობის ცნების გაგება? და ვინ
შექმნა რელიგია? საიდან გაჩნდა ხალხის სამართალი4 და თვით ჩვენი სამართალიც კი,
რომელსაც სამოქალაქო სამართალს უწოდებენ, საიდან ჩნდება მართლმსაჯულება, ერთგულება,
სამართლიანობა? საიდანაა კეთილსინდისიერება, თავშეკავებულობა, სამარცხვინო საქმეების
ზიზღი, მისწრაფება დიდებისა და ქებისკენ? საიდანაა გასაჭირისა და საფრთხეების დროს
მდგრადობა? ეს ყველაფერი ხომ იმ ადამიანებისგან მოდის, რომლებმაც, ფილოსოფიური
სწავლებების საფუძველზე მოწყობილი, ერთი ნაწილი ადათ–წესებით, ხოლო მეორე ნაწილი კი
კანონმდებლობით განამტკიცეს. უფრო მეტიც, ქსენოკრატე5, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი
ფილოსოფოსის კითხვაზე, თუ რას აღწევდნენ მისი მსმენელები, თითქოსდა პასუხობდა: ისინი
ნებაყოფლობით აკეთებენ იმას, რასაც მათ კანონები ავალდებულებენ. შესაბამისად, ის
მოქალაქე, რომელიც თავისი იმპერიის6 გამოყენებითა და სასჯელის შიშის გამო ყველა ადამიანს
აიძულებს იმის გაკეთებას, რასაც ფილოსოფოსები თავიანთი მსჯელობის შედეგად მხოლოდ
მცირე რაოდენობის ადამიანს თუ გააკეთებინებენ, ნამდვილად უფრო მაღლა დგას. და
მართლაც, განა რომელი მათი მსჯელობა, როგორი დახვეწილიც არ უნდა იყოს ის, შეიძლება

1
ამჯობინო სამოქალაქო თემის სწორად მოწყობას, რომელიც დაფუძნებულია საჯარო
სამართალსა7 და ჩვეულებებზე?
(III, 4) ადამიანები, რომლებიც არ გვეთანხმებიან, ამგვარად ჩამოყალიბებულ და
ცხად მოსაზრებებს უპირისპირებენ იმ საქმეებს, რომელთა ჩადენაც გვიწევს
სახელმწიფოს დასაცავად. ფხიზელი და ქმედითი ადამიანისთვის ეს, რა თქმა უნდა,
მცირე წინაღობაა და არა მარტო ამ მნიშვნელოვან ასპარეზზე, არამედ ყოველდღიურ
ცხოვრებაშიც. ისინი ასევე საუბრობენ სიცოცხლისთვის საშიშ საფრთხეებზე და
ამასთან, სიკვდილის სამარცხვინო შიშზე მიუთითებენ მამაც ადამიანებს, რომელთაც
ბუნებრივ სიბერემდე მიღწევა უფრო საცოდაობად მიაჩნიათ, ვიდრე ის, რომ
სიცოცხლე, რომელიც ადრე თუ თუ გვიან მაინც ბუნების ძალას უნდა დაუთმო,
სწორედაც რომ სამშობლოს შესწირო. ამ საკითხში ისინი განსაკუთრებით
მჭევრმეტყველებად მიიჩნევენ თავს, როდესაც იწყებენ გამოჩენილი ადამიანების
უბედურებების და თანამოქალაქეების მიერ მათთვის მიყენებული წყენების
ჩამოთვლას. მათ მოჰყავთ ბერძნების მაგალითები; მილტიადე 8 , სპარსელთა
დამმარცხებელი და მომთვინიერებლი, უდიდესი ბრძოლის შედეგად მიღებული
ჭრილობები ჯერაც რომ არ ჰქონდა შეხორცებული, მტრის შუბებს გადარჩენილი
სიცოცხლეს საკუთარი თანამოქალაქეებისგან დადებულ ბორკილებქვეშ ამთავრებს.
თემისტოკლე 9 , მუქარით გაგდებული მის მიერვე გადარჩენილი სამშობლოდან, გაიქცა
არა მისი დამსახურებით შენარჩუნებულ საბერძნეთის ნავსადგურებში, არამედ
სადღაც იმ ბარბაროსული ქვეყნის შუაგულში, რომელიც მან ოდესღაც მიწასთან
გაასწორა. ფაქტია, ათენელების მერყეობისა და ბერძნების მიერ სახელგანთქმული
ადამიანების მიმართ გამოჩენილი სისასტიკის მაგალითები ისტორიაში მრავლადაა.
ხშირად განმეორებად ანალოგიურ მაგალითებს – აღნიშნავენ ეს ადამიანები – ჩვენს
ძლევამოსილ სახელმწიფოშიც მრავალჯერ ჰქონია ადგილი.
(IV, 7) სამშობლომ10 გვშობა, უფრო სწორად, აღგვზარდა ჩვენ არა იმისთვის, რომ ჩვენგან
არანაირ მხარდაჭერას არ მოელოდეს და მხოლოდ ჩვენი პირადი ინტერესებისთვის შეგვიქმნას
დასვენებისა და განცხრომის მისაცემი მშვიდი ადგილი; არამედ იმისთვის, რომ მან თავისსავე
ინტერესების სამსახურში, წაიღოს ჩვენი სულის, ტვინის, სიბრძნის უდიდესი ნაწილი და
პირადი მოთხოვნილებებისთვის დაგვიტოვოს მხოლოდ იმდენი, რამდენიც შეიძლება დარჩეს
მისი (იგულისხმება სამშობლო, ს.დ.) საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილების შემდეგ.

2
(V, 9) შემდგომ, რასაც ეს ადამიანები საბაბად იშველიებენ იმის გასამართლებლად, რომ
კიდევ უფრო გაიმარტივონ დასვენებით სრული ტკბობა – ყველაზე ნაკლები ყურდაღება უნდა
მივაქციოთ; მათი სიტყვებით, სახელმწიფო საქმეებისკენ დიდწილად ის ხალხი მიისწრაფვის
რომლებიც სრულიად შეუფერებელია პატიოსანი საქმიანობისთვის, რომლებთან თავის
გაყადრებაც კი დამამცირებელია, ხოლო შებრძოლება კი, განსაკუთრებით როცა ბრბო
აღგზნებულია - საშიში და უბედურების მომტანი. ამიტომ, მათი აზრით, ბრძენი ადამიანი არ
აიღებს ხელში მმართველობის სადავეებს, რადგან მას არ ძალუძს შეაკავოს ბრბოს შლეგი და
მოუთვინიერებელი მისწრაფებები; ხოლო თავისუფალ ადამიანს კი, რომელიც სამკვდრო-
სასიცოცხლოდ ებრძვის უღირს და გავეშებულ მოწინააღმდეგეებს, არაფერში სჭირდება, მოექცეს
შეურაცხყოფის ქარცეცხლში ან დაელოდოს ბრძენი ადამიანისთვის მიუღებელ უსამართლობებს.
(VI, 10) მაგრამ ვინ შეიძლება გაამართლოს სახელმწიფო მოღვაწეობაზე ამის გამო უარის
თქმა? მათი სიტყვებით ხომ ბრძენი არანაირ მონაწილეობას არ მიიღებს სახელმწიფოს
ცხოვრებაში, თუ მას ამის აუცილებლობა არ ექნება ან გარემოებები არ აიძულებენ ამას. თითქოს
ვინმე შეიძლება შეეჯახოს იმაზე დიდ აუცილებლობას, ვიდრე მე შევეჯახე! რის გაკეთებას
შვძლებდი მაშინ მე კონსული რომ არ ვყოფილიყავი? მაგრამ როგორ ვიქნებოდი კონსული, სულ
ახალგაზრდობინავე რომ არ დავდგომოდი ცხოვრების იმ გზას, რომლის გავლის შემდეგაც, მე,
მხედრული ფენიდან გამოსულმა, მივაღწიე უმაღლეს საპატიო წოდებას? შესაბამისად,
მართალია, სახელმწიფოს საფრთხეები კი ემუქრება, მაგრამ იმის შესაძლებლობა, რომ მისი
დახმარება შეძლო - არ ჩნდება უცაბედად ან ჩვენი სურვილების შესაბამისად. საჭიროა, გეკავოს
ისეთი თანამდებობა, რომ ამგვარი მოქმედების უფლება გქონდეს. მაგრამ სწავლული
ადამიანების გამონათქვამებში მე ყველაზე მეტად მაკვირვებს ის, რომ როდესაც ზღვა მშვიდია,
ისინი უარს აცხადებენ საჭე მართონ, თუმცა გამოთქვამენ სურვილს, დადგნენ საჭესთან,
როდესაც ზღვაზე უძლიერესი შტორმია.
(VII, 12) მე ეს ყველაფერი სრულიად დასაბუთებულად იმის გამო გადმოვეცი, რომ
გადავწყვიტე მოცემულ წიგნში მესაუბრა სახელმწიფოს შესახებ. იმისათვის, რომ ეს საუბარი
ფუჭი არ გამომდგარიყო, მე თავდაპირველად უნდა გამეფანტა ეჭვები იმის შესახებ, ღირდა თუ
არა საერთოდ სახელმწიფოებრივი საქმიანობით დაკავება. მაგრამ, მაინც, რახან არსებობენ
ადამიანები, რომლებიც ანგარიშს უწევენ ფილოსოფოსთა ავტორიტეტს, დაე, თუნდაც მცირე
ხნით მოუსმინონ მათ, ვისი ავტორიტეტი და სახელიც ყველაზე სწავლული ადამიანების
თვალში უდიდესია.

3
სციპიონი: მით უფრო მეტად ვაღიარებ სოკრატეს სიბრძნეს, რადგან მან უარი თქვა
ჩასწვდომოდა ამ ყველაფერს და განაცხადა, რომ ბუნებრივი მოვლენების შესახებ საკითხები ან
მიუწვდომელია ადამიანის გონისთვის ან საერთოდ არ აქვს კავშირი ადამიანთა ცხოვრებასთან.
(16) ტუბერონი - არ მესმის პუბლიუს აფრიკელო, რატომ გვეუბნებიან, რომ სოკრატემ
საერთოდ უარი განაცხადა ამის განხილვაზე და მხოლოდ ადამიანთა ცხოვრებასა და ზნე-
ჩვეულებებს განიხილავდა. შეგვიძლია კი ჩვენ უფრო ავტორიტეტულ წყაროს დავეყრდნოთ მის
შესახებ მსჯელობისას, ვიდრე ეს პლატონია? პლატონის წიგნებში ხომ სოკრატე ბევრგან, ზნე-
ჩვეულებებსა და თვით სახელმწიფოზე მსჯელობისასაც კი, მაინც ცდილობს, პითაგორას
მსგავსად, ამ საკითხებს ციფრები, გეომეტრია და ჰარმონია დაუკავშიროს.
სციპიონი: ის, რასაც შენ ამბობ, სწორია. მაგრამ შენ ტუბერონ, ვფიქრობ იცი, რომ სოკრატეს
სიკვდილის შემდეგ, პლატონი ცოდნის შესაძენად ჯერ ეგვიპტეში წავიდა, შემდეგ კი იტალიასა
და სიცილიაში, რათა დეტალურად შეესწავლა პითაგორას აღმოჩენები...
(XX, 33) მუციუსი: შენი აზრით, ლელიუს, რა უნდა შევისწავლოთ ჩვენ, რომ შევძლოთ იმის
გაკეთება, რასც შენ ჩვენგან მოითხოვ?
ლელიუსი: ისეთი მეცნიერებები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენ გაგვხადონ სახელმწიფოსთვის
გამოსადეგნი. რადგან ეს, ჩემი მოსაზრებით, სიბრძნის ყველაზე დიდი მოვალეობა, სათნოების
უდიდესი გამოვლინება და მისი ვალდებულებაა. ამიტომ, იმისათვის, რომ ეს სადღესასწაულო
დღეები მივუძღვნათ სახელმწიფოსთვის სასარგებლო საუბრებს, ვთხოვოთ სციპიონს –
განგვიმარტოს, რომელ სახელმწიფო წყობას მიიჩნევს ის საუკეთესოდ. შემდგომ განვიხილოთ
სხვა საკითხებიც.
(XXII, 35) სციპიონი: მე, მართალი რომ გითხრათ, არანაირი სხვა თემისადმი არ ვარ ისე
გულისყურით და ინტერესით განწყობილი, როგორც შენ მიერ შემოთავაზებული
საკითხისადმი, ლელიუს; და მართლაც, როდესაც ვხედავ, რომ თავისი საქმის ყველა
გამოჩენილი ოსტატი მთელ თავის ფიქრებს, განზრახვებს და ზრუნვას მიმართავს მხოლოდ
იმისკენ, რომ უკეთ დაუფლოს მას - მე, რომელსაც ჩემმა მშობლებმა დამიტოვეს მხოლოდ ეს
ერთი საქმიანობა - სახელმწიოფზე ზრუნვა და მისი მმართველობა, ხომ არ მომიწევს იმის
აღიარება, რომ ნაკლებ საქმიანი ვარ, ვიდრე ნებისმიერი ოსტატი, რადგან ყველაზე დიდ
ხელოვნებას ვახარჯავ იმაზე ნაკლებ ძალისხმევას, ვიდრე ოსტატები ახარჯავენ ყველაზე
მცირე საქმეს? მაგრამ მე არ მაკმაყოფილებს გამოჩენილი და ბრძენი ბერძნების მიერ
მოცემულ საკითხებზე დატოვებული ნაშრომები და ვერ ვბედავ, ჩემი ხედვები მათ
ხედვებზე მაღლა დავაყენო. ამიტომ, გთხოვთ მომისმინოთ, როგორც ადამიანს, რომელიც
4
არც ისე შორსაა ბერძენთა სწავლებებისგან და რომელიც მათ სწავლებებს ჩვენ
სწავლებებთან შედარებით უპირატესობას სულაც არ ანიჭებს, მით უმეტეს ამ საკითხში.
არამედ, მომისმინეთ როგორც ერთ-ერთს ტოგით შემოსილთაგანს, რომელმაც მამამისის
მზრუნველობის შედეგად ძალიან ფართო განათლება მიიღო და ჯერ კიდევ მოზარდობის
პერიოდში აღენთო სწავლის სურვილით, თუმცა საკუთარი განათლება უფრო მეტად
საკუთარი მოღვაწეობითა და სახლში მითითებული დარიგებებით უფრო გაიფართოვა, ვიდრე
წიგნების კითხვით.
(XXV, 39) სციპიონი: ამგვარად, სახელმწიფო არის ხალხის მონაპოვარი. ხოლო ხალხი
არის არა რაიმე სახით ერთმანეთთან შეკრებილი ადამიანების ნებისმიერი გაერთიანება,
არამედ, ესაა მრავალი ადამიანის ერთობა, რომლებსაც აერთიანებთ სამართლის საკითხების
ირგვლივ თანხვედრა და ინტერესთა ერთიანობა. ადამიანთა მსგავსი სახით გაერთიანების
პირველ მიზეზად გვევლინება არ იმდენად მათი სისუსტე, რამდენადაც მათი
თანდაყოლილი მოთხოვნილება - იცხოვრონ ერთად. ადამიანი არაა მიდრეკილი
განცალკავებით ცხოვრებისა და მარტო ხეტიალისკენ, არამედ შექმნილია იმისთვის, რომ
თვით ყველაფრის სიჭარბის პირობებშიც კი არ განდგეს სხვა ადამიანებისგან.
(40) რა არის სახელმწიფო, თუ არა ხალხის მონაპოვარი? ამგვარად, მონაპოვარი
საერთოა, ყოველ შემთხვევაში, ის სამოქალაქო თემის მონაპოვარია. მაგრამ რაა სამოქალაქო
თემი, თუ არა ადამიანთა სიმრავლე, რომლებიც თანხმობის საფუძველზე არიან
ურთიერთდაკავშირებულნი?
ქალაქის საფუძვლის ჩაყრისთვის მხოლოდ ერთ მიზეზს არ განიხილავდნენ. ზოგიერთი
ამბობს, რომ ადამიანები, დაეხეტებოდნენ რა ტყეში და ღრეში, არ იყვნენ არც მეტყველებით
და არც უფლებებით ერთმანეთთან დაკავშირებულნი და ბალახსა და ტოტებს იყენებდნენ
დასაძინებლად, ხოლო ორმოებსა და გამოქვაბულებს - სახლებად, ხშირად ხდებოდნენ
გარეული ნადირისა და უფრო ძლიერი ცხოველების მსხვერპლნი. შემდგომ, ის ადამიანები,
რომლებიც დაიჭრნენ, მაგრამ გადარჩნენ და დაინახეს როგორ დაგლიჯა მათი ახლობლები
გარეულმა ნადირმა, დახმარების იმედით გაერთიანდნენ სხვა ადამიანებთან, რამდენადაც
გააცნობიერეს ის საფრთხე, რაც მათ ემუქრებოდათ. თავდაპირველად ისინი ერთმანეთს
ეურთიერთობოდნენ ნიშნებით, შემდგომ დაიწყო დალაპარაკების პირველი მცდელობები.
მოგვიანებით, მათ, უწოდეს რა სახელები სხვადასხვა საგანს, თანდათანობით დახვეწეს
თავიანთი მეტყველება. ხედავდნენ, რა რომ ხალხს გარეული ნადირისგან ვერ დაიცავდნენ,

5
დაიწყეს ქალაქების მშენებლობა, რათა უზრუნველეყოთ ღამის სიმშვიდე და თავიდან
აეცილებინათ გარეული ნადირის თავდასხმები ისე, რომ არ შებრძოლებოდნენ მათ.
(XXVI, 41) ....ადამიანს სამართლიანობის მარცვლები რომ არ ჰქონოდა, ვერც სხვა
სათნოებები გაჩნდებოდა და ვერც თავად სახელმწიფო. ამგვარად, ადამიანთა ამ
გაერთიანებამ, რომელიც შეიქმნა იმ მიზეზით, რაზეც მე უკვე ვისაუბრე,
თავდაპირველად თავისთვის შეარჩია გარკვეული ტერიტორია საცხოვრებლად. გამოიყენა
რა ბუნებრივი თავდაცვის საშუალებები და ამას დაუმატა ასევე ხელოვნური თავდაცვაც,
მათ საცხოვრებელთა ამგვარ ერთიანობას უწოდეს ციხე–სიმაგრე ან ქალაქი და მოაწყვეს
მასში რელიგიური და საზოგადოებრივი ადგილები.
ამგვარად, ნებისმიერი ხალხი, რომლებიც ჩემ მიერ აღწერილი მსგავსი მრავალი
ადამიანის ერთიანობას წარმოადგენს, სახალხო დადგენილებით შექმნილი ნებისმიერი
სამოქალაქო თემი, ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც, როგორც მე ვთქვი, სახალხო
მონაპოვარია, იმისათვის, რომ უფრო დღეგრძელი იყოს, უნდა იმართებოდეს საბჭოს მიერ;
ხოლო მოცემული საბჭო პირველ რიგში უნდა ეფუძნებოდეს იმ საფუძვლებს, რასაც
დაეფუძნა სამოქალაქო თემი. შემდგომ, მათი განხორციელება უნდა დაევალოს ან ერთ
ადამიანს, ან რამდენიმე არჩევით ადამიანს ან კი ის თავის თავზე უნდა აიღოს ბევრმა
ადამიანმა, ანუ ხალხმა; როდესაც უმაღლესი ხელისუფლება არის ერთი ადამიანის ხელში,
ჩვენ ამ ერთს ვუწოდებთ მეფეს, ხოლო მოცემულ სახელმწიფო წყობას კი სამეფო
ხელისუფლებას. როდესაც ის არის არჩეულთა ხელში, მაშინ ამბობენ, რომ მოცემული
სამოქალაქო თემი იმართება ოპტიმატების ნების საფუძველზე. სახალხო კი იმგვარი (მას
ხომ სწორედ ასე უწოდებენ) ერთობაა, სადაც ყველაფერი ხალხის ხელშია. მოცემული სამი
ფორმა - თუკი შენარჩუნებულია ის კავშირი, რამაც პირველად მჭიდროდ გააერთიანა
ადამიანები სახელმწიფოს ერთობლივი ძალებით შექმნის საქმეში - არაა სრულყოფილი, და
ჩემი აზრით არც საუკეთესო, მაგრამ მათი ატანა მაინც შესაძლებელია, თუმცა ერთი
მათგანი შეიძლება მეორეზე უკეთესი იყოს. რადგან სამართლიანი და ბრძენი მეფის
მდგომარეობა, ისევე როგორც არჩეული მოქალაქეებისა და თვით ხალხისაც კი (თუმცა, ეს
უკანასკნელი ყველაზე ნაკლებად იმსახურებს მოწონებას) მაინც შეიძლება სრულიად მყარი
იყოს, თუ ამას წინ არ აღუდგება უსამართლო ქმედებები ან ვნებები.
(XXVII, 43) მაგრამ სამეფო ხელისუფლების დროს ყველა სხვა ადამიანი ჩამოშორებულია
ყველასთვის საერთო კანონებისა და გადაწყვეტილებების მიღების საქმეს. ასევე, ოპტიმატების
მმართველობისას ხალხს ნაკლებად შეუძლია თავისუფლებით სარგებლობა, რამდენადაც მას
6
ჩამორთმეული აქვს ერთობლივ თათბირებსა და მმართველობაში მონაწილეობის ყველა
უფლება. როდესაც ყველაფერი ხალხის ნებით წყდება, რამდენად სამართლიანი და ზომიერიც
არ უნდა იყოს ის, თავად მოცემული თანასწორობა არაა სამართლიანი, რადგან მასში არაა
სხვადასხვა საზოგადოებრივი მდგომარეობისთვის დამახასიათებლი საფეხურები. ამიტომ,
მართალია ცნობილი სპარსელი კიროსი ყველაზე სამართლიანი და ბრძენი მეფე იყო, მაინც არ
ღირდა ასეთი „ხალხის მონაპოვრისადმი“ განსაკუთრებით ლტოლვა (როგორც უკვე ვთქვი,
სწორედ ესაა სახელმწიფო), რამდენადაც სახელმწიფო იმართებოდა ერთი ადამიანის ნებითა და
ძალაუფლებით.
(XXVIII, 44) და მე ამას ვამბობ სახელმწიფო წყობილების სამ ფორმაზე, თუ ისინი არაა
დარღვეული ან ერთმანეთში აღრეული და ინარჩუნებენ მათთვის დამახასიათებელ თვისებებს.
პირველ რიგში, მოცემულ სამივე წყობას ახასიათებს ვნებები, რომელთა შესახებაც მე უკვე
ზემოთ ვისაუბრე. შემდეგ, მას ახასიათებს სხვა ცოდვებიც, რომლებიც მე ასევე უკვე ვახსენე.
რადგან მოცემული სამი მმართველობის ფორმიდან არცერთი არაა ისეთი, რომლის პირობებშიც
სახელმწიფო სხვადასხვა ირიბი თუ პირდაპირი გზით არ მიექანებოდეს მისგან არც თუ ისე
შორს მყოფი ამა თუ იმ უბედურებისკენ.
(XXIX, 45) მე მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდ მოწონებას იმსახურებს სახელმწიფო მოწყობის
მეოთხე ფორმა, რამდენადაც ის წარმოქმნილია ჩემ მიერ მანამდე დასახელებული სამი ფორმის
თანაბარი შერევისგან.
(XXXI, 47) სციპიონი: .... და ყოველი სახელმწიფო ისეთია, როგორიცაა მისი მმართველის
ნება და ხასიათი. ამიტომ, მხოლოდ იმ სახელმწიფოში, სადაც ხალხის ძალაუფლება ყველაზე
მეტია, შეიძლება არსებობდეს თავისუფლება. მასზე სასიამოვნო ხომ არაფერი შეიძლება იყოს!
და ის, თუ ყველასთვის თანასწორი არაა, უკვე აღარაა თავისუფლება. მაგრამ როგორ შეიძლება
ის იყოს ყველასთვის თანასწორი, აღარც კი ვამბობ სამეფო ხელისუფლების დროს, როდესაც
მონობა დაფარულიც კი არაა და ეჭვს არ იწვევს, არამედ ისეთ სახელმწიფოებში, სადაც სიტყვის
მასალად მაინც ყველა თავისუფალია? მართალია მოქალაქეები ხმას აძლევენ, გადასცემენ
იმპერიებს და მაგისტრატურებს, რიგ-რიგობით უვლიან გვერდს, ესწრაფვიან რა არჩევას. მათ
განსახილველად სთავაზობენ წინადადებებს, მაგრამ ისინი ხომ იმას იძლევიან, რაც ისედაც
უნდა მიეცათ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდაც კი; მათ თავადაც აკლიათ ის, რასაც სხვები
მათგან ითხოვენ. ისინი ხომ არ ფლობენ საბჭოში სახელმწიფო საქმეების განხილვის და
სასამართლოში მონაწილეობის უფლებას, სადაც სხდომებს თავმჯდომარეობენ რჩეული

7
მოსამართლეები; აკლიათ ყველაფერი ის, რაც დამოკიდებულია გვარის სიძველესა და
სიმდიდრეზე.
(XXXII, 48) როდესაც ხალხში იყო ერთი ან რამდენიმე მეტ-ნაკლებად მდიდარი და
ძლევამოსილი ადამიანი, მაშინ - ამბობენ ისინი, მათი ქედმაღლობის გამო იქმნებოდა სწორედ
ზემოთ მოყვანილი მდგომარეობა, რადგანაც მხდალი და სუსტი ადამიანები
უთმობდნენ მდიდრებს და თავს იხრიდნენ მათი თვითნებობის წინაშე. მაგრამ თუ
ხალხი ინარჩუნებს თავის უფლებებს, მაშინ - ამბობენ ისინი, ესაა ყველაზე კარგი
მდგომარეობა, თავად თავისუფლება, თავად კეთილდღეობა, რადგანაც იგი განაგებს
კანონებს, მართლმსაჯულებას, ომისა და მშვიდობის საქმეებს, მოკავშირეობის
ხელშეკრულებებს, თითოეული მოქალაქის უფლებებს და ქონებას. მათი აზრით,
მხოლოდ მოცემული ტიპის მოწყობას შეიძლება ეწოდოს სახელმწიფო, ანუ ხალხის
მონაპოვარი. ამიტომ, მათი აზრით, „ხალხის მონაპოვარი,“ როგორც წესი,
თავისუფალია მეფეთა და „მამათა“ განმგებლობისგან, მაგრამ ისე არ ხდება, რომ
თავისუფალი ხალხები თავისთვის ეძიებდნენ მეფეებს ან ოპტიმატების
ძლევამოსილებასა და ძალაუფლებას. არ არსებობს რამე უფრო უცვლელი და უფრო
მყარი, ვიდრე თანხმობაში მყოფი ხალხი; მაგრამ ყველაზე ადვილად მოცემული ტიპის
თანხმობა ისეთ სახელმწიფოში მიიღწევა, სადაც ყველასთვის ერთი და იგივე რამაა
სასარგებლო. ინტერესთა განსხვავებულობის გამო, როდესაც ერთს აწყობს ერთი რამ,
მეორეს კი – სხვა რამ, წარმოიქმნება განხეთქილებები. ამიტომ, სახელმწიფო წყობილება
არასდროს ყოფილა მყარი, როცა კი ძალაუფლება „მამებს“ ჰქონდათ მოპოვებული; და კიდევ
უფრო ნაკლებად მყარია სამეფო ხელისუფლების პირობებში...
ამიტომ, თუ კანონი სამოქალაქო საზოგადოების შემაკავშირებელი რგოლია, ხოლო
კანონის მიერ დადგენილი უფლებები ყველასთვის თანაბარია, მაშინ რა უფლების
საფუძველზე უნდა იარსებოს მოქალაქეთა საზოგადოებამ, როდესაც მათი
მდგომარეობა არაა თანაბარი? და მართლაც, როდესაც ადამიანები არ არიან თანახმა,
გაათანაბრონ ქონება, როცა ყველა ადამიანის გონება ვერ იქნება ერთგვაროვანი, ერთი
და იმავე სახელმწიფოს მოქალაქეების უფლებები მაინც უნდა იყოს ერთგვაროვანი. და
განა რაა სახელმწიფო, თუ არა საერთო წესთწყობილება?
(XXXIV, 51) სახელმწიფო რომ მოულოდნელობებით იმართებოდეს, ის ისევე სწრაფად
დაიღუპებოდა, როგორც ხომალდი, რომლის საჭესთანაც მგზავრთა რიგებიდან წილისყრით
არჩეული მესაჭე რომ დამდგარიყო. ამიტომ, თუ თავისუფალი ხალხი აირჩევს ადამიანებს,
8
რომლებსაც საკუთარ თავს ჩააბარებდა (და აირჩევდა მხოლოდ საუკეთესობს თუკი საკუთარ
კეთილდღეობაზე ფიქრობს), მაშინ სახელმწიფოს კეთილდღეობა უეჭველია საუკეთესო
ადამიანების სიბრძნის ხელში იქნება. მით უმეტეს, თავად ბუნების კანონია, რომ არა მარტო
ადამიანები, რომლებიც სხვებს აღემატებიან მამაცობითა და ღირსებებით, უნდა მეთაურობდნენ
უფრო სუსტებს, ეს უკანასკნელიც მოხარულნი არიან დაემორჩილონ მათ.
მაგრამ ეს საუკეთესო წყობილება, მათი აზრით, დაამხო ადამიანებში არასწორი გაგებების
გაჩენამ. ისინი, არ იციან რა, რა არის სიქველე (ეს ხომ მხოლოდ მცირეთა ხვედრია და მხოლოდ
ცოტას თუ შეუძლია მისი დანახვა და დაფასება) მიიჩნევენ, რომ მდიდარი და შეძლებული, ასევე
მაღალი წარმომავლობის ადამიანებიც - ყველაზე კარგები არიან. როდესაც მდაბიოთა ამ ტიპის
მცდარი აზროვნების გამო სახელმწიფოს მართვას იწყებს მცირეთა სიმდიდრე და არა ღირსება,
ეს ადამიანები ჩაფრენილნი არიან ოპტიმატების წოდებას, მაგრამ სინამდვილეში არ
იმსახურებენ მას; რადგან სიმდიდრე, გვარიშვილობა, გავლენა - სიბრძნის, ცხოვრებისა და სხვა
ადამიანების განმგებლობის ცოდნის არარსებობის პირობებში შედეგად იძლევა მხოლოდ
უღირსობას და ქედმაღლურ სიამაყეს; და არ არსებობს მმართველობის იმაზე მახინჯი ფორმა,
ვიდრე ის, სადაც უმდიდრესი ადამიანები საუკეთესოებად მიიჩნევიან; განა რა შეიძლება იყოს
იმ მდგომარეობაზე უკეთესი, როდესაც სახელმწიფოს მართავს სიქველე; როდესაც ის, ვინც
სხვებს მართავს, თავად არ ემონება არცერთ ვნებას; როდესაც ის თავადვეა აღვსილი
ყველაფრით, რისკენაც მოუწოდებს და ასწავლის მოქალაქეებს და არ ახვევს თავს ხალხს ისეთ
კანონებს, რომლებსაც თავად არ დაემორჩილებოდა; პირიქით, საკუთარი ცხოვრებით აჩვენებს
თანამოქალაქეებს კანონს? და ასეთ ადამიანს მარტოს რომ შეეძლოს მიაღწიოს ყველაფერს, არ
იქნებოდა მმართველთა დიდი რაოდენობის საჭიროება. რა თქმა უნდა, ყველას რომ შეეძლოს
საუკეთესოს დანახვა და ამის თაობაზე თანხმობის მიღწევა, მაშინ არავინ აღარ მიელტვოდა იმას,
რომ არჩევითი მმართველები ჰყოლოდა. მაგრამ სწორედ გადაწყვეტილების მიღების სირთულემ
მოიტანა შედეგად მეფისგან ადამიანთა სიმრავლის ხელში ძალაუფლების გადასვლა, ხოლო
ხალხის უგუნურებამ და მცდარმა აზრებმა - ძალაუფლების ბრბოდან მცირეთა ხელში
გადასვლა. სწორედ მსგავს პირობებში, ერთი ადამიანის ძალების სისუსტისა და მრავალთა
უგუნურებას შორის, ოპტიმატებმა შუალედური მდგომარეობა დაიკავეს, რაც მმართველობის
ყველაზე ზომიერ ფორმას წარმოადგენს. როდესაც სახელმწიფოს ისინი მართავენ, ბუნებრივია,
ხალხი განცხრომაშია, რადგან თავისუფალია ყოველგვარი საქმიანობისგან და განსჯისგან და
საკუთარ სიმშვიდეზე ზრუნვა სხვებისთვის აქვს მინდობილი; ოპტიმატები უნდა ზრუნავდნენ
მასზე და ხალხს არ აძლევდნენ იმის ფიქრის მიზეზს, რომ ხელისუფლებაში მყოფნი მათი
9
ინტერესებისადმი გულგრილნი არიან. რადგან თანაბარუფლებიანობა, რომლებსაც ასე არიან
მიჯაჭვულნი თავისუფალი ადამიანები, ვერ იქნება დაცული და ეს ეგრეთ წოდებული
თანასწორობა უმაღლეს დონეზე უსამართლობაა (ხალხი ხომ, მიუხედავად იმისა, რომ
თავისუფალია და მას არ ადევს ბორკილები, როგორც წესი, დიდი უფლებებით აღჭურავს
ადამიანთა დიდ რაოდენობას და მათი რიგებიდან ხდება შერჩევა, რომელიც დაფუძნებულია
როგორც თავად ადამიანების თვისებებზე, ასევე მათ საზოგადოებრივ მდგომარეობაზე);
როდესაც უმაღლესი და უმდაბლესი მდგომარეობის ადამიანებს - და ასეთები აუცილებლად
ყველა ხალხში არსებობს - თანაბარი პატივი მიეგებათ, მაშინ თავად თანასწორობა არის
უკიდურესად უსამართლო. იმ სახელმწიფოებში, სადაც საუკეთესო ადამინები მართავენ, ეს არ
შეიძლება მოხდეს. სწორედ მგავსი არგუმენტები მოჰყავთ ადამიანებს, ლელიუს, მოცემული
სახელმწიფოებრივი მმართველობის ფორმის დასაცავად.
(XXXV, 54)ლელიუსი: და შენ სციპიონ? სახელმწიფოებრივი მოწყობის მოცემული სამი
ფორმიდან რომელს ანიჭებ უპირატესობას?
სციპიონი: შენ ყოველგვარი საფუძველი გაქვს დაინტერესდე, სახელმწიფო წყობილების
რომელი ფორმა მომწონს მე. არცერთი მათგანი, ცალკე აღებული, თავისთავად, ჩემთვის
მოსაწონი არაა და მათი შერევის შედეგად მიღებულ წყობილებას ვამჯობინებ. მაგრამ საჭირო
რომ იყოს რომელიმე ერთი წყობილების სუფთა სახით აღება, მაშინ მე მოვიწონებდი სამეფო
ხელისუფლებას და მას დავაყენებდი პირველ ადგილზე. ...მეფის სახელი მე მომაგონებს
თითქოდა მამის სახელს, რომელიც ზრუნავს თავის თანამოქალაქეებზე, როგორც საკუთარ
შვილებზე... მაგრამ აი, ოპტიმატები ამბობენ, რომ იმავეს აკეთებენ ისინი უკეთესად და თან,
ბევრ ადამიანში სიბრძნე მეტი იქნება, ვიდრე ერთ ადამიანში, ხოლო სამართლიანობა და
პატიოსნება კი - იგივე. ხალხი კი, გამაყრუებლად გაჰყვირის, რომ ის არაა თანახმა
დაემორჩილოს არც ერთ მმართველს და არც რამდენიმეს, რომ მხეცებისთვისაც კი
თავისუფლებაზე ძვირფასი არაფერია და რომ თავისუფლებას მოკლებულია ყველა, ვინც
მონობაშია, მიუხედავად იმისა ვისი მონები არიან ისინი: მეფის თუ ოპტიმატების. ამგვარად,
მეფეები საკუთარი კეთილგანწყობით გვიზიდავენ, ოპტიმატები – სიბრძნით, ხალხი –
თავისუფლებით. შედარებისას ძნელია აირჩიო, რომელი შეიძლება ისურვო უფრო მეტად.
(57) პლატონი მხარს უჭერს მონარქიას, ამბობს რა, რომ არებობს ერთი ღმერთი, რომელმაც
შექმნა და საკუთარი გასაოცარი ჩანაფიქრის მიხედვით მოაწესრიგა სამყარო. პლატონის
მოსწავლე, არისტოტელე აღიარებს ერთიანი გონის არსებობას, რომელიც განაგებს სამყაროს...
ანტისფენი აღიარებს ერთიანი ღვთაების არსებობას - ბუნებას, რომელიც განაგებს მთელ
10
სამყაროს. დიდ დროს წაიღებდა იმ ყველაფრის განხილვა, რაც კი წარსულში გამოუთქვამთ
უმაღლეს ღვთაებაზე თალესს, პითაგორას ან ანაქსიმენოსს, ხოლო მოგვიანებით კი სტოიკოსებს
კლეფანოსს, ქრისიპესს და ზენონს, ხოლო ჩვენებისგან კი სენეკას– სტოიციზმის მიმდევარს და
თვით ტულიუსს; ისინი, ხომ ყველანი იმას ცდილობდნენ, განესაზღვრათ რას წარმოადგენდა
ღმერთი და ამტკიცებდნენ, რომ მხოლოდ ის ერთი განაგებს სამყაროს და რომ ის არ ემორჩილება
ბუნებას, რადგან თავად მთელი ბუნება მისი შექმნილია.
სციპიონი: ამგვარად, იცი შენ რომ მას შემდეგ რაც ჩვენი ქალაქი მეფეების გარეშე არსებობს,
დაახლოებით 400 წელი გავიდა უკვე?
ლელიუსი: კი, 400 წელზე ნაკლები.
სციპინი: და რა მერე? განა ქალაქისა და სამოქალაქო თემის არსებობისთვის მოცემული
ოთხასი წელი ძალიან დიდი დროა?
ლელიუსი: არა, ეს მხოლოდ ახალგაზრდობის ხანაა.
სციპიონი: ამგვარად, 400 წლის წინ რომში მეფე იყო?
ლელიუსი: დიახ და თანაც ამაყი.
სციპიონი: და მანამდე?
ლელიუსი - ყველაზე სამართლიანი. ხოლო მანამდე კი, რომულუსის ჩათვლით,
რომელიც ჩვენამდე 600 წლით ადრე იყო მეფე, მთელი რიგი სამართლიანი მეფეები.
სციპიონი: აქედან გამომდინარე, თვით ისიც კი, არც ისე დიდი ხნის წინ ცხოვრობდა
ხომ?
ლელიუსი: სულაც არა. ამ დროს საბერძნეთმა უკვე დაბერება დაიწყო.
სციპიონ: თქვი, განა რომულუსი ბარბაროსების მეფე იყო?
ლელიუსი: თუ როგორც ბერძნები ამტკიცებენ, ყველა ადამიანი ან ბერძენია ან
ბარბაროსი, მაშინ ის ალბათ ბარბაროსების მეფე იყო. თუ მსგავსი სახელის წოდება
შეიძლება ზნე–ჩვეულებების და არა ენის საფუძველზე, მაშინ ვფიქრობ, რომ ბერძნები
რომაელებზე არანაკლები დოზით იყვნენ ბარბაროსები.
სციპიონი: მაგრამ ჩვენ, ჩვენი საუბრის თემიდან გამომდინარე, არ ვსაუბრობთ ტომის
შესახებ. მართლაც, თუ გონიერმა ადამიანებმა და არცთუ ისე დიდი ხნის წინ, მოისურვეს,
ჰყოლოდათ მეფეები, მაშინ მე მყავს მოწმეები, არცთუ ისე ძველები, რომლებიც არც
ველურები არიან და არც განათლება აკლიათ.
ლელიუსი: გთხოვ, თქვი რა განსხვავებაა ერთ და რამდენიმე მმართველს შორის, თუ
სამართლიანობა რამდენიმე ადამიანის ხელშია?
11
სციპიონი: როგორც მივხვდი, ლელიუს, ეს ჩემი მოწმეები შენზე დიდ გავლენას არ
ახდენენ. ამიტომ მე თავად შენვე აგიყვან მოწმედ, რათა დაგიმტკიცო საკუთარი სიტყვების
სისწორე.
მე? - იკითხა ლელიუსმა - როგორ?
სციპიონი: ახლახანს როდესაც ქალაქგარეთ შენ სახლში ვიყავით, მე შევნიშნე, როგორ
არიგებდი შენი სახლის მობინადრეებს, მკაცრად დამორჩილებოიდნენ მხოლოდ ერთ
ადამიანს.
ლელიუსი: რა თქმა უნდა, სახლის მმართველს.
სციპიონი: და ქალაქის სახლში? განა იქ რამდენიმე ადამიანი განაგებს შენ საქმეებს?
ლელიუსი: არა, ერთი.
სციპიონი: და შენ გარდა შენი სახლის საქმეებს კიდევ სხვა ვინმე განაგებს?
ლელიუსი: რა თქმა უნდა არა.
სციპიონი: მაშინ რატომ არ მეთანხმები ამ მხრივ სახელმწიფო საქმეების საკითხშიც,
რომ ცალკეული ადამიანების მმართველობა, თუ ისინი სამართლიანი ადამიანები არიან,
არის კიდეც საუკეთესო სახელმწიფო წყობილება?
ლელიუსი: შენ თითქმის მაიძულებ, დაგეთანხმო.
(XL,62) სციპიონი: შენ, ლელიუს, იმაზე მეტად დამეთანხმები თუ მე, გვერდზე გადავდებ
რა ეჭვებს იმის თაობაზე, რომ ხომალდის ერთი მესაჭისთვის, ხოლო ავადმყოფის ერთი
ექიმისთვის (თუ, რა თქმა უნდა ორივე კარგად ფლობს თავის ხელოვნებას) ჩაბარება უფრო
სწორია, ვიდრე მრავალთათვის. გადავალ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე.
ლელიუსი: კონკრეტულად რაზე?
სციპიონი: განა შენ თავად ვერ ხედავ, რომ ერთი ადამიანის, ტარკვინიუსის
განუზომელი ქედმაღლობის გამო თავად ტერმინი „მეფეც“ კი ჩვენი ხალხისთვის
საძულველი გახდა?
კი, ამას ვხედავ - თქვა ლელიუსმა.
(XLII,65) სციპიონი: როდესაც მე გამოვთქვამ მოსაზრებას სახელმწიფო მოწყობის იმ
ფორმაზე, რომელიც საუკეთესოდ მიმაჩნია, მომიწევს უფრო დეტალურად ვისაუბრო
სახელმწიფოში გარდაქმნებზეც, თუმცა ასეთ სახელმწიფოში გარდაქმნები, ჩემი აზრით, არც
თუ ისე ადვილად მოხდება. მაგრამ სამეფო მმართველობის პირობებში პირველი და ყველაზე
გარდაუვალი ცვლილება შემდეგია: როდესაც მეფე ხდება უსამართლო, სახელმწიფო
მმართველობის ფორმა მაშინვე ინგრევა, ხოლო ეს მმართველი კი ტირანად იქცევა. ეს
12
სახელმწიფო წყობილების ყველაზე ცუდი ფორმაა და ამასთანავე, საუკეთესოსთან ყველაზე
ახლოს მდგომიც. თუ მას დაამხობენ ოპტიმატები, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე,
მაშინ სახელმწიფოში მყარდება სამი მოცემული ფორმიდან მეორე; ეს ფორმა წააგავს სამეფო
ხელისუფლებას, უფრო სწორად, ეფუძნება „მამებისგან“ შემდგარი საბჭოს მმართველობას,
რომელიც ზრუნავს ხალხის კეთილდღეობაზე. თუ ხალხი საკუთარი ხელით მოკლავს ან
განდევნის ტირანს, მაშინ ის მეტ-ნაკლებად ზომიერია მანამ, სანამ აკონტროლებს საკუთარ
გრძნობებს და გონებას, ხარობს საკუთარი ქმედებით და სურს, დაიცვას მის მიერვე
დამყარებული წყობილება. მაგრამ თუ ხალხმა ძალა გამოიყენა სამართლიანი მეფის
წინააღმდეგ ან ჩამოართვა მას სამეფო ხელისუფლება, ან თუ სისხლით ჩაახშო ოპტიმატთა
მმართველობა (და ეს კიდევ უფრო ხშირად ხდება) და საკუთარ თვითნებობას დაუმორჩილა
მთელი სახელმწიფო (იცოდე, ლელიუს, რომ ცეცხლისა და აღელვებული ზღვის
დამშვიდებაც კი უფრო ადვილია, ვიდრე ბრბოსი, რომელმაც მისთვის უჩვეულო
პირობებში აღმოჩენის გამო, არ იცის როგორ შეჩერდეს) მაშინ ხდება ის, რაც ასე
ნათლად აღწერა პლატონმა - თუკი მე ძალმიძს გადმოვცე ეს ლათინურ ენაზე.
რთულია ამის გაკეთება, მაგრამ მე მაინც ვცდი.
სციპიონი: (XLV,69) - ყველაფრის გათვალისწინებით, დასაწყისში მოყვანილი
მმართველობის სამი ფორმიდან, ჩემი აზრით, ყველაზე საუკეთესო ის სამეფო ხელისუფლებაა,
რომელიც მმართველობის სამი ყველაზე კარგი ფორმის შერევის შედეგად იქნება შედგენილი.
რადგან სასურველია, რომ სახელმწიფოში იყოს რაღაც გამორჩეული და მეფური, რომ მისი
ძალაუფლების ერთი ნაწილი გაუქმდეს და გადაეცეს პირველობის მქონე ადამიანების
ავტორიტეტს, ხოლო ზოგიერთი საქმე კი დაექვემდებაროს ხალხის ნებასა და განმგებლობას.
მსგავს მმართველობას, პირველ რიგში, ახასიათებს დიდი თანასწორობა, რომლის გარეშეც
თავისუფალი ადამიანები ვერ იარსებებდნენ; შემდგომ, სიმყარე, რადგანაც ზემოთ ნახსენები
სახელმწიფო წყობილების ტიპები ადვილად გარდაიქმნებიან თავისივე საპირისპირო ცუდ
ფორმებში - რომლის შედეგადაც მეფე ხდება მბრძანებელი, ოპტიმატები ხროვად იქცევიან,
ხალხი - მერყევ ბრბოდ. სწორედ ეს ფორმები იცვლება ხშირად ახალი ფორმებით, მაშინ
როდესაც გონივრულად შერეულ სახელმწიფო წყობილებაში ეს თითქმის არასდროს ხდება,
მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების დიდი გაფუჭებულობის შემთხვევაში; და
მართლაც, არ არსებობს ცვლილებების მიზეზი იქ, სადაც თითოეულის მდგომარეობა მყარია და
ის ვერსად გადაიჩეხება ან გადავარდება.

13
პირველი დღე.
წიგნი 2
რადგან ყველას ერთი სული ჰქონდა მოესმინათ, სციპიონმა თავისი სიტყვა ასე დაიწყო:
აი, მოხუცი კატონის სიტყვები, რომელსაც როგორც იცით, მე განსაკუთრებით დიდ
პატივს ვცემდი და რომლის წინაშეც ქედს ვიხრიდი; მე ხომ ჩემი ორივე მამის
გადაწყვეტილებითა და საკუთარი სურვილით, ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდანვე მას
ვუძღვნიდი მთელ ჩემს დროს.
კატონი ჩვეულებრივ, ამბობდა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი წყობილება ყველა სხვა
სახელმწიფოს წყობილებაზე კარგია იმიტომ, რომ მასში შეიძლება ითქვას, ცალკეული
ადამიანები ქმნიდნენ სახელმწიფო წყობას საკუთარი კანონების და დადგენილებების
საფუძველზე. მაგალითად, კრეტელები - მინოსის კანონებით, ლაკედემონელები -
ლიკურგეს კანონებით, ათენელები, რომელთა სახელმწიფო წყობილება ძალიან ხშირად
იცვლებოდა, თავიდან თესეის, შემდეგ - დრაკონის, შემდეგ სოლონის, კლისთენეს და სხვა
ბევრ კანონთა საფუძველზე, ხოლო ბოლოს კი ძალიან დასუსტებულ სახელმწიფოს
დაღუპვის საშუალება არ მისცა ერთმა განსწავლულმა ადამიანმა, დემეტრიუს ფალერსკიმ;
ამისგან განსხვავებით, ჩვენი სახელმწიფო შექმნილია არა ერთი ადამიანის, არამედ ბევრი
ადამიანის გონებით და არა ერთი ადამიანის სიცოცხლის პერიოდში, არამედ საუკუნეების
და რამდენიმე თაობის სიცოცხლის განმავლობაში; რადგან, ამბობდა კატონი, არასდროს
უარსებია ისეთი ნიჭიერებით დაჯილდოებულ ადამიანს, რომელსაც არაფერი
გამოეპარებოდა; შეუძლებელია, რომ ერთ ადამიანში თავმოყრილი ყველა ნიჭი
გამოვლინდეს ხანგრძლივი გამოცდილების გარეშე.
(XXIII, 41) საუკეთესო სახელმწიფო წყობილებად მე მიმაჩნია ისეთი წყობილება,
რომელიც შესაბამისი ნორმების დაცვის საფუძველზე, შედგენილი იქნებოდა სამი ტიპის –
სამეფო, ოპტიმატების და ხალხის ძალაუფლებებისგან და არ წარმოშობდა ადამიანებში
სასტიკ და ბოროტ გრძნობებს.
(42) (ეს გამოსცადა კართაგენმა), რომელიც 65 წლით უფრო ძველია, რადგან დაარსდა
პირველ ოლიმპიადამდე 39 წლით ადრე. სახელგანთქმული ლიკურგეც, რომელიც უძველეს
დროში ცხოვრობდა, თითქმის ამასვე გულისხმობდა. ამგვარად, ეს წონასწორობა და სამი
ტიპის ძალაუფლებისგან შემდგარი მოცემული სახელმწიფო წყობილება, როგორც მე
მგონია, საერთო გვქონდა ჩვენ ამ ხალხებთან (იგულისხმება კართაგენი და სპარტა; ს.დ);
მაგრამ იმას, რაც ჩვენი სახელმწიფოსთვისაა დამახასიათებელი, და რაზე მშვენიერიც
14
ვერაფერი იქნება, მე, თუ შევძლებ, უფრო დეტალურად განვიხილავ. რადგან ყველა საწყისი,
რომელიც მე აქამდე აღვწერე, არსებობდა ჩვენ სახელმწიფოშიც, ლაკედემონელებთანაც,
კართაგენელებთანაც - მაგრამ არა თანაბრად. საქმე ისაა, რომ სახელმწიფოში, სადაც ერთი
რომელიმე ადამიანი უცვლელად არის აღჭურვილი ძალაუფლებით, მით უმეტეს სამეფო
ძალაუფლებით (თუმცა იქ არსებობს სენატიც, როგორც ეს რომში მეფეების დროს, ან
სპარტაში ლიკურგეს დროს), ხალხი რაიმე უფლებასაც რომ ფლობდეს (როგორც ეს იყო
ჩვენი მეფეების ხანაში), სამეფო ხელისუფლებას მაინც უფრო მეტი ძალაუფლება აქვს და
ამგვარი სახელმწიფო არ შეიძლება არ იწოდებოდეს სამეფოდ. მაგრამ სახელმწიფოს ეს ტიპი
უკიდურესად ცვალებადია იმ მიზეზით, რომ ერთი ადამიანის მანკიერებებით
საფუძველგამოთხრილი სახელმწიფო ძალიან ადვილად იღუპება. სამეფო მმართველობის
ტიპი, თავისთავად, არა მარტო არ იმსახურებს დაგმობას, არამედ სხვა სახელმწიფო
წყობილებების მარტივ ტიპებზე (რომც მომწონდეს სახელმწიფო წყობილების რომელიმე
მარტივი სახე) გაცილებით მაღლა უნდა იქნეს დაყენებული. თუმცა მხოლოდ მანამ, სანამ
ის თავის სახეს ინარჩუნებს; მაგრამ ეს ისეთი წყობილებაა, როდესაც მოქალაქეების
კეთილდღეობა, თანასწორუფლებიანობა და სიმშვიდე ყოველმხრივ ერთი ადამიანის
მუდმივი ხელისუფლების, სამართლიანობისა და სიბრძნის ხელშია. საერთოდ ხალხს,
რომელიც სამეფო ხელისუფლების ქვეშ იმყოფება, ბევრი რამ აკლია და პირველ რიგში კი
აკლია თავისუფლება. თავისუფლება ის კი არაა, რომ სამართლიანი განმგებელი ჰყავდეთ,
არამედ ის, რომ საერთოდ არ ჰყავდეთ....
(XXVI, 47) ამგვრად, ნუთუ თქვენთვის ნათელი არაა, რომ მეფე იქცა მბრძანებლად და რომ
ერთი ადამიანის გაფუჭებულობის შედეგად თავად სახელმწიფო წყობილების სახე კარგიდან
სრულიად ცუდად გადაიქცა? სწორედ ხალხზე ასეთ ბრძანებელს უწოდებენ ბერძნები ტირანს.
რადგან მეფედ ისინი მიიჩნევენ იმგვარ ადამიანს, რომელიც ზრუნავს ხალხზე როგორც მამა და
ცდილობს, შესაძლებლობის ფარგლებში უკეთესი ცხოვრების პირობები შეუქმნას მისი
მმართველობის ქვეშ მყოფთ. ეს ნამდვილად მმართველობის კარგი ფორმაა, მაგრამ მაინც,
მიდრეკილია, გადაიქცეს დამღუპველ მმართველობად, რომელიც თითქოსდა დაღმა მიექანება.
როგორც კი მეფე დაიწყებს განმგებლობას, სულ მცირე უსამართლოდ მაინც, ის მაშინვე იქცევა
ტირანად, ანუ ღმერთებისა და ხალხისთვის ყველაზე გულისამრევ, საზიზღარ და საძულველ
არსებად, რისი წარმოდგენაც კი შესაძლებელია. მართალია გარეგნულად ის ადამიანია –
მაგრამ მისი ზნე-ჩვეულებებით ყველაზე საშინელ ნადირზე უარესია; და მართლაც, ვინ
უწოდებს ადანიანს მას, ვისაც არ სურს უფლებრივი თანასწორობა ან რაიმე სახის
15
გაერთიანება ჰქონდეს ადამიანური ურთიერთობების კუთხით არც თავის
თანამოქლაქეებთან და საერთოდ, არც კაცობრიობასთან?
(XXVIII, 50) ამგვარად, არაა მყარი იმ ხალხის ბედი, როდესაც ის, როგორც მე უკვე
ვთქვი, დამოკიდებულია ერთი ადამიანის ნებაზე, უფრო სწორად, გემოვნებაზე.
(XXIX, 51) ამგვარად, დაე, ეს იყოს პირველი ფორმა, პირველი სახე და პირველწყარო
ტირანიისა, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ იმ სახელმწიფოში, რომელიც დააარსა
რომულუსმა.

(XXX, 52) პლატონმა საჭიროდ ჩათვალა და შექმნა უფრო ისეთი სახელმწიფო,


რომელიც სასურველია რომ არსებობდეს, ვიდრე ისეთი, რომელიც შეიძლებოდა
შექმნილყო. მე, თუკი ამას შევძლებ, შევეცდები ვიხელმძღვანელო პლატონის მიერ
შემოთავაზებული საფუძვლებით და არა ზოგადი მონახაზით ან საზოგადოებრივი
გაერთიანების დახატვით, არამედ უზარმაზარი სახელმწიფოს მაგალითზე განვიხილავ
ყველა საზოგადოებრივი სიკეთისა და სიბოროტის მიზეზს.
(XXXII 56) ამგვარად, იმ პერიოდში სენატი განაგებდა სახელმწიფოს და მართალია,
ხალხი კი იყო თავისუფალი, მაგრამ ხალხის ნებით ცოტა საქმე აღესრულებოდა, ხოლო
საქმეთა დიდი ნაწილი სენატის გადაწყვეტილებებითა და დამკვიდრებული
ტრადიციებით იმართებოდა; ამასთან, მართალია კონსულების ძალაუფლება დროის
თვალსაზრისით მხოლოდ ერთი წლის ვადით განისაზღვრებოდა, თუმცა ხასიათითა და
უფლებების მხრივ - სამეფო ხელისუფლებას წააგავდა. ხოლო ის, რასაც უდიდესი
მნიშვნელობა ჰქონდა დიდებულების ძლევამოსილების გასამყარებლად, მკაცრად იყო
დაცული: სახალხო კომისიების დადგენილებები ძალაში მხოლოდ „მამათა“ მიერ
მოწონებისა და გადაწყვეტილების საფუძველზე შედიოდა. ამას გარდა, სწორედ ამ დროს,
დაახლოებით პირველი კონსულების არჩევიდან ათი წლის შემდეგ, დაინიშნა
დიქტატორიც – ტიტუს ლარციუსი, რომელიც წარმოქმნიდა სამეფო ხელისუფლების
მსგავსს და მასთან ახლოს მდგომ ძალაუფლებას. მაგრამ როგორც არ უნდა ყოფილიყო,
ყველა სახელმწიფოებრივ საქმიანობას, ხალხის თანხმობით, უმაღლესი ავტორიტეტით
განაგებდნენ სახელმწიფოს სათავეში მდგომი ადამიანები; იმ ხანაში უმამაცესი
ადამიანები, რომლებიც უმაღლესი იმპერიით აღჭურვილნი, დიქტატორები და
კონსულები – ომში საოცარ გმირობებს სჩადიოდნენ.
(XXXIII 57).... თქვენ კარგად უნდა გახსოვდეთ ის, რაც მე დასაწყისში გითხარით: თუ
სახელმწიფოში უფლებები, მოვალეობები და უფლება-მოსილებები თანასწორად არაა
16
გადანაწილებული - საკმარისი ძალაუფლება არ აქვთ მაგისტრატებს, ხელისუფლების
სათავეში მყოფ საბჭოში შემავალ ადამიანებს - საკმარისი გავლენა, ხოლო ხალხს კი -
საკმარისი თავისუფლება, მაშინ ასეთი სახელმწიფო წყობილება ვერ შენარჩუნდება
უცვლელად. რადგან იმ ხანაში, როდესაც მოქალაქეებს შორის მღელვარება დაიწყო
ვალების გამო, თავიდან პლებსმა დაიკავა წმინდა მთა, ხოლო შემდეგ კი ავენტინის გორა.
ლიკურგეს მიერ დამყარებულმა წესრიგმაც კი ვერ შეაკავა ბერძნები ლაგამამოდებულ
მდგომარეობაში. რადგან სპარტაშიც კი, ფეოპომპის მეფობის დროს, დაინიშნა ხუთი კაცი,
რომლებსაც ბერძნები ეფორებს უწოდებენ, კრეტაში – ათი კოსმო, (ასე უწოდებენ მათ).
როგორც პლებეელი ტრიბუნების ამოცანა იყო კონსულთა ძალაუფლების შეკავება, ისე ამ
თანამდებობებზე მყოფი ადამიანების ამოცანას წარმოადგენდა სამეფო თვითნებობის
შეკავება.
(XXXIV, 59) ვალების დიდი ტვირთის ქვეშ მყოფ ჩვენ წინაპრებს, შესაძლოა ჰქონდათ
კიდეც ესა თუ ის საშუალება მევალეების დასახმარებლად. ასეთი მეთოდი არც თუ დიდი
ხნით ადრე, მხედველობიდან არ გამოპარვია ათენელ სოლონს. ხოლო რაღაც პერიოდის
მერე - არც ჩვენს სენატს, როდესაც ერთი ადამიანის თვითნებური მოქმედებების გამო
წარმოქმნილი მღელვარებების გამო მოქალაქეების ყველა კაბალური ვალდებულება
გაუქმდა, ხოლო შემდგომში კი ვალდებულების ეს ფორმა საერთოდ გააუქმეს.
ყოველთვის, როდესაც პლებსი სახელმწიფოს თავსდატეხილი უბედურებების გამო
დაწესებული მძიმე გადასახადების შედეგად კიდევ უფრო გაღატაკებულ მდგომარეობაში
აღმოჩნდებოდა, ცდილობდა შეემსუბუქებინა საკუთარი მდგომარეობა და საერთო
კეთილდღეობისთვის დახმარებაც მოეპოვებინა; მაგრამ, რადგან მაშინ ეს მეთოდი არ
გამოუყენებიათ, ამან ხალხს საბაბი მისცა, შეემცირებინა სენატის ძალაუფლება და
მნიშვნელობა აჯანყების გზით - აირჩია რა ორი პლებეი ტრიბუნი. თუმცა, სენატის
მნიშვნელობა მაინც სერიოზული და დიდი რჩებოდა, რადგან სახელმწიფოს იარაღითა და
თავისი ბრძნული გადაწყვეტილებებით უჭკვიანესი და უმამაცესი ადამიანები იცავდნენ;
მათი ავტორიტეტი ზენიტში იყო, რადგან ისინი, დიდად აღემატებოდნენ რა სხვა
ადამიანებს თავიანთი საპატიო მდგომარეობით – ნაკლებად ესწრაფოდნენ განცხრომას და
სხვებზე მაღლა იდგნენ თავიანთი წარმომავლობით. ამასთან, თითოეული მათგანის მიერ
სახელმწიფოებრივ საქმიანობაში გამოჩენილი სიქველე კიდევ უფრო მოსწონდათ
ადამიანებს, რადგან კერძო ცხოვრებაში ისინი მზრუნველად უჭერდნენ მხარს
თანამოქალაქეებს საქმით, რჩევითა და ფულით.
17
(XXXV, 60) სახელმწიფოში არსებული მსგავსი მდგომარეობის პირობებში სპურიუს
კასიუსმა, ხალხში გასაოცრად გავლენიანმა ადამიანმა, მოინდომა სამეფო ხელისუფლების
ხელში ჩაგდება. ის ამაში კვესტორმა დაადანაშაულა და როგორც ყველამ იცით, მას შემდეგ
რაც სპურიუს კასიუსის მამამ განაცხადა, რომ მან დაადგინა შვილის ბრალეულობა,
კვესტორმა, ხალხის თანხმობით, სპურიუსი სიკვდილით დასაჯა. შემდგომში, კონსულები
სპურიუს ტარპეუსი და აბელ ატერნიუსი პირველი კონსულობიდან დაახლოებით 54
წლის შემდეგ ცენტურიის კომიციებში ატარებენ ხალხისთვის სასარგებლო კანონს
ფულადი ჯარიმებისა და სასამართლო გირაოს შესახებ. ოცი წლის შემდეგ, იმის
გათვალისწინებით, რომ ცენზორებმა ლუციუს პაპირიუსმა და პუბლიუს პინარიუსმა
ჯარიმების დაწესებით კერძო პირებს ბევრი მსხვილფეხა საქონელი ჩამოართვეს და
სახელმწიფო საკუთრებაში გადასცეს, კონსულების გაიუს იულიუსის და პუბლიუს
პაპირიუსის კანონების საფუძველზე შემოღებულ იქნა საქონლის იაფიანი შეფასება
გადასახადის დაწესებისას.

(XXXVI, 61) მაგრამ რამდენიმე წლით ადრე, როდესაც სენატს უმაღლესი ავტორიტეტი
ჰქონდა, ხოლო ხალხი მას ეთანხმებოდა და ემორჩილებოდა, მიღებულ იქნა
გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ კონსულებსა და პლებსიდან არჩეულ ტრიბუნებს
უარი ეთქვათ თავიანთ მაგისტრატურებზე და აერჩიათ დეცემვირები, რომლებიც უდიდესი
ძალაუფლებით იქნებოდნენ აღჭურვილნი და თავისუფალნი იქნებოდნენ შესაძლო
პროვოკაციებისგან და რომ მათ უნდა ჰქონოდათ უმაღლეს ძალაუფლება და დაედგინათ
კანონები. მას შემდეგ, რაც მათ უჩვეულო სამართლიანობითა და გამჭრიახობით შეადგინეს
კანონთა ათი დაფა, მათ ჩაატარეს სხვა დეცემვირების არჩევნები მომდევნო წელს, მაგრამ ამ
უკანასკნელთა არც პატიოსნება და არც სამართლიანობა აღარ იყო ისეთივე საქებარი.

(XXXVII, 62) დადგა დეცემვირატის მესამე წელი. რჩებოდნენ იგივე დეცემვირები,


რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ სხვათა არჩევას მათ ნაცვლად. სახელმწიფოში მსგავსი
მდგომარეობა, რაც, მე უკვე არაერთხელ აღვნიშნე არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს,
რადგანაც მოქალაქეთა ყველა ფენას არ ეძლევა თანაბარი უფლებები. მთელი ძალაუფლება
დაწინაურებულ ადამიანთა ხელში აღმოჩნდა, რადგან სახელმწიფოს სათავეში იდგნენ
ყველაზე გამოჩინებული დეცემვირები. მათ საპირწონედ არ დაუპირისპირეს პლებსიდან
არჩეული ტრიბუნები. დეცემვირებთან ერთად არ არსებობდნენ არანაირი სხვა
მაგისტრატები და არ იყო შენარჩუნებული ხალხისადმი პროვოკაციის (მიმართვის)
უფლება, როცა მოქალაქეს ემუქრებოდა სიკვდილით დასჯა ან გაროზგვა.
18
(63) და აი, დეცემვირების უსამართლობის მოულოდნელად დაიწყო მძლავრი რყევები
და მოხდა სრული სახელმწიფოებრივი გადატრიალება. რადგან დეცემვირებმა, მიუმატეს
რა არსებულ კანონთა დაფებს უსამართლო კანონების ორი დაფა, არაადამიანური კანონით
აკრძალეს პლებსის წარმომადგენლებსა და „მამების“ წარმომადგენლებს შორის
ქორწინებები მაშინ როცა, როგორც წესი, დაშვებულია უცხოტომელებთან ქორწინებაც კი
(ეს კანონი მოგვიანებით გაუქმდა კანულეევის პლებისციტის საფუძველზე) და ფლობნენ რა
ძალაუფლებას, სრული თვითნებობის პირობებში მართავდნენ ხალხს სასტიკად და
მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

(XXXVIII,64) როდესაც სციპიონმა დაასრულა და ყველა მდუმარედ ელოდებოდა მისი


საუბრის გაგრძელებას, ტუბერონმა თქვა:
რადგანაც აქ მყოფებმა, რომლებიც ჩემზე უფროსები არიან, არაფერი გკითხეს, ნება
მომეცი გითხრა, რა ვერ დავინახე მე შენს თხრობაში.
დიახ, რა თქმა უნდა – უპასუხა სციპიონმა – მე დიდი სიამოვნებით მოგისმენ.
ტუბერონი: შენ შეაქე, როგორც მე მომეჩვენა, ჩვენი სახელმწიფო, თუმცა ლელიუსი შენ
გეკითხებოდა არა ჩვენს სახელმწიფოზე, არამედ, ზოგადად, სახელმწიფოზე. მაგრამ მე
მაინც, ვერ გავიგე შენი სიტყვებიდან, რა წესრიგით, რა ჩვეულებებით ან უმჯობესია თუ
ვიტყვით, რა კანონებით შეგვიძლია შევინარჩუნოთ ის სახელმწიფო, რომელსაც შენ
ადიდებ.

მეორე დღე
წიგნი III
რადგან ამ საკითხის განხილვა მეორე დღისთვის გადაიდო, მისი მესამე წიგნში
განხილვამ გაცხოველებული კამათი გამოიწვია. თავად ფილიუსმა, გააფრთხილა რა
თავიდანვე, რომ ეს მოსაზრება კონკრეტულად მას არ უნდა მიეწეროს, გადმოსცა მათი
შეხედულებები ვინც თვლის, რომ სახელმწიფოს მართვა უსამართლობების ჩადენის გარეშე
შუძლებელია; ვინც დაჟინებით იცავს უსამართლობას სამართლიანობის საწინააღმდეგოდ
იმ მოსაზრებებიდან გამომდინარე, რომელიც ჭეშმარიტებას წააგავს და მაგალითის
საფუძველზე ცდილობენ აჩვენონ, რომ პირველი მათგანი სახელმწიფოსთვის სასარგებლოა,
მეორე კი – უსარგებლო. შემდეგ, ყველა დამსწრის თხოვნის საფუძველზე, ლელიუსმა
დაიწყო სამართლიანობის დაცვა და ყოველმხრივ იმის მტკიცება, რომ არაფერია
სახელმწიფოსთვის იმაზე მტრული, ვიდრე უსამართლობა და რომ, ზოგადად, სახელმწიფო
19
შეიძლება იმართებოდეს, უფრო სწორად, ნარჩუნდებოდეს მხოლოდ დიდი
სამართლიანობის საფუძველზე. იმის შემდეგ, რაც საერთო მოსაზრებით, ეს საკითხი
საკმარისად განიხილეს, სციპიონი დაუბრუნდა იმას, რაზეც გაჩერდა. გაიმეორა და
შესთავაზა სახელმწიფოს მისეული მოკლე განმარტება, რასაც მან „ხალხის მონაპოვარი“
უწოდა. მაგრამ ხალხი, მისი აზრით, არა ადამიანთა ნებისმიერი სიმრავლე, არამედ
სამართლის, უფლებების შესახებ თანხმობითა და ინტერესთა საერთოობით გაერთიანებულ
ადაამიანთა ერთობაა. შემდგომ მან აჩვენა, როგორი სასარგებლოა საკითხზე მსჯელობისას
„განსაზღვრებები“ და მისი ამ განსაზღვრებების საფუძველზე მან გამოიტანა დასკვნა, რომ
სახელმწიფო, უფრო სწორად, „ხალხის მონაპოვარი“ არსებობს მაშინ, როდესაც მას
სამართლიანად და კარგად მართავს ან ერთი მეფე, ან მცირე რაოდენობის ოპტიმატები ან
მთელი ხალხი. მაგრამ, როდესაც მეფე უსამართლოა, რომელსაც სციპიონმა ბერძნული
ტრადიციის მიხედვით, ტირანი უწოდა, ან უსამართლონი არიან ოპტიმატები, რომელთა
შეთქმულებასაც მან ხროვა უწოდა, ან უსამართლოა თავად ხალხი, რომელსაც მან, ვერ
მოუნახა რა შესაფერისი სახელი, ასევე უწოდა ტირანი – სახელმწიფო არა მარტო მანკიერია,
(რაზეც წინა დღეს მსჯელობდნენ), არამედ, როგორც ამას მოყვანილი განსაზღვრებებიდან
გამოტანილი დასკვნა უჩვენებს – ის საერთოდ აღარ არსებობს. ის უკვე ხალხის მონაპოვარი
აღარაა, რადგან ხელში ჩაიგდო ტირანმა ან ხროვამ; და თავად ხალხიც ასეთ შემთხვევაში
უკვე ხალხი აღარაა, რადგან ის არაა სამართლიანი; ეს უკვე აღარაა სამართლის თაობაზე და
საერთო ინტერესების საფუძველზე გაერთიანებულ ადამიანთა სიმრავლე.
ფილი: (VII, 10) ფილოსოფოსთა დიდი ნაწილი, განსაკუთრებით კი პლატონი და
აროისტოტელე, ბევრს საუბრობდნენ სამართლიანობაზე, ადიდებდნენ რა მას როგორც
დიდად საქებარ ჭეშმარიტებასა და ღირსებას, რადგან იგი ყველას მიაგებს კუთვნილს და
ინარჩუნებს თანასწორობას. და ამასთან, მაშინ როდესაც სხვა სიქველეები თითქოსდა
უჩუმარი და თავისთავში ჩაკეტილია, სამართლიანობა ერთადერთი სიქველეა, რომელიც
არაა დაფარული. ის ყველგან და სრულად ვლინდება და მიდრეკილია კარგი საქმეებისკენ,
რათა რაც შეიძლება უფრო დიდი სარგებელი მოიტანოს. თითქოსდა სამართლიანობა უნდა
ახასიათებდეს მხოლოდ მოსამართლეებსა და გარკვეული ძალაუფლებით აღჭურვილ
ადამიანებს და არა სხვებს! ამასთან, თვით ყველაზე უმნიშვნელო და ღატაკ ადამიანებს
შორისაც კი არ არსებობს ისეთი, რომელიც ვერ შეძლებდა სამართლიანობასთან ზიარებას.
მაგრამ რადგანაც მათ არ იცოდნენ, თუ რას წარმოადგენდა ის, საიდან
წარმოიქმნებოდა და რა იყო მისი დანიშნულება – მათ ეს საერთო სიკეთე
20
გამოაცხადეს მცირეთა ხვედრად და განაცხადეს, რომ ის არ ემსახურება საკუთარ
ინტერესებს და მხოლოდ უცხოთა სარგებელს უწყობს ხელს.
(XI, 18) ბუნებას თავად რომ დაედგინა ჩვენთვის სამართალი, ყველა ადამიანი
ისარგებლებდა ერთი და იმავე კანონებით და ერთი და იგივე ადამიანები სხვადასხვა
დროებაში სხვადასხვა კანონით არ ისარგებლებდნენ. მაგრამ მე ვკითხულობ: თუ
სამართლიანი ადამიანისა და პატიოსანი კაცის ვალი კანონთა მორჩილებაა, მაშინ -
როგორი კანონების მორჩილება? ნებისმიერი გამოცემული კანონის? მაგრამ სიქველე
ხომ არ მიიღებს ცვალებადობას, ხოლო ბუნება ვერ იტანს მერყეობას; კანონები კი
ნარჩუნდება სასჯელით და არა სამართლიანობის ჩვენეული გრძნობით. ამგვარად,
სამართალი არაფერს შეიცავს თავის თავში ბუნებრივს. აქედან გამომდინარეობს, რომ
არ არსებობენ არც ბუნებისგან თანდაყოლილი სამართლიანი ადამიანები. ან იქნება
სამართალი, როგორც ჩვენ გვეუბნებიან, არის ცვალებადი, მაგრამ პატიოსანი
ადამიანები თავიანთი ბუნებრივი თვისებებიდან გამომდინარე, მისდევენ იმ
თავისუფლებას, რომელიც სინამდვილეში არსებობს და არა იმას, რომელიც ასეთად
ითვლება? პატიოსანი და სამართლიანი ადამიანის მოვალეობა ხომ
თითოეულისთვის საკადრისის მიგებაა!
ნებისმიერი სამეფო ხელისუფლება ან იმპერია, თუ არ ვცდები, მოიპოვება ომის
გზით და ვრცელდება გამარჯვებების საშუალებით. მაგრამ ომები და გამარჯვებები,
ძირითადად, ქალაქების ხელში ჩაგდებასა და ნგრევაზეა დამყარებული. ეს ქმედებები
გარდაუვლად დაკავშირებულია ღმერთების შეურაცხყოფასთან, ასვე ქალაქის
კედლებისა და ტაძრების დანგრევასთან. მას ასევე თან სდევს მოქალაქეებისა და
ქურუმების განადგურება, ტაძრების საგანძურის და საეროთა ქონების მოსპობაც.
შესაბამისად, რომაელებმა იმდენივე ღვთისგმობა ჩაიდინეს, რამდენი გამარჯვებაც
მოიპოვეს. ღმერთებზე გამარჯვების აღსანიშნავი ტრიუმფი მათ იმდენჯერვე
აღნიშნეს, რამდენჯერაც ხალხებზე გამარჯვება. ...
(22) ყოველთვის და ყველაფერში სამშობლოს კეთილდღეობას მიენიჭოს
უპირატესობა. არ მიექცეს რა ყურადღება ადამიანურ განხეთქილებებს – ეს წესი
ყოველგვარ აზრს კარგავს; და მართლაც, სხვა რაა სამშობლოს სარგებელი, თუ არა
უსარგებლო რამ სხვა სახელმწიფოსთვის ან სხვა ხალხისთვის? ეს ნიშნავს სამშობლოს
საზღვრების გაფართოებას ძალადობრივად, სხვისი მიწების ხელში ჩაგდების გზით,
საკუთარი ძალაუფლების გამყარებით, დიდი ხარკის აკრეფით. (23) იმას, ვინც ასეთი
21
გზით მოიპოვებს სამშობლოსთვის „სიკეთეებს“, როგორც მას უწოდებენ, ანუ
სახელმწიფოთა განადგურებითა და ხალხების ამოწყვეტით გაავსებს ხაზინას
ფულით, ხელში ჩაიგდებს მიწებს, გაამდიდრებს თანამოქალაქეებს – ცამდე აიყვანენ
და მასში დაინახავენ უმაღლეს და სრულყოფილ სიქველეებს. ასეთია არა მარტო
ხალხისა და გამოუცდელი ადამიანების გზააბნეულობა, არამედ ფილოსოფოსებისაც,
რომლებიც გვასწავლიან კიდეც როგორ ჩავიდინოთ უსამართლობა, რათა უგუნურება
და ბოღმა არ იყოს უსაფუძვლო და ავტორიტეტს მოკლებული.
(XV) კეთილგონიერება გვკარნახობს, რომ ყველა საშუალებით გავზარდოთ
ჩვენი მონაპოვარი, სიმდიდრე, განვავრცოთ საზღვრები. და მართლაც, სხვა რა
საფუძველი ექნებოდა გამოჩენილი იმპერატორების ძეგლებზე ისეთი სადიდებელი
სიტყვების ამოტვიფრას, როგორიცაა „სახელმწიფოს საზღვრები გააფართოვა მან“ –
მას (იმპერატორს ს.დ) რომ არ მიემატებინა სხვათა მიწების გარკვეული ნაწილი?, რაც
შეიძლება დიდი რაოდენობის ადამიანებზე ვიბატონოთ, დავტკბეთ, ვფლობდეთ
ძალაუფლებას, ვმართავდეთ და ვბრძანებლობდეთ. პირიქით, სამართლიანობა
გვასწავლის ყველას დანდობას, ადამიანებზე ზრუნვას, თვითოეულისთვის
საკადრისის მიზღვას, გვასწავლის, არ მივეკაროთ ღმერთებისთვის კუთვნილ
არანაირ ნივთს, სახელმწიფოს ან სხვის საკუთრებას; და რას მიაღწევ, რომ მისდიო
კეთილგონიერების მოცემულ იდეას? სიმდიდრეს, ძალაუფლებას, ქონებას, პატივს,
იმპერიას, სამეფო ძალაუფლებას როგორც კერძო პირების, ასევე ხალხებისთვის.
მაგრამ რადგანაც ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფოს შესახებ, ჩვენთვის უფრო
თვალნათელია ის, რაც მისი სახელით ხდება და რადგან სამართლის არსი ორივე
შემთხვევაში ერთი და იგივეა, ჩემი აზრით, უპრიანია ხალხის კეთილგონიერებაზე
საუბარი. სხვა ხალხების შესახებ ლაპარაკს მე არ დავიწყებ. ჩვენი ხალხი კი, რომლის
წარსულიც გუშინდელი საუბრისას პუბლიუს აფრიკელმა სულ თავიდანვე
დაგვიხატა და რომლის სამფლობელოც უკვე მთელ მსოფლიოზე გავრცელდა - რის
საფუძველზე იქცა ის უმნიშვნელოდან უდიდესად – სამართლიანობის თუ
კეთილგონივრულობის?

(XVII, 28) ფილ: ის, რაც სამართლიანია ცალკეული ადამიანების მიმართ,


სამართლიანია ცალკეული ხალხის მიმართაც: არ მოიძებნება ისეთი უგუნური
სახელმწიფო, რომ მას უსამართლოდ მბრძანებლობა სამართლიანად მონობაში
ყოფნას არ ერჩივნოს. ამაზე შორს მე არ წავალ.
22
სციპიონი: შესაბამისად, შენ გესმის, რომ ასეთი სახელმწიფოც კი, რომელიც
ხროვის ძალაუფლების ხელშია, სრულიად სამართლიანად, ვერ იქნება სახელმწიფოდ
წოდებული.
(XXXIII, 45) სციპიონი: ახლა გადავდივარ სახელმწიფოს მესამე ტიპზე. რომლის
განხილვისასაც სავარაუდოდ, სირთულეები წარმოიქმნება. როდესაც ხალხი, როგორც
იტყვიან, განაგებს ყველაფერს და მის ძალაუფლებაშია ყველაფერი, როდესაც ბრბო
სიკვდიდლით სჯის ყველას, ვისაც მოუნდება, როდესაც ადამიანებს სდევნიან,
ძარცვავენ, ხელში იგდებენ და ფეხქვეშ თელავენ ყველაფერს, რასაც მოისურვებენ –
განა შეგიძლია შენ, ლელიუს, მაშინაც კი უარყო, რომ ეს სახელმწიფოა, რადგან
ყველაფერი ეკუთვნის ხალხს, რამდენადაც ჩვენ შევთანხმდით, რომ სახელმწიფო ესაა
„ხალხის მონაპოვარი?“

(XXXIV, 46) სციპიონი: ასე რომ ოპტიმატების შესახებაც იმავეს თქმა შეიძლება,
რაც სამეფო ხელისუფლებაზე – რატომაა მათი მმართველობა სახელმწიფო და
„ხალხის მონაპოვარი“?

(XXXIV, 47) სციპიონი: ვიცი მე, სპურიუს, რომ შენ სახალხო მმართველობის
წინააღმდეგი ხარ. მართალია, მისი ატანა უფრო ადვილია, ვიდრე ეს შენ მიგაჩნია, მე
მაინც გეთანხმები, რომ სახელმწიფოს სამი წყობილებიდან ეს ფორმა ყველაზე ნაკლებ
მოწონებას იმსახურებს. მაგრამ მე არ გეთანხმები შენ იმაში, რომ ოპტიმატების
მმართველობა სამეფო მმართველობას სჯობია. თუ სახელმწიფოს მართავს სიბრძნე,
რა განსხვავებაა ეს იქნება ერთი კაცის სიბრძნე თუ რამდენიმე კაცისა? მაგრამ ჩვენ,
ამგვარი მსჯელობისას გარკვეული შეცდომის მსხვერპლნი ვხდებით. როდესაც მათ
ოპტიმატებს უწოდებენ, მათი ძალაუფლება ხომ საუკეთესო გვეჩვენება.

მეორე დღე
წიგნი 4
(XXXIV, 5) სოკრატეს მოწაფე, პლატონმა, რომელსაც ტულიუსი ფილოსოფოსთა
ღმერთს უწოდებს და რომელიც თავის ფილოსოფიაში სხვებზე მეტად მიუახლოვდა
ჭეშმარიტებას, მაინც, არ იცნობდა რა ღმერთებს, ბევრ რამეში დაუშვა დიდი
შეცდომები და იმაზე მეტად ცდებოდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა. პირველ რიგში კი
იმაში, რომ სახელმწიფოსადმი მიძღვნილ საკუთარ ნაშრომებში ის მოითხოვდა

23
ყველასთვის ყველაფრის საერთოობას. რაც შეეხება ქონებას, ეს კიდევ ასატანია,
თუმცა უსამართლოა. რადგან არავისთვის საზიანო არაა თუ ადამიანს მისი
გულმოდგინების შედეგად მეტი აქვს და არც ისაა ვინმესთვის სასარგებლო, თუ მას
ისევ თავისივე გამო – ნაკლები აქვს. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ამის ატანა კიდევ
შესაძლებელია. მაგრამ ცოლები და შვილებიც საერთო უნდა იყოს? მაშინ არ
იარსებებდა არანაირი სისხლისმიერი განსხვავება, არ იქნებოდა არცერთი გვარი,
ოჯახი, ნათესაობა, თვისებები. არა, ყველაფერი აღირეოდა და გაურკვეველი
იქნებოდა, როგორც ეს საქონლის ჯოგშია. მამაკაცებს აღარ ექნებოდათ თავშეკავება,
ქალებს – კეთილგონიერება. როგორ იქნებოდა შესაძლებელი ცოლ–ქმრული
სიყვარული, როდესაც მათში არ იარსებებდა გარკვეული და განსაკუთრებული
ურთიერთგანწყობები? ვინ დაიწყებს მამის პატივისცემას, როდესაც არ ეცოდინება
საკუთარი წარმომავლობა? ვის ეყვარება შვილი, რომელიც სხვისად მიაჩნია? უფრო
მეტიც, პლატონმა ქალებს კურიაში ყოფნის უფლებაც მისცა, ასევე სამხედრო საქმეში,
მაგისტრატურასა და იმპერიაში მონაწილეობისაც. რა უბედური იქნება ქალაქი, სადაც
ქალები მიითვისებენ კაცების ვალდებულებებს!
ჩვენი პლატონი ლიკურგეზე შორს წავიდა. ის ხომ ითხოვს, რომ ყველაფერი
საერთო იყოს, რათა არცერთ მოქალაქეს არ შეეძლოს რაიმეს საკუთრებად ან კერძო
მფლობელობად დასახელება.

მესამე დღე
წიგნი 5

(VI, 8) სციპიონი: როგორც მესაჭისთვის მშვიდობიანი ცურვა, ექიმისთვის


ჯანმრთლობა, იმპერატორისთვის – გამარჯვება, ასევე სახელმწიფოს
მმართველისთვის მოქალაქეების ბედნიერი ცხოვრება არის მიზანი, რათა ისინი
უზრუნველოფილ იყვნენ ცხოვრებისთვის საჭირო საშუალებებით, მდიდრები –
სიუხვით და პატივსაცემნი – სიქველით.

24
სციპიონის სიზმარი

როდესაც აფრიკაში ჩავედი კონსულ მანიუს მანილიუსის ხელქვეითად და, როგორ


მოგეხსენებათ, მეოთხე ლეგიონის სამხედრო ტრიბუნად, ყველაზე მეტად მეფე მასინისას ნახვა
მსურდა, რომელსაც სავსებით საფუძვლიანად, ახლო მეგობრობა აკავშირებდა ჩვენს ოჯახთან.
როგორ კი ვეწვიე, ბერიკაცი გადამეხვია და თვალზე ცრემლი მოადგა; მერე ზეცას ახედა და
თქვა: „მადლობას ვწირავ მაღალ მზეს და ზეცის დანარჩენ მკვიდრთაც, რადგანაც ვიდრე ამ
ქვეყანას დავუტევებდე, საშუალება მომცეს ჩემს სამეფოში და იმ ჭერქვეშ მეხილა პუბლიუს
კორნელიუს სციპიონი, ვისი სახელის ხსენებაც კი, მხნეობას მმატებს. ჩემს სულში ხომ არასოდეს
წაშლილა იმ დიდებული და უძლეველი კაცის ხსოვნა“. შემდეგ მისი სამეფოს ამბავი ვკითხე, მან
ჩვენი რესპუბლიკის ვითარება გამომკითხა და მთელი ეს დღე გულითად საუბარში გავატარეთ.
მას შემდეგ რაც მეფურად მიმასპინძლა, გვიან ღამემდე შევუყევით საუბარს. ბერიკაცი
მხოლოდ პუბლიუს კორნელიუს აფრიკელზე ლაპარაკობდა და არა მარტო მის საქმეებს, მისსავ
სიტყვებსაც იხსენებდა. ბოლოს, როცა გამომშვიდობებისა და მოსვენების ჟამმა მოაწია,
მგზავრობითა და ღამის თევით დაღლილს უფრო ღრმად ჩამეძინა, ვიდრე მჩვეოდა. ძილში,
ეტყობა, იმის შედეგად, რაზედაც ვსაუბრობდით (აკი სიფხიზლეში ნათქვამი და ნაფიქრალი
რაღაც იმდაგვარს იწვევდნენ ძილში, რასაც ენიუსი წერს ჰომეროსზე, ვისზედაც, ალბათ
სიფხიზლეში ხშირად ფიქრობდა და ლაპარაკობდა), - აფრიკელი გამომეცხადა, რომელსაც მისი
გამოსახულების მიხედვით უკეთ ვიცნობდი, ვიდრე მისი ნამდვილი სახით. როცა ვიცანი, ვინც
იყო, შიშმა ამიტანა, მაგრამ მან მითხრა: „მხნედ იყავ, სციპიონ, განდევნე შიში და დაიხსომე,
რასაც გეტყვი”.
თუ ხედავ იმ ქალაქს, მე რომ ვაიძულე დამორჩილებოდა რომაელ ხალხს, მაგრამ ახლა
უწინდებურად ომის გზას ირჩევს, რადგან მშვიდად ყოფნა არ შეუძლია? (ამასთან, ის მაღალი და
ვარსკვლავებით მოჭედილი, ნათელი და სხივმფინარე ადგილიდან მიჩვენებდა კართაგენს).
ახლა კი შენ ლამის უბრალო ჯარისკაცად მოვლენილხარ აქაურობას, რათა იერიში მიიტანო ამ
ქალაქზე. ორ წელიწადში, როგორც კონსული, მიწასთან გაასწორებ მას და კიდევაც დაიმსახურებ
იმ მეტსახელს, რომელიც დღემდე მემკვიდრეობით გრგებია ჩემგან. კართაგენის დაქცევის
შემდეგ, რაც შენი ტრიუმფით დაგვირგვინდება, ცენზორი გახდები და ლეგატად ეწვევი
ეგვიპტეს, სირიას, აზიასა და საბერძნეთს, მერე, კი შენდა დაუსწრებლად, მეორედ აგირჩევენ
კონსულად, უსასტიკეს ომს მოიგებ და ნაცარტუტად აქცევს ნუმაციას. მაგრამ როდესაც ეტლით
25
შეგრიალდები კაპიტოლიუმში, ჩემი შვილიშვილის, ზრახვებით ამტუტებულს ჰპოვებ
რესპუბლიკას.
და აქ შენ, აფრიკელო, უნდა უჩვენო სამშობლოს შენი სიმამაცის, სიბრძნისა და
გონიერების ნათელი. მაგრამ მე თითქოს ორმაგ გზას ვხედავ, ბედისწერის მიერ საიმდროისოდ
განსაზღვრულს. როცა შენს სიცოცხლეში რვაჯერ იხილავ ცის ერთისა და იმავ წერტილში მზის
შვიდ მოქცევას, და როცა ეს ორი რიცხვი, სხვადასხვა მიზეზის ძალით სრულ რიცხვად
მიჩნეული, თავისი ბუნებრივი სვლით გაასრულებს ბედისწერის მიერ შენთვის დასაზღვრული
წლების სათვალავს, მხოლოდ შენკენ, მხოლოდ შენი სახელისკენ მოიქეცევა მთელი ქალაქი:
სენატიც და ყველა კეთილი მოქალაქეც, მოკავშირეებიც და ლათინებიც შენკენ მზირალნი
მხოლოდ შენ მიგიჩნევენ სახელმწიფოს კეთილდღეობის ერთადერთი მხსნელად, და შენ,
დიქტატორმა, უნდა აღადგინო საზოგადოებრივი წესრიგი, თუკი შეძლებ თავი დააღწიო შენი
ახლობლების უკეთურ ხელს.
აქ ლელიუსს სიმწრის ყვირილი აღმოხდა და დანარჩენებმაც ერთხმად ამოიგმინეს,
მაგრამ სციპიონმა ალერსიანი ღიმილით შეაჩერა ისინი: „გევედრებით, ნუ გამაღვიძებთ; ყური
მიდგეთ და ბოლომდე მოისმინეთ ჩემი საქთმელი“.
მაგრამ ესეც უნდა იცოდე, სციპიონ, - განაგრძო აფრიკელმა, - რათა უფრო მხნედ
ემსახურო რესპუბლიკას: ყველას, ვინც დაიცვა სამშობლო, შეეწია მის კეთილდღეობას და
განავრცო მისი საზღვრები, გარკვეული ადგილი აქვს მიჩენილი ცაში, მარადიული სიცოცხლისა
და უხრწნელი ნეტარებით ტკბობის ადგილი. რადგან არაფერი ისეთ სიამეს არა ჰგვრის უზენაეს
ღვთაებას, სამყაროსა და ყოველივე იმის გამრიგეს, რაც ხდება დედამიწაზე, როგორც
სამართლით შეკრულ-შედუღაბებულ კაცთა ერთობა, რასაც სახელმწიფოს ვუწოდებთ ჩვენ,
რომლის მმართველნიც და მფარველნიც, აქედან წასვლის შემდეგ, აქაურობასვე უბრუნდებიან.
მაშინ მე, შეძრწუნებულმა არა იმდენად სიკვდილის შიშით, რამდენადაც ჩემი
ახლობლების მზაკვრობით, ვკითხე: „შენ, თვითონ მამაჩემი პავლიუსი და სხვები, ვინც
მკვდრებად მიგვაჩნდა, ცოცხლები თუ ხართ-მეთქი?“ - რა თქმა უნდა; - მომიგო მან, - ყველანი
ცოცხლები ვართ, სხეულის ბორკილებიდან, როგორც პირქუში დილეგიდან თავდახსნილნი და
თავისუფალნი; სიკვდილი კი ისაა, რასაც თქვენ სიცოცხლეს უწოდებთ. ნუთუ ვერ ხედავ მამაშენ
პავლიუსს, რომელიც გიახლოვდება?“ მისი დანახვისას ღაპაღუპით წამომივიდა ცრემლები, ის კი
გადამეხვია, გადამკოცნა და თავისი ალერსით შემიშრო ცრემლი.
როცა ტირილი შევწყვიტე და ხმის ამოღება შევძელი, მამაჩემს ვკითხე: „მითხარი,
უწმინდესო და ყივლის მჯობო, თუკი სიცოცხლე სწორედ ესაა, როგორც აფრიკელისგან
26
შევიტყვე, მაშინ რაღას ვუდგავარ ამ წყეულ ქვეყნად, რატომ არ მოვეშურები თქვენკენ?“ - არა, -
თქვა მან, - სანამ ღვთაება, ვისიცაა ეს ტაძარი, რომელსაც ხედავ არ გაგათავისუფლებს შენი
სხეულის ტყვეობიდან, მანამდე არ გაგეხსნება ზეცის კარი. ადამიანები ხომ იმისთვის არიან
დაბადებულენი, რომ არ მიატოვონ დედამიწად სახელდებული ბურთი, ამ ტაძრის შუაში რომ
ხედავ; მათი სული კი იმ მარადიული ცეცხლოვანი სფეროებიდან იღებს დასაბამს, თქვენ მიერ
ვარსკვლავებად და მნათობებად რომ იწოდებიან. ეს მრგვალი, ღვთაებრივ გონთან წილნაყარი
და ღვთაების მიერვე გასულიერებული სფეროები განსაცვიფრებელი სისწრაფით ასრულებენ
თავიანთ წრებრუნვას. ასე რომ, შენ, პუბლიუს, ისევე, როგორც ყველა ღვთისმოსავმაც, სხეულის
დილეგში უნდა ამყოფოთ თქვენი სული, და მისი ნებართვის გარეშე, ვინც ეს სული გიბოძათ, არ
დაუტევოთ ადამიანური სიცოცხლე და, ამრიგად, არ უღალატოთ ღმერთის მიერ დაკისრებულ
მოვალეობას.
ხოლო შენ, სციპიონ, ისევე აღასრულე სამართლიანობა და მოიხადე შენი ვალი, როგორც
აქ მყოფმა პაპაშენმა და მე, შენმა მშობელმა, მოვიხადეთ. ეს ვალი დიდია მშობლებისა და
ახლობლების მიმართ, სამშობლოს მიმართ კი - უდიადესი. მხოლოდ ამნაირი სიცოცხლე თუ
მიგიყვანს ზეცის კარად, იმ ხალხის ხომლში, ვინც უკვე დაასრულა თავისი სიცოცხლე და ახლა,
სხეულისგან თავდახსნილი, იმ ადგილას სახლობს, რომელსაც ხედავ (სხვიც-ცისკროვანსა და
ვარსკვლავთა შორის ნათლის მფრქვეველ რკალზე მანიშნა), რომელსაც თქვენ, ბერძნების
მსგავსად გალაქტიკას უწოდებთ.
იქიდან, სადაც ვიყავი და თვალს ვერ ვწყვეტდი ამ საოცარ სანახაობას, ყველაფერი
მომნუსხველად და გამაოგნებლად მეჩვენებოდა. ასე ლამაზი და ამხელა ვარსკვლავები
არასდროს დაგვინახავს ჩვენი საცხოვრისიდან. მათ შორის ყველაზე უმცირესი, რომელიც
ყველაზე შორსაა ციდან და ყველაზე ახსლოს - ჩვენთან, ნახსენები სინათლით ნათობდა.
ვარსკვლავთა ეს გიგანტური სფეროები თავიანთი სიდიდით განუზომლად აღემატებოდნენ
დედამიწას, რომელიც მათთან შედარებით, ისე პატარა მომეჩვენა, რომ სიბრალულიც კი
ვიგრძენი ჩვენი ქვეყნის მიმართ, პაწაწინა წერტილად რომ აჩნდა დედამიწის ზედაპირს.
ვიდრე ასე დაჟინებით ვუცქერდი დედამიწას, აფრიკელმა თქვა: „როდემდე იქნება შენი
აზრი მიქცეული დედამიწისკენ? ნუთუ ვერ ხედავ ამ ღვთაებრივ ტაძარს, სადაც მოსულხარ?
ყველაფერი შეკრულია, სადაც მოსულხარ? ყველაფერი შეკრულია ცხრა წრით, ან უკეთ რომ
ვთქვათ, სფეროთი, რომელთაგანაც ერთ-ერთი, ყველა დანარჩენის მომცველი, გარეთა ციური
სფეროა; ესაა უზენაესი ღმერთი, რომელიც მოიცავს ყველა დანარჩენს. სწორედ მასზე არიან
მიმაგრებული უძრავი ვარსკვლავები, მარადიულად რომ ბრუნავენ. მის ქვემოთ კი შვიდი
27
სფეროა, რომელთა უკუქცევითი მოძრაობა საპირისპიროა ციური სფეროს მოძრაობისა. ერთ-
ერთია სფეროს მფლობელი პლანეტა, რომელსაც სატურნს უწოდებენ დედამიწაზე. მისი
მომდევნოა ვარსკვლავი, იუპიტერად სახელწდებული, რომელსაც ჯანმრთელობა და
კეთილდღეობა მოაქვს კაცთათვის. უფრო ქვემოთ - წითლად მბრწყინავი და დედამიწისთვის
თავზარდამცემი ვარსკვლავი, რომელსაც ჩვენ მარსს ვუწოდებთ. კიდევ უფრო ქვემოთ,
დაახლოებით შუა ადგილი მზეს უჭირავს, დანარჩენ მნათობთა მეუფეს, მბრძანებელსა და
მთავარს, სამყაროს გონსა და გამრიგეს, იმდენად დიადს, რომ თავისი სხვივებით ავსებს და
ანათებს ყველაფერს. მისი თანმხლებნი არიან, ერთი მხრივ, ვენერა, ხოლო, მეორეს მხრივ,
მერკური. და ბოლოს, სულ ქვემოთა წრეზე მიმოიქცევა მზის სხივებით განათლებული მთვარე.
მის ქვემოთ კი სხვა არა არის რა, გარდა იმისა, რაც მოკვდავია და ხრწნადი, სულების
გამოკლებით, რომელიც ღმერთმა უბოძა კაცთა მოდგმას. ხოლო მთავარის ზემოთ ყველაფერი
მარადიულია. რაც შეეხება დედამიწას, ანუ მეცხრე სფეროს და სამყაროს ცენტრს, ის უძრავად
დგას ყველაზე დაბლა, და ყველაფერი რასაც წონა აქვს, მისკენ მიილტვის საკუთარი სიმძიმის
ძალით“.
ყოველივე ამის მიმართ განცვიფრებით მზირალმა გონს მოგებისთანავე ვკითხე: „კი,
მაგრამ, ეს რა ბგერებია, ასე ხმამაღალი და საამო, თავიანთი ჟღერადობით რომ ავსებენ
სასმენელს ჩემსას?“ - ეს ბგერები, - მომიგო მან, - არათანაბარი შუალედებით დაყოფილნი, მაგრამ
მაინც გარკვეული თანაფარდობით განლაგებულნი, სფეროთა შმაგი ბრუნვისგან იღებენ
დასაბამს, რაც მაღალ და დაბალ ბგერათა შერევა-შეხამების შედეგად სხვადასხვანაირ
ჰარმონიულ თანხმიერებას იწვევს. ეს უზარმაზარი სხეულები ჩუმად ხომ ვერ იმოძრავებენ და
თვით, ბუნება აწესებს იმას, რომ კიდურა სფეროთაგან ზოგი უფრო ხმამაღლა, ზოგი კი უფრო
ხმადაბლა ჟღერდეს. სწორედ ამის მიზეზის ძალით, აი, ის უზენაესი, უძრავ ვარსკვლავთა
მტვირთველი და უფრო სწრაფად მოძრავი ზეცა უფრო მაღალ და მკვეთრ ბგერებს გადმოსცემს,
მთავარის ყველაზე დაბალი სფერო კი, პირიქით - დაბალს. რიგით მერცხე დედამიწა ხომ
სამყაროს შუაშია, ერთსა და იმავე ადგილას. დანარჩენი რვა გზა, რომელთაგანაც ორი
ტოლძალია, ერთმანეთისგან შუალედებით დაყოფილ შვიდ ბგერას გადმოსცემს. ხოლო, ეს
რიცხვი თითქმის ყველა საგნის კვანძია. სიმებითა თუ სიმღერით მათი მიბაძვის შედეგად,
ცოდნით ნათელ-ფენილმა ხალხმა, ისევე როგორც ყველა მაღალმა სულმა, ადამიანურ
სიცოცხლეში ღვთაებრივ საგანთა შემეცნებას რომ მიელტვოდა, ღირსეულად დაიმსახურა კვლავ
დაბრუნებოდა იმ ადგილს, სადაც ჩვენა ვართ ამჟამად. ვისი სასმენელიც ამ ბგერებითაა სავსე,
აღარაფერი ემუქრება, რადგანაც თქვენში არ არსებობს უფრო ჩლუნგი გრძნობა, ვიდრე სმენაა.
28
ხომ მოგეხსენებათ, რომ იმ ადგილის ბინადართათვის, რომელსაც კატადუპად უხმობენ, სადაც
ნილოსი ცადაზიდული მთებიდან ღრიალით ეშვება დაბლა, გამაყრუებელ ხმაურს მთლიანად
დაუშხავს სმენა. სამყაროს შმაგი წრებრუნვით გამოწვეული ბგერების ხმიანობა იმდენად
მაღალია, რომ ადამიანისთვის ისევე შეუძლებელია მისი აღქმა, როგორც შეუძლებელია თვალი
გაუსწორო მზეს, რომელიც სხვებსაც ეწირება მაგ თქვენი მზერის სიბასრე.
მიუხედავად იმისა, რომ გაოგნებული მივჩერებოდი ყოველივე ამას, მაინც დედამიწისკენ
გამირბოდა მზერა. მაშინ აფრიკელმა თქვა: „როგორც ვხედავთ, კაცთა საცხოვრისს და
სამკვიდროს ვერასდიდებით ვერა წყვეტ თვალსა. თუ ისე პატარა გეჩვენება, როგორიცაა
სინამდვილეში, გამუდმებით უმზირე ციურ სხეულებს, დედამიწას კი ზიზღით აქციე ზურგი.
მართლაცდა, რა სახელი შეიძლება მოგიხვეჭოს. კაცთა მითქმა-მოთქმამ, ან, რა სანუკვარი
დიდებაა? ხომ ხედავ, დედამიწა მხოლოდ აქა-იქ, ალაგ-ალაგაა დასახლებული და ყველა ამ
პატარა ადგილს, თითქოს ლაქებად რომ ატყვია მიწის ზედაპირს, ერთმანეთისგან ვრცელი
უდაბნოები ჰყოფს; ასე, რომ დედამიწის მკვიდრნი არა მარტო ერთმანეთისგან გათიშულ-
განცალკევებულნი და განმხოლოებულნი არიან, არამედ ურთიერთსაპირისპირო სარტყელებში
მიმოფანტულნიც, რის გამოც ერთიმეორის ანტიპოდებად გვევლინებიან. მერედა, რა დიდებას
უნდა მოელოდეთ მათგან?
იმასაც ვხედავ, ეს დედამიწა გარშემორტყმული და შემოგარსულია სარტყელებით,
რომელთაგანაც ორი, ერთმანეთისგან ყველაზე მეტად დაშორებული და, ორივე მხრივ, თხემით
ზეცის თაღს მიბჯენილი, ყინულითაა დაფარული; შუათა, ყველაზე ფართო სარტყელი კი - მზის
მცხუნვარებით გადახრუკული. ორი სარტყელი დასახლებულია. მათგან ერთ-ერთს, კერძოდ,
სამხრეთ სარტყელს, რომლიც მკვიდრიც თქვენი ანტიპოდები არიან, არავითარი საერთო არ
აქვთ თქვენს მოდგმასთან. რაც შეეხება მეორე, ჩრდილოეთისკენ მიქცეულ სარტყელს, სადაც
თქვენ სახლობთ, დაუკვირდი რა უბადრუკი ნაწილი გიჭირავთ. მთელი ეს მიწა, საცხოვრისი,
ორსავ თხემიდან, რომ ვიწროვდება, გვერდულად კი განიერდება, არსებითად მხოლოდ პატარა
კუნძულია, იმ ვრცელი ზღვით გარემოცული, რომელსაც თქვენ დედამიწის მკვიდრნი
ატლანტიკას, დიდ ზღვასა თუ ოკეანეს უწოდებთ; მაგრამ ისიც კი რა პატარაა ესოდენ
შთამბეჭდავ სახელთან შედარებით. მერედა, როგორ გგონია, ამ დასახლებული და კაცისათვის
ცნობილი მიწა-წყლიდან გინდ შენი და გინდ რომელიმე თქვენგანის სახელი შეიძლება ფრენით
გადავლებოდა თავს კავკასიას, ან ცურვით გადაელახა განგი ამომავალი თუ ჩამავალი მზის
რომელ ქვეყანაში, ან ჩრდილოეთ თუ სამხრეთის რომელ მხარეში, ვის, რომელ მოკვდავს
შეიძლებოდა ოდესმე მაინც სცოდნოდა შენი სახელი? ხოლო, თუ მათ გამოვრიცხავთ, რა თქმა
29
უნდა, შენივე თვალებით შეგიძლია დაინახო, თუ რაოდენ ვიწრო ფარგლებით იზღუდება მისი
გავრცელების არე, რასაც თქვენ დიდებად სახავთ. ისინი კი, ჩვენ, რომ გვადიდებენ, როგორ
გგონია, რამდენ ხანს განგვადიდებენ კიდევ?
თუმცა შთამომავლობამ კიდევაც რომ მოისურვოს მომავალ თაობებს გადასცეს ჩვენი
დიდების ხსოვნა, სულერთია, მოგიზგიზე ხანძრებში დედამიწის დანთქმისა თუ გარდაუვალად
რომ მეორდებიან დროის გარკვეულ შუალედთა შემდეგ, - მაინც ვერ ვეღირსებით არამცთუ
სამარადისო, თვით მეტნაკლებად ხანგრძლივ დიდებას. მაშ, რა მნიშვნელობა აქვს, რას იტყვიან
შენზე მომავალი თაობები, როცა უფრო ადრე შობილთ არც კი უხსენებიხართ ოდესმე? არადა, ეს
უკანასკნელნი ხომ არანაკლებ მრავალრიცხოვანნი, მეტიც უფრო ღირსეულნიც კი იყვნენ, მით
უმეტეს, რომ თვით მათ შორისაც კი, ვისაც, საერთოდ შეიძლებოდა სმენოდა ჩვენი სახელი, ერთ
წელზე მეტხანსაც არავის შეუნახავს ჩვენი ხსოვნა. მართლაცდა, ადამიანები, ხომ ხალხური
ჩვეულებების მიხედვით, მზის, ე.ი. ერთადერთი პლანეტის მოქცევით განსაზღვრავენ წელს,
თუმცა სინამდვილეში წლის ცვალებად უნდა მიგვეჩნია მხოლოდ ის დრო, როცა, ხანგრძლივი
შუალედების შემდეგ ყველა მნათობი ხელახლა უბრუნდება მოძრაობის საწყის წერტილს, და,
ამრიგად, მთელი ცის თაღი კვლავ თავის ოდინდელ იერს იღებს. გამიჭირდებოდა მეთქვა,
ადამიანთა რამდენ თაობას მოიცავს ერთი ასეთი წელი. რადგან ოდესღაც, როცა რომულუსის
სული მოევლინა აი ამ ტაძარს, ხალხს მოეჩვენა, რომ მზე თანდათანობით ჩაიშრიტა და ჩაქრა.
ხოლო როცა ის კვლავ ჩაქრება იმავე ადგილას და იმავე დროს; როცა ყველა თანავარსკვლავედი
და ყველა მნათობი ცის თაღზე კვლავ დაიჭერს უწინდელ ადგილს, სწორედ მაშინ გასრულდება
დიადი წელი. მაგრამ იცოდე, რომ ჯერ ამ წლის მეოცედსაც არ გაუვლია.

ამიტომ, თუ გადაგიწყდა იმის იმედი, რომ კვლავ დაუბრუნდე იმ ადგილს, სადაც


ყველაფერი ღვაწლმოსილ და სახელგანთქმულ კაცთათვისაა განკუთვნილი, რაღა ფასი აქვს
მაშინ ადამიანურ დიდებას, რომელიც ძლივს თუ გასწვდება ერთი წლის უბადრულ ნაწილს? თუ
გინდა ზეცას მიაპყრო მზერა, რათა პირისპირ ჭვრეტდე ამ მარადიულ სავანესა და საცხოვრისს,
ყურს ნუ მიუგდებ ბრბოს მითქმა-მოთქმას და ნურც კაცთაგან მონიჭებულ ჯილდოს მიიჩნევ
შენი სასოების ხორცშესხმად. დაე, თვით სიქველე თავისი ხიბლით გიძღოდეს წინ ჭეშმარიტი
დიდებისაკენ. რასაც შენზე იტყვიან კაცნი, ეს მათი საქმეა; თქმით კი უსათუოდ იტყვიან. მაგრამ
მთელი ეს მიეთ-მოეთი იმ მხარეთა ვიწრო ფარგლებითაა ზღვარდებული, აქედან რომ ხედავ, და
ვერავის ვერასდროს ვერ მოუხვეჭს ხანგრძლივ დიდებას, რადგანაც ისევე უხანოა და უდღეური,
როგორც თვით კაცთა სიცოცხლე, და უკვალოდ ქრება შთამომავლობის ხსოვნაში.

30
ეს სიტყვები, რომ წარმოსთქვა, მე მივუგე: „მართლაცდა აფრიკელო, რაკიღა სამშობლოს
წინაშე ვალმოხდილთათვის ხსნილია გზა, რომელსაც ცის კარად მივყავართ, - მე, სიყრმიდანვე
რომ მივდევდი არა მარტო მამაჩემის, არამედ შენს კვალსაც, და არასოდეს შემიბღალავს თქვენი
დიდება, ახლა, როდესაც ესეოდენ დიდი ჯილდო მელის, კიდევ უფრო დაუმცხრალი ვიქნები
ჩემი სწრაფვებისას“. ხოლო მან მითხრა: „მაშ, მხნედ იყავ და გახსოვდეს: შენ კი არა ხარ
მოკვდავი, არამედ - შენი სხეული. ვინაიდან ის როდი ხარ, რასაც შენი გარეგნული იერი ავლენს,
არამედ - სული; დიახ, სწორედ სულია ადამიანი, და არა მისი იერსახე, რაც სხვებსაც შეიძლება
თითით უჩვენო. მაშ, იცოდე, რომ ღმერთი ხარ, რადგანაც ღმერთი ისაა, ვინც ცოცხლობს, ვინც
გრძნობს, ვისაც ახსოვს; ვინც წინასწარ ხედავს, განაგებს, ვისაც ახსოვს, ვინც წინასწარ ხედავს,
განაგებს, მართავს და ისევე ამოძრავებს მთელ სამყაროს. დიახ, როგორც ყოვლისმძლე ღმერთი
ამოძრავებს ამ უსასრულო და, გარკვეულწილად, მოკვდავ სამყაროს, ასევე ამოძრავებს ხრწნად
სხეულსაც მარადი სული.
რადგან ის, რაც მარად მოძრაობს, წარუვალია; ხოლო ის, რაც სხვას ანიჭებს მოძრაობას,
რომელსაც თავის მხრივ, სხვისაგან იღებენ, მოძრაობის შეწყვეტისთანავე არსებობასაც წყვეტს.
მხოლოდ თვითმოძრავი არასოდეს არ ღალატობს საკუთარ თავს.

სციპიონის სიზმარის თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძის.

შენიშვნები

1. გაიუს დუელიუსმა პირველი პუნიკური ომის დროს დაამარცხა კართაგენელები


საზღვაო ბრძოლაში; ავლიუს ანტილიუს კალატინი - კონსული და დიქტატორი 258- 254
წწ; 249 წლებში; ლუციუს მეტელიუსი - კონსული და დიქტატორი; 251 და 247 წწ.; 222
წელს დიქტატორი; დაამარცხა ჰასდრუბალი პანორმასთან ბრძოლაში
2. ქსენეოკრატე - პლატონის მოწაფე, შემდგომ სათავეში ედგა პლატონის აკადემიას
3. იმპერია (Imperium) - უძველეს დროში მეფის უფლებების ნაკრები. რესპუბლიკის ხანაში
უმაღლესი მაგისტრატების (კონსულებისა და პრეტორების) სრული ძალაუფლების
აღმნიშვნელი; იგი იზღუდებოდა კოლეგიალურობითა და ერთწლიანი ვადით, ხოლო
31
პომერიუსის საზღვრებში (ეს იყო რომის საკრალური ქალაქური ნაწილი) პლებსიდან
არჩეული ტრიბუნების ინტერცესიითა და პროვოკაციის უფლებით (ხალხისადმი მიმართვა),
რომელსაც ფლობდა რომის მოქალაქე. იმპერია შედგებოდა შემდეგი უფლებებისგან: ჯარის
შედგენა და მისი მეთაურობა, კურიის კომიციების მოწვევა; იურისდიქციის დადგენის,
იძულებისა და დასჯის უფლებები. მაგისტრატს, რომელიც უკვე ფლობდა სამოქალაქო
უფლებებს, იმპერია გადაეცემოდა განსაკუთრებული კურიის კანონის საფუძველზე.
იმპერიის მფლობელ მაგისტრატს არ ჰქონდა უფლება პომერიუსის საზღვრებში შესვლისა.
5 . ტოგა - რომის მოქალაქეების შალის ქსოვილისგან დამზადებული ზედა ტანისამოსი:
მამაკაცებისა და ბავშვებისთვის.

32

You might also like