You are on page 1of 8

ქცევის თანდაყოლილი და შეძენილი ფორმები

ფსიქიკა წარმოადგენს ორგანული ბუნების რთული და ხანგრძლივი განვითარების


პროდუქტს. უმარტივეს მიკროორგანიზმებს ფსიქიკა არ გააჩნიათ. მათთვის დამახასიათებელია
ასახვის ელემენტარული ფორმა - გაღიზიანებადობა. გაღიზიანებადობა - ესაა ცოცხალი
ორგანიზმის უნარი, რეაგირება მოახდინოს ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი (ბიოტური)
გამღიზიანებლების ზემოქმედებაზე. გაღიზიანებადობა დამახასიათებელია უკვე
ერთუჯრედიანი ორგანიზმებისთვის, რომლებიც გარემოს ზემოქმედებას პასუხობენ მოძრაობით.
ბიოტიკური ფაქტორების მიმართ ასეთ მოძრაობით რეაქციებს ეწოდება ტროპიზმი ან ტაქსისი.
განასხვავებენ სხვადასხვა სახის ტროპიზმს: ფოტოტროპიზმი - ცოცხალი ორგანიზმის რეაქცია
იმოძრაოს სინათლის ზემოქმედებით; თერმოტროპიზმი - სითბოს ზემოქმედებით მოძრაობის
ტენდენცია და ა. შ.
ასახვის ფსიქიკური ფორმების გაჩენა დაკავშირებულია უმარტივესი ნერვული სისტემის
აღმოცენებასთან. ასეთი ნერვული სისტემა პირველად ჩნდება ნაწლავღრუიანებში (ჰიდრა,
მედუზა). იგი წარმოადგენს წანაზარდების მქონე ცალკეულ ნერვულ უჯრედებს, რომლებიც
გადახლართულია ერთმანეთში და ეწოდება ბადისებური ანუ დიფუზური ნერვული სისტემა. ამ
ტიპის ნერვული სისტემისას სხვადასხვა გამღიზიანებელზე მთლიან ორგანიზმს აქვს
არადიფერენცირებული რეაქციები.
ნერვული სისტემის განვითარების შემდეგ ეტაპზე ჩნდება განგლიოზური ანუ ძეწკვისებური
ნერვული სისტემა (ჭიაყელა). ყველა განგლია (კვანძი) დაკავშირებულია ერთმანეთთან და
ორგანიზმი მოქმედებს, როგორც ერთი მთლიანობა.
მწერებისთვის დამახასიათებელი ნერვული სისტემა წარმოადგენს განგლიოზური ნერვული
სისტემის შემდგომ განვითარებასა და გართულებას. აქ უკვე ნათლადაა გამოკვეთილი თავის,
მკერდისა და მუცლის უბნები. უფრო მაღალგანვითარებულ მწერებს (ფუტკარი, ჭიანჭველა)
გააჩნიათ ყნოსვის, გემოს, შეხების, მხედველობის შეგრძნებები. მწერებისთვის დამახასიათებელ
ფსიქიკურ ასახვას ეწოდება ფსიქიკის განვითარების სენსორული სტადია.
ხერხემლიან ცხოველებში ჩნდება ნერვული სისტემის ახალი ტიპი - ესაა ცენტრალური
ნერვული სისტემა, რომელიც შედგება თავისა და ზურგის ტვინისაგან. ცენტრალური ნერვული
სისტემის განვითარება გამოიხატება იმაში, რომ ხდება თანდათანობითი კორტიკალიზაცია, ანუ
თავის ტვინის ქერქის მოცულობისა და როლის ზრდა. სხვადასხვა ცხოველებთან ცენტრალური
ნერვული სისტემის განვითარება არ ხდება ერთნაირად. იგი განპირობებულია საცხოვრებელი
გარემოს თავისებურებებით, ცხოველის ცხოვრების წესით. ცენტრალური ნერვული სისტემის
გაჩენასთან ერთად ჩნდება ფსიქიკური ასახვის ახალი ფორმაც - ფსიქიკის განვითარების
პერცეპტული სტადია.
ცხოველთა ქცევის ფორმები. განასხვავებენ ცხოველთა ქცევის სამ ძირითად ფორმას:
ინსტინქტი, ჩვევა და გონიერი (ინტელექტუალური) ქცევა.
ინსტინქტი - ესაა სახეობისთვის დამახასიათებელი ქცევის თანდაყოლილი ფორმა.
ცხოველთა ყველა სახეობას გააჩნია მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ინსტინქტები.
1
მართალია, ცხოვრების მანძილზე ხდება ინსტინქტთა გარკვეული სრულყოფა, მაგრამ
ძირითადად ისინი რჩებიან უცვლელი ფორმით.
ინსტინქტი - ესაა ქცევის შაბლონური ფორმა, რომელიც საოცრად მიზანშეწონილია
უცვლელი ცხოვრებისეული პირობების შემთხვევაში. მოვიყვანოთ ინსტინქტური ქცევის
მაგალითი”: ბზიკი - სფექსი, სანამ კვერცხების დადებას დაიწყებდეს, უზრუნველყოფს თავის
მატლს საკვებით - ”კონსერვირებული” კალიით. სფექსი თავს ესხმის კალიას, სფექსი ზუსტად
ჩხვლეტს მას სამ ნერვულ კვანძში, რომლებიც აკონტროლებენ კიდურების მოძრაობას და ამით
ახდენს მის პარალიზებას. შემდეგ იგი შეათრევს კალიას სპეციალურად გაკეთებულ სოროში და
კვერცხს დებს მის მკერდზე.
ინსტინქტური აქტების ამ სერიაში ყველა მოქმედება ძალზე მიზანშეწონილია: ჯერ ერთი,
მსხვერპლის პარალიზება. მკვდარი კალია მანამ გაიხრწნება, სანამ მატლი გამოიჩეკება, ხოლო
აქტიურ მდგომარეობაში დარჩენილი ადვილად მოკლავს მატლს. მეორე - სფექსის მიერ კალიის
განგლიების საოცრად ზუსტი ჩხვლეტა და ბოლოს, ის აკურატულობა, რომლითაც კვერცხი
თავსდება სწორედ კალიის მკერდზე. ეს ერთადერთი უსაფრთხო ადგილია, საიდანაც მატლს არ
შეუძლია გადმოვარდნა, რადგან ჯერ კიდევ ცოცხალი კალია ამოძრავებს მუცელს, ყბებს და
ულვაშებს. ხოლო თუ ეს უსუსური მატლი აღმოჩნდება მიწაზე, იგი აუცილებლად დაიღუპება.
ინსტინქტების მაღალი მიზანშეწონილობა ოდითგანვე კვებავდა შეხედულებას მათი
”გონოვრულობის” შესახებ. დროთა განმავლობაში მისი ადგილი დაიკავა საწინააღმდეგო
შეფასებამ და დაიწყეს საუბარი ინსტინქტების სიბრმავეზე. ამის საბაბი გახდა ცდები,
რომლებითაც ირკვევა, რომ თუ ცხოველების ინსტინქტურ მოქმედებებს დავუკარგავთ აზრს,
ისინი მათ მაინც შეასრულებენ. მაგალითად, უკვე აღწერილი სფექსი, კვერცხის დადების შემდეგ,
გულმოდგინედ მოქოლავს სოროს, მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერმა ახლახან ამოიღო იქიდან
კალია. ამასთან, სანამ სოროს დალუქავს, სფექსი აუცილებლად შედის მასში და შეუძლებელია არ
ხედავდეს, რომ ის ცარიელია. საბოლოო მოქმედება აზრს უკარგავს ყველა წინამორბედ
მოქმედებას.
ამ და მსგავსი ფაქტებიდან თითქოს შეიძლება გაკეთდეს დასკვნა ინსტინქტების ”სიბრმავის”
შესახებ, მაგრამ იგი არ იქნება კორექტული ისევე, როგორც დასკვნა მათი ”გონივრულობის”
თაობაზე. ამ უკანასკნელის ნაცვლად უნდა ვილაპარაკოთ ინსტინქტების ბიოლოგიურ
მიზანშეწონილებაზე, ხოლო ”სიბრმავის” ნაცვლად - მათ ფიქსირებულობაზე. ინსტინქტები
მართლაც კარგად არიან მორგებული გარკვეულ გარემო პირობებს. სიტუაციის ტლანქი,
ხელოვნური შეცვლა, რასაც ადგილი აქვს ცდებში, იწვევს ინსტინქტების ”სიბრმავის” ილუზიას.
ბუნებრივ პირობებში სიტუაციის ასეთი ცვლილებები ნაკლებად მოსალოდნელია და
ინსტინქტის მექანიზმი გათვლილია სწორ სიტუაციაზე.
ამასთან ერთად, ისიც რეალობაა რომ აქტივობის სიტუაცია ბუნებრივ პირობებში მუდმივად
და ხშირად მნიშვნელოვნად ცვალებადობს. ბზიკის მაგალითი ის შემთხვევაა, როდესაც ცოცხალი
არსება ალღოს ვერ უღებს ახალ ვითარებას: რამდენჯერაც არ უნდა ჩატარდეს ცდა, იგი ერთი და
იგივეს გაიმეორებს - ვერ გამოიმუშავებს არასტანდარტულ მოქმედებასთან დაკავშირებულ ახალ
გამოცდილებას. მაშასადამე, თუ გარემოს პირობები შეიცვალა, ცხოველი ამას ვერ ამჩნევს და
2
აგრძელებს მოქმედებას იმ ”პროგრამით”, რომელიც ჩადებულია მის გენებში. ქცევის
ინსტინქტური ფორმა მიზანშეწონილია მხოლოდ ჩვეული პირობების შენარჩუნებისას და
ყოველგვარ მიზანშეწონილობას კარგავს მათი შეცვლისას.
ცხოველთა ქცევის შემდგომი განვითარება დაკავშირებულია აქტივობის ახალი ადაპტური
ფორმების გამომუშავებასთან. რაც უფრო მრავლადაა ცხოველის ქცევის რეპერტუარში შეძენილი,
დასწავლილი მოქმედებები და რაც უფრო ნაკლებია თანდაყოლილი, ინსტინქტური
მოქმედებები, მით უფრო მაღალ საფეხურზე იმყოფება იგი ევოლუციური განვითარების რიგში.
ეს მართლაც ასეა, მაგრამ არ არის მართებული თანდაყოლილისა და შეძენილის, ინსტინქტურისა
და დასწავლილის მკაცრი დაპირისპირება, მით უფრო, მათი ერთმნიშვნელოვანი მიწერა
ცხოველთა სხვადასხვა სახეობისთვის: დაბალგანვითარებულისთვის და
მაღალგანვითარებულისთვის. ირკვევა, რომ ახალ სიტუაციასთან მორგება, გამოცდილების
შეძენა შეუძლიათ უმდაბლეს ცხოველებსაც. სპეციალური ცდებით დადგინდა, რომ უმარტივესი
ნერვული სისტემის მქონე ჭიაყელას შესაძლებელია ვასწავლოთ მოუხვიოს მარჯვნივ T მაგვარ
ლაბირინთში. თუმცა ამისთვის მას მრავალი მცდელობა დასჭირდა, როცა მარცხნივ მოხვევისას
ეჯახებოდა მავთულს, რომელშიც დენი გადიოდა. დასწავლის ეს უნარი ფილოგენეტური
განვითარების კვალობაზე საგრძნობლად მატულობს და უმაღლესი ცხოველების ცხოვრებაში
ასრულებს მნიშვნელოვან გადამწყვეტ როლს. ამ უნარს ცხოველთა სამყაროში მუდამ ვხვდებით.
ხშირად იგი მჟღავნდება იმდენად ადრეულ ასაკში, რომ იქმნება ილუზია, თითქოს ქცევა
თავიდან ბოლომდე თანდაყოლილია. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ე. წ. იმპრინტინგი
(აღბეჭდვა). ეს მოვლენა აღმოაჩინა ცხოველთა ქცევის დიდმა სპეციალისტმა კონრად ლორენცმა.
იგი დარწმუნდა, რომ ახლადგამოჩეკილი ბატის ჭუკები აუცილებლად თავის დედას კი არ
მიჰყვებიან, არამედ იმ ობიექტს, რომელსაც ისინი გამოჩეკვისას პირველად ხედავენ. ამ
შემთხვევაში ეს იყო თვით ლორენცი, რომლის მიმართ ეს ბატები მოზრდილობაშიაც
ამჟღავნებდნენ გასაოცარ მიჯაჭვულობას. ბუნებრივ პირობებში ის, ვისი აღბეჭდვაც პირველად
ხდება, დედაა და ჭუკებიც ავტომატურად დაჰყვებიან მას. სინამდვილეში ეს არის არა
ინსტინქტის, არამედ ადრეული დასწავლის გამოვლინება. იმპრინტინგის მექანიზმი
განაპირობებს ხერხემლიანთა ბევრ ისეთ მოქმედებას, რომელიც დაკავშირებულია მშობლების,
თავისი გარემოცვის, საციცოხლო გარემოს ნიშან-თვისებების ცნობასთან.
საზოგადოდ, ცხოველთა ქცევაში ინსტინქტურისა და დასწავლილის ურთიერთმიმართება
რთული და მრავალფეროვანია. კერძოდ, დადგენილია, რომ ზოგიერთმა ინსტინქტურმა
მოქმედებამ ცხოველის ინდივიდუალური განვითარების მსვლელობაში უნდა გაიაროს
ჩამოყალიბებისა და ვარჯიშის პერიოდი. დასწავლის ასეთმა ფორმამ მიიღო ობლიგატური
(აუცილებელი) დასწავლის სახელწოდება. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ წიწილა
გამოჩეკვისთანავე ახორციელებს ასაკენკ მოძრაობებს, მათი სიზუსტე ძალზე მცირეა და პირველი
დღეების განმავლობაში იგი მნიშვნელოვნად მატულობს. ობლიგატური დასწავლის შემდეგი
მაგალითია ჩიტების ფრენა. დასაწყისში ყველა ბარტყი აქნევს ფრთებს და მხოლოდ გარკვეული
ხნის შემდეგ აფრინდება ჰაერში. თუმცა მისი ფრენა, განსაკუთრებით დაშვებისას, პირველ
ხანებში მაინც ძალიან არასრულყოფილია. ჩიტის გალობა წარმოადგენს ობლიგატური
3
დასწავლის კიდევ ერთი მაგალითს. გამოირკვა რომ ზოგიერთ მგალობელ ჩიტს არ შეუძლია
გაიმეოროს თავისი სახეობის ჩიტების გალობა, თუ ის გაიზარდა იზოლაციაში ან სხვა სახეობის
ჩიტების გარემოცვაში. მაშასადამე, ბევრი ინსტინქტური (თანდაყოლილი აქტი საჭიროებს
სრულყოფას ცხოველის ინდივიდუალურ გამოცდილებაში და შეიძლება ითქვას, რომ ასეთი
დასწავლაც დაპროგრამებულია). ცხოვრებისეულ პირობებთან უფრო სრულ და ზუსტ შეგუებას
უზრუნველყოფს ჩვევები.
ჩვევა. ინსტინქტისაგან განსხვავებით, ჩვევა წარმოადგენს ცხოველთა ქცევის შეძენილ
ფორმას. ჩვევების შემუშავება ხდება როგორც ცხოვრების ბუნებრივ პირობებში, ისე ცხოველის
წვრთნის შედეგად. ცხოველებს ჩვევები უყალიბდებათ ცდისა და შეცდომის მეთოდით. რაიმე
მოქმედების მრავალჯერ გამეორებისას და შედეგის მიღწევისას დადებითი განმამტკიცებლის
მიღებას მივყავართ შესატყვისი რეაქციის თანდათანობით ჩამოყალიბებამდე. ჩვევა - ესაა
ცხოველთა ქცევის ცვალებადი ფორმა და ამიტომ შესაბამისი განმამტკიცებლის გარეშე იგი
თანდათანობით ქრება. გარდა ამისა, ჩვევის ცვლილება ვლინდება გადატანაში. მაიმუნს
შეუმუშავეს ჩვევა, მარჯვენა წინა თათით გაეღო ყუთის საკეტი, რომელშიც იდო ბანანი. შემდეგ
ეს თათი ტანზე მიაკრეს ბინტით, მაიმუნმა გააღო მარცხენა წინა თათით. ეს თათიც მიაკრეს
ტანზე, მაშინ მაიმუნმა გააღო უკანა თათით. როცა ესეც შეუძლებელი შეიქნა, საკეტი გააღო
კბილებით. შემუშავებული ჩვევის გადატანა ძირითადად დამახასიათებელია
მაღალორგანიზებული ცხოველებისთვის.
ქცევის შეძენილ ფორმას წარმოადგენს პირობითი რეფლექსი. პირობითი რეფლექსის
შემუშავება შესაძლებელია უკვე განვითარების შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომ
ცხოველებთან, მაგრამ რაც უფრო მაღალგანვითარებულია ცხოველი მით უფრო განვითარებული
აქვს პირობითი რეფლექსის შემუშავების უნარი. პირობითი რეფლექსის შემუშავების
ბიოლოგიური მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ პირობითი რეფლექსის შემუშავების გზით
ცხოველი ახერხებს გარემოს შეცვლილ პირობებთან საკმაოდ სწრაფად შეგუებას: გარემო
პირობების შეცვლის შემთხვევაში ადვილად ხდება ადრე შემუშავებული პირობითი რეფლექსის
ჩაქრობა და ახალ პირობებთან მორგებული ახალი პირობითი რეფლექსის აღმოცენება.
პირობითი რეფლექსი ყალიბდება შემდეგნაირად: რომელიმე გამღიზიანებლის
თანდაყოლილი რეფლექსის გამღიზიანებელთან მრავალჯერი ერთდროული გამეორების
(შეუღლების) შედეგად. ცხოველში პირველი გამღიზიანებლის მოქმედება მეორის გარეშეც
იწვევს ამ უპირობო რეფლექსის აღმოცენებას. მაგალითად, პირის ღრუში საჭმლის მოხვედრა
იწვევს ნერწყვის გამოყოფას, რაც წარმოადგენს თანდაყოლილ (უპირობო) რეფლექსს, მაგრამ
ნერწყვის გამოყოფა მხოლოდ საჭმლის სუნზე წარმოადგენს პირობით რეფლექსს. საჭმლის
სუნით გაღიზიანების მრავალჯერმა გამეორებამ საჭმლის პირში ჩადებასთან (ჭამასთან)
დაკავშირებით გადააქცია პირველი (სუნი) სიგნალად ანუ პირობით გამღიზიანებლად ნერწყვის
გამოყოფის რეფლექსისათვის. პირობითი რეფლექსის შემუშავება ხდება თანდაყოლილი
რეფლექსის საფუძველზე. პირობით გამღიზიანებლად შეიძლება აღებული იყოს ნებისმიერი
გამღიზიანებელი.

4
ი. პავლოვმა პირობით რეფლექსს ასე იმიტომ უწოდა, რომ ასეთი რეფლექსის აღმოცენება და
მოქმედება დამოკიდებულია გარკვეულ პირობებზე. მისი აღმოცენება დამოკიდებულია
პირობითი გამღიზიანებლის უპირობო გამღიზიანებელთან ”შეუღლებაზე”. მაგრამ თუ ეს პირობა
დიდი ხნით დაირღვა, კერძოდ, თუ პირობითი გამღიზიანებელი მრავალჯერ განმეორდა
უპირობო გამღიზიანებლის გარეშე, მაშინ ხდება პირობითი რეფლექსის ”ჩაქრობა”, იგი
სუსტდება და ბოლოს სრულიად ქრება.
რაც უფრო განმტკიცებულია პირობითი რეფლექსი, მით უფრო გვიან ჩაქრება იგი. მისი
სიმტკიცე დამოკიდებულია არა მხოლოდ ორივე გაღიზიანების შეუღლებათა რაოდენობაზე,
არამედ იმაზედაც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგი ბიოლოგიური თვალსაზრისით: რაც
უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული პირობითი რეფლექსი ორგანიზმის ბიოლოგიურ
მოთხოვნილებებთან, მით უფრო ადვილად შემუშავდება და უფრო მტკიცეა იგი.
პირობითი რეფლექსის შემუშავების ფიზიოლოგიის მექანიზმის საფუძველს წარმოადგენს
თავის ტვინის ქერქში ორ კერას (აგზნებულ ცენტრს) შორის სპეციფიკური ფიზიოლოგიური
კავშირის დამყარება და განმტკიცება, რასაც პავლოვმა უწოდა ”დროებითი კავშირი”. პავლოვმა
დაამტკიცა შემდეგი ფიზიოლოგიური კანონზომიერება: ტვინის ქერქში ორი კერის
ერთდროული აგზნების გამეორების შედეგად ამ ორ კერას შორის თანდათანობით განმტკიცდება
ფიზიოლოგიური კავშირი, რის გამოც ერთი კერის აგზნება გადადის მეორე კერაში და იწვევს მის
აგზნებასაც. კერებს შორის ასეთ კავშირს ეწოდება ”დროებითი კავშირი”. თუ მეორე კერასთან
თანდაყოლილადაა დაკავშირებული რაიმე მოქმედება, ცხადია, რომ ამ მეორე კერაში აგზნების
გადასვლის გამო შესრულდება ეს მოქმედებაც. მაგალითად, თუ წითელი სინათლის შესატყვისი
კერის აგზნებას რამდენჯერმე თან ახლავს ძაღლის პირის ღრუს გაღიზიანება საჭმლით, მაშინ
წითელი სინათლის კერასა და საჭმლით აგზნებულ კერას შორის ჩამოყალიბდება დროებითი
კავშირი, რის გამოც წითელი სინათლის ანთება გამოიწვევს ნერწყვის გამოყოფას საჭმლის
გარეშე.
ორ კერას შორის ეს კავშირი დროებითი ხასიათისაა: თუ პირობითი გამღიზიანებელი დიდი
ხნის შემდეგ არ განმტკიცდა ძირითადი (უპირობო) გამღიზიანებლით, მაშინ პირობითი
რეფლექსი ჩაქრება, ე.ი. ამ კერებს შორის დროებითი კავშირი შეკავდება ან საერთოდ მოისპობა.
ძუძუმწოვარ ცხოველებთან და ადამიანებთან დროებითი კავშირების ჩამოყალიბება ხდება
დიდი ტვინის ქერქში, ხოლო რამდენადაც ცხოველის ქცევის ინდივიდუალური განვითარების
საფუძველს შეადგენს ახალი დროებითი კავშირების განმტკიცება, ცხადია, რომ ძუძუმწოვარ
ცხოველებთან მოქმედების განვითარების საფუძველს წარმოადგენს დიდი ტვინის ევოლუცია.
გონიერი ქცევა (ინტელექტუალური) - ესაა ცხოველთა ქცევის უმაღლესი ფორმა. იგი
შეინიშნება ანთროპოიდებში (ადამიანის მსგავსი მაიმუნები) და დელფინებში.
ინტელექტუალური ქცევა უზრუნველყოფს ცხოველთა უფრო სრულ და ზუსტ შეგუებას
გარემოს ცვალებად პირობებთან. ჩვევებისაგან განსხვავებით, ინდივიდი მიაგნებს
(ახორციელებს) ახალი სიტუაციის შესატყვის მოქმედებას ყოველგვარი გაწვრთნისა და
წინასწარი გავარჯიშების გარეშე. მაგალითად, გალიაში მყოფი ადამიანის მსგავსი მაიმუნი
(ანთროპოიდი) შორს დადებული საკვების ხელში ჩასაგდებად იყენებს შორიახლო მდებარე
5
ჯოხს, თუმცა მას არასოდეს ამ მიზნით ჯოხი არ უხმარია. ასევე, მაღლა კალათით დაკიდებული
ბანანის მისაწვდომად შიმპანზემ მოიტანა და ერთმანეთზე დადგა მახლობლად მდებარე
ცარიელი ყუთები, ავიდა მათზე და მიწვდა ბანანს, თუმცა მსგავსი ქცევის გამოცდილება მას
მანამდე არ ჰქონია და ა.შ.
გონიერი ქცევა შეძენილი ქცევისაგან განსხვავდება იმითაც, რომ ეს არის ერთგვარი
პრაქტიკული განზოგადება: ახალი ამოცანის ერთჯერადი გადაწყვეტა საკმარისია, რომ
ინდივიდი ამ მოქმედებას დაეუფლოს ერთხელ და სამუდამოდ. არავითარი გაწვრთნა, ამ
მოქმედებათა გამეორება ამისთვის საჭირო არ არის, რადგან მოქმედება გონიერია. მაგალითად,
თუ შიმპანზე ერთხელ შესძლებს ყუთების გამოყენებას მაღლა დაკიდებული საგნის
მისაწვდომად, იგი სხვა ანალოგიურ სიტუაციაშიც გამოიყენებს ამ საშუალებას. ამას ეწოდება
გადატანა ანუ ტრანსპოზიცია. კვლევები ადასტურებს, რომ მაიმუნებს შეუძლიათ ცალკეული
საგნებისა და მათ შორის არსებული კავშირების ასახვა, რომლებიც უშუალოდაა მოცემული
გარეგან ნიშნებში.
ამრიგად, გონიერი ქცევა ხასიათდება იმით, რომ უზრუნველყოფს შეცვლილ პირობებთან
საკმაოდ ზუსტ შეგუებას, ამასთან, შესაძლებელი ხდება არამარტო ცალკეული საგნების, არამედ
მათ შორის არსებული გარეგანი კავშირების ასახვაც.
ცნობიერება. ფსიქიკის განვითარების უმაღლესი ფორმა არის ცნობიერება, რომელიც
მხოლოდ ადამიანისათვის არის დამახასიათებელი. ადამიანი, ცხოველისგან განსხავავებით, არა
მხოლოდ მოქმედებს, არამედ აცნობიერებს თავის განცდას, მისწრაფებასა და მოთხოვნილებას,
თავის აზრებსა და გრძნობებს. მას ახასიათებს შეგნებული მოქმედების უნარი; იგი შეგნებულად
ისახავს მოქმედების მიზანს და ცნობიერად ირჩევს მოქმედების ხერხებს.
ადამიანის ცნობიერება სოციალურადაა განპირობებული. ადამიანის ცნობიერების
განვითარებაში წამყვან როლს თამაშობს ცხოვრების პირობები, ადამიანის აზრები,
შეხედულებები, მრწამსი, გრძნობები და მისწრაფებები.
ადამიანური ცნობიერების სტრუქტურაში შედის ცოდნა გარესამყაროს, საგნებისა და
მოვლენების შესახებ, რომელსაც იძლევა შემეცნებითი ფსიქიკური პროცესები, შეგრძნება, აღქმა,
მეხსიერება, წარმოსახვა, ყურადღება, აზროვნება.
ადამიანი ცოცხალ არსებათა შორის პირველია, რომელსაც შეუძლია თვითშემეცნება, ე.ი.
ფსიქიკური მოქმედება მიმართოს საკუთარი თავის შესამეცნებლად;
ცნობიერებისთვის დამახასიათებელია მიზანმიმართული ქცევა. მის ფუნქციაში შედის
მოქმედების მიზნების ფორმირება, რომლის დროსაც ყალიბდება ქცევის მოტივები და მიიღება
ნებელობითი გადაწყვეტილება.
ჩვენი ფსიქიკური ცხოვრება ორ პლანში მიმდინარეობს: ცნობიერებამდელ, ან იმპულსურ და
ცნობიერების, ან ობიექტივაციის პლანში. ცოცხალი არსებები, რომელთაც ცნობიერება არ
გააჩნიათ, ყოველთვის პირველ პლანში მოქმედებენ; მოზრდილი, ნორმალური ადამიანი ორივე
პლანში ცხოვრობს. იგი აქტივობათა რიგს არაცნობიერად ახორციელებს, სხვებს - ცნობიერად.
მარტივი, ავტომატური მოქმედებები ან ქცევები, რომელთა შესასრულებლად არავითარი
გარეგანი თუ შინაგანი სირთულე არ არსებობს, იმპულსურად მიმდინარეობს. მაგრამ, საკმარისია
6
გაჩნდეს რაიმე პრობლემა, რომელიც ავტომატურად არ წყდება, და მაშინვე ირთვება
ცნობიერების რეჟიმი და ქცევა ობიექტივაციის პლანში გადადის. ეს შეიძლება მოხდეს ქცევის
საწყის ეტაპზე - მაგალითად, გაჩნდეს პრობლემა ღირს თუ არა ამ ქცევის შესრულება
(გადაწყვეტილების მიღება) და თუ ღირს - როგორ (დაგეგმვა). შეფერხება შეიძლება გაჩნდეს
ქცევის განხორციელების პროცესშიც. ადამიანს შეუძლია შეწყვიტოს განცდების თავისუფალი
დინება, დაუპირისპირდეს რაიმე განცდას, რომელიც გარკვეულ სიგნალს იძლევა გარემოსა თუ
მისი შინაგანი სამყაროს შესახებ, გაარკვიოს თუ რას ნიშნავს მოცემული სიგნალი, როგორია
პრობლემის ბუნება და რა ზომებია მისაღები სიტუაციის გამოსასწორებლად. ამის
საილუსტრაციოდ გამოდგება ასეთი მაგალითი: ფეხსაცმლის ჩაცმისას გაჩნდა განცდა (სიგნალი),
რომ ფეხი არ ჩადის ფეხსაცმელში. იმპულსური აქტივობა მაშინვე წყდება და გადადის
ობიექტივაციის პლანში. საქმეში ერთვება ცნობიერება, კერძოდ, უმაღლესი შემეცნებითი
პროცესები, რომელთა საშუალებითაც ირკვევა პრობლემის ბუნება (ფეხსაცმელი სხვა ფეხისა
იყო) და მისი გადაჭრის გზაც. ამის შემდეგ თუ სხვა პრობლემა არ დგას, ქცევა უბრუნდება
იმპულსურ პლანს. მაშასადამე, ცნობიერების შეძენით ადამიანის ფსიქიკა ადის ბევრად უფრო
მაღალ საფეხურზე, ხოლო მისი ქცევის რეგულაცია ღებულობს გაცილებით რთულ და
სრულყოფილ სახეს.
ცნობიერების პროცესები წარმოადგენენ ”აქტებს”, რომლებშიც მოცემულია გარკვეული
შინაარსები, ცნობიერების პროცესი ყოველთვის რაღაცაზეა მიმართული - იგი გულისხმობს
რაიმე საგანს ან ვითარებას. ცნობიერება აუცილებლად რაღაცის ცნობიერებაა. მაგალითად, აღქმა
აუცილებლად რაიმეს აღქმაა, სურვილი - რაიმეს სურვილია, მოგონება - რაიმე საგნის ან
მოვლენის მოგონებაა, ხოლო გრძნობა, რაიმეს ან ვინმეს მიმართ გრძნობაა. ცნობიერების
პროცესი, არსებითად, მასში მოცემული შინაარსის მიმდინარეობაა. მაგალითად, მხედველობით
აღქმაში ფერი შინაარსია, ხოლო ხედვა ამ ფერისა (პროცესი, მიმდინარეობა) - აქტი.
ფსიქიკურ პროცესში ცნობიერდება არა მარტო მის გარეთ მყოფი რაიმე შინაარსი, არამედ
თვით ეს პროცესიც. მასში საგნისა და საკუთარი თავის ცნობიერება ერთდროულად,
მთლიანობაშია მოცემული. ცნობიერების არსებითი ნიშანი სწორედ ისაა, რომ მან ”იცის” თავის
თავის შესახებ. ცნობიერების პროცესი საგნის ხედვაცაა და თავისთავისაც. ამ უკანასკნელის
გარეშე საკუთარი ფსიქიკური სამყარო ჩვენთვის იქნებოდა სრულებით უცნობი
გაუცნობიერებელი, ხოლო ის, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული წარმოდგენა საკუთარი სულიერი
სამყაროს შესახებ, უეჭველი ფაქტია. ეს ფაქტი დამყარებულია ცნობიერების პროცესის
თვითგანცდის თვისებაზე, რასაც რეფლექსია ეწოდება.
რეფლექსიის გამო ცნობიერების პროცესებს ახასიათებთ უშუალო და ნამდვილი
მოცემულობა. ისინი სწორედ ისეთები არიან, როგორც გვეჩვენება. ეს კი ყოველთვის არ ითქმის
იმ შინაარსის შესახებ, რომელზეც მიმართულია ცნობიერების პროცესი. ის შინაარსი, რომელიც
გარედან გვეძლევა, ზოგჯერ არ შეესატყვისება რეალურ ობიექტს. მაგალითად, ხის ძირას
დაგდებული ჩოგბურთის ყვითელი ბურთი შეიძლება აღვიქვათ ხიდან ჩამოვარდნილ
ფორთოხლად. ამის შემოწმებას სჭირდება სპეციალური პროცედურა, რაც სრულებით არაა
საჭირო ცნობიერი პროცესების შემთხვევაში. სიხარული, სურვილი, მოგონება ჩვენში ჩნდება და
7
ისე გვეძლევა, როგორც სინამდვილეშია. არ შეიძლება ახლა რაიმეს გრძნობდე და აღმოჩნდეს,
რომ ამას ამჟამად არ გრძნობ. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ის პროცესები, რომელთა მოცემულობასაც
განვიცდით და პირიქით, რა პროცესებსაც განვიცდით მხოლოდ ისინი გვაქვს ცნობიერებაში.
ცნობიერების მოვლენები იმყოფებიან მუდმივ მოძრაობასა და ცვალებადობაში.
ცნობიერებაში განცდები და პროცესები განუწყვეტლივ ცვლიან ერთმანეთს: წარმოდგენას
მოჰყვება სხვა წარმოდგენა, ამ უკანასკნელს - აზრი, აზრს - სხვა აზრი, ის კი აღძრავს გრძნობას,
რომელიც თავის მხრივ, იწვევს რაღაც მოგონებას, მოგონება - რაიმე სურვილს და ა.შ.
ცნობიერების ამ თვისებას, მდინარის ნაკადთან ანალოგიით, უწოდებენ ნაკადისებურობას.
ცნობიერების ნაკადი მუდმივად მიედინება. ცნობიერების ესა თუ ის მდგომარეობა ზუსტად
ისეთივე სახით არასოდეს არ მეორდება. შეიძლება განმეორდეს ობიექტი, შინაარსი და არა მისი
განცდა, თუნდაც იმიტომ, რომ უწინდელმა განცდამ სუბიექტში რაღაც კვალი მაინც დატოვა.
ცნობიერებაში მიმდინარე პროცესები ხასიათდება მეტ-ნაკლები სუბიექტურობით. ეს
განსაკუთრებით თვალსაჩინო იქნება, თუ ერთმანეთს შევადარებთ ჩვენი ცნობიერი სამყაროს
ისეთ მოვლენებს, როგორიცაა შეგრძნებები და გრძნობები. შეგრძნება შედარებით პერიფერიული
და ”ობიექტური” განცდაა, ხოლო გრძნობა კი - უფრო ცენტრალური და სუბიექტური. საერთოდ,
შემეცნებითი ფსიქიკური პროცესები, როგორც საგნობრივი ვითარების ამსახველი განცდები,
ნაკლებად სუბიექტურია, ვიდრე მოტივაციური და ემოციური პროცესები.
საინტერესოდ მიგვაჩნია იმ თავისებურებების განხილვა, რომელიც განასხვავებს ცხოველთა
ფსიქიკურ აქტივობას ადამიანის ფსიქიკისაგან. ეს თავისებურებებია:
• ცხოველების მთელი აქტივობა განსაზღვრულია ბიოლოგიური მოტივებით. ეს კარგადაა
გამოხატული ერთ ცნობილ გამონათქვამში: ცხოველს არ შეუძლია უაზრო რაიმეს გაკეთება, ამის
უნარი მხოლოდ ადამიანს გააჩნია.
• ცხოველების მთელი ქცევა შეზღუდულია თვალსაჩინო კონკრეტული სიტუაციების
ჩარჩოებით. მათ არ შეუძლიათ მოქმედების დაგეგმვა.
• ცხოველების ქცევის საფუძველს ყველა სფეროში წარმოადგენს თანდაყოლილი სახეობითი
პროგრამები. დასწავლა მათთან შეზღუდულია ინდივიდუალური გამოცდილების შეძენით,
რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება სახეობითი პროგრამების შეგუება ინდივიდის
არსებობის კონკრეტულ პირობებთან.
• ცხოველებთან არ არსებობს თაობათა გამოცდილების განმტკიცება, დაგროვება და
გადაცემა მატერიალური კულტურის საგნების ფორმაში, მეტადრე ენის საშუალებით.

You might also like