Professional Documents
Culture Documents
Jein Eari Sharlota Bronte PDF
Jein Eari Sharlota Bronte PDF
ზეინაბ ხახანაშვილი
შარლოტა ბრონტე
ელგუჯა მაღრაძე
ჯეინ ეარი
თავი I
თავი II
თავი III
თავი IV
თავი V
თავი VI
თავი VII
თავი VIII
თავი IX
თავი XI
თავი XIII
თავი XIV
თავი XV
თავი XVI
თავი XVII
თავი XVIII
თავი XIX
თავი XX
თავი XXI
თავი XXII
თავი XXIII
თავი XXIV
თავი XXV
თავი XXVI
თავი XXVII
თავი XXVIII
თავი XXIX
თავი XXX
თავი XXXI
თავი XXXII
თავი XXXIII
თავი XXXVI
ინათა. ალიონზე ავდექი. ერთ-ორ საათში ჩემს ოთახში ყველაფერი
წესრიგში მოვიყვანე. ჩემი ნივთები კომოდსა და კარადაში ჩავალაგე, რათა ასე
დამეტოვებინა ყველაფერი ჩემი ხანმოკლე მოგზაურობის დროს. საქმიანობაში
გართულს შემომესმა, რომ სენტ-ჯონი ოთახიდან გამოვიდა. ჩემს კარებთან
შეჩერდა; ვშიშობდი, დააკაკუნებს-მეთქი, მაგრამ არა. მან მხოლოდ ქაღალდის
ფურცელი შემოაგდო კარის ქვეშ. ავიღე. წავიკითხე.
«თქვენ ისე უეცრად დამტოვეთ წუხელ. ოდნავ მეტ ხანს რომ
დარჩენილიყავით, აუცილებლად ხელს მოჰკიდებდით ქრისტეს ჯვარს და
ანგელოზის გვირგვინს. ორი კვირის შემდეგ ამავე დღეს ველი თქვენს
საბოლოო გადაწყვეტილებას. ამ დროის განმავლობაში გაფრთხილდით და
ილოცეთ. არ გძლიოთ ცდუნებამ: მწამს, თქვენი სული მზადაა დიადი
საქმისათვის, მაგრამ ხორცი, როგორც ვხედავ, სუსტია. ვილოცებ თქვენთვის
ყოველ წუთს. თქვენი სენტ-ჯონი».
«ჩემი სული, _ გონებაში ვპასუხობდი, _ მზადაა შეასრულოს ის, რაც
ჭეშმარიტია; ხოლო ჩემი ხორცი, მწამს, საკმაოდ ძლიერია აღასრულოს ნება
ღვთისა, თუკი ეს სურვილი ნათელია ჩემთვის. ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ
ძლიერი იქნება, რომ ეძიოს, იკითხოს, ჰპოვოს გამოსავალი; სიბნელით მოცულ
ეჭვს თავი დააღწიოს და ნახოს ჭეშმარიტების ნათელი დღე».
იდგა ივნისის პირველი, მაგრამ დილა მაინც ბურუსიანი და ცივი იყო.
ფანჯრის მინაზე წვიმას შხაპუნი გაჰქონდა. შემომესმა, როგორ გაიღო
სადარბაზოს კარები და სენტ-ჯონი გავიდა. ფანჯრიდან დავინახე, როგორ
გაიარა მან ბაღი და დაადგა უიტკროსისკენ მიმავალ ბურუსში გახვეულ
ტორფიან გზას. იქ საფოსტო ეტლს უნდა დახვედროდა.
«რამდენიმე საათში მეც იმავე გზას დავადგები, მამიდაშვილო ჩემო, _
ვფიქრობდი ჩემთვის, _ მეც უნდა შევხვდე საფოსტო ეტლს უიტკროსთან; მეც
უნდა მოვიკითხო და ვნახო ადამიანი ინგლისში, ვიდრე სამუდამოდ
მივატოვებ აქაურობას».
საუზმემდე ორი საათი იყო დარჩენილი. ამ დროის განმავლობაში ოთახში
უხმაუროდ ბოლთას ვცემდი და ვფიქრობდი იმ საიდუმლო ხმაზე, რომელმაც
მთლიანად შეცვალა ჩემი გეგმები. კვლავ აღსდგა ჩემში წინათ განცდილი
გრძნობები; გამახსენდა, ყველაფერი როგორ უცნაურად მოხდა; ისე უცნაურად,
რომ ძნელია აღწერაც. გამახსენდა ის ხმა და კვლავ ამაოდ ვეკითხებოდი ჩემს
თავს, თუ საიდან მომესმა; როგორც ჩანს, ის ჩემგანვე მოდიოდა და არა გარე
სამყაროდან. ნეტავ, უბრალოდ, ნერვიული მდგომარეობით გამოწვეული ხმა
ხომ არ იყო, ან ხომ არ მომეჩვენა. არ მჯეროდა და ვერც გავრკვეულიყავი; ის
უფრო ზეშთაგონებას ჰგავდა. გრძნობათა ეს გასაოცარი შეშფოთება იმ
მიწისძვრას წააგავდა, რომელმაც დალეწა პავლესა და საილასის საპატიმრო.
სულს გაუღო საკანის კარები და ბორკილები ჩამოხსნა; გამოაღვიძა ძილისგან
და აღსდგა სული თრთოლვით, სმენადქცეული, განცვიფრებული; შემდეგ
ისედაც გაოცებულს კიდევ სამჯერ შემომესმა მისი კივილი; გული ამიძგერდა
და სულში ჩამწვდა; მაგრამ არ შემაშინა, არც თავზარი დამცა, არამედ
სიხარულით ამავსო, რომ ამ ცოდვილი სხეულისგან გათავისუფლებულს
მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება.
«რამდენიმე დღეში, _ გადავწყვიტე ფიქრის შემდეგ,_ უთუოდ გავიგებ
რაიმეს მასზე, ვინც წუხელ თავისთან მიხმობდა-მეთქი. წერილებით ხომ
ვერაფერს გავხდი, წავალ, პირადად მივაკითხავ».
საუზმეზე დიანასა და მერის ვუთხარი, რომ მივდივარ და სულ მცირე ოთხი
დღე მაინც დამჭირდებოდა ჩემი საქმისთვის.
_ მარტო მიდიხარ, ჯეინ? _ იკითხეს მათ.
_ დიახ. უნდა ვნახო ან რაიმე გავიგო ერთ მეგობარზე. ამ ბოლო დროს მასზე
ფიქრი არ მასვენებს.
ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მათ თავში გაუელვა აზრმა, აკი ჩვენს მეტი არავინ
გყავსო. განა ბევრჯერ თვით არ მითქვამს ეს მათთვის. ალბათ მეტყოდნენ
კიდეც, მაგრამ ბუნებით იმდენად თავდაჭერილნი იყვნენ, არაფერი მითხრეს.
დიანამ მხოლოდ ის მკითხა, დარწმუნებული ხარ, რომ აიტან ამ მგზავრობასო.
ისიც დასძინა, ძალიან ფერმკრთალი ხარო. დავამშვიდე, ვუთხარი, მხოლოდ
სულიერად ვარ შეშფოთებული და ესეც მალე გაივლის-მეთქი.
დანარჩენის მოგვარება ადვილი იყო; არავინ მაწუხებდა არც შეკითხვებით
და არც ეჭვებით. ავუხსენი მათ, რომ არ შემეძლო მათთვის ჩემი გეგმები
გამეცნო და ისინიც დაეთანხმნენ ჩემს ნათქვამს მათთვის ჩვეული
კეთილშობილებითა და სიბრძნით. შესაძლებლობა მომცეს მემოქმედა,
როგორც თავად ჩავთვლიდი საჭიროდ. განა მეც ასევე არ მოვიქცეოდი?
მურჰაუსიდან დღის სამ საათზე გავემგზავრე და მეხუთე საათი იყო
დაწყებული, რომ უიტკროსის სანიშნე ბოძთან ვიდექი. ეტლს ველოდი,
რომელსაც შორს, თორნფილდში უნდა წავეყვანე. მიტოვებული გზები და
უკაცრიელი გორაკები დუმდნენ. სიჩუმეში ჯერ კიდევ შორიდან შემომესმა,
როგორ მიახლოვდებოდა ეტლი. ეს სწორედ ის საფოსტო ეტლი იყო,
რომელმაც ერთი წლის წინ, ზაფხულის ერთ საღამოს, ამავე ადგილას
მომიყვანა _ უიმედო, უთვისტომო, მიზანდაკარგული. ეტლი გაჩერდა ჩემი
ხელის დაქნევაზე. ჩავჯექი. ახლა უკვე მგზავრობის საფასურად არ
მომიხდებოდა მთელი ჩემი ქონების მიცემა. კვლავ თორნფილდისაკენ
მივდიოდი; თითქოს საფოსტო მტრედი ვიყავ და სახლში ვბრუნდებოდი.
ოცდათექვსმეტი საათი ვიყავი გზაში. უიტკროსი სამშაბათს დღისით
დავტოვე და ხუთშაბათს ადრე დილით ეტლი გზაზე ერთ-ერთ სასტუმროსთან
შეჩერდა, რათა ცხენებისთვის წყალი დაელევინებინათ. ვიცანი სასტუმრო,
ირგვლივ მწვანედ აფეთქებული ცოცხალი ღობე, გადაჭიმული მინდვრები,
საძოვარი ბორცვები; თითქოს დიდი ხნის ნაცნობი შემომეგებაო (ოჰ, როგორი
სასიამოვნო იყო სირბილე და მწვანე სიხასხასე მორტონის ნორთმიდლენდის
პირქუშ ტორფნართან შედარებით). დიახ, ვიცანი ჩემ წინ გადაჭიმული
ადგილი. დავრწმუნდი, ჩემს მიზანთან ახლოს ვიყავი.
_ შორს არის აქედან თორნფილდი? _ ვკითხე იქვე მეჯინიბეს.
_ მხოლოდ ორი მილია, ქალბატონო, აი იმ მინდვრის გადაღმა.
«ჩემი მოგზაურობა დამთავრდა», _ გავიფიქრე. ეტლიდან ჩამოვედი. ბარგი
ადგილობრივ მეჯინიბეს მივაბარე და ბარგის შესანახი ფული გადავიხადე.
მეეტლეც გავისტუმრე და გზას გავუდექი. ამომავალი მზის სხივები
სასტუმროს აბრაზე ციმციმებდნენ. წავიკითხე ოქროსფერი ასოებით
დაწერილი სიტყვები: «როჩესტერთა ღერბი». გული ამოხტომას ლამობდა. ჩემი
პატრონის მიწაზე მედგა ფეხი. მაგრამ ისევ ჩამწყდა რაღაც. ერთმა აზრმა
გამიელვა:
«შენი პატრონი, ალბათ, ლამანშს იქითაა; ამას შენც ხვდები. ვთქვათ,
თუნდაც თორნფილდშია, საითკენაც ასე მიეშურები. იცი, ვინაა მის გვერდით?
მისი მთვარეული ცოლი. მაშასადამე, რა საქმე გაქვს მასთან? არც უნდა
ესწრაფვოდე მასთან ლაპარაკს და მასთან ყოფნას. მთელი შენი შრომა ამაოა,
უმჯობესია, უკან დაბრუნდე». _ გონი მირჩევდა: «წადი სასტუმროში და იქ
ხალხისგან გაიგე ყველაფერი. იქ ყველა შენს კითხვას პასუხს გასცემენ. მაშინვე
გაგიფანტავენ ეჭვებს. მიდი, აი, იმ კაცთან და ჰკითხე, მისტერ როჩესტერი შინ
თუ არის».
ეს გონივრული აზრი იყო. მაგრამ თავს ძალა ვერ დავატანე ასე
მოვქცეულიყავი, მეშინოდა არ გამეგო ისეთი რამ, რაც სასოწარკვეთილებაში
ჩამაგდებდა. მერჩია ეჭვების ქსელში ვყოფილიყავი და რაღაცის იმედი
მქონოდა. იქნებ ერთხელ კიდევ მენახა მისი მანათობელი ვარსკვლავის შუქით
გაბრწყინებული ჰოლი. ჩემ წინ სწორედ ის ღობეზე გადასასვლელი და ის
მინდვრები იყო, რომლებიც იმ დილით გადავიარე, თორნფილდიდან რომ
მივრბოდი ჭკუადაკარგული. მაშინ ვერაფერს ვხედავდი, არაფერი მესმოდა,
მხოლოდ გაჯავრება ბობოქრობდა ჩემში და უგზო-უკვლოდ მიმაქანებდა.
ვიდრე გონზე მოვიდოდი და იმას მივხვდებოდი, სად მივრბოდი, თავი ამ
მინდვრებს შორის ამოვყავი. როგორ მივიჩქაროდი! ზოგჯერ კიდეც მივრბოდი!
მოუთმენლად ველოდი, თვალი მომეკრა ნაცნობ ტყეებისთვის! ოჰ, რა
გრძნობამ შემიპყრო, როდესაც ვუცქეროდი განცალკევებულ ხეებს, მათ შორის
მდებარე გორაკსა და მდელოს!
როგორც იქნა, გამოჩნდა ტყე. ერთად შეგროვილი ჭილყვავები აბნელებდნენ
იქაურობას. მათი ჩხავილი არღვევდა დილის მყუდროებას. უცნაურმა
სიხარულმა ამიტაცა. წინ გავეშურე. კიდევ ერთი მინდორი გადავიარე. ვიწრო
ბილიკს დავადექი. და აი, ეზოს გარსმომდგარი კედლები, სახლის დამხმარე
სათავსოები; თვით შენობაც; მაგრამ ჭილყვავების სადგომი ჯერ კიდევ არ
ჩანდა. «წინა მხრიდან დავინახავ-მეთქი, _ გადავწყვიტე. _ «სადაც სასახლის
ამაყი ქონგურები უეცრად გამაოცებს თავისი სიდიადით და სადაც მოვნახავ
ჩემი პატრონის ფანჯარას; შესაძლებელია, ფანჯარასთან დგას, _ ის ხომ ადრე
დგება; ან, იქნებ, ხეხილის ბაღში სეირნობს ახლა, ან სახლის წინ მოკირწყლულ
გზაზე. ნუთუ მართლა ვნახავ! _ მხოლოდ ერთი წუთით! რასაკვირველია, ასეთ
შემთხვევაში გონიერება ისე არ უნდა დავკარგო, რომ მასთან მივირბინო.
თუმცა ვერ გეტყვით. არ ვიცი. განა, ასეც რომ გამეკეთებინა, რა მოხდებოდა?
ღმერთი იყოს შემწე _ რა მოხდებოდა? განა ვინმეს რამე დაუშავდება, რომ
მისმა შემოხედვამ კვლავ მაგრძნობინოს სიცოცხლე. მაგრამ მე ვბოდავ. ის
ახლა, ალბათ, გასცქერის პირენეებიდან ამომავალ მზეს, ან, იქნებ, სამხრეთის
წყნარ ზღვას.»
ხილნარის დაბალ ღობეს შემოვუარე და კუთხეში შევუხვიე. სწორედ იქ იყო
ალაყაფის კარი, და მდელოც იქ იწყებოდა. კარები ქვის ორ ბოძზე იყო
დამაგრებული, რომელთაც თავზე ქვისგანვე ნაკეთი ბურთები ედგათ
გვირგვინად. ბოძის იქიდან თავისუფლად შემეძლო დამენახა შენობის მთელი
წინა ფასადი. ფრთხილად გადავყავი თავი; სული მიმდიოდა, გამეგო _
რომელიმე საწოლი ოთახის დარაბები უკვე გააღეს თუ არა. ჩემი
თავშესაფრიდან შესანიშნავად ვხედავდი ყველაფერს: ქონგურებს, ფანჯრებს,
შენობის მთელ ფასადს.
ყვავები, რომლებიც თავზე დამფარფატებდნენ, ალბათ თვალყურს
მადევნებდნენ, ვიდრე მე სახლის თვალიერებით ვიყავი გართული. ნეტავ, რას
ფიქრობდნენ: ალბათ იმას, რომ ჩემი თავდაპირველი მეტისმეტი სიფრთხილე
და სიმორცხვე თანდათანობით სითამამემ და გაბედულებამ შეცვალა.
შევიჭყიტე; შემდეგ თავ-შესაფარს მოვწყდი, მდელოს გადავუარე, შენობის წინ
გავჩერდი და დიდხანს დაკვირვებით ვათვალიერებდი. «რა თავლთმაქცური
სიმორცხვე გამოვიჩინე, _ შეიძლება იკითხონ, _ და ახლა კი რა სულელური
გაუფრთხილებლობით ვიქცევი?"
მაგალითს მოგიყვანთ, მკითხველო.
შეყვარებული საყვარელ არსებას ხავსით მოფენილ ნაპირთან დაძინებულს
პოულობს. სურს თვალი მოჰკრას მის მშვენიერ სახეს ისე, რომ არ გააღვიძოს.
ჩუმად მიიპარება ბალახზე და ფრთხილობს, სიჩუმე ოდნავი ხმაურითაც არ
დაარღვიოს. ჩერდება; ეჩვენება, რომ ქალი შეინძრა; უკან იხევს; არაფრის
გულისთვის არ უნდა გამოჩნდეს. ირგვლივ სიჩუმეა. კვლავ გადადგა წინ
ნაბიჯი.ქალისკენ იხრება. მსუბუქი საბურავი ფარავს მის სახეს. ხდის
საბურავს. უფრო იხრება, ახლა მის თვალწინაა განცხრომით გაწოლილი თვით
მშვენიერი ზმანება; ნორჩი, ყვავილივით აფეთქებული და საყვარელი. როგორ
თვალმოუცილებლივ უმზერს! ადგილზე შეშდება! როგორ კრთის! სასწრაფოდ
და მგზნებარებით გულში იკრავს სხეულს, ერთი წუთის წინ თითის
დაკარებასაც რომ ვერ უბედავდა. ხმამაღლა უხმობს; ძირს უშვებს სანუკვარ
ტვირთს და გაშმაგებით დასცქერის. ეხვევა, უხმობს, გაშტერებით უმზერს;
გრძნობს, მისი ხმა ან მისი მოძრაობა ვეღარ გააღვიძებს მას. მას ეგონა, რომ მის
შეყვარებულს ტკბილად ეძინა: თურმე ის ქვად უქცევია სიკვდილს.
შიშით აღსავსე სიხარულით შევხედე დიდებულ შენობას: მხოლოდ
ჩაშავებული ნანგრევები შემრჩა ხელთ.
აბა, რაღა საჭირო იყო ჭიშკრის ბოძს იქით დამალვა! ფარული თვალთვალი
დარაბებისთვის, რომლის იქითაც მეგონა, რომ სიცოცხლე იღვიძებდა! რაღად
ვუსმენდი კარების გაღებას, ფეხის ხმას ხრეშით მოფენილ ბილიკებზე! მდელო,
ბაღი გადაეთელათ და გაენადგურებინათ. მთავარ შესასვლელთან
ხახადაღებულ სიცარიელეს შევეფეთე. შენობა, როგორც ეს ერთხელ სიზმარში
ვნახე, ჰგავდა დაცარიელებულ ნაჭუჭს, რომლის მაღალ, ცეცხლისგან
დანგრეულ კედლებში მხოლოდ უჩარჩო ფანჯრებიღა მოჩანდა. არც სახურავი,
არც ქონგურები, არც საბუხრეები _ ყველაფერი ჩანგრეულიყო.
სიკვდილი ზეიმობდა შიგ. მდუმარებას ეპოვა იქ თავშესაფარი. განა კიდევ
საკვირველია, რატომ რჩებოდა აქ გამოგზავნილი წერილები უპასუხოდ? ეს
იყო ღაღადისი უდაბნოსა შინა. ჩაშავებული ქვები მეტყველებდნენ, თუ რა
ბედი ეწია ჰოლს: ის დაიღუპა ხანძრისგან. მაგრამ რამ გამოიწვია ხანძარი? რა
იმალებოდა ამ უბედურებაში? ნეტავ, კიდევ რა იმსხვერპლა ცეცხლმა, გარდა
მარმარილოსი და ხის ჩუქურთმებისა? ხომ არ დაიღუპა ვინმე ქონებასთან
ერთად? და თუ ასეა, ვინ? შემაძრწუნებელი კითხვაა. ვერავინ მიპასუხებდა.
არავინ ჩანდა ირგვლივ; არც რაიმე ნიშანი, არც საბუთი.
გარს ვუვლიდი დაცარიელებულ შენობას, ჩამონგრეულ კედლებს და
დავრწმუნდი, რომ ეს უბედურება უკვე დიდი ხანია, რაც თავს დასტყდომოდა
მის მცხოვრებთ. ეტყობოდა, ზამთრის თოვლი ზვინებად დასწოლოდა ამ
დაცარიელებულ თაღებს; ზამთრის წვიმები უფანჯრო ჩარჩოებზე
შხაპუნობდა; დაგროვილ ნაგავზე მცენარეულობა ამწვანებულიყო
გაზაფხულზე; მხოლოდ ბალახი და ხავსი მოჩანდა ჩამონგრეულ კედლებსა და
ჩამოცვენილ ხის კოჭებს შორის. მაგრამ, ღმერთო! სად იყო ამ ნანგრევების
ბედკრული პატრონი? რომელ ქვეყანაში? რომელ მხარეს შეაფარა თავი?
ჩემდაუნებურად შევხედე რუხი ეკლესიის გო-დოლს ჭიშკრის ახლოს და ჩემს
თავს ვკითხე: «ნუთუ დეიმერ დე როჩესტერის მარმარილოთი ნაგები ვიწრო
სავანე გაიზიარა და მას შეაფარა თავი?»
ამ კითხვებზე პასუხი უნდა მიმეღო. პასუხს კი მხოლოდ სასტუმროში
მივიღებდი და მაშინვე იქით გავეშურე. სასტუმროს პატრონმა თვით
შემომიტანა საუზმე ოთახში. ვთხოვე, კარი დახურეთ და დაბრძანდით-მეთქი.
მისთვის უნდა მეკითხნა. დაჯდა და ახლა უკვე აღარ ვიცოდი, როგორ
დამეწყო; პასუხის მეშინოდა, მაგრამ გულისმომკვლელმა სანახაობამ,
რომელიც ის იყო ვნახე, მომამზადა საშინელების მოსასმენად. სასტუმროს
პატრონი საშუალო ხნის სანდომიანი შეხედულების ადამიანი იყო.
_ თქვენ ალბათ იცნობთ თორნფილდჰოლს? _ როგორც იქნა, მოვახერხე
საუბრის დაწყება.
_ დიახ, ქალბატონო; წინათ იქ ვცხოვრობდი.
_ მართლა? _ მაგრამ ჩემ დროს არა, _ გავიფიქრე. _ არ გიცნობთ.
_ მე განსვენებულ მისტერ როჩესტერის მსახურთუხუცესი გახლდით, _
დასძინა მან.
«განსვენებულის!» _ თითქოს მთელი სიძლიერით დამეცა თავზე მეხი,
რომლის არიდებასაც ასე ვცდილობდი.
_ განსვენებულის? _ ძლივს ამოვთქვი: _ განა მოკვდა?
_ მე ახლანდელი პატრონის მისტერ ედვარდის მამას ვგულისხმობ, _
განმიმარტა მან. სული მოვითქვი. სისხლმა დენა განაგრძო ძარღვებში. ამ
სიტყვებით დავრწმუნდი, რომ მისტერ ედვარდი, _ ჩემი მისტერ როჩესტერი
(ღმერთმა დალოცოს ის, სადაც არის!) მაინც არის ცოცხალი და არის
«ახლანდელი პატრონი». გულისსაამებელი სიტყვები! რაც არ უნდა
მოჰყოლოდა ამ სიტყვებს, ყოველივეს ავიტანდი; შედარებით მშვიდად
ავიტანდი. რადგან ცოცხალია, _ ვფიქრობდი, _ იმასაც ავიტან, რომ მითხრან
ქვეყნის მეორე კიდეზე იმყოფებაო.
_ მისტერ როჩესტერი თორნფილდჰოლში ცხოვრობს ახლა? _ შევეკითხე.
ვიცოდი, რასაც მიპასუხებდა; მაგრამ ვნატრობდი გამეგო, სად იყო ის
ნამდვილად. თუმცა პირდაპირ არ ვეკითხებოდი.
_ არა, ქალბატონო, ოჰ, არა! იქ არავინ ცხოვრობს. თქვენ უცხო ჩანხართ ამ
მხარეში, თორემ უსათუოდ გაიგებდით, რა მოხდა აქ გასულ შემოდგომას.
თორნფილდჰოლიდან მხოლოდ ნანგრევებიღა დარჩა: მთლიანად დაიწვა
მოსავლის აღების დროს. ენით აუწერელი უბედურება დატრიალდა!
აურაცხელი ძვირფასეულობა დაიღუპა. ავეჯიდან თითქმის ვერაფერი
გადაარჩინეს. ხანძარმა შუაღამისას იფეთქა და ვიდრე მილკოტიდან მანქანები
მოვიდოდნენ, შენობა მთლად ცეცხლში გაეხვია. საშინელი სანახავი იყო! ჩემი
თვალით ვნახე ყველაფერი.
_ შუაღამისას! _ ძლივს გასაგონად წარმოვთქვი. დიახ, ეს თორნფილდში
საბედისწერო დრო გახლდათ._ გაიგეთ, რამ გამოიწვია ხანძარი? _ თითქმის
ბრძანებით ვკითხე.
_ მიხვდნენ, ქალბატონო; რასაკვირველია, მხოლოდ მიხვდნენ. მე კი
ვიტყოდი, ამაში ეჭვის მიტანა არ შეიძლება. თქვენ, რასაკვირველია, არ იცით,
განაგრძო მან, თან სკამი ოდნავ მოსწია მაგიდისკენ და დაუმატა. _ რომ იმ
სახლში ცხოვრობდა ერთი, ერთი... ლედი... მთვარეული.
_ რაღაც მსმენია მასზე.
_ მას არსად არ უშვებდნენ და მკაცრად ადევნებდნენ თვალს, ქალბატონო.
რამდენიმე წლის განმავლობაში ხალხმა არც კი იცოდა, რომ ის ცოცხალი იყო.
თვალი არავის მოუკრავს მისთვის. მათ მხოლოდ განაგონი ჰქონდათ, რომ
ჰოლში ასეთი ვინმე ცხოვრობდა; მაგრამ ვინ იყო ის, ან რას წარმოადგენდა,
არავინ იცოდა. ამბობდნენ, რომ მისტერ ედვარდმა ის საზღვარგარეთიდან
ჩამოიყვანა; ზოგიერთი ამტკიცებდა, მისი მეუღლე იყოო; მაგრამ უცნაური რამ
კი მოხდა ამ ერთი წლის წინ. ძალიან უცნაური.
გულში შიშმა გამკრა, რომ ჩემს საკუთარ ამბავს მოვისმენდი. ვცადე მთავარ
ამბავს დაბრუნებოდა კვლავ.
_ ჰო, მერე, ის ლედი?
_ ის ლედი, ქალბატონო, _ მიპასუხა მან, _ მართლაც მისტერ როჩესტერის
მეუღლე აღმოჩნდა. ეს ამბავი გამოირკვა ძალიან უცნაურად. ჰოლში
ცხოვრობდა ერთი ახალგაზრდა ლედი, აღმზრდელი, რომელიც მისტერ
როჩესტერს შეუყვარდა...
_ მაგრამ ხანძარი, _ კვლავ მთავარ აზრს დავუბრუნდი.
_ სწორედ მაგაზე მოგახსენებთ, ქალბატონო. მისტერ როჩესტერს შეუყვარდა
ეს ქალი. მოსამსახურენი ამბობდნენ, რომ არასოდეს არავინ უნახავთ ასე
შეყვარებული. სულ თან დასდევდა. ისინი მას ყოველთვის თვალს
ადევნებდნენ; - მოგეხსენებათ, ქალბატონო, მოსამსახურეებს როგორ უყვართ
ეს. _ მისტერ როჩესტერისთვის ეს ქალი ყველაზე ძვირფასი იყო. მხოლოდ ის
ხედავდა მასში რაღაც დიდ სილამაზეს. ქალი, როგორც ამბობენ, ბავშვივით
პატარა ტანის ყოფილა. მე თვით არ მინახავს ის, მაგრამ მოსამსახურე ქალი ლი
მიყვებოდა მასზე. ლისაც ძალიან მოსწონდა ის. მისტერ როჩესტერი თითქმის
ორმოცის იყო და ის აღმზრდელი კი ოცის ძლივს იქნებოდა, და იცით,
როდესაც ამ ხნის ჯენტლმენებს შეუყვარდებათ ასეთი გოგონები, ისინი
თითქოსდა მოჯადოებულნი არიან. ჰო, იმას ვამბობდი: მისტერ ედვარდს მისი
ცოლად შერთვა უნდოდა.
_ ამ ამბავს სხვა დროს მომიყვებით, _ ვუთხარი. _ ახლა კი გარკვეული
მიზეზების გამო მინდა ყველაფერი გავიგო იმ ხანძარზე. ეჭვობდნენ, რომ ამ
ხანძარში ერია იმ მთვარეულის, მისის როჩესტერის, ხელი?
_ თქვენ სწორად მიხვდით, ქალბატონო. სრულიად ნათელია, რომ სწორედ
მან და სხვა არავინ გადაწვა შენობა. მას მომვლელად ქალი ჰყავდა მიჩენილი
სახელად მისის პული: საქმის მცოდნე და ძალიან სანდო ადამიანი, მაგრამ მას
ერთი ნაკლი ჰქონდა, _ ყველა მომვლელის და ხანში შესული ქალებისთვის
დამახასიათებელი ნაკლი, _ თან ყოველთვის ბოთლით ჯინი დაჰქონდა და
დროდადრო ზედმეტსაც გადაჰკრავდა ხოლმე. არც გაემტყუნებოდა; ძალიან
გამწარებული სიცოცხლე ჰქონდა. მაგრამ სმა მაინც სახიფათო იყო, რადგანაც,
როდესაც მისის პულს მთვრალს ღრმად ეძინა, ეს გიჟი ლედი, რომელიც
ჯადოქარივით ცბიერი იყო, მოიპარავდა ხოლმე მისი ჯიბიდან გასაღებს,
ოთახიდან ჩუმად გამოვიდოდა, დაეხეტებოდა სახლში და რაც კი თავში
მოუვლიდა, ყოველ საშინელებას სჩადიოდა. ამბობენ, ერთხელ თავისი ქმარი
კინაღამ მძინარე არ გამოსწვა საწოლშიო. მე თვით არაფერი ვიცი ამის შესახებ.
და აი, იმ ღამით მან ცეცხლი მოუკიდა პირველად თავის გვერდით მდებარე
ოთახში ფარდებს; შემდეგ ერთი სართული ჩაიარა და გაეშურა იმ ოთახისკენ,
რომელიც იმ აღმზრდელს ეკუთვნოდა (თითქოსდა მან იცოდა, რაში იყო საქმე
და ემტერებოდა მას). ცეცხლი იქაც წაუკიდა საწოლს. საბედნიეროდ, იქ არავის
ეძინა. აღმზრდელი ორი თვის წინ გაქცეულიყო სახლიდან; მისტერ
როჩესტერი ყველგან ეძებდა მას, თითქოსდა ამქვეყნიდან მისთვის ყველაზე
ძვირაფასი არსება დაკარგა; მაგრამ ვერაფერი შეიტყო მასზე. ამ ამბავმა
გააშმაგა; უიმედობამ მთლად გადარია. ბუნებით ავი არ ყოფილა, მაგრამ მისი
დაკარგვის შემდეგ ახლოს ვერავინ ეკარებოდა. არავის ღებულობდა. მისის
ფეიერფექსი, თავისი მნე, გააგზავნა შორს, მისსავე ნათესავებ-თან. თუმცა
ძალიან კარგად მოექცა. მთელი სიცოცხლის მანძილზე თანხა დაუნიშნა.
ალალიც იყო ეს მისთვის. ძალიან კარგი ქალი იყო. მის ადელი, თავისი
აღზრდილი, სკოლაში მიაბარა. გაწყვიტა ნაცნობობა აქაურ დიდგვაროვნებთან
და განდეგილივით ჩაიკეტა ჰოლში.
_ როგორ! არ წასულა ინგლისიდან?
_ ინგლისიდან? ღმერთი იყოს თქვენი მფარველი! არა. ფეხი არ გადაუდგამს
კარის ზღურბლზე. მხოლოდ ღამით აჩრდილივით დაეხეტებოდა ბაღსა და
ხეხილნარში. გონებადაკარგულს ჰგავდა, _ და, ჩემი აზრით, ასეც იყო,
რადგანაც თქვენ ვერასოდეს ნახავთ ისეთ ენერგიულ, მამაცსა და ჭკვიან
ჯენტლმენს, როგორიც მისტერ როჩესტერი გახლდათ, ვიდრე იმ პატარა
აღმზრდელმა მთლად არ მოუსპო ყველა სურვილი. სხვებივით არ იყო
გადაყოლილი ღვინოს, ბანქოს ან დოღს. არც ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ თუ
ვინმეს ჰქონდა ნებისყოფა და სიმამაცე, სწორედ მას. ბავშვობიდანვე ვიცნობდი
და მე თვით ხშირად მინატრია, ნეტავ, ის მის ეარი ზღვას შთაენთქა-მეთქი,
ვიდრე თორნფილდში მოვიდოდა.
_ ასე რომ, მისტერ როჩესტერი სახლში იყო, როდესაც ხანძარმა იფეთქა?
_ დიახ, შინ იყო. ის ავიდა ზედა სართულში, როდესაც ხანძარი გაძლიერდა,
გააღვიძა მოსამსახურეები და უშველა დაბლა ჩასვლა. შემდეგ კი უკან
აბრუნდა, რომ თავისი გიჟი ცოლი გამოეყვანა სენაკიდან. ამ დროს დაუძახეს,
რომ ქალი სახურავზეაო, და მართლაც, ქონგურებთან იდგა, ხელებს იქნევდა
და ისე გაჰკიოდა, რომ ერთ მილზე ისმოდა. საკუთარი თვალით ვხედავდი მას
და მესმოდა ყველაფერი. ეს იყო მაღალი ქალი, შავი გრძელი თმით. გაშლილი
თმა ცეცხლს შორის უფრიალებდა. ყველამ შევნიშნეთ, როგორ აძვრა მისტერ
როჩესტერი პატარა მინის კარით სახურავზე, შემოგვესმა, რომ დაუძახა
«ბერთა»; დავინახეთ, როგორ მიუახლოვდა და აქ, ქალბატონო, მან დაიწივლა,
გადახტა და ერთ წამში დაენარცხა ქვაფენილს.
_ მკვდარი?
_ მკვდარი! რასაკვირველია, მკვდარი, როგორც ის ქვები, რომელთაც მისი
ტვინი და სისხლი გადაესხა.
_ ღმერთო ჩემო!
_ დიახ, ქალბატონო. ეს საშინელება იყო.
მას შეაჟრჟოლა.
_ და შემდეგ? _ ვკითხე.
_ შემდეგ კი, ქალბატონო, სახლი მთლად ნაცრად იქცა. მხოლოდ კედლების
ნანგრევებია დარჩენილი.
_ მეტი ხომ არავინ დაღუპულა?
_ არა, მაგრამ იქნებ უკეთესი ყოფილიყო.
_ რა გინდათ ამით თქვათ?
_ საბრალო მისტერ ედვარდი! _ წარმოთქვა მან. _ რას წარმოვიდგენდი, რომ
ამას მოვესწრებოდი; ზოგნი ამბობენ, სამართლიანად დაისაჯაო, იმისთვის,
რომ ასე საიდუმლოდ ინახავდა პირველ ქორწინებას და მის სიცოცხლეშივე
აპირებდა მეორე ცოლის მოყვანასო, მაგრამ მე კი ძალიან მებრალება.
_ თქვენ ხომ თქვით, რომ ცოცხალი გადარჩაო? _ წამოვიძახე მე.
_ დიახ, დიახ, ცოცხალი გადარჩა, მაგრამ ბევრის აზრით უმჯობესია,
მომკვდარიყო.
_ რატომ? როგორ? _ კვლავ გამეყინა სისხლი ძარღვებში. - სად არის ის? _
თითქმის ვუბრძანე: - ინგლისშია?
_ დიახ, ინგლისშია, ვერ დატოვებს ინგლისს. ჩემი აზრით, ის ერთ
ადგილზეა მიჯაჭვული.
რა წამება იყო ეს ჩემთვის. ის კი, როგორც ჩანს, ახანგრძლივებდა ჩემს
წამებას.
_ სულ მთლად ბრმაა, _ თქვა მან ბოლოს. _ დიახ, ჩვენი მისტერ ედვარდი
ბრმაა.
შიშით ველოდი უარეს ამბებს. მეშინოდა, რომ მეტყოდა, გაგიჟდაო; როგორც
იქნა, მოვიკრიბე მხნეობა, ვკითხე, რამ გამოიწვია ეს უბედურება-მეთქი.
_ ეს გამოიწვია მისმა მამაცობამ და ნაწილობრივ მისმა გულკეთილობამ,
ქალბატონო. არ უნდოდა დაეტოვებინა სახლი, ვიდრე ყველას სამშვიდობოს არ
გაიყვანდა. როდესაც მისის როჩესტერი გადმოვარდა ქონგურებიდან და
მისტერ როჩესტერი დიდი კიბეებით ჩამოდიოდა, საშინელი ხმაური გაისმა
უეცრად და ყველაფერი ჩაინგრა. ნანგრევებიდან გამოათრიეს ცოცხალი,
მაგრამ საშინლად დასახიჩრებული. კოჭი ჩამოვარდა და კიდევ იმან დაიცვა;
ერთი თვალი მთლად ამოუვარდა და ერთი ხელიც ისე დაუზიანდა, რომ
მისტერ კარტერი იძულებული გახდა მაშინვე მოეკვეთა. მეორე თვალის
ანთება დაეწყო და იმ თვალიდანაც მხედველობა დაკარგა. ახლა მთლად
უმწეოა: ბრმა და ხეიბარი.
_ სად არის? ახლა სად ცხოვრობს?
_ ფერნდენში. აქედან დაახლოებით ოცდაათი მილის დაშორებით. იქ
თავისი სათავადო სახლი უდგას. მაგრამ ადგილი უკაცრიელია.
_ ვინ არის მასთან?
_ მოხუცი ჯონი და მისი ცოლი. მეტი არავინ ისურვა. ძალიან
გაუბედურებულია.
_ გაქვთ თქვენ რამე ეტლის მაგვარი?
_ გვაქვს მხოლოდ საფოსტო ეტლი, ქალბატონო, ძალიან კოხტა.
_ უთხარით, ახლავე მოამზადონ, და თუ თქვენი მეეტლე მიმიყვანს
ფერნდენში დღეს დაღამებამდე, თქვენც და ისიც ორმაგ გასამრჯელოს
მიიღებთ.
თავი XXXVII
შენიშვნები