Professional Documents
Culture Documents
8
მარსელ პრუსტი ჰომოსექსუალისტი იყო. ამაზე მოწმობს დიდი რაოდენობით
კორესპონდენცია, რომელიც დარჩა მისი და მისი მეგობრის, პიანისტი რეინალდო
ჰანის მიმოწერისას. საუკუნის დასაწყისში, კერძოდ 1900 წლიდან 1905 წლამდე
მარსელმა მისი გარემომცველი საახლობლო წრიდან მრავალი ადამიანი დაკარგა.
1903 წელს გარდაიცვალა მამამისი, 1905 წლის სექტემბერში კი - დედა. მშობლების
სიკვდილის შემდგომ მას დიდი მემკვიდრეობა ერგო, რამაც საშუალება მისცა
პრუსტს მთელი თავისი დრო ხელოვნებისათვის დაეთმო. სიცოცხლის
უკანასკნელი წლებში მარსელის საკუთარი ოთახიდან არ გამოდიოდა. დღისით
ეძინა, ღამით კი წერდა რომანს, რომელიც საბოლოოდ მწერალთან გაიგივდა.
მარსელ პრუსტი გარდაიცვალა 1922 წლის 18 ნოემბერს პარიზში. დაკრძალულია
პარიზის პერ ლაშეზის სასაფლაოზე.
მარსელ პრუსტმა ლიტერატურული ნიჭი ბავშვობიდანვე გამოავლინა
ლიცეუმში სწავლის დროს. მადამ არმანის სალონში მარსელი გაეცნო ანატოლ
ფრანსს, რომლის წყალობითაც მან შეძლო 1896 წელს მისი პირველი წიგნის,
ლექსებისა და მოთხრობების კრებულის ”განცხრომა და დღეები” გამოქვეყნება.
შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში პრუსტი ფრანგულ ენაზე თარგმნიდა
ჯონ რესკინის სტატიებსა და თხზულებებს. 1907 წლის თებერვალში პრუსტმა
გაზეთ ”ფიგარო”-ში გამოაქვეყნა სტატია, სადაც ის შეეცადა გაეანალიზებინა ორი
ცნება, მეხსიერება და დანაშაულის გრძნობა, რომლებმაც შემდგომში პრუსტის
შემოქმედებაში საკვანძო მნიშვნელობა შეიძინეს. 1909 წლის ზაფხულში მან ესეს
”სენტ-ბევის წინააღმდეგ” წერა წამოიწყო. ესე საბოლოო ჯამში მრავალტომიან
ნაწარმოებში გადაიზარდა. მარსელ პრუსტი მას სიცოცხლის ბოლო დღეებამდე
წერდა. 1913 წელს მრავალტომიანმა რომანმა მიიღო ახალი სახელწოდება
”დაკარგული დროის ძიებაში”, რომელიც შედგება შვიდი დამოუკიდებელი
რომანისგან, ესენია „სვანის მხარეს“; „შეღერებული ქალიშვილების
ჩრდილში“; „გერმანტების მხარე“; „სოდომი და გომორი“; „ტყვე ქალი“;
„გაუჩინარებული ალბერტინი“; „დაბრუნებული დრო“, რომლის პირველი
ნაწილი ”სვანის გზა” გამოქვეყნდა 1913 წელს. მეორე ნაწილმა კი 1919 წელს ძმები
გონკურების სახელობის პრემია დაიმსახურა. გარდაცვალებამდე, კერძოდ 1922
წლამდე, მარსელ პრუსტმა ამ ციკლის ხუთი ნაწილის გამოქვეყნება მოახერხა.
დანარჩენი ნაწილები მისი სიკვდილის შემდგომ, მისი ძმის რიბერისა და მისი
მეგობრების, ჟაკ რივიერისა და ჟან პოლიანის მიერ იქნა გამოქვეყნებული.
პრუსტის შემოქმედებითი მეთოდი, რომელიც ძირითადად
იმპრესიონისტულია, დაუპირისპირდა XIX საუკუნის რეალიზმის ეპოქაში
დამკვიდრებული რომანის პრინციპებს. საზოგადოებრივ მოვლენათა
ობიექტურად გაანალიზების მცდელობა მან შეცვალა მოვლენათა ინტუიციური
წვდომის შედეგად მოპოვებული სუბიექტური მონაცემებით. პორტრეტის
ხატვისას იგი ზოგადადამიანური საწყისიდან გამოდის, და არ ცნობს ადამიანის
პიროვნების სოციალური განსაზღვრულობის ფაქტს. პრუსტი ბერგსონის
9
ფილოსოფიურ მოძღვრებასა და ფროიდის ფსიქოანალიზს ეყრდნობა. მის
ნაწარმოებებში თხრობა მიმდინარეობს სპონტანურ მოგონებათა, ასოციაციათა
ქვეცნობიერ მინიშნებათა კვალდაკვალ. მოვლენათა გადმოცემისას დაცული არ
არის დროული თანამიმდევრობა, ამიტომ ძირეულადაა შეცვლილი რომანის
სტრუქტურისა და სიუჟეტის ტრადიციული ქარგა. მწერალი ცდილობს მოუძებნოს
ახსნა ადამიანის ფსიქოლოგიის და ინტელექტის კანონებს, ინტუიციის მექანიკას.
პრუსტის სამწერლო კონცეფცია გარე სამყაროს არ უტოვებს ობიექტური
რეალობის სახეს, იგი წარმოდგენილია მხოლოდ გმირის ცნობიერებაში,
მეხსიერებაში არეკლილი და გარდატეხილი ფორმით. ამ კონცეფციის მიხედვით,
ადამიანის წარმოდგენა საკუთარ თავზე, სამყაროზე, საზოგადოებაზე პირობითია;
ყოველგვარი ცოდნა სუბიექტურია, ადამიანს არ ძალუძს გასცდეს საკუთარი "მე"–ს
ფარგლებს და თავისივე მსგავსთა ცხოვრების ჭეშმარიტი არსი შეიცნოს; მათი
არსებობა გააზრებულია, როგორც "დაკარგული დრო". ამ რწმენას მწერალი
პესიმიზმამდე, იმის აღიარებამდე მიჰყავს, რომ მხოლოდ ხელოვნება
ათავისუფლებს ადამიანს ყოველგვარი პირობითობისგან და იგი მარადისობას
შეერწყმება. პრუსტს ადამიანის ქვეცნობიერ გრძნობათა ფიქსირებისა და
ჰიპერბოლიზაციის საოცარი უნარი აქვს. ლირიკული წიაღსვლები, ფერის, ხმის,
ღიმილის, შთაბეჭდილებათა გადმოცემის ფილიგრანული ოსტატობა, განცდათა,
აღქმათა, გრძნობათა უნატიფეს ენობრივ ქსოვილში განსხეულება ამ ნაწარმოებს
დიდ მხატვრულ ღირსებას სძენს.
მარსელ პრუსტს ერთი ნაწარმოების ავტორს უწოდებენ (თუმცა იგი ასევე
ავტორია რომანისა "ჟან სანტეი", გამოქვეყნდა 1952 წელს; მოთხრობებისა და
ესეების კრებულებისა "სტილიზაცია და ნარევი", 1919 და სხვა), რადგან ამ ერთმა
თხზულებამ დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის ფრანგული და საერთოდ
ევროპული რომანის შედმგომ განვითარებაზე, მრავალი მიმბაძველი თუ
მიმდევარი გაუჩინა მას.
უილიამ ფოლკნერი (1897-1962). მიუხედავად იმისა, რომ უილიამ ფოლკნერის
ნამუშევრები ხშირად საკმოდ რთული აღსაქმელია, ის ამერიკის ერთ-ერთ
ყველაზე მნიშვნელოვან პროზაიკოს-მწერლად ითვლება. ფოლკნერის წერის
სტილი გამოირჩევა დიქციისთვის შერჩეული გრძელი, წყვეტილი ფრაზებით, მისი
თანამედროვე და ხანგრძლივი მოწინააღმდეგის, ერნესტ ჰემინგუეის
მინიმალისტური სტილისგან კონტრასტით. ითვლება, რომ ფოლკნერი
ერთადერთი ნამდვილი ამერიკელი მოდერნისტი პროზაიკოსი იყო 1930-იანებში,
რომელმაც განაგრძო ევროპელი მოდერნისტი მწერლების ჯეიმს ჯოისის, ფრანც
კაფკასა და მარსელ პრუსტის ექპერიმენტალური ტრადიცია. მისი ნამუშევრები
თვალსაჩინო მაგალითია ისეთი ლიტერატურული ტექნიკის გამოყენებისა,
როგორიცაა ცნობიერების ნაკადი, რამდენიმე პარალელური მთხრობელი ან
თვალსაზრისი, და თხრობის დროთა ცვალებადობა. უილიამ ფოლკნერის
10
შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ამერიკის შეერთებული შტატების
სამხრეთის ისტორიამ, კულტურამ და ცხოვრებამ.
მიუხედავად იმისა რომ მისისიპის ძლიერი გავლენა მწერალზე უდავოა, მისი
პირველი რომანი, „ჯარისკაცის ჯილდო“ ახალ ორლეანში ცხოვრების პერიოდში
დაიწერა სადაც ახალგაზრდა მწერალი შერვუდ ანდერსონის მფარველობისა და
გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. 1929 წელს ფოლკნერმა იქორწინა ესტელ ოლდჰემზე
და მასთან ერთად ოქსფორდს დაბრუნდა. 1930 წელს ახალდაქორწინებული
წყვილი საკუთარ სახლში გადავიდა საცხოვრებლად რომელიც ფოლკნერმა იქვე,
ოქსფორდში შეიძინა და მათ ოჯახს ეკუთვნოდა 1972 წლამდე - მანამ სანამ
უილიამის და ესტელის ქალიშვილი, ჯილი, მას მისისიპის უნივერსიტეტს
მიჰყიდდა. სახლისა და მასში არსებული ავეჯის იერსახე დღემდე
შენარჩუნებულია. დღემდე შესაძლებელია კედლებზე ფოლკნერის მიერ
გაკეთებული წარწერების გარჩევა. უმეტესობა მათგანი რომან "იგავში"
განვითარებული მოვლენების შესახებ ჩანიშვებს წარმოდგენს. 30-იან წლებში
ფოლკნერი ჰოლივუდში გადავიდა საცხოვრებლად სადაც სცენარისტად
მუშაობდა. გარდაიცვალა 1962 წელს გულის შეტევით, 64 წლის ასაკში.
„ხმაური და მძვინვარება“ უილიამ ფოლკნერის რიგით მეოთხე რომანია.
„ხმაური და მძვინვარება“ იოკნაპატოფას ციკლის რომანია. ნაწარმოების სათაური
აღებულია უილიამ შექსპირის „მაკბეტის“ მონოლოგიდან (აქტი მეხუთე,
მოქმედება მეხუთე). მოქმედება ავტორის მიერ შეთხზულ იოკნაპატოფას შტატში
ხდება. მთავარი გმირები - კომპსონების ოჯახის წევრები საკუთარი რეპუტაციის
აღდგენაზე ზრუნავენ. რომანი 4 ნაწილად იყოფა. პირველი ნაწილი მოთხრობილია
33 წლის ბენჯამენ „ბენჯი“ კომპსონის მიერ, რომელსაც მენტალური პრობლემები
აქვს. მეორე ნაწილში ცენტრალური ფიგურაა ბენჯის უფროსი ძმა ქვენტინ
კომპსონი, რომელიც სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. მესამე ნაწილში
ქვენტინის უმცროსი ძმის თვალთახედვაა წარმოდგენილი. მეოთხე ნაწილში უცხო
პირი მოუთხრობს მკითხველს.
ფოლკნერი მიმართავს XX საუკუნის მოდერნისტული მწერლობისთვის
დამახასიათებელ მეთოდს, რომელსაც ცნობიერების ნაკადს უწოდებენ.
ცნობიერების ნაკადში აზრები, შეგრძნებები, მოგონებები, უეცარი ასოციაციები
გამუდმებით ეჯახება ერთმანეთს. ხშირად საჭირო ხდება მიბრუნება და
მხედველობიდან გამორჩენილი დეტალების აკრეფა, შეკრება, შესაბამის ადგილას
ჩასმა, რითაც ამა თუ იმ ეპიზოდის, ფრაზის, პერსონაჟის ქმედების, ჟესტის
მნიშვნელობა განუზომლად, თვალსა და ხელს შუა იზრდება.
„სული რომ ამომდიოდა“ უილიამ ფოლკნერის ნოველაა, რომელიც გამოიცა
1930 წელს. მასში მოთხრობილია ბანდრენების ოჯახის ისტორია. ენს ბანდრენი,
თავის 5 შვილთან ერთად, ნიუ ჰოუპიდან მიემართება, ცოლის – ედი ბანდრენის
დასამარხად, ჯეფერსონში. მოგზაურობა გრძელდება 10 დღე და სავსეა
თავგადასავლებით. წიგნის თითოეული თავი – თითოეული გმირის
11
მონათხრობია. უამრავი გასაჭირის გადატანის შემდეგ, ბოლოს მაინც ადამიანი
იმარჯვებს.
ფრანც კაფკა (1883-1924). ფრანც კაფკა დაიბადა პრაღაში 1883 წლის 3 ივლისს.
მამა ჰერმან კაფკა ებრაელი წარმოშობის ჩეხი იყო. მას ჰყავდა ორი ძმა და სამი და.
ორივე ძმა გარდაიცვალა მანამ, სანამ მწერალს შეუსრულდებოდა 6 წელი. 1889-
1893 წლებში კაფკა სწავლობდა დაწყებით სკოლაში, ამის შემდეგ იგი გადავიდა
გიმნაზიაში, რომელიც 1901 წელს დაამთავრა. პრაღის უნივერსიტეტის
დამთავრების შემდეგ, კაფკა ღებულობს სამართლის დოქტორის ხარისხს და
მუშაობას იწყებს პრაღის “უბედური შემთხვევებისგან მუშათა დამზღვევ
დაწესებულებაში”. იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე მტკივნეულად განიცდიდა
თავისი სამწერლო მოწოდებისა და საკანცელარიო სამუშაოს შორის შეუსაბამობას:
სიცოცხლის ბოლომდე ის კანცელარიის წვრილ მოხელედ დარჩა.
კაფკას მშობლიური ენა გერმანული იყო, თავისუფლად ფლობდა ჩეხურსაც.
მოგვიანებით შეისწავლა ფრანგული ენა და კულტურაც. მისი ებრაული
განათლება შედარებით სუსტი იყო. თავიდან იგი ვაჟთა დაწყებით სკოლაში
სწავლობდა, მისი დამთავრების შემდეგ კი შევიდა კლასიკურ გიმნაზიაში. ფრანცი
ბრწყინვალე მოსწავლე იყო. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო
პრაღის უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე, თუმცა ორ კვირაში სამართლის
ფაკულტეტზე გადავიდა. იმ დროისთვის იურისპრუდენცია პრესტიჟულ და
პერსპექტიულ დარგად ითვლებოდა, სწორედ ამიტომ ჰერმან კაფკა შვილის
გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში
მომავალ მწერალს ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა, რამაც საშუალება მისცა
შეესწავლა ხელოვნების ისტორია. მალე იგი შეუერთდა სტუდენტურ კლუბს,
რომელიც ლიტერატურულ საღამოებს მართავდა. პირველი კურსის დასასრულს
კაფკა შეხვდა მაქს ბროდს, ასევე მომავალ მწერალს, რომელიც მისი უახლოესი
მეგობარი გახდა ჟურნალისტ ფელიქს უელსთან ერთად. 1906 წლის 18 ივნისს
ფრანცმა სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო.
კაფკამ სამჯერ დანიშნა ორი სხვადასხვა ქალი და სამჯერვე დაარღვია ნიშნობა.
მალე დაშორდა კაფკა ჩეხ მწერალსა და მთარგმნელს – მილენა იესენკსას,
რომელიც თავდავიწყებით უყვარდა. 1923 წელს კაფკა შეხვდა დორა დიმანტს,
ებრაული წარმოშობის პოლონელ მართლმადიდებელს. სწორედ მასთან გაატარა
მწერალმა სიცოცხლის ბოლო წელიწადი. წყვილი ერთად ბევრს მოგზაურობდა,
თუმცა 1924 წელს ეს სიამტკბილობა კაფკას ტუბერკულოზის გართულებამ
შეაწყვეტინა. ის სასწრაფოდ წავიდა სანატორიუმში დორასთან ერთად, რომელიც
სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში მის გვერდით იყო. კაფკა გარდაიცვალა 1924
წლის 3 ივნისს 40 წლის ასაკში.
კაფკას ნაწარმობებში მოთხრობილია, როგორ ვერ ისრულებს სურვილს, ვერ
აღწევს მიზანს, ფეხს ვერ იკიდებს, გზას ვერ აგნებს, ვერ გამოდის მარტოობიდან
საწყალი ადამიანი. სამყარო იმდენად რთული და გაუგებარია, რომ მისი
12
რაციონალური შემეცნება შეუძლებელია. მის თხზულებებში აგრეთვე ხშირად
ნაჩვენებია, როგორ იმარჯვებს მხეცი ადამიანზე, როგორ ზეიმობს ინსტინქტები
ადამიანურ იდეალებზე. კაფკას შემოქმედების მთავარი თემებია ადამიანის
სულიერი უთვისტომობა, გაუცხოება, უსამშობლობა და სასჯელი, რომელიც
ლოგიკური კავშირიც რაიმე დანაშაულთან გაურკვეველია. მოქმედი პირები
სრულიად სქემატურნი არიან, ერთგვარი მოდელების მსგავსად ისინი
მოკლებულნი არიან ინდივიდუალურ თვისებებსა და ნიშნებს – ისინი
განასახიერებენ ზოგადად თანამედროვე ადამიანს, ზოგადადამიანურს. მთავარი
მოქმედი პირი ყოველდღიური გარემოდან მოულოდნელად ხვდება სრულიად
უჩვეულო, გაუგებარ სიტუაციაში. თუმცა დაუჯერებელი სიტუაცია აქ
ჩვეულებრივის მსგავსად შემოდის.
კაფკას ნაწარმოებებში აღწერილი მხატვრული სამყაროსთვის
დამახასიათებელია ემპირიული ალოგიზმი, სიზმრის ლოგიკა, დარღვეული
ფსიქოლოგიის, ფიზიოლოგიის, ფიზიკის კანონები. ეპიზოდები ერთმანეთთან
დაუკავშირებელია, გამქრალია მიზეზ-შედეგობრივი და ფსიქოლოგიური
მოტივირება, მოვლენები არ ლაგდება დროითი და სივრცითი თანმიმდევრობით.
კაფკას სამყარო დისჰარმონიული, ფრაგმენტული და ქაოსურია. ქვეყნიერება
აღიქმება ერთმანეთთან დაუკავშირებელ მოვლენათა მექანიკურ თავყრილობად.
კონკრეტულობას მოკლებულია მოქმედების დრო და ადგილიც: მოქმედი პირები
მოქმედებენ სადღაც და ოდესღაც. აქ არ გვხვდება ლანდშაფტი, ნატურმორტი,
გამქრალია ფერთა პალიტრა. მართალია კაფკას სტილი ნათელი, საქმიანი, მშრალი,
სადა და გასაგებია, მისი ტექსტები მოკლებულია პათოსს, დრამატულობას,
სენტიმენტალურობას და ასევე მარტივია სიუჟეტიც, მაგრამ ფორმის სიმსუბუქისა
და სტილის გამჭვირვალობის მიღმა იმალება ქაოსურობის, უაზრობის მწვავე
განცდა. ფრანც კაფკას ცნობილი ნაწარმობებია რომანები „ამერიკა“, „პროცესი“ და
„კოშკი“, მოთხრობები „განაჩენი“, „მეტამორფოზა“ და სხვ. მისი უნიკალური
წერის სტილი დღემდე იპრყობს კრიტიკოსთა და მკითხველთა განსაკუთრებულ
ყურადღებას.
ვირჯინია ვულფი (1882 – 1941). ადელინა ვირჯინია სტივენი დაიბადა
ლონდონში, ცნობილი ლიტერატურული კრიტიკოსის სერ ლესლი სტივენის და
ჯული ჯექსონის ოჯახში. ვირჯინია იყო მათი მესამე შვილი (ჯულიას ჰყავდა 3
ბავშვი პირველი ქორწინებიდან: ჯორჯ დაკუორთი, სტელა დაკუორთი და
ჯერალდ დაკუორთი; ლესლის პირველი ცოლისგან ჰყავდა 1 ქალიშვილი: ლაურა
სტივენი. თავად ლესლის და ჯულია კი 4 შვილი: ვანესა, ტობი, ვირჯინია და
ადრიანი). როდესაც ვირჯინია 13 წლის გახდა, გარდაეცვალა დედა, რაც აღმოჩნდა
მწერლის პირველი ნერვული აშლილობის მიზეზი. ჯულის სიკვდილმა ძალზედ
იმოქმედა ლესლიზეც, მაგრამ ყველაზე მეტად ვირჯინია განიცდიდა დედის
სიკვდილს. უფროსი და სტელა თავის თავზე იღებს ოჯახის მოვლას, მაგრამ მალე
ისიც კვდება. ვანესა (სტელას შემდგომი და) ვალდებულია მიხედოს ოჯახს,
13
განსხვავებით თავისი უფროსი დისგან, წუნააღმდეგობას უწევს მამას, რომელიც
ამდროისთვის დესპოტადაა ქცეული.
მამის გარდაცვალების შემდეგ ახალგაზრდა სტივენები გადადიან
ბლუმსბერში, სადაც მათი ცხოვრება გრძელდება ყველაზე პროგრესულად
მოაზროვნეთა გვერდით, ტარდებოდა დისკუსიები, განიხილება თანამედროვეობა.
დები ვირჯინია და ვანესა ყველაზე მეტად იყვნენ ახლოს ერთმანეთთან, მათ
ბავშვობაში ერთმანეთს შეჰფიცეს რომ არასოდეს გათხოვდებოდნენ და მუდამ
ერთად იქნებოდნენ. იმის გაგებამ, რომ კლაივ ბელმა ვანესას ხელი სთხოვა,
ძალზედ გაანაწყენა ვირჯინია. ეს მოხდა რამდენიმე დღით ადრე მისი
საყვარელი ძმის ტობის გარდაცვალებიდან ის დაავადდა მალარიით საბერძნეთში
მოგზაურობისას. ვანესას გათხოვების შემდეგ, ვირჯინია და ადრიანი
საცხოვრებლად გადავიდნენ ფიცროი სქვერზე, იქვე ბლუმსბერის რაიონში. 1909
წელს მოულოდნელად ხელს თხოვს ვირჯინიას ლიტონ სტრეჩი, რომელმაც
საჯაროდ განაცხადა თავისი არატრადიციული ორიენტაციის შესახებ.
ქორწინება არ შედგა. ამავე პერიოდში ვირჯინიამ დაიწყო კრიტიკული ნაწერების
გამოქვეყნება ჟურნალებში. (მამის ხელობა გააგრძელა). მუშაობს პირველ რომანზე.
1912 წელს გაჰყვა ცოლად მწერალს და ჟურნალისტს, ლეონარდ ვულფს. 1913 წელს
გაუმეორდა გონებრვი ჩავარდნები და პირველად სცადა თავის მოკვლა, რის გამოც
მომვლელი და ქმარი ყურადღებით აკვირდებიან მის ქმედებებს.
1917 წელს იყიდეს ხელით საბეჭდი მანქანა და ერთად დაარსეს გამომცემლობა
“ჰოგარტ პრესი”, საიდანაც გამოიცა მწერლის ყველა რომანი. ვირჯინია თავად
აწყობდა ტექსტს და უკეთებდა რედაქტირებას. გამომცემლობას თავიდან
შემოსავალი არ მოჰქონდა, მაგრამ მერე ოჯახის შემოსავლის მთავარ წყაროდ იქცა.
ლეონარდი ცოლს ყველააირად გვერდში ედგა და ეხმარებოდა. მწერალი ძალზედ
მომთხოვნი იყო საკუთარი თავისა და სამუშაოს მიმართ, რომანებს ის 10 ჯერ მაინც
ასწორებდა და თავიდან გადაწერდა. დღიურის წერას მხოლოდ ავადმყოფობის
დროს ვერ ახერხებდა, შემდეგ ეს დღიური 4 ტომად გამოიცა, ასევე 5 ტომად
გამოიცა მისი წერილები, რომლებსაც ის წერდა მეგობრებს, დას, ლეონარდს და რა
თქმა უნდა ვიტა სექვილ უესტს. მათ ერთმანეთი 1922 წელს გაიცნეს, ვიტა
თავიდან ძალიან არ მოეწონა ვირჯინიას, მაგრამ ნელ-ნელა მათი ურთიერთობა
ხანმოკლე სიყვარულში გადაიზარდა. ეს გრძნობები მწუხარების გრძნობასთან
ერთად აისახა მის რომანში “ორლანდო”, სადაც მთავარი გმირი ქალად გადაიქცევა.
1930 წელს გაიცნო ჩიბუხის მწეველი ფემინისტი ქალი - ეთელ სმიტი, რომელსაც
ვირჯინია შეუყვარდა.
ვირჯინიას რომანები არა მხოლოდ ინგლისში, არამედ ამერიკაშიც
გამოიცემოდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას დაემართა კვლავ შეტევები და
თავის ტკივილი, ამის მიზეზი კი ებრაელი ქმარი იყო. მათი სახლი ლონდონში
დაბომბვისას განადგურდა. მან გადაწყვიტა ლეონარდი აღარ ეტანჯა მისი
მოვლით. ფიქრობდა, რომ მის გარეშე ის ბედნიერად იქნებოდა. ვირჯინიამ
14
დაუტოვა წერილი ქმარს და დას და თავი დაიხრჩო მდინარე უზში, 59 წლის
ასაკში. მდინარე მათ მამულში, სასექსში ჩამოედინებოდა. გვამი ბავშვებმა
ტრაგედიიდან 2 კვირის შემდეგ იპოვეს.
ბლუმსბერის წრე. ლონდონის ბლუმსბერის რაიონში გორდონს სქვერსა (სადაც
ვირჯინიას და და მისი ქმარი ცხოვრობდნენ) და ფიცროი სქუერზე (რომელიც
მანამდე ბერნარდ შოუს ეკუთვნოდა და სადაც ვირჯინია და მისი ძმა
ცხოვრობდნენ) დამკვიდრდა ტრადიცია: ამ ორ სახლში და-ძმების მეგობრები
იკრიბებოდნენ. ამ შეკრებას “ბლუმსბერის წრე” ეწოდა და იგი ბრიტანეთის მეოცე
საუკუნის ლიტერატურული და ინტელექტუალური ცხოვრების მნიშვნელოვან
მოვლენად იქცა. პირველი შეკრება ფიცროუ სქვერზე შედგა 1905 წლის 16
თებერვალს და შეკრება გაგრძელდა 20-იანი წლების დასასრულამდე.
თავყრილობა არ იყო სალონური, არც რომელიმე ლიტერატურული სკოლის და
“იზმების” მიმდევარი ყოფილან. შეკრებილთა უმეტესობას კემბრიჯი ჰქონდათ
დამთავრებული. შეკრების მამოძრავებელი ძალა იყვნენ ვირჯინია და ლეონარდ
ვულფები. წრის წევრები როჯერ ფრაი, ლიტონ სტრეჩი, მორგან ფორსტერი და
რამდენიმე სხვაც ვულფების ოჯახის მეგობრებად დარჩნენ სიცოცხლის ბოლომდე.
წრის წევრები იყვნენ სექსტონ სიდნეი-ტერნერი, ბერტრან რასელი, თომას
ელიოტი და სხვები.
სიკვდილის წინ დაწერილი წერილი ქმრისადმი:
“ძვირფასო, ვეჭვობ, ისევ ვგიჟდები. მე ისევე ვარ ამაში დარწმუნებული,
როგორც იმაში, რომ ამ კოშმარების განმეორებას ვეღარ გადავიტანთ. მე ვიცი, რომ
ვეღარასოდეს მოვალ გონზე. მე მესმის ხმები და ვეღარ ვახდენ კონცეტრირებას. ასე
რომ, მე ახლა გავაკეთებ იმას, რასაც ერთადერთ სწორ ნაბიჯად ვთვლი. შენ მე
უდიდესი ბედნიერება მომანიჭე, რაც აღარ არსებობს. შენ ჩემთვის ყველაფერი
იყავი, ყველაფერი ყველანაირი გაგებით. ალბათ, ჩვენ ყველაზე ბედნიერი წყვილი
ვიყავით მსოფლიოში, სანამ ეს საშინელი დაავადება დამეწყებოდა. მე აღარ
შემიძლია ბრძოლა. მე ვიცი, რომ ვაფუჭებ შენს ცხოვრებას, ჩემ გარეშე უკეთ
შეძლებ მუშაობას. და შენ შეძლებ მუშაობას, ამაში დარწმუნებული ვარ. ხედავ, მე
მარტივი წერილის დაწერაც აღარ შემიძლია. აღარ შემიძლია კითხვა. მინდოდა
მეთქვა, რომ მხოლოდ შენთან თანაცხოვრებისას მქონდა საუკეთესო წლები.
ბედნიერი ვიყავი შენთან ერთად ცხოვრებისას. შენ წარმოუდგენლად მომთმენი და
გასაოცრად კეთილი იყავი. მე მინდოდა ეს მეთქვა, თუმცა ისედაც ყველამ კარგად
იცის ყველაფერი. თუკი ვინმეს შეეძლო ჩემი გადარჩენა, ეს იყავი შენ. მე
ყველაფრის მიმართ დამეკარგა რწმენა, გარდა შენი კეთილშობილებისა. მე აღარ
მსურს გავაფუჭო შენი ცხოვრება. ჩემის აზრით, ჩვენ ვიყავით ყველაზე ბედნიერი
ადამიანები მთელს მსოფლიოში. ვ.”
ტომას სტერნზ ელიოტი (1888-1965). წარმოშობით ამერიკელი, ბრიტანელი
ესეისტი, გამომცემელი, დრამატურგი, ლიტერატურის კრიტიკოსი და მოაზროვნე
ტომას სტერნზ ელიოტი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოეტია. 25
15
წლის ასაკში, 1914 წელს, ის მშობლიური აშშ-დან დიდ ბრიტანეთში გადავიდა,
დასახლდა, მუშაობა განაგრძო და იქვე დაქორწინდა. ელიოტის პოემა „ალფრედ
პრიუფროკის სიყვარულის სიმღერა“ მოდერნისტული მიმდინარეობის შედევრად
მიიჩნევა. ამ პოემას ინგლისურ ლიტერატურაში სხვა, კარგად ცნობილი, პოემები
მოყვა: „ნარჩენთა მიწა“ (1922), „გამოფიტული კაცი“ (1925), „ოთხშაბათის
ფერფლი“ (1930) და „ოთხი კვარტეტი“ (1945). ელიოტი ცნობილია თავისი შვიდი
პიესითაც, მათ შორის, ლირიკული დრამა – „მკვლელობა კათედრალში“ (1935).
მწერალს 1948 წელს ნობელის პრემია გადაეცა ლიტერატურის დარგში, „მისი,
როგორც თანამედროვე პოეზიის ნოვატორის აღსანიშნავი
ღვაწლისათვის“. იყო დიდი ბრიტანეთის ღირსების ორდენის კავალერი.
ელიოტი XX საუკუნის ერთ-ერთი ავტორიტეტული პიროვნება. ის იყო ღრმად
მორწმუნე ქრიატიანი. ზოგიერთი თანამედროვე მას ბრალს
სდებდა ანტისემიტიზმში. ელიოტი იყო ცნობილი ამერიკელი პოეტისა და
ინგლისურენოვანი მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი დამაარსებლის -
ეზრა ფაუნდის თანამოაზრე. ტომას ელიოტი სწავლობდა სორბონის
ჰარვარდის და ოქსფორდის უნივერსიტეტებში. 1914 წელს საცხოვრებლად
გადავიდა დიდ ბრიტანეთში და 1927 წელს მიიღო გაერთიანებული სამეფოს
მოქალაქეობა. ამავე წელს გახდა ანგლიკანური ეკლესიის წევრი. 1928 წელს
ელიოტმა შემდეგი დახასიათება მისცა საკუთარ მსოფლმხედველობას:
ლიტერატურაში - კლასიცისტი; პოლიტიკაში - როიალისტი; რელიგიაში - ანგლო-
კათოლიკური.
ტომას ელიოტმა უზარმაზარი კვალი დატოვა XX საუკუნის
ინგლისურენოვან პოეზიაში, როგორც ავტორმა უმნიშვნელოვანსი
ფილოსოფიური პოემებისა. მან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია თანამედროვე
ინგლისურენოვანი პოეზიის განვითარებაზე. ელიოტმა დიდი კვალი
დატოვა ლიტერატურის კრიტიკაშიც. მან დიდი ზეგავლენა მოახდინა ახალი
კრიტიკის სკოლაზე. ელიოტი იყო მრავალი ესსეს ავტორი, მათ შორის „მუსიკის
პოეზია“. ელიოტი თანამედროვე ინგლისური ლიტერატურული ენის
რეფორმატორია; ის იმდენად სკურპულოზურად ეკიდებოდა ამ საქმეს, რომ დღეს
ბევრი კრიტიკოსი მას კრიპტო-ფაშისტატადაც კი მიიჩნევს. ასევე, დიდი
დამსახურება მიუძღვის ელიოტს დრამატურგიაშიც. ის რამდენიმე
ცნობილი პიესის ავტორია, მათ შორის „ბედი“, „მკვლელობა საკათედრო ტაძარში“,
„ოჯახის გაერთიანება“, „კოქტეილის წვეულება“, „კონფიდენციალური კლერკი“
და სხვა.
„ოთხი კვარტეტი“ ტომას ელიოტის ოთხი პოემისგან შემდგარი ციკლია.
მრავალი თანამედროვე ინტელექტუალი თუ კულტურის მოღვაწე „ოთხ
კვარტეტს“ განიხილავს, როგორც XX საუკუნის ყველაზე ფილოსოფიურ პოემას.
„ოთხ კვარტეტში“ განხილულია ისეთ უკიდურესობათა ურთიერთკავშირი,
16
როგორიცაა სიცოცხლე დროში და კონტინუუმში; მონობა და თავისუფლება;
მწუხარება და ბედნიერება; დროებითობა და მარადისობა და ა. შ.
მიუხედავად ტომას ელიოტის ტრადიციული ქრისტიანული
მსოფლმხედველობისა, „ოთხი კვარტეტის“ ინსპირაციაზე მნიშვნელოვნად
იმოქმედეს ძველინდურმა მოძღვრებებმა. მრავლისმომცველი ვედური
მოძღვრება (ვედები – სანსკრ. „ცოდნა“, უძველესი ინდური
სიბრძნისმეტყველების წიგნები, მორალისა და სამართლის კოდექსები,
რელიგიური და ლიტერატურული ძეგლები, მხატვრული, ფილოსოფიური,
მითოლოგიური შინაარსების შემცველნი, რომელთა შექმნის საიდუმლო ძვ. წ.
მეორე ათასწლეულის მიღმა იკარგება) აღმოსავლურ ფილოსოფიაში ყველაზე
უფრო ფართოდ და თვალსაჩინოდ განიხილავს მრავალ ფილოსოფიურ პრობლემას
და მათ ურთიერთშეფარდებას. „ოთხი კვარტეტის“ პირველი ოთხი სტრიქონი
წარმოაჩენს ელიოტისეულ დროის გაგებას, მის სულიერ მნიშვნელობას და რთულ
ფილოსოფიურ ბუნებას, რომელსაც პოეტი განსჭვრეტს სტრიქონში: „...დრო მარად
აწმყოა“. ამ ფრაზაში მოიაზრება დროის როგორც ფარდობითი, ისე აბსოლუტური
თვისებები; მასში ერთიანდება
განსხვავებული ფორმები, ერთი მხრივ, წარსული, რომელიც მარად
გვშორდება, მეორე მხრივ, მომავალი, რომელიც მარად იბადება, და აწმყო,
რომელიც მარად ახლდება ცალკეულ მომენტებში. აერთიანებს რა დროს და
მარადისობას, ელიოტი ყურადღებას ამახვილებს მათ ახლო ურთიერთკავშირზე.
მაგრამ, აერთიანებს რა წარსულს, აწმყოს და მომავალს, ელიოტი
გვიხატავს მარადიულ აწმყოს ფართობით და აბსოლუტურ რეალობას.
Time present and Time past აწმყო და წარსული,
Are both perhaps present in Time future, ორივე ალბათ მოცემულია მომავალში,
And Time future contained in Time past. მომავლის შემცველი - წარსულია
...all Time is eternally present. ...ყველა დრო მარად აწმყოა.
„ოთხ კვარტეტში“ გამოთქმულია უკვდავების შესაძლებლობა, დროის
მარადისობასთან ლოგიკური გაერთიანება. თუ ევროპული აკადემიური
მოაზროვნისთვის უკვდავება ტრანსცენდენტური მოვლენაა, ან მხოლოდ
პოეტური მეტაფორა, შთამაგონებელი, თუმც არარეალური, ელიოტის
შემოქმედებაში ის უბრალო მეტაფორაზე გაცილებით დიდ მნიშვნელობას
იძენს.
მიგელ დე უნამუნო (1864 –1936). ესპანელი ესსეისტი, ნოველისტი, პოეტი,
დრამატურგი და ფილოსოფოსი. ფელიქს დე უნამუნოსა და სალომე იუგოს ვაჟი
მიგელი ბილბაოს შუასაუკუნოვან ცენტრში, ბასკეთში დაიბადა. სიჭაბუკეში
ბასკურმა ენამ დააინტერესა და ბილბაოს ისტიტუტში სასწავლო მდგომარეობის
კონკურენციასაც ეწეოდა საბინო არენას წინააღმდეგ. შეჯიბრი საბოლოოდ ბასკმა
სწავლულმა რეზურექსიონ მარია დე ასკუემ მოიგო. უნამუნომ ყველა მთავარი
ჟანრი სცადა: ესსეისტიკა, რომანი, პოეზია და დრამატურგია, და როგორც
17
მოდერნისტმა სცადა ჟანრებს შორის მკვეთრი საზღვრები გაექრო. დღემდე
გრძელდება დებატები იყო თუ არა უნამუნო '98-იანთა თაობის წევრი (ესპანეთის
პოსტ ფაქტო ინტელექტუალ და ფილოსოფოს ლიტერატორთა ჯგუფი, რომელიც
ხოსე მარტინეს რუისმა შექმნა, მაგალითად : ანტონიო მაჩადო, აზორინი, პიო
ბაროჯა, რამონ დელ ვალე-ინკლანი, რამირო დე-მაეცუ და ანგელ გავინე მათ
შორის.
სამწერლობო საქმიანობას უნამუნო ესპანეთის ინტელექტუალურ
ცხოვრებაში მთავარი როლის თამაშს უხამებდა. ის სალამანკას უნივერსიტეტის
რექტორად ორჯერ იქნა არჩეული 1900-დან 1924 წლამდე და 1930-დან 1936
წლამდე. ეს პერიოდი ესპანეთში დიდი სოციალურ-პოლიტიკური
ვნებათაღელვის ხანად მოიხსენიება. უნამუნო პოსტიდან 1924 წელს მთავრობამ
გადააყენა დანარჩენი ინტელიგენციის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის გამო.
ის 1930 წლამდე დევნილობაში ცხოვრობდა ფუერტე ვენტურაში (კანარის
კუნძულები), საიდანაც საფრანგეთს შეაფარა თავი. უნამუნო სამშობლოში
გენერალ პრიმო დე რივერას დიქტატორობის დასასრულს დაბრუნდა და
რექტორის თანამდებობაც დაიბრუნა. გადმოცემის თანახმად, უნივერსიტეტში
დაბრუნების დღეს ლექციის დასაწყისში უნამუნოს თავისი გამოსვლა ამ ფრაზით
დაუწყია : „როგორც გუშინ ვამბობდით...“.
რივერას დიქტატურის დამხობის შემდეგ ესპანეთმა მეორედ გამოაცხადა
რესპუბლიკა, რაშიც ესპანელმა ხალხმა კიდევ ერთხელ სცადა ხელთ აეღო
საკუთარი ქვეყნის მართვის დემოკრატიული სადავეები, თუმცა, მცდელობა
დღენაკლული აღმოჩნდა. უნამუნო ინტელექტუალთა მცირე პარტიის - Al
Servicio de la República-ის (რესპუბლიკის სამსახურში) წევრი გახდა. აყვავების
პირზე მყოფი რესპუბლიკა ლამის დაქუცმაცდა, როდესაც სამხედრო
გადატრიალების შედეგად სათავეში მოსულმა გენერალმა ფრანცისკო ფრანკომ
სამოქალაქო ომის ესკალაცია გამოიწვია. ინტერნაციონალისტური იდეებით
დაწყებული კარიერა უნამუნომ თანდათან ვიწრო ნაციონალიზმზე გაცვალა,
რადგან მიაჩნდა, რომ საგარეო ფაქტორთა მოძალება ესპანეთს თვითმყოფადობას
გაუნადგურებდა. ამგვარად, რაღაცა დროით უნამუნო კიდევაც მიესალმებოდა
ფრანკოს ამბოხებას, როგორც აუცილებელს ესპანეთის გარე ძალთაგან დაცვის
საქმეში.
1880-90 წლებში უნამუნო ბაკუნინის, ლასალიას, მარქსის სოციალისტურმა
იდეებმა გაიტაცა. ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა სოციალისტურ
ყოველკვირეულში „ლუჩა დე კლასე“ (კლასობრივი ბრძოლა). 1898 წელს, სამი
წლის ვაჟის მენინჰიტის ინფექციით გარდაცვალებით გამოწვეული რელიგიური
კრიზისის შემდეგ, სოციალიზმს ჩამოსცილდა და ფილოსოფიური კონცეფციის
შემუშავებას მიჰყო ხელი. დიდი გავლენა იქონია უნამუნოზე ავგუსტინის
შემოქმედებამ და იდეებმა, დაეწაფა შუასაუკუნეების ესპანელ მისტკოსებს,
18
გატაცებით კითხულობდა ბ.პასკალსა და ს. კერკეგორს, რისთვისაც მან დანიური
შეისწავლა ტექსტების ორიგინალში საკითხავად.
ვაჟის დაღუპვა დონ მიგელმა აღიქვა როგორც მსოფლიო ტრაგედია, რაც
იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს მარადიულად სურს ცხოვრება, მაგრამ არ
ძალუძს. 1897 წლიდან დაწყებული და მთელი მისი შემოქმედების მანძილზე მის
ნაწარმოებებში შეიმჩნევა ფიქრი რწმენასა და ურწმუნობაზე, სიკვდილსა და
უკვდავებაზე, მის ყველა ტექსტს ტრაგიკული ნოტა გასდევს.
უნამუნო ავითარებს ღმერთის იდეას როგორც ფუნდამენტური ყოფიერების
წყურვილის პროექციას უნივერსუმის უსასრულობასა და პირადი უნივერსუმისა
და პირადი უკვდავების გარანტიაზე. უკვდავების რწმენის შენარჩუნების
სურვილმა და ამავდროულად რელიგიურ ჭეშმარიტებებში დაეჭვებამ
განსაზღვრა უნამუნოს მისწრაფება ე.წ. „კიჰოტიზმისკენ“, ანუ არარსებული
იდეალის სახელით ბრძოლისაკენ რასაც გონება უაზრობად აღიქვამს. უნამუნოს
ფილოსოფიის ცენტრალური პრობლემა - პიროვნების სულიერი ცხოვრებაა,
რომელიც, მისი აზრით, მიმართულია სასრულისა და უსასრულოს
წინააღმდეგობრიობაზე: პირადი უკვდავების სურვილს ეწინააღმდეგება
რაციონალისტური დარწმუნებულობა არსის მოკვდავობაში, რწმენის
მოთხოვნილებას კი - თანამედროვე გონებისთვის რწმენის შეუძლებლობაში.
უნამუნოს „აგონიის“ ცნება შემოაქვს, როგორც ცხოვრების განსაკუთრებით
ტრაგიკული აღქმა, რაც გონისა და რწმენის შეურიგებელი დუალიზმით არის
გამოწვეული („ხალხისა და ადამიანების სიცოცხლის ტრაგიკული შეგრძნების
შესახებ 1913“, „ქრისტიანობის აგონია“ 1924).
19
20