You are on page 1of 13

espanuri baroko

ბაროკო. XVII საუკუნეში ესპანეთი პოლიტიკურად და ეკონომიურად


ჩამორჩენილი ქვეყანა იყო. მონარქია ცდილობდა გარეგნული ბრწყინვალება
შეენარჩუნებინა, მაგრამ ვაჭრობის და მრეწველობის შემცირებამ გამოიწვია
ეკონომიური კრიზისი. ამასთან, სუსტი და უნიჭო მმართველობის დროს ესპანეთი
გადაიქცა ფეოდალური და კათოლიკური რეაქციის დასაყრდენად. ამ ვითარებამ
ხელი შეუწყო ესპანეთის კულტურასა და ლიტერატურაში მმართველი
კლასისთვის სასურველი იდეების დამკვიდრებას. ამ ეპოქაში წარმოიშვა
დაცემულობის ანტირეალისტიური მიმდინარეობები. XVII საუკუნის მეორე
ნახევარში ესპანეთში განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა ბაროკოს
ლიტერატურული მიმდინარეობა „გონგორიზმი“ (ესპ. gongorismo, პოეტ ლუის დე
გონგორას სახელის მიხედვით), ან „კულტერანიზმი“, „კულტიზმი“ (ესპ.
culteranismo, cultismo; culto – დახვეწილი), რომლის ფუძემდებელი იყო ლუის დე
გონგორა. გონგორასა და მისი მიმდევრების ნაწარმოებები გამოირჩეოდა რთული
პოეტური სტილით, გადატვირთული ძნელად გასაგები სიმბოლიკით. ცოცხალ
ხალხურ ენას ცვლიდა პოეტური ჟარგონი. „კულტიზმის“ პოეზია გასაგები იყო
მხოლოდ რჩეული საზოგადოებისთვის. ფორმით გატაცება იწვევდა შინაარსის
გაღარიბებას და ლიტერატურა შორდებოდა სინამდვილის გამოსახულებას.
ესპანეთის ლიტერატურაში პროგრესული იდეების განვითარებას ხელი
შეუწყო აბსოლუტიზმისა და კატოლიციზმის წინააღმდეგ მოსახლეობის
სხვადასხვა ფენაში უკმაყოფილების ზრდამ. ამ დროს განსაკუთრებული
მნიშვნელობა მიენიჭა თეატრალურ ხელოვნებას, რომელიც განკუთვნილი იყო
ფართო მაყურებლისთვის. ესპანელი ხალხი გამობრძმედილი იყო არაბებთან
საუკუნეობრივ ბრძოლებში, იგი გამოირჩეოდა დამოუკიდებლობითა და
თავისუფალი აზროვნებით, მტკიცედ იბრძოდა რეკონკისტას დროს მოპოვებული
თავისუფლების შესანარჩუნებლად. სწორედ ეს ხალხი იყო თეატრის მაყურებელი
და არ ერიდებოდა წარმოდგენაში დასმულ პრობლემებზე ცოცხლად
გამოხმაურებას. მიუხედავად დევნისა და ეკლესიის ცენზურისა, ესპანეთის
ლიტერატურა მაინც აღმავლობის გზით მიდიოდა და განაგრძობდა აღორძინების
ეპოქის ტრადიციებს. XVII საუკუნეში ესპანეთში მნიშვნელოვნად განვითარდა
თხრობითი ლიტერატურის ჟანრი. დიდი პოპულარობით სარგებლობდა ცნობილი
პოეტი და პროზაიკოსი ფრანსისკო გომეს დე კევედო. იეზუიტების წინააღმდეგ
გაბედული გამოსვლებისა და მთავრობის საწინააღმდეგო პოზიციის გამო ის
დააპატიმრეს და გადაასახლეს კიდეც. კევედოს ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია
პიკარესკული რომანი „გაიძვერა პაბლოსის ცხოვრების ისტორია“. მასში
გადმოცემულია თანამედროვე ცხოვრების მკვეთრი სატირა. ავტორი გამოთქვამს
გაბედულ აზრებს, ამხელს ფეოდალურ სისტემას, აღწერს უკანონობას და ძარცვას.

1
მაგრამ თავისი დასკვნებით ნაწარმოები პესიმისტურია. კევედოს თითქოს
შეუმჩნეველი დარჩა ხალხის შესაძლებლობები და ოპოზიციური განწყობა.
ლუის ველეს დე გევარა (1579-1644). ესპანელი დრამატურგი და პროზაიკოსი
ლუის ველეს დე გევარა ლიტერატურის ისტორიაში ცნობილია თავისი რომანით
„კოჭლი ეშმაკი“. ამ რომანით მან განაგრძო ესპანეთის პროზის სატირული
ტენდენციების განვითარება. ნაწარმოების მთავარი გმირია ახალგაზრდა
სტუდენტი, რომელიც ასტროლოგის ბინაში მოხვდება და ათავისუფლებს
კოლბაში დამწყვდეულ კოჭლ ეშმაკს, რომელიც მისი მეგობარი და გამყოლი
ხდება. მათი თავგადასავალი ავტორს აძლევს საშუალებას აღწეროს ესპანეთის
ცხოვრების სხვადასხვა ნიშანდობლივი მხარე. წიგნში დასმულია მნიშვნელოვანი
პოლიტიკური და სოციალური პრობლემები, დიდი მხატვრული ოსტატობით არის
აღწერილი ყოველდღიური ცხოვრების პროზა და მცირე საყოფაცხოვრებო
დეტალები. ნაწარმოები გამოირჩევა როგორც მხატვრული ოსტატობით, ისე
სატირული სიმახვილით. ლუის დე გევარას რომანი დიდი პოპულარობით
სარგებლობდა არა მარტო ესპანეთში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც. XVIII
საუკუნის დასაწყისში ანრი ლესაჟმა თავის რომანში „კოჭლი ეშმაკი“ გამოიყენა
გევარას ჩანაფიქრი, როგორც საშუალება მისი დროის საფრანგეთის
გასაკრიტიკებლად.
XVII საუკუნეში ესპანეთის ლიტერატურამ თავისი განვითარების უმაღლეს
წერტილს მიაღწია დრამატურგიის დარგში. ესპანეთში დრამატურგიის მთავარი
მიღწევები დაკავშირებულია სახალხო თეატრების ისტორიასთან. ხალხის მასებში
ეს თეატრები დიდი პოპულარობით სარგებლობდა. წარმოდგენები იმართებოდა
სასტუმროების ან სხვა შენობების ეზოებში, სადაც ხალხის დიდი ნაწილი
იმყოფებოდა ღია ცის ქვეშ. თავისი მოწყობილობით ეს თეატრი ძალიან
პრიმიტიული იყო. XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან მსხვილ ქალაქებში უკვე
აგებდნენ სპეციალურ თეატრალურ შენობებს. თეატრის პირველი ასეთი შენობა
აიგო 1574 წელს. შუა საუკუნეებიდან გამოჩნდნენ პროფესიონალი მსახიობებიც.
თეატრის სცენა და დეკორაციები უბრალო იყო, თეატრებს სახურავი არ ჰქონდა და
სპექტაკლები დღის სინათლეზე მიმდინარეობდა; ორი ან სამი მუსიკოსისგან
შემდგარი ორკესტრი უკრავდა ავანსცენაზე. პიესა შედგებოდა სამი აქტისაგან,
სრულდებოდა ორი ინტერმედია და ფარსი. წარმოდგენა მიმდინარეობდა სწრაფი
ტემპით, დიდი ყურაღდება ექცეოდა კოსტიუმებს. სპექტაკლი მთლიანად
ეყრდნობოდა მსახიობების თამაშს, რომელიც ძალიან მაღალ დონეზე იდგა.
ეკლესია ებრძოდა საერო თეატრს ცენზურით ან სხვა საშუალებით. საერო თეატრს
მან დაუპირისპირა რელიგიურ-ზნეობრივი სიუჟეტის ერთ მოქმედებიანი პიესების
ჟანრი „აუტო“ (ესპ. auto - აქტი, ცერემონია, მოქმედება). „აუტოს“ წერდნენ იმ
ეპოქის გამოჩენილი მწერლები, თვით ლოპე დე ვეგაც. „აუტოს“ ჟანრი
ვითარდებოდა XVI-XVII საუკუნეების განმავლობაში. პიესებს დგამდნენ

2
მოედნებზე მდიდრული გაფორმებით, სიმღერისა და მუსიკის თანხლებით. XVII
საუკუნის მეორე ნახევარში გაძლიერებული რეაქციის შედეგად სახალხო თეატრი
ეცემა. იზრდება სასახლის კარის თეატრის მნიშვნელობა, რომლის გემოვნებასთან
დაკავშირებულია გვიანდელი პერიოდის დრამატურგთა შემოქმედება. ესპანურმა
დრამამ თავისი განვითარების უმაღლეს წერტილს მიაღწია ლოპე დე ვეგას
შემოქმედებაში.
ლოპე დე ვეგა (1562-1635). ლოპე დე ვეგა დაიბადა მადრიდში. ლექსების წერა
ხუთი წლის ასაკიდან დაიწყო, ხოლო თერთმეტი წლიდან კომედიების.
თანამედროვეებმა მას „ბუნების სასწაული“ უწოდეს. მიიღო კარგი განათლება,
დაამთავრა უნივერსიტეტი, მონაწილეობდა „უძლეველი არმადის“ ლაშქრობაში.
შემდგომ წლებში მუშაობდა მდივნად მაღალი თანამდებობის პირებთან.
მოწიფულ ასაკში სასულიერო პირი გახდა, მაგრამ ლიტერატურული მოღვაწეობა
არ შეუწყვეტია. ლოპე დე ვეგას ლიტერატურული მემკვიდრეობა მდიდარი და
მრავალფეროვანია. ის წერდა პოემებს, რომანებს, ნოველებს, ისტორიულ
თხზულებებს, ლექსებს, მაგრამ მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი
უჭირავს დრამატულ ნაწარმოებებს. დრამატულ ნაწარმოებებს ის წერდა
სიცოცხლის ბოლომდე. ვარაუდობენ, რომ მას დაწერილი აქვს ორი ათასზე მეტი
პიესა და მრავალი ინტერმედია. პიესების უმრავლესობა ავტორის სიცოცხლეში არ
დაბეჭდილა, რის გამო მათი ტექსტი დაიკარგა. ჩვენამდე მოღწეულია მწერლის
ოთხასზე მეტი პიესა.
თავისი შეხედულება ხელოვნებაზე ლოპე დე ვეგამ ჩამოაყალიბა თეორიულ
თხზულებაში „ახალი სახელმძღვანელო კომედიების შესათხზავად“. ეს არის
ლექსად დაწერილი ნაწარმოები, რომელშიც ავტორმა გამოთქვა თავისი
შეხედულებები დრამატურგიაზე, რომელსაც ამოცანად დაუსახა ცხოვრების
რეალისტურად გადმოცემა. ავტორის აზრით „კომედიის, ისე როგორც ყველა
ხელოვნების, მიზანია მისდიოს ადამიანის ცხოვრებას, სიმართლით ასახოს
საუკუნის ზნე-ჩვეულებანი“. ეს გამოთქმა ეხება საერთოდ დრამატურგიას, რადგან
ესპანეთში კომედიას უწოდებდნენ საერო ხასიათის ყველა დრამატულ ნაწარმოებს.
თავის ტრაქტატში ლოპე დე ვეგა მსჯელობს დრამატული ნაწარმოების
აგებულებაზე. მას საჭიროდ მიაჩნია პიესაში ტრაგიკულის შერევა კომიკურთან. ის
უარყოფს ადგილისა და დროის ერთიანობას, მაგრამ აღიარებს მოქმედების
მთლიანობის აუცილებლობას. მწერალი გამოდის კლასიკური დრამატურგიის იმ
წესების წინააღმდეგ, რომლებიც არ შეესაბამება ესპანეთის თეატრის ტრადიციებს.
თავისი შინაარსითა და თემატიკით ლოპე დე ვეგას პიესები იყოფა ორ
ჯგუფად. პირველს განეკუთვნება პოლიტიკური და ისტორიული, ხოლო მეორეს
მორალისა და ზნე-ჩვეულებებათა პიესები. ისტორიული პიესები დაწერილია
ანტიკური და ახალი დროის მასალაზე. ლოპე დე ვეგამ პიესებში აღწერა
ეპიზოდები თავისი სამშობლოს ისტორიიდან. განსაკუთრებულ მნიშვნელობას

3
ავტორი ანიჭებს რეკონკისტას ისტორიას და ესპანეთის მონარქიის გაერთიანების
ეპოქას. მწერლის ანტიფეოდალური და დემოკრატიული მიმართულება გამოჩნდა
პიესაში „ფუენტე ოვეხუნა“, რომელიც ქართულად ითარგმნება როგორც „ცხვრის
წყარო“. პიესის მოქმედება ხდება XV საუკუნის დასასრულს. ნაწარმოების მთავარ
გმირად გამოყვანილია ფუენტე ოვეხუნას მოსახლეობა, რომელიც უპირისპირდება
კომანდორ ფერნან დე გუსმანს. ეს უკანასკნელი ცდილობს დაიმორჩილოს გლეხის
გოგო ლაურენსია. პიესაში გამოყენებულია ისტორიული ფაქტები. ფერნან დე
გუსმანიც ისტორიული პიროვნებაა. მან ძალით დაიპყრო ფუენტე ოვეხუნა,
რომელიც ქალაქ კორდოვას ეკუთვნოდა. ხალხი აღსდგა კომანდორის წინააღმდეგ,
მოკლა მოძალადე და დაბა ისევ სამეფო ხელისუფლების განკარგულებაში
გადავიდა. გომესი თავისი კლასის ტიპიური წარმომადგენელია. გლეხები ებრძვიან
ფეოდალს, ხოლო მეფის ხელისუფლებაში ხედავენ კანონიერ დამცველს.
ლოპე დე ვეგას რიგ თავის პიესებში მეფე გამოჰყავს როგორც ხალხის
დამცველი, ზოგში კი ხატავს მონარქ-ტირანს, რომელიც ხალხს ავიწროებს. პიესაში
„მკაცრი ნერონი“ მან დაგვიხატა ძველი რომაელი ტირანის სახე. სამეფო
ხელისუფლების პრობლემასთან დაკავშირებულია მწერლის ცნობილი პიესა
„სევილიის ვარსკვლავი“, რომლის მოქმედება წარმოებს XIII საუკუნის დასასრულს
კასტილიის მეფის სანჩო IV მეფობის დროს. ლოპე დე ვეგას ისტორიულ პიესებს
დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ ესპანეთის დრამატურგიის ისტორიაში. მას მოუხდა
მოღვაწეობა იმ ეპოქაში, როცა ქვეყანა განიცდიდა ღრმა კრიზისს და ადამიანი
აღმოჩნდა ინკვიზიციისა და დესპოტი მონარქის ხელში. სურდა რა გამოსავალი
ენახა ამ მდგომარეობიდან, მწერალი მიმართავდა თავისი ხალხის ისტორიულ
წარსულს.
ლოპე დე ვეგას პიესების უდიდესი ნაწილი ეკუთვნის ზნეობათა ხასიათის
კომედიებს, რომელთა უმრავლესობა ეხება კერძო საყოფაცხოვრებო თემებს.
მთავარ გმირებად პიესებში გამოყვანილია იდალგიის წარმომადგენლები. სწორედ
აქედან წარმოიშვა პიესების სახელწოდება „მოსასხამისა და დაშნის კომედიები“
(მოსასხამი და დაშნა ესპანელი აზნაურის კოსტიუმის აუცილებელი ატრიბუტი
იყო). კომედიებში ნაჩვენებია აზნაურული საზოგადოების სხვადასხვა ფენის ზნე-
ჩვეულებები. მოქმედება ვითარდება სწრაფად, სავსეა მწვავე მომენტებით,
დაძაბულობით, მოულოდნელი კვანძებით. კომედიაში მოქმედება ვითარდება
სატრფიალო ინტრიგის გარშემო. ავტორი ხშირად ეხება ჭეშმარიტ სიყვარულს.
კომედია „ვალენსიელი ქვრივის“ მთავარი გმირი ახალგაზრდა ქვრივი ლეონარდა
გადალახავს ყველა წინააღმდეგობას, ცილისწამებას, რათა მიაღწიოს ბედნიერებას
კამილოსთან ერთად. პიესა გამოხატავს არისტიკრატული საზოგადოების
ფარისევლურ მორალს.
სოციალური უთანასწორობის პრობლემა დასმულია პიესაში „ძაღლი
თივაზე“. პიესის მთავარ გმირს არისტოკრატ დიანა დე ბელფორს შეუყვარდება

4
თავისი მდივანი თეოდორო. პიესაში ავტორს შემოაქვს ინტრიგა, რომლის
მიხედვით დიანას აზნაურული თავმოყვარეობა ნებას არ აძლევს ცოლად გაყვეს
მდბიო თეოდოროს. მაგრამ არც ის მოსწონს, რომ თეოდორო ეტრფის მის
მოსამსახურე ქალს მარსელას. ამ პრობლემის გადაჭრა მოხდა თეოდოროს
მსახურის ტრისტანის ეშმაკობით. იცოდა რა ტრისტანმა, რომ მოხუცი
არისტოკრატი ლუდოვიკო ეძებდა თურქების მიერ ბავშვობაში მოტაცებულ მის
ვაჟს, თავისი პატრონი გაასაღა ლუდოვიკოს შვილად. დიანას უკვე შეუძლია
გახდეს თეოდოროს ცოლი ისე, რომ არ დაამციროს თავისი არისტოკრატიული
ღირსება. პიესა წარმოადგენს ირონიას არისტოკრატიული სამყაროს მიმართ, სადაც
აზნაურის თავმოყვარეობის დაკმაყოფილება შესაძლებელია ეშმაკობით და
მოხერხებით.
ლოპე დე ვეგას „მოსასხამისა და დაშნის“ კომედიები გამოირჩევა
მრავალფეროვანი სიტუაციებით, მაგრამ თემა უცვლელია. იგი არ სცილდება
აზნაურული საზოგადოების ფარგლებს და ეხება საყოფაცხოვრებო საკითხებს. ამ
კომედიებში ინტრიგა უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი, ვიდრე პერსონაჟების
ხასიატები. ისინი სავსეა ხალისით, ოპტიმიზმით, მტკიცე რწმენით და
ნებისყოფით. ლოპე დე ვეგას დრამატურგიული შემოქმედება გამოირჩევა მარალი
მხატვრული ოსტატობით. მისი თითოეული პიესა სამი მოქმედებისგან შედგება.
ავტორი იცავს თავის თეორიულ დებულებას იმის შესახებ, რომ არ მისდიოს
ადგილისა და დროის ერთიანობას. მისი აზრით, საჭიროა მოქმედების
თავისუფალი განვიტარება. მისი პიესების სხვადასხვა ეპიზოდი დაკავშირებულია
ერთი მთლიანი ხაზით, რომელშიც პიესის ბოლოს იკვანძება უცნაურად
ჩახლართული ინტრიგები. მოქმედების დაძაბულობა და წარმოდგენის
სიცხოველე ლოპე დე ვეგას დრამატურგიის დამახასიათებელი თვისებებია. მისი
პიესები გამოირჩევა ლექსთა წყობის მრავალფეროვნებით. ავტორი შესანიშნავად
ფლობს ლექსს, იოლად გადადის თეთრი ლექსიდან გარითმულ ლექსზე და
ოსტატურად არჩევს ამა თუ იმ ხასიათისა თუ ეპიზოდისთვის ლექსის სათანადო
ზომას. მისი პიესების ენა ავტორის დროინდელი სალაპარაკო ენაა. თავის პიესებში
ლოპე დე ვეგამ კარგად გამოიყენა ფოლკლორული მასალა, კერძოდ, ანდაზები,
ხალხური გამოთქმები და სიმღერები. პიესებში გამოყვანილი პერსონაჟები
სხვადასხვა პროფესიის, კლასის და ეროვნებისანი არიან. ისინი მეტყველებენ
თავისებური ენით და სტილით.
ესპანური თეატრის ნაციონალური ტრადიციების გამგრძელებელია გილიენ
დე კასტრო. ლოპე დე ვეგას მსგავსად, ისიც ხშირად მიმართავდა ისტორიულ
თემებს და თანამედროვე პრობლემებს. მისი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ორი
ნაწილისაგან შემდგარი ისტორიული ქრონიკა „სიდი“, რომელშიც აღწერილია
სიდის ახალგაზრდობის წლები და გმირობანი. ის დაწერილია ძველი ხალხური
რომანების მასალებზე და გამოირჩევა მკვეთრი დრამატული სიტუაციებით.

5
ავტორი გვიხატავს თავის გმირს ქედმაღალ ფეოდალებთან ბრძოლაში. ასეთი თემა
თანამედროვეობის გამოძახილი იყო და წარმოადგენდა ფეოდალური
არისტოკრატიის შენიღბულ კრიტიკას. განსაკუთრებით საინტერესოა ამ ქრონიკის
პირველი ნაწილი „სიდის ახალგაზრდობა“, რომელიც შემდეგში წყაროდ გამოიყენა
ცნობილმა ფრანგმა დრამატურგმა პიერ კორნელიმ თავისი პიესისათვის „სიდი“.
ყვლაზე დიდი პოპულარობით ლოპე დე ვეგას მიმდევრებს შორის
სარგებლობდა ტირსო დე მოლინა, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა
მდიდარი და მრავალფეროვანია. საერო პიესებში ის აღორძინების ეპოქის
საუკეთესო ტრადიციების გამგრძელებელი იყო. ხოლო რელიგიურ-ფილოსოფიურ
დრამებში იგი მხარს უჭერს კათოლიკური რეაქციის გავლენებს. მისი კომედიები
ხასიათდება ინტრიგის ოსტატური განვითარებით. ტირსო დე მოლინას ყველაზე
ცნობილი პიესაა „სევილიელი მუსუსი, ანუ ქვის სტუმარი“, რომელიც დონ ჟუანის
ლეგენდის პირველი დამუშავების შედეგია. შემდეგ ეს ლეგენდა საფუძვლად
დაედო მოლიერის, მერიმეს, ბაირონის და სხვ. ამავე თემაზე შექმნილ
ნაწარმოებებს.
პედრო კალდერონი (1600-1681). კალდერონის დრამატურგია ესპანური
თეატრის განვითარების ახალი ეტაპია. მისი შემოქმედება დაკავშირებულია
ბაროკოს სტილთან, რომელიც გამოხატავს ჰუმანიზმის კრიზისს ფეოდალური და
კათოლიკური რეაქციის პირობებში. იგი დაიბადა არისტოკრატიულ ოჯახში,
სწავლობდა იეზუიტთა კოლეგიაში, შემდეგ კი სალამანკას უნივერსიტეტში.
მონაწილეობდა ლაშქრობებში იტალიასა და ფლანდრიაში. პიესების წერა ადრე
დაიწყო. მას ანიჭებენ სასახლის კარის დრამატურგის წოდებას. ამის შემდეგ ის
ხდება სასულიერო პირი და წმინდა პეტრეს იეზუიტური ძმობის მეთაური. პედრო
კალდერონმა დაწერა ორასზე მეტი პიესა და ჩვენამდე ყველა მოღწეულია. საერო
დრამატურგიაში კალდერონი ლოპე დე ვეგას მიმდევარია. მისი „მოსასხამისა და
დაშნის კომედიები“ დაწერილია სიყვარულის ინტრიგაზე. ხალისიანი და
მხიარული კომედიები ცხადყოფს მწერლის ჰუმანისტურ ტენდენციებს. მაგრამ
პედრო კალდერონისათვის არ იყო დამახასიათებელი ხალხის ცხოვრების ასახვა.
მის პიესებში მსახურთა სახეები ნაკლებ ადგილს იკავებენ, მოცემული არიან უფრო
მკრთალად და ნაკლები სიმპათიით, ვიდრე ლოპე დე ვეგასთან. თავისი იდეური
შინაარსით კალდერონის შემოქმედება წინააღმდეგობრივია. საერო და
რელიგიური ჟანრები პარალელურად ვითარდებიან. კალდერონის პირველი
პიესები იდგმებოდა სახალხო თეატრებში, ხოლო შემდეგში მწერალმა ისინი
გადაიტანა საკარო თეატრის სცენაზე. კალდერონის შემოქმედებისათვის
განსაკუთრებით დამახასიათებელია რელიგიური პიესები. მის კალამს ეკუთვნის
მრავალი „აუტო“. თავის პიესებში მწერალი იყენებდა და ამუშავებდა მირაკლის
(შუასაუკუნეების თეატრი) ჟანრს.

6
კალდერონის პიესებიდან განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს
„ცხოვრება სიზმარია“. პიესის მოქმედება ვითარდება პოლონეთში. მეფე ბასილიომ
გაიგო ასტროლოგების წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ მისი ვაჟი
სეჰისმუნდო მკაცრი ხასიათის იქნება და ტახტიდან გადააყენებს მას. ბასილიომ
კოშკში დაამწყვდია შვილი, სადაც ის იზრდებოდა ხალხისგან მოშორებით,
აღმზრდელის მეთვალყურეობის ქვეშ. პიესაში აღწერილია თუ როგორ შეამოწმა
მეფემ წინასწარმეტყველება. მეფის განკარგულებით მის ვაჟს დაალევინეს ძილის
წამალი და მძინარე გადაიყვანეს სასახლეში. ვაჟი გამოიღვიძებს მემკვიდრე
პრინცად და თავის გარშემო ხედავს სიმდიდრეს, ფუფუნებას და საყოველთაო
თაყვანისცემას. პრინცმა გამოამჟღავნა სიმკაცრე. მეფის ბრძანებით ის ისევ კოშკში
გადაჰყავთ, სადაც იღვიძებს თავის მაგარ სარეცელზე. აღმზრდელი არწმუნებს
სეჰისმუნდოს, რომ მის მიერ ნანახი მხოლოდ სიზმარი იყო. ხალხში გავრცელდა
ხმა კოშკში დამწყვდეული პრინცის შესახებ და დაიწყო აჯანყება ტახტის
მემკვიდრის დასაცავად. აჯანყებულები ათავისუფლებენ სეჰისმუნდოს და
იმარჯვენებ მეფეზე. მაგრამ პრინცი ამჟღავნებს დიდსულოვნებას. მან იცის, რომ
ცხოვრება სიზმარია და ამიტომ საჭიროა ქვეყანაზე იყო კეთილმოყვარე, რათა
გამოღვიძება იყოს საამური. სათაურში გამოხატული იდეით, პიესა წარმოადგენს
მტკიცებას სამყაროს ამაოების შესახებ. პიესაში ეს იდეა ვითარდება რეალისტურ
ფონზე. პიესის პერსონაჟები, სასახლის ცხოვრება თავისი ინტრიგებითა და
სიყალბით, ბრძოლა ტახტის ხელში ჩასაგდებად, ყოველივე ეს კალდერონის მიერ
ნაჩვენებია ცოცხლად და დამაჯერებლად.
პედრო კალდერონის შემოქმედება თავისებურია მხატვრული მეთოდებით.
წინამორბედებისგან განსხვავებით, მწერალი ართულებს დრამატურგიულ და
სასცენო ხერხებს. მისი პიესები გამოირჩევიან მაღალი პოეტური და თეატრალური
ტექნიკით. სცენური ეფექტების თვალსაზრისით ეს ნაწარმოებები აგებულია
რთულ ინტრიგებზე. კალდერონის პიესების გმირები პასიურები არიან. მათ არ
გააჩნიათ ბრძოლისათვის საჭირო ენერგია. ამიტომ მის კომედიებში ბედნიერი
დასასრული შემთხვევითი უფროა, ვიდრე გმირების პირადი ინიციატივა ან
ბრძოლის შედეგი. ავტორისათვის პერსონაჟთა სახეების დამუშავებაში
დამახასიათებელია ერთგვარი სქემატიზმი და ხელოვნურობა. კალდერონის
სტილი დახვეწილია, ენა კი რიტორიული, რაც შეეფერება სასახლის თეატრისა და
მაღალი წრის მაყურებლის გემოვნებას. პედრო კალდერონის შემოქმედებით
სრულდება ესპანეთის დრამატურგიის „ოქროს ხანა“.

7
germanuli baroko, rokoko

XVII საუკუნეში გერმანია იყო ეკონომიურად სუსტი და პოლიტიკურად


დაშლილი სახელმწიფო. ამას ხელი შეუწყო ოცდაათწლიანმა ომმა, რომელიც 1648
წელს ვესტფალიის ზავით დამთავრდა, მაგრამ ამ ზავის შედეგად გერმანიამ
დაკარგა თავისი მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ დროის გერმანიაში
მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ახალი სტილი ლიტერატურასა და მხატვრობაში –
ბაროკო და კლასიციზმი. ბაროკო წარმოიშვა იტალიაში (იტ. barocco – უცნაური,
არასწორი, ღვარჯნილი, სტილი XVI-XVIII საუკუნეების ევროპის ლიტერატურასა
და ხელოვნებაში), ხოლო შემდეგ გავრცელდა ევროპის სხვა ქვეყნებში. ბაროკოს
ეპოქის ლიტერატურა დაკავშირებულია აბსოლუტიზმთან: ნაწარმოებები
იქმნებოდა მეფეებისა და თავადების კარზე მათ გასართობად. მხოლოდ რამდენიმე
თემა მიიჩნეოდა ლიტერატურული დამუშავების ღირსად: ქრისტიან წამებულთა
ცხოვრება, ანტიკური ეპოქის გმირებისა და რაინდების საქმენი, ხელისუფალთა
ქება-დიდება, სოფლური, პასტორალური იდილიები, მოწოდება ცხოვრებით
ტკბობისაკენ (Carpe diem) და ყველაფერი ამქვეყნიურის წარმავლობის იდეა
(Memento mori, Vanitas). მწერალთა ამოცანა იყო, აღნიშნული თემები ბრწყინვალე
ენობრივ-რიტორიკულ სამკაულში ”გაეხვიათ” და ისე მიეწოდებინათ დახვეწილი
გემოვნების მქონე დიდგვაროვანი საზოგადოებისთვის. ყოველივე ეს
განაპირობებდა ბაროკოს ხანის ლიტერატურისა და ხელოვნების უკიდურეს
მაღალფარდოვნებასა და პათეტიკურობას, რაც ხშირად ხელოვნურობის
შთაბეჭდილებას აღძრავდა. თუმცა იმავე ეპოქაში იქმნებოდა ბურლესკურ-
პიკარესკული ნაწარმოებებიც, რომლებიც დაბალი კლასების განსწავლასა და
გამხნევებას ემსახურებოდა. გერმანიაში ბაროკო განვითარდა არისტოკრატული და
ხალხური მიმართულებით. არისტოკრატული, ანუ როგორც მას უწოდებენ
პრეციოზული ლიტერატურა, გამოხატავდა თავადაზნაურობის რეაქციული
წრეების სულისკვეთებას. ევროპულ ლიტერატურაში გალანტურ-პრეციოზული
სტილი გავრცელდა იტალიელი ჯანბატისტ მარინოსა და ესპანელი ლუის დე
გონგორას შემოქმედების ზეგავლენით. პრეციოზული ლიტერატურა იყენებდა
მაღალფარდოვან მეტყველებას. ბაროკოს ხალხური მიმდინარეობის
წარმომადგენლები აგრძელებდნენ აღორძინების ეპოქის ტრადიციებს. ბაროკოს
ხალხური მიმდინარეობის მსგავსად, რენესანსის ეპოქის იდეალებს კლასიციზმის
წარმომადგენლებიც იზიარებდნენ.
მარტინ ოპიცი (1597-1639). ოპიცი გერმანული კლასიციზმის თვალსაჩინო
წარმომადგენელი, ფუძემდებელი და თეორეტიკოსია. უკვე გიმნაზიაში სწავლის
პერიოდში მან დაწერა „არისტარხუსი, ანუ გერმანული ენის უგულვებელყოფის
შესახებ“. მომდევნო წლებში, უცხოეთში ცხოვრების დროს, მან დაწერა
ოთხტომიანი კრებული „სანუგეშო სიმღერები ომის უბედურებათა შორის“.

8
სამშობლოში დაბრუნებულმა გამოაქვეყნა „წიგნი გერმანული პოეზიის შესახებ“.
ოპიცის ნიჭის თაყვანისმცემლები მას ხშირად ჰომეროსს და ვერგილიუსს
ადარებდნენ. „არისტარხუსში“ ავტორი იცავს ეროვნული ლიტერატურული ენის
შექმნის აუცილებლობის იდეას და უარყოფს იმ მოსაზრებას, რომლის მიხედვთ
გერმანული ენა უხეში და მდარეა იტალიურსა და ფრანგულთან შედარებით.
ოპიცის აზრით, გერმანული ენა ისეთივე მოქნილი და კეთილხმოვანია, როგორც
სხვა რომელიმე ენა. გერმანული ენის ღირსებებმა თავი იჩინეს ჯერ კიდევ
ადრინდელი შუასაუკუნეების საუკეთესო მხატვრულ ძეგლებში. ამჯერად, ამბობს
ოპიცი, საჭიროა მისი გაწმენდა უცხოენოვანი გავლენებისგან, სრულყოფა და
განვითარება. მშობლიურ ენას გერმანელები ისევე უნდა სცემდნენ პატივს,
როგორც დიდი რომაელი და ფრანგი მგოსნები. ეროვნული ენის სრულყოფასთან
ერთად მარტინ ოპიცს სურდა ეროვნული პოეზიის გამდიდრებაც. ამ საკითხს მან
მიუძღვნა „წიგნი გერმანული პოეზიის შესახებ“. საკუთარი პოეტიკის ძირითადი
პრინციპები ოპიცმა ჩამოაყალიბა ჰორაციუსის, რონსარის და სხვათა
ლიტერატურული შრომების საფუძველზე. ეროვნული პოეზია მან გაამდიდრა იმ
მხატვრული მონაპოვრებით, რაც შეუქმნიათ ძველ დროში ბერძენ და რომაელ
პოეტებს, ხოლო ახალ დროში იტალიელებსა და ფრანგებს. ოპიცმა ბევრი რამ
გააკეთა გერმანული ენის განვითარებისა და გამდიდრებისათვის. გერმანული ენის
ბუნებიდან გამომდინარე, გერმანულ ლექსთწყობაში მან მოითხოვა სილაბურ-
ტონური სისტემის დანერგვა. ოპიცმა სცადა გერმანულ სინამდვილეში დაენერგა
კლასიციზმის ესთეტიკის შემოქმედებითი პრინციპები, დაეკანონებინა
ლიტერატურული რეგლამენტაცია, მაღალი და დაბალი ფორმების თავისებური
იერარქია. მისი აზრით, ლიტერატურის დაბალი ფორმებია კომედია და ეკლოგა,
რომლებიც მდაბიური მეტყველებით ასახავენ დაბალი ფენების ცხოვრებას.
მაღალი და სრულფასოვანი ჟანრებია ტრაგედია და ეპოპეა, რომლებიც ასახავენ
ღმერთების, მეფეებისა და გმირების ცხოვრებას.
თეორიული შრომების გარდა მარტინ ოპიცი წერდა მხატვრულ
ნაწარმოებებსაც. მისი საუკეთესო ქმნილებაა „სანუგეშო სიმღერები ომის
უბედურებათა შორის“, სადაც ის თანამემამულეებს მოუწოდებს ომის
შეწყვეტისაკენ. ომის საშინელებას მიუძღვნა ოპიცმა ლექსი „ქება ომი ღმერთისა“
და პოემა „ვეზუვი“.
პაულ ფლემინგი (1609-1640). იგი გახლდათ თვალსაჩინო წარმომადგენელი
გერმანული პოეზიისა. დაიბადა მასწავლებლის ოჯახში. 14 წლის ასაკში
ჩარიცხულ იქნა პრესტიჟულ "წმინდა თომას სახელობის ლაიპციგის სკოლაში".
დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. მან დატოვა
მშობლიური საქსონია და წავიდა ჩრდილოეთ გერმანიაში. მიუხედავად
სამედიცინო განათლებისა, ფლემინგმა დიპლომატიური კარიერა აირჩია. როგორც
ჩრდილოეთ გერმანიის დიპლომატიური და სავაჭრო საელჩოს წევრი ჩადის

9
მოსკოვში, შემდეგ სპარსეთში. გერმანიაში დაბრუნების შემდგომ პაულ ფლემინგი
სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა.
ლექსების წერა ფლემინგმა ადრე დაიწყო. ლექსებს წერდა გერმანულ და
ლათინურ ენებზე. პირველმა კრებულმა „გულსაკლავი ლექსები“ ლაურეატის
წოდება მოუტანა მის ავტორს. ეს იყო ბიბლიური ფსალმუნების პოეტური
თარგმანი. ფლემინგი წერდა სასულიერო და საერო ხასიათის ლექსებს, მაგრამ მის
პოეტურ მემკვიდრეობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სატრფიალო
ლირიკას და სამშობლოსადმი მიძღვნილ ლექსებს. მისი ლირიკის საგანია
ბუნებისა და ადამიანის სილამაზე, სიჭაბუკე და სიყვარული. ამ ჯგუფის ლექსებში
დიდი ადგილი ეთმობა ემოციებს, მოზღვავებულ გრძნობებს და უშუალო
შთაბეჭდილებებს. პაულ ფლემინგის ლექსების გარკვეულ ნაწილს მარტინ ოპიცის
უშუალო ზეგავლენა ატყვია, ხოლო დანარჩენი ახლოს დგას ხალხურ სასიმღერო
ლირიკასთან, გერმანული პოეზიის ბიურგერულ ტრადიციებთან.
ანდრეას გრიფიუსი (1616-1664). გრიფიუსის ლირიკა მიჩნეულია გერმანული
ბაროკოს პოეზიის მწვერვალად. XVII საუკუნეში იგი ითვლება სონეტების
შემქმნელ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გერმანელ პოეტად. გრიფიუსმა დიდი
როლი ითამაშა ახალი დროის გერმანული კულტურის ჩამოყალიბებაში.
შემოქმედებითი მოღვაწეობა მან ძალიან ადრე დაიწყო. ოცდაათწლიანმა ომმა
თავისი დაღი დაასვა გრიფიუსის პოეზიას. მისი ლექსები გამოირჩევა ერთგვარი
გულგატეხილობისა და პესიმიზმის სულისკვეთებით. მწერლის განწყობაზე
კარგად მეტყველებენ მისი ლექსთა კრებულების სახელწოდებანი „აზრები
სასაფლაოზე“, „ლექსები სამარიდან“, ამაოება! ამაოთა ამაოება! და სხვ. გრიფიუსი
წარმატებით იღწვოდა დრამატურგიის სფეროშიც. იგი წერდა კომედიებსაც და
ტრაგედიებსაც, მაგრამ მხატვრული თვალსაზრით უფრო ძლიერია გრიფიუსის
ტრაგედიები, რომლებიც ბაროკოს მიმდინარეობის საუკეთესო ქმნილებებად
ითვლება. მისი ტრაგედიები დაწერილია ალექსანდრიული ლექსით,
კლასიცისტური ტრიადის დაცვითა და მაღალფარდოვანი ენით. გრიფიუსის
ტრაგედიებიდან აღსანიშნავია „ლეო არმენიუსი“. დრამაში აღწერილია სასახლის
შეთქმულება და იმპერატორ ლეო არმენიუსის სიკვდილით დასჯა, რადგან იგი
ტირანია და თავისუფლების მტერი. ტრადეგიაში „მოკლული უდიდებულესობა,
ანუ კარლოს სტიუარტი“ გაკიცხულია ხელმწიფის მკვლელი ინგლისელი ხალხი.
პიესაში „კარდენიო და ცელინდა“ აღწერილია კურტიზან ქალ ცელინდას უიმედო
და ცალმხრივი სიყვარული სტუდენტ კარდენიოს მიმართ, ხოლო ამ უკანასკნელს
თავის მხრივ უყვარს ქალი, რომელიც მას ყურადღებას არ აქცევს. ყველაფერი
მთავრდება იმით, რომ ორივე მიდის მონასტერში სულიერი შვების
მოსაპოვებლად.
გრიფიუსის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს
თემას. მის კალამს ეკუთვნის ტრაგედია – მარტიროლოგი „ქეთევან ქართველი, ანუ

10
გაუტეხელი სიმტკიცე“. პიესაში ავტორმა დაამუშავა ირანის წინააღმდეგ
საქართველოს ბრძოლის ერთი ეპიზოდი. კერძოდ, ქეთევან დედოფლის
სპარსეთში ყოფნა და სიცოცხლის უკანასკნელი დღეები. 1624 წელს სპარსეთის
შაჰმა აბას I-მა სიკვდილით დასაჯა ქეთევან დედოფალი, რადგან ამ უკანასკნელმა
უარი თქვა სპარსეთის დედოფლობაზე და მაჰმადიანობაზე. არის ვარაუდი, რომ
ქეთევანის წამების ისტორიულ ფაქტს გრიფიუსი იცნობდა იმ დროს სპარსეთში
მყოფი კათოლიკე მისიონერების მონათხრობიდან. პიესაში აღწერილი ფაქტები
შეესაბამება ისტორიულ სინამდვილეს. ავტორი ხაზს უსვამს ქეთევანის (კათარინა)
ზნეობრივ სისპეტაკეს, სულიერ სამყაროს და მორალურ თვისებებს. ტრაგედია
„ქეთევან ქართველი“ საინტერესოა ჟანრობრივი თვასაზრისით. ავტორი მტკივედ
იცავს კლასიცისტური დრამის ნორმებს, მაგალითად, სამი ერთიანობის კანონს.
პერსონაჟთა ხასიათები ფერმკრთალია, სქემატური და ნაკლებად ემოციური.
მეტყველება ზოგჯერ მშრალია, ზოგჯერ კი მაღალფარდოვანი, ამაღლებული და
ეგზალტირებული. ტრაგედიის ენა მანერულია, დროდადრო ღვარჯნილი და
პომპეზური. ალექსანდრიული ლექსით დაწერილ პიესაში სცენაზე შემოდიან
მოჩვენებები, მიცვალებულები და ალეგორიული სახეები, რომლებიც განყენებულ
იდეებს ქადაგებენ. გრიფიუსის ტრაგედიას მისი თანამედროვეები სრულყოფილ
ესთეტიკურ ნაწარმოებად მიიჩნევდნენ.
ჰანს გრიმელსჰაუზენი (1622-1676). გრიმელსჰაუზენი XVII საუკუნის
გერმანული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელია. ადრე დაობლებული,
იგი სრულიად ახალგაზრდა მონაწილეობდა ოცდაათწლიან ომში. ომის შემდეგ მას
ეკავა მაღალი თანამდებობები სამხედრო თუ სამოქალაქო უწყებებში. ძალიან
ბევრს მოგზაურობდა როგორც გერმანიის სხვადასხვა კუთხეში და ასევე
უცხოეთში. მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე რომანი და ბევრი მოთხრობა. დიდი
წარმატება მას მოუტანა ომის თემისადმი მიძღვნილმა წიგნმა „სიმპლიციუს
სიმპლიციმუსი“. ნაწარმოები დაწერილია ესპანური გაიძვერული რომანის
სტილში და მოგვითხრობს უბრალო, გულუბრყვილო ადამიანის ცხოვრებას
ბავშვობიდან სიბერემდე. ნაწარმოების დასაწყისში სიმპლიციუსი ათი წლისაა. ის
იზრდება ოჯახში, სადაც დაიბადა და არაფერი იციან მისი მშობლების ვიანაობის
შესახებ. ავტორი თავის გმირს აყენებს სხვადასხვა საზოგადოებრივ წრეში და
ცხოვრებისეულ ვითარებაში. იგი სინამდვილეს აღწერს უბრალოდ და
რეალისტურად. სიმპლიციუსი ეჯახება ყოველდღიურ უსამართლობას. მწერალი
ხატავს გერმანიის ყოფას ოცდაათწლიანი ომის დროს. თავის რეალისტურ რომანში
ავტორს დროდადრო შეაქვს ზღაპრული ელემენტები. მოქმედებაში შეჰყავს
აჩრდილები, მოჩვენებები და კუდიანი ქალები. რომანის პერსონაჟებიდან
მხოლოდ ერთს გააჩნია სამშობლოს ნამდვილი სიყვარულის გრძნობა და თავისი
ხალხის უკეთესი მომავლის იმედი. ეს არის მათხოვარი, რომელსაც სიმპლიციუსი
შეხვდა და რომელსაც თავი ციდან დაშვებულ იუპიტერად მიაჩნია. მათხოვრის

11
რწმენით, ვინმე „გერმანელი გმირი“ გააერთიანებს გერმანიას, შეკრავს ერს,
გააუქმებს ბატონყმობას, გადასახადებს, შეწყვეტს ომებს და ა.შ. „გერმანელი გმირი“
შექმნის ახალ ყოფას და მომავალში დამყარდება მშვიდობა და სამართლიანობა. რა
თქმა უნდა გრიმელსჰაუზენის მიერ შექმნილი სახელმწიფო უტოპიურია და არ
არის დაზღვეული ნაკლოვანებისაგან. რომანის ენა ხალხურია, უბრალო და სადა,
დროდადრო მდაბიო და უხეში. „სიმპლიციუსის“ წარმატებამ ავტორს დააწერინა
წიგნის გაგრძელება, სადაც მოგვითხრობს არა სიმპლიციუსის, არამედ მისი
მეგობრების თავგადასავლებს. პირველი წიგნი „დიდი ყალთაბანდი და მატანტალა
კურაჟი“ მოგვითხრობს ერთი ქალის ამბავს, რომლის ცხოვრებას და
თავგადასავლებს ბევრი საერთო აქვთ სიმპლიციუსის ცხოვრებასთან. რომანში
„საოცარი შპრინგინსფელდი“ მოთხრობილია ყოფილი ლანდსკნეხტის, ხეიბარი
კაცის თავგადასავალი, რომელსაც სიმპლიციუსი შემთხვევით შეხვდა ერთ–ერთ
სამიკიტნოში. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში ბევრი ზღაპრული ელემენტია,
იგი მაინც რეალისტურია. მასში ოსტატურადაა დახატული ოცსაათწლიანი ომის
ცალკეული ეპიზოდები და თვით ვესტფალიის ზავი. გრიმელსჰაუზენის რომანი
„ჩიტის ჯადოსნური ბუდე“ ხალხური წიგნის ყაიდაზეა დაწერილი და
წარმოადგენს „საოცარი შპრინგინსფელდის“ თავისებურ გაგრძელებას.
დასახელებულ რომანებში ავტორი მოგვითხრობს სიმპლიციუსის მეგობრებისა და
ნაცნობების თავგადასდავლების შესახებ. მომდევნო წლებში გრიმელსჰაუზენი
ისევ დაუბრუნდა თავის გმირს და მიუძღვნა რამდენიმე რომანი, მაგრამ მასში
დახატული ეპიზოდები არ არიან ლოგიკურ კავშირში პირველი წიგნის
სიუჟეტთან.
იოჰან მიხაელ მოშეროში (1601-1669). თავისი დროის უდიდესი სატირიკოსი
მოშეროში დაიბადა ელზასში. სტრასბურგის უნივერსიტეტში დაამთავრა
სამართლის ფაკულტეტი. მოშეროშის მდიდარი ლიტერატურული
მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია ლექსად დაწერილი ორნაწილიანი სატირიკული
ხასიათის წიგნი „ფილანდერ ფონ ზიტევალდის საოცარი და მართალი ზმანებანი“,
შექმნილი ესპანელი მწერლის ფრანსისკო დე კევედოს „სიზმრების“ მიბაძვით.
ორივე წიგნი აერთიანებს შვიდ-შვიდ სატირას, რომელთაგან ზოგი კევედოს
ნოველების თავისუფალი თარგმანია, ზოგი მთლიანად ორიგინალური ქმნილება.
სატირებიდან აღსანიშნავია „საშინელი სამსჯავრო“, „ჯოჯოხეთის კერძები“,
„ჯარისკაცული ცხოვრება“, „კერაუსის მოდაზე“ და სხვა, რომელთაც
განსაკუთრებით ატყვია გერმანული სინამდვილის კვალი. თავის შეხედულებებს
ავტორი გადმოსცემს ფილანდერის პირით, რომელიც ხან სააქაოში მოგზაურობს,
ხანაც საიქიოში. „ჯარისკაცული ცხოვრება“ დაწერილია ხილვის ჟანრით, რომელი
მოგვითხრობს ომის საშინელებებზე. ზმანებაში „ჯოჯოხეთის კერძები“ მოშეროშს
გამოჰყავს საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები, რომლებმაც
საუკუნო სასუფეველი დაიმკვიდრეს ჯოჯოხეთში ჩადენილი დანაშაულებების

12
გამო. ზმანებაში „კერაუსის მოდაზე“ მოშეროშმა დაცინვის საგნად აქცია გატაცება
ყოველივე უცხოურით. მოშეროშის საყვარელი ხერხია გროტესკი.
დანიელ კასპარ ფონ ლოენშტაინი (1635-1683). ლოენშტაინი გერმანული
ბაროკოს ლიტერატურის უდიდესი წარმომადგენელია. ლაიფციგის
უნივერსიტეტში შეისწავლა ფილოლოგია და სამართალი, ხოლო მოგვიანებით
მოიპოვა დოქტორის ხარისხი. თავისი ცხოვრების მანძილზე ლოენშტაინი
მუშაობდა მაღალ თანამდებობებზე და ასეთივე წარმატებით ეწეოდა
ლიტერატურულ მოღვაწეობას. წერა დაიწყო ძალიან ადრე. ჯერ კიდევ მოწაფემ
დაწერა პირველი პიესა „იბრაჰიმ ფაშა“. შემდეგ მან დაწერა ლირიკული ლექსების
მთელი ციკლი, ტრაგედიები და ბოლოს ყველაზე მეტად ცნობილი რომანი
„არმინიუსი და თუსნელდა“. ლოენშტაინის ლირიკული ლექსების კრებულს
ეწოდება „ყვავილები“. იგი შედგება რამდენიმე ციკლისაგან, რომელთაგან
„ვარდებში“ თავმოყრილია საქორწილო სიმღერები, „სტამბულში“ სამგლოვიარო
სიმღერები, „ფურისულაში“ სასულიერო საგალობლები და სხვ. „იბრაიმ ფაშას“
შემდეგ ლოენშტაინმა დაწერა ახალი ტრაგედიები, მათ შორის „კლეოპატრა“,
„აგრიპინა“, „ეპიხარისი“ და „იბრაიმ სულთანი“. ამ პიესებისთვის სიუჟეტები
ავტორმა აიღო რომისა და თურქეთის ისტორიიდან. ლოენშტაინის პიესები
გამოირჩევა თეატრალური პომპეზურობით და საუკეთესო ნიმუშებია იმ
მაღალფარდოვანი ისტორიული დრამებისა, რომელთაც გერმანიაში ეწოდებოდა
„მთავარი და სახელმწიფოებრივი მოქმედებანი“. რომანი „არმინიუსი და
თუსნელდა“ ლოენშტაინს დაუმთავრებელი დარჩა. იგი გამოქვეყნდა ავტორის
გარდაცვალების შემდეგ. ეს ეპოპეა დაწერილია ფრანგული პრეციოზული
რომანების მსგავსად, შედგება სამი ათასზე მეტი გვერდისაგან და გამოირჩევა
ისეთივე პომპეზურობით, როგორც ავტორის ტრაგედიები. რომანში
მოთხრობილია ჩვენი წელთაღრიცხვის მეცხრე წელს გერმანელთა ტომის
ხერუსკების ბელადის არმინიუსის მიერ ტევტობურგის ტყეში რომაელთა
ლეგიონების დამარცხებისა და განადგურების ამბავი. ცნობები ამ ისტორიული
ფაქტის შესახებ მოწოდებული აქვს ტაციტუსს თავის „ანალების“ მეორე წიგნში.

13

You might also like