You are on page 1of 11

ლიტერატურული გვარები და ჟანრები

ლიტერატურული ნაწარმოების აღქმაზე დიდ გავლენას ახდენს მკითხველის ცოდნა წასაკითხი


ნაწარმოების ჟანრის შესახებ. ეს ცოდნა განმსაზღვრელი ფაქტორია ტექსტის ანალიზისთვისაც: მხოლოდ
ნაწარმოების ჟანრის დადგენის შემდეგაა შესაძლებელი მისი აღწერისა და ახსნისათვის შესაბამისი
კატეგორიებისა და მეთოდების შერჩევა. ლიტერატურული გვარებისა და ჟანრების შესახებ ცოდნა
გვეხმარება, აღვწეროთ და ავხსნათ ჩვენი დამოკიდებულება ტექსტების მიმართ.

ლიტერატურული ტექსტების კლასიფიკაცია სამი ლიტერატურული გვარის - ეპიკის, ლირიკისა და დრამის


- მიხედვით XVIII საუკუნიდან დამკვიდრდა. გერმანელი კლასიკოსი მწერალი იოჰან ვოლფგანგ გოეთე
ლიტერატურულ გვარებს „პოეზიის ბუნებრივ ფორმებს“ უწოდებდა. მისი აზრით, არსებობს პოეზიის სამი
ბუნებრივი ფორმა: ნათლად მთხრობელი, ენთუზიასტურად ამაღელვებელი და პიროვნულად მოქმედი:
ეპოსი, ლირიკა და დრამა. XIX საუკუნეში გერმანელი ფილოსოფოსი გეორგ ფრიდრიჰ ვილჰელმ ჰეგელი
თავის ესთეტიკის ლექციებში ასევე გამოყოფდა პოეზიის (ლიტერატურის) სამ ძირითად სახეობას,
რომელთაგან თითოეულს გარკვეული ფორმალური და შინაარსობრივი მოთხოვნები უნდა
დაეკმაყოფილებინა: ე.წ. „ეპიკური პოეზია“, მისი აზრით, ობიექტურად და ფართოდ წარმოგვიდგენს
ობიექტურ სამყაროს მის მთლიანობაში და მასში განვითარებულ მთლიან მოქმედებას; ლირიკის შინაარსი
სუბიექტური განცდები და შინაგანი სამყაროა, მისი მიზანი სუბიექტის თვითგამოხატვაა; ე.წ. „დრამატულ
პოეზიაში“ კი ობიექტურობა და სუბიექტურობა ახალ მთლიანობად ერთიანდება. ჰეგელს მიაჩნდა, რომ
ეპიკური პოეზია ისტორიულად ყველაზე ადრეული ლიტერატურული გვარი იყო, მას მოსდევდა ლირიკა,
მწერლობის მწვერვალი კი დრამა იყო. XX საუკუნეში ცნობილი შვეიცარიელი ლიტერატურათმცოდნე
ემილ შტაიგერი ლირიკულის, ეპიკურისა და დრამატულის „იდეებს“ დროის სამ განზომილებას
უკავშირებდა: ლირიკულის არსი მოგონებასა და წარსულს უკავშირდება, ეპიკურისა - აწმყოს წარმოდგენას,
დრამატულისა კი - დაძაბულობასა და მომავლის მოლოდინს. რუსი ენათმეცნიერი რომან იაკობსონი
ლიტერატურულ გვარებს პირის გრამატიკულ კატეგორიის საფუძველზე განსაზღვრავდა: მისი აზრით,
ლირიკას პირველი პირი (მე) შეესაბამებოდა, ეპიკას - მესამე (ის), დრამას კი - მეორე (შენ).

აშკარაა, რომ ლიტერატურული ნაწარმოების ჟანრობრივ ფორმასა და მის შინაარსს შორის გარკვეული
კავშირი არსებობს. შეუძლებელია, ტექსტს შევუცვალოთ ჟანრობრივი მახასიათებლები და შევინარჩუნოთ
მისი შინაარსი. ლიტერატურული გვარის არჩევანი დამოკიდებულია იმ შინაარსზე, რომლის ჩადებასაც
აპირებს ავტორი თავის თხზულებაში. მაგრამ ლიტერატურული გვარები არაა ზედროული „ბუნებრივი
ფორმები“. მოიპოვება მთელი რიგი ნახევრადფიქციური ტექსტებისა (წერილი, ესე, დღიური), რომლებიც
ზემოაღნიშნული ლიტერატურული გვარების ნორმატიულ ჩარჩოებში ვერ თავსდება. უფრო მართებულია,
თუ ლიტერატურულ გვარებს ერთგვარ კონვენციებად (დაუწერელ შეთანხმებებად) განვიხილავთ,
რომლებიც ავტორსა და მკითხველს შორის კომუნიკაციას უწყობენ ხელს და დროის სვლასთან ერთად
იცვლებიან. ამასთან, ლიტერატურული გვარები მეცნიერული აბსტრაქციის შედეგად მიღებული ცნებებია,
რომლებიც ლიტერატურულ ტექსტებში საერთო ნიშან-თვისებების ერთობლიობას ემყარება.
ლიტერატურული გვარების თეორიის მთავარი ამოცანა ლიტერატურული ტექსტების მრავალფეროვნების
მოწესრიგებულ სისტემაში მოქცევაა.

ლიტერატურული ტექსტების ჟანრობრივი კლასიფიკაციის მიზანია, პასუხი გაეცეს კითხვას: ვინ, როგორ
და რა მიზნით ამბობს რაიმეს მოცემულ ტექსტში? სამი ლიტერატურული გვარის თავისებურებები შემდეგი
სქემის სახით შეიძლება გამოიხატოს:

თხრობითი ტექსტები ლირიკული ტექსტები დრამატული ტექსტები


ვინ ამბობს? მთხრობელი ინსტანცია სუბიექტი (ლირიკული მე) დრამის მოქმედი პირი
(მთხრობელი)
როგორ გაულექსავად ლექსად ლექსად ან გაულექსავად
ამბობს?
რა მიზნით ხდომილების მდგომარეობის, მიმართავს, მოუწოდებს
ამბობს? (=მდგომარეობის ცვლის) დამოკიდებულებისა და თანამოსაუბრეს,
გადმოსაცემად გრძნობების გამოსახატავად გააკეთოს, მოიმოქმედოს
რაიმე
ზემოთქმულის საფუძველზე შიეძლება ითქვას, რომ ლირიკის ზოგადი თავისებურებებია ექსპრესიულობა,
რითმულობა და სიმოკლე; ეპიკისა - მისი რეფერენციულობა, დროში განფენილობა და სიდიდე; დრამისა
კი - აპელაციურობა, სცენურობა და დიალოგურობა. თუმცა მოიპოვება ტექსტები, რომლებშიც
ერთდროულად გვხვდება სხვადასხვა ლიტერატურული გვარისა და ჟანრის ნიშანთვისებები (მაგალითად,
ბალადა).

თითოეულ ლიტერატურულ პერიოდში დომინატურია ესა თუ ის ლიტერატურული გვარი. თუმცა კარლ


ბიულერის ორგანული მოდელი სრულიად გამოუსადეგარია ავანგარდისტულ ლიტერატურასთან
მიმართებაში. ექსპერიმენტულ ტექსტებში ვერც სუბიექტური დამოკიდებულების, ვერც საგნობრივი
სამყაროს და ვერც დიალოგის იმიტაციას შევხვდებით. მათში ხორციელდება მხოლოდ ე.წ. პოეტური
ფუნქცია (რომან იაკობსონი), ე.ი. ყურადღება გადატანილია თავად ენობრივ ნიშნებზე როგორც ტექსტის
მასალაზე. ამასთან, ზოგიერთი მწერალი შეგნებულად იყენებს ამა თუ იმ ლიტერატურულ გვარს, რათა
პაროდიულად დაარღვიოს მისი ჟანრობრივი თავისებურებები. ამ შემთხვევაში ლიტერატურული გვარები
სხვა არაფერია თუ არა ავტომატიზებული ლიტერატურული ხერხები, რომელთა პაროდირებაც
გაუცნაურებას ემსახურება.

You might also like