You are on page 1of 8

ST.

ლიტერატურის თეორია

#1 ლექცია

ესთეტიკური მოდელები და ჟანრთა მრავალსახეობა უწყვეტი ლიტერატურული


პროცესის კონტექსტში

ჟანრი როგორც ლიტერატურული ფენომენი, მხატვრული ტექსტის აგების


სპეციფიკური ფორმა, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი მაკლასიფიცირებელი,
კერძოდ, ლიტერატურული გვარის შიდასაკლასიფიკაციო კატეგორია, აგერ უკვე ორ
ათასწლეულზე მეტია შეისწავლება და ზოგჯერ ისეთი საკითხი წამოიჭრება ხოლმე
ჟანრის თეორიაში ანუ გენოლოგიაში (ლათ. genus - სახეობა)(შესაძლოა სხვაგან
„გენეროლოგია“-ც წაიკითხოთ), რომ ხელახლა ვიწყებთ ფიქრს მის რაობაზე.

ამას რამდენიმე მიზეზი აქვს და ერთი მათგანია შესწავლის ობიექტის


ისტორიულად ცვალებადი ბუნება ანუ მოძრაობა. რა გამოდის? თუკი ის ასეთი
ცვლებადია, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჟანრი როგორც შესწავლის ობიექტი არც კი
არსებობს მყარად შემოწერილ საზღვრებში. არა, რა თქმა უნდა. ლიტერატურულ
თხზულებათა გარკვეული ჯგუფის გამოცალკევების ფაქტი გარკვეული საერთო
ნიშნის მიხედვით _ თემატური იქნება ეს, ფუნციური თუ სტრუქტურული _
არსებობს ლიტერატურის ისტორიის მთელი არსებობის განმავლობაში. რადგან ეს
საერთო ნიშნები არსებობს, ამიტომ „ჟანრის“ ცნების გამოყენებაც სხვადასხვა
ისტორიულ ეპოქებში სწორედ ამ საერთო ნიშნებით არის გამართლებული. აქვე იმის
თქმაც შეიძლება, რომ ზოგი ინტელექტუალი დიდი ენთუზიაზმით არ იზიარებს
ამგვარ პოზიციას. მაგალითად, ცვეტან ტოდოროვი წერდა: „ყოველთვის
შესაძლებელია ორ ტექსტში საერთო თავისებურების პოვნა და ამის გამო მათი
მოქცევა ერთსა და იმავე კლასში. მაგრამ განა აქვს რაიმე აზრი, რომ ამგვარ ერთობას
‚ჟანრი‘ ვუწოდოთ?“

ამის საპირისპიროსაც წერენ ლიტერატურათმცოდნენი და ამბობენ, რომ


„არაჟანრული“ ტექსტი არ არსებობს. მიხაილ ბახტინის აზრით „ნაწარმოები
აღიქმება მხოლოდ გარკვეული ჟანრის ფარგლებში“

დავიწყოთ ტერმინოლოგიით. ტრადიციული პოეტიკა განასხვავებს ერთი და


იმავე მნიშვნელობის ცნებებს _ „გვარსა“ და „ჟანრს“, რომლებიც აღნიშნავენ
ლიტერატურული ნააწარმოების ტიპს. ეს საერთომნიშვნელოვნობა არ გამორიცხავს
მათ განსხვავებულობას. საქმე ის არის, რომ ლიტერატურული ნაწარმოების ტიპების
დადგენისას სხვადასხვა კულტურულ ტრადიციაში ისტორიულად ჩამოყალიბდა
სიტყვიერი ხელოვნების გააზრების სხვადასხვა თეორიული საფუძველი.

მაგალითად, რუსულ კულტურულ ტრადიციაში ტიპოლოგიური მიდგომის


შედეგები აღინიშნება ორი სხვადასხვა სიტყვით _ ფრანგული „ჟანრით“ და რუსული
„გვარით“ (Род). ამ ორ ცნებას ვასხვავებთ, რადგან „ჟანრი“ ერთნაირად განეკუთვნება
სამივე ლიტერატურულ გვარს _ ეპოსს, დრამასა და ლირიკას. გვარი მსხვილი
საკლასიფიკაციო კატეგორიაა და მოიცავს ჟანრებს. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ არსებობს
შერეული ლიტერატურული გვარებიც, რომლებიც აერთიანებენ ორი
ლიტერატურული გვარის ნიშან-თვისებებს. მაგალითად: ლირო-ეპიკური (ლირიკა
და ეპოსი), ლირო-დრამატული (ლირიკა და დრამა) და ეპიკური დრამა (ეპოსი და
დრამა).

ერთი ასეთი შენიშვნაცა ვთქვათ: დასავლური ტრადიციიაში დამკვიდრებული


ჟანრობრივი კონცეფციები და სისტემები შესაძლოა გამოუსადეგარი აღმოჩნდეს სხვა,
მაგალითად, აღმოსავლურ ლიტერატურასთან მიმართებით.

აღმოსავლური ლიტერატურის ხსენება ზოგადად ლიტერატურის თეორიასთან


დაკავშირებულ რეფლექსიასაც აღძრავს. ამიტომ ორიოდ სიტყვა თვით
ლიტერატურის თეორიაზე.

ლიტერატურის თეორია ყოველთვის არსებობდა; არსებობდა მაშინაც, როცა მას


თეორია საერთოდ არ ერქვა და ეს იმასაც ნიშნავს, რომ ტექსტზე, ზოგადად,
რეფლექსია ყოველთვის ხდებოდა. გასხოვთ, ლიტმცოდნეობის შესავალში,
კრიტიკაზე როდესაც ვსაუბრობდით, ვამბობდით, რომ იგი ლიტერატურის ხნისა
იყო. დიახ, სწორედ ასე, რადგან გაჩნდებოდა თუ არა ტექსტი, მისი შეფასება და
ავკარგიანობა მყისვე ხდებოდა განსჯის საგანი. ამიტომ ვამბობთ, რომ ტექსტის
მეტაენა ანუ რეფლექსია მასზე ანუ ლიტერატურის თეორია ყოველთვის არსებობდა.

ისტორიამ იცის დიდი და დიადი ლიტერატურები, რომლებსაც სიტყვიერი


ხელოვნების არსზე, ნორმებსა და პრინციპებზე გარკვეული წარმოდგენა იმთავითვე
ჰქონდათ, მაგრამ თეორიული ექსპლიკაციების გარეშე იარსებეს. ამის მაგალითია
ძველი ახლო აღმოსავლეთის ლიტერატურები, რომელთა ნიმუშები _ გილგამეშის
ეპოსი, იობის წიგნი, ქებათა-ქება _ უთეორიოდაც მყარად იდგნენ „შინაგანი
მიგნების“(ვახტანგ კოტეტიშვილი) ხერხემალზე. თავიდან ბერძნული ლიტერატურაც
ასეთი იყო: ბერძნებს უკვე ყავდათ ჰომეროსი და ჰესიოდე, ალკეოსი და საფო, მაგრამ
ლიტერატურის თეორიის ნასახი არ არსებობდა. ესქილესა და პინდაროსის ხანაში
ჯერ კიდევ არ ჩანდა, ხოლო სოფოკლესა და ევრიპიდეს დროს უკვე ყალიბდებოდა.
მაგრამ დადგა „დიდი სტაგირელის“ (არისტოტელე ჩრდილო-აღმოსავლეთ
საბერძნეთის, მაკედონიის რეგიონის პატარა ქალაქ სტაგირაში დაიბადა და აქედან
წარმოსდგება მისი ზედმეტსახელი „სტაგირიტი“) ეპოქა და როგორც იქნა გაჩნდა
სალექსო ჟანრთა თეორია (“პოეტიკა”) და მხატვრული პროზის თეორია (“რიტორიკა”),
_ და ეს იყო მართლაც მოსაბრუნი და ტეხილი კულტურის ისტორიაში.
არისტოტელეს “პოეტიკა” არის კულტურის ენის გრამატიკა, რომელმაც სათავე
დაუდო მომდევნო ეპოქების უკლებლივ ყველა”პოეტიკას” _ მათ შორის ისლამურ
ტრადიციაშიც. ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნეში საბერძნეთში მომხდარ ამ
მოვლენას ევროპულ ტრადიციაში მოჰყვა გრძელი წყება ისტორიულ
ლიტერატურული ეპოქებისა და ყოველ მათგანს თავისი ლიტერატურული თეორია
ჰქონდა და, რასაკვირველია, ყველა ანტიკური სახისა და ტიპის იყო. ვთქვით და
ვიმეორებთ, რომ ანტიკური რაციონალიზმის წინარე ეპოქებში ახლო აღმოსავლეთმა
სიტყვიერი ხელოვნების სფეროში იმდენი დაკვირვება და პრაქტიკული ჩვევა
შეიმუშავა, რომ ბერძნები მათთან მოკრძალებულ შეგირდებად თუ გამოჩნდებოდნენ,
მაგრამ აღმოსავლურ ფიქრსა და შთაგონებას არ ახლდა აზროვნების ის სპეციფიკური
სიმკვეთრე, რომელსაც მოითხოვს მეცნიერული აზრის კარიბჭესთან მყოფი ცნება _
დეფინიცია [ანუ ცნების ზუსტი განსაზღვრა მისი ყველაზე არსებითი ნიშნების
საშუალებით].იმჟამიდან მოყოლებული მეცნიერული დისკურსი სწორედ
დეფინიციით იწყება. იგი არის ნიშანი, რომელიც ახდენს არამეცნიერულ და
მეცნიერულ ცოდნას შორის მიჯნის მარკირებას. საგნისა თუ მოვლენის
განვსაზღვრებისას, მასზე სწორედ ანტიკური ხედვის კუთხით ვლაპარაკობთ და
ყოველი განსაზღვრება მადეფინიცირებელი გონის ნაყოფია. დეფინიცია ერთადერთი
გარანტია იმისა, რომ საგანი „ყველას თავისებურად“ (პლატონი) არ ესმოდეს. იგი
დაგროვილი გამოცდილებისა და იდეების მძლავრი მექანიზმია, რომელიც
გამოყენებულ ტერმინთა ერთმნიშვნელოვნობას უზრუნველყოფს და სწორეს ესაა
ძველი ინტელექტუალური ტრადიციის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი და
მონაგარი.

მოდით, თვალი გადავავლოთ ლიტერატურის თეორიის უშუალო წინაპარს _


პოეტიკას, რომელიც თავისი შინა არსით , როგორც უკვე ვთქვით, არის კულტურის
ენის გრამატიკა და რომელშიც გადმოცემის უმთავრესი ფორმა უკვე დეფინიციაა.
ტექსტის მთლიან მოცულობაში დეფინიციათა სიმჭიდოროვე ძალზე მაღალია; სხვა
დანარჩენი დეფინიციათა მოსამსახურეა, კომპოზიციურად დეფინიციათა
ქვეწყობილია _ მათთან მითვისებული და ინტონაციურადაც მათი გაგრძელება. იმ
ეპოქაში დეფინიციით ამგვარი გატაცება ჩვენთვის მთლად ნათელი შეიძლება არ
იყოს, მაგრამ დღეს ძნელი მისახვედრია და არსებითად ვერც ვერაფერს შევიტყობთ იმ
გარემოებებათა შესახებ, რომელშიც ჩამოყალიბდა აზრის სპეციფიკური სიმკვეთრე
და, ამისდაკვალად, იშვა პოეტიკა. ასეა თუ ისე, ანტიკური გონის ნამუშაკევის
სიციცხლისუნარიანობის ერთერთი ფაქტორი სწორედ სისტემურობაზე შინაგანი
ორიენტაცია და დეფინიციათა ორგანიზებული სისტემა აღმოჩნდა. შემდგომ ეპოქებს
ეს სისტემურობა ხიბლავდა და ფართოვდეოდა ჰერმენევტიუკულ ანუ გაგების წრე,
რაც იმასაც ნიშნავს, რომ დასაბამიერ ინტენციათა და მოგვიანო წაკითხვათა ზოგჯერ
ფრიად განსხვავებულ, ანაქრონულ განმარტებებს იძლეოდა, მაგრამ მათი (ამ
ტექსტების, ტრაქტატების) კლასიკურობის სტატუსი სწორედ ამ ნაირწაკითხვათა
შესაძლებლობით კიდევ უფრო მტკიცებოდა. ამაზე ამბობდა სწორედ ფრანსუა
რაბლე, რომ „ილიადასა“ და“ოდისეას“ ავტორის შეგნებაში ნატამალიც არ ყოფილა იმ
ალეგორიებისა, რაც მასში პლუტარქემ და ჰერაკლიტე პონტოელმა აღმოაჩინესო; არც
ის ქრისტიანული საიდუმლოება არსებულა ოვიდიუსის გონებაში, რომელიც
შემდგომმა ეპოქამ აღმოაჩინა“მეტამორფოზებშიო“...

ასე ყოფილა, _ ყოველ ეპოქას თავისი დილემა, თავისი სტილისტური რეგისტრი


აქვს და ზოგჯერ „მცოდნე მკითხველი“ (მონტენი), რომელშიაც, რასაკვირველია,
თვით ავტორიც მოიაზრება, არათუ დროჟამით დისტანცირებულ ტექსტში, არამედ
საკუთარივე ქმნილების გადაკითხვისასაც კი მიაკვლევს ხოლმე იმგვარ აზრს,
რომელსაც მანამდე მის შეგნებაში არც გაუჭაჭანია. ლიტერატურის თეორიაც ამ და
სხვა მრავალი რიგის პროპლემას მიაპყრობს ყურადღებას...

მოკლედ ის შეგვიძლია ვთვათ, რო ჩვენთვის მაინცდამაინც არ არის ნათელი თუ


რატომ იყვნენ გატაცებული ამ დეფინირებით და არც იმ გარემოებათა ნათელი
წარმოდგენაა ადვილი, სად და რა ვითარებაში იქცა ლიტერატურის თეორია იმად,
რაც იგი დღეს არის. როგორც იტყვიან, ცდა ბედის მონახევრეაო და თუ ჩავყვებით და
ჩავყვინთავთ დეფინიციებით გატაცების მსოფლმხედველობრივ და გნოსეოლოგიურ
მიზეზებში, ალბათ ერთ უბრალო დასკვნას მაინც გავაკეთებთ, რომ „დიდი
სტაგირელი“ (როგორც მას ჩემი ერთი საბჭოთა აკადემიკოსი ლექტორი უწოდებდა)
გონებით მჭვრეტი და გონებრივი ცხოვრების დამყოლი და უპირატესობის
მიმნიჭებელი კაცი იყო და სწორედ ამ ტიპის ფიქრი ყოფილა მისი ყველაზე მძაფრი
ვნება, რადგან არისტოტელე იყო ლოგიკის მეცნიერების ფუძემდებელი. მისი
ღვთაებრივი მასწავლებელი, პლატონი, რომელსაც ვერაფრით დავწამებთ სიმშრალესა
და პედანტიზმს, მართლაც გამოსცდის ჩვენს მოთმინებას, როდესაც დაბეჯითებით
და ჯიუტად ვარჯიშობს ცნებების დანაწევრებასა და დაზუსტებაში. აქ აზროვნების
სხვადასხვა ტიპზეა ლაპარაკი.
არისტოტელეს ტრაქტატი პოეტური ხელოვნების შესახებ ანუ პოეტიკა,
ძირეულად განსხვავდება პლატონის მოძღვრებებისგან. არისტოტელე
მატერიალურის კვლევით ცდილობდა იდეის გაგებას,
პლატონი კი _ პირიქით, იდეებითა ფიქრობდა მატერიალურის გაგებას. მისთვის
იდეა იყო რეალობა და, აქედან გამომდინარე, პლატონი რეალურ სამყაროს მხოლოდ
იდეების დონეზე აღიქვამდა, არისტოტელე კი მატერიალურ სამყაროს მიიჩნევდა
რეალურად.

არისტოტელე მიბაძვის ცნებას არ უარყოფს, თუმცა მისი აზრით, პოეტები


სწორედ რეალურს ბაძავენ, რათა შექმნან ახალი, პოტენციური
რეალობა. არისტოტელემ ერთმანეთისგან გამიჯნა რეალობა და რეალისტურობა.
პოეტი ბაძავს რეალობას, თუმცა მისი მიზანი სულაც არ არის რეალისტური
სურათის შექმნა.

პოეტის მიზანი არ არის ისტორიული ფაქტების აღწერა, მისი მიზანია


ალბათობა, რა მოხდებოდა, ან რა შეიძლება მომხდარიყო. – პოეტური ბაძვის
პროცესი არ არის რეალობის მექანიკური კოპირება, ის – მისი შემოქმედებითი
გარდასახვაა.

პოეზიას ძალუძს, რეალობა გადაასხვაფეროს, თუმცა აზრი დატოვოს


უცვლელად (მაგ: სატირა, იუმორი). არისტოტელეს აზრით, პოეზია დიქოტომიას
ეფუძნება ასეთი სახით: რეალური /შემოქმედებითი. რეალური – მატერიალურის
სინონიმია, შემოქმედებითი – პოეტის მიერ შემოქმედებითად გარდასახული
რეალობის.

არისტოტელეს აზრით, ძირფესვიანი ცოდნა არ არის აუცილებელი


პოეტისთვის, მისთვის სწორედ მიბაძვის ნიჭია დასაფასებელი. პლატონისგან
განსხვავებით, არისტოტელესეული ბაძვის მოდელი ეფუძნება არა მარტო ობიექტის
ან თხრობის, არამედ – რეცეფციის (აღქმის) პროცესს.

არისტოტელეს „პოეტიკის“ მიხედვით, პოეტის მიერ შექმნილი სამყარო


ჰორიზონტია, რეალურსა და ფანტაზიას შორის.

(ბაძვაზე უფრო დაწვრილებით შემდეგ ლექციაზე ვისაუბრებთ)

ლიტერატურული ჟანრით დავიწყეთ საუბარი და წაგვიღო ლიტთეორიაზე


მსჯელობამ და ახლა კვლავ მოვუბრუნდეთ ჟანრს.

ჟანრის თეორიის ზოგადი კანონზომიერებანი


ისევე როგორც ყველაფერს, ალბათ, სამყროში _ ჟანრსაც აქვს თავისი უზოგადესი
კანონზომიერებანი. ჟანრების აღწერა და კლასიფიკაცია, როგორც უკვე იცით,
უძველესი ინტელექტუალური საქმიანობაა. როგორც აღვნიშნეთ ზოგადად
თეორიაში და აქაც, რასაკვირველია, ცენტრალური ცნება არის დეფინიცა. მაგრამ რის
საფუძველზე შეიძლება ჟანრის დეფინიცია? როგორია ჟანრის მიმართება არსებულ
კულტურულ გარემოსთან და რა პრინციპს ეფუძნება ჟანრის ინტერპრეტაცია? ეს არის
ჟანრის თეორიისათვის მნიშვნელოვანი კითხვები, რომლებიც სხვა საკითხებთან
ერთად არაერთგვაროვან ხასიათს ატარებს. ამ არაერთგვაროვნებას ჟანრული
კრიტიკის განვითარების ყველა ეტაპზე განაპირობებს შემდეგი გარემოებები:

ა) თავად მსჯელობის ობიექტის სირთულე;

ბ) კრიტიკოსთა (ანალიტიკოსთა) ინდივიდუალური კონცეპტუალურ-


მეთოდოლოგიური სტრატეგია;

ჟანრის თეორია, რომელმაც მეტ-ნაკლები სისრულით მოაღწია დღემდე, ოთხ


ძირითად ეტაპად იყოფა:

1. ჟანრის ანტიკური თეორია;


2. ჟანრის რენესანსული და ნეოკლასიკური თეორია;
3. ჟანრის რომანტიკული და პოსტრომანტიკული თეორია;
4. ჟანრის თანამედროვე თეორია;

ამ ოთხი გამოკვეთილი ეტაპიდან ცენტრალურად მიიჩნევა ანტიკურ და


თანამედროვე ეპოქებში შემუშავებული ჟანრული კონცეფციები, ვინაიდან სწორედ
მათ განსაზღვრეს ლიტერატურულ ჟანრთა როგორც თავდაპირველი ანუ კლასიკური
დეტერმინაცია (ლათინური determinare _ შემოწერილობა; შემოფარგვლა;
განსაზღვრება) და ინტერპრეტაცია, ისე გვიანდელი, ანუ განმეორებითი
რედეტერმინაცია და რეინტერპრეტაცია.

ვცადოთ და გამოვკვეთოთ ჟანრთა დეტერმინაციისა და ინტერპრეტაციის ის


ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები, რომლებმაც სერიოზული კვალი
დატოვეს ჟანრის თეორიის ისტორიაში და მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ჟანრის
როგორც ლიტერატურული ფენომენის განსაზღვრებასა და ინტერპრეტაციაში.

ვთქვათ ისიც, რომ ჟანრული კრიტიკის მაკოორდინირებელი მოდელები არის


ჟანრის თეორიის განვითარების განმსაზღვრელი კრიტერიუმები.

რა კოორდინატებზეა ლაპარაკი?
ჟანრის თეორია, ანტიკური ეპოქიდან ვიდრე დღემდე, ორ განსხვავებულ,
გარკვეულწილად, ურთიერთდაპირისპირებულ რაკურსში მოიაზრება: სინქრონულ
და დიაქრონულ რაკურსებში. სინქრონიზმი ასახავს ჟანრული ფორმების
პერმანენტულობას ანუ მუდმივობას; დიაქრონიზმი კი _ მათ პერიოდულ ანუ დროში
გარდასახვას, ტრანსფორმაციას ისტორიული და კულტურული ცვალებადობების
კონტექსტში. ამიტომ როდესაც ჟანრის განსაზღვრებას ვცდილობთ სინქრონულ
ჭრილში _ ეს ნიშნავს, რომ ვუშვებთ ფორმულირებულ ლიტერატურულ
(დაკანონებულ) კონვენციებს. დიაქრონული კი ნიშნავს არაფორმულირებული
ლიტერატურული კონვენციების დაშვებას. როგორც ლიტერატურათმცოდნენი
განსაზღვრავენ, ფორმულირებული ლიტერატურული კონვენცია თავისი არსით
პრესკრიციულია, დაკანონებულია... რას ნიშანვს ეს? პრესკრიპცია ნიშნავს
დაკანონებულს ანუ იმას, რაც უნდა იყოს, იმას, რაიც აუცილებლობით არის
განპირობებული, იგი არის წინასწარი მოცემულობა განსხვავებით დესკრიპციის ანუ
აღწერილობითისაგან. პრესკრიპციულია, მაგსალითად, მორალური ნორმები, რადგან
ისინი დაშვებულსა და საყოველთაოდ მიღებულზე ამახვილებენ ყურადღებას. იგი
შეესაბამება ტექსტის სტატიკურ, ანუ სინქრონულ ელემენტებს, რომლებიც
წესრიგდებიან, ლაგდებიან ტექსტის დონეზე. ამიტომ სინქრონული ანუ
ფორმულირებული ლიტერატურული კონვენციები იმ ლოგიკურ მოლოდინს
უკავშირდებიან, რომლებიც წარმოიქმნება ტექსტთან შეხებისას, კონტაქტისას. რაც
შეეხება არაფორმულირებულ კონვენციებს, თავისი არსით ისინი
არაპრესკრიფციულნი არიან და დიაქრონულ ხასიათს ატარებენ ანუ ასოცირდებიან
ცვალებადობასთან და ეს ცვალებადობა არის ყოველთვის მნიშვნელადი და
მაშასადამე _ ღირებული. ამრიგად, სინქრონულ პერსპექტივაში ჟანრი აღიქმება
როგორც დადგენილი, ფორმულირებული და გამყარებული კონსტრუქცია,
განპირობებული შიგალიტერატურული კანონებით, დიაქრონულ პერსპექტივაში კი-
როგორც პერმანენტულად ქმნადი სისტემა, დამოკიდებული კონკრეტული
ეპოქისათვის ნიშანდობლივ ისტორიულ და კულტურულ ღირებულებებზე.
შეიძლება დავასკვნათ: ჟანრის სინქრონული დეტერმინაცია ამკვიდრებს ჟანრის
სტრუქტურულ ორიენტირებსა და ნიშნულებს, რომლებთან მიმართებითაც
გაიაზრება ნებისმიერი ჟანრის წიაღში მიმდინარე ცვალებადობა, რეგრესი თუ
განვითარება; განსხვავებით სინქრონულისაგან, დიაქრონული დეტერმინაცია
რეალური, ისტორიულ-კულტურული პარამეტრების ფონზე განიხილავს ჟანრს და,
ამ თვალსაზრისით, დასაბამს აძლევს მრავალ საინტერესო კონცეფციას.
ჟანრის თეორიის გააზრების სინქრონული და დიაქრონული რაკურსები არსებითად
განსხვავდებიან ერთმანეთისაგან - პირველი კონცენტრირებულია ფიქსირებულ
სტრუქტურებზე, მეორე კი - მუდმივად ცვალებად სისტემებზე.

დასკვნის სახით, ცოტა რჯულიან ენაზე რომ ვთქვათ, სინქრონიზმი


მუდმივობას, სტაბილურობას, შიგალიტერატულ მახასიათებლებს გულისხმობს;
ხოლო დიაქრონიზმის მიხედვით, ჟანრი ცვალებადია, ტრანსფორმირდება
ისტორიულ და კულტურულ კონტექსტში. მაგალითად, თუ რომანს განვიხილავთ
სინქრონული მახასიათებლების მიხედვით, უნდა დავასახელოთ მისი უცვლელი
ნიშნები, რომლებიც ყველა იმ ეპოქაში იჩენს თავს, რომელშიც ეს ჟანრი
აქტუალურია: 1. ვრცელი მოცულობა; 2. ადამიანისა და სამყაროს ურთიერთობა; 3.
სიუჟეტური მრავალფეროვნება (პარალელური სიუჟეტები); 4. პერიპეტიულობა
(მოვლენათა უეცარი ცვალებადობა); 5. პერსონაჟების ტრანსფორმაცია; როცა
ვასახელებთ, მაგალითად: ანტიკურ რომანს, რენესანსულ რომანს, რეალიზმის
ეპოქის რომანს, მოდერნისტულ რომანს და სხვა, საქმე გვაქვს რომანის დიაქრონულ
ჭრილში გააზრებასთან, რადგან ამ შემთხვევაში, რომანის ტიპს (შინაარსობრივ,
ფორმალურ და სტილისტურ ნიშნებს) განსაზღვრავს ამა თუ იმ ეპოქის
ისტორიულ- კულტურული ვითარება და ამის შესაბამისად ჩამოყალიბებული
ესთეტიკური სისტემა. ჟანრის გააზრების საუკეთესო მეთოდად მიჩნეულია
ჰოლისტიკური მეთოდი (შეიმუშავეს მე-20 საუკუნეში), რომელიც აერთიანებს
ჟანრის შესწავლის სინქრონულ და დიაქრონიულ რაკურსებს. აღნიშნული მეთოდი
შესაძლებლობას გვაძლევს ჟანრთან მიმართებით დავინახოთ უფრო სრულყოფილი
სურათი, ვიდრე, დასახელებული მეთოდების ცალ-ცალკე გამოყენებისას.

You might also like