You are on page 1of 20

ენათმეცნიერების შესავალი

I ლექცია:
ენის რაობა და ფუნქციები

რუსუდან ასათიანი

თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების


სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

rus_asatiani@hotmail.com

ტ.: 558 400 424


I. სალექციო თემები

1.ენათმეცნიერების შესწავლის საგანი და ობიექტი


2.ენათმეცნიერების მიმართება მეცნიერების სხვა
დარგებთან
3.ენა და მეტაენა
4.ენის ფუნქციები
5.აზროვნების ფორმები და ცხოველის „ენა“
1. ენათმეცნიერების შესწავლის საგანი
და ობიექტი
 ენათმეცნიერება, როგორც თავად ამ
დისციპლინის დასახელება გვიჩვენებს, არის
მეცნიერება ენის შესახებ.
 მეცნიერების ყოველი დარგის სპეციალისტმა,
უპირველეს ყოვლისა, უნდა შემოსაზღვროს
თავისი კვლევის ობიექტი. რამდენადაც
ენათეცნიერება არის მეცნიერება ენის შესახებ,
ბუნებრივია, რომ ენათმეცნიერების კვლევის
ობიექტი არის ენა.
2. ენათმეცნიერების მიმართება
მეცნიერების სხვა დარგებთან
 მაგრამ ენას თავისი დაკვირვების და შესწავლის ობიექტად
სხვა დისციპლინებიც განიხილავენ, მაგალითად:
 პედაგოგი - მოსწავლეს გადასცემს მშობლიური ან უცხო
ენის წესებს;
 ექიმი-ლოგოპედი - ასწორებს მეტყველების
თანდაყოლილ ან ტრამვით გამოწვეულ დეფექტებს;
 მწერალი, პოეტი - თხზავს მხატვრულ სამყაროს და,
შესაბამისად, ქმნის ამ შეთხზული სამყაროს ამსახველ
ენობრივ ფორმებს;
 ფილოლოგი-ლიტერატორი - სწავლობს “შეთხზული“
სამყაროს გამოსახვის ენობრივ ხერხებსა და
თავისებურებებს;
 ისტორიკოსი - აანალიზებს იმ ისტორიული
(ძირითადად, წერილობით) წყაროებს, რომლებიც
აღწერენ ენით გადმოცემულ ცნობებს;
 ფსიქოლოგი - ენას განიხილავს ადამიანთა ქცევის
ერთ-ერთ ძირითად ნიშნად;
 ფილოსოფოსი - იკვლევს ლოგიკის, ენისა და
აზროვნების მიმართების საკითხებს;
 ინფორმატიკოსი - ქმნის ფორმალურ ენებს
ხელოვნური ინტელექტის ამოცანების
განსახორციელებლად;
და სხვა.
 ამდენად, კონკრეტული მეცნიერების საკვლევი
ობიექტის დადგენასთან ერთად აუცილებელია
განისაზღვროს კვლევის საგანიც.
 ენათმეცნიერებას აინტერესებს რა არის ენა
თავისთავად, როგორ მუშაობს ის, როგორ
ხერხდება და ხორციელდება მისი საშუალებით
ადამიანთა შორის ურთიერთობა; ამდენად,
 ენათმეცნიერების შესწავლის საგანი არის
ენის, როგორც თავისთავადი ფენომენის,
ბუნება და ფუნქციონირება.
3. ენა და მეტაენა
 ყოველი მეცნიერება თავისი ამოცანების
გადასაწყვეტად ქმნის საკუთარ „ენას“: შემოაქვს
ბუნებრივი ენის საფუძველზე შემუშავებული
სპეციალური ტერმინები და მათი საშუალებით
აყალიბებს გარკვეულ დებულებებსა თუ თეორიებს.
 ამ მხრივ, ენათმეცნიერება განსხვავდება ყველა სხვა
დისციპლინებისგან, რამდენადაც მისთვის
ფუნქციურად გასამიჯნია ორი „ენა“: ის, რომელსაც
ის აღწერს, და ის, რომლითაც ის აღწერს. პირველს
შეიძლება ვუწოდოთ ობიექტი-ენა, ხოლო მეორეს -
მეტა-ენა (ბერძნ. metā „ფარგლებს გარეთ“).
 მაგალითად, განვიხილოთ ასეთი გამონათქვამი:
მარტივი წინადადების: „ეს სუბიექტი ძალიან მახალისებს“ - სუბიექტი
არის სუბიექტი.
ეს წინადადება ბუნებრივი ქართული ენის ფარგლებში ტავტოლოგიაა და ,
ამდენად, უაზრო, არაინფორმაციულია. თუმცა, იგივე წინადადება
ენათმეცნიერების ფარგლებში სრულიად აზრიანი და ინფორმაციული
ხდება: პირველი და ბოლო ხმარებისას „სუბიექტი“ არის ბუნებრივი
ენის სიტყვა (ანუ, ობიექტი-ენის კუთვნილება), ხოლო მეორე
ხმარებისას, ენათმეცნიერის (კერძოდ, გრამატიკოსის) მიერ
შემუშავებული ტერმინი (ანუ, მეტაენის კუთვნილება).*
 *თანამედროვე ენათმეცნიერების წერილობით ტექსტებში ამ ორი „ენის“ გასამიჯნად
დამკვიდრებულია გარკვეული სტანდარტი, რომლის მიხედვით ობიექტი ენის ნიმუშებს
(საკვლევ მასალას) წარმოადგენენ დახრილი შრიფტით (ე.წ. იტალიკით), მეტაენის
გამონათქვამებს კი ჩვეულებრივით; ანუ, ჩვენი წინადადება ასე გამოისახება:
მარტივი წინადადების: ეს სუბიექტი ძალიან მახალისებს - სუბიექტი
არის სუბიექტი.
4. ენის რაობა და ფუნქციები
 ენათმეცნიერების საკვლევი ობიექტისა და საგნის
განსაზღვრის შემდეგ აუცილებელია დადგინდეს
თავად ამ ობიექტის, ანუ ენის, რაობა.
 ყოველი ობიექტი შეიძლება განისაზღვროს:
1.თავისთავად, იმანენტურად ან
2.იმ დანიშნულების (ანუ, ფუნქციის)
მიხედვით, რომელსაც ის ასრულებს.
მოდით, დავიწყოთ ენის ფუნქციების გარკვევით.
 ენის ძირითადი ფუნქციებია:
საურთიერთო (კომუნიკაციური)
გამომხატველობითი (ექსპრესიული)
დანაწევრებითი (არტიკულაციური)
გარდა ამისა, ენას აქვს შემეცნებითი (კოგნიტიური),
აღმზრდელობითი (დიდაქტიკური), ასახვის
(რეფერენციული), სოციალური (ფატიკური), მხატვრული
(პოეტური), დირექტიული და სხვა, კონკრეტული
საკომუნიკაციო აქტებიდან გამომდინარე ფუნქციები; მას
შეუძლია გამოხატოს პრედიკაცია, ნომინაცია, ლოკაცია
დროსა და სივრცეში და ა.შ.
 საკომუნიკაციო ფუნქციის სარეალიზაციოდ აუცილებელია
შეიქმნას საკომუნიკაციო ველი, რაც გულისმობს, რომ უნდა იყოს
ინფორმაციის გადამცემი, ადრესანტი (A), ინფორმაციის მიმღები,
ადრესატი (B) (კომუნიკაციისას ეს A და B როლები, როგორც
წესი, მონაცვლეობენ) და თავად ინფორმაცია. აქედან
გამომდინარე, გასაგებია რომ ენა სოციალურია და განფენილია
საზოგადოებაში - ენის ფუნქციონირებისათვის თუნდაც ერთი
ადრესატი მაინც უნდა იყო:
 ამ ფუნქციებს შეიძლება ასრულებდეს როგორც ბგერითი (ანუ ,
სამეტყველო ბგერებზე დამყარებული), ისე არაბგერითი
(მაგალითად, დამწერლობა, ჟესტ-მიმიკა, ცეკვა, მხატვრობა და
სხვა ამგვარი) ენა.
 იმ დისციპლინას, რომელიც ნებისმიერი სახის (როგორც ბგერით,
ისე არაბგერით) საინფორმაციო სისტემას იკვლევს, ეწოდება
სემიოტიკა (იგივე, სემიოლოგია).
 ენათმეცნიერება, რამდენადაც ის მხოლოდ სამეტყველო ბგერით
ენას შეისწავლის, შეიძლება ჩაითვალოს სემიოტიკის ქვედარგად ,
თუმცა მისი შესწავლის საგანი ბევრად უფრო ფართოა - მას
აინტერესებს არა მხოლოდ ამ კონკრეტული საინფორმაციო
სისტემის ფუნქციონირება, არამედ მისი წარმოშობა, ისტორიული
თუ დიალექტური ცვლილებები, უნივერსალური თუ ენათა მიხედვით
განსხვავებული, სპეციფიკური ნიშან-თვისებები, კოგნიტიური თუ
სოციალური ასპექტები და სხვ.
5. აზროვნების ფორმები და ცხოველის
„ენა“
 ის, რომ ენა ასრულებს თავის ძირითად,
საკომუნიკაციო ფუნქციას, შესაძლებელი ხდება
ენის არტიკულაციური ფუნქციით, რომელიც,
ამავე დროს, მისი ძირითადი მახასიათებელიცაა.
 ენა დანაწევრებული სამეტყველო ბგერების
საშუალებით ანაწევრებს სინამდვილის მთლიან
სურათს და ამით შესაძლებლობას იძლევა
სასრული, მცირე რაოდენობის ერთეულების
დალაგებით (რაც, ასევე, სასრული რაოდენობის
წესებით განისაზღვრება) შექმნას უფრო რთული,
გრძელი, უსასრულო რაოდენობის ერთეულები.
 ენის ეს უნარია დუალობა და პროდუქტიულობა.
 დუალობის წყალობით, მნიშვნელობას
მოკლებული ბგერითი ერთეულებისგან იქმნება
უფრო რთული, მნიშვნელობის მატარებელი
ერთეულები - სიტყვები; სიტყვების
კომბინაციებით აიგება მნიშვნელობის უფრო
მომცველი ერთეული - წინადადება, ხოლო
წინადადებათა გაერთიანება იძლევა ტექსტს,
რომელიც სრულად ასახავს გადასაცემ
ინფორმაციას.
 ასე რომ, ენის დუალობა განაპირობებს მის
იერარქიულ ბუნებას:
ბგერა < სიტყვა < წინადადება < ტექსტი
 დუალობიდან გამომდინარეობს ენის კიდევ ერთი
არსებითი ნიშანი - ენის პროდუქტიულობა. ესაა
შესაძლებლობა გადაიცეს ახალი ინფორმაცია,
ისეთი შინაარსი, რომელიც ადრე არავის
შეუქმნია ან გადაუცია, რომელსაც მსმენელი
დაბრკოლების გარეშე აღიქვამს.
 დანაწევრებითობის ფუნქცია განპირობებულია
ადამიანის აზროვნების თავისებური ფორმით,
რომელიც ცხოველს არ გააჩნია.
 აზროვნების ფორმებია ვიზუალური და
კონცეპტუალური.*
 მხოლოდ ადამიანს შეუძლია კონცეპტუალური
აზროვნება.

* ენის დანაწევრობითობის ფუნქციისა და აზროვნების ფორმების


შესახებ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ მომავალ ლექციაზე,
სადაც შევეცდებით ენის რაობის განსაზღვრას იმანენტურად.
 ცხოველს აქვს ვიზუალური აზროვნება და მას შეუძლია
გარკვეული სახის (ზოგჯერ საკმაოდ რთული)
ინფორმაციის გადაცემა, თუმცა მის საინფორმაციო
სისტემას, „ენას“, არ გააჩნია საარტიკულაციო ფუნქცია
და, ამდენად, მისი „ენის“ შესაძლებლობები
შემოფარგლულია; ანუ:
 ცხოველის ენას არ გააჩნია საარტიკულაციო ფუნქცია
და, ამდენად, ის ვერ არის დუალური და
პროდუქტიული.*
* ცხოველის მიერ ინფორმაციის გადაცემის დამადასტურებელ
საინტერესო ნიმუშებს იხილავთ გ. ნებიერიძის წიგნში. გირჩევთ,
ინფორმაცია ამ თემაზე მოიძოთ ინტერნეტში - ძალიან ისიამოვნებთ
(: !!!
ლიტერატურა
1.თ. გამყრელიძე, ... თეორიული ენათმეცნიერების
კურსი, თსუ, თბილისი (2003), 2008  
http://ebiblioteka.sjuni.edu.ge/images/books/___
_%20teoriuli%20enatmecnierebis%20kursi%20,%
20tamaz%20gamyreliZe.pdf
2. გ. ნებიერიძე, ენათმეცნიერების შესავალი,
განათლება, თბილისი 1991
(ატვირთულია LMS საიტზე)
დავალება
1. თემები: ენათმეცნიერების შესწავლის საგანი და
ობიექტი; ენის მიმართება მეცნიერების სხვა დარგებთან;
ენისა და მეტაენის გამიჯვნა - შეიძლება დაამუშაოთ თ.
გამყრელიძის წიგნის დახმარებით: თავი პირველი,
პარაგრაფები 1,4,7.
2. თემები: ენის ფუნქციები, აზროვნების ფორმები და
ცხოველის „ენა“ - შეიძლება დაამუშაოთ გ. ნებიერიძის
წიგნის დახმარებით: თავი პირველი, პარაგრაფები 1, 2.
3. სემინარისთვის მოამზადებთ ამ თემებს და
გადმომიგზავნით შესაბამის, თქვენ მიერ შედგენილ
კოსპექტებს.
მომავალ შეხვედრამდე (: !!!
იმედია, სულ მალე ერთმანეთს ლაივში
ვიხილავთ!
ჯანმრთელობა და
წარმატებები (: !!!

You might also like