You are on page 1of 13

XX საუკუნის მეორე ნახევრის ინგლისური ლიტერატურის ზოგადი

მიმოხილვა
მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ დიდ ბრიტანეთში არსებული პოლიტიკური და
ეკონომიკური ვითარება ისტორიაში „კეთილდღეობის სახელმწიფოს“ სახელით შევიდა.
სწორედ ამ პერიოდში ასევე წარმოიშვა ისეთი ახალი ტერმინები, როგორებიცაა
ლიბერალიზმი, კოსმოპოლიტიზმი, კეთილდღეობის სახელმწიფოს და მუშათა კლასის
ცნობიერების ამაღლება, რაც 50-იანი წლების ბოლოს კულტურული რევოლუციის
მიზეზიც კი გახდა.
ბრიტანეთმა მე-2 მსოფლიო ომში გამარჯვება იზეიმა, თუმცა დაკარგა იმპერია. ომმა
ახალი გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური სივრცე შექმნა, რომელშიც
ბრიტანეთს თავისი როლი და ადგილი უნდა განესაზღვრა. დეკოლონიზაციის პროცესის
შედეგად იმპერიამ დაკარგა თავისი კოლონიების უმრავლესობა. როცა 1947 წელს
ინდოეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ნათელი გახდა, რომ ბრიტანეთის
პოლიტიკური ძალაუფლების ეპოქა დამთავრდა (ვაად სულეიმან ალ-ზუბი, 2012). ეს
ნიშნავდა, რომ ბრიტანეთმა დაკარგა იაფი ნედლეული, მუშათა ხელი, თავისი
კაპიტალდაბანდების ტერიტორიები. პოლიტიკურად და ეკონომიურად მოსუსტებული
ქვეყანა მოქცეული აღმოჩნდა ორ ძლიერ ძალას - შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა
კავშირს შორის.
გამარჯვებით აღფრთოვანება მალევე ჩაცხრა და ბრიტანელებმა გააცნობიერა ომის
შედეგად მიღებული ზიანი. მეორე მსოფლიო ომში 264000 ინგლისელი სამხედრო და
90000 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ბრიტანეთის ქალაქების კომერციული და
ინდუსტრიული ცენტრები განადგურებული იყო, დაბომბვებმა დააზიანა შენობების,
რკინიგზების, საავადმყოფოებისა და სკოლების უმეტესობა (დეივისი, ა. და სინფილდი,
ა. 2000). გარდა ამისა მეორე მსოფლიო ომმა ბრიტანეთს ამერიკისგან აღებული ვალები
უმემკვიდრა. ომამდე ძლიერი ინგლისის ეკონომიკა გაკოტრებულია, რომლის წინაშე,
პირველ რიგში, წამოჭრილი უმთავრესი პრობლემა უმუშევრობაა. ომიდან დაბრუნებულ
მამაკაცებს სამსახური სჭირდებოდათ, რათა თვითრეალიზაცია შეძლონ და ოჯახები
არჩინონ. ამავდროულად, ქალებს, რომლებიც ომის დროს მამაკაცების მაგიერ ქარხნებსა
და სამეურნეო ნაკვეთებზე მუშაობდნენ, საქმიანობა უნდა შეეწყვიტათ და კვლავ
თავიანთ ტრადიციულ ადგილს უნდა დაბრუნებოდნენ ოჯახში. ბევრ ქალმს აღარ
სურდა დაეკარგა ახლადმოპოვებული დამოუკიდებლობა.
ჯერ კიდევ 1942 წელს კონსერვატიულმა პარტიამ ომში მონაწილეობის მისაღებად
ხალხის წახალისება სცადა და კეთილდღეობის სახელმწიფოს(welfare state) დაჰპირდა,
რომელშიც ეროვნული სიმდიდრე ქვეყნის მცხოვრებლებს შორის თანაბრად
განაწილდებოდა. ეს ტერმინი (William Beveridge, 1942), რომელიც აღნიშნავდა
სხვადასხვა სახის სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებების გატარებას, პირველად
სწორედ 1940-იანი წლების ბრიტანეთში გამოიყენეს, ხოლო შემდგომ ის გავრცელდა
მთელს მსოფლიოში. ის გულისხმობდა სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის
უზრუნველყოფასა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის პრინციპებებზე აგებულ
სახელმწიფოს, სადაც იქნებოდა უფასო მედიცინა, სახელმწიფო დაზღვევა, უფასო
განათლება, თანაბარი შესაძლებლობების მქონე გარემო მათთვის, ვისაც არ ძალუძს
საკუთარი თავისათვის ცხოვრების ელემენტარული პირობების უზრუნველყოფა.
მოგვიანებით სოციოლოგმა მარშალმა თანამედროვე კეთილდღეობის სახელმწიფო
აღწერა, როგორც დემოკრატიის, კეთილდღეობისა და კაპიტალიზმის კომბინაცია
(მარშალი,1950).
ბუნებრივია, რომ ასეთ დაპირებას მთავრობა ვერც ომის და ვერც ომისშემდგომ
პერიოდში განახორციელებდა. ბრიტანეთი მშვიდობასა და კეთილდღეობას ელოდა,
მაგრამ მშვიდობის დამყარებასთან ერთად, კეთილდღეობის მოლოდინიც გაქრა.
შედეგად 1945 წელს ომის გმირმა უინსტონ ჩერჩილმა და კონსერვატიულმა პარტიამ
არჩევნები წააგო და გამარჯვება რადიკალურ, ლეიბორისტულ პარტიას ხვდა წილად.
ლეიბორისტული პარტია ირწმუნებოდა, რომ ინგლისს ომის ტრავმისაგან
გაათავისუფლებდა და კეთილდღეობის სახელმწიფოს რეალობად აქცევდა, რაც
თითოეულ ინგლისელს ფინასურ სტაბილურობას და კეთილდღეობას მოუტანდა.
საზოგადოების ყოველ წევრს ისინი დასაქმებას, დასახლებას, ჯანდაცვისა და
განათლების მიღების უკეთეს პირობებს ჰპირდებოდნენ. მიუხედავად ლეიბორისტების
იმედის მომცემი რეფორმებისა, ეკონომიკური კრიზისის ფარგლებში 1945 წელს მოხდა
გირვანქა სტერლინგის გაუფასურება დოლართან მიმართებაში, რამაც საბოლოოდ აჩვენა
ბრიტანეთის ამერიკის შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულება (კოლინი, 2006)

პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი არ შეიძლებოდა არ ასახულიყო ქვეყნის

კულტურულ ცხოვრებაზე. მისი მოდუნება მტკივნეულად აღიქმებოდა ქვეყნის

ინტელექტუალების მიერ. თეატრების, გამომცემლობებისა და ლიტერატურული

ჟურნალების ერთი მეორის მიყოლებით დახურვა თითქოს დასტური იყო თომას


ელიოტის მოსაზრებისა კულტურის საერთო დაცემის შესახებ.

კოლონიების დაკარგვამ ერის ცნობიერების შეცვლა გამოიწვია, ახალ პირობებში

აუცილებელი აღმოჩნდა საკუთარი იდენტურობის გააზრება, აქედან გამომდინარე

ძალზე აქტუალური აღმოჩნდა ინგლისელობის („Englishness“) საკითხი. ლიტერატურაში

ახლებურად გაიაზრებოდა კიპლინგისეული „თეთრკანიანთა ტვირთი“ ( The White Man's

Burden). XXს-ის II ნახევრის ინგლისურ ლიტერატურაში მას განიხილავდნენ როგორც


ცოდვის ტვირთს, რომელიც აწვება ინგლისის ერს იმის გამო, რასაც ისინი სჩადიოდნენ

თავიანთ ყოფილ კოლონიებში. ამის მაგალითია გრემ გრინის, ჯეიმს ოლდრიჯის

შემოქმედება. ამავდროულად, საკითხის მეორე მხარეს, წარმოადენდა ის, თუ რას

ნიშნავს იყო ინგლისელი ახალ გეო–პოლიტიკურ ვითარებაში, როგორ უნდა შეინარჩუნო

საკუთარი ფასეულობები, ტრადიციები, იდენტობა და არ განიცადო, თუნდაც,

ამერიკანიზაციის პროცესი. ამ მტკივნეულ თემას თავიანთ შემოქმედებაში ეხებიან

„გაჯავრებული ახალგაზრდები“, გრემ გრინი, უილიამ გოლდინგი, ჯონ ფაულზი,

ჯულიან ბარნსი, კაზუო იშიგურო.

როცა XXს-ის II ნახევრის ინგლისური ლიტერატურის სპეციფიკაზე ვსაუბრობთ,

შეუძლებელია არ გამოვყოთ მისი ერთი თავისებურება– ომის შემდეგ ინგლისური

ლიტერატურა ვითარდება როგორც ერთგვარი რეაქცია მოდერნისტულ ექსპერიმენტზე.

ლიტერატურათმცოდნეები მიუთითებენ, რომ თუ პირველმა მსოფლიო ომმა „გზა მისცა"

მოდერნისტულ პერიოდს, მეორე მსოფლიო ომმა ეს პერიოდი „დახურა". თუმცა ეს


ფაქტი, რატომღაც, უმეტესად ტენდენციურად აიხსნებოდა, როგორც ლიტერატურის

პროვინციულობის ნიშანი, როგორც საბუთი იმისა, რომ ინგლისური რომანის ჟანრმა

ამოწურა თავისი თავი. თანამედროვე ინგლისური პროზის უსაფუძვლო და უსამართლო

დაბალი შეფასება თვით ინგლისელი კრიტიკოსებისაგან მოდიოდა და გარკვეულწილად

გამოხატავდა ერის განწყობას, რომელიც პროვინციალიზმს უფრთხოდა და ხედავდა მას

ყველაფერში, რაც არ პასუხობდა ევროპულ და ამერიკულ „სტანდარტებს". საკუთარი

პროვინციალიზმის თავის დამამცირებელი აღიარება საერთო განწყობილების ნაწილი

გახდა და ინგლისის მიერ მსოფლიოში პირველობის დაკარგვით იყო გამოწვეული.


სირილ კონოლი, მაგალითად, მოდერნიზმის აღორძინების შესახებ საკუთარი იმედების

განუხორციელებლობას აღიარებდა, რამდენადაც ეს უკანასკნელი აღარ არსებობდა,

როგორც მოვლენა. ა. ალვარესი სინანულით საუბრობდა სტილისტური სიჭრელის

შესახებ, საიდანაც შეუძლებელია მთავარი მიმართულების გამოყოფა. ლ. ტრილინგი კი

საერთოდ „რომანის დასასრულს“ წინასწარმეტყველებდა. თანამედროვეობის

მოციქულებად მათთვის ჯ. ჯოისი და ვ. ვულფი რჩებოდნენ, რომელთა სიკვდილის

შემდეგ, მათი აზრით, ინგლისური რომანის ისტორიაში უინტერესო ეტაპი დადგა.

ძირითადად ფრანგულ ახალ რომანზე ორიენტირებული კრიტიკის მიერ წამოყენებული

ზემოთხსენებული და სხვა მსგავსი არგუმენტები წარმოაჩენდნენ მეოცე საუკუნის

მეორე ნახევრის ინგლისურ ლიტერატურას, როგორც კონსერვატიულს, პროვინციულსა

და არათანამედროვეს.

მოდერნისტულ მხატვრულ მემკვიდრეობაზე ორიენტირება ხელს უშლიდა

რეალური სიტუაციის დანახვას, რომლისთვისაც რომანის განვითარება ძირითადად

რეალიზმის კალაპოტში გახლდათ დამახასიათებელი. მ. ბრედბერის სიტყვებით, რომ

ვთქვათ, რეალიზმმა და თხრობამ კვლავ დაიკავეს თავისი მკვიდრი ადგილი მხატვრულ

ლიტერატურაში. თხრობით ჟანრებში ყველაზე მყარი ადგილი დაიჭირა ინგლისურმა

ტრადიციულმა სოციალურ-ფსიქოლოგიურმა და ზნე-ჩვეულებათა ამსახავმა პროზამ.

ადამიანური ხასიათების ასახვა, რითაც განსაკუთრებით გაითქვა სახელი ინგლისურმა

კლასიკურმა ლიტერატურამ, ძველებურად რჩება მხატვრულობის მთავარ პრინციპად.


სინამდვილის გააზრება მშვიდი, გაწონასწორებული თხრობით ხორციელდება,

რომელიც სრულიად შეესაბამება ცხოვრების ყოფით ოდნავ მდორე მდინარებას.

ამასთანავე, ხშირად ეს მშვიდი თხრობა შინაგან დაძაბულობას გადმოგვცემს და

გამოხატავს ნეგატიურ დამოკიდებულებას სინამდვილის მიმართ, რომელშიც

ტექნიკური პროგრესი ბუნებრივ წონასწორობას არღვევს. მტკივნეულად იგრძნობა

ნოსტალგია სამყაროს დაკარგულ ფასეულობათა მიმართ. ამის მაგალითად გამოდგება

აივი კომპტონ-ბენეტის, ჩარლზ პერსი სნოუს, ჯონ უეინის, გრემ გრინის, დევიდ

სტორის, აირის მერდოვის, მურიელ სპარკის, სიუზენ ჰილის, მარგარეტ დრებლის


რომანები. მათ შემოქმედებაში უამრავ გვერდებს ვხვდებით, რომლებიც შარლოტა

ბრონტეს, ჯეიმს ელიოტისა თუ ჯეინ ოსტინის ტექსტებს მოგვაგონებენ. ეს უბრალოდ

მხატვრული ხერხი, ფორმალური ექსპერიმენტი ან ძიება როდია, ეს უფრო ახალი ეპოქის

მწერლების მუდმივი მსჯელობის ასახვაა საყვარელ კლასიკურ ლიტერატურასა და

სოციალური რომანების იმ ტრადიციებზე, რომელთა ახლებურ ინტერპტერაციასაც

ახდენენ ისინი თავიანთ შემოქმედებაში. ისეთი განსხვავებული შემოქმედნი, როგორიც

არიან უეინი, გრინი, მერდოკი თუ ფაულზი თავიანთ ნაწარმოებებში ობიექტური და

სუბიექტური სამყაროს ერთგვარ შეთავსებას, ერთი მეორეს მეშვეობით გახსნას

ცდილობენ. ისინი უილიამ თერეკეის იდეასაც იყენებენ ავტორის „ყოვლისშემძლეობის"

შესახებ და, ამავე დროს, ეძებენ ადამიანის გრძნობებისა და ფიქრების გადმოცემის,

მკითხველთან ურთიერთობების ახალ სხვადასხვა ლიტერატურულ ხერხებს.

ნიშანდობლივია, რომ XX საუკუნის მეორე ნახევრის ინგლისელ მწერლებისათვის

უაღრესად მიმზიდველი აღმოჩნდა თომას ჰარდის კრიტიკული დამოკიდებულება

ცივილიზაციის მიმართ, საყოველთაო ვიქტორიანულ ოპტიმიზმთან მისი

დაპირისპირება. და თუ ინგლისური კრიტიკის თანახმად, ჩვენც მოვიხსენიეთ 60-70-იან

წლების ინგლისური ლიტერატურისათვის დამახასიათებელ „ვიქტორიანულ

აღორძინებას", მაშინ უნდა აღვნიშნოთ განსაკუთრებული ინტერესი მათგან ყველაზე

ნაკლებად „ვიქტორიანული“ მწერლის ჰარდის მიმართ.


ტრადიციის ძალა მნიშვნელოვნად იგრძნობა ეგზისტენციალიზმის

ფილოსოფიასთან ინგლისელი მწერლების დამოკიდებულებაშიც. ამ ფილოსოფიის

ტრაგიკული ინტონაცია და საერთო პესიმისტური შეფერილობა კარგად ეხამებოდა ომის

შემდგომი ევროპის სულიერ ვითარებას, რომელმაც ომის გამოცდილებიდან, უპირველეს

ყოვლისა, გამოიტანა ძალძედ ნეგატიური წარმოდგენა ადამიანის ბუნებაზე, როგორც

ქაოტურ და აუხსნელ არსებაზე, ხოლო სამყაროზე, როგორც კოშმარულ უფსკრულზე,

რომელსაც შეუძლია შთანთქას კაცობრიობა.

დიდი ბრიტანეთის აკადემიურ წრეებში ეგზისტენციალურმა ფილოსოფიამ ვერ


დაიკავა რამდენადმე შესამჩშევი ადგილი, თუმცა მის ზოგიერთ იდეას ჯერ კიდევ XX

საუკუნის 20–იან წლებში მიაგნო ინგლისელმა ფილოსოფოსმა ბ. ბოზანკეტმა, ხოლო

მოგვიანებით ფილოსოფოსი ფ. ჰაიენმანი ცდილობდა ამ ფილოსოფიის დამკვიდრებას

ოსქფორდში. გადატანილი ომის გამოცდილებამ კვლავ გამოჰკვეთა ტრადიციული

ფილოსოფიური საკითხები სიკეთისა და ბოროტების, სიცოცხლისა და სიკვდილის,

არჩევანის თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის შესახებ.

ეგზისტენციალური მოტივების გამოძახილი აღინიშნება უ. გოლდინგის, ა.

მერდოკის, ჯ. ფაულზის ცალკეულ ნაწარმოებებში, თუმცა თვით ისინი უარყოფდნენ

ეგზისნეტციალურ ფილოსოფიასთან რაიმე შეხებას. მთლიანად კი მათი შემოქმედება

უფრო ეგზისტენციალიზმთან შინაგან პოლემიკაზე და ინგლისური

ლიტერატურისათვის სხვა ფილოსოფიური ხაზის არსებობაზე მეტყველებს, რომელსაც

ემპირიზმის ტრადიციამდე მივყავართ. შემთხვევითი არ არის, რომ უილიამ გოლდინგი

თავის თავს „ემპირიზმის იერის მქონე პრაგმატული ბუნების შემოქმედს" უწოდებს (38,

156). რომანში „ბუზების მბრძანებელი" გოლდინგი თავის პერსონაჟებს უკაცრიელ

კუნძულზე ათავსებს, მაგრამ გმირთა ამ იზოლირებას ავტორი იმიტომ კი არ მიმართავს,

რომ ნების თავისუფლება გვიჩვენოს. მწერალი თავის პერსონაჟებს მორალური

პასუხისმგებლობიდან ათავისუფლებს, და, როგორც თვითონ განმარტავს საკუთარ

ჩანაფიქრს, აძლევს მათ საშუალებას მოიქცნენ ისე, როგორც მოიქცეოდნენ

სინამდვილეში, გარემოებათა და საკუთარი ბუნების შესაბამისად.


ლიტერატურის უპირველეს ამოცანად გოლდინგს, მისი სიტყვებით, რომ ვთქვათ,
ადამიანური მორალის შექმნა, ისეთი ადამიანური არსების შექმნა მიაჩნია, რომელსაც არ
შეეძლება მოკლას, ექსპლუატაცია გაუწიოს და გაძარცვოს თავისი თანამოძმე. მწერალს
იგი უწოდებს მორალისტს, რომელიც თავისი იგავებით არიგებს მკითხველს, მისი
წიგნები ზნეობრიობის გაკვეთილებს წარმოადგენენ.
ადამიანის მორალური სრულყოფის იდეითაა გამსჭვთალული მერდოკის მთელი
შემოქმედებაც. მწერალი ქალი ეგზისტენციალიზმის ფრანგულ ვარიანტს სხვა
ინგლისელ რომანისტებზე ადრე გაეცნო. ეგზისტენციალური ლიტერატურის გმირი
ყველაზე უფრო კრიტიკულად მან სარტრის შემოქმედებაში აღიქვა. მწერალს მიაჩნია,
რომ მასში რომანტიკულად განყენებულ, პირქუშ საკუთარ ფასეულობათა შემქმნელ
პიროვნებას ვხვდებით. ეთიკური პრობლემების წამოჭრისას მწერალი ქალი ეპაექრება
როგორც ნეოპოზიტივისტებს, ასევე ეგზისტენციალისტებს. უარის თქმამ სიკეთისა და
ბოროტების ტრადიციულ კრიტერიუმებზე განაპირობა მწერალი ქალის დაინტერესება
ისეთი განსხვავებული ფილოსოფოსებით, როგორებიცაა პლატონი, კანტი, ისევე
როგორც არადოგმატური ქრისტიანობით. პლატონისაგან მწერალმა ქალმა სიკეთისა და
ბოროტების მისეული გაგება შეითვისა, ხოლო კანტისაგან მოვალეობისა და
გონივრულობის ცნებათა განმარტება .
კულტურული კრიზისის ერთერთი მაჩვენებელი იყო ლიტერატურაში
ახალგაზრდა შემოქმედთა სიმცირე. მხოლოდ 50–იანი წლების დასაწყისში ინგლისურ
ლიტერატურაში გამოჩნდა რამდენიმე ახალგაზრდა მწერალი, რომელთაც საფუძველი
ჩაუყარეს სრულიად ახალ მიმართულებას ინგლისური ლიტერატურის ისტორიაში –
„განრისხებული ახალგაზრდების“ ლიტერატურას. 50–იანი წლების მწერალთა თაობამ,
რომლებსაც 70–იან წლებში ომის შვილებს უწოდებდნენ, ლიტერატურულ კრიტიკაში
სხვადსხვა ტერმინოლოგიური განსაზღვრა შეიძინა. მასზე საუბრობდნენ როგორც
„მიმდინარეობაზე“, „მოძრაობაზე“ ან „განრისხებული ახალგაზრდებზე“.
ტიპოლოგიურად ამ მოძრაობამ ყველაზე სრული გამოხატულება ჰპოვა კინგსლი ემისის
რომანში „იღბლიანი ჯიმი“, ჯონ უეინის რომანში „იჩქარე ქვემოთ“, ასევე ჯონ ოსბორნის
პიესაში „გონს მოდი გაბრაზების ჟამს“. აღნიშნული მწერლების გარდა ინგლისში
განრისხებული ახალგაზრდების მწერალთა ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ: ჯონ ბრეინი,
დონალდ დევისი, აირის მერდოკი... მათი უმეტესობა არა მარტო დაჟინებით უარყოფდა
რაიმე საერთო პროგრამისა და შემოქმედებითი პლატფორმის არსებობას, არამედ ისინი
მართლაც ძალიან შორს იყვნენ ერთმანეთისაგან.
„გაჯავრებული ახალგაზრდების“ ლიტერატურა იყო გამოძახილი ბრიტანეთის
საზოგადოების სნობიზმისა და ცრურწმენების, რომელიც XX საუკუნის მეორე
ნახევარშიც ჯერ კიდევ ინარჩუნებდა მყარ კლასობრივ სტრუქტურას. ძალაუფლების
მქონე მაღალი სოციალური კლასის წარმომადგენლებს, რომლებსაც განათლება ბიჭების
დახურულ კერძო პრივილეგირებულ სკოლებში ჰქონდათ მიღებული, სწამდათ, რომ
მუშათა კლასის წინაშე მორალურ და კულტურულ უპირატესობას ფლობდნენ.
საზოგადოების სწორედ ეს ნაწილი აყალიბებდა ქცევის ნორმებს, სწორ წარმოთქმასა და
მეტყველებას, სუფრასთან ქცევის ეტიკეტს, სათანადოდ ჩაცმას და ა.შ. საკუთარ თავს
ისინი ეროვნული კულტურის სადარაჯოზე მდგომებად თვლიდნენ. არსებული მკაცრი
სოციალურ-კულტურული იერარქიიდან გამომდინარე სხვადასხვა კლასის
წარმომადგენელთ იშვიათად ჰქონდათ სურვილი და შესაძლებლობა სხვა სოციალურ
კლასთან ასიმილაციისა. ითვლებოდა, რომ ადამიანები უნდა დაქვემდებარებოდნენ
მათივე სოციალური ჯგუფის ღირებულებებს, იერარქიის უგულებელყოფა და
დაძლევის ნებისმიერი მცდელობა შეზღუდული იყო გაბატონებული სოციალური
ცრურწმენების გამო .
მეორე მსოფლიო ომმა დროებით მოშალა ბრიტანულ საზოგადოებაში არსებული
კლასობრივი ბარიერები. საომარი მოქმედებისას ყველა სოციალური კლასის უნარი და
გამოცდილება გამოიყენებოდა, რაც სოლიდარობის გარემოს ქმნიდა. ისეთი განწყობა
შეინიშნებოდა, თითქოს ეს თანასწორობის ატმოსფერო მშვიდობიან დროსაც
გაგრძელდებოდა, მაგრამ ბრიტანეთი ისევ კლასობრიობაზე დაფუძნებულ
საზოგადოებად რჩებოდა. თუმცა, ყველა აცნობიერებდა არსებულ უთანასწორობასა და
დაპირისპირებას. სწორედ ამიტომ ლეიბორისტულმა პარტიამ გაატარა პოლიტიკა,
რომელიც მუშათა კლასის ინტერესებს ანიჭებდა უპირატესობას. განსაკუთრებით
აღსანიშნავია საგანმანათლებლო სფეროში დაწყებული ცვლილებები. 1944 წლის
საგანმანათლებლო აქტმა მრავალი მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა ინგლისისა და
უელსის საშუალო სკოლების მართვაში. აღნიშნულ კანონს ხშირად მოიხსენიებენ,
როგორც „ბატლერის აქტს“ („Butler Act“), ვინაიდან მისი ფუძემდებელი იყო
კონსერვატორი პოლიტიკოსი ბატლერი. კანონპროექტი ომამდე მიიღეს, თუმცა მისი
განხორციელება მხოლოდ ომის შემდეგ დაიწყო. „ბატლერის აქტი“ წარმოადგენდა
პასუხს ომის შემდეგ წარმოქმნილ სოციალურ და საგანმანათლებლო მოთხოვნებზე.
სხვადასხვა რელიგიურ ლიდერებთან და პოლიტიკოსებთან შეთანხმებით ბატლერმა
ანგლიკანური სკოლებისათვის სუფსიდიების მომატება მოითხოვა. შედეგად,
სახელმწიფოს კონტროლი სკოლებზე გაიზარდა და საშუალო განათლება გახდა უფასო.
„ბატლერის აქტმა“ მრავალმხრივი მოწონება დაიმსახურა. კონსერვატორთა
კმაყოფილება განაპირობა იმან, რომ „ბატლერის აქტი“ პატივს სცემდა რელიგიასა და
სოციალურ იერარქიას. ლეიბორისტული პარტია ხაზს უსვამდა რეფორმის შედეგად
მუშათა კლასის ახალგაზრდებისთვის შექმნილ ახალ შესაძლებლობებს. ხოლო
მოსახლეობის კეთილგანწყობა განაპირობა იმან, რომ ამიერიდან მათ აღარ მოუწევდათ
სწავლის გადასახადის გადახდა.
„ბატლერის აქტის“ მნიშვნელოვანი შედეგი იყო ის, რომ ქვეყნის განათლებაში,
მეცნიერებაში და კულტურულ ცხოვრებაში შემოიჭრა ახალი ფენა ადამიანებისა,
რომლებიც საკუთარი ნიჭისა და ძალისხმევის წყალობით, მიუხედავად მათი
წარმომავლობისა შეეძლოთ შემდგომ განათლების მიღება კოლეჯსა და უნივერსიტეტში.
1950-იან წლებში, ყოველი სამი ახალგაზრდიდან ერთი ეწეოდა იმავე საქმიანობას, რასაც
მისი მშობლები. საშუალოდ არაკვალიფიციური მუშის ოთხი ვაჟიდან მხოლოდ ერთი
რჩებოდა განათლების გარეშე. უმაღლესმა განათლებამ და მატერიალურმა წინსვლამ არა
მარტო სოციალური მობილობა გაამარტივა, წაშალა მაღალ და მასობრივ კულტურას
შორის არსებული ზღვარი. ახალი კულტურული ფორმები, როგორებიცაა კინო და პოპ
მუსიკა, მაღალი კულტურის ნაწილი გახდა. ისტებლიშმენტის ფასეულობები ეჭვქვეშ
დადგა, დაცინვის საგნად იქცა სატელევიზიო და რადიო გადაცემებში, სატირულ
ჟურნალებსა და ფილმებში.
ახალგაზრდა მწერლებისა და დრამატურგთა თაობა არ იყო რომელიმე
ორგანიზებული მოძრაობის შემადგენელი ნაწილი. მათი გაბრაზება, რომელიც
ინდივიდუალურ, ქაოტურ ხასიათს ატარებდა, მიმართული იყო პოსტ-ვიქტორიანული
ბრიტანეთის წინააღმდეგ, რომელიც აღიარებდა მათ სოციალურ და კლასობრივ
განსხვავებას. როგორც სიუზენ მერი ბრუკი აღნიშნავდა, ისინი გაჯავრებულები არიან,
იმიტომ რომ ინგლისში ჯერ კიდევ არსებობს კლასობრივი დაყოფა, იმიტომ რომ
ისტებლიშმენტი ჯერ კიდევ მართავს, იმიტომ რომ ინგლისური ფილმები საშინელია,
ხოლო ინგლისური ელიტა კი, რომელსაც განათლება აქვს მიღებული, კითხულობს
„Tattler”-ს1 და არა „Spectator”-ს2 (ბრუკი,2000).მათ პირველივე ნაწარმოებში აშკარად
გამოჩნდა განსხვავებანი პოზიციათა შორის, რომელიც შემდგომში უფრო მკაფიოდ
გამოიკვეთა. ემისისა და ჯონ ბრეინის კონფორმისტული განწყობის გმირები, ბოლოს
მშვიდად უერთდებიან იმ საზოგადოებას, რომელსაც თავიდან მრისხანედ
ადანაშაულებდნენ. ჯონ ოსბორნის, უესკერის, უენის „განრისხება“ კი სხვაგვარი
ხასიათის იყო და იგი გამორიცხავდა შემრიგებლურ დასასრულს. ამასთან ერთად ამ
მწერლების შემოქმედებაში ბევრი საერთოც აღინიშნებოდა. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო
ახალი გმირის ტიპი – ოდნავ უხეში, თავშეუკავებელი, ნაკლებ სიმპათიური, ერთი
სიტყვით – ანტი გმირი. როგორი განსხვავებულნიც არ უნდა იყვნენ ეს გმირები
სხვადასხვა ნაწარმოებში, ისინი ყველა ახალგაზრდები არიან და მიეკუთვნებიან
საშუალო ან დაბალ მუშათა ფენას. ამავდროულად ეს აუტსაიდერი პერსონაჟები
როგორც წესი კარგად განათლებული ინტელექტუალებია, თუმცა კულტურული მარაგი
არ გააჩნიათ. სწორედ ამიტომ, გარშემომყოფებიც გრძნობენ მათ შორის არსებულ
განსხვავებას და აღიქვამენ, როგორც გარეშე პირებს, როგორც უცხოს. ამავდროულად
განათლებით მიღწეული გემოვნება და ფასეულობები ამ ახალგაზრდებს ახლობელი
ადამიანებისაგან განასხვავებს, რაც საბოლოოდ იწვევს მათ ბრაზსა და ამბოხს. მათი
1
A British glossy magazine, focusing on fashion and lifestyle, as well as coverage of high society and politics
2
A weekly British conservative magazine on politics, culture and current affairs
ქცევა – ზედმიწევნით კეთილგონივრული საქციელი თუ სხვადასხვა თავგადასავლები
ყოველთვის განპირობებულია მათივე უსაზღვრო მოწყენილობით, იმ ცხოვრების
სიცარიელის შეგრძნებით, სადაც არაფერი იტაცებთ, არ ახარებთ, სადაც ისინი
იტანჯებიან თავიანთი ხელმოკლე მეშჩანური ყოფის ყოველდღიურობით.
„გაბრაზებული ახალგაზრდების“ ნაწარმოებებში საერთო
იყო მოქმედების ადგილიც – ინგლისური პროვინცია, სადაც ცხოვრების მოწყენილობა,
სიდუხჭირე და პერსპექტივის არარსებობა განსაკუთრებით იგრძნობა. საერთო იყო
ასევე გაჯავრებულების თხრობის მანერა, რომელიც გამოირჩეოდა ძალზე პირადიული,
ირონიული და ცინიკური ინტონაციით. ობიექტური რეალობა ასახულია მისი
კონკრეტული გამოვლინებებით, ყოველგვარი პირობითობების გარეშე. თუკი „ულისეს“
რთულ სქემებს, ჯოისის აზრით, წესრიგი უნდა შეეტანა სამყაროს აღქმაში, ახლა
პირიქით, - ნაკლები იყო როგორც სიმბოლიზირება და ალეგორია, ასევე რეალური
ცხოვრებისეული ფაქტების განზოგადება. სმიტის განმარტებით, „გაჯავრებული
ახალგაზრდებს“ დოკუმენტური, ჟურნალისტური წერის მანერა აქვთ. მათი წერის
სტილი სადაა, დროის სვლა ქრონოლოგიური. ისინი არ იყენებენ მითს, ან ცნობიერების
ნაკადის ტექნიკას, ასე რომ, ისინი შორს არიან მოდერნისტული ექსპერიმენტებისაგან
(სმიტი,1981). „გაჯავრებული ახალგაზრდების“ ლიტერატურას თამამად შეიძლება
რეალისტური ვუწოდოთ. ისინი ტრადიციული, ვიქტორიანული რომანის ფორმებს
მიუბრუნდნენ. აქცენტს მოქმედებაზე და სიუჟეტის განვითარებაზე აკეთებენ და
სამყაროს რეალურად ასახავენ, გადმოსცემენ ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანების
წუხილს, საუბრობენ მის სამსახურეობრივ და ფინანსურ პრობლემებზე, პოლიტიკურ-
სოციალური თვალთმაქცობით გამოწვეულ უკმაყოფილებაზე (ვაად სულეიმან ალ-
ზუბი,2012). კრიტიკოსები მათ ნატურალიზმშიც კი სდებდნენ ბრალს.
განსაკუთრებული ქება „გაჯავრებული ახალგაზრდების“ დრამამ დაიმსახურა,
ვინაიდან მან 1914 წლიდან გაბატონებული უინტერესო, მცირე კომედიები და ეგრეთ
წოდებული „well-made“ პიესები ჩაანაცვლა. ახალ პიესებს სოციალური ხასიათი
ჰქონდათ, ისინი ძირითადად ინგლისური საზოგადოების ინტერესების
უგულებელყოფას ასახავდნენ.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ხელისუფლების სათავეში
მოსული ლეიბორისტული პარტიის მშვენიერი დაპირებები ათი წლის შემდეგ საპნის
ბუშტივით გასკდა. სწორედ ამ პერიოდში „განრისხებულმა ახალგაზრდებმა“
დაამთავრეს ახალი უნივერსიტეტები, მიიღეს ტრადიციული განათლება და მასთან
ერთად ბურჟუაზიული რესპექტაბელურების მოწმობა. მეცნიერების პროვინციული
ციტადელებიდან ცხოვრებაში გამოსულ ახალგაზრდებს მიეცათ ხელმოკლედ არსებობის
საშუალება, რაშიც ისინი ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავდნენ. ისინი ან სავაჭრო
ფარდულებს იძენდნენ (როგორც ოსბორნის გმირი ჯიმი პორტერი) ან მასწავლებლად
იწყებდნენ მუშაობას პროვინციულ უნივერსიტეტებსა და სკოლებში. შესაბამისად,
ცხოვრების პერსპექტივა შემოიფარგლებოდა კანტორაში თუ ფარდულში, ბიბლიოთეკასა
თუ ბანკში ყოველდღიური 7 საათიანი შრომით ან მასწავლებლის ერთფეროვანი და
მოსაწყენი რუტინით. ყველგან უსაზღვრო მოწყენილობა და გაღიზიანება, ერთადერთი
სიამოვნება კი კათხა ლუდი სამუშაო დღის ბოლოს. შედეგად, მათ თავი „დაკარგულად“
და „ნაღალატევად“ გამოაცხადეს და ამის გამო ბრაზით აივსნენ, ან უფრო სწორად,
გაბრაზდნენ და ყველაფრისა და ყველას მიმართ ლანძღვა და სასოწარკვეთილი წყევლა
გადმოაფრქვიეს, „განრისხებული ახალგაზრდების“ ბუნტი უმოწყალო იქნებოდა, რომ
სცოდნოდათ რის წინააღმდეგ იბრძოდნენ და რისთვის იბრძოდნენ. ამავე დროს მათ
საერთოდ არ გააჩნდათ იდეალები, რომელთა დასაცავადაც ღირდა ბრძოლა. ოსბორნის
პერსონაჟი ჯიმი პორტერი ამბობს: „ ჩვენი თაობის ადამიანებს უკვე აღარ შეუძლიათ
მოკვდნენ მაღალი იდეალებისათვის, ეს იდეალები 30–40– იან წლებში დაიმსხვრა, როცა
ჩვენ ჯერ კიდევ პატარები ვიყავით. დიახ მაღალი იდეალები უკვე აღარ არსებობენ“.
„განრისხებულ ახალგაზრდებს“, რომლებიც შეზღუდული იყვნენ წვრილბურჟუაზიული
აზროვნებით, ღრმა ინდივიდუალიზმითა და ეგოცენტრიზმით, გაუჭირდათ
გარკვეულიყვნენ ომის შემდგომი პერიოდის რთულ პოლიტიკურ მდგომარეობაში,
წარედგინათ რაიმე პოზიტიური პროგრამა, გაეკეთებინათ განზოგადება ან გამოეტანათ
რაიმე დასკვნები. სკეპტიციზმმა „განრისხებულნი“ ჩიხში მოამწყვდია. თანამედროვე
სამყაროს გამოწვევები მათ უნდა მიეღოთ ისეთი, როგორიც იყო, ან ინდივიდუალიზმის
დაძლევისა და რეალობის კრიტიკის გზით რადიკალური დასკვნები გაეკეთებინათ.
50–იანი წლების თაობა – „განრისხებული ახალგაზრდები“, რომელიც დიდი
ბრიტანეთის ომის შემდგომი პერიოდის ერთ–ერთი ყველაზე ნათელი მოვლენა
გახლდათ, 60–იანი წლების ბოლოს ლიტერატურის ისტორიის კუთვნილებად იქცა. მათი
წარმატების ხანმოკლეობა აიხსნება არა ლიტერატურული მოდის კაპრიზით, არამედ
თვით მათივე საკუთარი შემოქმედებითი ენერგიის სიმცირით, რომლის მარაგიც ძალზე
სწრაფად ამოიწურა. მიუხედავად ამისა მათი შემოქმედება დარჩა ინგლისის
ლიტერატურის ისტორიაში, როგორც „ეროვნული მასშტაბის მოვლენა“, რომელმაც 50–
იანი წლების სულიერი ატმოსფერო გამოხატა. ამ ლიტერატურამ გამოვლინება ჰპოვა
ყველა სახეობაში, იყო ეს პოეზია, დრამატურგია, თუ პროზა, გამოაცოცხლა ინგლისური
კინემატოგრაფი, რომელმაც „განრისხებული ახალგაზრდების“ მრავალი ნაწარმოების
ეკრანიზაცია მოახდინა.

You might also like