You are on page 1of 46

მზის სისტემის ზოგადი დახასიათება

ასტრონომია შეისწავლის ცის ობიექტებს, როგორიცაა ვარსკვლავები, მზე,


მთვარე, პლანეტები და სხვ. ის შეისწავლის ამ ობიექტების მდებარეობას და
მოძრაობას სივრცეში, მათ სიდიდეს, ფორმას, აგებულებას, ფიზიკურ და ქიმიურ
თვისებებს, მათ წარმოშობასა და ევოლუციას, ცის სხეულებს შორის კავშირებს და
სამყაროს აგებულებას. „ასტრონ“ ნიშნავს ვრსკვლავი და „ნომოს“ - კანონი, ანუ,
ასტრონომია არის მეცნიერება ცის მნათობების შესახებ.
ცის მნათობები ძალიან შორს მდებარეობენ. მაგ., მთავარე, ჩვენი უახლოესი
მნათობი, დედამიწიდან 384 000 კმ-ით არის დაშორებული, მზე - 150 000 000 კმ-ით,
უახლოესი ვარსკვლავი - 3.4 სინათლის წლის (სინათლის წელი - მანძილი,
რომელსაც სინათლე ფარავს ერთი წლის განმავლობაში) მანძილზე მდებარეობს და
ა. შ., მაგრამ მათი ასეთი სიშორე არ წარმოადგენს ასტრონომებისათვის
დაბრკოლებას და შესაძლებელია ციური სხეულების ფიზიკური თვისებებისა თუ
ქიმიური შემადგენლობის განსაზღვრა.
ციური სხეულების შესწავლა ხდება დაკვირვებით. ასტრონომიული
მეცნიერების განვითარება დაიწყო, როდესაც ადამიანი შეუიარაღებელი თვალით
ცას დააკვირდა. მეჩვიდმეტე საუკუნიდან ცის ობიექტების დაკვირვება
ტელესკოპის დახმარებით დაიწყო, რამაც ძალიან გაზარდა ასტრონომიული
დაკვირვებების შესაძლებლობები. მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან კი ცის
ობიექტებზე დედამიწის ატმოსფეროს მკვრივი ფენების გარედან დაიწყო
დაკვირვებები და ექსპერიმენტების ჩატარება, რამაც ხელი შეუწყო უფრო ზუსტი
ასტრონომიული მონაცემების მიღებას.
ცის სხეულების დიდი დაშორება ჩვენგან სრულიად არ ნიშნავს, რომ
ასტრონომია წარმოადგენს განყენებულ, საზოგადოების პრაქტიკულ ინტერესებს
მოწყვეტილ მეცნიერებას. ასტრონომია ძველთაგანვე ადამიანის პრაქტიკული
მოთხოვნების დაკმაყოფილების ნიადაგზე აღმოცენდა. ეს იყო წლის სხვადასხვა
სეზონის მოახლოების ცოდნა, რაც აუცილებელი იყო მიწათმოქმედებისათვის და
რისი განსაზღვრაც შესაძლებელი იყო ცის მნათობების დაკვირვების საფუძველზე.
ცის მნათობებზე დაკვირვებით ხდებოდა შორეული მოგზაურობის დროს
ადგილმდებარეობისა და მიმართულების განსაზღვრა. დროის აღრიცხვა,
სარიტუალო თარიღების დადგენაც წარმოებდა ციურ სხეულებზე დაკვირვების
შედეგად.
ასტრონომიის ბიოლოგიასთან კავშირზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ
დედამიწა სამყაროს ნაწილია და მასზე ცოცხალი ორგანიზმების წარმოშობა და
ევოლუცია კოსმოსური გარემოს ზემოქმედებაზეცაა დამოკიდებული. ზოგიერთი
თეორიის თანახმად, დედამიწაზე სიცოცხლის საწყისი სახეობანი კოსმოსიდანაა
შემოტანილი...
მზის აქტივობის 11-წლიანი ციკლი საკმაოდ ცხადად არის ასახული ხეების
წლიური რგოლების სიგანეთა პერიოდულ ცვლაში.
მზის აქტივობა აგრეთვე კორელაციაშია ზოგიერთი დაავადების პერიოდულ
გავრცელებასა და აგრეთვე სოფლის მეურნეობისათვის სახიფათო ბიოლოგიური
სახეობების გამრავლებასთან.
ისტორიული სტატისტიკის თანახმად, დედამიწის მახლობელ სივრცეში
კომეტების შემოჭრასაც ემთხვევა ზოგჯერ ეპიდემიათა გაჩენა და გავრცელება.
ასტრონომიასა და ქიმიას შორის კავშირზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ 1868
წელს მზის სრული დაბნელების დაკვირვების დროს მზის სპექტრში (სპექტრი -
ფიზიკური სიდიდის მნიშვნელობების გადანაწილება) იქნა აღმოჩენილი უცნობი
ელემენტის ხაზები, რომელსაც ჰელიუმი (მზიური) დაარქვეს. მხოლოდ 1995 იქნა
იგივე ელემენტი (ჰელიუმი) აღმოჩენილი დედამიწაზე.
აღარ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ასტრონომია მჭიდრო კავშირშია ისეთ
ფუნდამენტურ მეცნიერებებთან, როგორიცაა ფიზიკა ან მათემატიკა,, თუმცა
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ასტრონომიასთან დაკავშირებულია ისეთი,
ერთობ თითქოს მისგან შორს მდგომი მეცნიერება, როგორიცაა ისტორია.
ხშირად ერთი და იმავე მოვლენისათვის ისტორიკოსები სხვადასხვა თარიღს
ასახელებენ. თუ მატიანეებში გვხვდება ცნობები, რომ ესა თუ ის ფაქტი დაემთხვა
რაიმე ციურ მოვლენას (მაგ., მზის დაბნელებას, კომეტის გამოჩენას და სხვ.),
ასტრონომებს შეუძლიათ დააზუსტონ წარსულში მომხდარ ასტრონომიულ
მოვლენათა თარიღები.
ამის მაგალითია, რომ ქართველმა ასტრონომებმა მოახდინეს საქართველოში
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებული
ზოგიერთი ისტორიული ფაქტის თარიღის დაზუსტება.
ქართული ქრონიკების მიხედვით ცნობილია, რომ საქართველოში
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება დაკავშირებულია სასწაულთან,
რომელიც იხილა მეფე მირიანმა, როცა ნადირობისას იგი მარტო აღმოჩნდა თხოთის
მთაზე. გადმოცემის თანახმად, უეცრად გარშემო სიბნელე ჩამოწვა და ცაზე მზე
გაქრა. მირიან მეფემ წმიდა ნინო კაბადოკიელის ღმერთს შესთხოვა შემწეობა და
მართლაც მოხდა სასწაული, სიბნელე უეცრად გაიფანტა და მზე გამობრწყინდა.
ქრისტეშობიდან 290-365 წლებში მზის დაბნელებების გამოკვლევის შედეგად
დადგინდა, რომ მზის სრული დაბნელება, რომელიც შეიძლებოდა დაენახა
თხოთის მთიდან მეფე მირიანს, იყო ქრისტეშობიდან 319 წელს, 6 მაისის საღამოს.
აღსანიშნავია, რომ მზის ეს სრული დაბნელება უნდა მომხდარიყო მზის ჩასვლისას,
რითიც აიხსნება ფაქტი, რომ მხოლოდ მთაზე მყოფ მეფეს შეეძლო მისი ხილვა
განსხვავებით დაბლობზე მყოფი მისი თანმხლები პირებისაგან, რომელთათვის მზე
უკვე ჰორიზონტს დაბლა იქნებოდა და არ გამოჩნდებოდა.
ასტრონომია ერთგვარად მწერლობასთანაც არის დაკავშირებული.
რუსთაველს მთვარისა და პლანეტების თვისებები, ცაზე ვარსკვლავთა მიმართ
მათი მოძრაობის ხასიათი ან მთვარის ფაზების ცვლისა და მზის დაბნელების
მიზეზები რომ არ სცოდნოდა, ავთანდილის მშვენიერი მიმართვა ციური
მნათობებისადმი არ დაიწერებოდა. ლიტერატურის ჟანრს - ფანტასტიკა - ყველაზე
ერთგულად ასტრონომია კვებავს.
არ არის გასაკვირი, რომ ისტორიის გარიჟრაჟზე ციურ თანავარსკვლავედებს
შთაეგონებინათ ადამიანი ანბანის, დამწერლობის შექმნისათვის. ზოგიერთი
მოსაზრების თანახმად, დიდი დათვი თანავარსკვლავედის ფორმიდან იღებს
სათავეს ქართული ასო „ბანი“.
მზე - ყველაზე შესამჩნევი ობიექტია ცის სფეროზე. ის არის სითბოსა და
სინათლის წყარო. მზე არის ყვითელი ჯუჯა ვარსკვლავი, მაგრამ მისი სინათლე არ
არის არც ყვითელი, არვ წითელი და არც ნარინჯისფერი. მზე ასხივებს თითქმის
თეთრ სინათლეს, თუმცა დედამიწის ატმოსფეროს ზემოქმედების შედეგად
დედამიწის ზედაპირის მახლობლად მზის სინათლე იძენს ყვითელ ელფერს.
სინამდვილეში მზის სინათლე შედგება ცისარტყელას ყველა ფერისაგან. მზის
სინათლეს თუ გავატარებთ პრიზმაში, სინათლის ნაკადში ფერადი სხივები
შეიცვლიან მიმართულებას, გადაიხრებიან და პრიზმიდან გამოსვლისას
ცისარტყელას ფერებად დაიშლებიან.
მზე ჩვენი პლანეტური სისტემის ცენტრალური სხეულია. მის გარშემო
მოძრაობს მზის ოჯახის ყველა სხეული. თავისი მიზიდულობის ძალით მზე
განაგებს მათ მოძრაობას. სინამვილეში - მზე თავისი ბუნებით რიგითი
ვარსკვლავია, რომელიც სხვა ვარსკვლავებთან შედარებით ახლოს მდებარეობს
ჩვენთან და დედამიწის ზედაპირზე მიმდინარე ყველა პროცესში იღებს
მონაწილეობას. მზის გამოსხივება, მისი ენერგია მიზეზია ყველა იმ ცვლილებისა,
რაც დედამიწის ჰიდროსფეროში და ატმოსფეროში ხდება.
მზე გავარვარებული გაზისაგან შემდგარი მნათი სფერული სხეულია. უფრო
სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ მზე პლაზმისაგან შემდგარ სფეროს წარმოადგენს,
რადგან მისი გაზი იონიზებულ მდგომარეობაშია. ეს ნიშნავს, რომ ატომებს
შემოცლილი აქვთ ელექტრონები.
მზის სისტემის სტრუქტურას განსაზღვრავს მზის ზედაპირზე მიმდინარე
პროცესები, მზის ქარი, მაგნიტური ველები და ტალღები, რომლებიც
დაკავშირებულია მზის ქართან. ამგვარად, მზე წარმოადგენს მზის სისტემის
მტავარ, ძირითად კომპონენტს.
მზე ჩვენსკენ აგზავნის ენერგიის ნაკადს, რომელიც შედგება რამოდენიმე
კომპონენტისაგან:
• ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომელსაც მოაქვს ენერგიის ძირითადი
ნაწილი;
• სპორადული (არამუდმივი) ულტრაიისფერი და რენტგენული გამოსხივება,
აგრეთვე მზის რადიოგამოსხივების ენერგიული ნაწილი (ე. წ. მზის
ამოფრქვევა);
• დამუხტული ნაწილაკების ნაკადი, რომელიც ეპიზოდურად წარმოიქმნება
მზიდან (ე. წ. კორონული მასის გამოტყორცნა);
• მუდმივად არსებული პლაზმის ნაკადი (ე. წ. მზის ქარი).
მზის აქტივობა დაკავშირებულია მის ზედაპირზე ლაქების პერიოდულად
გამოჩენასთან და გაქრობასთან. მზის ლაქები ჩნდება პერიოდულობით 11 წელი. 11
წლის განმავლობაში ლაქათა რაოდენობა მზის ზედაპირზე იზრდება და შემდეგ
კლებულობს. ეს არის მზის აქტივობის ციკლი. 11 წელიწადში ერთხელ მზის
აქტივობა იზრდება (რაც გამოიხატება მის ზედაპირზე ლაქების მატებით), შემდეგ
მცირდება (რაც გამოიხატება მის ზედაპირზე ლაქების კლებით), შემდეგ კვლავ
მატულობს და ა. შ.
მზის ზედაპირზე ლაქათა რაოდენობის შესწავლისას გამოვლენილი იქნა
მათი რაოდენობის ძლიერი კლების პერიოდი (ე. წ. მაუნდერის მინიმუმი, 1645–1715
წწ). სწორედ მზის აქტივობის ამ ხანგრძლივი ჩავარდნის პერიოდს შეესაბამება
დედამიწაზე ე. წ. „მცირე გამყინვარების“ პერიოდის მაქსიმუმი. უფრო ადრეული
პერიოდისათვის მზის აქტივობის შესახებ მსჯელობა გვიხდება ირიბი
მაჩვენებლების საშუალებით, კერძოდ, ყინულში და ხეებში რადიაქტიური
ელემენტების შემცველობის მიხედვით. ყინულში 14C–ისა 10Be–ის (ნახშირბადისა და
ბერილიუმის იზოტოპების) ანალიზის შედეგად ბოლო 8 000 წლის მანძილზე
გამოვლენილი იქნა მზის აქტივობის 18 მინიმუმი.
მზის ზედაპირზე განვითარებული პროცესები ხშირ შემთხვევაში
დედამიწის ზედაპირზეც აისახება. ყველაზე ცნობილი ძლიერი მზის ამოფრქვევა,
რამაც დედამიწაზე გამოიწვია ძალიან ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი მოხდა 1859
წლის 1 სექტემბერს. მისი შედეგები რამოდენიმე დღის განმავლობაში
დაიკვირვებოდა დედამიწაზე. მას „კერინგტონის ამოფრქვევა“ ეწოდა. მან
გამოიწვია ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში სატელეგრაფო კავშირის ძლიერი
შეფერხებები, მძლავრი პოლარული ციალი (პოლარული ციალი - ატმოსფეროს
ზედა ფენების ნათება მასზე მზის ქარის ნაწილაკების ზემოქმედების შედეგად) კი
დაიკვირვებოდა ტროპიკებსა და სუბტროპიკებშიც კი.
მზის სისტემა არის პლანეტური სისტემა, მზისა და მის ირგვლივ მოძრავი
ყველა ბუნებრივი კოსმოსური ობიექტის ჩათვლით. მზის სისტემაში შემავალი
ობიექტებია: მზე, პლანეტები, მათი თანამგზავრები და მცირე ზომის სხეულები,
როგორიცაა ასტეროიდები, მეტეორული სხეულები და კომეტები (ასტეროიდი -
მზის ირგვლის მოძრავი სხეული, რომლის ზომები პლანეტებთან შედარებით
მცირეა, მეტეორული სხეული - ასტეროიდზე გაცილებით მცირე ზომის კლდის ან
მეტალის ნატეხი, რომელიც დაფრინავს კოსმოსურ სივრცეში, კომეტა - ე. წ.
კუდიანი ვარსკვლავი, მეტად მცირე მასის ციური სხეული, რომლისთვისაც
დამახასიათებელია წაგრძელებული ფორმის კუდი).
მზის სისტემაში მდებარეობს რვა დიდი პლანეტა, რომლებიც მოძრაობენ
მზის გარშემო და მზიდან დაშორების მიხედვით შემდეგი მიმდევრობით არიან
განლაგებულნი: მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი
და ნეპტუნი. მათ გააჩნიათ დაახლოებით ერთ სიბრტყეში მოთავსებული თითქმის
წრიული ორბიტები.
მზეში მოთავსებულია მზის სისტემის მთლიანი მასის 99.8%. მზის სისტემაში
შემავალი პლანეტების მასის უდიდესი ნაწილი თავმოყრილია დიდ (რვა)
პლანეტაში. ოთხ ობიექტში – იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი –
თავმოყრილია პლანეტების მასის დაახლოებით 99% (აქედან მასის ძირითადი
ნაწილი – დაახლოებით 90% – მოდის იუპიტერსა და სატურნზე). პლანეტებს
გააჩნიათ თითქმის წრიული ორბიტები და მოძრაობენ თითქმის ბრტყელი დისკოს
საზღვრებში – ეკლიპტიკის სიბრტყეში.
მზის სისტემაში შემავალი პლანეტები შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ:
• დედამიწის ჯგუფის პლანეტები – მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი,
რომლებიც შედგებიან სილიკატებისა და მეტალებისაგან და სიდიდითა და
მასით დედამიწის მსგავსია;
• გაზოვანი გიგანტები – იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი, რომლებიც
ძირითადად შედგებიან წყალბადისა და ჰელიუმისაგან და დედამიწის
ჯგუფის პლანეტებთან შედარებით გაცილებით მასიურები არიან,
სიმკვრივე კი - მნიშვნელოვნად ნაკლებია.
რვა პლანეტიდან ექვსს გააჩნია ბუნებრივი თანამგზავრები, პლანეტა-
გიგანტებიდან ყველა გარშემორტყმულია რგოლებით, რომელიც შედგება მტვრისა
და მცირე ზომის ნაწილაკებისაგან.
მზის სისტემაში შედის აგრეთვე ორი სარტყელი, შევსებული მცირე
სხეულებით - ასტეროიდებით. ასტეროიდების მთავარი სარტყელი მდებარეობს
მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის. მასში შემავალი სხეულები
შემადგენლობის მიხედვით დედამიწის მსგავსია და შედგება მეტალებისა და
სილიკატებისაგან. ასტეროიდთა მთავარი სარტყლის ყველაზე დიდი ობიექტებია
ცერერა, პალადა და ვესტა.
კოიპერის სარტყელი ჰგავს ასტეროიდთა მთავარ სარტყელს, მაგრამ
დაახლოებით 20-ჯერ განიერია და გაცილებით მასიურია. მასში შემავალი მცირე
სხეულები შედგება წყლის, ამიაკისა და მეთანის ყინულისაგან.
მზის სისტემის მცირე ობიექტებს წარმოადგენს კომეტები, რომლებიც
შედგებიან აქროლადი ნივთიერებებისაგან. მათთვის დამახასითებელია გაწელილი
ელიფსური ორბიტები. მზესთან მიახლოებისას კომეტის ყინულოვანი ზედაპირი
იწყებს აორთქლებას და იონიზაციას (იონიზაცია - მოლეკულებისა და ატომების
დაშლა დადებით და უარყოფით ნაწილაკებად). შედეგად წარმოიქმნება კომეტის
კუდი, რომელიც ზოგჯერ შეუიარაღებელი თვალითაც დაიკვირვება.
მზის სისტემის შემადგენელი ნაწილია მეტეორული სხეულები. ციურ
სხეულს, რომელიც შემოიჭრება დედამიწის ატმოსფეროში და ტოვებს კაშკაშა
კვალს, დამოუკიდებლად იმისაგან, გაიფრენს ატმოსფეროს ზედა ფენებს და
გაფრინდება უკან კოსმოსში, დაიწვება ატმოსფეროში თუ დაეცემა დედამიწაზე,
შეიძლება ეწოდოს მეტეორი.
მზის სისტემა შედის გალაქტიკის - ირმის ნახტომის შემადგენლობაში,
რომელიც ფორმის მიხედვით წარმოადგენს სპირალურ გალაქტიკას. მზის სისტემა
მდებარეობს ჩვენი (ირმის ნახტომის) გალაქტიკის ორ სპირალურ შტოს შორის.
დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ სხვადასხვა ჰიპოთეზა
არსებობს.
ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის გაჩენის ორი გზა არსებობს: კოსმოსური და
დედამიწისეული. კოსმოსური გზის მიხედვით სიცოცხლე დედამიწაზე სხვა
ციური სხეულებიდან მოხვდა. შესაძლოა ცოცხალი არსებანი დედამიწაზე
მოხვდნენ კოსმოსიდან, მტვრის, მეტეორიტებისა და სხვა ციური სხეულების
დედამიწაზე დაცემით. შესაძლოა, მტვერს მიკროორგანიზმები შემოჰყოლოდა. ეს
ვერსია დასაშვებია, თუმცა მეცნიერთა დიდი ნაწილი თვლის, რომ
სიცოცხლე წარმოიშვა დედამიწის ზედაპირზე, რასაც ხელი შეუწყო მზის სითბომ,
სინათლემ, წყალმა და ჰაერმა.
მონაცემების მიხედვით, დედამიწა დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ
წარმოიქმნა, სიცოცხლის არსებობის პირველი ნიშნები კი დედამიწაზე მხოლოდ
3.5-3.9 მილიარდი წლის წინ გაჩნდა.
დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის ერთ-ერთი თეორიის ძირითადი
ჰიპოთეზა, რომელიც ხსნის, როგორ შეიძლება შექმნილიყო ბიოლოგიური
სიცოცხლე ბუნებრივი პროცესების გზით, ითვალისწინებს არაორგანულიდან
ორგანული ნაერთების წარმოქმნას. აზრი, რომ სიცოცხლის ზოგიერთი ფორმა
არაცოცხალიდან სპონტანურად, თავისით წარმოიშვა, ძველი ბერძენი
ფილოსოფოსებიდან მოდის და მე-19 საუკუნემდე პოპულარული რჩებოდა
ევროპულ მეცნიერებაში.
მოგვიანებით ნაჩვენები იქნა, რომ, სულ ცოტა, უფრო მაღალორგანიზებული
და თვალით ხილული ორგანიზმებისათვის მაინც, თვითჩასახვის თეორია მცდარია
და წარმოიქმნა ალტერნატიული თეორია — ბიოგენეზი: ყოველი ცოცხალი მოდის
წინათ არსებული ცოცხალი ორგანიზმისგან. მიუხედავად სიცოცხლის
წარმოშობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიების არსებობისა, არც ერთი
მათგანი არ არის გადამწყვეტი, საბოლოო ვერსია.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა სხვა ვარსკვლავების
ირგვლივ ეგზოპლანეტების (ეგზოპლანეტა - მზის სისტემის გარეთ მდებარე სხვა
ვარსკვლავის გარშემო მოძრავი პლანეტა) აღმოჩენა, ვინაიდან პლანეტები საკმაოდ
მცირე ზომის არიან ვარსკვლავებთან შედარებით, ხოლო თვითონ ვარსკვლავები
საკმაოდ შორს მდებარეობენ ჩვენგან.
პირველი ეგზოპლანეტა აღმოჩენილი იქნა 1995 წელს. ასტრონომიულ
არქივებში ნაპოვნია 1917 წლის ფოტოფირფიტა, რომელიც მიუთითებს მზის
სისტემის გარეთ პლანეტის არსებობაზე, თუმცა ასტრონომები მაშინვე ვერ
მიხვდნენ თავიანთი აღმოჩენის არსს.
დღეისტვის საიმედოდ დადასტურებულია 4000-მდე ეგზოპლანეტის
არსებობა 3000-მდე პლანეტური სისტემისათვის, რომელთაგან 600-ზე მეტს აქვს
ერთზე მეტი პლანეტა. ეგზოპლანეტების კანდიდატთა რაოდენობა გაცილებით
მეტია. დადასტურებული ეგზოპლანეტის სტატუსის მისაღებად საჭიროა მათი
ხელახალი რეგისტრაცია დედამიწის ზედაპირზე არსებული ტელესკოპებით
დაკვირვების შედეგად.
ირმის ნახტომის გალაქტიკაში ეგზოპლანეტების საერთო რაოდენობა
შეფასებულია არანაკლებ 100 მილიარდისა, რომელთაგან 5-დან 20 მილიარდამდე
შესაძლოა იყოს დედამიწის მსგავსი. მათგან, სავაუდოდ, 34% უნდა მდებარეობდეს
„სასიცოცხლო ზონაში“ (სასიცოცხლო ზონა - რეგიონი ვარსკვლავის გარშემო,
რომელშიც პლანეტების ზედაპირზე შესაძლებელია წყლის შენარჩუნება თხევად
მდგომარეობაში). აღმოჩენილი ეგზოპლანეტების უდიდესი ნაწილი ჰგავს
იუპიტერს, რაც სავარაუდოდ, განპირობებულია აღმოჩენის მეთოდებით, ვინაიდან
უფრო მარტივია მოკლეპერიოდიანი (საკუთარი ვარსკვლავის ირგვლივ
გარშემოვლის პერიოდზეა საუბარი) მასიური პლანეტების აღმოჩენა. აგრეთვე
აღმოჩენილია დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტებიც.
მრავალ მეცნიერს მიაჩნია არამიწიერი სიცოცხლე შესაძლებლად, მაგრამ
მისი არსებობის არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ მოიპოვება. მეოცე
საუკუნის შუა პერიოდიდან არამიწიერი სიცოცხლის ნიშნებზე მიმდინარე
კვლევები დღესაც გრძელდება: დაწყებული რადიომიმღებიდან, რათა
დააფიქსირონ არამიწიერი სიგნალები, ტელესკოპებამდე,
რომელსაც პოტენციურად სასიცოცხლო ეგზოპლანეტების მოსაძებნად იყენებენ.
სამყარო უსასრულოა და ამიტომ შეუძლებელია სადმე არ არსებობდეს
სიცოცხლე და ცივილიზაცია. რადგან კოსმოსური ცივილიზაციები ჯერჯერობით
აღმოჩენილი არ არის, შეგვიძლია გამოვთქვათ მხოლოდ ვარაუდები მათ შესახებ.
დღეისათვის დადასტურებულია ზოგიერთი ვარსკვლავის სასიცოცხლო
ზონაში პლანეტების, მათ შორის დედამიწის მსგავსი პლანეტების არსებობა, მაგრამ
როგორი უნდა იყოს ცივილიზაციათა წარმოშობის ტემპი, რომ მათ შეძლონ
ურთიერთკავშირი. თუ სამყაროს სხვადასხვა ადგილას სიცოცხლის ჩასახვა
იშვიათად ხდება, შესაძლებელია სხვადასხვა ცივილიზაციებმა სხვადასხვა
ისტორიულ ეპოქებში იარსებონ და ერთმანეთს ვერასდროს დაუკავშირდნენ.
ერთდროულად არსებული ცივილიზაციები კი შეძლებენ ერთმანეთთან
დაკავშირებას? თუ ორი ცივილიზაციის არსებობის პერიოდი ხანმოკლეა, ვთქვათ
1000 წელი, ისინი ერთმანეთისაგან დაშორებულნი არიან 100 000 სინათლის წლით,
თითოეული მათგანის რადიოსიგნალი ერთმანეთთან მიაღწევს მეორის გაქრობის
შემდეგ.
მთავარი კითხვა მაინც არის, ყოფილან თუ არა დედამიწაზე სხვა
ცივილიზაციის წარმომადგენლები. იმისათვის, რომ დანამდვილებით ვთქვათ,
რომ არ ვართ მარტონი სამყაროში, უნდა გაგვაჩნდეს მტკიცებულებები, რაც არ
გაგვაჩნია
ე. ფერმის პარადოქსის სახელით არის ცნობილი ფაქტი, რომ სამყარო
უსასრულოდ ვრცელია, გონიერი უცხოპლანეტელების არსებობა პრაქტიკულად არ
იწვევს ეჭვს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სამყარო უკვე თითქმის 14 მილიარდ
წელს ითვლის და სხვა არსებებს ჰქონდათ საკმაო დრო, რომ წარმდგარიყვნენ
კაცობრიობის წინაშე, სად არიან ისინი?
ფერმის პარადოქსის ამოხსნის შესაძლო ვარიანტებია:
• არავითარი სხვა ცივილიზაცია არც არის და არც ყოფილა. ასეთი სცენარი
ადვილი წარმოსადგენი იქნებოდა შორეულ წარსულში, მაგრამ დღეისათვის,
როცა ყოველ წელს სულ მეტი და მეტი პლანეტური სისტემების მქონე
ვარსკვლავების აღმოჩენა ხდება. რაც მეტს ვიგებთ სამყაროს შესახებ, მით
უფრო რთული წარმოსადგენია, რომ სამყაროში მარტონი ვართ.
• სიცოცხლე არის, მაგრამ არაა გონიერი. ზოგიერთის აზრით, უახლოეს 10-30
წელიწადში აღმოჩენილი იქნება სიცოცხლის უმარტივესი ფორმები მარსზე
ან რომელიმე გაზოვანი გიგანტის რომელიმე თანამგზავრზე, როგორიცაა
ევროპა ან ენცელადი. ასეთი გადაწყვეტა ცვლის საკითხს შემდეგნაირად: რა
უშლის მოლეკულების უსასრულო რაოდენობას შეერთდეს გონიერი
სიცოცხლის ფორმად?
• გონიერი სიცოცხლე მრავალნაირია, მაგრამ ისინი დუმან. ასეთი ალბათობის
სხვადასხვა ახსნა არსებობს: კაცობრიობა იმდენად პრიმიტიულია, რომ
წამყვანი ცივილიზაციები არ გვთვლინ ყურადღების ან ჩვენთან კონტაქტის
დამყარების ღირსად; სხვა ცივილიზაციებმა გაარკვიეს, რომ მათი
გამომჟღავნება გამოიწვევს მათ განადგურებას სასტიკი გალაქტიკათაშორისი
კოლონიზატორების მიერ; ერთ-ერთი ყველაზე ეკზოტიკური ახსნაა, რომ
ჩვენი სამყარო - უზარმაზარი კომპიუტერული სიმულაციაა.

ფაქტი ფაქტად რჩება - დღემდე ვერ მოხერხდა კავშირის დამყარება რომელიმე


არამიწიერ ცივილიზაციასთან.
ვარსკვლავთა და პლანეტური სისტემების წარმოშობა და ევოლუცია

ვარსკვლავთა სასიცოცხლო ციკლი. ნეიტრონული ვარსკვლვები, შავი ხვრელები. ვარსკვლავებისა


და პლანეტური სისტემების წარმოშობა და ევოლუცია. მზისა და მზის სისტემის წარმოშობა და
განვითარება.

ძველად დედამიწას სამყაროს ცენტრად თვლიდნენ. მიაჩნდათ, რომ


სამყაროს ცენტრში უძრავად დასვენებული დედამიწის გარშემო მოძრაობდა მზე,
მთვარე, პლანეტები და ვარსკვლავებიც, რომლებიც მყარი სფეროს ზედაპირზე
„მიჭედილად“ წარმოედგინათ.
არისტოტელეს აზრით, დედამიწა მოთავსებული იყო სამყაროს ცენტრში.
მისი აზრით, შორს მდებარეობდა პლანეტების სფეროები, რომლებიც
გადაადგილდებოდნენ ვარსკვლავებს შორის და კიდევ უფრო შორს მოთავსებული
იყო უძრავი ვარსკვლავები. მოგვიანებით, კ. პტოლემემ არისტოტელეს
გეოცენტრული სისტემა უფრო დახვეწა და დედამიწის ირგვლივ მოძრავ
პლანეტებს, მეორადი ორბიტები ე. წ. ეპიციკლები დაუმატა.
სამყაროს მოწყობის ასეთ სქემას სამყაროს გეოცენტრული სისტემა ეწოდება,
რადგანაც ძირითადი იდეა იყო ის, რომ დედამიწა მოთავსებული იყო სამყაროს
ცენტრში (პტოლემეს სისტემა).
სამყაროს გეოცენტრული სისტემის მიხედვით, დედამიწის, როგორც
ცენტრის გარშემო, შემოწერდნენ წრეწირს, ე. წ. დეფერენტს. ამის გასწვრივ
თანაბარი სიჩქარით მოძრაობდა მეორე, უფრო მცირე რადიუსის წრეწირის - ე. წ.
ეპიციკლის ცენტრი. ეპიციკლის გასწვრივ კი თანაბარი სიჩქარით მოძრაობდა
ცთომილი. სქემა ახსნას აძლევდა ცალკეულ ცთომილთა პირდაპირ და
რეტროგრადულ მოძრაობას. თითოეული ცთომილისათვის სათანადო რადიუსის
ეპიციკლი იყო მოგონილი და სათანადო სიჩქარე - შერჩეული.
დაკვირვებების სიზუსტის ზრდა მოითხოვდა ამ სქემის დაზუსტებას, მეორე,
მესამე და ა. შ. ეპიციკლების შემოღებას, რომელთა ცენტრები, თავის მხრივ, თითქოს
მოძრაობდნენ პირველი და მეორე და ა. შ. ეპიციკლების გასწვრივ.
კ. პტოლემეს სქემა, მიუხედავად მისი სირთულისა და ხელოვნურობისა,
კარგად მუშაობდა. ის იძლეოდა შესაძლებლობას გამოთვლილი ყოფილიყო
პლანეტების, მთვარისა და მზის მდებარეობები, მზისა და მთვარის დაბნელებები
რამოდენიმე წლით ადრე იმ დროისათვის საკმაო სიზუსტით.
ნ. კოპერნიკს წილად ხვდა სამყაროს აგებულების ახალი თეორიის
ჩამოყალიბება, მიხვდა რა, რომ მზე, მთვარე და პლანეტები კი არ მოძრაოდნენ
უძრავი დედამიწის გარშემო, რომელიც ცენტრში წარმოედგინათ მანამდე, არამედ
დედამიწაც პლანეტაა და სხვა პლანეტებთან ერთად პლანეტური სისტემის
ცენტრის - მზის გარშემო გარემოიქცეოდა.
ტ. ბრაჰემ არ მიიღო სამყაროს ჰელიოცენტრული სისტემა. ის იყო გეო-
ჰელიოცენტრული სისტემის ერთ-ერთი ავტორი. გეო-ჰელიოცენტრული სისტემა -
სამყაროს გეოცენტრული სისტემის ვარიანტია, რომელშიც დედამიწა სამყაროს
ცენტრშია, მზე და მთვარე მოძრაობენ მის გარშემო, ხოლო იმ დროისათვის
ცნობილი ხუთი პლანეტა მოძრაბდა მზის გარშემო. ამგვარად, ის შეიძლება
განვიხილოთ, როგორც კომპრომისი კ. პტოლემეს გეოცენტრულ და კოპერნიკის
ჰელიოცენტრულ სისტემებს შორის.
ნ. კოპერნიკის ჰელიოცენტრული სისტემა აღიარებდა დედამიწის თავისი
ღერძის ირგვლივ და მზის გარშემო მოძრაობას. ამით მარტივად აიხსნებოდა ცაზე
პლანეტების რთული ხილული მოძრაობა. კოპერნიკის მოძღვრებამ უძრავად
წარმოდგენილი დედამიწა მან მოძრავად გამოაცხადა; ჰელიოცენტრიზმის იდეის
აზრი არ მდგომარეობდა სამყაროს ცენტრის უბრალო გადაადგილებაში
დედამიწიდან მზეზე: დედამიწას ჩამოერთვა პრივილეგირებული მდგომარეობა
კოსმოსში. ჰელიოცენტრული სისტემის აღიარებს ძალიან შეუწყო ხელი გ.
გალილეის აღმოჩენებმა.
გ. გალილეიმ აღმოაჩინა ვენერას ფაზები. მან დაადგინა, რომ მთვარის
მსგავსად ვენერაც ანათებს მზიდან არეკლილი სინათლით და მიმდევრობით
გაივლის ყველა ფაზას. კ. პტოლემეს სისტემაში კი - მზე, ვენერა და დედამიწა
არასოდეს არ იყო ისეთნაირად განლაგებული, რომ შესაძლებელი ყოფილიყო
სრულად განათებული ვენერას დანახვა. გ. გალილეის მეორე აღმოჩენაც,
იუპიტერის თანამგზავრების აღმოჩენა, მართალია ირიბად, ადასტურებდა ნ.
კოპერნიკის სისტემის სისწორეს. ცივილიზაციის მთელი ისტორიის მანძილზე
პირველად აღმოჩენილი იქნა ახალი სხეულები, რომლებიც მოძრაობდნენ სხვა
პლანეტის გარშემო. მანამდე თანამგზავრი მხოლოდ დედამიწას გააჩნდა.
იუპიტერის თანამგზვარების აღმოჩენის შედეგად მთვარე აღარ იყო გამონაკლისი.
ამგვარად, დღეისათვის დამკვიდრებულია მზის სისტემის
ჰელიოცენტრული მოდელი და არ არსებობს რაიმე განსხვავებული მოსაზრება მისი
სხვაგვარი აგებულების შესახებ, თუმცა საინტერესოა საკითხი, თუ როგორ მოხდა
მზის და მის სისტემაში შემავალი პლანეტების წარმოშობა და ევოლუცია. ვინაიდან
მზე წარმოადგენს ჩვეულებრივ ვარსკვლავს, მისი წარმოქმნისა და ევოლუციის
შესასწვლად უნდა გავეცნოთ ზოგადად, თუ როგორ ხდება ვარსკვლავთა
წარმოშობა და ევოლუცია.
ვარსკვლავთა ფორმირება ხდება გაზოვან-მტვროვანი ღრუბლის, რომელიც
ძირითადად ედგება წყალბადის მოლეკულებისაგან, შეკუმშვის შედეგად.
ვარსკვლავთა ევოლუცია იწყება გიგანტურ გაზოვან-მტვროვან ნისლეულებში,
რომელიც საკუთარი მიზიდულობის ძალით იწყებს შეკუმშვას და ნელ-ნელა იღებს
სფეროს ფორმას. ვარსკვლავის შეკუმშვა აგრეთვე შესაძლებელია გამოიწვიოს ორი
ღრუბლის შეჯახებამ ან ზეახალი ვარსკვლავის აფეთქებამ. ზოგადად, ნებისმიერმა
არაერთგვაროვნებამ შეიძლება მოახდინოს ვარსკვლავის წარმოქმნის პროცესის
ინიცირება.
თავდაპირველად შეკუმშვისას წარმოქმნილი ენერგია თითქმის სრულად
გამოსხივდება და ტემპერატურა არ მატულობს. სიმკვრივის ზრდასთან ერთად
გამონთავისუფლებული ენერგიის უდიდესი ნაწილი გარდაიქმნება სითბოდ და
ტემპერატურა იწყებს ზრდას, რაც იწვევს წნევის მატებას. როდესაც ტემპერატურა
მიაღწევს 1800K, წყალბადის მოლეკულები იშლება ატომებად, რაზეც იხარჯება
ენერგია და ტემპერატურის ზრდა შენელდება. შედეგად ღრუბელში ყალიბდება
ცენტრალური ბირთვი (პროტოვარსკვლავი) და მტვრის (პროტოპლანეტური)
დისკი.
პროტოვარსკვლავის განვითარების მომდევნო ეტაპზე ბირთვი იზრდება
ზომაში. საბოლოოდ ღრუბელში თავისუფლად მოძრავი ნივთიერების მასა
ამოიწურება და ვარსკვლავი ოპტიკურ დიაპაზონში ხდება ხილული. ეს მომენტი
ითვლება პროტოვარსკვლავური ფაზის დასასრულად და ახალგაზრდა
ვარსკვლავის ფაზის დასაწყისად. ამ დროისათვის შეკუმშვა წყდება -
პროტოვარსკვლავი გარდაიქმნა ვარსკვლავად.
თუ ვარსკვლის მასა არასაკმარისია, მისი ერთ–ერთი შესაძლო დასასრულია
– ყავისფერი ჯუჯები („სუბვარსკვლავები“). მეთი მასა არ აღემატება მზის მასის
0.07-0.09. ისინი დროთა განმავლობაში გადაიქცევიან პლანეტისმაგვარ
ობიექტებად. სითბოს გადატანა მათში ხორციელდება მხოლოდ კონვექციით, რაც
განაპირობებს მათი ქიმიური შემადგენლობის ერთგაროვნებას.
თუ ვარსკვლავის საწყისი მასა ნაკლებია 3M☼, როდესაც ტემპერატურა
ბირთვში მიაღწევს რამოდენიმე მილიონ კელვინს დაიწყება თერმობირთვული
რეაქციები, რომლის დროსაც წყალბადის ატომები გარდაიქმნება ჰელიუმის
ატომებად და გამოიყოფა ენერგია, რაც აკომპენსირებს ზედაპირიდან ენერგიის
დანაკარგს. როდესაც ტემპერატურა ვარსკვლავის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც
შეიცავს ჰელიუმს, აღწევს 108 K, იწყება ახალი ბირთვული რეაქცია - ჰელიუმის
„წვა“ და წარმოიქმნება 12C იზოტოპი. ბირთვში ჰელიუმის წვასთან ერთად
წყალბადის წვა მის გარსში იწყება, რომელიც გარს ერტყმის ჰელიუმის ბირთვს.
გარსში წყალბადის წვის შედეგად ჰელიუმის ბირთვის მასა იზრდება, რაც იწვევს
ვარსკვლავის გარსის გაფართოებას და ვარსკვლავი გადაიქცება წითელ გიგანტად.
წითელი გიგანტები - ვარსკვლავები მაღალი ნათებითა და განფენილი
გარსით. მათ გააჩნიათ ცხელი მკვრივი ბირთვი და გაიშვიათებული გარსი,
რადიუსმა შეიძლება შეადგინოს 100 მზის რადიუსი. ზედაპირის ტემპერატურაა
3000–5000 კელვინი (K).
გრავიტაციის ზემოქმედების შედეგად, სავარაუდოდ, ვარსკვლავის ბირთვის
ნივთიერება დაიწყებს შეკუმშვას, ხოლო ვარსკვლავის გარე ფენები დაიწყებს
გაფართოებას. შედეგად წარმოიქმნება პლანეტური ნისლეული.
პლანეტური ნისლეული შედგება იონიზირებული გაზოვანი გარსისა და
ცენტრალური ვარსკვლავის, თეთრი ჯუჯისაგან. ეს არის სწრაფად მიმდინარე
მოვლენა, რომელიც გრძელდება რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაში.
პლანეტური ნისლეულები წარმოიქმნება ვარსკვლავის გარე ფენების მოშორების
შედეგად მათი ევოლუციის ბოლო სტადიაში.
მას შემდეგ რაც გარე ფენები გაიფანტება პლანეტური ნისლეულის ცენტრში
არსებული თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის ზომა მცირდება ასეულჯერ, ხოლო
სიმკვრივე წყლის სიმკვრივეზე მილიონჯერ უფრო მაღალი ხდება. თეთრი ჯუჯები
- ვარსკვლავები, რომელთაც აღარ გააჩნია თერმობირთვული რეაქციის ენერგია,
მასა მზის მასის რიგისაა, რადიუსი 100-ჯერ და ნათობა კი 10 000-ჯერ ნაკლებია
მზისაზე.
დიდი მასის მქონე ვარსკვლავების ცენტრში ტემპერატურა შედარებით
მაღალია, სიმკვრივე კი - ნაკლები. როდესაც ცენტრალური არე იკუმშება,
შესაძლებელია არ მოხდეს ჰელიუმის კატასტროფული „წვა“. როდესაც ჰელიუმის
მარაგი ცენტრში ამოიწურება, ჰელიუმი განაგრძობს „წვას“ გარსში. ბირთვი
დაიწყებს შეკუმშვას და გახდება უფრო ცხელი. თავდაპირველად დაიწყება
ნახშირბადის, შემდეგ კი ჟანგბადისა და სილიციუმის „წვა“. როდესაც ცენტრში
თითოეული ეს საწვავი ამოიწურება, „წვა“ გაგრძელდება გარსში. ამგვარად,
ვარსკვლავს ექნება რამოდენიმე გარსი, სადაც ხდება ბირთვული „წვა“. საბოლოოდ
ვარსკვლავში იქნება შემადგენლობის მიხედვით განსხვავებული შრეები. მზის 15
მასაზე უფრო მასიური ვარსკვლავებში - რკინის ჩათვლით.
თერმობირთვული რეაქციების შეწყვეტა ბირთვში ნიშნავს, რომ წნევა
ბირთვში დაიწყებს ვარდნას, ხოლო ბირთვი დაიწყებს შეკუმშვას. ამ დროს
გამოყოფილი ენერგია იხარჯება რკინის ბირთვის დაშლაზე ჯერ ჰელიუმად,
შემდეგ კი პროტონებად და ნეიტრონებად. ვარსკვლავის იმ შრეებში, სადაც დარჩა
დაუწვავი ბირთვული საწვავი, ტემპერატურა დაიწყებს მატებას. ის აინთება
ფეთქებადი სახით და რამოდენიმე წამში მოხდება უზარმაზარი ენერგიის
გამონთავისუფლება და საბოლოოდ მოხდება ზეახალის აფეთქდება.
ზეახალი ვარსკვლავი წარმოადგენს კატაკლიზმური პროცესის შედეგს,
რომელიც ზოგიერთი ვარსკვლავის ევოლუციის პროცესის დროს ხდება და თან
ახლავს უზარმაზარი ენერგიის გამოყოფა. ზეახალი ვარსკვლავების ნარჩენები
მოგვაგონებს პლანეტურ ნისლეულს, მაგრამ ვინაიდან ზეახლები არიან
გაცილებით მძლავრი, მათი ნარჩენები გაცილებით უფრო სწრაფად
გაფართოვდებიან.
ზეახალის აფეთქების შედეგად ზემკვრივ ბირთვში პროტონები და
ელექტრონები შეერთდება და წარმოიქმნება ნეიტრონები. თუ ვარსკვლავის
ბირთვის მასა ნაკლებია 3 მზის მასაზე, სავარაუდოდ, წარმოიქმნება ნეიტრონული
ვარსკვლავი. თუ ბირთვის მასა საკმარისად დიდია, სავარაუდოდ, წარმოიქმნება
შავი ხვრელი.
ნეიტრონული ვარსკვლავები შედგება ნეიტრონებისაგან, რომელიც
დაფარულია ნივთიერების თხელი ფენით, რომელიც ძირითადად მძიმე ატომების
ბირთვებისა და ელექტრონებისაგან შედგება. მასა მზის 1,3—2,5 მასის ტოლია,
ხოლო რადიუსი 10-20 კმ-ია.
როდესაც ვარსკვლავის რკინის ბირთვის მასა 3 მზის მასას აღემატება,
წარმოიქმენება შავი ხვრელი.
შავი ხვრელი იმდენად მკვრივია, რომ მის ზედაპირთან გაქცევის სიჩქარე
აღემატება სინათლის სიჩქარეს, ამიტომ ის არ გამოასხივებს.
ამგვარად, ვარსკვლავები იბადებიან ნისლეულებში. ახალგაზრდა
ვარსკვლავები განიცდიან კოლაფსს და შედეგად წარმოიქმნება მთავარი
მიმდევრობის ვარსკვლავები. ასაკის მატებასთან ერთად, ვინაიდან ბირთვში
ამოიწურება წყალბადის მარაგი, შემდეგ კი – ჰელიუმიც, ვარსკვლავის გარე ფენები
ფართოვდება და წარმოიქმნება გიგანტი ან სუპერგიგანტი, რომელიც საბოლოოდ
განიცდის კოლაფსს და ფეთქდება. მის შემდგომ ბედს კვლავ განსაზღვრავს მისი
მასა: ის იქცევა შავ ჯუჯად, ნეიტრონულ ვარსკვლავად თუ შავ ხვრელად.
მატერია რომელიც გამოიტყორცნება ზეახლის ანთებისას უბრუნდება
ვარსკვლავთშორის სივრცეს და ხელახლა გამოიყენება ახალი ვარსკვლავების
ფორმირებისათვის. ვარსკვლავთა ფორმირება წარმოადგენს რთულ პროცესს,
რომლის დროსაც ახალგაზრდა ვარსკვლავების ირგვლივ ყოველთვის
წარმოიქმნება პროტოპლანეტური დისკი. ამ დისკისგან გარკვეული პირობების
შემთხვევაში შესაძლებელია წარმოიქმნას პლანეტები. ამგვარად, პალნეტური
სისტემების წარმოქმნა ითვლება ვარსკვლავთა ჩამოყალიბების ბუნებრივ შედეგად.
მზის სისტემის ფორმირება დაიწყო დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ
გიგანტური ვარსკვლავთშორისი გაზოვან–მტვროვანი ღრუბლის გრავიტაციული
შეკუმშვის შედეგად. ზოგადად ეს პროცესი შეიძლება შემდეგნაირად აღვწეროთ:
გრავიტაციული შეკუმშვის საწყისი გახდა გაზოვან–მტვროვანი ღრუბლის
ნივთიერების მცირე შემკვრივება. ღრუბლის ზომების შშემცირებასთან ერთად
იზრდებოდა ღრუბლის ბრუნვის სიჩქარე, რამაც გამოიწვია ღრუბლის შემკვრივება
და დისკის ფორმირება. შეკუმშვის შედეგად იზრდებოდა სიმკვრივე და
ნივთიერების ნაწილაკების ერთმანეთთან შეჯახების ინტენსივობა, რის შედეგადაც
შეკუმშვასთან ერთად უწყვეტად იზრდებოდა ნივთიერების ტემპერატურა და
დისკის ცენტრალურმა ნაწილმა დაიწყო ნათება – წარმოიქმნა ვარსკვლავი. დისკის
გარე ნაწილები რჩებოდა შედარებით ცივი, მასში წარმოქმნა დაიწყო ცალკეულმა
შემკვრივებებმა, რომლებიც იქცნენ პლანეტებად.
მზის ბირთვში მიმდინარეობს წყალბადის ჰელიუმად გარდაქმნის
თერმობირთვული რეაქციები. ყოველ წამს მზის ბირთვში 4 მილიონი ტონა
ნივთიერება გარდაიქმნება ენერგიად, რის შედეგადაც გენერირდება მზის
გამოსხივება. მას შემდეგ, რაც ბირთვში წყალბადის საწვავი ამოიწურება, მისი გარე
გარსი დაიწყებს გაფართოებას, ხოლო ბირთვი დაიწყებს შეკუმშვას და გაცხელებას.
როდესაც ბირთვის ტემპერატურა მიაღწევს 100 მილიონ გრადუსს, მასში დაიწყება
ჰელიუმისაგან ნახშირბადისა და ჟანგბადის სინთეზის თერმობირთვული რეაქცია.
განვითარების ამ ფაზაზე მზის შიგნით განვითარებული ტემპერატურული
არამდგრადობები გამოიწვევს იმას, რომ მზე დაიწყებს მასის დაკარგვას და გარსის
მოცილებას.
მზის მასა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მისი არსებობა დასრულდეს
ზეახალის აფეთქებით. მას შემდეგ, რაც მზე გაივლის წითელი გიგანტის ფაზას,
გარეთა გარსი მოცილდება და მისგან წარმოიქმნება პლანეტური ნისლეული.
ცენტრში დარჩება თეთრი ჯუჯა, რომელიც თანდათანობით გაცივდება და
ნელნელა, რამოდენიმე მილიონი ან მილიარდი წლის შემდეგ გადაიქცევა შავ
ჯუჯად.
პლანეტების ბუნებრივი თანამგზავრების წარმოქმნის სამი მექანიზმი
განიხილება:
• პლანეტის მახლობელი დისკიდან ფორმირება;
• ფორმირება შეჯახების შედეგად;
• ახლოს ჩავლილი ობიექტის მიტაცება.
იუპიტერსა და სატურნს დიდი რაოდენობით თანამგზავრები გააჩნიათ.
დიდი ზომის თანამგზავრები, სავარაუდოდ, იმავე პრინციპით ჩამოყალიბდა,
როგორც პლანეტები მზის ირგვლივ. ამაზე მიუთითებს მათი დიდი ზომები და
პლანეტასთან სიახლოვე. ეს თვისებები არ შეიძლება გააჩნდეს მიტაცებულ
თანამგზავრს, ხოლო გიგანტი პლანეტების გაზოვანი სტრუქტურა შეუძლებელს
ხდის თანამგზავრების ჩამოყალიბების ჰიპოთეზას სხვა სხეულთან შეჯახების
შედეგად.
ვარსკვლავთა ტიპები და კლასიფიკაცია ვარსკვლავი – ციური სხეული, მასიური კაშკაშა
სფეროა, რომელშიც მიმდინარეობს თერმობირთვული რეაქცია და მისი წყალობით
ხდება ენერგიის გამოყოფა. ვარსკვლავები წარმოიქმნებიან გაზოვან-მტვროვანი
ნისლეულის (ნისლეული - ვარსკვლავთშორისი ღრუბელი, რომელიც მტვრისა და
გაზისაგან შედგება), შეკუმშვის შედეგად. მისი ძირითადი შემადგენელია წყალბადი და
ჰელიუმი. ვარსკვლავთ წიაღში ტემპერატურა იზომება მილიონობით, მათ ზედაპირზე
კი – ათასობით კელვინით (K). ვარსკვლავთა დიდ უმრავლესობაში ენერგია გამოიყოფა
ვარსკვლავის წიაღში მაღალი ტემპერატურის პირობებში თერმობირთველი რეაქციის
(თერმობირთვული რეაქცია - რეაქცია, რომელშიც პატარა ბირთვები, უფრო დიდებად
ერთიანდება) შედეგად წყალბადის ჰელიუმად გარდაქმნის ხარჯზე. შეუიარაღებელი
თვალით ცაზე მოჩანს დაახლოებით 6000 ვარსკვლავი, 3000- მდე ვარსკვლავი
დაიკვირვება თვითოეულ ნახევარსფეროში. დედამიწის უახლოესი ვარსკვლავი, თუ არ
ჩავთვლით მზეს, არის პროქსიმა ცენტავრა. ის მდებარეობს ჩვენი სისტემიდან 4,2
სინათლის წლის მანძილზე (სინათლის წელი - მანძილი, რომელსაც სინათლე ფარავს
ერთი წლის განმავლობაში). საკითხი: რამდენად ჩვეულებრივი ან უჩვეულო არის მზე
მეთექვსმეტე საუკუნემე არ დამდგარა, ვინაიდან ითვლებოდა, რომ მზე არსებობდა
ერთადერთ ეგზემპლარში, ხოლო სხვა ვარსკვლავები - უბრალოდ რაღაც კაშკაშა
წერტილები იყო ცაზე და ითვლებოდა, რომ ისინი არ საჭიროებდა კვლევას. გარდატეხა
მოხდა მას შემდეგ, რაც დანიელი მეცნიერი, ტ. ბრაჰე 1572 წ. დააკვირდა რა ზეახალი
ვარსკვლავის (ზეახალი ვარსკვლავი - ვარსკვლავი, რომლის ბრწყინვალება რამდენიმე
წამში მკვეთრად იზრდება) აფეთქებას, მიხვდა, რომ ცაზეც შესაძლებელია მოხდეს
გარკვეული ცვლილებები და არა მხოლოდ მზე და პლანეტები, არამედ ვარსკვლავთა
სამყაროც უნდა ყოფილიყო გამოკვლეული. ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც
გამოთქვა მოსაზრება, რომ მზე და ვარსკვლავები - მონათესავე ობიექტებია, იყო
ფრანგი ფილოსოფოსი რ. დეკარტი. მზისა და ვარსკვლავების სერიოზული შესწავლა
მე-19-ე საუკუნეში დაიწყო. აღმოჩნდა, რომ თვითონ ვარსკვლავები ძალიან
განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ამიტომ, როდესაც ვამბობთ, რომ მზე ისეთივე
ვარსკვლავია, როგორც ყველა დანარჩენი, ისმის კითხვა: ისეთივე - ეს რომელია?
ვარსკვლავთა კლასიფიკაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც მიიღეს ვარსკვლავთა სპექტრები
(სპექტრი - ფიზიკური სიდიდის მნიშვნელობების გადანაწილება). პირველი იყო ი.
ნიუტონი, რომელმაც თეთრი სინათლე პრიზმის დახმარებით სხვადასხვა ფერისა და
გარდატეხის მქონე ცალკეულ კომპონენტებად დაშალა, ანუ მან მიიღო მზის სპექტრი
და ახსნა მისი ბუნება, აჩვენა რა რომ ფერი არის სინათლის თვისება. მზე ასხივებს
თეთრ სინათლეს, თუმცა სინამდვილეში ის შედგება ცისარტყელას ყველა ფერისაგან.
მზის სინათლეს თუ გავატარებთ პრიზმაში, სინათლის ნაკადში ფერადი სხივები
შეიცვლიან მიმართულებას, გადაიხრებიან და პრიზმიდან გამოსვლისას ცისარტყელას
ფერებად დაიშლებიან. პრიზმაში სინათლე გადაიხრება: წითელი ფერი ყველაზე
ნაკლებად, იისფერი – ყველაზე მეტად. ფერებს თუ მივმართავთ ეკრანზე, მივიღებთ
სპექტრს - სხვადასხვა ფერის ზოლებს. ბუნებრივ პირობებში სინათლის სპექტრი
შეიძლება დავინახოთ ცაზე ცისარტყელას სახით. სინათლის სპექტრის შესწავლის
შემდგომი ეტაპი დადგა მას შემდეგ, როდესაც 1814 წ. ჯ. ფრაუნჰოფერი მზის სპექტრში
დააკვირდა ბნელ ხაზებს და მზის სპექტრში აღწერა 500-ზე მეტი ბნელი ხაზი.
სინათლის სპექტრი შეიძლება იყოს უწყვეტი (უწყვეტი სპექტრი - ფერების უწყვეტი
თანამიმდევრობა. მისი მიღება შესაძლებელია ნებისმიერი ელემენტის გახურებით),
ემისიური (ემისიური სპექტრი - თუ ელემენტის გახურების შედეგად გამოსხივებული
სინათლე გაივლის პრიზმაში, პრიზმიდან გამოვა მხოლოდ რამოდენიმე ფერის
ემისიური ხაზი. ეს ნაკრები უნიკალურია თითოეული ელემენტისათვის და სპექტრული
ხაზების მიხედვით შესაძლებელია განვსაზღვროთ რა ელემენტების გახურების
შედეგად წარმოიქმნა ეს გამოსხივება) და შთანთქმის (შთანთქმის სპექტრი - უწყვეტი
სპექტრი ზედდებული შთანთქმის ხაზებით. ის მიიღება როდესაც გამოსხივება გაივლის
ცივ გაზში და შემდეგ პრიზმაში. ფერი დაიბლოკება და მივიღებთ სპექტრს შავი
შთანთქმის ხაზებით. მოცემული ელემენტისათვის იბლოკება ზუსტად იგივე ფერები,
რომელიც გამოსხივდება გახურების შემთხვევაში). მზის სპექტრი უწყვეტია,
ზედდებული ათასობით შთანთქმის ხაზებით. ამ შთანთქმის ხაზებს ეწოდება
ფრაუნჰოფერის ხაზები და მზის სპექტრს ზოგჯერ ფრაუნჰოფერის სპექტრსაც
უწოდებენ. მზის სპექტრში აღმოჩენილია 60-ზე მეტი ელემენტის ხაზი, მათგან უფრო
ინტენსიურია წყალბადის, ჰელიუმის, ნახშირბადის, აზოტის, ჟანგბადის, კალციუმის,
რკინის, ნიკელის ხაზები. მზის სპექტრში შთანთქმის ბნელი ხაზები წარმოიქმნება,
რადგან მზის ფოტოსფეროს შედარებით ცივი გაზი შთანთქავს ქვემოდან გამოსულ
გამოსხივებას. ჯ. ფრაუნჰოფერმა აღნიშნა, რომ მზის სპექტრში დაკვირვებული
შთანთქმის ზოგიერთი ხაზი არ დაიმზირებოდა სხვა ვარსკვლავთა სპექტრებში,
ზოგიერთი ვარსკვლავის სპექტრში კი უფრო მეტი შთანთქმის ხაზი დაიკვირვებოდა.
ვარსკვლავთა კლასიფიკაციის დროს, სპექტრული ხაზების შემადგენლობისა და
სიმძლავრის მიხედვით ვარსკვლავს მიაკუთვნებენ ამა თუ იმ კლასს. თავდაპირველად
ვარსკვლავთა სპექტრების თანმიმდევრული დალაგება მოხერხდა ზოგიერთი
სპექტრული ხაზი შესუსტებისა და სხვა ხაზების გაძლიერების მიხედვით. ერთმანეთის
მსგავსი სპექტრები ერთიანდებოდა სპექტრულ კლასებად. მათ შორის უმნიშვნელო
განსხვავებები იძლეოდა ქვეკლასების გამოყოფის საშუალებას. მომდევნო კვლევებმა
აჩვენა, რომ სხვადასხვა სპექტრულ კლასებს განსხვავებული ტემპერატურები ჰქონდათ.
სპექტრული კლასიფიკაციის ეს მეთოდი პირველად გამოყენებული იყო ჰარვარდის
ობსერვატორიაში 1890–1924 წწ. და წარმოადგენს ვარსკვლავთა კლასიფიკაციას მათი
ტემპერატურის მიხედვით. ძირითადად ვარსკვლავთა სპექტრების შვიდი კლასი
განიხილება. ისინი აღინიშნებიან ლათინური ასოებით O, B, A, F, G, K, M. სპექტრული
კლასიფიკაციის მიხედვით მზე მიეკუთვნება G2 კლასს. მზე წარმოადგენს ტიპიურ
ყვითელ ჯუჯა (ყვითელი ჯუჯა - მცირე ზომის ვარსკვლავი, რომლის მასა ტოლია მზის
მასის 0,8 -1,4-ისა. ენერგიის ძირითადი წყაროა თერმობირთვული რეაქციები და
ზედაპირის ეფექტური ტემპერატურა შეადგენს 5 000-6 000 კელვინს. სოცოცხლის
ხანგრძლივობა საშუალოდ შეადგენს 10 მილიარდ წელს) ვარსკვლავს. იმ ფერებისგან
განსხვავებით, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, მზის სინათლეში არის უხილავი სინათლეც.
სპექტრის იისფერი ბოლოს იქით ულტრაიისფერი სინათლეა. სპექტრის წითელი
ბოლოს მახლობლად კი - ინფრაწითელი სინათლეა. არსებობს მზის რადიაციის სხვა
სახეებიც: რადიოტალღები, რენტგენის გამოსხივება და გამა-სხივები. მზის
გამოსხივების დასახასიათებლად 1837 წ. შემოღებული იყო მზის მუდმივა. ეს არის
ენერგიის რაოდენობა, რომელიც ერთი წუთის განმავლობაში დედამიწის ატმოსფეროს
გარეთ მზის სხივებისადმი მართობულად მოთავსებულ ერთ კვადრატულ სანტიმეტრ
ფართობზე მოდის მზიდან. აღმოჩნდა, მზის მუდმივა არ არის მუდმივი. ის უწყვეტად
და საკმაოდ რთულად იცვლება, თუმცა მისი ცვლილებები არ არის დიდი და არასოდეს
აღემატება 1-2 %. მზის მუდმივა საშუალოდ ტოლია 1.94 კალ/სმ2წთ. მის ცვლილებაზე
მოქმედებს ორი ძირითადი ფაქტორი: დედამიწასა და მზეს შორის მანძილის
ცვალებადობა და მზის აქტივობა. ყველაზე მცირე ზომის ვარსკვლავების მასები 10-ჯერ
ნაკლებია მზის მასაზე. ითვლება, რომ არ შეიძლება არსებობდეს მზეზე 150-ჯერ უფრო
მასიური ვარსკვლავები, თუმცა ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ
დადასტურებული. რაც ნაკლებია ვარსკვლავის მასა, მით მეტია ასეთი ვარსკვლავების
რაოდენობა. ყოველ 700 მზის მასის მქონე ვარსკვლავზე მოდის 9 ათასი მზეზე ნაკლები
მასის მქონე ვარსკვლავი. ამგვარად, მასის მიხედვით, მზე - არც მაინცა და მაინც
ტიპიური ვარსკვლავია. ჩვენ ვცხოვრობთ ვარსკვლავის მახლობლად, რომელიც
შედარებით კაშკაშა ცხელი და მასიურია, ვიდრე ვარსკვლავების უმრავლესობა,
ვინაიდან სამყაროში ყველაზე გავრცელებულია წითელი ჯუჯა ვარსკვლავები. მათი
მასა არ აღემატება მზის მასის ერთ მესამედს. მათი ტემპერატურაა დაახლოებით 3 500
K. წითელი ჯუჯების სიცოცხლის ხანგრძლივობა რამოდენიმე ათეული მილიარდიდან
რამოდენიმე ათეულ ტრილიონ წელს შეადგენს. ისინი მიეკუთვნებიან М და К
სპექტრულ კლასებს. წითელი ჯუჯა ვარსკვლავების წარმომადგენელია ცენტავრას
პროქსიმა, რომელიც ჩვენი უახლოესი ვარსკვლავია. მეოცე საუკუნის დასაწყისში ე.
ჰერცშპრუნგმა ევროპაში და ჰ. რასელმა ამერიკაში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად
აჩვენეს, რომ ვარსკვლავები ერთგვარად ნაწილდება ორ ჯგუფად: მზისმაგვარი, ე. ი.
შედარებით მცირე სიკაშკაშის მქონე ვარსკვალავები; მეორე ჯგუფში კი ისეთებია,
რომელთაც დიდი სიკაშკაშე ახასითებთ. პირველთ ეწოდათ ჯუჯა-ვარსკვლავები (ჯუჯა
ვარსკვლავი — შედარებით პატარა ზომისა და დაბალი ნათების მქონე ვარსკვლავი),
მეორეებს კი – გიგანტი ვარსკვლავები (გიგანტი ვარსკვლავო – უზარმაზარი, ძალიან
ცხელი ვარსკვლავი, საკმარისად დიდი რადიუსით და მაღალი ნათებით), შემდგომში
ზეგიგანტი ვარსკვლავების (სუპერგიგანტი ვარსკვლავი – გიგანტ ვარსკვლავზე დიდი
ნათების ვარსკვლავი) ჯგუფიც გამოვლინდა. ჰერცშპრუნგ-რასელის (H-R) დიაგრამაზე
კარგად ჩანს, რომ წერტილები თანაბრად ან ქაოსურად კი არ ნაწილდება, არამედ
ვარსკვლავთა უმრავლესობა დალაგდება უპირატესი ხაზების გასწვრივ: ესაა ე. წ.
მთავარი მიმდევრობის შტო და - გიგანტების შტო. ვარსკვლავები ევოლუციის
სხვადასხვა ფაზის მიხედვით სხვადასხვა ადგილს იკავებენ H-R დიაგრამაზე.
ვარსკვლავთა ფორმირება ხდება გაზოვან-მტვროვანი ღრუბლის შეკუმშვის შედეგად.
როდესაც ხდება წონასწორობის დამყარება წნევასა და მიზიდულობის ძალას შორის,
ღრუბელში ყალიბდება მომავალი ვარსკვლავის ცენტრალური ბირთვი
(პროტოვარსკვლავი). მას შემდეგ, რაც ვარსკვლავი დაიწყებს ნათებას,
პროტოვარსკვლავური ფაზა სრულდება და იწყება ახალგაზრდა ვარსკვლავის ფაზა. H-
R დიაგრამაზე პროტოვარსკვლავი უერთდება მთავარ მიმდევრობას. მთავარი
მიმდევრობის ფაზის დაწყებისას ვარსკვლავის ბირთვში იწყება წყალბადის წვის
თერმობირთვული რეაქციები. ამ დროს წყდება ვარსკვლავის შეკუმშვა და ის იწყებს
მშვიდ და წყნარ არსებობას მთავარ მიმდევრობაზე. მთავარ მიმდევრობაზე
ვარსკვლავის ყოფნა ყველაზე ხანგრძლივი პროცესია, შესაბამისად, ვარსკვლავთა
უმეტესობა მთავარ მიმდევრობაზე მდებარეობს. ვინაიდან წყალბადის წვის სტადიაში
ვარსკვლავების აღმოჩენის ყველაზე დიდი ალბათობა არსებობს, HRდიაგრამის
მთავარი შტო, განსაკუთრებით მისი მცირე მასის მქონე ვარსკვლავების ქვედა ბოლო,
ყველაზე მდიდარია ვარსკვლავთა რაოდენობის მიხედვით. მთავარი მიდევრობის
ზედა ბოლოზე, სადაც მოთავსებულია შედარებით მასიური ვარსკვლავები, გაცილებით
ნაკლები ვარსკვლავები მდებარეობენ, რაც განპირობებულია მათი მთავარ
მიმდევრობაზე ყოფნის შედარებით მცირე პერიოდით. ამდენად, მთავარ
მიმდევრობაზე ვარსკვლავის ყოფნის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ვარსკვლავის
მასაზე. მზის მასის ტოლი ვარსკვლავებისათვის მთავარ მიმდევრობაზე ყოფნის
პერიოდი შეადგენს დაახლოებით 10 მილიარდ წელს. უფრო მასიური ვარსკვლავების
ევოლუცია უფრო სწრაფად ხდება, ვინაიდან ისინი ასხივებენ დიდი რაოდენობით
ენერგიას. მზის 15 და მეტი მასის მქონე ვარსკვლავებისათვის მთავარი მიმდევრობის
ფაზა გრძელდება მხოლოდ დაახლოებით 10 მილიონ წელს. როგორც კი ამოიწურება
წყალბადის მარაგი ბირთვში, ვარსკვლავი ტოვებს მთავარ მიმდევრობას და
გადაინაცვლების H-R დიაგრამის მარჯვენა ზედა ნაწილში (ანუ ვარსკვლავი
გარდაიქმნება გიგანტ ან სუპერგიგანტ ვარსკვლავად). გიგანტი ვარსკვლავებიდან
სამყაროში ყველაზე მეტად გავრცელებულია წითელი გიგანტები, ვარსკვლავები
მაღალი ნათებითა და განფენილი გარსით. მათ გააჩნიათ ცხელი მკვრივი ბირთვი და
გაიშვიათებული გარსი, რადიუსმა შეიძლება შეადგინოს 100 მზის რადიუსი. ზედაპირის
ტემპერატურაა 3000–5000 K. სავარაუდოდ, როდესაც მზის ბირთვში ამოიწურება
წყალბადის მარაგი, ის წითელ გიგანტად გარდაიქმნება. ვარსკვლავის გარე ფენების
გაფართოებასთან ერთად, გრავიტაციის ზემოქმედების შედეგად ვარსკვლავის
ბირთვის ნივთიერება დაიწყებს შეკუმშვას და საბოლოოდ გარდაიქმნება თეთრ ჯუჯა
ვარსკვლავად და ის H-R დიაგრამაზე გადაინაცვლებს ქვედა მარცხენა მხარეს. ანუ,
ამჟამად H-R დიაგრამაზე მზე მდებარეობს მთავარ მიმდევრობაზე, შემდეგ ის
გადაინაცვლებს წითელ გიგანტებში, ხოლო ბოლოს გახდება თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი.
ციური სხეულების, მათ შორის ვარსკვლავების კვლევა ხორციელდება სხვადასხვა
ტელესკოპების დახმარებით. პირველი ტელესკოპი იყო ლინზიანი (ე. წ. რეფრაქტორი).
ის აგებული იყო 1610 წელს იტალიელი ასტრონომის, გ. გალილეის მიერ. ტელესკოპს
გააჩნდა მოკრძალებული ზომები (მილის სიგრძე 1245 მმ, ობიექტივის დიამეტრი 53 მმ).
ტელესკოპი მხოლოდ 30-ჯერ ადიდებდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, გ. გალილეიმ
მოახერხა გაეკეთებინა რიგი მნიშვნელოვანი აღმოჩენები - განსაზღვრა ვენერას
ფაზები, აღმოაჩინა იუპიტერის თანამგზავრები, დააკვირდა მზის ლაქებს და სხვ.
ტელსკოპით მიღებული გამოსახულების დაბალი ხარისხის გამო ოპტიკოსებმა დაიწყეს
მისი გაუმჯობესების გზების ძიება. აღმოჩნდა, რომ ტელესკოპის მილის სიგრძის
გაზრდა მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა გამოსახულების ხარისხს. ამიტომ ჯ.
ჰეველიუსმა დაიწყო დიდი ზომის (ე. წ. საჰაერო) ტელესკოპების აგება. საჰაერო
ტელესკოპით დაკვირვების შედეგად აღმოჩენილი იქნა სატურნის რგოლი და მისი
თანამგზავრები და ე. წ. „პოლარული ქუდები“ მარსზე. 1663 წელს ჯ. გრეგორიმ შექმნა
ახალი სქემა ტელესკოპისა - ე. წ. რეფლექტორი, სადაც პირველად იყო
შემოთავაზებული ლინზის ნაცვლად სარკის გამოყენება. დღეისათვის უდიდესია
ტელსკოპი (Grand Telescopio Canarias), რომლის სარკის დიამეტრია 10.4 მ. მდებარეობს
ესპანეთში, კუნძულ ლა პალმაზე 2267 მ სიმაღლეზე (კანარის კუნძულებზე). მასზე
დაკვირვებები დაიწყო 2009 წლიდან.

მზე – რიგითი ვარსკვლავი

მზის ენერგიას მისი სითბოსა და სინათლის სახით აღვიქვამთ. ის ჩვენს


გარშემო მიმდინარე ყველა პროცესში იღებს მონაწილეობას. მზის გამოსხივება,
მისი ენერგია მიზეზია ყველა იმ ცვლილებისა, რაც დედამიწის ჰიდროსფეროში და
ატმოსფეროში ხდება.
მზე გავარვარებული გაზოვანი მნათი სფერული სხეულია. უფრო სწორად,
მზე წარმოადგენს პლაზმის სფეროს, რადგან მისი შემადგენელი გაზი იონიზებულ
(იონიზაცია - პროცესი, რომლის დროსაც ატომები და მოლეკულები იშლება
დადებით და უარყოფით ნაწილაკებად) მდგომარეობაშია.
მზის ცენტრიდან სხვადასხვა მანძილზე სხვადასხვაა ტემპერატურა, წნევა,
იონიზაციის პირობები, ნაწილაკების მოძრაობის სიჩქარე და სხვ. მზის ატმოსფერო
პირობითად იყოფა რამდენიმე კონცენტრულ გარსად. ესენია მზის ფოტოსფერო,
ქრომოსფერო და კორონა. მზის მთელი მასის 99 % მოქცეულია მზის 0.8 რადიუსის
შიგნით.
მზის ფოტოსფერო არის კაშკაშა სფერო, რომელსაც ყოველდღიურად
ვხედავთ ცაზე. მზის თითქმის მთელი გამოსხივება, რომელიც ჩვენამდე აღწევს,
გამოდის მზის ატმოსფეროს სწორედ ამ ვიწრო ფენიდან. ფოტოსფეროს სისქე
დაახლოებით შეადგენს 200 კმ, ხოლო მისი ტამპერტურა დაახლოებით 6 000
კელვინია (K).
მზის ფოტოსფეროს ქვემოთ მდებარეობს კონვექციური ფენა. მისი არსებობა
მჟღავნდება ფოტოსფეროს სიკაშკაშის არაერთგვაროვნებაში – ე. წ. გრანულაციაში.
გრანულებს აქვთ 400 K-ით მეტი ტემპერატურა, ვიდრე ფოტოსფეროს. მათ ცენტრში
ქვედა ფენებიდან ცხელი ნივთიერება ზემოთ ამოდის, შემდეგ ზედაპირზე
ჰორიზონტულად გადაედინება და გრანულების საზღვარზე ქვემოთ ეშვება.
გრანულების დიამეტრი შეადგენს საშუალოდ 1000 კმ. მათი სიცოცხლის
ხანგრძლივობაა 5-10 წუთი, თუმცა ზოგიერთი გრანულის დაკვირვება ხერხდება 20
წუთის განმავლობაშიც.
გ. გალილეიმ მზის ზედაპირის ტელესკოპით პირველივე დაკვირვებისას
შენიშნა ბნელი არეები მზის კაშკაშა ფოტოსფეროზე. ეს არის მზის ლაქები. მზის
ლაქები წარმოდგენენ საკმაოდ ფართო არეებს. ლაქები ფოტოსფეროსთან
შედარებით 1-2 ათასი კელვინით უფრო ცივია, რის გამოც ფოტოსფეროს ფონზე
ლაქები მოჩანს ბნელად. ლაქათა ზომები იცვლება 1 000 - 2 000 კმ–დან 40 000 კმ–
მდე, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირებულია გაცილებით დიდი ზომის
ლაქებიც. მცირე ზომის ლაქებს ეწოდება პორები.
მზის ლაქები ათეული წლების განმავლობაში ცნობილი იყო, როგორც
დაბალი ტემპერატურისა და გაძლიერებული მაგნიტური ველის არეები. ენერგიის
ნაკადის შემცირება ლაქებში გამოწვეულია მაგნიტური ველის მიერ ფოტოსფეროში
კონვექციური მოძრაობის ჩახშობით. მაგნიტური ველის ლოკალური გაძლიერება
იწვევს პლაზმის მოძრაობის დამუხრუჭებას, რაც აფერხებს მზის ზედაპირზე
სითბოს ამოტანას. ამასთან მზის ლაქაში მოჩანს მზის უფრო ღრმა ფენები, რადგანაც
ნივთიერების სიმკვრივე ლაქაში არის ნაკლები, ვიდრე მის გარემომცველ
ფოტოსფეროში. მზის ლაქებს ჩვეულებრივ არაწესიერი ფორმა გააჩნიათ, თუმცა
გვხვდება წესიერი ფორმის ლაქებიც.
მზის ლაქების წარმოქმნის პროცესი იწყება მაგნიტური ველის ძალწირების
მიერ ფოტოსფეროს გარღვევით. თავდაპირველად ამ ადგილას ჩნდება პორა.
რამოდენიმე საათის განმავლობაში მაგნიტური ველის გაძლიერებასთან ერთად
პორების ზომა და რაოდენობა იზრდება. ისინი ერწყმიან ერთმანეთს და
წარმოქმნიან ერთ ან რამოდენიმე ლაქას.
ლაქები ჩვეულებრივ წარმოიქმნება ჯგუფებად. ლაქათა ჯგუფებში ერთ-
ერთი ძირითადი ლაქა უფრო წინ მდებარეობს, ვიდრე მეორე. ამიტომ მას ლიდერს
ანუ წინმავალ ლაქას უწოდებენ, ხოლო მის უკან მდებარე მეორე ძირითად ლაქას -
თანამდევს ან მიმდევარს.
ლაქების საშუალო წლიური რიცხვი, აგრეთვე მათი საშუალო ფართობი
იცვლება პერიოდით დაახლოებით 11 წელი. ჩვეულებრივ ლაქები გვხვდება ე. წ.
“სამეფო ზონებში”, რომელიც მდებარეობს ჰელიოგრაფიული განედის 5 და 30
შორის მზის ეკვატორის ორივე მხარეს. ციკლის დასაწყისში ლაქების მდებარეობის
განედი უფრო მაღალია, ვიდრე ციკლის ბოლოს.
1922 წელს ე. მაუნდერის მიერ შედგენილი იყო დიაგრამა, რომელიც ასახავდა
ამ კანონზომიერებას, რომელსაც ეწოდა „მაუნდერის პეპლების“ დიაგრამა.
მზის ფოტოსფეროში ლაქების გარშემო დაიკვირვება ჩირაღდნები – კაშკაშა
წარმონაქმნები. ჩირაღდნების ტემპერატურა გარემომცველ გარემოსთან
შედარებით დაახლოებით 2 000 K–ით მეტია. ჩირაღდნები არის გაძლიერებული
მაგნიტური ველის არეები, მაგრამ აქ მაგნიტური ველი ლაქებთან შედარებით
სუსტია. თუ მაგნიტური ველის ენერგია საკმარისად დიდია, მაშინ ნივთიერების
მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ ძალწირების გასწვრივ. მაგნიტურ ველს
ჩირაღდნის არეში არ ძალუძს შეაჩეროს ძლიერი კონვექციური მოძრაობა, თუმცა
მას აძლევს უფრო მოწესრიგებულ ხასიათს. კონვექციური ნაკადების
მოწესრიგემული მოძრაობა საშუალებას აძლევს გაზს გადაიტანოს ენერგიის
შედარებით დიდი ნაკადი. ლაქათა რაოდენობის მსგავსად, ჩირაღდნების
რაოდენობა დამოკიდებულია მზის აქტივობის ციკლის ფაზაზე.
ფოტოსფეროს ზემოთ მდებარეობს ქრომოსფერო. ქრომოსფეროს
ტემპერატურა სიმაღლესთან ერთად იზრდება 6 000 K-დან 15 000-20 000 K-მდე.
ქრომოსფერო ჩვეულებრივ პირობებში არ მოჩანს. მზის სრული დაბნელების დროს,
როცა მთვარის დისკო ფარავს მზის უკანასკნელ სხივს, კორონის გამოჩენამდე, 1-2
წამის განმავლობაში მოჩანს ქრომოსფერო. სპეციალური შუქფილტრების
გამოყენებით შესაძლებელია ქრომოსფეროს დაბნელების გარეშე დაკვირვებაც.
მზის დისკოს კიდეზე ქრომოსფერო ერთგვარად დაკბილულია და
წარმოადგენს თითქოს ალისფერი „ენების“ ერთობლიობას, რომლებიც
განუწყვეტლივ მოძრაობენ და სახეს იცვლიან. ეს ქრომოსფერული სპიკულებია.
სპიკულები - გაზის ვერტიკალური სვეტებია, რომელიც მაგნიტური ველის
ზემოქმედების შედეგად გამოიტყორცნებიან ქვედა ქრომოსფეროდან და
რამოდენიმე წუთში უკანვე ეშვებიან. მზის სპიკულების სიცოცხლის
ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 5-10 წუთს.
ქრომოსფერუ;ი წარმონაქმნებია პროტუბერანცებიც. ეს არის წარმონაქმნები
მზის ატმოსფეროში, რომელთაც აქვთ ქრომოსფეროს ტემპერატურა და სიმკვრივე,
მაგრამ ისინი მდებარეობენ მის ზემოთ და გარემოცულნი არიან მზის ატმოსფეროს
შედარებით გაიშვიათებული ფენებით. ტიპიურ პროტუბერანცს აქვს გიგანტური
მანათობელი მარყუჟის ფორმა, რომელიც ეყრდნობა ქრომოსფეროს და შედგება
შედარებით მკვრივი და ცივი გაზის ნაკადებისაგან.
პროტუბერანცები გამოირჩევა ფორმების მრავალფეროვნებით. მათი დაყოფა
ხდება შემდეგ კლასებად:
• წყნარი
• აქტიური
• ერუფციული (ამოფრქვეული)
• კორონული (მარყუჟისმაგვარი)
წყნარ პროტუბერანცებში ნივთიერების მოძრაობა და ფორმის ცვლილება
ნელა ხდება; მათი არსებობის ხანგრძლივობა შეადგენს რამოდენიმე კვირას და
შესაძლოა რამოდენიმე თვესაც. წყნარი პროტუბერანცები დაიკვირვება ყველა
ჰელიოგრაფიულ განედზე. ისინი წარმოიქმნებიან ლაქათა ჯგუფებიდან
მოშორებით ან მათ მახლობლად ლაქათა ჯგუფის განვითარების გვიან სტადიაზე.
მათი საშუალო ტემპერატურაა 15 000 К. ზოგიერთი წყნარი პროტუბერანცი ნელა
გადაადგილდება მზის პოლუსებისაკენ, თანდათანობით იღებს აღმოსავლეთ-
დასავლეთ ორიენტაციას და მას შემდეგ, რაც ის მიაღწევს პოლარულ არეს,
შესაძლებელია მან კიდევ 5 თვემდე იარსებოს.
აქტიურ პროტუბერანცებში ხდება ნივთიერებათა ნაკადების საკმაოდ
სწრაფი მოძრაობა. აქტიურ პროტუბანცებში დაიკვირვება სწრაფი ცვლილებები და
ნივთიერების აქტიური მოძრაობები. მათი საშუალო ტემპერატურაა 25 000 К.
ზოგიერთი წყნარი პროტუბერანციც გაივლის აქტიურ სტადიას, რაც
შესაძლებელია გაგრძელდეს რამოდენიმე ათეული წუთიდან რამოდენიმე დღემდე.
ეს პროცესი ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია მათი სრული გაქრობით ან
ერუფციულ პროტუბერანცად გარდაქმნით დასრულდეს.
ერუპციული (ამოფრქვეული) პროტუბერანცები მოგვაგონებენ დიდ
შადრევნებს, რომელთა სიმაღლე მზის ზედაპირიდან ზოგჯერ მლნ კმ-მდეც კი
აღწევს. მათში ნივთიერების მოძრაობა ხდება სწრაფად. ნივთიერება ამოიფრქვევა
რამოდენიმე ასეული კმ/სეკ სიჩქარით. ერუპციული პროტუბერანცები საკმაოდ
სწრაფად იცვლიან ფორმას. სიმაღლის ზრდასთან ერთად პროტუბერანცი
სუსტდება და მისი ნივთიერება გაიფანტება. ერუპციული პროტუბერანცების
სიცოცხლის ხანგრძლივობა არაა დიდი.
კორონული (მარყუჟისმაგვარი) პროტუბერანცები წარმოიქმნება
ქრომოსფეროს ზემოთ კორონაში მცირე ზომის მანათობელი ღრუბლების სახით.
დროთა განმავლობაში ეს მცირე ზომის ღრუბლები ერთიანდებიან ერთ დიდი
ღრუბლად. დიდი ღრუბლიდან ქვემოთ (ქრომოსფეროში) ჩამოედინება
მანათობელი ნივთიერების ნაკადები. ანუ კორონაში თითქოს და არაფრისაგან
წარმოიქმნება კაშკაშა ცენტრები, საიდანაც ნივთიერება ქრომოსფეროში ჩაედინება
მარყუჟის მსგავს ტრაექტორიაზე. მსგავსი პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს
რამოდენიმე საათის განმავლობაში.
მზის ამოფრქვევა ენერგიის გამოყოფის სიმძლავრის მიხედვით უნიკალური
პროცესია მზის ატმოსფეროში. მზის ამოფრქვევისას გამოიყოფა დიდი ენერგია
პლაზმის გამოტყორცნის, კოსმოსური სხივებისა და ელექტრომაგნიტური
სპექტრის მთელ დიაპაზონში (ულტარიისფერი, რენტგენული, გამა-
გამოსხივებიდან მოყოლებული მეტრული რადიოტალღების) გამოსხივების სახით.
ამოფრქვევის მაქსიმალური ფაზა რამოდენიმე წუთიდან რამოდენიმე ათეული
წუთის განმავლობაში გრძელდება.
ძლიერი ამოფრქვევების დროს ენერგიის ნაწილი გამოედინება პლაზმის
(პლაზმა - ელექტრულად ნეიტრალური ნივთიერება, რომელიც შედგება
დადებითად და უარყოფითად დამუხტული ნაწილაკებისგან.) მძლავრი ნაკადის
გამოტყორცნის სახით, რომელიც ზოგჯერ აღწევს დედამიწის ორბიტამდე. ეს
ნაკადები ურთიერთმოქმედებენ დედამიწის მაგნიტოსფეროსთან (მაგნიტოსფერო -
სივრცე ციური სხეულის ახლოს, რომელშიც დამუხტულ ნაწილაკებს ნაწილაკებს
ამ ობიექტის მაგნიტური ველი აკონტროლებს), რაც დედამიწის ზედაპირზე იწვევს
პოლარულ ციალსა (პოლარული ციალი - პლანეტების ატმოსფეროების ზედა
ფენების ნათება) და მაგნიტურ ქარიშხლებს (მაგნიტური ქარიშხალი - მაგნიტური
ველის შეშფოთება რაოდენიმე საათიდან რამოდენიმე დღემდე).
თანამედროვე კლასიფიკაციის მიხედვით, მზის ამოფრქვევას ენიჭება –
ლათინური ანბანის ასო და რიცხვითი ინდექსი. გამოიყენება შემდეგი ასოები A, B,
C, M ან X.
• X კლასის ამოფრქვევები - ძალიან ძლიერი, შეუძლიათ მთელ დედამიწაზე
წარმოქმნან რადიო შეფერხებები და ხანგრძლივი მაგნიტური ქარიშხლები;
• M კლასის ამოფრქვევები - საშუალო სიმძლავრის, იწვევენ რადიო კავშირის
ხანმოკლე შეფერხებებს პოლარულ არეებში და ზოგჯერ წარმოქმნიან მცირე
მაგნიტურ ქარიშხლებს;
• C კლასის ამოფრქვევები - მცირე სიმძლავრის, ჩვენი პლანეტისათვის
მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე.
მზის ატმოსფეროს ყველაზე გარე ფენაა კორონა. ქრომოსფეროსა და კორონას
შორის მოთავსებულია თხელი გარდამავალი ფენა. ხანგრძლივი დროის
განმავლობაში აუხსნელი რჩებოდა თუ როგორ ხდება ფოტოსფეროს ზემოთ
ტემპერატურის ცვლილება. ბირთვიდან ფოტოსფერომდე ტემპერატურა
თანდათანობით ეცემა, მინიმალურ მნიშვნელობას (4 400 K) აღწევს ქვედა
ქრომოსფეროში, შემდეგ კი ტემპერატურა იზრდება ჯერ ნელა, შემდეგ კი
ექსტრემალურად სწრაფად. ტემპერატურა ექსტერმალურად იზრდება ვიწრო
გარდამავალ ფენაში, რომელიც მოთავსებულია ქრომოსფეროსა და კორონას შორის.
კორონა არის მზის ატმოსფეროს ყველაზე გარე ფენა. მასში ტემპერატურა 70
000 კმ მანძილზე მზის ზედაპირიდან აღწევს 2 მილიონ კელვინამდე, ხოლო შემდეგ
იწყებს კლებას. კორონაში შედარებით ხშირია ატომების შეჯახებები. შეჯახების
ძალები ისეთი დიდია, რომ მსუბუქი ელემენტების ატომები პრაქტიკულად
სრულად კარგავენ თავიანთ ელექტრონებს და მათგან რჩება მხოლოდ „შიშველი“
ბირთვები.
კორონის სიკაშკაშე მილიონჯერ ნაკლებია მზის ფოტოსფეროს
სიკაშკაშესთან შედარებით, სწორედ ამიტომ კორონა არ მოჩანს მზის სრული
დაბნელების ან რაიმე სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენების გარეშე.
კორონაში კარგად მოჩანს მისი სტრუქტურული დეტალები. ძირითადი
სტრუქტურები, რომლებიც დაიკვირვება კორონაში არის კორონული მარყუჟები,
კორონული ხვრელები, სტრიმერები და სხვ.
კორონა ფაქტობრივად შედგება კორონული მარყუჟებისაგან, რომლებიც
წარმოადგენენ მაგნიტური ველის მარყუჟებს მაღალი სიმკვრივის პლაზმით. ისინი
წარმოადგენენ მაგნიტური ველის ჩაკეტილ სტრუქტურებს.
კორონული ხვრელების სიმკვრივე და ტემპერატურა გარემომცველი
კორონის ნივთიერებასთან შედარებით შესამჩნევად ნაკლებია, მიუხედავად იმისა,
რომ ენერგიის ნაკადი, რომელიც ფოტოსფეროდან კორონაში აედინება,
სავარაუდოდ, ერთნაირია კორონულ ხვრელებში და მის გარეთ. მოგვიანებით
მიღებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ საკმაო ენერგია იხარჯება მზის ქარის
წარმოქმნასა და აჩქარებაზე, რომელიც გამოედინება ძირითადად კორონული
ხვრელებიდან.
ჩვეულებრივ, კორონული ხვრელები დაიკვირვება მზის პოლარულ არეებში
აქტივობის მინიმუმის განმავლობაში და ისინი საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის
განმავლობაში არსებობენ. კორონული ხვრელების რაოდენობა, ზომა და
მდებარეობა დამოკიდებულია მზის აქტივობის ციკლზე. მინიმუმის დროს,
როდესაც მზის აქტივობა დაბალია, პოლუსებთან დაიკვირვება ყველაზე დიდი
ზომის კორონული ხვრელები. აქტივობის გაზრდასთან ერთად კორონული
ხვრელები გადმოინაცვლებენ დაბალ განედებზეც.
სტრიმერები არის მზის კორონის წარმონაქმნები, რომლებიც შესაძლებელია
მდებარეობდნენ როგორც აქტიურ არეებში, ისე წყნარი მზის პირობებში.
კორონული სტრიმერები შესაძლებელია წარმოიქმნას ნებისმიერ განედზე და
კარგად მოჩანს მზის კიდეზე.
მზის კორონული მასის გამოტყორცნა არის მზის ატმოსფეროდან
ნივთიერების უზარმაზარი მოცულობის გამოტყორცნა. მზის ამოფრქვევებისაგან
განსხვავებით, რომლის დროსაც მზის აქტიურ არეებში დაგროვილი მაგნიტური
ენერგია ძირითადად იხარჯება ელექტრომაგნიტურ გამოსხივებაზე, კორონული
მასის გამოტყორცნისას ეს ენერგია ხმარდება ნივთიერების უზარმაზარი მასის
აჩქარებას. თავდაპირველად თვლიდნენ, რომ კორონული მასის გამოტყორცნა
გამოწვეული იყო მზის ამოფრქვევის მაღალი ტემპერატურით, მაგრამ მალე
ნათელი გახდა, რომ ყველა კორონული მასის გამოტყორცნა არ იყო
დაკავშირებული ამოფრქვევებთან და ის, რომელიც იყო დაკავშირებული
ამოფრქვევებთან, ხშირად ამოფრქვევაზე უფრო ადრეც კი ხდებოდა.
მზის შიგნით მიმდინარეობს რთული პროცესები, რის შედეგადაც
განუწყვეტლივ გამოიყოფა ენერგია. მზის ცენტრალურ არეში მოთავსებულია მისი
ენერგიის ძირითადი წყარო, მზის ბირთვი, რომელში მიმდინარე
თერმობირთვული რეაქციების შედეგად გამოიყოფა ენერგია, რომლიც იწვევს მის
გახურებას. მზის შიდა მოცულობა შეიძლება დაიყოს ოთხ ზონად; მათში
ნივთიერება განსხვავდება თვისებების მიხედვით და ენერგიის გავრცელებაც ხდება
სხვადასხვა მექანიზმების დახმარებით. მზის ბირთვში წარმოქმნილი ენერგიის
გადაცემა გარე ფენებისათვის გამოსხივების საშუალებით ხდება. ამ ზონას ეწოდება
სხივური ზონა. ზედაპირთან ახლოს სითბოს გადაცემაში მონაწილეობას
ღებულობენ პლაზმის კონვექციური ნაკადები და ფენას, სადაც ეს ხდება, ეწოდება
კონვექციური ზონა.
ბირთვში მიმდინარეობს თერმობირთვული რეაქციები, რომლის შედეგადაც
წარმოიქმნება ჰელიუმის ერთი ატომი. მზის ბირთვში ყოველ წამში 4.26 მილიონი
ტონა ნივთიერება გარდაიქმნება ენერგიად, რაც ძალიან მცირეა მზის მასასთან
შედარებით. 1,0078 გრამი წყალბადი გარდაიქმნება 1,0000 გრამ ჰელიუმად, ხოლო
დარჩენილი მასა გარდაიქმნება ნაწილაკების კინეტიკურ და რადიაციის ენერგიად.

მზის აქტივობა წარსულში, აწმყოსა და მომავალში

მზის აქტივობის ზრდის ყველაზე თვალსაჩინო მიმანიშნებელია მის


ზედაპირზე მზის ლაქების რაოდენობის გაზრდა.
მზის ლაქები ჩნდება პერიოდულობით 11 წელი. მზის აქტივობის ციკლის
განვითარების დასაწყისში მზის ზედაპირზე ლაქათა მცირე რაოდენობა
დაიკვირვება. მზის აქტივობის ციკლის განვითარების მაქსიმუმის პერიოდში მზის
ზედაპირზე დიდი რაოდენობით დაიკვირვება ლაქები. მზის აქტივობის ციკლის
განვითარების ბოლო პერიოდში მზის ზედაპირზე ლაქათა რაოდენობა კვლავ
მცირდება.
მზის აქტივობა არის სხვადასხვა მოვლენების კომპლექსი, რომლებიც ხდება
მზის ატმოსფეროს სხვადასხვა ფენაში, მოიცავს საკმაოდ დიდ ფართობს და
გამოირჩევა ფიზიკური მახასიათებლების მნიშვნელოვანი ცვლილებებით.
მზის აქტიური არეები არის მზის ზედაპირის უბნები, სადაც ლოკალურად
გაძლიერებულია მაგნიტური ველი, რის შედეგად ამ არეებში წარმოიქმნება ლაქები,
ჩირაღდნები, ფლოკულები, პროტუბერანცები და ა. შ. აქტიური არეები ასხივებენ
მეტ ენერგიას, მეტ დამუხტულ ნაწილაკებს, მეტ ულტრაიისფერ, რენტგენულ
სხივებს. კორონაში წარმოქმნილი აქტიური არეები (ე. წ. კორონული
კონდენსაციები - კორონის არეები, რომელთა სიმკვრივე რამოდენიმეჯერ მეტია
გრემომცველ გარემოსთან შედარებით) დაკავშირებულია მზის ატმოსფეროს
ქვემოთ მდებარე ფენებთან.
აქტიური არის ევოლუცია შეიძლება გავყოთ რამოდენიმე ეტაპად. პირველი
ეტაპის, „აქტიური არის დაბადების“ მომენტის დაფიქსირება ძალიან რთულია.
აქტიური არეების უმრავლესობა ვერ ასწრებს განვითარებას და ზოგჯერ პორის
წარმოქმნაც კი არ ხდება.
აქტიური არის განვითარების მომდევნო ეტაპზე იწყება სიკაშკაშისა და
ჩირაღდნების ფართობის მატება და კორონული კონდენსაციის განვითარება.
ფოტოსფერულ ჩირაღდნებში ჩნდება პორები და მცირე ზომის ლაქები. ლაქების
ჩამოყალიბება ჯგუფად იწყება მის წამყვან ნაწილში. დანარჩენი ლაქები 2–3
დღეღამით აგვიანებს წარმოქმნას. ამ ეტაპზე აქტიურ არეში მცირე ზომის
ბოჭკოებიც (ბოჭკო - იგივე პროტუბერანცი, რომელიც დაიკვირვება მზის დისკოზე)
წარმოიქმნება. იშვიათად ამ დროს დაიკვირვება სუსტი ამოფრქვევები.
განვითარების შემდგომ ეტაპზე აქტიურ არეში ლაქებს უჩნდება
ნახევარჩრდილი და ჯგუფის მთავარი ლაქები განაგრძობენ ზრდას. წარმოქმნიდან
დაახლოებით 5–7 დღის შემდეგ ჯგუფის „მშვიდ“ ცხოვრებას არღვევს მზის
ამოფრქვევები. მათ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვთ ლაქათა ჯგუფის
სტრუქტურაში. განვითარების ამ ეტაპზე კორონული კონდენსაცია და
ჩირაღდნების ფართობი განაგრძობს გაძლიერებას და გაფართოებას.
აქტიური არის მაქსიმალური განვითარების შემდეგ თავდაპირველად ქრება
მცირე ზომის ლაქები და პორები, შემდეგ იშლება მიმდევარი ლაქა და ბოლოს რჩება
ლაქათა ჯგუფის მხოლოდ წამყვანი ლაქა. ლაქათა ჯგუფის გაქრობასთან ერთად
ქრება კორონული კონდენსაცია. ამ ეტაპზე ბოჭკოს ზომა იზრდება.
აქტიური არის ევოლუციის მომდევნო ეტაპზე ჩირაღდნები ჯერ კიდევ
საკმაოდ კაშკაშაა. მათი ფართობი ჯერ კიდევ განაგრძობს ზრდას. ბოჭკო
გაცილებით შთამბეჭდავად გამოიყურება. შემდეგ ჩირაღდნები ქრება და რჩება
მხოლოდ ბოჭკო და მნიშვნელოვნად შესუსტებული მაგნიტური არე. ასე იწყება
აქტიური არის განვითარების ბოლო სტადია, რომელიც ჩვეულებრივ გრძელდება
არანაკლებ სამი თვისა. ბოჭკო თანდათანობით იყოფა ნაწილებად, მცირდება
ზომით და ქრება.
აქტიური არის განვითარების შემდგომ ეტაპზე მაგნიტური არე ჯერ კიდევ
არსებობს, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, არე თითქოს გაიხსნება გარემომცველ
გარემოში. ჩვეულებრივ, აქტიური არეები არსებობენ 6–8 თვეს, თუმცა ზოგიერთ
შემთხვევაში დაფიქსირებულია მათი არსებობა წლინახევრის განმავლობაშიც.
აქტიური არეების ყველაზე სრულყოფილი კლასიფიკაცია ეყრდნობა მათი
მაგნიტური ველის აგებულების თავისებურებებს. მაგნიტური ველი მზეზე არის
ბიპოლარული და უნიპოლარული. ამის საფუძველზე აქტიური არეები იყოფა
უნიპოლარულ, ბიპოლარულ და მულტიპოლარულად. უნიპოლარული ლაქათა
ჯგუფებისათვის დამახასიათებელია მხოლოდ ერთი პოლარობა და ისინი
ფაქტობრივად წარმოადგენენ ძველი ბიპოლარული ლაქათა ჯგუფების ნარჩენებს.
ბიპოლარული არისათვის დამახასიათებელია მაგნიტური ველის მკვეთრად
გამიჯნული ორი მაგნიტური პოლუსი. მრავლობით ბიპოლარულ არეს, რომელიც
შედგება ორი ან მეტი ბიპოლარული არისაგან ეწოდება მულტიპოლარული.
აქტიური არე მოიცავს მზის ატმოსფეროს ყველა ფენას. მზის აქტიურ არეებში
ლაქების გარშემო დაიკვირვება ჩირაღდნები. ჩირაღდნების ზემოთ ქრომოსფეროში
წარმოიქმნება ფლოკულები. ფლოკულების ზემოთ კორონაში წარმოიქმნება
მარყუჟები და კორონული კონდენსაციები. აქტიურ არეში ხშირად ხდება მზის
ამოფრქვევები და კორონული მასის გამოტყორცნა.
მზის ზედაპირზე ლაქათა ყოფაქცევაში პერიოდულობას პირველად 1844
წელს მიაქცია ყურადღება მოყვარულმა ასტრონომმა ს. შვაბემ. მან 1826–1843 წწ.
საკუთარ დაკვირვებებზე დაყრდნობით გამოსცა ცხრილი, რომელშიც
გადმოცემული იყო მზის ზედაპირზე ყოველდღიურად დაკვირვებული ლაქების
რაოდენობა. 1847 წელს რ. ვოლფმა მიაქცია ყურადღება მის ნაშრომს და დაიწყო
მზის ლაქების დაკვირვება და შემოიღო ლაქათა რაოდენობის ინდექსი –
„ციურიხის რიცხვი“. დღეისთვის მზის აქტივობის დასახასიათებლად
შემოღებულია მზის ლაქების ფარდობითი რიცხვი. აქტივობის ამ მახასიათებელს
უწოდებენ ვოლფის რიცხვს.
მზის აქტივობის დონე განისაზღვრება სხვადასხვა მახასიათებლებით,
როგორიცაა ლაქათა რაოდენობა, ლაქათა ფართობები, ჩირაღდნების ფართობები
და სიკაშკაშე, ფლოკულები, პროტუბერანცები და სხვა. ვოლფის რიცხვის
მიხედვით გამოთვლილი მზის აქტივობის ინდექსების უპირატესობა სხვა
ინდექსებთან შედარებით არის ის, რომ მისი მნიშვნელობები განსაზღვრულია 1755
წლიდან.
მზის აქტივობის დონის დასადგენად მზის ლაქების რაოდენობის გარდა,
მზის ზედაპირზე მათი მდებარეობებიც მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ციკლის
დასაწყისში ლაქების მდებარეობის განედი უფრო მაღალია, ვიდრე ციკლის ბოლოს.
მზის აქტივობის ციკლის ბოლოს მაღალ განედებზე წარმოქმნილი ლაქები უკვე
აქტივობის ახალ ციკლს მიეკუთვნება.
მზის აქტივობის ციკლის დასაწყისში ლაქების გაჩენა იწყება ორივე
ნახევარსფეროში ეკვატორიდან ± (30-40)° განედებზე, მაგრამ ჩვეულებრივ ერთ
ნახევარსფეროში მეტი ლაქა ჩნდება, მეორეში - ნაკლები. სუსტ ციკლებში ლაქების
წარმოქმნა ხდება ± (20-30)° განედურ ზონაში, ხოლო უფრო ძლიერი ციკლის
შემთხვევაში ± 60° განედურ ზონაში. მზის ლაქების რაოდენობის ზრდასთან ერთად
ლაქები გადაადგილდებიან მზის ეკვატორისაკენ. აქტივობის დასასრულს ლაქები
გადაინაცვლებენ ეკვატორის მახლობლად, ±5°განედზე. ციკლის დასასრულამდე 1-
2 წლით ადრე მაღალ ±30-40° განედებზე გამოჩენას იწყებს აქტივობის მომდევნო,
ახალი ციკლის ლაქები.
ლაქების მსგავს ყოფაქცევას კარგად აჩვენებს ე. წ. „მაუნდერის პეპლების“
დიაგრამა, რომელზეც ასახულია განედის ცვლილება, რომელზეც ხდება აქტივობის
ციკლის განმავლობაში ლაქათა წარმოქმნა. ეს დიაგრამა პირველად აგებული იქნა
1922 წელს ე. მაუნდერის მიერ.
მზის ციკლი იწყება, როდესაც მზეზე ლაქათა მინიმალური რაოდენობაა ან
მზის ზედაპირზე არ მოჩანდა არც ერთი ლაქა. ამ პერიოდს მზის აქტივობის
მინიმუმს უწოდებენ. შემდგომ, 2-3 წლის განმავლობაში, ლაქათა რიცხვი იზრდება
და მაქსიმალურ რაოდენობას აღწევს მზის აქტივობის მაქსიმუმში.
მზის ზედაპირზე ხშირად დაიკვირვება ლაქათა ჯგუფები, რომელიც
შედგება ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოლარობის დიდი ლაქისაგან (ლაქათა
ბიპოლარული ჯგუფი). ყოველი 11-წლიანი ციკლის განმავლობაში ლაქათა
ბიპოლარული ჯგუფის ყველა წამყვან ლაქას გააჩნია ერთნაირი პოლარობა
ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და საწინააღმდეგო - სამხრეთ ნახევარსფეროში.
მზის მაგნიტური ველი არის ორი სახის - სუსტი ფონური და ძლიერი
ლოკალური ველი. მზის ფონური მაგნიტური ველი აღმოჩენილი იყო 1953 წელს.
მზის სხვადასხვა ნახევარსფეროში ფონურ მაგნიტურ ველს გააჩნია
ურთიერთსაწინააღმდეგო პოლარობა. ფონური მაგნიტური ველის მნიშვნელობა
იზომება 55°-ზე მაღალ განედებზე. 11–წლიანი ციკლის განმავლობაში ხდება მზის
საერთო მაგნიტური ველის პოლარობის ცვლილება, რასაც გადაპოლარება ეწოდება.
მზის საერთო მაგნიტური ველის ცვლილების სრული ციკლი შეადგენს
გაორმაგებულ 11-წლიან ციკლს. ეს არის 22-წლიანი ჰეილის ციკლი. მზის
მაგნიტური ველის პოლარობის ცვლილება (გადაპოლარება) ხდება მზის აქტივობის
ციკლის მაქსიმუმის მახლობლად.
მზის აქტივობის ციკლები ერთმანეთისაგან განსხვავდება, როგორც
ხანგრძლივობის, აგრეთვე ამპლიტუდის მიხედვით. მიუხედავად ცალკეული
ციკლების განსხვავებული სიმძლავრისა და ხანგრძლივობისა, მათთვის
დამახასიათებლია საერთო კანონზომიერებები. მზის აქტივობის ციკლები
ასიმეტრიულია მზის აქტივობის ციკლის მაქსიმუმის მიმართ. მზის აქტივობის
ციკლის მინიმუმიდან მაქსიმუმამდე დროის პერიოდი (აღმავალი შტო) თითქმის
ყოველთვის უფრო მცირეა, ვიდრე მაქსიმუმიდან მინიმუმამდე პერიოდი
(დაღმავალი შტო). რაც უფრო ინტენსიურია ციკლი, მით უფრო მოკლეა აღმავალი
შტო და პირიქით.
მზის აქტივობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მზის დიფერენციული
ბრუნვა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მისი ეკვატორული არეები ბრუნავს უფრო
სწრაფად, ვიდრე პოლარული არეები.
დიფერენციული ბრუნვა ვრცელდება მზის წიაღშიც გარკვეულ სიღრმემდე.
სავარაუდოდ, კონვექციური ზონისათვის დამახასიათებელია დიფერენციული
ბრუნვა, ხოლო მზის ქვემოთ არეები ბრუნავს მყარტანოვნად.
ზოგადად, მაგნიტური ველი ნებისმიერ გამტარ გარემოში დროთა
განმავლობაში სწრაფად ქრება. ასტრონომიულ ობიექტებს წარმოქმნის მომენტში
რომც ჰქონოდათ საკმაოდ მძლავრი მაგნიტური ველი, დღეისათვის მათი
რეგისტრირება შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ციურ
ობიექტთა უმრავლესობას გააჩნია მაგნიტური ველი.
მზეზე დაკვირვებული მაგნიტური თავისებურებების ასახსნელად 1955
წელს ე. პარკერის მიერ შემოთავაზებული იყო მზის პირველი დინამო მოდელი,
რომლის მიხედვით მზის პლაზმაში “ჩაყინულ” მაგნიტური ველის ძალწირებს
დიფერენციული ბრუნვა წელავს. ამიტომ დროთა განმავლობაში ეს ძალწირები
იგრიხება მზის ირგვლივ. სწორედ ამ მოვლენას უკავშირდება მზის მაგნიტური
ველების ლოკალური გაძლიერება, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მზის
ატმოსფეროში აქტიური არეების წარმოქმნას, და მთლიანობაში, მზის აქტივობას და
მის ციკლურ ხასიათს. მზის დიფერენციული ბრუნვა „პოლოიდული“ ველის
ძალწირებს წელავს ეკვატორის პარალელურად და საბოლოოდ ჩამოყალიბებული
„ტოროიდული“ ველის ძალწირები (ე. წ. Ω-ეფექტი) გაარღვევენ მზის ზედაპირს
დაახლოებით 30-40 განედის მახლობლად, რათა წარმოქმნან ლაქა.
ამგვარად, ლოკალური მაგნიტური ველის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი
ადგილი უჭირავს მზის დიფერენციულ ბრუნვას.
თვითშენარჩუნებადი ჩაკეტილი პროცესის უზრუნველსაყოფად
„ტოროიდული“ მაგნიტური ველი როგორღაც უნდა გარდაიქმნას „პოლოიდულ“
ველად. ტოროიდული მაგნიტური ძალწირები იწელება კონვექციური უჯრედების
ზემოქმედების შედეგად და წარმოიქმნება მარყუჟი. წარმოქმნილი მარყუჟი
გაიწელება და შედეგად აღდგება „პოლოიდული“ მაგნიტური ველი (ე. წ. α-ეფექტი).
დინამო მოდელში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მერიდიანული
ცირკულაცია, რაც წარმოადგენს ერთგვარ კონვეიერს, რომელიც გადააადგილებს
მაგნიტურ ველებს. მერიდიანული ცირკულაცია ანტისიმეტრიულია ეკვატორის
მიმართ. მერიდიანული ცირკულაცია აგრეთვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს
გლობალური მაგნიტური ველის გადაპოლარებასა და ლაქათწარმოქმნის
რეგიონების დრეიფში ეკვატორისაკენ.
მზის აქტივობის 11-წლიანი და 22-წლიანი (მაგნიტური) ციკლის გარდა,
სავარაუდოდ, არსებობს მზის აქტივობის უფრო ხანგრძლივი, 87, 210, 2300 და 6000
წლიანი ციკლებიც.
მზის ზედაპირზე ლაქათა რაოდენობის შესწავლისას გამოვლენილი იქნა
მზის აქტივობის ძლიერი კლების რამოდენიმე პერიოდი. მაგ. 1645–1715 წწ.
რომელსაც ეწოდება მაუნდერის მინიმუმი. ამ პერიოდის განმავლობაში
დაკვირვებული იყო დაახლოებით 50-მდე მზის ლაქა. ადრეული პერიოდისათვის
მზის აქტივობის შესახებ მსჯელობა გვიხდება ირიბი მაჩვენებლების საშუალებით,
კერძოდ, ყინულში და ხეებში რადიაქტიური ელემენტების შემცველობის
მიხედვით. ყინულში 14C–ისა 10Be–ის (ნახშირბადისა და ბერილიუმის იზოტოპების)
ანალიზის შედეგად ბოლო 8 000 წლის მანძილზე გამოვლენილი იქნა მზის
აქტივობის 18 მინიმუმი.
ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით მზის აქტივობის მინიმუმის ფაზაში. მომდევნო,
25-ე ციკლში შესაძლებელია მზის მაგნიტური ველი იმდენად სუსტი იყოს, რომ
ლაქების მხოლოდ მცირე რაოდენობის ჩამოყალიბება იყოს შესაძლებელი.
ზოგიერთი მეცნიერის მიერ მზის აქტივობის ხანგრძლივი პერიოდის
განმავლობაში ჩატარებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე მიღებულია, რომ
მზის საერთო გამოსხივება შემცირებულია და მათი პროგნოზის მიხედვით
მოსალოდნელია მზის აქტივობის ძლიერი კლება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს
მცირე გამყინვარება 2055 (11 წელი) წლისათვის და, შესაძლოა ის გაგრძელდება 22-
ე საუკუნეშიც.

ვარსკვლავთა ასტროსფეროები

სივრცის ნაწილს მზის გარშემო, რომელიც წარმოიქმნება მზის კორონის


გაფართოების შედეგად, ეწოდება ჰელიოსფერო. ჰელიოსფერო ეს არის მაგნიტური
“ბუშტი”, რომელიც იწყება მზიდან და კორონის პლაზმის მუდმივად გაფართოების გამო
გაბერილია უზარმაზარ ზომამდე. ყველა პლანეტა, მათ შორის დედამიწა, მოთავსებულია
ამ ბუშტის შიგნით.

მზის კორონის პლაზმის შემადგენელი ნაწილაკები მზიდან დაშორებისას


თანდათანობით მუხრუჭდებიან ვარსკვლავთშორისი გარემოს ზემოქმედების შედეგად
დგება მომენტი, როდესაც მას აღარ ძალუძს წინააღმდეგობა გაუწიოს და შეაჩეროს
ვარსკვლავთშორისი ნივთიერების წნევა.

კოსმოსური ხომალდები ვოიაჯერ-1 და ვოიაჯერ-2, გაშვებული 1977 წელს პირველი


ხომალდებია, რომელთაც დატოვეს ჰელიოსფერო 2012 წელს.

ადრე თვლიდნენ, რომ ჰელიოპაუზის წინ, ვინაიდან ჰელიოსფეროს


ვარსკვლავთშორის სივრცეში მოძრაობის სიჩქარე საკმაოდ მაღალი იყო, ჰელიოსფეროზე
დატეხილი ვარსკვლავთშორისი ნივთიერების დამუხრუჭების შედეგად წარმოიქმნებოდა
დარტყმითი ტალღა. თუმცა 2012 წლის მონაცემებმა აჩვენა, რომ მზის სისტემა მოძრაობს
84 000 კმ/სთ სიჩქარით ადრე ნავარაუდევ 95 000 კმ/სთ-ის ნაცვლად, რაც იმ ზღვარზე
დაბალია, რა დროსაც წარმოიქმნება დარტყმითი ტალღა და ეჭვ ქვეშ დადგა მისი არსებობა.

ერთ-ერთი მოდელის თანახმად, ჰელიოსფეროს საზღვარზე არის დიდი


„მაგნიტური ბუშტები“, დაკავშირებული ვარსკვლავთშორის მაგნიტურ ველთან.
მოდელირებამ აჩვენა, რომ ამ „ფორებიან“ გარემოში გადაადგილებისას წარმოიქმნება მზის
და გალაქტიკური ნაწილაკების სიმკვრივის ნახტომისებური ცვლილებები – იმის მსგავსი,
რაც დააფიქსირა ვოიაჯერ-1-მა.

ადრე არსებული ჰიპოთეზის თანახმად, ჰელიოსფეროს საზღვარზე უნდა


მომხდარიყო მაგნიტური ველის თანდათან შემცირება. ახალი მოდელის მიხედვით კი -
მზის მაგნიტური ველი ბრუნვის გამო იღებს რთულ ფორმას, რის გამოც ჰელიოსფეროზე
დატეხილი ვარსკვლავთშორისი ნივთიერების დამუხრუჭების შედეგად, მაგნიტური
ველის ძალწირები წყდება, გადაიხლართება და წარმოიქმნება ველის ახალი არეები -
„ბუშტები“.

ჰელიოსფეროს საზღვარი ითვლება მზის ქარის საზღვრად, მაგრამ არე, სადაც მზის
გრავიტაცია (გრავიტაცია - ძალა, რომლის მეშვეობითაც მასის მქონე სხეულები ერთმანეთს
იზიდავენ) მდებარეობს უფრო შორს. მზის გრავიტაციურ საზღვარს წარმოადგენს ოორტის
ღრუბლის გარე საზღვარი. გრავიტაციული თვალსაზრისით იქამდე ვრცელდება მზის
სამფლობელო. უცნობია, თუ როდის მიაღწევს ზონდი Voyager-1 ვარსკვლავთშორისი
სივრცის იმ არეს, სადაც მზის გრავიტაციის ზეგავლენა აღარ არის.

საზოგადოდ მიღებული ჰელიოსფეროს კლასიკური მოდელის მიხედვით


ჰელიოსფერო გაწელილი ფორმისაა. 2017 წელს სხვადასხვა კოსმოსური ხომალდებიდან
მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, წამოყენებული იქნა მოსაზრება, რომ ჰელიოსფერო
არის სფერული ფორმის, ვინაიდან ის განიცდის ვარსკვლავთშორისი გარემოს გაცილებით
უფრო ძლიერი მაგნიტური ველის ზემოქმედებას, ვიდრე ადრე ითვლებოდა.

მზის მიერ კონტროლირებადი სივრცის არსებობის პირველი ნიშანი იყო მზის


აქტივობის ციკლის, მზის ბრუნვის და გეომაგნიტური ქარიშხლების (გეომაგნიტური
ქარიშხალი – ეს დედამიწის გეომაგნიტური ველის შფოთვაა, რომელსაც პლანეტის
შემოგარენში მზის ქარის ნაკადების შემოჭრა და მათი დედამიწის მაგნიტურ ველთან
ურთიერთქმედება იწვევს) პერიოდების თანხვედრა. დედამიწის ზედაპირზე პოლარული
ციალი და დიდი გეომაგნიტური ქარიშხლები დაიკვირვებოდა მზეზე დიდი ლაქებისა და
მზის აქტივობის ციკლის მაქსიმუმის თითქმის პარალელურად. ინტენსიური
გეომაგნიტური ქარიშხლები თითქმის ყოველთვის ხდებოდა მზის აქტიურ არეში მძლავრი
ამოფრქვევის შემდეგ.

გასული საუკუნის 30-იან წლებში ს. ჩეპმენის და ვ. ფერაროს მიერ გამოთქმული იქნა


მოსაზრება, რომ მზიდან დედამიწისაკენ მოემართებოდა პლამის უზარმაზარი ღრუბლები
და დედამიწაზე გეომაგნიტური ქარიშხლები დაიკვირვებოდა მაშინ, როდესაც ეს
ღრუბლები მოაღწევდა დედამიწამდე. მათი მოსაზრების მიხედვით, მზის პლაზმას არ
შეეძლო დედამიწის მაგნიტური ველის წინააღმდეგობის გადალახვა და გარს შემოუვლიდა
მას, იქმნებოდა რა ღრუბლის შიგნით თავისებური ღრუ (რომელსაც შემდგომ ეწოდა
დედამიწის მაგნიტოსფერო), რომელშიც მზის პლაზმა არ გვხვდებოდა; ამასთან მზის
მიმართულებით დედამიწის მაგნიტური ველი ძლიერად იყო შეკუმშული.

„ჩეპმენ-ფერაროს ღრუს“ იდეა იყო წინასწარმეტყველური, თუმცა არ


ითვალისწინებდა, რომ მზიდან წამოსული პლაზმის ნაკადი არ შედგებოდა
იზოლირებული ღრუბლებისაგან, არამედ წარმოადგენდა მზიდან უწყვეტად გამომდინარე
მზის ქარს. შედარებით მკვრივი და სწრაფი ღრუბლები კი წარმოიქმნებოდა კორონული
მასის გამოტყორცნის შედეგად.

მზიდან უწყვეტი ნაკადის არსებობის დამადასტურებელი ფაქტი იყო კომეტების


კუდის ორიენტაციის კვლევის შედეგები, ანუ კომეტების კუდის მზის საწინააღმდეგო
მხარეს დამზერა იმ მომენტისათვის, როდესაც კომეტა უახლოვდებოდა მზეს, რის
შესახებაც ჯერ კიდევ XVII საუკუნის დასაწყისში გერმანელმა ასტრონომმა ი. კეპლერმა
გამოთქვა მოსაზრება. საუკუნეების განმავლობაში ითვლებოდა, რომ კომეტების კუდების
ორიენტაცია განაპირობებული იყო მზის სინათლის წნევით. თუმცა მზის გამოსხივების
წნევით შეუძლებელი იყო კომეტის კუდის გაშლის მოვლენის ახსნა. 1951 წელს ლ. ბირმანი
შეეცადა ეს მოვლენა აეხსნა მზიდან რამოდენიმე ასეული კმ/სეკ სიჩქარის მქონე
ნაწილაკების გამოდინებით. ანუ გამოითქვა მოსაზრება, რომ სინათლის გარდა მზიდან
ხდება ნაწილაკების გამოდინება.

ჰელიოსფეროს ფორმის მსგავსი გარსის (ე. წ. ასტროსფეროების) არსებობა


დაკვირვებულია ზოგიერთი ვარსკვლავისათვის. მიღებულია ორიონის
თანავარსკვლავედის მირას ტიპის ცვალებადი ვარსკვლავის, ვეშაპისა და ჟირაფის
თანავარსკვლავედების ვარსკვლავების ასტროსფეროს გამოსახულებები. მათ გააჩნიათ
უზარმაზარი ასტროსფეროები, რომელიც რამოდენიმეჯერ აღემატება ჰელიოსფეროს.
ორიგინალურ ფოტოებზე კარგად მოჩანს სტრუქტურები დარტყმითი ტალღით, რომელიც,
სავარაუდოდ, ჰელიოსფეროს სტრუქტურის ანალოგიურია. ამიტომ ისინი გამოიყურებიან
ისეთნაირად, თითქოს ჰელიოსფეროს შევყურებთ გარედან.

ჰელიოსფეროს ძირითად მახასიათებლებსა და სტრუქტურას განსაზღვრავს მზე,


მზის ქარი, მასში არსებული მაგნიტური ველები და ტალღები.
შემადგენლობის მიხედვით მზის ქარი არ განსხვავდება კორონის პლაზმისაგან.
რამოდენიმე ათეული წლის დაკვირვებების შედეგად კარგად იქნა შესწავლილი მზის
ქარის მახასიათებლები. მზის ქარის სიმკვრივე ძალიან ცვალებადი სიდიდეა, მზის ქარის
სიჩქარეც საშუალოდ იცვლება 300-დან 1000 კმ/წმ-მდე. მზის ქარს თან მოაქვს საკმაოდ
სუსტი “ჩაყინული” მზის მაგნიტური ველი, რომლის დაძაბულობაც იცვლება 1-დან 30
ნანოტესლამდე.

მზის ქარის მოდელი პირველმა შეიმუშავა ე. პარკერმა (1958 წ.). მზის კორონაში,
მაღალი ტემპერატურის პირობებში წყალბადის იონების (ე. წ. პროტონების) ქაოტური
სითბური მოძრაობა წამში რამოდენიმე ათეული კმ სიჩქარის ტოლია, ხოლო მსუბუქი
ელექტრონები პროტონებზე გაცილებით უფრო სწრაფად მოძრაობენ და მათი მოძრაობის
საშუალო სიჩქარე შეადგენს რამდენიმე ასეულ კილომეტრს წამში.

მუდმივი შეეჯახებების გამო, პროტონებმაც შეიძლება შეიძინონ გაცილებით


მაღალი სიჩქარეები, რამდენიმე ასეული კმ/წმ რიგისა, ამასთან ზოგიერთი მათგანის
მოძრაობის მიმართულება იქნება მზის საწინააღმდეგო მხარეს მიმართული. ზოგიერთ
შეჯახებებს შორის, პროტონების მნიშვნელოვან ნაწილსაც ელექტრონების მსგავსად,
შეუძლია გადალახოს მზის მიზიდულობა, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე
დაშორდეს მას და საკმაოდ შორ მანძილამდე გავრცელდეს ჰელიოსფეროში. მზის კორონა
თითქოს “ორთქლდება” გარემომცველ სივრცეში. ასე წარმოიქმნება იონიზებული პლაზმის
ნაკადი, რომელიც მოედინება მზის კორონიდან მასში “ჩაყინულ” მაგნიტურ ველთან
ერთად და წარმოადგენს მზის ქარს.

მზის ქარის სიჩქარე დედამიწის ორბიტასთან საშუალოდ შეადგენს 400 კმ/წმ.


დედამიწის მაგნიტოსფეროსთან ის წარმოშობს დარტყმით ტალღას, რომელიც ზეწოლას
ახდენს რა დედამიწის მაგნიტოსფეროზე, დღის მხარეს იწვევს მის შეკუმშვას და
შემოუვლის რა მაგნიტოსფეროს, ჰელიოსფეროს კლასიკური მოდელის მიხედვით მზის
საწინაღმდეგო მხარეს წარმოშობს წაგრძელებულ მაგნიტოსფერულ კუდს.

მზის ქარის შედეგად მზე ყოველ სეკუნდში კარგავს დაახლოებით 2


მილიონამდე ტონა ნივთიერებას. მზის ქარი არის ორი სახის: მზის ნელი ქარი და
მზის სწრაფი ქარი.
მზის ნელი ქარი წარმოადგენს მზის პლაზმის მუდმივ ნაკადს, რომელიც
ავსებს მთელ ჰელიოსფეროს მის საზღვრებამდე. მისი სიჩქარე შეადგენს 300-500
კმ/წმ, სიმკვრივეა – 10-15 ნაწილაკი სმ-3.
მზის ნელი ქარი წარმოიქმნება მზის კორონის სტრიმერების არეებში:
მაღალი ტემპერატურის გამო კორონა გაფართოებას იწყებს, რაც იწვევს კორონის
ნივთიერების გაფანტვას.
მზის სწრაფი ქარი შედარებით მაღალი, დაახლოებით 700-1000 კმ/წმ
სიჩქარით და პლაზმის დაბალი სიმკვრივით (3-4 ნაწილაკი სმ-3) ხასიათდება. მზის
სწრაფი ქარი ორი სახისაა:
• მზის პლაზმის კვაზისტაციონარული (განმეორებადი) სწრაფი ნაკადები,
როლებიც პასუხისმგებელნი არიან რეკურენტულ, ანუ განმეორებად
გეომაგნიტურ შეშფოთებებზე;
• სპორადული (შემთხვევითი) სწრაფი ნაკადები – შედარებით ხანმოკლე,
სტრუქტურულად ძალზე არაერთგვაროვანი და რთული წარმონაქმნები,
პასუხიმგებელნი სპორადულ გეომაგნიტურ შეშფოთებებზე;
მზის პლაზმის კვაზისტაციონარულ სწრაფი რეკურენტული ნაკადები,
გამოიფრქვევა მზიდან რამოდენიმე თვის განმავლობაში და დედამიწიდან
დაკვირვებებისას გააჩნიათ განმეორადობის პერიოდი 27 დღეღამე. მზის სწრაფი
ქარის რეკურენტული ნაკადები წარმოიქმნება კორონული ხვრელების, შედარებით
დაბალი ტემპერატურისა და პლაზმის შედარებით დაბალი სიმკვრივის მქონე
კორონულ არეებში. როდესაც კორონული ხვრელი მდებარეობს მზე-დედამიწის
შემაერთებელი ხაზის მახლობლად, მაღალი სიჩქარის ცხელი გაზი მოემართება
დედამიწისაკენ და იწვევს გეომაგნიტურ ქარიშხლებსა და პოლარულ ციალს.
ჩვეულებრივ, დიდი ზომის კორონული ხვრელები შედარებით უფრო სწრაფი მზის
ქარის გამომწვევია, ვიდრე შედარებით მცირე ზომის კორონული ხვრელები.
მზის სწრაფი ქარის სპორადული ნაკადები – შედარებით ხანმოკლე და
სტრუქტურულად რთული წარმონაქმნებია. რამდენიმე ათწლეულის
განმავლობაში ითვლებოდა, რომ მზის ამოფრქვევები იყო მთავარი წყარო მზის
ქარის ნაკადებისა, რომლებიც მნიშვნელოვნად მოქმედებდნენ დედამიწაზე
მიმდინარე პროცესებზე. 1990-იან წლებში ნათელი გახდა, რომ მზის სწრაფი ქარის
სპორადული ნაკადების ძირითადი წყაროა მზის კორონალური მასის
გამოტყორცნა.
1990 წლამდე ყველა ხელოვნური კოსმოსური აპარატი დაფრინავდა
მხოლოდ ეკლიპტიკის (ცის სფეროს დიდი წრეწირი, რომელზეც მიმდინარეობს
მზის ხილული წლიური მოძრაობა ვარსკვლავებს შორის) სიბრტყეში, რაც არ
იძლეოდა საშუალებას პირდაპირი გაზომვითი მეთოდებით შეგვესწავლა მზის
ქარის პარამეტრების განედზე დამოკიდებულება. კოსმოსური აპარატის -
ულისეს (ულისე - პირველი კოსმოსური აპარატი, რომელიც გავიდა ეკლიპტიკის
სიბრტყიდან) მიერ მზის პოლარული არეების შესწავლის შედეგად, გაკეთდა
ზოგიერთი დასკვნა მზის ქარის განედზე დამოკიდებულების შესახებ. აღმოჩნდა,
რომ მზის ქარის სიჩქარე იზრდება, სიმკვრივე კი მცირდება განედის ზრდასთან
ერთად. მაგ., ულისეს მიერ გაზომილი მზის ქარის სიჩქარე 450 კმ/წმ-დან
ეკლიპტიკურ სიბრტყეში შეიცვალა დაახლოებით 700 კმ/წმ-მდე 75о განედზე. აქვე
უნდა აღინიშნოს, რომ მზის ქარის პარამეტრების განსხვავებულობის ხარისხი
ეკლიპტიკის სიბრტყეში და მის გარეთ დამოკიდებულია მზის აქტივობის ციკლზე.
მზის აქტივობის მინიმუმის განმავლობაში მზის სწრაფი ქარის ნაკადები
ძირითადად უნდა გამოედინებოდეს პოლარული კორონული ხვრელებიდან.
ამგვარად, მზის სწრაფი ქარი, სავარაუდოდ, უნდა გამოედინებოდეს პოლუსის
მახლობელი არეებიდან. მეორე მხრივ, შედარებით ნელი მზის ქარი გამოედინება
ეკვატორული არეებიდან, სადაც წარმოიქმნება სტრიმერები. ამგვარად, მზის
აქტივობის მინიმუმში, მზის ნელი და სწრაფი ქარი ერთგვარად გაყოფილია.
სურათი სრულიად იცვლება აქტივობის მაქსიმუმში.
მზის ქარი ძირითადად განსაზღვრავს “კლიმატს” მთელ ჰელიოსფეროში. ეს
“კლიმატი” დროთა განმავლობაში იცვლება. ბოლო წლებში მზის ქარი მუდმივად
სუსტდება. 1990-იან წლებთან შედარებით მზის ქარის წნევა დაეცა საშუალოდ 20%-
ით. მზის ქარი ყველაზე სუსტია რაც დაიწყო მისი მახასიათებლების გაზომვა. მზის
ქარის სიჩქარე უმნიშვნელოდ, დაახლოებით 3%-ით შემცირდა. მისი წნევის
შესუსტება ძირითადად განპირობებულია ტემპერატურისა და სიმკვრივის
შემცირებით, შესაბამისად 13 % და 20%-ით.
ზოგიერთი მონაცემების მიხედვით, მაღალი ენერგიის მქონე ნაწილაკების
რაოდენობა, დედამიწის ორბიტის ახლოს უკვე გაიზარდა 20%-ით, თუმცა
დედამიწის მცხოვრებთათვის ეს არ წარმოადგენს საშიშროებას, ვინაიდან მსგავს
ნაწილაკებს არ ძალუძთ დედამიწის ბოლო დამცველი ფენის – მისი მკვრივი
ატმოსფეროსა და მაგნიტური ველის გადალახვა.

მზის სისტემის პლანეტების მოძრაობა; მზის და მთვარის


დაბნელებები

მზის სისტემის პლანეტები მზესთან ერთად ქმნიან კოსმოსური სხეულების


ერთიან სისტემას, რომლის წევრებიც დაკავშირებული არიან ერთმანეთთან
საერთო წარმოშობითა და ევოლუციით.
მზის სისტემაში მასის უდიდესი ნაწილი თავმოყრილია რვა პლანეტაში,
რომელთაც გააჩნიათ თითქმის წრიული ორბიტები და მოთავსებულნი არიან
ეკლიპტიკის (ეკლიპტიკა - ცის სფეროს დიდი წრეწირი, რომელზეც მიმდინარეობს
მზის ხილული წლიური მოძრაობა ვარსკვლავებს შორის) სიბრტყეში.
პლანეტები შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ: დედამიწის ჯგუფის პლანეტები
და გაზოვანი გიგანტები.
დედამიწის ჯგუფის პლანეტებისათვის ერთი დღეღამისა და უფრო მეტის
ხანგრძლივობისაა, ხოლო გაზოვანი გიგანტებისათვის - დღე-ღამეზე უფრო
ხანმოკლეა. ე. ი. პლანეტა-გიგანტები უფრო სწრაფად ბრუნავენ. რაც უფრო შორსაა
პლანეტა მზიდან, მით დიდია მისი მზის ირგვლივ გარემოქცევის პერიოდი.
მზის გარშემო მოძრავი ობიექტების უმრავლესობა მოძრაობს ეკლიპტიკის
სიბრტყეში. პლანეტების ორბიტები მცირედ არის დახრილი ეკლიპტიკისადმი.
პლანეტები მოძრაობენ მზის გარშემო ერთი მიმართულებით (დასავლეთიდან
აღმოსავლეთისაკენ). პლანეტების უმრავლესობა ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო
იმავე მიმართულებით, როგორც მზის გარშემო. გამონაკლისს წარმოადგენენ ვენერა
და ურანი. პლანეტების ორბიტები ახლოა წრეწირთან.
მზიდან პლანეტების ორბიტების დაშორებაში მე–18 საუკუნის სამოციან
წლებში აღმოჩენილი იქნა შემდეგი კანონზომიერება: პლანეტების საშუალო
მანძილები მზიდან გამოიხატებოდა ფორმულით (ტიციუს-ბოდეს წესი):
R = 0.4 + 0.3 • 2n ასტრონომიული ერთეული (ასტრონომიული ერთეული - 150
მილიონ კმ, მანძილი მზიდან დედამიწამდე), სადაც R არის მანძილი რიგით n
პლანეტამდე.
ამ წესს აკმაყოფილებდა იმ დროისათვის ცნობილი ყველა პლანეტა, მხოლოდ
მეხუთე პლანეტის ადგილი იყო ცარიელი. თავდაპირველად ამ წესისათვის დიდი
ყურადღება არ მიუქცევიათ, მაგრამ ურანის აღმოჩენის შემდეგ, რომელმაც ზუსტად
ამ წესით გამოთვლილი ადგილი დაიჭირა პლანეტათა მიმდევრობაში, დაიწყეს
პლანეტის ძიება, რომელიც შეავსებდა ცარიელ ადგილს მარსსა და იუპიტერს
შორის და მართლაც, აღმოჩენილი იქნა ცერერა.
როდესაც აღმოჩნდა, რომ ცერერას გარდა აღნიშნულ მანძილზე მზის
სისტემის მრავალი სხეული მოძრაობს, გამოითქვა ჰიპოთეზა, რომ ეს სხეულები
წარმოიქმნა დიდი პლანეტის დაშლის შედეგად, რომელიც ამ ორბიტაზე
მოძრაობდა.
პლანეტების ხილული მოძრაობა თავისებურია და ერთი შეხედვით, ძალიან
უწესრიგო: ხან დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენაა მიმართული, ხან კი -
აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ.
დედამიწის მიმართ მდებარეობის მიხედვით პლანეტები იყოფა შიდა
(მერკური და ვენერა) და გარე (მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპუნი)
პლანეტებად.
პლანეტების ურთიერთგანლაგება მუდმივად იცვლილება. მზისა და
პლანეტების ურთიერთგანლაგებას ცის სფეროზე ეწოდება კონფიგურაცია.
კონფიგურაციებს შორის გამოიყოფა შეერთება, კვადრატურა, პირისპირდგომა და
მაქსიმალური ელონგაცია.
შეერთება არის მდებარეობა, როდესაც მზე და პლანეტა მდებარეობს ერთი
მიმართულებით. შიდა პლანეტებს გააჩნიათ ორი შეერთება: ქვედა, როდესაც
პლანეტა მდებარეობს მზესა და დედამიწას შორის და ზედა შეერთება, როდესაც
პლანეტა მდებარეობს მზის უკან. გარე პლანეტებს გააჩნიათ მხოლოდ ერთი, ზედა
შეერთება.
კვადრატურა არის გარე პლანეტების მდებარეობა, როდესაც კუთხე პლანეტა-
დედამიწა-მზე შეადგენს 90°.
პირისპირდგომა არის პლანეტების მდებარეობა, როდესაც დედამიწა
მდებარეობს მზესა და პლანეტას შორის. პირისპირდგომა არის მხოლოდ გარე
პლანეტებისათვის.
მაქსიმალური ელონგაცია არის უდიდესი კუთხე, რომლითაც შიდა პლანეტა
შეიძლება დაშორდეს მზეს. არჩევენ აღმოსავლეთ და დასავლეთ ელონგაციას.
შიდა პლანეტებისათვის დამახასიათებელია, რომ ისინი მზეს შორ მანძილზე
არ ცილდებიან და ყოველთვის დილით ან საღამოს მოჩანან ცაზე. მერკურის
მაქსიმალური ენოლგაცია არ არის დიდი – არ აღემატება 28, ხოლო ვენერას
მაქსიმალური ელონგაცია შეადგენს 48.
გარე პლანეტები მზიდან დაიკვირვება ნებისმიერ მანძილზე და მუდამ
სრულ ფაზაში.
კონფიგურაციები გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ პლანეტის
დაკვირვების პირობები: გარე პლანეტების დაკვირვება ყველაზე მოსახერხებელია
პირისპირდგომის დროს. შიდა პლანეტების დაკვირვება შესაძლებელია
აღმოსავლეთ და დასავლეთ ელონგაციის დროს. შეერთებისას პლანეტები არ
მოჩანან. იშვიათი გამონაკლისია, შიდა პლანეტების (მერკურისა და ვენერას)
ტრანზიტი მზის დისკოზე ქვედა შეერთების დროს.
ტრანზიტი წარმოადგენს ასტრონომიულ მოვლენას, რომლის დროსაც ერთი
ციური სხეული გაივლის მეორე ციური სხეულის წინ და ფარავს მის ნაწილს.
ვინაიდან მერკურისა და ვენერას ორბიტები მდებარეობენ დედამიწის ორბიტის
შიგნით, ხანდახან ისინი მოექცევიან ზუსტად დედამიწასა და მზეს შორის. ამ დროს
დაიკვირვება, თუ როგორ გადაკვეთს მერკური ან ვენერა მზის დისკოს და კაშკაშა
მზის ფონზე ისინი მოჩანს, როგორც მცირე ზომის „შავი წრე“.
მერკურის ტრანზიტი მზის დისკოზე შესაძლებელია დაკვირვებული იყოს
მაისში ან ნოემბერში. მისი ბოლო ტრანზიტი დაკვირვებული იქნა 2019 წელს. მისი
მომდევნო ტრანზიტი მზის დისკოზე მოხდება 2032 წელს. მერკურის ტრანზიტი
მზის დისკოზე საკმაოდ იშვიათი ასტრონომიული მოვლენაა, მაგრამ შედარებით
ხშირია, ვიდრე ვენერას ტრანზიტი მზის დისკოზე, ვინაიდან მერკური უფრო
ახლოსაა მზესთა დ უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ვენერა. ვენერას მზის
დისკოზე ტრანზიტი შესაძლებელია დეკემბერსა და ივნისში. ვენერას ბოლო
ტრანზიტი მოხდა 2012 წელს. მომდევნი ვენერას ტრანზიტი მოხდება 2117 წელს.
მერკურის გავლა მზის დისკოზე შესაძლებელია მოხდეს მზის დაბნელების
მომენტშიც, რაც ძალზე იშვიათია. მსგავსი რა დაფიქსირდება 6757 წელს.

პლანეტის მოძრაობას დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ეწოდება


პირდაპირი მოძრაობა, ხოლო მოძრაობას აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ კი -
რეტროგრადული.
დღეისათვის პლანეტების რთული გზა ცის თაღზე სავსებით გასაგებია და
აიხსნება მათი და დედამიწის გარემოქცევით მზის ირგვლივ. მაგრამ საუკუნეების
განმავლობაში კაცობრიობამ არ იცოდა დედამიწისა და პლანეტების მზის ირგვლივ
გარემოქცევის ფაქტის შესახებ და პლანეტების ხილულ გადანაცვლებას ცაზე
სხვაგვარ ახსნას აძლევდა.
ძველად დედამიწას სამყაროს ცენტრად თვლიდნენ. მიაჩნდათ, რომ
სამყაროს ცენტრში უძრავად დასვენებული დედამიწის გარშემო მოძრაობდა მზე,
მთვარე, პლანეტები და ვარსკვლავებიც (გეოცენტრული სისტემა).
ნ. კოპერნიკმა ძირითადად შეცვალა თვალსაზრისი სამყაროს აგებულებაზე,
მიხვდა რა, რომ დედამიწაც იყო ჩვეულებრივი პლანეტა და სხვა პლანეტებთან
ერთად მზის გარშემო გარემოიქცეოდა (ჰელიოცენტრული სისტემა).
ტ. ბრაჰემ შექმნა სამყაროს მოწყობის სისტემა, რომლის მიხედვითაც
დედამიწა სამყაროს ცენტრშია, მზე და მთვარე მოძრაობენ მის გარშემო, ხოლო იმ
დროისათვის ცნობილი ხუთი პლანეტა მოძრაბდა მზის გარშემო (გეო-
ჰელიოცენტრული სისტემა).
ტ. ბრაჰე თვლიდა, რომ ჭეშმარიტი ცოდნის ერთადერთი გზა - ცდების,
ხოლო ასტრონომიაში დაკვირვებების შედეგები იყო. ის თვლიდა, რომ თუ
მოხდებოდა საკმარისად დიდი რაოდენობის დაკვირვებითი მონაცემების
დაგროვება, მათი ანალიზის შედეგად გასაგები გახდებოდა სამყაროს ჭეშმარიტი
მოწყობა.
პლანეტების მდებარეობები, რომელიც მიიღო ტ. ბრაჰემ თავისი
დაკვირვებების შედეგად, მკვეთრად განსხვავდებოდა კ. პტოლემეს სისტემაზე
დაყრდნობით მიღებული მონაცემებისაგან. მისთვის ეს გახდა სტიმული
გაეგრძელებიდა და სრულეყო თავისი დაკვირვებები. მან მიაღწია ძალიან მაღალ
სიზუსტეს შეუიარაღებელი თვალით დაკვირვების პირობებში. მისი
დაკვირვებების მთავარი ობიექტი იყო მარსი. 16 წლის განმავლობაში აფიქსირებდა
ის მარსის მდებარეობას ვარსკვლავებს შორის. ამ პერიოდის განმავლობაში მარსმა
მზის ირგვლივ გააკეთა 8 სრული წრე.
ი. კეპლერმა ნ. კოპერნიკის თეორია სრულყო და დაასრულა. მან მარსის
მოძრაობის შესწავლის საფუძველზე, ციფრების გრძელი მწკრივიდან დაადგინა
პლანეტების მზის ირგვლივ გარემოქცევის კანონები. ი. კეპლერი მივიდა
დასკვნამდე, რომ მარსის ორბიტა საკმარისი სიზუსტით წარმოადგენდა ელიფსს,
რომლის ერთ ფოკუსში იყო მზე.
კვლევის მომდევნო ეტაპზე ი. კეპლერმა გულდასმით შეამოწმა,
შესაძლებელი იყო თუ არა სხვა პლანეტების ორბიტებიც ყოფილიყო ელიფსი. ამ
კვლევების საფუძველზე მან ჩამოაყალიბა მზის ირგვლივ პლანეტების მოძრაობის
კანონები, რაც კეპლერის სამი კანონის სახელით არის ცნობილი:
1. მზის სისტემის ყველა პლანეტა მოძრაობს ელიფსზე, რომლის ერთ-ერთ
ფოკუსში მდებარეობს მზე.
2. დროის ტოლ მონაკვეთებში რადიუს-ვექტორი, რომელიც აერთებს მზესა
და პლანეტას, შემოწერს თანაბარი ფართობის სექტორებს. ამ კანონის მიხედვით
პლანეტა მზის გარშემო მოძრაობს არათანაბრად, პერიჰელიუმში გააჩნია მეტი
სიჩქარე, ვიდრე აფელიუმში.
3. მზის გარშემოვლის პერიოდების კვადრატების თანაფარდობა ტოლია
პლანეტების ორბიტების დიდი ნახევარღერძების კუბების თანაფარდობისა:
T12 / T22 = a13 / a23
სადაც T1 და T2 არის მზის ირგვლივ გარშემოვლის პერიოდები, a1 და a2 კი – მათი
ორბიტების დიდი ნახევარღერძები.
ი. ნიუტონმა აჩვენა, რომ კეპლერის მესამე კანონი არ არის ზუსტი –
სინამდვილეში მასში შედის პლანეტის მასაც და კეპლერის მესამე კანონი
შემდეგნაირად ჩამოაყალიბა:
T12 (M+ m1) / T22(M+ m2) = a13 / a23
სადაც M — მზის მასაა, ხოლო m1 და m2 — პლანეტების მასებია.
დაბნელება არის სიტუაცია, რომლის დროსაც ერთი ციური სხეული ფარავს
მეორე ციური სხეულის სინათლეს. ყველაზე ცნობილია მზისა და მთვარის
დაბნელებები.
მზის დაბნელება ხდება როდესაც დედამიწის გარშემო მოქცევისას მთვარე
მზესა და დედამიწას შორის მოექცევა, ანუ მთვარის ჩრდილი ეცემა დედამიწის
ზედაპირზე. მთვარე დაახლოებით 400–ჯერ პატარაა მზეზე, მაგრამ დედამიწასთან
400-ჯერ უფრო ახლოსაა, ვიდრე მზე. ამიტომ ცაზე მზე და მთვარე დაახლოებით
ერთი და იმავე ზომისაა. ზოგჯერ მთვარე ზუსტად დედამიწასა და მზეს შორის
ხვდება და ამ დროს ხდება მზის დაბნელება. მზე რამდენიმე წუთით “ჩაქრება” იმ
დროს, როცა მთვარე ფოტოსფეროს ბოლო წერტილს დაფარავს. ამის მერე მთვარე
ნელ-ნელა გადადის და მზე ისევ ძველებურად გაბრწყინდება.
მზე, მთავარე და დედამიწა განუწყვეტელ მოძრაობაშია. მთვარის ორბიტის
სიბრტყე დახრილია ეკლიპტიკის მიმართ, ამიტომ ეს სამივე სხეული ყოველთვის
არ ხვდება ერთ სიბრტყეში. ისინი რომ ერთ სიბრტყეში მდებარეობდნენ,
დაბნელება ყოველთვიურად მოხდებოდა. მზის დაბნელების ხილვა მხოლოდ
ახალმთვარეობისას არის შესაძლებელი, როდესაც მთვარის დედამიწისაკენ
მოქცეული მხარე არ არის განათებული და არ მოჩანს.
მთვარის ჩრდილის სიგრძე მცირედ იცვება. ის დაახლოებით მთვარე-
დედამიწის მანძილის ტოლია, მაგრამ უფრო ხშირად მას აღემატება და
დედამიწასთან შეხების ადგილად მისი კონუსის სიგანე რამოდენიმე ათეულიდან
ორ-სამ ასეულ კმ-მდე აღწევს. მთვარის ჩრდილში მოქცეული დედამიწის
ზედაპირიდან შესაძლებელია მზის დაბნელების დანახვა. მთვარის ჩრდილის
დიამეტრი დედამიწის ზედაპირთან არ აღემატება 270 კმ, ამიტომ მზის სრული
დაბნელება დაიკვირვება მხოლოდ ვიწრო ზოლში. ნახევარჩრდილის დიამეტრი
დაახლოებით 6750 კმ-ია და, შესაბამისად, მზის ნაწილობრივი დაბნელება მოჩანს
სრული ფაზის ზოლიდან ჩრდილოეთით და სამხრეთით დაახლოებით 3250 კმ
მანძილზე.
მზის სრული დაბნელება ბუნების შედარებით იშვიათი მოვლენაა და
დედამიწის მხოლოდ გარკვეული ადგილიდან დაიკვირვება. მზის დაბნელების
სრული ფაზა გრძელდება მხოლოდ რამოდენიმე წუთს (მაქსიმალური დრო არის 7.5
წუთი). დამკვირვებელი, რომელიც იმყოფება სრული დაბნელების ზოლის ახლოს,
ე. წ. ნახევარჩრდილში, დაინახავს მზის ნაწილობრივ დაბნელებას.
როცა მთვარის დაშორება დედამიწიდან მაქსიმალურია, ხოლო მთვარის
ჩრდილის სიგრძე - მინიმალური, მაშინ ჩრდილის კონუსის წვერი ვერ წვდება
დედამიწის ზედაპირს. დამკვირვებელი მთვარის ჩრდილის კონუსის გარეთ იქნება
და მთვარეც უფრო მცირე კუთხით გამოჩნდება, ვიდრე მზე და ამიტომ მზის
უდიდესი ნაწილი ცენტრის ირგვლივ დაბნელებული იქნება, კიდეები კი -
დაუბნელებელი. იმ შემთხვევაში, თუ მთვარე მდებარეობს შორეულ წერტილში
ჩვენგან და მისი დიამეტრი არ არის საკმარისი მზის დისკოს სრულად დასაფარად,
ხდება მზის რგოლისებრი დაბნელება, როდესაც მთვარის ბნელ დისკოს გარს
აკრავს მზის დისკოს დარჩენილი ცეცხლოვანი რგოლი. რგოლისებრი დაბნელების
სრული ფაზის მაქსიმალური ხანგრძლივობა მეტია, ვიდრე მზის სრული
დაბნელებისა და თითქმის 12.5 წუთს აღწევს. მზის რგოლისებრი დაბნელებები
უფრო ხშირია, ვიდრე სრული, თუმცა შესაძლებელია, რომ ერთი და იგივე
დაბნელება ზოგგან სრულ, სხვა ადგილას კი რგოლისებრ დაბნელებად
დაიკვირვებოდეს. ასეთ დაბნელებას ეწ. სრული რგოლისებრი ან ჰიბრიდული
დაბნელება.
მთვარის დაბნელება ხდება იმ შემთხვევაში, როცა მთვარე მოხვდება
დედამიწის ჩრდილში. მთვარის დაბნელება შეიძლება მოხდეს სავსემთვარეობის ან
მის მახლობელ მომენტში. ყოველი სავსემთავრეობისას, დაბნელება არ ხდება,
ვინაიდან მთვარის ორბიტა დახრილია ეკლიპტიკის მიმართ დაახლოებით 5-ით,
ამიტომ მთვარე, დედამიწა და მზე ერთდროულად ყოველთვის არ მდებარეობენ
ეკლიპტიკის სიბრტყეში. უმეტეს შემთხვევაში მთვარე არ ხვდება დედამიწის
ჩრდილში.
დედამიწის ჩრდილის კონუსის სიგრძე ყოველთვის და საკმაოდ აღემატება
მთვარე-დედამიწის მანძილს. დედამიწის ჩრდილი ყოველთვის მიწვდება მთვარის
ზედაპირს. დედამიწის ჩრდილის სიგანე დახლოებით სამჯერ მეტია მთვარის
ზომაზე. ამიტომ მთვარის დაბნელების სრული ფაზა გაცილებით ხანგრძლივია
მზის სრული დაბნელების ხანგრძლივობაზე.
დედამიწის ჩრდილის კონუსს ახლავს თავისი ნახევარჩრდილი, ამიტომ
მთვარის დაბნელება, გარდა იმისა, რომ შეიძლება იყოს სრული და ნაწილობრივი,
შეიძლება აგრეთვე იყოს მკრთალჩრდილოვანი. მკრთალჩრდილოვანი დაბნელება
თვალით თითქმის შეუმჩნეველია.
მთვარის დაბნელება დედამიწის მთელი ბნელი ზედაპირიდან დაიმზირება.
ის რამოდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება და მოჩანს, თუ როგორ შედის
მთვარე ნახევარჩრდილში და შემდეგ ჩრდილში. მთვარე ამ დროს ხშირად იღებს
მოწითალო შეფერილობას. ეს აიხსნება იმით, რომ მზის სხივები დედამიწის
ატმოსფეროში გარდატყდებიან, ხვდებიან დედამიწის ჩრდილში და მთვარეს
აძლევენ წითელ შეფერილობას. იშვიათ მოვლენას წარმოადგენს დაბნელება
სუპერმთვარის მომენტში, როდესაც მთვარე მაქსიმალურად ახლოს არის
დედამიწასთან. ასეთ დაბნელებას ხშირად „სისხლიანს“ უწოდებენ, ვინაიდან
მთვარის მოახლოებასთან ერთად ის იძენს განსაკუთრებულ წითურ შეფერილობას.
მზისა და მთვარის დაბნელებათა მინიმალური რიცხვი ერთ წელიწადში
შეადგენს ორს და ეს ორივე მზის დაბნელებაა, მაქსიმალური რიცხვი კი – შვიდია:
ხუთი მზის და ორი მთვარის. წელიწადში მზის ხუთი დაბნელება ძალიან
იშვიათია. უკანასკნელი ასეთი შემთხვევა იყო 1935 წ. შემდეგი იქნება მხოლოდ 2206
წ. ყველაზე ხშირად ერთი წლის განმავლობაში ხდება ორი მზისა და ორი მთვარის
დაბნელება.

ეგზოპლანეტები

ცის სფეროზე მრავალ ვარსკვლავს შორის ადამიანებმა გამოყვეს ობიექტები,


რომელთაც უწოდეს „პლანეტები,“ რაც „მოხეტიალე ვარსკვლავს“ ნიშნავს. პლანეტა
არის ციური სხეული, საკმარისად მასიური იმისათვის, რომ საკუთარი
გრავიტაციის მოქმედებით მიიღოს სფერული ფორმა. 2006 წელს საერთაშორისო
ასტრონომიულმა კავშირმა მიიღო ოფიციალური განმარტება ტერმინისა
“პლანეტა”. ობიექტი რომ ჩაითვალოს პლანეტად უნდა აკმაყოფილებდეს სამ
მოთხოვნას:
• ობიექტი უნდა მოძრაობდეს ორბიტაზე მზის გარშემო;
• ობიექტს უნდა გააჩნდეს საკმარისი მასა, რათა საკუთარი მიზიდულობის
ძალის ზემოქმედებით მიიღოს სფერული ფორმა;
• ობიექტი უნდა იყოს დომინანტი და ორბიტა უნდა გაწმინდოს სხვა
ობიექტებისაგან.
1930 წლიდან, აღმოჩენის მომენტიდან, პლუტონი 2006 წლამდე ითვლებოდა
მზის სისტემის მეცხრე პლანეტად. 2006 წელს პლანეტებისათვის ახალი
კრიტერიუმების მიღების შედეგად აღმოჩნდა, რომ პლუტონი ვერ აკმაყოფილებს
მესამე პირობას, ამიტომ 2006 წ. ის მიაკუთვნეს ჯუჯა პლანეტებს (ჯუჯა პლანეტა-
ციური სხეული, რომელიც მოძრაობს მზის გარშემო, აქვს
საკმარისი მასა პლანეტების მიზიდულობის ძალის დასაძლევად და არ არის
თანამგზავრი, მაგრამ არ არის დომინანტი საკუთარ ორბიტაზე.
პლუტონის ამოღებას პლანეტების სიიდან მოყვა სხვადასხვაგვარი რეაქცია
მეცნიერების თუ უბრალო მოქალაქეების მხრიდან, თუმცა მოქალაქეთა
უმრავლესობამ მშვიდად მიიღო ეს ცნობა.
აღსანიშნავია, რომ ძველად პლანეტებს მიაკუთვნებდნენ მთვარესა და
მზესაც, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ ვარსკვლავებისაგან განსხვავებით, ისინიც
„დახეტიალობდნენ“ სამყაროს უძრავი ცენტრის – დედამიწის ირგვლივ.
ტელესკოპის გამოყენების შედეგად ასტრონომები დარწმუნდნენ, რომ
პლანეტები – დედამიწის მსგავსი უზარმაზარი სხეულებია.
მეთვრამემეტე საუკუნის მიწურულამდე ცნობილი იყო მზის სისტემის
მხოლოდ ექვსი პლანეტა (დედამიწის ჩათვლით). 1781 წ. ვ. ჰერშელმა აღმოაჩინა
მეშვიდე პლანეტა – ურანი. ურანის აღმოჩენიდან გარკვეული დროის
განმავლობაში გამოვლინდა შეუსაბამობა ურანის დაკვირვებულ და გამოთვლილ
მდებარეობებს შორის და გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს ცდომილება გამოწვეული
იყო ჯერ აღმოუჩენელი კიდევ ერთი პლანეტის ზემოქმედებით და, მართლაც,
აღმოჩენილი იყო ახალი პლანეტა, რომელსაც ეწოდა ნეპტუნი.
მეოცე საუკუნის ბოლომდე მზის გარდა სხვა ვარსკვლავების გარშემო
პლანეტური სისტემების არსებობა უფრო ფილოსოფიურ საკითხს წარმოადგენდა,
ვიდრე სამეცნიეროს. ცნობილი იყო მხოლოდ ერთადერთი პლანეტური სისტემა –
მზის სისტემა. თუმცა როგორც კი გაჩნდა იდეა, რომ ვარსკვლავები - შორეული
მზეებია, წარმოიქმნა მოსაზრება, მათ ირგვლივ ეგზოპლანეტების მოძრაობისა და
მათზე სიცოცხლის შესაძლო არსებობის შესახებ. ვინაიდან ეგზოპლანეტები
ვარსკვლავებთან შედარებით ნაკლებად კაშკაშაა და ძალიან მცირე ზომისაა, ხოლო
თვითონ ვარსკვლავები ძალიან შორს მდებარეობენ მზიდან, ამიტომ ხანგრძლივი
დროის განმავლობაში სხვა ვარსკვლავების მახლობლად ეგზოპლანეტების
აღმოჩენა წარმოადგენდა გადაუჭრელ პრობლემას. მხოლოდ მეოცე საუკუნის
ბოლოს მოხდა შესაძლებელი შორეული ვარსკვლავების ირგვლივ მოძრავი
ეგზოპლანეტების აღმოჩენა.
პირველი ეგზოპლანეტა აღმოჩენილი იქნა არა მთავარი მიმდევრობის
ვარსკვლავისათვის, არამედ პულსარისათვის! (პულსარი - ძლიერ დამაგნიტებული
მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავი, რომელიც მაგნიტური პოლუსებიდან
გამოედინება ელექტრომაგნიტური გამოსხივების ნაკადებს. ნეიტრონული
ვარსკვლავი - 10-დან 29-მდე მზის მასის მქონე კოლაფსირებული ვარსკვლავი,
რომლის რადიუსი მხოლოდ 10-20 კმ-ია). თუ პულსარის ირგვლივ მოძრაობს
ეგზოპლანეტა, იმპულსების პერიოდი შეიცვლება – ხან გაიზრდება და ხან
შემცირდება. პულსარის დაკვირვებული პერიოდის საშუალოდან მცირე
გადახრების დაკვირვებით შესაძლებელია საკმარისად მცირე მასის მქონე
ეგზოპლანეტების აღმოჩენა.
მზის სისტემის გარეთ ეგზოპლანეტის აღმოჩენა მოხდა 1992 წელს.
აღმოჩენილი იყო სამი დედამიწის ტიპის ეგზოპლანეტა პულსარის PSR 1257+12
ირგვლივ. ეს იყო ძლიან მოულოდნელი აღმოჩენა ასტრონომებისათვის, რადგან
ვარაუდობდნენ, რომ პლანეტური სისტემების არსებობა შესაძლებელი იყო
მხოლოდ ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავების
მახლობლად.
პირველი ეგზოპლანეტა, მთავარი მიდევრობის ვარსკვლავის მახლობლად,
რომელიც აღმოჩენილი იქნა 1995 წ. არის 51Pegasi b, რომელიც მდებარეობს პეგასის
თანავარსკვლავედში, მზიდან 50 სინათლის წლის მანძილზე. ეს არის პროტოტიპი
ეგზოპლანეტების კლასისა, რომელსაც ეწ. „ცხელი იუპიტერი“. ამის შემდეგ,
ყოველწლიურად იზრდება აღმოჩენილი ეგზოპლანეტების რაოდენობა.
ჩვენი მზის სისტემა ძალიან მარტივად არის მოწყობილი: მზის ახლოს
მდებარეოს ოთხი მცირე ზომის კლდოვანი პლანეტა, შემდეგ კი მდებარეობენ
გიგანტი პლანეტები. 1995 წელს აღმოჩენილი გაზოვანი გიგანტი ძალიან ახლოს
მდებარეობს ვარსკვლავთან, რაც ძალიან მოულოდნელი იყო, ვინაიდან
თეორიულად ითვლებოდა, რომ შეუძლებელი უნდა ყოფილიყო მძიმე გაზოვანი
გიგანტი ეგზოპლანეტის ჩამოყალიბება ვარსკვლავთან ახლოს, ვინაიდან
ვარსკვლავის მახლობლად ნივთირეება გაიშვიათებულია, ვინაიდან
ვარსკვლავიდან გამოტყორცნილი ნაწილაკების ნაკადის მიერ ხდებოდა მის ახლო
არეებიდან გაზის გამოდევნა.
მოგვიანებით ეგზოპლანეტები აღმოჩენილი იქნა სხვადასხვა ტიპის
ვარსკვლავების მახლობლად.
ზოგიერთი ეგზოპლანეტები მოძრაობენ ნეიტრონული ვარსკვლავების
ირგვლივ, რომლებიც, სავარაუდოდ, წარმოიქმნენ ზეახალი ვარსკვლავის (ზეახალი
ვარსკვლავი - ვარსკვლავი, რომლის ბრწყინვალება რამდენიმე წამის განმავლობაში
იზრდება) აფეთქების შედეგად. ზეახალის აფეთქებისას გამოიტყორცნება დიდი
რაოდენობით ნივთიერება, რისგანაც შესაძლებელია ახალი თაობის
ეგზოპლანეტების, მათ შორის, დედამიწის ტიპის მცირე ზომის ეგზოპლანეტების
წარმოქმნა.
არის ეგზოპლანეტები თეთრი ჯუჯა ვარსკვლავების (თეთრი ჯუჯა
ვარსკვლავი - ვარსკვლავი, რომელსაც აღარ გააჩნია თერმობირთვული რეაქციის
ენერგია, მასა მზის მასის რიგისაა, რადიუსი 100-ჯერ ნაკლებია მზისაზე)
ირგვლივ.
ცნობილია ეგზოპლანეტების არსებობის შესახებ გიგანტი ვარსკვლავების
გარშემოც. ზოგიერთი მათგანი ახლოს მდებარეობს ვარსკვლავთან და ეს უნდა
წარმოადგენდეს საოცარ სანახაობას: რომ ვიმყოფებოდეთ მსგავს ეგზოპლანეტაზე,
ცის მნიშვნელოვანი (10%-მდე) ნაწილი დაკავებული იქნება გიგანტი ვარსკვლავის
დისკოს მიერ. შემდგომში ეს ეგზოპლანეტები შესაძლებელია დაეცნენ გიგანტ
ვარსკვლავს, ან თუ ვარსკვლავი კიდევ გაფართოვდება, ეგზოპლანეტები
შთაინთქმებიან ვარსკვლავის მიერ ან მათი ორბიტები გაიზრდება და,
შესაძლებელია, ეგზოპლანეტები კიდეც გაიფანტონ, მოშორდნენ ვარსკვლავს და
შედეგად წარმოიქმნება ე. წ. „მოხეტიალე“ პლანეტები, რომლებიც არ მოძრაობენ
რომელიმე ვარსკვლავის გარშემო.
მართლაც, მიუხედავად პლანეტის განმარტებისა, რომ პლანეტა უნდა
მოძრაობდეს ვარსკვლავის ირგვლივ, ჩვენს გალაქტიკაში გვხვდება პლანეტის
ტიპის ობიექტები, რომლებიც არ მოძრაობენ რომელიმე კონკრეტული
ვარსკვლავის გარშემო.
მსგავსი ობიექტების არსებობის შესახებ ჯერ კიდევ 1998 წ. გამოითქვა მოსაზრება.
მოხეტიალე პლანეტები არ მოძრაობენ ვარსკვლავის ირგვლივ, არამედ მოძრაობენ
გალაქტიკის ცენტრის გარშემო. ისინი ან განდევნილნი იქნენ პლანეტური
სისტემიდან, რომელშიც ჩამოყალიბდნენ, ან გრავიტაციულად არასოდეს არ იყვნენ
დაკავშირებულნი რომელიმე ვარსკვლავთან. 2012 წელს აღმოჩენილი იქნა
პირველი მოხეტიალე პლანეტა, რომელიც მდებარეობს მზიდან 130 სინათლის
წლის მანძილზე და გააჩნია 4–7 იუპიტერის ტოლი მასა. ხილულ სინათლეში ის
მუქი–წითელი ფერისაა.
ზოგადად ცნობილია, რომ ვარსკვლავები წარმოიქმნებიან, განიცდიან
ევოლუციას და შემდგომ კვდებიან. შესაბამისად, ვარსკვლავებთან ერთად
წარმოიქმნებიან პლანეტური სისტემები. პლანეტური სისტემის ევოლუციის
ზოგადი სურათი შემდეგია: კოსმოსში არის გაზოვან-მტვროვანი ღრუბელი,
რომელიც იწყებს შეკუმშვას, რაღაც მომენტში გამოიყოფა ცენტრალური ობიექტი,
რომელიც გარდაიქმნება ვარსკვლავად და ბრტყელი დისკი, რომელშიც
წარმოიქმნება პლანეტური სისტემა.
ხარისხობრივად ეს სურათი უეცვლელია, მაგრამ არის მრავალი დეტალი და
სიახლეები, დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის ეკზოპლანეტების სისტემების
წარმოქმნასთან. პირველი დეტალია - თოვლის ხაზი. იდეა ძალიან მარტივია: თუ
ჩვენთან ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა ხდება დროში,
პროტოპლანეტურ დისკში ისინი სივრცეშია იმ გაგებით, რომ ვარსკვლავთან ახლოს
არის ზაფხული, ხოლო შორს - ზამთარი. შესაბამისად, სადღაც იქნება საზღვარი,
რომელიც წარმოადგენს ე. წ. თოვლის ხაზს. ვარსკვლავთან ახლოს
წარმოუდგენელია ყინულის, ხოლო შორ მანძილზე - ნივთიერების გაზოვან
მდგომარეობაში არსებობა. თუ ავიღებთ მზის ტიპის ვარსკვლავს, თოვლის ხაზი
დაახლოებით 5 ა. ე.-ზე გაივლის.
ვარსკვლავის ირგვლივ პროტოპლანეტური დისკი შესაძლებელია გაიყოს სამ
ნაწილად. ვარსკვლავთან ახლოს ნივთიერება არც ისე ბევრია, დისკი საკმარისად
თხელია, ყინული არ არის, გაზი საკმაოდ აქტიურად გამოიდევნება და იქ უნდა
წარმოიქმნას მცირე ზომის კლდოვანი სხეულები (მზის სისტემის შემთხვევაში -
მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი). ვარსკვლავიდან შორ მანძილზე შეიძლება
ყინულის არსებობა, და იქ წარმოიქმნება ყინულოვანი სხეულები (მზის სისტემის
შემთხვევაში - ურანი და ნეპტუნი). შუა ადგილას, სადაც ბევრი გაზია,
წარმოიქმნება გიგანტი პლანეტები (მზის სისტემის შემთხვევაში - იუპიტერი და
სატურნი).
დაკვირვებითი მონაცემები აჩვენებს, რომ ეკზოპლანეტები ძალიან
მრავალფროვანია, მაგრამ შესაძლებელია მათი დაყოფაც სამ ტიპად, მზის
სისტემაში არსებული პლანეტების მიხედვით. პირველია გიგანტი პლანეტები,
როგორიცაა იუპიტერი და სატურნი - პლანეტები, რომლებიც ძირითადად
გაზოვანია, რის გამოც მათ გაზოვანი გიგანტები ეწოდებათ.
გიგანტი გაზოვანი ეგზოპლანეტები, როგორიცაა ცხელი იუპიტერები -
დაახლოებით იუპიტერის მასის მქონე ეგზოპლანეტები, რომელნიც ბრუნავენ
თავიანთი ვარსკვლავიდან ვარსკვლავის რამოდენიმე რადიუსის მანძილზე და
გავარვარებულნი არიან 1–2 მლნ. კელვინამდე. ან ცხელი სატურნები -
ეგზოპლანეტуბი, რომელნიც ფაქტობრივად წარმოადგენს გაზოვან ღრუბელს,
ვინაიდან მათი სიმკვრივე ძალიან მცირეა - ნაკლებია 0.5 გ/სმ3-ზე.
სავარაუდოდ, მეორე, პლანეტების ყველაზე მრავალრიცხოვანი ტიპი -
ცხელი ნეპტუნები - ურანისა და ნეპტუნის მასის მქონე პლანეტებია, რომლებიც
საკმაოდ ახლო მანძილზე მდებარეობენ ვარსკვლავიდან. ისინი ერთი მხრივ
გიგანტები არიან, მაგრამ მნიშვნელოვნად განსხვავდებიან იუპიტერისა და
სატურნისაგან. ისინი შედგებიან ბირთვისა და მკვრივი ატმოსფეროსაგან,
რომელსაც უჭირავს პლანეტის ზომის უდიდესი ნაწილი.
ამ ორივე ტიპის ეგზოპლანეტების, როგორც ცხელი იუპიტერების, ისე
ცხელი ნეპტუნების, აღმოჩენისას დაფიქსირდა უცნაური ფაქტი, რომ ისინი ძალიან
ახლოს, 1 ასტრონომიულ ერთეულზე (ასტრონომიული ერთეული - მანძილის
დედამიწიდან მზემდე, რომელიც დაახლოებით არის 150 მილიონი კმ) ნაკლებ
მანძილზე, მდებარეობენ ვარსკვლავთან. ზოგჯერ ასეთი ეგზოპლანეტის
ვარსკვლავის ირგვლივ გარშემოვლის პერიოდი შეადგენს რამოდენიმე დღეს ან
საათს. ეს ძალიან უცნაურია, ვინაიდან ეს ეგზოპლანეტები ამ მანძილზე არ (უფრო
მეტიც, ვერ) უნდა წარმოიქმნილიყო. ყველაფერი ეს ისეთნაირად გამოიყურება, რომ
მზის სისტემა თითქოს შეკუმშეს.
პლანეტების მესამე ტიპი - დედამიწის ტიპის, ანუ კლდოვანი პლანეტებია.
აქაც შეიძლება იყოს დიდი მრავალფეროვნება, რასაც ვაკვირდებით მზის
სისტემაში. მაგ., არის მცირე ზომის მერკური, საკმარისად დიდი ზომის დედამიწა,
რომელიც გეოლოგიურად საკმაოდ აქტიურია და ახასიათებს ლითოსფერული
(ლითოსფერო - დედამიწის ყველაზე გარე, მაგარი გარსი) ფილების მნიშვნელოვანი
ტექტონიკა, რაც არ დაიკვირვება არც მერკურზე, არც ვენერაზე და არც მარსზე.
ეგზოპლანეტების ყველაზე გავრცელებული ტიპია სუპერდედამიწა -
ეგზოპლანეტა, რომლის მასაც დედამიწის მასაზე მეტია (5-10 დედამიწის მასის
ტოლია), მაგრამ ნაკლებია გაზოვანი გიგანტების მასაზე. მათ შესაძლებელია
ჰქონდეთ სხვადასხვა შემადგენლობა: შესაძლებელია იყონ კლდოვანი, ჰქონდეთ
ფართო გაზოვანი გარსი, ზოგიერთი მათგანი, ვენერას მსგავსად, შესაძლებელია
დაფარული იყოს ღრუბლების მკვრივი გარსით. აღმოჩნდა, რომ სუპერდედამიწები
საკმაოდ მრავალრიცხოვანია. აღსანიშნავია, რომ მზის სისტემაში პლანეტების
მსგავსი მრავალფეროვნება არ დაიკვირვება.
სუპერდედამიწები ძირითადად შედგება სილიკატებისაგან, რომლებიც
ფარავენ რკინის ბირთვს. ვარსკვლავებიდან მოშორებით მდებარე ეგზოპლანეტები
შესაძლებელია აგრეთვე შეიცავდნენ მნიშვნელოვანი რაოდენობით წყლის ყინულს.
ვარსკვლავთან შედარებით ახლოს მდებარე ეგზოპლანეტების ზედაპირზე კი
შესაძლებელია თხევადი წყლის არსებობა და შესაძლოა ისინი დაემგვანონ
დედამიწას ან სრულად ოკეანით იქნან დაფარულნი.
თუ ვარსკვლავის ირგვლივ პროტოპლანეტურ დისკში მცირე რაოდენობით
არის ჟანგბადი, მაგრამ დიდი რაოდენობითაა ნახშირბადი, წარმოქმნილი
ეგზოპლანეტები განსხვავებული იქნება მზის სისტემის პლანეტებისაგან -
წარმოიქმნება ნაქხშირბადოვანი ეგზოპლანეტები. მათ, სავარაუდოდ, ექნებათ
რკინის ბირთვი, რომელიც გარშემორტყმული იქნება სილიციუმის კარბიდის
ფენით. მის ზედაპირზე შესაძლებელია ნახშირორჟანგის, მეთანის და სხვა
ნახშირწყალბადების არსებობა ყინულის ან თხევადი სახით, რაც დამოკიდებულია
გარემო პირობებზე.
ეგზოპლანეტის ზედაპირის მდგომარეობა და პირობები ძლიერ არის
დამოკიდებული ვარსკვლავის სინათლეზე, თუმცა მოსალოდნელია, რომ
სუპერდედამიწებზე შესაძლოა იყოს დედამიწასთან შედარებით ლითოსფერული
ფილების უფრო ძლირი ტექტონიკა, რის შედეგადაც ძალიან მაღალი მთებისა და
ძალიან ღრმა ღრმულები ვერ ჩამოყალიბდება. სავარაუდოდ, გეოლოგიურად ისინი
იქნებიან დედამიწაზე უფრო მეტად აქტიურები და მათზე გამოვლენილი იქნაბა
მეტი ვულკანიზმი. სავარაუდოდ, თუ სუპერდედამიწა მოთავსებულია
„სასიცოცხლო ზონაში“, მასზე შესაძლებელია დედამიწის მსგავსი კლიმატის
ჩამოყალიბებაც.
ვინაიდან პლანეტებში ხდება ზეწოლა საკუთარ თავზე, მათი ცენტრალური
ნაწილის სიმკვრივე იზრდება, რაც იწვევს საშუალო სიმკვრივის ზრდას. ამიტომ
პლანეტის რადიუსის 2-ჯერ გაზრდისას, იმავე შემადგენლობის პირობებში, მასა
შესაძლებელია გაიზარდოს 10-ჯერ და მეტჯერ. სუპერდედამიწების შემთხვევაში
მასის 10-ჯერ გაზრდის შემთხვევაში 10-ჯერ შეიძლება შეიცვალოს რადიუსიც, რაც
ნიშნავს, რომ ისინი ძალიან მრავალფეროვანია, გააჩნიათ სხვადასხვა სიმკვრივე და,
შესაბამისად, შემადგენლობა.
პლანეტების შემადგენლობაში შეიძლება გამოვყოთ სამი ძირითადი ფენა.
ესაა მყარი ბირთვი - მძიმე წარმონაქმნი, რაც შეიძლება იყოს რკინის, რკინა-
კლდოვანი ან კლდოვანი. მეორე შემადგენელია - ყინული, ძირითადად წყლის
ყინული, რომელიც ეგზოპლანეტებში არის მაღალი წნევის ქვეშ და ამიტომ გააჩნია
მაღალი სიმკვრივე, რის გამოც შეცვლილია მისი სტრუქტურა. მესამე ფენა არის
ატმოსფერო.
თუ განვიხილავთ მზის სისტემის პლანეტების ატმოსფეროებს, ისინი
საკმაოდ განსხვავებულია: დედამიწის ატმოსფერო გაცილებით მსუბუქია სხვა
პლანეტების ატმოსფეროებთან შედარებით და შორიდან გამოიყურება თხელი
ცისფერი ზოლის სახით, ამავე დროს შესაძლებელია დედამიწის ზედაპირის
დანახვაც. მარსს ატმოსფერო საერთოდ არ მოჩანს. ვენერას მკვრივი ატმოსფერო კი
არ იძლევა მისი ზედაპირის დანახვის საშუალებას. დიდი პლანეტების შემთხვევაში
განსხვავებული სიტუაციაა და შეიძლება ვისაუბროთ ფართო გაზოვან გარსზე,
თუმცა შესაძლებელია მათ ვუწოდოთ ატმოსფეროები.
ეკზოპლანეტებს ენიჭებათ სახელები, რომელიც შედგება ვარსკვლავის
სახელწოდებისაგან, რომლის ირგვლივ ბრუნავს ეგზოპლანეტა. ამ სახელწოდებას
ემატება ლათინური ანბანის ასო, დაწყებული „b“-დან, მომდევნო ეგზოპლანეტას
ემატება “c”, შემდეგ „d“ და ა. შ. ანბანის მიხედვით. ამასთან ეგზოპლანეტების
დასახელებაში „a“ არ გამოიყენება, რადგან ამ დასახელების ქვეშ იგულისხმოდა
თვითონ ვარსკვლავი. ეგზოპლანეტებს ენიჭებათ სახელები მათი აღმოჩენის
თანმიმდევრობის მიხედვით, ანუ შეიძლება ეგზოპლანეტა “c” იყოს უფრო ახლოს
ვარსკვლავთან, ვიდრე „b“. თუ ერთ სისტემაში ერთდროულად მოხდა ორი
ეგზოპლანეტის აღმოჩენა, მაშინ სახელის მინიჭება მოხდება ვარსკვლავიდან
დაშორების მიხედვით.
ჩვენი უახლოესი ეგზოპლანეტა - პროქსიმა ცენტავრა b აღმოჩენილი იყო
2016 წელს. ეს არის დედამიწის ზომის კლდოვანი პლანეტა და ის წარმოადგენს
პოტენციურად ვარგის პლანეტას კოლონიზაციისათვის. თავდაპირველად
მეცნიერები თვლიდნენ, რომ მასზე პირობები ძალიან მკაცრია სიცოცხლის
არსებობისათვის, მაგრამ ახალი კვლევები აჩვენებს, რომ დიდი ალბათობით, მის
ზედაპირზე შესაძლებელია არსებობდეს თხევადი წყალიც კი.
2014 წელს აღმოჩენილი იქნა დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტა გედის
თანავარსკვლავედში, 500 სინათლის წლის მანძილზე - Kepler-186 f. ეს არის
ეგზოპლანეტა Kepler-186 წითელი ჯუჯა ვარსკვლავის პლანეტურ სისტემაში. ამავე
სისტემაში კიდევ 4 ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი, რომლებიც დედამიწაზე დიდი
ზომისები არიან და ვარსკვლავთან უფრო ახლოს მდებრეობენ. Kepler-186
f მდებარეობს სასიცოცხლო ზონის გარე საზღვართან (მზის სისტემაში მარსის
მდებარეობის მსგავსად). Kepler-186 f–ის ვარსკვლავი მასისა და ზომის მიხედვით
მზის ნახევრის ტოლია და მისგან ეგზოპლანეტა ენერგიის მხოლოდ ერთ მესამედს
იღებ,ს იმ ენერგიასთან შედარებით, რასაც ჩვენ ვიღებთ მზისაგან. Kepler-186 f
ვარსკვლავის ირგვლივ გარშემოვლას 130 დღეს ანდომებს. 2018 წელს აღმოჩენილი
იქნა, რომ ამ ეგზოპლანეტას შეიძლება გააჩნდეს დედამიწის მსგავსი სეზონები და
კლიმატი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მასზე სიცოცხლის არსებობის და მის
დედამიწასთან მსგავსების შანსს.
2020 წელს აღმოჩენილი იქნა 17 ახალი ეგზოპლანეტა. მათ შორისაა KIC-
7340288 b, რომელიც ზომით დედამიწაზე 1.5-ჯერ დიდია და მასზე, შესაძლოა,
წყალი და შესაბამისად, სიცოცხლე არსებობდეს. ეგზოპლანეტა KIC-7340288 b
მზიდან დაახლოებით ათასი სინათლის წლითაა დაშორებული და მისი ორბიტა
მერკურის ორბიტაზე დიდია. ის თავისი ვარსკვლავისგან იმ ენერგიის მესამედს
იღებს, რასაც დედამიწა მზისგან. მასზე წელიწადი 142,5 დღის განმავლობაში
გრძელდება.
სხვა ვარსკვლავების პლანეტური სისტემების გაცნობისას, გასაოცარია მათი
მრავალფეროვნება. ბევრ ეგზოპლანეტას არ ჰყავს ანალოგი მზის სისტემაში.
გვხვდება პლანეტა გიგანტები, რომლებიც მოძრაობენ ძალიან გაწელილ ორბიტაზე,
პლანეტები პოლარულ და რეტროგრადულ ორბიტებზე და სხვა ობიექტები,
როგორიც არ არის დამახასიათებელი მზის სისტემისათვის. ამასთან ცნობილია
რამოდენიმე პლანეტური სისტემა, მსგავსი ჩვენი პლანეტური სისტემისა.
მიუხედავდ საკმაო მიღწევებისა ეგზოპლანეტებისა და სხვა ვარსკვლავების
პლანეტური სისტემების აღმოჩენაში, მაინც არ არის პასუხი გაცემული კითხვაზე:
მზის სისტემა ტიპიური ნორმალური პლანეტური სისტემაა, თუ მსგავსი სისტემები
იშვიათობას წარმოადგენს?

ეგზოპლანეტების აღმოჩენის მეთოდები

ვარსკვლავების პლანეტური სისტემების აღმოჩენა წარმოადგენს ბოლო


ათწლეულების მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას.
გადაწყდა ამოცანა, რომელიც დიდი დროის განმავლობაში არ აძლევდა
მკვლევარებს მოსვენებას: ჩვენი მზის სისტემა არ არის უნიკალური, არამედ
წარმოადგენს ვარსკვლავების ირგვლივ პლანეტების ფორმირების კანონზომიერი
პროცესის შედეგს. ყველა პლანეტურ სისტემას აქვთ მსგავსი პარამეტრები. მზის
სისტემა უნიკალურია მხოლოდ ერთში: დღემდე არ არის აღმოჩენილი სამყაროები,
სადაც წარმოიშვა გონიერი სიცოცხლე.
სხვა ვარსკვლავების ირგვლივ მოძრავი ეგზოპლანეტების აღმოჩენა ორი
მიზეზით არის რთული: თავად ეგზოპლანეტები მცირე ზომისაა, ანათებენ
სუსტად, მხოლოდ ვარსკვლავიდან დაცემული არეკლილი სინათლის
დახმარებით, ამიტომ მათი შემჩნევა რთულია. ეგზოპლანეტების აღმოჩენას
აგრეთვე ართულებს მათი სიახლოვე კაშკაშა ვარსკვლავთან. ხშირ შემთხვევაში,
იგივე სიკაშკაშის მქონე ეგზოპლანეტა რომ მდებარეობდეს სხვა ადგილას
(ვარსკვლავიდან მოშორებით), მისი დანახვა შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ
კაშკაშა ვარსკვლავთან მისი სიახლოვე ამის საშუალებას არ გვაძლევს. სწორედ ამ
მიზეზების გამო ეგზოპლანეტების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი (5%) არის
დაკვირვებული პირდაპირი მეთოდით. ამიტომ ეგზოპლანეტების ძიება
დაიყვანება იმის აღმოჩენაზე, თუ რა ზეგავლენას ახდენს ვარსკვლავზე მის
ირგვლივ ორბიტაზე მოძრავი ეგზოპლანეტა. ეგზოპლანეტების აღმოსაჩენად
გამოიყენება სხვადასხვა ირიბი მეთოდები.
რადიალური სიჩქარის ანუ დოპლერის მეთოდი. ვინაიდან
ეგზოპლანეტა ბრუნავს ვარსკვლავის ირგვლივ, ვარსკვლავიც მცირე ორბიტაზე
ბრუნავს სისტემის მასათა ცენტრის (მასათა ცენტრი - წერტილი, რომელშიც
შეიძლება ჩავთვალოთ, რომ თავმოყრილია სისტემის მთელი მასა) გარშემო.
ცვლილებების დანახვა ვარსკვლავის რადიალურ სიჩქარეში (რადიალური სიჩქარე
- სიჩქარე, რომლითაც ვარსკვლავი მოძრაობს დედამიწის მიმართულებით ან
შორდება მას) - შესაძლებელია ვარსკვლავის სპექტრული ხაზების წანაცვლებით
დოპლერის ეფექტის (დოპლერის ეფექტი - ტალღის სიგრძე დამოკიდებულია
სიჩქარესა და მიმართულებაზე. თუ გამოსხივების წყარო მოძრაობს გამოსხივების
მიმღებისაკენ, ტალღის სიგრძე მცირდება. თუ შორდება - ტალღის სიგრძე
იზრდება) გამო.
ეგზოპლანეტის ვარსკვლავის ირგვლივ მოძრაობისას დოპლერის ეფექტის
შედეგად ვარსკვლავის სპექტრში სპექტრული ხაზები გადაიხრება იისფერი
არისაკენ, თუ ვარსკვლავი მოძრაობს ჩვენი მიმართულებით და წითელი არისაკენ,
თუ ვარსკვლავი მოძრაობს ჩვენს საწინააღმდეგო მხარს. ეს ხდება უმარტივეს
შემთხვევაში, თუ არის ერთი ვარსკვლავი და ერთი მასიური ეგზოპლანეტა,
რომლის მასა სხვა ეგზოპლანეტების საერთო მასას ბევრად აღემატება.
თუ შორიდან შევხედავთ მზის სისტემას, ვინაიდან იუპიტერი უფრო მეტად
მოქმედებს მზეზე, ვიდრე ყველა სხვა პლანეტა ერთად, დავინახავთ, რომ მზის
ირგვლივ იუპიტერის გარშემოვლის პერიოდულობით მზე შორეულ
დამკვირვებელს ხან მიუახლოვდება, ხან დაშორდება. პროცესის მკაცრი
პერიოდულობის დაკვირვების შედეგად, შევძლებთ ამოვიცნოთ, რომ ეს არის
ვარსკვლავის უხილავი თანამგზავრის ზემოქმედების შედეგი.
ამჟამად დოპლერის მეთოდი ყველაზე პროდუქტიულია ეგზოპლანეტების
აღმოსაჩენად. დოპლერის მეთოდი საშუალებას გვაძლევს ადვილად აღმოვაჩინოთ
მასიური ეგზოპლანეტები ვარსკვლავის ახლოს, თუმცა ვარსკვლვიდან
დაშორებული ეგზოპლანეტების აღმოსაჩენად საჭიროა მრავაწლიანი
დაკვირვებები. აგრეთვე შედარებით რთულია ისეთი ეგზოპლანეტების აღმოჩენა,
რომელთა ორბიტის დახრა დიდია, ვინაიდან დედამიწის მიმართ ვარსკვლავის
რხევა ამ შემთხვევაში ნაკლებია.
ტრანზიტული მეთოდი. წარმოვიდგინოთ, რომ რაღაც მომენტში
ეგზოპლანეტა გადის ზუსტად ჩვენსა და ვარსკვლავს შორის. ამ დროს ჩვენთვის
ეგზოპლანეტა იქნება უხილავი, მაგრამ დავინახავთ, რომ ვარსკვლავის სიკაშკაშე
ოდნავ შემცირდა, ვინაიდან ვარსკვლავის დისკო არის კაშკაშა, ხოლო
ეგზოპლანეტა არის ბნელი. თუ საკმაო სიზუსტით შევძლებთ გავზომოთ
ვარსკვლავის სიკაშკაშე, ამ შემთხვევაში დავინახავთ, რომ მისი სიკაშკაშე ეცემა.
თუ ვარსკვლავის სიკაშკაშის დაცემა ხდება პერიოდულად, ამის ერთადერთი
მიზეზი იქნება ეგზოპლანეტის ტრანზიტი ვარსკვლავის დისკოზე.
ვინაიდან შეუძლებელია ვარსკვლავისა და მისი ეგზოპლანეტის სიკაშკაშის
მრუდის ცალ–ცალკე მიღება, მიიღება სისტემის „ვარსკვლავი+პლანეტა“ სიკაშკაშის
მრუდი, როგორც ტრანზიტის დროს, როცა პლანეტა გაივლის ვარსკვლავის
დისკოზე, აგრეთვე იმ დროსაც, როცა ეგზოპლანეტა გაივლის ვარსკვლავის უკან (ე.
წ. „მეორადი მინიმუმი”). რაც უფრო კაშკაშაა ეგზოპლანეტა, მით უფრო შესამჩნევია
ერთიანი სისტემის სიკაშკაშის შესუსტება, და მით უფრო ღრმაა მეორადი მინიმუმი.
ეგზოპლანეტების ძებნის ტრანზიტული მეთოდი დამყარებულია
ვარსკვლავის სიკაშკაშის შესუსტების აღმოჩენაზე, როდესაც ეგზოპლანეტა გადის
მის დისკოზე და ის წარმოადგენს ეგზოპლანეტების აღმოჩენის საკმაოდ კარგ
მეთოდს.
შესაძლებელია ეგზოპლანეტა ძალიან ახლოს მდებარეობდეს ვარსკვლავთან
და გახურებული იყოს ძალიან მაღალ ტემპერატურამდე, ან ის ეს-ეს არის
წარმოიქმნა და განაგრძობს შეკუმშვას და მას გააჩნია ენერგიის საკუთარი წყარო. ამ
შემთხვევაში ტრანზიტის მსგავსი მოვლენის შედეგად დავინახავთ, რომ მთელი
სისტემის ჯამური სიკაშკაშე იცვლება. ამგვარად ჩვენ გამოვყოფთ ზედმეტ
სინათლეს და ის შეიძლება მივაწეროთ უხილავ ეგზოპლანეტას. მსგავსი მეთოდია
- სპექტრში რაიმე დეტალების გამოყოფა, რომლებიც პერიოდულად
გადაინაცვლებენ, ჩნდებიან და ქრებიან და რომელიც არ არის დამახასიათებელი
ვარსკვლავისათვის. შეიძლება ისინიც მიუთითებდნენ ეგზოპალნეტის
არსებობაზე.
ვარსკვლავის წერტილოვან დისკოზე ეგზოპლანეტის ტრანზიტის უშუალო
დაკვირვება შეუძლებელია, მაგრამ ვარსკვლავიდან მომავალი სინათლის ნაკადის
ცვლილების გაზომვა შესაძლებელია. 1985 წლის შრომაში, რომელიც გამოქვეყნდა
პირველი მოკლე პერიოდიანი „ცხელი იუპიტერის“ (51Pegasi b), აღმოჩენის წინ,
მითითებული იყო, რომ საეჭვოა მზის სისტემის გარეთ არსებული ჰიპოთეტური
ეგზოპლანეტების აღმოჩენა მათი ტრანზიტის გამოყენებით. ავტორები
ეყრდნობოდნენ იმ ფაქტს, რომ ტრანზიტის დასაკვირვებლად ორბიტების
სიბრტყეების მდებარეობის ხელსაყრელი პირობების ალბათობა ძალიან დაბალია
(მაგ.,მზე–იუპიტერის წყვილისათვის ალბათობა ტოლია 0.0006), თვითონ
ტრანზიტიც ხდება ძალიან იშვიათად (მაგ., იუპიტერის მზის ირგვლივ
გარშემოვლის პერიოდიდა გამომდინარე, რომელიც 12 წელიწადში ერთის ტოლია).
იმ პერიოდში ვარსკვლავთან ახლოს მოძრავი „ცხელი იუპიტერების“ არსებობაზე
არავინ ფიქრობდა, რომელთა ტრანზიტის ალბათობა გაცილებით მაღალია.
დღეისთვის ტრანზიტები იქცა ასტროფიზიკის მძლავრ ინსტრუმენტად, რომელიც
საშუალებას იძლევა აღმოვაჩინოთ ვარსკვლავის ირგვლივ მოძრავი
ეგზოპლანეტები, აგრეთვე გამოვიკვლიოთ არა მხოლოდ ეგზოპლანეტები, არამედ
თვითონ ვარსკვლავიც.
ტრანზიტის ხანგრძლივობის ცვლილების მეთოდი. თუ პლანეტა
აღმოჩენილია ტრანზიტული მეთოდის გამოყენებით, ტრანზიტის დროის
ხანგრძლიობაში დაკვირვებული გადახრები საშუალებას მოგვცემს სისტემაში
აღმოჩენილი იქნას დამატებითი ეგზოპლანეტები. როდესაც ვარსკვლავის გარშემო
რამოდენიმე ეგზოპლანეტა ბრუნავს ან ეგზოპლანეტას ჰყავს თანამგზავრები, მისი
ტრანზიტის დრო შესამჩნევად იცვლება.
ტრანზიტის ხანგრძლივობის ცვლილებიის მეთოდი ემყარება ტრანზიტის
დაწყების დროის განსაზღვრას და იმის განსაზღვრას, ხდება თუ არა ტრანზიტი
მკაცრი პერიოდულობით. ის ეყრდნობა ტრანზიტის ხანგრძლიობის გამოთვლას.
ტრანზიტის ხანგრძლიობის ცვლილება შესაძლებელია გამოწვეული იყოს
ეგზოპლანეტის თანამგზავრების არსებობითაც.
გრავიტაციული მიკროლინზირების მეთოდი. გრავიტაციული
მიკროლინზირების მეთოდი დაკავშირებულია ისეთ ლამაზ მოვლენასთან,
როგორიცაა გრავიტაციული ლინზირება (გრავიტაციული ლინზირება - როდესაც
შედარებით ახლოს მდებარე ობიექტი ხვდება შორეული გამოსხივების წყაროსა და
დამკვირვებელს შორის და ამ დროს ხდება შორეული ობიექტიდან გამოსული
სინათლის გადახრა, ანუ დამკვირვებლისაკენ მომავალი სინათლის ლინზირება).
შორეული ობიექტებიდან სინათლის სხივები სამყაროში ხანგრძლივი გზის
განმავლობაში შესაძლებელია გადაიხარონ სხვადასხვა ასტრონომიული
ობიექტების, როგორიცაა ვარსკვლავები, გალაქტიკები ან გალაქტიკათა გროვები,
მიერ. ამ შემთხვევაში ეს ასტრონომიული ობიექტები წარმოადგენენ გრავიტაციულ
ლინზას. მიკროლინზირება ხდება, როდესაც ვარსკვლავის გრავიტაციული ველი
ლინზასავით იქცევა და აფართოებს შორეული ვარსკვლავის სინათლეს, რის გამო
დამკვირვებელი გამოსხივების წყაროს ხედავს არა იმ ადგილას, სადაც ის
ნამდვილად მდებარეობს, არამედ ცის სხვა ადგილას. ლინზა-ვარსკვლავის გარშემო
მოძრავ ეგზოპლანეტებს შეუძლია შესამჩნევი ანომალია გამოიწვიოს ამ პროცესის
დროს.
გრავიტაციული მიკროლინზირების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი
გამოვლინებაა ერთი და იგივე საგნის რამოდენიმე გამოსახულების წარმოქმნა.
ამასთან შესაძლებელია გამოსახულება ძლიერ იყოს დამახინჯებული (ვინაიდან
მრავალი კოსმოსური ობიექტის გრავიტაციული ველი არ არის სფერულ-
სიმეტრიული). ზოგადად, ლინზა მნიშვნელოვნად ამახინჯებს ობიექტის ფორმას
და ის ემსგავსება რკალს.
ზოგჯერ მასის განაწილება ლინზაში ისეთნაირია, რომ არსებობს
რამოდენიმე, (ორზე მეტი) ტრაექტორია, რომლის გასწვრივაც არის შესაძლებელი
სინათლის სხივმა მოაღწიოს დამკვირვებლამდე. ამ შემთხვევაში დაიკვირვება
ერთმანეთთან ახლოს მდებარე რამოდენიმე გამოსახულება. გრავიტაციული
მიკროლინზირების დროს რამოდენიმე გამოსახულების წარმოქმნის ყველაზე
ცნობილი მაგალითია ე. წ. „აინშტაინის ჯვარი“, ერთი და იმავე დაშორებული
წყაროს ოთხი გამოსახულება. ამ შემთხვევაში შორეული კვაზარი (კვაზარი –
შორეული გალაქტიკის ბირთვი) მოთავსებულია მასიური გალაქტიკის უკან.
გრავიტაციული მიკროლინზირების შედეგად გამოსახულების სიკაშკაშე იცვლება.
გრავიტაციული მიკროლინზირების მეთოდი ფართოდ გამოიყენება
ეგზოპლანეტების აღმოსაჩენად. დავუშვათ, ჩვენ და რომელიმე შორეულ
ვარსკვლავს შორის გაივლის ვარსკვლავი. გრავიტაციული მიკროლინზირების
გამო დავინახავთ, რომ მისი სიკაშკაშე იზრდება სისტემის, ვარსკვლავი-
ეგზოპლანეტის გამო, რომელიც გადაკვეთს მხედველობის ველს. თუ ეგზოპლანეტა
მოძრაობს იმ ვარსკვლავის ირგვლივ, რომელიც ასრულებს ლინზის როლს, მისი
სიკაშკაშის მრუდზე წარმოიქმნება დამატებითი „პიკი“.
გრავიტაციული მიკროლინზირების მეთოდი საშუალებას იძლევა
მოვახდინოთ საკმაოდ შორეული ეგზოპლანეტებისა რეგისტრაცია.
ასტრომეტრული მეთოდი. ასტრომეტრული მეთოდი მდგომარეობს ცაზე
ვარსკვლავს ზუსტი მდებარეობის განსაზღვრაში და იმის გაზომვაში, თუ როგორ
იცვლება დროში ვარსკვლავის მდებარეობა. თუ ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს
ეგზოპლანეტა, მისი ზემოქმედება გამოიწვევს ვარსკვლავის მოძრაობას პატარა
წრიულ ან ელიფსურ ორბიტაზე, ვინაიდან ვარსკვლავი და ეგზოპლანეტა
იმოძრავებენ საერთო მასათა ცენტრის ირგვლივ.
შესაძლებელია ვარსკვლავის მასათა საერთო ცენტრის მიმართ მოძრაობის
უშუალოდ დანახვა. თუ ჩვენ ძალიან ზუსტად ვსაზღვრავთ ვარსკვლავის
კოორდინატებს და ვნახავთ, რომ ვარსკვლავი ნახევარი წლის შემდეგ
გადაადგილდა, მომდევნო ნახევარი წლის შემდეგ კვლავ დავინახეთ, რომ ის ისევ
გადაადგილდა, აგრეთვე თუ მომდევნო ნახევარი წლის შემდეგ ის კვლავ
გადაადგილდა და ა. შ. - აღმოვაჩენთ, რომ ეს პერიოდული მოძრაობაა და
შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ვარსკვლავის ირგვლივ მოძრაობს ეგზოპლანეტა.
პულსაციის სინქრონულობის მეთოდი – პულსარი ბრუნვისას ძალზე
რეგულარულად ასხივებს, რაც დამოკიდებულია ვარსკვლავის ბრუნვის
სიჩქარეზე. პულსარების თავისებურებაა იმპულსების ზუსტი და რეგულარული
პერიოდულობა. თუ ეგზოპლანეტა მოძრაობს პულსარის გარშემო, მისი ბრუნვა
გამოიწვევს მცირე ანომალიებს პულსარის დაფიქსირებული პულსაციის
სინქრონულობაში.
პულსარის საკუთარი ბრუნვა შეილება ჩაითვალოს მუდმივად და მცირედი
გადახრა მისი იმპულსების პერიოდულობაში იმის მაჩვენებელია, რომ პულსარს
აქვს პლანეტური სისტემა.
პულსაციის სინქრონულობის მეთოდი პულსარების მახლობლად
ეგზოპლანეტების აღმოჩენის მეთოდია, რომელიც ეფუძნება იმპულსების
რეგულარობაში ცვლილებების გამოვლენას.
1992 წ. ამ მეთოდით იქნა აღმოჩენილი პირველი ეგზოპლანეტა მზის
სისტემის გარეთ პულსარისათვის PSR 1257+12.
პულსაციის სინქრონულობის მეთოდი აღმოჩენილი იქნა საკმაოდ უჩვეულო
ეგზოპლანეტები. მაგ., არის პულსარი, რომლის ირგვლივ მორაობს თეთრი ჯუჯა
ვარსკვლავი, ხოლო მთელი ამ სისტემის გარშემო მოძრაობს ეგზოპლანეტა, ანუ
პულსარის დაკვირვების შედეგად შესაძლებელი გახდა იმის განსაზღვრა, რომ
უჩინარი თეთრი ჯუჯის გარდა არის კიდევ ზედმეტი კომპონენტი - ეგზოპლანეტა,
რომელიც მოძრაობს მთელი ამ სისტემის ირგვლივ.
პირდაპირი დაკვირვებები. ეგზოპლანეტები ძალიან მკრთალ ობიექტებს
წარმოადგენენ ვარსკვლავებთან შედარებით და მათგან გამომავალი სინათლის
გამოყოფა კაშკაშა ვარსკვლავის სინათლისაგან ძალიან რთულია. ამიტომ
ეგზოპლანეტების პირდაპირი დაკვირვება ძალიან ძნელი ამოცანაა, მაგრამ ამის
მიუხედავად, სპეციალურ პირობებში მოხერხდა ზოგიერთი ეგზოპლანეტის
პირდაპირი დაკვირვება. ყველაზე მარტივია ეგზოპლანეტის გამოსახულების
მიღება იმ შემთხვევაში, როდესაც ეგზოპლანეტა საკმარისად დიდია (იუპიტერთან
შედარებით), საკმაოდ არის დაშორებული ვარსკვლავიდან, გააჩნია მაღალი
ტემპერატურა და ასხივებს ინფრაწითელ უბანში.
პირველად ეკზოპლანეტის უშუალო გამოსახულება მიღებული იყო 2008
წლის ნოემბერში, როცა მეცნიერთა ორი ჯგუფის მიერ ერთდროულად გაჟღერდა
ინფორმაცია ორი პლანეტური სისტემის აღმოჩენის შესახებ, ესაა Fomalhaut
(დაშორებული 25 ს. წ., სამხრეთ ნახევარსფეროს თევზების თანავარსკვლავედში)
და HR 8799 (129 ს. წ. მანძილზე პეგასის თანავარსკვლავედში).
2009 წლის შემდეგ, როდესაც ეგზოპლანეტების აღმოსაჩენად გაშვებული
იქნა სპეციალური თანამგზავრი „კეპლერი“, რომელმაც იმუშავა 2018 წლამდე,
საკმაოდ დიდი რაოდენობით ეგზოპლანეტები იქნა აღმოჩენილი.
2020 წლისათვის აღმოჩენილი 3152 პლანეტური სისტემისათვის
დადასტურებულია 4264 ეგზოპლანეტის არსებობა. ამ პლანეტური სისტემებიდან
697 გააჩნია ერთზე მეტი ეგზოპლანეტა. გაცილებით მეტია ეგზოპლანეტების
სანდო კანდიდატების რაოდენობა, მაგრამ მათ დასადასტურებლად საჭიროა მათი
ხელმეორე რეგისტრაცია დედამიწაზე არსებული ტელესკოპების დახმარებით.
ირმის ნახტომის გალაქტიკაში ეგზოპლანეტების რაოდენობა შეფასებულია
100 მილიარდით, რომელთაგანაც სავარაუდოდ 5-დან 20 მილიარდამდე უნდა იყოს
დედამიწის მსგავსი.
ეგზოპლანეტების ძიების სხვადასხვა მეთოდები კარგად ავსებენ
ერთმანეთს. მზის სიტემის გარეთ არსებული პლანეტური სისტემების შესწავლა
საშუალებას მოგვცემს უკეთ გავიგოთ, თუ როგორ მოხდა მზის სიტემის წარმოშობა
და ევოლუცია.

You might also like