You are on page 1of 9

1. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემის წესი ქართულ სამართალში.

რომელ იურიდიულ ფაქტებს უკავშირდება უძრავ ნივთზე საკუთრების


უფლების გადასვლა შემძენზე? შეაფასეთ უძრავ ნივთზე საკუთრების
გადაცემის წესში განხორციელებული ცვლილებები, რომლითაც სანოტარო
დამოწმება გახდა არასავალდებულო.

სსკ-ის 170-ე მუხლი გვაძლევს საკუთრების უფლების ლეგალურ დეფინიციას.


კოდექსი ნივთებს ჰყოფს მოძრავ და უძრავ ნივთებად, შემდეგ კი მათზე ამ
საკუთრების უფლების მოპოვების განსხვავებულ პირობებს ადგენს. უძრავ
ნივთებთან მიმართებით აუცილებელია რომ არსებობდეს გაცილებით მეტი
სიცხადე და მტკიცების რეალური საშუალებანი იმიტომ, რომ უძრავ ნივთებს
ძირითადად ყველაზე ფასეული ნივთები მიეკუთვნება. სსკ-ის 183-ე მუხლის
მიხედვით, უძრავი ნივთის შეძენის აუცილებელი პირობებია გარიგების
წერილობითი ფორმით დადება და შემძენის საკუთრების უფლების რეგისტრაცია
საჯარო რეესტრში გარიგებით განსაზღვრულ ნივთზე. ასევე, სსკ-ის 323-ე მუხლის
მიხედვით, იმპერატიული დანაწესია, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების გადასვლის
ვალდებულებითსამართლებრივი ფორმა უნდა იყოს წერილობითი. სწორედ ეს
ორი ფაქტი ემსახურება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადასვლის
სიცხადეს. საჯარო რეესტრის ჩანაწერისადმი მოქმედებს სისრულისა და
უტყუარობის პრეზუმფცია, სსკ-ის 312-ე მუხლის მიხედვით იგი ითვლება სწორად
მანამ, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება. აღსანიშნავია, რომ უძრავ ნივთზე
საკუთრების უფლების გადაცემის განსხვავებული წესი მოქმედებდა 2006 წლამდე,
როდესაც, გერმანული სამართლის მსგავსად, სანოტარო დამოწმება
ხელშეკრულებისა იყო სავალდებულო საკუთრების გადასვლისთვის. უნდა
ითქვას, რომ ამ დანაწესს ჰქონდა გამაფრთხილებელი ფუნქცია და მისმა გაუქმებამ
მხარეთა დაცვის ხარისხი ერთგვარად შეასუსტა, მაგრამ უფრო მოქნილი გახადა
საკუთრების უფლების გადაცემის პროცედურა.

2. როგორია მფლობელობის კოდექსისეული ცნების ნიშნები და რა ფუნქციები


აქვს მფლობელობას სანივთო სამართალში? რა სამართლებრივი
მახასიათებლებით ემიჯნება მართლზომიერი მფლობელობა
არამართლზომიერს, ხოლო კეთილსინდისიერი არაკეთილსინდისიერს? არის
თუ არა მფლობელი ვალდებული ამტკიცოს თავისი მფლობელობის უკან
არსებული უფლება?

სსკ-ის მიხედვით მფლობელობა წარმოადგენს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას,


155-ე მუხლი პირდაპირ უსვამს ხაზს, რომ ნივთზე მფლობელობას წარმოშობს
მასზე ფაქტობრივი ძალაუფლების ნებითი მოპოვება. ეს ნიშნავს, რომ
მფლობელობისთვის დამახასიათებელია როგორც ფაქტობრივი ბატონობა
ნივთზე, ასევე მისი ფლობის ნება - მატერიალური ელემენტი corpus და
ინტელექტუალურ-ფსიქოლოგიური ელემენტი animus საბოლოოდ
მფლობელობას აღწერს. . მფლობელობის ფაქტი სსკ-ის 158-ე მუხლის
მიხედვით აყალიბებს ნივთზე საკუთრების პრეზუმფციას, ანუ ივარაუდება,
რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მფლობელობას სანივთო
სამართალში არაერთი ფუნქცია აქვს. უპირველეს ყოვლისა, ესაა დაცვითი
ფუნქცია (კეთილსინდისიერ მფლობელს მინიჭებული აქვს პოსესორული
სარჩელის უფლება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის დაბრუნების/უკანონო
ხელშეშლის აღკვეთის უფლება). მფლობელობის ხანგრძლივობიდან
გამომდინარე იგი იძლევა საკუთრების შეძენის უფლებასაც. ფაქტობრივი
ფლობა საჯაროობის ფუნქციას გამოხატავს, ასევე მნიშვნელოვანია
ზემოაღნიშნული საკუთრების არსებობის პრეზუმფციაც, მტკიცების ფუნქციის
ფარგლებში. მართლზომიერი მფლობელი და არამართლზომიერი
კეთილსინდისიერი მფლობელი უფლებამოსილია დაიტოვოს
მფლობელობისას მიღებული ნაყოფით. მფლობელობას ასევე ახასიათებს
უზრულველყოფითი და განგრძობითი ფუნქცია, რომელიც იცავს მფლობელს
მესაკუთრის ცვლილების შემთხვევაშიც.

მართლზომიერი ანუ კანონიერია მფლობელობა, რომელიც ხორციელდება


შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით, ხოლო არამართლზომიერია ასეთი
საფუძვლის გარეშე. საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს რაიმე სახის
გარიგება. მფლობელობის ეს ორი სახე განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს
წარმოშობს, კერძოდ, კანონიერი მფლობელობა დელიქტური სამართლითაა
დაცული. კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს
მართლზომიერად ფლობს ანდაც ასეთად მიიჩნევა საქმიან ურთიერთობებში.
მან არ უნდა იცოდეს, რომ იგი არამართლზომიერი მფლობელია.
კეთილსინდისიერ მფლობელს ენიჭება გარკვეული უფლებამოსილებები.
არაკეთილსინდისიერი მფლობელია ის, ვინც იცის არამართლზომიერი
მფლობელობის შესახებ, თუმცა ასაღებს თავს მართლზომიერად.

ვინდიკაციური სარჩელის დროს მოქმედებს პრინციპი, რომ უკეთესი


მფლობელობის მქონე პირი იღებს ნივთს, შესაბამისად, მფლობელი
ვალდებულია, ამტკიცოს მისი მფლობელობის უკან არსებული უფლება.
პოსესორული სარჩელიც მინიჭებული აქვს მხოლოდ კეთილსინდისიერ
მფლობელს, მას სწორედ თავისი კეთილსინდისიერების მტკიცების ტვირთი
აკისრია დავისას, როცა საჭიროა მფლობელობის გამოკვლევა.
3. განსაზღვრეთ აღნაგობის უფლების შინაარსი. რა შეიძლება იყოს დატვირთვის
საგანი აღნაგობისას? რა შემთხვევაში წყდება აღნაგობის უფლება? რა
უფლებები აქვს მეაღნაგეს სასყიდლიანი აღნაგობის უფლების შეწყვეტისას?

აღნაგობის უფლება სანივთოსამართლებრივ უფლებათა რიგს მიეკუთვნება და


იგი არის შეზღუდული უფლება მიწის ნაკვეთზე, რომელიც მიწის ნაკვეთის
გამოყენებას გამოყენების, მასზე ნაგებობების აღმართვის და მათი გამოყენების
უფლებას წარმოშობს გარკვეული პერიოდით, არაუმეტეს 99 წლისა (სსკ 233).
აღნაგობა ძირითადად გამოიყენება სამშენებლო ურთიერთობებში. იგი შიძლება
გავრცელდეს მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზეც, რომელიც აღნაგობისთვის
აუცილებელი არ არის, მაგრამ იძლევა მისით უკეთესი სარგებლობის
შესაძლრბლობას. მეაღნაგეს ფაქტობრივად იგივე უფლებამოსილებები აქვს, რაც
მესაკუთრეს, განკარგვის უფლების ჩათვლით. დატვირთვის საგანი აღნაგობისას
შესაძლოა იყოს მიწის ნაკვეთი, ვალდებულება კი შენობის ან რაიმე
კონსტრუქციის აგება. აღნაგობის უფლების ნიშნებია გასხვისებადობა და
მემკვიდრეობადობა. მეაღნაგე თავისუფალია აღნაგობის უფლების განკარგვაში,
მას შეუძლია მესაკუთრის თანხმობის გარეშე გაასხვისოს, გაანათხოვროს ან
გააქირაოს ეს უფლება, თუკი არ არსებობს კანონით განსაზღვრული სიტუაცია,
როდესაც მეაღნაგეს ამისათვის მესაკუთრის თანხმობა სჭირდება.

აღნაგობის უფლება ვადიანია და მაქსიმუმ 99 წელს გრძელდება. ვადის გასვლის


გარდა აღნაგობის უფლების შეწყვეტა ასევე შესაძლებელია მეაღნაგის ნებითა და
მესაკუთრის თანხმობით, ანუ მხარეთა შეთანხმებით. თუკი მხარე დაარღვევს
ნაკისრ ვალდებულებებს, ასევე შეიძლება ამან გამოიწვიოს აღნაგობის შეწყვეტა.
იგივე შედეგს ვერ გამოიწვევს ნაგებობის დანგრევა. აღნაგობის უფლების
გაქარწყლების შემდეგ ნაგებობებზე საკუთრება ავტომატურად გადადის მიწის
მესაკუთრეზე 234-ე მუხლის მიხედვით. მეაღნაგეს აქვს კომპენსაციის მოთხოვნის
უფლება, თუმცა არა ნაგებობის წაღების უფლება. ეს წესი არ მოქმედებს
საკუთვნებელთან მიმართებით - მის ბედს წყვეტს მეაღნაგე.

სასყიდლიანი აღნაგობის უფლების შეწყვეტასთან დაკავშირებით მოქმედებს


სპეციალური წესი სსკ-ის 239-ე მუხლის სახით, კერძოდ, თუკი აღნაგობის უფლება
სასყიდლიანია, ვადის გასვლის შემდეგ მიწის მესაკუთრემ აღნაგობის უფლების
მქონეს უნდა მისცეს სათანადო ანაზღაურება ნაკვეთზე აღმართული
ნაგებობისათვის. მისი ღირებულების გაანგარიშების წესი შესაძლოა მხარეებმა
წინასწარ განსაზღვრონ, მაგრამ იგი არ უნდა იყოს შენობის ღირებულების 2/3-ზე
ნაკლები. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია თავი აარიდოს ანაზღაურების
გადახდას და შესთავაზოს აღნაგობის უფლების მქონეს აღნაგობის ვადის
გაგრძელებაც. თუკი ეს უკანასკნელი უარს იტყვის ამ შეთავაზებაზე, იგი კარგავს
ანაზღაურების მიღების უფლებას.

კაზუსი:

დავალების პირობა

ლუკა მისეირნობს მშრალი ხიდის ტერიტორიაზე. მის ყურადღებას იქცევს


ვერცხლის ზარდახშა, რომელიც ძალიან ძველი ჩანს. ლუკა ანტიკვარიატის
შემგროვებელია და მცირე შევაჭრების შემდეგ იძენს ზარდახშას 180 ლარად.

იგივე გამყიდველი ყიდის ძველებურ ვერცხლის ფულის მონეტებსა და მედლებს.


ლუკას ძმა – ბესო გატაცებულია ნუმიზმატიკით და ლუკა გადაწყვეტს მას
დაბადების დღეზე რამდენიმე საინტერესო მონეტა აჩუქოს. იგი ყიდულობს ორ
მონეტას 150 ლარად და კმაყოფილი ტოვებს იქაურობას.

1 წლის შემდეგ ლუკა იგებს გამაოგნებელ ამბავს: ნივთების მესაკუთრე არის


დავითი, რომელმაც ეს ნივთები, თავის სახლში რემონტის გამო, შესანახად
გადასცა მეზობელ გიგოს. ამ უკანასკნელმა საკუთარი ფინანსური სირთულეების
მოსაგვარებლად, ეს ნივთები გასაყიდად გაიტანა მშრალ ხიდზე და მიჰყიდა მას.
დავითი ითხოვს ლუკასგან ვერცხლის ზარდახშისა და მონეტების დაბრუნებას,
მაგრამ ლუკა, რომელიც გაოგნებულია მოვლენების ამგვარი განვითარებით, უარს
აცხადებს მის მოთხოვნაზე. მაშინ დავითი ლუკასთან მიდის და ძალის
გამოყენებით მიაქვს მისი სახლიდან ზარდახშა, რომელიც შესასვლელის პატარა
მაგიდაზე დევს. ლუკა ასეთი მოქმედებით შეურაცხყოფილია და ითხოვს მისგან
ვერცხლის ზარდახშის უკან დაბრუნებას და ამ ნივთზე მისი საკუთრების
უფლების ცნობას. თავის მხრივ, დავითი უარს აცხადებს ლუკას მოთხოვნაზე და
მოითხოვს ასევე ფულის მონეტების დაბრუნებას ლუკას ძმა ბესოსგან.

კითხვა: როგორ გადაწყდება დავა?


ჰიპოთეზა 1: ლუკას შესაძლოა ჰქონდეს დავითისგან ვერცხლის ზარდახშის
მოთხოვნის უფლება სსკ 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

სუბსუმფცია:

იმისათვის, რომ ლუკას ჰქონდეს დავითისგან ვერცხლის ზარდახშის უკან


დაბრუნების მოთხოვნის უფლება სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის
საფუძველზე, ლუკა უნდა იყოს მესაკუთრე, ხოლო დავითი ნივთის მფლობელი
შესაბამისი უფლების გარეშე.

სსკ-ის 149-ე მუხლით გათვალისწინებულ უძრავ ნივთთა ჩამონათვალში არ შედის


ზარდახშა, მაშასადამე, იგი წარმოადგენს მოძრავ ნივთს.

ნივთის თავდაპირველი მესაკუთრე იყო დავითი. მას არ დაუკარგავს ეს


საკუთრება მაშინ, როდესაც ვერცხლის ზარდახშა გიგოს შესანახად გადასცა,
მაგრამ ამ ნივთზე საკუთრება შეიძლება მოეპოვებინა ლუკას გიგოსგან, სსკ-ის 186-
ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, როდესაც შეიძინა იგი. სსკ-ის 186-ე
მუხლის პირველი ნაწილით რეგულირებულია მოძრავ ნივთზე საკუთრების
შეძენის წესი და დადგენილია, რომ ნივთზე საკუთრების გადასაცემად
აუცილებელია ნამდვილი ვალდებულებითი გარიგება, სანივთო შეთანხმება
შემძენსა და გამსხვისებელს შორის (სანივთო გარიგება), ნივთის გადაცემა და
გამსხვისებლის უფლებამოსილება.

ლუკასა და გიგოს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება (477) სსკ-ის 327-ე


მუხლის საფუძველზე (არსებით პირობებზე შეთანხმებით), ასევე, ლუკამ
შეასრულა სსკ-ის 477-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულება - გადაიხადა თანხა, ანუ
სახეზეა ნამდვილი უფლება. შესაბამისად, ლუკას წარმოეშვა საკუთრების
გადაცემის ნამდვილი მოთხოვნის უფლება სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი
ნაწილის საფუძველზე.

შეთანხმება, რომელიც საკუთრების გადაცემის ერთ-ერთი კოდექსისეული


წინაპირობაა, წარმოადგენს სანივთო გარიგებას, რომელიც იდება ორი
ურთიერთმფარავი, საკუთრების გადაცემისაკენ მიმართული ნების გამოხატვით.
ასეთი შეთანხმება აშკარაა კაზუსში გიგოსა და ლუკას შორის.

საკუთრების გადასვლისთვის საჭიროა შემძენისთვის ნივთის გადაცემა,


რისთვისაც აუცილებელია გამსხვისებელმა დაკარგოს ყოველგვარი მფლობელობა,
ხოლო შემძენმა მოიპოვოს რაიმე ტიპის მფლობელობადა ეს მოპოვება
განპირობებული იყოს გამსხვისებლის ქმედებით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ
მფლობელობა წარმოადგენს პირის ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე. გიგოს
ქმედებამ განაპირობა ის, რომ ლუკას შეუძლია, დაეუფლოს ნივთს და გამოიყენოს
ის საკუთარი სურვილისამებრ, განახორციელოს მფლობელობა - ნივთის გადაცემა
კაზუსში სახეზეა (186-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი ალტერნატივის
საფუძველზე - პირდაპირი მფლობელობის გადაცემა).

პრობლემატურია საკითხი, ჰქონდა თუ არა გიგოს უფლებამოსილება


გაესხვისებინა ვერცხლის ზარდახშა. გასხვისების უფლებამოსილება აქვს
მესაკუთრეს ან სსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით უფლებამოსილ პირს. იმის
გათვალისწინებით, რომ გიგო არ იყო ვერცხლის ზარდახშის არც მესაკუთრე და
არც მესაკუთრისაგან მისი განკარგვის უფლებამოსილებით აღწურვილი პირი,
საკუთრება ვერ გადავიდოდა ლუკაზე სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის
მიხედვით. მაგრამ ლუკას შესაძლოა საკუთრება მოეპოვებინა ზარდახშაზე
როგორც კეთილსინდისიერ შემძენს სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილისა და
187-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით. ამისათვის აუცილებელია პირველი
ნაწილის ყველა წინაპირობის შესრულება გარდა გამსხვისებლის
უფლებამოსილებისა, რომელსაც ანაცვლებს შემძენის კეთილსინდისიერება.
გარდა ამისა, საკუთრების გადაცემა უნდა მომხდარიყო ე.წ. სამოქალაქო ბრუნვის
გარიგების ფარგლებში, რისთვისაც აუცილებელია, რომ გარიგებაში შემძენის
მხარეზე, სულ მცირე, ერთი ისეთი პირი მაინც მონაწილეობდეს, რომელიც
ეკონომიკურად მაინც არ წარმოადგენს გამსხვისებელს. ნამდვილი სასყიდლიანი
კაუზალური ხელშეკრულება და სანივთო შეთანხმება, რომელიც წარმოადგენდა
სამოქალაქო ბრუნვის გარიგებას, ისევე როგორც ნივთის გადაცემა, სახეზეა. სსკ-ის
187-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გამსხვისებლის უფლებამოსილების
ნაკლი შეიძლება გადაფაროს შემძენის კეთილსინდისიერებამ საკუთრების
გადაცემის მომენტში.

სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია პრეზუმფცია, რომ


მოძრავი ნივთის მფლობელი ივარაუდება მის მესაკუთრედ, ლუკამ არ იცოდა,
რომ გიგო არ იყო ნივთის მესაკურე და არც ჰქონდა საწინააღმდეგოს დაშვების
მიზეზი, ან რაიმე სახის ვალდებულება. უნდა დავასკვნათ, რომ იგი წარმოადგენს
სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით აღნიშნულ კეთილსინდისიერ შემძენს.
ამასთან, ჩვენ არ გვაქვს ამავე მუხლით გათვალისწინებული ის პირობები,
რომლებიც გამორიცხავდა კეთილისინდისიერი შემძენის მიერ ნივთზე
საკუთრების მოპოვბას, კერძოდ, ნივთის მესაკუთრის ნების წინააღმდეგ
ვერცხლის ზარდახშის მფლობელობიდან გასვლა. დავითმა თავად გადასცა იგი
გიგოს, რაც ვერ გამორიცხავს კეთილისინდისიერი შემძენის ინსტიტუტის
აქტივობას მოცემულ კაზუსში.

ლუკამ ვერცხლის ზარდახშაზე კეთილსინდისიერად შეიძინა საკუთრება, ანუ იგი


გახდა ნივთის ისეთივე მესაკუთრე, როგორიც იმ შემთხვევაში გახდებოდა, თუკი
იგი ნივთს პირდაპირ დავითისგან შეიძენდა და შესაბამისად, ნივთს იგი ფლობს
მართლზომიერად. ლუკა არის სსკ-ის 159-ე მუხლით გათვალისწინებული
კეთილსინდისიერი მფლობელი, დავითს კი სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი
ნაწილის საფუძველზე თავდაპირველად არ შეეძლო ნივთის გამოთხოვა, ვინაიდან
არ აკმაყოფილებდა ვინდიკაციური სარჩელის 3 ზემოაღნიშნულ მთავარ
წინაპირობას.

ზემოთ უკვე დადასტურდა, რომ ლუკა არის ვერცხლის ზარდახშის მესაკუთრე.


იმისთვის, რომ მან შეძლოს დავითისგან 172-ე მუხლის პირველი ნაწილით
ვერცხლის ზარდახშის დაბრუნება, დავითი უნდა იყოს ნივთის მფლობელი
მფლობელობის უფლების გარეშე.

ლოგიკურია, რომ ვინაიდან ლუკა წარმოადგენს ნივთის მესაკუთრეს, დავითი ვერ


ისარგებლებს მფლობელობის უფლებით. იგი ნივთს დაეუფლა აკრძალული
თვითნებობით, ძალის გამოყენებით წაიღო ლუკას სახლიდან ზარდახშა,
შესაბამისად, იგი არის მფლობელი და ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ
ბატონობას სსკ-ის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად. ამავე კოდექსის
159-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, დავითის მიერ ზარდახშის ფლობის
კეთილსინდისიერება სახეზე იქნება, თუ იგი ნივთს მართლზომიერადაა
დაუფლებული, ან თუ იგი საქმიან ურთიერთობებში უფლებამოსილ პირად
შეიძლება მივიჩნიოთ. მფლობელობა მართლზომიერი და კანონიერია, თუკი იგი
წინააღმდეგობაში არ მოდის კანონის ნორმატიულ ნებასთან. მართლზომიერ
მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით
ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მოცემულ შემთხვევაში,
ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ დავითს არ აქვს ფლობის სამართლებრივი
საფუძველი და, შესაბამისად, სსკ-ის 172-ე მუხლის საფუძვლის ყველა
წინაპირობის დაკმაყოფილებით, ლუკას აქვს ვინდიკაციური სარჩელით
მოითხოვოს დავითისაგან ვერცხლის ზარდახშის დაბრუნება. კაზუსში არ
იკვეთება მოთხოვნის შეწყვეტის საფუძვლები ან მოთხოვნის განხორციელების
შემაფერხებელი გარემოებები.

შუალედური დასკვნა: ლუკას აქვს დავითისგან ვერცხლის ზარდახშის


დაბრუნების მოთხოვნის უფლება სსკ-ის 172-ე მუხლის საფუძველზე.

ჰიპოთეზა 2: დავითს შესაძლოა ჰქონდეს ბესოსგან 172-ე მუხლის პირველი


ნაწილის საფუძველზე ვერცხლის ფულის მონეტების დაბრუნების მოთხოვნის
უფლება.

სუბსუმფცია:
მოცემულ კაზუსში შეიძლება პრობლემატური ყოფილიყო იმის დამტკიცება, რომ
დავითი ვერც ბესოსგან მოითხოვს 172-ე მუხლით ნივთის დაბრუნებას, თუკი
გავიხსენებდით 187-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესს, რომ კეთილსინდისიერი
შემძენი ვერ გახდება ნივთის მესაკუთრე თუკი იგი შემძენმა უსასყიდლოდ მიიღო.
რეალურად, მართალია ლუკამ თავის ძმა ბესოს ვერცხლის ფულის მონეტები სსკ-
ის 524-ე მუხლის მიხედვით უსასყიდლოდ გადასცა - აჩუქა, მაგრამ კაზუსის
ქრონოლოგიის მიხედვით, ჯერ ლუკა ისევე გახდა მონეტების მესაკუთრე,
როგორც ზემოთ აღწერილი ვერცხლის ზარდახშის და მხოლოდ საკუთრების
მიღების შემდგომ აჩუქა იგი თავის ძმას, რითაც საკუთრება უკვე ბესომ მოიპოვა.
მაშასადამე ბესო, როგორც მესაკუთრე, ნივთს ფლობს მართლზომიერად და სსკ-ის
159-ე მუხლის თანახმად, იგი უნდა მივიჩნიოთ კეთილსინდისიერ მფლობელად.
ამრიგად, ვერცხლის ფულის მონეტების ვინდიკაციური სარჩელით დაბრუნება
შეუძლებელია იმიტომ, რომ მათი მესაკუთრე უკვე ბესოა და ეს საკუთრება მას
უკეთეს ფლობის უფლებას სძენს.

შუალედური დასკვნა: დავითს არ აქვს უფლება მოითხოვოს ბესოსგან ვერცხლის


ფულის მონეტების დაბრუნება სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის
საფუძველზე.

საბოლოო დასკვნა: დავითს არ აქვს საკურების უფლება არცერთ ნივთზე,


რომელიც თავდაპირველად მის საკუთრებაში იყო. ლუკას უნდა დაუბრუნდეს
თავისი კუთვნილი ვერცხლის ზარდახშა, ხოლო ბესოს დარჩება თავისივე
მონეტები.

ვინაიდან კაზუსში დასმულია კითხვა, თუ როგორ გადაწყდება დავა, მოკლედ


ვუპასუხოთ იმასაც, რომ დავითს აქვს გიგოსგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის
უფლება სსკ-ის 992-ე მუხლის მიხედვით. გამსხვისებელ გიგოს შეერაცხება ბრალი
მასზედ, რომ დავითმა დაკარგა საკუთრება, მას წარმოეშობა დელიქტური
პასუხისმგებლობა და გიგო აუნაზღაურებს დანაკარგს დავითს ანალოგიური
ნივთების დაბრუნებით ან შესაბამისი რაოდენობის ფულადი ანაზღაურებით.

You might also like