You are on page 1of 10

სხეულის რიტუალები ილეკირემას 

ტომში
ავტორი:  ჰორას მაინერი
მთარგმნელი: ირაკლი ქავთარაძე

ნაშრომი დაწერილი და გამოქვეყნებულია 1956 წლის ივნისში, ჟურნალ American


Anthropologist-ში

ანთროპოლოგისთვის იმდენად ნაცნობია ერთნაირ სიტუაციებში ადამიანების


განსხვავებული ქცევები, რომ მას ყველაზე უჩვეულო ტრადიციებიც კი არ
გააკვირვებს. ფაქტიურად, ქცევების თუნდაც ლოგიკურად შესაძლებელი
კომბინაცია ჯერ რომ არ აღმოუჩენიათ სადმე, ის ივარაუდებს, რომ ის რომელიმე,
ჯერ აღმოუჩენელ ტომში მაინც იქნება. პრინციპში, კლანების ორგანიზებასთან
დაკავშირებით იგივე აზრი გამოთქვა მურდოკმა (1936: 71). ამის ფონზე,
ილეკირემას მაგიური რწმენები და წეს-ჩვეულებები იმდენად უჩვეულო
თვისებებს წარმოადგენს, რომ სასურველი იქნებოდა მათი აღწერა იმის გასაგებად,
თუ რამდენად უკიდურესი ფორმა შეიძლება მიიღოს ადამიანის ქცევამ.

პროფესორმა ლინტონმა ილეკირემას რიტუალებზე ანთროპოლოგების


ყურადღება პირველად 20 წლის წინ მიაპყრო (1936: 326), მაგრამ ამ ხალხის
კულტურა ჯერ კიდევ ცუდად არის გაგებული. ეს არის ჩრდილო ამერიკელების
ჯგუფი, რომელიც ცხოვრობს კანადელ კრის ხალხს, მექსიკელ იაკუისა და
ტარაჰუმარას და ანტილის კუნძულების კარიბისა და არავაკის ხალხებს შორის.
მათ წარმომავლობაზე ცოტა რამეა ცნობილი, თუმცა მათი ტრადიციის მიხედვით
– აღმოსავლეთიდან წამოვიდნენ. ილეკირემას მითოლოგიის თანახმად, მათი
სახელმწიფო დააარსა კულტურულმა გმირმა, ინოტგნიშავმა, რომელიც სხვა
მხრივ, ორი ძლიერებით არის ცნობილი –  მდინარე პა-ტო-მაკის გაღმა ვომპუმის
მოსროლით და ალუბლის ხის მოჭრით, რომელშიც ჭეშმარიტების სული
სახლობდა.

ილეკირემას კულტურისთვის დამახასიათებელია კარგად განვითარებული


საბაზრო ეკონომიკა, რომელიც ბუნებრივად მდიდარ გარემოში ჩამოყალიბდა.
მართალია, ხალხი დროის უმეტეს ნაწილს ეკონომიკურ საქმიანობაზე ხარჯავს,
მაგრამ ამ შრომის შედეგის და დღის მნიშვნელოვანი წილი რიტუალურ
მოქმედებებზე იხარჯება. ეს მოქმედებები ადამიანის სხეულზეა მიმართული,
რომლის გარეგნობაცა და ჯანმრთელობაც, ამ ხალხის ხასიათში, ძირითადი
საზრუნავია. მართალია ასეთ საზრუნავში უჩვეულო არაფერია, მაგრამ მისი
ცერემონიალური მახასიათებლები და მასთან დაკავშირებული ფილოსოფია
უნიკალურია.

მთელი ამ სისტემის საფუძვლადმდებარე რწმენა, როგორც ჩანს, არის ის, რომ


ადამიანის სხეული ულამაზოა და ბუნებრივად, დაქვეითებისა და
დაავადებისკენაა მიდრეკილი. ასეთ სხეულში გამომწყვდეული კაცის
ერთადერთი იმედი რიტუალისა და ცერემონიის ძლიერი ზემოქმედებით ამ
მახასიათებლების უკუგდებაა. ყველა ოჯახს ამ მიზნისთვის განკუთვნილი ერთი
ან ორი წმინდა ოთახი აქვს. საზოგადოების უფრო გავლენიან წევრებს სახლში
ასეთი რამდენიმე წმინდა ოთახი აქვთ და ფაქტიურად, სახლის მდიდრულობის
აღსანიშნავად, სწორედ, ასეთი სარიტუალო ნაგებობების რაოდენობას
ასახელებენ. სახლების უმეტესობა წნელითა და ბათქაშით ნაგებია, მაგრამ უფრო
მდიდართა წმინდა ოთახებს ქვის კედელი არტყავს. ღარიბი ოჯახები წმინდა
ოთახების კედლებზე თიხის ფირფიტებს აკრავენ, მდიდრებს რომ მიბაძონ.
თითოეულ ოჯახს, სულ ცოტა, ერთი ასეთი წმინდა ოთახი აქვს, მაგრამ, ამის
მიუხედავად, მასთან დაკავშირებული რიტუალები გასაიდუმლოებული და
პირადულია. რიტუალებს, როგორც წესი, მხოლოდ ბავშვებთან განიხილავენ და
შემდგომში, – მხოლოდ მაშინ, როცა თავად ეზიარებიან ამ მისტიურობებს. თუმცა,
ამ წმინდა ოთახების შესამოწმებლად და ამ რიტუალების აღწერის მოსასმენად
საკმარისად მოვახერხე ადგილობრივებთან გულთბილი ურთიერთობის
დამყარება.

წმინდა ოთახის მთავარი ნიშა კედელში ჩაშენებულ ყუთს ან ლუსკუმას უკავია. ამ


ლუსკუმაში მრავალი თილისმა და მაგიური ხსნარი ინახება, რომელთა გარეშეც,
ადგილობრივების რწმენით, ვერავინ იარსებებს. ამ პრეპარატებს სხვა და სხვა
დახელოვნებული სპეციალისტი ამზადებს. ამათგან ყველაზე გავლენიანი
მკურნალი კაცები არიან, რომელთა დახმარებაც ძვირადღირებული საჩუქრებით
უნდა ანაზღაურდეს. თუმცა, მკურნალი კაცები თავიანთი კლიენტებისთვის
განმკურნავ ხსნარებს არ ამზადებენ, მხოლოდ წყვეტენ ხსნარში რა შემადგენლობა
უნდა იყოს და შემდეგ ჩამოწერენ ინგრედიენტებს უძველეს და საიდუმლო ენაზე.
ამ ნაწერის გაგება შეუძლიათ მხოლოდ მკურნალ კაცებს და მცენარეთმცოდნეებს,
რომლებიც,  სასურველ ჯადოს, სხვა დამატებითი საჩუქრის ფასად იძლევიან.

გამოყენების შემდეგ, ჯადოს არ აგდებენ, არამედ სახლის წმინდა ოთახის ჯადოს


ყუთში ათავსებენ. რადგანაც მაგიური ნივთიერებები მხოლოდ კონკრეტული
სნეულებებისთვის არის განკუთვნილი, ხოლო ადამიანების რეალური და
წარმოსახული დაავადებები მრავალია, ჯადოს ყუთი ყოველთვის პირთამდე
სავსეა. მაგიური კოლოფები იმდენია, რომ ხალხს მათი დანიშნულება ავიწყდება
და მათი ხელმეორედ გამოყენების ეშინია. ადგილობრივებს კი კარგად არ ესმით
ეს საკითხი, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჯადოს ყუთში, რომლის წინაც
სხეულის რიტუალებს ასრულებენ, არსებული ყველა ძველი მაგიური
ნივთიერების შენახვის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თაყვანისმცემელს ის
რამენაირად დაიფარავს.

ჯადოს ყუთის ქვეშ მცირე შადრევანია. ყოველდღიურად, ოჯახის ყველა წევრი,


რიგ-რიგობით, შედის წმინდა ოთახში, ჯადოს ყუთის წინ ხრის თავს, შადრევანში
ყველანაირ წმინდა წყალს ურევს და განბანვის მოკლე რიტუალს ასრულებს.
წმინდა წყლებს საზოგადოებრივი წყლის ტაძარი უზრუნველყოფს, სადაც
სასულიერო პირები რიტუალურად სუფთა სითხის მისაღებად რთულ
ცერემონიებს ასრულებენ.

ჯადოქრობის პრაქტიკოსების იერარქიაში, და გავლენით მკურნალი კაცების


დაბლა მდგომები, არიან სპეციალისტები, რომელთა დანიშნულებაც საუკეთესოდ
ასე შეიძლება ითარგმნოს – “წმინდა-პირის-კაცები”. ილეკირემას ტომს თითქმის
ავადმყოფური შიში და აღფრთოვანება ახასიათებს პირის მიმართ, რომლის
მდგომარეობასაც, რწმენის მიხედვით, ზებუნებრივი გავლენა აქვს
საზოგადოებრივ ურთიერთობებზე. მათი რწმენით, რომ არა პირის რიტუალები,
კბილები ჩამოცვივდებოდათ, ღრძილებიდან სისხლი წამოუვიდოდათ, ყბები
შეეკუმშებოდათ, მეგობრები და შეყვარებულები მიატოვებდნენ. მათ ისიც
სჯერათ, რომ მორალური და ორალური მახასიათებლები ერთმანეთთან მჭიდრო
კავშირშია. მაგალითად, მორალურობის გასაუმჯობესებლად, ბავშვებისთვის
პირის ბანის სპეციალური რიტუალი არსებობს.

სხეულის ყოველდღიური რიტუალი, რომელსაც ყველა ასრულებს, მოიცავს პირის


რიტუალსაც. იმის მიუხედავად, რომ ეს ხალხი პირის მოვლის დროს ძალიან
პედანტურია, ეს რიტუალი ისეთ ქმედებებს გულისხმობს, რაც უცხო
თვალისთვის სისაძაგლედ გამოჩნდება. მე მაცნობეს, რომ რიტუალი გულისხმობს
ღორის ერთი ბღუჯა ჯაგრის პირში ჩადებას, გარკვეულ მაგიურ ფხვნილთან
ერთად, და ამ ბღუჯა ჯაგრის ზედმიწევნით ფორმალიზებული თანმიმდევრობით
მოძრაობას.

პირის პირადული რიტუალების გარდა, ხალხი წელიწადში ერთი-ორჯერ წმინდა-


პირის-კაცსაც სტუმრობს. ამ პრაქტიკოსებს პირადი ნივთების გასაოცარი
კომპლექტი აქვთ, რომელიც მრავალგვარ ბურღს, სადგისს, ზონდსა და
სახვრეტელს მოიცავს. ამ ნივთების გამოყენებით, რიტუალის დროს, პირიდან ავი
სულების გამოდევნის მიზნით, თითქმის, წარმოუდგენელ ტკივილს აყენებენ
პაციენტს. წმინდა-პირის-კაცი პაციენტს პირს აღებინებს და ზემოთ ნახსენები
საგნების გამოყენებით, კბილებში ლპობით გაჩენილ ღრმულებს კიდევ უფრო
აფართოებს. ამ ხვრელებში მაგიური ნივთიერება იდება. თუკი ხვრელები
ბუნებრივად არაა გაჩენილი, ერთი-ორი კბილიდან მოზრდილ ნაწილს ამოიღებენ,
ისე რომ ზებუნებრივი ნივთიერება მოთავსდეს შიგნით. პაციენტის
გადმოსახედიდან, ეს ღონისძიებები ლპობის შეჩერებასა და მეგობრების
მოზიდვას ემსახურება. ამ რიტუალის უკიდურესად წმინდა და ტრადიციული
ხასიათი იქიდანაც ჩანს, რომ ფაქტიურად, ადგილობრივები წმინდა-პირის-კაცთან
წლიდან წლამდე დადიან, იმის მიუხედავად, რომ კბილები ლპობას განაგრძობს.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ილეკირემას საფუძვლიანი შესწავლის დროს


დეტალურად გამოიკვლევენ ამ ხალხის პიროვნების სტრუქტურას. ერთი შეხედვა
საკმარისია იმისთვის, რომ სადიზმის ელემენტებიც აღმოაჩინოთ რიტუალში,
ვინაიდან, როგორც კი მოშიშვლებულ ნერვს სადგისს ჩაასობს, წმინდა-პირის-კაცს,
მაშინვე, თვალები აუკიაფდება. თუ ეს მიიღწევა, საკმაოდ საინტერესო პატერნი
გამოიკვეთება, ვინაიდან მოსახლეობის უმეტესობა განსაზღვრულ მაზოხისტურ
მიდრეკილებებს ავლენს. ეს, სწორედ, ის საკითხია პროფესორი ლინტონი რომ
მიუთითებდა მხოლოდ კაცების მიერ შესრულებული სხეულის ყოველდღიური
რიტუალების განხილვის დროს. რიტუალის ეს ნაწილი გალესილი
ინსტრუმენტით სახის დაკაწვრას და დასერვას გულისხმობს. ქალებისთვის
ზოგიერთი რიტუალი მთვარის ყოველ თვეში მხოლოდ ოთხჯერ სრულდება,
მაგრამ სიხშირის ნაკლებობას ბარბაროსობა ავსებს. ამ ცერემონიის დროს, ქალები
ერთი საათის განმავლობაში პატარა ღუმელში იწვავენ თავს. თეორიულად
საინტერესო აზრია, რომ ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ მაზოხისტმა ხალხმა
სადისტი სპეციალისტები შექმნა.

მკურნალ კაცებს, ყველანაირი ზომის თემში, შთამბეჭდავი ტაძარი აქვთ,


სხვანაირად – აკინილკი. ძალიან ავადმყოფი პაციენტებისთვის საჭირო, მეტად
რთული ცერემონიები ამ ტაძარში სრულდება. ამ ცერემონიებში არა მხოლოდ
სასწაულთმოქმედია ჩართული, არამედ – ქურუმი ქალების ჯგუფიც, რომელიც
განსხვავებული სამოსითა და თავის მორთულობით, მშვიდად დაიარება ტაძრის
პალატებში.

აკინილკის ცერემონიები იმდენად სასტიკია, რომ ტაძარში შესული ავადმყოფი


ადგილობრივების საკმაოდ დიდი ნაწილის ოდესმე გამოჯანმრთელება
საკვირველი მოვლენაა. ცნობილია, რომ პატარა ბავშვები, რომელთა
ინდოქტრინაციაც ჯერ არ დასრულებულა, უძალიანდებიან ტაძარში წაყვანის
მცდელობებს, იმიტომ, რომ “ესაა ადგილი, სადაც სასიკვდილოდ მიდიხარ.” ამ
ფაქტის მიუხედავად, დასნეულებულ ზრდასრულებს არამარტო სურთ, არამედ
სიხარულით გადიან განწმენდის ხანგრძლივ რიტუალს, თუკი ამის
შესაძლებლობა აქვთ. მთხოვნელის ავადმყოფობის სიმწვავის თუ სასწრაფო
დახმარების საჭიროების მიუხედავად, მრავალი ტაძრის მცველი პაციენტს არ
შეუშვებს თუკი მეურვისთვის მდიდრულ საჩუქარს არ გაიღებს. ცერემონიის
გავლისა და გადარჩენის შემდეგაც კი, მცველები ახალწვეულს არ გაუშვებენ
გარეთ, სანამ კიდევ ერთ საჩუქარს არ გაიღებს.
ტაძარში შემავალი მთხოვნელი, თავდაპირველად, მთლიანად იხდის
ტანსაცმელს. ყოველდღიურობაში, ილეკირემა ერიდება საკუთარი სხეულისა და
ბუნებრივი ფუნქციების გამომზეურებას. ბანაობა და გამოყოფითი აქტები სახლის
წმინდა ოთახში გასაიდუმლოებულად სრულდება რიტუალის სახით, როგორც
სხეულის რიტუალების ნაწილი. ფსიქოლოგიურ შოკს იწვევს ის ფაქტი, რომ
სხეულის გასაიდუმლოებულობა უცაბედად იკარგება აკინილკიში
შესვლისთანავე. კაცი, რომლის ცოლსაც არასოდეს უნახავს ის გამოყოფის აქტის
დროს, უცბად შიშველი აღმოჩნდება ქურუმი ქალების თანდასწრებით და თავის
ბუნებრივ ფუნქციებს წმინდა ჭურჭელში ასრულებს. ცერემონიის ამგვარ ხასიათს
საჭიროს ხდის ის ფაქტი, რომ ღვთისმეტყველი ამ გამონაყოფს პაციენტის
ავადმყოფობის ბუნებისა და მიმდინარეობის დასაზუსტებლად იყენებს. მეორე
მხრივ, ქალი პაციენტების სხეულები მკურნალი კაცების გამოკვლევის,
მანიპულაციისა და შესწავლის საგანია.

ტაძარში მყოფი ზოგიერთი მთოხვნელი იმდენად კარგად გრძნობს თავს, რომ


თავის გამხმარ საწოლზე წოლის მეტს ვერაფერს აკეთებს. ყოველდღიური
რიტუალები, წმინდა-პირის-კაცის რიტუალების მსგავსად, შეწუხებასა და
ტანჯვას გულისხმობს. რიტუალური სიზუსტით, ქურუმი ქალები, ყოველ
დილით, აღვიძებენ თავიანთ მფარველობაში მყოფ საწყალ ადამიანებს და 
განწმენდის შესასრულებლად ტკივილის სარეცელზე გადააგორებენ, რომლის
ფორმალიზებულ მოქმედებებშიც ქალწულები კარგად არიან გაწრთვნილები.
ზოგჯერ, ავადმყოფს პირში ჯადოსნურ ჯოხს უყოფენ ან ისეთი რაღაცების ჭამას
აძალებენ, რაც სამკურნალო ნივთიერებად მიაჩნიათ. დროგამოშვებით, მკურნალი
კაცები მიდიან თავიანთ კლიენტებთან და ჯადოსნურად დამზადებულ ნემსებს
ჩხვლეტენ კუნთში. თავად ფაქტი, რომ ამ ტაძრის ცერემონიებმა შეიძლება არ
განკურნოს, უფრო მეტიც – მოკლას ახალწვეული, საერთოდ არ ამცირებს
მკურნალი კაცებისადმი ადამიანების რწმენას.

კიდევ ერთი პრაქტიკოსი დაგვრჩა, “მსმენლის” სახელით ცნობილი. ამ კუდიან-


ექიმს შეპყრობილი ადამიანების გონებაში დაბუდებული ეშმაკების გამოდევნის
ძალა შესწევს. ილეკირემას სჯერა, რომ თავად მშობლები აჯადოებენ თავიანთ
შვილებს. განსაკუთრებით დედებზე მიაქვთ ეჭვი, რომ თავიანთ შვილებს
აჯადოებენ, როდესაც სხეულის საიდუმლო რიტუალებს ასწავლიან. კუდიანი-
ექიმის დამცავი ჯადოქრობა უჩვეულოა თავისი რიტუალის სიმწირით. პაციენტი
მხოლოდ უყვება “მსმენელს” მთელ თავის გასაჭირსა და შიშებს, მოყოლებული
ადრეული სირთულეებიდან, რამდენადაც მათი გახსენება შეუძლია. ამ
ეგზორციზმის სესიების დროს გამოვლენილი ილეკირემას ხალხის მეხსიერების
უნარი ნამდვილად გასაოცარია. იშვიათი არაა, როცა პაციენტი წუხს იმ უარყოფის
განცდაზე, ჩვილობის დროს ძუძუდან მოწყვეტამ რომ გამოიწვია მასში და
ზოგიერთი თავის პრობლემას დაბადებით მიღებულ ტრავმის ეფექტსაც კი
უკავშირებს.

დასასრულ, გარკვეული ქმედებები უნდა ვახსენოთ, რომელთა საფუძველიც


ადგილობრივების ესთეტიკაშია, მაგრამ რომლებიც ბუნებრივი სხეულისა და მისი
ფუნქციებისადმი გამუდმებული ზიზღის გრძნობაზეა დაფუძნებული. არსებობს
სარიტუალო შიმშილი მსუქანი ადამიანების გასახდომად და – ცერემონიალური
ნადიმები – გამხდრების გასასუქებლად. ამის მსგავსად, სხვა რიტუალები
მკერდის გასაზრდელად გამოიყენება, თუკი ქალს მკერდი პატარა აქვს და –
მკერდის დასაპატარავებლად, თუკი ის დიდი აქვს. მკერდის ფორმით ზოგადი
უკმაყოფილება სიმბოლიზებულია იმ ფაქტში, რომ იდეალური ფორმა, თითქმის,
ადამიანური ვარიაციის დიაპაზონს გარეთაა. არაადამიანური ჰიპერგულმკერდის
განვითარებით დაავადებული ზოგიერთი ქალი იმდენად გაღმერთებულია, რომ
სოფელ-სოფელ დადიან, თანხის სანაცვლოდ ადგილობრივებს ნებას რთავენ მათ
უცქირონ და ამით თავის სარჩენ ფულსაც შოულობენ.

უკვე განვიხილეთ ის ფაქტი, რომ გამოყოფასთან დაკავშირებული ფუნქციები


რიტუალად, რუტინად და საიდუმლოდ არის ქცეული. ბუნებრივი გამრავლების
ფუნქციებიც იმავენაირადაა დამახინჯებული. სქესობრივი ურთიერთობის
საკითხი ტაბუირებულია და როგორც ქმედება, დროშია გაწერილი. მაგიური
საგნებით ან ურთიერთობის მთვარის გარკვეული ფაზების მიხედვით
შეზღუდვით დაორსულების თავიდან არიდებას ცდილობენ. ჩასახვა, ფაქტიურად
იშვიათობაა. ორსულობის დროს, ქალები ისე იცვამენ, რომ თავიანთი
მდგომარეობა დამალონ. მშობიარობაც გასაიდუმლოებულად მიმდინარეობს,
მეგობრებისა თუ ნათესავების თანხლების გარეშე და ქალების უმეტესობა
საკუთარ შვილს არ უვლის.

ილეკირემას რიტუალური ცხოვრების განხილვით ვაჩვენეთ, რომ ისინი


ჯადოქრობით მცხოვრები ხალხია. ძნელი გასაგებია, როგორ მოახერხეს ამდენ
ხანს არსებობა ასეთი ტვირთის ქვეშ, რომელიც თავად დაუწესეს თავიანთ თავს.
თუმცა, ასეთი საუცხოო ჩვეულებებიც კი ნამდვილ მნიშვნელობას მხოლოდ მაშინ
იძენს, როდესაც ისეთი თვალთახედვით განვიხილავთ, რომლის შესახებაც
მალინოვსკიმ დაწერა (1948: 70):

“შორიდან და ზემოდან, განვითარებული ცივილიზაციის კედლებიდან და


შემაღლებებიდან ყურებით ადვილია მაგიის უაზრობისა და უმწიფრობის
დანახვა. მაგრამ მისი ძალისა და დახმარების გარეშე, ადრეული ადამიანი ვერ
გაუმკლავდებოდა პრაქტიკულ სირთულეებს ისე, როგორც მან ეს მოახერხა, ვერც
ცივილიზაციის უფრო მაღალ საფეხურებზე გადაინაცვლებდა.”
REFERENCES CITED

Linton, Ralph

1936 The Study of Man. New York, D. Appleton-Century Co.

Malinowsli, Bronislaw

1948 Magic, Science, and Religion. Glencoe, The Free Press.

Murdock, George P.

1949 Social Structure. New York, The Macmillan Co.

Advertisements
REPORT THIS AD

REPORT THIS AD

You might also like