You are on page 1of 7

ფსევდო-დიონისე არეოპაგელის წერილები

აზროვნების ისტორიაში თვალსაჩინო ადგილი უკავია ფსევდო-დიონისე


არეოპაგელის თხზულებებს, რომელთაგანაც დიდადაა დავალებული შუა
საუკუნეების ფილოსოფია და თეოლოგია. არეოპაგიტული კორპუსი შედგება ოთხი
ვრცელი ტრაქტატისა და ათი ეპისტოლესაგან, რომელთა ადრესატები მოციქულთა
ხანის ცნობილი ისტორიული პირები არიან, მათგან ორი - ტიმოთე და ტიტე -
გაიგივებულია პავლე მოციქულის ამავე სახელწოდების მქონე ადრესატებთან. მას
შემდეგ, რაც არეოპაგიტული წიგნები ქრისტიანული სამყაროსთვის ცნობილი გახდა,
ინტერესი ავტორისადმი და მისი ნაწერების მიმართ არ შენელებულა. დღეისათვის
მეცნიერულმა კვლევა-ძიებამ ცხადყო, რომ ფსევდო-დიონისე არეოპაგელი V
საუკუნის მოღვაწეა და არა მოციქულთა ხანისა, ე.ი. ჭეშმარიტი ადრესატებიც
შერქმეულ სახელს მიღმა უნდა ვეძიოთ.

ფსევდო-დიონისე არეოპაგელის წერილები დიდაქტიკუ-ფილოსოფიური ხასიათის


ეპისტოლეებია,რომელთა ადგილი ბიზანტიურ ეპისტოლოგრაფიაში თავისებური და
გამორჩეულია. წერილების პრობლემატიკა მრავალფეროვანია და არ ემორჩილება
ანტიკური ეპისტოლოგრაფიის პრინციპებს; მსგავსება სახარებისეულ
მემკვიდრეობასთან მხოლოდ ფილოსოფიური ტიპოლოგიითაა
წარმოდგენილი. წერილები, ისევე როგორც ტრაქტატები, უხვადაა კომენტირებული
ბიბლიური პასაჟებითა და სიუჟეტებით, რაც უბრალო შემთხვევითობა როდია. ესაა
ლიტერატურული მეთოდი - ფილოსოფიური წყაროების ბიბლიისეული
პარალელიზაციით ავტორი ქმნის მოციქულთა ეპოქის შთაბეჭდილებას.

დიდია წერილების მნიშვნელობა ფსევდო-დიონისეს ტრაქტატების უკეთ გაგების


თვალსაზრისითაც. წერილებში განხილული საკითხები: საღვთო სახელთა
განმარტებანი, მისტიური სიმბოლიკის სახეები, ცნობები იერარქიული წყობის
შესახებ - ქმნიან უფრო ვრცელი მოცულობის თხზულებების ერთგვარ დამატებას.

ფსევდო-დიონისე არეოპაგელის ეპისტოლარული მემკვიდრეობიდან


განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია IX ეპისტოლე, რომელიც ტიტე
მღვდელმთავრისადმია მიძღვნილი. ჩვენი აზრით, ტიტეს გამოხმობა მოციქულთა
საუკუნიდან არეოპაგიტული წიგნების ავტორს დასჭირდა თავისი მოძღვრებების
უვნებლობისა და ავტორიტეტულობისათვის.

ტიტე მღვდელმთავარს წერილის საშუალებით მიუწვდენია ხმა ცნობილი


ღვთისმეტყველის დიონისე არეოპაგელისათვის და უთხოვნია წმინდა წერილში
რამდენიმე ნაკლებად გასაგები სიმბოლოს განმარტება.

მეცხრე წერილი ფაქტიურად ამ კითხვებზე პასუხს წარმოადგენს.


სიმბოლო დიონისე არეოპაგელთან ღვთაებრივ საიდუმლოთა შეცნობის ერთ-ერთი
ჭეშმარიტ გზადაა აღიარებული: "არა მგონია, ხილული ნიშნები თავისი თავისათვის
იყვნენ შეთხზულნი, არამედ გამოუთქმელის და უხილავის მრავალი ხელოვნებით
წარმოსასახავად, რაც ყველასთვის როდია ადვილად ხელმწისაწვდომი" (IX წერილი
ტიტე მღვდელთმთავრს). მოძღვრება ხილულ და მიღმიერ აბსოლუტზე ორი სახისაა:
ერთია გამოუთქმელი და საიდუმლო, მეორე - ნათელი და უფრო გასაგები. ამ
მოძღვრების გაგება სიმბოლოთა გარეშე წარმოუდგენელია.

წერილში ფსევდო-დიონისე გულდასმით განმარტავს ღვთაებრივი საჭმელისა და


სასმელის სიმბოლიკას. წყალს საყოველთაო ცოდნის სიმბოლოდ წარმოადგენს, პურს
- უმაღლესი და საიდუმლო რანგის ღვთისმეტყველებითი ცოდნის სიმბოლოდ.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, წერილში კიდევ რამდენიმე სიმბოლოა ახსნილი:
სიბრძნის ფიალა, წმინდა ტრაპეზი, ღვთაებრივი ძილი, სიფხიზლე და თრობა.
სიმბოლოები არეოპაგელის დანარჩენ წერილებშიც გვხვდება, მაგრამ IX ეპისტოლე
ამ თვალსაზრისით თეოლოგიურ-სიმბოლური მეტყველების გასაღებს წარმოადგენს.

IX წერილი ტიტე მღვდელთმთავარს, რომელმაც (დიონისე არეოპაგელს) წერილით


ჰკითხა, თუ რა არის სახლი და ფიალა სიბრძნისა, მისი საჭმელი და სასმელი.

I. კეთილო ტიტე, არ ვიცი, წმინდა ტიმოთე იცნობდა ჩემ მიერ შესწავლილ


საღვთისმეტყველო სიმბოლოებს თუ არა. მე კი მას სიმბოლურ ღვთისმეტყველებაში
გულდასმით გავურჩიე ყველაფერი ღმერთის შესახებ, მრავალთა აზრით, სიტყვით
დაუჯერებელი. სულთა არასრულყოფილება განიწმინდება საოცარი
ურწმუნოებისაგან, როდესაც გამოუთქმელი სიბრძნის მამები იდუმალ და გაბედულ
ქარაგმათაგან გამოარჩენენ ღვთაებრივს, მისტიკურს და ბილწთათვის მიუწვდომელ
ჭეშმარიტებას. მრავალს არ გვჯერა საღვთო საიდუმლოებათა სიტყვებისა, რადგან
მათ ვჭვრეტთ მხოლოდ შემოღებული გრძნობადი სიმბოლოების საშუალებით.
საჭიროა ისინი განვძარცვოთ თავიანთი თავისაგან და ვიხილოთ შიშველი და წმინდა
სახით. ასე მჭვრეტელნი თაყვანს უნდა ვცემდეთ ცხოვრების წყაროს, თავის თავში
ჩამდინარეს და თავის თავში მდგომს, ვხედავდეთ ერთ რაიმე ძალას, მარტივს,
თვითმოძრავს, თვითმოქმედს, თავისი თავის არმიმტოვებელს, რომელიც არის
ცოდნა აღმატებული ყოველ ცოდნაზე და მუდამ თავისი თავით განჭვრეტილი.
ამრიგად, მე ვფიქრობ, მისთვისაც(ტიმოთესთვის) და სხვებისთვისაც საჭიროა,
რამდენადაც შევძლებთ, განვმარტოთ საღვთო სიმბოლიკის წმინდა გამოსახვათა
მრავალნაირი ფორმები, რადგან უამისოდ რამდენი რამ დაუჯერებელ და გამონაგონ
ამბად ჩანს, ასე, მაგალითად, ზებუნებრივი ღმერთის დაბადება მიეწერება ღვთაებრივ
საშოს, ღმერთის ხორციელად მშობელს - კაცობრივი გულიდან აღმოთქმული სიტყვა
ჰაერში გაიბნა და სული მქროლვარე ბაგეთაგან ამოვიდა. ჩვენ ხომ ღმერთის ძის
ჩამკვრელს ღვთისმშობლის უბეს ვუგალობთ ხორციელად ან ბუნებრივად ვთხზავთ
[სიმბოლოებს] : ხე, ყლორტი, ყვავილი, ფესვი აღმოცენებული, წყაროს წყალი
გამომდინარე, ნათება გამოსული ნათელთმშობლისაგან ან სხვა რაიმე წმინდა
მწერლობით განვმარტავთ ზეარსულ ღვთისმეტყველებას. შესაცნობად ღმერთის
განზრახვათა, წყალობათა და გამოცხადებათა, ძალთა და თვისებათა, ხვედრთა და
სამკვიდრებელთა, წარმატებათა, სხვაობათა და ერთიანობათა - ღმერთს გამოსახავენ
ადამიანით, ცხოველით ან სხვა რომელიმე სულიერით; ან მცენარით, ან ქვით, ან
მრავალფეროვანი შესამოსელით; ქალთა სამკაულით ან ბარბაროსთა საჭურველით,
მექოთნეობით ან მებრძმედეობით, თითქოს ოსტატი ან შემოქმედი იყოს; ხანაც
ცხენის, ერტლის ან ტახტის სახით გამოსახავენ. [თეოლოგია] ნადიმს მოამზადებს
მზარეულის ხელოვნებით და [ღმერთს] წარმოგვიდგენს მშიერად და მაძღრად,
მძინარედ და მთვრალად.

ვინ რაღა თქვა რისხვასა და ჭმუნვაზე, მრავალგვარ ფიცსა და მონანიებაზე. წყევლასა


და სიძულვილზე, მრავალსახოვნებასა და ცოდვათა სიმრუდეზე, აღთქმათა
სივერაგეზე, გმირთა ბრძოლაზე "დაბადებაში", როდესაც განიზრახეს აეგოთ სახლი
არა მტერთა დასათრგუნად, არამედ საკუთარი ხსნისათვის - თვალთმაქცობითა და
სიცრუით აქაბისათვის მოწყობილ ზეციურ საბჭოზე, "ქებათა-ქებაში" [მოთხრობილ]
ხორციელ და მეძაურ ვნებებზე, - და სხვა რამდენი სითამამეა ღმერთის გამოსახვაში,
წმინდა ნიშნებით იდუმალ-ჩენილი, გარეშემოსილი და გამრავლებული,
მხოლოობისა და განუყოფლისაგან განყოფილი, სახიერი და მრავალი ფორმის მქონე
უფორმოთა და უსახოთაგან. თუ ვინმეს შეუძლია ჩაწვდეს დაფარული მშვენიერების
სიღრმეს, იგი იპოვის ყველა საიდუმლოს და ღვთის სახეს, გაბრწყინებულს
ღვთისმეტყველების ფრიადი ნათლით.

არა მგონია, ხილული ნიშნები თავიანთი თავისთვის იყვნენ შეთხზულნი, არამედ


გამოუთქმელსა და უხილავს წარმოსახავენ მრავალი ხელოვნებით, რაც ყველასთვის
როდია ადვილად ხელმისაწვდომი და რაც მხოლოდ ღვთისმოსავთა და ჭეშმარიტ
მოყვარულთათვის გაცხადდება; რამეთუ [ხილული ნიშნები] წმინდა სიმბოლიკაში
ყოველსავე ბავშვურ წარმოდგენას შორდებიან და გონების უბრალოებითა და
განჭვრეტის ძალით, უნარით აღემატებიან სხვებს მარტივის, ზებუნებრივის
ჭეშმარიტ განსაზღვრაში. უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთისმეტყველებითი მოძღვრება
ორი სახისაა: ერთი - გამოუთქმელი და საიდუმლო, მეორე - ხილული და უფრო
გასაგები. პირველი სიმბოლურია და საიდუმლო ღვთისმსახურებითი, მეორე -
ფილოსოფიური და მტკიცებითი, რომელიც აკავშირებს თქმულს გამოუთქმელთან;
არწმუნებს და აერთიანებს ნათქვამთა ჭეშმარიტებას; პირველი კი წარმოაჩენს
ღვთაებრივს უშუალოდ საიდუმლო მსახურებით. მღვდელმესაიდუმლენი არც ჩვენი
და არც რჯულის კანონების მიხედვით არ აღასრულებენ უწმინდეს საიდუმლოებებს
ღვთივმშვენიერი სიმბოლოების გარეშე; ვხედავთ, რომ ყოვლად წმინდა
ანგელოზებიც ქარაგმებით ღვთაებრივ [საქმეებს] მისტიკურად წარმოაჩენენ და
თავად იესოც ხომ იგავებით ღვთისმეტყველებს, ღვთითქმნილ იდუმალებებს
ტრაპეზის სახეებით გადმოგვცემს, რამეთუ უხრწნელად უნდა დაეცვა მრავალთაგან
არა მარტო წმინდათაწმინდა, არამედ ადამიანთა სიცოცხლეც, რომელიც მის მსგავსად
განყოფადთან ერთად განუყოფადიცაა, გაებრწყინებინა საღვთო [საქმეთა] ცოდნით.
ვნებათაგან დაცლილი სული უნდა მივიდეს ღვთივ სათნო ქმნილებათა მარტივ და
შინაგან ხილვამდე, ვნებით ავსებული კი იკურნებოდეს სხეულებრივი კანონების
თანახმად და ამაღლდეს ღვთაებრივობამდე, უკვე განმტკიცებული სიმბოლური
სახეებით შეიცნოს ღვთისმეტყველებითი ჭეშმარიტება, რამეთუ [სიმბოლოები]
თავიანთ თავში შეიცავენ ღვთისმეტყველებითი ნათქვამის რაიმე სახეს, გონებითი
ჭვრეტით ხელმისაწვდომს.

II. ყველასათვის ხილული ეს ქვეყანა წარმოგვიდგენს ღვთაებრივ უხილავს, - ამბობს


პავლე და ჭეშმარიტი სიტყვა. ამიტომაც ღვთისმეტყველნი განიხილავენ ხილულს
სახალხოდ და კანონიერად, ხოლო უხილავს - წმინდად და უხრწნელად; ერთს -
ადამიანურად და საშუალოდ, მეორეს კი არაამქვეყნიურად და სრულყოფილად, ხან
უხილავი ადათწესებით და ხანაც ხილული კანონებით, შესაბამისად უპირველეს
წმინდა წერილთა, გონებათა და სულთა. წმინდა წერილი და ყოველი სიტყვა
ლიტონი ისტორია როდი უნდა გვეგონოს, ყოველ სიტყვას ცხოველმყოფელი
სრულქმნა ახასიათებს. ნაცვლად მათი საჯაროდ განქიქებისა, მოწიწებით უნდა
ჩავწვდეთ წმინდა სიმბოლოთა სიღრმეს, პატივი ვცეთ ღვთაებრივი წარმოსახვის
ნაყოფსა და ანაბეჭდს, გამომთქმელის და ზებუნებრივის ხილულ სახებას.
გამოსახვითი სიმბოლოებითაა დაფერილი არა მარტო ზეარსული და გონითი
ნათელი, არამედ ყველაფერი ღვთაებრივი. რადგან ზეარსულ ღმერთს უწოდებენ
ცეცხლს, ხოლო მის გონებაჭვრეტით ნათქვამს - ცეცხლოვანს, გონებაჭვრეტითი და
გონებამჭვრეტელი ანგელოზები მრავალფეროვანი და ცეცხლოვანი ღვთის სათნო
სახეებით იხატებიან. სხვაგვარად უნდა გავიგოთ ცეცხლის ხატება, როცა მისი
საშუალებით გამოისახება ზეგონითი ნათქვამი ღმერთისა და - სხვაგვარად სიტყვა
განჭვრეტითი გონისა, სხვაგვარად კი - დევ ანგელოზთა; პირველში მიზეზი უნდა
ვცნათ, მეორეში - არსი, მესამეში - თანაარსი, და საერთოდ ისე, როგორც გვასწავლის
განჭვრეტა და ბრძნულწყობა. წმინდა სიმბოლოები არ უნდა ავურიოთ, როგორც
მოგვხვდება, არამედ გამოვსახოთ მიზეზის, არსის, ძალის, თანამიმდევრობისა და
ღირსების შესაბამისად იმ ნიშნებით, რომლებითაც ისინი საჩინო არიან. მოთხოვნილს
რომ არ დავცილდეთ, დავიწყებ შენ მიერ წერილში შემოთავაზებული [საკითხების]
კვლევას. ჩვენ ვამბობთ, რომ ყოველგვარი საზრდო არის სრულყოფა მათთვის, ვინც
იკვებება, რათა შეივსოს საზრდოს ნაკლებობა და სიმწირე. [საზრდო] ნუგეშს სცემს
უძლურს, იცავს მის სიცოცხლეს, ფურჩქნის, ცხოველყოფს, მიჰმადლებს მის
სიცოცხლეს სიტკბოებას და საერთოდ განაგდებს დარდს; უსრულს ანიჭებს
სიმხიარულეს და სისრულეს.

III. კეთილად იგალობება წმინდა სიტყვანში ზეკეთილი სიბრძნე, რომელმაც დადგა


საიდუმლო ფიალა, აღმოაცენა მისი წმინდა სასმელი, სასმელზე უფრო ადრე კი
დასდო მკვრივი საზრდო და ხმამაღლა ქადაგებით მოუწოდა მავედრებელთ
სიკეთისაკენ. ღვთით ბოძებული საზრდო ორგვარია: ერთი მკვრივი და მუდმივია,
მეორე კი ნოტიო და განფენადი. [სიბრძნე] ფიალაში ათავსებს თავისი სიკეთის
წინასწარჭვრეტას; ფიალა მრგვალია და ღია, იგი სიმბოლოა გაშლილისა და
ყველასკენ მიმავლისა, დაუსაბამოსი და დაუსრულებელისა. ამასთანავე,
ყველასადმმი ბოძებული სიბრძნე თავისსავე თავში დგას, რჩება უძრავ იგივეობად,
თავისივე გამოუვალობით უცვლელად და მტკიცედ: თვითონ ფიალაც ასე დგას, ასეა
ნათქვამი [საღვთო წერილში] : სიბრძნემ აიშენა სახლი, მოამზადა მკვრივი საზრდო,
სასმელი და ფიალა, რათა გაეცხადებინა საღვთონი ღვთივმშვენიერად. ყოვლის
დამაგვირგვინებელი გონი არის მიზეზი არსისა და კეთილდღეობისა, ყველას
წინამავალია, ყოველში იშვება, ყველას შეიცავს და ყველას აღემატება; არცერთისაგან
და არცერთით არ შემოისაზღვრება, არამედ ყველასაგან განშორებული, თავის თავში
მარადიულია, თავისი თავითაა იგივეობა და მარადიულობა. არსი და მდგომარეობაც
მუდამ ასეთივე აქვს. არც თავს გარეთ წარმოიშვება და არც არასოდეს ტოვებს თავის
სამყოფელს, უძრავ მყარობას და არსებას, არამედ მთელ თავის წინასწარხედვას
კეთილმოქმედებით [ასრულებს]. ვრცელდება ყველაზე და რჩება თავის თავში,
მუდამ დგას და მოძრაობს, არც დგას და არც მოძრაობს, არამედ, როგორც ამბობენ,
განგებით მოქმედებს უძრაობაში; უძრაობა კი განგებაში ერთბუნებად და ერთნებად
აქვს.

IV. რა არის მკვრივი საზრდო და რა არის ნოტიო? კეთილი სიბრძნე ხომ ამათ ორივეს
მომნიჭებლად და წინასწარმჭვრეტელად იგალობება. ვგონებ, მტკიცე საზრდო
საზრდო შეზავებაა სიბრძნის მარადიული სრულქმნისა და იგივეობისა, რის
შედეგადაც მიიღება მდგრადი და ძლიერი, ერთიანი და განუყოფელი საღვთო ცოდნა,
რომლითაც უსაღვთოესი პავლე სიბრძნის მიმღებელი, ჭეშმარიტ მკვრივ საზრდოს
გვაძლევს, ნოტიოთი კი, განფენადთან ერთად, ყველასაკენ მსწრაფველ მდინარებას,
რომელიც ფერთა სიჭრელით, სიმრავლითა და დაყოფით მიიყვანს გამოკვებილთ
ღვთის მარტივ და წმინდა ცოდნამდე, მსგავსად მათივე სიკეთისა. ამრიგად,
საღვთონი და გონითი სიტყვები ემსგავსებიან ცვარსა და წყალს, რძეს, ღვინოსა და
თაფლს, რამეთუ ცხოველმყოფელი ძალისათვის წყალია, აღორძინებისათვის რძე,
აღგზნებისათვის ღვინო, განწმენდისა და უხრწნელობისათვის თაფლი. ამას უხვად
ანიჭებს ღვთაებრივი სიბრძნე მისკენ მიმავალთ, უწყვეტი სანოვაგის მდინარებით და
აღმოცენებით - ეს ჭეშმარიტი ნადიმია. ამის გამო უგალობენ მას (ღმერთს), ვითარცა
ცხოველმყოფელს, ჩვილთა მკვებავს, ამაღორძინებელს და სრულმქმნელს. [V.] ამ
წმინდა ნადიმის განმარტების მიხედვით, თავად ღმერთი, ყველა სიკეთის მიზეზი,
მთვრალად იწოდება იმის გამო, რომ ნადიმის სავსეობა ყოველგვარ შეცნობაზე
მაღლაა და, უფლის სადარად რომ ვთქვათ, ნეტარება ღმერთისა უსრულყოფილესია
და გამოუთქმელად უსაზღვრო.

ჩვენთან თრობა, ცუდი გაგებით, არის ღვინით უზომო ავსება და გონებიდან და


აზრიდან განკრთომა; ხოლო უკეთესი გაგებით, ღვთაებრივი თრობა გაიაზრება,
როგორც ზესავსეობა, ყველა სიკეთის უზომო ფლობით გამოწვეული; ამის თანახმად,
თრობით გონებიდან გამოსვლა არის ღვთაებრივი სიმაღლისა და ზეშთაგონების
გამოსახვა, რაც მიუღწეველია ჩვენი გონებისათვის, ზეშთაგონებითია, გააზრებითია
და ზეარსებითი. ღმერთი არის ერთსახე ყველა შესაძლებელი სიკეთისა და მთვრალი,
რადგან ზესავსეა ყველა ამით და აღემატება ყველას და ყველაფერს. ამიერიდან
სასურველია ამ სახით გავიგოთ წმინდანთა ნადიმები სასუფეველში. როცა ამბობენ,
მეუფე მოვიდა, მოუწოდა მათ პურობად და მოემსახურაო, წარმოგვიდგება
წმინდანთა განუყოფლობა და ერთსულოვნება ღვთაებრივი სიკეთით,
[წარმოგვიდგება] ეკლესია პირველშობილთა ზეცაში და მართალთა სულები,
სრულქმნილნი და აღსავსენი ყოველი სიკეთით. [ნადიმზე] მოწვევაში ვგულისხმობთ
მრავალ შრომათაგან დასვენებას, უზრუნველ ცხოვრებას, მოქალაქეობრივ
აღმაფრენას ნათელსა და ცოცხალთა ქვეყანაში, ყველა წმინდა სიტკბოებით აღვსებას.
წმინდანები სიხარულით აღივსებიან, რადგან მათი მახარებელი იესოა, რომელიც
მოუწოდებს, ემსახურება და ანიჭებს მათ მარადიულ განსვენებას, უნაწილებს და
გადმოაფრქვევს სიკეთის სავსეობას.

VI. კარგად ვიცი, შენ ესწრაფვი ზეარსული საღვთო ძილისა და სიფხიზლის


გამოცნობას. ასე ვიტყოდი: საღვთო ძილი არის განკერძოება იმისა, რაც ღმერთში
მიუღწეველია და წინასწარი ცოდნისათვის უცნობი. სიფხიზლე კი არის წინასწარი
ცოდნა იმისა, თუ როგორ იხსნა ღმერთმა მისი მავედრებელნი შვილნი. სხვა
ღვთისმეტყველებით სიმბოლოებს შენ თვითონ ჩასწვდი. მე კი ზედმეტად მიმაჩნია
ტრიალი ერთისა და იმავეს გარშემო, ან სხვა მოძღვართა სიტყვების გამეორება,
რომელთაც უკვე ერწმუნეთ და კარგადაც იცნობთ.

ამ ეპისტოლეთი ვწყვეტ თხრობას, დარწმუნებული, რომ მე უფრო მეტი აგიხსენი,


ვიდრე შენი წერილით მოითხოვდი. ამას გარდა, გიგზავნი ჩემს საღვთისმეტყველო ს
ი მ ბ ო ლ ი კ ა ს, სადაც იპოვი, რა არის სიბრძნის სახლი, მისი შვიდი სვეტი და
მკვრივი საზრდო, სამსხვერპლოდ და პურობად განკუთვნილი. რა არის ღვინის
შერევა? ან სიმთვრალე ღვთის სასმელით? რაც აქ ვთქვი, [იმ წიგნში] უფრო
გულმოდგინედაა გარჩეული. მჯერა, განმარტებული ყველა სიმბოლოთი მისწვდები
საღვთო წერილთა წმინდა მოძღვრებასა და ჭეშმარიტებას.

წინასიტყვა და თარგმანი ჯულიეტა შოშიაშვილისა

ბიზანტიური მწერლობის ქრესტომათია (IV ს. - VII ს. პირველი ნახევარი)

I ტომი

თბილისი 1994 წ.

You might also like