Professional Documents
Culture Documents
ბაჩანა ბრეგვაძე ჰერაკლიტე ეფესელის ფრაგმენტები PDF
ბაჩანა ბრეგვაძე ჰერაკლიტე ეფესელის ფრაგმენტები PDF
ჰერაკლიტე ეფესელი
ასე მაგალითად, ერთი და იგივე საგანი ერთსა და იმავე დროს თბილიცაა და ცივიც.
თბილია, როგორც ცივის საპირისპირო, საიდანაც ამ მდგომარეობაში გადადის, და ცივია,
როგორც თბილის საპირისპირო, რადაც ის იქცევა. ამრიგად, ფარდობითობა
თვისებებისა, რომლებსაც თანდათანობითი გაძლიერების უნარი შესწევთ
ურთიერთსაპირისპიროთა თანაარსებობად მოიაზრება. ამავე თვალსაზრისით
აღიქვამდა ჰერაკლიტე საგნის დაპირისპირებას სხვა საგნების მიმართ. ერთი და იგივე
საზრდო სასარგებლოა ერთი რომელიმე არსებისათვის და მავნეა მეორისათვის.
ჰერაკლიტეს აზრით, აქაც თავს იჩენს დაპირისპირებულთა თანაარსებობა.
ფრაგმენტები
12. ერთსა და იმავე მდინარეში შესულს ყოველ წამს ახალ-ახალი ტალღა ეხეთქება
ტანზე,13 ხოლო სულები ორთქლდებიან წყლის სისველიდან.14
17. ბრბო არასოდეს უფიქრდება იმას, რასაც ყოველდღე აწყდება ცხოვრების გზაზე,19
თვით განსწავლასაც კი არ ძალუძს რაიმე შეასმინოს მას; და მაინც, უსმს და უმეცარს,
ჰგონია, რომ ყველაფერი ესმის.20
21. სიკვდილია ყოველივე ის, რასაც მღვიძარენი ვჭვრეტთ, ხოლო ის, რასაც მძინარენი
ვხედავთ, არის სიზმარი.24
26. ღამის წყვდიადში, როცა თვალი ვერაფერს ხედავს, კაცი საკუთარი სულის სინათლეს
ანთებს. ცოცხალი - ძილში - ის მკვდრებს ეხება, ფხიზელი - ცხადში - ის ეხება
მძინარეთ.28
28. მხოლოდ შეხედულებაა ის, რასაც ბრძენი სცნობს და იმარხავს. და მაინც დიკე30
თავისას მიუზღავს ცრუმეტყველთა და ცრუმორწმუნეთ.
34. ის, ვინც გვისმენს, მაგრამ ვერ გვიგებს, ყრუს ემსგავსება. მისთვის თქმულა: ჩვენს
გვერდით მყოფი შორსააო ჩვენგან.36
36. სულისთვის სიკვდილია წყლად ქცევა, წყლისათვის - მიწად; ხოლო მიწისგან წყალი
იღებს დასაბამს, წყლისაგან კი - სული.38
39. პრიენეში ცხოვრობდა ბიასი,41 ტევმატეს ძე, ვის სიტყვასაც, უფრო მეტი ფასი ჰქონდა,
ვიდრე სხვებისას.
40. ბევრი ცოდნა ჭკუას ვერ ასწავლის კაცს; თორემ რამდენი რამ იცოდნენ ჰესიოდემ და
პითაგორამ, ქსენოფანემ და ჰეკატეოსმა.42
41. სიბრძნე სხვა არა არის რა, თუ არა იმის აღიარება, რომ გონება განაგებს ყოველს
ყოვლის მეშვეობით და ყოვლის წიაღ.43
45. რა გზითაც უნდა ვლიდე, ვერსად ჰპოვებ სულის საზღვარს, ისე ღრმაა მისი
ლოგოსი.46
53. ბრძოლაა ყოვლის მამა და მბრძანებელი. ერთნი მან ღმერთებად შექმნა, მეორენი -
ადამიანებად; ერთთ მონობა არგუნა წილად, მეორეთ - მეუფება.55
57. არა მარტო მრავალთა მოძღვარს, მრავლის მცოდნესაც უწოდებენ ჰესიოდეს, - მას,
ვინც ვერ შეიცნო, რომ დღე ღამეა, ღამე კი - დღე.59
58. ერთი და იგივეა სიკეთე და ბოროტება, ამიტომ როცა ექიმები ჯიჯგნიან, კვეთენ ანდა
წვავენ ასოებს და თანაც გასამჯელოს მოითხოვენ სნეულთაგან, დაუმსახურებლად
მოითხოვენ მას; რადგან ისინი ერთდროულად სჩადიან ერთსა და იმავეს - სიკეთეს და
ბოროტებას.60
64. ის ამბობს, რომ როგორც სამყარო, ისე ყველაფერი, რასაც სამყარო გარემოიცავს,
ცეცხლით განისჯება და რომ ყველაფერს განაგებს ელია; ხოლო ელიას ის უწოდებს
მარად ცოცხალ ცეცხლს. ის იმასაც ამბობს, რომ ცეცხლი გონიერია და ყოვლის გამრიგე.66
65. ცეცხლია ავსება და დავსება. მისი დავსება სამყაროს შექმნაა, ავსება - სამყაროს
დანთქმა ხანძარში.67
77. სულისათვის - შვება ანდა სიკვდილი. სიკვდილი მისი - ტენად ქცევაა, ხოლო შვება -
ყოფად მოქცევა. სხვაგან ის ამბობს: ჩვენ მათი სიკვდილით ვცოცხლობთ, ისინი კი -
ჩვენი სიკვდილით.80
79. ღვთაების წინაშე კაცი ისევე უასაკო ყრმად ჩანს, როგორც ბიჭი კაცის წინაშე.82
80. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ომი ყოვლადია, რომ დიკე83 ბრძოლაა და რომ ყველაფერი
ბრძოლისა და აუცილებლობის წყალობით ეზიარება არსებობას.84
86. ციური განგება დაფარული რჩება კაცთათვის; ხოლო ამის მიზეზია ურწმუნოება.90
93. უფალი, ვისი ორაკულიც დელფოშია,98 არც რას გვიცხადებს და არც რას გვიფარავს,
არამედ ნიშნებით გვანიშნებს მხოლოდ.99
94. მზე ვერ გარდავა ოდითვე დასაზღვრულ ზომას და ზღვარს; სხვაგვარად მას
მისწვდება ერინიების100 - დიკეს101 მსახურთამსახვრალი ხელი.
95. უმეცრება უმჯობესია დამალო;102 მაგრამ როგორ დამალავ მას, როდესაც სიძვას
ეძლევი, ან ღვინით სავსე ფიალა გიპყრია ხელთ?
104. როგორია მათი გონება, ანუ სული? მალემრწმენნი, ისინი ბრმად ენდობიან სახალხო
მგოსნებს, ხოლო მათი მოძღვარია უსახო ბრბო, რადგან არ იციან, რომ ბევრნი ცუდნი და
უკეთურნი არიან, მცირედნი კი - კეთილნი და კარგნი.112
105. "ილიადის" ერთი ადგილის მიხედვით ("ისინი ერთსა და იმავე ღამეს დაიბადნენ"...,
XVIII, 251), ჰერაკლიტე ამტკიცებს, რომ ჰომეროსი ასტროლოგი იყო;113 მისი აზრით,
ამასვე მოწმობს მეორე ადგილიც: "რომელი მოკვდავთაგანი გაჰქცევია საკუთარ
ბედისწერას?" (VI, 488).
108. არცერთი მათგანი, ვისი სწავლაც მისმენია, არ მისულა იმის აღჳარებამდე, რომ
სიბრძნე ყველაფრისაგან განსხვავებულია და განყენებული.116
114. ყველა, ვისაც გზიანი სიტყვა მოუდის, ისევე მტკიცედ უნდა იზღუდავდეს თავს
ყველასათვის საერთო აზრით, როგორც ქალაქი - კანონით, და, ასე გასინჯეთ, უფრო
მტკიცედაც.122 რადგან ყველა კაცურ კანონს ერთი საერთო - ღვთაებრივი კანონი
ასაზრდოებს, რომელიც საკუთარი სურვილისამებრ, ყველაფერზე ავრცელებს თავის
ძალმოსილებას. ყველაფერს სძლევს და ყველაფერზე მაღლდება თვითონ.123
117. უასაკო ყრმა წინ მიუძღვის მთვრალ მამაკაცს, რომელიც ბარბაცებს და არ იცის, საით
მიდის, რადგან მისი სული სველია და ნოტიო.126
122. ...მიახლოება...
126ბ. ერთი ყოველთვის ასე იზრდება, მეორე - ისე; გააჩნია, ვის როგორ ჭირდება.
128. ისინი ისე ლოცულობდნენ ამ უსმი და უსულო კერპების მიმართ, თითქოს მათ
სასმენელნი ჰქონდეთ. მაგრამ კერპებს არ შეუძლიათ რაიმე მიაგონ მათ მიმართ
მლოცველთ, ისევე როგორც არ შეუძლიათ რაიმე მოსთხოვონ მათ.140
130. არ უნდა იყო ისერიგად დამცინავი, რომ შენსავე თვალში სასაცილო ჩანდე.142
135. აი, უმოკლესი გზა მისთვის, ვისაც კეთილი სახელის მოხვეჭა სურს: თვითონვე
უნდა გახდეს კეთილი.147
შენიშვნები
1. "წარუვალი სიტყვა" (λόγορ ἐών; εἰμι - "ვარ" ზმნის აწმყო დროის მიმღეობი იონიურ
ფორმას ἐών ატიკურში შეესაბამება ὤν) - ანტიკური ფილოსოფიური აზრის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი ცნება - "ლოგოს", საგანთა და მოვლენათა ჭეშმარიტი არსის
რაციონალური გამოხატულება. "საგანთა ეს ჭეშმარიტი არსი - შენიშნავს სერგეი
ტრუბეცკოი ("Учение о Логосе", М., 1908, с.16), - ჰერაკლიტესათვის სრულიადაც არ არის
განყენებული ყოფიერება, ესაა სიცოცხლე, შემოქმედებითი გენეზისის მარად ცოცხალი
პროცესი, სიმრავლეში რეალიზებული ერთობა"; კოსმიური არსებობის უზენაესი
რაციონალური კანონი, რომლის მიხედვითაც წარიმართება უსასრულო სამყაროს
განვითარება.
აქვე უნდა გავიხსენოთ "ფიქრების" კიდევ ერთი ადგილი (VI, 42): "ჩვენ ყველანი ერთი
საერთო მიზნის ხორცშესხმას ვემსახურებით, ერთნი - ცოდნით და მიზნის შეცნობით,
მეორენი - მის შეუცნობლად. ალბათ, ამიტომ ამბობს ჰერაკლიტე, რომ თვით მძინარენიც
მუშაკობენ და ხელს უწყობენ სამყაროულ ყოვლისქმნადობას" (თუმცა ისიც უნდა
ითქვას, რომ ჰერაკლიტე ესოდენ მაღალი აზრის არ ყოფილა "მესიზმრეებზე", თავიანთ
სიზმრებს "გამოღვიძებისთანავე რომ ივიწყებენ ხოლმე").
ისიც უნდა ითქვას, რომ აქ λόγορ ἐών "მარადიულ გონებადაა" თარგმნილი. მე ანგარიშს
ვუწევ ჰერაკლიტესეული "ლოგოსის" ურიცხვ აზრობრივსა თუ შინაარსობრივ ნიუანსს.
ამის შესახებ დაწვრილებით იხ. Ф.Х. Кессиди, Философские и эстетические вгляды
Гераклита Эфесского, М., 1963, с. 79-84.
4. ჰერაკლიტეს მიხედვით, მზე კაცის ტერფის ოდენა კი არაა, არამედ მხოლოდ მისი
სიშორის გამო აღვიქვამთ ასე პატარად. შდრ. არისტოტელე, სულისათვის III, 428 b 2:
"გრძნობადი აღქმა ზოგჯერ გვატყუებს, მაშინაც კი, როცა აღქმულის სიდიდის შესახებ
სწორი წარმოდგენა გვაქვს. ასე მაგალითად, მზე სიდიდით ტერფის ოდენა გვეჩვენება,
თუმცა დარწმუნებული კი ვართ, რომ ის კაცთა მთელ საცხოვრისზე დიდია". იხ.
აგრეთვე სენეკა, საბუნებისმეტყველო საკითხები, I, 20: "თუმცა გონება გვიმტკიცებს, რომ
მზე დედამიწაზე დიდია, ჩვენი მზერა იმდენად აპატარავებს მას, რომ, სწავლულთა
აზრით, ის ტერფის ოდენა უნდა იყოს".
"კაცი, რომელიც ზემოდან დაჰყურებს დიდ ქალაქს, გულში ფიქრობს: "მე ვხედავ, რომ
ადამიანები კვამლით საზრდოობენ", - პოლ ვალერი ("სულის კრიზისი", თბ., 1993, გვ.
63).
პოლ ვალერის თანამემამულე, ცნობილი ორიენტალისტი ჯეიმს დარმსტეტერი თავის
მშვენიერ ესსეში "სპარსული პოეზიის სათავეებთან" (თბ., 1985, გვ.19), რუდაქის
თანამედროვე პოეტის შეჰიდ ბალხელის შემოქმედების მიმოხილვისას წერს:
იხ. აგრეთვე პლოტინი, ენნეადა II, 3: "სულიერ არსებათა შორის ზოგიერთის მოძრაობა
გაურკვეველია, ვინაიდან მათ "შოლტით მიერეკებიან საძოვრად", როგორც მაგალითად
ეტლში შებმულ ცხენებს, მეეტლე რომ აძლევს გეზსა და მიმართულებას, გონიერ
არსებათა ბუნებას კი თავის თავშივე ჰყავს მეეტლე".
არისტოტელე, მეტაფიზიკა, III, 5 1010 a 7: "გარდა ამისა, ისინი ხედავდნენ, რომ მთელი
ეს ბუნება მოძრაობს და ცვალებად საგნებზე გამოთქმული არცერთი აზრი არ შეიძლება
ჭეშმარიტი იყოს. მით უმეტეს შეუძლებელია ჭეშმარიტი გამონათქვამი იმის შესახებ,
რაც მრავალნაირად და მრავალმხრივ იცვლება. ამ შეხედულებიდან განვითარდა
ზემოხსენებულ ფილოსოფოსთა, კერძოდ, იმათი წარმოდგენა, ჰერაკლიტეს
მიმდევრებად რომ მიაჩნდათ თავი. ამნაირ წარმოდგენას იზიარებდა კრატილე,
რომელიც ბოლოს და ბოლოს, იმ აზრამდე მივიდა, რომ, საერთოდ შეუძლებელია რაიმეს
მტკიცება, მხოლოდ თითს იქნევდა ჰაერში და ჰერაკლიტეს საყვედურობდა, რამ
ათქმევინა, ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალო, ვინაიდან, მისი აზრით,
ერთსა და იმავე მდინარეშე ერთჯერაც შეუძლებელი იყო შესვლა".
პლუტარქე, დელფოს ორაკულისთვის, V, 18, 392 a-b: "ჩვენ სულაც არა ვართ წილნაყარნი
ჭეშმარიტ არსებობასთან, არამედ დაბადებითა და გადაგებით ზღვარდებული ყოველი
მოკვდავი არსის ბუნება აჩრდილად თუ ბუნდოვან ილუზიად გვევლინება. გინდ
გონების ძალისხმევით გიცდია მისი მოხელთება, და გინდ წყლის ამოღება ცხრილით.
მისი შეკრებისა და მუჭში მომწყვდევის ყოველგვარი ცდისას ის თითებშუა გვისხლტება
და ხელცარიელს გვტოვებს. ასევე ხელმოცარული რჩება გონებაც, როცა გრძნობად და
ცვლად საგანთა წმინდა მოჩვენებითობის მოხელთებას ცდილობს, გინდ მათი დასაბამის
წვდომას მიელტვოდეს და გინდ დასასრულისას: ვერც რაიმე მარადის მყოფს ეხება და
ვერც ჭეშმარიტ არსებულს რასმე. რადგანაც, ჰერაკლიტეს თქმისა არ იყოს, "ვერც ერთსა
და იმავე მდინარეში შეხვალ ორჯერ", და ვერც ერთსა და იმავე მდგომარეობაში შეეხები
ორჯერ მოკვდავ ბუნებას"...
19. შდრ. მარკუს ავრელიუსი, ფიქრები, IV, 46: "... გახსოვდეს ისიც, რომ კაცნი ხშირად
ანგარიშს არ უწევენ ყოვლისგამრიგე გონების ხმას, ურომლისოდაც წარმოუდგენელი
იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, და რომ მათ უცხოდ უჩანთ ისიც კი, რასაც ყოველდღე
აწყდებიან ცხოვრების გზაზე"...
20. ჰერაკლიტე, ისევე, როგორც პლატონი, ათენის ლეგენდარული მეფის კოდროსის (XI
ს. ძვ. წ. ა.) შორეული შთამომავალი იყო, და უმაღლესი არისტოკრატიის ეს ერთ-ერთი
უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, ისევე, როგორც უფრო გვიან - პლატონი,
დაუფარავი ზიზღით უყურებდა უგუნურ დემოსს... შდრ. პლატონი, ნადიმი, 204 a: " ...
უმეცრება იმის უმეცრებაა, რომ, თუმცა მშვენიერებაც აკლია, სიკეთეც სიბრძნეც, თავისი
თავით სავსებით კმაყოფილია მაინც; და რაკი ჰგონია ყველაფერი მაქვსო, არც ილტვის
იმისკენ, რაც მისი აზრით, მას არ აკლია".
21. კლიმენტი ალექსანდრიელს, თავის ნებაზე რომ ათამაშებს ძველი სამყაროს
ფილოსოფიურსა თუ რელიგიურ აზრს, ბიბლიიდან გამოჰყავს ჰერაკლიტეს ეს პასაჟი:
"...წინასწარმეტყველს უთქვამს: "თუ არ ირწმუნეთ, ვერ გაიგებთ" (ესაია, 7, 9). ამ
ფრაგმენტის პერიფრაზირებით ჰერაკლიტე ამბობს: "ვინც არ მოელის"... ("Stromat." II, 17,
4)".
22. ახალი ერის პირველი საუკუნეების ქრისტოლოგები მზად იყვნენ მთელი ანტიკური
სიბრძნისმეტყველების პირველწყაროდ ბიბლია მიეჩნიათ. ამ მხრივ, ერთ-ერთი
ყველაზე "საპატიო ადგილი" უთუოდ კლიმენტი ალექსანდრიელს ეკუთვნის: "მათ არც
მოსმენის ძალი შესწევთ და არც რამის თქმისა", - ეს აზრი უთუოდ სოლომონისაგანაა
ნასესხები: "თუ სიყვარულით მოაპყრობ ყურს, ჩასწვდები მას, და თუ სმენად იქცევი,
ბრძენი გახდები" ("სიბრძნე ზირაქისა", 6, 33), - "Stromat.", II, 24, 5.
23. აქაც ჩვენ გვესმის დემოსის წინააღმდეგ აღძრული არისტოკრატის ხმა. შდრ. ფრაგმ.
14, 15, 17. იხ. აგრეთვე შენ. 20.
25. იხ. კლიმენტი ალექსანდრიელი, Stromat., IV, 9, 7: "შიშის მიზეზის გაქარწყლებით შენ
გააქარწყლებ ცოდვას და, მით უმეტეს, მის სასჯელსაც, როცა აღარ იქნება ის, რისთვისაც
ნიშნეულია ცოდვილი გულისთქმა. "სჯული მართლისთვის კი არ დევს, არამედ
უსჯულოთა და ურჩთათვის" (I ტიმოთეს მიმართ, 1, 9). მაშასადამე, მართებულად
უთქვამს ჰერაკლიტეს: "უსამართლობა რომ არ არსებობდეს..."
26. შდრ. პლატონი : "იმათ, ვინც ღირსეულად დაეცა ბრძოლის ველზე, განა ოქროს
მოდგმას არ უნდა ვაკუთვნებდეთ?" ("სახელმწიფო", V, 468 e).
27. შდრ. პლატონი: "ვინც სახელოვნად დალევს სულს, კეთილი ხვედრი ელის
სანაცვლოდ, დიდი პატივი მიეგება და დემონად (ე.ი. ღვთაებად - ბ.ბ.) იქცევა"
("კრატილე", 398 b).
31. შდრ. ფრაგმ. 14, 15, 17, 20. იხ. შენ. 20.
32. იხ. არისტოტელე, ცისათვის, I, 10, 279 b 12: "ყველანი ამტკიცებენ, რომ ცა (ე.ი.
სამყარო, - ბ.ბ.) შექმნილია. მაგრამ ზოგიერთის აზრით ის წარუვალად შეიქმნა,
ზოგიერთის მტკიცებით, წარმავალია, ზოგი კი ფიქრობს, რომ ის რიგრიგობით იმყოფება
ხან ერთსა და ხან მეორე მდგომარეობაში, ესე იგი, პერიოდულად იღჲპება, და ასე
გრძელდება მარადისობის მანძილზე, როგორც ამტკიცებენ ემპედოკლე აკრაგანტელი და
ჰერაკლიტე ეფესელი".
35. ამ ფრაგმენტში ერთხელ კიდევ ნათლად ვლინდება არისტოკრატის (იხ. შენ. 20)
დამოკიდებულება მისთვის საძჲლველი დემოსის მიმართ.
37. ამავე აზრისა იყო პლოტინის მოწაფე პორფიროსიც (დაახლ. 233 - დაახლ. 300) :
"ჭეშმარიტ ფილოსოფოსს ბევრი რამის ცოდნა მართებს" ("ცხოველური საზრდოსაგან
თავის შეკავების შესახებ", II, 49).
41. ბიას (ბიანტოს) პრიენელი (დაახლ. 590 - 530 ძვ. წ. ა.) - ძველი საბერძნეთის ერთი
შვიდ ბრძენთაგანი.
42. ცოტა ქვემოთ (ფრაგმ. 42) ჰერაკლიტე გაცილებით უფრო მეტ სიმკაცრეს იჩენს დიდი
ბერძენი პოეტების - ჰომეროსისა და ჰესიოდეს მიმართ. "სხვაა სინამდვილის
მხატვრული წვდომა და სხვა - სამყაროს შემეცნება ცნებების საშუალებით, - შენიშნავს ფ.
კესიდი ("Философские и эстетические взгляды Гераклита Эфесского", М., 1963, стр. 99-100),
- ეს სხვაობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჯერ კიდევ ძველად, ფილოსოფოსი
პლატონი ლაპარაკობდა "დასაბამიერ მტრობაზე" ფილოსოფიას, ზოგადად,
მეცნიერებასა და პოეზიას, ანუ ხელოვნებას შორის, მათ "ცილობასა" და "დავაზე"
(პლატონი, სახელმწიფო, X, 607 b)... დავა, რაზედაც ლაპარაკობს პლატონი,
მითოგრაფებსა და პოეტებზე, ჰომეროსსა და ჰესიოდეზე ქსენოფანესა და ჰერაკლიტეს
თავდასხმებით დაიწყო. პირველი მითოგრაფებსა და პოეტებს უსაყვედურებდა,
ღმერთებს ადამიანთა ნაკლოვანებებსა და მანკიერებებს მიაწერთო, მეორე კი გმობდა
მათ იმის გამო, რომ ისინი, თავიანთი "მრავალმცოდნეობით" ცდილობდნენ სამყაროდან
გაეძევებინათ ბრძოლა და, მაშასადამე, ჰარმონიაც..."
45. ჰერაკლიტეს სწამდა, რომ როგორც გალავანი იცავს ქალაქს მტრების შემოსევისაგან,
ისე კანონი იცავს სამოქალაქო ცხოვრებას თვითნებობის, ძალმომრეობისა და
უსამართლობისაგან.
47. "წმინდა სნეულება" (ἱεπά νόζορ) - ასე უწოდებდნენ ძველი ბერძნები ეპილეფსიას.
49. შდრ. პლატონი, გორგია, 490 a: "შენი მტკიცებით, ერთი ჭკვიანი ხშირად მირიად
ბრიყვზე უმჯობესია, ამიტომ ის უნდა მბრძანებლობდეს, ესენი კი მორჩილებდნენ."
იხ. პლატონი, ნადიმი, 187 b: "მუსიკაშიც რომ ასეა საქმე, ეს ერთი შეხედვითაც ცხადია.
ალბათ, ამას გულისხმობს ჰერაკლიტე, თუმცა უგერგილოდ გამოთქვამს თავის აზრს; ის
ამბობს: ერთი, თავის თავს რომ შორდება, თავის თავსვე უბრუნდება, როგორც
უკუქცევადი ჰარმონია მშვილდის და ლირის... მისი სიტყვების აზრი, როგორც ჩანს,
ისაა, რომ დაბალი და მაღალი ბგერები თავდაპირველად არ ეთანხმებოდნენ, შემდეგ კი
შეეწყვნენ ერთმანეთს და მუსიკალურმა ხელოვნებამ სწორედ ამ გზით შექმნა მათგან
ჰარმონია. დაბალი და მაღალი ბგერები რომ არ შეწყობოდნენ ერთმანეთს, ჰარმონიაც
აღარ გვექნებოდა".
57. ბერძენი მწერლის იპოლიტეს (დაახლ. 170 - 236 წ.) თხზულებაში "ყველა ერესის
უარყოფა" (IX, 10, 1) ვკითხულობთ: "ჰერაკლიტე თანაბრად აფასებს ყოველივე ცხადს და
არაცხადს, რამდენადაც, მისი აზრით, ისინი გარკვეულ ერთიანობას ქმნიან. და მაინც ის
არჩევს იმას, "რაც შეიძლება მზერითა თუ სმენით აღიქვა, ან შეიცნო".
62. შდრ. ციცერონი, ღმერთების ბუნებისათვის, II, 38, 84: "არსებობს ელემენტთა ოთხი
სახე; მათი ურთიერთმონაცვლეობით იქმნება სამყაროს ბუნება: მიწისაგან იბადება
წყალი, წყლისაგან - ჰაერი, ჰაერისაგან - ეთერი; შემდეგ, პირუკუ რიგით, ეთერისაგან -
ჰაერი, ჰაერისაგან - წყალი, წყლისაგან კი - მიწა. ასე, ყოვლის შემადგენელ ელემენტთა
აღმა-დაღმა და აქეთ-იქითური მოძრაობა განაპირობებს სამყაროს ნაწილთა კავშირს".
მარკუს ავრელიუსი, ფიქრები, VI, 17: "ზემოდან ქვემოთ, ქვემოდან ზემოთ, ასე
წრიულად ბრუნავენ სტიქიონები..."
64. შდრ. დიონ კასიუსი, ფრაგმ. 30, 3: "ერთგვარი თავხედობით შეიძლება ითქვას, რომ
ადამიანი სხვა არა არის რა, თუ არა მოკვდავი სხეულით მოსილი ღმერთი, ხოლო
ღმერთი - უსხეულმყოფელი და, მაშასადამე, უკვდავი ადამიანი".
65. იხ. იპოლიტე, ყველა ერესის უარყოფა, IX, 10, 6: "ჰერაკლიტეს სწავლით, სხეული
მკვდრეთით აღდგება; სწორედ ის სხეული, რომლითაც ვიშვით. მისთვის ისიც აშკარაა,
რომ სხეულის აღდგენის მიზეზია ღმერთი. ის ამბობს: "ჰადესის ბინადარ ბრძენთა
ხვედრია აღდგომა სიკვდილის სიზმრისაგან, რათა ცხადში ცოცხალთა და მკვდართა
მცველებად იქცნენ".
66. იხ შენ. 32
67. "ძველი ბერძნებისათვის ცნობილ სამყაროს ოთხ ელემენტს (სტიქიონს) შორის (მიწა,
წყალი, ცეცხლი, ჰაერი) ცეცხლი ითვლებოდა ყველაზე ნატიფ, ყველაზე მოძრავ და
ქმედით ელემენტად. ამიტომ ჰერაკლიტე, რა თქმა უნდა, ცეცხლს მიიჩნევდა ყოველი
საგნის პირველსაწყისად. როგორც მდინარის დინება იძლევა მკაფიო წარმოდგენას
"ყოვლის დინების" შესახებ, ისე ცეცხლის ხატებაც თვალნათლივ წარმოგვიდგენს
ყოველგვარი გარდაქმნისა თუ ცვალებადობის გრძნობებით აღქმად საფუძველს.
ცეცხლი, ნათელ წარმოდგენას რომ გვიქმნის კოსმიური სიცოცხლის შესახებ, თვითონვე
გვევლინება კოსმოსად, მის არსად და დასაბამიერ საფუძვლად... ჰერაკლიტეს ცეცხლი
ჩვეულებრივი ცეცხლი კი არ არის, არამედ წვა, ცხოველმყოფელი საწყისი. ის ცეცხლს
უწოდებს "მარად ცოცხლას" , სიცოცხლეს რომ ანიჭებს ყველაფერს და სიმბოლურად
განასახიერებს ყოველივე ცოცხალს, ქმედითს და მოძრავს. ჰერაკლიტესეული ცეცხლი -
სიცოცხლის სიმბოლო და საკუთრივ სიცოცხლე - თვით ქმედითობაა და დინამიზმი.
სიცოცხლე წვაა, აალება და, მაშასადამე, ჩაქრობაც და დაშრეტაც. "ჩვენ ვარსებობთ და
არც ვარსებობთ". სიცოცხლე იმარხავს სიკვდილს და ამიტომ რაც ცოცხლობს, კიდევაც
კვდება, იწვის... ცეცხლი, წვის შედეგად, თანდათანობით იქცევა ჰაერად, წყლად, მიწად,
ანუ ფერფლად. მაგრამ ჰაერი, წყალი, მიწა აბსოლუტურად მკვდარი სტიქიონები როდი
არიან. ისინიც ცოცხლობენ და კვდებიან, ესე იგი, თავიანთ საპირისპიროში გადადიან.
ისინი ცეცხლის სიკვდილით "ცოცხლობენ", ცეცხლი კი - მათი სიკვდილით, ანუ,
ჰერაკლიტეს სიტყვებით რომ ვთქვათ, - "ცეცხლი მიწის სიკვდილით ცოცხლობს, ჰაერი
კი - ცეცხლის სიკვდილით; წყლის სიცოცხლე ჰაერის სიკვდილია, ხოლო მიწის
სიცოცხლე - წყლის სიკვდილი" (ფრაგმ. 76).
69. როგორც ზემოთ ვნახეთ, ჰარმონიას ბადებს არა მარტო საპირისპირო საწყისთა
ორთაბრძოლა, არამედ მათი თანხმობაც და წონასწორობაც (იხ. შენ. 53, 55). ღმერთი,
როგორც დაპირისპირებულთა ერთობა, შეიძლება სამყაროს ჰარმონიად იქნეს
მიჩნეული.
70. შდრ. იპოლიტე, ყველა ერესის უარყოფა, V, 21, 2: "სეთიელები (II ს. ერთ-ერთი
ერეტიკული სექტის წევრები; ასე იწოდებოდნენ ადამის ძის - სეთის სახელის მიხედვით,
- ბ.ბ.) შემდეგნაირად გადმოგვცემენ მოძღვრებას შერევა-შეზავების შესახებ. ზევიდან
დაძრული სინათლის სხივი და უმცირესი ნაპერწკალი ქვევით თითქმის შეუმჩნევლად
ერწყმიან და ეზავებიან მრუმე წყალს, რის შედეგადაც მიიღება ერთგვარი მრუმე ნარევი,
დაახლოებით ისეთი, როგორიცაა ცეცლხში ერთმანეთს შერეული სხვადასხვა
კეთილსურნელების ნაზავი".
74. იხ. იამბლიქოსი, სულისათვის (სტობეოსი, II, 1, 16): "რამდენად უფრო სწორი იყო
ჰერაკლიტე, "ბავშვების თამაშს" რომ ადარებდა კაცთა აზრებს".
75. იხ. მარკუს ავრელიუსი, ფიქრები, IV, 46: "ყოველთვის გახსოვდეს ჰერაკლიტეს
სიტყვები: "მიწისთვის სიკვდილია წყლად ქცევა, წყლისათვის - ჰაერად, ჰაერისათვის -
ცეცხლად და პირუკუ" (იხ. ფრაგმ. 36 - ბ.ბ.). "გახსოვდეს კაცი, რომელმაც დაივიწყა, საით
მივყავართ გზას"; გახსოვდეს ისიც, რომ კაცნი ხშირად ანგარიშს არ უწევენ
ყოვლისგამრიგე გონების ხმას, ურომლისოდაც წარმოუდგენელი იქნებოდა ჩვენი
ცხოვრება, და რომ მათ უცხოდ უჩანთ ისიც კი, რასაც ყოველდღე აწყდებიან ცხოვრების
გზაზე. და ბოლოს, ნუ დაივიწყებ იმასაც, რომ კაცს არ შეშვენის სიზმარში მყოფივით
იქცეოდეს და სჯიდეს (რამეთუ ჩვენ გვეჩვენება, თითქოს სიზმარშიც ვმოქმედებთ და
ვმსჯელობთ), ან პატარა ბალღების მსგავსად, რომლებიც ბრმად ჰბაძავენ ხოლმე
უფროსებს".
78. იხ. მარკუს ავრელიუსი, ფიქრები, VI, 42: "ჩვენ ყველანი ერთი საერთო მიზნის
ხორცშესხმას ვემსახურებით, ერთნი - ცოდნით და მიზნის შეცნობით, მეორენი - მის
შეუცნობლად. ალბათ, ამიტომ ამბობს ჰერაკლიტე, რომ "თვით მძინარენიც მუშაკობენ
და ხელს უწყობენ სამყაროულ ყოვლისქმნადობას". მაგრამ ყველა თავისებურად
მუშაკობს, ყველას თავისი წვლილი შეაქვს ამ ქმნადობაში, ასე განსაჯე, მკრეხელსაც და
მასაც, ვინც ცდილობს წინააღუდგეს ქმნადს და არად აქციოს იგი. სამყაროს ასეთი
კაცნიც სჭირდება. მაშასადამე, შენ თვითონ უნდა გადაწყვიტო, ვის მხარეს დადგე, ვის
მიაკუთვნო თავი. სულერთია, ყოვლისგამრიგე მაინც ისე გამოგიყენებს, როგორც
თვითონ მიიჩნევს უმჯობესად და თავის თანამოქმედად და თანამონაწილედ გაქცევს..."
86. შდრ. პლატონი, დიდი ჰიპია, 288de - 289a, სადაც სოკრატე მშვენიერების არსზე
ესაუბრება ელიდელ სოფისტს ჰიპიას. პლატონის ნებით, სოკრატე ორდება და არა
მარტო პირადად, თავისი წარმოსახული ორეულის პირითაც ეპაექრება თავის
თანამოსაუბრეს:
ს ო კ რ ა ტ ე. დე, ასე იყოს. ახლა კი მესმის, ჰიპია. რა უნდა ვუპასუხო მას: მეგობარო,
როგორც ჩანს, არ იცნობს ჰერაკლიტეს მშვენიერ სიტყვებს: "უმშვენიერესი მაიმუნიც კი
მახინჯია კაცთა მოდგმასთან შედარებით". მაშასადამე, თვით უმშვენიერესი ქოთნის
მშვენებაც კი სიმახინჯედ მოგვეჩვენება, თუ მას ქალწულთა გვარს შევადარებთ,
როგორც ბრძანებს ბრძენი ჰიპია; ასე არ არის?
ს ო კ რ ა ტ ე. ყური მიგდე: მე ხომ ვიცი, ამის შემდეგ რას იტყვის იგი: "მერედა,
სოკრატე, თუ ქალწულთა გვარს ღმერთებისას შევადარებთ, განა პირველნი ისევე არ
დაიჩრდილებიან, როგორც ქოთნები - ქალწულებთან შედარებით? განა უმშვენიერესი
ქლწულიც კი მახინჯად არ მოგვეჩვენება მაშინ? სხვათა შორის, ამასვე ამტკიცებს
ჰერაკლიტე, რომელსაც შენ იმოწმებ; აი, რას ამბობს იგი: "კაცთაგან ყველაზე ბრძენი
ღმერთთან შედარებით მაიმუნი გეგონება სიბრძნის, სიმშვენიერის და სხვა მისთანათა
მხრივ..." (289 b).
იხ. დემოკრიტე, ფრაგმ. 762: "ძნელია გულთან ბრძოლა, მისი ძლევა კაცის
კეთილგონიერებას მოწმობს".
იხ. აგრეთვე მარსილიო ფიჩინო - პლატონის კომენტარები, V. II, p. 1228: "ნუ შეეხები
ბოროტებას, რომელიც თავისთვისაა და არავის აყენებს ვნებას. ეს პითაგორას სიმბოლოს
ჰგავს: "ნუ გაჩხრეკ ღადარს მახვილით", ისევე როგორც ჰერაკლიტეს გამონათქვამს:
"ძნელია გულთან ბრძოლა: ყოველი სურვილი სულის ფასად მოისყიდება".
90. იხ. პლუტარქე, კორიოლანოსი, 38, 6: "ღმერთსა და ადამიანს შორის არა არის რა
საერთო. არაფერი ადამიანური არ არის არც ბუნებაში, არც მოძრაობაში, არც
ხელოვნებაში და არც ღმერთის ძალმოსილებაში, ასე რომ, თუ ის (ღმერთი, - ბ.ბ.) ხორცს
ასხამს იმას, რისი ხორცშესხმაც თითქოს შეუძლებელია, ამაში არა არის რა
პარადოქსული. ის, უმალ, უსასრულოდ განსხვავდება ჩვენგან, და: ეს სხვაობა,
უპირატესად , თავს იჩენს მის ქმნილებებში, მაგრამ ღვთაებრივ საგანთა უმრავლესობა,
ჰერაკლიტეს თანახმად, "დაფარული რჩება კაცთათვის, და ამის მიზეზია მათი
ურწმუნოება".
92. შდრ. ფრაგმ. 8, 50, 51, 58, 59, 60, 62; იხ. შენ. 9, 64.
103. იხ. ცელსუსი (ორიგენე, ცელსუსის წინააღმდეგ, V, 14): "ღმერთს შეუძლია სულს
უბოძოს მარადიული სიცოცხლე, "გვამებს კი - ჰერაკლიტესი არ იყოს, - განავალზე უმალ
უნდა ვიცილებდეთ თავიდან". ხოლო, საღი აზრის საპირისპიროდ, იმითი სავსე ხორცის
მიჩნევა მარადიულად, რისი ხსენებაც კი სათაკილოა, ღმერთს არ ნებავს და არც
შეუძლია".
106. შდრ. კლიმენტი ალექსანდრიელი, Stromat., 113, 3: "მსგავსად იმისა, როგორც "მზე
რომ არ არსებობდეს, სხვა მნათობთა სხივოსნობის მიუხედავად, წყვდიადი მოიცავდა
სამყაროს", - სიტყვა (λόγορ) რომ არ არსებობდეს და მისი მეშვეობით არ ვიყოთ
განსწავლულნი, არაფრით არ განვსხვავდებოდით ბნელში ნასუქი და სიკვდილით
ნასაზრდოები ფრინველებისგან."
111. შდრ. ჰიპოკრატე, ძვლების ბუნებისათვის, 11: "არ ვიცი, სად იწყება და სად
მთავრდება ეს არტერია; დახაზე წრე: დასაწყისს ვერ მიაკვლევ".
115. იხ. სექსტუს ემპირიკუსი, "სწავლულთა წინააღმდეგ", VII, 126: "გრძნობადი აღქმის
მხილებისას ჰერაკლიტე შემდეგს გვაუწყებს: "გულმხეცთათვის (დედანში - "βαπβάποςρ
τύσαρ" - "ბარბაროსული სულებისათვის", - ბ.ბ.) ცუდი მოწამენი არიან თვალნი და
ყურნი", რაც შემდეგი მტკიცების ტოლფასია: "ბარბაროსული სულებისათვის
ნიშნეულია ირრაციონალურ შეგრძნებათა ნდობა".
118. იხ. სტობეოსი, III, 1, 176: ჰერაკლიტეს გამოთქმა: "ადამიანებს ბევრს არაფერს
არგებდა მათი სურვილების ასრულება".
126. იხ. მარკუს ავრელიუსი, ფიქრები IV, 46, ჩვენს მიერ ზემოთ ერთხელ უკვე
ციტირებული - შენ. 75.
127. იხ. მუზონიუს რუფუსი, საზრდოსათვის, ფრაგმ. 8a (სტობეოსი, III, 17, 42):
"ღმერთებისათვის საზრდოდ საკმარისია წყლისა და მიწის ოხშივარი, ჩვენთვის კი
ღმერთების საზრდოს ყველაზე მეტად ემგვანებოდა უწმინდესი და უმსუბუქესი საკვები;
ამნაირი საზრდოთი ნასაზრდოები წმინდა და მშრალი იქნებოდა არა მარტო ჩვენი
სხეული, არამედ სულიც, როგორც ყველაზე უბრძნესი და უსათნოესი, თანახმად
ჰერაკლიტეს წარმოდგენისა, რომელიც ბრძანებს: "მშრალი ციალი - სული უბრძნესი და
უკეთესი".
შდრ. აგრეთვე იულიანე აპოსტატა, სიტყვები, 7, 216c: "რადგანაც ბუნებას მალვა უყვარს
და ღმერთების ფარული არსი ვერ იტანს იმას, რომ უვიცნი ლიტონი სიტყვით უხეშად
უმჟღავნებდნენ მას უკეთურ სმენას".
იხ. აგრეთვე ლუკიანე, სიცოცხლეთა გაყიდვა, 14: "აი,რად ვტირი [ამბობს ჰერაკლიტე],
და კიდევ იმიტომ, რომ ამ ქვეყნად არა არის რა მარადიული, არამედ ყველაფერი
ერთმანეთშია ალუფხული, როგორც კიკეონში, და ყველაფერი ერთი და იგივეა:
სიამოვნება-უსიამოვნება, ცოდნა-არცოდნა, დიდი-პატარა, აქ-იქ, ყველაფერი ბრუნავს და
ერთმანეთს ენაცვლება საუკუნის თამაშში..."
136. იხ. იოანე ცეცე, არისტოფანეს კომედიის "პლუტოსის" კომენტარები, 91a: "მას ბრმად
გამოჰყავს სიმდიდრე ("პლუტოსი" - "სიმდიდრეს" ნიშნავს ბერძნულად , - ბ.ბ.),
რადგანაც მასში სიქველის კი არა, ბიწიერების მიზეზსა ხედავს. ამიტომ ჰერაკლიტეც
თავის თანამოქალაქეებს სასიკეთოდ კი არ უსურვებს სიმდიდრეს, არამედ - თავბედის
საწყევლად: "დაე ნურასოდეს დაგიტევებთ თქვენი სიმდიდრე, ეფესელნო, თქვენდა
სარცხვენად და თავლაფსასხმელად".
139. იხ. არისტოკრიტე, თეოსოფია, 69: "ჰერაკლიტემაც უთხრა ეგვიპტელებს: "თუ ისინი
ღმერთები არიან, მაშინ რატომღა დასტირით მათ? ხოლო თუ დასტირით, მაშასადამე,
ღმერთებადაც აღარ მიგაჩნიათ ისინი".
141. შდრ. ფრაგმ. 40: იხ. შენ. 42... აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ორივე ფრაგმენტი -
მეორმოცეც და ასოცდამეცხრეც დიოგენე ლაერტელმა შემოგვინახა: "გამოჩენილ
ფილოსოფოსთა ცხოვრება", IX, 1 da VIII, 6. ორივე ფრაგმენტის შინაარსი ზედმიწევნით
ემთხვევა ერთმანეთს და საკითხავი მხოლოდ ისაა, რატომ მიაჩნიათ მეორმოცე
ფრაგმენტი ავთენტურად, ას ოცდამეცხრე კი - საეჭვოდ?
142. შდრ. პლატონი, ნადიმი, 189b: "იმისი კი არ მეშინია - ამბობს არისტოფანე, - რომ
სასცილოს ვიტყვი რასმე... არამედ იმისა, ვაითუ სასცილო გავხდე".
143. შდრ. "პარიზის გნომოლოგიონი", № 209: "ჰერაკლიტეს მტკიცებით, თვითრწმენა
ხელს უშლის წარმატებას".
144. შდრ. პლატონი, სახელმწიფო, წიგნი III, 390e, სადაც ავტორს მოაქვს შემდეგი ლექსი,
რიმელიც პირობითად მიეწერება ჰესიოდეს: "თავს მოუქონავ სუყველას ძღვენით - თვით
ღმერთებსაც და დიდ მეფეებსაც".
146. შდრ. იოანე დამასკელი, ყვავილნარი, II, 13: "პლატონს უთქვამს, განათლება მეორე
მზეა კაცთათვისო".
151. იხ. Catol., Codd. Astrol. Graec., IV, 32, VII, 106.