You are on page 1of 6

„სასწავლო გაჩერებები“

პირველი გაჩერება
შოთას განსაცდელი, ანუ „ვეფხისტყაოსნის“ ლაბორატორია
ლევან ბერძენიშვილი

„ვეფხისტყაოსანში“ ასახული სიყვარული, მეგობრობა, თავდადება, შეცდომა,


დანაშაული, მონანიება, ცოდვების გამოსყიდვა, ტყვეობა, განწირულობა, მეგობრების
შეკრება, საერთო ბრძოლა - გვასწავლის რეალურ ცხოვრებას?! რვა საუკუნის წინანდელი
ტექსტი გვასწავლის სწორ არსებობას.
ვისაც არ სჯერა, გადაიკითხოს ეს ნაწარმოები, თუნდაც მხოლოდ ერთი მცირე თავი -
„ავთანდილის ანდერძი“, მასში ხომ სულ ოციოდე სტროფია?! ამ სტროფებში ვხედავთ მთელ
სამყაროს, რომლის ცენტრშიც ადამიანი დგას. აქ ადამიანის იდეალზეა საუბარი და ეს
იდეალი საერთოა მთელი კაცობრიობისთვის. თუმცა, რადგან ნაწარმოები ქართულადაა
დაწერილი, იგი უფრო იოლად სწორედ ქართველი მკითხველის მიერ აღიქმება.
რას ამბობს „ავთანდილის ანდერძი“?!
ავთანდილი თავის პატრონს ატყობინებს, რომ მეგობრის
გადასარჩენად მიდის, რადგან „კაცი ბრძენი ვერ გაწირავს, მოყვარესა
მოყვარულსა“ და აქვე შეახსენებს ანტიკურ ცოდნას - „სიცრუე და
ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“ და „რადგან თავია სიცრუე
ყოვლისა უბედობისა, მე რად გავწირო მოყვარე, ძმა, უმტკიცესი
ძმობისა?!“ რაკი ეს სიბრძნე არსებობს, თუ ავთანდილი არ დაეხმარა
ტარიელს, მაშინ მისი ცოდნა აზრს დაკარგავს. ცოდნა კი იმისთვის
გვაქვს, რომ მოვიხმაროთ, სამყაროს ჰარმონიაში ჩავეწეროთ.
ავთანდილი მეფეს შეახსენებს, რომ, უზენაესი მოძღვრების
მიხედვით, „სიყვარული აგვამაღლებს“ და ამტკიცებს, რომ სწორედ ეს
მისია დააკისრა მას უკვდავმა ღმერთმა. არაფერი მოხდება უფლის ნების
გარეშე და ავთანდილის წასვლა მეგობრის დასახმარებლად უფლის
ნებაა. ამიტომაც, არავინ უნდა დამწუხრდეს, ცრემლი არ უნდა
დაიღვაროს. ადამიანი ვალდებულია დაეუფლოს მოთმინების
ხელოვნებას და ახსოვდეს, რომ განგებას ვერავინ გაექცევა - რაც ღმერთს
დაუდგენია, ის აუცილებლად გადაგხდება. თუკი
ადამიანს მოყვარის მიტოვება, დაღალატებაშეუძლია, შეუძლია შედრკეს,
ან სიკვდილს შეუშინდეს, მაშინ ის ადამიანი არ არის!
უნდა გვახსოვდეს, რომ სიცოცხლე დიდი ღირებულებაა, მაგრამ არა
ერთდერთი! სამარცხვინო სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს; სიკვდილი,
რომელსაც ვერავინ გაექცევა და სიკვდილი, რომელიც
ყოველ წამსაა მოსალოდნელი. ამიტომაც, ავთანდილის ანდერძი
მატერიალურ ნაწილსაც მოიცავს:
„მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები,
მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები,
შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი, არას მქონები:
მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები“.

„რაცა თქვენთვის არ ვარგ იყოს საჭურჭლესა დასადებლად,


მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად“.
ესაა რუსთველის დანაბარები. ესაა ადამიანის იდეალი. ეს გახლავთ
მისი მთავარი დანიშნულება, სწორედ ეს უნდა ვიცოდეთ უპირველეს
ყოვლისა - სხვა ადამიანი შენი ძმაა. შენ მოვალე ხარ, გიყვარდეს სხვა,
განსაცდელში არ მიატოვო. თუ ადამიანს გასაჭირში მიატოვებ და არ
დაეხმარები, ან თუნდაც დაუგვიანებ დახმარებას, მაშინ შენს
განათლებას, შენს ცოდნას, შენს სიბრძნეს, საერთოდ, შენს არსებობას
აზრი არ აქვს და სამყაროს წესრიგში შენი ადგილი არ არის, რადგან
ყველა მოქმედებას ან უმოქმედობას ვერ გაამართლებ სიცოცხლის
ღირებულებით. უღირს სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს - ამ სამყაროში
მარტო არ ხარ და ამ იდეალებისადმი შენს ერთგულებას უზენაესი ძალა
აკონტროლებს.
აი რა არის „ვეფხისტყაოსანი“!..

დაზეპირება იოლი საქმე არაა და, რა თქმა უნდა, შეღავათი უნდა გავუწიოთ მათ, ვისაც
დაზეპირება უჭირთ, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ პოეზია არსებობს მხოლოდ იმ ფორმით,
რა ფორმითაც მოგვეწოდა! პოეზიის სხვა სიტყვებით გადმოცემას აზრი რომ ჰქონდეს, მაშინ
მოკლედ მოგიყვებოდით „ვეფხისტყაოსნის“ შინაარსს და ამით დავამთავრებდით...

და კიდევ ერთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლის დროს და


რასაც მასწავლებელი განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა აქცევდეს - კონტექსტი, ანუ
„ვეფხისტყაოსნი“, როგორც პოემა, ნაწარმოები, რომელშიც საქართველო აისახა.
დიდი საიდუმლო არ არის, რომ არაბეთის, ინდოეთის, ზღვათა სამეფოსა თუ დანარჩენი
სამყაროს ამბები - ქართული ამბებია. ის კი არა, „ცამცა გაიდარბაზესა“, ანუ ზეცაშიც
საქართველოა! „ვეფხისტყაოსანმა“ მთელი სამყარო საქართველოდ გამოაცხადა. რა თქმა
უნდა, რუსთაველთან მსოფლიო სახეები გვხვდება, მაგრამ, ამავე დროს, „ვეფხისტყაოსანში“
აღწერილი იდეალები, უპირველეს ყოვლისა, ქართული იდეალებია.

დასასრულ, უნდა ვთქვათ, რომ „ვეფხისტყაოსნის“ წაკითხვის


შემდეგ შენ უფრო მეტი ხარ, ვიდრე მის წაკითხვამდე იყავი. შენ უკვე
იცი, რომ სხვა ვალდებულებები გაკისრია და ღმერთს იმისთვის
არ შეუქმნიხარ, რომ ჭამო, სვა, გეძინოს, დაიღალო და იცხოვრო
ცხოველივით. აკი ამბობს კიდეც მეფე ლირი კორდელიას სიკვდილის
შემდეგ, რომ ცხენს, ვირთხასა და ძაღლს შეუძლია ცოცხალი იყოს და შენ
- არა! აქ სწორედ ამაზეა საუბარი, რომ შენ მეტი ხარ, შენ ადამიანი ხარ, აი
რას ასწავლის „ვეფხისტყაოსანი“.

აკაკი ბაქრაძე - ავთანდილის სახე „ვეფხისტყაოსანში“

"ვეფხისტყაოსანში" ყველა სიბრძნე უმთავრესად ავთანდილის პირით არის


გაცხადებული. ჩვენ წინაშეა უაღრესად ღრმა, მრავალმხრივ განვითარებული პერსონაჟი,
რომლის ყველა ქმედებას, ყველა საქციელს, ყველა სიტყვას განსაკუთრებული მნიშვნელობა
აქვს. მისი მოქმედება ყოველთვის შეესაბამება იმ კონკრეტულ ვითარებას, იმ კონკრეტულ
სიტუაციას, რომელშიაც მას უხდება მოქმედება.
ავთანდილი რომ არ იყოს, არაფერი განვითარდება და პოემის სიუჟეტი ერთ ადგილზე
გაჩერდება, რადგან ყველა დანარჩენი პერსონაჟი თავისი პირადი გრძნობებით და პირადი
ვნებებით იმდენად ღრმად არის შეპყრობილი, რომ უჭირს საღი განსჯა. ვთქვათ, თუნდაც
ტარიელი, რომელიც იმ უბედურებამდე (ნესტანის დაკარგვამდე) სრულიად საღად ფიქრობს,
მსჯელობს, აზროვნებს და მოქმედებს, ნესტანის დაკარგვის შემდეგ კარგავს წონასწორობას,
არსებითად ბრმა გრძნობით არის შეპყრობილი და სწორი განსჯა უჭირს.
ავთანდილი არცერთ ასეთ ვითარებაში არ იბნევა: ყოველთვის პოულობს იმ სვლას, რომელიც
აუცილებელია მიზნის მისაღწევად. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ბოროტების
სამყარო, ქაჯეთის სახით წარმოდგენილი, შეიძლება დაინგრეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას
დაუპირისპირდება ავთანდილის სიბრძნე და გონიერება. მხოლოდ ავთანდილს შეუძლია ამ
უზარმაზარი ბოროტების სამყაროს დანგრევა და ნესტანის გათავისუფლება.
"ვეფხისტყაოსნის" ძირითადი იდეაც - "შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად
სძოვდეს", გაპირობებულია მხოლოდ ავთანდილის გონიერებით. ამ სამყაროს მხოლოდ მაშინ
მიაღწევს ადამიანი, როდესაც იგი აღჭურვილია იმ სიბრძნითა და გონიერებით, ამავე დროს,
იმ პრაქტიციზმითაც, ავთანდილს რომ ახასიათებს.
ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ღრმა მოაზროვნე, ღრმა ფილოსოფოსი, რომელიც
ჭვრეტით ფლობს სამყაროს. არა, მან იცის, ეს ფილოსოფია როგორ უნდა გამოიყენოს
კონკრეტულ სინამდვილეში, პრაქტიკულად როგორ მიაღწიოს იმის განხორციელებას, რაც მას
თეორიულად წარმოუდგენია. ამიტომ მასში განხორციელებულია პრაქტიკოსის და ბრძენის
ერთიანობა. აქედან გამომდინარეობს ის ძალა, რომელიც მას აქვს და რომელიც მიმართულია
ბოროტის წინააღმდეგ დასამკვიდრებლად კეთილისა. თუ მომეტებულ ფანტაზიორობად არ
ჩამომერთმევა, ავთანდილის ცოცხალ პროტოტიპად დავით აღმაშენებელს მივიჩნევდი. ამ
კაცმა უდიდესი პრაქტიკული საქმეც განახორციელა და სულიერებით სავსე ჰიმნიც დაწერა.
დიდი საქართველოს აღმაშენებელ ხელმწიფეს შეუძლებელია უამრავი ისეთი საქმე არ
გაეკეთებინა, რასაც ნივთიერების გამოვლენად, ხორცის სამსახურად მივიჩნევდით და ისიც
დაუჯერებელია, რომ "გალობანი სინანულისანი" დაეწერა ადამიანს, ვინც სულიერების
მწვერვალებს არ იყო მიმწვდარი. მაგრამ დავით აღმაშენებელმა ავთანდილივით ზუსტად
იცოდა, როდის უნდა ყოფილიყო სულიერების ტრფიალი და როდის – ნივთიერების.
თუ კლასიკური ხელოვნების მთავარ ნიშან-თვისებას ქართულმა მწერლობამ რაიმე შემატა, ეს
ავთანდილის სახეა.
მე არ მეგულება მეორე პერსონაჟი ქართულ ლიტერატურაში, რომელიც ავთანდილივით
ჰარმონიულად ათავსებდეს ერთმანეთთან სულიერებასა და ნივთიერებას, ამით არის იგი
ბუნება-ზეარსი. ჩვენს ლიტერატურაში, სამწუხაროდ, ამგვარი ფართო მასშტაბის პერსონაჟი,
ასე ღრმა შინაარსის მქონე პერსონაჟი, "ვეფხისტყაოსნის" შემდეგ აღარ დახატულა,
რუსთაველმა იცის, რომ ცალკე პრაქტიციზმი მხოლოდ ემპირიულ მხოხავ ჭიებს
ბადებს, ცალკე აბსტრაქციონიზმი მაღალ ადამიანებს, მაგრამ უუნაროს პრაქტიკული
ცხოვრებისათვის, ამდენად, უშედეგოს თავიანთ საქმიანობაში. ამათი შერწყმაა საჭირო და ამ
შერწყმაში უნდა განხორციელდეს სიბრძნეც, გონიერებაც, კეთილშობილებაც,
მაღალი ზნეობაც.
ავთანდილი არის ის ორიენტირი, რომელიც შეიძლება ყველა გასაჭირში და ყველა
რთულ ისტორიულ ვითარებაში გარკვეულ მაგალითად, გარკვეულ გეზის მიმცემად
გამოადგეს ჩვენს საზოგადოებას.
ქართველ ხალხს მისი გრძელი ისტორიის მანძილზე სამი დიდი წიგნი ჰქონდა სიბრძნის
სასწავლად და გზამკვლევად. ეს წიგნები გახლავთ – "ბიბლია", "ვეფხისტყაოსანი" და
"ქართლის ცხოვრება". ამ სამ წიგნს ეყრდნობა ქართული კულტურა, ქართველი ხალხის
ისტორიული ყოფა და ცხოვრება. მომავალშიც ამ სამ წიგნს უნდა დაეყრდნოს ჩვენი ხალხის
არსებობა. თუ ჩვენ ყველაფერ ამას მკაფიოდ და კარგად განვჭვრეტთ, გავითვალისწინებთ,
ჩავწვდებით და გავიგებთ, რაშია და როგორ არის საქმე, მაშინ მკაფიოდ დავინახავთ, რა
ძალის პატრონები ვართ სულიერად და ბუნებრივია, რომ ამ ძალის გათვალისწინებით ყველა
იდეალის განხორციელება შეგვიძლია და ამ იდეალის დროშაზე, ჩემი აზრით, ისეთი
პიროვნება უნდა ეხატოს, როგორიც "ვეფხისტყაოსნის" ავთანდილია.
მეოთხე გაჩერება

რევაზ სირაძე - ადამიანის რენესანსული იდეალი

რენესანსის ეპოქაში ადამიანი ადამიანზე უფრო ფიქრობდა, ვიდრე თვით ღმერთზე,


ადამიანზე ფიქრი ღმერთზე ფიქრს მოასწავებდა. ამიერიდან ამქვეყნიური სილამაზე აღიარეს
ზეციურის ტოლფასად. ზეცა მომხიბვლელია თავისი სულიერებით, ცისქვეშეთი კი მისი
განსახოვნებით. ყველაფერს აერთიანებს სრულყოფილი ადამიანი. ადამიანი გაიდეალდა
ხორცითა და სულითაც.
ადამიანმა აღმოაჩინა ბუნება, მისი სილამაზე. მანამდე კი, ფრესკაზე ბუნებას ვერა
ვხედავთ. ფრესკისთვის თითქოსდა არ არსებობს ბუნება. რენესანსელმა მხატვრებმა
მშვენიერი ვენერები შიშველი სხეულით პირდაპირ ბუნების ფონზე დახატეს. ამით
გვიჩვენეს, რომ ეს მშვენიერება ბუნების ქმნილებაა, რომ ვერავითარი სამოსი ვერ დაამშვენებს
ადამიანს ისე, როგორც თავისი სხეულის სილამაზე.
სრულყოფილი ადამიანის სახეო, - ასე გამოხატავენ ადამიანის რენესანსულ იდეალს
მაგრამ ამ განმარტებასაც კვლავ განმარტება სჭირდება. რას გულისხმობს ეს სრულყოფილება?
ცხადია, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი არ იდეალდება მხოლოდ რომელიმე ერთი სულიერი
სწრაფვით, არც სრულყოფილი ხორციელი ცხოვრებით, არც მხოლოდ სულიერით, ეს უფრო
იმას ნიშნავს, რომ კაცი ყოფით ცხოვრებასაც უნდა ასულიერებდეს, ამაღლებული მიზნებიც
უნდა ჰქონდეს.
შეიცვალა ბედის გაგებაც. რენესანსელთათვის ბედი არსებობს, მაგრამ შეიძლება მისი
ამოცნობა და მის წინააღმდეგ მოქმედება. რენესანსელებმა სულ მთლად „არ უარყვეს ბედი.
ბედის წინააღმდეგ ბრძოლაც ბედია. „ბედი ცდააო“, - ამბობს რუსთაველი.
. რასაც მანამდე ღმერთს მიაწერდნენ, ყველაფერი ასე თუ ისე ადამიანს თავის თავში
უნდა ეგრძნო. მაშინ საოცრებებს მხოლოდ ზეცაზე კი არ მოძებნიდნენ, არამედ ადამიანშიც.
ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი მთელი რენესანსული ესთეტიკისა. ეს იდეა ქართულ
რენესანსშიაც გავრცელდა.
იმ მხატვრული ფორმით, რითაც მანამდე გამოსახავდნენ ღმერთს, ახლა გამოხატეს
ადამიანი. იმ გრძნობით, რითაც მანამდე განიცდიდნენ ღმერთს, ამიერიდან შეიგრძნეს
ადამიანის მშვენება. რწმენით განიცადეს სიყვარული. მშვენიერებისა და ამაღლებულობის
საზომად იქცა ადამიანი.
თუ წინათ მხოლოდ ღმერთის სიყვარულისთვის აიდეალებდნენ ადამიანს, ამიერიდან
გააიდეალეს ჭეშმარიტი მიჯნურებიც. სატრფო იქცა ღვთაებად, რადგან ტრფობა ჰბაძავს
საღვთო სიყვარულს.
საქართველოში რენესანსულმა ესთეტიკამ ადამიანი გააღმერთა. იტალიურმა
რენესანსულმა ხელოვნებამ ღმერთი გააადამიანა. წინათ ფრესკებზეც ღმერთსა და
ღვთისმშობელს ხატავდნენ უხორცო სულებად. არ ცდილობდნენ გამოეცათ მათი ხორციელი
სილამაზე. რენესანსისდროინდელმა იტალიელმა მხატვრებმა ღმერთი და ღვთისმშობელი
სისხორცეული ძალით აღავსეს. მათ ამშვენებს ადამიანური სილამაზე. თვით ღვთაება
სულთან ერთად სხეულითაც დამშვენდა. ამ სახეებში ციური მშვენების გარდა ცხოვრების
სიყვარულიც ჩანს. იტალიელი მხატვრები ღვთისმშობლად თავიანთ ნაცნობ ლამაზ გოგონებს
ხატავდნენ. ეს ხომ უკვე იმას ნიშნავს, რომ ღვთისმშობლის სახე შეიძლება დავინახოთ
ამქვეყნად. ღმერთის სილამაზის გასაგებად ამქვეყნიურ სილამაზეს აკვირდებოდნენ. ამის
მსგავსად წარიმართა ქართული რენესანსული ესთეტიკური აზრიც.
როგორც დავინახეთ, თამარს ისე განადიდებდნენ, ისეთი ნიშან-თვისებებით
ამკობდნენ, რომ იგი ისტორიული პიროვნებიდან იქცეოდა ერთ ზოგად სახე-იდეად, ზოგად
პერსონაჟად. როგორი უნდა ყოფილიყო თამარი, როგორც პერსონაჟი, ამას განსაზღვრავდნენ
ადამიანის რენესანსული იდეალით. ადრე მზე ღმერთი იყო, ან ღმერთი იყო მზე. ამიერიდან
მზე იყო თამარი და თამარი იყო მზე. მზეა თინათინი, ნესტანიც და ტარიელი. ადრე მზის
ძალით განიცდებოდა ღმერთი, ახლა მზის ძალით განიცდება ადამიანური მშვენება.
ასე დამკვიდრდა ადამიანის რენესანსული იდეალი რუსთაველისდროინდელ
საქართველოში.

You might also like