You are on page 1of 2

ჰაინრიხ ბიოლი

შრომის მორალის დაცემის შესახებ

ევროპის სამხრეთ სანაპიროზე, ნავსადგურში, ღარიბულად ჩაცმული მეთევზე წევს თავის


ნავში და თვლემს. კოხტად გამოწყობილი ტურისტი ახალ ფერად ფირს დებს
ფოტოაპარატში და მის წინ გადაშლილი იდილიური სურათის გადაღებას აპირებს -
ლურჯი ცა, მწვანე ზღვა და თეთრად აქოჩრილი მშვიდი ტალღები, შავი ნავი, მეთევზის
წითელი ქუდი. ჩხაკ. კიდევ ერთხელ: ჩხაკ, და რადგან ღმერთი სამობითაა და
სიფრთხილეს თავი არ სტკივა, მესამედაც: ჩხაკ. ფოტოაპარატის შემაწუხებელი, ლამის
მტრული ხმაური ნავში მთვლემარეს აღვიძებს. მეთევზე ზანტად წამოიწევა, ხელის
ფათურით ეძებს სიგარეტის კოლოფს; მაგრამ სანამ იპოვის, რასაც ეძებს, მონდომებული
ტურისტი ცხვირთან მიუტანს კოლოფს და, მართალია, პირში არ ურჭობს სიგარეტს,
მაგრამ ხელში კი უდებს; მეოთხედ გაისმის ჩხაკუნი, ამჯერად კვესისა. უცნობის ოდნავ
გადაჭარბებული, ძნელად ასახსნელი თავაზიანობა, აშკარად უხერხულ გაღიზიანებას
იწვევს, რომლის გაფანტვასაც იმ ქვეყნის ენის მცოდნე ტურისტი საუბრით ცდილობს:

„დღეს ალბათ გაგიმართლათ, კარგად ითევზავეთ.“


მეთევზე თავს აქნევს.
„მითხრეს, ამინდი კარგი იყოო.“
მეთევზე თავს უქნევს.
„ზღვაში გასვლას არ აპირებთ?“
მეთევზე თავს აქნევს. ტურისტს ნერვიულობა იპყრობს. ნამდვილად გული შესტკივა
ღარიბულად ჩაცმულ მეთევზეზე, გაშვებული შესაძლებლობის შემხედვარეს, მწუხარება
იპყრობს.
„თავს ცუდად ხომ არ გრძნობთ?“

როგორც იქნა, მეთევზე ჟესტებით საუბრიდან ლაპარაკზე გადადის. „გადასარევად


ვგრძნობ თავს“, ეუბნება ტურისტს. „ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ.“ დგება, იზმორება,
თითქოს უნდა უჩვენოს, აი, როგორი ათლეტური აღნაგობა მაქვსო. „ფანტასტიკურად
ვგრძნობ თავს.“

ტურისტს სახეზე გამომატყველება ეცვლება, ვეღარ მალავს უკმაყოფილებას და ენის


წვერზე ადგას კითხვა, ლამისაა, გული გაუსკდეს: „კი მაგრამ, რატომ არ გადიხართ
ზღვაში?“
ლაკონური პასუხი არ დაახანებს: „იმიტომ, რომ დღეს უკვე ვიყავი გასული“.
„ბლომად დაიჭირეთ?“
„იმდენი, რომ მეტი აღარ მჭირდება, ოთხი ასთაკვი გაება ბადეში, და უამრავი ქაშაყი...“

მეთევზე, როგორც იქნა, გამოფხიზლდა, გალხვა და ტურისტს მხარზე შეეხო


დასამშვიდებლად. მისი შეწუხებული გამომეტყველება უადგილო, მაგრამ
გულსამაჩუყებელი ზრუნვის ნიშნად მიიჩნია.

„ის კი არა, იმდენი დავიჭირე, ხვალაც და ზეგაც მეყოფა“ უთხრა ტურისტს, ეგება გულზე
მოეშვასო.
„მოსწევთ ჩემს სიგარეტს?“
„დიახ, გმადლობთ.“
სიგარეტს ორივე პირში იჩრის, მეხუთედ გაისმის ჩხაკუნი, უცნობი თავს აქნევს და ნავის
კიდეზე ჩამოჯდება, ფოტოაპარატს ძირს დებს, რადგან ახლა ორივე ხელი სჭირდება, რომ
სათქმელს მეტი მნიშვნელობა შესძინოს.

„თქვენს საქმეში ჩარევას არ ვაპირებ“, ამბობს ის, „მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ დღეს
მეორედ, მესამედ, ან სულაც მეოთხედ გახვიდეთ ზღვაში და სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ ან
ათჯერ მეტი ქაშაყი დაიჭიროთ! აბა, წარმოიდგინეთ!“

მეთევზე თავს უქნევს.

ტურისტი განაგრძობს: „არა მხოლოდ დღეს, არამედ ხვალ, ზეგ, ყოველ ხელსაყრელ დღეს
ორჯერ, სამჯერ, ხანდახან ოთხჯერაც რომ გახვიდეთ ზღვაში - იცით, მერე რა
მოხდებოდა?“
მეთევზე თავს აქნევს.

„სულ ცოტა ერთ წელიწადში ძრავიან ნავს იყიდდით, ორ წელიწადში კიდევ ერთ ნავს, სამ
ან ოთხ წელიწადში კი ალბათ პატარა კატარღასაც შესწვდებოდით, ორი ნავით ან ერთი
კატარღით კი, რასაკვირველია, ბევრად მეტს დაიჭერდით - ერთ მშვენიერ დღეს ორი
კატარღა გეყოლებოდათ, მერე კი...“ აღფრთოვანებისგან სუნთქვა ეკვრის და ხმა უწყდება,
„შემდეგ პატარა მაცივარს ააშენებდით, თევზის შესაბოლ დანადგარსაც შეიძენდით, მერე
საკონსერვო ქარხანასაც, საკუთარი ვერფმფრენით მოივლიდით ზღვას და იპოვნიდით
კარგ სათევზაო ადგილებს და თქვენს მეთევზეებს რაციით გადასცემდით, სად ეთევზავათ.
შემდეგ ორაგულის ჭერის უფლებებს შეიძენდით, თევზის რესტორანს გახსნიდით,
შუამავლის გარეშე შეიტანდით ასთაკვებს პირდაპირ პარიზში - და მერე...“ ისევ წაართვა
ხმა უცნობს აღფრთოვანებამ. თავი გააქნია, გულზე ნაღველი შემოაწვა, თითქოს წყალში
ჩაეყარა დასვენებით მიღებული სიამოვნება, გახედა წყნარ ზღვას, რომელშიც მხიარულად
დახტოდნენ დაუჭერელი თევზები, „და შემდეგ“, განაგრძო მან, მაგრამ გულაჩქროლებულს
ისევ ჩაუწყდა ხმა. მეთევზემ ზურგზე დაარტყა ხელი, ბავშვებს რომ ურტყამენ, ლუკმა რომ
გადასცდებათ. „და მერე?“ ჰკითხა ჩუმად. „მერე“, განაგრძო უცნობმა უკვე მშვიდი
აღტაცებით, „მერე შეგიძლიათ მშვიდად წამოწვეთ ნავსადგურში, მზეს მიეფიცხოთ და
დატკბეთ მშვენიერი ზღვის ხედით. „ამას ხომ ახლაც ვშვრები“, უპასუხა მეთევზემ.
„მშვიდად ვზივარ ნავსადგურში და ვთვლემ, მხოლოდ შენ ჩხაკუნი მაწუხებს.“

ამგვარად ჭკუანასწავლი ტურისტი ჩაფიქრებული გაეცალა იქაურობას. ადრე მართლაც


სჯეროდა, იმისთვის ვმუშაობ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მუშაობა აღარ დამჭირდესო,
მაგრამ ღარიბულად ჩაცმული მეთევზის მიმართ სულ აღარ შერჩენოდა თანაგრძნობა,
მხოლოდ ოდნავი შური.

You might also like