You are on page 1of 66

ლექსები

ანა კალანდაძე

აუ, აფრინდა გუნდი ყორანთა

ბერა საზანდარს როცა მომართავს,


შენ სევდა გიპყრობს გაუგონარი,
ცად აიშლება გუნდი ყორანთა,
ლეშის საძებრად წავა ყორანი...
მგლისფერ ღრუბლებში გმინვა მოისმის
და ქარიშხალმაც მოითქვა სული...
მარტო რად დგახარ, როგორც ონისე,
შეგინებული და შერისხული?
ბერა საზანდარს როცა მომართავს,
სევდა რად გიპყრობს გაუგონარი?
აუ, აფრინდა გუნდი ყორანთა,
ვაი, ვის გულმკერდს დაფლეთს ყორანი?

(***მე გადმოვკიდე)

მე გადმოვკიდე
ჩემი ალამი...
მაგრამ... საითღა,
საით დაგიდგამს შენი კარავი?
ისევ მზაკვრულად
ბრწყინავს მუშთარი
და ალ კამარი...
კვლავ განშორებას
თუ გვაუწყებენ
მიღმურს იქიდან?
მე გადმოვკიდე
ზავის ალამი
ჩემი ციხიდან.

(***საით არიან შალვა, ბიძინა და ელიზბარი?)


საით არიან შალვა, ბიძინა
და ელიზბარი?
მტერს საით ჩეხავს მარად ძლიერი
იმათი ხმალი?
მძიმედ იღება და იხურება
საყდრის კარები...
დარბაისლური სიჩუმით დუმან
ერისთავები...
ქართველნო, ჩვენი ის სამი გმირი,
ვის წინ თავს ვიხრით,
სპარსეთისაკენ პირმიქცეულა
ბებერი ციხით:
ეჭვს ხომ არ იღებს, ცუდს ხომ არა გრძნობს
ცბიერი შაჰი,
რომ... აჯანყების ცეცხლი მოიცავს
ბობოქარ კახეთს?
დაუმცხრალია და ამაყია
შურისძიება -
აზვირთებული გადაერევა
მტერთა ლაშქარში...
ამ სამი გმირის წმიდათაწმიდა
ხსოვნად კაშკაშებს,
იკორთის მთაზე რომ გადმომდგარა
ჯიღად მთიები!

ამ სურით სვამენ

თუ დავიხრჩვები ღვინომ დამახრჩოს,


ვგავდე ყაყაჩოს სათისხალიანს....
ძლივს მობარბაცებს მთვრალი ყაყაჩო,
ომარ ხაიამ!
გული თელილი ბედის ფლოქვებით
მოკვდა, დადუმდა დიდი ხანია..
სულს მაინც შერჩა ღვინო დოქებით,
ომარ ხაიამ!
სურები შექმნეს შენი ტალახით,
ღვინო მოულხენს ყელმოხატულებს...
შენი სუნთქვაა ლურჯი ბალახი
ფეხს რომ უკოცნის ლამაზ ხათუნებს.
გულზე გაღვრიან ღვინოს ლოთები,
ხეებს შეარხევს ქარი ავყია...
ხეებიც სვამენ ღვინოს ფოთლებით
და მთვრალ ყვავილებს გულზე გაყრიან..
ლოყაწითელი ვარდის ყვავილი
ფხიზლობს?!ჩურჩულებს, როგორც მისანი..
ვარდთ რომ დათოვეს მიწა ყამირი,
ბალღებრ ტიროდა თურმე ნიზამი...
ეს სურა შექმნეს შენი ტალახით, -
ქართულ მარანში დანახანია
ყელმოქარგული ლერწმის ტოტებით...
და, რა ხანია,
ამ სურით სვამენ ღვინოს ლოთები,
ომარ ხაიამ!!

არ აიცდინა უფალმა ჯვარცმა!

(დემეტრე თავდადებულის გახსენება)

წარჩინებულთა ურჩიეს გაცლა,


იქით, მთიულეთს გადასვლა ვედრეს...
- არ აიცდინა უფალმა ჯვარცმა,
ბეწვზე კიდია სამშობლოს ბედი,
არ მსურს, ცოდვაში ვიხეტიალო,
ბოლომდე შევრჩე მეფობას შვებით! -
...
იცოდა, - იტყვის მემატიანე, -
ო, ყოველივე უწყოდა მეფემ!

(***არ კვნესის, არ მოთქვამს)

არ კვნესის, არ მოთქვამს
გული ქვადქცეული:
მარტოკამ ზღაპრული
აღმართი ვძლიე და...
მაგრამ... აღმართებით
ისე ვარ ძლეული,
„ვითარცა ლერწამი
ქართაგან ძლიერთა“.
არაბი ხარ?

დგახარ ქუჩის განაპირას,


ვარდებს ჰყიდი...
- ჩემო კარგო,
არაბი ხარ?
- იეზიდი...
როგორც ია
თავდახრილი ბუჩქის ძირას,
მორცხვი ხარ და
როგორ გშვენის კდემა დიდი...
- თქვი, შავთვალავ,
არაბი ხარ?
- იეზიდი...

(***ასე თუ ჩურჩულებს)

ასე თუ ჩურჩულებს
ელისეს მინდორი,
ასე თუ შრიალებს?
თუ ასე ნაზია
მიმქრალი ვარსკვლავის
კრთომა და ციალი,
სხივს ასე თუ აბნევს?
ასე თუ ირხევა
მთვარეში ასკილი,
ღვია და ბალბა
და ძალმიცემული
ტყის სული რიალებს?
ასე თუ ჩურჩულებს
ელისეს მინდორი,
ასე თუ შრიალებს?

ასეთი დარი თუ იყო მაშინ ?

მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა,


იდგა თბილისი, როგორც ერეკლე
ხმალშემართული ნარის ციხესთან...
ღრუბლები როკვით დაიძრნენ ქარში
და მიაშურეს ლილისფერ მთათა...
ასეთი დარი თუ იყო მაშინ,
ოდეს თბილისი აიკლეს სპარსთა?

(***ასპინძას მიდის მეფე ერეკლე)

ასპინძას მიდის მეფე ერეკლე,


თათარზე მიჰყავს ქართლის ლაშქარი...
გადაიარეს ბებერ ხერთვისთან,
საათაბაგოს მტვერი აშალეს...
უკან დატივეს ძველი აწყური -
ისიც მრავალი ბრძოლის მომლევი...
ბევრი მტერი გყავს, დიდო მეფეო,
არავინაა შენი მომრევი!
მზე ბრწყინავს შენი ლაშქრის მარჯვენას,
მზე კელაპტარობს იმათ მახვილზე...
სულ გამარჯვებით, ძველით, მხედრებო,
ესმოდეს მიწას თქვენი ძახილი;
შენ გაგიმარჯოს, ხალხის ლაშქარო,
ქართლის ხსენება რომ არ წაშალე!..
გადაიარეს ბებერ ხერთვისთან,
საათაბაგოს მტვერი აშალეს.

აღარავინ აღარ მიყვარს

და... როდესაც მზეს შევხედე გვირგვინოსანს,


ჩემო კარგო, ქვეყანაზე გავჩნდი ოდეს,
- ბედი ჰქონდეს! - თქვა შავთვალა ანგელოსმა,
- ბედი ჰქონდეს? ხა, ხა, ხა, ხა... არასოდეს! -
თქვა სატანამ, ზღვას ფოლადის ხმალი დაჰკრა,
ზღვამ წამიღო, უდაბნოში გამომრიყა...
სულში, გულში გრძნობა გაქრა, გრძნობა გაქრა,
ქვეყანაზე აღარავინ აღარ მიყვარს...
ჰო, როდესაც მზეს შევხედე გვირგვინოსანს,
იცი, თურმე ქვეყანაზე გავჩნდი ოდეს,
- ბედნიერი იყოს უთქვამს ანგელოსსა,
სატანამ თქვა:
- ხა, ხა, ხა, ხა... არასოდეს!
აღმაშენებელს

აღმაშენებელს -
მეფეს და სარდალს
ხედავთ, როს შეხვალთ
გელათის საყდარს:
თვალს არ აშორებს
ის ქართველთ კერას,
სად გული მისი
გუგუნებს ჯერაც!
პირდაპირ მისა
ბიბლიურ დავითს
აღუვლენია
სიმების ჯღერა...
უძველესი
მზის ქვეშე ხალხი,
ვით შეწყვეტს სუნთქვას
და გულთა ძგერას?!

(***აჰა, განქარდა)

აჰა, განქარდა
ყოველივე ესე ციური,
ამაოების კვლავ აჩრდილმა
გული განკვეთა...
ახლა, შენ აღებ ცივ დარბაზებს
ჩემი სულისთვის
და...
მწუხარების სახლში მიწვევ,
სასოწარკვეთავ!

აჰა, ისევე!

ვარსკვლავნი ჩაქრნენ, ცათაფრენა


თითქოს... არსაით!
მოზღვავდა ბნელი, მაგრამ ეს ხმა,
ეს ხმა ვისია?
მარადისობავ, სით მეწევი?
აჰა, ისევე
ცის დასალიერს
მირიადი
დაჩნდა
ვარსკვლავი!

***
დროთა ველურთა შემობრუნებავ,
ჰა, შენეული მახვილ-ისრები...
ამხედრებულან ისევ ჰუნები,
ქარს მოჰკივიან მინდვრად ისევე!
ქრიან ცხენები არაბ-მონღოლთა,
სისხლიან გზებით მოთქარუნობენ...
აღარ თავდება ჩვენი გოლგოთა,
დროთა ველურთა შემობრუნებავ!

(***აჰა, მაცდური აქაც შემომყვა)

აჰა, მაცდური აქაც შემომყვა,


დამიხვდა აქაც:
და მოზეიმე ჩამიქრა სული,
ყოველი გაქრა -
მზის ბრწყინვალებაც, ლაჟვარდებისკენ
ქერუბიმთ სწრაფვაც!
ყურში ჩამძახის საუფლო სიტყვებს
და... ელის პასუხს!
უფალო ჩემო,
ო, მეუფეო,
მოველ შენს სახლსა...
ამა ვნებისთვის?
გულამღვრეული
აქ შემოვსულვარ -
სასოებისთვის!

(***ბაღში ისევ)

ბაღში ისევ
ტირიფების ლოდინია,
ხანგრძლივი და
უსასრულო ლოდინი...
ხეივნები
მოდიან და მოტირიან,
ქარი მოდის
და ხეივნებს მოსტირის...
მთა კვნესის და
ცაიც გულდაკოდილია,
ჩემო კარგო,
მტკვარიც გულდაკოდილი...
ხეივნები
მოდიან და მოტირიან,
ქარი მოდის
და ხეივნებს მოსტირის...

ბეთანიის გზაზე

ასკილი, მოცხარი, მოცვი...


გზადაგზა კუნელიც გვხვდება...
აღარ წვიმს... ლამაზი მხრები
გაშალეს ლამაზმა მთებმა...
მივდივართ, მივდივართ, ცივი
სექტემბრის ქარები ქრიან...
სველ გზებზე წაბლის და იფნის
და მუხის ფოთლების ყრია...
მოვედით სამადლოს ხევთან...
ნისლებში დანთქმულა ისიც...
მე მინდა... სულ ვიყო შენთან,
როგორც ეს მთები და ნისლი!
ასკილი, მოცხარი, მოცვი,
გზადაგზა კუნელიც გვხვდება...
აღარ წვიმს, ლამაზი მხრები
გაშალეს ლამაზმა მთებმა...

ბერდედას - ლელა წიკლაურს

- რაისთვის აქებ ქისტებს ბერდედავ?


მათს ვაჯკაცობას, ძალას და სიმხნეს?
მიწა უვსიათ... ხევსურთა ძვლებით...
- რას ამბობ, ქალავ, ვაჯკაცებ იყნეს!
- ამღას გაწყვიტეს ბრგე ვაჯკაცები,
ახიელაშიც უზომოდ ხოცეს...
- რას ამბობ, ქალავ, ვაჯკაცებ იყნეს!
- რა ვიცი ღმერთმა მშვიდობა მოგცეს!

ბოდბედან ნინოწმინდამდე

(საგარეჯოში გაგონილი)

ნინოობა დღეს
თითქმის უცვლელად
ამ გზებზე ქარნი
ქრიან ძლიერნი.
იფარებიან
გზები ბურუსით,
თითქოს... რაღაცას
მოელიანო...
ცას შეავედრებს
დათოვლილ სოფლებს, -
ნათელი რამე
გზაზე დგებაო:
ბოდბედან თვისი
კაბის შრიალით,
ამბობენ, ნინო
მობრძანდებაო.

ბოშა ქალი

და რა ქალი?! ხელის გულით სატარები...


რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი...
ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები...
შეხედეს და... შეუკურთხეს გამჩენი...
მეზღვაურებს გამომწვევად გვერდს აუვლის,
ეტყვიან და... ისიც ეტყვის ურიგოს...
ხელგაშლილი გადუდგება მეზღვაური:
- მხოლოდ ერთხელ მაკოცეო, სულიკო!..
ეს პაწია, სიყვარულის დოსტაქარი,
განა დარდობს, თვალებს ცრემლით იოსებს?
მხიარული, ფეხშიშველი ბოშა ქალი
სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე...
(***ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა)

ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა,


ბროლს მოამსხვრევს ბროლიანსა,
შხეფს შეაფრქვევს ვარდკაჭკაჭას,
ლამაზს, ცისფერთოლიანსა,
წამო ჩემთან!
უკაცრავად,
ვერ გაგყვები ცოლიანსა! -
ესალმება ფხოვის ტყეებს,
ტყეებს მწვანე მოლიანსა,
დაჯირას და უკადრისას,
სატყრობელას ჭორიანსა...
არაგვისკენ გზას მიიკვლევს,
გზას ძალიან შორიანსა.

ბროწეულები

მზაკვარი სხივი როგორ ქირქილებს


ბროწეულებზე:
იმას ჰგონია, აქ განზრახ შეხვდნენ
ჩვენი გულები...
ჩქარა წავიდეთ, თორემ სიჩუმით
დაქანცულები
პირს რომ გახსნიან, ალბათ გაგვცემენ
ბროწეულები!

ბრძოლით ბრუნდება ლაშქარი

ვინ შეაცდინა ეშმაკმა?


ვინ გმო სახელი უფლისა?
ვინ გაბედაო მეფისთვის...
კარავთან
ტყორცნა შუბისა?
დაგვირჩა მეფე დავითი,
დიდია უფლის სახელი!
წყაროსთან პური გატეხეს,
თან... მოისინჯეს ნახმლევი...
ელღაზის ჯარი აოტეს,
„სალამ უბარეს შორითა“:
ყველამ წერილი წაიღო,
ვინც ჩვენთან მტრობით მოვიდა!
დიდია უფლის სახელი
სასწორ-სამართლის მქონები...
ჩრდილში დამსხდარან ვაჟები,
ტანთ გაუხდიათ თორები.

(***ბრწყინავენ ბორბოლიჭყები)

ბრწყინავენ ბორბოლიჭყები
მოწმაოს თოვლისფერები.
მათ გულზე გადაივლიან
არაგვის ცივი ჩქერები.
ადი-ჩადიან ნისლები
ერთ ადგილს გაუჩერები...
ალბათ, წითელო ცირცელო,
რა ხშირად მომეჩვენები!

(***გადმომზირალნი კლდიდან ქვაბები)

გადმომზირალნი კლდიდან ქვაბები


თითქოს დაღლილან ხმალთა ტევებით...
აღინუსხება ჭრაქის ნათელზე -
„სპარსნი ვაოტეთ, თურქებს შევებით“...
არც ხმალს ეძინა, არც გულ-გონებას,
სამარადისო ნათელს ანთებდნენ...
მამულისათვის იღებებოდა
ბერ-მონაზონთა კაბის კალთები.
შენ, მომავალო, დღეო ხვალისა,
უკეთესისთვის, ალბათ, ილაშქრებ:
ვალმოხდილია დიდი წარსული
მამულისა და კაცთა წინაშე!

(***გარდამოხდება)

გარდამოხდება
სიცოცხლე დიდი
ჩემს საუფლოში,
მომაგებს იმედს...
ვუგროვებ მინდვრის
ველურ ყვავილებს:
ჩემს სამადლობელს
ვაუწყებ იმას.

(***გზაზე შემომხვდნენ მე ასულნი მწუხარე ღიმით)

გზაზე შემომხვდნენ მე ასულნი მწუხარე ღიმით:


უდაბნო არის მხარე ესე, - მაუწყეს იმათ...
რისთვის მოხვედი? - შემომბედა ერთ-ერთმა კრძალვით, -
მაცოცხლებელი, ხედავ, აქა არსად დის წყალი,
სიცხე არის ირგვლივ თაკარა?
და გაქრნენ სადღაც... ცის სიღრმეში კრთოდა ვარსკვლავი-
რატომ მოსწყდიო, მანაც მკითხა, შენსა აგარაკს?

გორიდან თითქმის უფლისციხემდე

ამ უკაცრიელ კლდეთა კალთებზე,


ამ ბამბის ქულა ღრუბლებში თითქოს
ღაღადებს ვიღაც... ვინ დამაჯერებს,
იქ ზენაგან არავინ იყოს?
იდუმალების ბურუსით მოცულთ
მიუპყართ ყური, ო, თქვენც მიხედეთ, -
სამარადისოს ჩურჩულებს ვიღაც...
გორიდან თითქმის უფლისციხემდე!

(***გული დაიქანცა)

გული დაიქანცა,
ესმა ხმა, ვითარცა
ხმაი შენი,
ვალნ...
მწადს მოლხენა, არცა!
ვარდი განიძარცვა,
სული...
მგლოვიარე
არნ!

გულო, გულსა შინა

რისად არ მომხედავ? თვალგანაწამები


მინდვრად გელოდება ლელი მკრთომარეო,
გულო, გულსა შინა ცრემლთა მაწვიმებო,
სულო, სულსა შინა სევდის მთოვარეო...
არწივნი ყივიან, ხმობენ არწივებსა
და ჩურჩულებს ნამი ლელზე ანანთები...
ირგვლივ მზის ნათელი დასდგომია მთებსა,
ცაში გაფრენილან ნისლიანი მთები...
მზეი შენით მზეობს,
მზედ ენთები, ზეობ,
გვირგვინს ირქმევ მზისებრ...
ჩემი გულის ძახილს,
ო, ღაღადისს ჩემსას,
შენ... არსაით ისმენ?
მოეახლოს ლელსა გვირგვინდიდებული,
სხივთა მთოვარეო...
არ შეკრთება მაშინ, არ დაჭკნება იგი,
მიუწვდომარეო!

(***გულს არ ჩერდება გრძნეული სხივი)

გულს არ ჩერდება გრძნეული სხივი,


ფარჩები, აჰა, ფლასებად შლილა!
სად არს ნათელი შენი უებრო,
კვლავაც უძღოდეს გაზაფხულს წინა?
სად არს ნათელი?

(***გულს დამფენია მზეი ცხოველი)

გულს დამფენია მზეი ცხოველი


უკეთურებით კვალად ხსნისათვის,
სინათლის ჩემის გაძლიერებად
მოწყივ, უკუნით უკუნისამდე!
დიდის მნათობის კვლავ მოახლებად,
კვლავ დაუცხრომელ სწრაფვად მისადმი
სინათლის მისის გაძლიერებად
მიწყივ, უკუნით უკუნისამდე!

(***გულსა შენსა და გონებას შენსა)

გულსა შენსა და გონებას შენსა


უამურ ფიქრთა ხავსი ედება...
არც ჭირი შენი სადმე გეგულვის,
არცა მოყვასი გეიმედება...
ამ უცხო ცის ქვეშ...
ღირსებას შენსას...
ყოველ გარეწრის შხამ-გესლი წონის!
ყალბია სული,
ცრემლიც ყალბია,
მიდიხარ... მადლს და
ყვედრებას შორის!

(***და თქუა უფალმან კაენის მიმართ)

და თქუა უფალმან კაენის მიმართ:


სადა არს აბელ, ძმაი შენი...
კაენ, სად არის აბელ?
სისხლის იკვრება რკალი...
სხვისას... არ იღებს ზეცა,
საკუთარს ითხოვს, კაენ!
შთამომავლობა შენი
დაფნით ვიდოდეს ყალბით!
დუმს ღვთაებრივი ქნარი, -
კაენ, სად არის აბელ?

(***და წარადგინეს უფალი ჩვენი)

და წარადგინეს უფალი ჩვენი,


ვით ავაზაკი, ხალხის წინაშე...
ბრბო გუგუნებდა...
სისხლის მონატრულ
ლერწამიც იყო პალესტინაში...
-გაუშვით მკვლელი, ო, განუტევეთ,
დე, მისი სისხლი... ზღოს უფლის სისხლმა!
და... სასოება... დაფარა შურმა
და...
სიყვარული...
წალეკა ზიზღმა!
და აღიმართა წამების ჯვარი
შეუცოდებელ სულის წინაშე...
დაოკდა რისხვა...
პალესტინაში...
ჭიანჭველსაც...
სწყუროდა სისხლი!

დავით გურამიშვილი

ქართლის მიწაზე პურს თუ ლეწავდი,


სათიბელათი თიბავდი მიწას?
გარაყანიანთ ქალს თუ ეძახდი,
მისდევდი ქსანზე ატეხილ ჭალას?
ქართლის მიწაზე პურს თუ ლეწავდი,
სათიბელათი თიბავდი ბალახს?
ქსანზე ყელამდე იდგა შალაფა
და ოქროსფერად ჰყვაოდა ძეძვი...
თუ ატარებდი შენც ლურჯ ქალამანს,
მკერდგაღეღილი პერანგი გეცვა?
ქსანზე ყელამდე იდგა შალაფა,
და ოქროსფერად ჰყვაოდა ძეძვი...
აგე, ის მუხა ცაში აწვდილი,
მზე ვენახებზე მავალი ცურვით...
წყალზე იხრება შენი აჩრდილი,
სვამ და ვერასდროს ვერ იკლავ წყურვილს...
აგე, ის მუხა ცაში აწვდილი,
მზე ვენახებზე მავალი ცურვით...
მთებს თუ ესმოდათ შენი ძახილი
რაღაც მდუმარე ნაღველით სავსეს?
ყვავილი წყაროს თავთან დახრილი
მერე არასდროს ჩასულა წყალზე:
მას თუ ესმოდა შენი ძახილი
რაღაც უთქმელი ნაღველით სავსეს?
ეს ბილიკები გადაგატარეს
და შორეული ჩუმი ქედები...
ლამისყანაში ცისკრის ვარსკვლავი
შენი თვალებით თუ იხედება?

დაირები

როცა ფიქრით და ოცნებით დავიღლები,


სწორედ მაშინ
მღერით, ტაშით
სარდაფიდან ამოდიან დაირები...
ვერცხლისფერად,
ოქროსფერად იალებენ
და ვითარცა გაზაფხულის ყვავილები,
მოედანზე
ჩამომსხდარი დაირები
ძიმზიმებენ,
ბრჭყვიალებენ...

(***დაიწყო ცისკრის)

დაიწყო ცისკრის
ზარების რეკა...
კვლავ უმაღლესის
ძალთა მხმობელად,
ქართულთა ხატთა
შესამკობელად
ჩქარობენ გელათს
ბეშქენ და ბექა.

(***დაღუპა რომი)

დაღუპა რომი
ფუფუნებამ,
გაიხრწნა რომი,
დაემორჩილა
ბრძენთა ნებაც
მამონას სურვილს...
გაოცებული იუდეა
უმზერდა მახვილს,
რომელმაც ხორცზე
აღაზევა
მარადი სული!

(***დიდება შენდა მეუფეო)

დიდება შენდა მეუფეო,


შენდა დიდება:
უცხო ნათელი მოევლება
ამ შებინდებას,
იშლება ირგვლივ ზამთრის სუსხი
ჭრელ-ჭრელ მინდვრებად

და უცხო ნათელს
სული პეპლებრ
გაეკიდება.

(***ეს არის ჩემი მეგობრის სული)

ეს არის ჩემი მეგობრის სული -


თრთის და ციმციმებს, კრთება ნამივით...
აცვია თეთრი, სპეტაკი კაბა,
ხელში უჭირავს თეთრი ყვავილი...
აწვდის ვიღაცას თოვლისფერ ყვავილს...
ირგვლივ ყოველი თეთრია მისებრ...
ვუახლოვდები...
- ბავშვი არ იყო,
არ მომეკარო, მივდივარ ისევ!-
და ყვავილების ზღვა არი ირგვლივ
და გაზაფხულის ნიავქარივით
მიფრინავს ჩემი მეგობრის სული,
მიაქვს ზეცისკენ თეთრი ყვავილი...

(***ესმოდათ აღსავლის კართაგან)

ესმოდათ აღსავლის კართაგან


ქვეყანად სიკეთის მთოველთა,
მათ გულს და მათ მაღალ გონებას:
„მშვიდობა, მშვიდობა ყოველთა!“
და ედგათ მარადი ნათელი
დაუღლელთ და დაუცხრომელთა...
ამბობდნენ მრავალგზის რებულნი:
„მშვიდობა, მშვიდობა ყოველთა!“
გვერდთ ახლდათ ლომი და არწივი
იმათაც - დათრგუნვად „ეჭუთა...“
მიხედეთ მათ მაღალ შარავანდს -
მთაწმინდელთ, მოდრეკილთ, მერჩულთა...
დაფარეს მტერთაგან, გადმოგვცეს
გადეგილთ და უდაბნოელთა...
და კვლავ ღაღადებენ სულგრძელნი:
„მშვიდობა, მშვიდობა ყოველთა!“

(***ვაი, სიწმინდეს შელახულს დიდად)

ვაი, სიწმინდეს შელახულს დიდად,


ვაი, ქებათა, რასაც თქვენ სცრიდით,
ხატთა მათ, რომელთ ჩვეული რიდით
და სასოებით
უყრიდით მუხლსა!
თურმე... ღალატის ყვავილებს შლიდით,
„რაინდნო“, - წმიდათწმიდასა ყიდდით,
გულსავსეობდით ცარიელ გულსა!
სატანის ხატად
სახეს იცვლიდით!
თქვენგან დასაცველს...
ვაი, სიწმინდეს!

(***ვაჟაო, დილის მზის სხივო)

ვაჟაო, დილის მზის სხივო,


ხან მთებზე ნისლთა დინებავ,
შუაფხოდან რომ მიდიხარ,
გული რად გაგეტირება?
შენ თუ არ იცი მიზეზი,
აბა, ვის ეცოდინება?
გადმოდი, გადმოაშუქე
ლურჯ თხილიანას კალთები.
რა დაშავდება? არც რაი:
გნახავ და... გამეხარდები!
ვაჟას

მე ვნახე შენი ლამაზი


ფშავი - ბუმბერაზ მთებითა...
მე ვნახე შენი ფშაველი,
კაფიობს ტკბილი ენითა...
მოშხუის შავი არაგვი,
არ დაიღლება დენითა...
ხასხასებს ლურჯი ბალახი,
გულს რო იფენდი ხელითა...
ქუჩი ციხე-გორს შემომხვდა,
ეამაყება შენითა...
ჭაფნაგის გორთან გადმოდგნენ
ღვიები ქალამნიანი...
მთავ ბუმბერაზო, მიიღე
ჩემიც... სალამი გვიანი...

ვარსკვლავები

ახლა აპრილის ჩუმი ღამეა


გულთამხილავი...
ო, ვარსკვლავები... როგორ ბრწყინავენ,
როგორ ბრწყინავენ...
ისინი თვის მადლს ცას და მიწას
უხვად სწირავენ...
ჩემო ვარსკვლავო, შენი თვალებიც...
ისე ბრწყინავენ...
ახლა აპრილის ჩუმი ღამეა
გულთამხილავი...
ო, ვარსკვლავები... როგორ ბრწყინავენ,
როგორ ბრწყინავენ...

ვარსკვლავი ბრწყინავს ასე საამოდ?

ჩემო ჯრუჭულავ, ღვთაბრივს მთაზედ,


თოვლისფერ, ფაფუკ ღრუბლებს რომ ერთვის,
ვარსკვლავი ბრწყინავს ასე საამოდ,
თუ წმინდა მამებს უნთია ზეთი?
გადაშლილი აქვთ ჯრუჭის ოთხთავი
და საუბრობენ ღრუბლებთან ხშირად?
„დავჯექი მარტო, ვითა ყორანი,
ყორანი მარტო უდაბნოს შინა...“
ნახე სამყოფი ესე საამო...
ცათაც დიდია მათი ცდუნება:
მოდიან მათთან ანგელოსები
და ჯრუჭის ტაძრად ისადგურებენ?
კვალად თანა სდევს შენს კამკამა წყალს
მოაქამომდე, შენ ლურჯთა ჩქერთა,
სხივშარავანდი მათი უსწორო,
ნათელი სული წინაპართ ჩვენთა...
„ყოველთა დიდი არს სიყვარული
და... არაფერი არ არის მეტი!“
ვარსკვლავი ბრწყინავს ასე საამოდ,
თუ... წმინდა მამებს უნთია ზეთი?

(***ვარსკვლავი ბრწყინავს)

ვარსკვლავი ბრწყინავს,
ო, ვარსკვლავი
კრთის სასიამო
და მთვარე არის კვლავ
სხივთა მთოვარ...

დაგვიანებით გადაიფრენს
ჩიტების გუნდი
და ლერწმიანებს მიაშურებს
ღამეულ კრთომით.

ვერ წაიღეს, ვერა!

მტერს უტევდა კავკასიის მაღალ მთებთან,


განა მტარვალს მიწის გოჯი მისცა?
დაიჭრა და მიწას სისხლი დაეწვეთა...
ბუბუნებდა კავკასიის მიწა...
სამშობლოის ცას სცოდნია გაშლა ლურჯად...
ცხრათვალა მზე თავს დაადგა მხედარს...
კვდება გმირი? სამშობლო ხომ გადაურჩა?
გავზარდეო, იტყვის ქართვლის დედა!
ცეცხლმა დაწვა ცა მწვერვალზე დანაფერდი,
მზე რომ გადიწვერა...
მერე რა, თუ... სუნთქვას შეწყვეტს ფართე მკერდი?
ვერ წაიღეს, ვერა!
ეს კი არა, მას აცვიფრებს მხოლოდ ერთი, -
უტირია ლამაზ ფერაფერას?
პაწაწინავ, მე გავწირე თავი შენთვის,
ჩვენი მიწა ვერ წაიღეს, ვერა!
ფერაფერას თავი მასთან დაუხრია,
მის დაცხრილულ, მის სისხლიან მკერდთან...
ფერაფერა ჩასჩურჩულებს დაჭრილ მხედარს:
დაგდომია მზე შარავანდედად!
მტერს უტევდა კავკასიის მაღალ მთებთან,
განა მტარვალს მიწის გოჯი მისცა?
უსათუოდ სამადლობელს ღაღადებდა
საქართველოს მადლიანი მიწა...

(***ვჭვრეტ სიყვარულით)

ვჭვრეტ სიყვარულით
შენს დაღარულ სახეს დიდებულს,
ერთ დროს ვნებიანს...
შენი ოთახი ჰგავს ბიბლიურ ნოეს კიდობანს
და მას ყორნები თავს ევლებიან...
მე ვგრძნობ,
ტალღები ამ კიდობანს როგორ არყევენ,
ჩემო ბებია!..
რად სევდიანნი შენს სარკმელთან დგანან არყები?
კაეშანი დაუფლებიათ?
ისას შემვედრე, გარდამსახე პირჯვარი შენი,
მო, დამიამე, მითხარ, მიამბე კაეშნით მოცულს
და ობლად შთენილს
დამიყვავე და მომეფერე, ჩემო ბებია:
მე შხამი მასვეს...
ხედავ,
გუნდ-გუნდად
ყვავ-ყორნები თავს მევლებიან?
მგლოვობენ ასე!
ვჭვრეტ სიყვარულით
შენს დაღარულ სახეს დიდებულს,
ოდეს ვნებიანს...
შენი ოთახი ძველს, ბიბლიურ ნოეს კიდობანს
შენ არ გაგონებს?
მე რა მაღონებს?
გეტყვი, ბებია!

ზანგა, შენ

სევანთან შემომხვდი
ძველ მეგობარივით...
ზანგა, შენ ზარივით
წკრიალებ, ზარივით...
ლამაზი ყოფილხარ
ტყის დედოფალივით...
ზანგა, შენ ზარივით
წკრიალებ, ზარივით...შენ გახსოვს, სომხეთში
მოვიდა აბასი,
გადმოვლო მთები და
გადმოვლო არაქსი?
მოვიდა, იმეფა,
წავიდა, ქარივით?
ზანგა, შენ ზარივით
წკრიალებ, ზარივით....

(***ზღვას ალერსიანს, მობუბუნეს)

ზღვას ალერსიანს, მობუბუნეს


სიმშვიდეს ვთხოვდი.
ის იდგა ჩემს წინ - მონუსხული
ვეფხვივით თრთოდა.
ზღვას ალერსიანს, მობუბუნეს
სიხარულს ვთხოვდი...
ხელს მილოკავდა და თვალებით
იმასვე მთხოვდა!

(***თავზე მევლება)

თავზე მევლება
სულანთებული
ჩემი პეპელა,
ეძებს ჩემს ყვავილს,
სიხარული აქვს
საუწყებელი...
მივდრკები მისგან
მე...
მზეთა ნაცვლად...
ბნელთა მძებნელი.
მაგრამ, მაუწყეთ,
შესაძლო არის
შეუძლებელი?

(***თეთრი თოვლის ქვეშ ლამაზ ენძელას)

თეთრი თოვლის ქვეშ ლამაზ ენძელას


სძინავს უთვალავს...
როცა ისინი მოიშორებენ
თოვლის სუდარას,
მეც მაშინ მოვალ შენთან, მთებში,
ჩემო ლურჯთვალავ...

(***თითქოს კუნძული სადმე)

თითქოს კუნძული სადმე, -


ქართა სტვენას და ძახილს
ეხმაურება ცის ქვეშ
ეს... ერთადერთი სახლი.
სოფელი რიგით ყოვლით:
კაკლის ხეების კარვით...
უვით ცხვარი და ძროხა,
ძაღლი ყეფს, ადის კვამლი...
იქვე ძველისძველ ციხეს
სული წინაპრის ზვაობს, -
მტერს ჩაუკეტოს ქართლი...
რაზე ირჯები, ძმაო?
შენც გაიგონე, ბიჭო,
ჩასანგრებულო სანგრებს:
რასაც შესწირე თავი,
ჩვენვე ვნაცრავთ და ვანგრევთ!
თითქოს კუნძული სადმე,
ქართა სტვენას და ძახილს
ეხმაურება ცის ქვეშ
ეს პაწაწინა სახლი...

(***თოვლი აჭარა-გურიის მთების)

თოვლი აჭარა-გურიის მთების,


ჩემეულ მთათა...
მცირე წისქვილი გუბაზოულზე,
ჩემს ეზოს კართან...
წყავის ფოთოლი, ნამს რომ ფრთხილად
ინახავს, თრთოლვით...
თოვლი აჭარა-გურიის მთების,
ნისლი და თოვლი.

(***თუ არის რაიმე, თუ არის...)

თუ არის რაიმე, თუ არის...


თუ არის რაიმე, - გფარავდეს..
გათავდა... გათავდა... გათავდა...
მარადის... მარადის... მარადის...
იწყება სანთლების ციმციმი...
და ბოლოს... ისინიც ქრებიან...
ხეები ეძებენ ერთმანეთს
და ღამეს მარტო არ ხვდებიან...
მზის დისკო ნაზია, მკრთალია,
უღონო, ვერცა რის მშველელი...
და მხოლოდ ერთია ნუგეში -
ლამაზი ბაკმი აქვს ვენერას...
იწყება სანთლების ბრიალი...
თუ არის რაიმე, გვფარავდეს!

თუთა

ლამის სახლში შემომეჭრას თუთა,


ლამის თავზე გადამისვას ხელი...
დამიძახებს, თავლს ჩამიკრავს მუდამ
ხე მაღალი, ხე ზურმუხტის ფერი...
რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა?
რა ჩურჩული?.. დამდაგველი, მწველი...
ლამის სახლში შემომეჭრას თუთა,
ლამის წელზე შემომხვიოს ხელი...

(***თქვენ ჩაგიხედავთ კლდეების გულში?)

თქვენ ჩაგიხედავთ კლდეების გულში?


აქ წმიდათწმიდა სანთელი კრთება...
შერწყმია ერთურთს ძალა, სიმშვიდე,
წარმავალობა და უკვდავება...
ჩაგუბებულა აქ დიდი სული,
თვისი სიმშვიდით რომ ჰგავს სერაფიმს.
და საკმაოა, ცას შეუერთდეს,
რომ ნაცარტუტად აქცევს ყველაფერს!
არ ჩაგიხედავთ კლდეების გულში,
რა საიდუმლოს მალავს ფრიალო?
აქ სუნთქავს მიწა ვეება მკერდით,
არვის უჩვენებს თავის იარებს...

თქვი, ჭიამარია!

ვარდთ შემოუნახავთ წვეთები წვიმის,


გზაც ნაწვიმარია...
მე ვთბები მზეზე, ვით უდაბნოს მწირი,
და ჭიამარიას
ვუმზერ ჩემს მუხლებზე
დაჩოქილს მუხლებით,
ყვავილის სადარს...
რატომ არ დასველდი, თუ წვიმდა წუხელი,
გეძინა სადა?
თქვი, ჭიამარია, სით მიგიხარია?
თქვი ჭიამარია!
ვარდთ შემოუნახავთ წვეთები წვიმის,
გზაც ნაწვიმარია...
დავდივარ ბაღში, ვით უდაბნოს მწირი,
და ჭიამარია,
ვინ იცის, სად არის?..

(***თქვი, არჯაკელო ხვიარა)

თქვი, არჯაკელო ხვიარა,


ქსანზე ვინ ჩამოიარა?
- რა ვი, ღრუბლებზე ვფიქრობდი
და არა გამიგია რა...
- მეც... სხვათა შორის ვიკითხე,
სალაპარაკოდ კი არა.

იის სურნელი საით მოგყვა?

თინა ჯიბლაძის ხსოვნას

დღეს მარტოდმარტომ მოვიხილე


თეთრი ქაშვეთი...
შენ შორეული, შორეული
ჩემს წინ გაჩერდი
და გამიღიმე: სიხარული
ისევ გფენია...
იის სურნელი საით მოგყვა,
თეთრო ფერიავ,
ო, თმებიც შენი ოქროსფერი -
იით ავსილა...
წამოდი,
დავსხდეთ, -
თბილი სიტყვა
ისევ მასმინე...
ვიწრო სარკმელში, სით იღვრება
ლურჯი სინათლე,
ისევ ღიმილით დამტოვე და
გაუჩინარდი.

ილიამ ბრძანა

თუ... კაცის სული...


ყრუ და ბნელია,
გული ბოროტი
გონებას თრგუნავს,
საშიში არი
მის ნასწავლობა:
სამშობლოვ ჩემო,
მიიღებ უნასს
და დამანგრეველ
ვულკანის ძალას...
საშიშიაო,
ილიამ ბრძანა!

(***ის ისე ჩუმად)

ის ისე ჩუმად
წავიდა ჩემგან,
ო, ისე უხმოდ,
როგორც მიდიან
ყვავილებიდან
მთვარის სხივები..

ისევ ბერდედას

ჩემო ბერდედავ, ზიხარ ყორესთან


და არწივის თვალს მიდამოს ავლებ.
ახლა, საცაა, არხოტიონნი
აიყრებიან, ჯვარობას წავლენ...
ამღა და ჭიმღა და ახიელი...
შეიყრებიან ხატში სოფლები...
აღარ ქსოვ წინდას, - შენ თითქოს გესმის,
გრძნობ, სოფელს როგორ ამწყალობებენ...
შენ... ფეხმორთხმული ზიხარ შუაფხოს,
ლამის ასი წლის ზღვართა მისული...
სახლში დაგინთავ, ბეჩავ, სანთლბი
და ათენგენას ძალას ფიცულობ...
ისევ იყნოსე მწარე ბურნუთი,
ისევ მოსძებნე წინდის ჩხირები...
მაგრამ... შენ ისევ ველურ ყიჟინით
ჩაგიქროლებენ არხოტვნები...
იქნებ... არწივის თვალი გატყუებს?
თვით შესევიან ქისტების სოფლებს,
თუ... მათ ცხენდაცხენ მოჰყვება ღილღო?
მათ გაჰყვე... მუხლი შენ აღარ გერჩის,
არწივის მზერას მიდამოს ავლებ...
ალბათ, საცაა, არხოტიონნი
აიყრებიან, ხატობას წავლენ...

ისევ გახსენი გული ჩემი

ისევ განკვეთე შენ ურჩხული


გაუმაძღარი
და დამიფარე, ვით წალკოტში
ყვავილს იფარავ...
გააღე ჩემთვის, ო, კარები
შენი ტაძრისა,
კვლავ სასოებით შემოვიდე,
ხელუწიფარო!
მფარველო ჩემო, ბოროტების
ყოველი ვცანი:
არ დაცხრეს მათგან,
არ დადუმდეს
ჩემი კამარა!
ისევ გახსენი გული ჩემი
მზე-მთვარისათვის
და დამიფარე, ვით წალკოტში
ყვავილს იფარავ!

ისევ შტორმები!

ძლივს!
ნავსადგურის
შუქი იალებს!
მაგრამ... ზღვას ისევ
გრიგალი აშლის...
მყუდრო ყურე და
შტილი კი არა,
ისევ შტორმები
და...
ისევ...
ზღვაში!
იყალთოში

აქ სიჩუმეა, მზე და სიჩუმე


გულთამკოდავი,
მაღლა, ხის წვერზე სადღაც ხმაურობს
ჭრელი კოდალა...
მზე კაშკაშებს და... გადიშრიალეს
შავთა ღამეთა...
ალაზნის ველზე ნათლის სვეტივით
დგას ალავერდი...
და, როგორც ტყეთა მოუსვენარი
სული, მშფოთავი,
სადღაც ხმაურობს,
სადღაც ქოთქოთებს
ჭრელი კოდალა.

კვლავ ნათლის სვეტად!

წმინდაა თქვენი გამოცხადება, -


შუაღამისას მწვერვალზე მდგარნი
თვალს მოავლებდით
ღვთისმშობლის მხარეს,
მის დასახსნელად გქონდათ მზადება!
გაურკვევლობით დაღლილ ქვეყანას
კვლავ მძიმე ხვედრი წილად რგებოდა...
ანუგეშებდით, რომ წყვდიადიდან
კვლავ ნათლის სვეტად წამოდგებოდა!

***
ვხედავ სერაფიმს თვალმოციმციმეს, -
იგი საუფლო წიაღით მოფრენს:
გულს ისევ ისე მომხსნის სიმძიმეს
და კვლავ ღვთაებრივ სიმშვიდეს მომფენს!

***
ყოფილა ის დროც
(კვლავ ცასა ვვედრებ!), -
საერთო ენა ჰქონია ქართლსა,
ერთს ვფიცულობდით
ქართველნი ხატსა,
მანც მოგვიყვანა
დღევანდელ დღემდე!!

ხმანი ვერ სცანით!


(დავითის ისტორიკოსი სმიხედვით)
წაღმა-უკუღმა
ფრენენ ისარნი,
შეაზანზარეს
ბურჯნი ცისანი...
მაბრალობლებო
დავითისანო,
ხმანი ვერ სცანით
განგებისანი!

***
დასაბამიდან მოდიხართ, ოდით, -
თქვენ იმთავითვე სინათლეს მოსდევთ...
იყავით,
ხართ
და
იქნებით მერეც,
როგორც სიკვდილი და ბედისწერა!
ჰე, ლეგეონთა ვაუწყებ თქვენთა,
ვერ განმიწონონ გულში ლახვარი,
ვერა, ვერ შეძლოთ დაცხრობა მზეთა,
გადააფაროთ ბნელი სამყაროს!

***
ცილისწამების შხამით ამვსები
შენს წმინდა სახელს რად ეტმასნება,
რომ... ხეს კეთილსა ძირი უთხაროს,
კაცთ მოუშალოს ნავსაყუდარი?
რომ... მიმქროლავნი სპეტაკ ღრუბლებად
შეგრყვნან, შეგბილწონ, თავისუფლებავ,
რომ ანგელოსის ხატი გვავიწყონ
და კვლავ სატანა გამოაღვიძონ?

ლაჰილზე

ლაჰილზე ისევ დიდებული და


სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრულია და
იდუმალია -
ძველი მურყვამი, უშბა, თეთნულდი
და ლამარია...
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა...
ლაშთხვერში კახთა აწვე უენო,
მუნჯი ზარია...
ქარები მისთა ჩუმთა ნაღველთა
განეკრძალვიან..
იმათ გვირგვინებს ძველთა რაინდთა
შუქი ავლია...
ტაძრის კედელზე ბადრი, ამირან,
სეფედავლეა...
ლაღამის შვლისაც აწ სილამაზე
თვალს მიფარვია...
ლაჰილზე, ალბათ, დიდებული და
სავსე მთვარეა,
და ყველაფერი ზღაპრულია და
იდუმალია -
ძველი კოშკები, უშბა, თეთნულდი
და ლამარია...

ლოცულობს გველი

გასრიალდება ხევში ზმორებით


ტანმოხატული უცხო ზოლებით
მუხლებს მოიყრის და შიშის მგვრელი
ლოცულობს გველი...
ალბათ, ცოდვილ სულს ავედრებსა ღმერთსა,
რომ იდუმალებს,
სევდიან თვალებს
მიაპყრობს ზეცას,
ჩუმად ჩურჩულებს გესლიან ენით...
გრილი ნიავი ფოთლებთან მრკენი
შეარხევს ბალბას, შრიალებს ლელი
და შიშის მგვრელი
ლოცულობს გველი...
ვინ იტყვის ახლა, ერჩოდეს კაცთა,
ნაიდუმალებს
როს მზეს აჩვენებს დაწინწკნულ ტანს და
სევდიან თვალებს?
ტყის ბანოვანი ზანტი ზმორებით,
ტანმოხატული უცხო ზოლებით
მორჩება ლოცვას და შიშის მგვრელი
ხელში დაირით
ველებს დაივლის
და უზუნდარას იცეკვებს გველი...

მარიამ დედოფლის ფრესკასთან

სიბრძნით ნაშუქი შენი თვალები


კვლავ სასოებას შენეულს გვფენენ.
გარდასულ ჟამთა სიღრმეებიდან
ზარივით რეკავს
გულისთქმა
შენი:
უნდა შეკეთდეს სვეტიცხოველი,
აღდგეს ქართული წესი და რიგი,
უნდა ისმოდეს ქართული სიტყვა,
გადაიწეროს ქართული წიგნი!
მშვიდობა ბრძანეს - გამეჩხრდა ქართლი:
ძვირად გვიჯდება სისხლის ტბორები...
ვინ, თუ არა შენ,
უწყის,
რომ იგი
ქვეყნის დაღლილ სულს ეამბორება?
სიბრძნით ნაშუქი შენი თვალები
კვლავ სასოებას შენეულს გვფენენ.

(***მახსოვს მოხუცი გეჯურა)

მახსოვს მოხუცი გეჯურა, -


ფიქრებში დაინთქმებოდა...
თავის ეზოში მზის გულზე
ციცასთან ერთად თბებოდა...
მიამბო ბოსტანთიაზე,
ეზო ვით მორთო, სანახი...
ახლა... გეჯურას ნასახლარს
დგას ბოსტანთია ბალახი...
სადღაც არწივთა ხმა ისმის,
სადღაცა - ტურის ჩხავილი...
არაგვი ისევ ხმაურობს,
თხილიანასთან ჩაივლის.

(***მე აღარ ველი მას)

მე აღარ ველი მას,


როგორც მიწა
მზის მოახლებას
ელის ნიადაგ...
ო, აღარ ველი მას,
როგორც ვარსკვლავს -
ხავერდოვანი
ღამის წყვდიადი...

(***მე ლამაზი მეგობარი მყავდა)

მე ლამაზი მეგობარი მყავდა,


თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით...
ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები,
დამტოვა და ღრუბლებს გაჰყვა ცადა...
ღრუბლებს გაჰყვა... სად ვეძებო, სადა?
მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით.

მე მივაშურებ ურარტუს ქვაბებს

ფეხზე მაცვია ირმის ტყავით


შეკრული ხამლი,
ვაღმერთებ მზესა,
ვანთებ ცეცხლსა
და მზისკენ მიდის რძისფერი კვამლი...
დღისით ვნადირობ, წვრილ ნადირთა
ბუნაგებს ვარბევ
კეტით და მშვილდით.
და თუ გამოჩნდა ნადირი დიდი,
მყის მივაშურებ ურარტუს ქვაბებს.
ჩამეძინება ათასნაირ
მხეცთან ნატოქარს,
მე არ მაწუხებს ხვალისათვის
ფიქრი და ჯავრი...
ვარსკვლავთა ვუჭვრეტ შიშით და მალვით,
უდაბურს ტყეში დაძრწის მარტორქა...
ქარუ გუგუნებს ქვაბის კართან
თავგანწირული,
ხმა აქვს საზარი...
რათა უმწეოს დამცეს თავზარი,
ქვაბის სიღრმეში წვეთავს ყინული...
ფეხზე მაცვია ირმის ტყავით
შეკრული ხამლი,
ვაღმერთებ მზესა,
ვანთებ ცეცხლსა
და ვწირავ მსხვერპლსა...
გრძნეულ ურარტუს ეფინება
რძისფერი კვამლი...

(***მე შენ დაგხურავ ლამაზ გვირგვინს)

მე შენ დაგხურავ ლამაზ გვირგვინს


და მით მიწიერს
ჩემს საიდუმლოს გაზიარებ,
ო, ფიქრთა ჩემთა...
მე ავმაღლდები შენს ლურჯ ცაზე,
შენთვის ვიბრწყინებ,
აღვინთები და დავშრტები შენდა!

(***მიახლოვდება ცის ლურჯი სული)

მიახლოვდება ცის ლურჯი სული


ლურჯი ნათელი მიახლოვდება
და, აჰა, იხსნება სივრცე,
სად ვარდისფერად გამითოვდება...
და იკარგება ჩვენს ფეხქვეშ მიწა,
თვალები ჩემი სხვა სხივთ იკრებენ
და ჩვენ მივდივართ მაღლა, სულ მაღლა,
აშოლტილ ხეებს ცისკენ მივყვებით.
მიახლოვდება ცის ლურჯი სული.

(***მინდორზე)

მინდორზე
ჭრელი ყვავილი
მიმობნეულა უხვადა...
თურმეო, -
ერთზე მანიშნეს -
თამარ დედოფალს უყვარდა!

(***მიქრიან წელნი, მიმაფრენენ)

მიქრიან წელნი, მიმაფრენენ


ცივი გონებით...
დამხსენ სრბას: იგი დამეწევა
იის კონებით, -
ვარსკვლავი ჩემი ვარსკვლავთ შორის
მარადის მრწემი, -
და სიხარულით ამაღლდება
საუფლო ჩემი!

მკვდართა მზე ვარ

ორი ქვეყნის, ორი ქვეყნის საზღვრად ვდგევარ,


გულო, რისად მეხურები?
სხივმიმკრთალი, სხივმიმკვდარი მკვდართა მზე ვარ,
ჩემს სხივებში თამაშობენ ბეღურები...
კორჩიოტას, კორჩიოტას თესლი გალხვა,
ორთქლად მიდის ნესტიანი სუნთქვა მიწის;
ნაკადულის სიმღერებში სძინავს ღალღას...
ლხენით ვისმენ ბეღურების წივ-წივ, წივ-წივს...
ამოდიან, ბალახების სუნთქვა მესმის,
მაგრამ... მაინც გული რისად მეხურება?
ვარდის ტოტზე შერჩენილი ხმელი თესლი
აკენკეს და გაიტაცეს ბეღურებმა...
ორი ქვეყნის, ორი ქვეყნის საზღვრად ვდგევარ,
გულო, რისად მეხურები?
სხივმიმკრთალი, სხივმიმკვდარი მკვდართა მზე ვარ,
ჩემს სხივებში თამაშობენ ბეღურები...

მოდიოდა ნინო მთებით

„ხოლო მე დავშთი ეკალთა შინა ვარდისათა,


რამეთუ ვარდი და ნუში ყვაოდა მას ჟამსა“.
ნინო

ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა...
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, -
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე...
მიეძინა... ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო,
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
„ნუ გეშინინ!“ - ეუბნება იესო...
გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...

(***მომაგონდება ყვირილას პირას)

მომაგონდება ყვირილას პირას


მაღალი ბზისა ნათელი ტოტი...
პაწაწკინტელა კარის საყდარზე
უუძველესი ვარსკვლავი კრთოდა...
საყდარში... იდგა ცივი სიბნელე
და უამურთა ლანდთა გნიასი...
აჰა, დიდება გაუქმებული
და ჩუმი კვნესა მეღამიასი.

მოხუცი ხევსური ქალის ხუმრობანარევი საყვედური

ჩვენც გვყავდნენ კარგი გმირები,


შვენოდათ ჩაჩქან-თორები,
გულოვნობით და სიფიცხით
გაფრინდაულის ტოლები
(რადა ღირს ხოშარეული!
ლამის ცრემლთ დამწვან ღაწვები...)
მათ ნაკლებ მოიხსენებენ
თქვენი ნასწავლი კაცები!
უთხარი, ვუთვლი მტერობას
(თუმცა მათ კალამს ვესალ, ები!):
არ გაიარონ ჩემ გზაზე, -
ჩუმად ფრანგულსა ვლესავო.

მრავალჟამიერ!

შენს ლურჯ მწვერვალებს, თოვლი რომ ფარავს,


თერგს და დარიალს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
შენს შმაგ ჩანჩქერებს, მთებიდან ბარად
რომ იჩქარიან,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
შენს მამაც გმირებს, - გზა საომარი
მხნედ რომ გალიეს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
თავისუფლების, შრომის და ბრძოლის
ძლიერ არმიებს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
რიონს და ჭოროხს, მტკვარსა და არაგვს -
მზიან-მთვარიანს,
ახალ მშენებლებს - დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
მოეფონება შრიალი ხეთა
მიწას გვალვიანს...
მშვიდობა, მარად მშვიდობა შენდა,
მრავალჟამიერ!
ზურგში თუ ფრონტზე გზა საომარი
ძლევით გალიე!
ჩემო სამშობლოვ, დიდება შენდა,
მრავალჟამიერ!

(***მწვერვალო, შალშავს შემოვყევ)

მწვერვალო, შალშავს შემოვყევ,


ნისლს და ქარს მომაძალებო...
შავ ბურუსს ირგვლივ შემომხვევ,
უგზოდ, უკვალოდ მარებო...
მინდოდი?
არად მინდოდი,
ზესკნელ-ქვესკნელის კარებო!
„ჩემ ღმერთის არ მეშინოდეს“,
ფეხსაც არ დაგაკარებო!

ნათელა ბალიაურის მონაწერი

ბევრს ახსოვთ სისხლი ამ ხეობებს და


გზათა ვიწროთა...
ვაჟკაცის ფასი... ჩვენც ვიცოდით და
ქისტმაც იცოდა.
(კარგად არჩევდნენ მეტოქეები
გმირსა და ლაჩარს!):
მტრის გვამთა შორის... იცვნეს დიაცი,
როს დასწვდნენ ჩაჩქანს...
ხელი არ ახლეს იმის იარაღს
ამ წმინდა ძალით, -
გვერდით დაუდვეს ჩაჩქანთან ერთად
თავისი ხმალი...
იცოდა ქისტმაც ვაჟკაცის ფასი,
მასზე წუხილი, -
მკვდრებს არ შესწირეს ხევსური ქალი,
ხელ არ უხლიათ...
ეს, ამღას იყო...
ბევრ ახსოვთ სისხლი
გზათა ვიწროთა...
ვაჟკაცის ფასი...
ჩვენც ვიცოდით და
ქისტმაც იცოდა!

(***ნისლებს იხვევს ნარიყალა)

ნისლებს იხვევს ნარიყალა,


მზის გაენათს უხარია...
გულიც... ასე ნისლებს იხვევს,
სულიც... ასე მწუხარეა...
და მტკვარი რომ როკავს, ილხენს,
ნეტავი, რა უხარია,
როცა სული ნისლებს იხვევს,
როცა გული მწუხარეა?

(***ო, მადლსა შენსა)

ო, მადლსა შენსა,
ცაო ქართვლისა,
კვლავინდებურად
ჩვენთვის ეხმიოს,
შიგნი თუ გარე,
გაღმა-გამოღმა
თავს ყმაწვილების
კარი გვეხვიოს...
სიზმრად კი არა,
ჩემო მეუფევ,
სიზმრად კი არა,
ცხადად გვეხილოს:
დედას ქართვლისას
ჩვენი მიწისთვის
ხე დახუნძლული
ისევ ერხიოს!
ო, მე კი არა, გული ხარხარებს

როცა ნამიან ველზე გავივლი


ნამი ბალღივით მართობს, მახარებს...
ქარო მოიტა ატმის ყვავილი,
ქარო, ფოთლებიც შემომაყარე...
როგორც გიჟი, ო როგორც გიჟი,
თმააწეწილი მოლი ხარხარებს...
ხეთ სამკაული მოიხსნეს შიშით
და ხელუკუღმა შეშომაყარეს...
და მეც გავგიჟდი... ო მე კი არა,
გული ხარხარებს, გული ხარხარებს...
და შენ, ქუჩაში რომ გაიარო,
ფოთლები წაღმა შემომაყარე.....

პაწაწინა რტო ვარ

მეფერება მზე ალერსის მთოვარს,


ვარდისფერად ცამან ჩამომთოვა...
მე მიგალობს, როდი მიმატოვა,
თოხიტარა, პაწაწინა რტო ვარ...
ქარი მარხევს და ყვავილებს მაცლის,
ყვავილს მომწყვეტს, გაიტაცებს მინდვრად...
დამიყვავე, ქარო, ნუ ხარ მკაცრი:
პატარა ვარ, მოფერება მინდა!
მითხარიო: როგორ, როგორ ვანდო
საიდუმლო აშარსა და მსტოვარს?
მებაღეო, ნუ დამტოვებ მარტო,
მეშინია, პაწაწინა რტო ვარ!

ჟუჟუნა წვიმა მოვიდა

ჯეჯილში ჩაიშრიალა
თვალგახელილმა ყანამა,
მთით მობერილმა ნიავმა,
ნარგიზის იავნანამა...
ერთი პაწია ჩიორა
მუხიდან მომესალამა...
ია განგებამ დახატა,
თუ ფიროსმანის ყალამმა?
ყაყაჩოს „ღვინო სალხინო“
როგორ არ შესვას ანამა?!
„ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,
დიდი მინდორი დანამა“.

რა ვარ? სტვირი ვარ!

ეს სიხარულის ცრემლებია, როდი ვტირივარ?


ქარი ჩამბერავს, ავმღერდები: მე ხომ სტვირი ვარ
ქარში გაზრდილი, უგუნურთა
მოჭრილი მერე?
ხმით საამურით მპყრობი გულთა
ვუმღერი ველებს...
ატირებული მფლობელი ვარ
შენი გულისაც...
იალაღებით მობერილ ვარ
სიყვარულისად...
მხოლოდ შენს გულშიც მიპოვნია
ვანი სულისად...
მაგრამ... დახედეთ განჩინებას ამა სოფლისას:
მეტყვი, სცდებიო, პატარა ქალო...
შთამბერე, ქარო,
ნახონ ძალა ჩემი გრძნობისა!

რა მოგწონს უფრო?

„პატარა ვიოლას“

ფუნთუშა ლოყებს დაუგზნიათ ჭიაკოკონა,


ვარდო გაშლილო დედის ლხენაში!
„დედა ენაში“
რამ მოგხიბლა, ჩემო გოგონავ,
კურდღლის ბაჭიამ,
თუ ჩიტების სტვენამ ვენახში?
გრძნობა ფაქიზი
დარდს ეძლევი, პაწიავ, დიდსა:
ბარტყებს რად სთხოვსო მელია ჩიტსა?
დიდრონ ასოებს აყოლებ თითსა,
ღუღუნებ ასე: ა-ი ი-ა, ა-ი ნ-ა-რ-გ-ი-ზ-ი...
მზე ჩადის ოდეს
ზღვის მხარეში ცეცხლის დასავალს
და ღრუბელი დაბურავს მთათა,
დედას შესჩივლებ:
- რად გააგდეს მჩხავანა კატა? -
მასვე უამბობ სამი კნუტის თავგადასავალს...
ფერად სურათებს უალერსებ, წიგნი მოღალე,
წიგნი მოღალე, ოქროს ენა არ მოგეღალა...
ისწავლე, ჩემო, შენი ქვეყნის მტერი, მოყვარე,
გიყვარდეს მარად შენი ენა, შენი ქვეყანა...
ფაფუკ ლოყებზე დაგეგზნება ჭიაკოკონა...
გესმის, ვიოლა,
წიგნით მერცხლის ჭიკჭიკი გესმის...
რა მოგწონს უფრო, ჩემო გოგონავ,
ჩიტი-ჩიორა,
შროშანი, თუ ყაყაჩოს ლექსი?

(***რეკენ ზარები, რეკენ)

რეკენ ზარები, რეკენ...


სიზმარია თუ ცხადი?
დაესვენება ჩემს წინ
დიდი თამარის ხატი...
რიდით შეარხევს ქარი
დროშას მაღალის კალთას...
- ბეთანიისკენ! - იგი
კვლავ მიუთითებს სპათა...

როგორ მინდა შენთან, ჩემო მაგნოლია

ვით ფოთოლი შენი, მზეზე მოციმციმე,


ქარებს აჰყოლია
და წასულა შენგან, გაფრენილა შენგან,
მიწას დაჰკონვია,
ისე გული ჩემი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა…
არ ვახსოვარ ალბათ, არ ვახსოვარ ალბათ,
ჩემო მაგნოლია!
ჩვენ ცხრათვალა მზეთა და მძვინვარე ზღვათა
ტრფობა გაგვყოლია…
მიგვატოვონ მარად მათ, სამხრეთის ქართა,
რაღაც არ მგონია…
მაგრამ… გული მისი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა…
მე არ ვიცი რატომ… არც შენ იცი, რათა,
ჩემო მაგნოლია?
ო, ასეთი წუთი, დაუბრუნებელი,
შენც ხომ არ გქონია?
დაბრუნდება ისევ, დაბრუნდება ისევ,
შენც ხომ არ გგონია?
მშვენიერი ზღვების, მშვენიერი მთების
ტრფობა გაგვყოლია…
როგორ მინდა შენთან, როგორ მინდა შენთან,
ჩემო მაგნოლია!

(***როგორ ხარ? - ჩუმად იკითხე)

როგორ ხარ? - ჩუმად იკითხე


(ძველი ნაღველი გშთენია…)
დაბნელდა ირგვლივ მზის სხივი
მხოლოდ ბორბალოს ჰფენია…
- რა მიშავს? - თვალი მარიდე
დაფარულ ცეცხლთა მკრთომელი..
ჩანს, არ ყოველი წაშლილა,
არც… არაგვს მიაქვს ყოველი!

(***როდესაც მზეი თბილი სხივით)

როდესაც მზეი თბილი სხივით


მინდვრებს შემოსავს
და ცვარნაპკური შეირხევა
მთაზე მოცხარი,
ნინოს ნათელი დაადგება საქართველოსა,
ქვაბში ჩურჩულით გადაიწერს
პირჯვარს მოძღვარი...
(***რომ ავყოლოდი გულისთქმას)

რომ ავყოლოდი გულისთქმას,


ჭკუას არ დავიხმარებდი,
შენთან დავლევდი ჩემს დღეებს,
შენს გულში გავიხარებდი...
ზურგს საფქვავს წამოვიგდებდი,
გზას წისქვილისკენ გავლევდი...
ბატარაც რამე გწყენოდა,
სულს ხოხობივით დავლევდი...

რომელ კანონში წერია?!

გარდაისახე პირჯვარი,
შავი შეკაზმე ცხენია,
ქამანდი სტყორცნე ლემადეს,
წამით დაკეცა ფრთენია, -
შენად იგულვე!..
იმას კი...
კვლავ ცხრა მთა გადუფრენია:
მინდორში ქარის დაჭერა...
რომელ კანონში წერია?!

(***როცა სხივი განსასვენად)

როცა სხივი განსასვენად


ყვავილების თეთრ გვირგვინებს
ეახლება და ყვავილი
საალერსოდ რტოებს გაშლის,
ყრმაი ერთი მიადგება უცხო სენაკს,
„ - რაი გინებს?“
„ - ხუცეს, გიწესს პიტიახში...“

(***საგოდებელზე)

საგოდებელზე
შუქი მთვარისა
დაფენილია
სამარადისოდ!

(***სამხრეთით - არაგვის სათავე)

სამხრეთით - არაგვის სათავე,


ჩრდილოით - სხვა წყალნი დიანო.
გადივლის ცისფერი ღრუბელი
ბუბაისშვილივით ხმიანი.
წყალგამყოფ ქედს კავკასიისა
ფარა ჩამოუდის ისევე...
პირჩამოღარული ხევები
კვლავ განახლებისას ისმენენ.
ო, თვალშეუდგამო ქედებო,
კვლავაც ძლიერებით გნახავდეთ!
ბანს მაძლევს ბებერი გუდანი,
გუგუნებს ბებერი ხახმატი...
მიჰყვება მწყემსების ბუბუნი
ორბთა და არწივთა ყივილსა...
ადგება მარადი ნათელი
წყალგამყოფ ქედს კავკასიისა.

სასაფლაოზე ქარი დაძრწის

სასაფლაოზე ქარი დაძრწის სავსე კაეშნით...


დუმს სასაფლაო ქვის ძეგლებით,
ვით ძველი ქალდუ...
სასაფლაოზე ქარი დაძრწის და აკლდამებში
დაეძებს სადგურს...
ყვავნი სამრეკლოს გარს უვლიან
და თვალთა კრთომით
დაეძებენ მყუდრო სავანეს
და ტირის თოვლი
ობოლთ სამარეს...
დუმს სასაფლაო სევდიანი, ვით ძველი ქალდუ,
გულში ინახავს კაეშანს ფარულს...
კითხულობს მთვარე
ქვის ძეგლებით უძველეს ქართულს-
ნუსხურს და მთავრულს
სასაფლაოზე ქარი დაძრწის და აკლდამებში
დაეძებს სადგურს...

საქართველოო ლამაზო

„სხვა საქართველო სად არი?“


გრ. ორბელიანი

ქარი გიმღერის ნანასა,


ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველი სად არი?“
ცა ვარსკვლავებით ინთება,
ცა - არცა რისი სადარი...
მთვარე რომ ამობრწყინდება,
გული გაფრენად მზად არი...
დიდება, შენი დიდება,
„სხვა საქართველო სად არი?“
მინდვრები, ქართლის მინდვრები,
ქედები მხარგაშლილები...
მთაში - ტყე დანაბინდები,
ტყეში - ქორბუდა ირმები...
ბარად შრიალებს ჭადარი,
მზეს უმღერიან ჩიტები...
მხარევ მოსილო დიდებით,
„სხვა საქართველო სად არი?“
ლურჯი ბალახი მხარამდი,
მწყერი გოგმანობს ბალახში...
თეთნულდზე - მზე და ბადაღში...
სხვა საქართველო ვინ ნახა?
„სხვა საქართველო სად არი?“
როს ვარსკვლავები ხმაურით
აინთებიან ცათანი,
კლდეს მოაწყდება ზღვაური
მეშვიდე ცაზე ატანილს...
კლდეებში ჯიხვი დაფრთხება,
გორში იტირებს ატამი,
ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი,
„სხვა საქართველო სად არი?“
აქ დაიბადა „სულიკო“,
მზისკენ გაფრინდა „მერანი“...
და თუნდაც გადმოსულიყო
მტერი შმაგი და ვერანი,
მარჯვენს მოსჭრიდა ალუდა,
სით გაუშვებდა ლელაჲ?
აქ დაიბადა „სულიკო“,
მზისკენ გაფრინდა „მერანი“...
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
დაბლა შრიალებს მოლისებრ
ყანაი გაუყელავი...
ფიქრს დაუღლია ონისე,
ბახტრიონს მიდის ლელაი...
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველო სად არი?“

სვით სიხარული ამ თასებიდან

სად მიდის ეს გზა კრწანისის შემდეგ,


სად მიდის მტკვარი?
სად მიდის მთვარე მხარსისხლიანი
სამასი ფარით?
სამასი თასით რა მოაქვთ ჩვენთან
კრწანისის მხედრებს?
სიცოცხლე მოაქვთ: უკვდავებაა
იმათი ხვედრი!
იმათ თვალებში, დახეთ, ინთება
ცეცხლი ფარული:
- სვით სიხარული ამ თასებიდან,
სვით სიხარული!

ტურისტულ ავტობუსთან კაიროში


არაბმა ქალმა ასწია ბიჭი,
ღია სარკმელში გვიჩვენებს, იცდის....
ნუთუ, მადონავ, წყალობას ითხოვ,
როს...თვით მსოფლიო შენ ხელებს გიწვდის?

უსმენს

ირხევა, ბიბინებს კორდი პაწია ,


თეთრი ყვავილების კაბა აცვია...
სალამურს ატირებს “მწყემსი ქაცვია“
და ძოვს ცხოვარი...
ეს სიმღერაა მზის სასალამო
მარტისპირული...
გვერდგანგმირული
დუმს მაცხოვარი,
უსმენს სალამურს.

(***უფრთხი ჩემს სახელს)

უფრთხი ჩემს სახელს


და მაინც მთვარის ბილიკს მოჰყვები:
ჩვენ ვარსკვლავები
მოგვიწოდებენ
ჩვენი ქოხებით
და ყვავილებით,
მთვარით სავსეა
ყოველი წამი.
წამიერ მხოლოდ ეს
ჩვენი შეყრა:
მე ისევ წავალ, -
როგორც ეს ორი
ჯადოქარი-
მთვარე და ღამე...

(***უცხო ტაბლაზე, აჰა, პურნი)

უცხო ტაბლაზე, აჰა, პურნი


შესაწირავნი
და, აჰა, ზეთი...
დგანან ირგვლივ ჩუმი ლანდები...
და... უცებ...
ვარდის კრეტსაბმელის ჩუმი შრიალი
და... ჩემს წინაშე...
სიხარულის
გამოცხადება!
გალობენ სადღაც
და ვიღაცის
ციმციმებს ცრემლი...
სული ნათელი სასოებით
ივსება ჩემი...
თეთრია მისი მოსასხამი
თეთრად მბრწყინავი...
უცხო ტაბლაზე, აჰა, პურნი
შესაწირავნი.

უცხო ჩვენება თოვლიან მთების

თოვლიან მთების შორეულ კალთებს


ყოველდღიურად
მზის ჩასვლის შემდეგ ნათელი ადგას
მარადიული...
გოლიათები ჭექენ და ქუხან
წარსულის ფერფლით...
საქართველოზე მოდის მაჰმად-ხან,
ქუდზე კაცს კრეფენ...
ლაშქარს მიუძღვის ხმალჩაუგები
ერეკლე მეფე...
და იმ მთებიდან
მძიმედ ეშვება თორღვა მთიული...
თოვლიან მთებზე ნათელი დგება
მარადიული...

ფეხი დამადგით, გულზე დამადგით

ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით...
საქართველოის ყოვლოს მპყრობელმან
ვისურვე დავით...
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით...
- ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო მიუტევები
ღირს მსახურებდი ქართულ მიწა-წყალს,
რაი გადარდებს?
გასწიე იგი „ნიკოფსიითგან
დარუბანდამდე“...
თუ, ეს მაღალთა თავმდაბლობაა
ოდით და ოდით?
თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო,
რაღა ქნან ცოდვილთ
სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის
ვერსით მპოველთა?
- ფეხი დამადგით, გულზე დამადგით
ფეხი ყოველთა...

ფიტარეთში

ამ ძველ ტაძარში ბეღურები


ისადგურებენ
და თითქმის მუდამ ესწრებიან
წმინდა სერობას...
და როს მხრჩოლავი საცეცხლური
მოაქვს ქერუბიმს,
თვალებს ხუჭავენ შიშისაგან
მათდა უნებურ.
როს ვერცხლის სავსე პარკით ხელში
ჯდება იუდა
წმინდა სუფრაზე - მონა ყოველთა
ამქვეყნიურთა,
ისინი წყვეტენ ძველ კედლებში
ხმაურს და ჟივჟივს
და... რაღაც დიდის მოლოდინში
კვდებიან შიშით.
ამ ძველ კედლებში ბეღურები
ისადგურებენ
და თითქმის მუდამ ესწრებიან
წმინდა სერობას.
(***ფოთლები... ფოთლები...)

ატირდნენ მთები და
ლამის მეც ავტირდე,
ნაძვები დაღონდნენ
და მეც, მეც ვღონდები...
მოწყდნენ და გაფრინდნენ,
გაფრინდნენ,
გაფრინდნენ
ფოთლები... ფოთლები...
ხეთ ხელი აღაპყრეს
და ღმერთი ადიდეს,
მაგრამ უჩვეულო
კვნესით და გოდებით
მოწყდნენ და გაფრინდნენ,
გაფრინდნენ,
გაფრინდნენ
ფოთლები... ფოთლები...

ქარმა შეარხია რტოი ძეწნისაი

მოჰყავთ შუშანიკი ტანჯული, გვემული…


ფოთოლნი ტირიან ოქროსფერისანი…
ნისლებს ეფარება ცაი დიდებული,
ქარმა შეარხია რტოი ძეწნისაი.
მთათა მოიხადეს გვირგვინნი მეფურნი,
თვალთა სხივი მოწყდა ელვარებისაი…
ტირიან, მოთქვამენ „დედანი ზეპურნი“,
ტირიან ყვავილნი ცხარედ ველისანი…
მარტვილს მოაცილებს ქარი მგლოვიარე,
კრძალვით კარს უღებენ ძალნი ზეცისანი…
როს, „ვითარცა ცოფი, ბდღუენდა პიტიახში“,
ქარმა გადახარა რტოი ძეწნისაი…
- ილოცვიდეთ ჩემთვის! -
უთხრა მტირალ ხალხსა…
ხენი თავებს ხრიან ძაძით შენამკობნი…
მოკვდა შუშანიკი თთუესა სთულისასა
და ცხოვრებას მისას წერდა იაკობი…
ქეთევან დედოფალი

რვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა,


ცეცხლს აგზნებდა
კაცთა გრძნობის ქონდაქარი...
ზე მიჰქონდა, ღრუბლებისკენ ცეცხლი ქარსა,
ქროდა ქარი...
თეთრი ხელი გულზე ედო დედოფალსა,
ტინად იდგა დედოფალი...
თმა დაშლოდა, თავი ნაზად დაეხარა,
სიკვდილის წინ ქართლის ვარდად გაეხარა...
ლოცულობდა...
როს ჩამოსწყდა ბაგეთ მისთა:
„არასოდეს!“
დაფდაფებს ჰკრეს განარისხთა,
ცხელი შანთი მიუტანეს ბროლის მკერდთან,
ცხელი რკინა,
საქართველოს გულს რომ კვეთდა.
რვალის ქვაბი გადმოეგდო ქონდაქარსა,
ღიღინებდა კაცთა გრძნობის ქონდაქარი...
ლურჯი ბაგით თქმული ლოცვა გაჰყვა ქარსა,
ქროდა ქარი...
ცეცხლით სწვავდნენ
ტანშეძარულ დედოფალსა,
უდრეკ იყო დედოფალი!

ქელე თაფა-თავების გორა

მესხი მწყების ნაამბობი

მამა-პაპათგან ძველი ამბავი


ესე გვსმენია:
თამარ დედოფალს, დიდ თამარ მეფეს
პირად მშვენიერს
ურჯულოსთან რომ ომი ჰქონია,
თათარს შებმია,
შაბამის ველზე ორმოთ ამოთხრა
უბრძანა,
მერე-ბალახით მათი დაფარა
ცხენი და კაცი
თხრილში ცვიოდა, არ დარჩენიათ
მომხვდურებს მაცნე...
მტრის თავებისგან აღმართეს გორა
და ქელე თაფა უწოდეს იმას...
ეს გადმოცემა ცოცხალი არი
ჩვენს ხალხში დღესაც...
იმ ადგილებში ცხვარი დაგვიდის,
საქონელს ვმწყემსავთ.

ქვაბ ავაზაკთა

ზოგს... მანიაკის ერჩიოს თავი:


გულს ფხანს ის შხამი,
მასში რაც არი!
დიახ, წასულა რაინდთა ჟამი,
ქვაბ ავაზაკთა ქმნილა ტაძარი!

***
თუ კვლავ მომიხმო განგებამ,
ჩემს წინ ნაირ გზებს შლიდეს,
ჩაიც არ მსურდა,
მინდოდა,
კვლავ არ მსურდეს და მინდეს!

***
ისარგებლეთო, მზეს ხედავთ ვიდრე,
როს სული ნაირ საუნჯეს გიშლით:
კარგს ვერას შექმნის, დაგვმოძღვრავს დიდრო,
ვინც შეპყრობილა სიკვდილის შიშით!

***
გადიგუგუნა თუმც ქარიშხალმა,
ვარსკვლავი გაკრთა შორს იდუმალი...
ეს გარინდებაც...
მოწვეთავს შხამად, -
მზაფრავს უდაბნოს ავი დუმილი!..

ღრუბლები

მათ გადაიარეს ცა პირამიდების,


ხეთა და მიდია…
ზღაპრული ურარტუ, ქართული მინდვრები,
კვლავ საით მიდიან?
რამდენი მწვერვალი გადავლეს უკლებლივ,
კვლავ ფეხქვეშ რაოდენ
მწვერვალებს ითვლიან
ღრუბლები…
კვლავ საით მიდიან ღრუბლები?
რა ვიცი… მიდიან…

ყავილების ღამე

- ყავილების ღამე
საიდუმლოს მქონე,
ქალბატონო ანა,
აღარ გახსოვთ, მგონი...
მობრიალე სანთლებს
გზაი ჰქონდათ შორი...
ქალბატონო ანა,
დაგავიწყდით, თორემ...
მაშ... დუმილი რაა
ხანგრძლივი და მწველი?
- გულგატეხისაგან
დამცველია ჩემი!
- ძველ ციხეზე მაღლა,
თეთრ ღრუბელთა ბოლოთ,
არ ავიდეთ?
დიახ,
გაზაფხულზე მხოლოდ!

ყაყაჩოსა სიწითლითა

ფრთაგაშლილი მთები არი,


სხივგაშლილი სერებია...
არ ჩურჩულებს ლელიანი, -
გული შეუჯერებია...
აქ კორდია მობიბინე,
იქ მზიანი ტევრებია...
რად უსკდება გული ირემს?
გელა გადამტერებია...
თეთრი ნისლი ნისლებს ირევს -
ეს ხომ „ლურჯა ცხენებია“?
შვიდი ზეცა გადირბინეს,
არსად შეუსვენებიათ...
ამ მშვენიერ მინდორ-ველზე
რა ნაირი ფერებია?!
„ყაყაჩოსა სიწითლითა
ყანა დაუმშვენებია“...

(***შემოგღაღადებთ სამადლობელს)

შემოგღაღადებთ სამადლობელს
ძალთა ცისათა
სულ მცირე ჟამის, წუთიერის
სისავსისათვის:
ადგა ყვავილნარს ანგელოსთა
მჭვირვალე ჩრდილი,
ლაღად ყვაოდა საუკუნო
სამეფო მტილი!

(***შემოდიოდა ჩვენში კალანდა)

და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს ,


სერებს თოვლიანს...
ხმობდა ქათამი გურიის სოფელს, ყეფდა თოლია...
იდგა ბერმუხა ღამისმთევარი
თოვლში ნაბდითა...
დილით მისდევდა სერზე მწევარი
ნაკვლევს ნადირთა...
ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით
გრძნეულ, მარანთან...
შემოდიოდა ჩიჩლაკებით
ჩვენში კალანდა...

(***შემოიკრიბნენ ტაძრად გლეხკაცნი)

შემოიკრიბნენ ტაძრად გლეხკაცნი,


კუთხეში ჩუმად, თავისთვის მიდგნენ...
მწუხარს, ნაღვლიანს გესროდნენ მზერას,
როგორც სასწაულს, მოვლენის ციდან...
დავიწყებოდათ მიუწვდომელი,
კანდელი ხატთან ობლად კრთებოდა,
ო, მიწისაკენ მოქცეულ სულებს
ცა და ციური დავიწყებოდათ.

(***შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო)

შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,


შენ ისე ღრა ხარ…
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა
ვერავინ ნახა:
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა…
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა,
ბებერი ტაო…
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
ქართულო ცაო…

(***შენ კვლავ მოხვედი ჩემს ტაძართან)

შენ კვლავ მოხვედი ჩემს ტაძართან


ამ საღამოსაც
და კვლავ ვერ ბედავ შიგ შემოსვლას...
ჩემი სამოსი
იისფერია,
ვით შიშველი მწუხრის რტოები..
სულნი ეძებე ამ დროს მიწის
განმარტოებას
და მიწის ძეთა უცხო ხილვით
აჯილდოებენ...
ვარსკვლავის სულო,
შეგიძლია მოახლოება!

შეყვარებულნი ოდეს ქარები


იასამანი სველ კიბეებთან
რაზე ფიქრობდა?
მისი გაძრცვილი რტო, უყვავილო,
ქარს არ მიჰქონადა...
გულდახურული
მისი რტოები
თავს ძირს იხრიდნენ...
შეყვარებულნი ოდეს ქარები
მუხლს არ იყრიდნენ...
უკვე ზიზღი და სიცივე კრთოდა
მათი თვალებით...
როგორ გულგრილად,
ო, რა გულგრილად
ქროდნენ ქარები...
1954შემოდიოდა ჩვენში კალანდა
და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს,
სერებს თოვლიანს...
ხმობდა ქათამი გურიის სოფელს,
ყეფდა თოლია...
იდგა ბერმუხა ღამისმთევარი
თოვლში ნაბდითა...
დილით მისდევდა სერზე მწევარი
ნაკვლევს ნადირთა...
ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით
გრძნეულ მარანთან...
შემოდიოდა ჩიჩილაკებით
ჩვენში კალანდა...

შეხვედრა ლუდით შემთვრალ თორღვასთან ახიელში

მოგწონს არხვატი? ჰაი, ქვექურის ძალო!


თვალ-მარგალიტით მორთულ მეგონე, ქალო,
თავზე ნათელი გადაგდიოდა ზენა,
ასე ვგონებდი, აი, თორღვაის მზემა!
შავ ქალ ყოფილხარ, გვირგვინ გრქმევია არცა...
რკენას თუ იყავ, ამღიონების ხატსა?
მნახე ხატობას? ან საით უნდა გეცვნე?
ხალხ ცოტა იყო, - წელს არ მოვიდა მეძღვნე...
რა გედარდებისთ? რა ფიქრები გაქვთ უღვთო?
ჩემს სალოცავებს... სანთელ მე უნდა ვუნთო,
მე უნდ ვუმზირო ბისნა-ჩორეხის ნისლებს,
მე უნდ ვასხურო ნიშთა სამსხვერპლო სისხლი...
მე უნდ შევწირო შესაწირავი ჩვენი!..
თუ... ვინ გაღონებს? ხმალზე ავაგებ, ქალო,
რას გეცინების? ერთი მოვზიდო ვადა...
მაისტელიც კი ვერ უმთელებდეს ნაჭრევს,
წავა ბარუქას, ათენგენაის მადლმა!
ხვალე გაჩვენებ კიდეგანაის მყინვარს, -
იმისი მუხლი მოსდევს არაგვისწყალას...
ყურს ნუ ათხოვებ შავი ჭკეების ყივილს:
ბეჩავი არი, ნაღვლიანია, ქალო!
ამღას მივდივარ, კალოთანაის მხარეს, -
ცხვარი იქა მყავ (თუ ხევში სად არ ჩავრჩი...)...
ისე მიცვნია შენი ყოველი ლექსი,
როგორც კალმახი ვიცი ასაის წყალში!
გნახე მშვიდობით... ცა ჩირახივით ბოლავს -
ნილსები დიან... ქვექვური ჯვარის ძალო!
არ-კი გეწყინოს, - ლუდ მაუბნებდის ასე,
ჩემ ათი შვილის გახარებამა, ქალო!

შიომღვიმეში

რკინის აივანს, მყუდრო აივანს


იშვიათად თუ ეწვევა კაცი...
სამაგიეროდ ნუშის და ცაცხვის
აქ ფოთოლცვენა ისე ხშირია...
ნუთუ ამ ფოთლებს ამ მღვიმეების,
ამ მარტოობის არ ეშინიათ?

(***შუაფხოველი ხევისბერის)

შუაფხოველი ხევისბერის
ბიჭურ ბადრიაშვილის ხსოვნას
იახსარს დგახარ და თავდახრილი
ბუბუნებ კრძალვით:
- დასწერე ჯვარი ანთებულ სანთელს,
დასწერე ჯვარი!
გვფინე მშვიდობა, მოგვეც წინაპართ
სიმხნე და ძალი...
დასწერე ჯვარი ანთებულ სანთელს,
დასწერე ჯვარი!
შეგვედრებ წმინდას ჩვენს საქართველოს,
შეგვედრებ წმინდას,
მის წმინდა სისხლი... საკლავთ სისხლივით
ნურასდროს იდენს!
წმინდა გორს დგახარ,
წმინდა იფნებთან,
ბუბუნებ კრძალვით:
- დასწერე ჯვარი ანთებულ სანთელს,
დასწერე ჯვარი!

(***შუაღამისას მოვიხილე წმინდა სავანე)

შუაღამისას მოვიხილე წმინდა სავანე,


შუაღამისას მოვყევი მას
ისევ და ისევ,
არ მიწიურის კავშირისთვის,
არ მიწიურის,
არ მიწიურის გვირგვინისთვის,
არამედ,
ცისა!

ჩამოვფრინდები, იასამანო

შეხედე, ცაა ძალიან ლურჯი,


ძალიან ლურჯი, დაუსაბამო...
ცას შერევია თეთრი ღრუბელი,
ცამ ხვაშიადი რატომ დამალოს?
ჩამოვფრინდები შენს ლურჯ რტოებზე,
ჩამოვფრინდები, იასამანო!
მივესალმები შენს ცინცხალ ყვავილს,
ცას სამადლობელს შევწირავ მხოლოდ,
გულს ეუფლება უსაზღვროება,
როგორც ამ ლურჯ ცას არა აქვს ბოლი...
ყვავილი შენი ქარში ირწევა,
თეთრი ღრუბლები ტაატით დიან...
ნუ შეშფოთდები, ღრუბლებს თუ გავყვე, -
მინდა, ველურმა ქარებმა მდიონ!
შეხედე ცაა ძალიან ლურჯი,
ძალიან ლურჯი დაუსაბამო...
ცას შერევია თეთრი ღრუბელი,
მე... ხვაშიადი რატომ დავმალო?
ჩამოვფრინდები შენს ლურჯ რტოებზე,
ჩამოვფრინდები, იასამანო!

(***ციხეგორს გალობს ბულბული)

ციხეგორს გალობს ბულბული,


ციხეგორს მოულხენია...ქვემოთ არაგვი გუგუნებს
და ნაროულს ხევია...
ნაროულზე-წისქვილი,
ღამე რო გაუთევია...
კლდეები სიგრძივ დამსკდარან,
გული ვერ დაუტევიათ:
გულსაც წყურია სიმღერა,
კლდით მოგუგუნეს სალითა...
გუშლაგას ფერდი შრიალებს,
მზირალი ზარის ჭალითა...
ნაბად მოუსხამ ბორბალოს,
ასხმული ნისლით ჭავლითა.

ძველი ხომალდი სტოკჰოლმის ნავსადგურში

სამანძიანი თეთრი ხომალდი


ჩვეული სწრაფით
აღარასოდეს, აღარასოდეს
არ გაშლის აფრებს
და მუხლ მოყრილი , ღამენათევი,
თავმიუდები
გამარჯვებული ნორნების მხარეს
არ დაბრუნდება.
მაგრამ, როდესაც სტოქოლმის ქუჩებს
ძველი ფარნები
გაანათებენ ჩვეულებრივი
იდუმალებით,
ძველი ხომალდი თვალანთებულ
ვიკინგებს უხმობს,
ნავსადგურიდან ის გაშლილ ზღვაში
გამოდის უხმოდ-
ძველ სიამაყეს, წარსულ სილაღეს
ზღვის სივრცე მოჰგვრის...
გათენებისას, გარიჟრაჟისას
ბრუნდება სტოქჰოლმს
და წუთიერი ამ ნეტარებით
დაღლილი უღვთოდ
დღისისთვის გემბანს ვიკინგთა ნაცვლად
ტურისტებს უთმობს
იმ იმედით, რომ ღამით გაჰყვება
ვიკინგთა ყვირილს
და გაშლილ ზღვაში, თვის სტიქიაში,
მთვარის ქვეშ ივლის!

(***წელთგზაზე ფრთხილად აბიჯებს ცხენი)

წელთგზაზე ფრთხილად აბიჯებს ცხენი,


აღარ მიიწევს ჯიუტად თავქვე...
ულამაზესნი ჰგიან ყვავილნი -
სამოთხეა და... სიკვდილიც აქვე!
ნისლმოხვეული არხოტის ყელი
შორს, სადღაც, ღრუბელთ გადაღმა დარჩა.
ვიღაც გეწევა უფრსკულებისკენ-
თითქოს ეშმაკი და თითქოს ქაჯი...
ქარი მოსკდება მწვერვალებიდან-
იწყება ღორღთა და ლოდთა ცვენა...
წელთგზა -ეშმაკის სავალი გზაა,
ჭკვიანად, ფრთხილად აბიჯებს ცხენი...

წელს, ამ გაზაფხულზე

წელს ამ გაზაფხულზე მინდორთა მშვენიერ


ფერებით მმოსავი,
ო, არსად გაშლილა უჩვენოდ არცერთი
ია და შროშანი...
თითქოს ჩვენ გვმონებენ იმათი პაწია,
პაწაწა ძალები
და არა ზესკნელთა და არა ქვესკნელთა
უხილავ მბრძანებელს...
წელს, ამ გაზაფხულზე მინდორთა მშვენიერ
ფერებით მმოსავი,
ო, არსად გაშლილა უჩვენოდ არცერთი
ია და შროშანი...

(***წვიმით ჩარეცხილ ძველ კედლებს)

წვიმით ჩარეცხილ ძველ კედლებს-


შატილს ავხედე განთიად..
არღუნის ორსავ ნაპირზე
ორ სასწაული ანთია:
გაღმა-ბებერი შატილი
გოროზად აიზიდება,
აქეთ-მიწურის კედელზე
სხვა სასწაული ინთება, -
ცარცით წერია უბრალოდ:
პოეზიასო დიდება!

წყნეთიდან

ბევრი წყარო და ბევრი ხევია


ბეთანიამდე,
სადაც სანთელი მარადისობის
იწვის ნიადაგ,
სად დიდებული მეფეთ-მეფე დგას
ხელაპყრობილი,
რომ ქართველობას ისევ მაღალი
აზრი მოჰფინოს...
კვლავ სამშობლოსთვის
მთხოვნელი არი
შუქმირიადი...
ბევრი წყარო და ბევრი ხევია
ბეთანიამდე.
1962 წყნეთიდან
ბევრი წყარო და ბევრი ხევია
ბეთანიამდე,
სადაც სანთელი მარადისობის
იწვის ნიადაგ,
სად დიდებული მეფეთ-მეფე დგას
ხელაპყრობილი,
რომ ქართველობას ისევ მაღალი
აზრი მოჰფინოს...
კვლავ სამშობლოსთვის
მთხოვნელი არი
შუქმირიადი...
ბევრი წყარო და ბევრი ხევია
ბეთანიამდე.

ჭექდა მაზურკა

დედას

შენ გაგითეთრდა თმები მას უკან,


ძვირფასო კაბას კი...
ერთი მორჩი შერჩა სუსაუბრის...
დეზთა წკარუნით
გაგიწვევდა ქალწულთ ჰუსარნი
და დიდ დარბაზში ჭექდა მაზურკა...
როკავდნენ წყვილნი,
ვით გედები, იისფერ ტბაში...
ბრწყინვალე კანდელთა
ჰგავდა ბრწყინვას ვარსკვლავთ მირიადთ...
შმაგი სინათლე
თვალს სჭრიდა მკერდზე ბრილიანტს
და იაგუნდა ტიროდა თმაში...
ლამაზი კაბა იასამნის სურნელს აკმენდა,
ეცილებოდა
თვით სანთელთაც უბრწყინვალეს შუქს...
მაღალი მხრები იმშვენებდნენ ინდურ აბრეშუმს...
ბრინჯაოს ქალია
სულ შიშველი იდგა სარკესთან...
შენ გაგითეთრდა თმები მას უკან
და ძვირფასი კაბას
ერთი მორჩი შერჩა სუსამბის...

(***ხატთან ანთია სანთელი ორი)

ციცინო დადიან-ერისთავის ხსოვნას


ხატთან ანთია სანთელი ორი,
ორივ პაწია და თანასწორი,
სულის მეოხად შენი ერთასი...
ან ვარ ბეთანში, ან თუ მცხეთაში,
წმინდა სამთავროს...
ალვის სადარო,
დახრილი წამით,
მოყრილი მუხლით ხატის წინ შვენი...
შენ ამბობ:
- იყავნ ნებაი შენი!
მე ვამბობ:
- ამინ!
და... შემოხეთქა ქარმა კარები,
მიმოგირხია ვერცხლის კავები...
ჩაქრა სანთელი, შემოუბერა
და თან წარიღო „მოვედ სუფევა“...
ან ვარ ბეთანში, ან თუ მცხეთაში,
ტაძრად სამთავროს...
შენ კი სადა ხარ, ალვის სადარო?

ხილვა

მხედარს
ბრძოლა გარდეხადა,
ახლა...
ცერზე ქორი უჯდა...
თვალში -
ცეცხლი მობრიალე,
გულშიც
ცეცხლის ალი უჩნდა!
დაღლილ სახეს -
გაღიმება,
ვით მზის კრთომა -
ცათა ლურჯთა...
ეს - უძლევი
სული გახლდათ
აწყურთა და
არტანუჯთა!
ხმანი ვერ სცანით!

(დავითის ისტორიკოსის მიხედვით)

წაღმა-უკუღმა
ფრენენ ისარნი,
შეაზანზარეს
ბურჯნი ცისანი...
მაბრალობლებო
დავითისანო,
ხმანი ვერ სცანით
განგებისანი!

***
დასაბამიდან მოდიხართ, ოდით, -
თქვენ იმთავითვე სინათლეს მოსდევთ...
იყავით,
ხართ
და
იქნებით მერეც,
როგორც სიკვდილი და ბედისწერა!
ჰე, ლეგეონთა ვაუწყებ თქვენთა,
ვერ განმიწონონ გულში ლახვარი,
ვერა, ვერ შეძლოთ დაცხრობა მზეთა,
გადააფაროთ ბნელი სამყაროს!

***
ცილისწამების შხამით ამვსები
შენს წმინდა სახელს რად ეტმასნება,
რომ... ხეს კეთილსა ძირი უთხაროს,
კაცთ მოუშალოს ნავსაყუდარი?
რომ... მიმქროლავნი სპეტაკ ღრუბლებად
შეგრყვნან, შეგბილწონ, თავისუფლებავ,
რომ ანგელოსის ხატი გვავიწყონ
და კვლავ სატანა გამოაღვიძონ?

(***ჯვრის ფერდობზე დგას მშვენიერი)

ჯვრის ფერდობზე დგას მშვენიერი


სახლაკი მცირე
მიუსაფართა შვებით მმოსავი,
ლოცვად დამდგარი ულუმბოსავით.
ნიავი ფრთხილად
შეარხევს ნაძვებს და ნაძვები
რტოებს ახლიან....
შენი სახლია
მყუდრო ვანი, შენი სახლია, მზისფერო მეფევ...
სადახ ხარ ახლა? იების კრეფად?
მაგრამ აქ... ვისთვის აგროვებ იებს?
ჯვრის ფერდობზე დგას, შენი სახლია,
ყვავილები რომ რტოებს ახლიან
სახლაკსა მცირეს.

(***ჰა, საქორწინო გაქრა გვირგვინი)

ჰა, საქორწინო გაქრა გვირგვინი,


მიმოიფანტა
ვარდის ტოტებად
და ვინც მიხმობდა განთიადისთვის,
ახლა... ბნელ ღამედ
მიახლოვდება...
მაინც გავქრები
მე მის წიაღში.

You might also like