You are on page 1of 34

ლექსები

ალექსანდრე შურღაია

(***აბა რა გითხრა ჩემო მარიამ)

აბა რა გითხრა ჩემო მარიამ,


ჩემთვის მა-ო და ვისთვის გვირილა,
(აქ მეცინება)ვიცი ძალიან
უმისამართო გზებით მივდივარ.
საით არ ვიცი, რადგან ლოგიკა
მართლა არა აქვს წასვლას ქარივით
რა იცი იქნება ჩემ თავს მოგიტან
კარგად შეფუთულ საჩუქარივით,
ნუ გახსნი, ისეც მიხვდები რა დევს,
ჩემი გული ან წყვილი საყურე
და თუ დათოვა უთუოდ დადებს
და ერთ გუნდასაც დავიმსახურებ
შენგან და რა ვქნა როცა ვამთავრებ
ჩემ თავს და შენსკენ ქრიან აზრები,
რაღაცას გეტყვი და ჩემს ნათქვამზე
მაქსიმუმ წუთით გამიბრაზდები
ესეც ბევრია, ბევრში კი თითო
ოცნება გარბის თავის ნებაზე,
ნუ მეტყვი ახლა, რამე, რომ გიჯობს,
ერთ ჩემს ღმერთსავსე ჩახუტებაზე.
როც უყურებ ანთებულ თვალებს.
რას ნახავ ღმერთი, რჯული უკეთესს,
მე ის პოეტი არ ვარ, რომ ქალებს
ლექსებს წასვლების მერე უწერენ,
რადგან აქ მყავხარ სანამ კვეთავენ,
გზები და იწვის ნერვი, ფითილი
ხალხმა რა იცის, როცა ერთმანეთს
ვიცნობთ საკუთარ ხუთი თითივით
და ბანალურად ვამბობ წამია,
ცხოვრება.არ ღირს ქიშპად, ყვირილად,
აბა რა გითხრა ჩემო მარიამ,
ჩემთვის მა-ო და ვისთვის გვირილავ.
(***აბა რა გითხრათ, ძვირფასნო ჩემზე?)

აბა რა გითხრათ, ძვირფასნო ჩემზე?


რამეთუ არ მაქვს
ბიოგრაფია.
რისი წარსული...
და ვრჩები ამდენ ტვინწაღებულ აწმყოს
პოეტთა შორის,
ერთ წყალწაღებულ,
პოეტად
მომავლიდან.

(***არ შეგრჩა კანი, არ შეგრჩა ხორცი)

არ შეგრჩა კანი, არ შეგრჩა ხორცი,


არ გახსოვს სუნთქვა, გაბუჟდა გვერდი,
ეს მაშინ როცა სულ რაღაც 20-ი
წლისა იყავი და ლექსებს წერდი.
დედაზე, ღმერთზე, ოჯახზე.კიდევ
გოგოზე შენ, რომ გიყვარდა მაგრად,
მას კი ისე რა, რადგანაც დიდებს
არ უყვართ ბავშვი რომელიც კარგავს
თავს.უსაშველოდ გაგიჯდა ჯავრი,
მასე მერე სისხლშიც დაგაჩნდა დამღა
და გააკეთე ეზოში ჯვარი
და ზურგზე ჯვარით აყევი აღმართს
ასასვლელს ქუჩის(ჯერ კიდევ ბავშვმა)
რომ გააკეთე ქვიშები ზვინის
და თუ ტკივილებს ცრემლების წაშლა,
გულის ტკივილი და ღძობა ტვინის
ახასიათებს.მზად ხარ და იცი.
რომ ყველა წვიმას მხარს უბამს ქარი,
რომ ყველა ცრემლი ამთავრებს სიცილს,
რომ ზოგი ცუდად ან კარგად არი.
ნუ ჩვეულებრივ, ზოგადად, ზოგჯერ,
შენი ამპლუით და სხვისი რანგით
თამაშობ შენ თავს და იცი დრო ჯერ,
იმედის თითო ნაპერწკალს გაცლის.
გაგიშრა კანი, არ შეგრჩა ხორცი
ძარღვებში სისსხლი დაგისვამს წერტილს
ეს მაშინ როცა, სულ რაღაც 20-ი
წლისა იყავი და ლექსებს წერდი.

(***არსებობს ალბათ ამქვეყნად რაღაც)

არსებობს ალბათ ამქვეყნად რაღაც,


რაც გათქმევინებს, ჩემს თავზე უარს,
ვერვინ გაარჩევს მტყუანს და მართალს,
ვერვინ გაიგებს მართალს და მტყუანს.
და მხოლოდ მსურს, რომ ავდგე და მყისვე,
მივაგნო ჩემში სიმგამწყდარ ექოს,
ვდგები და ძარღვებს, შენ სისხლით ვივსებ,
რომ მერე მთელი სიცოცლე მეყოს.

(***ასე მგონია დროს გავუთავდი)

ასე მგონია დროს გავუთავდი


და ახლა წამებს ვითვლი
ზეპირად,
მთელი ცხოვრება ჩემს თავს
ვფუთავდი,
რომ ერთხელ შენთვის
მეჩუქებინა.

(***აქ კი როგორც წესი)

აქ კი როგორც წესი, წესი თუკი


წესობს
თუკი დაემთხვევა ბედი განაჩენებს,
მინდა ჩემზე ფიქრი ისე
დაგიწესო
წუთში მინიმუმ, რომ ასჯერ გაგახსენდე..

(***აქ რომ სიჩუმე მოიპოვო)

აქ რომ სიჩუმე მოიპოვო


უნდა იყვირო.
აქ, რომ ვინმეზე მაღლა
დადგე,
ქვემოდან უნდა უყურო.
სუსტებსაც შემორჩათ ძალა და ამბიცია
შედარებით ძლიერებს
გაუტოლდნენ და გაასწრონ კიდეც,
გეუბნები და „ვალეტით“ გიჭრი
„აგურის დამას“.
შეუძლებელი არ არსებობს, თუ თვალი და ხელი
ერთნაირად მერჩის ორივე.
მე ამოდგომა მჭირდება შენი ამ
მტკივან მხარში და არა გვერდში.
გამვლელსაც ძალუძს დაგიდგეს გვერდში,
რომელიც მოგდევს სწრაფი
ნაბიჯით,
და არის ერთი გარდამავალი წამი, გითანაბრდება
და მერე გასწრებს.
შენ ძველებურად განიცდი ყოველს,
და უკვე შენი ხანმოკლე
განცდა ყველა ზღვარს გაცდა.
და ხელზე ყველა ფრჩხილების დაჭრა,
რომ აბორტია ფიქრობ თითების.
გაგიჟდი ანდა
ისე დალაგდი, რომ ქაოს იწვევს ეს სიწესრიგე.
მაინც და მაინც დამჭირდე უნდა
რომ ყველა ფიქრი
გადმოვსხა შენში?
არა ცხადია. ახლაც მახსოვხარ.
და ნიშნად ჩემი სიტყვის
სიმყარის,
ვიღებ ჩემს ცალ-ნეკნს და გამოშვერილ ხელში
გაძლევ, უკანასკნელი საჩუქარივით.

(***გამიზნული სიყვარული არ არსებობს)

გამიზნული სიყვარული არ არსებობს.


არ არსებობს კონკრეტული
ხიდები ერთმანეთამდე
მისასვლელი.
არ არსებობს კონკრეტული
გზები, ერთმანეთის გულებამდე,
რომ მიგვიყვანს.
სიყვარული-თავისთავადია,
უპროგნოზო,
დაუგეგმავი.

(***დრო თუ შეჩვევაა)

დრო თუ შეჩვევაა, მე ვერ შევეჩვევი


ტკივილს ღიმილიანს. ჰოდა ნუ მასწავლით!
გითხრეს, შენს ქუჩაზე დღესაც შემამჩნიეს,
თმებგაჩეჩილი და წვერგაუპარსავი.
ვისთვის სასახლეა ბედნიერებები,
ბევრი მანქანა და ცოტა სიყვარული,
ჩემთვის სიმშვიდეა ღერი სიგარეტი,
ჭიქა არაყი და ფეხით სიარული!
იქით, საითკენაც გული გადამქაჩავს
მინდა, ხოში მაქვს და სადაც ვიარები
როცა ქუჩა იგებს ჩვენი ფეხის დადგმას
რატომ ვერ გვიგებენ ადამიანები???
როცა მიდიან და აღარ ბრუნდებიან
ერთი გული გვაქვს და სხვა გულს დავაზომეთ
როცა გვიტოვებენ მისდა უნებლიედ
სიტყვას - „მშვიდობით“ და ფოტოს სამახსოვროდ.
არა, ცხოვრებაზე არ ღირს გაკიდება
ვინ კი დაედევნა, მერე რა ხეირი?
ზოგსაც იპოვნიან ხეზე დაკიდებულს
ზოგიც ცას უყურებს ისე არხეინად,
თითქოს ვარსკვლავები ჰყავდეს აღრიცხვაზე
თითქოს ერთი აკლდეს. (ანდა ზედმეტია)
და თუ ორი დღე ვარ, მაინც ქვეყანაზე
და თუ ასე ვცხოვრობ... სხვებზე ვერ გეტყვი და...
ჩემი გულის ჯიბე, წიგნით იზომება
მარჯვნივ ბაძაღუა, მარცხნივ მოპასანი
ჰოდა ვივლი ასე, სანამ მისწორდება...
თმებგაჩეჩილი და წვერგაუპარსავი...

(***დღემ ჩაიარა)
დღემ ჩაიარა.
ყვველაფერი ცუდად მთავრდება,
კარგად ვერ იტყვი, მაინც ცუდზე
მოწმობს ფაქტები,
მტკივნეულია როცა ვინმე
თვალში გაკლდება,
და ასჯერ მწარე, როცა ვინმეს
გულში აკლდები...

(***ეს წერილია და გიგზავნი)

ეს წერილია და გიგზავნი.(ბოლოს ხელს ვაწერ).


ვიცი მცირეა, შენ გეძღვნება, ჰოდა მთლიანად,
პატივისცემით: შურღაია, ამა და ამ წელს,
ათას ცხრაას თუ ორიათას, მარტს თუ იანვარს
დაწერილია ეს წერილი, სადაც მკაფიოდ
გირჩევ, გარგებ, არა უფრო ალბათ გიყვები,
რომ ეს ცხოვრება ვერგაყრილი ნემსში ძაფია,
ხელს, რომ ჩაჭიდებ და თავისით სადღაც მიყვება,
შენი სხეული, ანდა ჩემი, თუგინდ სხვა ვინმე.
ბუნებრივია მანძილია, მახრჩობს ეჭვები,
რომ გამიცივდი და სხვა ვინმე გჩუქნის ყვავილებს,
ან უარესი, იქნებ სხვასთან სითბოს ეჩვევი.
მე კი ვფიქრობ და მახსენდება ამ დროს პუშკინი,
და ვინაიდან ყველაფერი ბრძოლით არ წყდება,
სწორედ ამიტომ ავდექი და ლექს დავუშინე,
გუშინ ხელები.თუ რამეა მე დავმარცხდები
ასე მგონია.რა მგონია, ზუსტად გეუბნები,
რომ ეს დღეები მოწევით და თრობით გავიდნენ
და გეკითხები სად არიან ჩემი ხელები,
წამოსვლის წინ, რომ ბალიშივით თავთან დაგიდე
და დაგიტოვე, ვით ნიშანი უკან მოსვლების,
ახლა, აქამდე, ამის წინ თუ(რა ვქნა მერევა)
დროის ფორმები, ვით წასვლის წინ მშრალი კოცნები,
როგორც იმედი, ბედისწერა, ბედნიერება.
წერილს ვასრულებ, როგორც წესი ხელს ბოლოს ვაწერ,
და შეგნებულად არ მივაწერ თარიღს მთლიანად,
პატივისცემით; შურღაია ამა და ამ წელს,
ათას ცხრაას თუ ორიათას, მარტს თუ იანვარს.
(***ვიცი დალევა ერთ დღესაც, რომ ბოლოს მომიღებს)

ვიცი დალევა ერთ დღესაც, რომ ბოლოს მომიღებს.,


ვიცი მოწევაც გამიჭედავ ფილტვებს ღერებით.
და თუ სადმეა სიყვარულში ხსნა და ლოგიკა
უნდა, გიყვარდე მთელი, ჩემი მავნე ჩვევებით.
ბევრი გაურბის ცუდად ყოფნას და სტაგნაციას
მათ უნდათ მხოლოდ თბილი კერა, სასახლის გზები,
სიყვარულია როცა გვშია, როცა გვაციებს,
როცა ვუყურებთ ერთმანეთს და თვალებით ვძღებით.

(***ზოგჯერ მინდა)

ზოგჯერ მინდა, რომ ავდგე და


ცუდად გავხდე,
ჩავახველო ცხოვრებას,
ოფლი მოვიდინო,
ლოგინში ჩავწვე,
მაგრამ მომვლელი?

(***ზოგჯერ, რომ ისუნთქო)

ზოგჯერ, რომ ისუნთქო


საკმარისია სუნთქვა შეწყვიტო
და ერთიანად ამოახველო, აქამდე
შენში დაუკითხავად შემოსული
ბოღმა , სახელად -
„ადამიანი“.

(***თბილისში წვიმა, რომ ასველებდეს)

თბილისში წვიმა, რომ ასველებდეს


არ გამიგია, მაგრამ დავსველდი,
წვეთები ღრუბელს მოასვენებენ,
ცის ბალდახინით და მე სავსებით,
ვარ გალუმპული ციდან სახლამდი,
(სახლი დიდი ხნის წინათ გაქურდეს, )
და წვიმს მსხვილად და ისე აქა- იქ
თითქოს ღმერთებმა გადმოაფურთხეს
მაღლიდან. (ანდა, სადაც არიან)
ანდა იქითკენ, სადაც მიდიან,
ან როცა გვინდა და არ სცალიათ,
ზიან და თავის ცოდვებს ითვლიან.
მე კი ვრწმუნდები, რომ შარშანდელი
წვიმს მორჩენილი წვიმების გვერძე,
ბავშვები დიდებს ათამაშებენ,
და გუნდასავით ესვრიან წვეთებს,
ერთმანეთს, სახლებს, გამვლელს, მანქანებს,
პირველ რიგში კი ფანჯრებს მეზობლის,
და მანქანების შიშით ჩავლაზე
უცქერენ მძლოლებს და ხალისობენ
და დასველებულ მიწის გვერდებში
ახლა ოთხმხრივი ქარი უბერავს
წვიმაც წყდება და ვფიქობ ღმერთები,
გადაეჩვივნენ გადაფურხებას.

(***თუ ძვლებში სიმშვიდე)

თუ ძვლებში სიმშვიდე
ატანს ქარივით,
სისხლს დახედე
აუცილებლად იქნება მასში ფორიაქი.
და ამ ქაოტურ
სიმყუდროვიდან, მილიარდიან
პლანეტაში, როგორც ნისლის დროს სახლის,
გაგიჭირდება ღმერთის
დანახვა.
მე ამოვქოლე ფანჯარა გულის,
(კარები ჩემი საქმე არ არის)
და ახლა ვხედავ, დარჩენილი
ჭუჭრუტანიდან, როგორ მოძვრება ის, ვიღაც
ერთი და მოაქვს პეშვით,
შენახული თბილი მზის სხივი.

(***ისე მოხდა, რომ ჯავრი მაინც ჩვენზე იყარეს)


ისე მოხდა, რომ ჯავრი მაინც ჩვენზე იყარეს,
და დაგვიმტკიცეს ტყუილები ჩვენი სიმართლის,
სახლი რომელშიც ვიცხოვრეთ და ვერ შეგვიყვარეს,
ქუჩა რომელშიც ვცხოვრობდით და ყველას ვუყვარდით.
მე დასკვნასავით გამოგიტან გულს საგულედან,
ეს ხერხემალი შენი ქოხის საფეხურები,
ზოგნი არიან შეგიცვლიან ხმას და ბუნებას
ცეცხლს და ცხოვრებას ერთნაირად გაგიხურებენ.
მკვდარი, რომ იყო ხშირად მაინც იხმაურებდი.
გვერდით საფლავებს გასძახებდი, რომ არ ჩათვლიმონ,
მენჯის თავებით, ლავიწებით, შენი მუხლებით
მიწას გიღივით ამოხეთქავ.მერე ჩათვლი, რომ
ზემოთ რიგზეა ყველაფერი, ცოცხლად ვძაღლდებით,
რომ ვყეფთ ქუჩაში და ძაღლები ისუსებიან,
რომ მართლებიც კი აღარ დავრჩით, რისი ნაღდები,
როცა ერთმანეთს წინ ვუდგავართ გისოსებივით.
მაგრამ შენ ფიქრობ დედაშენზე რომელიც გიცავს
მიწიდან, ციდან(განიხილავ ათას ვარიანტს)
რომ ერთადერთი ადგილია შავ-ბნელი მიწა
როდესაც დედებს შვილის ნახვა არ უხარიათ.

(***ისე ხდება)

ისე ხდება, რომ ნაგავსაყრელზე, ძვირფასებს და


ღირებულ ადამიანებს ყრიან.
ხოლო ნამდვილი ნაგვები
ამაყად დასეირნობენ და გვერდს უვლიან ნაგვის
ბუნკერებს...

(***იშვიათია ისეთები)

იშვიათია ისეთები გადმოიხედოს


ციდან და გაგრძნობინოს,
რომ შენ დაყურებ
ზემოდან.
იშვიათია, ისეთები გიყურებდეს და
შენს მაგივრად ხედავდეს.
მაგრამ არიან ისეთებიც
რომლებსაც უყვართ და არ აქვს
მნიშვნელობა
პასუხობენ თუ არა ამ სიყვარულზე.

(***კითხე სხვებს)

კითხე სხვებს!
ყველამ ყველაფერი იცის შენზე,
თავიდან ბოლომდე
გიცნობენ.
რა საჭიროა საკუთარ თავზე დაკვირვება.
და ეს ყველაფერი
მაშინ როცა დღემდე ვერ ხვდები ვინ ხარ.
ყველა ყველას ვიცნობთ, საკუთარი თავის გარდა!

(***მაჩვენე შენი დედამიწა)

მაჩვენე შენი დედამიწა,


მე ჩემს გაჩვენებ
ჩემი სიზმრების მისამართი,
აგერ, აიღე.
სხვებს ნუ მოუსმენ, როცა ირგვლივ
ტყუილს გაჩვევენ,
მხოლოდ სიმართლეს გეუბნები,
ხოდა გაიგე!
მილიადიან პლანეტაში
სუსტი უჯრედი,
დაუძლურდები, ჩამოჭკნები,
გაიფიტები
ზენაანთ ქარებს ვერაფერი
გადაურჩება,
ვერც შენ სხეულზე
წამოზრდილი ლითოფიტები.
რით ვერ გაიგე, რომ ამ
დამპალ კაცობრიობას,
აქვს უამრავი კოლექცია
მავნე ჩვევათა
იშვიათია სულიერი,
როგორც იობი,
ხოლო ზნეწამხდარ, სულდაკარგულ,
შემოტევათა
ირგვლივ უამრავ მაგალითებს,
ფაქტებს შეხვდები.
ცოტა დრო გვრჩება, გადარჩენა
უნდა მოვასწროთ
უფალს ვერ ვხედავთ და თუ სადმე,
ვნახეთ შემთხვევით
ვუთხრათ, ამინ და შემოვბრუნდეთ
და გამოვასწროთ.
თორემ დაგვექცა ეს ღრუბელი
თავზე ჭერივით,
თორემ ცოტაც და აგვიჯანყდა
მთელი სამყარო
ორიოდ ღერი რწმენა დაგვაქვს
შემორჩენილი
და ღვთის გულისთვის ნუ ვიზამთ, რომ
ესეც დავკარგოთ.
ნუ გაიმეტებ ჩასაქრობად
ცისფერ სინათლეს
არის იმედი იგი ქრისტეს
სავსე თვალებში,
ვთქვათ და ჯანდაბას ამ თვალებმა
ვერ დაგინახეს,
გულს რას უშვები?რა კუთხეში
დაემალები?
ჰოდა წავიდეთ, ახლა წასვლა
მართლა შვებაა
ვნახავთ ედემში გამოყვანილ,
მწიფე მაკინტოშს
კაცობრიობას ერთი ძალზე
ცუდი ჩვევა აქვს,
თუ სუსტი გვნახა დამიჯერე
აღარ დაგვინდობს.
არ დამიჯერე და შედეგად:
ერთმანეთს ვკარგავთ,
ვახველებთ ლექსებს და სხვადასხვა
სტრიქონში ვცხოვრობთ,
მერე ყველაფერს პოეზიას
მივაწერთ რადგან,
პოეზიამდეც-პოეზიით
ვცხოვრობდით მხოლოდ.
(***მე ამ ხის ხნის ვარ)

მე ამ ხის ხნის
ვარ.
პაპამ ჩემი დაბადებისას
დარგო და მას მერე,
ჩემთან ერთად იზრდება.
სიმაღლეში გამასწრო.
შემოვახტები ხოლმე ზურგზე
და გაშლის ხელებს.
მეც დავდივარ თითებიდან-
თითებზე.
დიდი ხანი გავიდა არ მენახა.
მივაკითხე და ფოთლის წამწამი გადავუწიე.
ნაღვლიანი სახე ქონდა.
დაგავიწყდიო.
მეტკინა.
იქ დავიფიცე პირველად,
ვისთან ერთადაც დავიბადე და გავიზარდე
იმასთან ერთად მოვკვდებოდი.
ის ხე მოჭრეს!
მე იმ ხის ხნის
ვიყავი.

(***მე არ ვიცი როგორ)

მე არ ვიცი როგორ გრძნობს თავს კაცი,


რომელიც ორ
სართულიან მანქანაში ზის
და მხოლოდ სახლში მსივლის დროს ახებს ტერფებს მიწას,
მაგრამ ვიცი რას ფიქრობს კაცი,
რომელიც დღედაღამ ფეხით დადის უმისამართოდ.
არ ვიცი რა ესიზმრებათ მათ ვისაც კომფორტულ ლოგინში
თბილად სძინავთ ,
მაგრამ მინახავს ბავშვი, რომელიც
მიწისქვეშა გადასასვლელებში ტეხავს ღამეს
იმიტომ, რომ შიმშილი არ აძინებს.
მისი შუბლი პირჯვირსწერისგანაა გადატყავებული
რადგან ხელები უკანკალებს შუბლთან მიტანისას.
წარმოდგენაც არ მაქვს რას განიცდიან
როცა ჯეკპოტს იგებენ ან
მამის ქონებას ფლანგავენ , მაგრამ
ზუსტად ვიცი
რას გრძნობს ღამის სამ საათზე
სიგარეტის სათხოვნელად გამოსული კაცი
ცარიელ ქუჩაში, რომ ვიღაცას მოლანდავს.
არ ვიცი რატომ სხედან შესანიშნავი გოგოები
შესანიშნავ მანქანებში
არაშესანიშნავ კაცებთან ერთად
მაგრამ ცარიელ ჯიბეებს გეფიცებით
მინახავს ისეთებიც,
ხელჩაკიდებულნი
თუნდაც არასწორ გზაზე
სწორი ნაბიჯებით,
სიკვდილამდე მიყვებოდნენ ერთმანეთს.
წარმოდგენაც არ მაქვს
რას განიცდიან დედები
როცა გვაჩენენ,
მაგრამ ვიცი და ვგრძნობ,
როგორ ამტვრევს გული შიგნიდან
როცა იმედებს ვერ ვუმართლებთ..
გინდათ ცრემლებიიი?
გადაშალეთ ხელები მამის და
აბზაც აბზაც წაუკითხეთ ყველა ნაოჭი.
ღრმად ჩაიხედე მის წარბცმულ თვალებში
და მილიონი ნახე გოლგოთა.
უყურე მის დამტვრეულ მაჯებს
და ღმერთი ნახე ჯვარზე გაკრული..
ბევრჯერ მინახავს ცაში აფრენილი ბოინგები
ძირს დანარცხებული,
მაგრამ მინახავს ბავშვობაში გაშვებული
ქაღალდის თვითმფრინავი,
რომელიც დღემდე მიფრინავს და
მიაქვს ცაში ჩვენი ოცნებები და სურვილები.
არ ვიცი და არც ვიცნობ პიარისთვის დაბადებულ,
თმებ გადაწკეპილ, ტაშის
პოეტებს,
მაგრამ ვიცნობთ ცალი თითის ფალანგზე
ჩამოსათვლელ პოეტებს,
რომლებიც წერის დროს ტკივილებთან
სისხლს ურევენ ნაწერებს.
კითხეთ სხვებს და შენზე უკეთ გეტყვიან,
როგორ ცხოვრობ, სად დადიხარ, რა გაცვია...
მაგრამ ისინი ვერასოდეს წაიკითხავენ
ჩვენს თვალებში ტკივილებს შინაარსიანად,
და მე ერთი უბრალოდ მოკვდავი
ამდენ ბრალიან უკვდავებს შორის
ვამბობ, რომ არ ვიცი რას იტყვით თქვენ ჩემზე,
მაგრამ მე ვიცი რას გეტყვით -
ყველა მიყვარხართ, ვისაც სიყვარული შეგიძლიათ!!

(***მე დავამთავრე შენი აკრეფა)

მე დავამთავრე შენი აკრეფა იმ ლოგინიდან,


სადაც შენ დიდხანს გეძინა, მშვიდად და უსიზმრებოდ.
და ვინაიდან უსიზმრო ძილი
მრევლის გარეშე მაგონებს ტაძარს,
მე ვანთებ სულში პატარა კოცონს და ხმელ ფიჩხებად
ჩემს თითებს ვუყრი.
იცი ცხოვრება როგორია?
ერთხელ შეიძლება გითხრან სიტყვა“მიყვარხარ“
და მთელი სიცოცხლე გახსოვდეს.

(***მე მაშინ ვამბობ, რომ არამიშავს)

მე მაშინ ვამბობ, რომ არამიშავს,


როდესაც მოდიხარ და მიღიმი,
როცა შენს წერილებს, საბანის ქვეშ
ტოვებ და მე თვალებგაღეღილი
გკითხულობ.მე ვამბობ- არამიშავს
როცა შენ რწმუნდები სამუდამოდ,
შენს გარდა, რომ ქვეყნად არავინ მყავს
ან როცა ჩემს პერანგს აუთოვებ.
ან მაშინ, როცა არ მეთანხმები
მაშინაც კი, როცა მართალი ვარ,
ან როცა ჩვენ სახლში ოთახები
დგება, ჩვენ სიყვარულზე თავდაყირა
როცა სულს მიღრნიან იარები
მჭამენ და მე სული მეხუთება
როდესაც მე ზურგით ვტრიალდები
და შენ კი ზურგიდან მეხუტები.

(***მე ყოველთვის ხელები მამხელდნენ)

მე ყოველთვის ხელები მამხელდნენ


და არა თვალები.
დააწყვე მაგიდაზე ათი კაცის
ხელი და რომლებიც პირველი გამოიწევენ
შენსკენ, ისინი იქნებიან
ჩემები.
ხელები ჯიბეში ჩაყოფით
არ თბებიან.
მხოლოდ და მხოლოდ შენი
სიახლოვით...

(***მე წასასვლელი არსად მქონდა)

მე წასასვლელი არსად მქონდა და მივდიოდი,


ვეცემოდი და ვაგრძელებდი, ჩემს თავს-თავიდან,
რომ შენს თვალებში დამენახა რწმენა იოტი,
და, მერე ღმერთიც, მოგეძებნა რაღაცნაირად.
შენ კი სიზმარში დასიზმრებულ, სიზმრის ახსნებით
ქონებასავით ანიავე, დრო შენს გარეშე,
და აგერია ყველაფერი, მზეში დასველდი,
და ქარში ქოლგით გაიარე. შუა ღამეში
და თან ქარის დროს, ქოლგა მაინც რა კონტექსტია?
სახლის კაკტესუებს მოეფერე არაქოთნიერს,
წიგნებსაც თავი შეაჩვიე სუბოტექსივით,
ბოლოს დრაიზრს, კარგიაო განაგონი გაქვს.
და შენ გადაშლი მოწიწებით და მოკრძალებით,
შესავალი კი ვინაიდან კითხებს არ ტოვებს,
ავტორი კი არ წაიკითხო , შენი თვალებით,
შენი თვალები წაუკითხე, წიგნის ავტორებს.
ისინი უფრო ღმა არიან და გაცილებით,
აზრიანები, როცა გუგებს ექაჩებიან,
და წიგნებივით გახდებიან ბესტსელერები,
დიდი ცრემლების და პატარა ტირაჟებივით.
და მერე გულიც გადაშალე ბოლო აბზაცზე,
ძგერა კი ფანქრით მოინიშნე მერე თავიდან,
და სანამ წახვალ.რა იქნება ერთხელ წასვლამდე,
რომ შენებურად წაიკითხო...რაღაცნაირად.

(***მეასედ ვამრავლებ იდეებს, შედეგზე)

მეასედ ვამრავლებ იდეებს, შედეგზე,


და მაინც პასუხი არაფრის ტოლია,
ჩურჩულით ვუთითებ მომავალს, შემდეგზე
შემდეგი რომელიც ჩემამდე შორია.

მორჩა და გათავდა

მორჩა და გათავდა, აქ დავსვათ წერტილი


რაც იყო , იყო და არ გვინდა ხსენება
მომღიმარ ქალაქში ამინდებს შესტირი,
გიყურებ და თვალზე-ღიმილი მერევა.
მეასედ ვამრავლებ იდეებს, შედეგზე,
და მაინც პასუხი არაფრის ტოლია,
ჩურჩულით ვუთითებ მომავალს, შემდეგზე
შემდეგი რომელიც ჩემამდე შორია.
მე ახლა, ობოლი ბავშვივით მაციებს,
სიცხე მაქვს, დავკარგე გრძნობათა სისრულე,
დღეს ყველა ვარდები განცდებად ვაქციე
და ეხლა დაგიკრეფ რამდენსაც ისურვებ.
ოდესმე, თვალთანად აპრილებს მოგიტან,
ოდესმე, მინდა რომ წვიმებად მომესმე,
ოდესმე სამყაროს ღერძიდან მოღლიტავ
დარდივით დაჭკნები და ესეც ოდესმე.
სხეული, რომელიც შენიდან იწყება,
და ესე დიადი მთავრდება შენითვე
მე ყველა გრძნობათა ძაფები მიწყდება,
ძაფები, რომლითაც ცოდვები შემინდე,
გაგიმხელ სამყაროს სუყველა ჩანაფიქრს,
თუკი, ყურს დამიგდებ და თუკი მომისმენ
ოღონდაც არასდროს არ მითხრა ნახვამდის,
ოღონდ არ მასწავლო მე როგორ მოვიქცე.
დაგიკრეფ ხორციელ სიუხვეს მითიდან,
გაჩუქებ გაზაფხულს, მე ერთი პირობით
ოღონდაც ნურასდროს ნუ მეტყვი მივდივარ,
ოღონდაც ნურასდროს ნუ მეტყვი მშვიდობით.
ჰოდა, თუ შევთანხმდით ჩვენ აზრთა ყაიმზე,
დამღალე , ამდენი უაზრო კითხვებით
მთრთოლვარე ბაგეზე ჩურჩულით გაგიმხელ
მშვიდობით, ძვირფასო მე აღარ მჭირდებით.

(***ნახე, ეს წყალი კატასავით, რომ გაგვირბენს)

ნახე, ეს წყალი კატასავით, რომ გაგვირბენს


ხოლმე და გააყოლებს ხელს, გულის
ჯიბეში შენახულ ფოტოს, სახელად „მოგონებას“.
დაფიქრებულხარ ერთხელ მაინც
რას ნიშნავს შენი ღიმილი სხვისთვის?
ანდა შუა დღით ამოსულ მთვარეს რისი თქმა
უნდა შენ ფანჯარასთან?
დაცემინებისას, რომ „სიცოცხლეს“მომძახებელი
არავინ გყავს, ამაზე მეტი
მარტოობა რა გინდა?
და არ არსებობს იმაზე მრუდი სარკე, ვიდრე
ცრემლიანი თვალებია.
ცნობისმოყვარე მეზობელივით , მალულად ვუსმენ
შენს გულისცემას.
რა გითხრა ახლა?
შალაშინივით ამ ბასრ ენაზე ყველა მტკივანი
სიტყვა გამეჭრა.
და ახლა წვეთავს ენიდან ზანტად სიტყვა „მჭირდები“
რომელიც ვერ ვთქვი.
ახლოა ღმერთი, სამი მთის იქით,
მაგრამ ვერ ვხედავ ფეხებს რომელიც მიმიყვანს მასთან,
რომ ერთიანად შევუნდო რა ვერ შესცოდა.
მე დავამთავრე შენი აკრეფა იმ ლოგინოდან
სადაც შენ დიდხანს გეძინა მშვიდად და უსიზმრებოდ.
და ვინაიდან უსიზმრო ძილი
მრევლის გარეშე მაგონებს ტაძარს,
მე ვანთებ სულში პატარა კოცონს და ხმელ ფიჩხებად
ჩემს თითებს ვუნთებ.
იცი ცხოვრება როგორია?
ერთხელ შეიძლება გითხრან სიტყვა „მიყვარხარ“
და მთელი სიცოცხლე გახსოვდეს.
(***რა გითხრა?)

რა გითხრა?
რაც გინდა უქნიათ,
სხვებს.ჩემი წესების ვიწამე,
სიყვარულს არასდროს უხსნიან,
გრძნობენ და სისხლივით ისხამენ
ძარღვებში.

(***რა ვიცი, ისე კი გამიშვი)

რა ვიცი, ისე კი
გამიშვი,
უკან არ მაცალე
მოხედვა,
შენ მარტი იყავი
აპრილში,
მე ქარი ასფალტი
მოვხვეტე,
დაკარგე თავიც და
საყურეც,
მე ცერზე ვიდექი ხელების,
სადაც არ წავედი
თვალყური
მადევნე, დამღალე
მერე კი
მოხვედი, ესეა
ამბავი
მე აღარ მიყვარდი
ძლიერად
და იდგა ქუჩაში ზამთარი
გაძარცვულ ტურისტის
იერით.

(***რა მოგიყვე?)

რა მოგიყვე? მოსაყოლი რაც კი


მქონდა, მაინც არ მიგქონდა გულთან
ეს გზა მიდის პირდაპირ და მარცხნივ
მე კი მაინც ვიყურები უკან.
სიყვარულზეც შემიძლია გითხრა
რამე სიტყვა, სამი თანხმოვანი
როცა ციდან გამოჟონავს წვიმა,
და ჩემს სახლში დუმილს ახმოვანებს.
მერე ტყდება ჩემი ძილის ძვალი,
ყველა ნეკნი ებზარება კედლებს
და საკუთარ თავში ვეძებ ძალებს,
შევარჩიო სწორი მხარე მედლის.
და რა ვიცი რა მოხდება“შარშან“
ან რა მოხდა მომავალში იქნებ,
დასათვლელი მეგობარი სად მყავს
ჰა, მაქსიმუმ ხელზე ვითვლი თითებს.
რაც ვიყავი ისეთივე დავრჩი,
სანაძლეოც ვერ მოვიგე წლებთან,
ლექსებივით წამიკითხე თვალში
ჩემი ყველა ტკივილი და სევდა.
პოეტი ხარ?ხოდა არ შეგშვენის
გადახვევა არჩეული გზიდან
კიდობანი თუ შექმენი შენით
მაშინ ნოე რა ჯანდაბად გინდა.
მიყვარხარზეც შემიძლია გითხრა,
რამე სიტყვა სამი თანხმოვანი
როცა ზიხარ და მიყურებ დიდხანს,
და ოთახში დუმილს ახმოვანებ.

(***რა საჭიროა შემოვლითი)

რა საჭიროა შემოვლითი
გზებით სიარული,
როცა პირდაპირ მოდის გზა
შენი გულისკენ.
ადამიანებს გვიყვარს ყველაფრის
გართულება!

(***რა უნდა ქნა?)

რა უნდა ქნა?
დღესაც მარტო ხარ.
დაიმეზობლე არაყი და პურის ნატეხი.
ჯერ სად ხარ?
ორიოდ ჭიქის მერე გაიხსენებ ყველას
ვინც ასე გიყვარს;
მამა, რომელსაც იმედები ვერა და ვერ გაუმართლე.
და როცა დაპირებას გთხოვდა, რომ საკუთარ თავს
მიხედავდი,
პირზე თითი მიადე და გააჩერე.
დედა, რომელიც მხოლოდ მაშინ გახსენდება
როცა გტკივა, როცა სიცხე გაქვს,
და ახლა როცა თითი გაიჭერი
კონსერვის ქილაზე.
შეყვარებული, რომლიც არასდროს გყოლია,
ან თუ გყავდა, მხოლოდ იმიტომ,
გარშემომყოფებისთვის გენახებია,
რომ გული შენც გაქვს.
მეგობრები, რომლებიც მაშინ „მოკალი“
როცა მიხვდი, რომ
იმ დროს გსტუმრონებ, როცა ჭირდებით.
ღმერთი რომელიც რა ხანია ავად გაგიხდა
და სამი „აბი“- რწმენა ვერ იშოვე
მის მოსარჩენად.
რას იზამ?
ადგები და ძმკაცივით საკუთარ თავს ხელს გადახვევ,
თან გააფრთხილებ უკან იყუროს,
რომ ვინმე საეჭვოდ არ გამოყვეს ფეხის ნაბიჯებს.

(***რაც ითქვა მაშინ, ვის ახსოვს ახლა)

რაც ითქვა მაშინ, ვის ახსოვს ახლა,


რას ვამბობ ახლა ვინ იტყვის მერე,
მე ავაშენე ოთახში სახლი
შეგიყვანე და თან შეგიფერე.
მენჯივით ტყდება ოცნება.ველი
გამოღვიძებას შუადღის ძილში
მარცხენა ხელით მარჯვენა ხელი
მიჭირავს შენი და ხომ არ გიშლი
ამაზე ვფიქრობ.ვდარდობ და რა დროს,
საუბარია რა იყო წინათ,
ითოვოს მაგრამ იქნება დადოს.
დათბეს და ისე არ მითხრა „მცივა“
გამივლის ქუჩა გვერდში და ნაწილ
ტკივილს წაიღებს და გზაში ფლანგავს,
შენ გინდა წვიმა, რომელიც არ ცრის
შენ გიყვარს ქარი რომელიც ჩადგა.
მე კი ვიხსენებ მომავლის ამბებს,
ჩვენ, რომ უჩვენოდ გადაგვხდეს უნდა,
იპოვის ვიღაც ჩემს ლექსებს სადმე
და მიიხუტებს ქალივით გულთან.
მერე და წერე, დახიე, დაწვი,
ყველა არ თქმული ლექსები შენზე
აათამაშე მხრებივით ღაწვი,
აიკაპიწე თითები ხელზე.
ფოთლები ხეებს თავზე დაცვივდა.
და რა შორა ხარ ახლოს მოსულო
ღრიალის ხმები ისმის ტაძრიდან
ვიღაც ამბობ, რომ მუნჯი ლოცულობს.
მე კი მოვდივარ და მომაქვს ლოგო-
სიმბოლო რაღაც სულ მთლად ახლისა,
და ჩემში ეჭვებს შეიტან როგორც,
წვერგაპარსული ღმერთის ნახვისას.

(***როგორ იხსნებაო სიყვარული?)

როგორ იხსნებაო
სიყვარული?
აბა მე რავიი...
რამდენი კაცია , იმდენი ახნა
აქვს.
არიან ერთნი, რომ
პაემანზე მიდიან, იებით ხელში.
აჩუქებენ ყვავილებს,
აკოცებენ ლოყაზე
და ჩურჩულით ეტყვიან -
მიყვარხარ.
არის მეორე:
შეკრებენ თავებს და ძმაკაცებს,
ისრიალებენ სადარბაზოსთან
და მშრალ ასფალტებს
დაასველებენ
ამოკაწურული სიტყვით-
„მიყვარხარ“.
სერენადებით თუ რაღაც
მსგავსით,
დაუბზარავენ ფანჯრებს წამწამებს.
გადმოხედავენ ადრესატები,
და მიყვარხარზე, ერთ სიტყვას
- „მეც“
გადმოუგდებენ სართულებიდან.
არის მესამე:
თვითონ ხტებიან სართულებიდან
და ტოვებენ მაგიდაზე
წერილს,
სადაც გკრული ხელით წერია:
ვერ შეგიფერე,
ვერასოდეს ვიქნებით ერთად,
მაპატიე,
მშვიდობით.
ამ წერილს ყოველთვის ახლავს
სინანულის წერტილად
ცრემლი.
არის მეოთხეც -
როგორიც მე ვარ.
შემიძლია, არასოდეს გითხრა
„მიყვარხარ“
რადგან ჩემს თვალებს,
შეუძლიათ იყვირონ ყველაზე მეტად,
როცა გხედავენ.
რადგან ჩემს დუმილს შეუძლია,
მილიონ „მიყვარხარ“-ზე
მეტი ილაპარაკოს.
რამეთუ ქვეყნად არის ისეთი, რაც არ იხსნება,
და უნდა იგრძნო
სიყვარულია.

(***როგორ მინდა გიყურებდე)

როგორ მინდა გიყურებდე და


ვერაფერს ვხედავდე.
ჩემს თვალებს
ათასი ტკივილი აქვთ ნანახი
და გულს
მილიონი დაწყვეტა.
ახლა ვკვდებოდე მინდა
და ბოლო სიტყვას -
„სიცოცხლე“-ს ვიტყოდი.
ყოველ დღე ვრწმუნდები, არაფერია
შეუძლებელი.
გუშინ გზაზე ბრმამ გადამიყვანა.

(***როდესაც ატმები გაზაფხულს შეღებავს)

როდესაც ატმები გაზაფხულს შეღებავს,


გავყურებ, ფუტკრებით დამტვერილ ნარცისებს,
შენ, ყველა კითხვაზე მპასუხობ - მერე რა,
მე, პასუხს გაძლევ, რომ მიყვარხარ - არც ისე
ასეა, რაც იყო ტრიალებს პირიქით
მარტივით ხელებზე მატყვია ხუდები,
შენ ყველა თემაზე საუბრობ ყვირილით,
მე კი შენ გიცქერ და უბრალოდ ვჩუმდები.
ხელებით მიჭირავს ნიღაბი, სარკაზმი,
გაგირბი და მაინც ჩემამდე მოდიხარ,
შენ, თავი გგონია ყველაზე ლამაზი
მე იციი, უბრალოდ - უბრალო მგონიხარ.
ცრემლივი ვიკავებ ხველას და ციებას,
ვიღვიძებ არც ისე ნაცნობი მიმიკით,
გახსენებ, გრძობებიც ოდესღაც ცივდება,
შენი ისევ ბრაზობ და თავს აქნევ პირიქით.
რა გახდი ასეთი ანცი და კაპასი,
ვიხსენებ, ნემსში ხომ ძაფივით ვავძვერი,
სხვაში რომ ოქროზე მეტადრე დაფასდი,
ჩემთვის კი ლექსი ხარ ფურცელზე ნაწერი.
ძარღვები წყდებიან მოკლედ და შიგნიდან,
ვზივარ და თამბაქოს ვუსინჯავ ნაფასებს,
შენ ვიცი, რომ მთელი სამყარო გიყირვარ,
მე ამ დროს კაპიკზე ნაკლებად გაფასებ.
დავდივარ და ფეხი გულივით მერევა,
მივყვები და ვითვლი დამტვერის ნარცისებს,
შენ, ყველა კითხვაზე მპასუხობ - მერე რა,
მე პასუხს გაძლევ, რომ მიყვარხარ - არც ისე.

სეკვენცია

დაიღლებოდი აბა, როგორ ხანდახან როცა


ჩაივლი ქუჩას და სახლისას შეაღებ კარებს,
მიხვალ კუთხეში, ღმერთის ხათრით დაიწყებ ლოცვას
და მერე ცისკენ მორჩილებით აღაპყრობ თვალებს
მხოლოდ იმიტომ , რომ აჩვენო უფალს თუ მისთვის
რამდენს აკეთებ და რომ უკვე მუხლები გტკივა
ამდენი ჩოქვით, მეტანიით და ბოლოს რისხვით
წამოგცდება, რომ ღმერთმაც უკვე ძალიან ცივად
მიგიღო. შენ კი ისღა გრჩება და რაც კი გრჩება
ის არის მხოლოდ, რომ ადგე და დაგლეჯილ ფეხზე
დაიკიდო ის ხალხის მასა, ჯოგი თუ რემა
რომელმაც სამჯერ განაცხადა უარი შენზე.
და თუკი შენზე სამყარომაც აიღო ხელი.
თუ უსაქმურიც არ აპირებს შენს გამო მოცლას
დაიმახსოვრე ნუ იქნები უგუნური ბრძენი!
და ღმერთის ხათრით ნურასოდეს დაიწყებ ლოცვას.

(***სიკვდილი ზედმეტად მარტივი)

სიკვდილი ზედმეტად
მარტივი გამოსავალი ჩვენთვის.
უნდა ვიცოცხლოთ და ყველა ჩვენ შეცდომაზე
ვაგოთ პასუხი,
საკუთარი თავებით,
სისხლით.
არაფერი არ დაგვიშავებია იმაზე
მეტი ვიდრე
დუმილია,
უმოძრაობა,
საკუთარი ტყავისთვის ზრუნვა,
გაყინული თევზის თვალები
და „ჩემი რა საქმეა“-ს ძახილია.
სტაგნაცია

შენ დაიბადე, შენ სოფელში და-ძმების გვერდით


აიდგი ფეხი, უმართლებდი მშობლებს მოლოდინს,
სულ არ გხიბლავდა ეს თბილისი და უფრო მეტიც
შენთან ჩამოსულ ქალაქელებს ვერ ეწყობოდი.
ზაფხულობით, რომ გსტუმრობენ და მერე ზამთარში
უბრუნდებან, მის ქალაქებს, კერას, ოჯახებს,
დრო როგორც წესი ასე გადის თამაშ-თამაში
შენც გაიზარდე და მიზანი თვითონ მონახე.
თვითონ რა, უფრო როგორც ხდება, მშობლის ჩარევით,
რომ სტუდენტობა შეიფერე უცხო ქალაქში
რომც არ გინდოდეს, ხათრითა და თავის დაქნევით,
შვილები მაინც ვერ ვუბლოკავთ მშობლებს განაჩენს.
მერე თბილისი, სოლოლაკი, ვერა-რა ვიცი
უბანს რა დათვლის.მეგობრები, უცხო გარემო
სახლთან მოხრილი ბიჭი გნახავ და მერე ისიც
სადმე მტკვრის პირას დაგიბარებს „საახსარებოდ“
შენ თავს იკავებ ხიფათისგან რადგან მშობელი,
ხანდახან მაინც გახსენდება.ესეც კარგია
მაგრამ ხვდები, რომ მეგობრებთან სულ ამ პრობლემით,
თავს ვერ იმართლებ, გაგრიყავენ, სუსტად ჩაგთვლიან.
ახლა შიმშილი, ყველაფერზე ხელის ჩაქნევა
და გახსენება თუ ოჯახში როგორ გიჭირდათ,
სხვები ცხოვრობენ არხეინად, გადასარევად,
შენ კი გიგზავნის ბოლო კაპიკს მამა ჯიბიდან.
ხოდა დასრულდა როგორც იქნა სასწავლო წელი
უნდა დაბრუნდე შენს ოდაში პაპის ნაშენებ,
ცუდის ნიშანი უნდა იყოს როდესაც ძვლები
გამტვრევენ ტანში და თვალები გითამაშებენ.
უახლოვდები შენ სახლ-კარს და გერევა ცრემლი
და გულისცემა ნაბიჯებზე ბევრად სწრაფია,
რომ „იყიდება“ აწერია გაკრული ხელით
შენ სახლს და ხვდები მამის უშნო კალეგრაფიას.

(***ფსიქიატრიული საავადმყოფოები)

ფსიქიატრიული საავადმყოფოები
ვეღარ იტევს უკვე
პოეტებს.
მეც გარეთ დავრჩი.
და ახლა ნიშნად
სოლიდარობის და თან პროტესტის,
თეთრ ხალათ შემოხვეული
მარტო დავძრწი ღამით
თბილისის ქუჩებში.
და გამუდმებით მომდებს და გავურბივარ
ვიღაც კაცს,
რომელიც, ცრემლიანი თვალებით
მიმტკიცებს, რომ
მამაა ჩემი.

ქოლერიკული ფრაგმენტებიდან

მუჭანახევარ სიცოცხლეზე ნუღა ვიდავებთ,


ორი გრამია ეს ცხოვრება და კიდევ რაღაც,
შილინგი, გროში, სენტაო და ჩვენ კარ-მიდამოს
ოციოდ სუ-ში გვიყიდიან რომ იმის ნაცვლად..
გვკითხონ რა გვიჭირს?, ან რა გვინდა?ან რა გვაწუხებს?
ხვეტავენ სულს ამ ჭუჭყიანი ტროტუარივით,
მოდიან ახლო და ეკლიან ცოდვის მარწუხებს,
გვიჭერენ ყელზე, მაჯაზე და ჩვენ უარივით,
თავს ვაქნევთ მარცხნივ და უმალვე იმავ სინქრონით,
ვაბრუნებთ მარჯვნივ(რაც ნიშნავს რომ მორჩა არ გვინდა)
ამდენი ტანჯვა და არ გვახსოვს როგორ მივრბოდით
თოვლში და ქარში და ზეციდან როგორ გვაწვიმდა,
უფლის თვალიდან მოდინარი თეთრი მირონი,
რომელიც, სულში იღვრებოდა ლექსის ხელწერად,
მე ვიხსენებდი თუ ამ ქარში როგორ გარბოდით,
და რომ ამ წასვლას დაბრუნება აღარ ეწერა...
ვხვდებოდი კარგად, ვიღიმოდი, ვწერდი მაჯამას,
(ან რა აზრი აქვს, გახსენებას რაც ვწერე შავად)
ახლა წარსული აწმყოსთანაც ისე მაჯამებს
რომ, მომავალში მხოლოდ რაღაც წერტილად ვჩანვარ,
ყველა სტრიქონის, ყველა სტროფის, ყველა ტაეპის
ხმა ისმის რადგან ლექსისცემას ვიკავებ ვეღარ,
ჩვენ მებადურის იმ დაგებულ ბადეს გავებით,
სად თქვენ პირქვე ოკეანის სიღმეში წევხართ,
და ითხოვთ შველას, მაგრამ გზები ირევა ისევ
და მიდის არსად, არსაითკენ, არარაისკენ,
მე, კვლავ ვზივარ და ოკეანის სიჩუმეს ვისმენ
ვისმენ და დილა ტრიალდება ისევ ღამისკენ,
სადაც არცერთი საცალფეხო არ სჩანს ბილიკი,
არსიარულში იცვითება ნერვი და ქუსლი
დგება უფალი მე კი ალბათ დღესაც პირიქით,
ვეცემი, როგორც არშემდგარი მიჯნურის პულსი.
და მტკივა ყველა უტკივობა და არამც ფიცი,
თვალთაცეცება, გაღიმება და თავის დახრა,
თქვენ ღიმილიღა შემოგრჩებათ რომელსაც იციით?
ო, ღმერთო ჩემო რაოდენი ტკივილი ახლავს.
აჰა, გროშები და გვყიდიან, რომ იმის დაცვლად
გააღონ ზეცა და გაუშვან ყველა მდინარე,
ორი გრამია ეს ცხოვრება და გთხოვთ რომ რაღაც,
მუჭანახევარ სიცოცხლეზე ნუღარ ვიდავებთ.

(***ღმერთია მოწმე)

ღმერთია მოწმე, არ მივლია


იქით საითაც,
სხვები დადიან.მიფრინავენ
სადაც მერცხლები,
და მე არ ვიცი დედაჩემო
სანამ აიტან
შვილს:
უმუშევარს,
უცოლშვილოს,
მწერალს ლექსების.

(***ყველაზე მწარე მარტოობა)

ყველაზე მწარე მარტოობა


მაინც ის არის,
ყველა, რომ გვერდით გყავს და
მაინც მარტო ხარ...

(***ყველას ვუგებ და ვერ მიგებს ვერავინ)

ყველას ვუგებ და ვერ მიგებს ვერავინ


და როგორ მოვიქცე ვფიქრობ და ამიტომ
ავდგები და სანამ კარს ჩამიკეტავენ
არავის გავუგებ და იქნებ გამიგონ.
იმდენად მარტო ვარ, ხანდახან მგონია,
ვერავინ მიპოვის თავი, რომ დავკარგო
(და შენზე რა ვთქვა და) ისეთი შორია,
ჩემამდეც, რომ თუგინდ ეს მთელი სამყარო
ფეხით მოვიარო, ვერ მოვალ ჩემ თავთან.
დავათრევ ოცნებებს ცხოვრების კატორღას
და ვისაც ვუყვარდი სწორედ ის შემჯავრდა,
ვინც მეჯავრებოდა ის მიყვარს რატომღაც.
მე ასე არეულს, უკუღმართ საწუთროს,
დავნებდი. თითქოსდა მოჭამდე ჩემი დრო,
და ახლა ვფიქრობ, რომ უბრალოდ, ამ წუთას
ვიღაცა მოვა და რაღაცას შემინდობს.
არადა მგონია თუ ერთხელ გაბედავ
დაამსხვევ ცხოვრების დაწყევლილ მარწუხებს
და რა ადვილია უყურო გარედან
სხვის ტკივილს, თუ იმას შიგნიდან აწუხებს.
ამიტომ ვამბობ, რომ ვერ მიგებს ვერავინ
პირიქით უნდა ვქნა, ვფიქრობ და ამიტომ
ავდგები და სანამ კარს ჩამიკეტავენ
არავის გავუგებ და იქნებ გამიგონ.

(***ყველაფერს თავისი წერტილი აქვს)

ყველაფერს თავისი წერტილი აქვს.


და მძიმე ცხოვრებაც გაზვიადდა.
ეს ჩემი გაღიმება -ზეპირია,
ეს ჩემი ტკივილები- აზრიანი.
დრო გავა, კი არა და გასულია
უკვე, ამ საუკუნის მეოთხედი
შენ კი ჩემო თავო ოთხსულიან-
ოჯახს უყურებ და გიოხდება
ხმა და ვეღართქმული სათქმელები;
ხალხში, ოჯახში თუ ოჯახს გარეთ,
დრო მოვა წავა თუ რაც იქნება,
მეც ფესვში მომთხრიან და გადამრგავენ.
თქვენ ჩემზე ნუ იდარდებთ ძვირფასებო!
თქვენ-თქვენი ხეები გაქვთ დასარგავი
და ხდება შავია და ითარსება,
ეს ბედიც მეზობლის კატასავით.
მე ვიცი, რომ მაგრად გავაჭირვე,
შენ გესმის, რომ მაგრად გაგვიჭირდა,
ნუ ტირი დედაჩემო რა გაშინებს,
შვილი ვარ.ხელი მაქვს და რამეს ვიზამ.
ოგონდაც ნუ იდარდებ.მიზნებიდან,
რაც მინდა დავსახე და ამოვარჩევ
როგორი ჯიბეცა მაქვს, ისეთი ვარ
ანუ დე ცარიელი გული დავრჩი.
და ხდებ იშვიათად მევსებიან,
თვალები, მხიარულად-ნაღვლიანი,
რაც დამრჩა ეს უაზრო ლექსებია,
და ჩემი გამოხედვა-აზრიანი.

(***შენ არც კი იცი)

შენ არც კი იცი, ანდა თუ იცი,


კარგად არ გესმის, (უფრო ვერ ხვდები)
ცოცხლობ და მაინც ირჩევ სუიციდს,
ზურგით დგახარ და მაინც მეხები.
იცნობ „ფიცჯერალდს“.აღებ ფანჯარას
და წესებს ახალ წესებს უწესებ,
ნახევარ მთვარე როგორც ნაჭამი
ვაშლი ჰკიდია ზეცის უპეზე.
ბევზე ფიქრობ და ცოტას განიცდი
ასე რად ხდება?
ისე რატოა?
ვგეგმავთ რამეს და ხდება თავისით.
ერთად ვცხოვრობთ და მაინც
მარტო ვართ.
არ იცი საით წავლენ ნისლები,
წვიმაზეც აღარ იწნავ ნაწნავებს,
შენ ყოველ ღამით მზეს ეფიცხები
და დილით ცაზე ითვლი ვარსკვლავებს.
საუკუნეა აღარ ვსვამთ- ჩაის
და ნიკოტინით სველს ფილტვებს ვბერავთ,
ვფქრობთ და დღემდე ვერ ვხვდებით მაინც,
ერთმანეთისთვის ვინა ვართ ჯერაც.
(***შენ ვიცი გაგეცინება)

შენ ვიცი გაგეცინება


ნამდვილო შეშლილო,
პოეზიაზე და პოტებზე, რომლებიც სიგიჟეს
ქადაგებენ,
რადგან საკუთარ თავთან ვერ აკავშირებ ვერაფრით,
ვერცერთს.
და კიდევ არც გსმენია გიჟები რომლებიც
ხვდებიან, რომ გიჟია.
დანამდვილებით იცი,
რომ პოეზია სიმშვიდეა,
ქაოსში დანახული
სიმშვიდე.

(***შუა ღამეა. ავდექი და ასე დავიწყე)

შუა ღამეა. ავდექი და ასე დავიწყე


ძვირფასო დედა, როგორა ვარ
გითხრა ვეცდები,
და რა კარგია, რომ არ იცი, ანდა არ გითხრეს,
საკუთარ თავსაც თუ ხელიდან
როგორ ვეცლები.
მე არ ვიქცევი, როგორც ხდება,
როგორც წესია,
ვზივარ სახლში და ღმერთის ჩურჩულს
ვცდილობ შევესწრო,
მერე გამოვალ სახლიდან და ინტერესიან
ქუჩას მივყვები, უფეხოდ და
უინტერესოდ.
რაც მეტს მივდივარ დედაჩემო,
ასე მგონია,
რომ ეს სახლები მომყვებიან კუდში
ძაღლივით,
მოგონილია კარგად ყოფნა და აფსურდული,
როგროც ეს ლექსი, ეს ძაღლი
და სახლი სამივე.
მაგრამ გამიგე, იზრდებიან
როცა შვილები,
თვითონ ზრუნავენ მომავალზე,
გზებზე, სავალზე,
თუგინდ დამჭირდეს ცხრაათასჯერ
თავის მხილება
გეტყვი, რომ ბევრჯერ დავცემულვარ
მაგრამ არასდროს,
ღმერთია მოწმე არ მივლია
იქით საითაც
სხვები დადიან, მიფრინავენ სადაც
მერცხლები
და მე არ ვიცი დედაჩემო სანამ აიტან,
შვილს უმუშევარს, უცოლშვილოს,
მწერალს ლექსების
და გეხვეწები, ეს დღეები ნუ მემდურები
და ნურც ნურაფერს მოუყვები
ჩემზე მამაჩემს,
უკვე ცხრაასჯერ გადაბრუნდა
ჩემს წინ ურემი
მაგრამ ეს გზა და ეს საშველი მაინც
არა ჩანს.
მე კი რა დამრჩა დედაჩემო გარდა
იმისა,
რომ უშენობის შევიკავო
მწარე ხველება,
შენზე ვიფიქრო, ჩაგიხუტო,
გულზე მიგიკრა
და კილომეტრზე მოგაწვდინო
ჩემი ხელები.

(***ჩვენ-ჩვენი წილი, სახელური)

ჩვენ-ჩვენი წილი, სახელური


მივხურეთ კარი,
დიდ სხეულებში, ავიშენეთ
მცირე კატორღა,
და ველოდებით: წერილებს, ფაქსებს,
დეპეშებს, ზარებს,
მოკლედ ყველაფერს, ერთმანეთის
გარდა რატომღაც.
ჩიხი და გამოსავალი

ვინმემ მითხარით, რა უნდა ქნა მაშინ, როდესაც


მარჯვნივ და მარცხნივ გიკეტავენ გზას და უარესს
შემთხვევაშიც კი წინ სავალსაც რა გეშველება,
როდესაც შენს სახლს ღრუბლებივით გადაუარეს
კეთილმოსურნე მეზობელის ბომბდამშენებმა...
სახლი, რომელსაც შენი შვილი ჰქვია სახელად,
მეუღლე, მამა, დედაშენი და დანარჩენი,
ვისაც უყვარხარ, არ უყვარხარ... არ ღირს გამხელა...
ფაქტი ერთია - სამშობლო გვაქვს გადასარჩენი!
ჰოდა იბრძოლე, ერთ ადგილას რა გაგაჩერებს,
მწვანე გაზონი რა კარგია არა? შეხედე
რა ქუჩებია, რა გზებია, ან რა ქარია
სუფთა და იცი, არაფერი ხდება შემთხვევით..
ეს, ძმაო, სხვისი ქვეყანაა, რა გიხარია...
ასეთ რაღაცას იშვიათად შენთან შეხვდები.
და ერთხელ, როცა გადიგლისავ თვალს და მარტივად
იმ ლოგინიდან წამოდგები, სადაც იწექი,
უნდა თქვა, მორჩა, ერთი თქვენი დედაც ვატირე,
დრო არის, უკან დამიბრუნოთ ჩემი მიწები,
სულ რომ ახლახან მიითვისა ვიღაც ატილამ,
დაგიწესებენ ემბარგოებს, ათას სანქციებს
ლექსებზე, წყალზე, გაწამებენ ჯვარცმაზე დიდხანს...
უნდა გაუძლო, მერე რა, რომ ზურგი გაქციეს,
გვერდში ბავშვობის ძმაკაცივით სამშობლო გიდგას...
ჰოდა, რა დაგღლის? გეკითხებით, რა შეგაციებს?

(***ხშირად მომხდარა, რომ ქუჩაში)

ხშირად მომხდარა, რომ ქუჩაში ვიღაც მამაკაცს


დიდხანს უყურებ - ხედავ, გეცნო და ვერ იხსენებ...
და არის ერთი თეორია, რომლის თანახმად
სახლში მისული მთელი ღამე ვერ მოისვენებ.
ფიქრში იმაზე, თუ ვინ იყო, გეცნო საიდან,
მოგაქვს ალბომი, კარადიდან გვერდით თარო ჩანს...
ათვალიერებ სურათებს და მერე თავიდან
თვალს გადაავლებ იმ ეჭვით, რომ ხომ არ გამოგრჩა
ვინმე ისეთი მეგობარი ძველი ნაცნობი,
ოცის წლის წინათ რომ იცნობდი, მერე საერთოდ
აღარც გინახავს, არც გსმენია მისი კაცობის
რაიმე ფაქტი, რომელზედაც გინდა დაეყრდნო,
ხეიბარივით მიგიყვანოს ხელით წარსულთან,
ათვალიერებ სკოლის ფოტოს... აი, ბიჭები
კლასელ გოგოებს რომ დასდევდით, რა დრო გასულა...
ამბობ გულში და გეტირება, თან ვერ იჯერებ,
რომ შეიძლება მეგობრები ასე უკვალოდ
იკარგებოდნენ გულებიდან, ერთმანეთიდან,
ახლა კი ერთი საფიქრალი გრჩება უბრალოდ
ის ვიღაც კაცი გაიხსენო, წინ კი მაგიდა
გიდგას და ზედვე გილაგია მთელი ბავშვობა,
აქ უკვე ნახე, სტუდენტი ხარ, დიდი წვერი გაქვს...
ათვალიერებ სურათებს და ხედავ, გაშორებს
სულ ათიოდე სანტიმეტრი მამაშენიდან
და გივარდება ღრიალი თუ, როგორ ვერ მიხვდი,
რომ იმ ვიღაცას კი არ იცნობ, გეცნო, არამედ
ძლიერ ჩამოგავს სავსე მხრით და სახით ფერმიხდილ
უცხო მიწაზე გადახვეწილ ძვირფას მამაშენს,
იმ კაცს, რომელიც გახსენდება მკრთალად, ბუნდოვნად,
მხოლოდ ფოტოში იკვეთება მისი სიცივე...
მამას, რომელსაც ყველაფერი შენთვის უნდოდა
და თურმე შენვე ბავშვობაში გააციმბირეს...
არადა, მამას გამსგავსებდნენ, ხშირად, ამბობდი,
რომ მისგან დაგყვა თვალებიც და სახის სიფითრეც,
და სულ იმიტომ გადაქექე მთელი ალბომი,
ერთხელ სარკეში ჩახედვა რომ ვერ მოიფიქრე...

(***ჰო ისევ, ისევ, ვზივარ და გისმენ)

ჰო ისევ, ისევ, ვზივარ და გისმენ,


ჰო ისევ, ისევ, გედძახი-აქ ვარ!
ეს მე ვარ შენი თვალები მზისფერ
და გაზაპხულის სურნელით დაღლა.
ჰო ისევ, ისევ, ვყვირივარ: -მე ვარ!
ჰო ისევ, ისევ სამყაროს ღერძი,
შენი ცრემლების წვიმაში ვდგევარ
და შენს გულისთვის, თვით ღმერთებს ვებღძვი...
მე ვარ სიფხიდზლე, სიზმრების მერე;
და იმის მერეც რაც არის, ის ვარ...
შენ ის ხარ, რაცკი აქმდე ვწერე,
რაც კი ოდესმე ლექსებად მითქვამს!
ქანაანი ვარ, აღთქმული მიწა,
მოსეს მზერაში სამყაროს ვიტევ.
მე აბელი ვარ, კაენო მიცან!
და ძმაო, დღესაც ნუ მომკლავ, ისევ!
ჰო ისევ, ისევ, ეს მე ვარ-ზევსი,
ოცნების ბაღში გაზრდილი ხე ვარ,
და სანამ, ხალხნო, მაგ ტყვიას მესვრით
დაფიქრდით იქნებ, ეგ ტყვიაც მე ვარ!
მე ვარ ცოდვილიც, წმიდაც,
სიგრილეც, ყინვაც და ზამტრის სითბოც.
მე ის ვარ, შენი მზერა რომ მიაქვს
და მასზე დილით ხელებს რომ ითბობს!
ჰო მე ვარ, მე ვარ, ნიკოლოზ-ვაჯა-აკაკი,
მირზა, მარო და ლორკა...
ხან ის ვარ შენ რომ გიფეთქებს მაჯას,
ხან ის ვარ შენ, რომ ძაღლივით გლოკავს...
ჰო ისევ, ისევ, ვუყურებ, ვხვდები,
თუ ქისტებს როგორ აჭრიან მკლავებს,
ხან ტაბიდძე ვარ-ფანჯრიდან ვხტები,
ხან ილია სა წიწამურს მკლავენ.
ჰო ისევ, ისევ, ვზივარ და ვსუნტქავ,
გარეთ კი ქარი სტრიქონებს ფანტავს!
ყველა ტკივილოი მე მიმაქვს გულთან,
ხანაც კი გული საერთოდ არ მაქვს!
როსტევანი ვარ, მეფეთა მეფე,
მდძლეველი ვარ. თვით უფლის შვილი.
ტარიელი ვარ და ნესტანს ვედძებ,
ხან კი ვზივზრ და წყლის პირას ვტირი...
მე დემეტრე ვარ და მეფედ ვზივზრ,
მე თავდადებული სიბრძნით ვფასდები.
ჩემი ქვეყნისთვის პაატას ვწირავ,
ხან ვღალატობ და ვშაჰ-აბასდები!
ჰო მე ვარ, მე ვარ, ბევრგან რებული,
რიჩარდ მეოთხე, ხან მეთე ლირი.
პირველად მე ვარ შეყვარებული,
და შენს სიყვარულს ხმამაღლა ვყვირი!

You might also like