You are on page 1of 19

ლექსები

გელა დაიაური

არ შეიძლება

დაუშვათ ერთ წამს, - შენ გახდე ჩემი,


ვთქვათ - შენ ცოლი და მე კიდე ქმარი
ვთქვათ, რომ მომეგო მაგიერ გვემის
სინაზისა და ღიმილის ღვარი.

ვთქვათ, - დაიღვარე ღიმის ჩქერებად,


ვთქვათ - ჩემს ოცნებას და ფიქრს მიმწიე,
(არა, ასეთი ბედნიერება
ვით შეიძლება ერგოს მიწიერს!)

ვთქვათ, - ყოველ დილით, გასეირნებად,


გვერდზე დამიდგე მეუღლე რიდით,
მწამს, ზეციერსაც არ ეღირსება
ბედნიერება ესოდენ დიდი.

არა! თუ რამე დამეჯერება


მე სხვას მოვძევ და შენ სხვა მოძიე,
რადგან ასეთი ბედნიერება
არ შეიძლება ერგოს ხორციელს.

ნეტავ აქ იყო

ნეტავ აქ იყო, - მარტის თვეში ნახავდი მუცოს,


პოეტი სალამს მოგიძღვნიდა, - გულანთებული,
თავს დაგიხრიდნენ ქარაფები ლამაზს და უცნობს,
მხრებს შეარხევდა თორღვას ციხე - გაღმერთებული.

ნეტავ აქ იყო, - იის მოსვლას ვუდარაჯებდი,


დავთვლიდი დღეებს თბილს, უსაზღვროს და უთარიღოს,
მიწას გავხლეჩდი ანთებული მზერით - ხანჯლებით,
აჩქარდებოდა გაზაფხულიც, შენ რომ აქ იყო.

ნეტავ აქ იყო, - დღეს ეს არის ჩემთვის მთავარი


და რომ იცოდე, ამ გულს როგორ გაახარებდი. . .
ენძელასავით გატარებდი ხელში აყვანილს
ასე, სათუთად მთებს და ველებს დაგატარებდი.

ნეტავ აქ იყო, - ენძელებით დაგამშვენებდი,


კრძალივით გესროდი მარტის თოვლის ცრემლიან გუნდას
ტრფობით დაქანცულს შურთხის ხმაზე დაგაძინებდი
ვუდარაჯებდი ყაჩაღივით შენს ცბიერ სუნთქვას.

დაბინდდებოდა და მოგხვევდა მთვარე შავ მკლავებს


ნიავი წყურვილს მოიკლავდა ბაგით მალ - მალე,
თავს მოიკლავდა ქარაფებში, შურით ვარსკვლავი,
მთვარე ალერსით დაგაფენდა ოქროს დალალებს.

ვეღარ გავძლებდი და ტუჩებზე დაგაკვდებოდი,


გაიღვიძებდი გულუბრყვილო თვალთა ციმციმით,
- შემაშინეო, - სასაცილოდ ატირდებოდი
და შენს ცრემლებზე მოკვდებოდა მთვარე სიცილით.

მუნჯი ტკივილი

ვინ იცის ქვაო, როგორ გტკივა


თოვლი გაგიჟებს,
ვინ იცის მიწავ, როგორ გტკივა
ფეხს რომ გაბიჯებ.

ვინ იცის პირუტყვს, როგორ უჭირს


ყოფნა უენო,
ამ გულს კი ყოფნა ყოფნა-ფუჭი
ყოფნა უშენოდ.

ვინ იცის, ხეო, ფეხზე დგომით


გტკივა ფესვები
წელში იხრებით ქართან ომით
არყნი, მუხები.

ვინ იცის, ფიფქებს როგორ უნდათ


დიდხანს სიცოცხლე,
ტალახში როცა ვაგდებთ გუნდას,
ყოფნას ვუმოკლებთ.

ვინ იცის, ურვა და ჩივილი


ქარის, მიწის, ცის . . .
პოეტის გარდა მუნჯ ტკივილის
არავინ იცის.

ფიქრი გადაგვარებაზე

ზოგჯერ გავიფიქრებ გავგიჟდე და ვთქვა


არაწესიერი ქალის შვილი ვიყო
ხშირად შევიგინო ჩემი დედა
ტრადიციული სტილიდან გავირიყო.

არვინ გაიკვირვოს შეიძლება


გაპრანჭულ ლაპარაკად დავიღვენთო
თმები გავიშალო კულულებად
ცხვირზე საყურე გავიკეთო.

კანაფი გავაბოლო
კუბები მოვითვალო
ვაჟკაცს ვაჟკაცური არ ვუთხრა
სამჯერ გათხოვილი ცოლად მოვიყვანო
გერები მივიღო საკუთრად.

ვინატრო ანტალია ან ის რიო


სულ არ გავიხსენო ვარძია
როკზე და რემიქსზე გადვირიო
ქართულზე ჩავიუბნო ბანძია

ხშირად ვიწუწუნო დედა მამა მშია


ან ვინმეს ჯიბეს ხელი ჩავუყო
დავკარგო ყველაფერი რაც კი გამაჩნია
მაგრამ ქართველობას რა ვუყო.

შატილის ცასავით

შატილის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები,


მშვენებით მოჰგევხარ სალი კლდის ავაზას.
მაგ სილამაზისთვის გწყევლიან ქალები,
ვაჟები ჰკოცნიან შენს სავალ შარაგზას.

რამდენჯერ ვევედრე ლაშარს და კოპალას,


კვლავ დამიბრუნებდნენ აპრილებს გაფრენილს.
შორს გაგიტაცებდი ცელქსა და ლურჯთვალას,
შენს დალალს ვნახავდი ჩემს მკლავზე დაფენილს.

კვლავ ნუღარ შემხვდები მერიდე მზექალო,


კაცი არ მაცდუნო მაგ თვალთა მშვენებით.
შევცდები, შეგტაცებ პერანგის საყელოს,
მთებს გადაგატარებ ლურჯაის ჭენებით.

და როგორც ყაჩაღი, არწივთა საბუდარს


მივალ და გავხდები სალი კლდის ხიზანი,
შურთხებთან დაგმალავ საცოლეს ნაქურდალს,
უშენოდ სიცოცხლეს არა აქვს მიზანი.

მახსოვს ის ცელქი ცქრიალი

მახსოვს ის ცელქი ცქრიალი,


მუცოში მოცვზე ცილობა,
ცად ცისარტყელას ციალი,
ოცნება და სიცილობა.

კოცნა დამქცევის სიცივის


ან ცვენა ცხელი ცრემლების,
ან ცივი ცვარის ციმციმი,
ცერებში ცეკვა ცელების.

კლდის ცქერით ზღვა გაოცება,


ცად აცერილი ფიცარი,
ან საოცნებო ცხოვრება,
სიმტკიცით შენაფიცარი.

ან ციყვის მომცრო ცაცებით,


ცირცელზე გადაცოცება,
ალიცლიცული ცაცხვები,
ცად ატყორცნილი ლოცვებად.

ან ჯერაც გასაციები,
ცვრიანი ხორცი აცმული,
მეცხრე ცას ასაცილები,
ცხელი კოცონის ტკაცუნი.

იმაზე ანცი ოცნება


რაც არ იცი და რაც იცი,
ცის-კარზე ცის დამორცხვება,
ცისფერ სივრცესთან ლაციცი.

ციცინათელას ციალი,
ოცნება და სიცილობა,
გახსოვს ის ცელქი ცქრიალი,
მუცოში მოცვზე ცილობა?

მუცოს გოდება

სადაც ოქროსფერი მზის ქაფია,


თორღვაის ცხენი იქ აბია,
ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია,
ჟამმა გზა - ბილიკებს უცნობს.
მეც ხომ ვიძახოდი ღვთის კაფიას,
მტერი მამულისა მიკაფია,
სისხლი წყაროსავით მიხაპია,
იმედი რომ ერქვა მუცოს.
„ღმერთო! ძე ღვთისაო და მარიამ,
მტერი, მოყვარე მთავარია,
ჩემთან არც ერთი არ არიან,
ყველასთვის გავმხდარვარ უცხო“.
ნეტა ეს ხმაა და რა ზარია,
რა გოდება და თავზარია,
მუცოს ბეჭები გაბზარვია,
ჟამისგან ძლეულა მუცო…
სურდათ აკვნები ურწეველი,
მტერი არ დარჩა უწვეველი,
„წასული თავ-ბედ უწყევლელი,
ქართლს მტერი ეყოლება ნურცო“.
ასე ურყევი და ურღვეველი,
მტრისათვის ხარკის უძლეველი,
გაუტეხელი და უძლეველი,
ჟამისგან ძლეულა მუცო.
სადღაც ლამპიონთა ღაღანია,
სადღაც ცეკვაა და არღანია,
სადღაც ვაჭრობაა გაგანია,
ვიღაც მდიდრდება და წუწკობს.
აქ კი აღარც თორღვა ძაგანია,
აღარც ფარ-შუბების ჭახანია,
მშველელს ელოდება რა ხანია
ბეჭებგაბზარული მუცო.

(***ვიგონებ: მთებია, ნისლები)

ვიგონებ: მთებია, ნისლები,


ჯიხვი ხტის, ჩანჩქერი რაკრაკებს,
სხივები, სხივები - მზის დები...
ქალაქში? - ქალაქში დავკარგე.

სულში კვლავ მთის ნატვრა მოძვრება,


ქალაქმა მიმონა ყრმა ურჩი,
დავკარგე ფიქრი და ოცნება,
სიჩუმეც დავკარგე ხმაურში.
მთა ვიყავ, ახლა რა - ნაკუწი,
ფრესკა ვერ დავქარგე ქალაქში
დავკარგე სინდისი, ნამუსი
სიწმინდე დავკარგე ქალაქში

მპარავს ვერ დაიჭერს გონება,


ჟამია სიბრმავის მწიფობის,
გამქურდეს და იმ ჩემს ქონებას
ზაფხულში კვლავ მთებში ვიპოვი.

ფიქრი გადაგვარებაზე

ზოგჯერ გავიფიქრებ გავგიჟდე და ვთქვა


არაწესიერი ქალის შვილი ვიყო
ხშირად შევიგინო ჩემი დედა
ტრადიციული სტილიდან გავირიყო.

არვინ გაიკვირვოს შეიძლება


გაპრანჭულ ლაპარაკად დავიღვენთო
თმები გავიშალო კულულებად
ცხვირზე საყურე გავიკეთო.

კანაფი გავაბოლო, კუბები მოვითვალო


ვაჟკაცს ვაჟკაცური არ ვუთხრა
სამჯერ გათხოვილი ცოლად მოვიყვანო
გერები მივიღო საკუთრად.

ვინატრო ანტალია ან ის რიო


სულ არ გავიხსენო ვარძია
როკზე და რემიქსზე გადვირიო
ქართულზე ჩავიუბნო ბანძია

ხშირად ვიწუწუნო, დედა, მამა, მშია


ან ვინმეს ჯიბეს ხელი ჩავუყო
დავკარგო ყველაფერი რაც კი გამაჩნია
მაგრამ ქართველობას რა ვუყო.
ცაზე თამაშობენ ვარსკვლავები

ცაზე თამაშობენ ვარსკვლავები,


როგორც შავ თვალებში ჭინკები,
გვიდგას სიყვარულით, გალაღებით,
გრძნობით ავსებული ჭიქები.

ბახუსს გაუშლია ჭრელი აფრა,


ძმები ღვინოს ვსვამთ და ვღვინდებით,
შემთვრალს უფრო ხშირად, უფრო მზაფრად
უფრო მენატრები, მინდები.

ჰოი, ეს ეჭვები დამახრჩობენ. -


ვინ იცის, სად, ვისთან იქნები…
…ცაზე ვარსკვლავები თამაშობენ
როგორც შენს თვალებში ჭინკები.

(***მე რომ ლამაზი თვალები მქონდეს)

მე რომ ლამაზი თვალები მქონდეს,


გაგისწორებდი მზერას თამამად,
ვით კლავიშებზე თითი აკორდებს,
სიწითლე ღაწვებს დაგიფარავდა.

დავამარცხებდი შენს ამაყ მზერას,


გეტყოდი ამდენი ხანის ნაგოდებს,
გზას უყელავდი ავ ბედისწერას,
ნეტავ, ლამაზი თვალები მქონდეს!

ცეცხლს დაგინთებდი გულში სიმღერით,


მზერაში ცეცხლი მეც რომ მამკობდეს,
ან შენ რომ გიყვარს, სწორედ იმგვარი
და იმნაირი თვალები მქონდეს.

აწ დარდის დარად დავიარები,


და, დანაცრული, დარებზე ვგოდებ,
იქნებ ოდესმე შემიყვარებდი,
მეც რომ ლამაზი თვალები მქონდეს.

(***ჰო, ჩემო ზეზვავ!)

ჰო, ჩემო ზეზვავ!


დაიცალა ჩვენი არხოტი,
მთიელი თუ ხარ,
ვაჟკაცურად მთაში წამოდი…
ჰო, ჩემო სულხან,
დღეს სჭირდება ხახმატს პატრონი,
კაცური კაცი,
მტყუან-მართლის მისხლით ამწონი.
ჰო, ჩემო ბერდო,
მიმხედავი სჭირდება მუცოს,
კაი დამხვდური
სტუმრად მოსულ ნაცნობს და უცნობს.
ჩვენ კი თბილისში
აქაობის დავკარგეთ გემო,
ბარისახოს და
ჭანჭახოვნებს შორიდან ვჩემობთ.
მოდით, მივხედოთ
ჯერ არდაშლილ შატილს, ანანურს,
ამ უგულობას
ნუ გავიხდით, ძმებო, სანანურს…
თორემ შვილები
ხვალ სიმშვიდეს არ შეგვარჩენენ,
ჰეი, ხევსურნო,
აქ ამოდით, საქმე მაჩვენეთ!
ფშავისკე მივლენ ღრუბლები
ჩემი ტკივილის გამგები…

(***იქნება ყველა გრძნობა დამიწდეს)

იქნება ყველა გრძნობა დამიწდეს,


გულში სიკეთის გენთოს სანთელი
და არასოდეს არ დაგავიწყდეს,
არ დაგავიწყდეს, რომ ხარ ქართველი.

შენი მამულის ტრფობით იწვოდე,


არ დაივიწყო ენა თავისი,
სულს სიმამაცის ცეცხლში გიწრთობდეს
შენი შავლეგო, შენი დაისი.

ხანჯალთან ერთად გეპყრას სახნისი,


მოძმე ბევრი გყავს და მტერიც ოხრად,
ჰკა, მაგას - ა და ვაშა - ს ძახილში
არ დაგავიწყდეს, ქართველი რომ ხარ

დე, გოლგოთაზეც ყოველდღე ადი,


ოღონდ გატანა შეძლო ლელოსი,
სულ იამაყე, რომ ერთხელ გაჩნდი
და იმ ერთხელაც საქართველოში.

და თუ დადგება წამი - ყიოში,


თუ სული დადნა როგორც ფანტელი,
როცა მოკვდები, საიქიოშიც
არ დაგავიწყდეს, რომ ხარ ქართველი.

(***ბევრჯერ ამივლია ტატაბარში)

ბევრჯერ ამივლია ტატაბარში


თოფით, სანადიროდ გამზადებულს,
თუნდაც წავეყვანე ჯანდაბაში,
ფეხებს, ტანჯვისათვის გადადებულს.

ბევრჯერ კაცი მყავდა ამხანაგი,


ბევრჯერ შურიანიც ამყოლია,
ბევრჯერ მინატრია ბარის ბანგი,
მაინც ვახარებდი მთას თოვლიანს.

ბევრჯერ დამინახავს ჯიხვთა ხორო,


თოფით, არეული ნადირები,
კლდენი - ჩამოშლილი ტყვიით, ხოლო
თოვლი - ჯიხვის სისხლად ნატირები.

მკვდარ ჯიხვს ჩავყოლილვარ, ჩაგორებულს,


მერე ველურივით მიროკია,
ორი დღის მშიერსა და მოწყურებულს
თოვლი ხარჯიხვივით მილოკია.

მერე, კლდის ეხებში შეფარებულს,


ჯიხვის მსუყე მწვადი მიჭამია,
სამი ჭიქა ჭაჭით გალაღებულს,
კაცი მამა - ღმერთად მიწამია.

ბევრჯერ მისველებდა მხრებს თოვლი და


ბევრჯერ სიცივისგან ვკანკალებდი,
მცირე ნახვრეტსაც რომ იპოვიდა
ქარი, წყევლა - კრულვით ასაკლები.

მუხლის კანკალიც კი ამტეხია,


ტუტკას, ჰარიშკას და არაფიას,
მაინც არ მოვიშლი ამ ხეტიალს,
კვლავაც ავუყვები ქარაფიანს.

(***ღამეა, ვქეიფობთ, პირქუში ხეობა)

ღამეა, ვქეიფობთ, პირქუში ხეობა


ეძლევა საოცარ ძილსა და სვენებას,
შეგვერგოს, შეგვერგოს დღეს ჩვენ ეს ღრეობა,
არღუნი რომ აძლევს ბანსა და მშვენებას.

დაასხით არაყი! ეს ერთიც დავლიოთ,


დე, სული მივიდეს სიგიჟის კარამდე
სიმღერით რომ შევხვდეთ კიდევ ერთ ალიონს,
შავ ღამეს აქამდეც ხომ ბევრჯერ ვზარავდით.

განა ბევრს დაგვაცდის ცხოვრება ტიალი


ხევსურეთს ჭირ-ლხინი ერთმანეთს აბია -
ტირილი, ღრეობა, ხანჯლების ტრიალი
სისხლი და სიმღერა, შუღლი და კაფია.

დაასხით! დავლევ და გიჟივით ვიცეკვებ,


შევეშვათ ჭირსა და სიკვდილზე ლაყბობას
წინაპართ ჯიში გვაქვს - ალგეთის მგლის ლეკვებს
ფეხებზე ეკიდათ ყოფნა და არყოფნა.

(***მე თქვენ მიყვარდით სხვა გატაცებით)

მე თქვენ მიყვარდით სხვა გატაცებით


და სიყვარულით, სულ სხვანაირით,
როს მიღიმოდით და მაფასებდით
აღარ მყოფნიდა სივრცე ჰაერი.
მე თქვენ მიყვარდით როგორც გაბრიელს
მზექალ - ჩამღელი და უფრო მაგრაც,
თუმცა მიმზერდით როგორც არიელს,
თუმც ძლიერ გძულდით მიჯნური მაგრამ,
მზექალს გადრიდით ჩუმად, შეფარვით,
მე-ჯაბუშანურს, თუმც არ გიმხელდით
არც თქვენ იყავით მგოსნის მზექალი
გაბრიელისებრ ვერც მე გიმღერდით.

(***მე კალმახი ვარ არაგვისა, ტანდაწინწკლული)

მე კალმახი ვარ არაგვისა, ტანდაწინწკლული,


მთის ჩანჩქერებთა ჩქარ ჩქერებთან ძმადგაფიცული,
ავყვები აღმა მდინარეს და შენ ხარ სათავე,
ჩავყვები წყალს და ჩემს სავალ გზას კვლავ შენ ამთავრებ.
მე კალმახი ვარ, ასხლეტილი ტალღის სარკეზე,
ჟინით დავეძებ სატყუარას, ბადეს, ანკესებს.
მე გვერდს ავუვლი ყველა ანკესს, ბადეს და ფაცერს
და ბედის კარავს შენი მზერის ბადეში დავცემ.
მე კალმახი ვარ - სატყუარას ადევნებული,
სატყუარაა შენი მკერდი ამტევნებული,
გიჯობს, მოდი და ზღვათა მეფე ღორივით დამკალ,
ვიდრე ლაყუჩში გამიყრიდე უარის ჩანგალს.

 ჩემი დის, თაიას ხსოვნას

1.
კვლავ ცოცხალი ხარ, მგონია,
გელი, უშენოდ ვწუხდები.
თურმე რა მოკლე გქონია,
დაო, სიცოცხლის წუთები.
ცხრა წელსა სტკეპნე გზა - ვიწრო,
უმანკო, ნორჩმა იამა.
ვაი, რაღა შენ მოგისწრო,
ავად ნასროლმა ტყვიამა.
ტყვიას თან მოჰყვა სიკვდილი,
ცრემლები, თვალის სისველე.
ცას შესწვდა შენი კივილი,
- `ვაი, მამიკო, მიშველე!~
სიკვდილთან დარჩი ეული,
ვეღარც რომ მამამ გიშველა
და ეგ უმანკო სხეული,
მყის სისხლმა ჩამოგისველა.
რომ ვერ გიშველა ვერც მამამ,
სიკვდილს მარტომ ვერ დაძლიე,
ვერ მოგისწარით დედამ, ძმამ,
სული დის ხელში დალიე
გზა სამოთხისა დაიწყო,
ჩვენ კი გლოვაც ვერ გვიშველის.
ალალი იყოს, დაიკო,
შენთვის, დაღვრილი ძმის ცრემლი.

წარწერა  თაიას  წყაროზე

2.
თაი, გულები გვიკვდება,
გვახრჩობს დარდი და ცრემლები,
რომ წყლული არ მოგირჩება,
რომ ვეღარ მოგეშველებით.
ღმერთმა სიწმინდე გაკურთხოს,
გასვას სამოთხის ფიალა,
დაე, ამ წყარომ განკურნოს
ეგ ნატყვიარი იარა.

3.
მახსენდები და მათოვს ტკივილი
შენი სიკვდილი არა, არ მჯერა,
კვლავ თვალწინ მიდგას შენი სიცილი,
სიკეთით სავსე, გულთბილი მზერა.
შენ მძიმე შრომა დაგქონდა მხოლოდ
და ცხოვრებაში ვერ გაიხარე,
ბოლოს ბრმა ტყვიამ მოგიღო ბოლო,
სიკვდილის წუთიც შენ შეგხვდა მწარე.
ვქარგავ სტრიქონებს, მახრჩობს ცრემლები,
ნუთუ ვერასდროს ვერ გნახავ, დაო,
დარდით და ბოღმით განახელები,
დავფიქრდები და ფიქრებთან ვდაობ.
ასეთი გლოვა ჯერ არ შობილა,
გულში არ დარჩა ლხენის ალაგი.
ხომ არ ჯობს, კაცი იყოს ობოლი,
არც და - ძმა ჰყავდეს, არც ამხანაგი.

4.
ტყვიამ თქვა, არ მოერიდა,
ამბავი გასაოცარი,
რომ თურმე ამიერიდან
დაო, აღარ ხარ ცოცხალი.
დისა და დედის ქვითინმა,
მითხრა, - განგება არის ცის,
რომ ავკაცმა და სიკვდილმა,
ავი და კარგი არ იცის.
შენს ღიმილს ვეღარ ვპოულობ,
მივხვდი, კარგად რომ დავფიქრდი,
რომ დაო, ტყვიით მოკლულო,
მოსაგონებლად გამიხდი.
ქვამ საფლავისამ, ეს თავად,
მითხრა ახალი ამბავი,
რომ კიდევ ერთ სალოცავად
გამიჩნდა შენი საფლავი.

5.
დაო, ტანჯულო, ბავშვობაც კი რომ არ გინახავს,
რაღა შენ გპოვა სასიკვდილემ, ტყვიამ წყეულმა.
დედის და დების ტანსაცმელის ფერი თალხია,
მამის და ძმების თვალში სევდა ჩამორხეულა.
ნუ გეშინია, მანდა გყვანან, არ მოსწყინდები,
სულების ღმერთი სამოთხეში ლოგინს გაგიშლის,
აქ უფროსი დაც ახლოს გიწევს, ერთად იქნებით,
პაპა და ბებო მოგივლიან თავის შვილიშვილს.
მე რა ვქნა, როცა უშენობა უღვთოდ მაოსებს,
მახსენდები და ბოროტ სიკვდილს პირში ვაფურთხებ,
ყოფით დაღლილი ამოვდივარ სასაფლაოზე
და თვალებიდან დაცურდება ცრემლები მწუთხე.

(***ვერ გადავურჩით მარტის ქარტეხილს)

ვერ გადავურჩით მარტის ქარტეხილს,


დავრჩით ჭირხლის და ყინვის ამარა,
ენძელა - ჩემი სულის ნატეხი,
მოუსვენარმა თოვლმა დაფარა.
იღვიძებს მარტი თვალთა ფახულით,
აპრილის დღეებს ხვდება უმწვანო,
ბარში მივდივარ, მთას გაზაფხული
ხურჯინით უნდა ამოვუტანო…

(***ძვირფასო ხევსურზე აუგი არა თქვა)

ძვირფასო ხევსურზე აუგი არა თქვა,


თორემა სტრიქონთა დასით,
ყივჩაღი ყაჩაღი დაგხვდები არაგვთან,
ნისლივით დაგკარგავ მთაში.
თორღვაის ციხესთან მარჯვენის იმედად,
ვიქნები რად მინდა რაში.
მკრთალ სხივებს მთვარისას აგიგებ კიბედა
და ისე წაგიყვან ვაჟი.
წაგიყვან სხვანაირ სილაღეს გაჩვენებ,
სხვა ჩეროს, სხვა მზეს და გრილოს.
არც ეგრე ცუდი ვარ, თუ კი შენც გაუგებ
ამ ჩემ გულს დატანჯულს ტკბილო.
დალალებს დაფერავ მნათობის ალითა,
რაყიფად მომირეკ ჯიხვებს.
დობილად შუნ-ჯიხვი მოგივა კრძალვითა,
ძმობილად თორღვაის ციხე.
მუსიკად მოისმენ ჩანჩქერის ჩხრიალსა,
თუ გინდა შურთხის ხმას არჩევ.
საჩუქრად მოგიტან ბროლსა და იასა
და ქისტის მოკვეთილ მარჯვენს.
სტუმრად კი ნისლი და ნიავი გვექნება
და ქუში კოშკების რიგი.
ხან ბარსაც ვიხილავ და ისიც ნებნება
მომხიბლავს ათასი ხრიკით.
მერე კი სილაღე გაქრება ლურჯასი,
თმებში რომ იფეთქებს თოვლი,
შენ მაინც ამაყად გაივლი ქუჩაში
ხევსური პოეტის ცოლი!

(***მთას მივაღწიე წვალებით)

მთას მივაღწიე წვალებით


ვკრიფე და ვკრიფე შალშავი
ფერი მაგ შავი თვალების
ეშხიანი და შავშავი
გზები დავლახე იმდენი,
აღმართ-დაღმართი ცერ-ცერა,
მაგ ტუცებივით წითელი
ვკრიფე და ვკოცნე კეწერა.
სევდის წიგნს ყდები შევხიე,
ვნახე ყინულნი დნებიან
დეკის ყვავილებს ვემთხვიე
შენსავით ცივს და ვნებიანს
სული სილაღეს მილანდავს
შორეულსა და უცნობელს,
ქარაფებს მკერდი მივადე
შენი გულივით უგრძნობელს
გზა ჩანჩქერისკენ გავლიე
მივაბიჯებდი ჩქარ-ჩქარა
და მერე წყაროც დავლიე
შენი სულივით ანკარა.

ხევსურთა ღრეობა

ღამეა, ვქეიფობთ, პირქუში ხეობა


ეძლევა საოცარ ძილსა და სვენებას,
შეგვერგოს, შეგვერგოს დღეს ჩვენ ეს ღრეობა,
არღუნი რომ აძლევს ბანსა და მშვენებას.
დაასხით არაყი! ეს ერთიც დავლიოთ,
დე, სული მივიდეს სიგიჟის კარამდე
სიმღერით რომ შევხვდეთ კიდევ ერთ ალიონს,
შავ ღამეს აქამდეც ხომ ბევრჯერ ვზარავდით.
განა ბევრს დაგვაცდის ცხოვრება ტიალი
ხევსურეთს ჭირ-ლხინი ერთმანეთს აბია -
ტირილი, ღრეობა, ხანჯლების ტრიალი
სისხლი და სიმღერა, შუღლი და კაფია.
დაასხით! დავლევ და გიჟივით ვიცეკვებ,
შევეშვათ ჭირსა და სიკვდილზე ლაყბობას
წინაპართ ჯიში გვაქვს - ალგეთის მგლის ლეკვებს
ფეხებზე ეკიდათ ყოფნა და არყოფნა

არჩევანი

დავფიქრდები და ათას ლამაზმანს,


ერთ-ურთს ვადარებ ჯობნის რომელი?
ვფიქრობ აჯობა მზერით „ამან“ „მას“
ის კი არისო სევდის მთოველი.
ეს ქალი - მზეს გავს; ეს ქალი - ყინულს;
ეს ქალი - მთვარეს; ეს ქალი - ლერწამს.
ამის ხმა გაგხდის სილაღის ხილულს,
ამის კისკისი სიავეს ლეწავს.
თვალწინ გამივლის ათასურთები.
ზოგი - ზღვას მოგავს, ზოგიც - გზას უვალს;
მაგრამ უცებ შენ გამახსენდები
და არჩევანსაც ვაკეთებ უმალ.

ხევსური კაცის ჩივილი

რაა ჩვენი ცხოვრება,-


ქანჩახებს ვართ მიკრულნი,
ბალახის მათხოვრებადა
თოვლ-წვიმასთან მისულნი.
ვუმზერთ,-არწივებს, ბორეებს,
მთებს-ზეცაში აზვაულს,
ჩამონგრეულ ყორეებს,
კოშკებს-კედლებდაბზარულს.
ყივილს წისქვილებისას,
ჭერ-კერათა სისველეს,
სიჩუმის ცრემლებითა
სავსე სიცარიელეს.
ღრუბლებს-ცაცხვის ნათალას,
ზვავ-მეწყერთა მოდენას,
ცას-წვეთივით პატარას,
ქერის მარცვლის ოდენას.

სიმღერა

კვლავ ლექსებს დაგიწერ,


მაინც ხომ ლექსით ავიცერ,
თვალებს შეგიქებ ღამისფერს,
გეტყვი, რაც ჩემს გულს სჭირს.
მიყვარხარ, მიყვარხარ,
ე, მაგ შავ თვალებს ვფიცავარ,
ბალახი ვარ და მიწა ვარ,
შენ რომ აბიჯებ ის!
ნაბიჯებს, ნაბიჯებს,
ზედ გულზე რატომ მაბიჯებ,
თან ასე რატომ მაგიჟებ
ტრფიალით ხევსურ ბიჭს?!
წამოდი, წამოდი,
ეგრე რად ჯავრობ? რა მოგდის?
მე ხომ სიყვარულს ვლამობდი,
ეგ გული რატომ მსჯის?!
დაგიცდი, დაგიცდი,
და თუ კი ბოლოს გავგიჟდი,
შენს მოტაცებას მაინც ვცდი
პასუხს ვერ მოსთხოვ გიჟს.
გავბედავ, გავბედავ,
ლამაზ თვალებში ჩაგხედავ,
კოცნას დაგიგებ მახედა,
როგორც ნიბლია ჩიტს.

You might also like