You are on page 1of 48

ლეონიდ ანდრეევი

იუდა ისკარიოტელი

I
იესო ქრისტე ბევრჯერ გააფრთხილეს, კარიოტელ იუდაზე ცუდი ხმები დადის და
მოერიდეო. იუდეაში ნამყოფი მოწაფეები კარგად იცნობდნენ იუდას, დანარჩენებს კი
მის შესახებ ბევრი რამ სმენოდათ, მაგრამ არავინ მოიძებნებოდა, იუდაზე[1] კეთილი
სიტყვა რომ ეთქვა. პატიოსანი ადამიანები მას კიცხავდნენ; ამბობდნენ, იუდა
ვერცხლისმოყვარე, ვერაგი, თვალთმაქცი და მატყუარააო, ხოლო უკეთურნი კიდევ
უფრო სასტიკად ლანძღავდნენ. „იუდა გამუდმებით შუღლს აგდებს ჩვენში, -
ამბობდნენ და ზიზღით იფურთხებოდნენ, - სულ თავისას ფიქრობს, სახლში ჩუმად
შეძრომა იცის მორიელივით, იქიდან კი ხმაურით გამოდის. ქურდებსაც ჰყავთ
მეგობრები, მძარცველებსაც ჰყავთ ამხანაგები, მატყუარებსაც ჰყავთ ცოლები,
რომელთაც სიმართლეს ეუბნებიან, იუდა კი ქურდებსაც ისე დასცინის, როგორც
პატიოსნებს, თუმცა თვითონაც გაწაფულია ქურდობაში და იუდეის მცხოვრებთა
შორის ყველაზე მახინჯია. არა, არაა ჩვენი კაცი ეგ წითური კარიოტელი იუდა“, -
ამბობდნენ უკეთურნი და ძალიან აკვირვებდნენ კეთილთ, რომლებიც დიდად არ
განარჩევდნენ იუდასა და იუდეის დანარჩენ მიწიერ მცხოვრებთ.
ჰყვებოდნენ აგრეთვე, რომ იუდამ ადრე მიატოვა ცოლი. ახლა ის, მშიერი და
გაუბედურებული, ამაოდ ცდილობდა ლუკმა-პური ეშოვნა იმ ერთი ბეწო მიწიდან,
რომელიც იუდას მამულს შეადგენდა. თვითონ იუდა რამდენიმე წელი უქმად
დახეტიალობდა ხალხში და ხან ერთ ზღვამდე მიეხეტებოდა, ხან მეორე, უფრო
შორეულ ზღვამდე. ყველგან ცრუობდა, სულ რაღაცას ზვერავდა ქურდული მზერით,
შემდეგ უეცრად გაეცლებოდა იქაურობას და თავის კვალზე უსიამოვნებასა და
აყალმაყალს სტოვებდა, რადგან ცნობისმოყვარე, თაღლითი და ბოროტი იყო, როგორც
ცალთვალა ეშმაკი. შვილები არ ჰყავდა, და ესეც იმაზე მეტყველებდა, რომ იუდა
ცუდი კაცი იყო და ღმერთს მისი ფესვის გამრავლება არ სურდა.
მოწაფეთაგან არცერთს არ ახსოვდა, როდის გამოჩნდა პირველად ქრისტესთან ეს
წითურა და მახინჯი იუდეველი. იგი კარგა ხანია ჯიუტად დაჰყვებოდა მათ,
საუბარში ერეოდა, ცოტ-ცოტას ემსახურებოდა კიდეც, ყველას მდაბლად ესალმებოდა,
უღიმოდა და ელაქუცებოდა. ხან სრულიად ჩვეულებრივ ადამიანად მოაჩვენებდა
თავს, ხან კი ყველას თვალებში ეჩხირებოდა და აღიზიანებდა, როგორც არნახულად
გონჯი, ცრუ და საზიზღარი, და მაშინ მრისხანე სიტყვებით იშორებდნენ თავიდან.
იუდა მცირე ხნით გადაიკარგებოდა, შემდეგ ისევ შეუმჩნევლად გამოჩნდებოდა,
თავაზიანი, პირფერი და ცბიერი, როგორც ცალთვალა ეშმაკი. ზოგიერთ მოწაფეს
ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ იუდა იესოს უახლოვდებოდა რაღაც იდუმალი
განზრახვით, ბოროტი, ვერაგული ჩანაფიქრის განსახორციელებლად.
მაგრამ მათ რჩევას ყური არ უგდო იესომ, არ უსმინა მათ წინასწარმეტყველურ ხმას.
მისი ნათელი, მეამბოხე სული დაუოკებლად მიელტვოდა უარყოფილთა და
ათვალწუნებულთ, ამიტომ გაბედულად მიიღო იუდა და იგი რჩეულთა წრეში
ჩარიცხა.
მოწაფეები ღელავდნენ და თავშეკავებით დრტვინავდნენ. ჩამავალი მზისკენ
პირმიქცეული იესო კი წყნარად იჯდა და დაფიქრებული აყურადებდა ან მათ, ან
რაღაც სხვას. უკვე ათი დღე იქნებოდა, ქარი არ გაძრულა. გამჭვირვალე,
შედედებული ჰაერი არ მოძრაობდა, არ იცვლებოდა, ყურადღებით და ფხიზლად
იჭერდა და ისრუტავდა ყველაფერს, რასაც ამ დღეებში ყვიროდნენ და მღეროდნენ
ადამიანები, ცხოველები და ფრინველები - ცრემლს, ტირილს, მხიარულ სიმღერას,
ლოცვას და წყევლას. ჰაერი ამ შუშადქცეული, შედედებული ხმებით იყო
დამძიმებული, შემაშფოთებელი და უხილავი ცხოვრებით სულერთიანად
გაჟღენთილი. მზე ჩადიოდა, იგი მძიმე, ცეცხლოვანი ბურთივით დაქანებულიყო და
გაენათებინა ზეცა. ყველაფერი, რაც მისკენ იყო მიქცეული - იესოს შავგვრემანი
პირისახე, სახლის კედლები თუ ხის ფოთლები - ყველაფერი მორჩილად ირეკლავდა
იმ შორეულსა და საოცრად ფიქრიან სინათლეს. თეთრი კედელი უკვე თეთრი აღარ
იყო. თეთრი აღარ იყო არც წითელი ქალაქი წითელ მთაზე.
და, აი, მოვიდა იუდა.
მოვიდა, მდაბლად დაუკრა ყველას თავი, წელში მოიღუნა, ფრთხილად და
შიშნეულად გამოიწვდინა გონჯი თავი, სწორედ ისეთი იყო, როგორსაც იცნობდნენ;
გამხდარი და საკმაოდ მაღალი, თითქმის იესოს სიმაღლისა. ოღონდ იესოს სიარულის
დროს ფიქრი ჩვეოდა და ოდნავ მოხრილი დადიოდა, ამის გამო იუდაზე დაბალი
ჩანდა. იუდა, ეტყობა, საკმაოდ ძლიერიც იყო, მაგრამ რატომღაც უძლურად და
ავადმყოფად მოჰქონდა თავი. ხმა ხან ვაჟკაცური ჰქონდა, ხან უსიამოვნო, წვრილი და
მკივანა, როგორც ბებერ ქალს ქმრის ლანძღვისას. ამიტომ იყო, რომ ხშირად
უჩნდებოდათ სურვილი, იუდას სიტყვები დამპალი, ხორკლიანი ხიწვებივით
გამოეძროთ ყურებიდან. მოკლე, წითური თმა ვერ ჰფარავდა უცნაურ და
არაჩვეულებრივი ფორმის კეფას, რომელიც თითქოს ხმლის ორმაგი დარტყმით
გახეთქოდა და მერე ისევ გამთელებოდა. კეფა აშკარად ოთხ ნაწილად ჰქონდა
გაყოფილი, რაც უნდობლობას და შეშფოთებას იწვევდა ხალხში, რადგან ასეთი თავის
ქალის უკან შეუძლებელია მყუდროება და თანხმიერება იყოს, ასეთი თავის ქალის
უკან ყოველთვის ისმის სისხლიანი და დაუნდობელი ბრძოლების ხმაური.
სახეც გაყოფილი ჰქონდა იუდას: ერთი მხარე ცოცხალი და მოძრავი იყო,
მრავალრიცხოვანი ნაოჭებით დაფარული, საიდანაც შავი, მახვილივით ბასრი თვალი
იმზირებოდა. სახის მეორე მხარე კი, უნაოჭო, უსიცოცხლო, ბრტყელი და
გაქვავებული მხარე, თუმცა სიდიდით პირველის ტოლი იყო, მაინც უფრო დიდი
ჩანდა ფართოდ გაღებული ბრმა თავლის გამო. მღვრიე მოთეთრო აპკით დაფარული
ეს თვალი არც დღე იხუჭებოდა და არც ღამე, ერთნაირად აღიქვამდა სინათლესაც და
სიბნელესაც, მაგრამ რადგანაც გვერდით საღი და ცბიერი ამხანაგი ჰყავდა, ძნელი იყო
დაჯერება მისი სრული სიბრმავისა. როდესაც შიშით ან მღელვარებით შეპყრობილი
იუდა თავის საღ თვალს ხუჭავდა და თავს აქეთ-იქით აქანავებდა, ბრმა თვალიც
ქანაობდა თავთან ერთად და უმეტყველოდ იმზირებოდა. ისკარიოტელის ხილვისას
გამჭრიახობას სავსებით მოკლებული ადამიანებიც კი ნათლად ხვდებოდნენ, რომ
ასეთი კაცისაგან სიკეთეს არ უნდა ელოდე. ხოლო იესომ დაიახლოვა და გვერდით,
თავის გვერდითაც კი დაისვა.
იოანე, საყვარელი მოწაფე, ზიზღით გაიწია განზე, დანარჩენებმაც რომელთაც
უყვარდათ მოძღვარი, საყვედურით დახარეს თვალები. იუდა კი იჯდა, თავს
აქეთ-იქით აქნევდა და წვრილი ხმით წუწუნებდა თავის ავადმყოფობაზე, იმაზე, რომ
ღამით მკერდი სტკივა, რომ მთაზე ასვლისას სული ეხუთება, ხოლო უფსკრულის
პირას თავბრუ ეხვევა და ძლივს იოკებს გადავარდნის სულელურ სურვილს. კიდევ
ბევრ რამეს როშავდა, თითქოს არ ესმოდა, რომ სენი ადამიანს შემთხვევით კი არ
შეიპყრობს, არამედ იმის გამო, რომ ღვთის მცნებების მიხედვით არ ცხოვრობს.
კარიოტელი იუდა ფართო ხელისგულს ისვამდა მკერდზე და ყასიდად ახველებდა,
სხვები კი ჩუმად ისხდნენ და თვალები ძირს დაეხარათ.
იოანემ, ისე რომ მოძღვრისათვის არ შეუხედავს, ხმადაბლა უთხრა სვიმონ-პეტრეს,
თავის მეგობარს:
– არ მოგბეზრდა ეს ტყუილები? მე აღარ შემიძლია მეტის ატანა. უნდა წავიდე.
პეტრემ შეხედა იესოს, მისი მზერა დაიჭირა და სწრაფად წამოდგა.
– დაიცა! - უთხრა მეგობარს.
კიდევ შეხედა იესოს, მერე მთიდან მოწყვეტილი ქვასავით სწრაფად მიიწია იუდა
ისკარიოტელისაკენ და ხმამაღლა, ლაღი და ნათელი გულითადობით უთხრა:
– აი, შენც ჩვენთანა ხარ, იუდა.
და ალერსით დაარტყა მოხრილ ზურგზე ხელი. მოძღვრისათვის არ შეუხედავს,
მაგრამ მის მზერას გრძნობდა, და ისე მტკიცედ და ხმამაღლა, რომ სავსებით
გამორიცხული იტო შეპასუხება, დაუმატა:
– ეგ არაფერი, ასეთი საძაგელი სახე რომ გაქვს. ჩვენს ბადეებში უარესი მახინჯებიც
ხვდებიან, მაგრამ საჭმელად სწორედ ისინია ყველაზე გემრიელი. ჩვენ, ჩვენი უფლის
მესათხევლეებს, არ გვეკადრება ნანადირევი გადავყაროთ მხოლოდ იმიტომ, რომ
თევზი ჩხვლეტია და ცალთვალაა. ერთხელ, ტვიროსში, რვაფეხა ვნახე, იქაური
მეთევზეების დაჭერილი, და ისე შემეშინდა, კინაღამ იქედან მოვკურცხლე, მათ კი
დამცინეს მე - ტიბერიადელ მეთევზეს, და გამასინჯეს იგი. ისე გემრიელი აღმოჩნდა,
კიდევ ვითხოვე. გახსოვს, მოძღვარო, შენც იცინე, ეს რომ მოგიყევი. შენ, იუდა, იმ
რვაფეხას გავხარ, ოღონდ სახის ერთი ნახევრით.
თავისი ხუმრობით კმაყოფილმა პეტრემ ხმამაღლა გადაიხარხარა. როდესაც პეტრე
რაიმეზე ლაპარაკობდა, სიტყვები ისე ჟღერდნენ, თითქოს ლურსმნებით აჭედებდა
მათ. როცა დადიოდა ან რაიმეს აკეთებდა, მისი ხმაური შორს ისმოდა ხოლმე, ყრუ
ნივთებიც კი ხმას გამოსცემდნენ ამ დროს: ქვის იატაკი მის ფეხთა ქვეშ გუგუნებდა,
კარები თრთოდა და ჯახუნობდა, ჰაერიც კი შიშით კრთოდა და ზუზუნებდა.
ხეობებში მისი ხმა მჭახე ექოდ დადიოდა. დილით, ტბაზე თევზის ჭერისას, ის
გარინდებულ და კამკამა წყალში გადადგაფუნდებოდა და მზის პირველ გაუბედავ
სხივებს სახეებზე გაღიმებას აიძულებდა. ალბათ ამის გამო უყვარდათ პეტრე. სხვებს
სახეებზე ჯერ კიდევ ღამის სიბნელე ჰქონდათ შერჩენილი, ხოლო მის დიდ თავს,
ფართო, შიშველ მკერდსა და ლაღად გაშლილ მკლავებს უკვე განთიადის სხივები
ეფრქვეოდა.
პეტრეს სიტყვებმა, რომელთაც, ჩანდა, მოძღვარიც იწონებდა, გაფანტა შეკრებილთა
მძიმე განწყობილება. მაგრამ ზოგიერთს რვაფეხა ნანახი ჰყავდათ ზღვაზე და
გახსენებაც კი აძრწუნებდათ მისი საშინელი გარეგნობისა, ასე ქარაფშუტურად რომ
დაუკავშირა პეტრემ ახალ მოწაფეს. მათ გაახსენდათ, რომ რვაფეხას უშველებელი
თვალები ჰქონდა და ათობით ხარბი საცეცი. თითქოს მშვიდად არის და უცებ! -
შემოეხვევა, შემოეკვრება, გაჭყლეტს, გამოსწუწნის, ისე, რომ ერთხელაც არ
დაახამხამებს უშველებელ თვალებს. რატომ შეადარა? მაგრამ იესო დუმს, იესო
იღიმება და მეგობრული დაცინვით ქვეშ-ქვეშ უყურებს პეტრეს, რომელიც ისევ
რვაფეხაზე ჰყვება. და სათითაოდ მიდიან იუდასთან შემკრთალი მოწაფეები,
ალერსიანად ესაუბრებიან, მერე სწრაფად და უხერხულად შორდებიან.
მხოლოდ იოანე, ძე ზებედესი, დუმს დაჟინებით. დუმს თომაც, რომელსაც ვერაფრის
თქმა მოუხერხებია, და მომხდარზე ფიქრობს. იგი ყურადღებით აკვირდება
გვერდიგვერდ მჯდომ ქრისტესა და იუდას, და ეს უცნაური სიახლოვე ღვთაებრივი
მშვენიერებისა და საზიზღარი სიგონჯისა, სათნო მზერიანი ადამიანისა და
უშველებელი, უძრავი, ხარბი თვალების მქონე რვაფეხასი - ტვინს უღრღნის, როგორ
ამოუხსნელი გამოცანა. ის დაძაბულად ჭმუხნის სწორ, გლუვ შუბლს, თვალებს
ჭუტავს, ჰგონია, რომ ასე უკეთესად დაინახავს, პირიქით კი გამოსდის: ეჩვენება,
თითქოს იუდას მართლაც რვა მოსავსავე ფეხი აქვს. მაგრამ თომამ იცის, რომ ეს
მოჩვენებაა, და ისევ დაჟინებით უცქერის.
იუდა კი რამდენადმე გათამამდა: იდაყვებში მოხრილი ხელები გაასწორა, ყბების
დაძაბული კუნთები მოადუნა და ფრთხილად გამოსწია სინათლეზე წითური თავი,
რომელსაც ადრეც ხედავდა ყველა, მაგრამ იუდას ეგონა, რომ რაღაც უხილავი, თუმც
სქელი და ოსტატური საბურველი შუქგაუღწევლად ჰფარავდა ყველას თვალთაგან. და
აი, ახლა თითქოს ორმოდან ამოძვრა, სინათლეზე შეიგრძნო თავისი უცნაური თავის
ქალა და თვალები, შეყოვნდა და შემდეგ გაბედულად გამოაჩინა სახე. არაფერიც არ
მომხდარა. პეტრე სადღაც წავიდა. იესო დაფიქრებული იჯდა, თავი ხელებზე
დაეყრდნო და მშვიდად აქანავებდა მზემოკიდებულ ფეხს. მოწაფეები ერთმანეთს
ელაპარაკებოდნენ, მხოლოდ თომა ათვალიერებდა მას ყურადღებით და
სერიოზულად, როგორც კეთილსინდისიერი მკერავი ზომების აღებისას. იუდამ
გაუღიმა, მაგრამ თომამ ღიმილზე არ უპასუხა, თუმცა, ჩანს, ამ ღიმილსაც ანგარიში
გაუწია, თვალი კი მაინც არ მოუცილებია იუდასათვის. იუდას უცებ სახის მარცხენა
ნაწილი შეუშფოთდა. მოიხედა. ბნელი კუთხიდან ცივი და ლამაზი თვალებით
იოანე უცქეროდა, ლამაზი, სათნო იოანე, თოვლივით სპეტაკი სინდისი რომ ჰქონდა.
იუდა მისკენ გაემართა. გრძნობდა, რომ ნაცემი ძაღლივით მიათრევდა ფეხებს.
მიუახლოვდა და უთხრა:
რატომ დუმხარ, იოანე? შენი სიტყვები ოქროს ვაშლებს ჰგვანან გამჭვირვალე
ვერცხლის ლარნაკზე დაწყობილებს. აჩუქე ერთი მათგანი ღარიბ-ღატაკ იუდას.
იოანე დაჟინებით უცქეროდა მის უძრავ, ფართო გაღებულ თვალებს და დუმდა.
იუდა გაიძურწა, ოდნავ შეყოყმანდა, გავიდა ღია კარებში და სიბნელეში მიიმალა.
ვინაიდან სავსე მთვარე ანათებდა, ბევრი წავიდა სასეირნოდ. წავიდა იესოც. იუდა
მიმავალთ უყურებდა მომაღლო ბანიდან, სადაც თავისი საწოლი მოეწყო. მთვარის
შუქზე თეთრი ფიგურები მსუბუქნი და აუჩქარებელნი ჩანდნენ, თითქოს კი არ
მიდიოდნენ, არამედ მისრიალებდნენ შავი ჩრდილების წინ. მერე უცებ
უჩინარდებოდნენ მთვარის სინათლეზე, ისინი ისეთივე მდუმარენი ეჩვენებოდნენ,
როგორც თეთრი კედლები, როგორც შავი ჩრდილები, როგორც ეს გამჭვირვალე
ბურუსიანი ღამე. თითქმის ყველას ეძინა უკვე, როდესაც იუდამ მობრუნებული
ქრისტეს წყნარი ხმა გაიგონა. ყველაფერი მიწყნარდა სახლშიც და გარშემოც.
დაიყივლა მამალმა. სადღაც ხმამაღლა, უკმაყოფილოდ დაიყროყინა გაღვიძებულმა
ვირმა და უწადინოდ, ნელ-ნელა მიჩუმდა. სულგანაბულ იუდას არ ეძინა. მთვარე
სახის ერთ ნაწილს უშუქებდა და ისე ირეკლებოდა მის უცნაურ, დიდ, გაღებულ
თვალებში, როგორც გაყინულ ტბაზე.
უცებ რაღაც გაახსენდა, სასწრაფოდ დაახველა და ხელით ბანჯგვლიანი, ძლიერი
მკერდი მოისრისა: შესაძლოა, ვინმეს არ სძინავს და მის ფიქრებს უსმენს.

II
იუდას თანდათან შეეჩვივნენ და მის სიგონჯეს ვეღარ ამჩნევდნენ. იესომ მას ფულის
ყულაბა ჩააბარა. მასვე ევალებოდა ყოველგვარი სამეურნეო საქმიანობა: ყიდულობდა
აუცილებელ საკვებსა და ტანსაცმელს, მოწყალებას არიგებდა, ხოლო მოგზაურობის
დროს გასაჩერებელ და ღამის გასათევ ადგილს ეძებდა. ყველაფერ ამას ძალიან
მოხერხებულად აკეთებდა, ამიტომ მალე ზოგიერთი მოწაფის გულიც მოიგო,
რომლებიც მის გულმოდგინებას აფასებდნენ. იუდა გამუდმებით ცრუობდა, მაგრამ
ამასაც მიეჩვივნენ, ვინაიდან ამ სიცრუეში ბოროტებას არ ხედავდნენ, ხოლო იუდას
საუბარს და მის მონათხრობებს ტყუილები განსაკუთრებულ ინტერესს სძენდა და
ცხოვრებას სასაცილო, ზოგჯერ კი საშინელ ზღაპრად წარმოაჩენდა.
იუდა მონაყოლიდან გამოდიოდა, თითქოს იგი ყველას იცნობდა და ყოველ მათგანს
ჩადენილი ჰქონდა რაიმე ცუდი საქციელი, ან დანაშაულიც კი. კარგ ადამიანებს, მისი
აზრით, იმათ უწოდებენ, რომელთაც შეუძლიათ დაფარონ თავიანთი საქმენი და
ზრახვანი. მაგრამ თუ ასეთ ადამიანს მიესიყვარულები, მიუალერსებ და ჩაეძიები,
მაშინ მისგან ისე წარმოსდინდება სიბილწე და სიცრუე, როგორც ჩირქი ჭრილობიდან.
იგი ხალისით აღიარებდა, რომ ხანდახან თვითონაც ცრუობდა, მაგრამ ფიცით
ირწმუნებოდა, რომ სხვები უფრო მეტად ცრუობდნენ, და თუ ამქვეყნად ვინმე
მოტყუებული რჩებოდა ხოლმე, ეს იუდა გახლდათ. ზოგიერთებმა იგი ბევრჯერ
მოატყუეს ასეც და ისეც. მაგალითად, ერთი მდიდარი ბატონის განძის მცველი
ერთხელ გამოუტყდა, რომ უკვე ათი წელია აპირებდა მიბარებული ქონების
გატაცებას, მაგრამ არ შეეძლო, რადგან ბატონისა ეშინოდა და სინდისიც ქენჯნიდა.
იუდამ დაუჯერა, მან კი ერთ მშვენიერ დღეს განძი გაიტაცა და ასე მოატყუა იუდა.
იუდამ აქაც დაუჯერა, მან კი გატაცებული განძი მოულოდნელად ბატონს დაუბრუნა
და ისევ მოატყუა იუდა. ყველა ატყუებს მას, ცხოველებიც კი: როდესაც ძაღლს
ეფერება, იგი კბენს ხელზე, ხოლო როდესაც ჯოხით სცემს, იგი ფეხებში უწვება და
ღვიძლი ქალიშვილივით შესცქერის თვალებში. მან მოკლა ის ძაღლი, ღრმა ორმოში
დამარხა და დიდი ქვაც დაადო, მაგრამ ვინ იცის? - შეიძლება იმის გამო, რომ მოკლა,
ის ძაღლი უფრო ცოცხალი გახდა და ახლა ორმოში კი არ წევს, არამედ მხიარულად
დარბის სხვა ძაღლებში.
ყველა მხიარულად იცინოდა იუდას სიტყვებზე, თვითონაც სიამოვნებით იღიმებოდა,
თავის საღ, დამცინავ თვალს ჭუტავდა და იქვე, ღიმილითვე აღიარებდა, რომ
ცოტ-ცოტა იცრუა. ის ძაღლი არ მოუკლავს, მაგრამ აუცილებლად იპოვის და
მოკლავს, ვინაიდან არ სურს მოტყუებული იყოს. იუდას ამ სიტყვებზე კიდევ უფრო
მეტი იცინეს.
მაგრამ ხანდახან თავის მონათხრობებში იუდა სარწმუნოსა და დასაჯერებელის
ზღვარს გადადიოდა და ადამიანებს ისეთ მიდრეკილებებს მიაწერდა, რაც
ცხოველებსაც კი არა აქვთ; ისეთ დანაშაულებს აბრალებდა მათ, არც არასდროს
მომხდარა და არც მოხდება. და ვინაიდან ამ დროს იგი ძალზე საპატიო პიროვნებებს
ასახელებდა, ზოგნი ცილისწამებაში სდებდნენ ბრალს და უბრაზდებოდნენ. ერთხელ
ხუმრობით ჰკითხეს:
– დედაშენი და მამაშენი, იუდა, როგორები იყვნენ? ცუდი ადამიანები?
იუდამ თვალი მოჭუტა, გაიღიმა და ხელები გაშალა. თავს აქეთ-იქით აქნევდა, თავთან
ერთად კი მისი გაქვავებული, ფართოდ გაღებული თვალებიც ქანაობდა და
უმეტყველოდ იმზირებოდა.
– მამაჩემი? მამაჩემი შეიძლება ის კაცი იყო, როზგით რომ მცემდა. შეიძლება ეშმაკი
იყო. ან თხა. ან მამალი. განა იუდა ყველას იცნობს, ვისთანაც დედამისი სარეცელს
იყოფდა? იუდას მრავალი მამა ჰყავს. რომელი გაინტერესებთ?
ამ სიტყვებმა ყველა აღაშფოთა, რადგან მშობლებს ძალიან დიდ პატივს სცემდნენ,
ხოლო მათემ, წმინდა წერილში ღრმად განსწავლულმა, მკაცრად უთხრა სოლომონის
სიტყვებით:
– რომელმან განგმოს მამა-დედანი, დაუშრტეს ნათელი და გუგანი თვალთანი
დაუბნელდეს.
იოანემ, ზებედეს ძემ, ქედმაღლურად ესროლა:
– ჩვენ? ჩვენზე რას იტყვი ცუდს, იუდა ისკარიოტელო?
იუდამ თვალთმაქცური შიშით გაასავსავა ხელები, მოიკაკვა და აწუწუნდა, როგორც
მათხოვარი, ამაოდ რომ თხოულობს გამვლელისაგან მოწყალებას:
– აჰ, გამოცდას უწყობენ საწყალ იუდას! დასცინიან იუდას, მოტყუება უნდათ
უბედური, მიმნდობი იუდასი!
და სანამ მისი სახის ერთი ნახევარი მასხარასავით იმანჭებოდა, მეორე - დინჯად,
მკაცრად იმზირებოდა მუდამ გახელილი თვალით. ყველაზე მეტი ისკარიოტელის
ხუმრობაზე სვიმონ-პეტრემ იხარხარა. მაგრამ ერთხელ პეტრე უცებ მოიღრუბლა,
მდუმარე და ნაღვლიანი გახდა, მერე ხელი ჩასჭიდა იუდას და აჩქარებით გაიყვანა
განზე.
– იესოზე რას იტყვი? იესოზე რას ფიქრობ? - ჰკითხა ხმამაღალი ჩურჩულით, - ოღონდ
ხუმრობის გარეშე მითხარი, გთხოვ.
იუდამ ბრაზით შეხედა:
– შენ რას ფიქრობ?
პეტრე შეკრთა, მერე მხიარულად წაიჩურჩულა:
– მე ვფიქრობ, რომ ძეა ღვთისა.
– მაშ რატომ მეკითხები? რას გიპასუხებს იუდა, რომლის მამა თხაა?
– გიყვარს მოძღვარი? შენ ხომ თითქოს არავინ გიყვარს, იუდა.
ისევ უცნაურად ბრაზმორეულმა ისკარიოტელმა მოჭრილად და მკვახედ უპასუხა:
– მიყვარს.
ამ საუბრის შემდეგ პეტრე ორი დღის განმავლობაში მას თავის მეგობარ-რვაფეხას
ეძახდა, გაბრაზებული იუდა კი მოუქნელად უსხლტებოდა ხელიდან, პირმოქუშული
ჯდებოდა სადმე ბნელ კუთხეში და თავის თეთრ, ფართოდ გაღებულ ბრმა თვალს
აბრიალებდა.
მხოლოდ თომა უსმენდა იუდას სერიოზულად. იგი ვერ გებულობდა ხუმრობას, ვერ
ერკვეოდა თვალთმაქცობაში, ტყუილებსა და სიტყვების თამაშში და ყველაფერს
პირდაპირი აზრით აღიქვამდა. როცა ისკარიოტელი ცუდ ადამიანებზე იწყებდა
რაიმეს მოყოლას, ხშირად აწყვეტინებდა მოკლე, საქმიანი შენიშვნებით:
– ამას დამტკიცება უნდა. შენ თვითონ გაიგონე? შენს გარდა ვინ იყო კიდევ იქ? რა
ჰქვია?
იუდა ღიზიანდებოდა და წვრილი ხმით ყვიროდა, რომ ყველაფერი თვითონ დაინახა
და მოისმინა, მაგრამ ჯიუტი თომა მომაბეზრებლად და მშვიდად განაგრძობდა
დაკითხვას, სანამ იუდა არ გამოტყდებოდა ტყუილში, ან სანამ არ დაიწყებდა ახალი,
უფრო სარწმუნო ტყუილის შეთხზვას, თომა კი ახლა ამ ტყუილს უფიქრდებოდა.
როდესაც შეცდომას აღმოაჩენდა, მაშინვე მიდიოდა იუდასთან და გულგრილად
ამხელდა მატყუარას. საერთოდ, იუდას მიმართ ძლიერი ცნობისმოყვარეობა აღეძრა
და მათ შორის რაღაც მეგობრობის მსგავსი დამყარდა. ეს მეგობრობა გამოიხატებოდა
ყვირილით, სიცილით და ლანძღვით ერთი მხრიდან, და მშვიდი, დაჟინებული
კითხვებით მეორე მხრიდან. დროდადრო იუდა აუტანელ ზიზღს გრძნობდა თავისი
უცნაური მეგობრისადმი, გამჭოლ მზერას მიაპყრობდა და გაღიზიანებული
ეუბნებოდა, თითქმის ევედრებოდა:
– რას ჩამაცივდი? მე ყველაფერი გითხარი, ყველაფერი.
– მე მინდა, დაამტკიცო, როგორ შეიძლებოდა, შენი მამა თხა ყოფილიყო, -
გულგრილად, დაჟინებით ეკითხებოდა თომა და პასუხს ელოდა.
ერთხელ, ერთი ასეთი დაკითხვის შემდეგ იუდა უცებ გაჩუმდა და გაკვირვებით
აათვალიერ-ჩაათვალიერა იგი. თომას მაღალი, სწორი ტანი ჰქონდა, ნაცრისფერი სახე,
პირდაპირი, გამჭოლი, ნათელი თვალები. ცხვირიდან ორი სქელი ნაოჭი
ჩამოუდიოდა და მკაცრ, თანაბრად შეჭრილ წვერში ეკარგებოდა. მერე დაბეჯითებით
უთხრა:
– რა ბრიყვი ხარ, თომა! რას ხედავ სიზმარში? ხეს? კედელს? ვირს?
თომა უცნაურად შეკრთა, მაგრამ არ შეპასუხებია. ღამით კი, როდესაც ერთად
მოეწყვნენ დასაძინებლად ბანზე და იუდამ თავისი საღი და მოუსვენარი თვალი
დახუჭა, თომამ უცებ ხმამაღლა უპასუხა:
– შენ სწორი არა ხარ, იუდა. მე ძალიან ცუდ სიზმრებს ვხედავ. მითხარი ერთი,
ადამიანმა საკუთარ სიზმრებზეც უნდა აგოს პასუხი?
– განა ადამიანი სხვის სიზმარს ხედავს და არა საკუთარს?
თომამ წყნარად ამოიოხრა და დაფიქრდა. იუდამ კი ზიზღით დაიღიმა, მაგრად
დახუჭა თავისი ქურდული თვალი და მშვიდად ჩაიძირა მშფოთვარე ძილში, საშინელ
სიზმრებში, გიჟურ ხილვებში, რომლებიც მის წითურ თავში ბობოქრობდნენ.
იუდეაში იესოს მოგზაურობის დროს, როდესაც თანამგზავრები რომელიმე სოფელს
მიუახლოვდებოდნენ, ისკარიოტელი მის მცხოვრებლებზე აუგის მოყოლად იწყებდა
და უბედურებას წინასწარმეტყველებდა. მაგრამ თითქმის ყოველთვის ისე ხდებოდა,
რომ ადამიანები, რომლებზეც ის ცუდს ლაპარაკობდა, ქრისტესა და მის მეგობრებს
სიხარულით ხვდებოდნენ, სიყვარულითა და ყურადღებით ეპყრობოდნენ და
მორწმუნეები ხდებოდნენ, ხოლო ფულის ყულაბა ისე ივსებოდა, რომ მისი ტარებაც
კი ჭირდა. მაშინ იუდას შეცდომაზე იცინოდნენ, ის კი მორჩილად შლიდა ხელებს და
ამბობდა:
– ასეა! ასე! იუდა ფიქრობდა, რომ ცუდები იყვნენ, ისინი კი კარგები ყოფილან: მალეც
ირწმუნეს, ფულიც მოგვცეს. გამოდის, რომ ისევ მოატყუეს იუდა, საწყალი, მიმნდობი
კარიოტელი იუდა!
მაგრამ ერთხელ, საკმაოდ რომ დაშორდნენ სოფელს, რომელიც მათ გულითადად
შეხვდა, თომა და იუდა ცხარედ შეკამათდნენ და დავის გადასაჭრელად უკან
მიბრუნდნენ. მხოლოდ მეორე დღეს დაეწივნენ იესოს და მის მოწაფეებს. თომას
დაბნეული და ნაღვლიანი სახე ჰქონდა, იუდა კი ისე ამაყად იცქირებოდა, თითქოს
ელოდა, რომ აი, ახლა ყველა მიულოცავდა და მადლობას ეტყოდა. თომა მოძღვართან
მივიდა და დაბეჯითებით უთხრა:
– იუდა მართალია, უფალო. ესენი ბოროტი და რეგვენი ადამიანები იყვნენ. შენი
სიტყვები ქვაზე დაეცა.
და მოუყვა, რაც მოხდა სოფელში. იესოს და მისი მოწაფეების წასვლის შემდეგ ერთი
ბებერი ქალი აყვირდა, პატარა თეთრი თიკანი მომპარესო, და ქურდობა წასულებს
დააბრალა. თავიდან არ უჯერებდნენ, მაგრამ როცა ჯიუტად განაგრძო მტკიცება, რომ
იესოს გარდა სხვა არავინ მოიპარავდაო, ბევრმა დაიჯერა და გამოდევნებაც კი
უნდოდათ. და თუმცა მალე ბუჩქნარში ნახეს გზააბნეული თიკანი, მაინც
გადაწყვიტეს, რომ იესო თაღლითი იყო და შეიძლება ქურდიც.
– ერიჰა! - იყვირა პეტრემ და ნესტოები დაბერა, - გინდა, უფალო, იმ ბრიყვებთან
დავბრუნდე და...
მაგრამ მდუმარე იესომ მკაცრად შეხედა მას, პეტრეც გაჩუმდა და სხვების ზურგს
ამოეფარა. ამის შემდეგ არავის გაუხსენებია ეს შემთხვევა, თითქოს არაფერი
მომხდარიყოს და იუდა ისევ არასწორი აღმოჩენილიყოს. იგი ამაოდ ცდილობდა
ყურადღების მიპყრობას, ყველას თვალწინ ტრიალებდა მორიდებულად თავისი
გაორებული, მხეცური, მოკაუჭებულცხვირიანი სახით, მაგრამ ზედაც არავინ
უყურებდა, და თუ ვინმე შეხედავდა, ისიც ძალიან მტრულად და თითქოს
სიძულვილითაც.
ამ დღიდან იესოც უცნაურად შეიცვალა მის მიმართ. ადრე რატომღაც ისე ხდებოდა,
რომ იუდა პირისპირ არასდროს დალაპარაკებია იესოს, იესოსაც არასოდეს
მიუმართავს პირისპირ მისთვის, მაგრამ ხშირად უყურებდა ალერსით, ზოგიერთ მის
ხუმრობაზე იღიმებოდა და თუ დიდხანს ვერ დაინახავდა, იკითხავდა: იუდა სად
არის? ახლა კი თითქოს ვერ ამჩნევდა, თუმცა ძველებურად და უფრო დაჟინებითაც კი
ეძებდა თვალებით, როდესაც საუბარს იწყებდა მოწაფეებთან ან ხალხთან, და თუ
იუდა ზურგს უკან ეჯდა, ან თავმიუბრუნებლად გადაუგდებდა სიტყვას, ან ისეთ
სახეს იღებდა, თითქოს არ იცოდა, იქ რომ იყო. და რაც არ უნდა ეთქვა, - თუნდაც
დღეს ერთი, ხვალ კი სრულიად სხვა, თუნდაც იგივე, რასაც იუდა ფიქრობდა, - ისე
ჩანდა, რომ ყოველთვის იუდას საწინააღმდეგოდ ლაპარაკობდა. იგი ყველასთვის
ნაზი და მშვენიერი ყვავილი იყო, ლიბანის სურნელოვანი ვარდი, იუდასთვის კი
მხოლოდ ეკლებს
აჩენდა, თითქოს გული არ ჰქონდა იუდას, თითქოს თვალი და ცხვირი არ ჰქონდა
იუდას, თითქოს სხვებზე უკეთ ვერ აღიქვამდა ნაზი და უმანკო ფურცლების
მშვენიერებას.
– თომა! შენ გიყვარს ლიბანის ყვითელი ვარდი, რომელსაც შავგვრემანი სახე და
ნუკრის თვალები აქვს? - ჰკითხა ერთხელ თავის მეგობარს. მან გულგრილად
უპასუხა:
– ვარდი? ჰო, მიყვარს მისი სურნელება. მაგრამ ჯერ არ მსმენია, რომ ვარდს
შავგვრემანი სახე და ნუკრის თვალები ჰქონდეს.
– როგორ! ნუთუ არ იცი, რომ კაქტუსს ერთი წითელი ყვავილი აქვს და მხოლოდ
ერთი თვალი? შენ ხომ იმ კაქტუსმა გუშინ ტანსაცმელი დაგიხია.
თომამ ესეც არ უწყოდა, თუმცა გუშინ მართლაც გამოედო კაქტუსს და ტანსაცმელი
დაეფხრიწა. არაფერი არ იცოდა თომამ, თუმცა ყველაფერის გამოკითხვა უყვარდა და
ჯიქურ იმზირებოდა გამჭვირვალე და ნათელი თვალებით, რომელშიც, ვით
ფინიკიურ შუშაში, კედელი და მასზე მიბმული ვირი ირეკლებოდა.
რამდენიმე ხნის შემდეგ კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა, და ისევ იუდა აღმოჩნდა
მართალი. იუდეის ერთ სოფელში, რომელსაც იუდა მეტისმეტად აძაგებდა და
თანამგზავრებს ურჩევდა, გვერდი აევლოთ მისთვის, ქრისტე ძალიან მტრულად
მიიღეს, ხოლო მისი ქადაგების და ფარისევლების მხილების შემდეგ მთლად
გამძვინვარდნენ და იესოსა და მისი მოწაფეების ჩაქოლვა მოინდომეს. ისინი ბევრნი
იყვნენ, აღასრულებდნენ კიდეც საშინელ განზრახვას, კარიოტელ იუდას რომ არ
ემარჯვა. იუდა ისე შეიპყრო შიშმა, იესოს არაფერი შეემთხვესო, თითქოს უკვე
სისხლს ხედავდა მის თეთრ პერანგზე. იგი მძვინვარედ, ბრმასავით მიეჭრა ბრბოს,
იმუქრებოდა, ყვიროდა, ევედრებოდა მათ, თვალთმაქცობდა, და ამით საშუალება
მისცა იესოს და მის მოწაფეებს, გასცლოდნენ იქაურობას. გასაოცარი სიმარდით
დახტოდა, თითქოს ატი ფეხი ჰქონდა. სასაცილო და საშინელი იყო მძვინვარე და
მავედრებელი იუდა, ცოფიანივით აწყდებოდა აქეთ-იქით და რაღაც უცნაური ძალით
ნუსხავდა ბრბოს. ყვიროდა, რომ ნაზარეველი სრულიად არა ეშმაკეული, რომ ის,
უბრალოდ, მატყუარაა, ქურდია, ფულების მოყვარულია, როგორც ყველა მისი
მოწაფე, როგორც თვითონ იუდა; გახსნა ფულის ყულაბა, იგრიხებოდა, ივედრებოდა,
მიწაზე გორავდა. ბრბოს მრისხანება თანდათან სიცილში და ზიზღში გადაიზარდა და
ჩასაქოლად აღმართული ხელები ძირს დაეშვნენ.
– ეს ხალხი არაა იმის ღირსი, რომ პატიოსანმა ხელებმა ჩაქოლონ, - ამბობდნენ ერთნი,
სხვები კი ფიქრიანად გაჰყურებდნენ სწრაფად მიმავალ იუდას.
ისევ ელოდა იუდა მილოცვებს, ქებასა და მადლობას. შემოგლეჯილი ტანსაცმლით
დადიოდა და ცრუობდა, რომ სცემეს, მაგრამ ამჯერადაც უცნაურად მოტყუებული
დარჩა. განრისხებული იესო გრძელი ნაბიჯებით მიდიოდა და დუმდა, იოანემ და
პეტრემაც კი ვერ გაბედეს მასთან მიახლოება. ვინც კი თვალს მოჰკრავდა
ტანსაცმელშემოგლეჯილ და გაბადრულ მაგრამ ოდნავ შემკრთალ იუდას, ყველა
იშორებდა მოკლე და ბრაზიანი შეძახილებით. თითქოს იგი არ იყო მათი გადამრჩენი,
მათი საყვარელი მოძღვრის გადამრჩენი.
– გინდა სულელების დანახვა? - უთხრა მან თომას, დაფიქრებული რომ მოდიოდა
უკან, - შეხედე: აი, გზაზე მიდიან გროვად, როგორც ცხვრის ფარა, და მტვერს
აყენებენ. შენ კი, ჭკვიანო თომა, უკან მიჩანჩალებ, როგორც საზიზღარი მონა, და მეც,
კეთილშობილი, მშვენიერი იუდა, უკან მივჩანჩალებ ბინძურ მონასავით, რომლის
ადგილი არაა ბატონების გვერდით.
– რატომ უწოდებ შენს თავს მშვენიერს? - გაუკვირდა თომას.
– იმიტომ, რომ მშვენიერი ვარ, - დაბეჯითებით მიუგო იუდამ. მერე უამბო, თან ბევრი
სიცრუეც დაუმატა, როგორ გააცურა იესოს მტრები, როგორ დასცინა მათ და როგორ
დააყრევინა ის სულელური ქვები.
– მაგრამ შენ ხომ მოატყუე ისინი! - თქვა თომამ.
– კი, მოვატყუე, - მშვიდად დაეთანხმა ისკარიოტელი, - მე მათ მივეცი, რასაც
მთხოვდნენ, მათ კი დამიბრუნეს, რაც მჭირდებოდა. რა არის სიცრუე, ჩემო ჭკვიანი
თომა? განა უარესი სიცრუე არ იქნებოდა იესოს სიკვდილი?
– შენ ცუდად მოიქეცი. ახლა მჯერა, რომ შენი მამა მართლაც ეშმაკია. ეს იმან
გაგწვრთნა შენ, იუდა.
ისკარიოტელს სახე გაუთეთრდა და სწრაფად მიიწია თომასკენ, თითქოს თეთრმა
ღრუბელმა გადაჰფარა იესოსკენ მიმავალი გზა. რბილად, მაგრამ სწრაფად მიიზიდა
თომა, მძლავრად მიიკრა, გააშეშა და წასჩურჩულა:
– მაშ ეშმაკმა გამწვრთნა? ასე ხომ, თომა! მე კი იესო გადავარჩინე? გამოდის, ეშმაკს
ყვარებია იესო, გამოდის ეშმაკს სჭირდება იესო და სიმართლე! ასე არაა, თომა? მაგრამ
მამაჩემი ეშმაკი კი არა, თხა იყო. ალბათ თხასაც სჭირდება იესო, არა? ხე-ხე! თქვენ კი
არ გჭირდებათ, არა? არც სიმართლე გჭირდებათ, არა?
გაჯავრებულმა და ოდნავ შემკრთალმა თომამ ძლივს დააღწია თავი იუდას აუტანელ
ხვევნას და სწრაფად წავიდა წინ, მაგრამ მალე შეანელა ნაბიჯები, ცდილობდა, კარგად
გაეაზრებინა ყველაფერი.
იუდა კი წყნარად მიჩანჩალებდა დ თანდათან ჩამორჩა. აი, წინ წასულები საკმაოდ
დაშორდნენ, ერთმანეთს შეერწყნენ და უკვე არ შეიძლებოდა გარჩევა, რომელი იყო ამ
პატარა ფიგურებში იესო. აი, თომაც რუხ წერტილად იქცა. მერე ყველა გაუჩინარდა
მოსახვევში. იუდამ უკან მოიხედა, მერე გზიდან გადაუხვია და დიდი ნახტომებით
დაეშვა ქვიან ღრანტეში. სწრაფი, აჩქარებული სირბილისაგან ტანსაცმელი
აუფრიალდა და ხელები მაღლა ასწია, თითქოს გაფრენა უნდოდა. აი, ჩამონაქცევზე
ფეხი დაუცურდა და რუხ გუნდასავით დაგორდა ქვევით, ქვებზე სულ დაიღლიტა,
წამოხტა და მრისხანედ მოუღერა მუშტი მთას:
– უ, შე წყეულო!
მერე ნელი ნაბიჯებით წავიდა; პირქუშად, ყურადღებით შეარჩია ადგილი დიდ
ქვასთან და აუჩქარებლად დაჯდა. შებრუნდა, თითქოს მოხერხებულ მდგომარეობას
ეძებდა, შეტყუპებული ხელისგულები რუხ ქვას მიადო და ნელა მიაბჯინა თავი. ასე
იჯდა ერთი თუ ორი საათი, არ ინძრეოდა, ჩიტებსაც კი არ აფრთხობდა, უძრავი და
რუხი იყო, როგორც თვით ქვა. წინ, უკან, ყოველი მხრიდან ღრანტეს კედლები
აღმართულიყვნენ, ზემოთ მათი კიდეებით მკაფიოდ შემოსაზღვრული ლურჯი ცა
მოჩანდა. უზარმაზარი რუხი ქვების წვიმა მოსულიყო და მისი მძიმე წვეთები
მარადიულ ფიქრში გარინდულიყვნენ. ამოპირქვავებულ თავის ქალას ჰგავდა ეს
უდაბური ღრანტე, და მასში ქვები გაყინული აზრებივით ელაგნენ. ისინი ბევრნი
იყვნენ, და ყველა ფიქრობდა, მძიმედ, დაუსრულებლად, დაჟინებით.
აი, შორიახლოს მეგობრულად გაცოცდა მოტორტმანეფეხებიანი მორიელი. იუდამ
შეხედა მას, ისე რომ ქვისთვის არ მოუშორებია თავი, და ისევ უძრავად მიაჩერდნენ
რაღაცას მისი თვალები, ორივე უძრავი, ორივე თითქოს ბრმა და შემაძრწუნებლად
გახელილი.
აი, მიწიდან, ქვებიდან, ნაპრალებიდან ღამის წყვდიადი ამოცოცდა, უძრავ იუდას
შემოეხვია და სწრაფად აიჭრა ზევით, - ნათელი, გაფერმკრთალებული ცისკენ. დადგა
ღამე, ფიქრებითა და სიზმრებით დახუნძლული.
ამ დღეს იუდა არ დაბრუნებულა თავის ღამისსათევში. და საჭმელ-სასმელისათვის
ზრუნვის გამო თავიანთ ფიქრებს მოწყვეტილი მოწაფეები მის დაუდევრობაზე
ბუზღუნებდნენ.

III
ერთხელ, შუადღისას, იესო და მისი მოწაფეები მთის ქვიან გზას ადგნენ. ჩრდილი
არსად იყო, და ვინაიდან თითქმის ხუთი საათი ეარათ გზაში, იესომ დაღლილობა
იგრძნო. მოწაფეები შეჩერდნენ. პეტრემ და მისმა მეგობარმა იოანემ მიწაზე გაშალეს
თავიანთი და სხვა მოწაფეების ლაბადები, ზემოდან, ორ მაღალ ქვას შორის გაჭიმეს
ლაბადა და ამგვარად იესოსთვის რაღაც კარვის მსგავსი მოაწყვეს. იესო კარავში
წამოწვა, რათა მცხუნვარე მზეს მორიდებოდა, მოწაფეები კი მხიარული საუბრით და
ხუმრობით ართობდნენ. მაგრამ რომ დაინახეს, ესეც ღლისო, სულ განერიდნენ, და
რაკი ნაკლებად აწუხებდათ დაღლილობა და სიცხე, სხვადასხვა საქმეს მოჰკიდეს
ხელი. ზოგნი მთის ფერდობებზე ქვებს შორის დაეძებდნენ საჭმელ ძირხვენებს და
მერე იესოსთან მიჰქონდათ. ზოგნი მაღლა და მაღლა მიცოცავდნენ, ლურჯი შორეთის
საზღვრებისკენ მიისწრაფვოდნენ, და რომ ვერ აღწევდნენ, ისევ ადიოდნენ ახალ-ახალ
წვეტიან ლოდებზე. იოანემ ქვებში ლამაზი ცისფერი ხვლიკი იპოვა და მშვიდად
მომღიმარმა ნაზ ხელისგულებში მომწყვდეული მიუყვანა იესოს. ხვლიკი
გამობურცული, იდუმალი თვალებით შესცქეროდა იესოს, მერე კი ცივი სხეულით
სწრაფად გასრიალდა მის თბილ ხელზე, გადახტა და სადღაც წაიღო თავისი ნაზი,
მოცახცახე კუდი.
პეტრემ, რომელსაც წყნარი სეირნობა არ უყვარდა, და ფილიპემაც, დიდი ქვების აწევა
და ფერდობზე დაგროვება დაიწყეს, - ერთმანეთს ძალაში ეჯიბრებოდნენ. მათმა
ხარხარმა სხვებიც მოიზიდა, თანდათან მოგროვდნენ მათ ირგვლივ და თამაშში
ჩაერთნენ. ისინი მთელი ძალღონით ეჭიდებოდნენ მოზრდილ ქვებს, ორივე ხელით
მაღლა სწევდნენ და ფერდობზე აგორებდნენ. მძიმე ქვა პირველ დაცემისას ოდნავ
ყოვნდებოდა, შემდეგ გაუბედავად აკეთებდა პირველ ნახტომს და მიწასთან ყოველ
შეხებაზე სიჩქარე და სიმძლავრე ემატებოდა, სწრაფი, მძვინვარე,
ყოვლისდამანგრეველი ხდებოდა. უკვე კი აღარ მიხტოდა, არამედ
კბილებდაღრჭენილი მიფრინავდა და ჰაერი წივილითა და სტვენით მიაცილებდა.
მერე, უფსკრულის პირად, უკანასკნელად შეხტებოდა და მშვიდად, მძიმეს
დაფიქრებული გადაეშვებოდა ქვევით, უჩინარ უფსკრულში.
– აბა, ერთიც კიდევ! - ყვიროდა პეტრე. შავი წვერი გაბანჯგვლოდა, თეთრი კბილები
უელავდა, ძლიერი მკერდი და მკლავები გაეშიშვლებინა და ბებერი, მძვინვარე ქვები,
უეცარი ზეატყორცნის გამო ყეყეჩურად გაკვირვებულნი, ერთიმეორის მიყოლებით
მორჩილად მიფრინავდნენ უფსკრულისაკენ. სუსტმა იოანემაც კი ისროლა პატარა ქვა.
იესო წყნარად იღიმებოდა და მათ თავშექცევას უცქეროდა.
– შენ რაო, იუდა, რატომ არ მონაწილეობ თამაშში? მე მგონი, მხიარული თამაშია, -
ჰკითხა თომამ, რომელმაც თავისი უცნაური მეგობარი დიდი რუხი ქვის იქით
დაინახა უძრავად მჯდარი.
– მკერდი მტკივა. თანაც არ დაუძახიათ.
– დაძახება რად გინდა? კარგი, მე გეძახი, წამო. ნახე, როგორ ქვებს ისვრის პეტრე.
იუდამ გვერდულად გახედა მას და თომამ პირველად შენიშნა, რომ იუდა
ისკარიოტელს ორი სახე ჰქონდა. მაგრამ ამის გააზრება ვერ მიასწრო, რადგან იუდამ
ჩვეულებრივი, პირფერული და ამავე დროს დამცინავი ტონით თქვა:
– განა პეტრეზე ძლიერი ვინმე იქნება? როდესაც ის ყვირის, იერუსალიმს მთელ
ვირებს ჰგონიათ, რომ მათი მესაი მოვიდა, და ისინიც ყროყინს იწყებენ. თომა, მათი
ყროყინი ხომ გაგიგონია?
გულღიად მღიმარი იუდა მოთამაშეებს შეუერთდა, თან სამოსით მორცხვად
იფარავდა ხუჭუჭა ჟღალი თმით დაფარულ, ბანჯგვლიან მკერდს. ყველა
მხიარულობდა, იუდასაც მხიარული შეძახილებითა და ხუმრობით შეხვდნენ.
იოანემაც კი მოწყალედ გაიღიმა, როდესაც იუდა ხვნეშითა და ყასიდი ოხვრით
გადაიხარა მოზრდილი ქვის ასაღებად. და, აი, მსუბუქად ასწია იგი, გადაისროლა და
შეტორტმანებულმა ბრმა, ფართოდ გაღებული თვალი უძრავად მიაშტერა პეტრეს,
ხოლო მეორე, ცბიერ და მხიარულ თვალში წყნარი სიცილი ჩაუდგა.
– არა, კიდევ ისროლე! -უთხრა პეტრემ წყენით.
და ისინი ერთიმეორეს მიყოლებით სწევდნენ გიგანტურ ლოდებს და გაოცებული
მოწაფეების თვალწინ ისროდნენ. პეტრემ უშველებელი ქვა ისროლა, იუდამ კიდევ
უფრო დიდი ქვა გადააგდო. გაცეცხლებულმა პეტრემ კლდის ნატეხი გადმოაბრუნა,
ტორტმანით ასწია და
ქვევით გადაუძახა. მღიმარე იუდამ თვალით მოძებნა უფრო დიდი ნატეხი, მოჰხვია
გრძელი თითები, ასწია, ააქანავა და გაფითრებულმა უფსკრულისაკენ გაგზავნა.
გადაგდებისას პეტრე უკან გადაქანდა და ისე გააყოლა თვალი ქვის ვარდნას, იუდა კი
წინ გადაიხარა და ისე გაშალა გრძელი მკლავები, თითქოს ქვას ფრენით უნდა
გაჰყოლოდა. ბოლოს ორივე, ჯერ პეტრე, შემდეგ კი იუდა, მოეჭიდნენ ერთ ბებერ,
ხავსიან ქვას, მაგრამ ვერც ერთმა ვერ ასწია. მთლად გაღაჟღაჟებული პეტრე
გაბედულად მივიდა იესოსთან და ხმამაღლა უთხრა:
– უფალო! მე არ მინდა, რომ იუდა ჩემზე ძლიერი იყოს. დამეხმარე, რომ ავწიო ეს ქვა
და გადავაგდო.
იესომ რაღაც უპასუხა წყნარად. პეტრემ უკმაყოფილოდ აიჩეჩა ფართო მხრები, მაგრამ
შეპასუხება ვერ გაუბედა, უკან დაბრუნდა და თქვა:
– მითხრა, ისკარიოტელს ვინღა დაეხმარებაო!
მაგრამ, აი, შეხედა იუდას, რომელიც ქშენითა და კბილების ღრჭენით ისევ
ეჭიდებოდა ჯიუთ ლოდს, და მხიარულად გადაიხარხარა:
– ესეც თქვენი ავადმყოფი! შეხედეთ, რას აკეთებს ჩვენი ავადმყოფი, საწყალი იუდა!
გადაიხარხარა იუდამაც, რომელიც ასე მოულოდნელად ამხილეს სიცრუეში. სხვებმაც
გაიცინეს. ოდნავ შესამჩნევმა ღიმილმა თომას სწორი, ტუჩებზე გადმოფენილი
ფერფლისფერი ულვაშები გაუშალა. და ასე, მეგობრული ბაასით და სიცილით
გააგრძელეს გზა, და პეტრე, რომელიც სავსებით შეურიგდა დამარცხებას,
დროდადრო გვერდში მუჯლუგუნს ურტყამდა იუდას და ხარხარებდა:
– აი, ავადმყოფი!
ყველა აქებდა იუდას, ყველამ აღიარა მისი გამარჯვება, ყველა მეგობრულად
ესაუბრებოდა. იესომ კი, იესომ, ამჯერადაც არ ისურვა იუდას შექება. მდუმარედ
მიდიოდა წინ და ბალახის ღეროს კბილებით კვნეტდა. მოწაფეებმაც თანდათან
შეწყვიტეს სიცილი და იესოს
ამოუდგნენ გვერდით. და მალე ისევ ისე მოხდა, რომ ყველა ერთად მიდიოდა წინ,
ხოლო იუდა, გამარჯვებული იუდა, ძლიერი იუდა, მარტოდ მიჩანჩალებდა უკან და
მტვერს ყლაპავდა.
აი, შეჩერდნენ. იესომ ხელი დაადო მხარზე პეტრეს, მეორე ხელი კი წინ გაიშვირა,
სადაც ნისლში იერუსალიმი მოჩანდა. და პეტრეს ფართო, ძლიერი ზურგი
ფრთხილად შეეგება მის ნაზ, მზემოკიდებულ ხელს.
ღამის გასათევად ბეთანიაში შეჩერდნენ, ლაზარესთან. როდესაც ყველა შეგროვდა
სასაუბროდ, იუდამ იფიქრა, რომ ახლა მაინც გაიხსენებდნენ მის გამარჯვებას, და
ახლოს დაჯდა. მაგრამ მოწაფეები დუმდნენ, უჩვეულოდ გარინდებულიყვნენ.
განვლილი გზის სურათები, - მზე, ქვა, ბალახი, კარავში წამოწოლილი ქრისტე, -
წყნარად ლივლივებდნენ წარმოსახვაში, მსუბუქ ფიქრებში ხვევდნენ, ბადებდნენ
ბუნდოვან მაგრამ ტკბილ ოცნებებს მზის ქვეშეთში რაღაც მარადიულ მოძრაობაზე.
დაღლილი სხეულები ტკბილად ისვენებდნენ. ყველა იდუმალ მშვენიერებაზე და
რაღაც მნიშვნელოვანზე ფიქრობდა, ხოლო იუდა არავის გახსენებია.
იუდა გარეთ გამოვიდა. შემდეგ დაბრუნდა. იესო ლაპარაკობდა, მოწაფეები კი
მდუმარედ უსმენდნენ. მის ფერხთით ქანდაკებასავით უძრავად იჯდა მარიამი, თავი
უკან გადაეწია და სახეში შესცქეროდა. ახლოს მჯდომი იოანე ცდილობდა ხელი ისე
დაეჭირა, რომ მოძღვრის სამოსელს შეხებოდა, არ კი შეეწუხებინა იგი. აი, შეეხო და
გაირინდა. პეტრე ღრმად და მძლავრად სუნთქავდა, თითქოს სუნთქვით იმეორებდა
იესოს სიტყვებს.
ისკარიოტელი კარებში შედგა, სიძულვილით შეათვალიერა შეკრებილნი და იესოს
მიაპყრო ცეცხლოვანი მზერა. და რაც მეტს უყურებდა, ყოველივე ჰქრებოდა და
ბნელსა და წყვდიადში ეხვეოდა ირგვლივ, მხოლოდ იესო რჩებოდა სინათლით
მოცული. და, აი, ისიც თითქოს ჰაერში აიწია, თითქოს გალღვა, თითქოს ჩამავალი
მთვარით განათებულ, ტბაზე ჩამოწოლილ ნისლს დაემსგავსა. და მისი ნაზი ხმა
თითქოს სადღაც შორიდან, შორიდან ისმოდა. იუდა უყურებდა მოლივლივე
აჩრდილს, უსმენდა ჰაეროვანი სიტყვების შორეულ, ნაზ მელოდიას, და იუდამ
რკინის თითებით შებოჭა თავისი სული და მის უსაზღვრო წყვდიადი რაღაც
უზარმაზარის აშენება დაიწყო მდუმარედ. უკუნ წყვდიადში ნელა სწევდა მთებივით
უშველებელ უფორმო საგნებს და მდორედ აწყობდა ერთმანეთზე. სწევდა და
აწყობდა. და რაღაც იზრდებოდა წყვდიადში, ჩუმად ფართოვდებოდა და
განიერდებოდა. და აი, თავი წარმოუდგა, ვითარცა გუმბათი. და
თვალგაუღწეველ უკუნეთში გაგრძელდა ეს უსაშველო ზრდა. ვიღაც ჩუმად
მუშაობდა: მაღლა სწევდა ვეება საგნებს, მთების მსგავსთ, და ერთმანეთზე აწყობდა.
სწევდა და აწყობდა... და სადღაც შორიდან ნაზად ისმოდა იესოს წყნარი ლაპარაკი.
იდგა კარებში იუდა, დიდი და შავი. იესო ლაპარაკობდა, და მის ნათქვამს
ნაწყვეტ-ნაწყვეტი მძლავრი სუნთქვით იმეორებდა პეტრე. მაგრამ უცებ იესო
გაჩუმდა, სწრაფად გასწყვიტა დაუმთავრებელი სათქმელი, და პეტრემ, თითქოს
უეცრად გაიღვიძაო, აღტაცებით შესძახა:
– უფალო! შენ უწყი საიდუმლო მარადიულო ცხოვრებისა!
მაგრამ იესო დუმდა და დაჟინებით იყურებოდა სადღაც. მის მზერას თვალი
გააყოლეს და შენიშნეს კარებში მდგარი გახევებული იუდა, რომელსაც პირი გაეღო და
თვალები დაშტერებოდა. ვერაფერს მიხვდნენ და გაიცინეს. წმინდა წიგნებში
განსწავლულმა მათემ კი მხარზე დაადო ხელი იუდას და სოლომონის სიტყვებით
უთხრა:
– რომელი ხედვიდეს წრფილად, შეწყალებულ იქმნას, ხოლო რომელი შეემთხვიოს
ბჭეთა ზედა, მან შეაწუხნეს სულნი.
იუდა შეკრთა და ხმადაბლა შეჰყვირა. და ყველაფერი - თვალები, ხელები, ფეხები -
თითქოს სხვადასხვა მხარეს გაექცა. ასე ემართება ცხოველს, რომელიც უცებ თავზე
წამომდგარ ადამიანს დაინახავს. იესო პირდაპირ იუდასკენ გაემართა და მის ბაგეებს
რაღაც სიტყვები მოწყდა, მერე გვერდით ჩაუარა იუდას და ღია კარებში გავიდა.
შუაღამისას შეშფოთებული თომა იუდას საწოლთან მივიდა, ჩაცუცქდა და შეეკითხა:
– იუდა, ტირი?
– არა, მომშორდი, თომა.
– რატომ კვნესი, იუდა? რატომ აღჭრიალებ კბილებს? შეუძლოდ ხარ?
იუდამ არ უპასუხა. შემდეგ კი მისი ბაგეებიდან ნაღველითა და წყენით აღსავსე
სიტყვები წარმოსდინდა:
– რატომ არ ვუყვარვარ იესოს? რატომ უყვარს სხვები? განა მე სხვაზე უფლო ლამაზი,
უკეთესი და ძლიერი არა ვარ? განა მე არ გადავარჩინე იგი, როცა თქვენ
კუდამოძუებული მშიშარა ძაღლებივით გარმოდით?
– ჩემო საბრალო მეგობარო, არა ხარ მთლად მართალი. შენ სრულიადაც არა ხარ
ლამაზი, ენაც ისეთივე საზიზღარი გაქვს, როგორც სახე. სულ მუდამ იტყუები და
ილანძღები. რაღად გიკვირს, იესოს რომ არ უყვარხარ?
მაგრამ სიბნელეში მბორგავი იუდა არ უსმენდა და აგრძელებდა:
– რატომ არაა იგი იუდასთან? რატომაა სხვებთან, რომელთაც იგი არ უყვართ? იოანემ
მას ხვლიკი მიუყვანა, მე კი შხამიანი გველის მიყვანასაც შევძლებდი. პეტრე ლოდებს
ისროდა, მე მთებს გადავაბრუნებდი მისი გულისთვის. მაგრამ რაა შხამიანი გველი?
ამოაძრობ კბილს და შეიძლება ყელსაბამივით შემოიხვიო. რაა მთა, რომელიც
შეიძლება ხელით მოთხარო და ფეხებით გათელო? მე მას მივუძღვნიდი იუდას, მამაც,
მშვენიერ იუდას! ახლა კი იგი მოკვდება, და მასთან ერთად მოკვდება იუდაც.
– შენ რაღაც უცნაურად ლაპარაკობ, იუდა!
– ხმელი ლეღვის ხე, რომელიც უნდა მოიჭრას, ეს ხომ მე ვარ, ეს ჩემზე თქვა. რატომ
არა მჭრის? იმიტომ, რომ ვერ მიბედავს, თომა. კარგად ვიცნობ: მას იუდასი ეშინია!
იგი გაურბის მამაც, ძლიერ, მშვენიერ იუდას! მას უყვარს ბრიყვები, მოღალატეები,
მატყუარები. შენც მატყუარა ხარ, თომა, იცი ეს?
თომა განცვიფრდა და შეპასუხება უნდოდა, მაგრამ იფიქრა, იუდა ჩვეულებისამებრ
ილანძღებაო და თავი გადააქნია მხოლოდ. კიდევ უფრო დანაღვლიანდა იუდა,
კვნესოდა და კბილებს აღჭრიალებდა. ისმოდა, როგორ მოუსვენრად ტრიალებდა
საბნის ქვეშ მისი დიდი ტანი.
– რა სტკივა იუდას? ვინ შანთავს იუდას სხეულს? ის თავის ვაჟს ძაღლებს მიუგდებს!
ის თავის ქალიშვილს ავაზაკებს მისცემს პატივის ასაყრელად. საცოლეს
გასარყვნელად გაიმეტებს. მაგრამ განა იუდას ნაზი გული არა აქვს? წადი, თომა, წადი,
სულელო. დაე, მარტო დარჩეს ძლიერი, მამაცი, მშვენიერი იუდა!

IV
იუდამ რამდენიმე დინარი მიითვისა. ეს გამომჟღავნდა თომას წყალობით, რომელმაც
შემთხვევით დაინახა, რამდენი ფული იყო შემოწირული. იფიქრეს, რომ ეს პირველი
შემთხვევა არ იქნებოდა იუდასთვის და ყველა აღშფოთდა. განრისხებულმა პეტრემ
საყელოში ჩაავლო ხელი და თითქმის თრევით მიუყვანა იესოს. შეშინებულ,
ფერდაკარგულ იუდას წინააღმდეგობა არ გაუწევია.
– მოძღვარო, შეხედე! აი, ესეც ხუმარა! აი, ესეც ქურდი! შენ ენდე, იგი ფულს იპარავს.
ქურდი! საზიზღარი! თუ ნებას მომცემ, მე მაგას...
მაგრამ იესო დუმდა. პეტრემ ყურადღებით შეხედა მას, გაწითლდა და იუდას ხელი
გაუშვა. იუდა დარცხვენით გასწორდა, გვერდულად შეხედა პეტრეს და
მომნანიებელი დამნაშავის მორჩილი და ტანჯული სახე მიიღო.
– ასე! - თქვა გაჯავრებულმა პეტრემ და გასვლისას კარი გაიჯახუნა. ყველა
უკმაყოფილო იყო. ამბობდნენ, რომ იესო ახლა არავითარ შემთხვევაში აღარ
დაიტოვებდა იუდას, მაგრამ იოანემ რაღაც სწრაფად გაიაზრა და იესოსთან შევიდა.
მოწაფეებს მოესმინათ იესოს წყნარი და ალერსიანი ხმა. რამდენიმე ხნის შემდეგ იოანე
გამოვიდა. იგი გაფითრებული იყო და დახრილი თვალები ახალი ნამტირალევივით
დაწითლებოდა.
– მოძღვარმა თქვა... მოძღვარმა თქვა, იუდას შეუძლია აიღოს იმდენი ფული,
რამდენიც სურსო.
პეტრემ ბოღმიანად გაიცინა. იოანემ სწრაფად, საყვედურით შეხედა მას და უეცრად
ერთიანად აღტკინებულმა შესძახა:
– და არავინ არ უნდა თვალოს, რამდენს აიღებს იუდა. იგი ჩვენი ძმაა და მთელი
ფული მისია, როგორც ჩვენი, და თუ მას ბევრი სჭირდება, დაე, ბევრი აიღოს, ისე რომ
არავის უთხრას და არავის შეუთანხმდეს. იუდა ჩვენი ძმაა, და თქვენ მწარედ
აწყენინეთ მას, - ასე თქვა მოძღვარმა. გრცხვენოდეთ, ძმებო...
კარებში იდგა გაფითრებული, ცალყბად გაღიმებული იუდა. იოანე მსუბუქი
ნაბიჯებით მიუახლოვდა და სამჯერ აკოცა. მას დარცხვენით მიჰყვნენ იაკობი,
ფილიპე და სხვები, თანაც ერთმანეთს უთვალთვალებდნენ. იუდა მტლაშუნით
კოცნიდა ყველას, თითქოს ეს ხმა ანიჭებდა სიამოვნებას, ყოველი კოცნის შემდეგ კი
პირს იწმენდდა. უკანასკნელად პეტრე მივიდა.
– ყველანი ბრიყვები და ბრმები ვართ, იუდა. მხოლოდ ის ხედავს, მხოლოდ ისაა
ჭკვიანი, ნებას მაძლევ, გაკოცო?
– რატომაც არა! მაკოცე! - დაეთანხმა იუდა.
პეტრემ მაგრად გადაკოცნა და ყურში ხმამაღლა უთხრა:
– მე კი კინაღამ დაგახრჩვე! სხვებმა იმდენი არაფერი, მე კი პირდაპირ ყელში გწვდი!
არ გეტკინა?
– ცოტა...
– შევალ და ყველაფერს ვეტყვი. მე ხომ იმასაც გავუბრაზდი, - თქვა პეტრემ
ნაღვლიანად და ეცადა, წყნარად და უხმაუროდ შეეღო კარი.
– შენ რას შვრები, თომა? - მკაცრად შეეკითხა იოანე, რომელიც მოწაფეების
მოქმედებას და ლაპარაკს აკვირდებოდა.
– მე ჯერ არ ვიცი, უნდა ვიფიქრო.
და დიდხანს ფიქრობდა თომა, თითქმის მთელი დღე. მოწაფეები თავთავიანთ
საქმეებზე წავიდნენ, სადღაც კედლის მიღმა ხმამაღლა და მხიარულად როხროხებდა
პეტრე, თომა კი სულ ფიქრობდა. ალბათ უფრო ჩქარა მოიფიქრებდა, მაგრამ ხელს
უშლიდა იუდა, რომელიც მოუშორებლად დასდევდა დამცინავი ღიმილით და
ხანდახან სერიოზულად ეკითხებოდა:
– როგორაა საქმე, თომა? რას იტყვი?
მერე იუდამ ყუთი მოიტანა, მონეტებს აწკარუნებდა და ხმამაღლა ითვლიდა, თავი
ისე ეჭირა, თითქოს თომას სრულიადაც არ აქცევდა ყურადღებას.
– ოცდაერთი, ოცდაორი, ოცდასამი... შეხედე, თომა, ისევ ყალბი მონეტაა. ოჰ,
თაღლითები არიან ადამიანები, ყალბ ფულსაც კი გვწირავენ... ოცდახუთი... მერე
კიდევ იტყვიან, იუდამ მოიპარაო... ოცდახუთი, ოცდაექვსი...
უკვე საღამო იყო, როცა ტომა მტკიცე გადაწყვეტილებით მივიდა იუდასთან და
უთხრა:
– ის მართალია, იუდა. მოდი, გაკოცო.
– ჰო? ოცდაცხრა, ოცდაათი. ამაოდ ირჯები. მე ისევ მოვიპარავ. ოცდათერთმეტი.
– როგორ უნდა მოიპარო, როდესაც ის შენიცაა და ჩვენიც? შენ, უბრალოდ, იმდენს
აიღებ, რამდენიც დაგჭირდება, ძმაო.
– ამდენი დრო დაგჭირდა, მისი სიტყვები რომ გაგემეორებინა? არ უფრთხილდები
დროს, ჩემო ჭკვიანო თომა.
– შენ მგონი დამცინი, ხომ, ძმაო!
– დაფიქრდი, ჩემო კეთილო თომა, კარგად იქცევი, მის სიტყვებს რომ იმეორებ? ეს
მისი სიტყვებია და არა შენი, ეს იმან მაკოცა, თქვენ პირი წამიბილწეთ მხოლოდ. ჯერ
კიდევ ვგრძნობ თქვენი სველი ტუჩების ცოცვას. ეს ისეთი საზიზღარი რამ იყო, ჩემო
კეთილო თომა! ოცდათვრამეტი, ოცდაცხრამეტი, ორმოცი. ორმოცი დინარია, თომა,
ხომ არ შეამოწმებ?
– ის ხომ ჩვენი მოძღვარია. რატომ არ უნდა გავიმეოროთ მისი სიტყვები?
– განა იუდას საყელო მოსძვრა? განა ის შიშველია და ტანსაცმელზე ვეღარ
ჩაებღაუჭებით? აი, წავა მოძღვარი სახლიდან და იუდა უნებურად ისევ მოიპარავს სამ
დინარს. და განა ისევ საყელოში არ ჩააფრინდებით?
– ახლა ვიცით, იუდა. ყველაფერი მივხვდით.
– განა ყველა მოწაფეს ცუდი მეხსიერება არა აქვს? განა ყველა მოძღვარი არ მოატყუეს
მოწაფეებმა? აღმართავს მოძღვარი როზგს და მოწაფეები ყვირიან: ჩვენ ვიცით,
მოძღვარო! წავა მოძღვარი დასაძინებლად, მოწაფეები კი ბჭობენ: ხომ ამას
გვასწავლიდა მოძღვარი? აქაც ასეა. დღეს დილით ქურდი მიწოდე, საღამოს კი -ძმა.
ხვალ რას მიწოდებ?
იუდამ გაიცინა, მსუბუქად ასწია მძიმე, მოჩხრიალე ყუთი და განაგრძო:
– როდესაც ძლიერი ქარი ქრის, იგი მტვერს აყენებს. ბრიყვი ადამიანები უცქერენ
მტვერს და ამბობენ: აი, ქარი! ეს კი მხოლოდ მტვერია, ჩემო კეთილო თომა, ვირის
ჩონჩორიკი, ფეხით გათელილი ფუნა. შეეხლება იგი კედელს და მის ძირში ცვივა,
ქარი კი ქრის, მიფრინავს შორს, ქარი კი ქრის, ჩემო კეთილო თომა!
იუდამ ხელით მიანიშნა კედლის გადაღმა და ისევ გაიცინა.
– მიხარია, რომ მხიარულობ, - თქვა თომამ, - მაგრამ, სამწუხაროდ, შენს
მხიარულებაში ბევრი ბოროტებაა.
– როგორ არ იქნება მხიარული ის ადამიანი, ამდენი რომ კოცნეს და ასე სასარგებლო
კაცი რომაა? მე რომ არ მომეპარა სამი დინარი, განა იოანე ასეთ აღტაცებას
იგრძნობდა? განა სასიამოვნო არაა კაკვი იყო, რომელზეც იოანე თავის ნესტიან
სიკეთეს ჰფენს გასაშრობად, თომა კი თავის დაჩრჩილულ ჭკუას?
– მგონი, ჯობია წავიდე.
– ვხუმრობ, ვხუმრობ, ჩემო კეთილო თომა, მე მხოლოდ იმის გაგება მინდოდა,
მართლა თუ გსურდა ბებერი, საზიზღარი, ქურდი იუდას კოცნა, სამი დინარი რომ
მოიპარა და მეძავს მისცა.
– მეძავს? - გაოცდა თომა, - მაგის შესახებ მოძღვარს უთხარი?
– აი, შენ ისევ გეეჭვება, თომა. დიახ, მეძავს მივეცი. მაგრამ რომ იცოდე, თომა, რა
უბედური ქალი იყო. ორი დღე არაფერი ეჭამა...
– ნამდვილად იცი? - აღელდა თომა.
– რასაკვირველია! მე თვითონ ვიყავი მასთან ორი დღე და ვხედავდი, რომ არაფერს
ჭამდა, მხოლოდ წითელ ღვინოს სვამდა. დაუძლურებული ბარბაცებდა და მე მასთან
ერთად დავეცი...
თომა ზეწამოიჭრა, რამდენიმე ნაბიჯი გადაირბინა, შემდეგ შემობრუნდა და იუდას
მიახალა:
– როგორც ჩანს, შენში ეშმაკი ჩასახლებულა, იუდა.
მიდიოდა და ბინდბუნდში ესმოდა, როგორ საწყალობლად წკარუნობდა იუდას
ხელებში ფულის მძიმე ყულაბა. და თითქოს იცინოდა იუდა.
მაგრამ მეორე დღესვე აღიარა თომამ, რომ შეცდა იუდაში. უბრალო, რბილი და
სერიოზული გახდა ისკარიოტელი. აღარ იმანჭებოდა, აღარ ხუმრობდა
ღვარძლიანად, არავის აყენებდა შეურაცხყოფას, წყნარად და შეუმჩნევლად აკეთებდა
თავის სამეურნეო საქმეებს. ახლაც
მარდი იყო, როგორ ყოველთვის, თითქოს ორი ფეხი კი არ ჰქონდა, როგორც სხვებს,
არამედ ათი; უხმაუროდ დარბოდა, წრიპინის, კივილის, ხარხარის გარეშე, ადრე
ყოველგვარი საქმიანობისას რომ იცოდა. როცა იესო ლაპარაკს იწყებდა, იუდა
წყნარად ჯდებოდა კუთხეში, მუხლებზე ხელებს დაიწყობდა და ისე მორჩილად
ემზირებოდა თავისი დიდი თვალებით, რომ ბევრის ყურადღება მიიქცია. ხალხზეც
აღარ ლაპარაკობდა აუგს და ხშირადაც დუმდა. თვით მკაცრმა მათემაც კი საჭიროდ
სცნო მისი შექება და სოლომონის სიტყვებით უთხრა:
– შეურაცხყვნის მოქალაქენი ნაკლულევანმან გონებითა, ხოლო კაცი გონიერი
მყუდროებით იქცევიან.
და თითი ასწია, რითაც იუდას უწინდელ ღვარძლიანობაზე გადაუკრა. ყველა გაახარა
იუდას გარდაქმნამ, მხოლოდ იესო უყურებდა ისევ ძველებურად, როგორც უცხოს,
თუმცა აშკარად არ გამოხატავდა თავის არაკეთილგანწყობას. თვით იოანეც,
რომელსაც იუდა ახლა ღრმა პატივისცემით ეპყრობოდა, როგორც იესოს საყვარელ
მოწაფეს და მის დამცველს იმ სამ დინართან დაკავშირებით, იუდას ახლა რამდენიმე
გულთბილად ექცეოდა და ზოგჯერ ესაუბრებოდა კიდეც.
– როგორ ფიქრობ, იუდა, - უთხრა მან ერთხელ მოწყალედ, - ვინ იქნება ქრისტეს
გვერდით პირველი მის ციურ სასუფეველში, მე თუ პეტრე?
იუდა დაფიქრდა და უპასუხა:
– მე მგონი, შენ.
– პეტრე კი ფიქრობს, რომ ის იქნება.
– არა. პეტრე ყველა ანგელოსს დააფრთხობს თავისი როხროხით, გესმის, როგორ
ყვირის? რა თქმა უნდა, იგი შეგეცილება, ეცდება
პირველი ადგილი დაიკავოს. ის ხომ ამტკიცებს, რომ იესო უყვარს. მაგრამ ხნიერია,
მუხლიც აღარ უჭრის, შენ კი ახალგაზრდა ხარ და ჩქარაც დარბიხარ, ამიტომ შენ
შეასწრებ იქ. ასე არაა?
– ჰო, მე არ მივატოვებ იესოს, - დაეთანხმა იოანე.
იმავე დღეს და იმავე კითხვით მიმართა იუდას სვიმონ-პეტრემაც. მაგრამ ეშინოდა,
მისი ხმამაღალი ლაპარაკი სხვას არ გაეგონა, და იუდა სახლიდან მოშორებით
გაიყვანა.
– როგორ ფიქრობ? - ჰკითხა აღელვებულმა, - ჭკვიანი ხარ, მოძღვარიც კი გაქებს. შენ
სიმართლეს იტყვი.
– რა თქმა უნდა, შენ, -უყოყმანოდ უპასუხა ისკარიოტელმა. პეტრემ კი წყენით შესძახა:
– ხომ ვეუბნებოდი!
– მაგრამ, რასაკვირველია, ის იქაც ეცდება წაგართვას პირველი ადგილი.
– რა თქმა უნდა, ეცდება!
– მაგრამ რაღას გააწყობს, როდესაც უკვე დაკავებული გექნება ის ადგილი? განა შენ
პირველი არ შეხვალ იქ იესოსთან ერთად? შენ ხომ არასოდეს მიატოვებ იესოს! განა
შენ არ გიწოდა კლდე?
პეტრემ ხელი დაჰკრა მხარზე იუდას და მხურვალედ უთხრა:
– გეუბნები, იუდა, შენ ხარ ყველაზე ჭკვიანი ჩვენს შორის. ოღონდ რატომ ხარ ასე
დამცინავი და ავი? ამიტომაც გიცქერს მოძღვარი ცერად, თორემ იოანეზე არანაკლებ
ეყვარებოდი. მაგრამ იცოდე, - პეტრემ მუქარით ასწია ხელი, - შენც არ დაგითმობ ჩემს
ადგილს იესოს გვერდით, არც მიწაზე, არც იქ! გესმის?
ასე ცდილობდა იუდა ყველასთვის ესიამოვნებინა, მაგრამ ამავე დროს თავისთვის
ფიქრობდა რაღაცას. კვლავ მორიდებული, თავშეკავებული და შეუმჩნეველი იყო და
ყველას გულის მონადირებას ახერხებდა სასიამოვნო სიტყვებით. მაგალითად, თომას
ასე უთხრა:
– ბრიყვს ყველაფრის სჯერა, გონიერი კი ყურადღებიანია თავის გზაზე.
მათეს, რომელსაც ცოტა არ იყოს ზედმეტი ჭამა-სმა უყვარდა, რაც, ცოტა არ იყოს,
ესირცხვილებოდა, მისი სათაყვანებელი სოლომონ ბრძენის სიტყვები მოაგონა:
მართალი შჭამდეს და განიძღოს სული თავისი, ხოლო სულნი არაწმიდათა
მოკლებულნი.
მაგრამ სასიამოვნო სიტყვებსაც იშვიათად ამბობდა და ამით განსაკუთრებული ფასი
ედებოდა მის ნათქვამს. უმეტესად კი დუმდა, ყურადღებით უსმენდა სხვების
ლაპარაკს და რაღაცაზე ფიქრობდა. მაგრამ დაფიქრებულ იუდას უსიამოვნო,
სასაცილო და ამავე დროს შიშისმომგვრელი სახე ჰქონდა. სანამ მისი საღი და ცბიერი
თვალი მოძრაობდა, იუდა უბრალო და კეთილი ჩანდა, მაგრამ როცა ორივე თვალი
უძრავი ჰქონდა და გამობურცული შუ ბლიც უნაოჭდებოდა, მისი შემყურე
იფიქრებდა, რომ ამ თავში რაღაც იდუმალი, სრულიად განსაკუთრებული აზრები
ბობოქრობდნენ. ეს აზრები - სავსებით უცხონი, სავსებით უჩვეულონი, სავსებით
უტყვნი, - რაღაც უცნაურ იერს აძლევდნენ დაფიქრებულ ისკარიოტელს, და მის
შემხედვარეს სურვილს უჩენდნენ, რაც შეიძლება ჩქარა ალაპარაკებულიყო იგი, რაც
შეიძლება ჩქარა ამოძრავებულიყო, თუნდაც ეცრუა, ვინაიდან თვით სიცრუეც,
ადამიანის პირით ნათქვამი, უფრო მართალი და ნათელი ჩანდა, ვიდრე ეს
უსაშველოდ ყრუ და გულცივი დუმილი.
– ისევ დაფიქრებული ხარ, იუდა? - დასჭექა ერთხელ პეტრემ და ერთბაშად გაარღვია
მისი ფიქრების ყრუ კედელი. - რაზე ფიქრობ?
– ბევრ რამეზე, - მშვიდი ღიმილით უპასუხა ისკარიოტელმა. ეტყობა, შენიშვნა, რა
ცუდად მოქმედებდა სხვებზე მისი დუმილი, ამიტომ ხშირად დაიწყო მოწაფეებისაგან
განმარტოება და დიდხანს სეირნობდა ცალკე, ანდა ბრტყელ ბანზე ძვრებოდა და იქ
გარინდებული იჯდა. რამდენჯერმე თომაც შეაშინა, რომელიც მოულოდნელად
შეეჩეხა სიბნელეში რაღაც რუხ ზვინს, საიდანაც უცებ იუდამ ხელ-ფეხი გამოყო და
ზედ ხუმრობაც მოაყოლა.
მხოლოდ ერთხელ დაუბრუნდა იუდას ადრინდელი ხასიათი ძალზე აშკარად და
უცნაურად, და ეს მოხდა სწორედ სასუფეველში პირველობისათვის დავის დროს.
პეტრე და იოანე მოძღვრის თანდასწრებით ერთმანეთს ექიშპებოდნენ, ცხარედ
დაობდნენ იესოს გვერდით ადგილის მოსაპოვებლად. ჩამოთვალეს, რა
დამსახურებანი ჰქონდათ იესოს წინაშე, არკვევდნენ, ვის მატედ უყვარდა მოძღვარი,
ცხარობდნენ, ყვიროდნენ, თავშეუკავებლადაც კი ილანძღებოდნენ. პეტრე
გულისწყრომისაგან მთლად გაწითლებულიყო და გრგვინავდა, წყნარი იოანე კი
გაფითრებული იყო, ხელები უკანკალებდა და ბაგეებს იკვნეტდა. მათი დავა უკვე
უკადრის სახეს იღებდა და მოძღვარმა წარბები შეჰკრა. ამ დროს პეტრემ შემთხვევით
თვალი მოჰკრა იუდას და კმაყოფილმა გადაიხარხარა. იუდა იოანემაც დაინახა და
მანაც გაიღიმა, - ორივეს ახსოვდა, რაც თქვა ჭკვიანმა ისკარიოტელმა. მათ უკვე
წინასწარ დაიწყეს ტკბობა მოახლოებული გამარჯვებით, და განსასჯელად ორივემ
სიამოვნებით მოიწია იუდა.
– აბა, ჭკვიანო იუდა! გვითხარი, ვინ იქნება პირველი იესოს გვერდით, მე თუ ეგ? -
ჰკითხა პეტრემ როხროხით.
მაგრამ იუდა დუმდა, მძიმედ სუნთქავდა და რაღაცას ხარბად კითხულობდა იესოს
ღრმა და მშვიდ თვალებში.
– თქვი, - დაადასტურა მოწყალედ იოანემ, - უთხარი მაგას, ვინ იქნება პირველი იესოს
გვერდით.
იუდა ნელა გაიმართა და თვალი არ მოუშორებია ქრისტესთვის, ისე წარმოთქვამდა
წყნარად და მედიდურად:
– მე!
იესომ ნელა დაჰხარა თვალები. იუდამ კი გაძვალტყავებული თითი წყნარად მიიდო
მკერდზე და საზეიმო, მტკიცე ხმით გაიმეორა:
– მე! მე ვიქნები იესოს გვერდით!
და გავიდა. თავხედური გამოხდომით განცვიფრებული მოწაფეები დუმდნენ, და
მხოლოდ პეტრემ, რომელსაც უცებ რაღაც მოაგონდა, თომას ყურში წასჩურჩულა
მოულოდნელად დაწყნარებული ხმით:
– აი, თურმე რაზე ფიქრობდა!.. მოუსმინე?

V
სწორედ ამ ხანებში გადადგა იუდა ისკარიოტელმა პირველი გადამწყვეტი ნაბიჯი
ღალატისაკენ. იგი საიდუმლოდ ეწვია მღვდელმთავარ ანას. იუდა პირქუშად მიიღეს,
მაგრამ არ შემკრთალა და ხანგრძლივი საუბარი მოითხოვა პირისპირ. და როდესაც
მარტო დარჩა უცხვირპირო და მკაცრ მოხუცთან, რომელიც ზიზღით უცქერდა მძიმე
ქუთუთოების ქვემოდან, მოუყვა, რომ იგი, იუდა, ღვთისმოშიში ადამიანია; იესო
ნაზარეველის მოწაფე კი იმიტომ გახდა, რომ ემხილებინა მატყუარა და
მართლმსაჯულების ხელში ჩაეგდო.
– ვინაა ეგ, ნაზარეველი? - აგდებულად შეეკითხა ანა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს
პირველად ესმოდა იესოს სახელი.
იუდამაც ისე დაიჭირა თავი, ვითომ დაიჯერა მღვდელმთავრის უცნაური უვიცობა და
დაწვრილებით მოყვა იესოს ქადაგებებისა და სასწაულების შესახებ, მისი
სიძულვილის შესახებ ფარისეველებისა და ტაძრის მიმართ, მის მიერ კანონის
მუდმივი დარღვევების შესახებ, და ბოლოს, მისი სურვილის შესახებ, გამოსტაცოს
ძალაუფლება ეკლესიის მეთაურებს და შექმნას განსაკუთრებული სამეფო. და ისე
ოსტატურად შეურწყა ერთმანეთს ტყუილი და მართალი, რომ ანა ყურადღებით
დააკვირდა მას და ზანტად თქვა:
– ცოტაა განა იუდეაში თაღლითები და შლეგები?
– არა, ის საშიში ადამიანია, - ცხარედ შეეპასუხა იუდა, - ის კანონებს არღვევს. დაე,
ერთი ადამიანი დაიღუპოს, ვიდრე მთელი ხალხი.
ანამ მოწონების ნიშნად თავი დაიქნია.
– მაგრამ მას, ალბათ, ბევრი მოწაფეები ჰყავს.
– დიახ, ბევრი.
– მათ, ალბათ, ძალიან უყვართ ის.
– დიახ, ისინი ამბობენ, რომ უყვართ, ძალიან უყვართ, საკუთარ თავზე მეტად.
– მერე, ჩვენ რომ მისი შეპყრობა მოვინდომოთ, არ დაიცავენ?
იუდამ გულღრძოდ გაიცინა.
– ისინი? ისინი მფრთხალი ძაღლები არიან, რომლებიც მაშინვე გარბიან, როგორც კი
კაცი ქვის ასაღებად დაიხრება!
– ნუთუ ასეთი ცუდები არიან? - ცივად შეეკითხა ანა.
– განა ცუდები გარბიან კარგისაგან და არა კარგები ცუდისაგან? ჰე! ისინი კარგები
არიან და ამიტომაც გარბიან. ისინი კარდები არიან და ამიტომაც იმალებიან. ისინი
კარგები არიან და ამიტომაც მხოლოდ მაშინ გამოჩნდებიან, როდესაც იესოს კუბოში
ჩასვენება გახდება საჭირო. ისინი თვითონვე ჩაასვენებენ, შენ ოღონდ დასაჯე!
– მაგრამ მათ ხომ უყვართ ის! შენ თვითონვე არა თქვი?
– თავიანთი მოძღვრები მათ ყოველთვის უყვართ, მაგრამ უფრო მკვდრები, ვიდრე
ცოცხალნი. როდესაც მოძღვარი ცოცხალია, მან შეიძლება გაკვეთილი ჰკითხოს, მაშინ
კი ცუდად იქნება მათი საქმე. ხოლო როდესაც მოძღვარი კვდება, ისინი თვითონ
ხდებიან მოძღვრები და მაშინ სხვების საქმეა ცუდად! ჰე!
ანამ გამჭოლი მზერა ესროლა მოღალატეს და მშრალი ბაგეები დაუნაოჭდა. ეს
ნიშნავდა, რომ ანა იღიმებოდა.
– შენ ნაწყენი ხარ მასზე? ვხედავ, ასეა.
– განა რამე შეიძლება დაემალოს შენს გამჭრიახობას, ბრძენო ანა? შენ გულში ჩაწვდი
იუდას! დიახ, მათ აწყენინეს საწყალი იუდა. მათ თქვეს, რომ იუდამ სამი დინარი
მოიპარა, თითქოს იუდა ყველაზე პატიოსანი კაცი არ იყოს ისრაელში!
კიდევ დიდხანს საუბრობდნენ ისინი იესოზე, მის მოწაფეებზე, მის დამღუპველ
გავლენაზე. მაგრამ გადაჭრილი პასუხი არ მიუცია ფრთხილსა და ცბიერ ანას. იგი
უკვე დიდი ხანია უთვალთვალებდა იესოს და საიდუმლო თათბირებზე
ნათესავებთან და მეგობრებთან, მღვდელმთავრებთან და სადუკევლებთან ერთად
უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა გალილეველი წინასწარმეტყველის ბედი. მაგრამ იგი არ
ენდობოდა იუდას, რომელზეც ადრეც სმენოდა, როგორც ცუდ და ორპირ ადამიანზე.
არ ენდობოდა მის ქარაფშუტულ ვარაუდს მოწაფეებისა და ხალხის მოშიშარობაზე.
ანა დარწმუნებული იყო თავის ძალაში, მაგრამ სისხლისღვრისა ეშინოდა. ეშინოდა
მრისხანე ჯანყისა, ურჩ და გულფიცხ იერუსალიმელებს რომ ჩვეოდათ ხოლმე.
რომაელ ხელისუფალთა მკაცრი ჩარევისაც ეშინოდა. ერესი, წინააღმდეგობით
გაღვივებული, გაჯერებული ხალხის წითელი სისხლით, ყველაფერს რომ აყვავებს და
აცხოველებს, კიდევ უფრო გაიზრდება და თავისი მოქნილი მარყუჟებით დაახრჩობს
ანას, მის ხელისუფლებას, მის მეგობრებს. ხოლო როდესაც მეორედ დაუკაკუნა
ისკარიოტელმა, სულიერად შემდრკალმა ანამ არ მიიღო იგი. მაგრამ მესამედ და
მეოთხედ მივიდა მასთან ისკარიოტელი, ჯიუტი, როგორც ქარი, რომელიც დღედაღამ
არახუნებს დაკეტილ კარებს და მის ღრეჩოებში ძვრება.
– ვხედავ, რაღაცის ეშინია ბრძენ ანას, - თქვა იუდამ, როდესაც ბოლოს და ბოლოს
მიიღო მღვდელმთავარმა.
– მე საკმაოდ ძლიერი ვარ, რისი უნდა მეშინოდეს! - ქედმაღლურად უპასუხა ანამ.
ისკარიოტელმა ქვებუდანურად დაუკრა თავი და ხელები გაშალა. - რა გინდა?
– მე მინდა, ხელში ჩაგიგდოთ ნაზარეველი.
– ჩვენ ის არ გვჭირდება.
იუდამ თავი დაუკრა და დაელოდა, თან მორჩილად მისჩერებოდა მღვდელმთავარს.
– წადი!
– მაგრამ მე ისევ უნდა მოვიდე. განა ასე არაა, ბრძენო ანა?
– არ შემოგიშვებენ. გასწი!
მაგრამ კიდევ და კიდევ დაუკაკუნა იუდა ისკარიოტელმა და ბოლოს ისეც შეუშვეს
მღვდელმთავარ ანასთან. პირქუში და გაავებული, ფიქრებით გაწამებული
მღვდელმთავარი ჩუმად უცქერდა მოღალატეს, თითქოს თმის ღერებს ითვლიდა მის
კოჟრებიან თავზე.
– ოჰო! შენ ისევ მოხვედი? - ქედმაღლურად ესროლა, თითქოს მიაფურთხა
გაღიზიანებულმა ანამ.
– მე მინდა ხელში ჩაგიგდოთ ნაზარეველი.
დადუმდნენ და ერთმანეთს თვალი თვალში გაუყარეს, მაგრამ ისკარიოტელი
მშვიდად უცქერდა, ანას კი ზამთრის მშრალი ჭირხლივით ცივმა სიბრაზემ გაჰკრა
გულზე.
– რამდენს თხოულობ შენს იესოში?
– თქვენ რამდენს მომცემთ?
ანამ შეურაცხმყოფელი ხმით, ჩუმი სიხარულით მიუგო:
– თქვენ თაღლითების ჯგრო ხართ. ოცდაათ ვერცხლს მოგცემ, აი, ამდენს.
და წყნარად გაიხარა, რა დაინახა, როგორ აკანკალდა, ამოძრავდა, აწკრიალდა იუდა,
მარდი და ჩქარი, თითქოს ორი კი არა, ათი ფეხი ჰქონოდა.
– იესოსთვის? ოცდაათი ვერცხლი? - დაიყვირა განცვიფრებულმა. ანა ხარობდა. - იესო
ნაზარეველისათვის! თქვენ გინდათ იესო ნაზარეველი ოცდაათ ვერცხლად იყიდოთ?
თქვენ ფიქრობთ, რომ იესოს ოცდაათ ვერცხლად უღალატებენ?
იუდა სწრაფად შებრუნდა კედლისაკენ და ხელებაღმართული შეჰხარხარა მის თეთრ,
ბრტყელ ზედაპირს:
– გესმის? ოცდაათი ვერცხლი! იესოსთვის!
იგივე ჩუმი სიხარულით ანამ გულგრილად შენიშნა:
– თუ არ გინდა, წადი. ჩვენ ვიპოვით კაცს, ვინც უფრო იაფად გასცემს.
და მათ ცხარე და გააფთრებული ვაჭრობა დაიწყეს მეძველმანეებივით, რომელთაც
ბინძურ მოედანზე ხელიდან ხელში გადააქვთ უვარგისი ძონძები, თან ყვირიან,
იწყევლებიან და ილანძღებიან. უცნაური აღტაცებით მთვრალი იუდა დარბოდა,
წრიალებდა, ყვიროდა, თითებზე ითვლიდა იმის ღირსებებს, ვისაც ჰყიდდა.
– კეთილი რომ არის და სნეულს კურნავს, ეს არაფერი ღირს თქვენი აზრით? ა?
თქვით, თქვით, პატიოსნად თქვით.
– თუ შენ... - ცდილობდა რაღაცის თქმას გაწითლებული ანა, რომლის ვიცი ბზარი
სწრაფად აალდა იუდას გავარვარებულ სიტყვებზე. მაგრამ იუდა უსირცხვილოდ
აწყვეტინებდა:
– ახალგაზრდა და ლამაზი რომ არის, როგორც ველის ნარგიზი, როგორც მინდვრის
შროშანა? ა? ეს არაფერი არა ღირს? თქვენ, შეიძლება, ისიც თქვათ, რომ იგი ბებერია
და აღარაფრად ვარგა, რომ იუდა თქვენ ბებერ მამალს გთავაზობთ? ა?
– თუ შენ... - ცდილობდა ყვირილს ანა, მაგრამ მის ბებრულ ხმას ისე ჰფანტავდა
იუდას დამთხვეული ღრიალი, როგორც ქარი ბუმბულებს.
– ოცდაათი ვერცხლი! ასე ხომ ერთი ობოლიც არ გამოდის ერთ წვეთ სისხლზე!
ნახევარი ობოლიც არ გამოდის ერთ ცრემლზე! მეოთხედი ობოლიც ერთ კვნესაზე!
მერე ყვირილი? მერე კრუნჩხვა? მისი გულის გაჩერება? მისი თვალების დახუჭვა? ეს
ყველაფერი მუქთად? - ღრიალებდა ისკარიოტელი, მღვდელმთავარს ცოფიანივით
უსავსავებდა თვალებთან ხელებსა და თითებს, სიტყვების ბუქსა და კორიანტელში
ხვევდა.
– ყველაფრისათვის! ყველაფრისათვის! - იხრჩობოდა ანა.
– თვითონ რამდენს მოიხვეჭთ ამით? ჰა? თქვენ იუდას გაძარცვა გინდათ? ლუკმაპური
გინდათ გამოსტაცოთ მის შვილებს? არ გამოგივათ! მე მოედანზე გავალ და ვიყვირებ:
ანამ გაძარცვა საწყალი იუდა! მიშველეთ-მეთქი!
გასავათებული, სავსებით თავგზააბნეული ანა გაცოფებული აბაკუნებდა იატაკზე
რბილ ფოსტლებს და ხელებს ასავსავებდა:
– გაეთრიე!.. გაეთრიე!..
მაგრამ იუდა უცებ მორჩილად მოიხარა და მშვიდად გაშალა ხელები:
– თუ თქვენ ასე გსურთ... რატომ ურისხდებით საწყალ იუდას, რომელიც თვისი
შვილებისათვის ცოდვილობს? შენც ხომ გყავს შვილები, მშვენიერი ბავშვები...
– ჩვენ სხვას ვიპოვით... სხვას... გაეთრიე!..
– განა მე ისა ვთქვი, სიტყვას არ გადავალ-მეთქი? განა არა მჯერა თქვენი, რომ სხვა
ვინმე მოვა და იესოს თხუთმეტ ობოლად გასცემს? ან ორ ობოლად? ან ერთად?
და სულ უფრო მდაბლად უკრავდა თავს, იკლაკნებოდა და იგრიხებოდა. ბოლოს
მორჩილად დათანხმდა შეთავაზებულ ფულზე. აცახცახებული ხმელი ხელით მისცა
მას ფული ალანძულმა ანამ, მდუმარედ შებრუნდა, ტუჩებს იკვნეტდა და იცდიდა,
სანამ იუდამ კბილებით არ გასინჯა ყველა მონეტა. ხანდახან თვალს შეავლებდა
იუდას, მაგრამ მაშინვე გველნაკბენივით შებრუნდებოდა და მეტი გამწარებით
განაგრძობდა ბაგეების კვნეტას.
– ახლა უამრავი ყალბი ფულია, - მშვიდად განმარტა იუდამ.
– ეს ფული ღვთისმოშიშმა ხალხმა შესწირა ტაძარს, - თქვა ანამ, სწრაფად მოიხედა და
კიდევ უფრო სწრაფად მიუშვირა თავისი მოწითალო კეფა იუდას თვალებს.
– მაგრამ განა ღვთისმოშიშ ადამიანებს შეუძლიათ ყალბი ნამდვილისაგან გაარჩიონ?
ეს მხოლოდ თაღლითებს ეხერხებათ.
მიღებული ფული იუსად სინ არ წაუღია, ქალაქგარეთ დამალა ვის ქვეშ, უჩუმრად
დაბრუნდა უკან, მძიმე და ნელი ნაბიჯებით, როგორც დაჭრილი ნადირი, რომელიც
ნელა მიცოცავს თავის ბნელ ბუნაგში სასტიკი და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის
შემდეგ. მაგრამ თავისი ბუნაგი არ ჰქონდა იუდას, ჰქონდა სახლი, და ამ სახლში მან
იესო დაინახა. იგი იჯდა დაღლილი, გამხდარი, ფარისეველებთან და შუბლმაგარ
მწიგნობრებთან განუწყვეტელი ბრძოლით გაწამებული. ისინი ხომ ყოველდღიურად
გარს ერტყნენ ტაძარში. ლოყა ხორკლიან კედელზე მიეყრდნო და, ეტყობოდა, მაგრად
ეძინა. ღია ფანჯარაში შემოდიოდა ქალაქის მშფოთვარე ხმები, კედელს იქით პეტრე
აკაკუნებდა, - ფიცრებს ჰკრავდა ახალი სატრაპეზო მაგიდისათვის და წყნარ
გალილეურ სიმღერას ღიღინებდა. იესოს კი არაფერი ესმოდა, ეძინა მშვიდად და
ღრმად. და ეს იყო ის, ვინც მათ ოცდაათ ვერცხლად იყიდეს.
იუდა ფეხაკრეფით მიუახლოვდა იესოს; იმ დედასავით ფრთხილობდა, ავადმყოფი
შვილის გაღვიძების რომ ეშინია. ბუნაგიდან გამომძვრალი ნადირის გაოცებით,
რომელიც უცებ მოიხიბლა თეთრი ყვავილით, იუდა წყნარად შეეხო იესოს რბილ
თმას და სწრაფად წაიღო ხელი უკან. კიდევ ერთხელ შეეხო და ფეხაკრეფით გამოვიდა
გარეთ.
– უფალო! - თქვა მან, - უფალო!
და გავიდა იმ ადგილას, სადაც საჭიროებისათვის დადიან, დიდხანს ტიროდა,
იკრუნჩხებოდა, იგრიხებოდა, მკერდს იპოტნიდა და მხარს იკბენდა. წარმოსახვით
ეფერებოდა იესოს თმებს, რაღაც ნაზსა და სასაცილოს ჩურჩულებდა და კბილებს
აკრაჭუნებდა. შემდეგ უცებ შეწყვიტა ტირილი, ოხვრა და კბილების კრაჭუნი, მძიმედ
დაფიქრდა და გვერდზე გადახარა სველი სახე, თითქოს რაღაცას აყურადებსო. და ასე
იდგა იგი, - მძიმე, ურყევი და ყველასათვის უცხო, როგორც თვით ბედისწერა.
...მშვიდი სიყვარულით, ნაზი ყურადღებით და ალერსით აავსო იუდამ საბრალო იესო
მისი ხანმოკლე სიცოცხლის ამ უკანასკნელ დღეებში. პირველად შეყვარებული
გოგოსავით მორცხვი და მორიდებული, საოცრად გულისხმიერი და გამჭრიახი იუდა
უთქმელად ხვდებოდა იესოს უბრალო სურვილებსაც კი, სწვდებოდა მისი განცდების
უიდუმალეს სიღრმეებს, უმსუბუქებდა სევდის წამიერ აფეთქებებს და დაღლილობის
მძიმე წუთებს. იესოს ფეხი ყველგან სირბილეს ხვდებოდა, იესოს მზერა ყველგან
სასიამოვნოს პოულობდა. უწინ იუდას არ უყვარდა მარიამ მაგდალინელი და სხვა
ქალები, რომლებიც იესოსთან იყვნენ, უხეშად ხუმრობდა მათზე და წვრილმან
უსიამოვნებებსაც აყენებდა, ახლა კი მათი მეგობარი, მათი სასაცილო და მოუქნელი
მოკავშირე გახდა. დიდი ინტერესით საუბრობდა მათთან იესოს წვრილ-წვრილ,
საყვარელ ჩვევებზე; დიდხანს, დაჟინებით ეკითხებოდა მათ ერთსა და იგივეს,
საიდუმლოდ აძლევდა ფულს, რათა კეთილსურნელოვანი ძვირფასი ნელსაცხებელი
მოეტანათ, ასე რომ უყვარდა იესოს, და ფეხზე ეცხოთ მისთვის. გააფთრებული
ვაჭრობდა და ძვირფას ღვინოს ყიდულობდა იესოსათვის და შემდეგ საშინლად
ბრაზობდა, როდესაც პეტრე თითქმის მთლიანად შეუსვამდა იმ ადამიანის
გულგრილობით, რომლისთვისაც მხოლოდ ისაა მთავარი, რამდენს დალევს.
ქვაღორღიან იერუსალიმში, სადაც თითქმის არ მოიძევებოდა ხეები, ყვავილები და
ბალახები, იგი სადღაც შოულობდა გაზაფხულის ყვავილებსა და მწვანე ბალახებს, და
იმავე ქალების მეშვეობით გადასცემდა იესოს. ხელში ატატებული მოჰყავდა
/პირველად თავის სიცოცხლეში/ პატარა ბალღები, რომლებსაც სადღაც ეზოში ან
ქუჩაში პოულობდა და ძალაუნებურად კოცნიდა მათ, რათა არ ეტირათ. და ხშირად
ხდებოდა,
რომ ჩაფიქრებულ იესოს მუხლებზე ააცოცდებოდა რაღაც პატარა, მოშავო,
თმახუჭუჭა, ცხვირსველი არსება და ალერსს თხოულობდა. და სანამ ისინი
ერთმანეთით ხარობდნენ, პირმოქუშული იუდა მოშორებით დადიოდა სატუსაღოს
მკაცრი ზედამხედველივით, რომელმაც გაზაფხულზე თვითონ შეუშვა პატიმართან
პეპელა და ახლა თვალთმაქცურად ბუზღუნებს უწესრიგობის გამო.
საღამოობით, როცა სიბნელესთან ერთად ფანჯრის წინ შიშიც დარაჯდებოდა,
ისკარიოტელი ოსტატურად ჩამოაგდებდა ხოლმე ლაპარაკს მისთვის უცხო, მაგრამ
იესოს საყვარელ გალილეაზე, მის წყნარ ნაკადულებსა და ჭალებზე. და იქამდე
ანჯღრევდა დინჯი პეტრეს მეხსიერებას, სანამ მიმქრალ მოგონებებს არ
გამოუღვიძებდა და მსმენელებს არ წარმოუდგებოდათ მშვენიერი გალილეური
ცხოვრების ნათელი სურათები, სადაც ყველაფერი ხმაურიანი, ლამაზი და უხვი იყო.
გაფაციცებული, ბალღურად პირდაღებული, თვალებგაბრწყინებული იესო უსმენდა
პეტრეს მგზნებარე, როხროხა, მხიარულ საუბარს და ხანდახან ისე ხარხარებდა, რომ
რამდენიმე წუთით წყდებოდა საუბარი. მაგრამ პეტრეზე უკეთესად იოანე ჰყვებოდა.
მის მონაყოლში არაფერი იყო სასაცილო და მოულოდნელი, მაგრამ ყველაფერი ისე
დამაფიქრებელი, არაჩვეულებრივი და მშვენიერი ხდებოდა, რომ იესოს ცრემლები
ერეოდა და ოხრავდა, აღტაცებული იუდა კი მარიამ მაგდალინელს ჯლიქვს
წაჰკრავდა ხოლმე გვერდში და ეჩურჩულებოდა:
– როგორ ყვება, გესმის?
– მესმის, მესმის.
– არა, უკეთესად უსმინე. არ იცით ქალებმა კარგი მოსმენა.
შემდეგ ყველა წყნარად მიდიოდა დასაძინებლად. მადლიერი იესო ნაზად კოცნიდა
იოანეს, ხოლო ტანმაღალ პეტრეს მხარზე ეალერსებოდა ხელით.
უშურველად, შემწყნარებელი სიძულვილით უცქეროდა იუდა ამ ალერსს. რას
წარმოადგენს მთელი ეს მონათხრობები, ეს ამბორები და ოხვრანი იმასთან
შედარებით, რაც იცის მან, კარიოტელმა იუდამ, წითურა, გონჯმა იუდამ, ქვებს შორის
დაბადებულმა.

VI
იუდამ ერთი ხელით იესო გასცა, მეორე ხელით კი გულმოდგინედ ეძებდა საკუთარი
გეგმების ჩაფუშვის გზას. ქალების მსგავსად არ უცდია გადაეთქმევინებინა
იესოსთვის უკანასკნელი, სახიფათო მოგზაურობა იერუსალიმში. იგი იესოს
ნათესავებისა და მისი იმ მოწაფეების მხარეზეც კი იხრებოდა, რომელთა აზრით
იერუსალიმზე გამარჯვება აუცილებელი იყო სრული წარმატების მისაღწევად. მაგრამ
დაჟინებით და ჯიუტად ლაპარაკობდა საშიშროებაზე და ცოცხალი ფერებით ხატავდა
ფარისევლების მრისხანე სიძულვილს იესოსდამი. ამტკიცებდა, რომ ისინი მზად
იყვნენ დანაშაულის ჩასადენად, - გალილეველი წინასწარმეტყველის ფარული თუ
აშკარა მკვლელობისთვის. ყოველდღე, ყოველ საათს ამაზე ლაპარაკობდა და არვინ არ
დარჩენილა მორწმუნეთაგან, რომლის წინაშე არ დამდგარიყო იუდა, არ აეწია
მრისხანედ თითი და არ ეთქვა გამაფრთხილებლად და მკაცრად:
– უნდა გავუფრთხილდეთ იესოს! უნდა გავუფრთხილდეთ იესოს! უნდა დავიცვათ
იესო, როცა ჟამი დადგება.
რა იყო მიზეზი, - მოწაფეთა უსაზღვრო რწმენა მოძღვრის ზებუნებრივ ძალაში,
თავიანთი საქმის სიმართლის შეგნება თუ უბრალოდ სიბრმავე, ეს კია, რომ იუდას
გამაფრთხილებელ სიტყვებს ღიმილით ხვდებოდნენ, ხოლო მისი დაუსრულებელი
რჩევები აღიზიანებდათ. როცა იუდამ სადღაც ორი ხმალი იშოვა და მოიტანა,
მხოლოდ პეტრეს მოეწონა ეს, მხოლოდ პეტრემ შეაქო ხმლებიც და იუდაც,
დანარჩენებმა კი უკმაყოფილოდ თქვეს:
– ჩვენ განა მეომრები ვართ, ხმლებით რომ შევიარაღდეთ! წინასწარმეტყველია იესო,
განა მხედართმთავარი!
– მაგრამ მისი მოკვლა რომ მოინდომონ?
– ვერ გაბედავენ, როცა დაინახავენ, რომ მთელი ხალხი მას მიჰყვება.
– რომ გაბედონ? მაშინ რა?
იოანემ აგდებულად უპასუხა:
– შეიძლება კაცმა იფიქროს, იუდა, რომ მხოლოდ შენ გიყვარს მოძღვარი.
იუდა ხარბად ჩაეჭიდა ამ სიტყვებს, სრულიად არ წყენია, მაგრამ მოუთმენლად,
ცხარედ, მკაცრი დაჟინებით დაიწყო გამოკითხვა:
– თქვენ გიყვართ, ხომ?
არ დარჩენილა არავინ იესოსთან მოსულ მორწმუნეთაგან, რომლისთვისაც იუდას
მრავალგზის არ ეკითხოს:
– შენ გიყვარს მოძღვარი? მტკიცედ გიყვარს?
ყველა პასუხობდა, რომ უყვართ.
იუდა ხშირად საუბრობდა თომასთან, გამაფრთხილებლად სწევდა თავის ხმელ,
ღონიერ, ჭუჭყიან ფრჩხილწამოზრდილ თითს და იდუმალი ხმით ეუბნებოდა:
– ფრთხილად, თომა, საშინელი ჟამი ახლოვდება. მზადა ხართ ამისთვის? რატომ არ
აიღე ხმალი, მე რომ მოვიტანე?
თომა წინდახედულად პასუხობდა:
– ჩვენ იარაღს მიუჩვეველი ხალხი ვართ. კიდეც რომ დავუწყოთ ბრძოლა რომაელ
მეომრებს, ყველას ამოგვჟლეტენ. გარდა ამისა, შენ მხოლოდ ორი ხმალი მოიტანე. რა
უნდა გააწყო ორი ხმალით?
– კიდევ შეიძლება შოვნა. მეომრებს წავართმევ, - მოუთმენლად შეეპასუხა იუდა. და
სერიოზულმა თომამაც კი ჩაიღიმა სწორ, დაფანჩულ ულვაშებში:
– ეჰ, იუდა, იუდა! სად იშოვე ის ხმლები? რომაელი მეომრების ხმლებს ჰგავს.
– მოვიპარე. კიდევ შეიძლებოდა მოპარვა, მაგრამ იყვირეს და გამოვიქეცი.
თომა დაფიქრდა და სევდიანად თქვა:
– ისევ ცუდად მოქცეულხარ, იუდა! რატომ ქურდობ?
– აკი სხვისი არ არსებობსო!
– ჰო, მაგრამ ხვალ მეომრებს ეტყვიან, სადაა თქვენი ხმლებიო. ისინი ვერ იპოვნიან და
უდანაშაულოდ დაისჯებიან.
შემდეგში, იესოს სიკვდილის მერე, მოწაფეებმა გაიხსენეს ეს ლაპარაკი და დაასკვნეს,
რომ მოძღვართან ერთად მათი დაღუპვაც უნდოდა იუდას, რადგან უთანასწორო და
მომაკვდინებელი ბრძოლისაკენ მოუწოდებდა მათ. და კიდევ ერთხელ შეაჩვენეს
მოღალატე იუდა ისკარიოტელის საზიზღარი სახელი.
გაგულისებული იუდა კი ყოველი ასეთი საბრის შემდეგ ქალებთან მიდიოდა და მათ
თავს აცოდებდა. ქალები სიამოვნებით უსმენდნენ. იმ სათნოებისა და სინაზის გამო,
რასაც იუდა ამჟღავნებდა იესოსადმი, ქალებმა დაიახლოვეს. მათ თვალში იუდა
უბრალო, გამგებიან და ლამაზიც კი ჩანდა, თუმცა მათდამი გარკვეულ
უპატივცემლობას მაინც იჩენდა.
– განა ესენი ადამიანები არიან? - მწარედ ჩიოდა იგი მოწაფეებზე, და თავისი ბრმა და
უძრავი თვალი ნდობით ჰქონდა მიპყრობილი მარიამზე, - ესენი არ არიან ადამიანები!
მათ ძარღვებში ერთი ობოლის ღირებულების სისხლიც არაა!
– შენ ხომ მუდამ ცუდს ლაპარაკობ ადამიანებზე, - შეეპასუხა მარიამი.
– განა მე როდესმე ცუდს ვამბობდი ადამიანებზე? - გაიკვირვა იუდამ, - კი, ცუდს
ვამბობდი, მაგრამ განა არ შეეძლოთ მათ, უფრო უკეთესები ყოფილიყვნენ? ეჰ, მარიამ,
სულელო მარიამ, რატომ არა ხარ შენ მამაკაცი, ხმლის ტარება რომ შეგეძლოს!
– მძიმეა, ვერ ავწევ, - გაიღიმა მარიამმა.
– ასწევ, როდესაც მამაკაცების სილაჩრეს დაინახავ. იესოს თუ მიეცი შროშანა, მე რომ
მთაში ვიპოვე? უთენია ავდექი მის საპოვნელად. დღეს ისეთი წითელი მზე იყო,
მარიამ! გაუხარდა? გაიღიმა?
– ჰო, გაუხარდა. თქვა, მისი სურნელი გალილეას მაგონებსო.
– ცხადია, არ გითქვამს, რომ იგი იუდამ იპოვა, ისკარიოტელმა იუდამ!
– ხომ მთხოვე, არ უთხრაო!
– ჰო, არაა საჭირო. ცხადია, არაა საჭირო, - ამოიოხრა იუდამ, - მაგრამ ხომ
შეიძლებოდა წამოგცდენოდა; ქალები ენაჭარტალები ხართ. არ წამოგცდენია? თავი
შეიკავე, არა? ჰო, ჰო, მარიამ, კარგი ქალი ხარ. იცი? მე ცოლი მყავს სადღაც. ნეტავი
ახლა მანახა. შეიძლება, ისიც არაა ცუდი ქალი. არ ვიცი. სულ გაიძახოდა, იუდა
მატყუარააო, იუდა ავიაო. და მეც მივატოვე. მაგრამ, შეიძლება, კარგი ქალია. შენ არ
იცი?
– საიდან უნდა ვიცოდე, მე ხომ არასდროს მინახავს შენი ცოლი.
– ჰო, ჰო, მარიამ. შენ როგორ ფიქრობ, ოცდაათი ვერცხლი დიდი ფულია? თუ ცოტაა?
– მე ვფიქრობ, ცოტაა.
– რასაკვირველია, რასაკვირველია. შენ რამდენს იღებდი, როცა მეძავი იყავი? ხუთ
ვერცხლს? თუ ათს? ძვირად ფასობდი?
მარიამ მაგდალინელი გაწითლდა და თავი დახარა, მშვენიერი ოქროსფერი თმა
დაეფინა. მრგვალი და თეთრი ნიკაპი უჩანდა მხოლოდ.
– რა ბოროტი ხარ, იუდა! მე ვცდილობ დავივიწყო, შენ კი მახსენებ.
– არა, მარიამ, ამის დავიწყება არაა საჭირო. რატომ უნდა დაივიწყო? დაე, სხვებმა
დაივიწყონ, რომ შენ მეძავი იყავი, შენ კი უნდა გახსოვდეს. სხვებისთვისაა საჭირო
ამის დავიწყება, შენთვის კი არა. რატომ?
– ეს ხომ ცოდვაა.
– იმას ეშინოდეს, ვისაც ჯერ არ შეუცოდია. ვინც შესცოდა, იმას რიღასი უნდა
ეშინოდეს? განა სიკვდილის მკვდარს ეშინია და არა ცოცხალს? მკვდარი დასცინის
ცოცხალს და მის შიშს.
ასე მეგობრულად ისხდნენ ისინი და საათობით მუსაიფობდნენ, იუდა - უკვე ბებერი,
ხმელი, გონჯი, დაკოჟრილთავიანი და უცნაურად გაორებულსახიანი, და მარიამი -
ახალგაზრდა, მორცხვი, ნაზი, სიცოცხლით მოხიბლული, როგორც ზღაპრით,
როგორც სიზმრით.
დრო კი გულგრილად მიედინებოდა. ქვის ქვეშ ეწყო ოცდაათი ვერცხლი და
ახლოვდებოდა ულმობლად საშინელი დღე ღალატისა. უკვე შევიდა ვირზე მჯდარი
იესო იერუსალიმში, და განუფინეს სამოსელი გზაზე, და აღტაცებული შეძახილებით
შეეგებნენ:
– ოსანა! ოსანა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!
ისე დიდი იყო ზეიმი, ისეთი აშკარა სიყვარულით ეგებებოდნენ, რომ იესო ტიროდა,
მოწაფეები კი ამაყად ამბობდნენ:
– განა ჩვენთან ძე ღვთისა არაა?
და თვითონვე ყვიროდნენ აღტაცებულნი:
– ოსანა! ოსანა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!
იმ დღეს დიდხანს არ წასულან დასაძინებლად, იგონებდნენ საზეიმო და მხიარულ
შეხვედრას. პეტრე გიჟს ჰგავდა, მხიარულობისა და სიამაყის ეშმაკით შეპყრობილს.
ყვიროდა, ყველას ხმას ახშობდა თავისი ლომური ბდღვინვით, ისე ხარხარებდა,
თითქოს პირიდან დიდ, მრგვალ ქვებს ისროდა. კოცნიდა იოანეს, იაკობს, იუდასაც კი
აკოცა. ხმამაღლა აღიარა, რომ ძალიან შიშობდა იესოს გამო, ახლა კი აღარ ეშინია,
ვინაიდან დაინახა, თუ როგორ უყვარს ხალხს იესო. ისკარიოტელი თავის საღ და
გამჭრიახ თვალს აქეთ-იქით აცეცებდა საოცარი სისწრაფით. ჩაფიქრდებოდა, სმენად
გადაიქცეოდა და საღ თვალს აცეცებდა. შემდეგ განზე გაიყვანა თომა, მასრი მზერით
თითქოს კედელზე მიალურსმა და შიშითა და რაღაც ბუნდოვანი იმედით შეეკითხა:
– თომა! რა მოხდება მაშინ, თუ ისაა მართალი? თუ მას ფეხი კლდეზე უდგას, მე კი
მხოლოდ ქვიშაზე?
– ვისზე ამბობ? - დაინტერესდა თომა.
– რა ვქნა მაშინ იუდა ისკარიოტელმა? უნდა დაახრჩოს იგი, რათა სამართალი
აღასრულოს. ვინ ატყუებს იუდას, თქვენ თუ თვითონვე იუდა? ვინ ატყუებს იუდას?
ვინ?
– არ მესმის შენი, იუდა. ძალიან გაუგებრად ლაპარაკობ. ვინ ატყუებს იუდას? ვინაა
მართალი?
იდამ თავის ქნებით გაიმეორა, როგორც ექომ:
– ვინ ატყუებს იუდას? ვინაა მართალი?
მეორე დღესაც, იუდას მაღლა აწეული ხელის გაშვერილი თითი და თომასადმი მისი
დაჟინებული მზერა, იმავე უცნაურ კითხვას გამოხატავდა:
– ვინ ატყუებს იუდას? ვინაა მართალი?
და უფრო მეტად განცვიფრდა თომა, შეშფოთდა კიდეც, როდესაც უცებ ღამით იუდას
ხმამაღალი და თითქოს მხიარული ხმა მოესმა:
– მაშინ არ იქნება იუდა ისკარიოტელი. მაშინ არ იქნება იესო. მაშინ იქნება... თომა,
სულელო თომა! მოგდომებია ოდესმე აგეღო დედამიწა და აგეწია? მერე კი
გადაგეგდო?
– ეს შეუძლებელია. რას ამბობ, იუდა!
– შესაძლებელია, - დაბეჯითებით თქვა ისკარიოტელმა, - ჩვენ ავწევთ მას ოდესმე,
როცა შენ მძინარი იქნები, სულელო თომა. დაიძინე! მე მხიარული ვარ, თომა! როცა
გძინავს, შენს ცხვირში გალილეის სალამური უკრავს. დაიძინე!
და, აი, დაიშალნენ იერუსალიმელი მორწმუნეები, სახლებს, კედლებს მიეფარნენ.
სადღაც ჭუჭრუტანაში, ხვრელებში შეიმალნენ საშიშროებაზე დარხეული ბუნდოვანი
ხმები.
მოქუფრულმა პეტრემ იუდას ნაჩუქარი ხმალი გასინჯა. მოძღვრის სახე სულ უფრო
ნაღვლიანი და მკაცრი ხდებოდა. სწრაფად მიდიოდა დრო და ულმობლად
ახლოვდებოდა საშინელი დღე ღალატისა. აი, დადგა უკანასკნელი საღამო,
ნაღველითა და ბუნდოვანი შიშით სავსე, და უკვე გაისმა იდუმალი სიტყვები
გამცემის შესახებ.
– შენ იცი, ვინ გასცემს? - ჰკითხა თომამ იუდას და თავისი პირდაპირი, ნათელი,
გამჭოლი მზერა მიაპყრო.
– ვიცი, - უპასუხა იუდამ მკაცრად და მტკიცედ, - შენ დასცემ, თომა. მაგრამ მას
თვითონვე არ სჯერა, რასაც ამბობს! დროა! დროა! რატომ არ უხმობს თავისთან
ძლიერ, მშვენიერ იუდას?
... უკვე დღეები კი არა, მოკლე, სწრაფი საათები რჩებოდა ულმობელ ჟამამდე. საღამო
იდგა, მყუდრო საღამო, და მიწაზე იწვნენ გრძელი ჩრდილები, მომავალი ღამის დიდი
ბრძოლის ისრებივით წაწვეტებულნი. და გაისმა ნაღვლიანი და სუსხიანი ხმა:
– შენ იცი, სად მივდივარ, უფალო? მივდივარ, რათა მტრების ხელში ჩაგაგდო.
და იყო ხანგრძლივი დუმილი, ღამის მყუდროება და წაწვეტებული, შავი ჩრდილები.
– შენ დუმხარ, უფალო? მიბრძანებ წავიდე?
ისევ დუმილი.
– ნება მომეცი, დავრჩე. არ შეგიძლია? ვერ ბედავ? თუ არა გსურს?
და ისევ დუმილი, დიდი, როგორც მარადისობის თვალი.
– მაგრამ შენ ხომ უწყი, რომ მიყვარხარ. შენ ყველაფერი უწყი. რატომ უყურებ ასე
იუდას? დიდია შენი მშვენიერი თვალების იდუმალება, მაგრამ განა ჩემი თვალებისა
ნაკლებია? მთხოვე დავრჩე! შენ დუმხარ, სულ დუმხარ. უფალო, უფალო, მე
ამისათვის გეძებდი შენ. მთელი ჩემი სიცოცხლე ტანჯვითა და წამებით გეძებდი და
გიპოვე! გამათავისუფლე. მომხსენი ტვირთი, ის მთაზე და ტყვიაზე მძიმეა. ნუთუ არ
გესმის, როგორ ტკაცუნობს მის ქვეშ იუდა ისკარიოტელის მკერდი?
უკანასკნელი დუმილი, უძირო, როგორც მარადისობის უკანასკნელი მზერა.
– მე მივდივარ.
არ გაუღვიძია საღამოის მყუდროებას, არ დაუყვირია, არ ატირებულა, არ
ათრთოლებულა, ისე სუსტი იყო მომავალი იუდას ნაბიჯების ხმა. შემდეგ ეს ხმაც
მიწყდა. და ფიქრში ჩაიძირა საღამოის სიმყუდროვე, გაიჭიმა გრძელი ჩრდილები,
დაბნელდა. ნაღვლიანად ამოიოხრეს ფოთლებმა, ამოიოხრეს და ღამის მოლოდინში
გაირინდნენ.
თითქოს ვიღაცამ ცოცხალი, მჟღერი ხმებით სავსე ტომარა გადმოაპირქვავაო,
თითო-თითოდ, ორ-ორად, ჯგუფ-ჯგუფად გაისმა ხმები. ეს - მოწაფეები
ლაპარაკობდნენ. ყველას ხმას ჰფარავდა, ხეებისა და კედლებს აწყდებოდა პეტრეს
მტკიცე და ძლიერი ხმა. იგი იფიცებოდა, რომ არასოდეს მიატოვებდა თავის
მოძღვარს.
– უფალო, - ამბობდა იგი წუხილითა და გულისწყრომით, - უფალო! მზადა ვარ,
შენთან ერთად საპყრობილეში ჩავჯდე და თუნდაც მოვკვდე.
და წყნარად, ვითარცა სუსტი ექო ვიღაც მიმავალის ნაბიჯებისა, გაისმა დაუნდობელი
პასუხი:
– ჭეშმარიტს გეუბნები, პეტრე! ამაღამ, სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ
მე!

VII
მთვარე ამოვიდა, როდესაც იესო ელეონის მთაზე წასასვლელად გაემზადა, სადაც
ბოლოხანს ატარებდა ღამეებს. მაგრამ რატომღაც წასვლას აგვიანებდა და
გამზადებული მოწაფეები აჩქარებდნენ. მაშინ იესომ მოულოდნელად თქვა:
– ვისაც ქისა აქვს, ანდა აბგა, თან წამოიღოს. ვისაც არა აქვს, ტანსაცმელი გაყიდოს და
მახვილი იყიდოს. გეტყვით თქვენ: ჩემზე უნდა აღსრულდეს დაწერილი:
„უსჯულოთა თანა შეირაცხა“.
მოწაფეებს გაუკვირდათ და შემკრთალები ერთმანეთს შეაცქერდნენ. პეტრემ უპასუხა:
– უფალო! აი, აქ ორი ხმალია.
იესომ გამომცდელად შეხედა მათს სათნო სახეებს, თავი ჩაჰკიდა და წყნარად თქვა:
– საკმარისია.
ვიწრო ქუჩებში მიმავალთა ფეხის ხმა მკვეთრად ისმოდა, და მოწაფეებს აშინებდათ
თავიანთი ფეხის ხმა. მთვარით განათებულ თეთრ კედლებზე შავი ჩრდილები
მოძრაობდა, და მათ თავიანთი ჩრდილებიც აკრთობდათ. ჩუმად გაიარეს მძინარე
იერუსალიმი, და, აი, უკვე ქალაქის ჭიშკარში გავიდნენ. ღრმა ხევში, რომელიც სავსე
იყო იდუმალი, უძრავი ჩრდილებით. გამოჩნდა კედრონის წყალი. ახლა მათ
ყველაფერი აშინებდათ: წყლის წყნარი ჩუხჩუხი და ქვებზე შხაპუნი თავდამსხმელთა
ხმაურად ეჩვენებოდათ. კლდეებისა და ხეების მახინჯი ჩრდილები, რომელიც გზაზე
გაფენილიყვნენ, სიჭრელით აშფოთებდათ და ეგონათ, რომ ღამეული უძრაობა
ამოძრავებულიყო. მაგრამ რაც უფრო მაღლა მიიწევდნენ და უახლოვდებოდნენ
გეთსიმანიის ბაღს, სადაც უშიშრად და წყნარად გაატარეს უკვე რამდენიმე ღამე, მით
უფრო უქრებოდათ შიში. ხანდახან უკან იხედებოდნენ მთვარით განათებული
იერუსალიმისაკენ და ერთმანეთს განცდილ
შიშზე ესაუბრებოდნენ. ვინც ბოლოში მიდიოდა, იმათაც ესმოდათ ნაწყვეტ-ნაწყვეტი
წყნარი სიტყვები იესოსი. იგი ამბობდა, რომ ყველა მიატოვებდა.
ბაღის შესასვლელში შეჩერდნენ. უმრავლესობა ადგილზე დარჩა და წყნარი საუბრით
დაიწყეს ძილისთვის მზადება. მთვარის შუქზე გაშალეს დაბადები ჩრდილების ნაზ
მაქმანებში. უცნაური მღელვარებით შეპყრობილი იესო და მისი ოთხი უახლოესი
მოწაფე ბაღის სიღრმეში შევიდნენ. იქ დასხდნენ მიწაზე, რომელსაც ჯერ კიდევ არ
განელებოდა მზის სიმხურვალე, და სანამ იესო დუმდა, პეტრე და იოანე ზანტად
ესაუბრებოდნენ ერთმანეთს თითქმის უაზროდ. დაღლილობისაგან ამთქნარებდნენ
და ლაპარაკობდნენ, რა სიცივე იყო ღამით, რა ძვირი იყო ხორცი იერუსალიმში,
თევზო კი სრულიად არ იშოვებოდა. ცდილობდნენ ზუსტად განესაზღვრათ
სადღესასწაულოდ ქალაქში შეკრებილ მლოცველთა რაოდენობა. პეტრე ხმამაღალი
მთქნარებით ამბობდა, ალბათ ოცი ათასი იქნებოდაო, ხოლო იოანე და მისი ძმა
იაკობი ასევე ზანტად ირწმუნებოდნენ, ათიათასზე მეტი არ იქნებაო. უცებ იესო
სწრაფად წამოდგა.
– ჩემი სული სასიკვდილოდ არის დამწუხრებული. აქ იყავით და იფხიზლეთ, - თქვა
მან, სწრაფად შევიდა ტევრში და უძრავ ჩრდილებში გაუჩინარდა.
– სად წავიდა? - იკითხა იოანემ და იდაყვზე წამოიწია. პეტრემ ტევრს გაჰხედა და
დაღლილი ხმით უპასუხა:
– არ ვიცი.
და ერთხელ კიდევ დაამთქნარა ხმამაღლა, ზურგზე გადაბრუნდა და გაჩუმდა.
გაჩუმდნენ დანარჩენებიც. და ღრმა ძილმა, საღმა დაღლილობამ რომ იცის, მოიცვა
მათი გარინდებული სხეულები. თვლემაში ჩაძირულმა პეტრემ ბუნდოვნად დაინახა
მის თავზე წამომდგარი რაღაც თეთრი, მერე ვიღაცის ხმა გაისმა და ჩაქარა, არ კი
დაუტოვებია კვალი მის დაბინდულ ცნობიერებაში.
– სვიმონ, გძინავს?
მერე ისევ ჩაეძინა. მის სმენას ისევ რაღაც წყნარი ხმა მისწვდა და ჩაქრა, არ კი
დაუტოვებია კვალი:
– მაშ, ერთი საათიც ვერ იფხიზლეთ ჩემთვის?
„ოჰ, უფალო, რომ იცოდე, როგორ მეძინება,“ - გაიფიქრა მან ძილღვიძილში, მაგრამ
ეგონა, რომ ხმამაღლა თქვა. და ისევ დაიძინა, და თითქოს დიდმა დრომ გაიარა,
როდესაც უეცრად მის ახლოს იესო გაჩნდა, რომლის მაღალმა ხმამ წამსვე
გამოაფხიზლა დანარჩენებიც.
– თქვენ ისევ გძინავთ? აღსრულდა. აჰა, დადგა ჟამი, - ძე კაცისა მიეცემა ცოდვილთა
ხელებს.
უეცრად გაღვიძებული მოწაფეები სწრაფად წამოხტნენ და დაბნეულად ჩაბღუჯეს
თავიანთი ლაბადები, თან სიცივისაგან თრთოდნენ. მორიალე ჩირაღდნების შუქით
განათებული ტევრიდან ისმოდა თქარა-თქური და ხმაური, იარაღის ჩხაკუნი და
დამტვრეული ტოტების ლაწალუწი. ახლოვდებოდა მეომართა და ტაძრის მსახურთა
ბრბო. მოიჭრნენ სიცივისაგან აკანკალებული დანარჩენი მოწაფეებიც, შეშინებულნი,
ძილგამოყოლილნი. ჯერ კიდევ ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა და აჩქარებით
კითხულობდნენ:
– რა ხდება? ვინ არის ეს ჩირაღდნიანი ხალხი?
გაფითრებულმა თომამ, რომელსაც სწორი ულვაშები მოღრეცვოდა და სიცივისაგან
კბილებს აკაწკაწებდა, პეტრეს უთხრა:
– როგორც ჩანს, ჩვენთან მოვიდნენ.
და, აი, მეომრები შემოეხვივნენ მათ. აკვამლებული ჩირაღდნების შფოთიანმა
ბრწყინვამ თითქოს სადღაც განდევნა მთავრის წყნარი შუქი. მეომრებს წინ აჩქარებით
მოუძღოდა კარიოტელი იუდა და საღი თვალის გამალებული ცეცებით ეძებდა იესოს.
დაინახა, წამიერად შეაყოვნა მზერა მის მაღალ, აშოლტილ ტანზე და სწრაფად
წასჩურჩულა მსახურებს:
– ვისაც მე ვაკოცებ, ის არის. შეიპყარით და ფრთხილად წაიყვანეთ. ოღონდ
ფრთხილად! გესმით?
შემდეგ სწრაფად მიუახლოვდა მდუმარე იესოს და ჯიქური, მახვილი მზერა
დანასავით შეაგება მის მშვიდ, დაბინდულ თვალებს.
– გიხაროდენ, რაბი! - თქვა მან ხმამაღლა, და ამ ჩვეულებრივ მისალმებას უცნაური და
მრისხანე აზრი მისცა.
მაგრამ იესო დუმდა. შეძრწუნებულნი უცქერდნენ მოწაფეები გამცემს, ვერ გაეგოთ,
ამხელა ბოროტება როგორ დატეულიყო ადამიანის სულში. სწრაფად მოავლო თვალი
ისკარიოტელმა აჩოჩქოლებულ მოწაფეებს. ისინი კანკალებდნენ და სადაცაა შიშის
ზარი აიტანდათ. გაფითრებულიყვნენ, უაზროდ იღიმებოდნენ, დუნედ
ამოძრავებდნენ ხელებს, თითქოს მხრები რკინით ჰქონდათ შეკრული. და იუდას
სული სასიკვდილო მწუხარებამ მოიცვა, იმის მსგავსმა, ქრისტემ რომ განიცადა
ახლახან. ასოებით ხმამაღლა მჟღერ, მკვნესარ სიმივით დაჭიმული ისკარიოტელი
სწრაფად მიიჭრა იესოსთან და ნაზად ეამბორა ცივ ლოყაზე. ისე წყნარად, ისე ნაზად,
ისეთი მტანჯველი სიყვარულითა და ნაღველით, თითქოს იესო ყვავილი იყო ნაზ
ღეროზე, კოცნას კი შეიძლებოდა შეეკრთო იგი და მარგალიტის ცვარი ჩამოსცვენოდა
უმანკო ფურცლებიდან.
– იუდა, - თქვა იესომ და ელვისებური მზერით გაანათა ისკარიოტელის სულის
საშინელი ჯურღმული, მაგრამ მის უძირო სიღრმეში ვერ შეძლო ჩაწვდომა, - იუდა!
ამბორით უნდა გასცე ძე კაცისა?
და დაინახა, როგორ შეკრთა და შეიძრა მთელი ეს ჯოჯოხეთური ქაოსი. მდუმარე და
მკაცრი, როგორც სიკვდილი თავისი ამაყი დიდებულებით, იდგა კარიოტელი იუდა
და მის არსებაში კვნესოდა, გრიალებდა, ღმუოდა ათასობით შმაგი და ცეცხლოვანი
სიტყვა:
„დიახ! ჩვენ სიყვარულის ამბორით გაგცემთ შენ. ჩვენ სიყვარულის ამბორით მიგცემთ
შენ შესაგინებლად, სატანჯველად, სასიკვდილოდ. სიყვარულის ხმით მოვუხმობთ
ჯალათებს ბნელი ბუნაგებიდან და აღვმართავთ ჯვარს. დედამიწის თხემის ადგილას
სიყვარულით ავამაღლებთ ჯვარზე ჯვარცმულ სიყვარულს.“
იდა იუდა, მდუმარე და ცივი, როგორც სიკვდილი, მისი სულის კივილს კი
ეპასუხებოდა იესოს ირგვლივ ატეხილი ყვირილი და ხმაური. შეიარაღებული
ჯარისკაცები გაუბედავად, უგერგილოდ იქცეოდნენ. ეტყობოდათ, ბუნდოვნად
ჰქონდათ გაცნობიერებული მოქმედების მიზანი. ხელი ჩაავლეს იესოს და სადღაც
წაიყვანეს. თავიანთი გაუბედაობის მიზეზად წინააღმდეგობის გაწევა წარმოსახეს,
შიშის მიზეზად კი დაცინვა და აბუჩად აგდება. შეშინებული ბატკნებივით
შეჯგუფებულიყვნენ მოწაფეები, არავის ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ ყველას ხელს
უშლიდნენ, თავიანთ თავსაც კი. ზოგიერთებმა გაბედეს და მოსცილდნენ ჯგუფს.
სვიმონ-პეტრემ, რომელსაც ყოველი მხრიდან ეჯიკავებოდნენ, ძლივს ამოიღო ხმალი,
თითქოს მთელი ძალ-ღონე გამოსცლიაო, და სუსტად, გვერდულად დასცხო ერთ
მსახურს თავზე, მაგრამ ვერაფერი ავნო. იესომ შენიშნა ეს და უბრძანა, გადაეგდო
უსარგებლო ხმალი. ხმალი ძირს დავარდა და სუსტად გაიჟღარუნა. ისე აშკარად
წართმეოდა თავისი მკვეთრი და შემმუსვრელი ძალა, რომ აღარავის უფიქრია მისი
აღება. და მას ფეხებით თქერავდა ხალხი. რამდენიმე დღის შემდეგ კი იმავე ადგილზე
მოთამაშე ბავშვებმა იპოვეს და გასართობად გამოიყენეს.
ჯარისკაცებმა მიმოფანტეს მოწაფეები, ისინი კი კვლავ შეჯგუფდნენ და უაზროდ
ებლანდებოდნენ ფეხებში ყველას. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ კარისკაცები
საზიზღარმა მრისხანებამ არ მოიცვა. აი, ერთმა მათგანმა წარბები შეჭმუხნა და
მყვირალ იოანეს რაღაცას უმტკიცებდა, და გამჭრიახ, გამჭოლ თვალებთან
უზარმაზარი მუშტი მიუტანა. გაიქცა იოანე, გაიქცნენ თომა, იაკობი, და ყველა იქ
მყოფი მოწაფე. მიატოვეს იესო, გაიქცნენ. ეკარგებოდათ ლაბადები, ჰკაწრავდათ
ტოტები, ქვებს ედებოდნენ და ძირს ენარცხებოდნენ, მირბოდნენ შიშისაგან
ზარდაცემულნი, და მთვარიანი ღამის სიმყუდროვეში ისმოდა მათი ფეხების
ბრაგა-ბრუგი. ერთი მათგანი, რომელიც, ჩანდა, ახლახან წამომდგარიყო და მხოლოდ
საბურველი ჰქონდა მოხვეული, აღელვებული დარბოდა მეომრებსა და მსახურებს
შორის. მაგრამ როდესაც მისი დაჭერა დააპირეს და საბურველში ჩაავლეს ხელი, მან
შიშით შეჰკივლა, სხვებივით გაიქცა, საბურველი კ ჯარისკაცებს შეატოვა ხელში. ასე
დედიშობილა მირბოდა იგი თავგანწირული ნახოტებით და მისი შიშველი ტანი
უცნაურად ელავდა მთვარის შუქზე.
როდესაც იესო წაიყვანეს, ბუჩქნარში დამალული პეტრე გამოვიდა და შორიახლოდან
დაედევნა მოძღვარს. წინ ვიღაც დაინახა ჩუმად მიმავალი, იფიქრა, იოანეაო, და
ხმადაბლა დაუძახა:
– იოანე, შენ ხარ?
– შენა ხარ, პეტრე? - უპასუხა წინმიმავალმა და შედგა. პეტრემ ხმაზე იცნო გამცემი. -
რატომ არ გაიქეცი, პეტრე, სხვებთან ერთად?
პეტრე შეჩერდა და ზიზღით შესძახა:
– განვედ ჩემგან, სატანა!
იუდამ გაიცინა და ყურადღება აღარ მიუქცევია პეტრესათვის, წავიდა წინ, იქით,
სადაც კვამლიანი ჩირაღდნები ენთნენ და იარაღის ჟღარუნი ნაბიჯების მკვეთრ ხმას
ერწყმოდა. მას ფრთხილად მიჰყვა პეტრე, და ასე, ერთდროულად შევიდნენ
მღვდელმთავრის ეზოში და მსახურებს შეუერთდნენ, რომლებიც ცეცხლს
ეფიცხებოდნენ. იუდა პირქუშად ითბობდა ცეცხლზე თავის გაძვალტყავებულ
ხელებს. და უცებ გაიგონა, რომ სადღაც მის ზურგს უკან ხმამაღლა თქვა პეტრემ:
– არა, არ ვიცნობ.
მაგრამ იქ, ეტყობა, დაუჟინეს, რომ ის იესოს მოწაფეთაგანი იყო, რადგან პეტრემ
კიდევ უფრო ხმამაღლა გაიმეორა:
– არ ვიცნობ-მეთქი. არ მესმის, რას მეუბნებით!
იუდას არ გაუხედავს მისკენ, უნებურად გაიღიმა, თავი დაიქნია და წაიბუტბუტა:
– ასე, ასე, პეტრე! არავის დაუთმო შენი ადგილი იესოს გვერდით!
არ დაუნახავს, როგორ გავიდა ეზოდან შეშინებული პეტრე, რათა აღარავის
შეჩხეროდა თვალებში. ამ საღამოდან იესო სიკვდილამდე არ უხილავს იუდას აქ არც
ერთი მოწაფე. ამ ბრბოში იყვნენ მხოლოდ ის ორნი, სიკვდილამდე განუყრელნი,
უცნაურად გადაჯაჭვულნი
საერთო ტანჯვით, - ის, ვინც გაიცა შესაგინებლად და საწამებლად, და ის, ვინც გასცა.
ტანჯვის ერთი ფიალიდან ძმებივით სვამდნენ გაცემული და გამცემი, და
ცეცხლოვანი სასმელი ერთნაირად სწვავდა უმანკო და ბიწიერ ბაგეებს.
მიშტერებოდა ცეცხლის ალს, რომელიც თვალში პაპანაქების შეგრძნებას იწვევდა,
ცეცხლ ისთვის მიეშვირა გრძელი, მოქანავე ხელები, და უფორმო, მოფართხალე
შუქ-ჩრდილების ქაოსში ჩაფლული ისკარიოტელი საწყალობელი და ხრინწიანი ხმით
ბუტბუტებდა:
– რა სიცივეა! ღმერთო ჩემო, რა სიცივეა!
ასეა ალბათ, როდესაც მეთევზეები ღამით სახლში ბუნდებიან და ნაპირზე მინავლულ
ცეცხლს სტოვებენ. ზღვის ბნელი სიღრმიდან გამოდის რაღაც არსება, მიცოცდება
ცეცხლთან, მიაშტერდება დაჟინებით და უცნაურად, მისკენ მიიწევს და
საწყალობელი და ხრინწიანი ხმით ბუტბუტებს:
– რა სიცივეა! ღმერთო ჩემო, რა სიცივეა!
უცებ ზურგს უკან იუდამ გაიგონა ჯარისკაცების ხმაური, ყვირილი, ნაცნობი
ღვარძლიანი სიცილი და სწრაფი, სასტიკი დარტყმების ხმა ცოცხალ სხეულზე.
შემობრუნდა, წამიერად ტკივილმა დაუარა მთელ სხეულში, მთელ ძვლებში, - იესოს
სცემდნენ.
აი, თურმე რა ხდება!
დაინახა, როგორ წაიყვანეს იესო საგუშაგო ჯიხურში. ღამე თანდათან იწურებოდა,
კოცონები ჩაინავლა, საგუშაგოდან კი ისევ ისმოდა ყრუ ხმები, სიცილი და ლანძღვა.
იესოს სცემდნენ. იუდა დამთხვეულივით გავარდა უკაცრიელ ეზოში, უცებ შეჩერდა,
თავი მაღლა ასწია და ისევ გაიქცა, ხან კოცონებს გადააწყდა, ხან კედლებს შეეფეთა.
შემდეგ საგუშაგოს კედელს აეკრა, აიწია, მიაკვდა ფანჯარასა და კარების ღრეჩოებს და
ხარბად შეაჩერდა, რა ხდებოდა იქ. დაინახა ვიწრო, შეხუთული ოთახი, ჭუჭყიანი,
როგორც ყველა საგუშაგო
ჯიხური ქვეყნად, ნაფურთხი იატაკი, გაქონილი და დასვრილი კედლები - თითქოს
მასზე ევლოთ და ეგორავათ. დაინახა კაციც, რომელსაც სცემდნენ. სცემდნენ სახეში,
თავში, აქეთ-იქით ისროდნენ რბილ ფუთასავით, და ვინაიდან იგი არ ყვიროდა და არ
ეწინააღმდეგებოდა მწვალებლებს, გეგონებოდათ, თითქოს ეს ცოცხალი ადამიანი კი
არ იყო, არამედ რაღაც რბილი თოჯინა, უძვლო და უსისხლო. ძირს დაცემისას
უცნაურად იზნიქებოდა და ქვის იატაკზე არტყამდა თავს, თითქოს რაღაც რბილი
დავარდნილიყო უმტკივნეულოდ. ხანგრძლივი ცქერისას ეს ყველაფერი
დაუსრულებელ, უცნაურ თამაშს ჰგავდა, ზოგჯერ სრულ თვალთმაქცობამდე
მისულს. ერთი ძლიერი ბიძგის შემდეგ ადამიანი თუ თოჯინა მდორედ დაეშვა
დამჯდარი ჯარისკაცის მუხლებზე. მანაც, თავის მხრივ, უბიძგა, იგი გადატრიალდა
და ახლა სხვა ჯარისკაცს დაეცა, და ისევ ასე. ისევ ასე. ატყდა ხარხარი. იუდამ
გაიღიმა, თითქოს ვიღაცის ძლიერმა ხელმა რკინის თით ებით გაჭიმა მისი ბაგეები. ეს
- ისევ მოტყუებული იუდას ღიმილი იყო.
გრძელდებოდა ღამე და კოცონები ძლივსღა იბჟუტებიდნენ. იუდა მოსცილდა
კედელს და ნელა მიუახლოვდა ერთ-ერთ კოცონს. გამოჩხრიკა ნაკვერცხლები,
გააღვივა და თუმცა სიცივეს აღარ გრძნობდა, მაინც მიუფიცხა ოდნავ მოცახცახე
ხელები და ნაღვლიანად აბუტბუტდა:
– ოჰ, მტკივა, ძლიერ მტკივა, შვილიკო. მტკივა, შვილიკო, მტკივა, ძალიან მტკივა!..
შემდეგ ისევ წავიდა ფანჯრისაკენ, რომელიც მქრქალი ყვითელი სინათლით იყო
განათებული შავ გისოსებს შორის, და ისევ დაუწყო ცქერა, როგორ სცემდნენ იესოს.
აი, პირდაპირ იუდას თვალებთან გაიელვა მისმა შავგვრემანმა, უკვე
დასახიჩრებულმა სახემ, რომელზეც თმა ჩამოშლოდა. აი, ვიღაცის ხელი ჩააფრინდა ამ
თმას, წააქცია იესო, მის თავს აქეთ-იქით აბრუნებდა და სახით იატაკს აწმენდინებდა.
ფანჯრის ახლოს ჯარისკაცს ეძინა და ღია პირიდან თეთრი კბილები მოუჩანდა. აი,
ვიღაც ფართო ზურგიანმა და სქელკანიანმა ფანჯარა გადაფარა და უკვე აღარ ჩანდა
არაფერი. და უცებ სიჩუმე ჩამოვარდა.
რა მოხდა? რატომ გაჩუმდნენ? ხომ არ მიხვდნენ?
მყისვე ზუზუნით, ყვირილით, ღრიალით აავსო იუდას თავი ათასმა მშფოთვარე
აზრმა. ისინი მიხვდნენ? მიხვდნენ, რომ ეს ყველაზე
უკეთესი ადამიანია? ასე ადვილად, ასე სწრაფად მიხვდნენ? რა ხდება ახლა იქ?
ალბათ მუხლებზე არიან დაცემულნი მის წინ, წყნარად ტირიან და ფეხებზე კოცნიან.
აი, გამოდის იგი გარეთ, უკან მორჩილად მოჰყვებიან ისინი, გამოდის გარეთ,
იუდასთან, გამარჯვებული ვაჟკაცი, ჭეშმარიტების მეუფე, ღმერთი...
– ვინ ატყუებს იუდას? ვინაა მართალი?
მაგრამ არა. ისევ გაისმა ყვირილი და ხმაური. ისევ სცემდნენ. ვერ მიხვდნენ, ვერ
გაიგეს. სცემენ უფრო ძლიერად, უფრო მტკივნეულად. კოცონები კი ინავლებიან და
ფერფლით იფარებიან. მათი ლურჯი კვამლი ისე გამჭვირვალეა, როგორც ჰაერი. ცაც
ისე ნათელია, როგორც მთვარე. დგება განთიადი.
– რა არის განთიადი? - კითხულობს იუდა.
აი, ყველაფერი აენთო, გაბრწყინდა, განახლდა. კვამლიც უკვე ლურჯი კი აღარაა,
არამედ ვარდისფერი. ამოდის მზე.
– რა არის მზე? - კითხულობს იუდა.

VIII
იუდას თითს აშვერენ, ერთნი ზიზღით, მეორენი სიძულვილით, და შიშით ამბობენ:
– შეხედეთ: ეს მოღალატე იუდაა!
უკვე დაიწყო მისი სამარცხვინო დიდება, რომელიც მან სამარადისოდ პოივოვა.
წავლენ საუკუნეები, ერთ ხალხს სხვა ხალხი შეცვლის, და მუდამ გაისმება სიტყვები,
ზიზღითა და შიშით წარმოთქმულნი კეთილთა და ბოროტთა მიერ:
– მოღალატე იუდა... მოღალატე იუდა!
იუდა გულგრილად უსმენდა, რას ამბობდნენ მასზე. ცნობისმოყვარეობით იწვოდა, რა
მოხდებოდა. ნაგვემი იესო დილით საგუშაგოდან გამოიყვანეს. იუდამ მათ გაედევნა.
არ გრძნობდა არც ნაღველს, არც ტკივილს, არც სიხარულს; დაუძლეველი
ცნობისმოყვარეობა დაუფლებოდა - ყველაფერი დაენახა, ყველაფერი გაეგონა. თუმცა
მთელი ღამე უძილოდ გაატარა, მაგრამ დაღლილობას არ გრძნობდა. როდესაც წინ
ეღობებოდნენ, იგი მარჯვედ, ჯიკავ-ჯიკავით ახერხებდა წინ გასვლას. ერთი
წუთითაც არ მოუსვენია მის საღ, ცოცხალ თვალს. როდესაც იესო კაიაფამ დაჰკითხა,
იუდამ ყურზე ხელმოფარებული უსმენდა, რათა ერთი სიტყვაც არ გამორჩენოდა.
თანხმობის ნიშნად თავს აქნევდა და ბუტბუტებდა:
– ასე! ასე! გესმის, იესო!
მაგრამ თავისუფალი არ იყო, როგორც ძაფზე გამობმული ბუზი, ბზუილით რომ
დაფრინავს აქეთ-იქით, მაგრამ არც ერთი წამით ვერ სცილდება მორჩილ და ჯიუტ
ძაფს.. რაღაცნაირი გაქვავებული აზრებით ამოვსებოდა თავის ქალა და მათზე
მიჯაჭვულიყო. არ იცოდა, რა აზრები იყო ეს, არ ეხებოდა მათ, მაგრამ გამუდმებით
გრძნობდა მათ არსებობას. დროდადრო ისინი არნახული სიმძიმით
თრგუნავდნენ, თითქოს გამოქვაბულის თაღი ენგრეოდა ნელ-ნელა თავზე. მაშინ
ხელს გულზე იჭერდა, ისე ტოკავდა, თითქოს ყინვისაგანაა გაფიჩხებულიო და მზერა
სწრაფად გადაჰქონდა სულ ახალ და ახალ ადგილზე. როდესაც იესო კაიაფასაგან
გამოიყვანეს, იგი მთლად ახლოს შეხვდა მის დაღლილ მზერას და როგორღაც
გაუაზრებლად რამდენჯერმე მეგობრულად დაუქნია თავი.
– მე აქა ვარ, შვილო, აქა ვარ! - წაიბუტბუტა აჩქარებით და ვიღაც დოყლაპიას,
რომელიც გზაზე ეღობებოდა, ზურგში ბრაზით უჯიკავა. დიდი, ხმაურიანი ბრბო
ახლა პილატესაკენ დაიძრა, უკანასკნელ დაკითხვაზე და სასამართლოზე.
ცნობისმოყვარეობით ატანილი იუდა სწრაფად და ხარბად ათვალიერებდა
შემომატებულ ხალხს. ბევრი სრულიად უცნობი იყო და არასოდეს ენახა, მაგრამ
ისინიც შენიშნა, რომლებიც „ოსანას“ ძახილით შეეგებნენ იესოს. და ყოველ ნაბიჯზე
მათი რაოდენობა თითქოს მატულობდა.
„ასე, ასე! - სწრაფად გაიფიქრა იუდამ და თავბრუ დაეხვა, თითქოს უეცრად დათვრაო,
- ყველაფერი დამთავრდა. აი, ახლა დაიყვირებენ ისინი: იესო ჩვენია, რას უშვრებით?
და ყველა გაიგებს, და...“
მაგრამ მორწმუნეები დუმილით მიდიოდნენ. ერთნი ყასიდად იღიმებოდნენ, ისეთი
სახე ჰქონდათ, თითქოს მათ არაფერი ეხებოდათ. მეორენი რაღაცას თავშეკავებულად
ლაპარაკობდნენ, მაგრამ მოძრაობის გუგუნში, იესოს მტრების ხმამაღალ და
გააფთრებულ ღრიანცელში უკვალოდ ქრებოდა მათი წყნარი ლაპარაკი. და ისევ
მოეშვა გულზე იუდას.
უცებ შორიახლოს ფრთხილად მიმავალი თომა შენიშნა, სწრაფად მოიფიქრა რაღაც და
მისკენ წავიდა. მოღალატეს დანახვაზე ტომა შეშინდა და მიმალვა უნდოდა, მაგრამ
იუდა ვიწრო, ჭუჭყიან შუკაში დაეწია.
– თომა! დაიცადე!
თომა შეჩერდა, წინ გამოიშვირა ორივე ხელი და საზეიმო ხმით წარმოთქვა:
– განვედ ჩემგან, სატანა!
ისკარიოტელმა მოუთმენლად ჩაიქნია ხელი.
– რა სულელი ხარ, თომა, მე სხვებზე ჭკვიანი მეგონე. სატანა! სატანა! მაგას ხომ
დამტკიცება უნდა.
თომამ ხელები დაუშვა და გაკვირვებით შეეკითხა:
– განა შენ არ გაეცი მოძღვარი? მე თვითონ დავინახე, როგორ მოიყვანე მეომრები და
იესო უჩვენე მათ. თუ ეს ღალატი არაა, მაშინ ღალატი რაა?
– სხვას რამეა, სხვა რამე, - აჩქარებით თქვა იუდამ. - მისმინე, აქ თქვენ ბევრნი ხართ.
შეიკრიბეთ ერთად და მოითხოვეთ იესოს განთავისუფლება. ის ჩვენია-თქო. უარს ვერ
გეტყვიან, ვერ გაბედავენ, ყველაფერს მიხვდებიან...
– რას ამბობ, რას ამბობ! - გადაჭრით გაშალა ხელები თომამ, - ნუთუ ვერ ხედავ ამდენ
შეიარაღებულ ჯარისკაცს და ტაძრის მსახურებს? სასამართლოც არ ყოფილა ჯერ. ჩვენ
არ უნდა შევუშალოთ ხელი სასამართლოს. ის დაადგენს, რომ იესო უდანაშაულოა და
დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს.
– შენ ასე ფიქრობ? - ჩაეკითხა იუდა, - თომა, თომა, მაგრამ თუ ის მართალია? მაშინ
რა? ვინაა მართალი? ვინ მოატყუა იუდა?
– ჩვენ მთელი ღამე ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ სასამართლო არ დასჯის
უდანაშაულოს. თუ დასჯის...
– მაშინ რა? - ვერ მოითმინა ისკარიოტელმა.
– ... ის არ იქნება სასამართლო. და მისი საქმე ცუდად წავა, როდესაც ჭეშმარიტი
სამსჯავროს წინაშე მოუხდება პასუხის გაცემა.
– ჭეშმარიტი სამსჯავროს წინაშე! არის სადმე ჭეშმარიტი სამსჯავრო? - გაიცინა
იუდამ.
– ჩვენ ყველამ დაგწყევლეთ შენ, მაგრამ რახან ამბობ, რომ მოღალატე არა ხარ, ამიტომ,
ვფიქრობ, შენი გასამართლებაა საჭირო...
იუდას აღარ უსმენია, მკვეთრად შემობრუნდა და სწრაფად დაეშვა ვიწრო ქუჩაზე,
წინწასული ხალხისაკენ. მაგრამ მალე შეანელა ნაბიჯები და აუჩქარებლად წავიდა
იმის იმედით, რომ ბევრი ხალხი ყოველთვის ნელა მიდის და მარტოდ მიმავალი მათ
აუცილებლად დაეწევა.
როდესაც პილატემ თავისი სახლიდან გამოიყვანა იესო და ხალხის წინ დააყენა,
ჯარისკაცების ზურგზე მიჭყლეტილმა იუდამ, რომელიც გაცოფებით აქანავებდა
თავს, რათა რამე დაენახა ორ ბრჭყვიალა მუზარადს შორის, უცებ ნათლად იგრძნო,
ახლა კი დამთავრდებოდა ყველაფერი. ბრბოს თავებს ზემოთ მან დაინახა მზეში
მდგარი იესო, გასისხლიანებული, ფერმიხდილი, ეკლის გვირგვინით
შუბლდაკაწრული. იგი ამაღლებულ ადგილას იდგა და მთლიანად ჩანდა ტერფამდე.
და ისე მშვიდი იყო, ისე აშკარად ადგა უმანკოებისა და უბიწოების ნათელი, რომ
მხოლოდ ბრმა ვერ დაინახავდა ამას, მხოლოდ გიჟი ვერ შენიშნავდა. დუმდა ხალხიც.
ისეთი სიწყნარე იყო, რომ იუდას ესმოდა წინ მდგარი ჯარისკაცის სუნთქვა და
სუნთქვისას მის სხეულზე შემოჭერილი ქამრის ჭრიალი.
„ასე. ყველაფერი დამთავრდა. ახლა კი მიხვდებიან.“ - გაიფიქრა იუდამ და უცებ
გული გაუჩერა რაღაც უცნაურმა სიხარულმა, უსასრულოდ მაღალი მთებიდან
ცისფრად მოელვარე უფსკრულში ჩავარდნის დამაბრმავებელ სიხარულს რომ ჰგავდა.
პილატემ ზიზღით დასწია ტუჩი მრგვალი, გაპარსული ნიკაპისაკენ და ბრბოს
მშრალი, მოკლე სიტყვები გადმოუგდო. ასე უყრიან ძვლებს მშიერი ძაღლების ხროვას
და მთრთოლვარე ხორცისა და სისხლის სურვილს უცხრობენ.
– თქვენ ეს კაცი მომგვარეთ, როგორც ხალხის გამხრწნელი. მე თქვენთან ერთად
გამოვიძიე და მისი დანაშაული ვერ დავინახე ვერაფერში.
იუდა თვალებს ხუჭავს, იცდის.
და მთელმა ხალხმა იყვირა, იღმუვლა, ათასობით მხეცისა და ადამიანის ხმით:
– სიკვდილი მაგას! ჯვარს აცვით! ჯვარს აცვით!
თითქოს თავის თავს დასცინოდა, თითქოს ერთ წამში სურდა განეცადა უსაზღვრო
დაცემა, უგუნურება და სირცხვილი, ხალხი ყვიროდა, ღრიალებდა, მოითხოვდა
ათასი მხეცისა და ადამიანის ხმით:
– ბარაბა მოგვეცით ჩვენ! ეგ კი ჯვარს აცვით! ჯვარს აცვით!
მაგრამ ჯერ გადამწყვეტი სიტყვა არ უთქვამს რომაელს. მისი გაპარსული,
ქედმაღლური სახე ზიზღითა და გულისწყრომით შეთრთოლდა. იგი ხვდება. იგი
მიხვდა! აი, ის რაღაცას ხმადაბლა ეუბნება მსახურებს, მაგრამ მისი ხმა არ ისმის
ბრბოს გნიასში. რას ამბობს იგი? თხოვთ მათ, ხმლები აიღონ და ამ უგუნურებს
დასცხონ?
– მომეცით წყალი.
წყალი? რა წყალი? რისთვის?
აი, იგი იბანს ხელს. - რატომ იბანს თავის თეთრ, სუფთა, ბეჭდებით დამშვენებულ
ხელს - და ხელებაწეული გულისწყრომით უყვირის გაკვირვებულ, დადუმებულ
ბრბოს:
– ამ მოძღვრის სისხლში მე ბრალი არ მიდევს. აჰა, იხილეთ!
კიდევ ერთხელ იღვრება თითებიდან წყალი მარმარილოს ფილებზე, და რაღაც
რბილი იშოტება პილატეს ფეხებთან, და ცხელი, ცხარე ბაგეები ჰკოცნიან მის ხელს,
საცეცებივით ეკვრიან, სისხლს სწოვენ, თითქმის კბენენ. პილატე უღონოდ ცდილობს
ხელის წართევას, ზიზღით და შიშით იხედება ძირს და ხედავს დიდ, მოლაქუცე
სხეულს, უცნაურად გაორებულ სახეს და ორ დიდ თვალს. თითქოს ერთი კი არა,
რამდენიმე არსება ერთდროულად ებღაუჭება ფეხებსა და ხელებზე. და ესმის
გესლიანი, ნაწყვეტ-ნაწყვეტი, მხურვალე ჩურჩული:
– შენ ბრძენი ხარ... კეთილშობილი ხარ!.. ბრძენი ხარ, ბრძენი!..
და ისეთი სატანური სიხარულით გიზგიზებს მისი უცნაური სახე, რიმ პილატე
შეძრწუნებული ეშმაკივით იხლაკნება ქვის ფილებზე, ისევ ეტანება მიმავალი
პილატეს ხელს და ყვირის, როგორც გაგიჟებით შეყვარებული:
– შენ ბრძენი ხარ! შენ ბრძენი ხარ! შენ კეთილშობილი ხარ!
შემდეგ მარდად დგება და მირბის, და მიაცილებს ჯარისკაცების ხარხარი. მაგრამ ჯერ
არ დამთავრებულა ყველაფერი. როდესაც ისინი ჯვარს დაინახავენ, როდესაც ისინი
სამსჭვალებს დაინახავენ, ალბათ მიხვდებიან, და მაშინ... რა მაშინ? იუდა გაოგნებულ,
ფერმიხდილ თომას ხედავს, რატომღაც მანუგეშებლად უქნევს თავს და იესოს
მისდევს, რომელიც სიკვდილით დასასჯელად მიჰყავთ. მიდის მძიმედ, ფეხი
უსხლტება კენჭებზე და უცებ დაღლილობას გრძნობს. ქანცს უწყვეტს იმაზე ზრუნვა,
რომ მყარად დაადგას ფეხი. უსიცოცხლოდ იყურება აქეთ-იქით და ხედავს მტირალ
მარიამ მაგდალინელს, ხედავს უამრავ მტირალ ქალს. მათ თმები ჩამოუშლიათ,
თვალები დაწითლებიათ, სახეები დამანჭვიათ. ხედავს უზომო მწუხარებას ნაზი
ქალური სულისას, შესაგინებლად რომ მისცეს. უეცრად, გამოცოცხლებული, დროს
პოულობს და იესოსთან მირბის.
– მე შენთან ვარ, - ეჩურჩულება აჩქარებით.
ჯარისკაცები შოლტით იგერიებენ. იუდა იგრიხება, რათა დარტყმებს დაუსხლტეს,
ჯარისკაცებს კბილებს უკრეჭს და იესოს აჩქარებით ეუბნება:
– მე შენთან ვარ. იქ. გესმის? იქ!
სახიდან სისხლს იწმენდს და ჯარისკაცს მუშტით ემუქრება, ჯარისკაცი კი სიცილით
უყურებს და სხვებსაც უთითებს მასზე. იუდა რატომღაც თომას ეძებს, მაგრამ არც
თომა და არც სხვა მოწაფე არაა აქ. ისევ დაღლილობას გრძნობს და ფეხებს ძლივს
მიათრევს, თან ყურადღებით დასცქერის ძირს გაბნეულ წვეტიან თეთრ კენჭებს.
... როდესაც ურო აღმართეს, რათა ხეზე მიელურსმათ იესოს მარცხენა ხელი, იუდამ
თვალი დახუჭა და მთელი საუკუნე არ სუნთქავდა, არ იმზირებოდა, არ ცხოვრობდა,
მხოლოდ უსმენდა. და, აი, ღრჭიალით დაეცა რკინა რკინაზე და ერთიმეორეს მიჰყვა
ბლაგვი, მოკლე, ყრუ დარტყმები. ისმოდა, როგორ შედიოდა წვეტიანი ლურსმანი
რბილ ხეში და მის ბოჭკოებს აგანიერებდა.
ერთი ხელი. ჯერ კიდევ არაა გვიან.
მეორე ხელი. ჯერ კიდევ არაა გვიან.
ერთი ფეხი. მეორე. ნუთუ ყველაფერი დამთავრდა? გაუბედავად ახელს თვალს და
ხედავს, აღმართვისას როგორ ირწევა ჯვარი და ორმოში ჯდება. ხედავს,
დაძაბულობისაგან ათრთოლებული იესოს ხელები როგორი ტანჯვით იჭიმებიან,
როგორ ფართოვდებიან ჭრილობები, როგორ იკუმშება ნეკნებში მუცელი. იჭიმებიან
ხელები, წვრილდებიან, თეთრდებიან, მხრებიდან უვარდებიან. ლურსმნებით
მიყენებული ჭრილობები წითლდებიან და განიერდებიან. აი, სადაცაა მოწყდებიან
ხელები... არა, გაჩერდნენ. სულ გაჩერდნენ. მხოლოდ ნეკნები ტოკავენ მოკლე, ღრმა
სუნთქვისას.
დედამიწის თხემის ადგილზე აღმართულია ჯვარი და მასზე იესოა გაკრული.
აღსრულდა ისკარიოტელის შიში და ოცნება. ზეზე დგება, აქამდე კი რატომღაც
დაჩოქილი იყო, და ცივად იყურებოდა ირგვლივ. ეს მზერაა მრისხანე
გამარჯვებულისა, რომელსაც უკვე გარდაუწყვეტია, ყველაფერი დაანგრიოს და
გაანადგუროს, და უკანასკნელად უცქერის უცხო და მდიდარ ქალაქს, ცოცხალსა და
ხმაურიანს, უკვე სიკვდილის აჩრდილი რომ დასტრიალებს თავს. და უცებ აშკარად
გრძნობს ისკარიოტელი, რომ ჯერ კიდევ სათუოა მისი გამარჯვება. უცებ რომ
მიხვდნენ? ჯერ კიდევ არაა გვიან. ჯერ ისევ ცოცხალია იესო. აი, იგი იყურება
ნაღვლიანი თვალებით, თითქოს ხალხს მოუწოდებს...
რა დაიცავს გახევებისაგან თხელ აპკს, ადამიანთა თვალებს რომ ჰბურავს? ისე თხელს,
რომ თითქოს არცაა სრულებით? უცებ რომ მიხვდნენ? უცებ რომ დაიძრნენ
განრისხებული კაცები, ქალები და ბავშვები, უხმოდ, სწრაფად განაიარაღონ
ჯარისკაცები, მიწიდან ამოიღონ წყეული ჯვარი და დედამიწის თხემზე აიტაცონ
ცოცხლად დარჩენილი თავისუფალი იესო? ოსანა! ოსანა!
ოსანა? არა, უკეთესია იუდა მიწაზე დაწვეს. არა, უკეთესია მიწაზე მწოლმა ძაღლივით
კბილების ღრჭენით ზვეროს და ელოდოს, სანამ არ აღდგებიან ისინი. მაგრამ რა
მოუვიდა დროს? ხან ისე ჩერდება, ხელით გინდა უბიძგო, ფეხით სცემო, მათრახი
ურტყა, როგორც ზანტ ვირს. ხან კი გიჟივით მოჰქრის რომელიღაც მწვერვალიდან და
სუნთქვას უკრავს; ხელებიც ამაოდ ეძებენ საყრდენებს. აი, მარიამ მაგდალინელი
ტირის აგერ. აი, იესოს დედა ტირის აგერ. დაე, იტირონ. რაღას ნიშნავს აწი მათი
ცრემლები, ყველა დედის, ყველა ქალის ცრემლი ქვეყნიერებაზე!
– რა არის ცრემლები? - კითხულობს იუდა და გაცოფებული ეჯაჯგურება უძრავ
დროს, მუშტით ურტყამს, იწყევლება, როგორც დიაცი. ურჩი და კერპია დრო. ოჰ, ის
რომ იუდას ეკუთვნოდეს! მაგრამ იგი ეკუთვნის ყველა ამ მტირალ, მცინარ,
მოლაზღანდარე ხალხს. იგი ეკუთვნის მზეს. იგი ეკუთვნის ჯვარს და იესოს გულს,
ასე ნელა რომ კვდება.
რა საზიზღარი გული აქვს იუდას! ხელით უჭირავს გული, იგი კი ყვირის: „ოსანა!“
ისე ხმამაღლა, რომ ლამის ყველამ გაიგონოს. მიწაზე აჭყლეტს გულს, იგი კი ყვირის:
„ოსანა! ოსანა!“ - ვითარცა ყბედი, ქუჩაში რომ ჰფანტავს წმინდა საიდუმლოებებს...
გაჩუმდი! გაჩუმდი!
უცებ ხმამაღლა აზლუქუნდნენ, ყრუდ აყვირდნენ, ჯვარისაკენ გაიქცნენ. რა ხდება?
მიხვდნენ?
არა, იესო კვდება. ნუთუ ე შესაძლებელია? დიახ, იესო კვდება. მისი გათეთრებული
ხელები უძრავად არიან. მხოლოდ სახე, მკერდი და ფეხები უტოკავს ოდნავ. ნუთუ ეს
შესაძლებელია? დიახ, კვდება. სუნთქვა უწყდება. შეუწყდა... არა, ისევ ამოისუნთქა,
ისევ მიწაზეა იესო. ისევ? არა... არა... არა... იესო მოკვდა.
აღსრულდა. ოსანა! ოსანა!
აღსრულდა შიში და ოცნება. ახლა გამარჯვებას ვინ გამოსტაცებს ისკრიოტელს?
აღსრულდა. თუნდაც მთელი მსოფლიოს ხალხი მოაწყდეს გოლგოთას, თუნდაც
ერთხმად დაიღაღადოს ყველამ: „ოსანა, ოსანა!“ თუნდაც სისხლისა და ცრემლების
ზღვა დააქციონ აქ, - ისინი მხოლოდ სამარცხვინო ჯვარს და მასზე გაკრულ მკვდარ
იესოს დაინახავენ.
მშვიდად და ცივად უყურებს ისკარიოტელი მკვდარს, წამით მის ლოყაზე აჩერებს
მზერას, იმ ადგილზე, სადაც გუშინ ეამბორა გამოსათხოვარი ამბორით, და ნელა
მიდის. ახლა მთელი დრო მარ ეკუთვნის და მყარად მიაბიჯებს, როგორც
მბრძანებელი, როგორც მეფე, როგორც ის, ვინც უსაზღვროდ მარტო და მხიარულია ამ
ქვეყანაზე. უყურებს იესოს დედას და პირქუშად ეუბნება:
– ტირი, დედი? იტირე, იტირე. შენთან ერთად იტირებენ ამიერიდან მთელი
მსოფლიო დედები, მანამდე, სანამ იესოსთან ერთად არ მოვალთ და სიკვდილს არ
დავთრგუნავთ.
რა უნდა, - გიჟია თუ აბუჩად იგდებს ეს მოღალატე? მაგრამ იუდა მშვიდადაა, სახე
მკაცრი აქვს, აღარც გიჟურად აცეცებს თვალებს, როგორც წინათ. აი, ჩერდება იგი და
ცივი ყურადღებით ათვალიერებს ახალ, პატარა დედამიწას. დედამიწა დაპატარავდა
და მთლიანად გრძნობს ფერხთა ქვეშ. უყურებს პატარა მთებს, ოდნავ
შეწითლებულებს ჩამავალი მზის სხივებით, და მათაც გრძნობს ფერხთა ქვეშ.
უყურებს ზეცას, ფართოდ რომ გაუღია ლურჯი ხახა, უყურებს ბურთისებურ მზეს,
რომელიც ამაოდ ცდილობს დასწვას და დააბრმავოს, და ზეცასაც და მზესაც გრძნობს
ფერხთა ქვეშ. უსაზღვროდ მარტოა და მხიარული, ამაყად შეიგრძნო უძლურება
სამყაროს ყველა ძალთა და ისინი უფსკრულში გადაისროლა.
და მიდის წინ იუდა მშვიდი და უძლეველი ნაბიჯებით. დრო კი არც წინ უსწრებს,
არც უკან რჩება, - მორჩილად, მასთან ერთად მოძრაობს მთელი თავისი უხილავი
გრანდიოზულობით.
აღსრულდა.

IX
ბებერი ფლიდის სახით, ხველებით, პირფერული ღიმილით გამოცხადდა
სინედრიონის წინაშე მოღალატე იუდა ისკარიოტელი. ეს იყო იესოს სიკვდილის
მეორე დღე, შუადღის ხანს. ყველანი იქ იყვნენ, - იესოს მოსამართლეები და
მკვლელები: მიხრწნილი ანა და მისი ვაჟიშვილები, გათქვირებულები, მამის
საზიზღარი ორეულები; პატივმოყვარეობის ჭიით შეჭმული კაიაფა, - მისი სიძე;
სინედრიონის ყველა წევრი, თავიანთი ვინაობა რომ დაუფარეს ადამიანთა ხსოვნას, -
მდიდარი და დიდგვაროვანი სადუკეველები, ძლიერებითა და კანონთა ცოდნით
გაამაყებულნი. ისინი მდუმარედ შეხვდნენ გამცემს, თითქოს არც არავინ
შემოსულიყო. მათ შორის ყველაზე პატარამ და უმნიშვნელომაც, რომელსაც სხვები
ყურადღებასაც არ აქცევდნენ, თავისი ჩიტის სახე ასწია და ისე იყურებოდა, თითქოს
ვერ ხედავდა შემოსულს. იუდა წამდაუწუმ თავს უკრავდა მათ, ისინი კი უცქერდნენ
და დუმდნენ: თითქოს ადამიანი კი არა, რაღაც უწმინდური მწერი შემოცოცებულიყო,
რომელიც არც კი ჩანდა. მაგრამ კარიოტელი იუდა არ გახლდათ ისეთი კაცი,
ადვილად რომ დაბნეულიყო: ისინი დუმდნენ, ის კი თავის დაკვრით ესალმებოდა
მათ და ფიქრობდა, თუ საჭირო იქნებოდა, საღამომდე არ შეწყვეტდა თავის დაკვრას.
ბოლოს კაიაფამ მოუთმენლად ჰკითხა:
– რა გინდა?
იუდამ კიდევ ერთხელ დაუკრა თავი და ხმამაღლა თქვა:
– მე იუდა ისკარიოტელი ვარ, ვინც იესო ნაზარეველი ჩაგიგდოთ ხელში.
– მერე რა გინდა? ხომ მიიღე შენი. გასწი აქედან! - უბრძანა ანამ, მაგრამ იუდას
თითქოს არც გაუგონია ბრძანება და თავის დაკვრა განაგრძო. კაიაფამ მას, მერე კი ანას
ჰკითხა:
– რამდენი მიეცით?
– ოცდაათი ვერცხლი.
კაიაფამ გაიღიმა. გაიღიმა ჭაღარა ანამაც. ყველას მხიარულმა ღიმილმა გადაურბინა
ქედმაღლურ სახეებზე. ჩიტისსახიანს სიცილიც კი აუვარდა. შესამჩნევად
გაფითრებულმა იუდამ სწრაფად განაგრძო:
– დიახ, დიახ. რასაკვირველია, ძალიან ცოტაა, მაგრამ განა იუდა უკმაყოფილოა? განა
იუდა ყვირის, რომ გაძარცვეს? ის კმაყოფილია. განა ის წმინდა საქმეს არ ემსახურება?
წმინდა საქმეს! განა ყველაზე ჭკვიანი ადამიანები არ უსმენენ ახლა იუდას და არ
ფიქრობენ: იგი ჩვენია, იუდა ისკარიოტელი, ჩვენი ძმაა, ჩვენი მეგობარია იუდა
ისკარიოტელი. მოღალატე? ნუთუ ანას არ სურს, მუხლებზე დაეცეს და იუდას ხელზე
ეამბოროს? მაგრამ იუდა არ დაანებებს, იგი მშიშარაა, ეშინია, ხელზე არ უკბინონ.
– გააგდეთ ეს ძაღლი. რასა ჰყეფს აქ? - თქვა კაიაფამ.
– გასწი აქედან. შენი ყბედობისათვის არა გვცალია, - გულგრილად თქვა ანამ.
იუდა გაიმართა და თვალი დახუჭა. თვალთმაქცობა, რომელსაც ასე ადვილად
ახერხებდა მთელი სიცოცხლე, უცენ აუტანელ ტვირთად დააწვა. იუდამ ერთი
თვალის დახამხამებაში მოიშორა იგი. და მან ანას მიაპყრო მზერა. მაგრამ ამასაც არ
მიაქციეს ყურადღება.
– გინდა, ჯოხის ცემით რომ გაგაგდონ? - უყვირა კაიაფამ.
საშინელი სიტყვები ყელში ებჯინებოდა იუდას, მზად იყვნენ, ამოფრქვეულიყვნენ და
რისხვით თავს დატეხოდნენ მოსამართლეებს. და მათი სიმძიმით სულშეხუთულმა
თქვა:
– თქვენ თუ იცით... თუ იცით... ვინ იყო ის, ვინც გუშინ გაასამართლეთ და ჯვარს
აცვით?
– ვიცით. გასწი აქედან!
ერთი სიტყვით გახევს ახლა იუდა იმ თხელ აპკს, მათ თვალებზე რომაა
ჩამოფარებული. და ულმობელი ჭეშმარიტების სიმძიმე მთელ დედამიწას შეძრავს!
მათ აქვთ სული, მაგრამ წაერთმევათ. ცოცხლობენ, მაგრამ დაკარგავენ სიცოცხლეს.
თვალებში სინათლე უდგათ, მაგრამ მარადიული წყვდიადი და შიში ჩაუდგებათ.
ოსანა! ოსანა!
აი, ისინიც, ის საშინელი სიტყვები, ყელს რომ უფლეთენ.
– იგი არ იყო თაღლითი. იგი უდანაშაულო და უმწიკვლო იყო. გესმით? იუდამ
მოგატყუათ თქვენ. უდანაშაულო ჩაგიგდოთ ხელში.
ელოდა. და ანას გულგრილი, ბებრული ხმა ესმის:
– სულ ეს იყო, რისი თქმაც გინდოდა?
– თქვენ ვერ გამიგეთ, - ამბობს გაფითრებული იუდა ღირსეულად, - იუდამ
გაგაცურათ თქვენ. იესო უდანაშაულო იყო. თქვენ უდანაშაულო ადამიანი მოჰკალით.
ჩიტისსახიანი იღიმება, მაგრამ ანა გულგრილია, ანა მოწყენილია, ანა ამთქნარებს.
კაიაფაც ამთქნარებს და დაღლილი ხმით ამბობს:
– რაღას არ მიყვებოდნენ იუდა ისკარიოტელის სიჭკვიანეზე! ეს კი სულელი ყოფილა,
ძალიან მოსაწყენი სულელი.
– რაო? - ყვირის იუდა, სულმთლად გაცოფებული, - თქვენ ვინღა ხართ, ჭკვიანებო?
იუდამ გაგაცურათ თქვენ, გესმით? იესო კი არ გაუცია იუდას, თქვენ გაგცათ -
ბრძენები და ძლიერები. ეს თქვენ გარგუნათ სამარცხვინო სიკვდილი, არასოდეს რომ
არ დამთავრდება. ოცდაათი
ვერცხლი! დიახ, დიახ. მაგრამ ეს ხომ თქვენი სისხლის საფასურია, თქვენი ბინძური
სისხლის, იმ ნარეცხივით ბინძურის, ქალები რომ ჭიშკრიდან აქცევენ. ეჰ, ანა, ბებერო,
ჭაღარა, სულელო ანა, კანონებს რომ ჩაუნთქმიხარ, რატომ ერთი ვერცხლით, ერთი
ობოლით მეტი არ გაიღე? შენ ხომ ამ საფასურით შეგაფასებენ სამარადისოდ.
– მომწყდი აქედან! - დაუყვირა გაწითლებულმა კაიაფამ. მაგრამ ანამ ხელის აქნევით
შეაჩერა იგი და გულგრილად ჰკითხა იუდას:
– დაამთავრე?
– მე რომ უდაბნოში გავიდე და მხეცებს შევძახო: მხეცებო, გესმით, რამდენად
შეაფასეს ადამიანებმა თავიანთი იესო? რას იზამენ მხეცები? ბუნაგებიდან
გამოძვრებიან, მრისხანედ აღმუვლდებიან, ადამიანისადმი შიშს დაივიწყებენ და აქ
მოვარდებიან თქვენს შესაჭმელად! მე რომ ვუთხრა ზღვას: ზღვაო, იცი შენ, რამდენად
შეაფასეს ადამიანებმა თავიანთი იესო? მე რომ ვუთხრა მთებს: მთებო, თქვენ იცით,
რამდენად შესაფასეს ადამიანებმა იესო? ზღვაც და მთებიც დატოვებენ თავიანთ
ადგილებს, ოდითგანვე რომ ეკავათ, აქ მოიჭრებიან და თავზე დაგატყდებიან!
– იუდას წინასწარმეტყველად გახდომა ხომ არ სურს? ისე ხმამაღლა ლაპარაკობს! -
დაცინვით შენიშნა ჩიტისსახიანმა და ლაქუცით შეხედა კაიაფას.
– დღეს მე მკრთალი მზე დავინახე. ის შეძრწუნებული იყურებოდა და ამბობდა: სად
არის ადამიანი? მე დღეს მორიელი დავინახე. ის ქვაზე იჯდა, იცინოდა და ამბობდა:
სად არის ადამიანი? მივუახლოვდი და თვალებში ჩავხედე. ის იცინოდა და ამბობდა:
სად არის ადამიანი, მითხარით, მე ვერა ვხედავ! ხომ არ დაბრმავდა იუდა, საწყალი
კარიოტელი იუდა.
და ისკარიოტელი ხმამაღლა აქვითინდა. ამ წუთში ის გიჟს ჰგავდა. კაიაფა შებრუნდა
და ზიზღით ჩაიქნია ხელი. ანა კი ოდნავ დაფიქრდა და თქვა:
– მე ვხედავ, იუდა, რომ შენ მართლაც ცოტა მიიღე. ამიტომაც ხარ აღელვებული. აჰა,
კიდევ ფული, აიღე და მიუტანე შენს შვილებს.
და რაღაც გადმოაგდო, რომელმაც მჭახედ გაიჟღარუნა. მაგრამ ეს ხმა არც კი იყო
მიმწყდარი, რომ სხვამ, მისმა მსგავსმა ხმამ გააგრძელა იგი: იუდა მუჭა-მუჭა ისროდა
ვერცხლსა და ობოლებს და სახეში აყრიდა მღვდელმთავარსა და მოსამართლეებს, -
უკან აბრუნებდა იესოს გაცემისათვის მიღებულ გასამრჯელოს. ირიბი წვიმასავით
მიფრინავდნენ მონეტები, სახეებს ხვდებოდნენ, მაგიდაზე ცვიოდნენ, იატაკზე
იფანტებოდნენ. ზოგიერთმა მოსამართლემ ხელებით დაიფარა სახე, სხვები
წამოხტნენ, ყვიროდნენ და ილანძღებოდნენ. იუდამ, რომელიც ცდილობდა ანასთვის
მოერტყა, ისროლა უკანასკნელი მონეტა, აკანკალებული ხელით ძლივს რომ მოძებნა
ტომსიკაში, გადააფურთხა და განრისხებული გამოვარდა გარეთ.
– ასე, ას! - ბუტბუტებდა იგი, სწრაფად მიდიოდა ქუჩაში და ბავშვებს აფრთხობდა, -
შენ მგონი ტირი, იუდა? ნუთუ მართალი იყო კაიაფა, რომ თქვა, კარიოტელი იუდა
სულელი ყოფილაო! ვინც უდიდესი შურისძიების დღეს ტირის, ის არაა ამის ღირსი,
იცი შენ ეს, იუდა? არ მოატყუებინო თავი შენს თვალებს, არ მოატყუებინო თავი შენს
გულს, ნუ იღვრები ცხარე ცრემლებად, იუდა ისკარიოტელო!
იესოს მოწაფეები ისხდნენ მწუხარედ მდუმარენი და აყურადებდნენ, რა ხდებოდა
გარეთ. ჯერ კიდევ იყო საშიშროება, რომ იესოს მტრების შურისძიება არ
დამთავრდებოდა იესოს ჯვარცმით. მოსალოდნელი იყო ჯარისკაცთა შემოჭრა და,
შესაძლოა, სხვების დასჯაც. მარიამ მაგდალინელი და მათე იოანეს გვერდით
უსხდნენ და ხმადაბლა ანუგეშებდნენ, რადგან იგი, როგორც საყვარელი მოწაფე,
განსაკუთრებით მძიმედ განიცდიდა იესოს სიკვდილს. მარიამი, რომელსაც
ტირილისაგან სახე შეშუპებოდა, წყნარად უალერსებდა მის მშვენიერ, დატალღულ
თმას, მათე კი სოლომონის სიტყვებით მოძღვრავდა:
– უმჯობეს არს კაცი სულგრძელი ძლიერებისაგან, ხოლო რომელმან დაითმინოს
გულისწყრომაი, უფროის მისსა არს, რომელმანცა დაიპყრას ქალაქი ძნელი.
უცებ კარებმა გაიჯახუნა და შემოვიდა კარიოტელი იუდა. ყველა ელდანაცემი
წამოიჭრა. თავიდან ვერც კი მიხვდნენ, ვინ იყო, ხოლო როცა შეხედეს საძულველ
სახეს და წერა, ხორკლიან თავს, ყვირილი ატეხეს. პეტრემ ორივე ხელი აღმართა და
შეჰყვირა:
– წადი აქედან, მოღალატევ! წადი, თორემ მოგკლავ!
მაგრამ კარგად დააკვირდნენ მოღალატის სახესა და თვალებს და გაჩუმდნენ,
შიშითატანილნი აჩურჩულდნენ:
– თავი დაანებეთ! მოეშვით! სატანაა მასში ჩასახლებული.
იუდამ დააცადა, სანამ დაწყნარდებოდნენ და ხმამაღლა შესძახა:
– გაიხარეთ იუდა ისკარიოტელის თვალებო! თქვენ ახლახან გულცივ მკვლელებს
ხედავდით. და, აი, მშიშარა გამყიდველებსაც ხედავთ! სადაა იესო? მე თქვენ
გეკითხებით, სადაა იესო?
რაღაც მბრძანებლური იყო ისკარიოტელის ხმაში, და თომამ მორჩილად უპასუხა:
– ხომ თვითონვე იცი, იუდა, რომ ჩვენი მოძღვარი გუშინ საღამოს ჯვარს აცვეს.
– მერე როგორ დაუშვით ეგ? სად იყო თქვენი სიყვარული? შენ, საყვარელო მოწაფევ,
შენ, კლდეო, სად იყავით, როდესაც თქვენი მეგობარი მიალურსმეს?
– ჩვენ რა შეგვეძლო, თავად განსაჯე, - ხელები გაშალა თომამ.
– შენ ამას კითხულობ, თომა? ასე, ასე! - იუდა ისკარიოტელმა თავი გვერდზე
გადახარა და გამძვინვარებული ალაპარაკდა, - ვისაც უყვარს, ის არ კითხულობს,
როგორ მოიქცეს! ის მიდის და ყველაფერს სჩადის! ის ტირის, იკბინება, მტერს
ახრჩობს და ძვლებს უმტვრევს! ვისაც უყვარს! როცა შენი შვილი იხრჩობა, განა შენ
ქალაქში გახვალ და გამვლელებს შეეკითხები: „როგორ მოვიქცე? ჩემი შვილი
იხრჩობა!“ თუ გადახტები თვითონვე წყალში და შვილთან ერთად დაიხრჩობი? ვისაც
უყვარს, ასე იქცევა!
პეტრემ პირქუშად გააწყვეტინა გამძვინვარებულ იუდას:
– მე ხმალი ვიშიშვლე, მაგრამ თვითონ მითხრა, არაა საჭიროო.
– არ არის საჭიროო? და შენც დაუჯერე? - გაიცინა ისკარიოტელმა, - პეტრე, პეტრე,
განა შეიძლებოდა მისთვის დაგეჯერებინა? განა მას რამე გაეგებოდა ადამიანებისა,
ბრძოლისა?
– ვინც მას არ დაემორჩილება, ის ცეცხლის გეენაში წავა.
– რატომ არ წადი შენ? რატომ არ წადი შენ, პეტრე? ცეცხლის გეენა! რა არის ცეცხლის
გეენა! დაე, წასულიყავი! რად გინდა სული, თუკი არ შეგიძლია ცეცხლში შთააგდო,
როცა ისურვებ?
– გაჩუმდი! - შეჰყვირა იოანემ და წამოიწია, - მას თვითონ სურდა ეს მსხვერპლი. და ეს
მსხვერპლი მშვენიერია!
– განა მშვენიერი მსხვერპლი არსებობს? რას ლაპარაკობ, საყვარელო მოწაფევ? სადაც
მსხვერპლია, იქვეა ჯალათიც და მოღალატენიც! მსხვერპლი ტანჯვაა ერთისათვის და
სირცხვილი დანარჩენთათვის. მოღალატეებო, გამყიდველებო, რა შეამთხვიეთ
დედამიწას? ახლა მას ყოველი მხრიდან უყურებენ, ხარხარებენ და ყვირიან: შეხედეთ
დედამიწას, მასზე ჯვარს აცვეს ქრისტე! და აფურთხებენ, აი, ასე!
იუდამ მრისხანედ დააფურთხა დედამიწას.
– მან ადამიანთა მთელი ცოდვანი იტვირთა. მისი მსხვერპლი მშვენიერია! - თავისაზე
იდგა იოანე.
– არა! ეს თქვენ იტვირთეთ მთელი ცოდვანი. საყვარელო მოწაფევ! განა შენიდან არ
დაიწყება მოღალატეთა მოდგმა, სულმოკლეთა და
მატყუარათა ჯილაგი? ბრმანო, რა შეამთხვიეთ დედამიწას? თქვენ მისი დაღუპვა
ინდომეთ. თქვენ მალე კოცნას დაუწყებთ ჯვარს, რომელზეც იესო გააკარით. დიახ,
დიახ, ჯვრის კოცნას გპირდებათ თქვენ იუდა!
– იუდა, ნუ გვაყენებ შეურაცხყოფას! - დაიღრიალა გაცეცხლებულმა პეტრემ, - როგორ
შეგვეძლო მისი მტრების მოკვლა? ისინი ბევრნი იყვნენ!
– შენცა ხარ, პეტრე! - წყრომით შესძახა იოანემ, - განა ვერ ხედავ, რომ მასში სატანაა
ჩაბუდებული? განვედ ჩვენგან, მაცდურო. შენ სიცრუითა ხარ სავსე! მოძღვარი
კაცისკვლას არ გვასწავლიდა.
– მაგრამ განა მან სიკვდილი აგიკრძალათ? რატომ ხართ თქვენ ცოცხლები, როცა ის
მკვდარია? რატომ დადიან თქვენი ფეხები, რატომ ყბედობენ თქვენი ენები, რატომ
ხამხამებენ თქვენი თვალები, როცა ის მკვდარია, უმოძრაო და უტყვია? როგორ ბედავ,
წითელი გქონდეს ლოყები, იოანე, როდესაც მისი ლოყები მიწისფერია? როგორ ბედავ
ყვირილს, პეტრე, როცა ის მდუმარია? როგორ მოვქცეულიყავითო, იუდას
ეკითხებით? გიპასუხებთ იუდა, მშვენიერი, მამაცი იუდა ისკარიოტელი: უნდა
მომკვდარიყავით. უნდა დაცემულიყავით გზაზე. ხმალში, ხელში უნდა სცემოდით
ჯარისკაცებს, თქვენი სისხლის ზღვაში უნდა დაგეხრჩოთ ისინი. უნდა
მომკვდარიყავით! უნდა მომკვდარიყავით! დაე, თვით იესოს ზეციური მამა
შეძრწუნებულიყო, როდესაც ყველანი წარსდგებოდით ზეცაში მის წინ!
იუდამ ცისკენ აიშვირა თითი და უცებ გაშეშდა: მაგიდაზე ტრაპეზის ნარჩენები
შენიშნა. უცნაური განცვიფრებითა და ინტერესით მიაჩერდა მას, თითქოს პირველად
დაინახა თავის სიცოცხლეში საჭმელი, და წყნარად იკითხა:
– რა არის ეს? თქვენ ჭამეთ? იქნებ გეძინათ კიდეც?
– მე მეძინა, - მორცხვად ჩაჰკიდა თავი პეტრემ, რომელსაც იუდა უკვე უმ კაცად
მიაჩნდა, ვისაც მათზე მბრძანებლობა შეეძლო. - ვიძინე და ვჭამე.
თომამ გადაჭრით და მტკიცედ თქვა:
– შენ სწორი არა ხარ, იუდა. აბა, დაფიქრდი: ჩვენ რომ ყველა მოვმკვდარიყავით, ვინღა
მოჰყვებოდა იესოს ამბავს? ვინ გააცნობდა ხალხს მის მოძღვრებას, ყველა რომ
მოვმკვდარიყავით, პეტრეც, მეც?
– კი მაგრამ, რაა სიმართლე მოღალატეების ბაგეებიდან თქმული? განა ის სიცრუედ არ
იქცევა? თომა, თომა, ნუთუ არ გესმის, რომ შენ მხოლოდ გუშაგი ხარ მკვდარი
სიმართლის კუბოსთან? დაეძინება გუშაგს, მოვა ქურდი და წაიღებს სიმართლეს, -
თქვი, სადაა სიმართლე? წყეულიმც იყავი, თომა! უნაყოფო და ღატაკი იყავ
სამარადისოდ! თქვენც, წყეულებო!
– თვითომ იყავ წყეული, სატანა! - დაიყვირა იოანემ და მისი ნათქვამი გაიმეორა
იაკობმა, და მათემ, და ყველა დანარჩენმა მოწაფემ. მხოლოდ პეტრე დუმდა.
– მე მასთან მივდივარ! - თქვა იუდამ და ხელი შემართა, - ვინ წამოყვება იესოსთან
ისკარიოტელს?
– მე! მე წამოგყვები! - დაიყვირა პეტრემ და ადგა, მაგრამ იოანემ და სხვებმა შიშით
შეაჩერეს იგი:
– უგუნურო! ხომ არ დაგავიწყდა, რომ მოძღვარი მაგან გასცა!
პეტრემ მუშტი დაირტყა მკერდზე და მწარედ აქვითინდა:
– სად წავიდე? უფალო! სად წავიდე?
უკვე დიდი ხანია, თავისი მარტოული გასეირნების დროს, იუდამ მოინიშნა ის
ადგილი, სადაც თავს მოიკლავდა იესოს სიკვდილის შემდეგ. ეს იყო მთაზე, რომელიც
იერუსალიმს გადმოჰყურებდა. იქ მხოლოდ ერთი ხე დგა, ნახევრად ხმელი,
მოღრეცილი, ქარებისაგან გაწამებული და ყოველი მხრიდან შემოძარცული. ერთი
მომტვრეულ-მოღრეცილი ტოტი იერუსალიმისაკენ იეს ჰქონდა გაშვერილი, თითქოს
ლოცავს ან რაღაცით ემუქრებაო, სწორედ ეს ტოტი აირჩია იუდამ ყულფიანი თოკის
ჩამოსაბმელად. მაგრამ ხემდე შორი და ძნელი გზა იყო, და ძალიან დაიღალა
კარიოტელი იუდა. ფეხქვეშ კენჭები უსხლტებოდნენ და თითქოს უკან ეწეოდნენ, მთა
კი მაღალი იყო, ქარიანი, პირქუში და ავი. უკვე მერამდენედ დაჯდა დასასვენებლად,
მძიმედ ქშინავდა, ნაპრალებიდან კი ზურგზე ცივად ასუნთქავდა მთა.
– უჰ, შე წყეულო! - სიძულვილით თქვა იუდამ. ქოშინებდა და გაქვავებული აზრებით
დამძიმებულ თავს აქანავებდა. შემდეგ უცებ ასწია სახე, ფართოდ გააღო ჩამქრალი
თვალი და ბრაზით აბუტბუტდა:
– არა, ისინი მეტისმეტად ცუდები არიან. გესმის, იესო? ახლა დამიჯერებ? შენთან
მოვდივარ. ალერსით შემხვდი, დაღლილი ვარ. მერე ჩვენ ერთად დავბრუნდებით
დედამიწაზე, ძმებივით გადახვეულები. კარგი?
– მაგრამ, შეიძლება, შენც გაუბრაზდე ისკარიოტელს? და არ დაუჯერო? და
ჯოჯოხეთის ცეცხლზე მახვილს გამოვჭედავ და შენს ზეცას დავამხობ. კარგი? მაშინ
ხომ დამიჯერებ? მაშინ ხომ დაბრუნდები ჩემთან ერთად დედამიწაზე, იესო?
როგორც იქნა, მიაღწია იუდამ მწვერვალამდე და მოღრეცილ ხემდე. და იქ ქარმა
გააწვალა. მაშინ იუდამ დატუქსა ქარი, და მანაც რბილად და წყნარად დაიწყო
სიმღერა, მერე გამოეთხოვა და სადღაც გაფრინდა.
– კარგი ხარ, კარგი! ისინი კი ძაღლები არიან! - უთხრა ქარს იუდამ და ყულფი
გააკეთა. და ვინაიდან შეიძლებოდა, რომ ბაწარს მოეტყუებინა იუდა და გამწყდარიყო,
ამიტომ ხრამს ზემოთ ჩამოჰკიდა, თუ გაწყდებოდა, სულ ერთია, ქვებში იპოვიდა
აღსასრულს. და სანამ ნაპირს მოწყდებოდა და ყულფზე ჩამოეკიდებოდა,
კარიოტელმა იუდამ კიდევ ერთხელ გაიმეორა დაბეჯითებით:
– ალერსით შემხვდი, მე ძალიან დავიღალე, იესო.
და გადახტა, ბაწარი გაიჭიმა, მაგრამ გაუძლო. იუდას კისერი გაუწვრილდა, ხელები
და ფეხები მოუდუნდნენ და სველი ჩვრებივით ჩამოეკიდნენ. ასე ორ დღეში,
ერთი-მეორის მიყოლებით დატოვეს დედამიწა იესო ნაზარეველმა და იუდა
ისკარიოტელმა, მოღალატემ.
მთელი ღამე საზარელი ნაყოფივით ქანაობდა იუდა იერუსალიმის თავზე. ქარი ხან
ქალაქისაკენ მოაბრუნებდა სახით, ხან უდაბნოსაკენ, თითქოს უნდოდა იგი
ქალაქისთვისაც ეჩვენებინა და უდაბნოსთვისაც. მაგრამ სიკვდილით
დამახინჯებული სახე საითაც არ უნდა მიბრუნებულიყო, სისხლით სავსე წითელი
თვალები, უკვე ძმებივით ერთნაირები, გამუდმებით ზეცას უყურებდნენ. დილით
ვიღაც თვალგამჭრიახმა ქალაქის თავზე ჩამოკიდებული იუდა დაინახა და შიშით
შეჰყვირა. ავიდნენ და ჩამოხსნეს, იცნეს ვინც იყო და მიყრუებულ ხრამში გადაუძახეს,
სადაც ჩამღრძვალ ცხენებს, კატებს და სხვა ცხოველთა მძორებს ჰყრიდნენ ხოლმე.
მორწმუნეებმა იმავე საღამოს გაიგეს მოღალატის საშინელი სიკვდილის ამბავი, მეორე
დღეს კი მთელმა იერუსალიმმა იცოდა. გაიგო ქვაღორღიანმა იუდეამ. გაიგო მწვანეში
ჩაფლულმა გალილეამაც. და ერთი ზღვიდან მერე, უფრო შორეულ ზღვამდე მივიდა
ამბავი მოღალატის სიკვდილისა. არც სწრაფად, არც ნელა, - დროსთან ერთად
მიდიოდა იგი და როგორც დროს არა აქვს ბოლო, ასევე არ ექნება ბოლო იუდას
გამცემლობისა და მისი საშინელი სიკვდილის ამბავს. და ყველა, კეთილნიც და
ბოროტნიც, ერთნაირად დასწყევლიან მის სამარცხვინო სახელს. და ყოველი
ხალხისათვის, რომლებიც იყვნენ და არიან, იგი დარჩება მარტოსული თავისი
სასტიკი ხვედრით, იუდა ისკარიოტელი, მოღალატე.

You might also like