You are on page 1of 25

მოთხრობები:

ამბავი ორი კაცისა, რომელთაც სიზმარი იხილეს

მთარგმნელი ფიფია ნინო

არაბი ისტორიკოსი, იქსაკი, მოგვითხრობს ამ ამბავს:

კაცნი ღირსეულნი ნდობის ამბავს ყვებიან (თუმცა მხოლოდ ალაჰია ყოვლისმომცველი


და ყოვლისშემძლე და გულმოწყალე და ფხიზლობს იგი), რომ ყოფილა ქაიროში კაცი
ერთი, ყოველგვარ სიმდიდრეთა მფლობელი, მაგრამ ისეთი დიდსულოვანი და
შემწყნარებელი, რომ დაუკარგავს ყველაფერი და იძულებული გამხდარა, ეშრომა
ლუკმა-პურის საშოვნელად. ერთხელაც იმდენი იმუშავა თავის ლეღვის ბაღში, რომ
ძილმა დაჯაბნა და იხილა სიზმრად კაცი, რომელმაც პირიდან გამოიღო ოქროს მონეტა
და უთხრა: “სიმდიდრე შენი სპარსეთში არს, ისპაჰანში, წადი მის მოსაძებნად”.
მომდევნო ალიონზე გაიღვიძა კაცმა და გაუდგა გრძელ გზას. დაუპირისპირდა
ხიფათებს, მოვლენილს უდაბნოთა, ხომალდთა, მეკობრეთა, კერპთაყვანისმცემელთა,
მდინარეთა,
მხეცთა და კაცთაგან. ბოლოს და ბოლოს, მიაღწია ისპაჰანამდე, მაგრამ გააოცა იგი
ქალაქის ღამემ და მიიძინა მეჩეთის ეზოში.

მეჩეთთან ახლოს სახლი იდგა დ ყოვლისშემძლე უფლის ნებით ქურდბაცაცების


ჯგუფმა გადაჭრა მეჩეთი და სახლში შეიპარა. სახლში მყოფებს ხმაურზე გაეღვიძათ და
შველა ითხოვეს. მეზობლებმაც გაიღვიძეს. მალე იმ უბნის გუშაგთა კაპიტანი თავის
კაცებთან ერთად გამოჩნდა, ყაჩაღები კი სახლის სახურავიდან გაიპარნენ. უფროსმა
მეჩეთის გაჩხრეკა ბრძანა და სწორედ მასში წააწყდნენ კაცს ქაიროდან და ისე გაროზგეს
რომ ლამის სიკვდილის პირას მიიყვანეს. ორი დღის შემდეგ კაცი გონს საპყრობილეში
მოეგო. კაპიტანმა მოიხმო იგი და და ჰკითხა მას: “ვინა ხარ და საიდან მოსულხარ?”.

სხვამ განაცხადა: “მე ცნობილი ქალაქიდან –ისპაჰანიდან ვარ და მოჰამედ ელ მაღრებია


სახელი ჩემი”. კაპიტანმა ჰკითხა: “აქ რამ მოგიყვანა მერე?” მეორემ სიმართლის თქმა
ამჯობინა და უთხრა მას: “სიზმრად ნანახმა კაცმა მიბრძანა ისპაჰანს მოვსულიყავი,
რადგან აქ იყო სიმდიდრე ჩემი, აწ უკვე ვხედავ, რომ ეს სიმდიდრე ალბათ ის როზგებია
რომელიც ასე დიდსულოვნად მივიღე შენგან”
ამ სიტყვების გაგონებაზე კაპიტანმა გულიანად გადაიხარხარა და უპასუხა: “უაზრო და
მიამიტო კაცო,სამჯერ მეზმანა ქალაქ ქაიროს სიღრმეში ბაღი, ბაღში მზის საათი და მზის
საათის შემდგომ ლეღვის ხილნარი, ლეღვის ბაღს იქეთ წყარო, წყაროს ქვეშ კი განძი. ამ
ტყუილისთვის არანაირი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია, შენ კი, რა თქმა უნდა, წყეულ
ჯორზე ამხედრებულმა იხეტიალე ქალაქიდან ქალაქში მარტოოდენ შენი სიზმრის
რწმენის ამარა. ისპაჰანში აღარ დაგინახო, აიღე ეს მონეტები და წადი”.
»კაცმა აიღო მონეტები და სამშობლოში დაბრუნდა. თავისი ბაღის წყაროს ქვეშ (ეს ის
ბაღია, კაპიტანმა სიზმრად რომ ნახა) განძი ამოთხარა. ასე დალოცა უფალმა,
აუნაზღაურა ზარალი და შთააგონა იგი. უფალი დიდსულოვანია, იდუმალი.»

წიგნიდან “ათას ერთი ღამე”, ღამე 351-ე.

თეოლოგი საიქიოში

მთარგმნელი ფიფია ნინო

ციკლიდან “ეტ სეტერა”

------------

ანგელოზებმა მიამბეს, რომ როდესაც მელანჩტონი გარდაიცვალა, იმ


სამყაროში მას ისეთივე ილუზორული სახლი მიუჩინეს, ზუსტად
ისეთი,როგორიც აქ, დედამიწაზე ჰქონდა (თითქმის ყველა ახლად
გარდაცვლილს იგივე ემართება მარადისობაში გადასვლისას და სწორედ
ამიტომ არ ჰგონიათ, რომ გარდაიცვალნენ).
ამ სახლში ყველა ნივთი ნამდვილის ასლი იყო: უბრალო საწერი მაგიდა
უჯრებით, ბიბლიოთეკა. როგორც კი მელანჩტონმა ამ საცხოვრებელში
გაიღვიძა, მაშინვე შეუდგა ლიტერატურულ საქმიანობას.

ისე იქცეოდა, თითქოს სულაც არ იყო გვამი და რამდენიმე დღე წერდა


რწმენის რაობის შესახებ. როგორც ჩვევად ჰქონდა, სიტყვა არ უთქვამს
გულმოწყალებაზე. ანგელოზებმა ეს შეამჩნიეს და დასაკითხად ადამიანები
მიაგზავნეს. მელანჩტონმა მათ უთხრა:” მე დავამტკიცე და ეჭვგარეშეა, რომ
სულს შუძლია იოლად გავიდეს ფონს სათნოების გარეშე.ზეცაში
მოსახვედრად კი მხოლოდ რწმენაც საკმარისია”.
მსგავს სიტყვებს ის ამაყად ამბობდა და არ იცოდა, რომ უკვე მკვდარი იყო
და სასუფეველში არ იმყოფებოდა. როდესაც ანგელოზებმა მისი ნათქვამი
შეიტყვეს, მიატოვეს.
რამდენიმე კვირაში ავეჯმა გაქრობა დაიწყო. ყველაფერი გაქრა მაგიდის,
ქაღალდებისა და სამელნის გარდა. კედლები კირით დაიფარა, ჭერი კი
ყვითელი ლაქით, ტანსაცმელი არ შეცვლილა.მელანჩტონი კი აგრძელებდა
წერას, თუმცა ამჯერად უწინდელივით აღარ უარყოფდა სათნოებას ისე,
როგორც უწინ.

საცხოვრებლად მიწისქვეშ გადაიყვანეს,სადაც მისნაირი თეოლოგები


იმყოფებოდნენ. რამდენიმე დღე საკანში გამომწყვდეულმა გაატარა და
როგორც კი თავის თეორიაში ეჭვის შეტანა დაიწყო, ნება მისცეს,
დაბრუნებულიყო. ამჯერად დაუმუშავებელი ტყავის ტანსაცმელი ეცვა,
მაგრამ თავი დაირწმუნა თითქოს წინანდელი ჩაცმულობა წმინდა წყლის
ჰალუცინაცია იყო და კვლავ დაიწყო რწმენის ქება და სათნოების დაკნინება.
ერთ საღამოს სიცივე იგრძნო. მაშინ სახლი მოიარა და აღმოაჩინა,რომ
ოთახების კედლები სულაც არ ჰგავდა იმას, რაც სახლში დედამიწაზე
ქონდა. ერთი ოთახი სავეს იყო უცნობი ინსტრუმენტებით, მეორე კი ისე
დაპატარავებულიყო, რომ თითქმის შეუძლებელს ხდიდა შიგნით შესვლას,
მესამე არ შეცვლილიყო, მაგრამ მისი ფანჯრები და კარი სილით იყო
ამოვსებული. ოთახის სიღრმეში ჩანდნენ ადამიანები, რომლებიც მას
ხოტბას ასხამდნენ და განუწყვეტლივ იმეორებდნენ, რომ არც ერთი
თეოლოგი არ იყო ისეთი მცოდნე, როგორიც ის.

ქება-დიდება ესიამოვნა, მაგრამ რადგანაც ამ ადამიანებიდან ზოგს სახე არ


ჰქონდა და ზოგიც მკვდარს ჰგავდა, ისინი შეიძულა და ეჭვის თვალით
დაუწყო ყურება. სწორედ მაშინ გადაწყვიტა დაეწერა ქება სათნოებისა,
მაგრამ დღისით დაწერილი დილით იშლებოდა. ეს კი იმიტომ ხდებოდა,
რომ სტრიქონებს რწმენის გარეშე წერდა, თავად აკლდა რწმენა.
უამრავი ახლად გარდაცვლილი ადამიანი სტუმრობდა, მას კი რცხვენოდა
რომ ასეთ უბადრუკ სახლში ცხოვრობდა. სტუმრების
დასარწმუნებლად,რომ თითქოს ზეცაში იყვნენ მოხვედრილები, ერთერთ
გრძნეულს მოურიგდა რომელიც მის ოთახში ცხოვრობდა და ეს
უკანასკნელიც ათასნაირი ხრიკით აჯერებდა ხალხს ამ ტყუილში. როგორც
კი სტუმრები წასასვლელად გაემზადებოდნენ, ან წასვლამდე ცოტა ხნით
ადრე, ოთახში მაშინვე ჩნდებოდა კირი და სიღარიბე.
უკანასკნელი ცნობები მელანჩტონის შესახებ გვამცნობს, რომ ის
რომელიღაც მისანმა და რამდენიმე უსახო კაცმა ქვიშისკენ წაიყვანა და ახლა
დემონებს ემსახურება..
თითქოს არც მისმენდა და განაგრძობდა:
-გამოძევებული დავეხეტები, მაგრამ ჯერ მაინც მეფე ვარ, რადგანაც მედალი ჩემთანაა.
გინდა ნახო?
გაძვალტყავებული მუჭი გახსნა, მაგრამ იქ არაფერი იყო.
ხელისგული ცარიელია, მაგრამ უცებ გამახსენდა, რომ მარცხენა მუჭი მკაცრად ჰქონდა
შეკრული.
მან შემხედა:
- შეგიძლია შეეხო.
შიშით შევეხე მის ხელისგულს, რაღაც ცივი ვიგრძენი და ბრწყინვალება დავინახე.

მან სწრაფად მომუჭა ხელი. ვდუმდი. ის კი მეუბნებოდა:


- ეს ოდინის მედალია. მხოლოდ ცალი მხარე აქვს. ერთადერთი რამაა, რასაც მეორე
მხარე არ აქვს. სანამ ხელში მაქვს ეს მედალი, მანამ ვრჩები მეფედ.
- ოქროსია?
- არ ვიცი, ეს ოდინის მედალია, მხოლოდ ერთადერთი მხარით.
აქ კი სურვილმა შემიპყრო, მედალს დავუფლებოდი. ის ჩემი რომ გამხდარიყო, მრავალ
ოქროს ვიშოვიდი და მეფე გავხდებოდი.

მაწანწალას, რომელიც დღემდე მეზიზღება, შევთავაზე:


- ქოხში ზანდუკი მაქვს, ოქროს მონეტებით პირამდე გაძეძგილი. ისინი ბრჭყვიალებენ,
როგორც ცული. თუ ოდინის მედალს მომცემ, ზანდუკი შენი გახდება.
მან იუარა: არ მსურს.
- მაშინ წადი შენი გზით.
მაწანწალამ ზურგი მაქცია და თვალისდახამხამებაში ნაჯახი მოვიქნიე. წამიც არ
დასჭირვებია, მკვდარი დაეცა და დაცემისას მუჭი გაეხსნა. სიკაშკაშე დავინახე, მორს
ნიშანი დავადე ცულითვე. მერე მოხუცი ჯერ კიდევ ღრმა მდინარისაკენ წავათრიე.
უკან დაბრუნებულმა მედალს დავუწყე ძებნა.

ვერ ვიპოვე. მას შემდეგ მთელი ეს წლები ვეძებ და ვეძებ..

ესე-ები

ედგარ ალან პო

მთარგმნელი კრავეიშვილი მათე


ედგარ პოს სიტყვებს მიღმა (ისევე როგორც სვიფტის, კარლეილის ან ალმაფუერტეს
შემთხვევაში) ნებისმიერს შეუძლია ნევროზი ამოიკითხოს. მისი შემოქმედების ამგვარ
ანომალიასთან დაკავშირება აბსოლუტურად უსამართლო ნაბიჯიცაა და იმავდროულად
სავსებით გამართლებულიც, გააჩნია, როგორ შეხედავ ამ მოვლენას. იგი უსამართლოა,
თუკი ნევროზის მოხმობით დაწერილის გაუფასურებასა და უგულვებელყოფას
ეცდებიან; სამართლიანია, თუკი ნევროზში დაწერილის უკეთ გაგების საშუალებებს
ეძიებენ. როგორღაც არტურ შოპენჰაუერს უთქვამს, ჩვენი ნების გარეშე არაფერი
დაგვემართებოდაო; ნევროზში, ისევე როგორც სხვა უბედურებებში, შეიძლება
განსაკუთრებული მექანიზმი დავინახოთ, რისი მეშვეობითაც ადამიანი მიზანს
უახლოვდება. ნევროზი გამოადგა პოს ფანტასტიკური ნოველის ჟანრის განახლებისას,
შიშის გამოხატვის ლიტერატურული ხერხების გასამძაფრებლად.

ასეც შეიძლება ითქვას: პო სიცოცხლეს შემოქმედებას სწირავდა მსხვერპლად. მან


მოკვდავის ხვედრი სიკვდილისშემდგომ მომავალს ანაცვალა.

ჩვენი საუკუნე მეცხრამეტეზე უბედურია; ამ სამწუხარო პრივილეგიისგან იმით ვართ


დავალებულნი, რომ მოგვიანებით (ჰენრი ჯეიმსისა და კაფკას მიერ) აგებული
ჯოჯოხეთური სივრცეები უფრო რთული და ახლობელი აღმოჩნდა ჩვენთვის, ვიდრე
ედგარ პოს შექმნილი სამყაროები. მან სიკვდილისა და შეშლილობების სიმბოლოებით
ისარგებლა, რათა სიცოცხლისადმი თავისი შიში გადმოეცა; იგი აუცილებლობად
მიიჩნევდა, წიგნებში სიცოცხლის მშვენიერება დაეხატა, რათა კიდევ უფრო გაესვა ხაზი
იმ საშინელებისთვის (სიკვდილისა და შიშისთვის), რომელიც ანგრევდა ამ სიცოცხლეს.
სიმბოლოები ამსუბუქებდნენ მის გრძნობიერებას; საბრალო პოსთვის თავად არსებობის
ფაქტი იყო საშინელება. გერმანული ლიტერატურის ბაძვაში დადანაშაულებულ პოს
სრული უფლება ჰქონდა, ეთქვა: “ეს შიში გერმანიიდან კი არა, სულის სიღრმიდან
მოდის”.

პოს ლექსებზე უფრო დღეგრძელი და გამძლე თავად მისი, როგორც პოეტის ფიგურა
აღმოჩნდა - მომავალი თაობების წარმოსახვისთვის ნაანდერძევი (იგივე დაემართა
ლორდ ბაირონს, შესაძლოა გოეთესაც). დაუვიწყარი სტრიქონი - მაგალითად, “Was it not
Fate, that, on this July midnight” - ზოგჯერ ამკობს და შესაძლოა ამართლებს კიდეც მის
ნაწერებს; დანარჩენი უბრალო ბანალობაა, ტომას მურის წყალწყალა, უგემოვნო ბაძვა.
ოდესღაც ოლდოს ჰაქსლი იმით ერთობოდა, რომ ედგარ პოს განუმეორებელ
დიალექტზე გადმოჰქონდა მილტონის დიდაქტიკური სტრიქონები. სავალალო შედეგის
გასაქარწყლებლად ჰაქსლიმ ისიც შენიშნა, რომ “ტეტრაქორდონის” გაუვალ კილოზე
თარგმნილი “ბერენიკას” ან “ოქროს ხოჭოს” რომელიმე აბზაცი უარესად
გამოიყურებოდა.

აზრი ედგარ პოს, როგორც ოსტატის შესახებ, რომელსაც საჯარო ოვაციების მიღმა
დინჯი სიცხადით ამუშავებდა და ბოლომდე მიჰყავდა ჩანაფიქრი, არა იმდენად მისი
შემოქმედებიდან მოდის, რამდენადაც “The Philosophy of Composition”-ში გადმოცემული
დოქტრინიდან. ამ დოქტრინას შედეგად ზმანებათა საუფლო და იზრაფილი კი
არა,მალარმე და პოლ ვალერი მოჰყვა.

პო პოეტად მიიჩნევდა თავს, მხოლოდ პოეტად. მაგრამ ვითარებამ იგი აიძულა,


მოთხრობები ეწერა და სწორედ ამ მოთხრობებმა - რომლებსაც იგი ხალისის გარეშე
წერდა და რომლებიც მხოლოდ ხანმოკლე, დროებით უღელად მიაჩნდა - მას უკვდავება
მოუტანა. ზოგიერთ მათგანში (”სიმართლე იმის შესახებ, თუ რა დაემართა მისტერ
ვოლდემარს”), შესანიშნავადაა გათვლილი ვითარება; სხვები (”ლიგეია”, “წითელი
სიკვდილის ნიღაბი”, “ელეონორა”) ყველანაირი გამონაგონის გარეშეც საოცარი
წარმატებით ართმევენ თავს დასახულ მიზნებს. ზოგიერთებმა კი (”ორმაგი მკვლელობა
მორგის ქუჩაზე”, “მოპარული წერილი”) სათავე დაუდეს დეტექტივების უსასრულო
ნაკადს, რომელთა წყალობითაც სტამბები დღემდე სრული დატვირთვით მუშაობენ და
ამ ჟანრის შესაძლებლობები მხოლოდ იმიტომ არ ამოიწურა, რომ უილკი კოლინზმა,
სტივენსონმა და ჩესტერტონმა შეიტანეს მასში თავიანთი წვლილი. მათ უკან ედგარ
ალან პოს სევდა და ძრწოლა დგას.

ბოდლერის, მალარმესა და ვალერის წინაპარის, ედგარ პოს გარეშე წარმოუდგენელია და


გაუგებარია დასავლური ლიტერატურა. ამასთანავე იგი რამდენიმე თავისი ლექსითა და
უამრავი შეუდარებელი პროზაული გვერდით ზედროულისა და მარადიულის
ბინადარი გახდა.

ასეთ გვერდებს შორის დავასახელებდი “არტურ გორდონ პიმის მოგზაურობის” ფინალს,


ამ კარგად ორგანიზებულ კოშმარს, რომლის ფარული საზრისიც - სითეთრეა.
შექსპირი წერდა, რომ უბედურება ტკბილ ნაყოფს ისხამს; ნევროზის, ლოთობის,
სიღატაკის, ნარკოტიკებისა და გამოუსწორებელი, უიმედო მარტოობის გარეშე არ
იქნებოდა ედგარ პოს წიგნები. რეალური სამყაროდან გასაქცევად მან წარმოსახვითი
შექმნა; მისი სიზმრები დღესაც ცოცხალია, დანარჩენი კი უფრო სიზმარს ჰგავს.

არსებობს მზაკვრული, ბოდლერის მიერ შემოტანილი და შოუს წყალობით


დამკვიდრებული ტრადიცია ედგარ პოს აღზევებისა ამერიკის დამცირების ხარჯზე. ეს
ტრადიცია პოეტს ანგელოზად სახავს, რომელიც დასაღუპადაა განწირული ცივ და
გაუმაძღარ ჯოჯოხეთში. სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ პო მსოფლიოს ვერც
ერთ ქვეყანას ვერ შეეთვისებოდა. რატომღაც არავინ ადიდებს ბოდლერს საფრანგეთის ან
კოლრიჯს დიდი ბრიტანეთის დამცირების ხარჯზე.

ორიოდე სიტყვა უიტმენზე

მთარგმნელი ცანკაშვილი თინათინ

ზოგჯერ ლიტერატორის ძალისხმევა - ერთობ პრეტენზიული განზრახვით - შექმნას


სრულყოფილი წიგნი, წიგნთა წიგნი, თავის თავში, პლატონური არქეტიპის დარად,
ყველა სხვა წიგნს რომ იტევს, - იმ საგნად იქცევა, რასაც დრო ვერაფერს აკლებს. ვისაც
ამგვარი რამ დაუსახავს მიზნად, დიდი საქმეებიც ამოურჩევია. ასე, მაგ.: აპოლონიოს
როდოსელმა ზღვის საფრთხეთა დამთრგუნველი პირველი ხომალდი ამოირჩია;
ლუკანუსმა - ბრძოლა ცეზარსა და პომპეუსს შორის - როცა არწივნი არწივებს
ეტოქებოდნენ; კამოენშმა - ლუზიტანიური მახვილი აღმოსავლეთში; დონმა - სულის
გარდასახვათა წრე: პითაგორულ დოგმამდე რომ დაიყვანება; მილტონმა - უძველესი
ცოდვა და სამოთხე; ფირდოუსიმ - სასანიდების დინასტია. გონგორამ კი პირველმა
დაამტკიცა, რომ დიდი წიგნი დიდი თემის გარეშეც შეიძლება ფონს გავიდეს;
უცნაურზე უცნაური ამბავი, მოთხრობილი "მარტოობებში", შეგნებულად
დაუხვეწავია, რასაც აღნიშნავდნენ და კიცხავდნენ კიდეც კასკალისი და გრასიანი
(ფილოლოგიური წერილები, VIII; კრიტიკონი, II).

მალარმე კი, რომელსაც თემათა დაუხვეწაობა ეცოტავა, ნეგატიურ თემათა ძიებაშია,


ყვავილის, ქალისა და ქაღალდის ფურცლის სითეთრის არარსებობას რომ ჰგავს და
წინ უძღვის ლექსს. პეიტერის მსგავსად იგი გრძნობდა, რომ ხელოვნებანი მიილტვიან
მუსიკისაკენ - ხელოვნების იმ სახეობისაკენ, რომლის ფორმაც ამავე დროს
შინაარსიცაა; მისი ნატიფი სწავლება "Toet abuutit en un livre"1 აზოგადებს ჰომეროსის
სენტენციას ღმერთების შესახებ, რომლებიც ჭირ-ვარამს მხოლოდ იმიტომ ბეჭვავენ
ქსელივით, რომ მომავალ თაობებს ქების აღვლენის საშუალება მისცენ (ოდისეა, VIII,
in fine 2) 1900 წლისთვის იეტსი უზადობას იმ სიმბოლოებში ეძებს, გვარის
მეხსიერებას რომ აღვიძებენ - იმ დიდ მეხსიერებას, ინდივიდის ტვინის ქერქის
შიგნით რომ ფეთქავს. ეს სიმბოლოები კ. გ. იუნგის გვიანდელ არქეტიპებთან
შედარებას საჭიროებენ. თავის უსამართლოდ მივიწყებულ წიგნში "ცეცხლი",
ბარბიუსი ცდილობს გააუქმოს დროთა სამანები პოეტური მონათხრობით ადამიანის
ძირითად მდგომარეობათა შესახებ. "ფინეგანის აღაპშიც" იგივეს აკათებს ჯოისი, როცა
ერთდროულად შემოაქვს სხვადასხვა ეპოქათა ნიშან-თვისებანი.

ანაქრონიზმთა შეგნებულ გამოყენებას, ზედროულობის შთაბეჭდილებას რომ


განამტკიცებენ, პაუნდი და ელიოტიც მიმართავენ.
მე რამდენიმე ხერხი ვახსენე; არ არსებობს მათ შორის უფრო ცნობისწადილის
აღმძვრელი, ვიდრე ის, რომელიც უოლტ უიტმენმა 1855 წელს შემოიტანა. სანამ მის
განხილვაზე გადავიდოდე, მოვიყვან ორ თვალსაზრისს, რომლებმაც თავის დროზე
მეტ-ნაკლებად განჭვრიტეს ის, რასაც ვიტყვი. პირველი მათგანი ინგლისელ პოეტს
ლეშლი ებერკრომბის ეკუთვნის. "უიტმენმა თავისი მადლიანი გამოცდილებით ერთი
ისეთი ცოცხალი და ნათელი გმირი შექმნა, თანამედროვე ლიტერატურის უდიდეს
აღმოჩენად რომ შეიძლება ჩაითვალოს; და ეს გმირი თავად იგია" - წერს ებერკრომბი.
მეორე თვალსაზრისი სერ ედმონდ ჰოსმა გამოთქვა: "ნამდვილი უიოლ უიტმენი არ
არსებობს. უიტმენი ლიტერატურაა პროტოპლაზმის მდგომარეობაში: უმარტივესი
მოაზროვნე ორგანიზმი, რომელსაც მხოლოდ იმის არეკლვა ძალუძს, რაც მას
უახლოვდება". მესამე თვალსაზრისს კი მე გამოვქთვამ: "თითქმის ყველაფერი, რაც
უიტმენის შესახებ დაწერილა, ორი მუდმივი შეცდომით ილახება.

პირველი ესაა საყოველთაოდ მიღებული უიტმენი - ლიტერატორის "ბალახის


ფოთლების" ღვთის დარ გმირთან გაიგივება, რაც სერვანტესის "დონ კიხოტის"
გმირთან გაიგივებას გვახსენებს. მეორე კი - უნიჭო ადაპტირება მის ლექსთა სტილისა
და ლექსიკონისა, ანუ იმ გასაოცარი მოვლენისა, რომელიც ახსნა-განმარტებებს
მოითხოვს".
წარმოვიდგინოთ, რომ ოდისევსის ერთი ბიოგრაფიის თანახმად (რომელიც
აგამემნონის, ლაერტის, პოლითემის, კალიფსოს, პენელოპეს, ტელემაქეს, მეღორის,
სცილას და ქარიბდას მოწმობას ემყარება), მას არასოდეს მიუტოვებია ითაკა. იმედის
გაცრუება, რაც ამ მახვილგონივრულად მოფიქრებული წიგნის გამო დაგვეუფლება, იმ
გრძნობის მსგავსი იქნება, უიტმენის ყველა ბიოგრაფიის წაკითხვა რომ აღძრავს
ჩვენში. მის ლექსთა წალკოტიდან მისივე ცხოვრების უბადრუკ ქრონიკაზე გადასვლა
სევდის გარდა არაფერს ჰგვრის კაცს და ეს გარდაუვალი სევდა-ნაღველი
პარადოქსულად გაძლიერდება, თუ ბიოგრაფი იმის მტკიცებასაც მოჰყვება, უნდა
იცოდეთ, რომ ორი უიტმენი არსებობს - ერთი "მჭევრმეტყველი კეთილი ველური"
"Leaves of grass"3-იდან, მეორე კი მისივე შემქმნელი ღატაკი ლიტერატორიაო.
პირველს თვალითაც არ უნახავს არც კალიფორნია, არც - დიდი კანიონი, მეორე კი - ამ
ადგილთაგან ერთ-ერთზე აპოსტროფს ("Spirit that formed this scene"4) თხზავს,
მეორეზე - მეშახტედ მუშაობს ("Starting ftom paumanok"5). 1859 წელს პირველი ნიუ
იორკში ცხოვრობს, მორე კი იმავე წლის 2 დეკემბერს ძველი აბოლიციონისტის ჯონ
ბრაუნის სიკვდილით დასჯას ესწრება ("Lars of meteors"6). ერთი ლონგ აილენდზეა
დაბადებული, მეორე კი - იქვე, მაგრამ ამავე დროს სადღაც სამხრეთშიც ("Longing for
home"7).

ერთი უმწიკვლო, თავშეკავებული და მდუმარეა, მეორე კი - ვნებიანი და ორგიული.


განმასხვავებელ ნიშანთა გამრავლება ძნელი არ არის; უფრო მნიშვნელოვანია
გაიცნობიერო, რომ "Leaves of grass"-ში გამოყვანპილი ქუდბედიანი მაწანწალა ვერ
შეძლებდა ამ ლექსის შეთხზვას.
სახელგანთქმულ წიგნებში ბაირონი და ბოდლერი უფრო ამძაფრებდნენ საკუთარ
მწუხარებას; უიტმენი კი საკუთარ სიხარულს აძლიერებს (30 წლის შემდეგ სილს-
მარიაში ნიცშე ზარატუსტრას აღმოაჩენს. ეს მოძღვარი ბედნიერია, უფრო ზუსტად,
ბედნიერებას ქადაგებს, მაგრამ მას ერთი ნაკლი აქვს - სინამდვილეში არ არსებობს).
სხვა რომანტიკული გმირები, პირველ რიგში, ვათეკი და სხვათა შორის - ედმონ
ტესტიც, საგანგებოდ უსვამენ ხაზს საკუთარ განსაკუთრებულობას; უიტმენი კი
მგზნებარე მოკრძალებულობით ცდილობს, სხვა ადამიანებს დაემსგავსოს. "Leaves of
grass", შენიშნავს იგი, "ეს არის სიმღერა მდედრობითი ან მამრობითი სქესის დიდი
კოლექტიური და სახალხო პიროვნებისა", ან დაუვიწყარი ("Song of Myself"8):
ეს ჭეშმარიტად აზრებია ყოველი კაცის,
ყველა დროის, ყველა ქვეყნისა,
და მხოლოდ ჩემში არ სულდგმულობენ.
თუ შენც ისევე არ გეკუთვნიან, როგორ
- მე, არარანი ყოფილან მაშინ.
თუ ისინი გამოცანას და გამოცანის
ამოხსნასაც არ იტევენ,
არარანი ყოფილან მაშინ.
თუ ისინი ჩემგან ისე ახლოს არ არიან,
რამდენადაც - შორს,
არარანი ყოფილან მაშინ.
ეს ბალახია, თავს რომ ჰყოფს ყველგან,
სადაც მიწაა და წყალია,
ეს ჰაერია, ყველასათვის ერთგვაროვანი,
დედამიწის სფეროს გარს რომ ევლება.
პანთეიზმთან ერთად გავრცელდა ერთგვარი გამონათქვამი, რომლის თანახმად
ღმერთი სხვადასხვა ან რთული შედგენილობის (ასეც ამბობენ!) რაობათა
მთლიანობაა.

აი, მისი ერთ-ერთი მცირე სახე-ხატიც: "მე ვარ რიტუალი და ნიჭი, სამსხვერპლო
ზეთი და ცეცხლი" (ბჰაგავატგიტა, IX, 16). უფრო ადრეულია - და ორაზროვანიც -
ჰერაკლიტეს 67-ე ფრაგმენტი: "ღმერთი დღე და ღამეა, ზამთარი და ზაფხულია, ომი
და მშვიდობაა, სიუხვე და სიმწარეა".

პლატონი თავის მოწაფეებს შეუცნობელ ზეცას აღუწერს, სადაც "ყოველივე ყველგანაა,


ყოველი საგანი - ყველა საგანია, მზე - ყველა ვარსკვლავით და ყოველი ვარსკვლავი
ყველა ვარსკვლავი და მზეა" ("ენეადები". V, 8, 4). XII საუკუნის სპარსი პოეტი ათარი
უმღერის ფრინველთა მძიმე მოგზაურობას, რომლებიც თავის ხელმწიფეს - სიმურგს
ეძებენ; ბევრი მათგანი ზღვაში იღუპება, მაგრამ ცოცხლად დარჩენილნი იგებენ, რომ
თავად არიან სიმურგი და რომ სიმურგია თითოეული მათგანი და ყველანი ერთად.
რიტორიკული შესაძლებლობანი მსგავსების პრინციპის გაფართოებული
განმარტებისა უსაზღვროდ ბევრია. ინდუსთადა ათარის პატივისმცემელი ემერსონის
ლექსის "ბრაჰმა" 16 სტრიქონიდან, ყველაზე დასამახსოვრებელი, რასაკვირველია,
ესაა: "When me they fly, I am the wings"9. ანალოგიურია, მაგრამ უფრო მოკრძალებული
სტეფან გეორგეს "Ich bin der Eine, und Biede".10 ("Derstern des Bundes"11). უოლტ
უიტმენმა კი განაახლა ეს ხერხი.

თუმცა მან ამ ფანდს იმიტომ კი არ მიმართა, რომ ღმერთი განესაზღვრა ან სიტყვათა


მსგავსება-განსხვავებით ეთამაშა, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი თავი - რაღაცნაირი
შმაგი სინაზით - ყველა ადამიანთან გაეიგივებინა. იგი ამბობდა ("Crossing Brooklin
Ferry"12):
მე თქვენ გვერდით ვარ - ჯიუტი, ხარბი, დაუცხრომელი, ჩემგან თავს ვერ დააღწევთ.
და აგრეთვე ("Song of Meself"):
მე ამას ვყლაპავ, გემოს ვატან, მომწონს,
რომ ეს შევისისხლხორცე -
მოწამეთა ქედმაღალი უდრტვინველობა.
ძველი დროის დედაკაცი,
რომელსაც კუდიანობას სდებენ ბრალად,
მშრალ ცეცხლზე იწვის, მისი შვილები კი
იქვე დგანან და უყურებენ.
დაქანცული მონა, ოფლად გაღვრილი,
ქანცგაწყვეტილი სირბილისაგან,
ტყრუშულ ღობეზე ეცემა,
რათა სული მოითქვას.
კრუნჩხვის ნემსები უჩხვლიტავენ ფეხებს
და კისერს, თოფის ტყვიები
სიკვდილს თესავენ.
ეს ხალხი მე ვარ, მათი გრძნობები ჩემი გრძნობებია.
ყოველივე ამას შეიგრძნობდა და ყოველივე ეს იყო უიტმენი; მაგრამ სინამდვილეში -
არა ყოველდღიურ უბრალო სიტუაციაში ან მითში, - იგი იყო ის, რაც ამ ორი
სტრიქონით განისაზღვრება ("Song of Meself"):
უოლტ უიტმენი, უოსმოსი, მანჰატანის შვილი, შმაგი, ბრგე, მგრძნობიარე, მსმელი,
მჭამელი, დამბადებელი.
იგი ისიც იყო, რადაც იქცევა მომავალში, ჩვენს წამიერ, წინასწარმეტყველებით
გამოწვეულ ნოსტალგიაში, წინასწარ რომ გვამცნო მისი გარდასახვა ("Full of life,
now"13):
ახლა მე, სიცოცხლით სავსე,
ხელშესახები და ხილული
ორმოცი წლის კაცი, ამ შტატების
ოთხმოცდამესამე წელს
შენ - ასი წლის შემდეგ - ჩვენი დროიდან
ასწლეულის ნებისმიერი რიცხვის შემდეგ,
შენ, ჯერ კიდევ არმოვლენილს
ამ ქვეყანაზე, გიგზავნი პწკარებს,
რომლებიც უკვე გეძებენ.
როცა ამას წაიკითხავ, მე -
ადრე ხილული, უხილავი ვიქნები.
ახლა უკვე შენ ხელშესახები, ხილული,
ჩემ ლექსთა მწვდომი - იწყებ ჩემ ძებნას,
და ვფიქრობ კიდეც, რა კარგი იქნებოდა,
შენ გვერდით რომ ვყოფილიყავი,
შენ ამხანაგად რომ ვქცეულიყავ.
(მეტისმეტად ნუ იქნები
დარწმუნებული, რომ შენ გვერდით არ ვარ.)
ან ("Song of Meself"):
მეგობარო, ეს არ არის წიგნი,
ხელი ახლა და კაცს შეეხები.
(ნუთუ ღამეა და მე და შენ
მარტოკა დავრჩით?)
ეს მე ვარ - შენ რომ გიჭირავს ხელში
და ვისაც შენ ხელით უპყრიხარ.
გადმოვალაჯე ამ წიგნიდან,
მოვედი შენთან
და სიკვდილმა ვერ დამაკავა. 14
უოლტ უიტმენი - ადამიანი, "ბრუკლინ იგლის" რედაქტორი ძირითად იდეებს
ემერსონის, ჰეგელისა და ვოლპის თხზულებებიდან იღებდა; უოლტ უიტმენს -
ლირიკულ გმირს კი ეს იდეები გამოჰქონდა თავისი დამოკიდებულებიდან ამერიკის
მიმართ, რასაც ახალი ორლეანის ალკოვების და ჯორჯიის შტატის პლანტაციების
წარმოსახული გამოცდილება ედო საფუძვლად. ცრუ მონაცემები თავისი არსით
შეიძლება ზუსტიც იყოს. კარგადაა ცნობილი, რომ ჰენრი I ინგლისელი თავისი ვაჟის
გარდაცვალების შემდეგ აღარ იღიმებოდა; აშკარად ცრუ ცნობები მთლიანობაში
შეიძლება მართალი იყოს, თუ მეფის დათრგუნვილობის ნიშანს წარმოადგენს.
ამბობენ, რომ 1914 წელს გერმანელებმა აწამეს და დაასახიჩრეს რამდენიმე ბელგიელი
მძევალი; ეს უდავოდ ცრუ ფაქტი მომგებიანად აზოგადებს ქვეყანაში შეჭრის
უსასრულო და პირქუშ საშინელებებს. უფრო მეტად მათ ეპატიებათ, ვინც სწავლებას
ცხოვრებისეულ გამოცდილებას უკავშირებს და არა კონკრეტულ ბიბლიოთეკასან
იდეათა კორპუსს.

1874 წელს ნიცშეს სიცილად არ ჰყოფნიდა პითაგორული თეზისი, რომელიც


ღაღადებს, რომ ისტორია ციკლებად მეორდება ("von Nitzen und Nacheil der Historie"15);
მაგრამ 1881 წელს სილვაპლანის ტყის ბილიკებზე სეირნობისას იგი ანაზდეულად
იმავე აზრს აყალიბებს. პლაგიატზე ლაპარაკი კი ფუჭი და ამაზრზენი
კრიმინალისტიკაა; როცა ნიცშეს ჰკითხეს ამის შესახებ, მან უპასუხა, რომ ყველაზე
მნიშვნელოვანი აზრის მიერ ჩვენში გამოწვეული გარდაქმნაა და არა ამ აზრის
პრიმიტიული დამკვიდრება. ერთია ღვთაებრივი მთლიანობის იდეის აბსტრაქტული
დაშვება და მეორე - ქარიშხალი, რომელიც უდაბნოდან რამდენიმე მწყემსს იტაცებს
და დღემდე რომ გრძელდება, იმ ბრძოლისაკენ უბიძგებს, რომლის საზღვრებიც
აკვიტანიასა და განგზე გადის. უიტმენმა თეორიის შექმნა კი არა, იდეალური
დემოკრატიისათვის ხორცის შესხმა დაისახა მიზნად.
ჰორაციუსის დროიდან, რომელმაც პლატონური თუ პითაგორული სახეებით
იწინასწარმეტყველა თავისი ზეციური მეტამორფოზა, პოეტის უკვდავების თემა
ლიტერატურაში კლასიკური იყო. ვინც ამას მიმართავდა, თუ ცდუნების ან
შურისძიების გამო არა, ამპარტავნობის გამო მაინც ირჯებოდა ("Not marble, not the
gilded monuments"16). უიტმენს კი ეს თემა იმიტომ შემოაქვს, რომ დაამყაროს პირადი
ურთიერთობა თავის ყოველ მომავალმკითხველთან. იგი საკუთარ მკითხველთან
აიგივებს თავს და სხვას, უიტმენს ("Salut au monde"17) ელაპარაკება:
"სთქვი, რა მოგესმის, ო, უოტ უიტმენ?"18
ამგვარად, იქცა იგი მარადიულ უიტმენად, ჩვენს მეგობრად, ათას რვაას რომელიღაც
წლის მხცოვან ამერიკელ პოეტად; და თან მის ლეგენდად, თითოეულ ჩვენგანად,
ბედნიერედა.
ეს უზარმაზარ, ლამის ზეადამიანურ ამოცანას წარმოადგენდა; მაგრამ არც გამარჯვება
იყო ნაკლები.

---------------
1. "წიგნი მოიცავს ყველაფერს" (ფრანგ.).
2. ბოლოს (ლათ.).
3. "ბალახის ფოთლები" (ინგლ.).
4. "სული, რომელმაც ეს სამყარო შექმნა" (ინგლ.).
5. "პომანოკიდლან გამგზავრებისას" (ინგლ.).
6. "მეტეორთა წლები" (ინგლ.).
7.

"შინ დაბრუნებისას" (ინგლ.).


8. "სიმღერა საკუთარ თავზე" (ინგლ.).
9. "როცა ჩემგან გარბიან, მე ფრთები ვარ" (ინგლ.).
10. "მე ერთი ვარ, მე ორივე ვარ" (გერმ.).
11. "კავშირის ვარსკვლავი" (გერმ.).
12. "ბრუკლინის ხიდზე გავლისას" (ინგლ.).
13. "სიცოცხლით სავსე" (ინგლ.).
14.

თარგმანი თ. ჩხენკელისა.
15. "ისტორიის სარგებლიანობისა და საზრიანობის შესეხებ" (გერმ.)
16. "არც მარმარილოს, არც ოქროს ძეგლები" (ინგლ.).
17. "მისალმება სამყაროსადმი" (ფრანგ.).
18. თარგმანი კ. გამსახურდიასი..
დრო

მთარგმნელი ცანკაშვილი თინათინ

ნიცშეს არ უყვარდა, როცა გვერდი-გვერდ აყენებდნენ გოეთესა და შილერის სახელებს.


ჩვენ დავძენთ, რომ ასეთივე უპატივცემულობაა სივრცისა და დროის გაერთიანება,
მით უმეტეს, რომ ჩვენ შეგვიძლია აბსტრაჰირება მხოლოდ სივრცისაგან და არა
დროისაგან.

დავუშვათ, რომ ხუთი გრძნობის ნაცვლად, ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი. დაე, იყოს ეს
სმენა. მაშინ გაქრება მხედველობითი სამყარო, ანუ გაქრებიან ცის თაღი,
ვარსკვლავები... რაკი დავკარგავთ შეხების გრძნობას, გაუჩინარდება არასწორი,
გლუვი, ხორკლიანი.

თუკი ჩვენ დავკარგავთ, ასევე, ყნოსვასა და გემოს, დაიკარგება ენასა და ცხვირში


ლოკაზილებული შეგრძნებანი. დარჩება მხოლოდ სმენა. მაშინ ჩვენ წინაშე
წარმოსდგება უსივრცო სამყარო. ინდივიდუალობათა სამყარო; ინდივიდუალობათა,
რომელთაც შეუძლიათ ერთიმეორესთან ურთიერთობა. შესაძლოა, ისინი არიან
ათასები, შესაძლოა - მილიონები და ისინი ერთმანეთთან ურთიერთობაში შედიან
სიტყვების საშუალებით (არაფერი არ უშლით მათ ხელს, გამოიგონონ ისეთივე
რთული ენა, როგორიც ჩვენია, ანუ ფრო რთულიც) და მუსიკის საშუალებით. ეს იქნება
სამყარო, რომელშიც არსებობენ მხოლოდ ცალკეული ცნობიერებანი და მუსიკა. აქვე
შევნიშნავთ, რომ, მართალია, მუსიკისათვის საჭიროა მუსიკალური ინსტრუმენტები,
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ გარეშე არ არსებობს მუსიკა.

ინსტრუმენტები აუცილებელია მხოლოდ მუსიკის შესრულებისათვის. გავიხსენოთ


რომელიმე პარტიტურა, ჩვენ შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ მისი ჟღერა
ინსტრუმენტების გარეშე, პიანინოს, ვიოლინოების, ფლეიტის გარეშე...

და ეს სამყარო, ინდივიდუალობებისა და მუსიკისაგან შემდგარი, ჩვენსაზე ღარიბი


როდია. როგორც შოპენჰაუერმა თქვა, მუსიკა არ წარმოადგენს სამყაროსათვის რაიმე
გარეშეს, თავად მუსიკაა სამყარო. ამ სამყაროში ჩვენ ყოველთვის გვექნება დრო,
რადგან დრო - ეს თანმიმდევრობაა. დაე, თითოეულმა ჩვენგანმა წარმოიდგინოს, რომ
იგი აღმოჩნდა ბნელ ოთახში. მაშინ გაუჩინარდება ხილული სამყარო, გაუჩინარდება
სხეული. ჩვენ ხომ ასე ხშირად არ ვგრძნობთ საკუთარ სხეულს! მაგალითად, ახლა,
მხოლოდ ახლა, მაგიდას რომ შევეხე ხელით, მე შევიგრძენი მაგიდა და ხელი.

მაგრამ რაღაც უნდა ხდებოდეს. რა? შესაძლოა, აღქმა, შეგრძნება ან, უბრალოდ,
მოგონება და წარმოდგენა. მაგრამ ყოველთვის რაღაც ხდება. მე მახსენდება ტენისონის
მშვენიერი სტრიქონი მისი ერთი ადრეული ლექსიდან:

"დრო, მოჩქრიალე შუაღამისას". როგორი პოეტური სახეა: მთელ სამყაროს სძინავს,


დროის უხმაურო მდინარე კი (ეს მეტაფორა გარდუვალია) ნაკადებად მიედინება
დედამიწაზე, მიწის ქვეშ, ვარსკვლავთაშორის სივრცეში.

ამგვარად, დრო წარმოადგენს არსისეულ პრობლემას. ამით იმის თქმა მინდა, რომ
დროისაგან ჩვენ არ შეგვიძლია აბსტრაჰირება, ჩვენი ცნობიერება ნიადაგ გადადის
ერთი მდგომარეობიდან მეორეში, და სორედ ესაა დრო: თანმიმდევრობა. ვგონებ, ანრი
ბერგსონმა თქვა, რომ წარმოადგენს მეტაფიზიკის მთავარ პრობლემას.

ეს პრობლემა რომ გაგვერკვია, ჩვენ გავარკვევდით ყველა გამოცანას, მაგრამ,


საბედნიეროდ, ჩვენ ეს არ გვემუქრება. ჩვენ მუდამ ამოხსნის წყურვიი გვექნება. ჩვენ
ყოველთვის შეგვეძლება, წმინდა ავგუსტინეს კვალდაკვალ ვთქვათ: "რა არის დრო?
სანამ არ უკითხავთ, მე ეს ვიცი, ხოლო როცა მეკითხებიან, ვიბნევი".

არ ვიცი, რამდენად წინ წავიწიეთ დროის პრობლემის გადაწყვეტა-გადაჭრის საქმეში


ოცი-ოცდაათი საუკუნის ფიქრის შემდეგ. მაგრამ ჩვენ ახლაც განვიცდით იმ ძველ
შეცბუნებას, ოდესღაც ჰერაკლიტე რომ მოიცვა. მე კვლავ და კვლავ ვუბრუნდები მის
გამონათქვამს: ვერავინ ვერ შევა ორჯერ ერთსა და იმავე მდინარეში. რატომ ვერავინ
ვერასოდეს ვერ შევა ერთსა და იმავე მდინარეში? ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მდინარის
წყალი მედინია. მეორეც - და ეს მეტაფიზიკურად გვეხება ჩვენ, რაღაც წმინდა
საზარლობის მაგვარს რომ აღვიძებს, - იმიტომ, რომ თავად ჩვენც მდინარის მსგავსნი
ვართ, ჩვენც ისეთივე მედინნი ვართ.

სწორედ ამაში მდგომარეობს დროის პრობლემა.


ეს მედინობის პრობლემაა: დრო მიდის. მე მახსენდება პუალოს მშვენიერი ლექსი:
დრო გადის იმ მომენტში, როდესაც რაღაც უკვე შორსაა ჩემგან. ჩემი აწმყო - ანუ ის, რაც
იყო ჩემი აწმყო, - უკვე წარსულად იქცა, მაგრამ წარმავალი დრო პირწმინდად არ
იკარგება. მაგალითად, ჩვენ ვსუბრობდით გასულ ხუთშაბათს. შეიძლება, ითქვას, რომ
ჩვენ ვიქეცით სხვებად; ერთი კვირის განმავლობაში ხომ უამრავი სხვადასხვა მოვლენა
გადაგვხდა თავს. მაგრამ ჩვენ მაინც იგივენი ვართ. მე ვიცი, რომ აქ გამოვდიოდი, რომ
ვცდილობდი, გადმომეცა საკუთარი შეხედულებანი, თქვენ კი, ალბათ, გახსოვთ,
როგორ მისმენდით გასულ კვირას.

ყოველ შემთხვევაში, ეს რჩება მეხსიერებაში. მეხსიერება ინდივიდუალურია. ჩვენ


მრავალწილად შევდგებით ჩვენი მეხსიერებისაგან.

ხოლო მეხსიერება მნიშვნელოვანწილად შედგება დავიწყებისაგან.

ამგვარად, ჩვენ დავაყენეთ დროის პრობლემა. შესაძლოა, ჩვენ ახლა ვერ გადავჭრათ ეს
პრობლემა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, შევადაროთ შემოთავაზებული გადაწყვეტანი. მათ
შორის ყველაზე ძველი ეკუთვნის პლატონს, რომლისგანაც იგი ისესხა პლოტინმა,
ხოლო შემდგომ - წმინდა ავგუსტინემაც. ეს იდეა ადამიანის ერთი ყველაზე
უმშვენიერეს გამონაგონთაგანია. მე მგონია, სწორედ ადამიანისა, მაგრამ თუკი თქვენ
რელიგიოზურნი ხართ, ალბათ, სხვაგვარად ფიქრობთ.

ეს მშვენიერი გამოგონებაა - მარადიულობა. რა არის მარადიულობა? მარადიულობა


ყველა ჩვენი "გუშინის" ჯამი არაა. მარადიულობა ეს ყველა ჩვენი "გუშინიაა", ყველა
გონიერი არსების ყველა "გუშინაა", მთელი წარსული, მთელი, ვინ უწყის, როდის
დაწყებული წარსული და აწმყო, წამი, რომელიც საკუთარ თავში გულისხმობს ყველა
ქალაქს, ყველა სამყაროს, პლანეტათაშორის სივრცეს. და ბოლოს, მომავალი, ჯერ
არქმნილი, მაგრამ ისიც დროში არსებული.

თეოლოგები მარადისობას წამად თვლიან, რომელშიც გასაოცრად გაერთიანებულია ეს


სხვადასხვა დროები. ვისარგებლოთ პლოტინის სიტყვებით, რომელმაც ღრმად შეიცნო
დროის პრობლემა. პლოტინი ამბობს: არსებობს სამი დრო, და სამივე აწმყოა. ერთი -
უშუალოდ აწმყოა, წამია, როცა ვლაპარაკობ, ანუ წამი, როცა მე ვლაპარაკობდი.

ეს წამი ხომ უკვე წარსულს ჩაბარდა. მეორეა წარსულის აწმყო, იგი მეხსიერებად
იწოდება. და მესამე - მომავლის აწმყო, ის, რაც წარმოუდგებათ ჩვენს იმედებსა და
შიშებს.

ახლა კი გადავიდეთ იმ ახსნაზე, რომელიც მოგვცა პლატონმა; იგი თვითნებური


მოეჩვენება კაცს, მაგრამ მე იმედი მაქვს, დაგანახვოთ, რომ ეს ასე არაა. პლატონი
ამბობდა, რომ დრო მარადისობის მედინი სახეა.

იგი იწყებს მარადისობიდან, მარადიული არსებიდან, რომელსაც სურვილი აქვს,


აირეკლოს სხვა არსებებში, მაგრამ მარადისობაში ეს შეუძლებელია. არეკვლა უნდა
მოხდეს თანმიმდევრობით, დრო ხდება მარადისობის მედინი სახე. როგორც დიდმა
ინგლისელმა მეტაფიზიკოსმა უილიამ ბლეიკმა თქვა, "დრო მარადისობის ნიჭია".

ჩვენ რომ მოგვნიჭებოდა მთელი ყოფიერება!.. ყოფიერება მეტია ქვეყანაზე, მეტია


სამყაროზე. ჩვენთვის რომ თუნდაც ერთხელ ეჩვენებინათ მთელი ყოფიერება, ჩვენ
გავისრისებოდით, მოვტყდებოდით, გავნადგურდებოდით. ჩვენ დავიღუპებოდით.
დრო მარადიულობის საბოძვარია. მარადიულობა ჩვენ ნებას გვთრავს, ვიცხოვროთ
თანმიმდევრობებში, ჩვენ გვაქვს დღეები და ღამეები, საათები და წუთები, ჩვენ გვაქვს
მეხსიერება, გვაქვს ამწუთისმიერი შეგრძნებები, და ბოლოს, ჩვენ გვაქვს მომავალი;
მომავალი, რომელსაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცნობთ, მაგრამ წინასწარ ვგრძნობთ ან
გვეშინია.

ეს ყოველივე ჩვენ მოცემული გვაქვს თანმიმდევრობაში, იმიტომ, რომ ჩვენ ვერ


გავუძლებდით სამყაროს ერთიანი ყოფიერების უზომო სიმძიმეს. ამგვარად, დრო
იქცევა ჩვენთვის მარადისობის ნიჭად.

მარადისობა ჩვენ ნებას გვთავს, ვიცხოვროთ თანმიმდევრობაში. შოპენჰაუერმა თქვა,


რომ ჩვენდა საბედნიეროდ, ჩვენი ცხოვრება იყოფა დღეებად და ღამეებად, ფხიზლობა
წყდება ძილით. ჩვენ ვდგებით დილით, გაგვყავს დღე, მერე კი ვიძინებთ. ძილი რომ
არ არსებულიყო, სიცოცხლე აუტანელი იქნებოდა. ჩვენ არ ვიქნებოდით ჩვენივე
სიამოვნებათა ბატონ-პატრონნი. ყოფიერების მთლიანობა ჩვენთვის გაუსაძლისია.
ამიტომ ყოველივე, რაც ჩვენ გვეძლევა, გვეძლევა თანდათანობით.

მსგავს იდეებს უკავშირდება სულთა გადასახლების კონცეფცია.


შესაძლოა, პანთეისტებს თუ დავუჯერებთ, ჩვენ განზავებულნი ვართ ყველა
მინერალში, ყველა მცენარეში, ყველა ცხოველში, ყველა ადამიანში. მაგრამ,
საბედნიეროდ, ჩვენ ეს არ ვიცით. საბედნიეროდ, ჩვენ გვწამს ინდივიდუალობა. და
ჩვენ რომ მოტყუებულნი არ ვყოფილიყავით, ეს მთლიანობა ჩვენ გავსრესდა.

გადავიდეთ წმინდა ავგუსტინეზე. ვფიქრობ, არავის შეუგრძნია დროის პრობლემა


მასავით ძლიერად. წმინდა ავგუსტინე ამბობს, რომ მის სულს სწყურია შეიცნოს, რა
არის დრო. იგი ევედრება ღმერთს, გასცეს ამ კითხვაზე პასუხი.

არა უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო, არამედ იმიტომ, რომ მას არ შეუძლია


სხვაგვარად ცხოვრება. ეს იქცა მისთვის არსისეულ კითხვად; იმად, რასაც
მოგვიანებით ბერგსონი მეტაფიზიკის ძირეულ პრობლემას უწოდებს. ყოველივე ამაზე
გზნებით ლაპარაკობს წმინდა ავგუსტინე.

ახლა, დროის შესახებ მსჯელობისას, გავიხსენოთ მაგალითი, რომელიც ძალზე


უბრალოდ შეიძლება მოგვეჩვენოს, - ძენონის ერთ პარადოქსთაგანი. ძენონი თავის
პარადოქსებს სივრცეს უსადაგებს, ჩვენ კი გამოვიყენოთ დროის მიმართ. ავიღოთ მათ
შორის ყველაზე უბრალო პარადოქსი, ანუ აპორია მოძრავის შესახებ. მოძრავი საგანი
იმყოფება მაგიდის ერთ წერტილში და უნდა მოხვდეს მეორეში. თავდაპირველად
მისთვის საჭიროა ნახევარი გზის დაფარვა, მაგრამ მანამდე - ნახევრის ნახევრის
გადაკვეთა, და უფრო ადრე - ნახევრის ნახევრის ნახევრისა, და ასე, უსასრულოდ.

ძენონის მიხედვით, მოძრავი საგანი არასოდეს გადაინაცვლებს მაგიდსი ერთი


კიდიდან მეორეზე. და ბოლოს, ჩვენ შეგვიძლია, მივმართოთ მაგალითს
გეომეტრიიდან. გეომეტრიაში მოიგონეს წერტილი. მიაჩნიათ, რომ წერტილს არა აქვს
არავითარი სიგრძე. თუკი ჩვენ ავიღებთ წერტილთა უსასრულო თანმიმდევრობას,
მაშინ ეს იქნება ხაზი. შემდგომ ავიღოთ ხაზთა უსაზღვრო რაოდენობა და მივიღებთ
სიბრტყეს. არ ვიცი, რამდენად მისაწვდომია ეს გაგებისთვის, თუკი წერტილს არა აქვ
სიგრძე, გაუგებარია, როგორ შეუძლია წერტილთა თუნდაც უსაზღვრო რიცხვის ჯამს
მოგვცეს გაბმული ხაზი.

ხაზზე საუბრისას, მე მხედველობაში არა მაქვს მიწის ამ წერტილის მთვარესთან


შემაერთებელი წრფე, მე ვფიქრობ, მაგალითად, ამ მაგიდის ხაზზე, რომელსაც ვეხები.
მასში ასევე წერტილთა უსასრულო რაოდენობაა. ყოველივე ამისთვის იყო
შამოთავაზებული განმარტება.

ბერტრან რასელი ამას ასე ხსნის: არსებობს ფინიტური სიმრავლე (რიცვთა


ნატურალური მწკრივი - 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, და ასე უსასრულობამდე).
განვიხილოთ ახლა სხვა თანმიმდევრობა, სიგრძით ორჯერ ნაკლები პირველზე. იგი
შედგება ლუწი რიცხვებისაგან. მაშინ 1 შეესაბამება 2-ს, 2 - 4-ს, 3 - 6-ს... ახლა ავიღოთ
კიდევ ერთი თანმიმდევრობა.

ავირჩიოთ ნებისმიერი რიცხვი, მაგ., 365. დაე, ახლა 1 შეესაბამებოდეს 365, 2 - 365-ს
კვადრატში, 3 - 365-ს კუბში... ჩვენ მივიღებთ რიცხვთა რამოდენიმე უსასრულო
თანმიმდევრობას. და აი, მსგავს ტრანსფინიტურ სიმარვლეებშ ნაწილები მთელზე
ნაკლები არაა. რამდენააც ჩვენთვის ცნობილია, ეს იდეები მიღებულ იქნა
მათემატიკოსთა მიერ, მაგრამ მე არ მესმის, როგორ შეიძლება დაუჯეროს მათ ჩვენმა
წარმოსახვამ.

ავიღოთ ეს წამი. რას ნიშნავს ეს წამი? ესაა წამი, რომელშიც არიან ცოტა წარსული და
ცოტა მომავალი. აწმყო თავისთავად მსგავსია გეომეტრიული ფინიტური წერტილისა.

აწმყო თავისთავად არ არსებობს. იგი არ წარმოადგენს ჩვენი ცნობიერების უშუალო


აღქმას. ამგვარად, ჩვენ გვაქვს აწმყო, რომელიც ნიადაგ ხან წარსულად იქცევა ხან -
მომავლად. არსებობს ორი შეხედულება დროზე. თანახმად ერთი მათგანისა,
რომელსაც, მე ვფიქრობ, ყველანი ვიზიარებთ, დრო მდინარეა, ჩვენკენ რომ მოედინება
თავისი მიუწვდომელი საწყისიდან. სხვაგვარად უყურებს დროს ინგლისელი
მეტაფიზიკოსი ჯეიმს ბრედლი. ბრედლი ამბობს, რომ ხდება სწორედ საპირისპირო
რამ, რომ დრო მოედინება მომავლიდან აწმყოსაკენ, ხოლო ის მომენტი, რომელშიც
მომავალი იქცევა წარსულად, არის კიდეც ის, რასაც ჩვენ აწმყოს ვეძახით.

ჩვენ შეგვიძლია, ავირჩიოთ ორი მეტაფორიდან ერთ-ერთი. ჩვენ შეგვიძლია,


მოვათავსოთ დროის მდინარის სათავე მომავალში ან წარსულში. ეს სულ ერთია.
ორივე შემთხვევაში მდინარე მედინი იქნება. მაგრამ როგორ გადავჭრათ დროის
წარმოშობის პრობლემა? პლატონმა მოგვცა ამგვარი პასუხი: დრო მარადისობაში
იღებს დასაბამს. თუმცაღა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარადისობა წინ უსწრებს დროს.
თუკი იტყვი, წინ უსწრებსო, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ მარადისობა შეეფარდება
დროს?! შეცდომაა, აგრეთვე, არისტოტელეს კვალობაზე ფიქრი იმის შესახებ, რომ
დრო მოძრაობის საზომია, იმიტომ რომ მოძრაობა ხორციელდება დროში და არ
შეუძლია მისი განმარტება.

წმინდა ავგუსტინემ ერთხელ მშვენივრად თქვა: "დროში კი არ შექმნა ღმერთმა ცა და


ქვეყანა, არამედ მათ მიუბოძა დრო". შესაქმის წიგნის პირველი სტრიქონები ეხება არა
მარტო სამყაროს შექმნას, არამედ როის დაწყებასაც.

ადრე დრო არ იყო. სამყარომ დაიწყო არსებობა, დაჯილდოებულმა დროით, და მას


შემდეგ მასში ყოველივე თანმიმდევრობით ხდება.

არ ვიცი, დაგვეხმარება თუ არა ტრანსფინიტურ სიმრავლეთა იდეა, რომელიც ეს-ესაა


განვმარტე. არ ვიცი, შეეჩვევა თუ არა ამ იდეას ჩემი წარმოსახვა, არ ვიცი, შეეჩვევა თუ
არა მათ თქვენი წარმოსახვა. სიმრავლეთა იდეას, რომელთა ნაწილებიც მთელის
ტოლნი იქნებოდნენ. ნატურალურ რიცხვთა თანმიმდევრობაზე ლაპარაკისას, ჩვენ
გვესმის, რომ ლუწ რიცხთვა რაოდენობა უდრის კენტ რიცხვთა რაოდენობას, და იგი
უსაზღვროა.

ჩვენ გვესმის, რომ 365-ის ხარისხთა რაოდენობა ტოლია ნატურალურ რიცხვთა


რაოდენობისა.

რატომაც არ უნდა გამოვიყენოთ ეს იდეა დროის ორი მომენტის მიმართ? რატომ არ


უნდა გამოვიყენოთ იგი 7 და 4 წუთის მიმართ, 7 და 5 წუთის მიმართ? ძნელი
დასაჯერებელია წამთა უსასრულო ტრანსფინიტური თანმიმდევრობა.

თუმცა ბერტრან რასელს სურს, რომ ჩვენ ეს სწორედ ასე წარმოვიდგინოთ.

ბიორჰემმა თქვა, რომ ძენონის პარადოქსები დაფუძნებულია დროის სივრცესთან


მსგავსებაზე; რომ სინამდვილეში არსებობს მხოლოდ ერთიანი სიცოცხლისეული
სწრაფვა-აღტკინება. ასე, მაგალითად, არ შეიძლება იმის თქმა, რომ იმ დროის
მანძილზე, აქილევსი მეტრს რომ გაირბენს, კუ გაირბენს დეციმეტრს, იმიტომ, რომ
ამგვარი მსჯელობისას აქილევსი ჯერ გარბის ფართო ნაბიჯებით, ხოლო მერე - კუს
ნაბიჯებით. ანუ ჩვენ ვიყენებთ დროისათვის სივრცისეულ საზომს. განვიხილოთ
დროის ხუთწუთიანი მონაკვეთი. ხუთი წუთი რომ გავიდეს, აუცილებელია, გავიდეს
ორ-ნახევარი წუთი, მისი ნახევარი, ხოლო ამისათვის უნდა გავიდეს ორ-ნახევრის
ნახევარიც. ეს ნახევარი რომ გავიდეს, უნდა გავიდეს ნახევრის ნახევარიც და ასე,
უსასრულოდ. ხუთი წუთი არასოდეს არ მთავრდება.

ამგვარად, ანალოგიური შედეგით გამოიყენება დროისათვის ძენონის აპორიები.

ავიღოთ ასევე ისრის მაგალითი. ძენონი ამბობდა, რომ ისარი ფრენისას ყოველ წამში
უძრავადაა. ე.ი. მოძრაობა შეუძლებელია: უძრაობათა ჯამს ხომ არ შეუძლია, მოვგცეს
მოძრაობა.

მაგრამ თუკი ჩვენ ჩავთვლით სივრცეს რეალურად არსებულად, მაშინ შეიძლება,


ბოლოს და ბოლოს, დავყოთ იგი წერტილებამდე, თუნდაც გაყოფის პროცესი
უსასრულო იყოს. თუკი დავუშვებთ, რომ დრო რეალურად არსებობს, მაშინ შეიძლება
მისი დაყოფა წამებად, წამების წამებად დასე შემდეგ.

თუკი სამყაროს ჩვენი წარმოდგენის ქმნილებად ჩავთვლიდით - ვირწმუნებდით, რომ


თითოეული ჩვენგანი თავის ოცნება-ზმანებაში ქმნის თავის სამყაროს, - ჩვენ
შეგვეძლო, დაგვეშვა, რომ ჩვენი აზროვნება მოძრაობს ერთი აზრიდან მეორისაკენ, და
ქვედაყოფანი, რომლის შესახებაც ზემოთ იყო ლაპარაკი, არ არსებობს. არის მხოლოდ
ის, რასაც ჩვენ შევიგრძნობთ, მხოლოდ ჩვენი ემოციები, ჩვენი წარმოსახვა. ეს
ქვედაყოფა ნამდივლი კი არა, წარმოსახულია.

მაგრამ არსებობს საზოგადოდ მიღებული სხვა თვალსაზრისიც, რომელც


მდგომარეობს დროის მთლიანობად წარმოდგენაში. იგი ნიუტონმა განამტკიცა თავისი
ავტორიტეტით, თუმცა ნიუტონამდე დიდი ხნით ადრე იყო მიღებული. როცა
ნიუტონი ლაპარაკობს მათემატიკურ დროზე - ერთადერთ დროზე, რომელიც
მიედინება სამყაროში, - მას მხედველობაში აქვს ის დრო, რომელიც ახლაც
ერთფეროვნად მიიზლაზნება სიცარიელეში, ვარსკვლავთაშორის სივრცეში. მაგრამ
ინგლისელმა მეტაფიზიკოსმა ბრედლიმ განაცხადა, რომ ჩვენ არა გვაქვს არავითარი
საფუძველი, რომ ამას ასე მივიჩნევდეთ.

შეიძლება დავუშვათ, რომ არსებობს სხვადასხვა დროითი თანმიმდევრობანი,


ერთიმეორეს რომ არ შესაბამება, - წერდა იგი. ავიღოთ ერთი მათგანი და აღვნიშნოთ: ა,
ბ, ც, დ, ე, ფ... მისი წევრები შეეფარდება ერთიმეორეს: ერთი მისდევს მეორეს, ერთი
მისდეს მეორეს სხვის წინ, ერთი მეორის თანადროულია. ჩვენ შეგვეძლო,
მოგვეფიქრებინა სხვა თანმიმდევრობაც: ალფა, ბეტა, გამა...
შეიძლება, მოვიფიქროთ ბევრი სხვა თანმიმდევრობანიც.

რატომ მივიჩნევთ დროს ერთადერთ თანმიმდევრობად? არ ვიცი, მისაწვდომია თუ


არა ჩვენი წარმოსახვისთვის იდეა, რომ არსებობს უამრავი დრო და რომ ეს დროითი
თანმიმდევრობანი არ შეესატყვისება ერთიმეორეს, თუმცა მათი წევრები,
რასაკვირველია, მიჰყვება ერთმანეთს, მიჰყვება სხვათა წინ და მიჰყვება
ერთდროულად. ეს სხვადასხვა თანმიმდევრობანია. ყოველ ჩვენგანს შეუძლია,
წარმოიდგინოს ეს. გავიხსენოთ, თუნდაც, ლაიბნიცი.

საქმე იმაშია, რომ თითოეული ჩვენგანის ცხოვრება სხვა არა არის რა, თუ არა
მოვლენათა თანმიმდევრობა და სხვა თანმიმდევრობანი შესაძლოა იყოს
პარალელურიდა ურთიერთგადამკვეთი. რატომ უნდა მივიღოთ ჩვენ ეს იდეა?
შესაძლოა, იგი ჭეშმარიტია, და მაშინ იგი გვიბოძებდა უფრო ფართო სამყაროს, უფრო
უჩვეულოს, ვიდრე იმას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. აზრი იმის შესახებ, რომ არ
არსებობს ერთიანი დრო, ვგონებ, აღქმული იყო თანამედროვე ფიზიკის მიერ, რაშიც მე
ვერ ვერკვევი და არ ვიცნობ. ესაა აზრი სხვადასხვა დროთა შესახებ.

რის საფუძელზე უნდა ვამტკიცოთ ჩვენ, ნიუტონის კვალობაზე, რომ არსებობს


მხოლოდ ერთი დრო?

ახლა დავუბრუნდთ მარადისობის თემას, მარადისობის იდეას, რომელსაც სურს,


რაღაც სახით გამოვლინდეს, და რომელიც ვლინდება დროში და სივრცეში.
მარადისობა არქეტიპთა სამყაროა. ასე, მაგალითად, მარადიულობაში არ არსებობს
კონკრეტული სამკუთხედები. იქ არსებობს მხოლოდ ერთი სამკუთხედი, რომელიც არ
იქნება არც ტოლგვერდა, არც ტოლფერდა, არც ნაირგვერდა. ეს სამკუთხედი
ერთდროულად სამივეა და არც ერთი მათგანი არ არის; ის, რომ ჩვენ არ ძალგვიძს ამ
სამკუთხედის წარმოდგენა, არაფერს არ ნიშნავს. იგი არსებობს.

ან, მაგალითად, თითოეული ჩვენგანი შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის არქეტიპის


რდოებით და მოკვდავ ასლად. აქ ჩვენ წინაშე დგება კიდევ ერთი პრობლემა: ყოველ
ადამიანს ჰყავს თავისი პლატონური არქეტიპი? ეს აბსოლუტი ცდილობს,
გამოავლინოს საკუთარი თავი, და ის ვლინდება დროში.

დრო მარადისობის ხატია.

მე ვფიქრობ, ეს დაგვეხმარებოდა იმის გაგებაში, რატომაა დრო თანმიმდევრული. დრო


თანმიმდევრულია იმიტომ, რომ მარადისობიდანგამოსული, მისკენვე ისწრაფვის
დასაბრუნებლად. ამგვარად, მომავლის იდეა დაკავშირებულია ჩვენს სურვილთან,
დავუბრუნდეთ საწყისს. ღმერთმა შექმნა ქვეყანა და მთელი ქვეყანა, მთელი შექმნილი
სამყარო ისწრაფვის, დაუბრუნდეს თავის მარადიულ წყაროს, რომელიც არსებობს არა
დროის შემდეგ ან დრომდე, არამედ მის საზღვრებს მიღმა. და ეს ვლინდება
სიცოცხლისეულ აღტკინებაში. ჩვენ გავიგეთ, აგრეთვე, რატომ მოძრაობს დრო ნიადაგ.
ზოგიერთები უარყოფენ აწმყოს.

ინდოელი მეტაფიზიკოსები ამტკიცებენ, რომ არ არსებობს წამი, როდესაც ნაყოფი


ვარდება.

ნაყოფი ეს-ესაა უნდა ჩამოვარდეს ან უკვე ძევს მიწაზე, მაგრამ არ არსებობს წამი,
როდესაც იგი უნდა ვარდებოდეს.

რა პარადოქსულია, რომ სამი დროიდან, რომლებადაც ჩვენ ვყოფთ დროს,


წარსულიდან, აწმყოდან და მომავლიდან, ყველაზე რთული, ყველაზე
მოუხელთებელი აწმყოაღმოჩნდა! აწმყო წერტილივით მოუხელთებელია. თუკი მას
ხანგრძლივობის გარეშე წარმოვიდგენთ, იგი ხომ არარსებული აღმოჩნდება. ჩვენ უნდა
წარმოვიდგინოთ აწმყო, რომელშიც იქნებოდა ცოტა წარსულიდა ცოტა მომავალი. ასე
შეიგრძნობა დროის სვლა. როცა მე ვლაპარაკობ დროის სვლის შესახებ, ვლაპარაკობ
იმაზე, რასაც ჩვენ ყველანი ვგრძნობთ. როცა მე ვლაპარაკობ აწმყო დროზე მაშინ
ვლაპარაკობ აბსტრაქტულ არსზე.

აწმყო არაა ჩვენი ცნობიერების უშუალო აღქმა.

ჩვენ ვგრძნობთ, რომ რდოში მივცურავთ, ანუ, შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რომ


ვმოძრაობთ მომავლიდან წარსულისაკენ ან წარსულიდან მომავლისაკენ. მაგრამ ჩვენ
მოცემული არ გვაქვს დროის შეჩერება, გოეთეს კვალობაზე რომ წამოვიძახოთ:
"შეჩერდი, წამო, შენ მშვენიერი ხარ!" აწმყო არ ჩერდება, შეუძლებელია წმინდა აწმყოს
წარმოდგენა. იგი არარა იქნებოდა. აწმყოში ყოველთვის არსებობს წარსულის
ნაწილაკიდა ნაწილაკი მომავლისა. როგორც ჩანს, ეს აუცილებელია დროისათვის.
ჩვენს ცხოვრებისეაულ გამოცდილებაში დრო ყოველთვის ჰერაკლიტეს დროის
მსგავსია. ჩვენ ნიადაგ ვიხსენებთ ამ ძველ შედარებას, თითქოს ამდენი საუკუნის
მანძილზე არაფერი შეცვლილაო, და კვლავინდებურად ვრჩებით ჰერაკლიტედ,
მდინარეში თავის ანარეკლს რომ უყურებს და ფიქრობს იმაზე, რომ მდინარე მდინარე
არაა, იმიტომ, რომ წყალი შეიცვალა, და თავადაც არაა ჰერაკლიტე, რადგანაც ისიც
შეიცვალა მას შემდეგ, რაც უკანასკნელად უმზერდა მდინარეს.

ამგვარად, ჩვენ მედინნიც ვართ და უცვლელნიც, ჩვენ ჩვენი არსით იდუმალნი ვართ.
რა იქნებოდა თითოეული ჩვენგანი მეხსიერების გარეშე? ჩვენი მეხსიერება მეტწილად
ნაყარნუყარისაგან შედგება, მაგრამ მასშია ადამიანის არსი. მაგალითად, ის რომ ვიყო,
ვინც ვარ, ჩემთვის აუცილებელი არაა, გავიხსენო, რომ ვცხოვრობდი პალერმოში,
ადროგაში, ჟენევაში, ესპანეთში, ამავე დროს, მე უნდა ვგრძნობდე, რომ მე ისეთი აღარა
ვარ, როგორიც ვიყავი იმ ადგილებში; რომ მე სხვად ვიქეცი. ესაა პრობლემა, რომელაც
ჩვენ ვერასოდეს გადავჭრით, - ცვალებადი იგივეობის პრობლემა. ეგებ საკმარისია,
თავად სიტყვა "ცვალება?" თუკი ვლაპარაკობთ რამის ცვალებაზე, ეს ხომ იმას არ
ნიშნავს, რომ იგი სხვით იყო შეცვლილი. როცა ჩვენ ვამბობთ, მცენარე იზრდებაო,
მხედველობაში არა გვაქვს, რომ მოცემული მცენარის ადგილას გაიზარდა სხვა
მცენარე, მასზე დიდი. ჩვენ გვინდა, ვთქვათ, რომ ეს მცენარე სხვად იქცევა.

ესაა ცვალებულში მუდმივობის იდეა.

წარმოდგენას მომავლის შესახებ უნდა დაემტკიცებინა პლატონის ძველი აზრი, რომ


დრო მარადიულობის მედინი სახეა. თუკი დრო მარადისობის სახეა, მაშინ მომავალი
უნდა იყოს სულის მოძრაობა მომავლისაკენ. მომავალი, თავის მხრივ, იქნება
მარადისობაში დაბრუნება. მაშინ ჩვენი ცხოვრება იქცევა ყოველდღიურ აგონიად.
როცა წმინდა პავლემ თქვა: "მე ვკვდები ყოველდღე", - ეს არ იყო პოეტური სახე.
ჭეშმარიტება იმაშია, რომ ყოველდღე ვკვდებით და ხელახლა ვიბადებით. ამიტომ,
დრო ჩვენ უფრო მეტად გვეხება, ვიდრე სხვა მეტაფიზიკური პრობლემები, - ისინი ხომ
აბსტრაქტულნი არიან! დროის პრობლემა უშუალოდ გვეხება ჩვენ, ყველას.

ვინ ვარ მე? ვინ არის თითოეული ჩვენგანი? ვინ ვართ ჩვენ? შესაძლოა, ჩვენ ოდესმე ეს
შევიცნოთ კიდეც. შესაძლოა - არა. ჯერჯერობით კი, როგორც თქვა წმინდა
ავგუსტინემ, - ჩემს სულს სწყურია ამის შეცნობა..

You might also like