You are on page 1of 2

ბრიუსელში მოღვაწე ფრანგი ესეისტი და მწერალი მარგერიტ იურსენარი ერთ-ერთ

ინტერვიუში ფემინიზმზე საუბრისას ამბობს, რომ საზოგადოება ქალს მხოლოდ ორი


კუთხიდან აღქივამს. ერთი მხრივ, ესაა ქალი, რომელიც კაცის პერსპექტივაშია და მეორე
მხრივ, ესაა ქალი, რომელიც უპირისპირდება კაცებს და თავს მათ ოპოზიციად ასაღებს.
ფრანგი მწერლის ეს მოსაზრება მისსავე მხატვრულ ნაწარმოებში მკაფიოდ გამოჩნდა,
რომელსაც „ქვრივი აფროდისია“ ჰქვია.

მოთხრობის სათაური ცხადყოფს, რომ მისი პროტაგონისტი დაქვრივებული ქალი


აფროდისიაა, თუმცა პატრიარქალური წყობილების კლანჭებს თხრობის დასაწყისშივე
ვაწყდებით. ტექსტი მისი საყვარლის ბიოგრაფიითა და თვისებების აღწერით იწყება, რასაც
მოგვიანებით მისი ფიქტიური ქმრის, მღვდლის ისტორიები ანაცვლებს. ერთი შეხედვით,
ინკიპიტში საქმე ტრადიციულ ტროპულ მეტყველების ნაწილებთან, მეტაფორასთან და
ალუზიასთან გვაქვს, თუმცა არ უნდა უგულებელვყოთ ენის პოლიტიკური თუ სოციალური
მხარე. იურსენარის ენობრივი პოზიცია იმის გამომხატველია, რომ ქალი თხრობაში ვერ
ემანსიპირდება. იგი ვერ ქმნის დამოუკიდებელ ენას, შესაბამისად, ის დეპერსონიზებულია
და, შეიძლება ითქვას, რომ მთელი მოთხრობის განმავლობაში მას მხოლოდ ორი
პერსპექტივიდან აღვქივამთ და ხედვის ეს ორივე პერსპექტივა კაცის თვალსაწიერს
ეკუთვნის.

აღნიშნული მოთხრობის კითხვისას ნებისმიერ ქართველ მკითხველს ილია ჭავჭავაძის


„ოთარაანთ ქვრივი“ გაახსენდება. გარდა საერთო ტრაგედიისა, აფროდისიასა და ოთარაანთ
ქვრივს ერთი რამ აქვთ საერთო და ეს მოთხრობების სათაურის სიმბოლო-სიგნიფიკატია.
ორივე ტექსტში მთავარი პერსონაჟების განსაზღვრებად ზედსართავი სახელი „ქვრივი“
გვხვდება, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ქალი, ქმრის გარდაცვალებისდა მიუხედავად, ჯერ
კიდევ მის საკუთრებად აღიქმება. უნდა ითქვას ისიც, რომ ილია ჭავჭავაძის ტექსტში ეს
უფრო მძაფრად აღიქმება, რადგან არა თუ სათაურში, არამედ მთელ მოთხრობაშაში
ერთხელაც კი არ არის ნახსენები, რა ჰქვია ქალს. მისი ქმრის სახელს კი მთხრობელი
გვაუწყებს, თუმცა მოქმედების დაწყების მომენტში თევდორე უკვე ოცი წლის მკვდარია და
არავითარ როლს არ თამაშობს ფაბულის განვითარებაში. მსგავსადაა აფროდისიას
თანასოფლელების მხრიდან აფროდისიას აღქმაც. ფინალურ სცენაში ბებერი ბასილი მას
„მღვდლის ქვრივოთი“ მიმართავს.

ნაწარმოების ფემინისტური წაკითხვისთვის ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ იურსენარი


მაქსიმალურად ცდილობს მხატვრული ტექსტის ტოპოსი პატრიარქალური ელემენტებით
დატვირთვოს, რაც იმაში გამოიხატება, რომ სოფელში საერთოდ ვერ ვხვდებით პირველ ან
მეორეხარისხოვან ქალ პერსონაჟებს, თუ არ ჩავთვლით პროტაგონისტს. ისინი ტექსტში
მხოლოდ წამიერად და უმნიშვნელოდ ჩნდებიან, რასაც ვერ ვიტყვით კაც პერსონაჟებზე.
მიუხედავად იმისა, რომ მათ სიცოცხლე დაასრულეს, ისინი მხატვრულ რეალობაში მუდმივ
და უძრავ სტრუქტურებად ჩნდებიან, რითაც სიკვდილის შემდეგ „მაოხრებელ გზირს“
ემსგავსებიან.

ფრანგი ფილოსოფოსი როლან ბარტი ნაშრომში „S/Z“ ინტერპრეტაციათა ბუნებრივ სიმრავლეზე


საუბრობს და ამბობს, რომ ის სრულიადაც არ ნიშნავს ტექსტის თავისუფალ გააზრებას. „აქ
საუბარია არა იმაზე, რომ ვაღიაროთ ესა თუ ის აზრი და დიდსულოვნად ვცნოთ, რომ
ყოველი მათგანი, გარკვეულწილად, ჭეშმარიტია, არამედ იმაზე, რომ ყოველგვარი
გულგრილობის გარეშე დავადასტუროთ სიმრავლის არსებობა“ - წერს ფილოსოფოსი და
ზღვარს ავლებს მეცნიერულ ინტერპრეტაციასა და ინტერპრეტაციათა სიმრავლეს შორის.
სწორედ ამ სიმრავლეთა არსებობის გამო, ჩემი აზრით, ტექსტის არასწორად წაკითხვის
საფრთხე საკმაოდ რეალურია, რაც წაკითხულის „საზოგადოება vs ინდივიდის“ ოპოზიციაზე
გააზრება და პრობლემატიზება მგონია. ცხადია, არ უნდა უარვყოთ, რომ ნაწარმოებში
სისტემისა და ინდივიდების აშკარა დაპირისპირებას ვხვდებით, თუმცა ეს არაა
ტრადიციული დაპირისპირება მასისა და ინდივიდისა. ჩვენ აქ ვხვდებით საზოგადოებას,
რომელიც პატრიარქალური სულისკვეთებითაა ფორმირებული. სწორედ მათი
პატრიარქალური ყოფიერება განსაზღვრავს საზოგადოების ცნობიერებას. სწორედ ეს
მჩაგვრელი სტრუქტურა აიძულებს ქალს ადიულტერს, ჩუმად ყოფნას, საყვარლის მოჭრილი
თავის მოპარვას, დამალვას, სიკვდილს და ასე შემდეგ. ამ მხრივ, აღსანიშნავია მწერლის
მხრიდან იმის მცდელობაც, რომ ტექსტში კონსერვატიული ღირებულებებით გამსჭვალული
ტრადიციონალისტური სისტემა შეიქმანს. მოქმედება პერიფერიაში ვითარდება, სადაც
მკვლელობა მკვლელობად არ აღიქმება, იქ ისევ პირველყოფილური შურისძიების კანონები
მოქმედებს, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ცივილიზაციისგან შორს ვიმყოფებით. ამასთან
ერთად კი, ქალის გადაწყვეტილებების გამართლებას უფრო აკნინებს ის ფაქტი ,რომ მთავარი
პერსონაჟის ფიქტიური მეუღლე სასულიერო პირია.

წერილის ძირითად ნაწილში დიურსენარის ინტერვიუდან ციტატის მხოლოდ პირველი


თეორია გავიაზრეთ, თუმცა არანაკლებ საინტერესოა ქალის, როგორც კაცის ოპოზიციის
გამოვლინება მოთხრობაში. აფროდისია უპირისპირდება ტრადიციულ ღირებულებათა
სისტემას, არ აღიარებს გლეხი კაცების გადაწყვეტილებას, უპირისპირდება ბებერ ბასილს და
არ უარყოფს თავის სიყვარულს, სწორედ ამის შემდეგ იწყება აფროდისიას ერთგვარი ოდისეა,
რომელიც არც თუ ისე სასიკეთოდ მთავრდება. რომ შევაჯამოთ, ფემინისტურ თეორიაში
არსებობს გამოთქმა, რომლის მიხედვითაც ფემინიზმი დაუსრულებელი რევოლუციაა.
სწორედ ეს „სიფიზეს მითისეული“ პროცესი ერთადერთ გზას ტოვებს ალტერნატივად, რაც
იურსენარმა საფინალი ეპიზოდით გვაჩვენა. აფროდისია გარბის ბილიკზე, რომელიც ქალის
რთული ცხოვრებისეული გზის მეტაფორად შეიძლება აღვიქვათ, რადგან რაც უფრო წინ
მიიწევს, ფერდობი უფრო მეტად დამრეცი, ბილიკი ქვა-ღორღლიანი, ბილიკზე დაყრილი
ქვები კი უფრო და უფრო სისხლიანი ხდება. „უცებ ქვა გამოეცალა ფეხქვეშ და ჩავარდა
უფსკრულში, თითქოს გზა უჩვენაო“ - წერს დიურსენარი, ეს გზის ჩვენება კი მხოლოდ და
მხოლოდ იმის მიმანიშნებელია, რომ ბუნება ამ ყველაფრიდან თავის დასაღწევად ერთადერთ
და ყველაზე სასტიკ გზას - სიკვდილს ტოვებს, რაც უფრო ტრაგიკულს ხდის ტექსტს და
მკითხველსაც უფრი უადვილებს კათარზისს.

You might also like