You are on page 1of 5

ცოცხლად დამწვარი

სუადი

2013-12-13

1
სუადი

2
სუადი
მარი ტერეზ-კუნისთან ერთად

(ნამდვილი ამბავი)

ფრანგულიდან თარგმნა ეკატერინე სუმბათაშვილმა

გამომცემლობა პალიტრა L
2012

ცხოვრება – ქალების კალმით


„... და ქალის“ ბიბლიოთეკა

მთავარი
რედაქტორი მაია ალუდაური
რედაქტორი ხათუნა ნონიაშვილი
კორექტორები: ეკა გუნთაიშვილი, ნატა ენუქიძე
გარეკანის დიზაინი რატი თორდია
კომპიუტერული უზრუნველყოფა ლევან ლაცაბიძე

Originally published as BRÛLÉE VIVE by SOUAD


in collaboration with Marie-Thérèse Cuny
© OH! ÉDITIONS, 2003. All rights reserved.

© გამომცემლობა პალიტრა L, 2012


მის.: იოსებიძის ქ. №49
E-mail: book@palitra.ge; ტელ.: 238-38-71

ყველა უფლება დაცულია

მსოფლიოში პირველად, „ღირსების დანაშაულის“ მსხვერპლის


მონათხრობი
სუადი ჩვიდმეტი წლისაა და შეყვარებულია. მის სოფელში, ისე როგორც ბევრ სხვა
ქვეყანაში, ქორწინებამდელი სიყვარული სიკვდილის ტოლფასია. „ღირსებაშელახული“
ოჯახი სიძეს განაჩენის აღსრულებას ავალებს.

ყველას თვალში ეს კაცი გმირია. ასეთია ის ადათი, რომელსაც „ღირსების


დანაშაული“ ეწოდება. სინამდვილეში, სუადის სიძე ლაჩარი მკვლელია. მთელ
მსოფლიოში ყოველწლიურად ხუთი ათასი ამგვარი დანაშაული აღირიცხება. კიდევ
მრავალი შემთხვევის შესახებ ვერავინ ვერასოდეს ვერაფერს იგებს.

საზარლად დამწვარი სუადი სასწაულებრივად გადარჩა. მან გადაწყვიტა იმ ქალების


სახელით ილაპარაკოს, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მისი მიზანია
მსოფლიომ გაიგოს ამ ბარბაროსული ადათის შესახებ. სუადი საკუთარ სიცოცხლეს
რისკავს, რადგან ოჯახის „ღირსება“ ხელშეუხებელია.

„ცოცხლად დამწვარი“ მხოლოდ ამაღელვებელი ნამდვილი ამბავი არ არის, ის


მოწოდებაცაა. ამ წიგნის მიზანია, ერთხელ და სამუდამოდ დაირღვეს ტაბუდადებული

3
დუმილი კაცების მიერ დადგენილი კანონის მსხვერპლად ქცეული ქალების სიკვდილის
თაობაზე.

ფრანგულ პრესაში „ცოცხლად დამწვარი“ ასე შეაფასეს: „მოწმის ამაღელვებელი


ჩვენება“, „სასწაულებრივად გადარჩენილის მონათხრობი“, „საომარი ყიჟინა“,
„მისი სიცოცხლე სასწაულია“, „საშინელებაგამოვლილი სუადი მოგვითხრობს“.

სხეულზე ცეცხლი მომედო


გოგონა ვარ. გოგონამ კი ჩქარა და თავდახრილმა უნდა იაროს, თითქოს საკუთარ
ნაბიჯებს ითვლის. მან თავი არ უნდა ასწიოს, თვალები აქეთ-იქით არ უნდა აცეცოს,
რადგან თუ მისი მზერა კაცისას შეხვდა, მთელი სოფელი „შარმუტას“, ანუ მეძავს,
დაუძახებს.

გოგონაზე „შარმუტას“ იტყვიან მაშინაც, თუ სოფლის ორღობეში გათხოვილმა


მეზობელმა, მოხუცმა ქალმა ან ვინმე გამვლელმა მარტო, დედის, უფროსი დის,
ცხვრების, ბღუჯა ბალახის ან ლეღვით სავსე კალათის გარეშე დაინახა.

მას მხოლოდ გათხოვების შემდეგ აქვს უფლება, რომ თავაწეულმა იაროს, მოვაჭრის
დუქანში შევიდეს, წარბები ამოიქნას და სამკაული ატაროს.

თუ დედაჩემივით თხუთმეტი წლისა არ გათხოვდი, სოფლის დასაცინი გახდები. მაგრამ


გათხოვების დროს ოჯახში რიგს იცავენ: ჯერ ასაკით უფროს დას აბინავებენ, შემდეგ
მის მომდევნოს და ასე.

მამაჩემის ოჯახში გოგონები მეტისმეტად ბევრნი ვართ: ოთხი გასათხოვარი. ორიც


ნახევარდა გვყავს მამაჩემის მეორე ქორწინებიდან. ისინი ჯერ პატარები არიან.
ოჯახში ერთადერთი ბიჭი ჩვენი ძმა ასადია, რომელსაც ყველა აღმერთებს. ის
გოგონების დაბადებას შორის მოევლინა ქვეყანას და ბავშვებში მეოთხეა. მე
მესამე ვარ.

მამაჩემი, ადნანი, დედაჩემზე, ლეილაზე ბრაზობს, ამდენი გოგონა რომ გაუჩინა.


კმაყოფილი არც მეორე ცოლით, აიშათია, რომელთანაც ორი ქალიშვილი შეეძინა.

ნურა, ჩემი უფროსი და, გვიან გათხოვდა, მეც კი უკვე თხუთმეტის უნდა
ვყოფილიყავი. მომდევნო დას, კაინატს, მთხოვნელი არ გამოუჩნდა. გავიგე, ერთი
კაცი მამაჩემს ჩემ შესახებ რომ ესაუბრა, მაგრამ სანამ კაინატი არ გათხოვდება,
ქორწინებაზე არც კი უნდა ვიფიქრო. შეიძლება კაინატი არც ისე ლამაზია ან
ნელა მუშაობს... არ ვიცი, რატომ არავინ თხოულობს, მაგრამ თუ შინაბერა დარჩა,
სოფელი მასხრად აიგდებს მასაც და მეც.

რაც თავი მახსოვს, არც თამაში ვიცი რა არის და არც გართობა. ჩემს სოფელში
გოგოდ დაბადება წყევლაა. მხოლოდ გათხოვებაა თავისუფლება. სამუდამოდ ტოვებ
მამის სახლს და თუნდაც მეუღლე გცემდეს, იქ აღარასოდეს ბრუნდები. თუ გათხოვილი
ქალი მამის ოჯახში დაბრუნდა, მას სახელს უტეხს; ქმრის ოჯახის გარეთ დახმარების
თხოვნის უფლება არა აქვს, ხოლო მშობლების ვალია, ის მეუღლესთან დააბრუნონ.

როცა ჩემს დას ქმარმა სცემა, ნურა ჩვენთან საჩივლელად მოვიდა და ამით ოჯახს
შეურაცხყოფა მიაყენა. თუმცა, მას ბედმა გაუღიმა, ქმარი ჰყავს. მე ხომ ამაზე

4
ვოცნებობ.

მას შემდეგ რაც გავიგე, რომ ერთი კაცი მამაჩემს ჩემი გათხოვების შესახებ
ესაუბრა, მოსვენება დავკარგე, ცნობისმოყვარეობა მკლავს.

ვიცი, რომ ჩვენთან სულ ახლოს ერთი ბიჭი ცხოვრობს. მას ხანდახან მაშინ მოვკრავ
თვალს, როდესაც ტერასაზე სარეცხს ვფენ. ის მანქანით დადის, კოსტიუმს იცვამს,
ხელში ყოველთვის პატარა პორტფელი უჭირავს – ქალაქში უნდა მუშაობდეს და კარგი
სამსახური ჰქონდეს, რადგან მუშასავით კი არა, ყოველთვის უზადოდ აცვია. ძალიან
მინდა მისი სახე უფრო ახლოს ვნახო, მაგრამ ოჯახის მეშინია, დამინახავენ, რომ
ვუთვალთვალებ. ავადმყოფი ცხვრისთვის საჭირო ბალახის მოსატანად აჩქარებით
მივაბიჯებ, თან იმედი მაქვს, ახლოდან თვალის შევლებას შევძლებ. მაგრამ ის
ძალზე შორს აჩერებს მანქანას.

რამდენჯერმე დავაკვირდი და უკვე ვიცი, დილით დაახლოებით რომელ საათზე გადის


სახლიდან. ამიტომ მანქანით ჩავლილს სულ ერთი წამით თვალი რომ მოვკრა, შვიდ
საათზე უკვე ტერასაზე ვარ ხოლმე, ხან სარეცხს ვხსნი, ხან მწიფე ლეღვს ვეძებ,
ხან ხალიჩას ვფერთხავ. ყველაფერი სწრაფად უნდა გავაკეთო, ვინმე რამეს რომ არ
მიხვდეს.

კიბეზე ავალ, ოთახებს გავივლი და უკვე ტერასაზე ვარ; ხალიჩას ენერგიულად


ვფერთხავ და თან ცემენტის კედლის იქით, ოდნავ მარჯვნივ ვიყურები. შორიდან
ვინმემ თვალი რომ მომკრას, ვერც მიხვდება, ქუჩას რომ ვუცქერი.

ზოგჯერ მის შესათვალიერებლად საკმარისი დრო მაქვს. ეს კაცი და მისი მანქანა


მიყვარს! ტერასაზე მყოფი ათას რამეს წარმოვიდგენ: მისი ცოლი ვარ და გავცქერი,
როგორ ეფარება თვალს მანქანა, მაგრამ ის საღამოს, მზის ჩასვლისას დაბრუნდება.
შინ მოსულს ფეხსაცმელს გავხდი და დაჩოქილი ფეხებს დავბან, როგორც ამას
დედაჩემი აკეთებს. ჩაის მოვუმზადებ და ვუყურებ, სახლის ზღურბლთან მეფესავით
მოკალათებული, როგორ ეწევა დიდ ჩიბუხს, და ვიქნები ქალი, რომელსაც ქმარი
ჰყავს!

შემეძლება პარფიუმერიის გამოყენება, სახლიდან მარტო გასვლა და სავაჭრო


დუქანში მისვლა, ქმართან ერთად მანქანაში ჩაჯდომა და ქალაქში წასვლაც კი.
სახლის ზღურბლზე გადაბიჯებისა და პურის საყიდლად მარტო წასვლის უფლების
მოსაპოვებლად, ანუ სულ მცირე თავისუფლების საფასურად, ყველაფერს ავიტან!
ამიტომ არასოდეს გავხდები „შარმუტა“ – სხვა მამაკაცებს არასოდეს შევხედავ;
გავაგრძელებ სწრაფად, თავაუღებლად, მაგრამ ნაბიჯების დაუთვლელად სიარულს და
სოფელი ჩემზე ცუდს ვერაფერს იტყვის – იმიტომ, რომ უნდა გავთხოვდე.

ამ ტერასიდან დაიწყო ჩემი საზარელი ამბავი. ასაკით უკვე იმაზე დიდი ვიყავი,
ვიდრე ჩემი უფროსი და იყო, როცა გათხოვდა. იმედს უიმედობა ცვლიდა.

უკვე თვრამეტის ვიქნებოდი. შესაძლოა მეტისაც, არ ვიცი.

ჩემი მეხსიერება კვამლთან ერთად გაუჩინარდა იმ დღეს, როდესაც სხეულზე ცეცხლი


მომედო.

You might also like