You are on page 1of 13

“მექანიკური ფორთოხალი”

ენტონი ბერჯესი სახელგანთქმული ინგლისელი მწერალი, პოეტი, სცენარისტი,


კომპოზიტორი, ლინგვისტი, მთარგმნელი და კრიტიკოსია, თუმცა ფართო
საზოგადოებისათვის, პირველ რიგში, ის როგორც რომანის „მექანიკური ფორთოხალი“
ავტორია ცნობილი.
„მექანიკური ფორთოხალი“ 1962 წელს დაიბეჭდა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ
გამოქვეყნების შემდეგ ის არ სარგებლობდა პოპულარობით და ცუდად იყიდებოდა.
წიგნმა წარმატება მხოლოდ ათი წლის თავზე მოიპოვა, როდესაც ეკრანზე რომანის
მიხედვით გადაღებული სტენლი კუბრიკის ფილმი გამოვიდა. 2005 წელს კი ჟურნალმა
„ტაიმი“ ენტონი ბერჯესის „მექანიკური ფორთოხალი“ მეოცე საუკუნის ას საუკეთესო
ინგლისურენოვან რომანთა სიაში შეიტანა. ამავდროულად, ბერჯესი სინანულს
გამოთქვამდა იმის გამო, რომ მას მხოლოდ როგორც „მექანიკური ფორთოხლის“
ავტორად მოიხსენიებდნენ. მისი აზრით, ეს წიგნი სულაც არ იყო ღირებული
ნამუშევარი.
რომანის გამოქვეყნებას ორაზროვანი გამოხმაურება მოჰყვა. კრიტიკოსების ერთი
ნაწილი აღფრთოვანებული იყო „მექანიკური ფორთოხლის“ განსხვავებული ენით,
მეორე ნაწილი კი ბერჯესს ინგლისური ენის დამახინჯებაში სდებდა ბრალს. წიგნში
აღწერილი ძალადობა საზოგადოებისთვის ერთხმად მიუღებელი აღმოჩნდა. შიშობდნენ,
რომ „მექანიკურ ფორთოხალს“ დამღუპველი ზეგავლენა ექნებოდა ახალგაზრდებზე და
რომანი არასრულწლოვნებში დანაშაულის დონეს გაზრდიდა. ამის გამო, წიგნის
გამოცემა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში აიკრძალა. ბერჯესისთვის სულაც არ იყო
სასიამოვნო ძალადობრივი სცენების აღწერა. მან იცოდა, რომ კრიმინალის წახალისებაში
დასდებდნენ ბრალს, მაგრამ მისი აზრით, მწერლის მთავარი დანიშნულება რეალობის
აღწერა და სიმართლის თქმაა: „ლიტერატორებს ყოველთვის მიიჩნევდნენ ბოროტების
გამომგონებლებლად, მაგრამ მათი ჭეშმარიტი ვალი, სხვა დანარჩენთან ერთად ისიცაა,
რომ დაგვანახონ ის, რაც არსებობდა დიდი ხნით ადრე, ვიდრე ისინი ხელში კალამს
აიღებდნენ ან ნაწარმოების წერას შეუდგებოდნენ. თუ მწერალი ჭეშმარიტებას არ
ამბობს, უმჯობესია, საერთოდ არაფერი დაწეროს“ (ბერჯესი 2013, 241).
„მექანიკური ფორთოხლის“ წერისას ბერჯესი ცხოვრებისეული
გამოცდილებითაც ხელმძღვანელობდა. 1959 წ. მალაიზიიდან და ბრუნეიდან
დაბრუნებისას მას ინგლისი ძალზე შეცვლილი დახვდა. განსაკუთრებით თვალშისაცემი
ახალგაზრდების ქცევა აღმოჩნდა, რომლებსაც პოპმუსიკა, ნარკოტიკები და ძალადობა
იზიდავდა. წიგნის შექმნა ასევე ბერჯესის პირველ ცოლზე თავდასხმით იყო
შთაგონებული, როდესაც ის ამერიკელმა ჯარისკაცებმა გაძარცვეს.
ახალგაზრდებში ძალადობრივი ქმედებების გაზრდის გამო, 1950-იან წლებში
მოზარდ კრიმინალებთან ეფექტურად გამკლავების ხერხებსა და საშუალებებზე ცხარე
დისკუსია გაიმართა. აშკარა იყო ასევე, რომ კრიმინალების ციხეში გაგზავნა პრობლემას
ვერ გადაჭრიდა. სწორედ ამ დროს ამერიკელი ფსიქოლოგის ბ.ფ სკინერის (1904-1990)
მოსაზრებები გავრცელდა, რომლებიც რუსი მეცნიერის ივანე პავლოვის (1849-1936)
იდეებს ეყრდნობოდა. პავლოვი ექსპერიმენტებს ძაღლებზე ატარებდა, რომლებსაც
ბრძანების შესრულების შემთხვევაში საკვებით უმასპინძლდებოდა. მისი ცდების
საფუძველზე, სკინერმა დაწერა შრომები, რომლებშიც, ძაღლების მსგავსად, ადამიანების
პოზიტიური წახალისებით გარდაქმნას აღწერდა. მისი აზრით, სკოლების დიდ
შეცდომას მოსწავლის ცუდი საქციელის გამო დასჯა წარმოადგენდა, რადგან ამ გზით ის
უხეშობასა და ბოროტების ჩადენას ვერ გადაეჩვეოდა. იმისათვის, რომ ადამიანმა
გააკეთოს ის, რაც გვსურს საჭიროა პოზიტიური წახალისება, რომელიც ბევრად
ეფექტურია ვიდრე დასჯა. ერთის მხრივ, ზეგავლენას ახდენს ადამიანის განზრახვებზე,
მოტივებსა და სურვილებზე, ფაქტიურად, ზღუდავს მის თავისუფალ ნებას და უბიძგებს
იმოქმედოს ჩვენი სურვილების შესაბამისად, მაგრამ მეორეს მხრივ, ადამიანი თავს მაინც
დამოუკიდებლად და ბედნიერად გრძნობს (სკინერი 2011: 181-183). ბერჯესისათვის ეს
იდეა სრულიად მიუღებელი იყო. ის მიიჩნევს, რომ ბიჰევიორისტული სწავლება
ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას და სკინერი ბევრად საშიში იყო, ვიდრე „დიდი ძმა“
ორუელის რომანიდან „1984“ (ბერჯესი 2011: 161).
პავლოვისა და სკინერის იდეების საფუძველზე დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ
საბჭოთა კავშირში წამოწყებული კვლევა გააგრძელა, რის შედეგადაც მათ სრულყვეს
ტვინის გამორეცხვის მეთოდი. აშშ-ში 1954 წლიდან ჯარისკაცებს სპეციალურ
ტრენინგებსაც უტარებდნენ, სადაც ასწავლიდნენ, როგორ გაეძლოთ ტვინის
გამორეცხვის მცდელობისთვის. ასევე, ბერჯესი მოწმე გახდა ჰომოსექსუალების
ესპერიმენტში მოხალისედ მონაწილეობისა, როდესაც მათი „ნორმალურ ადამიანად“
გარდაქმნა უნდა მომხდარიყო. ჰომოსექსუალებს ეკრანზე შიშველ ბიჭებსა და გოგონებს
აყურებინებდნენ, ამავე დროს ელექტრო შოკსა და მასაჟს მიმართავდნენ. მსგავსი
ექსპერიმენტებისადმი თავისი დამოკიდებულება ბერჯესმა გამოთქვა „ფროსტის
შოუზე“1, როდესაც მას უთხრეს, რომ კარგი იქნებოდა ჰიტლერს ისეთი თერაპია
გაევლო, რაც მას ბოროტების ჩადენის საშუალებას აღარ მისცემდა. საპასუხოდ ბერჯესმა
აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, ჰიტლერი ადამიანი იყო და თუ ჩვენ მას ტვინს

1
The Frost Show

2
გამოვურეცხავდით, მაშინ ყველა ადამიანს, ვისი ქცევაც არ მოგვეწონებოდა მსგავსი
მეთოდით უნდა გავმკლავებოდით (რაულინსონი 2011: 162).
მეორეს მხრივ, რომანი „მექანიკური ფორთოხალი“ განიხილება როგორც საბჭოთა
კავშირის და კომუნიზმის კრიტიკა. მაგრამ, რომანი არ შემოიფარგლება მხოლოდ ასეთი
ვიწრო შედარებით, ნაწარმოები ზოგადად იმ საზოგადოების წინააღმდეგ არის
მიმართული, რომელიც უმრავლესობის საკეთილდღეოდ ინდივიდის მსხვერპლად
შეწირავას ირჩევს. ბერჯესი მიგვანიშნებს, რომ მთავრობის ნდობა არ შეიძლება, რადგან
იგი ყოველთვის შეეცდება მოსახლეობის კონტროლს. ადამიანები კრიტიკულად უნდა
იყვნენ განწყობილი მმართველი ძალის მიმართ, რათა ისინიც მთავრობის
ზემოქმედებით ალექსის მსგავს უსულო არსებებად არ გადაიქცნენ. წიგნს დღემდე არ
დაუკარგავს აქტუალურობა მასში განხილული თემების გამო: ნების თავისუფლება,
ინდივიდისა და საზოგადოების ურთიერთობა, კრიმინალების დასჯის მეთოდები.
წერილში „რომანი დღეს“ (The Novel Now) ბერჯესი აღნიშნავს, რომ მეოცე
საუკუნის მწერლები გათავისუფლდნენ ჰერბერტ უელსის მეცნიერული
სოციალისტური უტოპიის ზეგავლენისგან, რომლის მიხედვითაც მეცნიერებას
კაცობრიობისა და სამყაროსათვის განვითარება და კეთილდღეობა მოაქვს. ჰერბერტ
უელსის მეცნიერული უტოპიის ადგილი დისტოპიურმა მხატვრულმა ნაწარმოებებმა
დაიკავა. ბერჯესს განსაკუთრებით ოლდოს ჰაქსლის „საოცარი ახალი სამყარო“
იტაცებდა. რომანი უპირისპირდება იმ აზრს, რომ მეცნიერების განვითარება
საზოგადოების ბედნიერებას მოასწავებს.
უტოპია სასურველ მომავალს წარმოგვიდგენს, რომელსაც საფუძველი აწმყოში
უნდა ჩაეყაროს. უტოპიურ ნაწარმოებში წარმოსახული ბედნიერი სამყარო, რომელშიც
დეტალურად არის აღწერილი ადამიანების სრულყოფილი ცხოვრება სამსახურსა და
სახლში, საზოგადოებრივ, პირადულ თუ პოლიტიკურ ურთიერთობებში მკითხველში
სურვილს ბადებს, რომ არსებული მმართველობის ნაკლოვანი მხარეები გამოასწოროს
და იდეალური საზოგადოების ნაწილი გახდეს. უტოპიის მსგავსად დისტოპიაც
თანამედროვე საზოგადოებას აკრიტიკებს, თუმცა მას არასასურველ მომავალში
წარმოგვიდგენს. უტოპია გვიჩვენებს თუ როგორ განსხვავდება მასში აღწერილი
საზოგადოება თანამედროვე საზოგადოებისგან და მიგვანიშნებს პრობლემის გადაჭრის
იმ გზებზე, რისი საშუალებითაც აღწერილი საზოგადოება სრულყოფილი გახდა. მეორეს
მხრივ, დისტოპიაში აღწერილი მდგომარეობა ლოგიკური დაბოლოებაა იმ სამყაროსი,
რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.
მეოცე საუკუნეში მიმდინარე მოვლენები - მეორე მსოფლიო ომი, ჰიროსიმასა და
ნაგასაკში ატომური ბომბების ჩამოგდება, ადამიანების მასიური გადასახლებები
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ევროპის განადგურებული ეკონომიკა, ცივი

3
ომის დასაწყისი - ბუნებრივია, ადგილს არ ტოვებდა უტოპიისათვის. მეორეს მხრივ,
უტოპიური ოცნებების დამსხვრევა და დისტოპიის ჩასახვა ინდუსტრიულ
რევოლუციასთან არის დაკავშირებული, რომელიც ადამიანებს სტაბილურობას და
პროგრესს პირდებოდა, თუმცა საპირისპირო შედეგი მოჰყვა და ადამიანების მძიმე
პირობებში ჩავარდნა გამოიწვია. თანამედროვე მეცნიერულმა თუ ტექნოლოგიურმა
განვითარებებმა კიდევ უფრო დააჩქარა უტოპიური იდეალისადმი რწმენის გაქრობა და
დისტოპიური ხედვის წარმოშობა.
გარდა ამისა, დარვინის ნაშრომებმა და გამოქვეყნებულმა შრომამ ,,სახეობათა
წარმოშობა” ადამიანებს იმის რწმენა დაუკარგა, რომ ისინი ღვთიური არსებები იყვნენ.
მოგვიანებით, ფროიდის გამოკვლევებმა, რომლებიც ადამიანის მანამდე უცნობ
ფსიქიკურ და ფსიქოლოგიურ მიღწევებს ეხებოდა წინა პლანზე ადამიანის ცნობიერების
ბნელი მხარე წამოსწია.

რომანის „მექანიკური ფორთოხალი“ სტრუქტურულ-კომპოზიციური


თავისებურებანი

მკითხველისთვის ,,მექანიკური ფორთოხალი“ ინოვაციური წიგნი იყო და იგი


მცირე დაბნეულობას იწვევდა. რომანის სათაურიც კი ბუნდოვანი ჩანდა. ბერჯესმა
განმარტა, რომ წიგნის სახელწოდება მომდინარეობდა შემდეგი ფრაზიდან “as queer as a
clockwork orange”, რომელსაც ხანშიშესული ინგლისელები ხშირად იყენებდნენ ხოლმე.
ბერჯესი ხსნის, რომ ფორთოხალი აღნიშნავს სიცოცხლით სავსე ცხოვრებას მაშინ, როცა
მექანიკური კონტროლსა და დისციპლინაზე მიგვითითებს.
ენტონი ბერჯესის რომანი „მექანიკური ფორთოხალი“ შედგება 3 ძირითადი
ნაწილისაგან და 21 თავისაგან. ბერჯესი აღნიშნავდა, რომ ოცდაერთი თავის გამოყოფით
წიგნში ის ხაზს უსვამდა ალექსის ასაკს - ოცდაერთი წელი მწერლისათვის ადამიანის
სრულყოფილი სულიერი და ფიზიკური მომწიფების პერიოდია. ბოლო თავში
მკითხველისათვის აშკარა ხდება მთავარი პერსონაჟის ცვლილება - ის დაიღალა
ძალადობით, ფიქრობს ოჯახის შექმნაზე და მომავალ შვილებზე. ალექსი გადააფასებს
თავის ღირებულებებს, ივიწყებს წარსულს და მომავალზე ორიენტირებული ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ ბერჯესი ოცდამეერთე თავს უკავშირებდა პერსონაჟის
ზრდასრულობის ასაკს, წიგნის სტრუქტურა მრავალი განსჯის საგნად იქცა.
კრიტიკოსების დიდი ინტერესი გამოიწვია წიგნის ყოველ ნაწილში შვიდი თავის
გამოყოფამ და ისინი ალაპარაკდნენ რომანის სტრუქტურის სიმეტრიულობაზე.
მართლაც, შეუძლებელია რომანის ნაწილებისა და თავების პარალელიზმის

4
უგულვებელყოფა. მრავალი კრიტიკოსი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ „მექანიკური
ფორთოხლის“ სტრუქტურა მუსიკალური ნაწარმოების სიმეტრიულ წყობას იმეორებს.
ასეთი მოსაზრების საფუძველი ასევე შესაძლებელი იყოს ის ფაქტიც, რომ ბერჯესი
არამარტო მწერალი, არამედ კომპოზიტორიც იყო. მისი მრავალი რომანი, „მიწიერი
ძალები“(The Earthly Powers (1980), „პიანინოზე დამკვრელები“ (The Piano Players (1986),
„მოცარტი და ვოლფგანგი“ (Mozart and Wolfgang (1991) მუსიკით იყო შთაგონებული და
პროზაული ნაწარმოებისათვის უჩვეულო მუსიკალური სიმფონიის სტრუქტურის
შესაბამისადა დაწერილი.
ბეთჰოვენის „მეცხრე სიმფონიის“ ხშირ ხსენებას რომანში აუცილებლად უნდა
ჰქონდეს მნიშვნელოვანი მიზეზი. კრიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ენტონი ბერჯესმა
,,მექანიკური ფორთოხალი“ სწორედ ბეთჰოვენის „მეცხრე სიმფონიის“ სტრუქტურის
მიბაძვით დაწერა. „მეცხრე სიმფონია” რომანისგან განსხვავებით ოთხი ნაწილისგან
შედგება. სიმფონიის მეოთხე ნაწილი თემატურად და მუსიკალურად მკვეთრად
ემიჯნება დანარჩენ სამ ნაწილს და მას ხშირად როგორც „სიმფონიას სიმფონიაში“
მოიხსენიებენ. მართალია, რომანი „მექანიკური ფორთოხალი“ სამი ნაწილისგან შედგება,
მაგრამ მისი ბოლო თავი შინაარსობრივად სრულიად განსხვავდება წიგნის სამი
ნაწილისგან. ოცდამეერთე თავი თითქოს სულაც არ არის რომანის შემადგენელი
ნაწილი, რადგან მასში ალექსს ძირფესვიანად შეცვლილ, რომანის წინა სამ ნაწილში
წარმოდგენილი პერსონაჟისგან რადიკალურად განსხვავებულს ვხედავთ.
ამავდროულად, როგორც ბეთხოვენის „მეცხრე სიმფონიაში“ პირველი და მესამე ნაწილი
ჟღერადობით გავს ერთმანეტს, ასევე ბერჯესის რომანში შეიმჩნევა გარკვეული
პარალელიზმი პირველსა და მესამე ნაწილებს შორის, ხოლო მეორე წანილი, ისევ
სიმფონიის მსგავსად განსხვავებულია თავისი თემატიკით.
გარდა სტრუქტურული მსგავსებისა, ბეთხოვენის „მეცხრე სიმფონიას“ რომანში
სიმბოლური დატვირთვაც უნდა ჰქონდეს. შემთხვევითი არ არის, რომ რომანში გონების
მაკონტროლებელი ექსპერიმენტის ჩატარების აღწერისას ბერჯესი ბეთხოვენის მუსიკას
ააჟღერებს. მას სრულიად თავისუფლად შეეძლო რომელიმე სხვა მუსიკალური
ნაწარმოები გამოეყენებინა. ფაქტი ისაა, რომ „მეცხრე სიმფონია“ დასავლური
კულტურის საუკეთესო მონაპოვარის - პირადი თავისუფლების სიმბოლოს
წარმოადგენდეს. ის ფრიდრიხ შილერის, რომელიც ცნობილია როგორც
„თავისუფლების პოეტი“, „სიხარულის ოდით“ (“Ode to Joy”) მთავრდება. ოდა „მეცხრე
სიმფონიასთან” ერთად სრულდება და სიმფონიას განსაკუთრებულ ემოციურ ელფერს
ანიჭებს. ოდა უტოპიური ენითაა დაწერილი და მასში აღწერილია ადგილი, სადაც
ძმობა, სიყვარული, შემწყნარებლობა და სიხარული თანაარსებობენ. „მეცხრე

5
სიმფონიისა“ და „სიხარულის ოდის“ ერთმანეთთან დაკავშირება კიდევ ერთხელ
მიგვანიშნებს მათ თავისუფლებასთან სიმბოლურ პარალელზე.
„მეცხრე სიმფონიასა” და თავისუფლების იდეას შორის კავშირზე
განსაკუთრებით მეოცე საუკუნეში ალაპარაკდნენ. ბეთჰოვენის „მეცხრე სიმფონია”
სხვადასხვა პოლიტიკურ რეჟიმებსა თუ ტერორისტულ ორგანიზაციებთან წინააღმდეგ
ბრძოლაში, დაღუპულ ადამიანთა მოსაგონრად მიძღვნილ ღონისძიებებზე სრულდება.
„მეცხრე სიმფონია“ აქტიურად გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის
როგორც მხარდასაჭერად, ასევე საწინააღმდეგოდ. თომას მანისათვის ბეთჰოვენის
სიმფონია დიდხანს რჩებოდა ნაცისტების სიმბოლოდ, მაგრამ მოგვინებით ეს მუსიკა
ბერლინის კედლის დანგრევის დროსაც ისმოდა. ბეთჰოვენის „მეცხრე სიმფონია”
ხშირად სრულდება თერთმეტი სექტემბრის ტერაქტისადმი მიძღვნილი
დემონსტრაციების დროს. დღესდღეობით „მეცხრე სიმფონია” ევროკავშირის, ევროპის
საკონსულოს ჰიმნია და მას ასევე ხშირად აჟღერებენ „ნატოს“ სათაო ოფისში,
ბრიუსელში. ბეთჰოვენი სიმფონია უკვე მთელი ცივილიზაციის მშვიდობის და
ჰუმანურობის სიმბოლოდ გვევლინება.
რომანში ლუდოვიკოს ექსპერიმენტის დროს უკვდავი სიმფონიის გამოყენება
გვიჩვენებს დასავლური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობის,
პირადი თავისუფლების განადგურებას. როგორც მთელი ცივილიზებული
სამყაროსათვის, ასევე ბერჯესისთვისაც „მეცხრე სიმფონია“ უდავოდ თავისუფლების
სიმბოლოა. რომანის მთავარი იდეა ადამიანის თავისუფლების და თავისუფალი ნების
ხელშეუხებლობაა, რაც პირდაპირ კავშირშია ბეთხოვენის მუსიკასთან. სწორედ ამის
ჩვენება სურს ბერჯეს, როდესაც რომანის ქსოვილში შეჰყავს ბეთჰოვენის სიმფონია.
ასევე არსებობს მოსაზრება, რომ რომანის სტრუქტურა მჭიდროდ
დაკავშირებულია საოპერო არიასთან „და კაპო არია“ - Da Capo Aria. საოპერო არია
განსაკუთრებით პოპულარული მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში იყო, თუმცა
დღესაც, ოპერა არიის გარეშე რთული წარმოსადგენია. და კაპო არია სამი ნაწილისგან
შედგება: იგი იწყება A სექციით, რომელსაც მოჰყვება A ნაწილისგან განსხვავებული B
სექცია, არია სრულდება ისევ A ნაწილით, რომელიც მცირე ცვლილებებით თითქმის
სრული გამეორებაა არიის დასაწყისისა, თუმცა იყენებს განსხვავებულ ნოტებს, ცვლის
მელოდიას, ჟღერადობას, მაგრამ, ამავდროულად ძირითადი მუსიკალური ხაზიდან
ცდილობს არ გადაუხვიოს.
რომანს ,,მექანიკური ფორთოხალი“ ისეთივე სიმეტრიულობა ახასიათებს,
როგორც საოპერო არიას. და კაპო არიას მსგავსად „მექანიკური ფორთოხალი“ სამ
ნაწილად იყოფა, თითოეული მათგანი შვიდი თავისგან შედგება. „მექანიკური
ფორთოხლის“ პირველი და მესამე ნაწილი ერთმანეთის მსგავსია, თუმცა მესამე

6
ნაწილში ბერჯესს დამატებითი თემები შემოაქვს. აშკარაა, რომ „მექანიკური
ფორთოხლის“ პირველი ნაწილის დაღმავალი თავები თავიანთი შინაარსითა და
სტრუქტურით გავს მესამე ნაწილის აღმავალი თავების წყობას. უპირველეს ყოვლისა,
წიგნის პირველი და მესამე ნაწილი იწყება ერთი და იგივე შეკითხვით: “What’s it going to
be then, eh?”. ალექსი ამ კითხვას პირველ ნაწილში თავის მეგობრებს უსვამს, მესამე
ნაწილში კი საკუთარ თავს. მესამე ნაწილში ალექსი ხვდება ყველა იმ ადამიანს, ვინც
სასტიკად სცემა და დაამცირა პირველ ნაწილში, თუმცა როლები შეცვლილია. ბატონი
პროფესორი, რომელიც ალექსმა ერთ ბნელ ღამეს სასტიკად სცემა ქუჩაში, ალექსს ისევ
ხვდება ბიბლიოთეკაში, მაგრამ ალექსი კი არ ესხმის მას თავს, პირიქით ალექსი ხდება
მისი შურისძიების მსხვერპლი. მესამე თავში პოლიცია ალექსის დასახმარებლად მოდის
მაშინ, როცა პოლიცია ყოველთვის ალექსისა და მისი მეგობრების დაჭერას ცდილობდა.
რომანის პირველ ნაწილში ალექსმა ბნელო და ბილი ბოი სასტიკად სცემა, მესამე
ნაწილში კი პირიქით მათი მსხვერპლი თვითონ ალექსი ხდება. რაც ყველაზე
მნიშვნელოვანია, რომანის დასაწყისში ალექსი კლასიკური მუსიკის მოსმენის დროს
სიამოვნებით წარმოიდგენს თუ როგორ სცემს და აწამებს ხალხს, რომანის დასასრულს
კი მას მუსიკის მოსმენა იმდენად დიდ ტკივილს აყენებს, რომ ფანჯრიდან გადახტება
თავის მოსაკლავად. თუმცა, თავის მოკვლა ვერ მოახერხა, რადგან ბერჯესი ვერ
დაუშვებდა ადამიანი მუსიკის მსხვერპლი გამხდარიყო.
რომანის მეორე ნაწილი სრულიად განსხვავდება პირველი და მესამე ნაწილისგან.
„მექანიკური ფორთოხლის“ მეორე ნაწილი ალექსის ციხეში ცხოვრებას და ლუდოვიკოს
მეთოდის ექსპერიმენტს აღწერს. ეს ნაწილიც იგივე შეკითხვით იწყება “What’s it going to
be then, eh,” თუმცა ამ შემთხვევაში ამ შეკითხვას ციხის კაპრალი სვამს და არა ალექსი.
მეორე ნაწილში ალექსი თავის სახელსაც კი კარგავს, ის უბრალოდ ნომრით არის
მოხსენიებული ”665321.” მეორე ნაწილში ალექსი მოწყვეტილია თავის მეგობრებსა და
მსხვერპლს. თითოეული პერსონაჟი ახალია არა მარტო მკითხველისთვის, არამედ
ალექსისთვისაც.
საოპერო არიისა და სიმფონიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი
განმეორებაა. განმეორებას მუსიკაში მსმენელზე ძალიან დიდი გავლენის მოხდენა
შეუძლია, სწორედ ამიტომ ასე აქტიურადაა ის გამოყენებული რომანში. როდესაც
კომპოზიტორი მუსიკალურ ნაწარმოებში მელოდიურ ჰანგებს ხშირად იმეორებს,
მსმენელი არამარტო სიამოვნებით მობეზრების გარეშე უსმენს მას, არამედ ასევე
კარგად იმახსოვრებს. „მექანიკური ფორთოხალში“ შესაძლებელია შემდეგი
გამეორებების პოვნა:
“Prrrrzzzzrrrr, I could slooshy the clack clackclacky clack clackclackityclackclack typing,
grinning and going ererer and a right, right, right, razrez, razrez”, “brrrr, Joy Joy Joy”,

7
“brrrrzzzzrrrr”,“with his chain snaking whissssssshhhhhhh”,“a clowny great guff – Huh,
huh, huh, huh, huh”, “Still with the old Joy Joy JoyJoy Joy Joy”,“The door went
squeeeeeeeeeeeeak”, “Oh, it was gorgeosity and yumyumyum”.
ასეთი ხშირი გამეორების გამო, „მექანიკური ფორთოხლის“ ენა გამორჩეული და
მუსიკალური ხდება. ხმამაღლა კითხვის დროს, კი ისეთი შეგრძნება გვეუფლება
თითქოს მუსიკას ვუსმენდეთ. სპეციფიკური ენის ,,ნადცატს“ გამოყენება რომანის
პერსონაჟების ინდივიდუალურობასა და განსხვავებულობას უსვამსნ ხაზს. როგორც
წესი, სხვა დისტოპიურ რომანებში მთავრობა თვითონ ქმნის განსხვავებულ სახელმწიფო
ენას ადამიანების ფიქრებისა და გრძნობების გასაკონტროლებლად, „მექანიკურ
ფორთოხალში“ კი პერსონაჟები იგონებენ ენას თავიანთი გამორჩეულობის
აღსანიშნავად.
„მექანიკური ფორთხლის“ ერთ-ერთ სტრუქტურულ თავისებურებას მისი ორი
ფინალი წარმოადგენს. წიგნის ბრიტანული ვერსია ოპტიმისტურად სრულდება. ბოლო
თავში ალექსი ძალადობაზე თავისი ნებით ამბობს უარს. იგი სრულიად
მოულოდნელად საკუთარ თავში ადამიანურ გრძნობებს აღმოაჩენს. ალექსი ძალადობის
სურვილს კარგავს, როდესაც შემთხვევით დაჯგუფების ყოფილ წევრს მეუღლესთან
ერთად ნახავს. ბედნიერი წყვილის დანახვისას იგი გააცნობიერებს, რომ მას სხვების
მსგავსად ოჯახის შექმნა და ბავშვებზე ზრუნვა სურს, ის მომავალზეა ორიენტირებული.
წიგნის ამერიკელ გამომცემელს იმდენად სურდა ფინალის შეცვლა, რომ ბოლო თავი
შეკვეცა და აღარ გამოაქვეყნა. ამერიკულ ფინალში, რომელიც რეჟისორმა სტენლი
კუბრიკმა რომანის ეკრანიზაციის დროს გამოიყენა, ალექსი ბოროტმოქმედებას
უბრუნდება და ძალადობისგან ისევ სიამოვნებას ღებულობს. კუბრიკი ამტკიცებდა, რომ
რომანის ამერიკული ვერსიაც პოზიტიური ხასიათის იყო, რადგან მოაზროვნე
ფსიქოპატი ყოველთვის ბევრად უკეთესია „მექანიკურ ფორთოხლად“ ქცეულ
ხელოვნურად გაკეთილშობილებულ არსებაზე. ამრიგად, კუბრიკის თანახმად,
თავისუფალი ნება ადამიანურობის უმაღლესი გამოვლინებაა, რა სახითაც არ უნდა
ვლინდებოდეს ის.
ბერჯესს წიგნის ბრიტანული დასასრული უფრო ლოგიკურად ეჩვენებოდა,
ვიდრე ამერიკული ფინალი, რადგან მისი აზრით, ალექსის გამოსწორება და
კანონმორჩილ მოქალაქედ ქცევა გარდაუვალი იყო. ამერიკულ ფინალს ის მხოლოდ
კომერციული თვალსაზრისით დათანხმდა. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ბერჯესის
მტკიცებით ალექსის შინაგანი ცვლილება მოწიფულობის ასაკში გადასვლამ გამოიწვია.
ალექსი არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი იმ მოუმწიფებელ, მოძალადე
ახალგაზრდებს შორის, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად ნამდვილ სრულყოფილ
და გაწონასწორებულ მამაკაცებად ყალიბდებდებიან.

8
,,მექანიკური ფორთოხალში“ ბერჯესი ტოტალიტარიზმის საწყის ფაზას ხატავს,
ის გვიჩვენებს თუ როგორ სწავლობს მთავრობა მოსახლეობის კონტროლს. ამით რომანი
საგრძნობლად განსხვავდება დისტოპიური ჟანრის სხვა ნაწარმოებებისგან. მედიას ჯერ
კიდევ აქვს შესაძლებლობა ღიად გააშუქოს ალექსის ტრაგიკული ისტორია,
საზოგადოება თავის მხრივ ჯერ არ არის უგუნურ და უფორმო მასად ქცეული,
ადამიანებს ჯერ არ დაუკარგავთ გრძნობები - ალექსის მშობლები სინანულს
განიცდიან, როდესაც ციხიდან დაბრუნებულ პატიმარ შვილს სახლში
მისი ,,ჩამნაცვლებელი“ ხვდება.
რომანი „მექანიკურ ფორთოხალი“ არის წიგნი წიგნის შესახებ. რომანში მწერალი
ალექსანდერი, რომელსაც ალექსი და მისი დაჯგუფება დასაწყისში სასტიკად
უსწორდება, წიგნს წერს სახელწოდებით „მექანიკური ფორთოხალი“. ალექსანდერის
სახლში ყოფნისას ალექსი შემთხვევით აღმოაჩენს წიგნს და მისი სათაური სასაცილოდ
მოეჩვენება. ალექსი ალექსანდერის ქმნილების კითხვას იწყებს: „ყოველგვარი
მცდელობა, თავს მოვახვიოთ ადამიანს - არსებას მზარდსა და ღვთის ბაგეებზე
სიტკბოების შესაძლო მომტანს - თავს მოვახვიოთ-მეთქი კანონები და ის პირობები,
მექანიკური ქმნილებისათვის რომ უფროა შესაფერისი, ამის წინააღმდეგ მივმართავ მე
კალამს - ჩემს ერთადერთ მახვილს“ (ბერჯესი 2013, 55). მწერლის სიტყვების მეტაფორა
აშკარაა. ბერჯეს განზრახ შემოჰყავს წიგნში თავისი პროტოტიპი მწერალი, რომელიც
მის მსგავსად „მექანიკურ ფორთოხალს“ წერს. ალექსანდერი, ამ შემთხვევაში მწერლის
რუპორის როლს ასრულებს და რომანის მთავარ იდეას აჯამებს, რომლის მიხედვითაც
ადამიანზე ზეწოლა და მისი თავისუფალი ნების კონტროლი დაუშვებელია და, მეორეს
მხრივ, ეს მკითხველის გაფრთხილებაა - თანამედროვე საზოგადოებაში არავინ არის
ამისგან დაცული.

ალექსი როგორც დისტოპიური რომანის პერსონაჟი

კლასიკურ დისტოპიურ რომანებში პროტაგონისტი ინტერესდება არსებული


სოცილური და პოლიტიკური სისტემის არსით. იგი ხვდება, რომ საზოგადოება,
რომელშიც ის ცხოვრობს, არასწორ გზას ადგას და ცდილობს ყველას დაანახოს
დისტოპიური მთავრობის მანკიერი მხარეები. უსაფრთხოების მიზნით ის
იძულებულია სხვების მსგავსად მოიქცეს და ბრბოს უმნიშვნელო ნაწილად გამოჩნდეს,
თუმცა ბოლოს თავის ნამდვილ სახეს და მისწრაფებებს ავლენს.
დისტოპიური ნაწარმოებების პროტაგონისტები აცნობიერებენ, რომ მთავრობა
ადამიანებს ყველაფრის ცოდნის უფლებას არ აძლევს და შინაგანი თავისუფლების
მოპოვება სურთ. ბრბოსაგან მათ განასხვავებს მტკიცე გადაწყვეტილებების მიღების

9
უნარი, გამბედაობა, ცოდნისაკენ სწრაფვა და ძლიერი სურვილი, რომ სამყარო უკეთესი
გახადონ, თუნდაც ამისათვის კომფორტული ცხოვრების გაწირვა უწევთ. ისინი თავს
წირავენ არა პირადი ინტერესების გამო, არამედ მთელი კაცობრიობის გადასარჩენად.
მიზნისკენ სწრაფვის პროცესში მთავარი პროტოგონისტი შესაძლოა დაიღუპოს, მაგრამ
ყველაზე მნიშვნელოვანია დისტოპიური მთავრობის მიერ დამონებული
ადამიანებისთვის თვალის ახელა და მთავრობის ტოტალიტარული რეჟიმისგან
მოსახლეობის წარმატებულად გათავისუფლება.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე შესაძლოა ვთქვათ, რომ ალექს
დისტოპიური რომანის გმირებთან ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო. მის მიზანს,
ტოტალიტარული მთავრობის შეცვლა და საზოგადოების მდგომარეობის გაუმჯობესება
არ წარმოადგენს. ის ცხოვრებაში მხოლოდ სიამოვნებას ეძებს და არაფრის დიდებით არ
დათმობს თავის კომფორტულ არსებობას. პირიქით, იგი საზოგადოებას ყველა სხვა
წევრს დაუფიქრებლად გაწირავს, პირადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
დისტოპიური ნაწარმოებების პროტაგონისტების მსგავსად, ალექსიც არ არის
მარტო, ის ბოროტმოქმედთა დაჯგუფებას მეთაურობს, რომელიც ადამიანების
მთავრობის ტოტალიტარული რეჟიმისგან გათავისუფლებას კი არ ცდილობს, არამედ
საზოგადოებაში შიშსა და ბოროტების ნერგვას .
დისტოპიური პროტაგონისტების მსგავსად ალექსსაც უწევს თავის მოკატუნება,
რომ თითქოს ისიც საზოგადოების სხვა წევრების მსგავსია, თუმცა ასეთი თამაში თავისი
დანაშაულის შესანიღბად სჭირდება. დისტოპიური რომანის პროტაგონისტებისაგან
განსხვავებით ის მთავრობას უმალავს არა იმას, რომ მისი ბოროტებისა და დანაშაულის
შესახებ იცის, არამედ თავის კრიმინალურ ქმედებებს. ერთადერთი აშკარა მსგავსება
ალექსსა და დისტოპიურ პროტაგონისტებს შორის არის მთავრობის მიერ მათი
შევიწროვება. ალექსი ხელისუფლების დაგებულ ხაფანგში ებმება და მთავრობის
ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად, რომელიც თავდაპირველად უწყინარი და
უსაფრთხო ჩანს, პირად თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას კარგავს.
დისტოპიურ პროტაგონისტზე მეტად ალექსი ანტი-გმირს მოგვაგონებს. ძლიერი,
მამაცი და მშვენიერი ტრადიციული გმირისაგან განსხვავებით, ანტი-გმირი შესაძლოა
უხეში, მოუხერხებელი, სულელი, შეუხედავი და სასაცილოც კი იყოს. მიუხედავად
უარყოფითი თვისებებისა მკითხველი ხშირ შემთხვევაში თანაუგრძნობს ანტი-გმირს
და დადებითადაა მის მიმართ განწყობილი, რადგან იგი ჩვეულებრივი ადამიანის
მსგავსია.
ანტი-გმირის მხატვრულ ლიტერატურაში არსებობას ხანგრძლივი ისტორია აქვს.
პირველი ანტი-გმირები ძველ ბერძნულ დრამატურგიაში გვხდება და შემდგომში კი
მთელ მსოფლიო ლიტერატურაში ვრცელდება. ანტი-გმირ პროტაგონისტებს

10
მიეკუთვნება დონ კიხოტი მიგელ დე სერვანტესის ამავე სახელწოდების რომანიდან;
სატანა, ჯონ მილტონის პოემიდან „დაკარგული სამოთხე“; ტომ ჯონსი ჰენრი
ფილდინგის რომანიდან „ტომ ჯონს ნაპოვარას ისტორია“; ჰიტკლიფი, ემილი ბრონტეს
რომანიდან „ქარიშხლიანი უღელტეხილი“.
მეოცე საუკუნეში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ინგლისელი მწერლებისა და
დრამატურგების შემოქმედებაში ანტი-გმირების მთელი პლიადა გამოჩნდა. ამ
ლიტერატურულ მოძრაობას შემდეგ ,,გაჯავრებული ახალგაზრდების“ თაობა უწოდეს.
რადიკალურმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა და სოციალურმა უთანასწორობამ 50-60
წლების ბრიტანეთში საფუძველი ჩაუყარა ახალი ტიპის გმირის შექმნას ლიტერატურაში
და საერთოდ ხელოვნებაში, რომელიც უკმაყოფილებითა და იმედგაცრუებით იყო
განმსჭვალული და საკუთარ ინდივიდუალურობას საზოგადოებისადმი ნეგატიური
დამოკიდებულებით გამოხატავდა. ახალგაზრდა გაჯავრებული თაობისათვის
ბიუროკრატია, ძალაუფლება, ფული და კლასობრივი უთანასწორობა დიდ
დაბრკოლებად გადაიქცა. ჯონ ვეინის, კინგსლი ამისისა და ჯონ ოსბორნის
შემოქმედებაში სწორედ ასეთ გმირებს ვხვდებით.
ალექსთან პირველად შეხვედრის დროს უცნობ ადამიანს შთაბეჭდილება რჩება,
რომ იგი კეთილშობილი ახალგაზრდაა. სინამდვილეში ალექსი მოძალადე კრიმინალია,
რომელიც ძალადობაზე საუბრისას ხშირად იყენებს სიტყვას “lovely”, რაც ნიშნავს, რომ
ძალადობა მისთვის კარგი გასართობია და მას არაფრის და არავის მიმართ არ აქვს
პატივისცემა. თვით მისი სახელიც A-lex კანონგარეშეს ნიშნავს. სხვების თვალის
ასახვევად ალექსს კარგად მოქცევაც შეუძლია. მასთან პირველად შეხვედრის დროს
უცნობ ადამიანს შთაბეჭდილება რჩება, რომ იგი კეთილშობილი ახალგაზრდაა.
მიუხედევად ალექსის უარყოფითი თვისებებისა, მკითხველი მის მიმართ მაინც გრძნობს
სიმპატიას, რადგან უარყოფითი თვისებები მას ჩვეულებრივ ადამიანად აქცევს.
ალექსის ბოროტება სრულიად ადამიანური ბუნებითაა განპირობებული. ამის
დასამტკიცებლად ბერჯესს მოჰყავს მაგალითი მშვიდობიანი ადამიანებისა, რომლებიც
კონკრეტულ სიტუაციაში, გარკვეულ პირობებში, მაგალითად როგორიცაა ომი,
სასტიკად შეიძლება მოიქცნენ და აგრესია გამოიჩინონ უდანაშაულო ხალხის მიმართ.
ავტორს მკითხველის ყურადღება ალექსის მხოლოდ უარყოფით თვისებებზე არ
გადააქვს. ბერჯესი გვიხატავს ახალგაზრდას, რომელიც კლასიკური მუსიკითაა
გატაცებული. მოძალადე ალექსს შეუძლია კლასიკური მუსიკის აღქმა, რომელიც
წმინდა და სათუთ გრძნობებთან ასოცირდება. ბერჯესს შეეძლო ალექსი
მკითხველისთვის მხოლოდ შეუბრალებელი კრიმინალის როლში წარმოედგინა, მაგრამ
მისი მიზანია, ერთის მხრივ, გვიჩვენოს, რომ არსებობენ ბოროტმოქმედნი, რომლებიც
ალექსის მსგავსად შეიძლება ინტელექტუალები იყვნენ, გააჩნდეთ ესთეტიკური

11
გემოვნება და აქედან გამომდინარე უყვარდეთ მუსიკა და ბეთჰოვენის მოსმენა
სიამოვნებას ანიჭებდეთ.
მაგრამ, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მუსიკა ალექსისათვის ძალადობის
ერთერთ მთავარ წყაროდ იქცა. დანაშაულის უმრავლესობას ის კლასიკური მუსიკის
თანხლებით ჩადის. წიგნის პირველ ნაწილში ბეთჰოვენის „მეცხრე სიმფონიის“
მოსმენისას ალექსი ყოველთვის ძალადობაზე და მკვლელობაზე ფიქრობს. მისი აზრით,
კლასიკურ მუსიკას არ შეუძლია დადებითი ზეგავლენა მოახდინოს ახალგაზრდებზე.
იგი დასცინის იმ მოსაზრებას, რომ თითქოსდა კლასიკური მუსიკა კარგია ბავშვების
განვითარებისთვის და აბუჩად იგდებს სტატიას, რომელიც ერთხელ კლასიკურ
მუსიკასთან დაკავშირებით წაიკითხა: “Great Music, it said, and Great Poetry would like quiten
Modern Youth down to make Modern Youth more Civilized... Music always sort of sharpened me
up, O my brothers, and made me feel like old Bog himself“ (ბერჯესი 1986, 46).
წიგნის მეორე ნაწილში მუსიკა ალექს აუტანელი რეალობის დავიწყებაში
ეხმარება, ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებში იგი სწორედ მუსიკაში პოულობს ძალას.
ალექსი ციხის კაპლარს უმეგობრდება და ციხის სამლოცველოში წირვის დროს
შესასრულებელ მუსიკას თვითონ ირჩევს.
მესამე ნაწილში ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ალექსი ბედნიერია, რომ
სახლში ბრუნდება და მუსიკის მოსმენის შესაძლებლობა ექნება. სამწუხაროდ, ალექსზე
ლუდოვიკოს მეთოდის განხორციელების შემდეგ იგი არამარტო უვნებელი ხდება,
არამედ იმის უნარსაც კარგავს, რომ მუსიკის მოსმენით სიამოვნება მიიღოს. მუსიკა
შესისხლხორცებულია ალექსის თავისუფალ ნებასთან. მუსიკის გარეშე მის სიცოცხლეს
არანაირი აზრი არ აქვს.
ალექსი რადიკალურ ცვლილებას განიცდის, როდესაც იგი ლუდოვიკოს მეთოდის
ექსპერიმენტში მონაწილეობას დათანხმდება. იგი ძალადობის სურვილს კარგავს, მაგრამ
მნიშვნელოვანია, რომ ალექსის გამოსწორება მისი პირადი გადაწყვეტილება კი არ არის,
არამედ იგი გარე ძალის - მთავრობის ზემოქმედების შედეგია. ლუდოვიკოს მეთოდი
სწრაფია და ეფექტური, მაგრამ იგი ადამიანს მხოლოდ თავისუფალ ნებას ართმევს და არ
ითვალისწინებს დამნაშავის შინაგანი ბუნების გამოსწორებას. მისი მიზანი მხოლოდ
დამნაშავეთა რაოდენობის შემცირება და საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს
შექმნაა. ფაქტია, რომ ალექსის განკურნება ლუდოვიკოს მეთოდმა ვერ შეძლო, მას ისევ
უჩნდება ძალადობის სურვილი, მაგრამ ის უმოქმედოა და ბოროტების ჩადენა არ
შეუძლია. ლუდოვიკოს ტექნიკის განხორციელების შემდეგ ალექსი მექანიკურ
ფორთოხალს ემგვანება, რომლის შინაგანი სამყარო მექანიზმივით მუშაობს და
გრძნობების გამოხატვის უნარს მოკლებულია. თავისუფალი ნების დაბრუნების შემდეგ
ალექსი მექანიკური ფორთოხლის მდგომარეობიდან თავისუფლდება, თუმცა არ არის

12
გამორიცხული, რომ მთავრობამ ახალი ხერხი მოიგონოს მისი მსგავსი კრიმინალების და
არა მარტო კრიმინალების გასაკონტროლებლად. ბერჯესის აზრით, მისი მთავარი
მიზანი ალექსის შექმნისას თავისუფალი არჩევანის მნიშვნელობის წინ წამოწევა იყო:
„აიძულეთ ადამიანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ კეთილი და თქვენ მის სულს
მოკლავთ, თუნდაც ეს სოციალურ სტაბილურობაზე ზრუნვის მიზეზით ხდებოდეს“
(ბერჯესი 2013, 224). ბერჯესი მიიჩნევს, რომ ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს
სული თუ ის კეთილსა და ბოროტს შორის არჩევანს აკეთებს. მართალია, ალექსი
ბოროტმოქმედია, მაგრამ ეს მისი თავისუფალი არჩევანია. ალექსის ბოროტება
სრულიად ადამიანური ბუნებითაა განპირობებული. ამის გამო წიგნს ხშირად არასწორ
ინტერპრეტაციას უკეთებენ და ბერჯესს ძალადობის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ,
თუმცა სინამდვილეში ბერჯესი ადამიანის თავისუფალ ნებას სცემს პატივს. წიგნის
მიზანია არა ის, რომ დაიცვას ალექსი - ანტიგმირის ძალადობა, არამედ დაიცვას მისი
ინდივიდუალობა და თავისუფალი ნება. ადამიანს ღირებულად სწორად მისი ფიქრის
უნარი აქცევს. ალექსი ძალადობას თავისი ნებით ირჩევს და არ გავს იმ ადამიანებს,
რომლებიც მართალია არ არიან მოძალადე, მაგრამ ერთმანეთის მსგავსად რობოტებივით
იქცევიან და ბრბოს წარმოადგენენ.
,,ტვინის გამორეცხვის მეთოდით“ ალექსს ტოტალიტარული მთავრობა უფლებას
ართმევს, რომ გააკეთოს არჩევანი - სამუდამოდ მოძალადედ დარჩეს თუ
კანონმორჩილი მოქალაქე გახდეს. ალექსი ბოროტებას ჩადის, თუმცა ბევრად დიდი
ბოროტებაა მისთვის თავისუფალი ნების წართმევა.
ალექსი, როგორც „მექანიკური ფორთოხალის“ მთავარი პერსონაჟი არ არის
დისტოპიური რომანის თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის მებრძოლი ტიპიური
პროტაგონისტი. ალექსი თავისი უარყოფითი თვისებებით ანტი-გმირებს უფრო
უახლოვდება, მაგრამ ბერჯესმა ალექსის საშუალებით წარმოგვიდგინა დისტოპიური
რომანის მთავარი იდეა, რომლის თანახმადაც ადამიანის თავისუფალი ნება
ხელშეუხებელია. შესაბამისად, მიუხედავად განსხვავებებისა, ალექსი მაინც ინარჩუნებს
კავშირს დისტოპიური რომანის პროტაგონისტებთან.

13

You might also like