You are on page 1of 5

ქართული პანთეონი და „მაგაროკრატია“

დემოკრატია ლობიოობა რომ არაა, ეს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ერთმა „მაგარმა კაცმა“


გვასწავლა. ეს კაცი ნამდვილად ჩვენზე მაგარი იყო და დაგვცინოდა. მას დემოკრატიისა და
ლიბერალური ღირებულებების არაფერი გაეგებოდა, მაგრამ გვიყურებდა დაბნეულ ბრბოს და
დაგვცინოდა, რადგან ჰქონდა ძალა და გაქანება. მოკლედ, მაგარი ტიპი იყო.

ამ „მაგარ კაცს“ არ ჰქონდა სოციალური ღირებულებები, მას გული არ შესტკიოდა ჩვენზე,


დაბნეულ და მასავით უღირებულებო მასაზე, რომელსაც სისასტიკით მოგვერია და ზემოდან
დაასკუპდა, ამიტომ სახელისუფლებლო ტრიბუნებიდან უხვად გვასაჩუქრებდა წარმოუდგენელი
სისულელეებით. ჩვენც ვისმენდით და აღფრთოვანებულები ვიცინოდით. ეს იყო ჩვენი პურიც და
გართობაც. „რა მაგარი კაცია!“ - ამბობდა ბევრი. ცხადია, მაგარი იყო და მწერალთა და საზოგადო
მოღვაწეთა პანთეონშიც ასვენია დღემდე.

როდესაც ერთმა მიამიტმა კაცმა, ერთმა რეჟისორმა, პროტესტის ნიშნად მისი პანთეონიდან
გაბრძანება მოითხოვა, ჩვენმა საზოგადოებამ თქვა, რომ საფლავის შეურაცხყოფა დაუშვებელია
და რომ ამის მომთხოვნი ქრისტიანი არ ყოფილა. სხვა აზრი არავის გასჩენია და დისკუსია აქ
შეწყდა. არავის უცდია, უფრო ცივილიზებულად დაეყენებინათ საკითხი, ბანდიტი მართლაც
გადმოესვენებინათ „პანთეონიდან“ და სხვა ცოდვილთა შორის, ჩვეულებრივ სასაფლაოზე
დაეკრძალათ. ზოგი ამბობდა, ნიჭიერი მწერალიც ხომ იყოო (ეს მხოლოდ გაგონილი ჰქონდათ),
ზოგი ამბობდა, მოკვდა და რაღა მნიშვნელობა აქვსო. გულში კი ყველას ის ახსოვდა, რომ
„მაგარი კაცი“ იყო.

იმაზე ძალიან ცოტა დაფიქრდა, რომ პანთეონიც საზოგადოების სახეა. რად გვინდა „პანთეონი“,
თუ მას ფასს დავუკარგავთ? მაგრამ როგორც ჩანს, არაფერსაც არ ვუკარგავთ ფასს. ქართული
პანთეონის ფასი და სახე სწორედ ასეთი ყოფილა. აქ ყველას ადგილია - მათიც, ვინც სიცოცხლე
საზოგადოების კეთილდღეობისა და განვითარების სამსახურს შეალია და მათიც, ვინც
საზოგადოებას თავზე დააჯდა. აქ შეიძლება ერთად განისვენებდნენ ექვთიმე თაყაიშვილი,
სტალინის მშობელი კეკე, აკაკი ბაქრაძე და ჯაბა იოსელიანი (სხვადასხვა „პანთეონებია“, მაგრამ
რა მნიშვნელობა აქვს). ასეთია ქართული პანთეონი და ქართული საზოგადოებრივი მორალიც,
ქართული თანასწორობის იდეაც და ქართული დემოკრატიაც. ოლიმპზე „მაგრები“ ადიან -
სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც. როგორც ჩანს, რაში ხარ „მაგარი“, ამას ჩვენთვის
გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, „მაგარი“ იყო.

ერთი სიტყვით, „მაგაროკრატიაში“ ვცხოვრობთ. დღევანდელი პოლიტიკური ელიტაც ერთ „მაგარ“


მილიარდელს ჩამოჰკიდებია და, სამწუხაროდ, მიშას დროსაც „მიშა მაგარია“ უფრო
პოპულარული რეფრენი იყო, ვიდრე ის კონკრეტული რეფორმები, რაც ტარდებოდა. ჩვენ,
როგორც საზოგადოებას, არასოდეს გვიქცევია დევიზად კორუფციასთან ბრძოლა,
ინფრასტრუქტურის შენება, სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა, სერვისების გაუმჯობესება,
კრიმინალის შეზღუდვა, დამოუკიდებლობის განმტკიცება, ჯარის გაძლიერება, ეკონომიკის
ლეგალიზება და ა.შ. და ა.შ. ყველა ეს ინიციატივა მოდიოდა ერთი „მაგარი“ კაცისგან და მისივე
„მაგარი“ გუნდისგან, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის ეს ყველაფერი შემაწუხებელი
და ზედმეტი იყო, რადგან პასუხისმგებლობა ყველას მოეთხოვებოდა, ამაზე კი ჩვენი საზოგადოება
ჯერ არასოდეს ყოფილა თანახმა.

როცა ასპარეზზე ახალი „მაგარი ტიპი“ გამოჩნდა, საზოგადოებამ უმალ მისკენ გაიწია. რა
მნიშვნელობა აქვს, რაში იყო მაგარი ერთი ან მეორე? მთავარია, რომ პირველყოფილი რიტუალი
შესრულდა, დუელი შედგა და ახალი ბელადმა, ახალმა „მაგარმა ტიპმა“ გაიმარჯვა. გახსოვთ,
როგორ დამშვიდდა ხალხი 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ? მაშინ ახალ ბელადად
ვერავინ ივარგა და მასაც დაოკდა. ახლა კი ახალმა ბელადმა გაიმარჯვა და თავისი წესებიც
მოიტანა.

არ გაგვიმართლა, არ გამოდგა ეს ბელადი პროგრესული ტიპი. მატყუარაც გამოდგა, დაგვპირდა


და არაფერი გაგვიკეთა. თან ზარმაციც აღმოჩნდა. დაეზარა ყოველდღიური შრომა და სასახლეში
გამოიკეტა, შრომა კი მოსამსახურეებს დაავალა. ძალიან ბევრი სხვა ცუდი რამეც დაამკვიდრა,
მაგრამ ის ჯერ კიდევ „მაგარია“. ბევრი ფულიც აქვს და საზოგადოების, ჟურნალისტების,
პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის „მიჯირყვნაც“ კარგად გამოსდის. ვინ მოერევა მას?
ამიტომაც, არხეინად ზის ბროლის კოშკში და საკუთარ წესებს გვკარნახობს.

საზოგადოება მხოლოდ მაშინ შეტორტმანდება, როცა სხვა „მაგარი“ ტიპი გამოჩნდება. თუ


ვირწმუნეთ, რომ ის ძველ ბელადს მოერევა, ჩვენც გვერდში დავუდგებით, ახალ ბელადს
გულმხურვალედ შევძახებთ „გაუმარჯოს“ და ქუჩაშიც აგრესიულად გამოვიფინებით. ძალიან ცოტა
დაფიქრდება იმაზე, ვინ არის ეს ახალი „მაგარი ტიპი“. ძველს თუ მოერევა, საკმარის
კრიტერიუმად მივიჩნევთ, რომ ძველი გადავთელოთ, ახალი კი წმინდანად შევრაცხოთ. ისიც
დროებით, რასაკვირველია.

და რა მოხდება ამის შემდეგ? ცხადია, იგივე. მოვა ახალი „მაგარი ტიპი“, მოიტანს ახალ წესებს.
საზოგადოებას ძალიან გაუმართლებს, თუ ეს „მაგარი ტიპი“ იმავდროულად სწორი
ღირებულებების მატარებელიც გამოდგება. იქნებ, ისევ აშენდეს გზები, ისევ ფეხზე დადგეს
ეკონომიკა, ისევ ჩამოვიდნენ ტურისტები და წავიდნენ ქურდები. იქნებ, ისევ ამუშავდეს პოლიცია
და სამინისტროები, იქნებ, ისევ დავიბრუნოთ ღირსება და მოყვარეს მოყვარე ვუწოდოთ, მტერს
კი - მტერი...

თუმცა არა, ეს ბოლო პუნქტი ჩვენ ისევ არ მოგვეწონება. მტერი კი ბატონო, მაგრამ ჩვენ რა
შუაში ვართ? „მაგარი ტიპი“ ტყუილად ხომ არ დავსვით ტახტზე? მიხედოს თვითონ, თვითონ
იბრძოლოს და რაც უნდა, ის უქნია, ჩვენ ნუ გაგვრევს ოღონდ.

და კიდევ ერთი პირობა - ძალიანაც ნუ აუვარდება რა თავში! მაგარი რომაა, ისიც ეყოფა! ხომ
არის მაგარი? ხომ ვაღიარე, გვერდში დავუდექი და ტახტზე დავსვი? ჰოდა, ახლა მასვას და
მაჭამოს, ჩამაცვას და დამახუროს, მტრისგანაც თვითონ დამიცვას და, საერთოდ, დამასვენოს რა!
თორემ მისი შემცვლელიც გამოინახება. თუ ჭკუით არ იქნება, ჩავუსაფრდებით და სეირს
ვუჩვენებთ. ხომ არ ჰგონია ამ „მაგარს“, რომ დიდი ვინმეა, რადგან ქურდები მოგვაცილა და
ქვეყანას დაგვამსგავსა? ქურდი რა, ადამიანი არ არის? აი დარდი, თუნდაც სულ ნუ ვიქნებით
ქვეყანა. არსებობს ქართველობა, არსებობს მეობა და გაგება! მთავარი ესაა ჩვენთვის და არც
ისეა საქმე, რომ ვიღაცა თავზე დავისვათ, რაც არ უნდა „მაგარი“ იყოს. საქართველო
ქართველებისაა და ეს ყველას უნდა ახსოვდეს. საბოლოო ჯამში, ქართველები ყველაზე მაგრები
ვართ და რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ!

***

2003 წლის 22 ნოემბერი იყო. პარლამენტის წინ დიდი მიტინგი იყო გამართული და მეც იქ
ვიყავი რამდენიმე მეგობართან ერთად. ვიდექი და ვუსმენდი გამომსვლელებს, ტაშსაც ვუკრავდი
და მიხაროდა, რომ დიდი ცვლილების დრო მოვიდა. მაგრამ იყო რაღაც, რაც დისკომფორტს
მიქმნიდა და ნელ-ნელა გავაცნობიერე, რაშიც იყო საქმე:

მიტინგზე სჭარბობდა „გაუმარჯოს“ და „მი-შა, მი-შა“. კონკრეტიკა ცოტა იყო, თითქმის არ იყო.
ჰოდა, ეს არ მომეწონა. დიდი ძალისხმევით გავარღვიე მომიტინგეთა რიგები, ავედი ტრიბუნაზე
და ვასიკო მაღლაფერიძეს, რომელიც მიკროფონის დირექტორობა ჰქონდა დავალებული, სიტყვა
ვთხოვე.

ხალხს წყნარად მივმართე:

- ჩემო საყვარელო ხალხო, მიშას გაუმარჯოს, დიდი ლიდერია და ხელისუფლებაშიც მალე


მოვა. მაგრამ არ გინდათ რა, ეს „მი-შა, მი-შა“. დაგღუპავთ ეგ თქვენც და მიშასაც,
ქვეყანასაც დაღუპავს. ხელისუფლებაში ერთად უნდა მოვიდეთ, ჩვენია ეს ქვეყანა, ამიტომ
გასაკეთებელ საქმეებზე ვიფიქროთ და თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაზე. ეს
იქნება მიშას გამარჯვებაც და ჩვენი გამარჯვებაც, ოღონდ ეს „მი-შა, მი-შა“ არ გვინდა.

ახლაც იმავეს ვამბობ და კიდევ მრავალჯერ ვიტყვი, იმ მიტინგზე კი ტაში აქა-იქ გაისმა. რომ
ჩამოვედი, ერთმა მეგობარმა საყვედურიც კი მითხრა, ახალ ხელისუფლებას ასე ვერ
დაუახლოვდებიო. გამეცინა და გავჩუმდი. ქართულ მიტინგზე აზროვნების სივრცე არ არის, ეს
დამავიწყდა, თორემ ტრიბუნაზე რა ამიყვანდა.

ნუ მეტყვით თქვენც საყვედურს, გადახედეთ უახლოეს წარსულს და ნახავთ, რომ ასეა ეს საქმე.
არადა, არ გვჭირდება ჩვენ ბელადები, ჩვენ გვჭირდება ლიდერი და ლიდერები. მაგრამ ლიდერს
თუ არ მივყევით, მას ვაყენებთ არჩევანის წინაშე, რომ იყოს „მაგარი ტიპი“, ან - ჩამოგვშორდეს.
ჩვენ არც ერთი გვინდა და არც - მეორე. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება პროგრესული ლიდერი
და, თან, არაერთი. მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ საზოგადოებას ბუნებრივი ინტერესი ჰქონდეს
იმ საქმეების მიმართ, რისთვისაც ლიდერი იღწვის.
ამიტომ, ვიფიქროთ რაციონალურად, ვიფიქროთ კონკრეტულ ცვლილებებზე, ვიფიქროთ საკუთარ
პასუხისმგებლობაზე და ვიყოთ ლიდერები ყველგან და ყველა დონეზე, სადაც ხელი მიგვიწვდება.
ვასწავლოთ ერთმანეთს, ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ და ვიმოქმედოთ, ოღონდ საერთო საქმეზე
პირუთვნელად ვიმსჯელოთ, ერთმანეთის ზიზღისა და დაჩაგვრის სურვილის გარეშე და შედეგსაც
მივიღებთ. პროგრესული ლიდერები გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერით. ამაზე კარგს, როგორც
საზოგადოება, ვერაფერს ვიზამთ.

დაბოლოს, კარგი იქნება, ერთმანეთის მეტი პატივისცემა და დაფასება ვიცოდეთ. არ შეიძლება,


ყველას ვებრძოდეთ იმ ერთადერთი მოტივით, რომ ჩვენც ასეთივე მაგრები ვართ და სხვა „ვინ
მიგდია“. შე კაი ადამიანო, თუ კაცმა ქვეყანა აგიშენა, მაინც „ვინ გიგდია“? თუ ჯარი შექმნა,
ეკონომიკა შექმნა, სოფელს თუ სკოლა აუშენა, გზა გაუკვალა, დენი შეუყვანა, შენს შვილებს თუ
სითბო მისცა, ვიღაცამ თუ ღამე დაკარგული საქონელი სახლში მოგიყვანა, მაინც „ვინ მიგდია“?
აბა, რა უნდა ქნას ადამიანმა, რომ ჩვენს საზოგადოებაში პატივისცემა დაიმსახუროს? ნუთუ,
ერთჯერადი ტაშის გარდა არაფერი უნდა გვემეტებოდეს ერთმანეთისთვის? ნუთუ, მხოლოდ
ძალის უნდა გვეშინოდეს და „მაგარი ტიპების“ სამფლობელო უნდა იყოს ეს ქვეყანა? მაშინ, რატომ
გვაქვს ამბიცია, რომ ცივილიზებული ერი გვინდა ვიყოთ?

***

საქართველოში ბევრი „მაგარი ტიპია“.

„მაგარია“, მაგალითად, ივანიშვილი. მაგრამ ეს კაცი მაგარია ქურდების, ბანდიტების და


კორუმპირებული ჩინოვნიკების წრეში, იქაური წესებით ცხოვრობს, ასეთი „გაგება“ აქვს.
სახელმწიფოსა და საზოგადოების, დემოკრატიის, ლიბერალიზმის, პროგრესისა და განვითარების
ნამდვილად არაფერი გაეგება. მისი პროფესია მაქინაციები და ფულის შოვნაა. რა უნდა მას
პოლიტიკაში?

მიშაც მაგარია. მაგრამ ის მაგარია სახელმწიფოს მშენებლობაში, იდეებში, დიდი ხედვა აქვს, დიდი
ენერგია აქვს, პიარი იცის, მისი სამუშაო და პროფესია პოლიტიკაა.

წარმოიდგინეთ, ღარიბაშვილიც კი „მაგარია“. ის ისეთი მაგარი ერთგულია, რომ


მარგველაშვილსაც კი აჯობა - კაცს, რომელიც თითქმის სიცოცხლითაა დავალებული
ივანიშვილზე. ღარიბაშვილი „მაგარი“ ერთგულია, ძაღლივით ერთგული. სამაგიეროდ, სხვებთან
ისეთი მაგარი კაპასია, რომ მტრისას! მოკლედ, ისიც „მაგარია“.

მაგარია წულუკიანიც. მაგარი რეტროგრადია. თან - მაგარი შეუპოვარი რეტროგრადი.

კობახიძეც მაგარია. ნახეთ, რა მაგარია.

ჯაჭვლიანი რა, არ არის მაგარი? კურტანიძე? ვოლსკი? ვოლსკის ბლატაობა პირდაპირ ეთერში
ხომ მოგისმენიათ? მაგრად ბლატაობს, ძალიან მაგარია ვოლსკი.
ყველას რა ჩამოთვლის მაგრამ არსებობენ კიდევ „მაგარი მთხლეები“. მათ შუაშისტებს ვეძახით.
ეს ხალხი იმაშია მაგარი, რომ პოზიცია არასოდეს არა აქვთ. მაგრამ ამაში ძალიან მაგრები
არიან. თვალებს ამოგიღებენ, ისეთი მაგრები. მათი პროფესია ჭორაობა, ყველაფერზე ქილიკი,
ობიექტურობანას თამაში და ყველაფრის ჩაშლაა. სიმართლე არ აინტერესებთ და თვითონ მუდამ
მშრალზე რჩებიან. მათი პროფესია სამზარეულოში ჩაის სმა, სელფების დადება და ფეისბუქის
წვალებაა.

მოკლედ, ყველა მაგარია, ყველა ცდილობს, მაგარი იყოს. ყველას ერთნაირად არ გამოსდის,
მაგრამ ყველა ამ ფერხულში ვართ ჩაბმულები.

იმედით და რწმენით, დროებით ვემშვიდობები ამ წერილის მკითხველს. კიდევ შევხვდებით.

ანდრო ბარნოვი

23.09.2014

You might also like