You are on page 1of 97

რედაქტორისგან

ლიტერატურულ წრეებში მას იცნობენ, როგორც ნიჭიერ და განათლებულ ფილოლოგს, ჩინებული ესეების
და ანალიტიკური ნარკვევების ავტორს. ბაჩანა ბრეგვაძის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, „თემურ ქორიძე
შესანიშნავი ლიტერატორი, ჭეშმარიტ სულიერ ფასეულობათა უტყუარი კრიტიკული ალღოთი ზუსტად
განმცდელი და შემფასებელია“. ანალოგიური თვალსაზრისი გამოთქმული აქვს როსტომ ჩხეიძესაც: „თემურ
ქორიძის ღრმა განსწავლულობა და აზროვნების დახვეწილობა მარჯვედ მიგნებულ ფსიქოლოგიურ
დაკვირვებებს ჩინებულ ლიტერატურულ ფორმას ანიჭებსო“, – შენიშნავს ცნობილი მწერალი და მეცნიერი.
უფროსი თაობის ადამიანთა მეხსიერებას დღემდე წარუშლელად მოჰყვება ბობოქარი ოთხმოციანი
წლების დაუვიწყარი ქრონიკები. მათ წარმოსახვაში კი შეუძლებელია არ გაიელვოს სახემ იმ პიროვნებისა,
ვინც მაშინ თავისი შთამბეჭდავი ორატორული ხელოვნებით ათასების მხურვალე სათქმელს გამოხატავდა
და უანგარო მამულიშვილობის მაგალითს იძლეოდა. იმ პერიოდში თემურ ქორიძე სამჯერ სასწაულებრივად
გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ ჭრილობებით თავი არასოდეს მოუწონებია, შერყეული ჯანმრთელობის გამო
საყვედური არ დაცდენია.
სამშობლოს სამსახურს ის მუდამ თავგანწირვისთვის მზადებას უკავშირებდა და ეს განცდა მასში
იშვიათ თავმდაბლობასთან იყო შერწყმული.
დღეს, როდესაც სახელმწიფო სამსახურში და საერთოდ, პოლიტიკაში ყოფნა, ბევრისთვის არა
საზოგადოებრივი, არამედ მარტოოდენ პირად კეთილდღეობაზე განუხრელი ზრუნვის ასპარეზადაა ქცეული,
ვინმეს შეიძლება დაუჯერებლად მოეჩვენოს ის ფაქტი, რომ თავის დროზე მაღალი მდგომარეობის მქონე
თემურ ქორიძემ ქალაქის ცენტრში მისთვის გამოყოფილი ფართო და ნათელი აპარტამენტები ყოველგვარი
ხმაურის გარეშე საჩუქრად გადასცა ხელმოკლე ადამიანებს. თავად კი კვლავ ქალაქის გარეუბანში
აგრძელებს მოკრძალებულ ცხოვრებას. ამის აღნიშვნა დღეს მართლაც საჭირო და აუცილებელია, რაღა
თქმა უნდა, არა მხოლოდ თვით თემურ ქორიძის პიროვნული ღირსების წარმოჩენისა და აღიარებისათვის.
არც იმის გახსენება იქნებოდა ურიგო, რომ შეთავაზების მიუხედავად თემურ ქორიძემ თავის დროზე
კატეგორიული უარი განაცხადა უკანონო სახელმწიფო საბჭოში შესვლაზე.
ის არასოდეს დახარბებია პატივს და პრივილეგიას, სამაგიეროდ, გამუდმებით იღვწის ახალგაზრდობის
დასახმარებლად, მუდამ მათ გვერდით დგას და სრულიად უანგაროდ უზიარებს ცოდნას და გამოცდილებას.

ამასთან ერთად, თემურ ქორიძე წინამორბედთა სანიმუშო დამფასებელიცაა. სამაგალითოა აკაკი


გაწერელიას ხსოვნისადმი მისი გაუხუნარი მოკრძალება და პატივისცემა. ასე მხოლოდ კარგი შეგირდები
მიუზღავენ სათაყვანებელ ოსტატებს...
წინამდებარე „ჩანაწერების“ მკითხველი ნამდვილად მოიხიბლება კრებულის თემატური
მრავალფეროვნებითა და თხრობის დახვეწილი მანერით.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ჩანაწერის თარიღი წიგნში ზუსტადაა მითითებული. ამაში მკითხველი
ადვილად დარწმუნდება, თუკი თვალს გადაავლებს იმ პერიოდულ გამოცემებს, სადაც თავის დროზე ეს
მასალა გამოქვეყნდა (გაზ. „შანსი“, „აისი“, „ახალი ეპოქა“, „საქართველო“, „საქართველო და მსოფლიო“,
„არჩევანი“ და სხვ.).
ჩვენ წინაშეა მომხიბლავი ესეისტური მიგნებები და მძაფრი პუბლიცისტური აქცენტები, რომლებიც
უთუოდ აღგვავსებს გულწრფელი სულიერ-ინტელექტუალური თანაგანცდით. სწორედ ასეთი თანაგანცდის
გამოძახილად უნდა მივიჩნიოთ ამ რამდენიმე ხნის წინათ ლიტერატურულ პრესაში გამოქვეყნებული
მკვლევარის და ესეისტის – ნინო ჩხიკვიშვილის წერილი-მიმართვა, რომლის ადრესატიც თემურ ქორიძე
გახლავთ: „... ნუ მოანატრებთ თქვენს მკითხველს თავს! თქვენი კალამი დღეს განსაკუთრებით სჭირდებათ
ქართველებს, იქნებ იმაზე უფრო მეტად, ვიდრე თავის დროზე. და თუ რატომ გახდა თქვენი დაბრუნება
ასე აუცილებელი ქართულ ლიტერატურაში, ახლა ამაზე საუბარი რომ დავიწყო, მაშინ ეს წერილი ბარათს
კი არა, გამოკვლევას უფრო დაემგვანება და ამიტომ მოკლედ მოვჭრი: თქვენ აუცილებლად უნდა
დაუბრუნდეთ აქტიურ ლიტერატურულ მოღვაწეობას! ნუ გაიღიმებთ, ნურც პირფერობაში ჩამომართმევთ; ეს
ნამდვილად ასეა!“
დიახ, ეს ნამდვილად ასეა!
თუმცა, კაცმა რომ თქვას, თემურ ქორიძე ლიტერატურიდან არც არასოდეს წასულა. თავის მყუდრო
სენაკში გამოკეტილი, ის გაუთავებლად კითხულობს და კითხულობს და... დროდადრო წერს კიდეც.
ბესიკ გვაზავა

ისტორიის გაკვეთილები
რაც დატეხილა ჩემს თავზე რისხვა,
თქვენს მშვიდობიანს ასცდეს ხომალდებს.
გალაკტიონი
* * *
ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე საქართველო ხშირად ქცეულა ორმხრივი დარტყმის სამიზნედ. გონიერი
მტერი ქვეყნის გარეთ და უგნური „მოყვარე“ – ქვეყნის შიგნით, ერთდროულად თუ არა, მონაცვლეობით
მაინც ახერხებდნენ მისთვის საბედისწერო ჭრილობების მიყენებას. ამიტომ დღემდე გამოცანად რჩება, ამ
უძნელეს გზაზე რამ უფრო მეტად მოგვანიჭა „ძალი და შეწევნა“: – „მესიის მახვილით“ აღჭურვამ
(დავითი), ქრისტიანული სათნოების ზოგადეროვნულ წესად დასახვამ (თამარი), ჰუმანიზმის უმაღლეს
კულტურულ ფასეულობათა გათავისებამ (რუსთველი), მოწამებრივი ჭირთათმენის მადლით შემოსვამ
(ქეთევანი), ჩვენმა გეოპოლიტიკურმა „ფუნქციონალურობამ“, „პროტოპლაზმასავით ელასტიურობამ“,
„თვალთმაქცობამ“, ერთგვარმა „სისხლშერეულობამ“ თუ ყველაფერმა ერთად აღებულმა, – დიდი ხნის
განმავლობაში ასე გულმოდგინედ რომ ძერწავდა ჩვენს ეროვნულ ხასიათს?
* * *
„საქართველო ქანაობს საქანელაზე: მაგრამ საქანელა უფსკრულზეა გამართული და ადვილი შესაძლოა,
საქანელა სახრჩობელად გადაიქცეს“. 1920 წელს, როდესაც გრიგოლ რობაქიძე ამ დამთრგუნველ სურათს
ხატავდა, საქართველოში ყურძნის არნახული მოსავალი მოუწევიათ და, როგორც მაშინ ამბობდნენ, ღვინო
პირდაპირ „წყალივით იღვრებოდა“... „ამდენი მხიარულება ტფილისს არასოდეს უნახავს. კრებას ბანკეტი
მოსდევდა, ბანკეტს – კრება. ტფილისელობაც თავის ხელისუფლებას ჰბაძავდა და რესტორნებში ერთი
ვარხალალო და სიტყვების რახარუხი იდგა...“ (შ. ამირეჯიბი).
სწორედ ამ წელს იყო, ევროპული „ახალი აზროვნების“ მამებმა საჯაროდ რომ გამოაცხადეს, –
ვისურვებდით, ჩვენს ქვეყნებშიც ისეთივე დემოკრატია სუფევდეს, როგორიც ახლა პატარა საქართველოში
ყვავისო.
ასეთ „მაღალ შეფასებას“, ალბათ, ნამდვილად მოუხდებოდა გაბმული „ვარხალალო“!..
მაგრამ სულ მალე საქართველოსთვის საქანელა მართლაც სახრჩობელად გადაიქცა და ქართველი ერი
კვლავ ოდითგანდელი დილემის პირისპირ აღმოჩნდა: – „ან თავის თავის მონახვა... ან სრული დაღუპვა
თავის თავისა“ (გრ. რობაქიძე).
პირველი რესპუბლიკა ისე გამოეთხოვა წუთისოფელს, რომ ეს მართლაც „წყევლა-კრულვიანი საკითხავი“
ორიოდ მამულიშვილის გარდა არავის გახსენებია. მაშინ, თითქოს, დრომ კიდევ ერთხელ საგანგებოდ
გამოსცადა მიხაკო წერეთლის მიერ ქართველი საზოგადოებისთვის გამოტანილი გამანადგურებელი ვერდიქტი:
„თურმე, სულ ტყუილი ყოფილა ჩვენი იმედი, რომ ცოტათი მაინც წინ წავედით... სწორედ ისეთი კაცების
წყალობით, როგორიც იყო ილია ჭავჭავაძე! თურმე, სულ ტყუილი ყოფილა ჩვენი ზნეობრივი პროგრესი,
თურმე, კიდევ უფრო დაცემულ ვართ!“
შემზარავი და სასოწარკვეთილების მომგვრელი იყო თვით ამ დაცემის სავალალო შედეგი:
„საქართველოს ერი, ლაჩარი, ზნედაცემული, რომელმაც სულ დაჰკარგა კაცთა სახე, – აი, ამ ერმა
მოჰკლა თავისი საუკეთესო ძე და ყოვლად უგვანონი, უმსგავსონი და სულელნი დაიტოვა ცხოვრების
წინამძღოლებად“.
მოგვიანებით ეს „უგვანონი, უმსგავსონი და სულელნი“ ქვეყნის სათავეში მოექცნენ და, როგორც შალვა
ამირეჯიბი შენიშნავდა, „მათი საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებას უფრო ჰგავდა, ვიდრე
ახალი თაობის ახალ საქმეს“. ამიტომ იყო, რომ „რესპუბლიკა სნეული, ავზნიანი, იარებით სავსე და
უდღეური აღმოჩნდა“...
ისტორიის მსჯავრმაც არ დააყოვნა: „1918 წლის რესპუბლიკა უნდა დაღუპულიყო და დაიღუპა კიდეც“
(მ. წერეთელი).
ეს ყველაფერი თითქოს გუშინ იყო...
მაგრამ რა ხდება დღეს?
შევძელით თუ არა „თავის თავის მონახვა“?
სამშვიდობოს გავაღწიეთ თუ კვლავ გვემუქრება „სრული დაღუპვა თავის თავისა“?
„ცოტათი მაინც თუ წავედით წინ“?
ბოლოს და ბოლოს, ის მაინც თუ შევძელით, რომ ქვეყნის სათავეში აღარ ყოფილიყვნენ „უგვანონი,
უმსგავსონი და სულელნი“?
* * *
ჩვენი ახლანდელი ყოფა ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა! პირუთვნელად უნდა
ვაღიაროთ, რომ საქართველო დღესაც „საქანელაზე ქანაობს“ და ეს საქანელა კვლავ „უფსკრულზეა
გამართული“. სახრჩობელის შემზარავი ყულფი კი ისევ ავბედითად კიდია ჩვენს თავზე. კიდევ უფრო
საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ასეთ კრიტიკულ ვითარებაში უკიდურესად დაშრეტილია ჩვენი ეროვნული
ენერგია. მის საასპარეზო მოედანზე ხავსმა და სარეველამ იმძლავრა. გაწყდა ჩვენი კულტურულ-
ისტორიული ცნობიერების უგრძესი ჯაჭვი, მინავლდა აზრი და შეჩერდა მოძრაობა – „მამულისა
ჩვეულებისაებრ სლვა“... ჩვენ თვალწინ იფერფლება მოიმედე წინაპრის ყველაზე კეთილშობილური
სურვილიც: დღეს ქართველი უკვე აღარ „გაურბის თავის თავს (ცუდს)“ და აღარ სურს „ნახოს თავის
თავი (უკეთესი)“ (გრ. რობაქიძე). მისი დაბინდული მზერა კვლავ მოჩვენებითი დღესასწაულებით არის
დატყვევებული და მამაპაპური „ვარხალალო“ ისევ ძველებურად ურჩევნია „ბრძნულ სიჩუმეს“.
მოკლედ, როგორც იტყვიან, „დაიღალნენ თავგანწირულები, დაბერდნენ გმირები, დიდებულთა ხელზე
კოცნით გაძღნენ მლიქვნელები და... დიდი სიმდიდრე შეიძინეს ანგარების მოყვარულებმა“...
აქედან უკვე რუტინა, უძრაობა და ჭაობი იწყება!
2009 წ.

ტრაგიკული მისიის რაინდები


დღეს ყოველი მხრიდან სამდურავი და საყვედური გაისმის. თვითკმაყოფილი იერით ირგვლივ მხოლოდ
საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მოხელე-ჩინოვნიკები და მათი ტელეაგიტატორები დააბიჯებენ. ერის
წყლული და მჭმუნვარე ფიქრები მათ გულუხვად გადაულოცეს „ამ საქმისთვის“ მოწოდებულ ადამიანებს –
პოეტებს, მხატვრებს, კომპოზიტორებს, სწავლულ კაცებს, რომლებიც იმითაც არიან გამორჩეულნი, რომ
მუდამ ისტორიული ქარტეხილების შუაგულში ტრიალებენ. ამის გამო მათ ცხოვრებას ხშირად ტრაგიკული
ელფერი დაჰკრავს.
ტრაგედია კი, როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, უთუოდ ბადებს განწმენდას, კათარზისს, რაც,
თავისთავად, საზოგადოების მარადიული განახლების აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
მოაზროვნე და ხელოვანი, ლევ ტოლსტოისა არ იყოს, ოლიმპოს სიმაღლეზეც კი ვერ შეეგუება მშვიდ
და უდრტვინველ ცხოვრებას.
... ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარვუძღვე წინა ერსა, –
ასეთია ჭეშმარიტი კულტურტრეგერის მუდმივი მზაობის გამოკვეთილი შინაარსი და რა გასაკვირია, რომ
ეს მზაობა, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ წიწამურზე გამოიცდება ხოლმე...
დიახ! კულტურის მთელი ისტორია ერთობ სასტიკი და დაუნდობელი ბანალურობით ხასიათდება: – თუ
რჩეული ხარ, განმანათლებელი ხარ, ჭეშმარიტი პოეტი და შემოქმედი ხარ, – ამ უპირატესობის გამო,
თურმე, გამუდმებით უნდა მარტვილობდე!
ასეთი გამოცდა უდიდეს ნატურათა პრივილეგიაა. რაც უფრო დიადია სული, მით უფრო მძაფრი
გამოცდა მოევლინება ხოლმე მას!
სწორედ ამგვარად ცდიდნენ თავიანთ ნებისყოფას შორეულ უდაბნოში განდგომილი დიდმოწამენი,
რომელთაც კარგად უწყოდნენ, თუ როგორ აწრთობდნენ ადამიანებს კაცობრიობის უდიდეს რელიგიათა
ფუძემდებლები – მოსე, იესო ქრისტე, მოჰამედი, ბუდა... ნებაყოფლობითი თვითგანმარტოებაც და
იძულებითი დევნილობაც ჭეშმარიტი მოწამებრიობის უტყუარი დასტურია. მთელი სამყარო დღეს კარგად
იცნობს მათ სახელებს, ვისაც თავისი ფართო კულტურულ-ისტორიული მისიის გამო სამშობლოდან განდევნა
ხვდა წილად.
და როგორ მქუხარედ ჟღერს ამჟამად ეს სახელები:
პითაგორა, ეპიკტეტი, სენეკა, ოვიდიუსი, ვაგნერი, ჰიუგო...
რამდენი უსამართლობის წინაშე მდგარან ისინი, რამდენჯერ ჩაუხედავთ სიკვდილისთვის თვალებში,
რამდენჯერ კედელივით აღმართულან რწმენისა და ღირსების გადასარჩენად! სოკრატემ ბრძნული
აუღელვებლობით შესვა შხამით სავსე ფიალა, ბედისწერის სასტიკ განაჩენს ვერც არისტოტელე გადაურჩა,
ვერც სენეკა, ვერც სერვანტესი... თომას მორს თავი მოჰკვეთეს, ჩაქოლეს ფლობერი, აპოლინერი;
მუდამ ზღვა სისხლით ირწყვებოდა ქართული მიწაც. თამამი სულის ადამიანები, პოეტები და კულტურის
მამები განუწყვეტლად სიკვდილს ჩასცქეროდნენ თვალებში.
მოკლეს დიმიტრი ყიფიანი.
მოკლეს ილია ჭავჭავაძე.
მოკლეს მიხეილ ჯავახიშვილი.
მოკლეს ტიციან ტაბიძე.
მოკლეს ზვიად გამსახურდია.
მათი კულტურულ-ისტორიული მისია სიკვდილთან მარადიულ ჭიდილში მდგომარეობს. ეს ჭიდილი
დღემდე გრძელდება და მანამდე არ დასრულდება, სანამ ქართველ ერს პირში სული უდგას!
* * *
სახიფათო მოწოდებაა იყო პოეტი!
პოეტების სამეფო მუდამ დაუცველია ობივატელთა შემოტევებისაგან. იგი არც გულქვა და ბარბაროს
ხელისუფალთა დარტყმების მოსაგერიებლად არის გამზადებული. ხშირად პოეტები მეტისმეტად ადრე შლიან
ხოლმე ფრთებს და ადრევე იღუპებიან. ჩატერტონი 18 წლის ასაკში დაიღუპა. ლოტრეამონი – 24 წლისა.
კიტსი და პეტეფი – 26 წლისა. ბარათაშვილი, ლაფორგი და ლერმონტოვი – 27 წლისა, შელი – 30
წლისა...
მაგრამ როგორი მგზნებარე და ამაღლებული განცდებით გაამდიდრეს ადამიანურ გრძნობათა საგანძური,
რამდენი მშვენიერება დაუტოვეს კაცობრიობას!
როგორ არ ჰგვანან ისინი ღრმა ხანდაზმულობამდე მიღწეულ ათასგვარი ჭუჭყით გასვრილ
პოლიტიკოსებს, დღენიადაგ რომ თავის მართლება უხდებათ საზოგადოების წინაშე.
* * *
აზრისა და სიტყვის მაგისტრებს უბადრუკ ყოფასთან ყოველდღიური, ხშირად დამამცირებელი ბრძოლების
გადატანაც უხდებათ ხოლმე, მაგრამ მიწიერი ცხოვრება მათ იმდენადვე სჭირდებათ, რამდენადაც სულს –
სხეული.
მაგალითად, ბეთჰოვენი ბავშვობიდანვე შრომობდა ლუკმაპურის მოსაპოვებლად. 11 წლის ასაკში იგი
ორკესტრში უკრავდა. 13 წლისა ორღანისტი იყო: დიდების ზენიტში მყოფი, 48 წლის სახელგანთქმული
კომპოზიტორი კი სასოწარკვეთით წერდა: „მე მივედი უკიდურეს სიღატაკემდე“... 106-ე სონატა მან ერთი
დღის სარჩოსთვის დაწერა. ცნობილია ისიც, რომ უსახლკარობის გამო ვენაში ცხოვრების 35 წლის
განმავლობაში იგი იძულებული იყო ბინა ოცდაათჯერ გამოეცვალა...
სიღატაკესა და მიუსაფრობაში დალია სული ბახმა. თაყვანისმცემლებმა მის საფლავზე მემორიალური
ქვა მხოლოდ ასი წლის შემდეგ მიიტანეს!
კლაისტს, ჰოლდერლინს, ნიცშეს არასოდეს ჰქონიათ საკუთარი ბინები. სიმბოლურია, რომ ხელოვნების
ქურუმთაგან ბევრს არც ოჯახი ჰყოლია და არც შთამომავლობა დაუტოვებია. ასეთი იყო მიქელანჯელო,
ბეთჰოვენი, კანტი, კაფკა...
განა დღეს პარადოქსად არ მოგვეჩვენება ის ფაქტი, რომ თავის დროზე სპინოზა ლინზების
გაშალაშინებით ირჩენდა თავს, რილკემ კი სამუშაოს ძებნაში მთელი ევროპა ლამის ფეხით შემოიარა?
* * *
„ვინაიდან დედა ძლიერ ავადა მყავს და მატერიალურად გაჭირვებას განვიცდი, გთხოვთ ნება დამრთოთ
ავიღო ნოემბრის თვის პენსია“;
„პალტო არა მაქვს და სახლიდან ვერ გავდივარ“, – ეს უკვე ჩვენი გალაკტიონის ჩანაწერებია...
„ტრამვაის წინა ბაქნიდან ასვლისას დამაჯარიმეს 3 მანეთით“ – ესეც გალაკტიონია!
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ასეთი „გაუგებრობებისაგან“ ზემოხსენებული მოხელე-ჩინოვნიკები
ნამდვილად დაზღვეულნი არიან. ჯერჯერობით მათ არც დაჯარიმების საფრთხე ემუქრებათ.
ეს მათი უპირატესობა და დამსახურებულად მოპოვებული პრივილეგიაა.
თავის დასამშვიდებლად კი გოეთეს გახსენება ნამდვილად არ გამოადგებათ: ერთ სვებედნიერ გოეთეს
ხომ ისტორიის უფსკრულებიდან ასეულობით ტანჯული სვიფტი, მილტონი თუ ბოდლერი უმზერს...
პირველი და უკანასკნელი, რასაც ამ ადამიანებისგან ითხოვდნენ, – ჭეშმარიტება იყო.
და განა შეიძლება ადამიანი ჭეშმარიტებას ჩაწვდეს და თან ბედნიერი იყოს?
პოეტი ხედავს უფრო ღრმად, ვიდრე ეს უბრალო მოკვდავს ხელეწიფება. მთელი მისი არსება
იდუმალის, დაფარულის შეცნობისაკენ არის მიმართული. ეს კი უდიდესი შინაგანი რყევების გამომწვევი
პროცესია, რასაც მუდამ უთუოდ მოჰყვება ხოლმე ძლიერი სულიერი ტკივილი.
ასეთია ამ „ავადმყოფობის“ მეტაფიზიკური (და არა სამედიცინო) მიზეზი.
დიახ! როდესაც კულტურტრეგერი ხედავს უფრო მეტს, ვიდრე სხვები ხედავენ, – მისი ცხოვრება
ტრაგიკულ მარტოობად გადაიქცევა ხოლმე და რაკი სხვები ვერ ხედავენ იმას, რაზედაც პოეტები
გვესაუბრებიან, შესაძლოა, ისინი შეშლილებადაც კი გამოაცხადონ.
კულტურის ისტორიაში ასეთი ფაქტებიც უხვად მოიპოვება.
გალაკტიონსაც ამიტომ აწუხებდა „თვითმკვლელობაზე ფიქრი“;
გენიოსებისათვის ასე ნაცნობი და მახლობელი „ფიქრი თვითმკვლელობაზე“...
ასეთი რამ, არამც და არამც, კრწანისის ამჟამინდელ ბინადარს არ აწუხებს!
არც მის მიერ ასე საგულდაგულოდ გამოზრდილ მემკვიდრეებს ეწვევათ ხოლმე ამგვარი ფიქრები.
ამიტომაც დააბიჯებენ ისინი ასეთი თვითკმაყოფილი იერით.
კარგად იციან, რომ მათი გზები წიწამურთან არასოდეს გადაიკვეთება.
2006 წ.

გახსოვდეთ ოთხმოცდაცამეტი
ღვთისგან განდგომილი კაცი ვერც საკუთარი და ვეღარც სხვისი შეცდომებიდან ვერაფერს სწავლობს. ეს
სამწუხარო შეგონება ყველაზე მეტად ჩვენს ახლანდელ ხელისუფალთ მიესადაგება. როგორც ჩანს, მათ
საერთოდ არ უყვართ ფიქრი და განსჯა, არ შესწევთ მოვლენათა საღი ანალიზის უნარი და ალბათ,
ამიტომაცაა, რომ მათი უსაყვარლესი პოზა მუდამ და ყველგან „ამაყად“ დგომაა... „მე ვარ ამაყი“, –
მეტწილად ასე იწყებენ ისინი თავიანთ უაზრო და მოსაწყენ მონოლოგებს და რაოდენ გასაკვირიც უნდა
იყოს, ამ ყოვლად უსაფუძვლო სიამაყის მიზეზად ხშირად თავიანთ რევოლუციურ წარსულს ასახელებენ.
მეტიც: ეს მეტიჩარა ვაჟბატონები საკუთარი „რევოლუციური გამოცდილების“ ექსპორტირებაზეც ზრუნავენ და
დღენიადაგ სხვა ხალხების „გაბედნიერებას“ ესწრაფვიან. ცხადია, მათ ნამდვილად არაფერი იციან იმის
თაობაზე, თუ რატომაა ყოველი რევოლუცია „ღვთის წინააღმდეგ მიმართული აქცია“ (ალბერ კამიუ), რატომ
არის, რომ „ყოველი რევოლუციონერი მუდამ ღვთის მგმობელი ცოდვილის ტოლფასი პასუხისმგებლობით
წარსდგება ხოლმე დიდი სამსჯავროს წინაშე“ (ნიკოლაი ბერდიაევი). დიახ, მათ ბევრი ისეთი რამ არ
იციან, რისი ცოდნაც ჰაერივით საჭირო და აუცილებელია კეთილშობილი, ჰუმანური და საღად მოაზროვნე
ადამიანისთვის.
არადა, უკვე ორასი წელიწადი შესრულდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთში, ჭეშმარიტად მაღალი
კულტურისა და ცივილიზაციის სამკვიდროში, მთელი თავისი მრისხანებით ამოხეთქა რევოლუციის ვულკანმა.
ბედის ირონიისა თუ სხვა რამ ჯოჯოხეთური ძალის კარნახით, ექიმის ფრიად ჰუმანური პროფესიის მქონე
მოქალაქემ – ჟოზეფ ინიას გილიოტენმა ამ ვულკანს შესაფერისი სისასტიკის მოწყობილობა შეაგება...
მას შემდეგ გილიოტინა იქცა რევოლუციის სისხლიან სიმბოლოდ. როგორი პარადოქსულიც უნდა
გვეჩვენებოდეს, ეს პირქუში მანქანა პირველად სწორედ თვით რევოლუციონერებზე გამოსცადეს. აქედან
გამომდინარე, მომდევნო თაობათა ყველა ჯურის რევოლუციონერი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ალბათ,
ძრწოლით იხსენებდა ეშაფოტისკენ მიმავალი დანტონის წინასწარმეტყველურ სიტყვებს, რომელიც მას
პარიზში, სენ-ონორეს ქუჩაზე თავისი ყოფილი მეგობრისა და დაუძინებელი მტრის – მაქსიმილიან
რობესპიერის სახლთან აღმოხდა: „რობესპიერ! რობესპიერ! მე საფლავში ვწვები, მაგრამ იცოდე, – შენც ეს
დღე მოგელის!“
დიახ, ღვთისგან განდგომილი კაცი ვერასოდეს ვერაფერს სწავლობს, თორემ ზემოაღნიშნული სიტყვების
წარმოთქმიდან ორასი წლის შემდეგ ჩვენში საამაყოდ არავის უნდა წარმოესახა რევოლუცია და
რევოლუციონერობა... ხომ ყველას ახსოვს, რომ თავის დროზე ოქტომბრის ავანტიურასაც რუსეთში სწორედ
„რევოლუციად“ ასაღებდნენ. ამით თითქოს ავაზაკები მეტ „წონას“ მატებდნენ საკუთარ თავს; აქაოდა,
მართლა ბნელეთის მოციქულები კი არა ვართ, – რევოლუციონერები გახლავართ, ახალ ეპოქას ვიწყებთ
კაცობრიობის ისტორიაშიო... მაგრამ დემაგოგები აქაც მწარედ მოტყუვდნენ! დრომ თავისი მომაკვდინებელი
ვერდიქტი გამოუტანა მათ ყალბ იდეებს. ამგვარი „იდეები“ მუდამ თავისთავშივე შეიცავს თვითუარყოფის
აუცილებელ ელემენტებს. ამავე მიზეზის გამოა, რომ რევოლუციონერები, როგორც წესი, ყოველ დროში
განსაკუთრებული მონდომებით უსწორდებოდნენ თანამზრახველებს. დიახ, ისინი საერთოდ ვერ იტანენ
მოწმეებს და ცდილობენ დროულად გათავისუფლდნენ მათგან. ასე მაგალითად: „როცა ლუი XVI-ს
სიკვდილი მიუსაჯეს, რობესპიერს თვრამეტი თვის სიცოცხლეღა რჩებოდა, დანტონს 15 თვისა, მარატს 5
თვისა და სამი კვირისა, ლეპელეტიე სენ-ფარაჟოს – ერთი დღისა...“ ჰიუგოს ეს გამაფრთხილებელი
„სიგნალი“ დიდი ხანია, რაც კაცობრიობას ჩაესმის. ამიტომ ღვთისმოსავნი და კეთილგონიერნი მუდამ
გაურბოდნენ ყბადაღებულ „რევოლუციურ აღტკინებას“; მათ კარგად უწყოდნენ, რომ ამგვარი „აღტკინება“
ყოველთვის წარმოშობს ხოლმე „ახალ ანთროპოლოგიურ ტიპს, რომელშიც ჩაკლულია ყველა სიკეთე“
(ბერდიაევი) და საერთოდ, – „ჩაკლულია სული“ (გრ. რობაქიძე). ყოველივე ამის გამო ჩვენს საუკუნეში
სრული იდიოტიზმის მაჩვენებელია რევოლუციური რიტორიკით თავგადაკლული გატაცება.
საგულისხმოა, რომ ჩვენებური „რევოლუციონერები“ თავს არასგზით არ მიიჩნევენ ბოლშევიკთა
„ანთროპოლოგიური ტიპის“ მემკვიდრედ. პირიქით, დემოკრატიის სპეტაკ ბაირაღს აფრიალებენ, დემოსის
სახელს იფიცებენ და ნაციონალური ინტერესებისთვის თავშეწირულ რაინდებად გვეცხადებიან. ეს არცაა
გასაკვირი: ყველა დროის ყოველი რევოლუციონერი სწორედ ასეთად წარუდგებოდა ხოლმე ქვეყნიერებას,
სადაც, ხან გოლიოტინით, ხან შაშხანით, ხანაც – ნიღბოსან შავრაზმელთა ძალისხმევით მუდამ ერთსა და
იმავე „სამოთხეს“ ამკვიდრებდნენ: „თავისუფლებას“, „სამართლიანობას“, „მშვიდობას“ და ა. შ.
მოწინააღმდეგეებსაც მუდამ ნაცად სახელებს არქმევდნენ – „პროგრესისა და დემოკრატიის მტრებს“ თუ
„რეტროგრადებს“... სინამდვილეში კი თავად გვევლინებოდნენ ტირანებად, უსამართლობისა და უკანონობის
წამქეზებლად და განუკითხაობის შემოქმედად...
რაკი ჩვენებური „რევოლუციონერები“ თავს რატომღაც ევროპული ტიპის მოაზროვნეებად მიიჩნევენ,
ჩვენც მაღალი კულტურისა და ცივილიზაციის ხსენებულ სამკვიდროში გადავინაცვლოთ; ანუ იქ,
რევოლუციის „კლასიკურ“ სამშობლოში – საფრანგეთში, სადაც ჩვენი მღელვარე დღეებიდან ორასი წლის
წინათ, „ბრწყინვალე და საშინელ“ 1793 წელს „რესპუბლიკისა და თავისუფლებისათვის“ აჯანყებული
მოქალაქენი გილიოტინის აკომპანიმენტით წერდნენ „რევოლუციურ ისტორიას“. მეგზურად ვიქტორ ჰიუგო
ავირჩიოთ, – ყოველგვარი ტირანიის თხემით ტერფამდე მოძულე ჰუმანისტი და ცხოვრებაზე ღრმად
დაფიქრებული მორალისტი... ერთ დროს სამშობლოდან განდევნილი, მაგრამ საკუთარი ღირსების იმდენად
დამფასებელი, რომ მრისხანე იმპერატორს ამგვარი ბარათიც კი მისწერა: „ნუ გგონიათ, საფრანგეთში არ
დავბრუნდები. მე დავბრუნდები, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ მანდ აღარ იქნებით, როდესაც
თავისუფლება აღსდგება“. – სწორედ ჰიუგოს სიტყვებია: „რევოლუცია არის დამარცხება საფრანგეთის მიერ
ევროპისა და პარიზის მიერ საფრანგეთის. აი, რით არის ბრწყინვალე ეს საშინელი ოთხმოცდაცამეტი“...
არადა, როგორ ჰგავს ჩვენებური 1993 ორასი წლის წინანდელ ფრანგულს, ეს უკანასკნელი კი –
ბოლშევიკური იდეების „გამარჯვების“ ეპოქას. მაშინ ჩვენც წარმატებით „გავარღვიეთ“ ევროპული იზოლაცია,
„ღირსეულად“ დავაგვირგვინეთ საერთაშორისო აღიარებისთვის გამართული ბრძოლა დასავლეთის ჯიუტ
დუმილთან და მთელი უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ხმის ჩახლეჩამდე გავყვირით ჩვენი
მიღწევებისა და პერმანენტული გამარჯვებების თაობაზე. ეს ყვირილი და ბაქიბუქი განსაკუთრებული
სიძლიერით გაისმის დღეს, „ახალი რევოლუციით“ ტკბობის პროცესში. მაგრამ რატომღაც გვავიწყდება,
თავის დროზე როგორ „მიათხოვეს რობესპიერს საფრანგეთი, ეს მშვენიერი დედოფალი“ და როგორ
შეეძინათ მათ მრისხანე და შეუბრალებელი შვილი – გილიოტინა. ჩვენ კი წარსული ხომ გვავიწყდება და
გვავიწყდება, მაგრამ არც იმის დანახვა გვწადია, თუ როგორ მკვიდრდება ჩვენში გილიოტინის პირდაპირი
შთამომავლობა, მისებრ უგულო და დაუნდობელი, მისი ალი და კვალი – რეპრესიული აპარატი... დიახ,
ორასი წელიწადი და ორიათას კილომეტრზე მეტი აშორებს ფრანგ ფუშესა და მის ქართველ ანალოგს,
მაგრამ მათ შორის ბევრი რამ არის საერთო: ერთიც და მეორეც რევოლუციად სახელდებული
კაცთმოძულეობის, სისასტიკისა და ველური ინსტინქტების მონებს წარმოადგენენ. ვინ და როგორ უნდა
აღუდგეს წინ რევოლუციის ამ პირმშოთა ვაკხანალიას? ვის შეუძლია დასძლიოს მათი საშინელი
უგუნურობა და თავხედობა? „ჩვენს დროში ყოვლად შეუძლებელია პასუხისმგებლობა დავაკისროთ ვისმე
თავისი საქციელისა, რადგან მეტად გაქნილი რამ ბრძანდება რევოლუცია და უკლებლივ ამართლებს ყველა
დამნაშავეს, ოღონდ კი თავისი იყოს“. აქ ჰიუგო „ჩვენს დროში“ 1793-ს გულისხმობდა, მაგრამ ეს უტყუარი
დასკვნა ზუსტად მიესადაგება ჩვენს ახლანდელ „დროსაც“ – განა დღესდღეობით ვინმე კისრულობს
პასუხისმგებლობას მიწასთან გასწორებული, გაძარცვული და აწიოკებული საქართველოს გამო? ან იქნებ
ვინმე თუნდაც იმაზე აგებს პასუხს, რომ ქვეყანაში კვლავაც მძვინვარებს წარსულში „ქართლის ჭირად“
მიჩნეული ავაზაკობა, ქურდობა, ყაჩაღობა და მკვლელობები; ან იქნებ, სულაც ესაა ნანატრი დემოკრატიის
მონაპოვარი? „თქვენ საშინელებად აქცევთ ამ წმინდა მცნებებს... როგორც მტრებს ვერ მოიზიდავთ
საფრთხობელით, ისე ხალხს ვერ მოიზიდავთ თქვენი ტერორით. ავს ნუ იზამთ კარგის დასამყარებლად.
განა იმიტომ ამსხვრევენ ტახტს, რომ ეშაფოტი ააგონ?“ ეს მკაცრი საყვედურიც ჰიუგოს რომანიდან
მოისმის და აქაც ყველა ჯურის რევოლუცია იგულისხმება. აქ ხომ ძალმომრეობა თრგუნავს სიქველეს,
მხეცური ინსტინქტი – ადამიანურ სულიერებას... „რევოლუციური ზმანებისგან“ გამოფხიზლებულ გოვენს კი,
როგორც მწერალი შენიშნავს, – „ასპარეზად თავისივე გული ჰქონდა“ და სწორედ ამიტომ იყო, რომ
ადამიანმა გაიმარჯვა მის არსებაში! მან ცხადად იხილა, რომ რევოლუციის დაუძინებელი მტერი –
ლანტენაკი, თავისი ერთი მეტად ჩვეულებრივი ადამიანური ჟესტით (ბავშვის გადარჩენა) გაცილებით დიდი
სიკეთის მქმნელია, ვიდრე თუნდაც „რესპუბლიკური იდეალებისათვის“ აჯანყებული ბრბოს ენერგიული
თავგამოდება.
„რევოლუციას ჩაიფიქრებენ გენიოსები, განახორციელებენ ფანატიკოსები, ხოლო მისი ნაყოფით
სარგებლობენ არამზადები“. „რკინის კანცლერის“ ამ დაკვირვების ერთი ნაწილი, კერძოდ კი ის, რაც
„რევოლუციურად ჩაფიქრებულთა“ გენიოსობას შეეხება, შესაძლოა, დავას იწვევდეს, მაგრამ ფაქტია, რომ
გონებაშეზღუდულობა და შეუზღუდავი არამზადობა განუყრელად მუდამ თან სდევდა ყოველ რევოლუციას,
„არავინ შეიბრალოთ! არავინ დაინდოთ!“ „სიკვდილით დავსაჯოთ ყველა, ვისაც კი შევამჩნევთ მედალს –
ლუი XVI წამებული“... და ორასი წლის შემდეგ: „ჩვენ გადავუვლით“... „გადავთელავთ!“... „ყველანი ციხეში!“
და ა. შ. დაუსრულებლად...
„იყავნ ნება თქვენი, ბატონო მოქალაქენო! ბატონობა გნებავთ? იბატონეთ! მეფობა გნებავთ? იმეფეთ!
მიდექით, დაანგრიეთ, დალეწეთ, მიწასთან გაასწორეთ დიდებული სამშობლო!“ – ამ სიტყვებით ჰიუგოს
გმირი მოგვმართავს ორი საუკუნის სიღრმიდან, ხოლო ეშაფოტზე წამიერად შეყოვნებული მეორე
პროტაგონისტი, ალბათ ყველა დროის ყოველი რევოლუციონერის გასაგონად თავისი სისხლის უკანასკნელი
წვეთებით წერს არცთუ უსაფუძვლო მუქარას: „ჩვენ ვიხოცებით, რადგან ხალხს სძინავს და თქვენ
დაიხოცებით, როდესაც გაიღვიძებს ხალხი“...
ბისმარკის მსგავსად, ზოგიერთები გულუბრყვილოდ ირწმუნებოდნენ ხოლმე რევოლუციის „ჩამფიქრებელთა“
გენიოსობას, მათ შორის მცირეოდენი როდი ყოფილან მართლაც გონიერი და სახელმოხვეჭილი ადამიანები.
ანატოლ ფრანსი, მაგალითად, ბოლშევიკთა საფიცარი მარქსის შესახებ შენიშნავდა: „ის იყო ჭეშმარიტად
გენიალური და კაცთმოყვარე სულით სავსე ადამიანიო“. იგივე ფრანსი ლენინს „კაცობრიობის
პროგრესისთვის მებრძოლ დიდ ადამიანს“ უწოდებდა. გულუბრყვილობა რომ არა, მთელი კაცობრიობის
უბოროტეს დაცინვად უნდა აღგვექვა ანრი ბარბიუსისეული დახასიათება ხსენებული ლენინისა: – „უდიდესი
და ყოველმხრივ უსპეტაკესი შემოქმედთაგანი ისტორიისა... ადამიანი, ვისზე მეტიც არავის გაუკეთებია
ადამიანებისთვის!“ ცნობილია, რომ თვით ისეთ განთქმულ მოაზროვნესაც კი, როგორიც იყო რომენ
როლანი, ვისაც სიცოცხლეშივე უწოდებდნენ „დიდ ევროპელს“, „ევროპის თვალს“ და „ევროპის სინდისს“
და ვისაც ცრემლის გარეშე არ შეეძლო ლევ ტოლსტოის წერილების წაკითხვა, – ასეთი სიტყვები
ეკუთვნის: – „ოქტომბრის დღესასწაული – ეს არის დღესასწაული მთელი მსოფლიოსი. ეს ჩვენი
დღესასწაულია, სულითა და გულით ვუერთდებით მას!“ მსგავსი ავტორიტეტული გამონათქვამი მრავლად
მოიპოვება დასავლეთის წარჩინებულ ადამიანთა ნაწერებში. ბოლშევიკი ლიდერები ფართოდ იყენებდნენ მათ
საკუთარი პრესტიჟის განმტკიცებისათვის, – ხომ ხედავთ, როგორ გვაღიარებენ მსოფლიოს
პროგრესული ძალებიო...
გავიხსენოთ თუნდაც სტალინისა და სტალინური დემოკრატიის ფოიხტვანგერისეული შეფასებები... მით
უფრო აღარ გვაოცებს დასავლეთის „პოლიტიკური პრაგმატიზმის“ მიერ 1921 წელს ლენინისა და მისი
იმპერიის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი, აღარ გვაკვირვებს ზემოხსენებული „პრაგმატიზმის“
სამარცხვინო დამოკიდებულება 1991-92 წლების ტრაგიკული მოვლენებისადმი და აღარც ამჟამინდელი,
ჩვენებური „რევოლუციონერების“ მიერ ფეხქვეშ გათელილი ქართველობისადმი. ამ ფონზე კიდევ უფრო
მძაფრად შევიგრძნობთ ხოლმე ერთი ფრანგი სწავლულის ფრიად საგულისხმო დაკვირვების ჭეშმარიტ არსს
– „საფრანგეთში არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც უდიდეს სიძულვილს არ განიცდიდეს იმისდამი, რასაც
რევოლუციურ ხელისუფლებას უწოდებენ“...
გონიერ ადამიანებს ყველგან ასეთი განცდა ეუფლებათ, მათ შორის – საქართველოშიც.
1993 წ.

ზვიად გამსახურდია: ფინალი მუდამ სიმბოლურია


თექვსმეტი წლისა იყო, პირველად რომ დააპატიმრეს. მას შემდეგ სიკვდილამდე მოუსვენრად იცხოვრა.
მამამისი – კონსტანტინე გამსახურდია ერთგან შენიშნავდა: „ყოველ ადამიანს უწერია ამქვეყნად ერთგვარ
უღელტეხილთან მიღწევა, ყოველ მწერალს და მებრძოლს მოელის თავისი შავი ვატერლოო.... ყოველი
გმირი, ბოლოს და ბოლოს, უნდა დამარცხდეს“!
შვილი კი, თითქოს მამას ეკამათებაო, დაბეჯითებით იმეორებდა: „როდესაც რაიმე დიდ საქმეს
შეეწირება მისი მესვეური, ეს მოასწავებს ამ საქმის გამარჯვებას“.
1991 წლის 9 აპრილს სწორედ „დიდმა საქმემ“ გაიმარჯვა! ზვიად გამსახურდიას ღვაწლმა ნაოცნებარი
თავისუფლება ხელშესახები გახადა, მაგრამ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე მასაც თავისი „შავი ვატერლოო“
უნდა გამოეცადა.
და როს აღგივსეს ძმარით ფიალა,
არ აიცდინე სასმელი ესე, –
(მერაბ კოსტავა)
ასეთი იყო მისი ბედისწერა. ამას თავადაც კარგად აცნობიერებდა. „ადამიანში არის რაღაც, რასაც
ვერაფრით შეცვლი. ალბათ, ესაა ბედისწერა. მე არასოდეს მიფიქრია სხვაგვარ ცხოვრებაზეო“, –
დაუნანებლად აღიარებდა და მორჩილად ეზიდებოდა თავის შეუმსუბუქებელ ტვირთს. გამოუსწორებელი
მეამბოხე იყო, მაგრამ ამ ტვირთისგან გათავისუფლება არასოდეს უცდია. სიზიფეს გამძლეობა ჰქონდა; და
მაინც, ბევრისთვის, ალბათ, დღემდე გამოცანად რჩება, – სულიერების საყოველთაო დაშრეტის პირობებში,
როგორ შეძლო ბოლომდე დარჩენილიყო თავისივე ყმაწვილური ოცნების გმირად და უკანასკნელ
ამოსუნთქვამდე მხოლოდ ამ ოცნების ხორცშესასხმელად ეღვაწა...
„ღუაწლი არს გაჭირვებაში ყოფნა და უფროისად ომში“... სულხან-საბას განმარტებით მოღვაწე და
მოჭირნახულე სინონიმური ცნებებია.
ზვიად გამსახურდია მუდამ გაჭირვებაში მყოფი და „უფროისად ომში“ ჩაბმული მახსენდება. მხიარული
და გალაღებული თითქმის არასოდეს მინახავს. მის გამოხედვაში მკაფიოდ გამოსჭვიოდა მარტოსულობა და
მიუწვდომელი განდგომილობა. მზერა თითქოს საკუთარი სულის სიღრმეში ჰქონდა ჩაბრუნებული და როცა
გიცქეროდათ, გრძნობდით, რომ მარტოოდენ ფიზიკური თვალი კი არა, – მთელი სული და გული თქვენკენ
ჰქონდა მოპყრობილი. არასოდეს შემხვედრია მსგავსი ინტენსიური განცდის ადამიანი. სახეზე ბოლომდე
შეუცნობელი, მაგრამ არცთუ ძნელად შესამჩნევი ტრაგიზმის ანარეკლი დასთამაშებდა. მახსოვს, როცა მერაბ
კოსტავას დაღუპვის ამბავი შეიტყო, – ენით აუწერელი დარდით შეპყრობილმა შემოგვჩივლა: ყოველი
ხერხით ცდილობდნენ ჩვენს დაცილებას და აი, მაინც მიაღწიეს საწადელს, – სამუდამოდ ჩამომაცილეს
მერაბიო.
მათი უკანასკნელი გამოთხოვებაც ლეგენდის ფინალს წააგავდა: – „ძმაო, შენი ცხოვრება ვეფხის და
მოყმის ბრძოლას ჰგავდა და არც შენ შახვდი, ძმაო, ვეფხს ჭკვიანი!..“ ასე დაიტირა ზვიადმა თავისი
განუყრელი მეგობარი და მაშინ ალბათ, ყველაზე ცხადად შეიგრძნობდა ობლობის სიმძიმეს.
* * *
თავდაპირველად უარს ამბობდა, არ სურდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება. თქვენ შედით
პარლამენტში, მე კი გარედან დაგიჭერთ მხარსო, – გვეუბნებოდა. იცოდა, როგორი სამიზნე ხდებოდა
მოწინააღმდეგეთათვის. არადა, ისტორიული ჟამი მოახლოებული იყო. სამშობლო მისგან გადამწყვეტი
ნაბიჯის გადადგმას ითხოვდა და, ბოლოს და ბოლოს, მან ეს ნაბიჯიც გადადგა.
წინასაარჩევნო შეხვედრებზე პირადი მხარდაჭერის მოპოვებას არ ეშურებოდა. ხალხს უფრო დიდი,
ჭეშმარიტად ისტორიული არჩევანისთვის რაზმავდა. 1990 წლის 26 მაისს განსაცვიფრებელი სიტყვა
წარმოსთქვა. ეს იყო ორატორული ხელოვნების ნამდვილი შედევრი, ნათელი და მკაფიო იდეალის
გაბრწყინება, რომელმაც მაშინ ერთბაშად შეძრა და ფეხზე დააყენა მთელი საქართველო.
„აი, მოდის ახალი არჩევანი. წამოგიდგათ უფალი, ძმანო და დანო, წამოგიდგათ უფალი და გეუბნებათ:
ქართველო ერო, შენს წინაშე არის ორი გზა, შენი ეროვნული მოძრაობა მივიდა გზაგასაყართან. აი, გზა
ილია მართლისა, აი, გზა სიწმინდის, ზნეობისა, აი, გზა დემოკრატიისა, აი, გზა ჭეშმარიტებისა და
უმანკოებისა და აი, გზა ყაჩაღობისა და მზაკვრობისა, აი, გზა ტერორიზმისა! აირჩიე, ქართველო ერო!
აირჩიეთ, ქართველებო! აირჩიეთ ქრისტეს გზა და კეთილის გზა, აირჩიეთ ილია მართლის გზა, რამეთუ
ეს გზა განსაწმენდელთან მიგვიყვანს“.
არავითარი მოწოდება, – მხარი დამიჭირეთო; არავითარი თხოვნა, – ხმა მომეცით და მე გამომარჩიეთო.
არა! ჭეშმარიტი გზა, ილიას გზა აირჩიეთო, – მიმართავდა ქართველობას, უხსნიდა, მოძღვრავდა და
შთააგონებდა მთელ საქართველოს და საქართველომაც აირჩია! ზვიადი აირჩია! არა ძვირფასი თვლებით
მოჭედილი გვირგვინისთვის, არამედ ეკლის გვირგვინისთვის აირჩია!..
* * *
ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის ხილულ თუ უხილავ ნაოჭებში ჩამალული წყლულები ჟრუანტელის
მომგვრელია. ილიამ ფართო სარკეში ჩაახედა ქართველი კაცი და მთელი თავისი სივაგლახით დაანახვა
მასხრული „ბედნიერების“ უბადრუკობა. ის მთელი არსებით შეეცადა, მიძინებული ერისთვის რაც შეიძლება
მძაფრად ეგრძნობინებინა „ნესტარის ჩხვლეტით“ გამოწვეული ტკივილი, მაგრამ ამაოდ.
ამიტომ მეოცე ასწლეულის გარიჟრაჟზე ერის გამოფხიზლებისა და ამოძრავებისთვის გამართულ თითქმის
ნახევარსაუკუნოვან ბრძოლაში სასტიკად დამარცხდა თვით იდეა „მოძრაობისა“, ხოლო ილია
შუბლგანგმირული დაეცა სწორედ იმ „ბედნიერი“ ქართველის ხელით, რომელმაც საერთოდ არ იცოდა, რა
არის სამშობლო. „კიდევ უფრო დაცემულ ვართო“, – შენიშნავდა იმ ავბედითი დროის შემყურე მიხაკო
წერეთელი.
ზვიად გამსახურდიამ „ცრუი და ყრუი“, „ფურთხის ღირსი“ და „ორგულ ბუნება“ საქართველოს ნაცვლად
შექმნა თავისუფლებით გაბრწყინებული სამშობლოს მითოსი. „საქართველო ტაძარია, ზეცა მისი გუმბათიო“,
– თავადვე ირწმუნა ძლიერი რწმენით და ამ რწმენას განსაცვიფრებელი რაციონალიზმით მოუძებნა
ისტორიული ფესვები.
ასეთია ყველა მითი. იგი ღრმადაა დაკავშირებული ამა თუ იმ ეთნოსის ისტორიულ შრეებთან. ზვიად
გამსახურდიამ, არსებითად, გაამრთელა დაწყვეტილი, ნაკუწ-ნაკუწად ქცეული ქართული ჰეროიკული
ცნობიერების ნაფლეთები და უმოკლეს დროში თავისუფლების სული მოჰფინა მთელ საქართველოს.
თავისუფლება, როგორც ამქვეყნად არსებული უმაღლესი ღირებულება, – კვლავ დამკვიდრდა ჩვენს
ეროვნულ შეგნებაში. ეს ფაქტი კი სამარადისოდ დაუკავშირდა ზვიად გამსახურდიას სახელს.
ასეთია „ცოცხალი ისტორიის“ სიმბოლური სურათი, რომელიც მომავალში ისეთივე შთამბეჭდავი იქნება,
როგორც მითიური ამირანის ბრძოლა თავისუფლების მოსაპოვებლად.
* * *
ერთ თავის მშვენიერ ესეიში ხაზგასმით შენიშნავდა: „ნურავის გაუკვირდება, რომ მე შელლიზე საუბარს
მისი აღსასრულით ვიწყებ. პოეტის ცხოვრების ფინალი ხშირად დასაწყისია მისი შემოქმედების ჭეშმარიტი
გაგებისა. ეს ფინალი მუდამ სიმბოლურია და ძირეულზე მიუთითებს“.
ასევე შეიძლება ითქვას, რომ ზვიად გამსახურდიას აღსასრულიც, ცხოვრების ტრაგიკული ფინალი,
მართლაც ზუსტი გასაღებია მისივე შემოქმედების გასაგებად.
მისი პოეტური ქმნილებები ღრმა ქრისტიანული სულიერებით არის აღსავსე. შესაბამისად, ლირიკული
პერსონაჟებიც გამოკვეთილი რელიგიური განწყობით გამოირჩევიან და გარდასულ დროთა არქაულ სურნელს
აფრქვევენ. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დავით გურამიშვილის შემდეგ ქართული ლირიკის
საგანძურში თითქმის არ მოიპოვება ქრისტიანულ-ბიბლიური თემატიკის ისეთი შთამბეჭდავი ვარიაციები,
როგორც ეს ზვიად გამსახურდიას ლექსებში გვხვდება.
აქ ლირიკული პერსონაჟი ახალ შინაგან სიცოცხლეს ანიჭებს ცალკეულ ბიბლიურ ეპიზოდებს და
დამოუკიდებელ არსებობას აგრძელებს. მაგალითად, ავტორი ერთგან გეთსემანიის ბაღში იესოს ლოცვის
პოეტურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. ამ მშვენიერი ლექსის სათაურია „მამა“ და იგი ისეთი ღრმა
შინაგანი სევდით არის აღსავსე, როგორსაც მოსალოდნელი განსაცდელის ხილვა აღძრავს ხოლმე
ადამიანში:
თვალნი ყოველთანი შენდამი ესვენ,
უფალო, ამაცდინე სასუმელი ესე.
მამა ხარ ყოველთა, ძეთათვის მზრუნველი,
უფალო, ამაცდინე ესე სასუმელი.
ნუ ჩემი იყოფინ, არამედ შენი,
შენ თავად ნება ხარ, სიმართლის მჩენი.
ხამს მოყვასისათვის სიმძიმე ვითვისო,
გვედრი, შემიწყალე, ძეო დავითისო!
მკითხველისთვის უმალვე ცხადი ხდება, თუ რომელ „სასუმელზეა“ აქ საუბარი და რისი გამოძახილია
ავტორის ვედრება. მაგრამ ჩვენს განცვიფრებას უფრო ის წინასწარმეტყველური მინიშნება იწვევს, რომელიც
ლექსის ქვეტექსტშია დაფარული. გეთსემანიის ბაღში მამისკენ ხელაპყრობილი მლოცველის მსგავსად ვერც
ზვიად გამსახურდიამ აიცილა მწარე „სასუმელი“ და ბოლომდე შესვა იგი.
მსგავს ალეგორიას ვხვდებით ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილ მეტად ორიგინალური სტრუქტურის
მქონე კიდევ ერთ ლექსში. ავტორს აქ მთლიანად საკუთარ გრძნობებსა და განცდებზე გადააქვს
მკითხველის ყურადღება.
ზვიადს თავად უთქვამს ჩემთვის – ტერენტი გრანელი აქ მე ვარო... ამ ლექსის ერთ ქვეთავს
„ეპიტაფია“ ეწოდება და იგი ღრმად ტრაგიკული ხილვებით არის აღსავსე. აი, ისიც:
ვჭვრეტ საღამოს – ნიმბიანს, დანისლულს,
ო, რაგვარად ეუცხოვა ტანი სულს...
შენკენ მომაქანებს ფიქრის ჩქარი წვა მე,
რარიგ მეუცხოვა საკუთარი გვამი...
ვდუმვარ და არა აქვს ძალა ჩემს სტრიქონებს:
ბინდიან ფიქრებში ქარი თუ მიგონებს...
რარიგ ვეუცხოვე სამყაროს ცივ დენას,
ნექტარიც წავიღე და შხამიც იმდენი...
რარიგ ვეუცხოვე მიწის გაშლილ მკლავებს,
დასცქერის გოლგოთა გაძარცვულ საფლავებს.
ეს არის სულისშემძვრელი ხილვა და ბედისწერის წინასწარი განჭვრეტა, სიკვდილის ცხადი და
ხელშესახები შეგრძნება.
ზვიად გამსახურდიასთვის უცხო არ ყოფილა მსგავსი ხილვები და შეგრძნებები.
„ცხოვრების დინების საწინააღმდეგოდ სვლა ჯერ კიდევ ადრე სიჭაბუკეში გადაექცა ვნებადო“, – წერდა
ერთი პოეტისადმი მიძღვნილ ნარკვევში.
აქაც თითქოს თავის ცხოვრებასა და თავის შეუცვლელ ბედისწერაზე ლაპარაკობდა.
2014 წ.
* * *
ერთი ადამიანის მიმართ დაშვებული უსამართლობა საფრთხეა ყველასათვის (მონტესკიე).
1990 წლის აგვისტოს ერთ დღეს ზვიადმა „კოლხურ კოშკში“ მიხმო. ეზოში დავსხედით. ჩაფიქრებული
და განაწამები სახე ჰქონდა. მცირე ხნის დუმილის შემდეგ ხელნაწერი ქაღალდი გამომიწოდა და მთხოვა:
წაიკითხე და შენი გულწრფელი აზრი მითხარიო. წერილის შინაარსი დაახლოებით ასეთი იყო: ვინაიდან
არჩევნებში ჩემი მონაწილეობა აშკარად იწვევს გარკვეულ ძალთა გააფთრებას, რაც გამოიხატება „მრგვალი
მაგიდის“ წინააღმდეგ გაჩაღებული აღვირახსნილი ექსცესებით, ვაცხადებ, რომ პირადად მე ვხსნი ჩემს
კანდიდატურას და უარს ვამბობ კენჭი ვიყარო უზენაეს საბჭოშიო. იქვე, ამომრჩევლებს მოუწოდებდა
ერთსულოვნად დაეჭირათ მხარი „მრგვალი მაგიდის“ კანდიდატებისათვის. „250-ვე ადგილი „მრგვალ მაგიდას“!
– ასე ამთავრებდა თავის მიმართვას ზვიად გამსახურდია.
ბარათი რამდენჯერმე წავიკითხე. პასუხის გაცემა უამრავ პრობლემაზე დაფიქრებას საჭიროებდა. არ
მახსოვს, რამდენი დრო გავიდა. ბოლოს ავდექი, ზვიადს მხარზე ვემთხვიე და ვუთხარი, ეს მაჰათმა
განდის მიერ გადადგმულ ნაბიჯს ჰგავს-მეთქი. შემდეგ თვითონ ალაპარაკდა. სჩანდა, რომ დეტალურად
ჰქონდა მოფიქრებული და აწონილ-დაწონილი მოვლენათა შესაძლო განვითარება. უზენაეს საბჭოში ჩვენი
ხალხი მაინც გააკეთებს თავის გასაკეთებელ საქმესო, დასძინა მან. თან მთხოვა, რამდენიმე დღით
ქალაქიდან გავდივარ და ჩემთან შეუთანხმებლად ტექსტს ნურავის გააცნობო.
ეს ის დრო იყო, როდესაც „შეურიგებლები“ მთელი ქვეყნის გასაგონად გაჰყვიროდნენ, ნახეთ, ზვიად
გამსახურდია თანამდებობას დახარბდა და ხელისუფლებაში ყოფნაც ამიტომ მოიწადინაო. ზვიადი კი, ვისაც
მე კარგად ვიცნობდი და, ვისიც ხშირად უსიტყვოდაც კი მესმოდა ხოლმე, სავსებით გულწრფელი იყო
თავის გადაწყვეტილებაში.
ნაშუადღევს, მაჩაბლის ქუჩაზე, „მრგვალი მაგიდის“ სხდომა უნდა გამართულიყო. შენობასთან, როგორც
წესი, უამრავ ხალხს მოეყარა თავი. უმრავლესობა ზვიადის მომხრეები იყვნენ, მაგრამ არც ავად
მოქირქილენი აკლდნენ მსგავს შეკრებებს. მათ სახეებს უმალ გამოარჩევდით ხოლმე: გაბოროტებულნი,
ბოღმით სავსენი, ავად მომზირალნი ზვერავდნენ, თუ რა ხდებოდა გარშემო. ეს ბოღმა და გაბოროტება
მათ ზვიადის გამო შეჰყროდათ: ვერ იქნა და მისთვის ვერ ეპატიებინათ, რომ ერმა სწორედ ის აღიარა
თავის ერთადერთ წინამძღოლად, გამოარჩია და გულითადი სიყვარული არგუნა; ვერ აპატიეს, რომ
საქართველოს თავისუფლების გასაღები განგების ნებით სწორედ მის ხელთ აღმოჩნდა... „შეურიგებლებმა“
კარგად უწყოდნენ, რომ ერისაგან ვერასოდეს მსგავს თაყვანისცემას ვერ მიიღებდნენ, ვერასოდეს
ეღირსებოდნენ ათასობით ბაგიდან სიყვარულით აღმომხდარ თავიანთ სახელებს. „ზვი-ა-დი! ზვი-ა-დი! ზვი-ა-
დი“ ამ სახელის ყოველი მარცვალი შხამივით წვეთავდა მათ გულში.
მაშინაც, ალბათ, ამგვარმა ფიქრმა მიბიძგა – დამერღვია ზვიადის თხოვნა, – ჩემი ნების გარეშე
მიმართვა არავის აჩვენოო. მაჩაბლის ქუჩაზე შეკრებილთაგან, ბევრს, ალბათ, ახლაც ახსოვს, საჯაროდ
როგორ წავიკითხე ის მიმართვა. მრავალი, ძალზე მრავალი ადამიანის თვალზე შევნიშნე ცრემლი,
რომელშიც ერთნაირად ირეკლებოდა სიხარულიცა და მწუხარებაც. დიახ! დიახ! მაშინ ზვიადს ჯერ კიდევ
შეეძლო, ჰქონდა შანსი, – უარი ეთქვა ეკლის გვირგვინზე. შეეძლო ერთბაშად აეცილებინა შხამით სავსე
ფიალა და განზე გამდგარიყო, მაგრამ მან სხვაგვარად გადაწყვიტა.
* * *
როდესაც „მრგვალი მაგიდის“ წევრებს ზვიადის ზემოხსენებული განცხადება გავაცანი, მათი
თავდაპირველი დაბნეულობა ერთგვარმა აღშფოთებამ შეცვალა. და არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც
დათანხმდებოდა ერისკაც ზვიად გამსახურდიასაგან გადაერჩინა მხოლოდ კაცი. ალბათ, უფლის ნებაც ეს
იყო: მას ბოლომდე უნდა შეესვა „სასუმელი ესე“... როგორც ადამიანი, იგი მსხვერპლად უნდა შეწირვოდა
მამულის თავისუფლებას, რათა ჩვეულებრივი მოკვდავის მყუდრო სიბერე ნებით გაეცვალა ჭეშმარიტი
ერისკაცის მოწამებრივ აღსასრულზე.
1994 წ.
* * *
– 1907 წელს, მეოცე საუკუნის დადგომიდან მეშვიდე წელს, მოკლეს ილია ჭავჭავაძე, 1993 წელს კი,
მეოცე საუკუნის დასასრულამდე შვიდი წლით ადრე, დაიღუპა ზვიად გამსახურდია. არის ამაში სიმბოლური
დამთხვევები. ზვიად გამსახურდიამ გაიარა ყველა საფეხური, რასაც გადიან ქრისტეს გზაზე შემდგარი
ადამიანები. იგი იყო დევნილი სიყრმის ჟამს, მამასთან ერთად; დევნილი იყო სტუდენტობის დროს;
ახალგაზრდობაში, მხედველობაში მაქვს ეპიზოდური დაპატიმრებები და პასკვილები, რომლებიც მის
წინააღმდეგ იბეჭდებოდა, მაგალითად, „სარეველა“; დევნილი იყო, როგორც მწერალი... პარადოქსი ის არის,
რომ იგი სიკვდილშიაც დევნილია... იდუმალებითაა მოსილი მისი აღსასრული, ტანჯვით აღსავსე მისი
უკანასკნელი დღეები.
* * *
ზვიად გამსახურდია მართლაც ყოველთვის კრიტიკულ ზღვარზე დაიარებოდა.
ხალხი მას აღმერთებდა! და რამდენადაც უყვარდა იგი ხალხს, იმდენადვე სძულდა ნომენკლატურულ
საზოგადოებას. დიახ! უყვარდა იგი ქართველ ერს. ამიტომაც იქცა მისი პირადი ტრაგედია საქართველოს
ტრაგედიად და პირიქით... თავის დროზე ილიასთან დაკავშირებით კონსტანტინე გამსახურდია შენიშნავდა,
რომ ილია იყო ჩვენი ერის ტრაგიკული ისტორიის დრამატურგიც, რეჟისორიც და მთავარი
პროტაგონისტიცო. ალბათ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ეს სიტყვები ასეთივე სიზუსტით მიესადაგება
ზვიად გამსახურდიას. დიახ, იგი იყო მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ტრაგედიის
დრამატურგიც, რეჟისორიც და მთავარი პროტაგონისტიც.
ზვიად გამსახურდიას დაღუპვის შემდეგ, ეროვნული ძალების დაქსაქსვა კანონზომიერი მოვლენაა. მათი
გაერთიანებისათვის კი დღეს ნაკლები პირობები არსებობს. მიზეზი ამისა გახლავთ ის, რომ ამბიციურობამ
მეტისმეტად გაიდგა ფესვი თვით ამ ძალებში. ყველას ჰგონია, რომ თუკი თავის 20-კაციან „პარტიას“
ზვიადის სახელს დაარქმევს, – მთელი ერი აუცილებლად მას უნდა გაჰყვეს. ამას დილეტანტები სჩადიან,
ისინი, ვისაც არასოდეს უკეთებიათ ჭეშმარიტად ეროვნული საქმენი, ვინც იშვიათად ყოფილა ზვიადის
გვერდით და საერთოდ, ვისთვისაც უცხოა ზვიადის „ცხოვრების წესი“, ანუ ჭეშმარიტი ზვიადიზმი.
„წიწამურთან რომ მოჰკლეს ილია, მაშინ ეპოქა დასრულდა დიდიო“ – წერდა გალაკტიონი. ასევე
დასრულდა „მთელი ეპოქა“ ზვიადის სიკვდილის შემდეგ. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, უკეთეს დროს, ანდა
ისევ და ისევ გონებას მოვუხმოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ გაერთიანებისაკენ, რომლის დევიზი იქნება
„საქართველო უპირველეს ყოვლისა!“.
– თავის დროზე ქართველთა „ბრძოლის“ თაობაზე ერთი მწერალი შენიშნავდა, რომ ჩვენი ბრძოლა
მუდამ იყო „რეაქცია ჭიაყელისა, რომელსაც ფეხს აბიჯებდნენო“. ღმერთმა დაგვიფაროს ამგვარი
ნიჰილიზმისგან, მაგრამ ჩვენს ახლანდელ სულისღაფვას თუ დღეს „ბრძოლას“ ან „არდანებებას“
დავარქმევთ, – დიდი შეცდომა იქნება! სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ: დღეს ჩვენ „ნელი
სიკვდილის“ პირობებში ვიმყოფებით. მარტოოდენ ლოცვა არ გვიშველის. ასეთ დროს თავისი სიტყვა უნდა
თქვას ჩვენმა ეროვნულმა „ნებამ“, ჩვენმა ეროვნულმა ცნობიერებამ, სასიცოცხლო ენერგიამ, – თუ კი, რა
თქმა უნდა, – ამგვარი რამ ისევ შეგვრჩენია.
2000 წ.

ბედნიერი წუთი
არ ვიცი, იყო თუ არა ოდესმე ბედნიერი. ყოველ შემთხვევაში, ამ თემაზე მისგან არაფერი მსმენია.
საერთოდ, მრავალსიტყვაობა და საკუთარ გრძნობებზე საუბარი არ სჩვეოდა. სიტყვის ფასი იცოდა და
„გრძლად მეტყველებას“ ყოველთვის გაურბოდა. საშინლად აღიზიანებდა „კინტოთ კილო, კილო შუა
ბაზრისა“. ამასთან დაკავშირებით ერთგან აღნიშნავდა: „ერთი ვიკითხოთ, ვისთვის მოკვდა მაღალი სტილი?
– უწვრთნელი, ანტიესთეტიკური, ანტიპოეტური ბრბოსათვის, რომელსაც არ გააჩნია ამაღლებულის
შეგრძნების უნარი... თუმცა ბრბოსათვის მაღალი სტილი ყოველთვის მკვდარი იყო“.
ნამდვილი ესთეტი იყო. გატაცებით უყვარდა ხელოვნება, კარგად ერკვეოდა ფილოსოფიასა და
ისტორიოგრაფიაში. ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მისი აზროვნების სიღრმე და მრავალფეროვნება.
ბევრისთვის, ალბათ, დღემდე გამოცანად რჩება, ამსოფლური ამაოების საფუძვლიანად გააზრების
სიმაღლიდან როგორ შეძლო ზვიად გამსახურდიამ, დარჩენილიყო თავისივე ყმაწვილური ოცნებების გმირად
და ერთბაშად საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დახარჯულიყო.
* * *
მრავალრიცხოვანი სამეგობრო არასოდეს ჰყოლია. მხოლოდ მერაბ კოსტავაზე შეიძლებოდა თქმულიყო,
რომ ის ზვიადის ერთგვარ „ალტერ-ეგოს“, მეორე „მე“-ს წარმოადგენდა. ერთად იზრდებოდნენ და ერთი
მრწამსისა და მსოფლმხედველობის პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. როგორც იტყვიან, ორივენი მუდამ
უთქმელად უგებდნენ ერთმანეთს და მათი ცალ-ცალკე წარმოდგენა ყველას შეუძლებლად ეჩვენებოდა.
მერაბ კოსტავამ ყველაზე უკეთ იცოდა ზვიადის ფასი და მნიშვნელობა, ამიტომ არავის გაკვირვებია, რომ
ე. წ. „მონანიების“ გამო ხელოვნურად გამოწვეული აჟიოტაჟის დროს, ის ურყევად დადგა ზვიადის
მხარდამხარ და ამ თანადგომით, ფაქტობრივად, კიდეც გადაარჩინა მაშინდელი ეროვნული მოძრაობა. ამის
გამო თავის ერთ ლექსში მერაბ კოსტავა იშვიათი სულიერი თანალმობით მიმართავდა თავის მეგობარს
და მის ნაბიჯს ზნეობრივი მსხვერპლშეწირვის მაგალითად მიიჩნევდა:
„რას დაგაკლებდა ბედი ტიალი,
ეკალ-ბარდებში სიკეთის მთესველს,
ჭორის ღვარქაფმა გადაგიარა
და რომ აღგივსეს ძმარით ფიალა,
არ აიცდინე სასმელი ესე“...
უნდა ითქვას, რომ ზვიადსა და მერაბს შორის შუღლის ჩამოგდების მცდელობას არაერთხელ ჰქონია
ადგილი. სწორედ ამის გამოძახილი იყო მერაბ კოსტავას მიერ ერთხელ უნივერსიტეტის აუდიტორიის
წინაშე ნათქვამი საგულისხმო ფრაზა: „ნურავინ იფიქრებს, რომ საკუთარ თავზე გადაჭარბებული
წარმოდგენისა ვიყო, მაგრამ თუკი ოდესმე ჩემი და ზვიადის მეგობრობა დაინგრა, ჩათვალეთ, რომ
ამქვეყნად მეგობრობა საერთოდ არ არსებულა“-ო. არადა, მათმა მეგობრობამ მართლაც ყოველგვარ
ღვარქაფს და ქარტეხილს გაუძლო.
1989 წლის 13 ოქტომბერს მერაბ კოსტავა ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ამ საშინელი ამბის
შეტყობისთანავე ყველანი რატომღაც კოლხურ კოშკს მივაწყდით. ზვიადი შინ იყო. სახეზე ენით აუწერელი
მწუხარება ეტყობოდა. ნამტირალები თვალები ჩაწითლებოდა. „როგორ არ ეცადნენ ჩვენს დაცილებას და
აჰა, მიაღწიეს კიდევ საწადელს, სამუდამოდ დაგვაშორეს ერთმანეთსო“, – ჩუმად წარმოთქვა და თითქოს
გაქვავდაო...
„დიახ, ძმაო, მთელი საქართველო დაგტირის, მაგრამ შენ აღაზევე დღეს საქართველო! აღაზევე შენი
მსხვერპლით, რამეთუ არ შეუშინდი სიკვდილს; ძმაო, შენი ცხოვრება ვეფხისა და მოყმის ბრძოლას ჰგავდა
და არც შენ შახვდი, ძმაო, ვეფხს ჭკვიანი“... ასე დაიტირა თავისი განუყრელი მეგობარი ზვიად
გამსახურდიამ და მაშინ ის, ალბათ, ობლად დარჩენილ საკუთარ თავსაც ტიროდა.
* * *
„როცა საქართველო დამოუკიდებელი გახდება, თბილისს დავტოვებ, სადმე, შუაგულ ტყეში პატარა ქოხს
ავიშენებ და დარჩენილ სიცოცხლეს ლექსების წერაში გავატარებო“, – ამბობდა მერაბ კოსტავა. მისი
ასეთი „პასტორალური“ მიდრეკილება აბსოლუტურად შეესაბამებოდა მისსავე ხასიათს და თვით ყველაზე
თავზეხელაღებულ ცინიკოსსაც კი ეჭვისთვის იოტისოდენა მიზეზსაც არ უტოვებდა.
ერთხელ იგივე ფრაზა ეროვნულ მოძრაობაში ახლადგამოჩენილმა „მოღვაწემაც“ გაიმეორა. ალბათ,
იფიქრა, გარშემო მყოფთა შორის ისეთივე თანაგრძნობას გამოიწვევდა, როგორსაც მერაბის თვით ყველაზე
ჩვეულებრივი, ოღონდ სულის სიღრმემდე გულწრფელი ზრახვები იწვევდა ხოლმე.
თუ ძმა ხარ, შენი ლექსების გამო საქართველოს დამოუკიდებლობაზე ხელს ნუ აგვაღებინებო, სიცილით
შეაწყვეტინეს „თავმდაბალ ლიდერს“ და აიძულეს გაჩუმებულიყო...
დიახ, მერაბ კოსტავა განუმეორებელი ადამიანი იყო... მისი ბობოქარი ცხოვრება, დევნა-გადასახლება,
ათწლიანი პატიმრობა და სტოიკური ჭირთათმენა მის პატივმოყვარე ეპიგონებს მთაწმინდისკენ მიმავალ
გზაზე ყოველგვარ პერსპექტივას უკარგავს.
* * *
1991 წლის 31 მარტს რეფერენდუმი ჩატარდა. მოსახლეობის ოთხმოცდათვრამეტმა პროცენტმა
დამოუკიდებლობის აღდგენა ისურვა. წინასწარი მონაცემები ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებდა. გვიან ღამით
კი მთლიანი სურათიც გამოიკვეთა. სახელდახელოდ კრწანისში შევიკრიბეთ. ამ დღეს ზვიადს
ორმოცდათორმეტი წელი შეუსრულდა. ოდნავ დაღლილი, მაგრამ შთაგონებული სახე ჰქონდა. ცხადია,
რეფერენდუმის შედეგებით ძალზე კმაყოფილი იყო. სიხარულს ვერ ფარავდა. როცა კარგი განწყობა
დაეუფლებოდა, ერთ-ორ ღერ სიგარეტს გააბოლებდა ხოლმე. ამჯერადაც ასე მოიქცა. სუფრა გაიშალა.
მუხრან მაჭავარიანი თამადობდა. ცხადია, იუბილარის სადღეგრძელოც შეისვა. მილოცვების მოსმენის შემდეგ
ზვიადი წამოდგა. მადლობა გადაიხადა და ქართველი ერის არჩევანზე ჩამოაგდო სიტყვა. არასოდეს
მინახავს ასე ვრცლად მოუბარი ზვიად გამსახურდია. სახე თანდათან ეღუშებოდა. თვალებში უჩვეულო
სევდა ჩასდგომოდა. საუბრობდა იმ საფრთხეზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას თავისუფლების საზღაურად წინ
ელოდა. აღტაცება ნუ შეგვიპყრობს, დამოუკიდებლობის იოლად მოპოვებაზე ნურც ვიოცნებებთ, წინ
სერიოზული ბრძოლები მოგველისო. შემდეგ ჩვენს ეროვნულ ხასიათში დალექილ მრავალ მანკიერებაზე
ჩამოაგდო სიტყვა, ეჭვობდა, სერიოზული მეტამორფოზის გარეშე შევძლებთ თუ არა საბოლოო
გამარჯვებამდე მიღწევასო...
1991 წლის 31 მარტი მის ცხოვრებაში, ალბათ, ერთი იმ იშვიათად ბედნიერ დღეთაგანი იყო, რომელიც
ზვიადს ოდესმე ჰქონია, მაგრამ ამ ბედნიერ დღესაც ის ერთბაშად მწუხარე და სევდიანი გახლდათ.
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ თვითკმაყოფილება, მიღწეულით ტკბობა და განცხრომა სრულიად უცხო
იყო მისთვის. თითქმის არასოდეს მინახავს მხიარული ზვიად გამსახურდია. სუფრასთანაც მეტად
თავშეკავებული იყო. მუდამ გრძნობდა იმ ტვირთის სიმძიმეს, რომელიც შეუმსუბუქებლად დასწოლოდა
მხრებზე და მოსვენების საშუალებას არ აძლევდა, თუმცა არც თვითონ უცდია მისგან გათავისუფლება.
სიზიფეს გამძლეობა ჰქონდა და ბოლომდე ეზიდებოდა კუთვნილ ტვირთს, რომელიც ნებაყოფლობით
თავადვე იტვირთა.
* * *
წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო. გურიას ვეწვიეთ. მოსახლეობა გულწრფელი ინტერესით უსმენდა
ზვიად გამსახურდიას. როგორც ყოველთვის, ის ამჯერადაც ნათლად და მკაფიოდ აყალიბებდა თავის
შეხედულებებს. აუდიტორიას წინაპართაგან დანატოვარ მრავალ საგულისხმო სიბრძნესაც შეახსენებდა.
აშკარად იგრძნობოდა, რომ ხალხი მასში ისტორიის სიღრმეებიდან გამოხმობილ გმირსაც ეძებდა. გულის
სიღრმეში ბევრს, ალბათ, ქვეცნობიერად არ სურდა, დასჯერებოდა იმას, რომ მათ წინაშე კონსტანტინე
გამსახურდიას მხოლოდ ხორციელი შვილი იდგა. ისინი ზვიადის არსებაში ზოგჯერ მამის მიერ დახატულ
პერსონაჟთა ანარეკლის ხილვასაც ესწრაფვოდნენ. ყოველ შემთხვევაში, ამგვარი განწყობა ნამდვილად
იკითხებოდა მომიტინგეთა რიგებში.
საღამო ხანს შემოქმედის ეკლესიის მაშინდელმა მოძღვარმა მამა ნიკოლოზმა თავის ეზოში
მოკრძალებული სუფრა გაშალა. დარბაისლური საუბარი გაიმართა. შიგადაშიგ ამაღლებული საგალობლები
ისმოდა. თავისშექცევა გვიანობამდე გაგრძელდა. მკრთალ შუქზე შევამჩნიე, რომ ზვიადი სუფრასთან აღარ
იჯდა. მივიხედ-მოვიხედე და დავინახე, რომ მგალობელთა შორის ჩამდგარიყო და ხმაშეწყობილად მღეროდა.
სახეზე ნათელი გადაჰფენოდა. აშკარად ეტყობოდა, რომ სულის სიმშვიდე დაუფლებოდა და მთელი მისი
არსება ნეტარებას მოეცვა. რამდენჯერმე ვთხოვე, სასტუმროში წავიდეთ-მეთქი. ეჰ, რომ იცოდე, ასეთი
წუთები რა იშვიათია ჩემს ცხოვრებაშიო, – მითხრა ბოლოს, როცა სასტუმროს ღარიბულ ნომერში
დავბინავდით.
გული მეტკინა. დოსტოევსკი გამახსენდა: „ერთი ბედნიერი წუთი განა საკმარისი არ არის მთელი
გატანჯული ცხოვრების სანაცვლოდ?..“
არა, ნამდვილად არ არის საკმარისი!
* * *
ზვიად გამსახურდია პირველთაგანი იყო, ვინც წინამორბედთა „ხმამაღალ ფიქრებს“ თავისი ნააზრევი
შეჰმატა და შეეცადა, მკაფიოდ განესაზღვრა „ბედი ქართლისა“: „ჭეშმარიტი მსოფლიო მოქალაქეობა კი
ეროვნული თვითშეგნების გარეშე არ არსებობს. ის, ვინც „გაინგლისელდება“, „გაგერმანელდება“,
„გაფრანგდება“, „გარუსდება“, „გაამერიკელდება“, ვერასოდეს გახდება ინგლისელი, გერმანელი, ფრანგი, რუსი
ან ამერიკელი და ქართველობასაც დაჰკარგავს. და თუ ქართველებად დავრჩებით და, თანაც, ვეზიარებით
ამ ერების კულტურებს, გავაფართოვებთ და გავამდიდრებთ ჩვენს სამყაროს, გავხდებით ნამდვილი
მსოფლიო მოქალაქენი. ევროპული ინტეგრაციაც ასე უნდა გავიგოთ და არა როგორც ეროვნული
ინდივიდუალობების წაშლა ან გათქვეფა“.
სამწუხაროდ, დღეს საქართველოში თითქმის სრულიად ჩამკვდარია ცოცხალი აზრი, აღარ შეიმჩნევა
იდეების შეჯახებით გამოწვეული ნათება.
ოდითგანვე ასე ყოფილა: რაც არ იწვის, ის არც ანათებს.
2009 წ.
* * *
– ე. წ. „ГКЧП“-ს დროს ზვიად გამსახურდიამ ნამდვილი სიბრძნე და გამჭრიახობა გამოიჩინა. მისმა
გადაწყვეტილებებმა მაშინ რეალური საფრთხე ააცილა საქართველოს და ყბედობა იანაევის დაკითხვის
ოქმების თაობაზე, სრული სიცრუე და ფალსიფიკაციაა. 1991 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ თითქმის
ორი ათეული წელი გავიდა და დღეს უკვე ყველასთვის ცხადია, რომ ზვიადი არ შემცდარა, როცა ამ
მოვლენას „გორბაჩოვის შოუ“ უწოდა.
– ჯოჰარ დუდაევი სამხედრო კაცი იყო და დროის დიდი ნაწილი მას სამშობლოდან მოცილებით
ჰქონდა გატარებული. თუმცა ის კარგად იცნობდა ცხოვრებას და განსაკუთრებით აფასებდა განსწავლულ
ადამიანებს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ზვიად გამსახურდია მასზე მომნუსხველ შთაბეჭდილებას
ახდენდა, ზვიადმა მას თვალწინ გადაუშალა კავკასიური ეთნოკულტურის უღრმესი შრეები და სულ სხვა
სიმაღლიდან დაანახვა პროცესები. მეტიც: არა მხოლოდ დუდაევი, არამედ სხვა მრავალი მოღვაწეც
მიიჩნევდა ზვიად გამსახურდიას თავის მასწავლებლად და გზის გამკვალავად.
– ზვიად გამსახურდია საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლას შეეწირა. ესაა მთავარი! მთელი
თავისი ცხოვრება მან სამშობლოს მიუძღვნა და მის სიყვარულში დაიფერფლა. ასეთი ბიოგრაფიის
ადამიანებზე სიკვდილი ვერასოდეს იმარჯვებს! ზვიადმა მარტვილის ტვირთით იცხოვრა და როგორც
ჭეშმარიტმა ქრისტიანმა, წამებულის ეკლიანი გვირგვინი მიიღო. სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია.
სხვათა შორის, დაკრძალვის პროცესიაც და ამ პროცესიაში მონაწილეთა რაოდენობაც. მე ზვიადს კარგად
ვიცნობდი და ასევე კარგად ვიცი მისი აზრი ამქვეყნიურ პატივზე.
ცოცხალიც და გარდაცვლილიც, – ის ქართველ ერს უფრო სჭირდება, ვიდრე – პირიქით. ზვიადის
მსგავსი ადამიანები მუდამ ჩვენში ცოცხლობენ და უხილავად წვრთნიან ჩვენს სულს და გონებას.
@2010 წ.

შეთქმულების ანატომია
1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გაზეთ „ახალგაზრდა ივერიელში“
გამოქვეყნდა „მრგვალი მაგიდის“ მემორანდუმი. ამ მემორანდუმის თანაავტორი მეც ვიყავი. იქ დაუფარავად
არის საუბარი არჩევნების შემდგომ მოსალოდნელ საფრთხეებზე, შესაძლო სახელმწიფო გადატრიალებაზე და
სამოქალაქო ომზეც კი. ჩვენ საღად და რეალისტურად ვაფასებდით არსებულ მდგომარეობას და
გულწრფელად გვჯეროდა, რომ დამოუკიდებლობის გზაზე დამდგარ ქვეყანას მისი შვილები ზურგში მახვილს
არ ჩასცემდნენ, მაგრამ ეს მაინც მოხდა. შეთქმულება კი იმაზე გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე
„მრგვალი მაგიდა“ არჩევნებში გაიმარჯვებდა და ვინმეს სახელმწიფო გადატრიალების განხორციელებისთვის
რაიმე საბაბს მისცემდა. დრომ და ისტორიამ დაადასტურა, რომ შეთქმულთა მიზანი იმთავითვე
ძალაუფლების ხელში ჩაგდება იყო. ამ მიზნის მისაღწევად მათ არავითარი პოლიტიკური რესურსი არ
გააჩნდათ. ამიტომ, ასეთ ვითარებაში, ერთადერთი გამოსავალი ზვიად გამსახურდიას გზიდან ჩამოცილება
იყო. მოგვიანებით შესაფერისი ლოზუნგიც მოიფიქრეს: „ყველა – მინუს ერთი“. ეს „ერთი“ კი ზვიად
გამსახურდია უნდა ყოფილიყო.
„საგულისხმოა, რომ კომუნისტური ხელისუფლება დღეს ყოველნაირად მფარველობს კონგრესის
არჩევნებს, შესაბამისი შენობებითა და სხვა მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფს ამ კამპანიას.
ხალხის მოტყუების ტაქტიკა იქამდე მივიდა, რომ ვითომდა ანტიკომუნისტური „ეროვნული კონგრესის“
არჩევნებისა და ამ ძალების მიერ გამოცხადებული „ეროვნული დაუმორჩილებლობის“ მომავალი აქციის
ყველაზე მხურვალე მხარდამჭერად მასში მონაწილე „დემოკრატიულ ფრთად“ შენიღბული კომუნისტური
პარტია მოგვევლინა. ეს კი უახლოეს მომავალში აშკარა საფრთხის წინაშე დააყენებს არა მარტო
არჩევნების, არამედ მთელი საქართველოს ბედს. ამ უაღრესად სახიფათო ალიანსის მიზანი ერთია: იმ
შემთხვევაში, თუ არჩეული იქნება ეროვნული პარლამენტი და ხელისუფლება გადავა ანტიკომუნისტური
ძალების ხელში, ცხადია, ამით ბოლო მოეღება იმპერიული სტრუქტურების არსებობას საქართველოში და
დაიწყება ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის პროცესი. ბუნებრივია, რომ ხელისუფლებას
ჩამოცილებულ კომუნისტურ პარტიას აღარ ექნება ამ პროცესების შეჩერების შესაძლებლობა. ასეთ
ვითარებაში იგი ასპარეზზე გამოიყვანს თავის უკანასკნელ დასაყრდენს, ე. წ. „კონგრესს“, რომლის
საშუალებითაც შეეცდება დაამხოს ეროვნული პარლამენტი და გამოიწვიოს ძმათა შორის სისხლისმღვრელი
სამოქალაქო ომი (გაზეთი „ახალგაზრდა ივერიელი“, 11 სექტემბერი, 1990 წ.).
* * *
1990 წლის 9 ივლისს რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში გიორგი ჭანტურიამ
სიტყვასიტყვით განაცხადა:
„ჩვენ საქართველოს დავტოვებთ უზენაესი საბჭოს გარეშე“. იგივე გიორგი ჭანტურია 1990 წლის 30
აგვისტოს რუსულ „მეგაპოლის-ექსპრესში“ დაუფარავად აღიარებდა:
„ახლა გამსახურდიას მოცილება ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნება. მას მთაწმინდაზე დაკრძალავენ,
როგორც ეროვნულ გმირს. ჩვენ დაინტერესებული ვართ მისი პოლიტიკური და არა ფიზიკური
განადგურებით“ („მეგაპოლის-ექსპრესი“, 30. 08. 1990 წ.).
მსგავსი „გულახდილობის“ მაგალითებს დაინტერესებული მკითხველი უხვად წააწყდება 1989-1990 წლების
პერიოდულ გამოცემებში, რაც ისევ და ისევ ეჭვმიუტანლად ადასტურებს, რომ მოგვიანებით
განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალება კარგა ხნით ადრე იყო ჩაფიქრებული და
წინასწარგანზრახულ მიზნებს უკავშირდებოდა.
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით თვალშისაცემ ინფორმაციას შეიცავს ჯაბა იოსელიანის მემუარული
გამოცემა „მესამე განზომილება“.
ამ პიროვნების იმპრესიონისტული დასკვნები ჩემთვის სრულიად მიუღებელია, მაგრამ მისი იშვიათი
გულახდილობა და ფაქტების შერჩევის უნარი ბევრ რამეზე მეტყველებს.
აი, რას წერდა ჯაბა იოსელიანი:
... „პირველი მდივანი გ. გუმბარიძე, ზ. გამსახურდიასთან შეუთანხმებლად ერთ ნაბიჯსაც არ
გადადგამდა, – აუცილებელი იყო მისი მოცილება. ეს უმტკივნეულოდ შეეძლო შევარდნაძეს. ამის თაობაზე
ველაპარაკე მგელაძეს. იგი დამთანხმდა, დაკავშირებოდა შევარდნაძეს და ეს საკითხი გადაეჭრა. მოსკოვში
ერთ-ერთი მივლინების დროს მგელაძე მართლაც შეხვდა შევარდნაძეს და აუხსნა ყველაფერი ზემოთ
აღნიშნული. მან უარით გამოისტუმრა, სულ ერთი წელია, რაც რეკომენდაციით დაინიშნა და ახლა მისი
გადაყენება ვერ მოხერხდებაო... ახლა რუსეთს თქვენთვის არ სცალიაო... ჩემთან, სახლში შევიკრიბეთ
მგელაძე, რესპუბლიკის გენერალური პროკურორი ვახტანგ რაზმაძე, გია ჭანტურია (ედპ-ს ლიდერი), ირაკლი
წერეთელი (ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერი). ავუხსენი ვითარება. ცალკე წერეთელი, ცალკე
ჭანტურია (მოგვიანებით მოვიდა), სკეპტიკურად შეხვდნენ საკითხის ასეთ გადაწყვეტას. ბოლომდე არც მე
გამიხსნია კარტი“ (ჯაბა იოსელიანი, „მესამე განზომილება“, გვ. 16-17).
როგორც ირკვევა, 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებამდე დაახლოებით ექვსი თვით ადრე ჯაბა
იოსელიანს ორსვლიანი კომბინაცია ჩაუფიქრებია: ზვიად გამსახურდიას „განეიტრალების“ მიზნით
„ლოიალური“ პირველი მდივანი უფრო მკაცრი და დაუნდობელი ფუნქციონერით უნდა შეცვლილიყო.
სწორედ ამ გზით შეიძლებოდა ზვიად გამსახურდიას „განეიტრალება“, ანუ გზიდან ჩამოცილება.
ეს გეგმა მოგვიანებით მაინც განხორციელდა. ზვიად გამსახურდია მართლაც „გაანეიტრალეს“, ის
ფიზიკურად გაანადგურეს, თუმცა ვერ დაამარცხეს. გიორგი ჭანტურიას წინასწარმეტყველება კი ნამდვილად
აღსრულდა: ქართველმა ხალხმა ზვიდს მთაწმინდაზე მიუჩინა განსასვენებელი.
თვით ჯაბა იოსელიანს წინ მრავალი იმედგაცრუება ელოდა. ზვიად გამსახურდიას „გასანეიტრალებლად“
გამართულ ბრძოლაში ის, ალბათ, პირველად მაშინ დაეჭვდა, როცა ჯერაც სისხლშეუშრობ დედაქალაქში
ჩვენი ნაქები ინტელიგენციის მტაცებლური ბუნების დამადასტურებელ სამარცხვინო ფაქტებს წააწყდა:
„მამუკა გვარიშვილს ჩემთან მოჰყავს ვიღაც ვახტანგ რჩეულიშვილი, გინდა თუ არა რუსის ჯარის
რომელიღაც ყოფილი ქარხანა ჩვენ გადმოგვეცით, რაღაც ფირმას თუ კოოპერატივს ვხსნითო. „ვინ ხართ
თქვენ?!“ – მათ ჩემი კოწია აუყოლიებიათ, რაღაც კორპორაცია შევქმნათო. ძალიან თავხედი ვინმეა.
კოწიას დავუცაცხანე, მამუკასაც უარი ვტკლიცე, თუმცა არ ვიცი რა ქარხანაზეა საუბარი“ (ჯაბა
იოსელიანი, „მესამე განზომილება“, გვ. 61).
ანალოგიური განწყობა სუფევდა სახელგანთქმულ მეცნიერებათა აკადემიაშიც: „დღეს აკადემია
ჭიანჭველების გაქექილ ბუდეს ჰგავს. ხალხი ფუსფუსებს, მოდის, მიდის. ჩემს მოსაცდელში სამასამდე კაცი
ზის. რაზე არ არიან მოსული. ყველას პირადი სათხოვარი აქვს“ (ჯაბა იოსელიანი, „მესამე განზომილება“,
გვ. 38).
ადვილი წარმოსადგენია, ასეთ გარემოში როგორ აფორიაქდებოდა მრავლისმომსწრე ჯაბა იოსელიანი.
ერთადერთი ადამიანი, ვინც მის გულში მაშინ ნუგეშის ნაპერწკალს აღვივებდა, თურმე საქართველოს
პატრიარქი იყო. „უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ხშირად მპატიჟებს თავისთან,
მამაშვილურად მეფერება, – შენიშნავს „მესამე განზომილების“ ავტორი და დეტალურად აღწერს სულიერი
მამის მიერ მისდამი ღრმა პატივისცემის გამომხატველ ერთ-ერთ შეხვედრას: „გულითადი შეხვედრა მომიწყო
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II. მას ალბათ ჰგონია, რომ მე ფიგურალურად ან მადლიერების
გამოსახატავად ვამბობ, რომ მან სიცოცხლე შემინარჩუნა... ილია II მათვალიერებინებს თავის რეზიდენციას,
მაჩვენებს ნატყვიარებს, ზვიადისტებმა თურმე რამდენჯერმე ცეცხლი გაუხსნეს საპატრიარქოს. „აი, ხომ
გეუბნებოდით, თქვენ სჭირდებით საქართველოს, ხომ ახდა ასე!“ სათნო ღიმილით მეუბნება იგი. მე
ვეამბორები“ (ჯაბა იოსელიანი, „მესამე განზომილება“, გვ. 62).
წლების შემდეგ ჯაბა იოსელიანი სინანულით გაიხსენებს ზვიად გამსახურდიასთან დაპირისპირებას და
შერიგების აუცილებლობაზე ალაპარაკდება. მანამდე კი სისხლისღვრა და რბევა-დაწიოკება სტიქიასავით
გადაუვლის მთელ საქართველოს. ისტორიის ბორბალი თითქოს უკუღმა დატრიალდა და კვლავ ის
შემზარავი სინამდვილე გაცოცხლდა, რომელსაც ასე გულსაკლავად აღწერდა დავით გურამიშვილი:
შეიქნა დიდი მტერობა, თქმა ერთმანეთის ძვირისა,
ამპარტავნობა და შური, ურცხვად გატეხა პირისა;
ავაზაკობა, ქურდობა, გზებზე დასხდომა მზირისა,
ტყვეობა, მოკვლა, ტაცება, ქვრივთა, ობოლთა, მწირისა.

ზვიად გამსახურდია ექვს თვეს ითხოვდა


მოწინააღმდეგეებს ფუნდამენტურად ჰქონდათ გადაწყვეტილი ზვიად გამსახურდიას განადგურება. ცხადი
ხდებოდა, რომ ისინი უკან არაფერზე დაიხევდნენ. არავითარი მოლაპარაკება! არავითარი შერიგება! ის
უნდა მოკვდეს! ზვიად გამსახურდია საქართველოში არც უნდა დაიმარხოს! აი, ასეთი სამსალით
იწამლებოდა ატმოსფერო და გამოსავალიც არსაიდან სჩანდა.
1991 წლის ნოემბრის მიწურულს ზვიად გამსახურდიას მწერალთა მცირერიცხოვანი ჯგუფი ეწვია. მისი
თხოვნით ამ შეხვედრას მეც დავესწარი. სამუშაო მაგიდის მახლობლად, სავარძელში ვიჯექი და საუბარს
გულისყურით ვისმენდი. ლაპარაკით მხოლოდ ერთი, იმჟამად ფრიად გავლენიანი რომანისტი ლაპარაკობდა,
ის და ზვიადი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ და საუბარიც აუღელვებლად მიმდინარეობდა. ეტყობოდა,
რომ მწერალი რომელიღაც ძალზე დაინტერესებული ჯგუფის პოზიციას გამოხატავდა. მისი სიტყვები
ჩემთვის მეტად მძიმე მოსასმენი იყო, მაგრამ ზვიადი წონასწორობას ინარჩუნებდა და მათი შეხვედრა ისე
დასრულდა, რომ საუბარში არც ჩავრეულვარ.
პოზიცია, რომელსაც მწერალი ახმოვანებდა, დაახლოებით, ასე ჟღერდა: საქართველოს საერთაშორისო
აღიარებას ზვიად გამსახურდიას დიქტატორული მიდრეკილებები აფერხებს. ამიტომ გარკვეული წრეები
სთავაზობენ მას – ქვეყნის პრეზიდენტს, დროებით, ერთი-ორი წლით დასტოვოს ეს პოსტი და
სამკურნალოდ ევროპაში გაემგზავროს. ფინანსურ უზრუნველყოფას ჯგუფი თავის თავზე იღებდა.
ზვიად გამსახურდიას პასუხი კი ასეთი იყო: მე სრულიად ჯანმრთელი ვარ, საქართველოშიც არავითარი
დიქტატურა არ არსებობს: აღიარება კი იმიტომ იგვიანებს, რომ ჯერ კიდევ არ დაშლილა საბჭოთა
კავშირი, ის კვლავ საერთაშორისო სამართლის სუბიექტია. ახლა იმპერია, ფაქტობრივად, რღვევის პირასაა
მისული. ექვსი თვის მანძილზე ის იურიდიულადაც შეწყვეტს არსებობას და აღიარებაც მაშინვე წამოვა.
როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, მე მაშინვე დავნიშნავ ვადამდელ არჩევნებს და ლიტერატურულ
საქმიანობას დავუბრუნდები. ხელისუფლებაში ყოფნას ნამდვილად არ ვაპირებ...
ვიმეორებ:^ეს შეხვედრა 1991 წლის ნოემბრის მიწურულს შედგა. ზვიად გამსახურდია ექვს თვეს
ითხოვდა და შემდეგ, საერთოდ, პოლიტიკიდან წასვლას აპირებდა. მისი ვარაუდი გაცილებით სწრაფად
ასრულდა. ამ საუბრიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად გამოაცხადა
თვითლიკვიდაცია. 25 დეკემბერს საქართველოს დამოუკიდებლობა თვით შეერთებულმა შტატებმაც აღიარა.
ეს პროცესი ელვის სისწრაფით გავრცელდა. ასევე დაჩქარდა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ დაგეგმილი
შეთქმულების სისრულეში მოყვანაც. წილი ნაყარი იყო, მსხვერპლი – მიზანში ამოღებული, ჩახმახისთვის
თითის გამოკვრამდე ერთი დღეღა რჩებოდა.

ბოლო შანსი
1991 წლის 21 დეკემბერს პარლამენტის შენობასთან კვლავ საპროტესტო გამოსვლები გრძელდებოდა.
მძიმე ავტობუსები და სატვირთო მანქანები ერთმანეთისგან მიჯნავდნენ ხელისუფლების მომხრეებსა და
მოწინააღმდეგეებს. აშკარად იკვეთებოდა ამ უკანასკნელთა დაჟინებული მცდელობა, – რადაც უნდა
დაჯდომოდათ, უთუოდ მოეხდინათ შეტაკების პროვოცირება.
საღამო ხანს თენგიზ სიგუა ხმამაღლა აცხადებს, რომ სურს პარლამენტის კიბეებიდან მიმართოს
საქართველოს პრეზიდენტს და შეკრებილ საზოგადოებას. მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. დაპირისპირება
პიკს აღწევდა, სასწრაფოდ შევხვდი ზვიად გამსახურდიას და დავითანხმე, რომ მე თავად გადავიდოდი
მოწინააღმდეგეთა ბანაკში, შევხვდებოდი თენგიზ სიგუას და კონკრეტული წინადადებებით მივმართავდი
მას.
მართლაც, სულ მალე მიკროფონით მივმართე თენგიზ სიგუას და ჩემი გადაწყვეტილების თაობაზე
ვაცნობე. თანაშემწესთან – ირაკლი დვალიშვილთან ერთად იმ ადგილისკენ გავემართე, სადაც თენგიზ
სიგუას მიკროავტობუსი იყო გაჩერებული. ხელისუფლების სახელით მას შემდეგი წინადადებებით –
მივმართე:
„ორ საათში გაიმართება უზენაესი საბჭოს საგანგებო სესია, რომელიც:
ა) დაითხოვს მინისტრთა კაბინეტს, რათა ოპოზიციასთან ერთად დაიწყოს კოალიციური მთავრობის
ფორმირება.
ბ) დაინიშნება უზენაესი საბჭოს ვადამდელი არჩევნები.
გ) გამოცხადდება პრეზიდენტისადმი ნდობის რეფერენდუმი“.
თენგიზ სიგუასთვის ხელისუფლებიდან წამოსული ასეთი დათმობა მოულოდნელი აღმოჩნდა. „გამსახურდია
რისი გამსახურდია იქნება, ამაზე რომ წამოვიდესო“...
სხვათა შორის, ამ შეხვედრაზე თენგიზ სიგუამ ისიც მითხრა, – ორასი ათასი კაცი აპირებს ზვიად
გამსახურდიას წინააღმდეგ გამოსვლას, მაგრამ ამ ხალხს მე ვაჩერებო.
– რატომ აჩერებთ-მეთქი, ვკითხე, დაე, გამოსულიყვნენ და თავიანთი პოზიცია ღიად გამოეხატათ, ვინ
გაბედავდა ამდენი ხალხის წინააღმდეგ წასვლას?
ეს თემა სწრაფად ამოიწურა.
ხანგრძლივი საუბრის შემდეგ, მგონი, სიგუა დავარწმუნე, რომ პრეზიდენტი ნამდვილად მზად იყო
კონსტრუქციული მოქმედებისთვის. საუბრის დასრულების შემდეგ მომიტინგეებს მივმართე და შერიგებისკენ
მოვუწოდე. უკან, პარლამენტის შენობისკენ გამოვემართე, შინაგანი ხმა მკარნახობდა, რომ ძმა ძმაზე ხელს
არ აღმართავდა და სისხლი არ დაიღვრებოდა. პარლამენტის კიბეებთან მიახლოებისას, მოულოდნელად,
ვიღაცის გამყინავი ხმა წამომეწია: „ზვიად გამსახურდიავ! შენ ვერ ეღირსები ახალი წლის დადგომასო“...
ამას მოჰყვა ყურისწამღები ხმაური და ეგზალტირებული მასის აბობოქრება.
სულ მალე სროლაც დაიწყო და საქართველოში ხანგრძლივმა წყვდიადმა დაისადგურა.
დღეს უკვე სრულიად გასაგებია, თუ რატომ უგულებელყვეს 1991 წლის 21 დეკემბერს ჩემ მიერ
წამოყენებული წინადადებები. ამით ხომ საქართველო მტანჯველ დაპირისპირებას გადაურჩებოდა... რაღა
თქმა უნდა, საქართველო გადარჩებოდა, მაგრამ საქართველოს გადარჩენა მაშინ ზვიად გამსახურდიას
გადარჩენასაც ნიშნავდა.
მათ კი მეორე გზა აირჩიეს: ზვიად გამსახურდიას ტყვია ესროლეს და ის ტყვია საქართველოსაც
მოახვედრეს!

ჯოჰარ დუდაევი ამხელს


ვინ დაიწყო სროლა? ვინ წამოიწყო ე. წ. „თბილისის ომი?“ დაკვირვებული ადამიანისთვის ეს საკითხი
იმთავითვე გამორკვეული იყო, მაგრამ ზოგიერთები მაინც ახსენებენ 1991 წლის აგვისტოში მოსკოვში
განხორციელებულ უდღეურ სახელმწიფო გადატრიალებას, რომელსაც ზვიად გამსახურდიამ მაშინვე
„გორბაჩოვ-შოუ“ უწოდა.
1991 წლის 19 აგვისტოს უზენაეს საბჭოში რუსი სამხედროების მრავალრიცხოვანი დელეგაცია მოვიდა,
მათ შორის იყვნენ საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის
ჯარების სარდალი და სხვა გენერლები. ისინი მეტად მედიდურად იქცეოდნენ და გამუდმებით „წესრიგის
აღდგენაზე“ საუბრობდნენ; პირველ რიგში კი ჩვენგან ეროვნული გვარდიის გაუქმებას მოითხოვდნენ.
ნახევარ საათში მათ განადგურებას დავიწყებთო, – იმუქრებოდნენ რუსი გენერლები. ზვიად გამსახურდიამ
მათ მშვიდად გააცნო იურიდიული დოკუმენტაცია და განუმარტა, რომ ეროვნული გვარდია იგივე შინაგანი
ჯარი იყო, რომელიც, კანონის თანახმად, შესაბამის სამინისტროს ექვემდებარებოდა და წესდებით
გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებდა, ეს იყო და ეს! ეროვნული გვარდია არავის გაუუქმებია.
გვარდიელთა ფიზიკური განადგურების გეგმა კი ნამდვილად ჩაიშალა, ისევე, როგორც რუსული ტანკების
თბილისში შემოსვლა და სამხედრო შენაერთების მიერ დედაქალაქის ხელახალი ოკუპაცია. არადა, ასეთი
გეგმა ნამდვილად არსებობდა და რუსი გენერლები ამას არც მალავდნენ. საქართველო მაშინ
ფართომასშტაბიან სისხლისღვრას გადაურჩა, მაგრამ ჩეხოვისა არ იყოს, თოფი აუცილებლად უნდა
გავარდნილიყო. დეკემბერში ეს დროც დადგა და ის, რაც ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგეებმა ვერც
აგვისტოში და ვერც ოქტომბერში ვერ მოახერხეს, – დიდი წარმატებით განახორციელეს 1991 წლის
დეკემბრის სუსხიან დღეებში.
მათ ომი დაიწყეს!
ჩვენი ხელისუფლება ასეთი ომისთვის მზად არ იყო. ან კი როგორ უნდა მომზადებულიყო ქვეყნის
შიგნით, თავისსავე მოქალაქეებთან საომარი მოქმედების წარმოებისთვის?
23 დეკემბერს ედუარდ შევარდნაძემ მოსკოვიდან მთელ მსოფლიოს აუწყა, რომ თბილისში
მიმდინარეობდა დიქტატურის წინააღმდეგ მიმართული საერთო-სახალხო დემოკრატიული აჯანყება. ამგვარ
შეფასებას დასავლეთში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. რუსეთს კი მაშინვე ფართოდ გაეხსნა ხელ-ფეხი
და ღიად დაიწყო პროცესებში ჩარევა, – რაღა თქმა უნდა, – აჯანყებული „დემოკრატების“ სასარგებლოდ.
პირველმა ტყვიებმა ზვიად გამსახურდიას კაბინეტის ფანჯრები ჩალეწა. ამას მოჰყვა მძიმე ჭურვები და
ცეცხლის ალყაში გახვეული პირველი გიმნაზია. მცირერიცხოვანი სამთავრობო შენაერთები წინააღმდეგობას
უწევდნენ თავდამსხმელებს, მაგრამ უშედეგოდ...
აქვე უნდა შევნიშნო, რომ ბრძოლის დაწყების პირველ დღეს, უფრო სწორად კი – დაახლოებით
საღამოს 9-10 საათზე, ზვიად გამსახურდია უკვე აღარ აპირებდა ბრძოლის გაგრძელებას და მზად იყო
პრეზიდენტის პოსტი დაეტოვებინა.
პარლამენტის შენობის უკანა ფლიგელში, მომცრო ოთახში ვისხედით. თენგიზ სიგუამ ზედიზედ
რამდენჯერმე დარეკა და პრეზიდენტს ულტიმატუმი წაუყენა. ის პირობას იძლეოდა, რომ ზვიად
გამსახურდიას და მისი ოჯახის წევრებს თავად მიაცილებდა თურქეთის საზღვრამდე.
კარგად მახსოვს, ღრმად ჩაფიქრებულმა ზვიად გამსახურდიამ როგორ ჩაიცვა პალტო, ყელზე კაშნე
შემოიხვია და მდუმარედ აიღო ხელჩანთა. ის არაფერს ამბობდა. ჩვენც ზედმეტი შეკითხვებით თავს არ
ვაბეზრებდით.
ოთახიდან გამოვედით, კიბეებზე დავეშვით და დახურულ გარაჟში მის მანქანასთან მივედით; ამ დროს
აქოშინებული მდივანი მოვარდა და ზვიადს სთხოვა აუცილებლად ტელეფონთან მისულიყო. ყველანი უკან
დავბრუნდით. ის კაბინეტში განმარტოვდა და ხანგრძლივი სატელეფონო საუბრის შემდეგ თავისთან გვიხმო:
ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებო, გამოგვიცხადა და სასწრაფოდ თათბირი მოიწვია. მე და ავთანდილ
რცხილაძეს გვთხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროში წავსულიყავით და იქაური მდგომარეობა შეგვესწავლა.
მინისტრისთვის მხუთავი გაზი შეესხურებინათ და ჯანმრთელობა შერყეოდა. 28 დეკემბრამდე მცირე
ჯგუფთან ერთად სისტემატიურად ვმოძრაობდით უზენაესი საბჭოს შენობიდან შინაგან საქმეთა
სამინისტრომდე. ეს მეტად სახიფათო მგზავრობა იყო, მაგრამ როგორღაც ვახერხებდით. 28 დეკემბრიდან კი
პარლამენტის შენობა მჭიდრო ალყაში მოაქციეს და შიგ შეღწევა, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა.
სწორედ ამის გამო იყო, რომ ომის უკანასკნელ დღეებში ზვიად გამსახურდიასთან კავშირი დავკარგე და
მოგვიანებით ცალკე მომიწია ბათუმში გახიზვნა.
1992 წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურდიამ საქართველო დატოვა. რამდენიმე დღე სომხეთში, პატარა
ქალაქ იჯევანში დაჰყო. შემდეგ კი თავისი მეგობრის, ჩეჩნეთის პრეზიდენტის ჯოჰარ დუდაევის
დახმარებით გროზნოში ჩაფრინდა. ქვეყანა აირია. ირგვლივ სრული ქაოსი და განუკითხაობა გამეფდა.
უფრო მძიმე და შავბნელი პერიოდი ჩემი თაობის ადამიანებს, ალბათ, არც არასოდეს ჰქონიათ. ზვიად
გამსახურდიას პროგნოზი, სამწუხაროდ, ზედმიწევნით გამართლდა. თვით ზვიადი კი ჯერ კიდევ ცოცხალი
იყო და ამდენად, შეთქმულთა საბოლოო მიზანი მიუღწეველი რჩებოდა. საჭირო იყო მისი საქართველოში
ჩამოტყუება და დამარტოხელება. შემდეგ კი, როგორც იტყვიან, ყველაფერი „ტექნიკის საქმე“ იქნებოდა.
გროზნოდანაც მეტად არასასიამოვნო ცნობები მოდიოდა. არეულობა და შიდადაპირისპირება იქ
დაბანაკებულ ქართველ ემიგრანტთა შორისაც ღრმავდებოდა. ჯოჰარ დუდაევი შეძლებისდაგვარად ცდილობდა
სევდა გაექარვებინა სამშობლოს მოშორებული საქართველოს პრეზიდენტისთვის. დროდადრო სანადიროდაც
იწვევდა, მაგრამ ზვიადი ერთობ მწუხარე იყო.
1993 წლის აპრილში უზენაესი საბჭოს სახელით ზვიად გამსახურდიას თხოვნით მიმართეს, რათა ის
სწრაფად დაბრუნებულიყო საქართველოში და კანონიერი ხელისუფლების აღდგენა გამოეცხადებინა. ივნისის
თვეში ვიღაც-ვიღაცებმა ტელევიზიის აღების სცენა გაითამაშეს და ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდეს.
ამ პროვოკაციას მოსახლეობა არ აჰყოლია, თორემ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა ტრაგედიაც
მაშინ დატრიალდებოდა.
მე კი სანდო კაცის ხელით ზვიადს ბარათი გავუგზავნე. არამც და არამც ახლო მომავალში შინ
დაბრუნებაზე არც იფიქრო-მეთქი, – ვურჩევდი და თან ვთავაზობდი, როცა საჭიროდ ჩათვლიდა, თავად
ვეწვეოდი გროზნოში და დეტალურად გავაცნობდი რეალურ მდგომარეობას.
სამწუხაროდ, წერილი ადრესატამდე არ მისულა. უფრო მართებულად რომ ვთქვა, ის ზვიადს არ
გადასცეს, შუამავალს უკან გამოატანეს.
დრო გავიდა და 1993 წლის 24 სექტემბერს ზვიად გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა. 25
სექტემბერს მე ის ზუგდიდში ვინახულე. გულახდილად ვისაუბრეთ. მეტად დაღლილი მეჩვენა. აფხაზეთის
გადასარჩენად ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთო...
ორი დღის შემდეგ, 27 სექტემბერს, სოხუმი დაეცა. ზვიად გამსახურდია არ დათანხმდა პრეზიდენტის
სავარძლის ფასად ეცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ამით მან, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა,
საკუთარი ნებით ხელი მოაწერა დიდი ხნის წინათ გამოტანილ თავისსავე სასიკვდილო განაჩენს.
ახლა კი ყურადღებით გავეცნოთ მისი მეგობრის, ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჯოჰარ დუდაევის
მიერ 1994 წლის 23 თებერვალს საგანგებო პრესკონფერენციაზე წარმოთქმულ სიტყვას. აქ საუბარია ზვიად
გამსახურდიას ჩეჩნეთიდან საქართველოში გამომგზავრების დეტალებზე. როგორც ჩანს, ჯოჰარ დუდაევი
ვრცელ ინფორმაციას ფლობდა, მაგრამ ლაპარაკით ერთობ ცოტას ლაპარაკობდა, დაღუპული მეგობრის
ღირსებას უფრთხილდებოდა, თუმცა ჩვენ გასაგონად ხმამაღლა ამბობდა იმას, რისი ცოდნაც ჩვენთვის
საჭირო და აუცილებელია.
„მე კარგად მახსოვს ზვიად გამსახურდიასთან საუბარი საქართველოში მის გამგზავრებამდე... მე მას
ვარწმუნებდი (სამჯერ ვისაუბრეთ): – „ზვიად, ჩემო ძვირფასო ძმაო, თუ ახლა შენ იქ წახვალ, შენი
მომხრეები გააქტიურდებიან, ეს გააქტიურება კონფრონტაციის გაძლიერებას გამოიწვევს. კონფრონტაციის
გაძლიერება კი სჭირდება რუსეთს. რუსეთი თავის შეიარაღებულ ძალებს გამოიყენებს, რომ კონფლიქტი
უფრო გააღვივოს. რუსეთი არასოდეს დაუშვებს, რომ ამ ეტაპზე შენ კვლავ საქართველოს სათავეში
აღმოჩნდე. – მას ეს ესმოდა... მეორე შეხვედრაზე მაგიდაზე ოპერატიული დოკუმენტები დავუწყვე, რომ
ასეთი პროვოკაცია მზადდება, რომელ ჯარებს შეიყვანენ სწორედ შავი ზღვიდან, ვისი ხელმძღვანელობით,
სად ემზადებიან და როგორ განვითარდება სცენარი! მან ეს იცოდა, მაგრამ საქართველოდან ყოველდღე,
ყოველ საათს ჩამოდიოდნენ და მას არ შეეძლო უარი ეთქვა, რათა მშიშარა არ გამოჩენილიყო. მესამე
საუბრისას... მას შესანიშნავად ესმოდა, სად მიდიოდა და რომ ეს გააძლიერებდა კონფრონტაციას,
გააძლიერებდა რუსეთის ჩარევასაც. როცა საბოლოოდ გადაწყვიტა გაფრენა, ჩემი პირობა იყო – პირად
დაცვას მე შევარჩევდი! ის დამთანხმდა, მაგრამ ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა როგორღაც ყველა
გაგვაცურეს, პირადად მეც. დაცვას უთხრეს – ამ თვითმფრინავით არ გაფრინდებიან... დღეს არ
გაფრინდებიან, გადაიდო... თვითონ კი კომერციული რეისით გაფრინდნენ... ასე აღმოჩნდა ზვიადი
საქართველოს ტერიტორიაზე... მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ვვარაუდობდით. რატომ გადადგა ეს
ნაბიჯი? ზვიადი მშიშარა არ გახლდათ, ძალიან მამაცი ადამიანი იყო! მან ივარაუდა, რომ ასეთ
სატუაციაში, ვთქვათ, დაბრუნდა ხელისუფლებაში, – რას მიიღებს მემკვიდრეობით? ასობით, ათასობით
დაღუპულს, დანგრეულ ეკონომიკას, სრულ ბანდიტიზმს, ჯაშუშობას, კონფრონტაციას, სრულიად დაქცეულ
წარმოებას, ქართველი ხალხის ცრემლსა და დარდს... წყევლას... და მან არ ისურვა ხელი სისხლში
გაესვარა, როგორც არ გაუსვრია პირველივე დღიდან“...
ჯოჰარ დუდაევი ზვიადის ნამდვილი მეგობარი იყო. მის სიტყვებსა და ქვეტექსტებში ბევრი რამ
იკითხება. ვისაც გონების თვალი უჭრის, ის უთუოდ მიხვდება და გაიგებს მეგობრის გულისტკივილს და
დაუფარავ აღშფოთებას იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო და ხელი ვერ შეუშალა ზვიად გამსახურდიას
წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულების ხორცშესხმას. თუმცა, როგორ შეუშლიდა, როცა მსგავსი ვერაგობის
წარმოდგენა დიდად აღემატება ადამიანურ შესაძლებლობებს.
არადა, ზვიად გამსახურდიას მსგავსად ისიც ადამიანი იყო, ზვიადივით გამორჩეული და არაჩვეულებრივი
ადამიანი.
2016 წ.

9 აპრილი
* * *
1989 წლის 9 აპრილს ქართველი კაცის „კულტურული ჰაბიტუსი“ გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა,
ვიდრე ილიას მიერ დახატული „ბედნიერი ერის“ პორტრეტი. ის უკვე აღარ იყო „ქედდრეკილი და
მადლიერი“, „უშფოთველი და ქვემძრომელი“, ჯორ-ცხენივით „ყოვლად მთმენი“ და „თავდახრილი“...
ერის კულტურულ-ისტორიული მეხსიერება უკვდავია! ზოგჯერ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მან პირი
იბრუნა და მიიძინა, მაგრამ დგება ჟამი, როცა ის ძილქუშიდან თავისუფლდება და მოქმედებას იწყებს.
ასეთ დროს, როგორც წესი, თავს წამოყოფს ხოლმე ჩვენი „მარად თანამდევი“ მეტაფიზიკური დილემა:
„წახვალ – ინანებ, არ წახვალ – ინანებ“ (ნ. მიწიშვილი).
1989 წლის 9 აპრილს ჩვენ კიდეც „ვინანეთ“ და „არც ვინანეთ“. დიახ, ვინანეთ, რადგან ბარბაროსებმა
ალესილი ნიჩბებით დაჩეხეს სრულიად უდანაშაულო ადამიანები, რომელთაც ხელში ანთებული სანთლები
ეჭირათ და „მამაო ჩვენოს“ ლოცვას წარმოთქვამდნენ.
ვიცი, ჩვენს მაშინდელ ქმედებას მრავალი მჩხრეკელი და კრიტიკოსი ჰყავს, მაგრამ ღრმად მწამს, რომ
მისი უწმინდესობა გულის სიღრმეში დღესაც ღრმა პატივისცემით იმსჭვალება იმ „არა“-ს გამო, რითაც
მამობრივი მზრუნველობით აღსავსე მის მოწოდებას ოცდაორი წლის წინათ მთავრობის სახლთან
შეკრებილი საზოგადოება გამოეხმაურა.
ხოლო მათ, ვინც ამ „არა“-ს თქმისთვის თითს კვლავ ქართველი პატრიოტებისკენ იშვერს, ნუ
დაავიწყდებათ, რომ არსებობს ადამიანურ ფასეულობათა იერარქია, რომელშიც „სმა-ჭამა დიდად შესარგი“-ს
ცნობიერება არცთუ მაღალ საფეხურზე დგას. ყოველ შემთხვევაში, ღირსეული საზოგადოება მუდამ სწორედ
ასეთ იერარქიას ცნობდა და აღიარებდა.
ის, რაც „გარდაქმნილმა“ ბოლშევიკებმა 9 აპრილს ჩაიდინეს, ქართველი პატრიოტების „უგუნურებისა“ და
„სულსწრაფობის“ მიზეზით ნამდვილად არ მომხდარა. მთელმა ქვეყანამ იცოდა, რომ საპროტესტო აქცია 14
აპრილს უნდა დასრულებულიყო და დასრულდებოდა კიდეც, სწორედ ისე, როგორც მანამდე არაერთხელ
ყოფილა: – „ხიდან ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდებოდა“...
მაგრამ რეჟიმი, რომელიც იმთავითვე ძალადობაზე იყო დაფუძნებული, გარდაქმნას და მით უფრო –
პროგრესულ სახეცვლილებას აღარ ექვემდებარებოდა. ამიტომ ვინანეთ უმანკო სისხლი და ვინანეთ
ტრაგედია, რასაც დღემდე განიცდის იმ ორომტრიალში ცოცხლად გადარჩენილი ყოველი ქართველი.
ხოლო არ ვინანეთ, რომ იდეალი, რომელმაც მაშინდელი ქართველი საზოგადოების არჩევანი
განსაზღვრა, ჩვენი კულტურულ-ისტორიული მეხსიერების სიცოცხლისუნარიანობით იყო შთაგონებული. არ
ვინანეთ, რომ რეჟიმი, რომელმაც ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულ, გამარჯვებულ და
დამარცხებულ კლასებად დაჰყო საქართველო, – ხერხემალში გადატყდა! არადა, ზოგიერთები ჯერაც ვერ
გარკვეულან, თუ საიდან და როდის დაიძრა გამანადგურებელ წინააღმდეგობათა ეს ნიაღვარი. იქნებ ვინმეს
ჰგონია, რომ ლოზუნგი – „ჩვენი ეგნატე, თქვენი ილია“, – ოციან წლებში არ იშვა? ან იქნებ 1924-ში არ
გავრცელებულა უკიდურესი სასოწარკვეთილების აღმძვრელი, შემაძრწუნებელი ფრაზა: – „მათუშკა, ახლა
იაფი მარტო ქართველების ხორციაო?..“ 1937? 1956? 1989? და ა. შ. და ა. შ...
1989 წლის 9 აპრილი ისტორიული გზაგასაყარია. ამ დღიდან მოყოლებული, ქართველი კაცი უკვე აღარ
იყო „ახალი ანთროპოლოგიური“ ტიპი – „ჰომო სოვიეტიკუსი“.
რომ არა „მრისხანე და მშვენიერი“ (ასე მოიხსენიებდა ვიქტორ ჰიუგო 1793-ს – საფრანგეთის დიდი
რევოლუციის თარიღს) 89 წელი, საქართველოში არ ჩატარდებოდა ჯერჯერობით ერთადერთი თავისუფალი
და სამართლიანი არჩევნები, არ გაიმართებოდა 31 მარტის რეფერენდუმი და, რაც მთავარია, არ იქნებოდა
1991 წლის 9 აპრილი – დამოუკიდებლობის აღდგენა!
აი, რატომ არ უნდა ვინანოთ ჩვენი ისტორიის გამო!
2011 წ.

წუთისოფელი ასეა
ვიცნობ, მეც ვიყავ სოფელსა.
დავით გურამიშვილი
ისტორიის მეცნიერული ღირებულების შესახებ გავრცელებულ მრავალრიცხოვან შეხედულებათა
პარალელურად არსებობს ღრმა სასოწარკვეთილების აღმძვრელი ისეთი მინიშნებები, რომლებიც ხშირად
წარსულისადმი ჩვენი ყოვლად გაუმართლებელი გულგრილობისა და უმადურობის მიზეზი გამხდარა.
ჩვენ, ქართველებს, ჩვენივე ცნობისწადილის ზეზეული დაშრეტის გამამართლებელ არგუმენტად დღეს
უკვე აღარ გამოგვადგება იმის განსჯა, რომ „ისტორია ქიმიის მიერ გამომუშავებული ყველაზე მავნე
პროდუქტია“, რომ თურმე, ის „იწვევს ოცნებებს, ათრობს ხალხებს, ყალბ მოგონებებს აღუძრავს მათ
რეფლექსებს, განდიდების თუ დევნის მანიას უვითარებს, სიმწარეს, ზვაობას, ამაოებას უნერგავს და
აუტანელს ხდის ერებს“ (პოლ ვალერი).
დეკადანსის მათრობელა სურნელით გაჟღენთილ ამ განმაიარაღებელი განწყობის საპირისპიროდ
ქართული კულტურულ-ისტორიული ტრადიცია გამუდმებით ჩაგვაგონებს, რომ ხსნა არა წარსულთან
სამკვდრო-სასიცოცხლო ჭიდილში, არამედ მასთან ჰარმონიულ თანხმობაში, „დაცემული მეობის აღდგენის“
მხურვალე ცდასა და ამ მომქანცველი ცდით მოპოვებულ მტკიცე ერთობაში უნდა ვეძებოთ. „შვილმა უნდა
იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა, რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა. შვილს უნდა
გამორკვეული ჰქონდეს, რაში იყო მართალი და კარგი მისი მამა, რაში იყო შემცდარი, რა ავი მიიჩნია
კეთილად, და რა კეთილი – ავად, რა უმართავდა ხელს, რა აბრკოლებდა, რისთვის ირჯებოდა და
მხნეობდა, და რისთვის და რაში უქმობდა“ (ილია ჭავჭავაძე).
ყოველივე ამის გათვალისწინება მით უფრო გვმართებს დღეს, როდესაც უნებლიე გულმავიწყობის თუ
შეგნებული იგნორირების მომაკვდინებელი სენი ასე საბედისწეროდ ღრღნის ჩვენს სულს და გონებას.

ორი გვირგვინი
ოქროს გვირგვინის დასაუფლებლად კაცობრიობის ისტორიაში უამრავ პრეტენდენტს უბრძოლია. მათ
შორის უღირსიც ბევრი ყოფილა.
ეკლის გვირგვინით კი მუდამ მხოლოდ მცირედნი და ისიც მხოლოდ ღირსეულთა შორის ღირსეულნი
იმკობდნენ თავს.
ოქროს გვირგვინისთვის ხშირად ათასების და ათი ათასების სისხლი დაღვრილა.
უცნაურია, მაგრამ ეკლის გვირგვინი ყოველთვის გაცილებით „იაფი“ გვიჯდებოდა: ათასწლეულების
მანძილზე მას მხოლოდ ერთეულების სიცოცხლე ეწირებოდა, თან – ნებაყოფლობით გაღებული სიცოცხლე.
* * *
პოლიტიკოსთა აზრით, საქართველოში სერიოზული პოლიტიკური კრიზისი მწიფდება. ეკონომისტებიც
ერთობ პესიმისტურ დასკვნებს აკეთებენ და ამ სფეროში არსებულ კოლაფსურ მდგომარეობაზე საუბრობენ.
შფოთავენ მეცნიერები, მწერლები, სპორტსმენები, სტუდენტები, მეტალურგები, მძღოლები და ა. შ. სოფლად
და ქალაქად, მოსახლეობის ფართო ფენებში, უფრო და უფრო მწვავდება დეპრესიული განწყობილება.
მოკლედ, დღეს უკვე ყველა მიმართულებით იგრძნობა მკვეთრი და გადამწყვეტი ხასიათის ცვლილებათა
საჭიროება.
საყოველთაო დეპრესიისა და კრიზისის დაძლევის უეჭველ წინაპირობად კი ისევ და ისევ რჩება
საერთო ძალისხმევით გამსჭვალული ნამდვილი (და არა ზერელე და მოჩვენებითი) ეროვნული
კონსოლიდაცია, რასაც, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ნებსით თუ უნებლიეთ, ყველაზე დიდ
დაბრკოლებას სწორედ სახელისუფლო წრეები უქმნიან.
საერთოდ, ჩვენში უღვთოდ მომრავლებული თვითმარქვია პოლიტიკოსები და მათი პატარ-პატარა, მაგრამ
ფრიად დიდი მადისა და სურვილების მქონე დაჯგუფებები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ ეროვნულ-
სახელმწიფოებრივ ინტერესთა აქტივიზაციისათვის.
მათი კერძო პარტიულ-კორპორაციული ზრახვების რეალიზებისათვის ზედმიწევნით ხელსაყრელია
ფეთქებადი დაძაბულობითა და მუდმივი ურთიერთდაპირისპირებით გაჟღენთილი ატმოსფერო, ანუ „მღვრიე
წყალი“, საიდანაც ისინი საოცნებო „ოქროს თევზის“ დაჭერის მოლოდინში არიან.
ამიტომაა, რომ ჩვენში დღითიდღე ეცემა პოლიტიკოსისა და პოლიტიკური პარტიების ავტორიტეტი.
პოლიტიკოსმა აშკარად დაკარგა საზოგადოების ნდობა და სიმპათია. იგი იქცა რაღაც საშუალოდ,
მომხვეჭელსა და თაღლითს შორის.
ეროვნული კონსოლიდაციის საშვილიშვილო საქმე, უწინარეს ყოვლისა, მოღვაწემ, ანუ როგორც საბა
განმარტავდა, – მოჭირნახულე პიროვნებამ უნდა იტვირთოს.
მოჭირნახულე – მოღვაწის ეტალონი კი საუკუნეების განმავლობაში იკვეთებოდა ჩვენს ისტორიულ
მეხსიერებაში.
იგია კაცი, ვისაც:
„ძილშიაც არ სძინავს ქვეყნის უბედურებით გულაღტკინებულსა“ (ილია) და ქალი, რომელიც
დაუნანებლად წარმოსთქვამს:
„მე ჩემისად მაყურებელ თვალს დავიბრმავებ და შენისად მაყურებლითღა ვივლი და ვიცოცხლებ“
(ილია).
თუ სამ მილიონ ქართველში დღეს სამასი ასეთი მამულიშვილი მაინც მოიპოვება, – ნამდვილად ღირს
ბრძოლა და ჭიდილი.
თუ არა და...
2006 წ.
* * *
მართლაც საოცარი ვინმეა ჩვენებური ამომრჩეველი. ამომრჩეველს პირობითად ვუწოდებთ, თორემ თუ
ასეთ ღრმა კრიზისში მყოფ ადამიანს კვლავაც შერჩენილი აქვს ავ-კარგის გარჩევისა და, საერთოდ,
ამორჩევის უნარი, ანუ პოლიტიკური აზროვნებისა და საზოგადოებრივი აქტივობის სასურველი ხარისხი, –
ეს მართლაც დიდ ინტელექტუალურ მიღწევად უნდა ჩაითვალოს.
ბოლო დროს დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ჩვენი ამომრჩეველი არცთუ ძვირად აფასებს თავის
პოლიტიკურ „ხმას“: ორიოდე კილოგრამი ბრინჯი, ფქვილი, მაკარონი და ზედ დართული ოცლარიანი
სავსებით საკმარისია, რათა თავისი უნიკალური საგანძური მან ოთხი-ხუთი წლით ჩააბაროს პოლიტიკოსად
სახელდებულ ხმების მოყვარეს.
ამ მარტივი სავაჭრო-კომერციული გარიგების შედეგად მოგებული, რაღა თქმა უნდა, „რჩეული“ გამოდის.
მან ხომ სულ რამდენიმე ათასის საფასურად აიხდინა ბავშვობის ოცნება და ამაყად შეაბიჯა პარლამენტის
(ან სხვა მსგავს) შენობაში.
უცნაურია, მაგრამ წუთისოფელი ასეა:
ჩვენი და ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა, თავისი უმანკო სისხლიც
დაღვარა... ამიტომაა, რომ ჩვენ „სისხლითა მისითა სყიდულ ვართ“ და, მაინც, ორი ათასი წელია ვერა
და ვერა აგვირჩევია იგი – უფალი ჩვენი, ვერ აგვირჩევია ქრისტეს გზა.
... და რა უპრობლემოდ ვირჩევთ პრეზიდენტებს, პარლამენტარებს, მერებსა და ა. შ.
* * *
რომაელების მიერ დაპყრობილ ბერძნულ პოლისებში გამართულ ოლიმპიადებსა თუ სხვა სახის
შეჯიბრებებში ნერონს ათასზე მეტი ჯილდო ჰქონდა მიღებული (უფრო ზუსტად – 1808).
ძლევამოსილი იმპერიის მბრძანებელი მაშინაც კი გამარჯვებული გამოდიოდა, როცა მისი კვადრიგა
სასაცილოდ გადაყირავდებოდა ხოლმე. ნებისმიერ შემთხვევაში ნერონი იოლად აღწევდა გამარჯვებას.
მონადქცეული მასა მზად იყო უსიტყვოდ დაეკმაყოფილებინა იმპერატორის ყოველი ახირება, რათა
სანაცვლოდ მისგან რაღაც შეღავათები მიეღო. სხა გზა მაშინ ბერძნებს არ ჰქონდათ.
მაგრამ, როცა ამ ეფემერული „გამარჯვებებით“ თავბრუდახვეულმა იმპერატორმა თავი ღმერთად
წარმოიდგინა, რომისთვის სახელის შეცვლა – ნერონოპოლისის დარქმევა და გრანდიოზული ტრიუმფის
მოწყობა განიზრახა, – მარადიულმა ქალაქმა არ აღიარა მონათა შორის მიღწეული გამარჯვება.
დიახ, მხოლოდ თავისუფალ მოქალაქეთა შორის, თავისუფალ გარემოში მოპოვებული წარმატებაა
ნამდვილი წარმატება და დაფნის გვირგვინსაც მაშინ აქვს ფასი, როცა მას თავისუფალი მოქალაქის
ხელიდან იღებენ ხოლმე!
ტრიუმფის ნაცვლად რომმა ეშაფოტი მოუწყო იმპერატორს!
და კიდევ: „მონა შეიძლება სულით თავისუფალი იყოს, ისე, როგორც დიოგენე,
შეიძლება ტუსაღიც იყოს თავისუფალი, როგორც სოკრატე.
ასევე შესაძლებელია, თავისივე ვნებების ტყვედ იქცეს იმპერატორი, სწორედ ისე, როგორც ნერონი“
(ეპიკტეტი).
2006 წ.

გმირები და ანტიგმირები
გაუგებარია რატომ, მაგრამ ხელისუფლებამ არაერთხელ გააწნა მწარე სილა ქართველ საზოგადოებას.
იგი ისე დაეჩვია ამ საძრახ საქციელს, რომ ბოდიშის მოხდასაც ზედმეტად მიიჩნევს.
ალბათ, ბევრს ახსოვს, თუ რაოდენ თავზარდამცემი იყო პრეზიდენტის ინფანტილური ქირქილი
თბილისის მერის პირდაპირი არჩევის თაობაზე: ხომ შეიძლება, მოსახლეობამ „მარსიელების პარტია“ ან
სულაც ვინმე ქიბროწაშვილი აირჩიოსო... მისმა ერთგულმა პარლამენტარმა კი თავხედობის ყველა დასაშვებ
ზღვარს გადააბიჯა და ქართველობა „კოლექტიური შიზოფრენიით“ შეპყრობილ მასად გამოაცხადა.
„გამარჯვებული ხალხის“ მგრძნობიარე თავმოყვარეობისთვის ასეთი დარტყმა ჯერ არავის მიუყენებია!
დიახ! უკვე დასამალი არაა, რომ ხელისუფლება არაფრის დიდებით არ ენდობა „თავის“ ხალხს, არ
ენდობა ქართველ საზოგადოებას; უფრო მეტიც, იგი ათვალისწუნებითა და ავადმყოფური შიშით შეჰყურებს
მოქალაქეთა თავისუფალი ნების უმნიშვნელო გაელვებასაც კი! ამიტომ დღენიადაგ და მიზანდასახულად
ცდილობს, საბოლოოდ მოსპოს და გააცამტვეროს მყარი ეროვნულ-ისტორიული ფასეულობანი, დაამციროს და
დააკნინოს ჩვენი თვითმყოფადობის განმსაზღვრელი ეთიკური იდეალები; მათ ნაცვლად კი სურს, ცრუ და
ყალბი ფსევდოღირებულებანი დაამკვიდროს, რომლებიც თავის თავში იმთავითვე ატარებს დამანგრეველ
ტენდენციებს.
ჩვენს მეხსიერებაში საზოგადოების გამასხარავებისა და აბუჩად აგდების გაუგონარ პრეცედენტად
დარჩება ხელოვნურ „გმირთა“ გამოძერწვის მკრეხელური მცდელობანი, რასაც ასე დაჟინებით ესწრაფვიან
საქართველოს პრეზიდენტი და მისი თანამზრახველები. ახლახან ერთ-ერთმა მათგანმა ამ აღვირახსნილ
ვაკხანალიას მორიგი ადრესატიც გამოუძებნა და საჯაროდ, მთელი ქვეყნის დასანახად „ნამდვილ გმირებად“
შერაცხა... საზაფხულო ბანაკების უკლებლივ ყველა ახალგაზრდა დამსვენებელი (?!).
ეს უკვე მეტისმეტია!
და სასაცილოა (სატირალი და თავში ხელის საცემი რომ არ იყოს), რომ ამას სჩადის არა ვინმე
მოხეტიალე კომედიანტი, არამედ საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე!
საკითხავია, ნუთუ ამ ადამიანებს მართლა არაფერი სმენიათ ჭეშმარიტ გმირთა სამაგალითო ღვაწლის
შესახებ, თუ ამ ღვაწლს შეგნებულად ესვრიან ლაფსა და ტალახს?
კი, ნათქვამია: „ადამიანები სწრაფად იღლებიან იდეალებისგანო“, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს თვით
ამ იდეალების მსხვრევას და გაქრობას!

ნაცვალსახელი
„მე არ მინდა, ჩემმა შვილებმა იცხოვრონ ასეთ ქვეყანაში“, – გახსოვთ, ალბათ, ეს ფრთიანი გამოთქმა,
რომელიც ყველაზე ხშირად გაისმოდა „ვარდების რევოლუციის“ დღეებში. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს,
ამ ფრაზას განსაკუთრებული დაჟინებით, რატომღაც, მხოლოდ სვებედნიერი მშობლები იმეორებდნენ, ანუ
ისინი, ვის შვილებსაც, მადლობა ღმერთს, არც რევოლუციამდე მოკლებიათ ბედნიერი ბავშვობის
სიხარული.
წვიმასა და სუსხიან სიცივეში საათობით მდგარი უბრალო ადამიანები კი საერთოდ არ საუბრობდნენ
თავიანთ შვილებზე. მათ გულწრფელად აწუხებდათ საქართველოს მომავალი და რას წარმოიდგენდნენ, თუ
რევოლუციის მებაირახტრენი „შვილების“ თემაზე თავიანთი ორატორიისთვის სენტიმენტალური ჟღერადობის
მისანიჭებლად კი არა, არამედ სრულიად პირდაპირი და კონკრეტული მნიშვნელობის გამო ამახვილებდნენ
ყურადღებას.
დიახ! აღმოჩნდა, რომ ბისმარკის ცნობილი სენტენციის მეორე კატეგორიად მოაზრებული პერსონაჟები
(ე. ი. არამზადები), როგორც წესი, საკმაოდ პრაქტიკულად და პრაგმატულად აღიქვამდნენ „რევოლუციას“
და, მართლაც რომ, გამიზნულად (ანუ „ცალსახად“) უკავშირებდნენ მას თავიანთი ოჯახის წევრთა
შემოსავლების ზრდას!
დღეს ამ ადამიანებს საერთოდ აღიზიანებთ შვილების თემა, განსაკუთრებით – სხვისი შვილებისა.
„რევოლუციური“ ფრაზეოლოგიიდან მათ ლექსიკონში დარჩა მხოლოდ ნაცვალსახელები.
„ეს ქვეყანა“, „ამ ქვეყანას“, „ამ ქვეყანაში“, – გამუდმებით სწორედ ამგვარი ნაცვალსახელებით
მოიხსენიებენ ისინი საქართველოს.
ფრომისა და ფროიდის მოშველიება სულაც არაა აუცილებელი, რათა გავიგოთ, თუ რატომ, რის გამოა,
რომ „რევოლუციონერ ხელისუფალთა“ ცნობიერებასა და ყოველდღიურ მეტყველებაში მამული, სამშობლო,
ანუ საქართველო, როგორც წესი, ნაცვალსახელების ანონიმურ სიბრტყეზე ქვავდება.
წამიერად თვალი შევავლოთ, თუ როგორ ეკვრის მშობელს ახალშობილი. პატარას თვალის გახელაც არ
სჭირდება, რათა შეიგრძნოს, რომ იგი სწორედ დედის თბილ ხელებშია მოქცეული. მოგვიანებით ის უკვე
სავსებით აცნობიერებს მშობლის არსებას და ზუსტად წარმოთქვამს მთელ ქვეყნიერებაზე მხოლოდ
ერთადერთი ადამიანისთვის განკუთვნილ სახელს – დედა.
სამშობლოსთან მიმართებითაც ამგვარადვე ხდება: გავაცნობიერებთ თუ არა სამშობლოს, უმალ
შეუმცდარად წარმოვთქვამთ მის სახელს – საქართველო.
რაც შეეხება ნაცვალსახელებს, ეს იმას ნიშნავს, რომ, როგორც ჩანს, ვიღაც-ვიღაცებს, უბრალოდ, ჯერაც
არ გააჩნიათ ქართული ეროვნული ცნობიერება.
2006 წ.

პოლიტიკური ფუტურიზმი
თავის დროზე ფუტურიზმი მეტად ხმაურიან მოძრაობას წარმოადგენდა. მან ფეხი მოიკიდა ხელოვნების
სხვადასხვა დარგში. განსაკუთრებით კი – ფერწერაში. თუმცა არანაკლებ მიეძალა მწერლობასაც. მაგრამ
ფუტურისტული მსოფლაღქმა ყველაზე აქტიურად პოლიტიკაში გაბატონდა. თავბრუდამხვევი იყო მარინეტისა
და მის მიმდევართა აგრესიული შეტევები წარსულზე და წარსულში დამკვიდრებულ ფასეულობებზე.
ფუტურისტები დაურიდებელ დარტყმებს აყენებდნენ ტრადიციულ წარმოდგენებსა და მასზე დაფუძნებულ
მოქმედ სისტემებს, მაგრამ მათი ნოვაციები მეტად სუსტი გამოდგა. მათ ვერ შეძლეს ახალი
ღირებულებისა და რამდენადმე შთამბეჭდავი სიახლის დამკვიდრება, საბოლოოდ კი, ფუტურიზმი სწორედ იმ
დეკადანსის უკანასკნელი და დამამთავრებელი საფეხური აღმოჩნდა, საიდანაც ასე თავგამოდებით
ცდილობდნენ დისტანცირებას მისი მიმდევრები.
იგივე მეორდება ქართულ პოლიტიკურ რეალობაში: ჩვენი ხელისუფალნი ფუტურისტული ხმაურითა და
მრისხანებით უტევენ იმ დეკადანსს (გუშინდელ დღეს), რომლის უკანასკნელ ნამსხვრევებსაც თვითონვე
წარმოადგენენ. ამით ისინი გარკვეულწილად ამტკიცებენ, რომ არ სურთ საზოგადოების თვალში კვლავ
ისეთებად გამოჩნდნენ, როგორიც გუშინ და გუშინწინ იყვნენ და რასაც, სინამდვილეში, დღესაც
წარმოადგენენ.
მაგრამ ამის მეტი მათ აღარ შეუძლიათ.
ისინი რენესანსისთვის და, მით უფრო – ნოვაციისთვის, არ არიან მოწოდებულნი, რადგან ამ
ადამიანებს არ გააჩნიათ ამისათვის საჭირო და აუცილებელი მრავალი თვისება, ძლევამოსილი სულიერი
ენერგია, აქტიური ეროვნულ-რელიგიური მუხტი და ინტელექტუალური პოტენციალი.
დიდი ისტორიული ნახტომის გაკეთება არასოდეს ყოფილა პოლიტიკური დეკადანსის ბინადართა ხვედრი.
ამის დასტური ისაა, რომ უარყოფის სული ფუტურიზმში გარდაუვალი თვითუარყოფით ასრულებს თავის
არსებობას, ანუ ფინალური სცენა წინასწარვე ცნობილია: „იგი მოვიდა, რათა ეთქვა „არა“ და
მომკვდარიყო“.
დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის თხუთმეტი წლის მანძილზე არაერთხელ ყოფილა ისტორიულ
მოვლენათა გაყალბებისა და გამრუდებული ფაბრიკაციის მცდელობა. იყო დრო, როცა ვიწრო
კორპორაციული ინტერესებით შეპყრობილი ადამიანები ეჭვქვეშ აყენებდნენ მეოცე საუკუნის პატრიოტული
მოძრაობის მნიშვნელობას და აბუჩად იგდებდნენ საზოგადო საქმისთვის უანგაროდ მებრძოლ ერისკაცთა
თავგანწირვას. მადლობა უფალს, ჩვენი ცნობიერება თანდათან გათავისუფლდა მსგავსი წარმოდგენებისაგან
და, ბოლოს და ბოლოს, ვისწავლეთ წარსულის გაკვეთილების მართებულად განსჯა, ვისწავლეთ ჩვენ
მიერვე დაშვებული შეცდომების პირუთვნელი შეფასება, რითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით
საზოგადოებრივი ცნობიერების ერთგვარი კრისტალიზაციის თვალსაზრისით.
მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ძალზე ცოტაა იმისათვის, რათა ნარცისიზმით გატაცებულმა ადამიანებმა
ხელი აიღონ ჩვენი ისტორიის მორიგი ფალსიფიკაციის მცდელობაზე.
არადა, თუ ისტორიის ლოგიკაზე მეთოდური ძალადობის ფაქტებს დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ამ
საძრახ საქმეში ყველაზე მეტად პრეზიდენტი სააკაშვილი აქტიურობს. იგი ისე თავდავიწყებით არის
გატაცებული „ვარდების რევოლუციის“ აპოლოგიით, რომ მზადაა საქართველოს ისტორია ხელახლა
გადაწეროს და ქართველი ერის ერთადერთ ისტორიულ მიღწევად სწორედ ეს ე. წ. „რევოლუცია“
გამოაცხადოს. აცხადებს კიდეც: – მსოფლიოს წინაშე საამაყო და თავმოსაწონებელი სხვა არაფერი
გაგვაჩნიაო...
ეს მკრეხელური „არგუმენტი“ იმდენად უსუსური და არაფრისმთქმელია, რომ სერიოზულ ყურადღებას
არც იმსახურებს. ამგვარად მხოლოდ ეროვნული ღირებულებებისადმი ღრმა ნიჰილიზმით შეპყრობილი
ადამიანები ლაპარაკობენ. მათ ხომ ყურთასმენა მუდამ სხვებისკენ აქვთ მიპყრობილი და საკუთარი
არასრულფასოვნების დათრგუნვას მუდამ გარედან წამოსული იმპულსებით ცდილობენ.
ქართველმა საზოგადოებამ კი უკვე კარგა ხანია გააცნობიერა, რომ ხსენებული „რევოლუცია“ სხვა
არაფერი ყოფილა, თუ არა შიდასახელისუფლო ინტრიგა, როცა მოქალაქეთა კავშირის ერთმა ჯგუფმა
სძლია მეორეს და უცხო ძალების დახმარებით მშვიდობიანად ხელთ იგდო ძალაუფლება.
ჩვენი ისტორიის სულმდაბალ რევიზორებს არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ ეროვნულ-პატრიოტულ
მოძრაობაში, იოტისოდენა მსხვერპლი არ გაუღიათ თავისუფლებისათვის ბრძოლაში. მაშინ, როდესაც
გულმხურვალე ქართველი ახალგაზრდები უშიშრად ტოვებდნენ წითელი არმიის რიგებს და გარკვეული
რისკის ფასად შინ, საქართველოში, ქართული საქმის საკეთებლად მოეშურებოდნენ, – ჩვენი თვითმარქვია
რევოლუციონერები ფეხს არ იცვლიდნენ თბილი ადგილებიდან, დღენიადაგ თავიანთი კარიერის წარმატებაზე
ზრუნავდნენ და სამშობლოში, რომელსაც ისინი დღესაც მხოლოდ „ამ ქვეყანას“ უწოდებენ, მაშინ
დაბრუნდნენ, როცა შევარდნაძემ პირდაპირ მინისტრებად და გარანტირებულ პარლამენტის წევრებად
მოუხმო. საეჭვო არაა, რომ სხვა მოტივით ისინი საქართველოს არამც და არამც არ გაიხსენებდნენ.
მათთვის ხომ საერთოდ უცხოა ილიას „მგზავრული“ ფიქრები, მშობელ ქვეყანასთან მოსალოდნელი
შეხვედრით აღძრული განცდები, მისთვის თავდადების სურვილი. დიახ! ამ ადამიანებმა შეგნებულად თქვეს
უარი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის გაჩაღებულ მოძრაობაში მონაწილეობაზე, უფრო მეტიც: ბევრი
მათგანი თავის დროზე იარაღით ხელშიც კი დაუპირისპირდა თავისუფლების გზაზე ახლად ფეხადგმულ
ქვეყანას.
2006 წ.

მარილი მადლისა
ადამიანის მრავალრიცხოვან უნართაგან ყოველ დროში უცვლელად და მყარად ფასობდა ვაჟკაცობა და
სიქველე, სიბრძნე და სამართლიანობა, სიყვარული და ერთგულება, პატიოსნება და თავაზიანობა. ცხადია,
ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება და, შესაბამისად, არც პიროვნების იდეალური პორტრეტის
შექმნაა ძნელი საქმე, მაგრამ დაგროვილი მდიდარი გამოცდილება ცხადყოფს, რომ იდეალური პორტრეტები
მეტწილად ჩვენივე ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება და რეალობისგან საგრძნობლად მოწყვეტილია.
„მაღალი, უხვი, მდაბალი“ და სხვა მრავალი სიკეთით შემკული ხელმწიფეც თავის დროზე უფრო
მაშინდელი იდეალის მხატვრულ-ხორცშესხმას წარმოადგენდა, მაგრამ, მეორე მხრივ, აქ რეალურად
არსებული ისტორიული პროტოტიპის ცოცხალ სუნთქვასაც შევიგრძნობთ.
თუ კარგად დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ „ხელმწიფის“, ანუ მმართველის იდეალმა დროთა
განმავლობაში მხოლოდ უმნიშვნელო კორექტირება განიცადა. არსებითად, იგი კონსერვატიულ სტერეოტიპად
ჩამოყალიბდა. ამიტომაცაა, რომ უმაღლეს იერარქთა შორის განსაკუთრებით თვალშისაცემია ტრადიციულ
ფასეულობათა პატივისცემის დემონსტრირება.
„სიტყუაი მისი შეზავებული იყო მარილითა მადლისაითაო“, – ამბობდნენ გამოჩენილ ადამიანებზე. გარდა
იმისა, რომ მათ უხვად ჰქონდათ მომადლებული საამისო ნიჭი და განსწავლულობა, – საჯაროდ, ერის
წინაშე გამოსვლას ისინი უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ. მათ სიტყვებში, შეგონებებსა და
ქადაგებებში მუდამ იგრძნობოდა აუდიტორიისადმი და, საერთოდ, საზოგადოებისადმი ხაზგასმული
პატივისცემა და ღრმა მოკრძალება. ისინი არამც და არამც თავს უფლებას არ მისცემდნენ თავის
მოსაწონებლად, პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ან იაფფასიანი ტაშის მოსახვეჭად წარმდგარიყვნენ
ხალხის წინაშე. მათ იმდენი ცოდნა და განათლება ჰქონდათ შეძენილი, რომ სოკრატესეული „არცოდნის“
სიბრძნით განსჯიდნენ საკუთარ შესაძლებლობებს. როგორც იტყვიან, სწორედ ამგვარი ადამიანები ქმნიან
ისტორიას და ბიძგს აძლევენ ახალ ეპოქებს. მათი ყოველი სიტყვა, ქცევა თუ საქმე სხვა სიბრძნით,
ზეგარდმო, საზეო, თუ გნებავთ, – საღვთო სიბრძნით იყო გაჯერებული. ვაჟკაცურ ბრძოლაში, უანგარო
შრომასა და გარჯაში, თავმდაბლობასა და სიქველეში გამოიხატებოდა მათი სიდიადე. უნდა ითქვას, რომ
ყველა ამ სიკეთესთან ერთად ასკეტიზმი, ასკეტური ცხოვრების წესი, ჭეშმარიტი ერისკაცის ცხოვრების
ყველაზე სარწმუნო და მისადაგებული წესია. ამ წესს მისდევდნენ და დღესაც მისდევენ არა მარტო
ეკლესიის მამები, არამედ ქვეყნის მოჭირნახულე მამულიშვილები. მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ ერის
სამსახური მუდმივი თავგანწირვის აქტია, რომელიც ყოველდღიურად მეორდება სიცოცხლის
დასრულებამდე...
თუ ამ თეორიულ (თუმცა საუკუნოვან პრაქტიკით განმტკიცებულ) მსჯელობას ჩვენი დღევანდელი ყოფის
უხვი მაგალითებით შევამოწმებთ, – უთუოდ ღრმა უფსკრულს აღმოვაჩენთ. შევამჩნევთ, რომ ჩვენებური
„მამების“ მიერ დამკვიდრებული „წესი“ არავისას არ ჰგავს. ანალოგის ძიება აქ ფუჭი იქნება, რადგან არც
ერთ ქვეყანაში არასოდეს ყოფილა ისეთი ხელისუფლება, რომელსაც თავისი მოღვაწეობის წესად და
კანონად თავისივე თანამემამულეთა პერმანენტული მოტყუება და დამცირება ჰქონოდა დადგენილი. ეს
ბატონები ვერ იქნა და ვერ გათავისუფლდნენ იმ ანაქრონისტული წარმოდგენისაგან, რომ თანამედროვე
ცივილიზებულ საზოგადოებაში არც პრეზიდენტი, არც პრემიერი და არც სპიკერი, თქვენ წარმოიდგინეთ –
მეფე-დედოფალიც კი არიელებად, ბელადებად და კერპებად თავს არ უნდა გრძნობდნენ. „რეს პუბლიკა“,
ანუ განსაზღვრული ურთიერთობებით დაკავშირებული ადამიანთა ერთობა, რომელსაც უძველესი დროიდან
საზოგადოება ეწოდება, – საერთოდ არ ცნობს ამგვარ უზენაესობას. პროვინციალიზმი და ჩამორჩენილობა
სწორედ იმ გაქვავებულ სისტემაშია, რომლის რეანიმაციასაც ამაოდ ესწრაფვიან ცრუმამები.
ჩვენი ხელისუფლების კიდევ ერთი „სასიკვდილო სენი“ ისიცაა, რომ იქ თავმოყრილ ადამიანებს
არაფრის შესმენის უნარი არ შესწევთ. მათ არ სურთ ყური უგდონ ისტორიის ხმას, უსმინონ წარსულსა
და აწმყოს, გაიგონ და შეიგნონ ის, რაც ასე უცხო და შორეულია მათთვის.
საინტერესოა, როდემდე გასტანს მათი ყურთასმენის ამგვარი „შეუვალობა“... თუმცა, როგორც აღმოჩნდა,
პირველი ხელისუფალი პრესას, ანუ ბეჭდურ მედიას (საშუალებას) საერთოდ არ კითხულობს. ეს არც
ცუდია და არც კარგი. საკითხავი ისაა, თავისუფალ დროს წიგნს თუ მაინც დაუთმობს და
სიბრძნისმეტყველების გაკვეთილებს თუ დაეწაფება...
ამას წინათ, სტრასბურგში მორიგ გაფრენამდე რამდენიმე დღით ადრე, ტელეეკრანზე კვლავ გაიელვა
„ოცდაშვიდწლიანი ისტორიის მქონე“ ერთი უცნობი პარტიის დამფუძნებლისა და დამაარსებლის ნაცნობმა
სახემ, რომელმაც ქართველ საზოგადოებას სიბრძნისმეტყველების დაუვიწყარი გაკვეთილი ჩაუტარა და
აუწყა: პოლიტიკა თამაშია და აქ ტყემალაძეს თავისუფლად შეუძლია ჯუღელის მოტყუებაო. ასე
ლაკონიურად გაგვიშიფრა მან ძველბერძნული გამოთქმის ეტიმოლოგია და ფარული შინაარსი. შემდეგ კი
სახეზე ისეთი კმაყოფილი ღიმილი გადაეფინა, რომ მსმენელი იფიქრებდა, – ამ კაცს მთელი თავისი
პოლიტიკური მოღვაწეობა მართლაც „თამაშად და უჩანს მღერადო“... არადა, ჩვენი პოლიტიკოსები
სიმღერისა და თამაშის აზარტული მოყვარულები რომ არიან, ეს საზოგადოებისთვის კარგად არის
ცნობილი. არც ისაა დაფარული, რომ ამ საქმეში ბ-ნი პრეზიდენტი არავის უთმობს პირველობას. აკი
ერთხელ ტელეეკრანიდან საჯაროდ გამოგვიცხადა კიდეც, – „პოლიტიკური თამაშების აკადემიკოსი ვარო“.
უბრალო დაკვირვებაც ცხადყოფს, რომ მოთამაშე პრეზიდენტის ქცევასა და საუბრებში აშკარად ჭარბობს
თამაშისთვის დამახასიათებელი და ჩვეულებრივი ყოფისთვის უცხო მეყსეული რეაქციები. მაგ., მისგან
ხშირად გვსმენია, რომ, თურმე, ქუჩების მოასფალტება ხდება ვიღაცის „გულზე გასახეთქად“, ან, სულაც,
„ბოროტი მეზობლის ჯინაზე“... სხვათა შორის, ამ „წესს“ ზედმიწევნით იცავს ნაცმოძრაობის უკლებლივ
ყველა აქტივისტი. მერკანტილური მიზნებით შეპყრობილი ჩვეულებრივი ადამიანებიდან ისინი უეცრად
გარდაისახებიან ხოლმე უცნაურად ამეტყველებულ მარიონეტებად და ამის გამო აშკარად კომიკურ
მდგომარეობაში ვარდებიან.
ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები ისეთი აზარტით ერთვებიან თამაშში, რომ საერთოდ კარგავენ
რეალობის გრძნობას და აბსოლუტურად ილუზორული წარმოსახვით აგრძელებენ ცხოვრებას. დღეს ლამის
სავალდებულო რიტუალად იქცა, რომ ბ-ნი სააკაშვილი მუდამ კარგად დანაყრებულ ხელქვეითებთან ერთად
უთუოდ ტელეოპერატორების თანხლებით უნდა ეწვიოს ღარიბთათვის განკუთვნილ უფასო სასადილოებს,
რათა მთელი ქვეყნის თვალწინ გაითამაშონ სრულიად შეუფერებელი როლები.
დიახ, ამ დროს პრეზიდენტს ისე ძალუმად იპყრობს ხოლმე „მზრუნველი მამისა“ და „ხალხოსანი
გმირის“ თამაშის წყურვილი, რომ თავდავიწყებამდე მისულს საერთოდ არ ახსენდება – მის გარშემო
სატელევიზიო გასართობი შოუპროგრამის მონაწილენი კი არა, სულისშემძვრელად ღირსებაშელახული და,
ვინ იცის, იქნებ სიკვდილმონატრებული ადამიანებიც კი სხედან... ცხადია, პრეზიდენტი და მისი
ხელქვეითები ოდნავ უხერხულობასაც ვერ გრძნობენ იმის გამო, რომ დაუკითხავად შეიჭრნენ მათ პირად
ცხოვრებაში და თავიანთი უხეირო თამაშის იძულებით მონაწილეებად აქციეს ისინი.
იყო დრო, როცა „ვარდების რევოლუციის“ მამები მოწიწებით იმეორებდნენ მაჰათმა განდის სახელს და
თავს ამ მართლაც ლეგენდარული ადამიანის იდეურ მემკვიდრეებად ასაღებდნენ. ისინი დღესაც ამაყობენ
იმით, რომ უსამართლობას არა ძალისმიერი, არამედ ვარდებით ხელში, ანუ მშვიდობიანი მეთოდებით
ებრძოდნენ და ხელისუფლების სათავეშიც „ხავერდოვანი“ გზით მოვიდნენ.
მაგრამ არჩევნების შემდეგ მათ საერთოდ დაივიწყეს ყოველი სიქველე და განდის ნაანდერძევიც ქარს
გაატანეს. ამის მიზეზი, ალბათ, ერთგვარ „მორალურ შეუთავსებლობაში“ უნდა ვეძებოთ. ცნობილია, რომ,
თავისი ასკეტური ბუნებიდან გამომდინარე, დიდი ინდოელი მეტად პრინციპულ მნიშვნელობას ანიჭებდა
ხელისუფალთა ზნეობრივ სიმტკიცეს და მათ გასაგონად კატეგორიული ტონით აცხადებდა: სანამ ინდოეთში
თუნდაც ერთი მშიერი ადამიანი დადის, არავის აქვს უფლება, მაძღარი იყოსო... მაგალითსაც თავადვე
იძლეოდა, დღეში ორასიოდე გრამი ბრინჯით კმაყოფილდებოდა და, როგორც იტყვიან, მთელი არსებით
ხალხის ცხოვრებით ცხოვრობდა. ამგვარი ქცევა სულაც არ ყოფილა პროპაგანდისტული მანევრი ან
გამიზნული პიარკამპანია, უბრალოდ, „დიად სულს“ („მაჰათმა“ სწორედ ამას ნიშნავს) სხვაგვარად არ
შეეძლო...
აი, რა განსხვავებაა მოღვაწესა და მოთამაშეს შორის!
2006 წ.

ორი კარდიოგრამა
„ახალი ადამიანის“ ჩამოყალიბებისთვის საჭირო ნიადაგის მომზადება ქართველმა ბოლშევიკებმა
ლიტერატურულ წრეებთან ურთიერთობის გარკვევით დაიწყეს. 1926 წლიდან ისინი უკვე კონკრეტული
პროექტის განხორციელებას შეუდგნენ და ქართველ მწერალთა ყრილობა მოიწვიეს, სადაც მთავარმა
მომხსენებელმა ფილიპე მახარაძემ საზოგადოებას ასეთი „უშუალო და გულახდილი“ ტექსტით მიმართა:
(სტილი დაცულია) – „თქვენ უნდა იცოდეთ: კომუნისტურ პარტიას სანამ აქვს ძალა – ეს საშუალება
ხალხის გაბედნიერებისა, ასეთ საშუალებათ ჩვენ მიგვაჩნია ხელისუფლების ქონება, – ამას არავის
დავუთმობთ და ნურავითარი ცდა ამ საშუალების ხელიდან გამოცლისა ნუ ექნება ნურავის. ნუ ექნება ეს
ცდა, – რომ ეს საშუალება ხალხის გაბედნიერებისა, იქნეს გამოგლეჯილი ჩვენი ხელიდან. ეს არ უნდა
იქნეს გულშიაც კი და თუ ამას ადგილი არ ექნება, ჩვენი თანამშრომლობის საკითხიც საბოლოოდ
გადაწყდება“ (იხ. „სრულიად საქართველოს მწერალთა ყრილობის მასალები“, თბ. 1926 წ.).
მართალია, მაშინ ფილიპე მახარაძისთვის ქართველ მწერლებს საადგილმამულო ბანკის გახსნა არ
მოუთხოვიათ, მაგრამ ხელისუფლებისგან „პურის და პაიოკის“ მიღებაზე უარი ნამდვილად არ უთქვამთ.
ამის გამო პოეტი ჟანგო ღოღობერიძე ირონიულად ქირქილებდა: „ბოლოს და ბოლოს, ეს იმას არ
ნიშნავს, რომ ქართული მწერლობა სიქალწულესთან ერთად სიწმინდესაც კარგავსო“...
სულ მალე მწერლობაში „ახალი კადრების“ დაჩქარებული „გაწვევა“ დაიწყო. საგანგებოდ
„გადამზადებულმა“ ახალგაზრდებმა ნამგალი და ურო განზე გადადეს და სასწრაფოდ ბასრი კალმები
მოიმარჯვეს. თან ახლადშეძენილი პოეტური ფანტაზიებიც მოიშველიეს და შესაფერისი „პროლეტარული“
ფსევდონიმები მოირგეს. ქართული ჟურნალ-გაზეთები ერთბაშად გაივსო „შინატეხელის“, „მექვაბის“, „შავი
მუშის“, „ობოლი მუშის“ და სხვა პროლეტკულტელთა „იდეურად მდგრადი“ ლიტერატურული სუროგატებით.
თვით ფილიპე მახარაძე, თურმე, განსაკუთრებული იმედით შესცქეროდა წალენჯიხის ქვის სამტეხლოდან
ლიტერატურულ ასპარეზზე სახელდახელოდ გამოსულ ერთ გრაფომან ახალგაზრდას, რომელიც „დამკვრელი
მუშის“ ფსევდონიმით იყო ცნობილი. თავდაპირველად ჩვენი „დამკვრელი“ ტრიკოტაჟის საამქროში
გაუწესებიათ – „მუშფაკის სამწერლობო წრის“ ხელმძღვანელად, შემდეგ კი დაუწინაურებიათ და ნავთლუღის
დეპოში „რკინიგზელთა სახელოვნებო დასის“ კურატორად დაუნიშნავთ. „დამკვრელ მუშას“ უზომო
ამბიციურობა და ერთობ უჩვეულო აკვიატება ახასიათებდა: ყოველდღიურად, თურმე, 10-12 ლექსს წერდა
და ჟურნალ-გაზეთებში ანაწილებდა. ამის გამო რედაქციები და გამომცემლობები სერიოზულ საგონებელში
ჩავარდნილან. ერთი მხრივ, ფილიპე მახარაძის რიდი, მეორე მხრივ კი – „დამკვრელის“ სიჯიუტე და
თვითდაჯერებულობა ყველას სასოწარკვეთილებაში აგდებდა. საქმის მოგვარება ბოლოს ისევ მახარაძესთან
დაახლოებულ არისტო ჭუმბაძეს უკისრია და „ქართული მწერლობის დიდი მეგობრისთვის“ შველა
უთხოვია.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, მთელი ეს ისტორია იმით დასრულდა, რომ განთქმულმა ფსიქიატრმა
ანჯაფარიძემ „დამკვრელი მუშა“ მძიმე ავადმყოფად შერაცხა და ხანგრძლივი მკურნალობა დაუნიშნა.
მაგრამ ჩვენი „დამკვრელი“ არც ისე უბედურ ვარსკვლავზე დაბადებული აღმოჩნდა. ის რამდენიმე თვეში
განიკურნა, თავისი ხელნაწერები ცეცხლს მისცა და ამის შემდეგ რედაქცია-გამომცემლობები არასოდეს
შეუწუხებია.
მართლაც განსაცვიფრებელი ამბავია – გიჟი დაჭკვიანდა!
მაგრამ გაცრეცილ და გაყვითლებულ ძველ გაზეთებს დღესაც მკაფიოდ ემჩნევა იმ სიშლეგის და
გადაგვარების ნაკვალევი, რასაც ცხოვრების გზაზე „დამკვრელი მუშის“ ყაიდის ადამიანები სტოვებენ
ხოლმე. სამწუხაროდ, ეს აბსურდი დღემდე გრძელდება და ირგვლივ იმდენი „დამკვრელი“, „შავი“ და კალე
ფეოდოსიშვილი ფუსფუსებს, რომ მათი დათვლა შეუძლებელი ხდება.
„თქვენ ჰე, ჭაობის ძველ ბინადარნო!
ხმა გაიკმინდეთ, ნუ უხმობთ დუშმანს!
თორემ მაზუთში მოსვრილ ხელებით
ლოყას აგიწვავთ დამკვრელი მუშა“...
„დამკვრელის“ ეს „ლექსი“, როგორც ჩანს, ფსიქიური აშლილობის პერიოდშია დაწერილი, მაგრამ,
მიუხედავად ამისა, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ აქ მხოლოდ ერთი ადამიანის ავადმყოფური ბუნება
კი არა, მთელი ეპოქის უმძიმესი კარდიოგრამაა გადაშლილი.
„ხმა ჩაიწყვიტეთ, თქვე დამდგარ წყალში მომრავლებულო ჭიაღუებო!“ – ეს უკვე „დამკვრელი მუშის“
თანამედროვე ორეულის ხმაა. ფსიქოლინგვისტური და ელემენტარული შედარებითი ანალიზის გარეშეც კი
ცხადია, რომ „დამკვრელის“ სააზროვნო სისტემა და ლექსიკური პარადიგმები დღესაც აგრძელებს
არსებობას, რაც ძალზე შემაშფოთებელ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ. სიბნელის ასეთი რეინკარნაცია კარგს
არაფერს უქადის ქართულ მედიასაშუალებებსაც.
რა განსხვავებაა ოთხმოცი წლის წინანდელ „ხმა გაიკმინდე“-სა და თანამედროვე „ხმა ჩაიწყვიტე“-ს
შორის? დაე, ეს თავად მკითხველმა განსაჯოს.
„იმის მაგივრად, რომ აზრს აზრით ეომონ, გრძნობას – გრძნობით, – რაღაც ინსინუაციებით, დედაკაცები
მოგონილი ჭორებით, უმართებულო სიტყვებით აღჭურვილნი გამოდიან და მოპირდაპირესაც თავიანთ წუმპეში
ითრევენ... ლიტერატურა, ჟურნალისტიკა სასაცილო და სამწუხარო წეწვა-გლეჯას წარმოადგენს“...
ეს სიტყვები ძველი საქართველოს სინდისს – კიტა აბაშიძეს ეკუთვნის და ასი წლის წინათაა
დაწერილი.
„სასაცილო და სამწუხარო წეწვა-გლეჯა“ კი დღესაც, ასი წლის შემდეგაც, ჩვენი ყოველდღიური
ცხოვრების ნორმად რჩება.
როდემდე?
2010 წ.
* * *
ჩვენმა შინააშლილობამ იძულებული გახადა პატრიარქი, ქართველი საზოგადოებისთვის მოწოდებით
მიემართა. მან 1790 წლის ივერიელთა ერთობის ტრაქტატი გაიხსენა. როგორც ცნობილია, ეს შეთანხმება
ქართულ სამეფო-სამთავროებს შორის გაფორმდა (ქართლ-კახეთი, იმერეთი, ოდიში და გურია). ესეც ჩვენი
მძიმე მდგომარეობის გამო გახდა აუცილებელი. მგონი, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს ქვეყნის
დაშლისა და დაქუცმაცების მასშტაბი, როცა მის ცალკეულ ნაწილს ერთმანეთთან ურთიერთობისთვის
ტრაქტატის (შეთანხმების) დადება უხდებათ. თუკი გავითვალისწინებთ, რომ მანამდე (1783 წ.) ქართველი
მეფეები უცხო სახელმწიფოსთან (რუსეთი) აფორმებდნენ ტრაქტატებს, ამჯერად დაქვეითების სავალალო
შედეგი იმდენად თვალში საცემი გახდა, რომ ტრაქტატი „შიდა მოხმარების“ დოკუმენტადაც კი გადაიქცა.
დღეს, თურმე, როგორც თავის დროზე მიხაკო წერეთელი შენიშნავდა: „კიდევ უფრო დაცემულ ვართ“,
რადგან იძულებული გავხდით, ტრაქტატი თითოეულ ქართველს შორის ურთიერთდამოკიდებულების
გასარკვევად გაგვეფორმებინა. ალბათ, დარცხვენილი ვართ და ამიტომაც არ გვსურს პატრიარქის ამ
მწუხარე შემოთავაზებაში ტრაგიკული ქვეტექსტი წავიკითხოთ. მადლობა პატრიარქს, რომ ყველას
მიგვახვედრა ჩვენი დაცემის სიღრმე და ეს გააკეთა ისე, რომ სილაც კი არ გაუწნავს ჩვენთვის.
გამიკვირდა, ზოგიერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა ისეთი თვითკმაყოფილი სახით მოაწერა ხელი ამ
ტრაქტატს, კაცი იფიქრებდა, საქორწინო აქტს ავსებსო... მაგრამ განა დღეს ამ ტრაქტატის სულისკვეთებით
ვცხოვრობთ? ჩვენ ხომ ისევ მამაპაპურ ურთიერთწეწვაში ვართ ჩაბმული და როგორც გრიგოლ რობაქიძე
იტყოდა, ისევ ძველებური მონდომებით ვამტკიცებთ, რომ „ქართველი ერის ყველაზე დიდი მტერი ისევ
ქართველი ერია“.
* * *
ჯალათსა და მსხვერპლს შორის, მძარცველსა და გაძარცულს შორის, მოკლედ, – სამართალსა და
უსამართლობას შორის, კონსოლიდაცია შეუძლებელია. ჯალათი თავისი „სიმართლით“ სჯის, მსხვერპლიც
თავისი სიმართლით მიდის სამსხვერპლოზე, მაგრამ ჭეშმარიტება და სამართლიანობა ერთადერთია!
ბედის ირონიაა: გვსურს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდის როლი შევასრულოთ,
ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდები კი კარგა ხანია ჩატეხილი გვაქვს და ვაი, რომ აღარც კი
ვფიქრობთ მათ გამრთელებაზე.
„ქმნა მართლისა სამართლისა...“ – აი, ჩატეხილი ხიდის გამრთელებისა და ქართველთა შორის
გაჩენილი უფსკრულის ამოვსების ჩვენებური, ქართული, თვით რუსთველის მიერ ნაანდერძევი ბრძნული
ხერხი და საშუალება.
ქართველები ქართველებადვე უნდა დავრჩეთ და გადარჩენა ჩვენსავე წიაღში უნდა ვეძიოთ.
ვერ დავეთანხმები ძვირფასი ქალბატონის – ნანი ბრეგვაძის მიერ რუსული ყვითელი პრესისათვის
მიცემული ინტერვიუს დედააზრს: – საქართველოში არ არსებობს ადამიანი, ვისაც რუსეთი საზღვარგარეთად
წარმოუდგენიაო... რუსთა „საამებლად“ თუ „გულის მოსაგებად“ ქ-ნი ნანი იქვე ამატებს: ჩვენი ყოფილი
პრეზიდენტი ცუდი დისიდენტი იყო, მას გარს ეხვია ჭუჭყიანი და ველური ადამიანებიო...
გავბედავ და ვიტყვი: ველურობა სწორედ ისაა, საკუთარი „მე“ რომ ვერ გიცვნია, სახელმწიფოთა შორის
ღვთის მიერ „დასაზღვრული საზღვარი“ (რუსთველი) რომ ვერ დაგიდგენია და ვერ გაგირკვევია, თუ ვინა
ხარ, სადაური ხარ, სად იწყება და სად მთავრდება შენი მამული!
სხვათა შორის, მიცვალებულის გაუთავებელი გინებაც ველურობისა და ბარბაროსობის მაჩვენებელია...
„მიცვალებულზე ან კარგი, ან არაფერი“, („დე მორტუის, აუტ ბენე, აუტ ნიჰილ!“) – ჯერ კიდევ ძველმა
რომაელებმა იცოდნენ ეს ანბანური ჭეშმარიტება და ჩვენ რა ღმერთი გვიწყრება?
იქნებ სჯობდეს, თავი ვანებოთ არაჯანსაღ კონიუნქტურას და ვეცადოთ ჩვენსავე წიაღში ვიპოვოთ
მიზეზიც და გზებიც შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლისათვის? ჩვენვე აღმოვფხვრათ ძალადობა,
უსამართლობა და ურთიერთგაუტანლობა; კორუფციის კლანჭებისაგან დავიხსნათ ქვრივ-ობოლთათვის
განკუთვნილი ყოველი გროში და დიდსულოვნად გავათავისუფლოთ რწმენისა და იდეის გამო
მსჯავრდებული პატიმრები... აი, სწორედ მაშინ შევძლებთ ჩატეხილი ხიდის გამრთელებასაც და
გაღრმავებული უფსკრულის ამოვსებასაც.
შემდეგ კი უკვე ძალაც გვექნება ქადილისა, რომ უთუოდ გავაერთიანებთ მთელ საქართველოს და
ერთიანი ძალით დავიბრუნებთ დაკარგულ მიწებს, საბოლოოდ კი, აღვადგენთ ჩვენს ტერიტორიულ
მთლიანობას.
ხელისუფლება მხოლოდ ერის მხურვალე თანადგომით შეძლებს ამ დიადი მიზნის მიღწევას. მაგრამ ერს
ასევე ესაჭიროება ხელისუფლების უანგარო თანადგომა.
სხვა შემთხვევაში ერი „თავის დროს“ დაელოდება და თავად აღადგენს ნანატრ სამართალს.
დიახ, სამართლიანობის აღდგენა გახ- ლავთ ჩვენში ერთიანობის, ურთიერთგაგებისა და
ურთიერთპატივისცემის დამკვიდრების შეუცვლელი გარანტი.
ნამდვილად არ ვისურვებდით ეს სიტყვები დარჩენილიყო „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“. რამეთუ
სამართალს მოელის მთელი საქართველო!
საქართველო „მართალი სამართლისა“ და ჩატეხილი ხიდის გამრთელების მოლოდინშია!
2000 წ.

არ საცინარი
ყველაფერი არის ძლიერ კარგად,
ყველაფერი ძლიერ ცუდათ არის.
გალაკტიონი
* * *
„ხალხი ბრძენია“
პირმოთნე პოლიტიკოსთა საყვარელი გამოთქმა, მასების გულის მოსაგებად გაღებული მსუბუქი ხარკი,
იაფფასიანი ძღვენი, რომელიც შორიდან ძალზე მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ სატარებლად ერთობ
მძიმეა და თან უხერხულიცაა... ამიტომ არის, რომ ხალხი გზადაგზა სიამოვნებით თავისუფლდება ამ
ნაძალადევად თავსმოხვეული „პატივისაგან“ და თავის ყოველდღიურ საზრუნავს უბრუნდება ხოლმე.
ბრძენი ხარ და სიბრძნით განსაჯეო, ბრძნულად გადაწყვიტეო!
წარმოგიდგენიათ?!
არა, ბატონებო! არ ვარ ბრძენი! – თავისი ყველაზე ჭკვიანი შვილების პირით ღაღადებს ხალხი...
როგორც აკაკი ბრძანებს, – „ხან უგნური(ც) ვარ“;
ხშირად „ყრუი და ცრუი“, „მტრის არმცნობი“ და „მოყვრის მგმობი“ ვარ (ილია);
ეს კი არა და, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ „ხანდახან ვაზროვნებ“ (პოლ ვალერი);
ბოლოს და ბოლოს, „მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი“ (სოკრატე);
მაშ, სადაური ბრძენი ვარ?!
„ბრძენი, ვინ ბრძენი, რა ბრძენი!“ (რუსთველი).
* * *
„ხალხი არ იყიდება!“
მყიდველს გააჩნია, თორემ...
სამაგიეროდ:
„იყიდება საქართველო. მას ჰყიდის ყველა...“ (ნიკო ლორთქიფანიძე).
* * *
„ხალხს ვერ შეაშინებთ!“
ნუთუ არასოდეს გინახავთ შეშინებული ხალხი?
აი, შეხედეთ, – ერთობ „პოეტურად“ გამოიყურება:
„შიშითა განილევიან და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა...“ (იოანე საბანისძე).
ხელისუფალნო!
„იყავით უფრო საშიში! მე ამის მომხრე ვარ, მაგრამ ისე, რომ თქვენს მიერ ჩემდამი მოგვრილი შიში
შერბილებული იყოს რაიმე დიდი ზნეობრივი იდეით“ (დიდრო).
ე. ი. გამოდის, რომ რაღაც იერარქია, თურმე, შიშშიაც არსებობს...
* * *
იდუმალი სამისნო:
ეგვიპტის ფარაონები მოწიწებით უსმენდნენ თავიანთ ქურუმებს. ძველ საბერძნეთში კი გადამწყვეტ
სიტყვას დელფოსის ორაკულები ამბობდნენ და „თვითონ მეფენიც“ მორჩილებით აღასრულებდნენ მათ
რჩევებს... ძლიერნი ამა ქვეყნისანი თავიანთ კარზე ხშირად იწვევდნენ ხოლმე სწავლულ კაცებს: სოლონი
– სარდენში, პლატონი – სიცილიაში, იოანე პეტრიწი – საქართველოში და ა. შ.
გასახსენებლად ისიც ღირს, რომ თავის დროზე ყოვლისშემძლე იმპერატორი საათობით იდგა ხოლმე
ვაიმარელი ბრძენკაცის წინაშე და ხარბად ეწაფებოდა მის აზრებს. ფრიდრიხ დიდი კი, როგორც იტყვიან,
პირდაპირ ფეხქვეშ ეგებოდა „ევროპის ელვარე გონს“ – ვოლტერს და მასთან საუბრის პატივს
ჭეშმარიტად ხელმწიფურ შენაძენად მიიჩნევდა.
და დღეს, ყოველივე ამას რომ ვიხსენებ, ცნობისმოყვარეობა მკლავს, – ცალი თვალი მაინც შევავლო
იმ „პონტიფიკ მაქსიმუსს“, შვიდ ბრძენთაგან თუნდაც ერთ-ერთს, – ვისკენაც დღენიადაგ ასე კისრისტეხით
მიიჩქარიან ხოლმე ჩვენებური პოლიტიკოსები...
„ნიქსონის ცენტრი!“...
არ დარჩენილა ქართველი პოლიტიკოსი, ჩინიანი თუ უჩინო პარტიული ფუნქციონერი, წვრილფეხა თუ
მსხვილფეხა ავანტიურისტი, – ბოლო დროს მრავალგზის რომ არ სწვეოდა ამ იდუმალ სამისნოს.
შედეგი?
თვალშისაცემად მძიმე ჩემოდნები და არც ერთი ზედმეტი ნაოჭი მათ შუბლზე!
მოკლედ: „ძალიან კარგად იციან ამ პოლიტიკოსებმა თავიანთი ჯიბის სასარგებლოზე სახელმწიფო
საჭიროების ნიღბის მორგება (ჰიუგო).
და კიდევ:
პატივცემულო პოლიტიკოსებო!
„დროგამოშვებით ესაუბრეთ სწავლულს, მაგრამ რჩევა ჰკითხეთ პატიოსან და სულით მდიდარ
ადამიანებს“ (დიდრო).
ხოლო რაც შეეხება ნიქსონს და მის „ცენტრს“, რამდენადაც ვიცი, პატიოსნებასა და სულიერებაზე იქ
ისევე არ საუბრობენ, როგორც თოკზე – ჩამოხრჩობილის სახლში...
* * *
არჩევნები:
სპორტულ მარათონად ქცეული ხმაურიანი შეჯიბრი... გამარჯვებულის „დამსახურებული ჯილდო“ –
ძალაუფლება!
დიახ, რატომღაც ჯილდო და არა ტვირთი, რომლის ზიდვასაც ნამდვილად არ უხდება ტრიუმფი და
მხიარული ყიჟინა; არ უხდება, რადგან აქ ხმებს კი არ „წონიან“ (ილია), არამედ მხოლოდ ითვლიან და
ამდენად, დიდი ალბათობაა იმისა, რომ გამარჯვებულის ჩირაღდანს პრომეთეს ნაცვლად ჰეროსტრატე
დაეუფლოს.
ხმათა უმრავლესობა?
არც ის უნდა დაივიწყოთ, რომ „სისულელე, მაშინაც კი, როცა მას ხმაშეწყობილად იმეორებს თუნდაც
ოცდათექვსმეტი მილიონი ყბა, – მაინც სისულელედ რჩება“ (ანატოლ ფრანსი).
* * *
ისევ არჩევნები:
ძველ რომში კონსულობის ან სენატორობის მაძიებელი კანდიდატი არჩევნებში გასამარჯვებლად
ფანტასტიკურ თანხას ხარჯავდა. თითოეული მოქალაქის ხმა ერთობ ძვირად ფასობდა, რადგან მარადიულ
ქალაქში საარჩევნო ხმის უფლებით მხოლოდ თავისუფალი მოქალაქე იყო აღჭურვილი.
აი, საბჭოთა საკანონმდებლო დაწესებულებაში მოსახვედრად კი მაშინდელ „რჩეულებს“ კაპიკის
დახარჯვაც არ უწევდათ. გასაგები მიზეზების გამო „საბჭოთა ადამიანის“ ხმა კაპიკიც არ ღირდა...
აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველოს მოქალაქის ხმის „წონა“ დღეს ზედმიწევნით
შეესაბამება მისი თავისუფლების ხარისხს (10-50 ლარი).
თუმცა:
„მონაც შეიძლება თავისუფალი იყოს, ისე, როგორც დიოგენე;
შეიძლება ტუსაღიც იყოს თავისუფალი, როგორც სოკრატე;
და ასევე შეიძლება თავისივე ძალაუფლების მონად იქცეს იმპერატორი, სწორედ ისე, როგორც ნერონი“
(ეპიქტეტი).
* * *
პარტიები:
ჰაინე მსუბუქი თვითირონიით ქირქილებს:
„ჩვენ, გერმანელებს, ერთი კარგი თვისება გვაქვს: – რაგინდ გადარეულიც უნდა იყოს ჩვენს შორის
ვინმე, მაინც მონახავს კიდევ უფრო მეტად გადარეულს, რომელიც მას გაუგებს“...
მსგავსი „ურთიერთგაგება“ ბოლო დროს ჩვენშიც დამკვიდრდა, რის გამოც ქართული პოლიტიკური
თეატრი დაუსრულებელ ბალაგანს დაემსგავსა. გადარეული აქაც არაჩვეულებრივი სისწრაფით პოულობს
კიდევ უფრო მეტად გადარეულს და... მასთან ერთად მორიგ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს!
ალბათ, ამიტომ არის, რომ პარტიების რიცხვმა ჩვენში უკვე საგრძნობლად გადააჭარბა ნორმალური
ადამიანების რაოდენობას.
* * *
ქამელეონი
„ყველა რეჟიმის დროს მე მხოლოდ საფრანგეთს ვემსახურებოდი“, – ასე აფასებდა თავის განვლილ
ცხოვრებას ჰერცოგი შარლ მორის ტალეირან-პერიგორი, კაცი, რომელიც მუდამ უბოდიშოდ გადადიოდა
ერთის ბანაკიდან – მეორეში, პარტიიდან – პარტიაში, ბურბონებიდან – დირექტორიაში, დირექტრიიდან –
იმპერატორის კანცელარიაში და ა. შ.
იცვლებოდა რეჟიმები, კონგრესები, მინისტრთა კაბინეტები, მაგრამ უცვლელი რჩებოდა ტალეირანი, ეს
მართლაც უსაზღვრო შესაძლებლობების მქონე დიპლომატი, პოლიტიკოსი, ვისაც სიკვდილამდე გაჰყვა ასევე
უცვლელი ეპითეტი – ქამელეონი.
ქამელეონების სიმცირე არც ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვისაა უცხო მოვლენა, მაგრამ საქმე ისაა,
რომ ჩვენებური ქამელეონები ისევე განსხვავდებიან დიდი წინამორბედისაგან, როგორც წყლის წვეთები –
წყალუხვი ოკეანისგან: მათ მხოლოდ ვარდნა შეუძლიათ, მათ არ ძალუძთ მოქცევა...
და როდესაც ღრმად მოხუცებული ტალეირანი გარდაიცვალა, პარიზი უჩვეულო ეჭვმა შეიპყრო: „როგორც
ჩანს, რაღაცისთვის დასჭირდა, თორემ ჰერცოგი არაფრისდიდებით არ მოკვდებოდაო“...
დღეს მეც ეჭვი მიპყრობს: – როგორც ჩანს, რაღაცისთვის გვჭირდება, თორემ ერთბაშად ამდენი
ქამელეონი საქართველოში არაფრისდიდებით არ დაიბადებოდა...
თუმც, ის კი ვერ გამიგია, რისთვის გვჭირდება ისინი?
* * *
კლემანსოს ქართველი ორეული:
... მას გაგიჟებით უყვარს საქართველო და ჭირის დღესავით ეზიზღება ყოველი ქართველი.
ასეთია „აბსტრაქტული პატრიოტიზმი“.
* * *
მხოლოდ ბრძენკაცს შეეძლო ასეთი მსუბუქი ირონიით მიენიშნებინა ჩვენს არცთუ მსუბუქ მანკიერებაზე,
რომელიც ერთბაშად მოიცავს ამპარტავნობას, უადგილო სიამაყეს და ყოვლად უსაფუძვლო ზვაობას.
ეს ბრძენკაცი დავით გურამიშვილია:
„ხმა მოუდაბლე ორღანოს, აშიყ-მაშიყად სტვენასა“...
* * *
როგორც ჩანს, ციცერონი მართალი იყო, როცა წერდა: „თუ ხარბი არა ხარ, უკვე მდიდარი ხარო“...
„ფორბსი“ კი ასეთ მდიდრებზე რატომღაც დუმს.

ბედნიერების რეცეპტი ჩეხოვისებურად


თურმე „ბედნიერების რეიტინგიც“ არსებობს და ამ რეიტინგის მიხედვით საქართველო პირველ ადგილზე
ყოფილა.
ხელისუფლება ერთობ მოწადინებულია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა ეჭვმიუტანლად ირწმუნოს, რომ ის
ნამდვილად ბედნიერია. დიახ! ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ვართ და ამას,
რაღა თქმა უნდა, მთავრობას უნდა ვუმადლოდეთ.
მეტად სასაცილო ამბავია, სატირალი რომ არ იყოს...
ჩეხოვის ერთი მინიატურა მახსენდება, სადაც ბედნიერების ისეთი რეცეპტია წარმოდგენილი, – უკეთესს
ნამდვილად ვერავინ მოიფიქრებს. აი, ისიც:
„იმისათვის, რომ თავი მუდამ ბედნიერად იგრძნოთ, თვით დარდისა და მწუხარების წუთებშიაც კი, –
საჭიროა: ა) შეგეძლოს აწმყოთი დაკმაყოფილება და ბ) გიხაროდეს იმის შეგნება, რომ „შეიძლებოდა
უარესიც“... ეს კი ძნელი არაა.
– როცა ჯიბეში ასანთი აგენთება, გიხაროდეს და ზეცას უმადლოდე, რომ ჯიბეში თოფის წამლის
საწყობი არა გაქვს.
– თუ შენ ღარიბი ნათესავები გესტუმრნენ, არ გაფითრდე, არამედ აღტაცებით წამოიძახე: „რა კარგია,
რომ ნათესავები მოვიდნენ და არა პოლიციელები!“
– თუ თითში ხიწვი შეგესო, გიხაროდეს, რომ თვალში არ მოგხვდა!
– როცა შენი ცოლი ან ცოლისდა ფორტეპიანოზე უკრავს, არ გაბრაზდე, პირიქით, აღფრთოვანდი, რომ
დაკვრას ისმენ და არა ტურების კივილსა და კატების კონცერტს.
– გიხაროდეს, რომ შენ არა ხარ არც ცხენი, არც მწერი, არც ღორი, არც დათვი, – ბოშებს რომ
დაჰყავთ ხოლმე, არც ბაღლინჯო... გიხაროდეს, რომ არც კოჭლი ხარ, არც ბრმა, არც ყრუ, არც მუნჯი,
არც ჭირიანი... გიხაროდეს, რომ ამ წუთში საბრალდებო სკამზე არ ზიხარ, ან შენ წინ მევალე არ დგას
და მასთან არ წითლდები.
– როცა პოლიციაში წაგიყვანენ, ხტოდე აღტაცებისაგან, რომ ჯოჯოხეთის ცეცხლში არ მიჰყავხარ...
რეცეპტის საუკეთესო რეკომენდაცია კი ასე ჟღერს:
– „თუ ცოლმა გიღალატოს, გიხაროდეს, რომ შენ გიღალატა და არა სამშობლოს“...
აი, რა არის ნამდვილი ბედნიერება!
მაშ, გიხაროდეს, ჩემო სამშობლოვ!
2006 წ.

ფრაგმენტები
* * *
ზუსტად ოცი წლის წინათ ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ ხანგრძლივი დისიდენტური
საქმიანობის შემდეგ „ხალხში გასვლა“ დაიწყეს და ეროვნული მოძრაობის ახალი ტალღის აზვირთებას
შეუდგნენ. ისინი მართლაც „შიშველი ხელებით“ მივიდნენ ხალხთან და თან მიიტანეს ყველასთვის
სანუკვარი და საოცნებო იდეალები. თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო ბევრს მხოლოდ
სიზმრად ჰქონდა ნანახი, მაგრამ არსებობს ერის ისტორიული მეხსიერება, რომელიც მუდამ ძალზე
მგრძნობიარეა და შეხებისთანავე იღვიძებს, თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, თუ ვინ და როგორი ხელით
ეხება ამ ძვირფას საუნჯეს. საქართველოში არავის გაჰკვირვებია, რომ სწორედ ზვიადმა და მერაბმა
იტვირთეს ეს ისტორიული მისია, რადგან ყველამ კარგად იცოდა, რომ ისინი სრულიად უანგაროდ იდგნენ
იდეის სამსახურში. მათ არც ფინანსები გააჩნდათ და არც პრესის მხარდაჭერა უმაგრებდათ ზურგს;
პირიქით, ყოველ ნაბიჯზე ათასგვარ დაბრკოლებას აწყდებოდნენ და, რაღა თქმა უნდა, დევნა-შევიწროებაც
არასოდეს დაჰკლებიათ. ყველაფერთან ერთად მათ კიდევ ერთი ღირსებაც ჰქონდათ – საოცრად
განსწავლულნი და ღვთისმოსავნი იყვნენ. მოკლედ, ზვიადის და მერაბის მორალური ავტორიტეტი სავსებით
საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ხალხს მათთვის ყური დაეგდო და მხარში ამოსდგომოდა. ამ
ურთიერთგაგებაში იყო რაღაც ირაციონალური და, თუ გნებავთ, მისტიკური მომენტებიც. ორი „შეთქმული“
არა ლიდერებად, არამედ ნამდვილ ქრისტესმიერ ძმებად მოევლინენ თანამემამულეებს და მხოლოდ ქვეყნის
პოლიტიკური მომავლის კი არა, მთელი ერის სულიერი და ზნეობრივი სახის გადარჩენაც ითავეს. აქ უკვე
მათი „ხელი“ ათასების, ასიათასებისა და მილიონების გულსა და გონებას უნდა მისწვდომოდა. ამისთვის
კი ოცდაათწლიანი განდგომის, თვითგვემისა და ჯოჯოხეთური ტანჯვის გადატანა მოუხდათ.
სულ რაღაც ორ წელიწადში ზვიადმა და მერაბმა ფეხზე დააყენეს მთელი საქართველო. ერთადერთი
მოწოდება, რომელიც მაშინ უცვლელად ჟღერდა მანიფესტაციებზე, თავისუფალი საქართველო იყო. სწორედ
ამ იდეამ, და არა ხელისუფლებაზე პრეტენზიის გამოცხადებამ, გახადა შესაძლებელი თითქმის
წარმოუდგენელი მიზნის მიღწევა – არსებული რეალობის ძირფესვიანი შეცვლა და ქვეყნის
დამოუკიდებლობის მოპოვება. ნიშანდობლივია, რომ ამ იდეის ხორცშესხმის გზაზე ორივენი დაეცნენ და
დაილეწნენ. ასეთი მსხვერპლის გარეშე არც ერთ დიდ საქმეს აღსრულება არ უწერია.
* * *
პოლიტიკური ჯგუფების წინ მჩქეფარე შემოქმედებითი სარბიელია გადაჭიმული. ამ ძნელ გზაზე ბევრი
მათგანი გამოეთხოვება წუთისოფელს, მაგრამ ვინც გადარჩება, არსებობისთვის მართლაც სამკვდრო-
სასიცოცხლო ბრძოლის გადახდა მოუწევს.
2008 წლისთვის გამორიცხული არ არის, რომ პიარ-ეფექტებს გამოდევნებულმა ხელისუფლებამ ერთხელ
კიდევ გამოავლინოს მისთვის ჩვეული სულმოკლეობა და ქვეყანას მეტად მძიმე პრობლემები შეუქმნას.
დაუფიქრებელი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ცხინვალის რეგიონის, აფხაზეთის, ან თუნდაც პოლიტიკურ
მოწინააღმდეგეთა მიმართულებით და ეს, ალბათ, გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანს. დიადიდან
სასაცილომდე, – როგორც კორსიკელი დამპყრობელი იტყოდა, მართლაც ერთი ნაბიჯია და თუ
ხელისუფლებამ ამ „ერთი ნაბიჯისაგან“ თავი ვერ შეიკავა, პოლიტიკურ სიცოცხლეს ისიც უნდა
გამოეთხოვოს.
2006 წ.
* * *
როცა საბჭოთა დიქტატურის გარიჟრაჟზე ჰერბერტ უელსს სტუმართმოყვარედ იწვევდნენ პეტერბურგის
სკოლებში, იგი განცვიფრებული რჩებოდა იმით, რომ ბავშვები, რომელთაც საერთოდ არ გაეგონათ
შექსპირი და ბაირონი, ზედმიწევნით ასახელებდნენ მის რომანებს. მაგრამ მწერლის გონებაში საღმა აზრმა
დაუბრკოლებლად სძლია ემოციებს და დაწერა თავის დროზე ფრიად გახმაურებული წიგნი – „რუსეთი
წყვდიადში“. მართალია, ამ წიგნმა ძალზე გააღიზიანა და განარისხა „კრემლის მეოცნებენი“, მაგრამ
ჰერბერტ უელსი თავისუფალი ადამიანი იყო და თავს უფლებას აძლევდა, არაფრად ჩაეგდო დიქტატორების
მრისხანება.
2006 წ.
* * *
ქართველ პოლიტიკოსთა აზრებსა და შეხედულებებს ჩვენ, ძირითადად, პრესაში გამოქვეყნებული მოკლე
ინტერვიუებითა და სატელევიზიო გადაცემებით ვეცნობით. ისინი ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ მათი
საუბრები, არსებითად, მიმდინარე პროცესების ემოციური შეფასებებითა და კომპრომატების გამომზეურებით
ამოიწურება. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ჩვენებური პოლიტიკოსები საერთოდ გაურბიან ღრმა და
საფუძვლიან მსჯელობას; თავიანთი იდეების, კონცეფციებისა და კონკრეტული პროექტების
განხორციელებისთვის აქტიურ ბრძოლას... როგორც ჩანს, სისტემური აზროვნება მათთვის სრულიად უცხო
მოვლენაა და ალბათ, ამიტომაც არის, რომ ისინი არაფერს წერენ; უფრო მართალნი ვიქნებით, თუკი
ვიტყვით, რომ მათ არც არაფერი აქვთ დასაწერი.
2007 წ.
* * *
ევროპულად გამართული გზატკეცილებით და მაღლივი შენობებით ჩვენ ევროპულ სტანდარტებს ვერ
მივუახლოვდით. პირიქით: ამ ორომტრიალში საბედისწეროდ გაუჩინარდა ადამიანი, დაიკარგა ადამიანურ
ღირებულებათა მთელი არსენალი, განადგურდა ჰუმანისტური ფასეულობანი. არნახული მასშტაბი შეიძინა
პიროვნების დეპერსონალიზაციის პროცესმა. ხელისუფლება გამუდმებით ცდილობს ცხოვრებაში დაამკვიდროს
ევრიმენის, ანუ ბრბოდქცეული ადამიანის ფსიქოლოგია.
2012 წ.
* * *
– ხალხი პიროვნებებისგან შედგება. ჩვენში კი პიროვნული ფაქტორი აბსოლუტურად ნიველირებულია.
ქართველი ადამიანი, დღეს, არსებითად, პოლიტიკური მანიპულაციების ობიექტად არის ქცეული. მას ისე
ეპყრობიან, როგორც „კენჭისმყრელ ცხოველს“, რომლის ფუნქციაც საარჩევნო ყუთის დახურვასთან ერთად
სრულდება. სამწუხაროდ, არავინ ზრუნავს იმაზე, რომ ფუნქციონალური ობიექტიდან ის სრულყოფილ
სუბიექტად, ანუ თავისუფალი არჩევანის უნარის მქონე ღირსეულ მოქალაქედ იქცეს. ხელისუფლება
ადამიანს განიხილავს, როგორც ქვეშევრდომს (რაც მონარქიული მმართველობისთვის არის დამახასიათებელი)
და არა როგორც მოქალაქეს (რესპუბლიკური მმართველობის უპირველესი ნიშანი). ამ არქაიზმის
დასაძლევად საჭიროა სრულიად ახალი პოლიტიკური ატმოსფერო, ახლებური საზოგადოებრივი ურთიერთობის
დამკვიდრება.
ქართველ ხალხს გულწრფელად სურს „ჩატეხილი ხიდის“ გამთელება. მას ენატრება მისივე ბუნებისათვის
ესოდენ დამახასიათებელი „ნათესაური“ გრძნობებით ცხოვრება. ამიტომ ჩვენ, ყველანი, გულის სიღრმეში
ვატარებთ ოცნებას ეროვნული თანხმობის მთავრობაზე, იმ მთავრობაზე, რომლის მმართველობაც,
რუსთველისა არ იყოს, „სწორად მოეფინება“ დიდსა და პატარას, რომელიც კი არ დაჰყოფს, არამედ
შეაერთებს დარღვეულ ეროვნულ ორგანიზმს. ეროვნული თანხმობის მთავრობა, აი, ქართველი ხალხის
სანუკვარი ოცნება.
* * *
ქართველი კაცი დღეს ნაკლებად ჰგავს თავის ისტორიულ „მე“-ს. როგორც გრ. რობაქიძე შენიშნავდა,
ის „გამუდმებით გაურბის თავის თავს – ცუდს, რათა იპოვოს თავისი თავი – უკეთესი“... ჩვენ საკუთარ
თავს უნდა დავუსვათ შეკითხვა: – მეტისმეტად ხომ არ გაგვიგრძელდა აქეთ-იქით სირბილი? ხომ არ
დადგა დრო – ერთხელ და სამუდამოდ დავმკვიდრდეთ ჭეშმარიტ ფასეულობათა წიაღში? დიახ, ჩვენ
ამაზეც უნდა დავფიქრდეთ.
* * *
ჭეშმარიტი ხელოვნება ყოველთვის იყო ელიტარული. ის ელიტური აზროვნების და გემოვნების სფეროა.
ხელოვნება ვერ იტანს „ევრიმენს“, ანუ ადამიან-მასას. „ევრიმენი“ არ არის ლიტერატურის მომხმარებელი.
ჯერ კიდევ სამასი წლის წინ გვითხრა დიდრომ: „ჭეშმარიტებისთვის ნამდვილი ტრიუმფია, როდესაც მას
ცოტანი, მაგრამ ღირსეულნი იზიარებენ. ყველასათვის ხელმისაწვდომად გახდომა არაა ჭეშმარიტების
ხვედრი“.
2011 წ.

* * *
ცნობილია, რომ „ნაციონალობის ინდივიდუალური ღირებულება, პირველ ყოვლისა, მის კულტურაში
ცხადდება და არა სახელმწიფოში. ყველა სახელმწიფო ერთმანეთს ჰგავს სამხედრო ორგანიზაციით,
პოლიციით, ფინანსებით, საერთაშორისო პოლიტიკით... მწერლობა და მუსიკა რომელიმე ხალხისა გაცილებით
ინდივიდუალური და თავისებურია, ვიდრე ჯარი და პოლიცია, – ინტერნაციონალური ტექნიკით
აღჭურვილი...“ ეს აზრი საუკუნის წინათ ჩამოყალიბდა.
„თანამედროვე ხელოვნება უკვდავებს მოკვდავებად ხდის და ათავისუფლებს მათ ყოველგვარი
ღვთაებრივისა და კეთილშობილურისაგან. უფრო მეტიც, იგი თითქმის უგულებელყოფს თვით ადამიანში, მის
სოციალურ ცხოვრებაში, კულტურაში, ყოველგვარ ამაღლებულსა და კეთილშობილურს და სადისტურად
ამახვილებს ყურადღებას ყოველნაირ უფერულსა და განსაკუთრებით ნეგატიურზე, პათოლოგიურ,
ანტისოციალურსა და ნახევრად ადამიანურზე. თანამედროვე ხელოვნების ყველა დარგი ამჟღავნებს
გადაჭარბებულ მიდრეკილებას სატირისა და კარიკატურისაკენ. ყველა და ყველაფერი გამასხარავებული და
დამცირებულია. ჩვენ გულწრფელად ვტკბებით ამგვარი დამცირებით, ჩვენი ხელოვნება სექსუალურად
გაუწონასწორებელი და შერყვნილია, ხოლო ზოგჯერ სადისტურიც კი. თანამედროვე ხელოვნება უპირატესად
სოციალური და კულტურული პათოლოგიის მუზეუმია. იგი კონცენტრირებულია პოლიციის მორგებში,
დამნაშავეთა თავშესაფრებში, სასქესო ორგანოებზე“... ეს სიტყვები არ დაწერილა თანამედროვე ქართულ
პროზასა და პოეზიაზე. ეს დაიწერა თითქმის საუკუნის წინ და მისი ავტორი გახლავთ ამერიკელი
ფილოსოფოსი პიტირიმ სოროკინი.
ქართული მწერლობა ამჟამად მოხვდა იმ კრიზისულ გარემოში, რაშიც დასავლეთი აღმოჩნდა
დაახლოებით ერთი საუკუნის წინ.
ჩვენ გვქონდა კულტურული აღმავლობის პერიოდები. საბჭოთა ცხოვრების წესი იყო ჰერმეტულად
დახურულ სივრცეში ცხოვრება, რომელიც თავისი შინაგანი არსით ძალზე წააგავდა უდაბნოში ყოფნას.
ასეთ დროს ადამიანი ნაკლებად განიცდის იმ სოციალურ რყევებს, რომელიც დიდ ქალაქებში შეინიშნება.
როდესაც ჩვენ, როგორც მეუდაბნოენი, გამოვედით ამ ყოფიდან და დავდექით საერთო, დიდი კულტურული
და სოციალური კრიზისის პირისპირ, ვერ შევძელით, პირდაპირ არ გადავშვებულიყავით ამ ქაოსში.
2011 წ.
* * *
„მართლმადიდებელთა წმინდა სისხლი კისერს გედებათ, მაგრამ მოგკითხვენ, მაგიერი როსმე გერგებათ!“
ასე გამოხატავდნენ ჩვენი წინაპრები თავიანთ მწარე იმედგაცრუებას ევროპული გულგრილობის მიმართ. რა
გაეწყობა, ჩვენი ბედი ასეთი ყოფილა! ვიყავით და დავრჩით „ყურედ ქუეყნისა“, როგორც ამას მე-9
საუკუნეში შენიშნავდა იოანე საბანისძე. მას შემდეგ 1200 უმძიმესი წელიწადი გავიდა და აღმოჩნდა, რომ
განსაცდელში ჩავარდნილი ქრისტიანი ერის მშველელი და მხარში დამდგომი თურმე მთელ დედამიწაზე
არავინაა. ნამდვილად არ მსურს ნიჰილიზმი დავთესო თანამემამულეებში, მაგრამ ბედისწერის ამ სასტიკ
დარტყმას დღეს ჩვენ ვაჟკაცურად უნდა დავუხვდეთ. უნდა გავმაგრდეთ და ერთ მუშტად შევიკრათ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, განსაცდელს ვეღარ გავუმკლავდებით. სწორედ ახლა გვმართებს „ჭირსა შიგან
გამაგრება“. ჯერ კიდევ როდის შთაგვაგონებდნენ ჩვენი წინაპრები – „წახვალ, ინანებ, არ წახვალ – მაინც
ინანებ“ – ესაა მეტაფიზიკა ჩვენი წარსულის“.
* * *
თავისუფალი არჩევანისთვის ადამიანს, მოქალაქეს ბევრი რამ სჭირდება, უწინარეს ყოვლისა კი შინაგანი
თავისუფლება, წინდახედულობა, სიბრძნე და სხვა ისეთი თვისება, რომელიც მას პიროვნებად აყალიბებს.
აქ კი ფასდაუდებელი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი პოლიტიკური ელიტის ჭკუა-გონებას და პატიოსნებას,
რისი არნახული დეფიციტიც დღეს ყოველ ნაბიჯზე თვალშისაცემია. ქართული პოლიტიკური არენა
გადაჭედილია პატივმოყვარე, ხარბი და მცირემცოდნე ბედის მაძიებლებით. ერის ინტერესები კი
პოლიტიკური ლიდერის ყოველდღიური თავგანწირვის ტოლფას ქმედებებს მოითხოვს. ასეთი ქმედებანი
ჯერჯერობით არ შეინიშნება.
2010 წ.
* * *
ქართველი საზოგადოება დღეს არსებობის საზრისს მოკლებულ, ერთმანეთთან დაუკავშირებელ ამორფულ
ნაწილაკებად არის დაშლილი. მის სულში ღრმა დეპრესიამ დაისადგურა და ამის გამო გარშემო
მიმდინარე პროცესების მიმართ ის სრულიად ინდიფერენტული გახდა. ქართველი კაცი სულ უფრო მეტად
ემსგავსება კამიუს მიერ დახატულ გაუცხოებულ მერსოს – ადამიანს, რომელმაც საყრდენი დაკარგა.
„ზოგჯერ ხალხი თვითონ ღალატობს ხოლმე თავის თავსო“, – შენიშნავდა დაკვირვებული მწერალი და
იქვე იმედისმომცემ მინიშნებასაც აკეთებდა: „დიახ, ხალხსაც, როგორც ცის მნათობს, აქვს უფლება
დაბნელებისა. ეს არაფერი, ოღონდ ისევ განათდეს და მნათობის დაბნელება ღამედ არ გადაიქცესო“...
ახლო წარსულის ჩვენი დიდი მოაზროვნენიც ამგვარადვე განსჯიდნენ: ქართველი ერი დღეს „ავადმყოფია“,
„მძინარეა“, „კლდეზე მიჯაჭვულია“, მაგრამ მას უთუოდ შესწევს უნარი „გაღვიძებისა“, „ფეხზე დადგომისა“
და „იმ ჯაჭვის გაწყვეტისა“... რა იძლევა ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს? – ის, რომ ერი ჭეშმარიტად
„უხრწნელობისკენ“ არის მიდრეკილი და მისი არსებობის მთელი მეტაფიზიკა სწორედ ამაზე მიგვანიშნებს,
ამიტომ დროებითი „დაბნელება“ და „მიძინება“ არამც და არამც მის სულთმობრძაობად არ უნდა
მივიჩნიოთ. არსებობს ასეთი გამოთქმა: „საზარელი უვიცობის შედევრი“... ქართველი ერის კულტურულ-
ისტორიული ენერგიის უგულებელყოფა სწორედ ასეთი „შედევრია“.
ადამიანი, როგორც მოაზროვნე არსება, სწორედ მაშინ კვდება, როცა მას თვითკმაყოფილება შეიპყრობს
და განახლების წყურვილი დაეშრიტება.
სწორედ ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. და რაკი დღევანდელი
საქართველო „ის საქართველო“ არ არის, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი გუშინ ერთად ვიბრძოდით, დღეს
გულზე ხელის დაკრეფის დრო არ არის. ახლაც, ისევე, როგორც გუშინ და მარადჟამს, თვითგანახლების
წყურვილით უნდა აღვივსოთ, რადგან, როგორც ილია ბრძანებდა, „მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის
ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“.
2011 წ.
* * *
მუდამ ასე ყოფილა: „პოლიტიკური საჭადრაკო დაფა“ ჩვეულებრივი ჭადრაკისაგან დიდად როდი
განსხვავდება; ორივე შემთხვევაში პაიკები ხელის ერთი მოსმით იწირებიან ხოლმე... თამაშის მთელი
დრამატიზმი კი იმაში მდგომარეობს, რომ ყოვლისშემძლე ხელი მეფეს და პაიკს ბოლოს მაინც „ერთ
ყუთში“ ათავსებს, რათა სადმე, ისტორიის მყუდრო თაროზე მიუჩინოს მოკრძალებული ადგილი.
პ. შ. ნათქვამი არ ვრცელდება პოეზიის მეფეზე და მის ღირსეულ მხედრობაზე. გალაკტიონმა უკვე
სძლია დროს და მიწიერი სამეფოდან ამაღლებულმა, მარადისობაში თავად დაიმკვიდრა ადგილი.
2006 წ.

ჩატეხილი ხიდი
(მცირეოდენი ექსკურსი)
ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ 1917 წლის ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალებიდან
ორი-სამი წლის შემდგომ იშვიათი სისასტიკის, ტერორისა და რეპრესიების გამოყენებით, მილიონობით
მსხვერპლის ფასად, ბოლშევიკებმა თითქმის მთელი რუსეთის დაპყრობა და ოკუპაცია მოახდინეს. დიახ,
დაპყრობა და არა მოსახლეობის მიმხრობა ან მხარდაჭერის მოპოვება...
სასწორის ერთ პინაზე იდო „მსოფლიო რევოლუციის“ სახელით შენიღბული, სინამდვილეში კი
დაპყრობილ ქვეყანაში ძალაუფლების შენარჩუნების იდეა, ხოლო მეორეზე – მთელი რუსი ხალხის ყოფნა-
არყოფნის საკითხი. თავიანთი ავადმყოფური მიზნების მისაღწევად ბოლშევიკები არ ინდობდნენ „საკუთარ
ხალხსაც“ კი, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ერებსა და მათ თავისუფლებაზე...
მსოფლიოს ხანგრძლივი ლოდინი დასჭირდა, რათა მოვლენებისათვის შესაფერისი სახელები დაერქმია და
საბჭოური რეჟიმი „საერთაშორისო განგსტერების სისხლიან ტირანიად“ ეღიარებინა.
კაცობრიობის ისტორიაში მანამდე არნახული ბოლშევიკური დესპოტიზმის მსხვერპლი ათეულ
მილიონობით სიცოცხლეს ითვლის. და მაინც, ბოლშევიკები, ისე, რომ ოდნავადაც არ გადაუხვევიათ
სახელმწიფოს მართვის „ლენინური პრინციპებისაგან“, სამოცდაათი წლის განმავლობაში „უძღვებოდნენ“
უზარმაზარ იმპერიას. ისტორიის ამ საბედისწერო მონაკვეთში მთელ საბჭოთა კავშირში გეგმაზომიერად
მიმდინარეობდა მოსახლეობის მასობრივი განადგურების პროცესი, ცალკეული ერების, ეთნიკური ჯგუფებისა
და სოციალური ფენების ნამდვილი გენოციდი.
ლენინმა დაიწყო და სტალინმა წარმატებით დაასრულა: „ბურჟუაზიის, როგორც კლასის, ლიკვიდაცია“,
„კულაკობის ლიკვიდაცია“, „ცარისტული ინტელიგენციის ლიკვიდაცია“, „სპეკულანტების (ასე უწოდებდნენ
მაშინ ვაჭრებს) ლიკვიდაცია“, რელიგიის (როგორც „ოპიუმი მოსახლეობისათვის“) „ამოშანთვა“ და ხუცეს-
მონაზონთა მასობრივი დახვრეტები... ნანგრევებად იქცა ეკლესია-მონასტრები და კულტურის ძეგლები. ამ
ნანგრევებზე და უსამართლოდ „ლიკვიდირებულთა“ ძვლებზე კი „აიგო“ „ახალი სამყარო“, „პროლეტარიატის
დიქტატურის“ ქვეყანა, სადაც მოსახლეობის ცოცხლად დარჩენილი ნაწილი, არსებითად, სამ ფენად იქნა
დაყოფილი: ელიტა – (იგულისხმება ბოლშევიკური ნომენკლატურა), დაცვა (ადმინისტრაციულ-სადამსჯელო
აპარატი) და მონები (ანუ, „მშრომელთა ფართო მასები“). ასე ჩამოყალიბდა მონათმფლობელობა ორი ათასი
წლის წინანდელი სახელმწიფოს მოდელისაგან. ასეთ ქარგზე გამოჭრილი იმპერია კი, როგორც ისტორიამ
დაადასტურა, დასაღუპავად იყო განწირული.
მეოცე საუკუნეში მიმდინარე სოციალ-პოლიტიკურმა პროცესებმა ჯერ კიდევ ორმოციანი წლებიდან
შეამზადა ნიადაგი, რათა ეს იმპერია დაშლილიყო. მეორე მსოფლიო ომში თითქოსდა „გამარჯვებულ“
საბჭოთა კავშირს, რომელიც უმალ დაადგა „ცივ ომად“ წოდებულ მესამე მსოფლიო ომის გზას,
კატასტროფული სისწრაფით გამოეცალა საყრდენები... „ბოროტების იმპერია“ უნდა დანგრეულიყო და
დაინგრა კიდეც. მსგავსად ზღაპრული ურჩხულისა, სიკვდილის წინ მან ერთბაშად ამოანთხია და მთელ
ქვეყანას მოჰფინა ცეცხლის ენები. მაგრამ, მასთან ერთად, შეძლო გადაერჩინა და საიმედოდ
დაებინავებინა თავისი ბოროტი ქმნილება, სამოცდაათი წლის მანძილზე იმპერიის სისხლითა და ხორცით
ნაკვები პირმშო – კომუნისტური ნომენკლატურა.
აწ გარდაცვლილი „პროლეტარიატის დიქტატურისაგან“ ნომენკლატურას მემკვიდრეობით ერგო
კომუნისტური „აზროვნების“ მთელი არსენალი, ბოლშევიკური „რევოლუციური შემართება“ და რაც მთავარია,
სრულიად უკანონოდ მითვისებული დიდძალი ნაძარცვი კაპიტალი. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა
იყოს ის ფაქტი, რომ იმპერიის ნანგრევებიდან მხოლოდ ამ ნომენკლატურამ შეძლო „მშრალად
გამოძრომა“. უფრო მეტიც: შეძლო მის ხელთ არსებული უზარმაზარი რესურსების ამოქმედება რევანშისა
და შურისძიების განხორციელებისათვის. შედეგიც სახეზეა: ნომენკლატურა კვლავ ხელისუფლების სათავეშია,
ისევ „ელიტას“ წარმოადგენს და „პროლეტარიატის დიქტატურის“ ნაცვლად, ახლა ეკონომიკური დიქტატურის
დამყარებით არის გატაცებული.
ასეა რუსეთში, ასეა შუა აზიის რესპუბლიკებში, ასეა საქართველოში.
1996 წ.

„ფურთხის ღირსი“ და თან „ბედნიერი“


გასული საუკუნის ქართველ მამულიშვილთა ღვაწლი თანამედროვეთა შორის, არსებითად, დაუფასებელი,
ხოლო მათი იდეები და მისწრაფებანი, – ბოლომდე გაუცნობიერებელი აღმოჩნდა. დროს რომ ეცლია, ვინ
იცის, „ისტორიის ბორბალი“ იქნებ სხვაგვარად დატრიალებულიყო... მაგრამ მეცხრამეტე ასწლეულის
ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენს „ეროვნულ ორგანიზმში“ უკვე შესამჩნევი ხდება ახალი
ავადმყოფობის სინდრომი. ქართველთა არცთუ მცირე ნაწილი, ზოგი შეგნებით, ზოგიც მოტყუებითა და
ძალდატანებით, თანდათანობით აჰყვა „ახალ დინებას“, „ახალი დროის ზარების გუგუნს“ და ჩატეხილ
ხიდქვეშ მოქცეული უფსკრულის გაღრმავებას შეუდგა. ილია ჭავჭავაძის მკვლელობა უკვე სერიოზული
სიგნალი იყო კატასტროფის მოახლოებისა. ამ მკვლელობის ინსპირატორებმა მიზანმიმართულად მახვილი
ჩასცეს „მთელ კავკასიის თავისუფლების“ ილიასეულ იდეას და თანმიმდევრულად გააგრძელეს ერის
გათიშვის, ურთიერთდაპირისპირებისა და შინაგანი ანტაგონიზმის დამღუპველი პროცესი.
ამიტომ ერთობ გასაკვირია მავანთა საყვედურები მეოცე საუკუნის 80-90-იანი წლების ეროვნული
მოძრაობისადმი, რომ თითქოს სწორედ ამ მოძრაობამ და მისმა ლიდერმა დაიწყო ურთიერთქიშპის
ჩამოგდება ქართველთა შორის...
„ჩვენი ეგნატე – მათი ილია“, – აი, სინამდვილეში რომელი პრინციპიდან იღებს სათავეს ახალი ეპოქის
შიდა ქართული იდეოლოგიური და სოციალურ-პოლიტიკური ანტაგონიზმი. ბოლშევიკთა ნაცნობი ხელწერა
ჩვენს ყოფასაც დაეტყო: „ბურჟუაზიას“ დაუპირისპირეს „პროლეტარიატი“, „ბურჟუაზიულ-ცარისტულ
ინტელიგენციას“ – მუშფაკებში „განსწავლულ-გამოზრდილი“ წითელი ინტელიგენცია, ჭეშმარიტ ეროვნულ-
საკაცობრიო ფასეულობებს – ანტიეროვნული და ანტისაკაცობრიო ავადმყოფური „იდეები“ – ასე
გრძელდებოდა მთელი სამოცდაათი წლის განმავლობაში! და ამ პროცესის მომაკვდინებელი ზემოქმედება
დღემდე გრძელდება ჩვენს მგრძნობიარე საზოგადოებაში.
მიუხედავად ზემოთქმულისა, 80-იანი წლების შუახანებში აზვირთებული ქართული ეროვნული მოძრაობა,
რომელსაც ზოგიერთები ამაოდ აყვედრიან „უკიდურეს რადიკალიზმს“, სრულიადაც არ ატარებდა აღნიშნული
მოვლენებისადმი რეაქციული გამოხტომების ხასიათს. ჩვენში არ ყოფილა კომუნისტების დევნა-შევიწროება,
არ გამართულა გახმაურებული სასამართლო პროცესები. მეტიც: სამზეოზე არ გამოტანილა კომუნისტური
რეჟიმის ბნელი საქმეები. ამ მხრივ ჩვენ გაცილებით მეტი ტოლერანტობა გამოვიჩინეთ, ვიდრე
აღმოსავლეთ ევროპის მრავალმა ქვეყანამ, სადაც „ხავერდოვანი რევოლუციების“ შემდეგაც კი საბრალდებო
სკამზე აღმოჩნდნენ ლამის ოთხმოც წელს მიტანებული ადგილობრივ კომპარტიათა ყოფილი ლიდერები.
შესაძლოა, ამ ფაქტორმაც ითამაშა გარკვეული როლი იმ ტრაგედიაში, რომელიც უკანასკნელ ხანს
დატრიალდა საქართველოში, სადაც, როგორც წესი, ნომენკლატურა ყოველთვის წარმოადგენდა საკმაოდ
სოლიდურ ძალას. საგულისხმოა, რომ მათ არ გასჭირვებიათ ანტიეროვნულ ავანტიურაში ჩაეთრიათ თვით
ისეთი ორგანიზაციებიც კი, რომლებიც განსაკუთრებით იწონებდნენ თავს ეროვნულ-პატრიოტული იდეალების
ერთგულებით.
1990 წლის 28 ოქტომბრის წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომმა მოვლენებმა მთლიანად
გამოააშკარავა კომუნისტურ ნომენკლატურასა და ე. წ. „შეურიგებელ ოპოზიციას“ შორის არსებული
ალიანსი. ნათქვამის საილუსტრაციოდ დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია ჩაიხედოს 1990-1991 წლების
ოპოზიციურ პრესაში, ყურადღებით გაეცნოს ე. წ. „ეროვნული კონგრესის“ ლიდერთა ნააზრევს. „შეურიგებელ
პოზიციაზე“ მყარად მდგარი „კონგრესი“, (რომელიც სხვათა შორის, საქართველოში არავის აურჩევია),
იმთავითვე დაადგა ხელისუფლებასთან კონფრონტაციის გზას. გავიხსენოთ მათი აბსურდული ულტიმატუმები,
პრეტენზიები და მოთხოვნები... „უზენაესმა საბჭომ თავი გამოაცხადოს კოლონიური თვითმმართველობის
ორგანოდ!“ „ქართველი ერის ნების ერთადერთი გამომხატველია ეროვნული კონგრესი!“ „მხოლოდ ეროვნული
კონგრესი წარმოადგენს იმ სამართალსუბიექტს, რომელსაც აღიარებს დასავლეთი“ და ა. შ. ...
1994 წ.
* * *
საქართველოში მისი „მეორედ მოსვლა“ არ ყოფილა მაინცდამაინც ზნეობრივი აქტი. პოლიტიკოსი,
რომელიც პრეტენზიას აცხადებს უმაღლეს ზნეობაზე, პოლიტიკაში ზნეობის პრიმატის დამყარებაზე, იმ გზით
და იმ ხერხებით ხელისუფლებაში არ უნდა მოდიოდეს. მხედველობაში მაქვს უზურპატორული ორგანო
„სახელმწიფო საბჭო“, რომლის საქმიანობაც, საცა წესი და რიგია, „სათანადო ორგანოების“ ყურადღების
კომპეტენციას უნდა წარმოადგენდეს.
* * *
პირადად მე არ მსიამოვნებს პოლიტიკაში უხეში ფრაზებით ოპერირება: მაგრამ ის ფაქტი, რომ 1992-
1995 წლებში საქართველოს სახელმწიფოს მეთაური მეგობრობდა და ალიანსში იმყოფებოდა კრიმინალურ
სამყაროსთან, – ერთობ უარყოფითად ახასიათებს თვით მეთაურს. არც ერთი ცივილიზებული ერი ასეთ
პიროვნებას პრეზიდენტად არ აირჩევდა. არამც და არამც ამგვარი რამ არ მოხდებოდა დედამიწის არც
ერთ კუთხეში! ეს მხოლოდ ჩვენისთანა „ბედნიერი ერის“ ფუფუნებას წარმოადგენს...
* * *
– თავის დროზე ქართველთა „ბრძოლის“ თაობაზე ერთი მწერალი შენიშნავდა, ჩვენი ბრძოლა მუდამ
იყო „რეაქცია ჭიაყელისა, რომელსაც ფეხს აბიჯებდნენო“. ღმერთმა დაგვიფაროს ამგვარი ნიჰილიზმისაგან,
მაგრამ ჩვენს ახლანდელ სულისღაფვას თუ დღეს „ბრძოლას“ ან „არდანებებას“ დავარქმევთ, – დიდი
შეცდომა იქნება! სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ: დღეს ჩვენ „ნელი სიკვდილის“ პირობებში
ვიმყოფებით და მარტოოდენ ლოცვა არ გვიშველის. ასეთ დროს თავისი სიტყვა უნდა თქვას ჩვენმა
ეროვნულმა „ნებამ“, ცნობიერებამ, სასიცოცხლო ენერგიამ, – თუ კი, რა თქმა უნდა, – ამგვარი რამ ისევ
შეგვრჩენია.
* * *
– გოეთე შენიშნავდა: „ნაპოლეონისათვის ძალაუფლება იყო იგივე რამ, რაც მუსიკალური ინსტრუმენტი
უდიდესი მუსიკოსისათვისო“... ამ სიტყვებში შეიმჩნევა რაღაც იდუმალი კავშირი პოლიტიკასა და
ხელოვნებას შორის. არსებობს კიდევ ერთი მეტად მიმზიდველი ანალოგია, რომელიც შპენგლერს ეკუთვნის:
„ძველი საბერძნეთი – ეს იყო დონ კიხოტი, ხოლო რომი – სანჩო-პანსაო“... დღეს ჩვენში რომელი
სჭარბობს? იქნებ უფრო სანჩო-პანსას ინსტინქტი, ოღონდ გაცილებით დამცრობილი და დაკნინებული... ასეთ
ვითარებაში „მაღალ ხელოვნებაზე“ ან თუნდაც „ზნეობრივ პოლიტიკაზე“ საუბარიც კი ზედმეტია.
პოლიტიკა შეიძლება ემსახურებოდეს ან სულაც საკუთარ თავს, ანდა ერს, ხალხს, სახელმწიფოს...
სამწუხაროდ, მიჭირს იმის დაჯერება, რომ საქართველოს ახლანდელი პოლიტიკა ან ერთს ემსახურება, ან
მეორეს. იგი მამონას მსხვერპლია, უფრო სწორად, მამონას მსახური და მონა-მორჩილია.
* * *
ამ ფონზე არსებითი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რა მიზიდავს მე... ცხადია, როგორც მოქალაქეს,
ლიტერატორს, პოლიტიკაში მეტწილად გარკვეულ პიროვნებას, – ძნელად თუ გამომეპარება დირიჟორის
ნაკლულობანი. კარგად აღვიქვამ სიყალბეს ორკესტრის ჟღერადობაში. ამიტომ ჩემი პროფესია სულაც არ
მიშლის ხელს აღვივსო საქართველოზე ფიქრით და სულმოუთქმელად ველოდო ჩვენი ერის უკეთეს
მომავალს. ამისთვის ვიბრძვი, ვშრომობ და ვსაქმიანობ ყოველდღიურად.
* * *
– ის, რომ „ქვეყანა სავსეა პარადოქსებით“, – სამყაროსავით ძველი ჭეშმარიტებაა. რაც შეეხება ჩვენს
სპეციფიკურ, ქართულ პარადოქსებს, – აქ მეტი სიახლეებია.
დღეს ყველამ ყველაფერი იცის!
იცის, რომ მინისტრი შეთავსებით ხაზინის ჩვეულებრივი ქურდია, მექრთამეა, კორუმპირებულია.
იცის, რომ პარლამენტის წევრი, რომელმაც „ამ საქმისათვის“ ათასები გაიღო, პარლამენტში
„ტყუილუბრალოდ“, მარტოოდენ „კანონშემოქმედებითი“ წყურვილის მოსაკლავად არ ზის – უფრო დიდ
ნადირს კლავს: ჩალიჩობს, აქეთ-იქით დაძვრება, ცრუობს, თაღლითობს, „ბიზნესმენობს“, ოცი ლარით
„გაჭირვებით“ ცხოვრობს და ა. შ. ქართველ კაცს ისიც კარგად მოეხსენება, თუ რისი მაქნისი არიან ე.
წ. „აპარატჩიკები“, ანუ რიგითი ჩინოვნიკები... მოკლედ, ყველამ ყველაფერი იცის... პრეზიდენტის გარდა!
ეს იმიტომ, რომ ცხოვრების ამგვარი სისტემა, „რეჟიმი“, წესი ჩამოყალიბდა და მისი შეცვლა
ჯერჯერობით არავის ძალუძს. არადა, ცალ-ცალკე ყველა უმაღლესი ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის
ქურუმია.
ღმერთო, შენ დაიფარე საქართველო ასეთი ქურუმებისაგან!
* * *
– გახსოვთ? – „ეს ტკბილი სიტყვა – თავისუფლება“... სიტკბოებაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩვენი
მოქალაქე მართლაც თავისუფალია სახელმწიფოსაგან ყოველგვარი მზრუნველობის თვალსაზრისით. იგი
იმდენად თავისუფალია, რომ შეუძლიათ თავისუფლად დააპატიმრონ;
შეუძლიათ თავისუფლად დახვრეტა მიუსაჯონ;
შეუძლიათ თავისუფლად შიმშილით ამოხადონ სული;
შეუძლიათ პროტესტის გამოთქმის უფლება წაართვან, სცემონ, ძაღლები მიუსიონ, ცხვირ-პირი დაუნაყონ!
ესეც თავისუფლად! საქართველოში შეუძლიათ თავისუფლად უთხრან, რომ უკეთესი ცხოვრება დედამიწაზე
არსად არსებობს.
ასეთია თავისუფლების ქართული ვარიანტი.
* * *
– „ყველა დიდ სოფელში წავალთო“, – წერდა პოეტი... კარგი იქნებოდა, თუ იმ „დიდ სოფელს“ ხშირ-
ხშირად გაიხსენებდნენ „დიდაზნაურნი წუთისოფლისანი“, და არა მარტო ისინი...
პასკალი წერდა: „კაცობრიობის მთელი ისტორია ერთი უცოლო კაცის თავგადასავალიაო“... მეტისმეტად
გამარტივებულია: ალბათ ხუმრობის განწყობაზე ბრძანდებოდა იმჟამად პასკალი...
„მატარებელი დუმს, როგორც ლავა,
მატარებელი ხუთ წუთში გავა“... –
ეს გალაკტიონის ტრაგიკული სტრიქონებია.
დიახ! ისტორიის მატარებელი შეუჩერებლივ მიიწევს წინ და გზადაგზა სტოვებს ცხედრებს, – ზოგს
უგულოდ მოისვრიან ხოლმე, რათა სწრაფად გათავისუფლდნენ არასასურველი ტვირთისაგან. ზოგჯერ ისიც
ხდება, რომ მატარებლის მთელი შემადგენლობა გზის რომელიღაც მონაკვეთში წამიერად შეყოვნდება
ხოლმე, რათა დიდებით გააცილოს რჩეულთა შორის რჩეული...
დიდებულია ასეთი „შეყოვნებული წამი“...
და თუ ისტორია პერსპექტივაში რომელიმე ქართველს მსგავს პატივს უმზადებს, – კურთხეულ იყოს
გზა მისი!
* * *
– ჩვენი დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგია ის, რომ დამოუკიდებელ საქართველოში
განათლებულმა, პატიოსანმა ქართველმა ადამიანმა ვერ გაიხარა. ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების სურათი
დაახლოებით ასე გამოიყურება: ერთი ნაწილი ქართველი ხალხისა არის ემიგრაციაში, მეორე ნაწილი შიდა
ემიგრაციაში ვიმყოფებით. არის მესამე ფენა – ხელისუფლება, რომელიც ცხოვრობს მოცემულ რეალობასთან
აბსოლუტურად შეუფერებელი ცხოვრებით. იგი არის თვითკმაყოფილი, იწყობს დღესასწაულებს, ბედნიერია
და ამით დასცინის თავის უბედურ ხალხს.
* * *
ინტელექტის სიმწირე ბადებს ყველა უბედურებას. წარმოიდგინეთ ქართველი ადამიანი, რომელიც
ჩამოყალიბდება „ვეფხისტყაოსნის“ გარეშე. ამ სიბრძნით სავსე ქმნილებას მხოლოდ ქართველები ვყავართ
პატრონები, თუ ქართველი „ვეფხისტყაოსნის“ მკითხველად ვერ ჩამოყალიბდება, ეს ტრაგედიაა.
* * *
ვერ დავასახელებთ კარგ ქართველ მწერალს, თავს კმაყოფილად რომ გრძნობდეს (საქმოსნებზე არ
ვამბობ, მწერლებს ვგულისხმობ) ქართულ ენასავით უჭირს ქართველ მწერალს, ქართულ ენასავით უჭირს
ქართველ მუსიკოსს, კინემატოგრაფისტს. ქართული ენის ბედს ვიზიარებთ ყველანი, გარდა ხელისუფლებაში
თავმოყრილი ობივატელებისა...
2010 წ.
* * *
იყო დრო, როდესაც საქართველოს პატარა მოქალაქეები მგზნებარედ წარმოთქვამდნენ რაფიელ
ერისთავის საქვეყნოდ გავრცელებული ლექსის მშვენიერ სტრიქონებს. შემდეგ მათ მთელი ცხოვრების
განმავლობაში სიტყვასიტყვით ახსოვდათ „სამშობლო ხევსურისა“, ქართული პატრიოტიზმის პოეტური
საგალობელი, მამულის განუმეორებლობისა და ჯიუტი ერთგულების გამომხატველი რაინდული კოდექსი –
„არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა, არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის
სამოთხეზედა!..“
საოცარია: შორეულ მეცხრამეტე საუკუნეში პოეტმა შეუმცდარი ალღოთი განჭვრიტა მოსალოდნელი
რყევები და შთამომავლობას თვითგადარჩენისა და ქართველად დარჩენის ერთადერთი, უტყუარი და
საიმედო გზა აჩვენა. „არ გავცვლი!“ – აი, ჩვენი მეობის შენახვისა და შენარჩუნების მართლაც ყველაზე
ზუსტი ფორმულა!
2006 წ.
* * *
– ისევ ილია უნდა დავიმოწმო: „ხმებს კი არ უნდა ითვლიდნენ, არამედ უნდა წონიდნენო“... ეს იმას
ნიშნავს, რომ არჩევნები არ შეიძლება ქვეყნის გადარჩენის პანაცეად დავსახოთ. მოდით, ერთი წუთით
მოვუხმოთ მთელ ჩვენს ფანტაზიას და წარმოვიდგინოთ, რომ გაისად საქართველოში მართლაც სანიმუშო
არჩევნები გაიმართება. ვინ უნდა ავირჩიოთ? ჯერჯერობით ჩვენში თურმე ორას ჩვიდმეტი პარტიაა
რეგისტრირებული. მათი რაოდენობა კი კატასტროფულად მატულობს და არავინ იცის, არჩევნებში რამდენი
მათგანი მიიღებს მონაწილეობას: 50? 100? 150? ახლა ამომრჩეველსაც მივაპყროთ მზერა: ჩვენი
საზოგადოება დღესდღეობით სრულ დერპესიაში იმყოფება და ამის გამო მას დაქვეითებული აქვს
მოვლენათა ჯანსაღი გააზრების უნარი. „ხან უგნური ვარ, ხან ბრძენიო“, – წერდა აკაკი. ჩვენ სწორედ
ახლა გვიდგას „უგნურობის“ ხანა და ასეთ ვითარებაში გამართული არჩევნები ვერაფრით ვერ იქნება
პოზიტიური შედეგის მომტანი. მაშ, სად არის გამოსავალი? პირველ რიგში, აუცილებლად უნდა
გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში დღეს არ არსებობს არც ერთი რეალური პოლიტიკური ძალა,
საერთოდ არ გვყავს ჭეშმარიტი პოლიტიკური ელიტა და არ გაგვაჩნია ის უმთავრესი თვისება, რასაც
პოლიტიკური კულტურა ჰქვია.
ყველაზე ამბიციურად და ცინიკურად ე. წ. კვალიფიციური (?!) პარტიები იქცევიან. მათ რატომღაც
ჰგონიათ, რომ პოლიტიკური წარმატების საწინდარი მხოლოდ სიცრუე, დემაგოგია და უხეირო
მანიპულაციების გამოყენებაა. დეკარტეს ცნობილი სენტენცია – „ვაზროვნებ, ესე იგი, ვარსებობ“ – მათ
წარმატებით ჩაანაცვლეს პლებეურ-მდაბიური ფორმულით: „ვცრუობ, მაშასადმე, ვარსებობ“... ძნელი
წარმოსადგენი ნამდვილად არ უნდა იყოს, რას მოიმოქმედებენ ისინი, თუკი ხელისუფლების დაჟინებული
ხელშეწყობით პარლამენტში შესვლას მოახერხებენ.
რატომღაც ისევ ჩვენი აკაკი მახსენდება:
„აქამდე ძველ დროს მოვთქვამდი,
ახლა ახალსაც ვტირიო“...
2011 წ.
* * *
როცა აბსოლუტური მონარქიის პირობებში, მთელი საფრანგეთი ლუდოვიკო XIV-ის სკიპტრის ქვეშ იყო
გაერთიანებული, კარდინალები – რიშელიე, მაზარინი და მათი თანამოაზრეები მიხვდნენ, რომ ძლიერი
არმია და შეურყეველი ტახტი საკმარისი ვერ იქნებოდა ერის გასაერთიანებლად, რიშელიეს ინიციატივით
ფრანგული ენის აკადემია დაარსდა, რომელიც დღეს უკვდავთა აკადემიის სახელით არის ცნობილი.
2010 წ.

მეფეთ მეფის ღვთაებრივი დიდება


„ჟამი რაი წულილთა და ხმელთა
აღმოფშვნათაი წარმოდგეს,
ზარი მეფობისაი წარხდეს
და დიდებაი დაშრტეს,
შუებანი უქმ იქმნნენ,
ყუავილოვნებაი დაჭნეს,
სხუამან მიიღოს სკიპტრაი,
სხუასა შეუდგენ სპანი,
მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!“...

ძლევამოსილი მეფის ეს სიტყვები მთელ ეპოქას იტევს. „გალობანის“ ავტორი აქ უკვე სრულიად ახალი
ზნეობრივი კულტურის გამომხატველია. როგორც ჩვენი ისტორიოგრაფები აღნიშნავენ, დავით მეფემ შეძლო
შეეცვალა ტრადიციული ბრუნვა ქართველთა ბედისწერისა.
„არცა სცა ძილი თუალთა, არც რული წამთა, არც განსუენება ხორცთა თვისთა. არა მიდრკა
გემოვნებათა მიმართ, არცა ნებასა ხორცთასა, არც სასმელ-საჭმელთა, არცა სიმღერა – სიღოდათა, და
არათურთითა არარა ხორციელთა შეაკრა გონება“, – ასეთი იყო ამ ახალი ეპოქის შემოქმედი, –
სიბრძნითა და უსაზღვრო ენერგიით აღსავსე პატრონი თავისი ქვეყნისა.
სწორედ მან, დავით აღმაშენებელმა დაგვიტოვა ღრმა სინანულის გამომხატველი სულისშემძვრელი
თვითგვემით აღსავსე საგალობლები.
„მხეცთაგან შეზავებულსა
მხეცსა ვემსგავსე“.
„ბილწთა მონებად მივჰყიდე თავი“.
„ვაცოდე ერი ჩემი“.
„ბოროტად გარდავხდე საზღვართა“.
„ცრემლნი ქურივთანი და
ობოლთა ტირილი არა შევიწყალე“.
„ვძლავრე საწოლსა ჩემსა“...
* * *
კიდევ უფრო განსაცვიფრებელი, ალბათ, გელათის მონასტერში, შესასვლელთან დაგებულ ქვის ფილაზე
ამოკვეთილი მეფეთ-მეფის უკანასკნელი სურვილია, რომლის ნათელი მთელი ათასი წლის შემდეგაც
ინარჩუნებს თავის ღვთაებრივ დიდებას:
„ესე არს განსასუენებელი ჩემი
უკუნითი უკუნისამდე;
ესე მთნავს;
აქა დავიმკვიდრო მე“.
არსენ იყალთოელის ეპიტაფია კი გვაუწყებს:
„ვინ ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად დამესხნეს, თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვართა გარე
გამეხსნეს, თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს, აწე ამათსა მოქმედსა გულზედან
ხელნი დამეხსნეს“...
ანუ:
„მისგან ყოველი გასწორდეს“...
2006 წ.
* * *
„თურმე სულ ტყუილი ყოფილა ჩვენი იმედი, რომ ცოტათი მაინც წინ წავედით... სულ ტყუილი ყოფილა
ჩვენი ზნეობრივი პროგრესი; თურმე კიდევ უფრო დაცემულ ვართ“. ეს მწარე სიტყვები, ასი წლის წინათ,
ილიას მკვლელობით გულდამძიმებულმა ქართველმა წარმოთქვა. „დაგვრჩა მხოლოდ სასოწარკვეთილება და
ძლიერი ეჭვი მომავლისაო“, – დასძენდა ავტორი და ამ „ძლიერი ეჭვის“ გაქარწყლებას ახალ,
დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს ანდობდა.
* * *
1991 წლის 31 მარტს ქართველმა ერმა ყოველგვარ ეჭვს თითქოს წერტილი დაუსვა. „გსურთ თუ არა
სახელმწიფოებრიობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“
– ასეთი იყო საყოველთაო რეფერენდუმზე გამოტანილი შეკითხვა, რომელსაც მოსახლეობის
ოთხმოცდათვრამეტმა პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა. „დიახ“, – ამბობდნენ საბჭოთა საქართველოში
დაბადებული და აღზრდილი „საბჭოთა ადამიანები“, – ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენა
გვსურს!
ერის კულტურულ-ისტორიული მეხსიერება უკვდავია. ზოგჯერ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მან
სამუდამოდ დახუჭა თვალი და მიიძინა, მაგრამ დგება ჟამი, როცა ის კვლავ იბრუნებს სიფხიზლეს და
მთელი თავისი შინაგანი ენერგიის კონცენტრირებას ახდენს. ამისთვის სულაც არ არის საჭირო ე. წ.
მენტალური რევოლუცია, რასაც დღეს ასე დაბეჯითებით ესწრაფვიან ხელისუფლების წარმომადგენლები.
იდეალი, რომელმაც მაშინ ქართველი საზოგადოების არჩევანი განსაზღვრა, სწორედ ისტორიული
მეხსიერების სიცოცხლისუნარიანობით იყო შთაგონებული.
„ძველად სწამდათ, რომ ხსნა იყო ევროპაში. ჩვენს დროში კი ეს უკვე აღარავის აღარ სწამს... დღეს
ევროპაში საქართველო აღარავის აინტერესებს... ქართველმა ხალხმა თავის ენერგია უნდა წარმართოს სხვა,
უფრო რეალური, უფრო კონკრეტული მიზნისკენ და გამოსჭედოს ახალი, ნამდვილი ეროვნული სახე... დგება
დრო ჩვენ გზების გადასინჯვისა – ახალი არჩევანის დრო. უფრთხილდით მეორე ათას წელს, გვეშინოდეს
მომავლის. თუ ქართული ტვინი არ გათბა ამ ახალ საუკუნეთა სიცხეში, თუ ჩვენი თესლი არ ჩაითესა
ახალი ეპოქის გაზაფხულზე, საქართველო გათავდება უკანასკნელი სიკვდილით“, – ნიკოლო მიწიშვილის ეს
სიტყვები 1926 წელს დაიწერა და მაშინდელ მოაზროვნე საქართველოს მათში ეჭვი არ შეუტანია. არ
შეუტანია იმიტომ, რომ განათლებულმა კაცობრიობამ უკვე კარგად იცოდა, რომ „ქრისტიანული კულტურა
დასავლეთისა დაცვდა. რომანულ-გერმანულ რასათა გენეალოგიის ხეს მოალპა ფესვი, ევროპა, როგორც
იდეა – გათავდა“.
საქართველოს ისტორიის უახლესი წლები, საბედისწერო რყევებით აღსავსე ჩვენი მძიმე დროება ჯიუტად
ცხადყოფს, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან მეოცე წლისთავზე ჩვენ ვერც ჩვენივე ენერგიის
მობილიზება შევძელით და კონკრეტული მიზანიც თვალთახედვიდან დავკარგეთ, „ნამდვილი ეროვნული
სახეც“ ვეღარ გამოვჭედეთ, „ქართული ტვინი“ კი „ახალ საუკუნეთა სიცხეში“ არ იქნა, არ გათბა...
და რაოდენ გულსაკლავადაც უნდა ჟღერდეს, ჩვენი ისტორიის ბოლო ათწლეულებში ყველაზე
მომაკვდინებელი დარტყმა სწორედ ქართულმა ეროვნულ-სახელმწიფოებრივმა იდეალმა იწვნია. ამან კი,
თავისთავად, ჩვენი სულიერ-ფსიქოლოგიური ჰაბიტუსის რღვევა გამოიწვია. „ქართველი ერის ეროვნული
ენერგია, – შენიშნავდა გრ. რობაქიძე, – არსად, არც ერთ სფეროში არ გამოვლენილა ისე ძალუმად, არც
ერთ სფეროში ქართველი კაცი ისე ფოტოგრაფიული სიზუსტით არ იმეორებს თავის თავს, როგორც
ხელოვნებაში – სულიერი ქმედების სფეროში“. ახლა კი ეს „სფეროც“ ჩვენში სიკვდილის პირასაა
მიყვანილი და, ალბათ, ამიტომ არის, რომ კრიზისული განწყობით შეპყრობილი ქართველი დღეს
შესაფერისი „ფოტოგრაფიული სიზუსტით“ იმეორებს თავის თავს ასეთივე კრიზისით დაღდასმულ
ხელოვნებაში.
საქართველოს მოქალაქეები წელში წყდებიან უმუშევრობის, სიდუხჭირის, ელემენტარული ყოფითი
პრობლემების მოზღვავების გამო. ისინი თავს ხელმოცარულ ადამიანებად მიიჩნევენ. მეტიც: ქართველი
საზოგადოება, ფაქტობრივად, დეპრესიით დასნეულებული საზოგადოება გახდა. მცირე გამონაკლისის გარდა,
მას პრაქტიკულად დაკარგული აქვს თვითგანახლებისა და ჯანსაღი კონკურენციის უნარი. უნდა ვაღიაროთ,
რომ ეს საზოგადოება სოციალურად და დემოგრაფიულად კვდომისკენ მიდრეკილ საზოგადოებას
წარმოადგენს.
კრიზისის პოლიტიკური სიმპტომები ყველასთვის ადვილად შესამჩნევია. ის ზედაპირზე ტივტივებს. უფრო
ღრმად კი, მიწისქვეშა დინებებში, დალექილია სულიერი უდაბნო, სადაც დღითიდღე ნადგურდება ჩვენი
თვითმყოფადობისა და შინაგანი სიცოცხლისუნარიანობის მასაზრდოებელი ფესვები: „ქართაგან ძლიერთაგან“
ირყევა რწმენა, ბარბაროსული გახელება აუხეშებს და უგრძნობელს ხდის ცნობიერების ფაქიზ ხვეულებს,
ასეთ ვითარებაში ადამიანს ადვილად ერევა ძილქუში, ის თვალხილულიც კი ვეღარ აღიქვამს თავის თავს
და გარესამყაროს.
ეს უკვე გაცილებით მძიმე ავადმყოფობაა, ვიდრე სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისები
– ერთად აღებული.
2006 წ.
* * *
ყოველგვარი ხელყოფა ენისა ერის გულსა და ცნობიერებაში ჩაცემული ლახვარია. იმის შედეგს, რაც
ახლა ხდება, ახლო მომავალში მოვიმკით... ამგვარი მცდელობები ადრეც ყოფილა... გასული საუკუნის
დასაწყისშიც ჰქონდათ ზოგიერთებს მცდელობა, ახალი მსოფლიო ენის შექმნისა, ერთხანს ესპერანტოს
საერთაშორისო ენად გამოცხადება სურდათ, ამბიციას აყოლილი ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ისინი
სამყაროს გადაატრიალებდნენ.
* * *
მეტყველება ადამიანის, მით უმეტეს, პოლიტიკოსის, არა მხოლოდ ინტელექტისა და აზროვნების, მის
ღირებულებათა სისტემის სარკეა.
* * *
იაკობ გოგებაშვილმა თითქოს დღევანდელობაზე თქვა: „საყველპურო ცოდნა უცხო ენისა საბაზროდ თუ
გამოდგება, თორემ განათლებისთვის ყოვლად უძლურია... სიკვდილის გზას ადგია ყოველი ენა, რომელიც
გამეფებული არ არის ოჯახსა და სკოლაში“... კარგი იქნებოდა, ჩვენი ხელისუფალნი კლასიკოსებს
ეკითხებოდნენ რჩევას. რაც შეეხება „ენის გავრცელების მცირე არეალს“, ჩვენ მართლა არ გვყავს
მონათესავე ხალხები, ქართულად მხოლოდ ისტორიული ქართველი ერი წერს და მეტყველებს. აღარაფერს
ვიტყვი იმაზე, რას ნიშნავს მსოფლიოს 14 ანბანიდან ერთ-ერთის პატრონობა. განა შეიძლება ასეთი
ენისადმი ნიჰილისტური, მეტიც, მკრეხელური დამოკიდებულება?!
* * *
სასწაული რომ მოხდეს და მთელ საბერძნეთს ამნეზია დაემართოს, ელინურ ლიტერატურას მკვლევარი
და გულშემატკივარი მსოფლიოში არ დაელევა. ჩვენი ლიტერატურის პატრონები კი მხოლოდ ჩვენ ვართ.
ლიტერატურის ინსტიტუტი ერის სულიერების ისეთი დედაბოძია, რომლისთვისაც არამცთუ ხელის შეხება,
სულის შებერვაც არ შეიძლება, იგი ერთ-ერთი იმ ფუნდამენტთაგანია, რომელსაც ჩვენი ეროვნული მეობა
ეფუძნება.
* * *
არჩევნები მხოლოდ თავისუფალი ადამიანისთვისაა მოგონილი. თავისუფლება კი ჩვენი ყოფის უკლებლივ
ყველა სფეროს მოიცავს და თუ რომელიმე მათგანს კრიზისი დაეუფლება, ჩვენი თავისუფლებაც
შესამჩნევად შეიზღუდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს ჩვენ შეზღუდული თავისუფლების საზოგადოება
ვართ. სიღატაკით, უმუშევრობით და უპერსპექტივობის განცდით დაღდასმული ადამიანი სოციალური
დეპრესიის ტყვე ხდება. ტყვეობა კი მონობის ტოლფასი მოვლენაა. ამიტომაც მაფიქრებს არჩევნების ბედი.
გახსოვთ? – „ხელი ვითა იქმს ბრძნობასაო“, – ამბობს რუსთველის პერსონაჟი. არჩევნებსაც „ბრძნობა“
(სიბრძნე) სჭირდება, რომელიც სულაც არ გახლავთ ლუკმა-პურისთვის ხელგაწვდილთა თანამგზავრი.
ამდენად, თავისუფალი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობად ჩვენი
საზოგადოებისთვის „ადამიანური სახის“ დაბრუნება უნდა მივიჩნიოთ.
* * *
– ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვიცხოვრეთ უსამართლო და ანტიჰუმანურ სახელმწიფოში. ეს
უკანასკნელი ხშირად წარმოგვიდგებოდა, როგორც გადაულახავი დაბრკოლება, წინააღმდეგობა, ძალადობა,
სიცრუე და ცინიზმი... სახელმწიფო, რომელიც მმართველი ჯგუფისთვის ბასრ იარაღს წარმოადგენდა
ადამიანთა დასათრგუნად, ყველგან შიშს თესავდა, რაც თავისთავად იწვევდა ადამიანურ ღირსებათა
დაკნინებას, მათი სამოქმედო არეალის ყოველმხრივ შევიწროებას და დამდაბლებას. ეს იყო „სახელმწიფო
– მონსტრი“, ხელისუფლებასთან შეზრდილი მავნე რუდიმენტი. ადამიანები ასეთ სახელმწიფოებს კი არ
„აშენებენ“, არამედ ანგრევენ და ჩვენც ყოველი ღონით უნდა შევუდგეთ ჰუმანიზმზე დაფუძნებული
სახელმწიფოს შენებას. ეს დიდი და, როგორც იტყვიან, საშვილიშვილო საქმეა. ასეთი საქმისთვის
ნამდვილად ღირს თავის გადადება. ჩვენ ამ პრინციპული იდეალის ხორცშესხმა უნდა დავისახოთ მიზნად
და ამავე მიზანმა უნდა გაგვაერთიანოს.
* * *
ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რისთვის ცხოვრობენ ამქვეყნად, რას სწირავენ სიცოცხლის ძვირფას წლებს
და რას მიიღებენ ამის სანაცვლოდ – კვლავ დიქტატურას თუ ერთმანეთზე მზრუნველობით გამსჭვალულ
სახელმწიფოსა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულებას.
* * *
– ხელისუფლების მოქმედება დღეს ძალზე წააგავს გორბაჩოვისებური „პერესტროიკის“ დასაწყისს: აი,
შეხედეთ, – პოლიტპატიმრები გარეთ არიან, სიტყვის თავისუფლება დაშვებულია. „ილაპარაკეთ, რამდენიც
გინდათ“.
... მაგრამ პასუხს ნუ ელით, „არსაიდან ხმა, არსით ძახილი...“ შიგადაშიგ (ისიც მხოლოდ ნაცმოძრაობის
აბეზარი ლიდერების გასაგონად) ტელეეკრანებზე ორუელის „მოშინაურებული ყვავივით“ გაიელვებს ხოლმე
ერთადერთი ყოვლისმცოდნე მოპასუხე, რომლის იერიც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ „ყველაფერი არის
ძლიერ კარგად, ყველაფერი ძლიერ ცუდად არის“...
* * *
პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე აუცილებელ პირობას: ის ბრძენი თუ არა,
სიბრძნესთან მიახლოებული, უმწიკვლო და ჩამოყალიბებული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეალების მქონე
ჰუმანისტი უნდა იყოს. თავისი ფართო მორალურ-ინტელექტუალური რესურსების წყალობით, მას მუდამ
ექნება ხალხთან პირდაპირი დიალოგის საშუალება, რაც გარკვეულად შეაკავებს მთავრობის ჩინოვნიკთა
ამბიციურობას. საქართველოს პრეზიდენტი ისეთივე „მოსამართლე და მოწყალე“ უნდა იყოს, როგორც
მოჭირნახულე მამულიშვილს შეჰფერის, ამასთანავე, მისი უპირველესი საზრუნავი საქართველოს ერთიანობა
და ქართველი ხალხის ეროვნულ-ისტორიული ღირებულებები უნდა იყოს.
2015 წ.

ჩვენი სამეგრელო
„ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავის ფერითაო“, – ბრძანებდა რუსთველი. ამიტომ მეგრულ
ენაზე ლექსების წერაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. სწორედ მრავალფეროვნებასა და პოლიფონიაშია ჩვენი
არსებობის არსი და სილამაზე. ყოველი ენა, კილო და კილოკავი ძვირფასი განძია. მათში გარკვეული
ცნობიერებაა დალექილი.
ქართულ რეგიონებზე ეჭვის მიტანა იმ თვალსაზრისით, რომ სადმე სეპარატიზმი შეიძლება არსებობდეს,
– თვით ქართული ფენომენის შეურაცხყოფაა.
* * *
ამაღლებული და განუმეორებელი მარტვილი სამეგრელოსთვის იგივეა, რაც მცხეთა – ქართლისთვის. იქ
საოცარი ძალით გვეუფლება წმინდა მიწის განცდა.
2016 წ.
ხატი და ტახტი
ძველი დროის ისტორიკოსი დაწვრილებით მოგვითხრობს, თუ როგორ აღმოჩნდა უნებლიეთ სკანდალში
გარეული იულიუს კეისრის მეუღლე, რომელიც მთელ რომში სათნოებითა და კდემამოსილებით იყო
ცნობილი. თუმცა სასამართლოს მეშვეობით ჩქარა დადგინდა უტყუარი სიმართლე, გაირკვა, რომ ქალბატონი
სრულიად უბრალო ყოფილა... სამართალმა გაიმარჯვა და ცხოვრებაც ჩვეულ კალაპოტში უნდა
მოქცეულიყო, მაგრამ მოულოდნელად კეისარმა, ერთი შეხედვით, არაორდინარული გადაწყვეტილება მიიღო –
იგი ცოლს გაეყარა.
„კეისრის ცოლი ყოველგვარ ეჭვზე მაღლა უნდა იდგეს!“
ასეთი იყო ცეზართა თავმოყვარე შთამომავლის ზნეობრივი მოტივაცია, მოქალაქეობრივი
პასუხისმგებლობის ღრმა შეგნებით აღსავსე მორალური მრწამსი, რითაც მუდამ გამოირჩეოდა „რომაული
სამართლის“ პატივისმცემელი ყოველი პიროვნება.
ევროპულმა ცივილიზაციამ ათასწლოვან ქარცეცხლში გამოატარა ამგვარი მორალურ-სამართლებრივი
ტრადიცია. ეს ტრადიცია თვით ყველაზე თავგასულ დიქტატორებსაც კი მკაცრად ავალდებულებდა
სახელმწიფოებრივ ინტერესთა უზენაესობის უპირობო აღიარებას და მისდამი განუხრელ მორჩილებას.
იულიუს კეისარი, ვისაც სიცოცხლეშივე ლამის ღმერთად აღიარებდნენ თანამემამულენი, ერთი
პირველთაგანი იყო, ვინც ხსენებულ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი.
ამიტომ საყვარელ ქალთან მისი იძულებითი განქორწინება ჩვეულებრივ ოჯახურ დრამად არავის
მიუჩნევია.
„კეისრის ცოლი ყოველგვარ ეჭვზე მაღლა უნდა იდგეს!“
ასეთი რამ მხოლოდ ძველ რომში და ისიც მხოლოდ გაიუს იულიუს ცეზარის მიერ შეიძლებოდა
თქმულიყო!
დღევანდელ საქართველოში და განსაკუთრებით კი მის დიდმოხელეთა წიაღში, ამგვარად ვერც განსჯიან
და ვერც მოიქცევიან!
ჩვენდა საუბედუროდ, აღმოჩნდა, რომ ეროვნულ-ქართულ ტრადიციებს მოწყვეტილ ამ
პროვინციელებისთვის ევროპა და ევროპული ფასეულობები აბსოლუტურ თერრა ინცოგნიტა-ს (უცნობი მიწა)
წარმოადგენს.
მათი ევროპელობა, როგორც ამას ყველა კარგად ხედავს, იტალიისა თუ ჰოლანდიის ფეხბურთელთა
მაისურებით თბილისის ქუჩებში სირბილითა და ყიჟინით იწყება და ვენისა თუ პარიზის კაფე-ბარებში
ხშირ-ხშირი სტუმრობით მთავრდება.
თან ამაოდ იკვეხნიან, – „საქართველო დავიბრუნეთო“... არადა, საქართველოც მათთვის „უცნობი მიწაა“,
ანონიმური „ეს ქვეყანაა“ (როგორც ხშირად უყვართ ხოლმე თქმა) და არა სამშობლო; ტახტია და არა
ხატი!
ტახტზე ანგარიშმიუცემლად შეიძლება დაბრძანდეს ან ნებივრად გაგორდეს ადამიანი, მაგრამ ხატის წინ
იგი კრძალვითა და რიდით დგება, მუხლს იყრის და ცრემლს ღვრის... ხატის მადლი აღავსებს და
აღაფრთოვანებს მორწმუნის სულს. მაგრამ ურწმუნოთათვის იგი უტყვი და მდუმარეა.
ხატი არც ფოტოა და არც პორტრეტია, ისევე, როგორც სამშობლო არაა უბრალოდ თვალწარმტაცი
ლანდშაფტები და პეიზაჟები, გზატკეცილები და ამ გზატკეცილებზე მოსრიალე ავტომობილები. ხატიც და
სამშობლოც დასაბამიდანვე, ანუ შექმნიდანვე ცოცხალნი არიან, ისინი თანმიმდევრულად აცოცხლებენ
წარსულს და სიცოცხლეს ანიჭებენ აწმყოს. ჩვენი მომავალიც მათგან გადმოსული მადლითაა განათებული.
უთუოდ ზეციურმა ხმამ შთააგონა პოეტს, – „ჩემი ხატია სამშობლო“...
* * *
დღეს ჩვენში ხშირად გაისმის მოჩვენებითი სიბრძნითა და კეთილშობილებით გამსჭვალული მოწოდება,
რომლითაც საჯაროდ ან კერძო საუბრებში მიმართავენ ხოლმე ოპოზიციად მონათლულ პოლიტიკოსებსა და
პოლიტიკურ პარტიებს. ეს მოწოდება დაახლოებით ამგვარად ჟღერს: „დაივიწყეთ წარსული, დაივიწყეთ
ყველაფერი და გაერთიანდით!“
ეს მიუტევებელი გულუბრყვილობაა!
დავიწყოთ იმით, რომ ორი წლის წინ ჩვენ მართლაც დიდსულოვნად „დავივიწყეთ“ შევარდნაძისა და
მისი მოქკავშირის დანაშაულებრივი საქმიანობა და ამიტომ ქართველმა საზოგადოებამ სწორედ მოქკავშირის
საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე აირჩია ქვეყნის პრეზიდენტად. პარლამენტის თავმჯდომარეობაც
მოქკავშირის აქტივისტს ჩააბარა და პრემიერიც ამავე გუნდიდან მოიწვიეს. ასეთმა შეგნებულმა
„გულმავიწყობამ“ იქამდე მიგვიყვანა, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაში თითქმის უცვლელადაა
წარმოდგენილი დანაშაულებრივი რეჟიმის თითქმის მთელი შემადგენლობა! მათ მხოლოდ შევარდნაძე და
გარდაცვლილი ჟვანია გამოაკლდათ.
ასეთია რეალობა და მის უარყოფას აზრი არა აქვს!
ახლა ვიკითხოთ, არის თუ არა საქართველოსთვის მომგებიანი „წარსულის დავიწყების“ პოლიტიკა?
ამ ლოზუნგს საგანგებოდ ხომ არ გვახვევენ ის ავანტიურისტები, რომელთაც მხოლოდ მათი
საქმიანობის „დავიწყების“ შემთხვევაში შეიძლება გაუჩნდეთ ხელისუფლებაში მოსვლის შანსები?
ხომ არ აჯობებს, მომავალში უფრო გონივრულად მოვიქცეთ და კი არ „დავივიწყოთ“, არამედ, პირიქით,
მისხალ-მისხალ გავიხსენოთ, ვის რა უკეთებია, რა უშენებია და რა დაუნგრევია, რა უშოვია და რა
გაუფლანგავს? კი არ „დავივიწყოთ“, არამედ ზედმიწევნით გავიხსენოთ, ვინ, სად, როდის და ვის გვერდით
იდგა საქართველოსთვის საბედისწერო დღეებში და სწორედ ამის შემდეგ, ანუ მეხსიერების სრული
რეანიმაციის პირობებში გავაკეთოთ არჩევანი!
სხვაგვარად ჩვენში არჩევნების ჩატარება აზრს დაკარგავს და ეს უმნიშვნელოვანესი აქცია საბავშვო
გასართობს დაემსგავსება.
საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების გაჯანსაღებისათვის ფასდაუდებელი მნიშვნელობა
ექნება მეტისმეტად გადატვირთული და გვარიანად მტვერდადებული პოლიტიკური სივრცის გადახალისების
პროცესის დაწყებას. ამ საქმეს ნამდვილად ვერ უშველის უკვე უიმედოდ დაგვიანებული ლუსტრაციის
კანონის ამოქმედება.
პოლიტიკური სივრცის გადახალისებაში ნებაყოფლობით, მთელი თავისი კულტურულ-ზნეობრივი
რესურსებით, უნდა ჩაერთოს ამ სივრცეში მოძრავი ყველა პოლიტიკოსი და პოლიტიკური გაერთიანება.
უახლოესი ათი წლის განმავლობაში ქართული პოლიტიკური სივრცე ნებაყოფლობით უნდა დატოვონ და
ხელისუფლებაზე უარი უნდა თქვან იმ პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა გაერთიანებებმა, რომლებმაც: ა)
აქტიური მონაწილეობა მიიღეს 1991-92 წლების სისხლიან მოვლენებში და ბ) ვინც დამოუკიდებელ
საქართველოში მჭიდროდ თანამშრომლობდა ედუარდ შევარდნაძის რეჟიმთან.
ვფიქრობ, ეს ორი კრიტერიუმი სავსებით საკმარისია, რათა უახლოეს მომავალში საგრძნობლად
გაიწმინდოს და გადახალისდეს ქართული პოლიტიკური თეატრი. ამგვარი თვითგაწმენდის შედეგად მეტი
ასპარეზი დაეთმობა ახალგაზრდობას, პოლიტიკურ სცენაზე გამოსვლა გაუადვილდებათ პატიოსან ადამიანებს
და, რაც მთავარია, ეს პროცესი უთუოდ კეთილისმყოფელ მორალურ ზეგავლენას მოახდენს მთელ
საზოგადოებაზე.
ვიმეორებ, პოლიტიკური სივრცის გადახალისებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ნებაყოფლობითი
მონაწილეობის ფაქტორს...
იმისათვის, რომ რეალურად შეიცვალოს ჩვენში უკვე საკმაოდ დამყაყებული „პოლიტიკური თამაშის
წესები“, – აუცილებელია თვით საზოგადოებისა და განსაკუთრებით, ამ საზოგადოების ინტელექტუალური
ავანგარდის გააქტიურება. ობივატელმა, თავის ოჯახზე ყოველდღიური ზრუნვით დაქანცულმა ადამიანმა,
სწორედ ინტელექტუალებისაგან უნდა გაიგოს და ისწავლოს ქვეყნის სამსახური, ოღონდ მთავარი აქ
დაკარგული ნდობის აღდგენაა. რა დასამალია და, ჩვენმა პოლიტიკოსებმა უკანასკნელი ათწლეულის
განმავლობაში იმდენი სიცრუე უთხრეს „ისტებლიშმენტს“, იმდენჯერ მოატყუეს და გააცურეს მოსახლეობის
ფართო ფენები, რომ ქვეყანაში საერთო უნდობლობისა და დეპრესიული განწყობის გაბატონებას შეუწყვეს
ხელი.
ალბათ, ჩვენს ისტორიაში ისე მწარედ იშვიათად თუ ვინმეს მოუტყუებია ქართველი ერი, როგორც ეს
ჩვენმა ახლანდელმა პოლიტიკოსებმა მოახერხეს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ საზოგადოება არ ენდობა
პოლიტიკოსს, ეეჭვება მისი გულწრფელობა, არ სჯერა, რომ პოლიტიკოსი გაიძვერა არაა და თაღლითზე
უკეთესია...
ამგვარი სტერეოტიპის დამსხვრევა კი მხოლოდ ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ურთიერთობების,
„ახალი თამაშის წესებისა“ და განახლებული პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიბების შედეგად გახდება
შესაძლებელი.

ვცრუობ, მაშასადამე, ვარსებობ


* * *
„ვაზროვნებ, ესე იგი, ვარსებობ“, – ბრძანა ადამიანის კრიტიკული გონისადმი ღრმა პატივისცემით
გამსჭვალულმა დეკარტემ.
„ვიტანჯები, მაშასადამე, ვარსებობ“, „ტანჯვა ჩემი ხელობაა“, – ეს უკვე პოლ ვალერის მორალისტური
ინტერპრეტაციაა.
საინტერესოა, როგორ ჩამოაყალიბებენ თავიანთი არსებობის ფორმულას ჩვენებური პოლიტიკოსები?
ამ ცნობილი სენტენციის ქართული ვარიანტი იმთავითვე გამორიცხავს როგორც გონების, ასევე
მორალის მონაწილეობას პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ყოფის რეალური სურათი დღეს სწორედ ამაზე მეტყველებს და მისი
შელამაზება ნამდვილად უნაყოფო საქმე იქნება.
მაშ, რა ფაქტორები განაპირობებს ქართველ პოლიტიკოსთა არსებობის წესს და მათ შორის რომელს
აქვს უპირატესი მნიშვნელობა?
„მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“? – არამც და არამც!
ერთობ ზედაპირული და მეტისმეტად გადაპრანჭული გამონათქვამია...
„მე ვარ რევოლუციონერი. ესე იგი, ვარსებობ“? – არც ეს თვალსაზრისი შეესაბამება რეალურ
ადრესატთა ჭეშმარიტ ბუნებას, რადგან დღეს მათ ისე ეზიზღებათ ყოველგვარი რევოლუცია და ისე
უფრთხიან რევოლუციურ აზრებს, რომ თავიანთი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად მზად არიან ნახევარი
საქართველო საპყრობილეებში გამოამწყვდიონ (სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ მათ ეს საქმე არც ისე
ურიგოდ გამოსდით).
„ფული მაქვს, ესე იგი, ვარსებობ“? – თითქოს ეს მარტივი ფორმულა მიახლოებით მაინც უნდა
გამოხატავდეს ბექაურ-დავითაშვილის პრაგმატულ-ფინანსურ ინტერესთა ტიპოლოგიურ შინაარსს, მაგრამ მას
„რაღაც“ მაინც აკლია. ბოლოს და ბოლოს, მსგავსი ინტერესები არც რიგით მოკვდავთათვის არის უცხო
და მიუღებელი. ესაა მხოლოდ: პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, ამ მიზნის მისაღწევად უბრალო
ადამიანებს არანაირი შანსი არ გააჩნიათ.
მოკლედ, ბევრი ლაპარაკი რომ არ გამოგვივიდეს, მოდით, თვალი ერთხელ კიდევ გადავავლოთ ჩვენი
პოლიტიკოსების მრავალმხრივ „მოღვაწეობას“.
ახლა უკვე თამამად შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ ისინი სანახევროდ ქართველებიც არიან და
სანახევროდ – ევროპელებიც (თუმცა, საკითხავია, რატომ მაინცდამაინც მხოლოდ ევროპელები?). მათში
თანაბრად არის რაღაც ამერიკულიც, რუსულიც, ებრაულიც, სომხურიც და ა. შ. სადაც არ უნდა იყვნენ,
ისინი ყველგან კარგად „არსებობენ“. ასე რომ, მათი ყოფიერების ერთი შტრიხი, ანუ ხაზი –
გამოცნობილია!
ეს ადამიანები რევოლუციონერებიც არიან და ამაში ეჭვის შეტანა დღეს შეუწყნარებელი მკრეხელობა
იქნებოდა. ხელისუფლების მოსაპოვებლად ისინი მუდამ მზად არიან რევოლუციებისა და გადატრიალებების
მოსაწყობად. მეტიც: თუ გაუჭირდათ, როგორც იტყვიან, ქვას ქვაზე არ დატოვებენ და ამ გზით
გაიხანგრძლივებენ თავიანთ პოლიტიკურ არსებობას.
ესეც მეორე ნიშანი, რომლითაც კარგად მჟღავნდება ქართველ პოლიტიკოსთა ჭეშმარიტ მიდრეკილებათა
ხასიათი.
რაც შეეხება მათ ფინანსურ ინტერესებს, ვფიქრობ, აქაც ყველაფერი გარკვეულია: „თავისუფლების
საფასური“ (ეს ქართველ პოლიტიკოსთა საყვარელი ფრაზა გახლავთ) თავისი პირადი გაჭირვებით,
შიმშილითა და სიცივით, – მთლიანად ქართველმა ხალხმა უნდა გადაიხადოს. პოლიტიკოსებმა კი ამ
„საფასურით“ საარაკო შემოსავლები უნდა გაიჩინონ, სასახლეები აიშენონ და ჭეშმარიტად „ევროპული
სტანდარტების“ მიხედვით იცხოვრონ!
დიახ! თავისუფლება ერთობ ძვირად ფასობს!
ეს კარგად იციან ჩვენმა გამჭრიახმა პოლიტიკოსებმა და თავიანთი არსებობის ამ უმნიშვნელოვანეს
წყაროს მუდამ ხარბად და გულმხურვალედ ეწაფებიან.
მაგრამ ყველა ზემოხსენებული სიკეთის მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად მათ აუცილებლად
ესაჭიროებათ ერთი განსაკუთრებული წრთობის იარაღი, რომლის გარეშეც ამ ადამიანების არსებობა,
უბრალოდ, შეუძლებელი იქნებოდა.
წარმოიდგინეთ, ქართველი პოლიტიკოსი პრესისა და ტელევიზიის საშუალებით ყოველდღიურად არ
ჩაგვძახოდეს, რომ თურმე რეფორმების მიხედვით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე იმყოფება;
რომ ისეთი სკოლები, საავადმყოფოები, შადრევნები და ატრაქციონები, როგორიც თბილისში შენდება, –
არც ბერლინშია, არც პარიზში, არც ლონდონში და, რაღა თქმა უნდა, რუსეთში ხომ არ არის და არც
არასოდეს იქნება!
რომ ქართველი ხალხი დღეს თურმე ისეთი ამაყი და ბედნიერია, როგორც არასდროს და ქართული
სახელმწიფოც ასე ძლიერი დავით აღმაშენებლის დროსაც კი არ ყოფილა...
რომ ერთი და იმავე ადამიანის მინისტრად დანიშვნაც და მისი მოულოდნელი გათავისუფლებაც, თურმე
ერთნაირად მოსაწონ პოლიტიკას წარმოადგენს და, ბოლოს და ბოლოს, მთელ დედამიწაზე თავისუფლების
ერთადერთი შუქურაც თურმე ჩვენ ვყოფილვართ...
დიახ, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ყველაფერი ეს სიცრუე არ არის!
ისიც წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა!
და თქვენს გონებაში უმალ ამოტივტივდება ქართველი პოლიტიკოსის მთავარი საარსებო ფორმულა:
„ვცრუობ, მაშასადამე, ვარსებობ“...
დღენიადაგ მხოლოდ წვრილ მოხელეთა პატარ-პატარა სიცრუეები რომ გვესმოდეს, ამას კიდევ აიტანდა
ადამიანი, მაგრამ მთელი ჩვენი უბედურება ის არის, რომ სიცრუეს ტახტი თვით უმაღლეს
ხელისუფლებაში აქვს დადგმული.
ასეა: მავნე სენი ელვის სისწრაფით ვრცელდება ჩვენს სახელისუფლო წრეებში და, როგორც ჩანს, ამ
პროცესს მომავალშიც წინ ვეღარაფერი დაუდგება.
„ვცრუობ, მაშასადამე, ვარსებობ“, – „სიცრუე ჩემი ხელობაა“, – ასე დაკნინდა და გაცამტვერდა მორალი
და გონიერება ქართულ პოლიტიკაში, ასე გაიშიფრა ჩვენში „სიბრძნე სიცრუისა“.
* * *
საქართველოს ისტორიის პირუთვნელი შემფასებელი ალექსანდრე ბატონიშვილი იხსენებს: „ჩვენი
უწინდელი მეფეები, არამცთუ დიდრონ კაცებთან, არამედ მდაბალ ხალხშიაც იყვნენ შერეულნი; ვითარცა
მამა შვილებში წრფელის გულით, ჭეშმარიტებით, სიმართლითა და კეთილად არას დროს გლეხს კაცს არ
დაეშლებოდა მეფესთან მისვლა და სიტყვის მოხსენება. იყო ურთიერთს შორის თავისუფლება და
სიყვარული... ტყუილი სიტყვა ანუ გაკეთებული ცრუ ლაპარაკი უწინ როგორ იქნებოდა? არამც თუ
იქნებოდა, ამას ისინი ფიქრშიაც ვერ გაივლიდნენ... ამის გამო იმათი ლაპარაკი სულ სწორი და
პირდაპირი იყო დაუფერებელი. იტყვიან: სახლეულობა უმახინჯოთ არ იქნებაო. როგორ არ იქნებოდა, რომ
იმათშიაც ცრუმოყბედე არავინ არ ყოფილიყო, მაგრამ იშვიათად და თუ შემჩნეული იქნებოდა ვინმე
სიცრუეში, მართალს აღარ დაუჯერებდნენ იმას: ტყუილს რა სჭირს? – რა და მართალს აღარ
დაუჯერებენ“...
დღეს ჩვენ სიმართლის კი არა, აშკარა სიცრუის დაჯერებას გვაიძულებენ.
ცხადია, ეს მეტად მძიმე ასატანია, მაგრამ რა გაეწყობა: „ვცრუობთ, მაშასადამე, ვარსებობთ“.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მათ სიცრუეში არავითარი სიბრძნე არ იმალება.
2006 წ.

შეგნებული სიცრუის ხელოვნება


* * *
მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ქართველ წარმომადგენლებს ჩვენებური „სიტყვის თავისუფლება“
დასავლეთის თვალში „სამამულო წარმოების“ ყველაზე თვალსაჩინო მიღწევად მიაჩნიათ და მზად არიან
ყოველდღიური ბრძოლით დაიცვან ეს „თავისუფლება“.
საზოგადოებამ გულწრფელად ირწმუნა, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებას
ამქვეყნად მხოლოდ დიქტატორული რეჟიმები ემუქრებიან, რომ მხოლოდ ტირანები და დემოკრატიის
მტრები ახშობენ თავისუფალ აზრს, დევნიან მართალ სიტყვას და შემოქმედებითი ცხოვრებით გატაცებულ
ადამიანებს მხოლოდ ისინი აიძულებენ ჩადგნენ თავსმოხვეული იდეების სამსახურში.
არადა, ამ კეთილშობილურ, მაგრამ გულუბრყვილო თვალსაზრისს უკვე კარგა ხანია, ყავლი გაუვიდა.
ჯერ კიდევ გასული საუკუნის ადრეულ წლებში კარლ იასპერსი პირდაპირ მიუთითებდა იმ საშიშროებაზე,
რომელიც დღეს მასების გემოვნებისადმი ჟურნალისტიკის დამოკიდებულებაში იჩენს ხოლმე თავს.
„ნამდვილი საშინელებაა, – წერდა ის, – რომ ჟურნალისტის პასუხისმგებლობა და სულიერ-შემოქმედებითი
თავისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას იმის გამო, რომ იგი დამოკიდებული ხდება სხვადასხვა
პოლიტიკურ-ეკონომიკური ძალების სურვილებზე... ჩვენში ხშირად გამოითქმება აზრი, რომ პრესაში
მუშაობისას შეუძლებელია შეინარჩუნო სულიერი სისპეტაკე. იმისათვის, რომ მოგება მიიღოს, პრესა
ვალდებულია გაითვალისწინოს მილიონების ინსტინქტი, უმრავლესობას მიაწოდოს მასის ცნობიერებისათვის
გასაგები სენსაცია, ვულგარულობა და ა. შ. ასეთ შემთხვევაში იგი (პრესა) ითვისებს შეგნებული სიცრუის
ხელოვნებას, რომელიც, თავის მხრივ, სულისთვის უცხო ძალაზეა გათვლილი. იგი ქედს იხრის ამ ძალის
წინაშე“ (კ. იასპერსი, „ისტორიის აზრი და დანიშნულება“).
დასავლეთის დემოკრატიას არაერთხელ მოუხდა მრავალი ასეთი „მწარე აბის“ ჩაყლაპვა.
ჩვენ კი დასავლეთის ყველაზე მარტივი გამოცდილების გაზიარებასაც არ ვესწრაფვით, არ გვსურს
გავიგოთ, რომ დემოკრატია, ისევე, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა ფორმაციები, განსაკუთრებით,
ადრეულ ეტაპზე, – თავისსავე თავში ატარებს თვითგანადგურებისათვის საკმარის ელემენტებს, რომლებიც
მაშინვე იწყებენ გააქტიურებას, როგორც კი ესა თუ ის ფორმაცია სერიოზული კრიზისის პირისპირ
აღმოჩნდება ხოლმე.
ჩვენი ახლანდელი ყოფის პარადოქსულობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ყველაფერი, რაც ამჟამად
საქართველოში ხდება, ერთდროულად ნაადრევიც არის და დაგვიანებულიც. მაგალითად, ღარიბ-ღატაკი,
შიმშილის ზღვარზე მყოფი ადამიანებით დასახლებულ ქვეყანაში ერთობ ნაადრევია დასავლეთის მსგავსი
გადასახადების დაწესება, განათლებისა და სამედიცინო მომსახურების სრული დენაციონალიზაცია და ა. შ.
ამასთანავე, უიმედოდ დაგვიანებულია ცივილიზებული სამყაროსთვის ნიშანდობლივი რევოლუციური
ტექნოლოგიების დანერგვისა და შემდგომი განვითარების პროცესი...
ეს ძალზე სერიოზული და მწვავე დილემაა და მისი გადაჭრა დიდად აღემატება ნებისმიერი
ხელისუფლების შესაძლებლობებს. სრული ეროვნული კონსოლიდაციისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების
მაქსიმალური მობილიზების გარეშე ჩვენ კიდევ დიდხანს მოგვიწევს თავის გადადება უაზრო და უშედეგო
ექსპერიმენტების მოწყობისათვის. და ვინ იცის, ამ გაუკვალავ გზაზე კიდევ რამდენჯერ გაგვახსენდება
მწარე სინანულით აღსავსე სიტყვები: „მესამედ იქვე მოვედით, გუშინ რომ დავკარ ისარი...“
საინტერესოა, ჩვენში ვინმეს თუ დაუთვლია, დღემდე მერამდენედ გვიხდება ყბადაღებული „შოკური
თერაპიის“ გადატანა? ანდა, მერამდენედ ტარდება რეფორმა მედიცინის სფეროში? სასამართლოს სისტემაში?
მერამდენედ იშლება და კვლავ ერთიანდება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები? ბოლოს და ბოლოს,
იქნებ ვინმემ შეაჯამოს და არითმეტიკული სიზუსტით დათვალოს უკანასკნელი თხუთმეტი წლის
განმავლობაში მერამდენედ ვაშენებთ „ახალ, ჭეშმარიტად დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოს“?
ეს კი ისეთი თემაა, რომელიც ჩვენს ყველა „სასწაულებრივ წარმატებას“ დაგვავიწყებს და ნამდვილ,
ცოცხალ რეალობასთან დაგვაახლო- ებს.
* * *
ცეცხლი, წყალი და უმეცრება
დიდი სიბრძნე ნამდვილად არ არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ ჭკვიანური აზრები მხოლოდ
ხანგრძლივი ფიქრისა და განსჯის შედეგად იბადება. მათ მიღმა ხშირად ღრმა და საკმაოდ მძიმე
გამოცდილება ძევს. სწორედ ამგვარმა გამოცდილებამ თუ ათქმევინა ერთგან პოლ ვალერის: „წიგნებს
იგივე მტრები ჰყავთ, რაც ადამიანებს – ცეცხლი, წყალი, უმეცრება“...
წიგნებთან დაკავშირებით გამოთქმულ ამ შენიშვნას დღეს ჩვენ ვერაფრით განვავრცობთ სამამულო
ჟურნალისტიკაზე, განსაკუთრებით კი – ჩვენებურ ტელეწამყვანებზე, რომელთაც ზემოხსენებულ მტერთაგან,
დღესდღეობით, არც ერთი არ აშფოთებთ. პირიქით, ცეცხლიც, წყალიც და უმეცრებაც აქ სრულ უნისონში
იმყოფება და ერთობლივად ქმნის ამა თუ იმ ჟურნალისტის პროფესიულ ფიზიონომიას.
აბა, დააკვირდით, ერთბაშად რამდენი ცეცხლი, წყალი და უმეცრებაა თავმოყრილი თუნდაც ერთი ჩვენი
სახელგანთქმული ტელეწამყვანის „საკუთარ შინაარსში“, ანუ შინაგან სამყაროში. კვირაში ორჯერ,
განსაზღვრულ დროს, იგი სწორედ რომ ცეცხლოვანი ვნებით, წყლის შეუკავებელი ენერგიითა და მართლაც
განსაცვიფრებელი უმეცრებით უძღვება ხოლმე მასობრივი სანახაობისთვის განკუთვნილ გადაცემებს...
ახლახან, 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, ამ „წამყვანმა“ ქალბატონმა ერთხელ კიდევ
დაადასტურა, რომ უმეცრებასაც ისევე არა აქვს საზღვარი, როგორც ცეცხლისა და წყლის ენერგიას.
ჯერ იყო და, გვარიანად შეშფოთებულ და დადარდიანებულ ჭარმაგ ექიმთა საზოგადოებას თავისი
ცეცხლოვანი სილა იმით გააწნა, რომ მათ საპაექროდ ჯანდაცვის სამინისტროს უმწიფარი და, ამასთანავე,
მეტისმეტად თავხედური მანერების მქონე ჩინოვნიკი დაუსვა და ეს ყოველგვარი დემაგოგიისაგან შორს
მყოფი ადამიანები პირდაპირ შოკში ჩააგდო. ნაცვლად იმისა, რომ ჩინოვნიკისთვის მოსახლეობის
სამედიცინო და სოციალური მომსახურების კონკრეტული პროგრამის შესახებ დაესვა შეკითხვები, ჩვენმა
ტელეწამყვანმა, რომელიც, როგორც წესი, საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროში მუდამ სრულ უმეცრებას
ამჟღავნებს ხოლმე, – საუბარი იაფფასიანი და არაფრისმთქმელი „კუდიანი ეშმაკების“ თემის
გაღრმავებისკენ წარმართა. ამით კი სიტუაციამ ისეთი გროტესკული შეფერილობა შეიძინა, რომ კაცი
იფიქრებდა, „წამყვანმა“ ეს-ესაა თვალი ნამდვილად მოჰკრა კუდიან ეშმაკსო... არადა, ერთ-ერთმა
პროფესორმა თავის უწყინარ რეპლიკაში „ეშმაკი“ წმინდა სიმბოლური მნიშვნელობით ახსენა,
ტელეჟურნალისტი კი გაშმაგებით დააცხრა ამ გამონათქვამს და ჩათვალა, რომ ამით დიდი სარგებლობა
მოუტანა ქართულ ჟურნალისტიკას.
ეს ჯერ კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რაც ამ გადაცემის მეორე „ბლოკში“ იხილა
მაყურებელმა.
პოპულარულმა ტელეწამყვანმა, რომელიც მუდამ თანაბარი გატაცებით საუბრობს ხოლმე როგორც
განათლების, მედიცინის, ეროტიზმის, ასევე რელიგიის და თქვენ წარმოიდგინეთ, – ჟურნალისტიკის
საიდუმლოებათა შესახებ, – ამჯერად ტელემაყურებელთა გართობა მოიწადინა. ნათლისღების დღესასწაულზე
„თავის სტუდიაში“ მან „ცნობადი სახეებისაგან“ შემდგარი ნათლია-ნათლულების რამდენიმე წყვილი
მიიწვია.
ისე კი, გატეხილად უნდა ითქვას, რომ ამ ქალბატონს ხშირად ერთმანეთში ერევა ხოლმე „ცნობადი“
და „გაცვეთილი“ სახეები.
არავინ უარყოფს, რომ, მაგალითად, ბ-ნები მიხეილ მაჭავარიანი თუ კობა დავითაშვილი დღეს ჩვენში
მართლაც წარმოადგენენ „ცნობად სახეებს“. რა დასამალია და, არც ქ-ნი ლელა წურწუმია და ქ-ნი მარიკა
ვერულაშვილი გახლავთ „ცნობადობას მოკლებული“ პერსონები, მაგრამ, ღმერთმანი, მათი აზრები,
შეხედულებები, გატაცებები და თქვენ წარმოიდგინეთ, ჟესტიკულაციაც კი ლამის ზეპირად გვაქვს
დასწავლილი. ამიტომ, მოდი და ნუ გაგაღიზიანებს, ვთქვათ, იგივე მიხეილ მაჭავარიანი – დღეში ხუთჯერ,
კობა დავითაშვილი – დღეში სამჯერ, დავით ზურაბიშვილი – დღეში ექვსჯერ და ა. შ.?! შესაძლოა, ასეთი
კომპანია სრულად აკმაყოფილებდეს ჩვენი ტელეწამყვანის გონებრივ დიაპაზონს, მაგრამ იგი ვალდებულია
იმაზეც დაფიქრდეს, რომ ადამიანთა ერთი ნაწილი უმეცრების მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი.
მაშ, რა საჭიროა ერთად შეყრილი ამდენი უმეცრება?..
„რა დაანათლეთ თქვენს ნათლულს?“ – ასეთი შეკითხვით მიმართა სტუდიაში წარმოდგენილ უკლებლივ
ყველა ნათლიას რელიგიის საკითხებში „ღრმად ჩახედულმა“ ჩვენმა წამყვანმა. ამის გამო დაბნეული
ნათლიები შესაბრალის მდგომარეობაში ჩავარდნენ; მათ, უბრალოდ, არც კი იცოდნენ, როგორ აეცილებინათ
თავიდან აბსურდული შეკითხვების კორიანტელი. მხოლოდ ფეხბურთელ ჯამარაულს ეყო გონიერება და
ცეცხლმოდებულ ტელეწამყვანს სიტყვა შეუბრუნა – ნათლობის საეკლესიო რიტუალში არავითარი
„დანათლება“ არ არსებობს და ნათლიას მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრული მოვალეობები აქვს ნათლულის
წინაშეო...
„განმართლებულხარ, განბანილხარ, განწმენდილხარ, მირონცხებულხარ...“ როგორც ჩანს, ეს სიტყვები
ჩვენს „ყოვლისმცოდნე“ ჟურნალისტს არც არასოდეს გაუგონია...
ალბათ, ამიტომაც იყო, რომ მისმა მეორე შეკითხვამ კიდევ უფრო დიდ საგონებელში ჩააგდო
„მოწვეული ამხანაგები“:
„რა გამოჰყვა თქვენს შვილს ნათლიებისგან?“ – სათითაოდ გამოჰკითხა მოუსვენარმა წამყვანმა
სტუდიაში თავშეყრილ მშობლებს, მაგრამ პასუხები აქაც ბუნდოვანი და გაუგებარი აღმოჩნდა.
... და საერთოდ, რა პასუხი უნდა გასცეს ადამიანმა უმეცრებას?
ხსენებული გადაცემის ერთადერთი „ნათელი წერტილი“ (არც მეტი, არც ნაკლები!), – ეკრანზე ბ-ნ ოტია
იოსელიანის ნაცნობი ფიზიონომიის გამოჩენა იყო!
ბ-ნი ოტია, კარგა ხანია, მზამზარეულ ეთნოგრაფიულ სანახაობად გადაიქცა! განუყრელი სვანური
ქუდითა და თანშეზრდილი გრძელი მუნდშტუკით ხელდამშვენებული მწერალი სხვაგვარი მორთულობით
დღეს ისევე წარმოუდგენელია ქართველი საზოგადოებისთვის, როგორც ესპანელებისთვის კარმენი – მარაოსა
და თმაში გარჭობილი წითელი მიხაკის გარეშე...
ისიც კარგად არის ცნობილი, რომ ბ-ნი ოტია მედგრად უტევს ხოლმე გრიგოლ ორბელიანის მიერ
ჩამოყალიბებულ „იმერელის“ მაცდუნებელ სტერეოტიპს („გმირი იმერი – ზრდილობით“) და სრულიად
საწინააღმდეგო შეხედულების დასამკვიდრებლად, განურჩევლად სქესისა თუ ასაკისა, ყველას შიგ სახეში
ახრჩოლებს თავისი განუყრელი „პაპიროსის“ გამონაბოლქვს...
იმ დღეს ნამდვილად არ გამკვირვებია, რომ ჩვენმა წამყვანმა რელიგიის საკითხებზე სამსჯელოდ
სწორედ ბ-ნი ოტია იოსელიანი მიიწვია. („ცნობადი სახე“, თანაც ეგზოტიკური!) და ნათლისღების
საიდუმლოს გაანალიზება მასთან ერთად განიზრახა.
„ბებიაჩემისგან გამიგონია, ერთმა ნათლიამ ძროხა აჩუქა თავის ნათლულსო“, – დინჯად ბრძანებდა
პატივცემული მწერალი და სხვა უფრო ბრძნულ შეგონებებსაც არ დაიშურებდა, რომ არა წამყვანი
ქალბატონის რეპლიკები... ბოლოს და ბოლოს, ბ-ნ ოტიას მოთმინების ფიალა აევსო და აბეზარ
ჟურნალისტს ერთი ისეთი დაუცაცხანა, როგორც ჭეშმარიტ მწერალს შეჰფერის!
* * *
ამას წინათ, ბ-ნმა ოტია იოსელიანმა კიდევ ერთი მშვენიერი და ფრიად გონებამახვილური ზღაპარი
გამოაქვეყნა. ზღაპრის მოკლე შინაარსი ასეთია: სოფლიდან ქალაქში მამალი ჩამოიყვანეს. ოჯახმა მას
მაღლივი კორპუსის აივანზე მიუჩინა ადგილი. მამალი მთელი ღამის განმავლობაში გულისფანცქალით
მოელოდა წყვდიადის გაფანტვას, რათა სხვა მამლებთან ერთად მასაც მხურვალე მონაწილეობა მიეღო
განთიადის დადგომაში. მამლის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მცირეოდენი დაკვირვების შედეგად
დაასკვნა, რომ, მის გარდა, ქალაქში არც ერთი მამალი არ „მოღვაწეობდა“. მას საოცრად შეებრალა
ქალაქელები, რომლებიც იმის გამო, რომ იქ მამლები არ ცხოვრობდნენ, მისი აზრით, მარადიული
სიბნელისთვის უნდა ყოფილიყვნენ განწირულნი... მამალმა ამ უბედურებისაგან ქალაქელთა ხსნა გადაწყვიტა
და თავგანწირული ყივილი ატეხა, რამაც ფრიად შეაწუხა უბნის მოსახლეობა. დილით მზემ ამოანათა და
მამალიც თავს ბედნიერად გრძნობდა, რადგან დაიჯერა, რომ განთიადი სწორედ მისმა ყივილმა მოიყვანა...
ასე გაგრძელდა ორი დღის განმავლობაში, მესამე დღეს კი...
მამლის ყივილი არ ისმოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქალაქში მაინც ჩვეულებრივად თენდებოდა,
ღამდებოდა და კვლავ თენდებოდა...
ეჰ, როგორი ბედნიერი ვიქნებოდით და ბ-ნი ოტია იოსელიანიც რა კარგ გუნებაზე დადგებოდა, მისი ეს
ზღაპარი ერთხელ მაინც რომ წაეკითხა ჩვენს ტელეწამყვანს და... ყივილი შეეწყვიტა!
2007 წ.

მასობრივი კულტურის დიქტატი


მასობრივი კულტურის დიქტატი დღეს უკვე საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროზე
ვრცელდება. მხოლოდ ფუნდამენტური რელიგიები და მიუწვდომელი აკადემიური წრეები თუ უძლებენ მის
ყოვლისმომცველ შემოტევებს. მასის გემოვნებამ თვალშისაცემად დაიმორჩილა ინფორმაციის საშუალებები,
კინო, თეატრი, სალიტერატურო ცხოვრება... იგი ვერ ითმენს კრიტიკულ აზრს.
სწორედ ამიტომ არის, რომ კრიტიციზმი და ჯანსაღი სკეპტიციზმი საერთოდ განიდევნა ჩვენი ყოფიდან.
ამის გამო საზოგადოება კონფორმიზმისა და ინდიფერენტიზმის ჭაობში ჩაეფლო. დინამიზმი შეცვალა
სტატიკამ, მოძრაობა – უძრაობამ. ასეთ პირობებში ძნელი არ არის იმის შემჩნევა, თუ როგორ
ჩამოყალიბდა კრიზისული საზოგადოება და მისი პირმშო – კრიზისული ადამიანი.
ამ კუთხით დასავლეთმა კარგა ხნის წინ გამოიტირა თავისი თავი. მაგრამ მძლავრმა ტექნოლოგიურმა
ნახტომებმა ახალი სიცოცხლე შთაბერა ევროპულ სამყაროს, რომელიც დღეს ნელა, მაგრამ ენერგიულად
ცდილობს თავი დააღწიოს თავმოხვეულ ღირებულებებს და ხელახლა გააცოცხლოს დამზრალი ფესვები.
„საკმარისია პროვანსის ერთი საღამო, მომხიბლავი კონცხი, მარილის გემო, რომ მიხვდე – ყოველივე ჯერ
კიდევ შესაქმნელია. ჩვენ ხელმეორედ უნდა გამოვიგონოთ ცეცხლი, თავიდან უნდა შევქმნათ უამრავი
ხელობა, რათა დავაოკოთ სულის შიმშილი“. ეს სიტყვები ალბერ კამიუს ეკუთვნის – „აბსურდის
ფილოსოფიის“ მქადაგებელსა და ღრმა ნიჰილიზმით გულამღვრეულ მოაზროვნეს... ამიტომ მით უფრო
ანგარიშგასაწევია, რომ თავის დროზე სწორედ კამიუს ეყო ძალა შეენარჩუნებინა რწმენა ადამიანისა,
რომლის შორეული არქეტიპიც მუდამ ისე იზიდავს ხოლმე ყველა სულიერს: „ისტორიის გულის სიღრმეებში
პრომეთეს თანამოსანგრენი – ისე, რომ წუთითაც არ წყვეტენ მძიმე შრომას, თვალს არ აშორებენ მიწას
და ბალახს, მიჯაჭვული გმირი ჭექა-ქუხილშიც ინარჩუნებს ღრმა რწმენას ადამიანის სიდიადისა. ამიტომ
იგი უფრო შეუვალია, ვინემ მისი კლდე, უფრო მომთმენი, ვინემ მისი ძერა. ღმერთების წინააღმდეგ
ამბოხზე მეტად ადამიანებს პრომეთეს უსასრულო თმენა უფრო ხიბლავთ და მასთან ერთად მისი ნება –
არაფერი განაცალკეოს და არც არაფერი უარყოს. ეს ის ნებაა, რომელიც წარსულშიც უთანხმებდა და
მომავალშიც შეუთანხმებს ადამიანის სნეულ სულს გაზაფხულს“ (ალბერ კამიუ).
„პრომეთესა“ და „გაზაფხულს“ შორის მოქცეული „სნეული სულის ადამიანი“ აქ საოცრად გამჭრიახი და
სიცოცხლისუნარიანია. აშკარაა, რომ სნეულების მიუხედავად, იგი ჯერ კიდევ არ არის სრულიად
განადგურებული. კრიზისით შეპყრობილს, მას ჯერაც შენარჩუნებული აქვს „ფესვი – პრომეთე“, ისევე
როგორც „პერსპექტივა – გაზაფხული“... მოკლედ, ევროპულ კრიზისულ საზოგადოებაში სიკვდილი არ
მძვინვარებს. იგი იმდენად მდგრადია, რომ ცნობიერების დონეზე მაინც შემორჩა ჯანსაღი კრიტიციზმით
აღსავსე თავდაცვის წყურვილი.
სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ქართველი საზოგადოება დღეს გაცილებით უნუგეშო მდგომარეობაში
იმყოფება! იგი გადაეჩვია არა მარტო მოძრაობა-მოქმედებას, არამედ ფიქრსაც და განსჯასაც. საგულისხმოა,
რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, „საზოგადო ჭირზე“ ახლა ჩვენში არავინ წერს, არ ჩანს ახალი
იდეები, არ მიმდინარეობს აზრთა ჭიდილის პროცესი, ერთი სიტყვით: „არსაიდან ხმა, არსით ძახილი“...
როგორც ჩანს, ინტელექტუალურმა წრეებმა ნებაყოფლობით უარი თქვეს თავიანთი საზოგადოებრივი
მოვალეობის შესრულებაზე და მთელი ასპარეზი მასებს, მასობრივ კულტურას და მასის პრიმიტიულ წეს-
ჩვეულებებს დაუთმეს. ეს უკანასკნელი კი, რამდენადაც იგი საერთოდ არ ცნობს არავითარ იერარქიას და
ფუნდამენტური ღირებულებებისადმი თანდაყოლილი ზიზღით არის შეპყრობილი, – იოლად იმკვიდრებს
უპრობლემოდ მოპოვებულ ადგილს და საზოგადოებას თავად კარნახობს პირობებს.
ქართველი „სნეული ადამიანი“ დღეს გაცილებით მძიმედ და გულისმომკვლელად გამოიყურება, ვიდრე
მისი ევროპელი წინამორბედი. როგორც მოსალოდნელი იყო, იგი საბოლოოდ ამ უკანასკნელის მხოლოდ
უბადრუკ ეპიგონად და უსუსურ მიმბაძველად ჩამოყალიბდა. დასავლურ ღირებულებათა შორის მას იტაცებს
არა სულიერებით აღსავსე ღრმა კულტურულ-ისტორიული გამოცდილება, არამედ „ევროპული დაისის“
შემდგომი უღმერთობის, დაცემისა და დეგრადირების ატმოსფერო, გარემო, სადაც თავისუფლება კარგა
ხანია გასცდა ღვთაებრივი წესრიგით დადგენილ საზღვრებს და სადაც ამგვარმა ყოფიერებამ კარგა ხანია,
რაც ყველაფერი ნებადართული გახადა. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ მასის ტოტალური ზეგავლენის
ქვეშ მოქცეული ადამიანი დღეს იშვიათი გულგრილობით შეჰყურებს ჩვენი კულტურულ-მეცნიერული
ინსტიტუტების ხელყოფის პროცესს. უფრო მეტიც: მან ღიად და აშკარად ზურგი აქცია მრავალსაუკუნოვან
ეროვნულ სულიერ ფასეულობებს და დიდი მონდომებით დაწვა მასთან დამაკავშირებელი ხიდები.
ასეთია მასის ფსიქიკა, ასეთია კრიზისული ადამიანის ფიზიონომია!
მასა ენერგიულად მიისწრაფვის თავისი პრიმიტიული ინტერესების დაკმაყოფილებისკენ. ამ მხრივ მას
უხვ საზრდოს აწვდიან ათასგვარ აბრას ამოფარებული ფსევდოჰუმანიტარული ორგანიზაციები.
კულტურული ექსპანსიის მოსაწყობად საქართველოში ფრიად ხელსაყრელი პირობები აღმოჩნდა.
გადამთიელებს ოდნავადაც არ გასჭირვებიათ ღარიბ-ღატაკი, თავისივე თვისტომთა მიერ უმოწყალოდ
გაძარცული ქვეყნის „ათვისება“. ამას ისიც დაერთო, რომ თავის რეგიონულ პრობლემებში ყელამდე
ჩაფლული ცივილიზებული ევროპა დღემდე არავითარ ინტერესს არ ამჟღავნებს საქართველოს მიმართ, რაც
ისტორიულად მუდამ საბედისწერო იყო ჩვენი ქვეყნისთვის...
ერთიც უნდა ითქვას: ჩვენს ყველა უბედურებაში მხოლოდ სხვისი დადანაშაულება ნამდვილად არ
წარმოადგენს პრობლემისადმი გონივრული მიდგომის მაგალითს. „ქარნი ძლიერნი“ ჩვენში ხშირად
არყევდნენ ხოლმე „ლერწამს“, მაგრამ ისტორიული სიმართლე მუდამ მკაცრად სჯიდა საზოგადოებას იმ
გულგრილობისა და მიუტევებელი მერყეობის გამო, რასაც იგი კონკრეტულ ვითარებაში იჩენდა. ცხადია,
ასე იქნება მომავალშიც, როდესაც ჩვენი შთამომავლობა პირუთვნელად განსჯის ყველას, ვინც იოლად
აჰყვა გაუცხოების მღვრიე ტალღებს და ვერ შეძლო ერთადერთი და განუმეორებელი ქართული სულიერი
კულტურის შენახვა და გადარჩენა.
დღეს ქართული სულიერების კრიზისია. მასობრივი კულტურა ცინიკურად მიერეკება მას ისტორიის
აკლდამაში. პრესა, რადიო-ტელევიზია მთლიანად შთანთქა მასის მზარდმა მოთხოვნილებებმა და
ყოველდღიურად, უფრო სწორად – ყოველწამიერად შეგვახსენებს, რომ ახლა მხოლოდ ისაა მოვლენათა
ნამდვილი ბატონ-პატრონი.
საკმარისია პროვანსის ერთი საღამო, მომხიბლავი კონცხი, მარილის გემო, რომ მიხვდე – ყოველივე
ჯერ კიდევ შესაქმნელია.
2007 წ.
* * *
ძველი და ახალი „მასები“:
მასების აღზევებით გამოწვეული კრიზისები პერიოდულად აშფოთებდა საზოგადოებას. თავის დროზე,
ინტერნაციონალიზმის აბობოქრების ჟამს, როდესაც ფასეულობათა აღრევის სახიფათო სიმპტომებმა იჩინა
თავი, – კრიზისის ნიშნები ქართულ კულტურასაც დაეტყო. ჩვენი მწერლობა, თეატრი, მეტ-ნაკლები
ინტენსივობით აჰყვა მასის ნებას და ერთგვარად ქედიც კი მოიხარა მისი მდარე გემოვნების წინაშე.
მაგალითად, ერთგან ბ-ნი ნოდარ ტაბიძე გულმოდგინედ ჩამოთვლის 1914 წელს გამოცემულ წიგნებს,
რომელთა სახელწოდებებიც მკითხველს ნათელ წარმოდგენას შეუქმნის იმჟამად გაბატონებული გემოვნების
კრიზისსა და „მასის დაკვეთის“ ხასიათზე: „ალავერდი! იახშიოლდი!“ „სუფრაში სათქმელი სიმღერა და სხვა
სალხინო ლექსები“, „ითამაშე თამარა“, „ახალ ომში გაყვანილ სალდათის გოდება“, „ლექსი მანუშაკ
ფარსადანოვის გარდაცვალებაზე“, „განათლების ნაყოფია ტანგო“, „ქალაქის ახალი ბოინი“, „გიტარაზედ და
ფანდურზედ დასამღერებელი ლექსები“, „ძმა ძმის მკვლელი და სტეპკო დათებოვის ანდერძი“, „სრული
აღჩი ჰორომ და შეგუას სიმღერა და ყომარბაზის დღე“ და ა. შ. ნუ გაგიკვირდებათ, რომ მაშინ ჯერ
კიდევ ცოცხლები იყვნენ აკაკი, ვაჟა და ძველი თაობის სხვა აღიარებული ავტორიტეტები, მაგრამ „ახალმა
დრომ“ შეტევა, უწინარეს ყოვლისა, ამ „კერპების“ წინააღმდეგ წამოიწყო, სწორედ ისე, როგორც ეს
ამჟამად ხდება...
დღესაც ჩვენი „ახალი დროის გმირები“ ასევე თავგამოდებით ამკვიდრებენ „ახალ“ წარმოდგენებსა და
შეხედულებებს. მათი „მოღვაწეობისათვის“ ამჟამად გაცილებით ფართო ასპარეზია გადაშლილი. ასე,
მაგალითად, ერთ-ერთ ტელეარხზე ქართველ მაყურებელს შეუძლია შებინდებიდან გვიან ღამემდე თვალყური
ადევნოს მასობრივი კულტურის სამამულო ვარიანტს და შესაფერისი დასკვნებიც გამოიტანოს. ახალგაზრდა
ტელეწამყვანი ქალბატონი, როგორც ჩანს, თავს სწორუპოვარ მოსაუბრედ და ფრიად გონებამახვილ
ჟურნალისტად მიიჩნევს. მის საუბრებში ისიც იგრძნობა, რომ იგი მეტისმეტად ამაყად ატარებს ახალ-ახალი
იდეების ერთგვარი გენერატორის საპატიო სტატუსს და შესაბამისად, მაყურებელსაც ცოტა „მხარზემოდან“
დაჰყურებს ხოლმე. მის მიერ შემოთავაზებული თემები კი მართლაც „ნოვატორული“ და „შოკისმომგვრელი“
რომ არის, ამას ქვემოთ დაინახავს მკითხველი. აქ მხოლოდ იმას შევნიშნავთ, რომ ტელეწამყვანი
ქალბატონი თავის ყოველ სიტყვას ლამის ოქროს ფასს ადებს და მაყურებლის იშვიათ კრიტიკულ
შენიშვნას უმკაცრესი პასუხებით უმასპინძლდება.
თავისი მრავალსაათიანი სატელევიზიო დიალოგის თემა ამ „წამყვანმა“ ერთხელ ასეთი
„სუპერთანამედროვე“ ფორმულის სახით ჩამოაყალიბა:
„აგიხევიათ თუ არა მეგობრისთვის შეყვარებული?“
... და დაიძრა სატელეფონო ზარების კორიანტელი! თინეიჯერები ერთმანეთს ასწრებდნენ „საუკუნის
შეკითხვაზე“ პასუხის გაცემას... ტელევიზიის ყულაბაში კი წვიმასავით მოედინებოდა გაბრიყვებული
ახალგაზრდების მიერ გადაყრილი თანხები. ტელეწამყვანი მოჩვენებითი აზარტით ერთვებოდა ამ აბსურდულ
დიალოგებში და ვინ იცის, გულში მომავალი ჰონორარის რაოდენობის დადგენაზეც ზრუნავდა...
როგორ მოგწონთ, მკითხველო? ჟურნალისტი, ტელევიზიის თანამშრომელი, მოქალაქე, მთელი ქვეყნის
გასაგონად სვამს შეკითხვას – „აგიხევიათ თუ არა მეგობრისთვის შეყვარებული?“
ჯერ ეს „აგიხევიათ“ რა არის და მერე თვით შეკითხვის პათოლოგიური შინაარსი რას წარმოადგენს?!
ამ ფსევდოჟურნალისტს რომ ჰკითხო, თვითდაჯერებით აგვიხსნის, რომ ჟარგონი ახალგაზრდებისთვის
უფრო გასაგები სასაუბრო ენაა, თვით შეკითხვის შინაასი კი ზუსტად შეესაბამება ტელემაყურებელთა
განწყობას და მათი დაკვეთით არის ნაკარნახევიო...
სხვათა შორის, მსგავსი ფუყე და არაფრისმთქმელი პასუხი მუდამ გამზადებული აქვთ ხოლმე იმ
ხელმოცარულ ადამიანებს, რომლებიც ამჟამად ჟურნალისტიკაში „ჩალიჩობენ“ და თავი ამ საქმის დიდ
სპეციალისტებადაც მოაქვთ. ისინი თავად იქმნიან ასეთ ილუზიას და ცდილობენ სხვებიც დაარწმუნონ, რომ
ზედმიწევნით გრძნობენ საზოგადოებრივი ცხოვრების მაჯისცემას. არადა, ჩვენი პრესის მასალები, ისევე,
როგორც ცალკეული სატელევიზიო გადაცემები, სიცრუისა და კონფორმიზმის აუტანელი მაგალითებით არის
აღსავსე...
დავუბრუნდეთ ჩვენს ნაცნობ ტელეწამყვანს: ერთხელაც მან კიდევ უფრო „აქტუალური“ თემა „შეუგდო“
დაინტრიგებულ მაყურებელს:
„შეიძლება თუ არა ბიჭი და გოგო იყვნენ მეგობრები?“
ესეც, რა თქმა უნდა, „საზოგადოებრივი შეკვეთაა“, თორემ ზრდასრული ადამიანი, მით უფრო – საღ
ჭკუაზე მყოფი, – მსგავს შეკითხვებს არამც და არამც არ დასვამდა!
არც ის მგონია, რომ ჩვენი თინეიჯერები ყოველდღიურად მაინცდამაინც ასეთი „ჰამლეტური“ დილემის
გადაჭრით იყვნენ დაკავებულნი...
როგორც ჩანს, ჩვენს „მეტისმეტად თანამედროვე“ ჟურნალისტს დაავიწყდა, რომ ქალ-ვაჟის მეგობრობის
შესაძლებლობა ჯერ კიდევ „ვეფხისტყაოსანშია“ „დადასტურებული“... მაგრამ ის ჟურნალისტი, როგორც
მასობრივი კულტურის ტიპიური წარმომადგენელი, სრულიად მოწყვეტილია ჭეშმარიტ კულტურას; საეჭვოა,
მას ოდესმე გულდასმით წაეკითხა იგივე „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა კლასიკური ქმნილებები. ამიტომაც
აღმოჩნდა ასეთ მდგომარეობაში. იგი მხოლოდ მის მსგავსთა შორის, ანუ მასაში გრძნობს თავს ლაღად
და სრულფასოვნად. მხოლოდ მასა ანიჭებს მისი მსგავსი ადამიანების საქმიანობას სრულ
„ლეგიტიმურობას“ და რაც უფრო მაღალია ამ ლეგიტიმურობის ხარისხი, მით უფრო მეტი ხიფათი
ემუქრება ქართველ საზოგადოებას.
2007 წ.

სიცილის კოლეგია
უკანასკნელ ხანს ტელეეკრანიდან ხშირად გაისმის დაჟინებული მოწოდება: „გაიღიმეთ!..“ თავადაც
გაურკვეველი განწყობის ღიმილით შემკული ჩვენი ტელეწამყვანები ისეთი გულისწამღები სიხშირით
იმეორებენ ამ გაცვეთილ ლოზუნგს, რომ გეგონებათ, მთელი კაცობრიობის ბედი თითქოს ჩვენს გაღიმებაზე
იყოს დამოკიდებული.
ვერ ვიტყვი, რომელ ფსიქოლოგიურ მოძღვრებას ემყარება საზოგადოებრივი განწყობის მსგავსი
„მოდელირების“ მცდელობა, მაგრამ ის კი დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ამ სასაცილო კამპანიამ
ბოლო დროს ფრიად სახიფათო ხასიათი შეიძინა: ჩვენი ხელისუფლების მთელი შემადგენლობა ისე
გულმოდგინედ ჩავარდა „ღიმილის ხიბლში“, რომ სერიოზულ მდგომარეობაში მათი დაბრუნება დღეს უკვე
ძნელი წარმოსადგენია!
„ღიმილის“ სენი უკურნებელ ავადმყოფობასავით შეეყარათ ქართველ პარლამენტარებს, მინისტრებს,
დეპარტამენტების თავმჯდომარეებს და თქვენ წარმოიდგინეთ, მათ მოადგილეებსაც კი! აღარაფერს ვამბობ
სარეკლამო აგენტებზე, რომლებიც ტელეეკრანებიდან გამუდმებით აფრქვევენ სავალდებულო ღიმილს და
ამგვარად ცდილობენ ამა თუ იმ ნივთის პოპულარიზაციას.
მოკლედ, საქართველოში რეალურად გაჩნდა რაღაც ახალი მოძრაობა, რომელსაც თავისი
განსაკუთრებული მიდრეკილების გამო შეიძლება პირობითად „სიცილის კოლეგია“ ვუწოდოთ. საგულისხმოა,
რომ ამ კოლეგიაში ვერ იხილავთ მწერლებს, მეცნიერებს, თეატრისა და კინოს მსახიობებს. ძნელი
დასაჯერებელია, მაგრამ იქ ცირკის მსახიობებსაც კი ვეღარ დალანდავთ. „სიცილის კოლეგიაში“ მხოლოდ
ხელისუფლების წარმომადგენლები და მმართველი პარტიის აქტივისტები არიან გაერთიანებულნი. მათ
კატეგორიულად ეკრძალებათ მწუხარედ, ანუ „დაღრეჯით“ ყოფნა და ნებისმიერ შემთხვევაში მოეთხოვებათ
„მოცინარედ“, ანუ ღიმილით წარსდგნენ საზოგადოების წინაშე. „სიცილის კოლეგიის“ გამაერთიანებელი იდეა
კი მოკლედ ამგვარად გამოიხატება: – „სულ ვიცინი, სულ ვიცინი, არ ვსტირი!“...
მართლაც რომ სასაცილო მდგომარეობაა!
არა, შესაფერის დროსა და ადგილზე ღიმილის მნიშვნელობას, ცხადია, არავინ უარყოფს. ქართველი
კაცი რომ უაღრესად თეატრალური ნატურაა, ესეც საყოველთაოდ არის ცნობილი. მას ძალიანაც ემარჯვება
ურთიერთგამომრიცხავ როლებში გამოსვლა. დასტურად დავით კლდიაშვილის დაუვიწყარ პერსონაჟთა
გახსენებაც საკმარისია. მძიმე დარდითა და მწუხარებით შეპყრობილი ადამიანები აქ ისეთ გარდასახვას
ახერხებენ, რომ პროფესიონალ მსახიობსაც კი შეშურდებოდა. მათ იოლად შეუძლიათ გადაერთონ ლაღ და
უდარდელ ტალღაზე, სხვათა დასანახად ისინი ყოველგვარი სიცრუისა და ძალდატანების გარეშე
გაითამაშებენ ხოლმე ბედნიერ ცხოვრებას. ეს იმიტომ ხდება, რომ ბედნიერება, რომელიც რეალურად
ძალზე შორსაა ამ ადამიანთა ყოველდღიურობიდან, – მათი ფიქრისა და ოცნების განუყრელ ნაწილს
წარმოადგენს. დიახ! ბედნიერებისკენ სწრაფვა ადამიანის ღრმად ინტიმური და, ამასთანავე, ჯანსაღი
მდგომარეობაა. ალბათ, ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ კლდიაშვილის ღარიბი აზნაურები ძალზე
იოლად ითვისებენ ოცნებაში ათასების განცდილ სიტუაციებს.
საერთოდ, თამაშის ხელოვნება, რაც ასე ნიშანდობლივია კაცთა მოდგმისთვის, სულაც არაა მკრეხელური
რამ. პირიქით, კულტურული ადამიანი მოვალეც კია გარკვეულწილად შენიღბოს და დათრგუნოს სუბიექტური
განწყობილება, რათა ამით გარკვეული უხერხულობა არ შეუქმნას სხვა ადამიანებს...
მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ნამდვილად ორიგინალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე:
„სიცილის კოლეგიის“ პატივცემულმა წევრებმა ღიმილს უცერემონიოდ ჩამოართვეს ყველა ჰუმანური
ფუნქცია და მხოლოდ სარეკლამო მნიშვნელობაღა შეუნარჩუნეს!
რას ნიშნავს ეს?
მაგალითად, დავუშვათ, რომ გადაუდებელი საქმის გამო რიგით მოქალაქეს რომელიმე მაღალჩინოსანთან
შეხვედრა დასჭირდა, ვთქვათ, მინისტრთან, პრემიერ-მინისტრთან, ან ბოლოს და ბოლოს, – თვით
პრეზიდენტთან. მართალია, ეს მისთვის ყოვლად გადაულახავი სიმაღლეა, მაგრამ წესიერ საზოგადოებაში
მსგავსი რამ ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. შორს რომ არ წავიდეთ, ბარემ აქვე გავიხსენოთ, რომ
ქართველ მეფე-მთავრებთან მუდამ დაუბრკოლებლად ხვდებოდნენ ხოლმე თვით ყველაზე დაბალი ფენების
წარმომადგენლებიც კი... რაც შეეხება ჩვენს პრეზიდენტს, როგორც ცნობილია, მოქალაქეთა მიღების
პრაქტიკა მასთან საერთოდ არ არსებობს. ამიტომ რომელიმე დაბალჩინოსანთან ხუთწუთიან აუდიენციასაც
კი, როგორც წესი, ჩვენი მოქალაქეები ნერვების არნახული დაძაბვისა და მრავალდღიანი მომქანცველი
ლოდინის ფასად აღწევენ ხოლმე.
– და როგორ ხვდებიან ამ მოქალაქეებს მოხელეები?
– „წარმოიდგინოს თვითონ მკითხველმა“...
აქ ყოველგვარ ღიმილზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იქნება. ცივი, გაყინულსახიანი ჩინოვნიკი რიგითი
მოქალაქისადმი თანაგრძნობის ნიშანწყალსაც არ ამჟღავნებს. მას ერთი სული აქვს, რაც შეიძლება
სწრაფად მოგიცილოთ თავიდან და კვლავ თავის საყვარელ კომპიუტერულ თამაშებს დაუბრუნდეს. მაგრამ
საკმარისია, იგივე მოხელე-ჩინოვნიკი სადმე საჯარო თავყრილობაზე გამოჩნდეს, რომ ადამიანს უთუოდ
განაცვიფრებს მისი გაბადრული სახე და ზედ აღბეჭდილი მოუცილებელი ღიმილი, ტელეეკრანზე
გაელვებისას კი ის ნაცნობი მოხელე მთლად ღიმილად იქნება დაღვრილი.
ეს იმიტომ, რომ ჩვენი პატივცემული ჩინოვნიკი „სიცილის კოლეგიის“ წევრი ბრძანდება და რა ჰქნას,
თუ მკაცრი პროტოკოლი მისგან სწორედ ასეთ ქცევას მოითხოვს?..
არადა, რა მისი ბრალია, თუკი იგივე პროტოკოლი მას ასევე მკაცრად უკრძალავს ღიმილს
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. სამუშაო საათებში იგი ვალდებულია სერიოზული
გამომეტყველება მიიღოს და თვით ყველაზე სასაცილო კომპიუტერული ტრიუკების აღმოჩენის შემთხვევაშიც
კი, არამც და არამც არ შეიცვალოს საქმიანი იერი.
ჩვენი ხელისუფლება ისე შეეჩვია მსგავს გაორებულ მდგომარეობას, რომ პირდაპირ ხორცშესხმულ
იანუსს დაემსგავსა. შინ, ანუ პარლამენტში, კანცელარიასა თუ სარიტუალო ბიუროებში, მოხელე-ჩინოვნიკები
მხოლოდ „პირმოღუშული სახეებით“ დაბრძანდებიან, ხოლო გარეთ, საჯარო შეხვედრებზე, დისკოთეკებზე,
კარუსელებსა და თქვენ წარმოიდგინეთ, დაკრძალვებზეც კი ისინი მუდამ საერთო-სახალხო ღიმილით
იბურავენ პირისახეს.
სხვათა შორის, მათ ასეთ ქცევას გარკვეული შიშიც განაპირობებს. შინ, თავიანთ მყუდრო კაბინეტებში,
ისინი არაფრად აგდებენ უკმაყოფილო ადამიანთა მრისხანებას და ამიტომაც გრძნობენ თავს უშიშრად.
ხოლო გარეთ, ათასობით გაწამებულ ადამიანთა წინაშე გამოსვლისას პირმოთნე და მლიქვნელური ღიმილი
მათი ერთგვარი დამცავი ფარი და ნიღაბია, რომლის მეშვეობითაც ისინი იოლად აისხლიტავენ ხოლმე
მასობრივ ზიზღსა და შურისძიებას.
2006 წ.

ხელისუფლება ნიღბით და უნიღბოდ


ქართველ კაცს დღეს აღარაფერი აკვირვებს. ალბათ, ამიტომაა, რომ მისი წონასწორობიდან გამოყვანა
თითქმის შეუძლებელი გახდა.
იყო დრო, როცა იგი შიშველი ხელებით უხვდებოდა რუსულ ტანკებს და მოძალადის წინაშე ქედის
მოხრას ღირსების მიუტევებელ შელახვად მიიჩნევდა. ასე იყო ოთხმოცდაცხრა წლის აპრილის დღეებში და
ასე იყო შემდეგაც, როდესაც დამოუკიდებლობის მოპოვება განიზრახა.
პირველად ქართველს მაშინ დაეტყო განცვიფრება და დაბნეულობა, როცა შუაგულ თბილისში ჩვენივე
თანამემამულენი დაუნდობლად მიესივნენ ეროვნულ ხელისუფლებას და ქალაქი ცეცხლის ალში გაახვიეს.
მაშინ ბევრი, უბრალოდ, ვერც გაერკვა შექმნილ ვითარებაში და შინ წყნარად ჯდომა არჩია. სხვებმა კი
აღშფოთება ვერ დაიოკეს, მოვლენათა გულგრილი მაყურებლის როლს არ დასჯერდნენ და ბრძოლაში
ჩაებნენ.
მთელი ათი წელიწადი დასჭირდა ქვეყანას ომში მიყენებული ჭრილობის მოშუშებისთვის. ამ ხნის
განმავლობაში ჩვენი თანამემამულენი საარაკო მოთმინებით აღიჭურვნენ და იმის შიშით, რომ ტყვია კიდევ
ერთხელ არ გავარდნილიყო, – დარდი და ბოღმა გულში ჩაიკლეს და ხელისუფალთა ზღვარდაუდებ
აღვირახსნილობას პასიური პროტესტი და ირონიული ქირქილი შეაგებეს. უკმაყოფილო საზოგადოება
მსუბუქი ღიმილით შესცქეროდა ქვეყნის დაქცევას და იმ ნეტარი დღის დადგომას ელოდა, როცა ეს
პროცესი თავის „ბუნებრივ დასასრულამდე“ მივიდოდა. ასეც მოხდა: ე. წ. „ვარდების რევოლუცია“ სხვა
არა იყო რა, თუ არა მამათა და შვილთა ბუნებრივი მონაცვლეობა. სიბერეშერეული და სრულ
გახრწნილებაში შესული მამათა მმრათველობა შვილების ახალგაზრდა და ენერგიულმა თაობამ შეცვალა. ეს
ისე უპრობლემოდ და უმტკივნეულოდ განახორციელეს, რომ ტყვია კი არა, მთელ ქალაქში უბრალო
კენჭიც არ გასროლილა. ძალაუფლების გადაცემის პროცესი მართლაც წარმატებით დაგვირგვინდა და დღეს
შვილები საფუძვლიანად ამაყობენ იმით, რომ ყველაფერი უსისხლოდ, ანუ მშვიდობიანად ჩაატარეს,
მამებისთვის უბრალო ნაკაწრიც არ მიუყენებიათ და თვითონაც საღსალამათი გამოვიდნენ ამ
მოვლენებიდან.
სიურპრიზები კი, თურმე, მომავალში გველოდა. ქართველი კაცი უკანასკნელად მაშინ განცვიფრდა,
როდესაც ტელევიზიით ქვემო ქართლის გუბერნატორად ახლადდანიშნული, ამჟამინდელი თავდაცვის
მინისტრი იხილა. სრული საბრძოლო აღჭურვილობით დამძიმებული ახალგაზრდა გუბერნატორი თავის
ნიღბოსან ხელქვეითებთან ერთად გორის ერთ-ერთ ბორდელში შეჭრილიყო და მრუშობის ამ ბუნაგში ქვას
ქვაზე არ ტოვებდა.
საზოგადოებამ მაშინ, ალბათ, მართლაც უკანასკნელად განიცადა ფსიქოლოგიური შოკი, რასაც უმწეო
დიაცების დაწიოკება იწვევს ხოლმე ნორმალურ ადამიანში. ავტომატებით შეიარაღებული შავნიღბიანი
პოლიციელები ისე შეესივნენ იმ არცთუ აგრესიული ხასიათის დაწესებულების ბინადართ, რომ კაცი
იფიქრებდა, ეს-ესაა ტერორისტთა ბუდე აღმოაჩინესო.
დღემდე ვერ გამიგია, რა საგურბენატორო საქმე იყო ბორდელში სრულიად არადანიშნულებისამებრ
შევარდნა და სადამსჯელო ოპერაციაში მონაწილეობა: ცხადია, გუბერნატორებიც ადამიანები არიან და
ამიტომ არც არავის გაუკვირდებოდა იქ ოქრუაშვილის ან მისი რომელიმე კოლეგის გამოჩენა, მაგრამ
ბორდელი ხომ აუღებელი ციხესიმაგრე არ არის, ხელყუმბარებითა და ავტომატებით რომ დალაშქრონ
სპეცრაზმის მებრძოლებმა?!
ბ-ნ ოქრუაშვილის ამ ანტიბორდელურმა კამპანიამ ჯერ ღიმილი, შემდეგ კი დაბნეულობა და აღშფოთება
მოჰგვარა საზოგადოებას. არადა, თვით ყველაზე თავზეხელაღებული რევოლუციონერებიც კი ყოველთვის
დიდსულოვნად ერიდებოდნენ მსგავსი ნაბიჯის გადადგმას. სხვათა შორის, არც მათი კლიენტურის საჯარო
გამოჭენება ყოფილა ოდესმე სამართალდამცავთა საზრუნავი.
ასე რომ, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გორის ბორდელში ჩატარებული ხმაურიანი სპეცოპერაცია დღემდე
რჩება ერთგვარ „უსახელო გმირობად“, უფრო სწორად კი – პოლიტიკური პროსტიტუციის ნიმუშად,
რომელსაც ნამდვილად არ გააჩნია ანალოგი.
ამ ოპერაციაში მონაწილეთა ბიოგრაფიაში სამუდამოდ დარჩება „ბორდელის ეპოპეა“, რომლის
გახსენებასაც, ალბათ, მომავალში არავინ ისურვებდა, რადგან იგი მეტისმეტად აკნინებს ჩვენს წარმოდგენას
ადამიანზე...
დღეს უკვე აღარავის უკვირს, რომ „ბორდელის ოპერაციის“ შემდეგ ნიღბოსნებმა შტურმი ეკლესიაზე
მიიტანეს. ბევრს, ალბათ, ახლაც თვალწინ უდგას თხემით ტერფამდე იარაღასხმული გიორგი ბარამიძე –
მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც მამა ბასილის „ასაყვანად“ ისეთი სპეცოპერაცია ჩაატარა
გლდანის წმ. ლომისის ეკლესიის ეზოში, იმდენ ქალსა და ბავშვს, მოხუცსა და ახალგაზრდას დასცა
თავზარი, რომ სელჩუკთა შემოსევებიც კი დაჩრდილა ჩვენს პირქუშ ისტორიაში.
დამოუკიდებელ საქართველოს მსგავსი სირცხვილი იშვიათად უნახავს!
ქართველ ერს ასეთი ტკივილი იშვიათად განუცდია!
... და ყოველივე ეს ჩაიდინეს ადამიანებმა, რომლებიც თავიანთ თავს რატომღაც ქართველებად
მიიჩნევენ და, თქვენ წარმოიდგინეთ, – ხანდახან პირჯვარსაც იწერენ!
გავიდა მცირე ხანი და ტელეეკრანზე კვლავ გაიელვა არანაკლებ თავზარდამცემმა კადრებმა.
საფლავებიდან ამოყრილი ჩონხებისა და თავის ქალების ფონზე საზოგადოების წინაშე თავმომწონედ
გამოვიდა ბ-ნი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც მაინცდამაინც ასეთ „ნატურალურ“ გარემოში ისურვა
პრესკონფერენციის გამართვა!
ბარბაროსობისა და ველურობის მსგავსი გამოვლენა არც სადმე მინახავს და არც არსად გამიგონია!
ეს იყო ავადმყოფური თვითგანდიდების, ძალაუფლებით ცხოველური გახელებისა და მანიაკალური
სადიზმის ქრესტომათიული შემთხვევა!
ვერავითარი ნიღაბი მათ ნამდვილ სახეს ვერ დაფარავს!
სანდრო გირგვლიანის საზარელმა მკვლელობამ საქვეყნოდ გააშიშვლა იმ შენიღბული მასკარადის
არაადამიანური ბუნება, რასაც „ვარდების რევოლუცია“ უწოდეს და რომელმაც საქართველოში ასე ამრავლა
„სისხლი და ცხედრები“!
რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტმა უნებლიეთ თავად ჩამოიხსნა ნიღაბი და
ტელეეკრანიდან საჯაროდ ასეთი ძნელადდასაჯერებელი ამბავი გვაუწყა: „ერთმა მეგობარმა შემომჩივლა,
ოპოზიცია ჩემზე ტყუილებს ლაპარაკობსო. მე იგი დავამშვიდე: ჩვენ მაშინ უნდა შეგვეშინდეს, როცა
ჩვენზე სიმართლეს იტყვიანო“...
ნეტა თუ ვინმეს სმენია მსგავსი თავქარიანული თვითმხილება?!
რას ვიზამთ, პრეზიდენტი არაორაზროვნად, ყოველგვარი მიკიბვ- მოკიბვის გარეშე აცხადებს, –
სიმართლის მეშინიაო!
მან დაუფიქრებლად გასცა თავისი თავი და თქვა ის, რასაც არასდიდებით გონიერი მმართველი არ
იტყოდა!
საცა სამართალია, პრეზიდენტს სიცრუისა და ცილისწამების საშიშროებაზე უნდა ჩამოეგდო სიტყვა
თავისი მეგობრებისთვის, რაც სრულიად ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო. მიზეზი უბრალო
და მარტივია: ბ-ნი სააკაშვილი ნამდვილად შეპყრობილია დამთრგუნველი შიშით. ესაა სიშიშვლის („მეფე
შიშველია“, – ეს შეძახილი ხომ ყველანაირი ძალაუფლების გაკოტრებას მოასწავებს), ანუ უნიღბოდ
დარჩენის შიში! ამიტომ სიცრუე მისი უერთგულესი მეგობარი და ხალხთან ურთიერთობაში გამოსაყენებელი
ყველაზე მოსახერხებელი იარაღია. ამ იარაღის გარეშე იგი თავს მუდამ უძლურად და დაუცველად
გრძნობს.
დააკვირდით მის ქცევასა და საუბარს. მას საერთოდ არ ძალუძს კონკრეტულ, სერიოზულ პრობლემათა
ანალიზი. უფრო მეტიც: აშკარაა, რომ ამ ადამიანს ძალიან უჭირს აზროვნება და, აქედან გამომდინარე, –
უჭირს გამართული მეტყველებაც.
მისი ნიღბის განუყრელი ატრიბუტია სიცილი, – ხშირად ყოვლად უაზრო და უადგილო, უმოტივო და
უმისამართო... ნიღაბზე აგრეთვე აღბეჭდილია უსაფუძვლო ოპტიმიზმი და შემართება, რასაც არაფერი აქვს
საერთო რეალობასთან.
უნიღბო პრეზიდენტი კი არანაკლებ თავზარდამცემად გამოიყურება, ვიდრე მისი ნიღბიანი სპეცრაზმელები
– შეიძლება უფრო მეტადაც, რადგან მისი სიშიშვლის მიღმა არც აპოლონის პროპორციები შეინიშნება და
არც ღვთისმოსავ ნოეს კეთილგონიერება...
ასე რომ, გვახსოვდეს პრეზიდენტის სიტყვები: „ჩვენ მაშინ უნდა შეგვეშინდეს, როცა ჩვენზე სიმართლეს
იტყვიან“...
სწორედ ამიტომ უნდა დაიქუხოს სიმართლემ!
2006 წ.

აბსურდის თეატრი
* * *
– რამდენადაც მახსოვს, სტენდალი ირონიულად შენიშნავდა, – „თუ კაცს მინისტრობა სურს, ის
შეიძლება გახდეს მინისტრი და ეს იქნება მისი სასჯელიო“. დღეს სწორედ ასე „ისჯებიან“ ჩვენი
პოლიტიკოსები, რომლებიც წლების განმავლობაში ფუჭი დაპირებებით კვებავდნენ საზოგადოებას და
თვითდამკვიდრების მიზნით დღენიადაგ საკუთარი „იმიჯის“ განმტკიცებაზე ზრუნავდნენ. ამით იმის თქმა
მსურს, რომ ცალკეული პარტიები და პოლიტიკოსები მუდამ თავად განიმზადებენ ხოლმე თავიანთ ბედს.
„ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“ გაერთიანებული საქართველოს ხელმწიფემ ღრმა სინანული ჩაიტანა
საფლავში... მართალია, „დამოუკიდებლობის აქტზე“ ხელი არ მოუწერია, მაგრამ დიდგორის გამარჯვების
შემდეგ ბედნიერების ერთი წუთი მაინც დარჩებოდა მოსაგონებლად...
დღეს ქართული პოლიტიკურ თეატრში ყველანი ერთმანეთს მხოლოდ სიცრუესა და თაღლითობაში
ეჯიბრებიან. თუმცა არც ესაა გასაკვირი, მაგალითად, ვიქტორ ჰიუგოს „პოლიტიკოსი“ და „თაღლითი“
სინონიმურ ცნებებად მიაჩნდა.
საზოგადოება დეპრესირებულია და აპათიითაა შეპყრობილი. ის თავს მოტყუებულად და დამცირებულად
გრძნობს. ამას დაუმატეთ უკიდურესი გაჭირვება, პერსპექტივის სრული დაშრეტა, ხელმოცარულობის
სინდრომი და ადვილად წარმოიდგენთ, თუ რა ღრმა და გამანადგურებელია ჩვენში მძვინვარე კრიზისის
მასშტაბები. ოცი წელიწადია, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ხალხი
მხოლოდ დამარცხებების, იმედგაცრუებებისა და ოცნებების მსხვრევის ატმოსფეროში აგრძელებს არსებობას...
ქართველი კაცი ვერ ხარობს საქართველოს დამოუკიდებლობით, სამშობლო მისთვის ტვირთად და
სასჯელად იქცა! ის გახდა უბრალო ნივთი, საგანი, რომლითაც უსირცხვილოდ მანიპულირებენ
„მოხერხებული ადამიანები“, ანუ „პოლიტიკოსები“, შეუძლებელია ასეთი რამ დიდხანს გაგრძელდეს. ჩვენ
უარესიც გამოგვივლია, მაგრამ გადავრჩენილვართ და ფეხზე წამოვმდგარვართ. ეს დროც მალე დადგება,
რადგან, როგორც წესი, „ყოველთვის ყველას მოტყუება შეუძლებელია“.
* * *
კრიზისული ადამიანის მიერ გაკეთებული არჩევანი ჯანსაღი ვერაფრით იქნება! მეტიც: რამდენადაც
თვით პოლიტიკური პარტიების მდგომარეობაც ღრმად კრიზისულია, გამოდის, რომ ყველას ერთად, თავიდან
ბოლომდე, კრიზისულ წრეში ტრიალი მოგვიწევს. ვინ უნდა ავირჩიოთ? ჩვენში არ არსებობს „ერთმანეთზე
უკეთესი“ პარტიები, ჩვენთან მხოლოდ უარესი არსებობს. ამიტომ ასპარეზზე კვლავ უნდა გამოვიდეს
თუნდაც წელში გაწყვეტილი, ძალაგამოლეული, მაგრამ მაინც ყველაზე კეთილსინდისიერი, ყველაზე გონიერი
და ამასთანავე, – ყველაზე დაბრძენებული კულტურულ-ინტელექტუალური ელიტა, რომელსაც დასაკარგი უკვე
ნამდვილად აღარაფერი დარჩა, და სხვათა შორის, არც მოხვეჭის და მოგების სურვილი აქვს შერჩენილი.
სწორედ ასეთ ვითარებაში მოხდება საზოგადოების გააქტიურება და ეროვნული ენერგიის ამოძრავება.
როგორც ბერდიაევი შენიშნავდა, ერი არ არის მხოლოდ ამჟამად მცხოვრებ ადამიანთა ემპირიული
რაოდენობა. ის უფრო მისტიური ორგანიზმია, რომელსაც იდუმალი სიცოცხლე გააჩნია. ერის სული
ყოველთვის გამოიხატება პიროვნებათა თვისობრივი შერჩევით, რჩეული (საუკეთესო) პიროვნებების
მეშვეობით. არავითარი დემოკრატია თავისი რაოდენობრივი მექანიკით არ შეიძლება იყოს ეროვნული ნების
გამომხატველი. ერი არ არის უმრავლესობის ნება. მის ნებელობაში მონაწილეობენ არა მხოლოდ
ცოცხლები, არამედ გარდაცვლილებიც, მონაწილეობს დიდი წარსული და ჯერაც გამოუცნობი მომავალი.
ერში წარმოდგენილია არა მხოლოდ ადამიანთა თაობები, არამედ ტაძართა, ციხე-ქალაქთა და კარმიდამოთა
ქვებიც, საფლავის ლოდები, ძველი ხელნაწერები, წიგნები და ა. შ. ამიტომ ყველა ერი მიისწრაფვის
მომავლისკენ, სიცოცხლით დამკვიდრებული სიცოცხლისკენ და ჩვენ, ვინც ასე თუ ისე ვიცნობთ, ქართული
ფენომენის გენეზისს, ღრმად უნდა გვწამდეს, რომ მისი სიცოცხლისუნარიანობა უსაზღვრო ძალისაა და
ტირანიისადმი დროებითი მორჩილება კიდევ უფრო გამოაფხიზლებს მის სასიცოცხლო იმპულსებს.
* * *
– ყველა, ვინც გულწრფელად ზრუნავს საქართველოში სამართლიანობის აღდგენა-დამკვიდრებისთვის,
უთუოდ ღრმა პატივისცემის ღირსია. ჩემთვის ამდენადვე მიუღებელია პატივმოყვარეობით შეპყრობილ
ადამიანთა ამბიციური გამოხტომები, „უჩემოთ ვინ იმღერეთა“-ს სინდრომი, რომელიც დღეს ასე
დაუფარავად ღრღნის ჩვენს ეროვნულ ორგანიზმს. მთელი ოცდათხუთმეტი წელი იბრძოდნენ ზვიად
გამსახურდია და მერაბ კოსტავა იმისათვის, რათა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში დაბადებულ და
აღზრდილ მილიონობით ჩვენს მოქალაქეს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა არ განელებოდათ. 1990 წლის 31
მარტს სრულიად საქართველომ გამოხატა თავისი განუსაზღვრელი ნდობა და სიყვარული
თავისუფლებისადმი. ამ ისტორიული მოვლენის ორივე გმირი დღეს მთაწმინდაზე განისვენებს და ეს
უდიდესი პატივია მეოცე საუკუნის ეროვნული მოძრაობისთვის. ამიტომ მათი ამაღლებული თავგანწირვის
კარიკატურული გაგრძელება მიუტევებელი მკრეხელობაა.
2001 წ.

ვესპასიანეს მემკვიდრეობა
ჩვენი საზოგადოება დღემდე დიდი ინტერესით შეჰყურებს „ახალი ქართველის“ გამოჩენას. ამ ტერმინით
ჩვენში ძირითადად ეროვნულ ბურჟუაზიას მოიხსენიებენ ხოლმე. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მის სრულ
ლეგალიზებას ჯერაც ვერ დაადგა საშველი.
ანალოგიური ბედი ეწიათ „ახალ გურულებსაც“. ამ ენერგიულმა ადამიანებმა თავის დროზე კარგად
ისარგებლეს ქვეყანაში გამეფებული ანარქიით და გარკვეული კაპიტალის დაგროვება მოასწრეს, მაგრამ
შემდეგ ისეთ ღრმა იატაკქვეშეთში მოუწიათ თავის შეფარება, რომ მათი საქმიანობა დღემდე სქელი
ბურუსითაა მოცული.
ასე რომ, ქართულმა ბურჟუაზიამ ჯერჯერობით ვერ იქნა და ბოლომდე ვერ გაიხარა. დღეს მათ მიერ
აგებულ ვერც ფაბრიკა-ქარხნებს მოჰკრავთ სადმე თვალს და ვეღარც სავაჭრო ნიშნით დამშვენებული
ეროვნული პროდუქცია მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. თუმცა გაურკვეველი წარმომავლობის კაპიტალით
ხელდამშვენებული „ახალი ქართველები“ სულ უფრო თამამად ჩნდებიან ხელისუფალთა აპარტამენტებში და
მათთან ერთად ადასტურებენ პრინციპულ თანხმობას ვესპასიანეს თვალსაზრისთან: – „ფული არ ყარს“.
ამიტომ სინამდვილეში ისინი ახლები კი არა, ისევე ძველები არიან, როგორც თვით ვესპასიანეს
პრინციპები!
ეროვნულ ბურჟუაზიას ყველგან განსაკუთრებული ფუნქცია აქვს დაკისრებული. მან უმნიშვნელოვანესი
როლი უნდა შეასრულოს ქართული ეკონომიკის გამოცოცხლების საქმეში. დღეს ჩვენს ქვეყანას ჰაერივით
სჭირდება სუფთა, ძლიერი და გონიერი ეროვნული ბურჟუაზია, მართლაც ახალი და გაუსვრელი ადამიანები,
რომლებიც ხორცს შეასხამენ ახალ იდეებს და განახორციელებენ ახალ პროექტებს. სწორედ ეროვნული
ბურჟუაზია უნდა იქცეს იმ ძალად, ვინც მატერიალურ საფუძველს შეუქმნის ერის სულიერ განვითარებას,
რეალურად გადაარჩენს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას და წაახალისებს ინტელექტუალურ
ექსპერიმენტებს.
ეს პროცესი თავისთავად გამოიწვევს საერთო ნიადაგზე საზოგადოებრივი რესურსების კონცენტრაციას
ანუ ნამდვილი ეროვნული ერთიანობის მიღწევას. ასეთ დროს ქვეყანაში კაპიტალის მოძრაობას
ფუნქციონალური ხასიათი ექნება და იგი ნაკლებად მოხვდება მავანთა ბნელი ზრახვების სამსახურში.

უწყვეტი ადამიანი
ახალში „კარგად დავიწყებული ძველის“ ხილვის სურვილი ჯერ კიდევ ცოცხლობს ჩვენს საზოგადოებაში.
მყარ და გაუცვეთელ ღირებულებებთან ზიარებული მონოლითური პიროვნება მუდამ იზიდავდა მის
თვალთახედვას. ასეთი ადამიანი სწრაფად ექცევა მოვლენათა ეპიცენტრში და ხშირად აზრთა შეხლა-
შემოხლის მიზეზიც ხდება.
მეცხრამეტე საუკუნეში სამოციანელთა სულ რამდენიმე სახელმა მთელი საუკუნე სამუდამოდ აღბეჭდა
ქართულ მატიანეში. ილიამ კი თავისი მკერდი და შუბლი შეაგება ისტორიის სასტიკ ბედისწერას. მან
ისეთივე მშფოთვარე ბრძოლები გადაიხადა, როგორიც თავის დროზე ჩვენმა ძველმა მეფეებმა და
მხედართმთავრებმა...
ილია სწორედ საომრად და საბრძოლველად დაბრუნდა საქართველოში! პეტერბურგიდან იგი მამულის
სატკივარმა იხმო. სამშობლოში მას არც თავბრუდამხვევი კარიერა ელოდა და არც დაფნის გვირგვინი.
მთრთოლვარე გულითა და მწარე ფიქრებით გამოეშურა იგი შინისაკენ, სადაც მხოლოდ სასტიკი
შერკინებები და ხშირი იმედგაცრუებები ელოდა... ეს ყველაფერი მან წინასწარვე იცოდა. „ბედნიერი ერის“
ავტორს არც წიწამურის განჭვრეტა უნდა გასჭირვებოდა. ამიტომ იგი, როგორც იტყვიან, „სრულ საბრძოლო
მზადყოფნაში“ დაუბრუნდა თავის ქვეყანას.
საქართველოში დაბრუნებული ილია უკვე იყო ის „უწყვეტი ადამიანი“, ანუ კონტინუუმი, რომელიც
თავის თავში მოიცავდა როგორც ისტორიის სულს, ასევე მომავლის ზუსტ და შეუმცდარ ხედვას. ამ
თვალსაზრისით მეცხრამეტე საუკუნეში იგი იყო ჭეშმარიტად ახალი ქართველი და ასეთად რჩება დღემდე,
რადგან ილია – კონტინუუმი ქრონოლოგიურ ჩარჩოში არ თავსდება!

„ახლები“
ქართველები დღესაც ბრუნდებიან საქართველოში, მაგრამ, როგორც ცხოვრებამ დაადასტურა, სულ სხვაა
მათი დაბრუნების ნამდვილი მიზეზიცა და მიზანიც!
რაღა შორს წავიდეთ, ჩვენი მინისტრების ერთი ნაწილი ხომ პირდაპირ საზღვარგარეთის ქალაქებიდან
გამოეშურა კუთვნილ სამინისტროებში. მათ განათლება უცხოეთში მიიღეს და საქმიანობაც იქვე დაიწყეს.
ცხადია, საზღვარგარეთ კარიერის გაკეთება გარკვეულ წინააღმდეგობებთან იქნებოდა დაკავშირებული, მაგრამ
გაპარტახებულ საქართველოში დაბრუნება მათ გეგმებში არამც და არამც არ შედიოდა, თუმცა მათ მაინც
მოუწიათ შინ დაბრუნება! ყველაფერი კი მოულოდნელად იმან შეცვალა, რომ ხელისუფლებაში მოსულმა
მეგობრებმა იმ ახალგაზრდებს სამშობლოში საომრად და თავსატეხად კი არა, არამედ პირდაპირ
მინისტრებად და პარლამენტარებად მოუხმეს!
ეს ადამიანები დღენიადაგ ამაყობენ თავიანთი საზღვარგარეთული გამოცდილებით. ისინი თავს
ახლებურად მოაზროვნე ადამიანებად, ანუ ახალ ადამიანებად მოიხსენიებენ და გაუთავებლად საუბრობენ
თავიანთ მზარდ ამბიციებზე. პრეზიდენტიც დღედაღამ მათ ქება-დიდებაშია. ამ ამაზრზენმა პროცედურამ
უკვე აშკარად კარიკატურული ხასიათი შეიძინა. კირკიტაძე ახალი დროის გმირად იქცა, თარგამაძე –
დემოკრატ რევოლუციონერად, ზაფხულის ბანაკებში მყოფი ბავშვები – გმირ პატრიოტებად და ა. შ. ამ
ინფანტილური გატაცებების მიზეზი ჩვენში ჯერაც დაუძლეველ ფასეულობათა უთავბოლო აღრევაში უნდა
ვეძებოთ. როდესაც ვიწრო პირადული და ჯგუფური ინტერესები საზოგადოებრივისაგან ვერ გაგვირჩევია და
სიცრუე პოლიტიკური ცხოვრების შეუცვლელ წესად გვაქვს დასახული, – ცნება „ახალი“-ს შინაარსიც
კნინდება, თვით სიახლის მოლოდინიც ფერმკრთალდება და ქვეყანაც, გალაკტიონის თქმისა არ იყოს,
ძველი გროშივით გაცვეთილი გვეჩვენება.
* * *
ქ-ნმა სალომემ ჩვენს დარაზმულ ოპოზიციას ქაჯობა მას შემდეგ დასწამა, რაც მათ არჩევნების წინ
აუცილებელ გაერთიანებაზე ჩამოაგდეს სიტყვა.
ჩვენი სახელოვანი ოპოზიციონერების განაწყენებას ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ როგორი გასაკვირიც
უნდა იყოს, ქაჯებზე საუბრისას რუსთველის პერსონაჟიც, პირველ რიგში, სწორედ მათ მყარ ერთობაზე
მიუთითებს:
„ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთად კრებულნი,
კაცნი გრძნებისა მცოდნენი, ზედა დახელოვნებულნი,
ყოველთა კაცთა მავნენი, იგი არვისგან ვნებულნი,
მათი შემბნელნი წამოვლენ დამბალნი, დამბილებულნი“.
პირდაპირ განსაცვიფრებელია!
კითხულობთ ამ უკვდავ სტრიქონებს და თითქოს ქართველ პოლიტიკოსთა კოლექტიურ პორტრეტს
შეჰყურებთ... პიარ-კამპანიის, ანუ ძველებური ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ, „გრძნების“ საიდუმლოებაში
უბადლოდ გათვითცნობიერებული ჩვენი პოლიტიკოსები ხომ ქაჯების მსგავსად მართლაც „ყოველთა კაცთა
მავნენი“ არიან, მაგრამ ისიც ხომ სრული ჭეშმარიტებაა, რომ ყველა კრიზისიდან თავად მუდამ „არვისგან
ვნებულნი“, ანუ უვნებელნი გამოდიან ხოლმე.
* * *
„... და განცხრომით სხვაგან ყოფნას მირჩევნია აქ სიკვდილი...“ მოგვიანებით ამ რომანტიკულ
ფორმულას თანდათან ჩაენაცვლა რეალური საშიშროებით შეძრწუნებული გონების ცივი და პრაგმატული
ანალიზით ნაკარნახევი ანტინომური პოზიცია, რომელიც შეიძლებოდა ამგვარად გამოთქმულიყო: „... და
განცხრომით სხვაგან ყოფნა მირჩევნია აქ სიკვდილსა“.
საზღვარგარეთ დღემდე იმყოფებიან პოლიტიკური დევნილის სტატუსს შეფარებული „ეროვნული
მოღვაწეები“, რომლებიც უსასრულოდ განაგრძობენ წამებულის შარავანდედით შემოსვის პროცედურას. მათ
რომ ჰკითხოთ, უთუოდ იტყვიან, რომ ისინი და მხოლოდ ისინი არიან ერის ყველაზე რადიკალური და,
ამდენად, მიზანში ამოღებული წარმომადგენლები და რომ მათ და მხოლოდ მათ უხდებათ ქართველთა
ინტერესების წარმოჩენა საზღვარგარეთის წინაშე...
ღმერთმა ხელი მოუმართოს ამ ადამიანებს!
დაე, მათი ოჯახები, შვილები და შვილიშვილები წარმატებით გაერიონ ევროპული ცხოვრების ფერხულში,
მაგრამ მოდით, გულზე ხელი დავიდოთ და გულახდილად ვთქვათ: – სინამდვილეში მათ საქართველო კი
არა, საკუთარი ოჯახური პრობლემები ამოძრავებთ!
როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე, ქუდი რომ შემოუგდოთ, ისინი საქართველოში არ დაბრუნდებიან! და
თუ დაბრუნდებიან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქ პარლამენტში შესვლის გარანტიას მისცემენ, ან
უბრალოდ, თვალწინ პრეზიდენტის ხელმოწერილ ქაღალდს აუფრიალებენ, სადაც დაწერილი იქნება, რომ
გუშინდელი დევნილი დღეს მინისტრადაა დანიშნული...
ასეთია ჩვენი ახლანდელი პოლიტემიგრანტის სულიერი ფიზიონომია, ასეთია მისი „ეროვნულობისა“ და
„დევნილობის“ საქვეყნოდ გამოცხადებული საზღაური: თუ რამე არ უბოძე, – ისე საქართველოში
არაფრისდიდებით არ დაბრუნდება!
პოლიტემიგრანტთა დიდი უმრავლესობა საზღვარგარეთ დარჩა და დღემდე არ აპირებენ შინ
დაბრუნებას. სამაგიეროდ, ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, რომ „სულით და გულით“ ჩვენთან არიან,
სამშობლოზე ფიქრში ათენ-აღამებენ და უცხოეთში ყოფნით ეროვნულ საქმეს აკეთებენ. უფრო მეტიც:
ხანდახან ისეთ ეპისტოლეებს გვიგზავნიან, კაცი იფიქრებს, ამ ადამიანებს მართლა სამშობლოს ბედ-იღბალი
აწუხებთ და სხვა არაფერი აინტერესებთო...
არადა, საქმე სულ სხვაგვარადაა.
ყბადაღებული „ვარდების რევოლუციის“ დროს ზოგიერთებმა გულით მოინდომეს ამღვრეულ წყალში
თევზის დაჭერა, სასწრაფოდ, ოღონდ დროებით, გასტროლიორის მსგავსად, საქართველოს მოაშურეს და
პირდაპირ ტახტისთვის ბრძოლა გააჩაღეს. თან, რა თქმა უნდა, ათასგვარ გარიგებაზეც წავიდნენ, რათა
ხელისუფლებაში მოხვედრილიყვნენ. ამ ფარსში ყველაზე კომიკური ის იყო, რომ ყოველმა მათგანმა თავი
ღვთისგან რჩეულ მოსედ წარმოიდგინა და ერის რჩეულობაზე გამოაცხადა პრეტენზია. ამ ადამიანებმა
სახელდახელოდ შეაკოწიწეს პარტიული ორგანიზაციები და „ხალხში გასვლა“ დაიწყეს. დაიწყეს, მაგრამ
საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს.
როგორც კი საარჩევნო ციებ-ცხელებამ გაიარა, მათ გუდა-ნაბადი აიკრეს და კვლავ „მეორე
სამშობლოს“, ანუ ემიგრაციის ადგილს მიაშურეს.
უნდა ითქვას, რომ ჩვენი „ახალი მამები“ ხანდახან მაინც ეწვევიან ხოლმე მშობლიურ თბილისს და
ამას ისეთ პომპეზურ იერს აძლევენ, რომ კაცი იფიქრებს, ქვეყანას მართლაც ნამდვილი მოსე მოევლინაო.
ისინი ყოველ ვოიაჟს შესაფერისი პიარკამპანიით ალამაზებენ. დღე-ღამის ნებისმიერ დროს აეროპორტში
აუცილებლად ტელეოპერატორების დახვედრას ითხოვენ და თავიანთ ყოველ გადაადგილებას ბეჯითად
აღბეჭდავენ ყოველდღიურ ქრონიკებში. უფრო მეტიც: ბაზარში პრასისა და ხახვის ყიდვასაც კი ტელევიზიის
გარეშე არ ეშურებიან. სხვათა შორის, მსგავს მანევრებს დღეს თვით ყველაზე იაფფასიანი პოპულისტიც კი
არ მიმართავს საქართველოში, მაგრამ ამას სჩადიან ახალი ქართველობის მოსურნე მოძველებული
პოლიტიკოსები.
დიახ, ისინი მოდიან!
* * *
თავდაპირველად მოკრძალებული გოგო-ბიჭების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, პიონერული რაზმების მსგავს
ჯგუფებში ერთიანდებოდნენ და გრანტების მოლოდინში ქუჩა-ქუჩა დაქროდნენ. თანატოლებისგან თითქოს
არაფრით განსხვავდებოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი თანდაყოლილი დეფექტები აშკარად
თვალშისაცემი ხდებოდა. ამის გამო ისინი ჰაერივით საჭიროებდნენ დამატებით მორალურ და მატერიალურ
სტიმულატორებს. „მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ მე არც ერთ სოციალურ ჯგუფს არ მივეკუთვნები, –
შენიშნავს ერთგან ჩვენთვის კარგად ცნობილი ჯორჯ სოროსი, – ვერაფრით ამერიკელი ვერ გავხდი,
უნგრეთიდანაც კარგა ხნის წინ წამოვედი, ხოლო ებრაული წარმოშობა ჩემთვის უბრალო ებრაულ
წარმოშობად დარჩა, რომელიც ჩემში საერთოდ არ აღძრავდა ისრაელისადმი ერთგულებას... მე მივხვდი,
რომ მთელი სულითა და გულით მხარს ვუჭერ ღია საზოგადოებას, რომელშიც ისეთ ადამიანებს, როგორიც
მე ვარ, შეუძლიათ იცხოვრონ თავისუფლად და სასტიკი დევნის გარეშე“.
ამ გულახდილი აღიარებიდან კარგად ჩანს, რომ ტრადიციული საზოგადოებიდან ადამიანის გაქცევის
წყურვილს ღრმად კრიზისული ფსიქო-სოციალური მოტივაცია ასაზრდოებს. მაგ., ჯორჯ სოროსი, როგორც
ზემოთ დავინახეთ, პირდაპირ აცხადებს, რომ ე. წ. „ღია საზოგადოებისკენ“ მისი ლტოლვა, უწინარეს
ყოვლისა, გარესამყაროსთან მტკივნეული კონფლიქტით ყოფილა განპირობებული. კონფლიქტის რეალური
მიზეზი კი პიროვნების გაუცხოებაში უნდა ვეძებოთ.
ტრადიციული, ჩვენს შემთხვევაში კი ეროვნულ-ისტორიული საზოგადოების უარყოფის ტენდენცია
თვალშისაცემად ახასიათებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ მრავალგზის ნაქებ „ახალ ქართველებს“, ანუ „ჩვენი
დროის გმირებსაც“.
მოტივაცია აქაც იგივეა: პიროვნების შინაგანი რღვევა და ამ რღვევის შედეგად წარმოშობილი
გაუცხოება.
სხვათა შორის, აღნიშნულ ტენდენციას სოროსზე გაცილებით ადრე მიაქცია ყურადღება ალბერ კამიუმ.
აღიარებულია, რომ მისი „უცხო“ აბსურდის ტყვეობაში მოქცეული ადამიანის ღრმა შინაგანი კრიზისის
ზედმიწევნით სრულყოფილ ანალიზს წარმოადგენს.
* * *
ზოგადი თვალსაზრისით ქართველთა საყოველთაო მიგრაციის მიზეზები უკანასკნელი ათი-თხუთმეტი წლის
განმავლობაში დატრიალებულ მოვლენებში უნდა ვეძიოთ.
იგი დაიწყო 1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალებით და დღემდე გრძელდება. საგულისხმოა, რომ
ამ დროის პირველი იძულებითი ემიგრანტი საქართველოს დევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იყო.
ყველაზე ადრე სწორედ მას, მის ოჯახსა და თანამებრძოლებს მოუწიათ სამშობლოს დატოვება, შემდეგ
ემიგრანტის ხვედრი გაიზიარეს სხვადასხვა მოტივით შევიწროებულმა ადამიანებმა.
მათ მიჰყვნენ გაუსაძლის პირობებს ვერშეგუებული, არსებულ ვითარებას მორალურად და პოლიტიკურად
დაპირისპირებული მოქალაქეები, რომელთაც, როგორც იტყვიან, სული სამშობლოში რჩებოდათ, მაგრამ
უკეთესი მომავლის იმედით სტოვებდნენ საქართველოს.
მალე მიგრაციის პროცესმა მასობრივი ხასიათი შეიძინა და საერთო-სახალხო მოძრაობის სახე მიიღო.
მან ყველა სოციალური ფენის, სქესისა და ასაკის ადამიანები მოიცვა.
ქართველთა მიგრაციას არაფერი აქვს საერთო ჩვენთვის ცნობილ „ოქროს ციებ-ცხელების“ პერიოდთან,
არც ბედის მაძიებელთა რომანტიკულ თავგდასავლებთან და არც ახალი სივრცეების დაპყრობასთან.
მიგრაციის პროცესი ჩვენში არც კონკრეტული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის გამო დაწყებულა და არც
მარტოოდენ დროებით შექმნილი პრობლემებით არის განპირობებული. იგი ქართული სახელმწიფოსადმი
მასობრივმა უნდობლობამ და ნიჰილიზმმა შვა.
არასახელმწიფოებრივმა, არაეროვნულმა, სამშობლოს ინტერესების უარმყოფელმა ხელისუფლებამ,
რომელიც მთელი თხუთმეტი წლის განმავლობაში, ანუ ახალი, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის
პერიოდში მართავს ქვეყანას, – საზოგადოება ისეთ დეპრესიასა და აპათიაში ჩააგდო, რომ,
საქართველოდან გაქცევის გარდა, სხვა გზა არ დაუტოვა!
შეხედეთ ჩვენს სოფლებსა და ქალაქებს. დააკვირდით იქ მცხოვრებ ადამიანებს. ისინი სრული
უიმედობითა და უსასოობით არიან შეპყრობილნი. ყველანი შიშითა და შეშფოთებით შეჰყურებენ ხვალინდელ
დღეს. მთავარიც სწორედ ესაა: ხვალინდელ დღეს ისინი ისე ელოდებიან, როგორც გარდაუვალ წარღვნას!
ყველაზე დამთრგუნველი კი ისაა, რომ სახელმწიფო, ხელისუფლება, რეალურად უარს აცხადებს მათ
დაცვაზე. საქართველოს მოქალაქენი საქართველოში ყოველმხრივ დაუცველნი არიან და მათზე არავინ
ზრუნავს, არავის მათი ბედი არ აღელვებს. უფრო მეტიც: ისინი დღენიადაგ მოძალადე ხელისუფალთა
აღვირახსნილობას აწყდებიან და არსებობისთვის აუცილებელ მინიმალურ პირობებსაც ჰკარგავენ.
უსაფრთხოდ არც თითოეული ჩვენგანის სიცოცხლეა: ეგზეკუტორებს ყოველ წუთს შეუძლიათ შინ
შემოგვივარდნენ, დაგვარბიონ, აგვაწიოკონ, სასიკვდილოდ გაგვიმეტონ...
2006 წ.

იმპერია მოწვევით
თავის დროზე, მეოცე საუკუნის დასაწყისში, პრეზიდენტმა ტაფტმა რეალურად განჭვრიტა მომავლის
კონტურები და დაასკვნა, რომ ათეული წლების შემდეგ მსოფლიოზე გასაბატონებლად მის ქვეყანას სულაც
არ უნდა დასჭირვებოდა „ტყვიების კანონადა“. ტერმინი „დოლარის დიპლომატია“ დღესაც სწორედ ამ
პიროვნებას უმადლის თავის სიცოცხლისუნარიანობას. მსოფლიო ჰეგემონობის მოსაპოვებლად ტაფტს
სავსებით საკმარისად ეჩვენებოდა „დოლარის ტოტალური შეტევა“, ანუ ამერიკული ვალუტის მიერ მთელი
მსოფლიოს რეალური დაპყრობა და დასაკუთრება. „დანარჩენი მხოლოდ ტექნიკის საქმეაო“, – მართებულად
დასძენდა იგი.
„დოლარის დიპლომატია“, როგორც იდეა, წარმოიშვა ამერიკული იმპერიული აზროვნების წიაღში და იგი
ზედმიწევნით შეესაბამება ამ ხალხის სპეციფიკურ თავისებურებებს. მაგრამ მოხდა ისე, რომ მოგვიანებით
რუსებმა თავად დაიწყეს ამ იდეით მანიპულირება და მოიწადინეს „მესამე სამყაროს“ ათვისება სწორედ
დოლარის მეშვეობით. ეს კი იმდენად უგუნური ნაბიჯი იყო, რომ მისთვის მიახლოებითი ეპითეტის
გამოძებნაც კი სპეციალისტებისთვისაც დიდ თავსატეხს წარმოადგენს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ
ამერიკელები საბჭოთა კავშირს მუდამ დაუშურვებლად ამარაგებდნენ სხვადასხვა სახის კრედიტებით და
დოლარი ყოველთვის უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა საბჭოთა ბანკებში, მაშინ ადვილი წარმოსადგენი უნდა
იყოს, თუ რა ფასდაუდებელ სამსახურს უწევდნენ კრემლის „ინტერნაციონალისტები“ ამერიკის სახელმწიფოს.
საბჭოთა იმპერიამ ვერ (თუ არ) გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ამერიკული დოლარი მუდამ მხოლოდ
ამერიკული ინტერესების სასარგებლოდ „მუშაობს“ და იგი არამც და არამც არ ჩადგება „უცხო ქვეყნის“
სამსახურში.
„დოლარის შეტევას“ ვერ გაუძლო თვით კრემლის უმაღლეს იერარქთა „ლენინურმა წრთობამაც“.
საბჭოთა კავშირის არსებობის უკანასკნელ წლებში იმპერიის ვეებერთელა ტერიტორია მართლაც „ტყვიების
კანონადის“ გარეშე დაიპყრო დოლარმა. განხორციელდა უზარმაზარი სივრცის სრული ფინანსური ანექსია,
მოხდა ერთგვარი „ხავერდოვანი გადატრიალება“ და ლენინის პროფილს თვალის დახამხამებაში ჩაენაცვლა
ჯორჯ ვაშინგტონის პროფილი, რაც ამ უკანასკნელის აშკარა გამარჯვების მაუწყებელი გახდა. ცხადია,
„დოლარის დიპლომატიის“ მოქმედების არეალში მოექცა საქართველოც. ყოფილი საბჭოთა კავშირის
ტერიტორიაზე თითქმის არ დარჩენილა კუთხე, სადაც დოლარს თავისი ძლევამოსილების დემონსტრირება
არ მოეხდინა...
„მთელმა მსოფლიომ უნდა მიიღოს ამერიკული სისტემა... ამერიკულ სისტემას მხოლოდ იმ შემთხვევაში
უწერია გადარჩენა, თუკი იგი გადაიქცევა მსოფლიო სისტემად“. ტრუმენის ამ სიტყვებში დაუფარავად არის
გაცხადებული ამერიკის იმპერიული დოქტრინა. შეერთებული შტატების, როგორც სახელმწიფოს არსებობა,
დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა იგი თავისი „სისტემის“ გავრცელებას მთელ მსოფლიოში.
ამერიკელთათვის ეს ყოფნა-არყოფნის საკითხია. იმპერიის სასიცოცხლო არტერიები დედამიწის ყოველი
კუთხიდან იღებენ საზრდოს და რომელიმე მათგანის გადაჭრამ, შესაძლოა, მთელი ორგანიზმის პარალიზება
გამოიწვიოს. ამიტომ არის, რომ ამერიკის სახელმწიფო ინტერესები თანაბრად ვრცელდება პლანეტის ყველა
კონტინენტზე. იგი საერთოდ არ ცნობს რაიმე შეზღუდვას და მზად არის ამ ინტერესთა დასაცავად მის
ხელთ არსებული ყველა რესურსის ასამოქმედებლად. „ერები, რომლებიც ცდილობენ თავი დაიცვან ამერიკის
ეკონომიკური აგრესიისაგან, საფრთხეს წარმოადგენენ ამერიკული თავისუფლებისთვის“ (ა. შლეზინგერი).
სხვათა შორის, ეს „უწყინარი“ განცხადება სულაც არ ეკუთვნის ქორებში გარეულ რომელიმე გადამდგარ
გენერალს. მისი ავტორი საქვეყნოდ ცნობილი ჰუმანისტი, ისტორიკოს-ფილოსოფოსია. ნურც გამოთქმა
„ეკონომიკური აგრესია“ შეგვაშფოთებს. ეს მართლაც და „უწყინარი“ პროფესიული ტერმინია და დავას
ნამდვილად არ უნდა იწვევდეს. ჩვენ, ალბათ, უფრო იმაზე უნდა ვიფიქროთ, ერთ მშვენიერ დღეს როგორ
არ გადავიქცეთ „ამერიკული თავისუფლების“ საფრთხობელად და ამით მისგან საუკუნო სასჯელი არ
დავიმსახუროთ...
საგულისხმოა, რომ თავად ამერიკელები მუდამ შესაშური გულახდილობით საუბრობენ ხოლმე თავიანთ
იმპერიულ ზრახვებზე (ნათქვამის საილუსტრაციოდ ნებისმიერ მკითხველს შეუძლია გაეცნოს ზბიგნევ
ბჟეზინსკის ყბადაღებულ წიგნს „დიდი საჭადრაკო დაფა“, რომელიც, სხვათა შორის, ქართულადაც არის
გადმოთარგმნილი).
* * *
„კულტურული იმპერიალიზმი, რომელსაც ნამდვილად არ სჭირდება იარაღით ტერიტორიების დაპყრობა,
მთლიანად იქვემდებარებს აზროვნებისა და ცხოვრების წესებს. რაც ყველაზე თვალშისაცემად ვლინდება
ხოლმე განვითარებად ქვეყნებში“. ამგვარი „დაქვემდებარების“ მთელი დრამატიზმი ჩვენც ზედმიწევნით უნდა
გვქონდეს გაცნობიერებული. არ უნდა დავივიწყოთ, რომ „დამარცხების ყველაზე დამამცირებელი სახეობა
კულტურული მარცხია. ეს არის ერთადერთი დამარცხება, რომლის დავიწყებაც არასოდეს არ შეიძლება.
რადგან ამ შემთხვევაში ბრალს ნამდვილად ვერ დავდებთ მტრის დაუნდობლობასა და ბარბაროსობას.
ასეთი დამარცხება გულისხმობს არა მხოლოდ საკუთარი სისუსტის აღიარებას. არამედ იმ დამცირებასაც,
რომელიც გამარჯვებული, მაგრამ საძულველი მტრის მორჩილებასა და მონურ მიბაძვაში გამოიხატება“...
(ჟან ფრანსუა რაველი).
არა მგონია, მოაზროვნე ქართველობა დღეს ვერ ხედავდეს, რომ ჩვენ უკვე ვიწვნიეთ „დამარცხების
ყველაზე დამამცირებელი სახეობა – კულტურული მარცხი“...
2009 წ.

მუდამ პატრონის ძიებაში


* * *
დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ჩვენ, არსებითად, გააზრებული გვქონდა, რომ წინ სასტიკი
წინააღმდეგობები გველოდა. დღენიადაგ სწორედ ამ მიმართულებით ცდილობდა საზოგადოებრივი აზრის
მობილიზებას ზვიად გამსახურდია, რომელიც ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს – 1991
წლის 9 აპრილს მიმართავდა საქართველოს მოსახლეობას, – დიდი ბრძოლები სწორედ ახლა იწყებაო...
საგულისხმოა, რომ ამ მეტად რთულ და დაძაბულ პერიოდში, რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების
მიზნით მან ყველაზე ეფექტური ნაბიჯი გადადგა და ბორის ელცინი საქართველოში მოიწვია. უნდა ითქვას,
რომ პირველი შეხვედრისთანავე მათ ჩინებულად ააწყვეს ურთიერთობა. ეს იმითაც იყო განპირობებული,
რომ იმჟამად ორი ქვეყნის მეთაური მოქმედებდა არა რომელიმე გარეშე ძალის კარნახით, არამედ მათივე
ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესთა გათვალისწინებით, რამაც იმთავითვე განსაზღვრა ამ შეხვედრის
კონსტრუქციული შინაარსი. საქართველოსა და რუსეთს შორის დაწყებული ეს დიალოგი სანქცირებული არ
ყოფილა არც თეთრი სახლის და არც, მით უფრო – კრემლის მიერ, სადაც გორბაჩოვი თავისი
პრეზიდენტობის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. ელცინმა კარგად იცოდა მთელ კავკასიაზე ზვიად
გამსახურდიას მორალური გავლენის შესახებ, რაზედაც მოგვიანებით იგი დაუფარავად საუბრობდა თავის
მემუარებში. თავის მხრივ, ზვიად გამსახურდიაც ანგარიშს უწევდა რუსეთის ფაქტორს და გადაუჭარბებლად
აფასებდა მის როლს დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესთა რეალიზების
საქმეში. არსებული პოლიტიკური კლიმატის საღმა და ობიექტურმა შეფასებებმა მაშინ მრავალი
დაბრკოლება დაგვაძლევინა და ნათელი პერსპექტივებიც დაგვისახა, მაგრამ მსოფლიო მასშტაბის
კატაკლიზმებმა ამ ურთიერთობაზეც იქონია გავლენა.
თავისი ფრიად საეჭვო პოლიტიკური მოღვაწეობის დასასრულს ელცინმა აშკარად სძლია თავის თავს
და დამღუპველი ჩიხიდან რუსეთის გამოყვანის მოულოდნელ ხერხს მიაგნო. მართალია, დაგვიანებით,
მაგრამ მან მაინც შეძლო უმტკივნეულოდ, ყოველგვარი ხმაურისა და ორომტრიალის გარეშე განრიდებოდა
ხელისუფლებას. ქვეყნის სათავეში პუტინის მოსვლა ისე ხავერდოვნად განხორციელდა, რომ ვერც რუსეთში
და ვერც მის გარეთ ჯეროვნად ვერავინ გააცნობიერა ამ ცვლილების ხასიათი.
„დაუბანელი რუსეთი“ ერთხელ კიდევ იკრებს ძალას და ახალ მსოფლიოში თავისი ახალი სიტყვის
თქმას აპირებს. ამიტომ მის „დაუბანელობაზე“ ხშირ-ხშირი და ყბადაღებული საუბარი დღეს მხოლოდ
პროვინციალიზმად უნდა ჩაითვალოს.
ახლა მცირე ხნით საკუთარ თავსაც შევხედოთ და შევეცადოთ მიუდგომლად გავჩხრიკოთ ჩვენივე ავ-
კარგი.
1991 წლის მარტის მიწურულს, ელცინის გამგზავრებიდან სულ რაღაც ორიოდე დღის შემდეგ,
საქართველოს პრეზიდენტს ჯორჯ ბუშის ემისარი, შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი
ეწვია. შემთხვევითი სულაც არ ყოფილა, რომ იგი სწორედ დამოუკიდებლობის საკითხზე გამოცხადებული
რეფერენდუმის წინ ეწვია ჩვენს ქვეყანას და გამოცდილი თვალით დააკვირდა აქ მიმდინარე მოვლენებს.
უკვე მაშინ შეერთებული შტატების ხელისუფლება აშკარა შეშფოთებას გამოხატავდა დამოუკიდებლობისკენ
საქართველოს მისწრაფების გამო. ნიქსონი ცდილობდა გარკვეული ზემოქმედება მოეხდინა ზვიად
გამსახურდიაზე, რათა ამ უკანასკნელს ხელი აეღო საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან საქართველოს
გამოყოფის მცდელობაზე და არა ელცინთან, არამედ სწორედ გორბაჩოვთან, ამერიკელთა მაშინდელ
„რჩეულთან“ დაეჭირა საქმე. ეს კი, ფაქტობრივად, ჩვენი უპირველესი მიზნიდან გადახვევას და
განახლებული საბჭოთა კავშირის დაბრუნებას მოასწავებდა.
ზვიად გამსახურდიამ ღირსეულად გააგრძელა დაწყებული საქმე და კვლავ ელცინთან, ანუ
დამოუკიდებლობისკენ მიმავალი რუსეთის ლიდერთან ერთად შეუდგა რუსეთ-საქართველოს ახლებური
ურთიერთობის ფორმირებას.
დღეს უკვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ორი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ეს იყო
ხანმოკლე, მაგრამ ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი. იგი მაშინ შეწყდა, როდესაც ახალი სამოკავშირეო
ხელშეკრულების ჩაფუშვის გამო გორბაჩოვი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და ელცინი, როგორც
უკვე ერთადერთი ოფიციალური ფიგურა, მარტოდმარტო დადგა ძლევამოსილ ამერიკელთა პირისპირ. აქ
უკვე მასზე ზუსტად ისეთივე ზემოქმედება დაიწყო, როგორსაც ადრე გორბაჩოვთან დაკავშირებით ჰქონდა
ადგილი. თეთრმა სახლმა რუსეთთანაც აქტიურად აამოქმედა ის ბერკეტები, რასაც ადრე დასუსტებული და
დამბლადაცემული საბჭოთა კავშირის დასათრგუნად იყენებდა. ამერიკის ძლევამოსილი პრეზიდენტი
უცერემონიოდ შემოსწყრა ზვიად გამსახურდიასაც: „დინების საწინააღმდეგოდ“ სვლა დასდო ბრალად და,
ფაქტობრივად, განაჩენიც გამოუტანა მას. ამას მოჰყვა ზვიად გამსახურდიას მოწამებრივი აღსასრული და
შევარდნაძის ათწლიანი მმართველობა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ამჟამინდელი
მმართველი ნომენკლატურა.
რუსეთისაგან განსხვავებით, საქართველოში ხელისუფლების ცვლის პროცესი ერთობ გაჭიანურდა. ედუარდ
შევარდნაძის მმართველობამ აბსოლუტურად გახრწნა და წაახდინა ერთი შეხედვით დასავლური მენტალობის
მქონე „ახალგაზრდა რეფორმატორებიც“ კი, რომელთაც უკანასკნელ წუთს ძლივს გამოსტაცეს თავიანთ
გამზრდელს ძალაუფლება. ე. წ. „ვარდების რევოლუცია“ ერთობ დაგვიანებული რეაქცია იყო ათი წლის
განმავლობაში საქართველოში გამეფებული დეგრადაციის დამღუპველ პროცესზე, დაგვიანებული იყო
როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური თვალსაზრისითაც. ჟვანია-სააკაშვილის გუნდმა საკმაოდ ხანგრძლივი
დრო დაჰყო შევარდნაძის მხარდამხარ, მათ საკმაოდ დიდი ხნით მოუწიათ „ერთ ნავში“ ჯდომა, რამაც
თვით ამ გუნდს აშკარად გამოაცალა ეროვნული დვრიტა (თუკი, რაღა თქმა უნდა, ასეთი რამ მათ ოდნავ
მაინც ჰქონდათ წინაპართაგან შემორჩენილი). ამის გამო ეს ახალგაზრდები, შევარდნაძის მსგავსად,
გამუდმებით მფარველის და პატრონის ძიებაში არიან. ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და თავისუფალი
საქართველო, ანუ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ პრინციპით გაცისკროვნებული სამშობლო მათთვისაც
ისევე ძნელად წარმოსადგენი აღმოჩნდა, როგორც თავის დროზე „ჩრდილოეთიდან ამომავალი მზის“ გარეშე
არსებობა იყო მიუღებელი ედუარდ შევარდნაძისთვის. ამიტომ არის, რომ ქვეყნის ახლანდელი
ხელისუფლებისთვის თეთრი სახლიდან გაცემულ რწმუნების სიგელს გაცილებით დიდი ფასი აქვს, ვიდრე
ათასობით ქართველის გულწრფელ ინტერესს – მშვიდობითა და თანხმობით იცხოვროს თავის ქვეყანაში.
აქეთ-იქით პატრონის ძიებაში მყოფი ჩვენი ხელისუფლება კიდევ უფრო სცილდება სანუკვარ მიზანს –
ჭეშმარიტად დამოუკიდებელ, თავისუფალ და კეთილდღეობით აღსავსე საქართველოს.
2006 წ.

ჩვენ აგვირჩიეს – ჩვენ გავიმარჯვეთ!


„მერი, ჩვენ აგვირჩიეს“, – ასე უბრალოდ, ყოველგვარი აღფრთოვანების გამომხატველი სიტყვების გარეშე
აუწყა მეუღლეს შეერთებული შტატების პრეზიდენტად თავისი არჩევა ილინოისელმა ვექილმა აბრაამ
ლინკოლნმა. წლების შემდეგ კი თეთრ სახლში უკვე საფუძვლიანად დამკვიდრებულ „კეთილ ეიბს“,
როგორც მას სიყვარულით მოიხსენიებდნენ ხოლმე რიგითი ამერიკელები, არაერთხელ გასჩენია მწვავე
უკმარისობის გრძნობა. „მე თქვენ აგირჩიეთ და ამიტომ მოვალე ხართ, მომისმინოთ და იზრუნოთ ჩემზე!“
– მკაცრად მიმართავდნენ მას ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან დაძრული ადამიანები, რომელთაც არასოდეს
აკლდებოდათ საზრუნავი და გადაუჭრელი პრობლემები. „ამირჩიეთ და დიდ ხათაბალაშიც გამხვიეთ“, –
ირონიული საყვედურით უპასუხა ერთ ასეთ აბეზარ მთხოვნელს დაღლილმა პრეზიდენტმა. ალბათ, სწორედ
მსგავსი მძიმე დღეების გამოძახილი უნდა ყოფილიყო ლინკოლნისათვის დამახასიათებელი ერთგვარი
სარკაზმით გამსჭვალული ჩანაწერიც: „პრეზიდენტობა დანაშაული არ არის, მაგრამ...“
დიახ, თავისთავად პრეზიდენტობა, პარლამენტის წევრობა ან რომელიმე ქალაქის მერობა დანაშაულად
ნამდვილად ვერ ჩაითვლება, მაგრამ...
თვით აბრაამ ლინკოლნს, შეერთებული შტატების ერთ უაღრესად გამორჩეულ ხელისუფალს, არაერთხელ
უწოდეს „დამნაშავე“, უფრო მეტიც: იყო შემთხვევა, როდესაც „სამშობლოს ღალატის“ გამო კონგრესმენები
მის გასამართლებასაც კი მოითხოვდნენ.
არა იმიტომ, რომ იგი უმაღლესი ძალაუფლებით აღჭურვილი პრეზიდენტი გახლდათ; არც იმიტომ, რომ
მას რეალურად ჰქონდა რაიმე დანაშაული ჩადენილი, – არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგჯერ
ლინკოლნსაც კი ძალზედ უჭირდა პრეზიდენტის მძიმე ტვირთის ზიდვა, უჭირდა კონკრეტული
სიტუაციისთვის საჭირო და აუცილებელი იმ ერთადერთი გადაწყვეტილების მიღება, რომელზედაც პირდაპირ
იყო დამოკიდებული მილიონობით მოქალაქის ბედი. არადა, მონარქებს, პრეზიდენტებს და ძალაუფლებით
აღჭურვილ სხვა რჩეულებს, უწინარეს ყოვლისა, მხოლოდ ერთი და ისიც მხოლოდ შეუმცდარი ნაბიჯის
გადადგმის უფლება აქვთ მინიჭებული... უბრალო მოკვდავთაგან განსხვავებით, მათ არამც და არამც არ
ეძლევათ „შეცდომების გასწორების“ შესაძლებლობა. მათ მიერ დაშვებული ყოველი შეცდომა ხომ მუდამ
საბედისწეროა... საბედისწეროა მათთვისაც და ქვეყნისთვისაც!
საგულისხმოა, რომ ძლევამოსილ და წარმატებულ საჭეთმპყრობელთა შორის გამორჩეულად
ათვალწუნებულ ლიტერატურულ გმირად ყველაზე ხშირად ჰამლეტი სახელდება. მისთვის სწორედ ის
თვისებებია დამახასიათებელი, რომლებიც, როგორც წესი, მუდამ მიუღებელი იყო ამა ქვეყნის
ძლიერთათვის. მომქანცველი ყოყმანი და გამუდმებული თვითდაეჭვება, კითხვის ნიშნების მრავალგზის
დასმისკენ მიდრეკილება, „ყოფნა-არყოფნის“ დილემასთან მტანჯველი ორთაბრძოლა ფიტავდა და არაქათს
აცლიდა ელსინორის ბინადარს და საბოლოოდ, სწორედ ამან განსაზღვრა მისი ტრაგიკული ბედისწერა.
ასე რომ, „ჩვენ აგვირჩიეს“ ყოველთვის სრულიად მართებულად და გააზრებულად უნდა გულისხმობდეს
იმ ტვირთის სიმძიმეს, უდიდეს პასუხისმგებლობას და ნებისყოფის ყოვლისმომცველ სიმტკიცეს, რაც
ყოველი რჩეულის უმაღლეს დანიშნულებას წარმოადგენს.
სხვაგვარად არანაირ არჩევანს აზრი არა აქვს!
* * *
მაშ, ჩვენ როგორღა შევძლოთ ამგვარი არჩევანის გაკეთება? ისტორიის მრავალრიცხოვანი მაგალითები
ცხადყოფენ, რომ არჩევანის უფლება უპირობოდ ეკუთვნის მხოლოდ თავისუფალ ადამიანს. აქედან
გამომდინარე, მოვალენი ვართ, ვიკითხოთ, – ვართ კი ჩვენ იმდენად თავისუფალნი, რომ ნამდვილად
ხელგვეწიფება ამგვარი რამ?
აქ უთუოდ წამოიჭრება თვით თავისუფლების საკითხი. ეს კი იმდენად ღრმა და ფართო შინაარსის
ცნებაა, რომ, უმჯობესია, ამჯერად ყოველი ჩვენგანი თავის მწირ გამოცდილებას დაეყრდნოს და ისე
მოძებნოს შესაფერისი პასუხი.
„ეგ საუბარი მაშინ ხამს, თუმცაღა ვიყო ცნობასა“, – უნებლიეთ ჩამესმის შეჭირვებული გმირის
სიტყვები. ჩვენ კი, ჩვენ-ჩვენი დიდი თუ მცირე გაჭირვებებით დამძიმებული პატარა ადამიანები, დღეს
როგორ „ცნობაზე“ ვიმყოფებით? რამდენად შეგვწევს მოვლენათა ჯანსაღი განსჯისა და შეფასების უნარი?
ბოლოს და ბოლოს, რამდენად დამოუკიდებელნი და თავისუფალნი ვართ ყოველივე იმასთან მიმართებით,
რის გარეშეც არჩევანი არაფრის დიდებით სამართლიანი არ იქნე- ბა?
დამოუკიდებელი საქართველოს უახლესი ისტორია გვიჩვენებს, რომ უკანასკნელი თხუთმეტი წლის
განმავლობაში ჭეშმარიტად დემოკრატიული, მართალი და თავისუფალი არჩევნები ჩვენში ერთხელაც არ
ჩატარებულა. სამწუხაროდ, ფორმულა „ჩვენ აგვირჩიეს“, ამერ-იმერში უმალ ყოველთვის კონკრეტული
ჯგუფის ცხოველური ძალმომრეობის გამოვლენა უფრო იყო, ვიდრე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ხასიათის
მქონე სახალხო აქცია. ამ ხნის მანძილზე ყოვლად უტიფრად და უსირცხვილოდ ხდებოდა ყველა დონის
არჩევნების გაყალბება და ამ თავისმომჭრელ საქმეში ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ უმაღლესი
ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები და მოსამართლეები, წვრილი და მსხვილი მოხელეები
და, რაც მთავარია, ყალბისმქმნელობის ამ ტოტალურ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი თვით რიგითი
ამომრჩევლები, უბრალო ადამიანები, რომლებიც, საცა სამართალია, წინ უნდა აღდგომოდნენ ამ
უმსგავსობას.
მაგრამ ჩვენში მსგავსი არაფერი მომხდარა. გაყალბების გამო პროტესტს მუდამ მხოლოდ არჩევნებში
მეტ-ნაკლებად დაზარალებული პარტიები გამოხატავდნენ და ისინიც მხოლოდ იმის გამო, რომ
ყალთაბანდობა მათ სასარგებლოდ არ განხორციელდა.
გულსატკენია, რომ ჩვენში არჩევნების ჩატარების სწორედ ამგვარად პროფანირებული ტრადიცია
დამკვიდრდა და მის დაძლევას დღემდე არ დაადგა საშველი.
„ზემოდან“ სანქცირებულ ამ მავნე ჩვევას „ქვემოთ“ საფუძველს უმაგრებს ამომრჩეველთა
მრავალმილიონიანი არმია, რომელიც მუდამ მზადაა სარფიანი ვაჭრობის გასაჩაღებლად. აღებ-მიცემობის ამ
ყოვლად ავადმყოფურ პროცედურას ჩვენ რატომღაც არჩევნებს ვუწოდებთ და თავი დემოკრატიისა და
თავისუფლების „შუქურადაც“ მოგვაქვს.
არადა, იმისათვის, რომ ჭეშმარიტად თავისუფალი არჩევანის გაკეთება შეგვეძლოს, მხოლოდ ლოზუნგები
და მოწოდებები საკმარისი არ არის. ნუ დაგვავიწყდება, რომ ხილული სამყაროს ცენტრში ჯერჯერობით
მხოლოდ ადამიანი დგას და ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება, მკაფიოდ ასახავს მისსავე
მდგომარეობას.
გავიხსენოთ, რას მოელოდა წარსულში მონა არჩევნებისგან?
რა თქმა უნდა, თავისი პატრონის გამარჯვებას, რათა ამ უკანასკნელს, გამარჯვებით აღტაცებულს,
გულუხვად დაესაჩუქრებინა თავისი ქვეშევრდომი. მონას სხვა პრეტენზია ვერ ექნებოდა; მის გონებაში
სხვაგვარი აზრი ვერც გაიელვებდა. მსგავსად ძველი ინდიელისა, ვისი თვალსაწიერიც თავისი გვარის,
ტომის და ბელადის იქით ვერაფერს ჭვრეტდა, ვერც მონა და მონური აზროვნების ადამიანი იხედება
საკუთარი კეთილდღეობის მიღმა. მხოლოდ სრულყოფილი მოქალაქე, ინტელექტუალურად, მატერიალურად და
პოლიტიკურად თავისუფალი ადამიანი აცნობიერებს თავის თავს, როგორც „რეს პუბლიკის“ (საერთო საქმის)
შემოქმედი და სხვების თანაბრად იზიარებს მთელ პასუხისმგებლობას.
თავისუფალ საზოგადოებაში მოქალაქეთა თანასწორობა მათ თანაბარ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს.
რაღა დასამალია და, როგორც წესი, ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მეტწილად, საკუთარი
თავისა და ცოლ-შვილის წინაშე პასუხისმგებლობითღა ამოიწურება.
თუმცა უარესიც ყოფილა: „ჯერ თავო და თავო, შემდეგ – ცოლო და შვილოო“, – ასეთი „ბრძნული
გამონათქვამიც“ შემოგვინახა ისტორიამ...
* * *
სულ მცირე ხანში კიდევ ერთი არჩევნები ჩატარდება საქართველოში... პარტიები, უფრო სწორად კი,
პარტიებად (ანუ ნაწილებად) შეჯგუფული ადამიანები სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეერკინებიან ერთმანეთს.
ქვემეხების არა, მაგრამ ლაფისა და ტალახის ისეთი სროლა ატყდება, რომ საუკუნეებს გადარჩენილი
ზნეობრივი ნორმებიდან ქვა ქვაზე აღარ დარჩება...
ასე ვიცით ჩვენ! ასეთი არჩევნები იციან ჩვენში! საბოლოოდ კი იმას ავირჩევთ, ვინც უფრო მეტ ქვას
და ღორღს ესვრის მოწინააღმდეგეს, ვინც უფრო ხმამაღლა და ომახიანად შეაგინებს თავის კონკურენტს,
ვინც უფრო დამათრობელ სიცრუეს მოიფიქრებს და უკეთ შეძლებს ჩვენს მოტყუებას. მოკლედ, არჩევანს
კვლავ იმის სასარგებლოდ გავაკეთებთ, ვისაც ჩვენი დუხჭირი ყოფის გამოსწორებისათვის არც რაიმე
პროგრამა გააჩნია და აღარც მეცნიერულად დასაბუთებული იდეები აქვს დაგროვებული.
ასე ავირჩევთ ერთობ „მაგარ“, „კეთილ“ და „მზრუნველ“ პოლიტიკოსებს, რომლებიც თავიანთ მშვენიერ
მეუღლეებს ლინკოლნის მსგავსი უბრალოებითა და თავმდაბლობით კი არ უჩურჩულებენ – „ჩვენ
აგვირჩიესო“, არამედ მთელ ქვეყანას შეაზანზარებენ ომახიანი შეძახილით: „ჩვენ გავიმარჯვეთ!“
2006 წ.

ქაჯები
წარმოუდგენლად მრავალრიცხოვანი პოლიტიკური პარტიების არსებობა ქართველი ხალხისთვის უკვე
ნამდვილ ეროვნულ უბედურებად იქცა. აღმოჩნდა, რომ ძველისძველი ფეოდალური პარტიკულარიზმი კვლავ
მთელი ძალით ბობოქრობს საქართველოში. ჩვენ თვალწინ მკაფიოდ გამოიკვეთა ძალაუფლებისა და
სიხარბის წყურვილით შეპყრობილ ადამიანთა ერთსახოვანი ფენა, ახალი ყაიდის ფეოდალური საზოგადოება,
რომელსაც ერთიანობისა და მყარი ეროვნული ცნობიერების სრული განადგურებისკენ მიჰყავს ქვეყანა.
პარტია ნაწილს ნიშნავს, რაც ამ ნაწილის განცალკევებას, ანუ პარტიკულარიზმის აღმოცენებას უწყობს
ხელს. მოკლედ, პარტიომანია ჩვენში გავრცელებული ის სახიფათო ეპიდემიაა, რომელიც შესაძლოა,
დამღუპველი აღმოჩნდეს ჩვენი ისედაც დავრდომილი ეროვნული ორგანიზმისთვის.
დღეისათვის საქართველოში ორასამდე პარტია და ორი ათასზე მეტი ე. წ. არასამთავრობო
ორგანიზაცია არსებობს. ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის ეს მართლაც კატასტროფული ციფრია!
როგორც ჩანს, ქართველთა უმეტესობამ საერთოდ დაკარგა სოციალური ფუნქცია და ნებაყოფლობით
დაიხშო ინტელექტუალური ზრდა-განვითარების უნარი. სამაგიეროდ, ბევრი მათგანი საკმაოდ დახელოვნებულ
ავანტიურისტად ჩამოყალიბდა და, რაკი პოლიტიკური საქმიანობა ადვილად ასათვისებელ „თამაშად“
წარმოიდგინა, მთელი აზარტით გადაეშვა ამ უსაზღვროდ ამღვრეულ მორევში. ალბათ, სწორედ ასეთ
ადამიანებზე წერდა თავის დროზე მრავლის მომსწრე და მხილველი ვიქტორ ჰიუგო:
„როგორც კი ზღვა ნაპირზე გარიყავს რევოლუციას, მას მაშინვე მიესევიან მოხერხებული მოღვაწენი,
რათა ნადავლი დროულად გაინაწილონ. ჩვენს დროში ამ მოხერხებულებმა სახელმწიფო მოღვაწის სახელი
დაირქვეს. ფესვი გაიდგა ამ სახელმა და დღეს ხალხში „სახელმწიფო მოღვაწე“ მოხერხებულ ადამიანს
ნიშნავს. მართლაც ნუ დავივიწყებთ, რომ საცა მოხერხების მეტი არა არის რა, იქ უთუოდ დაკნინებაც
არის. რომ იტყვიან – მოხერხებული კაცი არისო, – ამით ამბობენ, საშუალო კაცი არისო. სწორედ ისევე,
როგორც სიტყვა – „სახელმწიფო მოღვაწე“ – ხშირად უდრის სიტყვას – „ქვეყნის მოღალატე“... ძალიან
კარგად იციან ამ პოლიტიკოსებმა თავიანთი ჯიბის სარგებლობისთვის სახელმწიფო საჭიროების ნიღბის
მორგება“.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში ჯერჯერობით დროს არავითარი
კორექტივი არ შეუტანია და ჩვენც ისღა დაგვრჩენია, ხშირად ვახსენოთ ფრანგული რევოლუციების
სწორუპოვარი მემატიანე, თუმცა არც ჩვენი აკაკის დავიწყება მოგვიტანს სიკეთეს. „ოცი წელიწადია, რაც
ჩვენში პარტიობა გაჩნდაო, – შენიშნავდა აკაკი და ჩვეული ირონიით დასძენდა, – შეუძლებელია, რომ
ყოველს საქმეში ორად არ გაიყვნენ ხოლმე და ბრძოლა არ ასტეხონ. ამ ბრძოლაში ბევრნი ძალიან
დახელოვნდნენ... ერთი პარტია მაინც იმისთანა ენერგიულია, რომ არავითარ საშუალებას არ დაზოგავს,
ოღონდ კი საქმე მოიგოს“...
დღეს პარტიები ურთიერთშორის კიდევ უფრო მეტად „დახელოვნებულ“ და „ენერგიულ“ ბრძოლებს
მართავენ. ისინი მართლაც „არავითარ საშუალებას არ ზოგავენ“, რათა ბოლომდე გაანადგურონ
მოწინააღმდეგე და რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ „სახელმწიფო საჭიროების ნიღაბი“.
საერთოდ, ცნობილია, რომ ჩვენებურ პოლიტიკოსებს ყველაზე მეტად „გონიერის“, „ინტელექტუალის“ და
„ბრძენის“ ნიღბის ტარება ეძნელებათ. ძალიან უჭირთ ასეთი როლების თამაში და იმიტომ!
ღმერთმა დაგვიფაროს, რომ რომელიმე პარტიას ჩვენს საზოგადოებაში სერიოზული დასაყრდენი
გააჩნდეს... მაშინ ფეოდალური შინაომები, ალბათ, ნემსის ჩხვლეტად მოგვეჩვენებოდა!
ბრძნული აზრი მათგან ჯერ არავის მოუსმენია, მათი მგზნებარე მამულიშვილობაც უფრო ქვიშაზე
დაწერილ არაკს ჰგავს და საქართველოში ამდენი სიცრუე და სიბრიყვე, რაც ამ ადამიანებმა აქამდე
თქვეს და მოიმოქმედეს, ჯერ არავის უთქვამს და ჩაუდენია.
ამდენი მოლაყბეც საქართველოს არასოდეს ჰყოლია.
ამიტომ ახალ-ახალი პარტიების დაფუძნება კი არა, ქართველი საზოგადოების გამთლიანება და რეალური
ეროვნული კონსოლიდაციის მიღწევა უნდა იქცეს ჩვენს უპირველეს ამოცანად. მუდამ უნდა გვახსოვდეს
ილიას ნათქვამი მწარე სიმართლე:
„ხმა უნდა აიწონოს და არა დაითვალოს. გნებავთ, საქართველოში ათი ათასს კაცს ხელს მოვაწერინებ,
რომ დედამიწა ხარის რქაზედა სდგას და ნუთუ ეს მცირეოდენ მცოდნე კაცისათვის საბუთია? ათი ათას
კაცის ხმა უფრო მეტს იწონის, ვიდრე ერთი ხმა გალილეისა?“
ჩვენ უნდა ვისწავლოთ, ათას ცრუ ხმაში როგორ გამოვარჩიოთ ერთი ჭეშმარიტი ხმა გალილეისა.
2009 წ.

სიცრუის კოდი
უკვე წელიწადი გავიდა, რაც თბილისში, ხალხმრავალ ადგილზე, თავს დაესხნენ პარლამენტის წევრს,
კაცს, რომელიც ხაშურის მცხოვრებთა თითქმის ოთხმოცდაათმა პროცენტმა აირჩია საკანონმდებლო
ორგანოში. დეპუტატი მართლაც სასწაულმა იხსნა სიკვდილისაგან. მას ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა
უცხოეთის კლინიკებში, საიდანაც თავის დროზე პერიოდულად გადმოსცემდნენ თავზარდამცემ კადრებს. ამ
კადრებზე მთელი ის სისასტიკე იყო აღბეჭდილი, რომლითაც ხალხის რჩეულს გაუსწორდნენ
თავდამსხმელები.
წუხდა ნაგვემი შვილის დედა და შფოთავდა მისი რამდენიმე თანაპარტიელი, უხერხულად
იშმუშნებოდნენ ცალკეული პარლამენტარებიც.
მაგრამ როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ხაშურის რაიონში, სადაც ის კაცი ერთსულოვნად აირჩიეს
დეპუტატად, ცხოვრების ჩვეული რიტმი ოდნავადაც არ შეფერხებულა. ამომრჩეველთა საპროტესტო
გამოსვლები არც მას შემდეგ აზვირთებულა, რაც მათი რჩეულის წინააღმდეგ განხორციელებული აშკარა
ტერაქტი ხელისუფლებამ პილატეს მანერითა და ირონიული ღიმილით გააცილა ისტორიიდან.
მაგრამ მთავარი იმედგაცრუება თურმე მომავალში გველოდა.
მალე ამავე დეპუტატის წინააღმდეგ სახელისუფლო წრეებიდან ლანძღვისა და შეურაცხყოფის ისეთი
ნიაღვარი დაიძრა, როგორიც იშვიათად უნახავს ჩვენს მრავლისმომსწრე საზოგადოებას. ხალხის რჩეული
ერთბაშად გამოაცხადეს ბანდიტად და ყაჩაღად, ქურდად და თაღლითად; მოკლედ, იგი ხელაღებით იქნა
შერაცხული ყველა ამქვეყნიური ცოდვის მტვირთველად და ერთხელ კიდევ ამოიღეს მიზანში. გააფთრებული
თავდასხმების ეს გულისამრევი სერიალი თვეების განმავლობაში ღიად და დაუფარავად იღვრებოდა
საინფორმაციო საშუალებებიდან და ამჯერადაც ხაშურელ ამომრჩეველთა ოლიმპიური სიმშვიდის ფონზე
უახლოვდებოდა თავის ლოგიკურ დასასრულს.
ბოლოს დადგა დრო და ეს „რჩეული“ საერთოდ გააძევეს პარლამენტიდან!
მის მრავალრიცხოვან ამომრჩეველს არც ამჯერად გასჩენია თავისი დეპუტატის არათუ დაცვისა და
თანადგომის, არამედ უბრალო მოკითხვის სურვილიც კი.
ამომრჩეველმა, ანუ როგორც ჩვენს პოლიტიკოსებს უყვართ ხოლმე თქმა, – ელექტორატმა, აშკარად
ზურგი აქცია „საერთო-სახალხო ენთუზიაზმით არჩეულ“ პიროვნებას, თავისი ცივი დუმილით მან ბევრი რამ
უთხრა ყველა სხვა „რჩეულსაც“.
უწინარეს ყოვლისა, საზოგადოებამ, უბრალოდ, მიგვანიშნა, რომ იგი არავის წინაშე ვალში არაა. თავისი
ხმა მან ალალად მისცა ან მიჰყიდა ამის მსურველ კლიენტს და „საქმე“ გათავებულად ჩათვალა.
ამომრჩეველსა და დეპატუტობის კანდიდატს შორის ვაჭრობა-გარიგება ერთჯერადი აქტი აღმოჩნდა, შემდეგ
კი მათი გზები გაიყარა და ორთავენი თავიანთ კერძო საზრუნავს დაუბრუნდნენ.
სხვა შემთხვევაში დეპუტატი და მისი ამომრჩეველი ერთსულოვანნი იქნებოდნენ. ისინი ერთად
შეებმებოდნენ საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის ბრძოლის უღელში, საერთო ჭირსა და ლხინს
გაიზიარებდნენ და პოლიტიკურ ბატალიებსაც ერთად გადაიხდიდნენ.
მაშინ „რჩეული“ არამც და არამც მარტო არ აღმოჩნდებოდა!
მაშინ ვერც ამომრჩეველთა არმიას შეჰბედავდნენ მათივე რჩეულის გაძევებას!
სადა ხართ ახლა, პატივცემულო პოლიტიკოსებო? რატომ არ მიმართავთ ხალხს, საზოგადოებას?
სათავეში რატომ არ უდგახართ მათ სამართლიან აღშფოთებას?
ან ეს აღშფოთება სად არის?
ნუთუ არაფერს გეუბნებათ ის ფაქტი, რომ საერთო-სახალხო წესით არჩეული დეპუტატის მარტო
პარლამენტიდან კი არა, ქვეყნიდან გაძევებასაც კი საზოგადოების აღშფოთება არ გამოუწვევია?
ხომ არ არის ეს პოლიტიკური თამაშებით თქვენი უზომო გატაცების შედეგი?
და კიდევ, ამ თამაშებში ხომ არ იმალება „და ვინჩის კოდზე“ არანაკლებ სახიფათო – სიცრუის
კოდი?!
ცნობისათვის: „კოდი ფრანგული სიტყვაა. იგი არის სისტემა ნიშნებისა და სიგნალებისა, რომელთაც
იყენებენ რაიმე ცნობების გადასაცემად ტელეფონით, ტელეგრაფით, რადიოთი და ა. შ.“.
2006 წ.

თქვენ... ოდესღაც...
ძალაუფლებით აღჭურვილი ადამიანი თავისთავად წარმოადგენს მეცნიერული დაკვირვების ობიექტს,
საიდანაც ფასდაუდებელი დასკვნების გამოტანა შეიძლება. როგორც წესი, ამ მიმართულებით უფრო
ფსიქიატრები და ფსიქოლოგები აქტიურობენ ხოლმე და ეს სულაც არაა გასაკვირი. გავიხსენოთ თუნდაც
ფროიდი და მისი მოწაფეები, რომლებმაც თავის დროზე მრავალ საიდუმლოს მოჰფინეს ნათელი. ისტორიის
სიღრმეებში საუკუნოდ დავანებული ფარაონები, იმპერატორები, მეფეები თუ კონსულები ამაოდ ნამდვილად
არ გარჯილან, მათი თავგანწირული ბრძოლების, გამარჯვებებისა და დამარცხებების მიღმა ძნელი სულაც
არაა თავბრუდამხვევი სულიერი ქარიშხლების განჭვრეტა.
ამ მხრივ მკვლევართათვის გადაუჭარბებელ მნიშვნელობას იძენს ხელისუფალთა მიერ „მოცალეობის
ჟამს“ შექმნილი თხზულებები, რომლებიც ზედმიწევნით წარმოაჩენენ ხოლმე, როგორც ავტორის, ისე მთელი
ისტორიის სულისკვეთებას.
როგორ არ გავიხსენოთ ქართველი მეფეები, მეფე-პოეტები. რომელთაც ნამდვილი შედევრები დაუტოვეს
შთამომავლობას!.. ისინი ჭეშმარიტი ფილოსოფოსები იყვნენ და, ზეგარდმო ნიჭით გამორჩეულებს,
სიტყვასთან ჭიდილიც ხელეწიფებოდათ. ამ ჭიდილიდან მეტწილად გამარჯვებულებიც გამოდიოდნენ. ამის
დასტურია „გალობანი სინანულისანი“, „შენ ხარ ვენახი“ და ა. შ.
უნებლიეთ მახსენდება ტოლსტოის პატარა შედევრი, რომელსაც „ცხენის საუბარი“ ჰქვია. მართლაც
სულისშემძვრელი ქმნილებაა! ავტორი თითქოს ცხენად გარდაისახა... წაკითხულით გაოგნებულმა და
აღტაცებულმა ერთმა ჟურნალისტმა თავი ვერ შეიკავა და მწერალს შესძახა: „დიდად პატივცემულო გრაფო,
თქვენ ოდესღაც ცხენი ხომ არ ყოფილხართ?!“... მრავლისმეტყველი შეკითხვაა...
2006 წ.

„არის ის, ვისაც არ უნდა წასვლა...“


არსებობს წესი, ტრადიცია, ისტორიულად ჩამოყალიბებული და რეალური ცხოვრებით განმტკიცებული
კანონზომიერება, რომელიც გამუდმებით გვკარნახობს ქცევის ნორმებს. ხშირად ნორმების ამ ერთობლიობას
„თამაშის წესებსაც“ უწოდებენ და ერთგვარ „ნიშანთა სისტემად“ მოიხსენიებენ. მასზე ბევრს წერენ
ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები, ენათმეცნიერები და ხელოვნებათმცოდნეები. ამგვარი ინტერესი სრულიად
გასაგებია: ყველას სურს ამომწურავად გაიაზროს ის კანონზომიერებანი, რომლებიც ჩვენი ნებისგან
დამოუკიდებლად, მუდმივად მოქმედებენ სხვადასხვა სიბრტყეზე და გარკვეულად აწესრიგებენ
მრავალფეროვან დინებებსა და მოძრაობებს. აღსანიშნავია, რომ იურიდიული კანონების
სიცოცხლისუნარიანობას დიდად განსაზღვრავს ამ ტრადიციის, ანუ მყარად დამკვიდრებული წეს-ჩვეულებების
ფაქტორი, რომლის გაუთვალისწინებლობაც იმთავითვე მკვდრადშობილად აქცევს ნებისმიერ კანონსა და
სამართლებრივ გადაწყვეტილებას.
ვფიქრობ, დღეს სადავო ნამდვილად არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ყველა დროის გონიერი
პოლიტიკოსები განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდნენ ზემოხსენებულ „თამაშის წესებს“ და
ცდილობდნენ ზედმიწევნით „მორგებოდნენ“ დამკვიდრებულ პირობითობებს. სხვაგვარად ერთობ ძნელი
იქნებოდა შიდასახელმწიფოებრივი თუ საგარეო ურთიერთობების ჰარმონიზაცია. ისტორიული რეალობა
გვიჩვენებს, რომ ერს, საზოგადოებას, მოსახლეობის ფართო ფენებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის
ხანგრძლივი დაძაბულობის პირობებში ცხოვრება. ამგვარი დაძაბულობა არღვევს საზოგადოებრივ
ერთიანობას და გამანადგურებლად მოქმედებს პიროვნების ფსიქიკაზე. შიდა სახელმწიფოებრივი დაძაბულობა
წარმოშობს ქაოსსა და რევოლუციებს, საგარეო კი – ომებსა და ტერორს, რაც, ნებისმიერ შემთხვევაში,
დამღუპველია სახელმწიფოებისათვის, უფრო მეტიც: ქაოსი, ომები, ტერორი და რევოლუციები საფრთხეს
უქმნის მთელ კაცობრიობას.
ამიტომაა, რომ პოლიტიკურ წრეებში განსაკუთრებით ფასობს ხელისუფალთა ისეთი თვისებები,
როგორიცაა: კომპრომისისა და დიალოგის უნარი, ნებისყოფა და მოთმინება, საზოგადოებრივი ინტერესების
ჰეგემონურობის უპირობო აღიარება და ა. შ. ამ თვისებათა წყალობით მრავალ პოლიტიკოსს უდიდესი
სამსახური გაუწევია თავისი ხალხისთვის. ხშირ შემთხვევაში დაუვიწყარი ზნეობრივი მაგალითითაც
გაუმდიდრებია პოლიტიკური ცხოვრების ისტორია. ასეთი იყო შარლ დე გოლი, პიროვნება, რომელმაც
არანაკლები ნებისყოფა და სულიერი სიმტკიცე გამოამჟღავნა მშვიდობიანი ყოფის პირობებში, ვიდრე
მთელი განმათავისუფლებელი ბრძოლების დროს. დე გოლმა მაშინვე დატოვა პრეზიდენტის პოსტი, როგორც
კი მისდამი საზოგადოების ნეგატიური განწყობის დამადასტურებელი დოკუმენტი იხილა. თუმცა,
რეფერენდუმის შედეგები სამართლებრივად მას სულაც არ ავალდებულებდა გადადგომას, მაგრამ
საფრანგეთის ომგამოვლილი გმირი დაუყვედრებლად დაჰყვა საზოგადოებრივ აზრს და წავიდა!
ეს ნაბიჯი დღემდე ითვლება დე გოლის ზნეობრივი გამარჯვების უეჭველ ნიმუშად.
თავის დროზე მეტად გახმაურდა გერმანიის კანცლერ ვილი ბრანდტის გადადგომის ისტორია. ბევრს,
ალბათ, დღესაც ახსოვს ევროპის ეს მეტად გამორჩეული პოლიტიკური მოღვაწე... მისი ბიოგრაფია სავსე
იყო თავბრუდამხვევი წარმატებებითა და გამარჯვებებით, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ: ბრანდტის
ერთ-ერთი თანაშემწე საბჭოთა უშიშროების სამსახურთან ალიანსში იქნა მხილებული. ამის გამო, კანცლერი
დაუყოვნებლივ გადადგა თანამდებობიდან. უფრო მეტიც: მან საერთოდ მიატოვა პოლიტიკური ასპარეზი და
ერთხელაც არ უცდია თავის მართლება. არადა, ერთი შეხედვით, კანცლერი მთელ ამ სკანდალში, როგორც
იტყვიან, – აბსოლუტურად „სუფთა“ იყო.
როგორც დავინახეთ, ამ შემთხვევაშიც იმძლავრა და გადამწყვეტი სიტყვა თქვა ევროპის პოლიტიკური
კულტურის ტრადიციამ.
ალბათ, რა ძვირად ფასობს ამ ტრადიციისთვის ანგარიშის გაწევა და რაოდენ მომხიბვლელი უნდა
იყოს ანგარიშგების მორალური შედეგი, რომელიც ერთბაშად გადასწონის ხოლმე ნებსით თუ უნებლიეთ
დაშვებულ შეცდომებს.
რამდენიმე წლის წინ გერმანიაში მომხდარმა კიდევ ერთმა ფაქტმა უმალ მიიპყრო ფართო
საზოგადოების ყურადღება: პოლიციელებმა ადგილზე გაანადგურეს ტერორისტი, რომელიც უარს აცხადებდა
დანებებაზე და სამართალდამცავებს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდა. ვითარება მართლაც გამოუვალი
იყო და პოლიციის მოქმედებაც სწორედ ამით იყო განპირობებული. როგორ ფიქრობთ, რით დამთავრდა ეს
ისტორია?
მეორე დღესვე გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა. იგი თავისი ნებით
გადადგა!
მკითხველი, ალბათ, ხვდება, თუ საით მიმყავს საუბარი... დიახ, ამჯერად მე სწორედ ჩვენი მინისტრების
„საქმენი სასახელონი“ მაინტერესებს და ქრესტომათიული მაგალითებიც მათი მოქმედების ასახსნელად
გავიხსენე.
არადა, ვერაფრით ამიხსნია, რატომ არ უნდა გადადგეს (თავისივე ნებით!) ჩვენი შინაგან საქმეთა
მინისტრი? როგორც უნდა შეფასდეს მისი საქმიანობა, ფაქტია, რომ ბ-ნი მინისტრი საზოგადოებაში
საოცრად დისკრედიტირებულია, გირგვლიანის, რობაქიძისა და სხვათა მკვლელობებმა ჩვენში მძლავრ
საპროტესტო მოძრაობას მისცა გასაქანი, მაგრამ მინისტრს ეს ნაკლებად აღელვებს. იგი აშკარად
უგულებელყოფს საზოგადოებრივ თვალსაზრისს, რითაც უდიდეს ზიანს აყენებს მთელი ხელისუფლების
პრესტიჟს, უფრო მეტიც, რეალური დარტყმის ქვეშ აქცევს პრეზიდენტსაც...
ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებები კი მხოლოდ ცინიზმის ჩარჩოში შეიძლება მოთავსდეს.
პრეზიდენტი აშკარად და გაუმართლებლად ჯიუტობს, როცა ხელის ერთი დაკვრით უგულებელყოფს
მოსახლეობის ფართო ფენების საპროტესტო განწყობას და შინაგან საქმეთა მინისტრს კვლავ ტოვებს
დაკავებულ თანამდებობაზე.
ეს სიჯიუტე ფართო საზოგადოების უცერემონიო გამოწვევაა, მისდამი გამოხატული ქედმაღლობა და
ამპარტავნობაა, რაც არათუ პრეზიდენტს, არამედ სოფლის გამგებელსაც არ ეპატიება.
სწორედ ამგვარი სიჯიუტე და საზოგადოების უპატივცემულობა იწვევს დაძაბულობას, რომელმაც
უკანასკნელ ხანს მთელი ქვეყანა მოიცვა.
პრეზიდენტი, ალბათ, ფიქრობს, რომ ყველაფერი უკვალოდ ჩაივლის და ხალხიც მის ძლიერ ნებას
(უფრო სწორად კი – სიჯიუტეს) დაჰყვება და ქარიშხალიც მალე გადაივლის. მაგრამ ცხოვრება გვიჩვენებს,
რომ უკვალოდ ამქვეყნად არაფერი იკარგება! მოთმინების ფიალა თანდათან ივსება და შორს არ არის ის
დრო, როცა ხელისუფლებას (განსაკუთრებით კი პრეზიდენტს) მისხალ-მისხალ მოჰკითხავენ პასუხს.
აი, მაშინ კი გადადგომაც დაგვიანებული იქნება! მაგალითი გნებავთ?
ბ-ნი შევარდნაძე გამუდმებით გვახსენებს, რომ იგი საკუთარი ნებით გადადგა თანამდებობიდან, მაგრამ
ყველამ კარგად იცის, რომ ეს ასე არ მომხდარა.
შევარდნაძე გააძევეს, დაამხეს, ჩამოაგდეს!
წასვლაში (გადადგომაში) უთუოდ მოიძებნება ამაღლებული ნიშნები, გაძევება კი კატასტროფის, კრახის
მაჩვენებელია! იგი უფრო შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია, ვიდრე ბრძოლის ველზე დამარცხება,
ვიდრე ომში დაცემა.
ამიტომ ხელისუფალთა გასაგონად კვლავ უნდა გავიმეოროთ და რაც შეიძლება ხშირად უნდა
გავიხსენოთ ისტორიის გაკვეთილები.
სხვათა შორის, ამ გაკვეთილებმა ქართულ პოეზიაშიც ჰპოვა თავისებური ასახვა.
გახსოვთ?
„არის ის, ვისაც არ უნდა წასვლა,
არ უნდა წასვლა და...
მიდის!“
დიახ, მაინც მიდის!
იმიტომ, რომ, როგორც დასაწყისში მოგახსენებდით, არსებობს წესი, ტრადიცია, ისტორიულად
ჩამოყალიბებული და რეალური ცხოვრებით განმტკიცებული კანონზომიერება, რომელიც გამუდმებით
გვკარნახობს ქცევის ნორმებს...
@2006 წ.

გარდამავალი გაუგებრობა
(რეპლიკის მაგიერ)
ბ-ნი ჯუმბერ პატიაშვილის ვრცელი მემუარები წავიკითხე. კვლავ თავისი მრწამსის და შეხედულებების
ერთგული დარჩენილა. უცხო კაცმა შეიძლება იფიქროს, რომ ოთხმოციანი წლების მთელი პატრიოტული
მოძრაობა თითქოს მოსკოვის პოლიტბიუროს მიერ იყო დაგეგმილი და მის ერთადერთ მიზანს ნომერ
პირველი ქართველი კომუნისტის თავიდან მოშორება წარმოადგენდა.
საიდან სადაო?!
ის კი არადა, ჩემმა უშუალო უფროსმა, ლიტერატურის ინსტიტუტის მაშინდელმა დირექტორმა ვერ იქნა
და ვერაფრით შეძლო დავეთანხმებინე ბ-ნი პატიაშვილისთვის საბოდიშო წერილის გაგზავნაზე. ხანგრძლივი
მცდელობის მიუხედავად მან საწადელს მაინც ვერ მიაღწია. ამიტომ, როგორც ჩანს, რაღაც წერილი ჩემი
სახელით სხვას დააწერინა და განრისხებული პირველი მდივნის დასაშოშმინებლად ცენტრალურ კომიტეტში
თავად გაგზავნა.
ჩემი მხრივ, არაერთხელ საჯაროდ განვაცხადე, რომ წერილი, რომელსაც ბატონი პატიაშვილი ამჯერად
თავის მემუარებში ახსენებს, მე არ მეკუთვნის. ამის თაობაზე მას პირადადაც ვუთხარი 1988 წელს, როცა
ის ლიტერატურის ინსტიტუტში გვეწვია.
ბოდიშის მოხდა, როცა ამის რეალური მიზეზი არსებობს, – ჭეშმარიტად ღირსეული საქციელია.
არ მეგულება ადამიანი, ვისაც მსგავსი განცდა ერთხელ მაინც არ დაუფლებია.
ეს გრძნობა ჩემთვისაც არაა უცხო.
თავს მდაბლად ვხრი და ვისაც ჯერ არს, – შენდობას ვთხოვ.
მაგრამ საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არც ერთი პირველი მდივნისთვის
ბოდიშით არასოდეს მიმიმართავს.
ამით თავს როდი ვიწონებ.
უბრალოდ, ფაქტს აღვნიშნავ.
ეს არის და ეს.
2015 წ.

საქართველო დღეს თავის თავს ებრძვის


ყოველი ერი ცდილობს შექმნას თავისი სახელმწიფო. ამისათვის იგი იღვწის და იბრძვის საუკუნეების
განმავლობაში. დიდი მსხვერპლის ფასად ერები მოიპოვებენ და საგულდაგულოდ იცავენ თავიანთ
სახელმწიფოებრიობას, რათა მის წიაღში ააღორძინონ საკუთარი ინდივიდუალობა, ათასწლეულებში
ჩამოყალილებული ტრადიციები, ადათ-წესები და კულტურა. სახელმწიფოებრიობა განამტკიცებს ერს, მოაქვს
რა მისთვის მშვიდობიანი თანაარსებობა და კეთილდღეობა. მცირერიცხოვან ერებს ახასიათებთ სწრაფვა
წმიდა ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ. გლობალურ-იმპერიული ამბიციები მათთვის უცხო და
მიუღებელია, რადგან გლობალიზაციის პროცესი ულმობლად ნთქავს ერთა თვითმყოფადობას და, საბოლოო
ჯამში, წაშლით ემუქრება სახელმწიფოს ეროვნულ შინაარსს.
1991-1992 წლების გადატრიალებამ არნახული ტემპით მიგვაახლოვა ხსენებულ საშიშროებასთან.
ხელისუფლების სათავეში არაეროვნული ძალების მოსვლამ საფუძველი გამოუთხარა ეროვნული
სახელმწიფოს შენებას. ამიტომ ჩანასახშივე გაჩნდა უფსკრული ერსა და სახელმწიფოს შორის. გარედან
თავსმოხვეული კანონებით, უცხო წესების ბრმა გადმონერგვით, საკუთარი თვითმყოფადობის ხელაღებით
იგნორირების შედეგად ხელისუფლებამ ერთმანეთს დაუპირისპირა, ერთი მხრივ, ერისა და, მეორე მხრივ,
ჯერაც ჩამოუყალიბებელი სახელმწიფოს ინტერესები. აქედან გამომდინარე, სრულიად გასაგებია ქართველი
კაცის სასოწარკვეთილებამდე მისული დაბნეულობა: იგი გრძნობს, რომ ფეხქვეშ თანდათან ეცლება ნიადაგი,
კარგავს ფესვს, ფუძეს და, რაც მთავარია, თავის ქვეყანაში კარგავს სამშობლოს. პრინციპი: „ჯერ
დემოკრატია და შემდეგ სამშობლო“, მიუღებელია ყველა ეროვნული სახელმწიფოსთვის. ქართული
სახელმწიფოს შენება წარმოუდგენელია ქართული ეროვნული ყოფიერების გარეშე. ამიტომ პრეზიდენტის
ამაყი განაცხადი – „ჩვენ ავაშენეთ სახელმწიფო“, – ბუნებრივად ბადებს შეკითხვას: კი მაგრამ, რა ჰქვია
ამ სახელმწიფოს? ვისი სახელმწიფოა იგი? პრეზიდენტისავე მეორე, აწ უკვე პირქუში განაცხადი კი
ღაღადებს: „ასე ცხოვრება აღარ შეიძლება“, რაც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ქართველი ერისთვის
სახელმწიფო ჯერ არ აშენებულა. ჩვენი უბედურების სათავეც სწორედ აქაა საძიებელი. ხელისუფლება
აშენებს არა საქართველოს, არამედ საშინელ ურჩხულს, მონსტრს, რომელსაც იგი სახელმწიფოს უწოდებს.
სინამდვილეში კი ეს ურჩხული სახელმწიფო კი არა, ანიტისახელმწიფოებრივი,^ ანტიეროვნული და
ანტისახალხო „თვითშემოქმედებაა“.
* * *
– ვფიქრობ, შერიგებაზე ლაპარაკი დღეს ცინიზმის ტოლფასია. როგორ შეიძლება საზოგადოება
შეურიგდეს იმ ხელისუფლებას, რომელმაც მიწასთან გაასწორა ქართველი ერი, გაძარცვა და სასიკვდილოდ
გაწირა მთელი ქვეყანა... შერიგება შეიძლება გაბუტულ მეგობართან, უნებლიეთ შეცდომილ ძმასთან, მაგრამ
უდიდესი ბოროტებაა შეურიგდე სამშობლოს დამაქცევრებს. ვფიქრობ, მწარედ ცდება ყველა ის მოღვაწე,
რომელიც დღეს ორიენტირებულია „შერიგების პოლიტიკაზე“. პირიქით, ერის მამებმა ხალხს უნდა
შთააგონონ ამ ბანდისადმი შეურიგებლობის იდეა. ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს და ამდენად, ყოველი
ღონით უნდა ვეცადოთ არსებული ხელისუფლების სრულ იზოლაციაში მოქცევა. შევარდნაძე და მისი ბანდა
მოკვეთილი უნდა იყოს ქართველი ერისაგან. რაც შეეხება პოლიტპატიმართა გათავისუფლებას, ამისათვის
უპირველესი მადლობა ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო არასახელმწიფოებრივ ორგანიზაციებს
ეკუთვნით და არა „გულმოწყალე“ ჟვანია-შევარდნაძეებს. სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ
პოლიტპატიმართაგან არც ერთს, ვიმეორებ, არც ერთს არსად უღიარებია შევარდნაძის დანაშაულებრივი
რეჟიმის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობა. ვინც თვალყურს ადევნებდა მათ სასამართლო პროცესებს,
უთუოდ ემახსოვრება, რომ ყოფილ პოლიტპატიმართაგან, ფაქტობრივად, ვერც ერთს ვერ დაუმტკიცეს
წაყენებული ბრალდებები. აქედან იმ დასკვნის გაკეთება შეგვიძლია, რომ ეს ადამიანები სრულიად
უდანაშაულოდ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე იყვნენ მსჯავრდებულნი... რა გამოდის? – თურმე
შევარდნაძის რეჟიმს მადლობა უნდა ვუთხრათ მხოლოდ იმიტომ, რომ ციხიდან გაათავისუფლა
„გაუგებრობის ნიადაგზე“ დაკავებული ადამიანები? – ამას ჩვენგან ნუ მოითხოვენ! ქართული
საზოგადოებრიობა ნამდვილად არაა ვალში შევარდნაძესთან და რამდენადაც ვხედავ, არც აპირებს მასთან
შერიგებას. უნდა ვთქვა, რომ ხალხსა და ხელისუფლებას შორის შეურიგებლობისა და ანტაგონისტური
დაპირისპირების პროცესი მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და ფეთქებად ხასიათს შეიძენს. ასე რომ,
ხელისუფლებას თვითდამშვიდების საფუძველი ნამდვილად არა აქვს...
სხვა საქმეა საერთო ეროვნული თანხმობისა და კონსენსუსის მიღწევა. ეს მართლაც წაადგებოდა ჩვენს
ქვეყანას. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მხრივ ჩვენში ყველაფერი თავდაყირა დგას. დღეს საქართველოში არ
არსებობს ის საერთო, ზოგადქართული ეროვნული ინტერესი, რომელიც გააერთიანებდა ჩვენს საზოგადოებას.
ეს უკანასკნელი სახედაკარგულია და სულს ღაფავს. საქართველოში კვდება ყოველი ქართული საქმე,
ქართული იდეა; საქართველო დღეს თავის თავს ებრძვის... ამიტომ არ გამიკვირდება, რომ ასეთ
პირობებში „ყველაფერი შეიძლება მოხდეს“...
* * *
რას ნიშნავს „ხელისუფლებაში მისვლა“? განა შეიძლება სერიოზული კაცი დღეს ხელისუფლებაში
„მისვლაზე“ ოცნებობდეს? ქართველი ერის ხსნა, როგორც ყოველთვის, ეროვნული ყოფიერების წიაღშია და
არა ხელისუფლებაში! თუ ერი ასეთ სამარისებურ დუმილში ამჯობინებს ყოფნას, მას ვერც ილია
ჭავჭავაძე უშველის და ვეღარც ზვიად გამსახურდია.
* * *
– მწერალი თვითმყოფადი ფენომენია და მას ნამდვილად არ სჭირდება რაღაც „კავშირები“. მწერლის
ტალანტის ერთადერთი შემფასებელი მხოლოდ დროა. ქართული კულტურის სრული დაცემის მაუწყებელია
ის, რომ მწერალთა უმეტესობა კუდს უქიცინებს და ხოტბას ასხამს შევარდნაძის რეჟიმს... მაგრამ ეს, ასე
ვთქვათ, გარეგნული მხარეა. შინაგანად კი ჩვენი მწერლებიც ისევე ტრაგიკულნი არიან, როგორიც დღეს
მთელი საქართველოა. როგორც მკითხველი, მე ღრმა თანაგრძნობით ვარ გამსჭვალული მათ მიმართ.
გამოსავალი ერთია: ერმა თავად უნდა იბრძოლოს თავისუფლებისათვის. დღეს ჩვენ წინაშე ერთი
უმთავრესი პრობლემა დგას: საქართველო უნდა გათავისუფლდეს შევარდნაძის ანაქრონისტული
მმართველობისაგან! ბოლოს და ბოლოს, ოცდამეერთე საუკუნე დგება.
2000 წ.
* * *
– ვერ ვიტყვით, რომ უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში ჩვენი საზოგადოებრივი აზრი პროგრესული
მიმართულებით განვითარდა. პირიქით, თვალში საცემია აზროვნების დეგრადაცია, საზოგადოების
ინდიფერენტიზმი და ერთგვარი ინფანტილურობაც კი... ეროვნული ღირებულებებისადმი ნიჰილისტურმა
დამოკიდებულებამ წარმოშვა ჩვენთვის უცხო, არაქართული ტენდენციების აღზევება. საკუთარ ფესვებს
მოწყვეტილი ქართველობა ღრმა სულიერი კრიზისის მდგომარეობაშია. მატერიალურმა სიდუხჭირემ კიდევ
უფრო გააღრმავა უიმედობისა და ურწმუნობის უფსკრული. სამშობლოდან გაქცეული ასიათასობით ადამიანი,
ვეჭვობ, კვლავ „დედასამშობლოდ“ მოიაზრებდეს საქართველოს, თავის თავს კი „მამულიშვილად“ მიიჩნევდეს.
მილიონ-ნახევარი ქართველისათვის საქართველო უკვე სამშობლოდ აღარ აღიქმება. ისინი „სხვა
საქართველოს“‘ ანუ სხვა სამშობლოს ძიებაში არიან, რაც კატასტროფულ ზემოქმედებას ახდენს მათ
სულიერ და მორალურ სამყაროზე. შინ დარჩენილთა აბსოლუტური უმრავლესობა კი „შინაემიგრანტის“
ტრაგიკულ ხვედრს იზიარებს. მოკლედ, ეროვნული ფენომენის შეგრძნებისათვის დღეს ქართველ კაცს არც
ნება შერჩა და აღარც უნარი.
ვფიქრობ, ამ უბედურების სათავე 1992 წლის კრიმინალური სახელმწიფო გადატრიალებაა. მანამდე
ქართველი კაცის სულიერი მისწრაფებანი ისე ვითარდებოდა, რომ ეს პროცესი ეროვნული
სახელმწიფოებრიობის შენების ამაყი შეგრძნებით, საკუთარი ისტორიის ღრმა გააზრებითა და, აქედან
გამომდინარე, სამყაროში თავისი ისტორიული როლისა და ადგილის დამკვიდრებით უნდა
დაგვირგვინებულიყო. ამას, რასაკვირველია, წლები სჭირდებოდა, მაგრამ ქართველი ერი უკვე მზად იყო
ტრადიციულ ფასეულობებზე დამკვიდრებული ჭეშმარიტად ქართული სახელმწიფოს ასაშენებლად. ამჟამად ეს
პროცესი შეფერხებულია და კაცმა არ იცის, როგორი იქნება ნავთობსადენზე დაშენებული ხვალინდელი
საქართველო.
დღეს პატრიოტობას ცრუ დემოკრატია უპირისპირდება, ეროვნულ ფენომენს – კოსმოპოლიტიზმი,
ქართულ ეთოსს კი არაქართული, უფრო სწორად, ანტიქართული უცხო წეს-ჩვეულებანი. ამგვარი ტენდენცია
ახლანდელი ხელისუფლების უდავო „მიღწევას“ წარმოადგენს.
1999 წ.
* * *
– ხელისუფლება, რომელიც ასე მონდომებით ქმნის ნიადაგს კორუფციის ასაყვავებლად, უბრალოდ,
ხალხს დასცინის, როცა აცხადებს, კორუფციას ვებრძვითო. ფაქტების გამოვლენა ვერავითარ შეღავათს ვერ
მოიტანს. საქმე ისაა, რომ ხელისუფლება თვითონაა კორუფციის სათავე; იგი წარმოიქმნა საზოგადოების
კორუმპირებული ნაწილის წიაღში და მისი არსებობა მთლიანად განპირობებულია კორუფციის აქტივობით.
1972 წლიდან მოყოლებული, საქართველოში „გააფთრებით“ ებრძვიან კორუფციას, მაგრამ მთელ ამ იწილო-
ბიწილოს მუდამ მოჩვენებითი, ასე ვთქვათ, სანახაობითი ხასიათი აქვს. როგორ შეიძლება კორუმპირებული
ჩინოვნიკი თავის თავს ციხეში ამწყვდევდეს? პიროვნულ ფაქტორს ამ პროცესში არცთუ უკანასკნელი
ადგილი უკავია. არ არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც ღარიბ-ღატაკ ქვეყანაში აუცილებლად
კორუფცია უნდა გაბატონდეს. არსებითი მნიშვნელობა აქ ე. წ. „ერის მამების“ ზნეობრივ პოზიციას უნდა
მიენიჭოს. მაგრამ როცა ქვეყანას „მამების“ ნაცვლად ღვთისგან შეჩვენებული „მამინაცვლები“ ეპატრონებიან,
– კორუფცია გარდაუვალად იწყებს „ფრთების გაშლას“. ის განუსაზღვრელი მასშტაბი, რომელიც ამ სენმა
საქართველოში მოიპოვა, მაფიქრებინებს, რომ საქმე გაცილებით სერიოზულადაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით
ჩანს. უფრო მეტიც: პირადად ჩემთვის ამ თვალსაზრისით ეჭვქვეშ დგება თვით პრეზიდენტის პიროვნებაც
კი. სხვაგვარად გაუგებარია მის მიერ კადრების შერჩევის მოტივები. როგორც იტყვიან, კაცს პირდაპირ
შუბლზე აწერია: „მიფრთხილდით, კორუმპირებული ვარო“ და მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი სწორედ ასეთ
პიროვნებას იწვევს სათანამშრომლოდ. როგორც ჩანს, კორუფციასთან დაკავშირებული იმუნიტეტის
თვალსაზრისით საქართველოს პრეზიდენტს გარკვეული პრობლემები გააჩნია...
არავინ უარყოფს, რომ კორუფციის ცალკეული შემთხვევები ნებისმიერი ქვეყნის მთავრობაში შეიძლება
მოვიძიოთ. მაგრამ როცა საქმე ამ სენის ტოტალურ გავრცელებას ეხება, პრეზიდენტმა პასუხისმგებლობის
რაღაც ნაწილი მაინც უნდა იტვირთოს: ან უნდა იბრძოლოს და გაიმარჯვოს, ანდა თავისი დამარცხება
უნდა აღიაროს და გადადგეს. ხელისუფლება ნაცად მეკობრეთა საძმო არ უნდა იყოს. იგი ჭეშმარიტ
ერისკაცთა და ქვეყნის ბედით გულდამწვარ მამულიშვილთა საქმიანობის ასპარეზს უნდა წარმოადგენდეს.
დაუჯერებელია, რომ საქართველოში მხოლოდ კორუფციისკენ მიდრეკილ ადამიანებს შეუძლიათ ქვეყნის
მართვა, სხვებს კი, „საწყალ“ პატიოსან ადამიანებს, აღარც ჭკუა ჰყოფნით და აღარც პოლიტიკური ნება,
რათა ღირსეულად გაუძღვნენ საქვეყნო საქმეს. ჩვენდა საუბედუროდ, უკანასკნელ ხანს „პატიოსანი“ და
„სულელი“ ლამის სინონიმებად წარმოვიდგინეთ! არც ასეა საქმე! ნუ დაგვავიწყდება, რომ გენიოსების დიდი
უმრავლესობა უკიდურეს სიღატაკეს განიცდიდა, მაგრამ თვით მეფური წყალობის სანაცვლოდაც კი უარი
არ უთქვამთ თავიანთ პრინციპებზე. და, საერთოდ, პრინციპულობისა და ზნეობრიობისათვის სულაც არაა
აუცილებელი გენიოსობა, ჩვეულებრივი, ჩვენებური წესიერება და პატიოსნებაც საკმარისია, მაგრამ ასეთი
ადამიანებისაგან ხელისუფლება შორს იჭერს თავს. როგორც იტყვიან: მსგავსი მსგავსთან განისვენებს.
* * *
ათეული წლის წინათ საქართველოში დაიწყო შემობრუნება ეროვნული ღირებულებისაკენ. „ისტორიის
სულმა“ იმძლავრა და თავის კალაპოტში მოგვაქცია. ქართველმა იწამა სამშობლოს ინტერესთა უზენაესობა,
შეიგრძნო საკუთარი ფესვები, გაიგონა თავისი მიწის „ყივილი“. ამ საქმეში დიდ წინაპრებთან ერთად
განუსაზღვრელია ზვიად გამსახურდიას როლი და ადგილი. ქართული კულტურის ღრმა სამყაროდან
მოსულმა ზვიად გამსახურდიამ შეძლო ეროვნულ-მოქალაქეობრივ მისიაზე დაეფიქრებინა ქართველი კაცი.
მან ჩვენს ხალხს იშვიათი უბრალოებით შეახსენა ის მოვალეობანი, რომელიც ღვთისა და ქვეყნის წინაშე
გაგვაჩნია. არჩევანი „მე“-სა და „ერს“ შორის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გადაწყდა. ეროვნულმა
ინტერესებმა დაიმორჩილა ადამიანის ყოფით-მერკანტილური ინსტინქტები და შეიქმნა ფრიად ხელსაყრელი
პირობები, რათა ეს არჩევანი მდგრადი და ხანგრძლივი გამხდარიყო. მაგრამ, ჩვენდა სავალალოდ,
საზოგადოებამ მეტად მტკივნეულად აღიქვა ინსტინქტთა შეკავების პროცესი. ხალხში გამოჩნდნენ ე. წ.
„ანტიგმირები“, იფეთქა „ცრუიდეალმა“, ეროვნულს დაუპირისპირდა ქუჩის უთავო მუსკულატურა, ძალადობა,
ტერორი, ნაირფერი „იზმებით“ შეზავებული უკულტურობა, საქმეში ჩაერთო უცხო ძალები და ყველაფერი
ისე სწრაფად დამთავრდა, რომ გონს მოსვლაც კი ვერ მოვასწარით.
1992 წლიდან მოყოლებული, დეგრადაციის პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდა და გაჩნდა ღრმა
უფსკრული. დამარცხებული იდეალი ამაოდ შეეცადა კვლავ დაერაზმა ერთგულ მიმდევართა აბობოქრებული
მასა, მაგრამ უკვე აღარ იყო ლიდერი, წინამძღოლი, რომელიც ლანძღვის, ძაგებისა და განქიქების ისეთ
ობიექტად აქციეს, როგორიც არც სიცოცხლეში და არც სიკვდილში არავის ღირსებია. ამერიკელები დღესაც
„ბრძენ მამებად“ მოიხსენიებენ თავიანთი კონსტიტუციის შემქმნელებს და სულაც არ ესირცხვილებათ
„მამობაზე“ ლაპარაკი. ჩვენში კი – ტრადიციული პატრიარქალური ცნობიერების საზოგადოებაში, „მამობამ“
ისეთი საზიზღარი ინტერპრეტაცია განიცადა, რომ ბრალდების ხასიათიც კი მიიღო (მაგ.: „მამა“ ეს იგივეა,
რაც „ვოჟდიზმი“, „ბელადომანია“ და ა. შ.).
როცა ხელისუფლებაში „სხვა ხალხის ჟრიამული“ გაისმა, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ამით მთელი
საქართველო (და არა მარტო ყოფილი ხელისუფლება) იქნა განწირული. ერს, რომელმაც 1990-1991 წლებში
გააკეთა მართლაც ღირსეული არჩევანი (უზენაესი საბჭო, 31 მარტის რეფერენდუმი, 9 აპრილის აქტი,
პრეზიდენტი), ხელის ერთი დაკვრით ნაცარტუტად უქციეს ყველა მონაპოვარი და უთხრეს: „შენ შემცდარი
ხარ, გეგონა სახელმწიფოს აშენებდი, და პროვინციული ფაშიზმის ტყვეობაში კი აღმოჩნდიო“. უფრო მეტიც:
ბარბაროსულ ძალადობას „საერთო-სახალხო დემოკრატიული რევოლუცია“ უწოდეს და დაადგინეს, რომ
სწორედ ეს ბოროტებაა სიკეთე, ჭეშმარიტი თავისუფლება და ჩვენი ერის სანუკვარი ოცნების ახდენაო...
მოკლედ, ქართველი ხალხი ძალადობით, აბუჩად აგდებისა და თამაშის ობიექტად აქციეს. მას მწარედ
დასცინეს „ცივილიზებული სამყაროდან“ სასწრაფოდ მოწვეულმა სახელგანთქმულმა ძიებმაც: „მე ჩამოვედი
თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოშიო“, – განაცხადა 1992 წლის აგვისტოში აშშ-ის მაშინდელმა
სახელმწიფო მდივანმა ბეიკერმა, რომლის ყურთასმენა ოდნავადაც არ შეურხევია ავტომატების კანონადას
და ფილარმონიასთან გამართულ მშვიდობიან მანიფესტანტთა რბევა-დაწიოკებას.
* * *
უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში, თითქოს ღმერთმა შეგვაჩვენაო და, საქართველო პერმანენტულ
დამარცხებებს განიცდის. დავმარცხდით აფხაზეთში, დაინგრა ეკონომიკა, განიავდა და გაიძარცვა
სახელმწიფო ხაზინა, დავმარცხდით კორუფციასთან ბრძოლაში, დავმარცხდით კულტურის გადარჩენის
საქმეში, დავმარცხდით დემოკრატიული წესების დამკვიდრებაში და ა. შ. და ა. შ. უფრო დიდი ტრაგედია
ისაა, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, დამარცხდა თავისი მოქალაქეებისათვის მშვიდი, უსაფრთხო
და სიცოცხლისათვის ელემენტარული პირობების შექმნის საქმეშიც. აქედან გამომდინარე, ცხადი უნდა იყოს,
თუ რატომ, როგორ და ვის მიერ განხორციელდა საქართველოსა და მისი მოსახლეობის დაცემის
პროცესი.
– მხედველობაში მყავს არა მარტო ის პიროვნებანი და პარტიები, რომლებიც სახელმწიფო
გადატრიალებაში მონაწილეობდნენ, არამედ ისინიც, ვინც 1992 წლის მარტიდან – ნოემბრამდე ე. წ.
სახელმწიფო საბჭოში – ამ უზურპატორთა საკრებულოში იმყოფებოდნენ. სწორედ ამ ე. წ. „საბჭომ“
გააჩაღა აფხაზეთის ომი, „გადაანაწილა“ ერის მიერ შექმნილი დოვლათი და ტანკებით „დაამშვიდა“
საქართველო. პერსონალური პასუხისმგებლობა ციხეებში გამომწყვდეულ „რევოლუციის მამებთან“ ერთად
ედუარდ შევარდნაძესა და მის პარტიას „მოქალაქეთა კავშირსაც“ ეკისრებათ. ამ თვალსაზრისით დღეს
საზოგადოებრივი აზრიც ცალსახადაა გამოკვეთილი და მისი შესწავლა-გაანალიზება რთულ ამოცანას სულაც
არ წარმოადგენს.
* * *
ქართული კულტურის კრიზისზე მკაფიოდ მეტყველებს დასავლეთის კულტურული აგრესიის ზრდა.
მასობრივი კულტურისათვის ფართო ასპარეზის შექმნა ჩვენში გეგმაზომიერ ხასიათს ატარებს. „ახალი
იმპერიალიზმი, – შენიშნავს ჟაკ ლანჟი, – უკვე აღარ იპყრობს ტერიტორიებს, მაგრამ იგი წარმატებით
იმორჩილებს ცნობიერებას, აზროვნების წესსა და ცხოვრების სტილს“.
ოკეანის გაღმიდან დაძრული ეს კულტურული ექსპანსია არანაკლები უბედურების მომტანია, ვიდრე მათ
მიერ თავსმოხვეული ეკონომიკური პროგრამები. იგი სწორედ ახლაა ყველაზე მეტად სახიფათო, როდესაც
ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობა ბიოლოგიურთან ერთად კატასტროფულ სულიერ შიმშილს
განიცდის. ამას ემატება ქართულ სცენაზე უწმაწური ლაზღანდარობის მომძლავრება, ტელევიზიასა და
მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში ფეხმოკიდებული „ქუჩის ცხოვრების“ და შიშველი ძალადობის
კულტი.
არავინ უარყოფს, რომ ე. წ. „ქუჩური ცხოვრება“ ერთგვარ მასალას წარმოადგენს სინამდვილის
რეალისტური ჩვენებისათვის, მაგრამ იქ, სადაც მუზა მომაკვდინებლად დუმს, „ჩემი დედა“ – „შენი დედას“
სცენური ნატურალიზაცია კარგს არაფერს გვიქადის.
1999 წ.
„ძველისძველი“ ხელისუფლება წამოიმართა
* * *
არჩევნები მეტად არაორდინალურ ვითარებაში ჩატარდა და ცხადია, ამან დიდად განსაზღვრა შედეგებიც.
პრესიდან ცნობილი გახდა, რომ საარჩევნო კანონი არაერთხელ ყოვლად გაუმართლებლად გადაკეთდა. ესეც
შედეგის განმსაზღვრელ ერთ-ერთ ფაქტორად უნდა მივიჩნიოთ. გასაგებია არჩევნებში მონაწილე პარტიათა
პროტესტებიც. ახლახან გაზეთში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ქ-მა თამარ ჩხეიძემ განაცხადა, რომ მის
ხელთ არსებული ოქმების „90% აშკარად ფალსიფიცირებულია“. არ მინდა დავიჯერო, მაგრამ თუ ეს
განცხადება სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ამგვარად არჩეული პარლამენტისაგან ბევრს არაფერს უნდა
მოველოდოთ. ამ ფონზე ჩემი ნდობის ლიმიტიც მეტ-ნაკლებად განსაზღვრულია. მაგრამ ნათქვამია,
მღვდელი ჭილოფში იცნობაო. პირველივე სხდომებიდან ნათელი გახდება, რამდენად ქმედითუნარიანია
პარლამენტის შემადგენლობა, შეძლებს თუ არა იგი შეინარჩუნოს რესპუბლიკის უმაღლესი ორგანოს
უფლებანი. ამასთანავე, არსებითი მნიშვნელობა ექნება აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტებას და
1921 წლის კონსტიტუციის საფუძველზე მისთვის თავისუფალი ფუნქციონირების გარანტიათა შექმნას.
ღმერთმა ქნას, ნანატრი დემოკრატია ამჯერად მაინც დაპირებად არ დარჩეს.
* * *
სიმართლე გითხრათ, გამაკვირვა უკანასკნელი ორი წლის ქარცეცხლგამოვლილი ზოგიერთი პიროვნების
კვლავ პარლამენტში ყოფნის სურვილმა. ბევრმა მათგანმა, ალბათ, ისეთი ფსიქოლოგიური სტრესი
გადაიტანა, რომ შესაძლოა ვერ გაუძლონ ახალ პოლიტიკურ ბატალიებს. საქმისათვისაც კარგი იქნებოდა,
რომ ისინი მცირე ხანს განრიდებოდნენ პოლიტიკას და სხვა, უფრო მშვიდი სამსახური შეეთავაზებინათ
ხალხისთვის. თუმცა, ეს მათი საზრუნავია. ყველას ვუსურვებ წარმატებას ქვეყნისათვის სასიკეთო
მოღვაწეობაში.
* * *
ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები რუსეთის იმპერიის მიერ ჩვენებრ დაპყრობილი მიწის შვილები არიან.
ამ იმპერიის დაშლის კვალდაკვალ მათთან ფრთხილი და კეთილმეზობლური დამოკიდებულება აუცილებელი
იყო. „კავკასიური სახლი“ მე უფრო პირობით ცნებად წარმომიდგენია. იგი, უბრალოდ, კავკასიელ
მეზობლებთან სტაბილურ ურთიერთობას გულისხმობს. არა მგონია ამან ჩვენ ხელი შეგვიშალოს საერთო
ევროპული სახლისკენ მიმავალ გზაზე. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ დასავლური ორიენტაცია ყოველთვის
იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულება. ეს საკითხი საკამათოდ თითქმის არასოდეს
ქცეულა. სხვათა შორის, იმ ნეტარი სახლისკენ ჩვენი ხელისუფლებაც დაბეჯითებით მიისწრაფოდა, მაგრამ,
როგორც ვხედავთ, კარი მანამ არ გაგვიღეს, ვიდრე საბჭოთა კავშირი არ დაიშალა. ისიც გავიხსენოთ,
რომ თავის დროზე დასავლეთის მიერ მოწონებულ დემოკრატიულ საქართველოსაც მხოლოდ მას შემდეგ
აღირსეს ცნობა – აღიარება, როდესაც ამის ნიშანი მათ რუსეთმა მისცა. ნუ დავივიწყებთ იმ ფაქტსაც,
რომ ა.შ.შ.-მა საქართველო გააფთრებული შინაომის დროს აღიარა. ეს იმიტომ, რომ ამ გზაზე მას უკვე
დაბრკოლებად აღარ ეღობებოდა საბჭოთა კავშირი. ბალტიის ქვეყნები კი სხვა თემას წარმოადგენს.
ზემოაღნიშნული დეტალების გახსენება აუცილებელია, როდესაც ერთმანეთს ვუპირისპირებთ კავკასიურ
სახლსა და ევროპულ სახლს. ამგვარი დაპირისპირება წმინდა წყლის დემაგოგიაა. ჩვენ იმაზე უნდა
ვიზრუნოთ, რომ მეზობელ ხალხებთან კეთილი ურთიერთობა ვიქონიოთ. ამით უზრუნველყოფთ ჩვენივე
გეოპოლიტიკური ზონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ვფიქრობ, ჩრდილოკავკასიელთა ამჟამინდელი
აგრესია საქართველოს წინააღმდეგ არცთუ ისე შორეულ მომავალში ჯანსაღი ურთიერთობით შეიცვლება.
* * *
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პარლამენტი საგრძნობლად „გაწითლდა“, ეს სულაც არ ნიშნავს იმას,
რომ მოხდება კომუნისტური რეჟიმის რესტავრაცია. დღეს იმ რეჟიმის აღდგენა თვით წითლებსაც აღარ
სჭირდებათ. ხიფათი სხვა მხრიდან გვიახლოვდება: მოგეხსენებათ, ძველი კომუნისტური ნომენკლატურა
მატერიალურად ყველაზე უზრუნველყოფილ ბირთვს წარმოადგენს. ეს ის ხალხია, ვინც წარსულში
ერთადერთი საკუთრების – სახელმწიფო საკუთრების, ასევე ერთადერთ შეუზღულავ პატრონს
წარმოადგენდა. ხოლო თუ როგორ „პატრონობდნენ“ ისინი სახელმწიფო საკუთრებას, დღეს ყველასთვის
ცხადია: მათი უმრავლესობა მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ზრუნავდა და განუკითხავად ყვლეფდა
სახელმწიფოს. წარმოიდგინეთ, რას მოიმოქმედებენ უკვე პოლიტიკურად მომაგრებული ეს ადამიანები
პრივატიზაციის პროცესში. უბოდიშოდ ვიტყვი: ისინი ძველებურად დააცხრებიან ძვირფას ნადავლს – ხალხის
მიერ წვალებით შექმნილ დოვლათს და მოსახლეობის გაღატაკებულ უმრავლესობას 80-90%-ს სულაც
მშრალზე დატოვებენ. დიახ, კომუნისტური რეჟიმი არ აღდგება, არ იქნება მარქსისა და ლენინის ხსენება,
მაგრამ არნახულ მასშტაბებს შეიძენს კორუფცია და მექრთამეობა. რიგითი ადამიანების მატერიალური
მდგომარეობა კი უფრო და უფრო გაუარესდება. მათ არ ექნებათ საშუალება ისარგებლონ იმ დახმარებით,
რომელიც შეიძლება უცხოეთიდან მივიღოთ, რადგან ამ დახმარების ბედს სწორედ ნომენკლატურა
გადაწყვეტს.
ფარული პრივატიზაციაც უფრო დაჩქარებულად გაგრძელდება. მოსალოდნელი უკმაყოფილების თავიდან
ასაცილებლად რეფორმის დამუხრუჭებას „კონსერვატორებს“ დააბრალებენ, მათ ძებნას ამაოდ სხვაგან ნუ
დავიწყებთ: გადემოკრატებული წითლები თავად წარმოადგენენ კონსერვატორებს. ღმერთმა ქნას, ყველაფერი
სხვაგვარად წარიმართოს და წითლებმა ამჯერად მაინც გაიცნობიერონ, რომ ყოველი „ფერის“ ადამიანს
თანაბარი უფლება აქვს ისარგებლოს ცხოვრების ყველა სიკეთით.
* * *
ზვიადს მრავალნი მხოლოდ მიტინგებსა და პოლიტიკურ სარბიელზე ხედავდნენ. აქ იგი ისევე
წინააღმდეგობრივი და მშფოთვარე ჩანდა, როგორც მთელი ჩვენი მღელვარე ცხოვრება... მაგრამ, ალბათ,
ცოტას თუ უხილავს იგი მწერლობის, მითოლოგიის, თეოლოგიისა და ანთროპოლოგიის პრობლემებზე
საუბრისას. ასეთ დროს საოცრად გაწონასწორებული, ღრმა და ანალიტიკურ პიროვნებად წარმოგვიდგებოდა
ხოლმე. ამაზე მისი ნაშრომებიც თვალნათლივ მეტყველებენ. გასაგები მიზეზების გამო დღეს ჩვენი
პრესიდან განუკითხავად იღვრება ამ პიროვნების ყოველმხრივ განმაქიქებელი ნაკადი. ერთმა ფიზიკოსმა
„მესამე ხარისხოვანი“ ლიტერატორიც კი უწოდა, არა! ნამდვილად არ გახლავთ ასე! შესაძლოა, ვინმე არ
იზიარებდეს მის ცალკეულ რუსთველოლოგიურ მოსაზრებებს, მაგრამ თუნდაც ამ სფეროში გაწეულ მის
გარჯას, დაკვირვებათა არაორდინალურობას და წყაროების იშვიათ ცოდნას, ვერავინ უგულებელყოფს. ვიცი,
ახლა ზოგიერთი გაიფიქრებს, ჰოდა, დამჯდარიყო და გამოკვლევები დაეწერაო... მე ამაზე ვერაფერს
გიპასუხებთ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ცხოვრება და, მით უფრო, მეოცე საუკუნის ქართველი
მოაზროვნეების ცხოვრება, უაღრესად ტრაგიკული ბედისწერით არის აღბეჭდილი. ამ ბედისწერის წინასწარ
გაცნობიერება ძნელი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ამჟამადაც კი მეტისმეტად ძნელდება ჩვენს ეროვნულ
ტრაგედიაში თითოეული პროტაგონისტის წილხვედრი მსხვერპლის განსაზღვრა. და მაინც, შეიძლება ითქვას,
რომ ზვიად გამსახურდიასათვის ამგვარი მსხვერპლი უკვე თითქმის განსაზღვრულია. მარცხი, რომელიც მან,
როგორც პიროვნებამ იწვნია, ღრმად ტრაგიკული შინაარსის შემცველია. ეს არ ყოფილა მარტოოდენ მისი
სამხედრო ბანაკის დამარცხება სხვა, უფრო ძლიერი დაჯგუფების მიერ, არ ყოფილა დაშვებული
შეცდომების ზღვევა, არც მავანთა ღალატი... ეს იყო ჩვენი დროის საქართველოს ტრაგიკულ ბედისწერაში
ზვიად გამსახურდიას, როგორც ამ ტრაგედიის ერთ-ერთი პროტაგონისტის წილხვდომილი მსხვერპლადქცევა.
ალბათ, დამეთანხმებით, რომ თავისუფალი და სვებედნიერი ქვეყანა ასეთ სასტიკ მსხვერპლშეწირვას არ
საჭიროებს, ისევე, როგორც დემოკრატიის დამკვიდრების პროცესი, ჩვეულებრივ, არ საჭიროებს უდანაშაულო
ახალგაზრდების სისხლს. ყველაფერი ეს ჩვენი მთლიანი ტრაგედიის უშუალო ანარეკლია. მწამს, დროთა
განმავლობაში ამის შესახებ უფრო ვრცლად და საფუძვლიანად იქნება საუბარი.
1992 წ.

ვაი, ასეთსა ბჭობასა...


უკანასკნელ ხანს ჩვენში ერთობ საეჭვოდ მომრავლდნენ პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზირების
მოტრფიალენი. ცნობილია, რომ ამ „უმადურ ხელობას“ ხშირ შემთხვევაში თავს არიდებენ თვით უმაღლესი
კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პოლიტოლოგებიც კი, რომელთა ინფორმირების დონე, პირობითად
რომ ვთქვათ, არაფრით ჩამოუვარდება „ყოვლისმცოდნე“ კომპიუტერის შესაძლებლობებს... როგორც წესი,
პროფესიონალები, ემყარებიან რა ყოველმხრივ შესწავლილ ფაქტებსა და ღრმად გააზრებულ არგუმენტებს,
ერთობ ფრთხილად და მოზომილად აყალიბებენ თავიანთ შეხედულებებს. ასეთ ფონზე, ცოტა არ იყოს,
ღიმილისმომგვრელ გაუგებრობას იწვევს ძველი ეგვიპტელი ქურუმის პოზაში მდგარი ჩვენი ზოგიერთი
„პოლიტიკოსის“ მეტისმეტად თამამი უმეცრებით აღსავსე მკითხაობა, რომლის შეფარულ მიზანს
პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე საკუთარი ვერდიქტის უეჭველობისა და შეუქცევადობის დაღი
აზის.
მსგავსი მარჩიელობის ერთი იშვიათი ნიმუშთაგანი სულ ახლახან შემოგვთავაზა ბატონმა გ. ჩ.-მ. მისი
„წინასწარმეტყველური ქმნილება“, რომლის სახელწოდებაა „კრემლისეული სცენარით“, მთელი თავისი
პრეტენზიულობით გამოგვეცხადა „საქართველოს სამრეკლოს“ ფურცლებზე (#64. (94). 1998).
ამჯერად მკითხველის ყურადღებას სწორედ აღნიშნულ „ნაშრომზე“ შევაჩერებ.
გ. ჩ.-ს წერილი, თავისი „ზეშთაგონებითი მჭვრეტელობის“ გამო, ერთგვარი „ბრძნული გახელების“ ჟამსაა
შექმნილი, ის ბუნდოვან აზრებთან ერთად ფრიად დაბინდულ გამონათქვამებსაც შეიცავს. ამიტომ,
ბუნებრივია, ჩემ მიერ იძულებითი აუცილებლობით გამოწვეული მათი ციტირება მკითხველის გასაგებ
აღშფოთებას გამოიწვევს... მაგრამ რა გაეწყობა: ოდეს „ბრძენნი უბნობენ“, ჩვენი, ანუ რიგით მოკვდავთა
ვალია, მისხალ-მისხალ ავკრიფოთ მათგან ბოძებული სიბრძნის მარგალიტები...
„კრემლისეული სცენარით, 1991-92 წლებში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში
მოსული ხუნტის მემკვიდრე მარიონეტული რეჟიმის კრახი აშკარაა“, – ასეთია ნათელმხილველ გ. ჩ.-ს
პირველი სიბრძნე. მართალია, ავტორი არაფერს გვატყობინებს, თუ როგორ, რა გზებით მოიპოვა მან
„კრემლისეული სცენარის“ ეს უნიკალური აღმოჩენა, მაგრამ საკუთარ ინტუიციაზე ერთგვარი
„ძალდატანების“ საშუალებით იგი გულმოდგინედ ხატავს საქართველოში შექმნილ მეტად სავალალო
მდგომარეობას და, როგორც იტყვიან, ერთობ „შორს გამიზნულ“ პროგნოზს გვთავაზობს: „ისინი
(იგულისხმება ფაქტობრივი ხელისუფლება – თ. ქ.) დემოკრატიის გამარჯვებისათვის ყველაფერს „იღებენ“.
სინამდვილეში კი არსებობის გახანგრძლივების ეს უაზრო, ულოგიკო ლოზუნგიც სანთელივით იწვის.
წარსულის გამართლებისა და გადარჩენის (?) ერთადერთი გზა ხსნისა მარიონეტული ხელისუფლებისათვის
„კანონიერების“ აღდგენაა სასურველი პიროვნებებისა და ფსევდო ეროვნული ძალების, „ჩაძირული
ხომალდიდან“ ლეშად ქცეული პოლიტიკური „გვამების“ გაცოცხლების ხარჯზე“.
თუ გ. ჩ.-ს ზემოაღნიშნული „პროგნოზის“ მიხედვით ვიმსჯელებთ, ახლანდელი მმართველობა, რომელსაც
თავისი შვიდწლიანი არსებობის მანძილზე ერთხელაც არ გამოუმჟღავნებია პოლიტიკური ზნეობის
ელემენტარული ნიშანიც კი, თურმე უკვე ისე გაპატიოსნებულა, განწმენდილა და გასპეტაკებულა, რომ
დღენიადაგ „წარსულის გამართლებაზე“ და საკუთარი თავის ერთგვარ „კანონიზირებაზე“ ზრუნვით ყოფილა
დაკავებული. უფრო მეტიც: ამ ფრიად კეთილშობილური მიზნის მისაღწევად ხსენებულ „პატიოსან
ხელისუფლებას“, უძლურებისა თუ სხვა, უფრო შესაბრალის მიზეზთა გამო, ისღა დარჩენია, რომ აწ უკვე
„ჩაძირული ხომალდიდან“ რაღაც მანქანებით ამოატივტივოს „ლეშად“ ქცეული „პოლიტიკური გვამები“ და
სწორედ ამ მიცვალებულთა წყალობით გაიხანგრძლივოს არსებობა...
აღნიშნული მსჯელობა, შესაძლოა, ზოგიერთმა მხოლოდ ავტორის გონებასუსტობას მიაწეროს, მაგრამ,
სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში საქმე მარტოოდენ გონების ავადმყოფურ სისუსტესთან როდი გვაქვს: გ. ჩ.
შეგნებულად, დიახ, შეგნებულად ცდილობს დააბნიოს მკითხველი, მოაჩვენოს, რომ ამჟამინდელი
ხელისუფლება თუნდაც იოტისოდენა ანგარიშს უწევს ერის, ხალხის აზრს და ცდილობს ფართო
საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვებას.
ეს იმ ხელისუფლებაზეა საუბარი, ვინც ცეცხლითა და მახვილით დაუპირისპირდა საქართველოს
რესპუბლიკის პრეზიდენტისა და უზენაესი საბჭოს ძალისხმევას ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში,
ვინც ძალადობით, მოსახლეობის არგაგონილი ჩაგვრითა და დამცირებით მოიპოვა ძალაუფლება;
ვინც საერთაშორისო მაფიასთან შეთანხმებით ფეხქვეშ გათელა სამართლის ყოველი წესი და,
არალეგიტიმურობის მიუხედავად, ადამიანის უფლებათა ელემენტარული ნორმების იშვიათი ხელყოფის
პირობებში შეინარჩუნა თავხედობა და ცინიზმი, ვითარცა მმართველი ძალა, ქვეყნის სახელით წარმდგარიყო
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში...
გ. ჩ. კი დაჟინებით ცდილობს ახლანდელი ხელისუფლება წარმოაჩინოს კანონიერი, სამართლებრივი
თვითდამკვიდრებისათვის მებრძოლ ისეთ ძალად, რომელიც მცირეოდენი დოზით მაინც ანგარიშს უწევს
დემოკრატიის პრინციპებს.
მსგავსი მცდელობა კი სხვა არა არის რა, თუ არა შეგნებული პროვოკატორობა, სიცრუისა და
ორპირობის ლეგალიზაცია. როგორც ჩანს, ცრუ წინასწარმეტყველის მისიაც ეს ყოფილა.
ზემოთქმულის მკაფიო დადასტურებას წარმოადგენს აგრეთვე ის ფაქტი, რომ გ. ჩ. ისევე, როგორც
თენგიზ კიკაჩეიშვილი და ძმანი მისნი, წლების მანძილზე მეთოდურად ეწევიან 1990 წლის 28 ოქტომბერს
არჩეული უზენაესი საბჭოს აღვირახსნილ დისკრედიტაციას. ზვიად გამსახურდიას სახელს ამოფარებულნი,
ისინი ყოველგვარი საბუთის, არგუმენტაციისა და მოწმეთა შემოწმებული ჩვენებების გარეშე, როგორც ჩანს,
საგანგებო დავალებით, გამუდმებით ებრძვიან საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრებს, მეტიც: უზენაესი
საბჭოს დევნაში თენგიზ კიკაჩეიშვილს, გ. ჩ-სა და სხვებს არანაკლები წვლილი მიუძღვით, ვიდრე
სახელმწიფო გადატრიალების მესვეურთ. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ 1993 წლიდან მოყოლებული,
თენგიზ კიკაჩეიშვილი, გ. ჩ. და ე. წ. „აღდგენილი მრგვალი მაგიდის“ სხვა მაბეზღარები, სარგებლობდნენ
რა საქართველოს პრეზიდენტის დევნილობით, დეზინფორმაციის სრულ ტყვეობაში ამყოფებდნენ მას და
„დიდი წარმატებით“ ეწეოდნენ ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ჩეკისტურ „წმენდას“, რამაც საბოლოოდ ის
შედეგი გამოიღო, რომ შინ დაბრუნებული ზვიად გამსახურდია მარტოდმარტო დარჩა მოწინააღმდეგეთა
პირისპირ.
დღეს კი გ. ჩ. ფაქტობრივი ხელისუფლებისადმი „შეურიგებელი ოპოზიციონერის“ როლში გვევლინება,
სწორედ ისე, როგორც თავის დროზე თენგიზ კიკაჩეიშვილი გვევლინებოდა, რომელიც, თავის მხრივ,
„ჭეშმარიტი მრგვალი მაგიდის“ სახელით მოღალატეებად და აგენტებად აცხადებდა უზენაესი საბჭოსა და
ზვიად გამსახურდიას მთავრობის წევრებს. არადა, იმავე კიკაჩეიშვილს დღეს სწორედ ის ბრალდებები აქვს
წაყენებული, თავად ორი-სამი წლის წინათ სხვებს რომ უმასპინძლდებოდა – განსაკუთრებით არჩევნებში
მონაწილეობის გამო.
თ. კიკაჩეიშვილის თვალთმაქცობა მაგალითად უნდა გამოდგეს გ. ჩ.-სა და მის „თანამებრძოლთა“
ნამდვილი სახის გამოსამჟღავნებლად. ეჭვი არაა, რომ ახლო მომავალში გ. ჩ. თენგიზ კიკაჩეიშვილის
კვალს გაჰყვება და ამით კიდევ უფრო მეტ დაბნეულობას შეიტანს ზვიად გამსახურდიას „მომხრეებში“.
ეს უკვე ჩვენი პროგნოზია და იგი ემყარება უმწიფარ „პოლიტიკოსთა“ ადვილად საცნობ „ლოგიკას“,
რომლის უკან მუდამ თვალთმაქცობა და ორპირობა დგას.
სწორედ ამგვარი „ლოგიკით“ გვიმასპინძლდება გ. ჩ. როცა „კრემლისეული სცენარის“ საბოლოო შედეგს
გვამცნობს; აი, ისიც: „დასახულ გეგმას რომ განხორციელება არ უწერია, ეს აშკარაა“... გამოდის, რომ
ამაოდ დაშვრა ჩვენი „წინასწარმეტყველი“, თურმე ღია კარი უმტვრევია და მხოლოდ მკითხველის
გასართობად გარჯილა... ბოლოს და ბოლოს, თუკი „კრემლის სცენარით“ დაგეგმილ ჩ.-სეულ ვარაუდს
„განხორციელება არ უწერია“, რისთვის დაშვრა თვით ჩ.? ნუთუ მხოლოდ იმისათვის, რომ თავისი წერილის
რომელიღაც მონაკვეთში ჩემი გვარიც მოეხსენიებინა და ყიჟინა აეტეხა: აქაოდა, გუმანი მკარნახობს,
კიკაჩეიშვილი და ქორიძე გაერთიანდებიანო?
ისემც ჩ.-ს კარგი დაემართოს, სანამ ამგვარი „გაერთიანება-შერიგება“ მოხდებოდეს...
ჯერ კიდევ 1993 წლის იანვარს, „მრგვალი მაგიდის“ აღდგენიდან რამდენიმე დღის შემდეგ, სწორედ
იმის გამო, რომ იქ კიკაჩეიშვილმა და მისმა პროვოკატორებმა მოიკალათეს, არავითარი სურვილი არ
მქონია მეთანამშრომლა ასეთ „მრგვალ მაგიდასთან“. ამის თაობაზე ზვიად გამსახურდიას ვაცნობე.
სამწუხაროდ, ვარაუდი, რომ 1991 წლიდან მოყოლებული, „მრგვალ მაგიდაში“ დღემდე გრძელდება
შეთქმულების პროცესი, ზედმიწევნით გამართლდა.
გ. ჩ.-ს მიერ მოპოვებული „კრემლისეული სცენარის“ მიხედვით, საქართველოს „მარიონეტული
ხელისუფლება“ ამაოდ შეეცდება, პოლიტიკური გვამებისა და ცრუ ლოზუნგების გამოყენებით „გაამართლოს“
თავისი არსებობა. ჩვენ კი გული არ უნდა გავიტეხოთ: ამ სცენარს, როგორც თვითონ ბატონი ჩ.
აცხადებს,^ განხორციელება არ უწერია! ასე რომ, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ და მოთმინებით
დაველოდოთ, სანამ შევარდნაძე თავისი ნებით არ გადაულოცავს ტახტს გ. ჩ.-ის კომპანიას.
სხვათა შორის, თენგიზ კიკაჩეიშვილის ნაცნობი ჰანგები აქაც გაისმის. განა ამ რამდენიმე წლის წინათ
ისიც მსგავსი „სიბრძნით“ არ მოძღვრავდა საქართველოს მოსახლეობას? შედეგად კი ის მივიღეთ, რომ
მრავალწლიანი ცრუმოღვაწეობის მიუხედავად, თ. კიკაჩეიშვილი არათუ არ წასულა „პოლიტიკიდან“, არამედ
კიდეც „გაიზარდა“ და ახლა უკვე ხელისუფლებისათვის ემზადება.
ეს არის გზა კიკაჩეიშვილიდან ჩ.-მდე და პირიქით: ჩ.-დან – კიკაჩეიშვილამდე, ანუ გზა სიცრუისა და
პოლიტიკური კლოუნადისა.
ერთხელ აღვნიშნე და კვლავაც უნდა გავიმეორო: შექმნილი არაჯანსაღი მდგომარეობიდან გამომდინარე,
არ ვაპირებ ვითანამშრომლო რომელიმე „მრგვალ მაგიდასთან“.
„მრგვალი მაგიდა“ ჩემთვის ზვიად გამსახურდიას სახელთანაა გაიგივებული და ამის გამო თავს
უფლებას ვერ მივცემ „მაგიდების არჩევაში“ მივიღო მონაწილეობა.
ერთი სურვილი კი ნამდვილად შემომრჩა: სანამ ახლანდელი ხელისუფლება შეაფასებდეს 1991-92 წლების
მოვლენებს, მანამ ეს საქმე სწორედ ჩვენ, იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა
გავაკეთოთ.
ერთმანეთის პირისპირ უნდა დავსხდეთ და ფაქტებით, არგუმენტებითა და მოუსყიდველ მოწმეთა
თანდასწრებით ვუთხრათ ერთმანეთს სათქმელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჭორები და ცილისმწამელთა
კორიანტელი მუდმივი თანამგზავრი იქნება საქართველოს ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი მონაკვეთისა.
უფრო მეტიც: შეფასება უნდა მიეცეს არა მხოლოდ 1991-92 წლების მოვლენებს, არამედ საქართველოს
კომუნისტური პარტიის „მოღვაწეობას“, აგრეთვე უზურპატორული „სახელმწიფო საბჭოს“ საქმიანობას, ე. წ.
„დროებითი მთავრობის“ საქმეებს და ახლანდელი ხელისუფლების პოლიტიკასაც! სხვა შემთხვევაში გაბუტვა-
შერიგებაზე გაუთავებელი საუბარი მხოლოდ ლაყბობას დაემსგავსება...
არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ „წარსული შეიძლება უარვყოთ, მაგრამ ვერ გავანადგურებთ, ისევე,
როგორც ბოლომდე ვერ მოვსპობთ მის შედეგებს“.
საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ასეთია ისტორიის შეუქცევადი კანონი, რომელიც მუდამ ჩვეულებრივ
გრძნობებზე მაღლა დგას.
1998 წ.

მეკეთა ესე თათბირი...


შორეულ წარსულში, თითქმის 1500 წლის წინ, უფრო ზუსტად კი ქრისტეს მოსვლის აქეთ 554 წელს,
სამეგრელოს ერთ-ერთ ხეობაში უმეფოდ დარჩენილ ეგრისელ წარჩინებულთა ინიციატივით ხალხმრავალი
შეკრება გამართულა. ამ დიდი სახალხო კრების ისტორიულ მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ
მაშინდელ ბიზანტიელ ისტორიკოსებს ყურადღებით აღუნუსხავთ იქ გამოთქმული მოსაზრებანი. „მე
ვისურვებდი, რომ კოლხეთს დაბრუნებოდეს ძველი ძლიერება, არ დასჭირვებოდეს უცხო ქვეყნების
დახმარება და სავსებით დამოუკიდებელი იყოს მშვიდობისას და ომიანობის ჟამსაც... მაგრამ, რახან დროთა
მდინარებით, ანდა ბედის ტრიალით, ეგებ ორივეს გამოც, ისე დავუძლურდით, რომ სხვებს უნდა
დავემორჩილოთ, მე ყველაზე გონივრულად მიმაჩნია, იმათ ნებას დავყვეთ, ვინც უფრო ზომიერია და
სამართლიანი, და ვინც არასდროს ღალატობს თავისი მოკავშირეების მეგობრობას“... ასე გამოხატავდა
კრების მონაწილეთა ერთი ჯგუფის პოზიციას კეთილშობილი აიეტი, რომელიც სპარსული ორიენტაციის
მომხრე ყოფილა. მოგვიანებით ზურაბ ავალიშვილმა, ქართული დიპლომატიისა და პოლიტიკური აზროვნების
ამ დაუღალავმა მკვლევარმა, აიეტის სიტყვებში საქართველოს პოლიტიკური არჩევანის განმსაზღვრელი
ფორმულა ამოიკითხა და თავის „მოგონებებში“ დაწერა: „ეს სიტყვები... შეეძლოთ ჩვენს დროში ეთქვათ,
ეგებ ასი წლის წინათაც, და ყოველთვისაც ივარგებდა სათქმელად, როცა კი საქართველო იძულებული იყო
პოლიტიკური კავშირის არჩევანი მოეხდინა ხალხთა ბედ-იღბლის გამგებელ რომელიმე მეზობელ იმპერიებს
შორის“.
როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, არჩევანის პრობლემა 554 წლის სახალხო კრების
მონაწილეებსაც ზედმიწევნით ჰქონიათ გაცნობიერებული. აიეტის შემდეგ ხალხის წინაშე ბიზანტიური
ორიენტაციის მიმდევარი ფარტაზიც გამოსულა და შეკრებილთათვის ასე მიუმართავს: „სპარსელების მხარეზე
რომ გადავიდეთ, მაინც არ იქნება სასარგებლო... ისინი ჩვენი წესჩვეულებების, ჩვენი სარწმუნოების
მტრები არიან, ისინი აგვიკრძალავენ მამა-პაპის ადათებს, და თავიანთ რჯულზე გადაყვანას შეეცდებიან...
მეორე მხრივ, რომ დავუშვათ, სპარსელები მართლაც სანდონი არიან და ეს აზრი მივიღოთ, მაშინ განა
ცხადი არ არის, რომ ჩვენ ვერც შევძლებთ ჩვენი გადაწყვეტილების, – სპარსელების მხარეზე გადასვლას,
– შესრულებას, რადგან ბიზანტიელთა მრავალრიცხოვანი ჯარი ზედ თავზე გვადგანან და სპარსელები კი
შორს არიან“.
სახალხო კრებამ მთლიანად გაიზიარა ფარტაზის არგუმენტაცია და, ბიზანტიასთან ურთიერთობის
მოწესრიგების მიზნით კონსტანტინეპოლში დელეგაციის გაგზავნა გადაწყვიტა. მართლაც, იმპერატორ
იუსტინიანესთან გამართულმა მოლაპარაკებამ სასიკეთო შედეგი გამოიღო და ეგრისში ხანგრძლივმა
მშვიდობამ დაისადგურა, რაც სულ მალე კულტურულ-სამეურნეო ცხოვრების წინსვლითა და გამოცოცხლებით
აღინიშნა.
ეს მცირე ისტორიული ექსკურსი გლობალურ პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობის მიზნით ნამდვილად
არ წამომიწყია.
საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ბოლო დროს ჩვენში სულ უფრო პოპულარული ხდება
სახალხო კრების იდეა. უკვე შექმნილია საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც ახლო მომავალში ფართო
მასშტაბის წარმომადგენლობითი ყრილობის მოწვევას გვპირდებიან.
კაცმა რომ თქვას, ხალხის შეკრება დღეს არც ისე ძნელი საქმეა. კრების გამართვა არ უნდა
გაჭირდეს,^ მაგრამ გამოცდილება ცხადყოფს, რომ ყოველი ასეთი წამოწყება მუდამ კონკრეტულ-ისტორიული
პირობებით უნდა იყოს ნაკარნახები და ასევე კონკრეტულ-ისტორიული ამოცანების გადაჭრას უნდა
ემსახურებოდეს. ზემოთ ნახსენები 554 წლის სახალხო კრება ბიზანტიელი სარდლების მიერ გუბაზ მეფის
ვერაგული მკვლელობის შემდეგ, ანუ უმეფობის ხანაში გაიმართა და მას ქვეყნის პოლიტიკური
ორიენტაციის გადასინჯვაც ჰქონდა განზრახული. ამ კრებამ წამოჭრილ ისტორიულ ამოცანას ჩინებულად
გაართვა თავი. გონივრულმა განსჯამ და ამ განსჯის შედეგად გადადგმულმა რაციონალურმა ნაბიჯებმა
ქვეყანა კატასტროფისგან იხსნა და მეფობის აღდგენით ეგრისის ქვეყანა განვითარების ახალ ფაზაში
შევიდა.
საგულისხმოა, რომ მეორე ასეთივე ფართო მასშტაბის საერთო-სახალხო შეკრებაც უმეფობის ხანაში,
კერძოდ, 1917 წლის ნოემბერში გაიმართა (იმპერატორ ნიკოლოზ მეორის გადადგომა). ეს ზუსტად
განსჭვრიტა კავკასიის მაშინდელმა მეფისნაცვალმა და იმჟამად ყველაზე გავლენიანი პარტიის ლიდერს –
ნოე ჟორდანიას, ფაქტობრივად, „მოქმედების თავისუფლება“ უბოძა. პირველი ნაბიჯებიც მალე გადაიდგა.
შეიქმნა ინტერპარტიული საბჭო, რომლის ძირითადი მიზანი ეროვნული კონსოლიდაციის მიღწევა და
თვითგამორკვევის პროპაგანდა იყო. ამ გზაზე მეტად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კოტე აფხაზის
ინიციატივით მიღებულ ღრმა პატრიოტიზმით განმსჭვალულ გადაწყვეტილებას, რაც იმით გამოიხატა, რომ
ქართველმა თავადაზნაურობამ თავისი წოდების საერთო ქონება ქართველი ხალხის საკუთრებად
გამოაცხადა. სწორედ ამ ფაქტის გასაფორმებლად და ეროვნული თვითგამორკვევისთვის აუცილებელი
საფუძვლების დასამკვიდრებლად შეიკრიბა ისტორიული ყრილობა, სადაც საქართველოს ყველა ეროვნების,
პარტიის და უკლებლივ ყველა კულტურულ-სოციალური სფეროდან არჩეული დელეგატი იყო წარმოდგენილი.
მათი საერთო რაოდენობა 350 კაცს ითვლიდა. ყრილობას აგრეთვე ესწრებოდნენ მეზობელი ერების და
უცხო სახელმწიფოთა დელეგაციები. იქვე იმყოფებოდა კავკასიის ჯარების რუსი მთავარსარდალიც.
თვითმმართველობის, არმიის, განათლების, სასამართლოს და სხვა უმნიშვნელოვანეს მიმართულებებზე
იმჟამად მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, ფაქტობრივად, განსაზღვრა მომავალი ქართული სახელმწიფოს
ზოგადი სახე და ხასიათი. შეიძლება თამამად ითქვას, რომ 1917 წლის 19-22 ნოემბერს შემდგარმა
ეროვნულმა ყრილობამ წარმატებით გაართვა თავი ისტორიულ ამოცანას და პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი
აზროვნების უფრო კარგი მაგალითი დაგვიტოვა.
რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, 1989-1990 წლებში ქართველი საზოგადოება და მაშინდელი
პოლიტიკური ელიტა არაერთხელ შეეცადა ეროვნული კრების იდეის აღორძინებას. შედგა კიდეც ასეთი
შეკრებები (მაგალითად, „ეროვნული ფორუმი“ – 1990 წლის მარტი, „ეროვნული ყრილობა“ – 1990 წლის
მაისი, „ეროვნული კონგრესი“ – 1990 წლის სექტემბერი), მაგრამ ამ კრებებმა ურთიერთდაპირისპირებისა და
დაქსაქსულობის ატმოსფეროში ეროვნული კონსოლიდაციის მიღწევა შეუძლებელ საქმედ აქცია. ჭეშმარიტი
ერთობის გარეშე კი არც ერთ წამოწყებას გამარჯვება არ უწერია.
ბოლოს და ბოლოს, ერთად შეკრება სალ კლდეს მინდობილ იმ არსებებსაც ხელეწიფებათ, რომელთაც
ჩვენი უპირველესი პოეტი რატომღაც ქაჯებად მოიხსენიებდა.
2010 წ.

მეფეთაგან ითხოვენ
* * *
დამფუძნებელმა მამებმა ისე გადაწყვიტეს, რომ დაარსების დღიდან შეერთებულ შტატებს პრეზიდენტები
მართავენ. მმართველობის სხვა ფორმა ამ ქვეყანამ არ იცის. მას არც მონარქია გამოუცდია და არც
საპარლამენტო წყობილება. როგორც წესი, ამერიკელები ზედმიწევნით იცნობენ თავიანთ პრეზიდენტებს და
ამ თანამდებობაზე ექსპრომტად არავის ირჩევენ. მათ სჯერათ, რომ „მხოლოდ მოვლენები ავლენს
პრეზიდენტს“ და ამდენად, ამა თუ იმ პიროვნების პრეზიდენტად არჩევა მოქალაქეთა უბრალო ნება-
სურვილზე სულაც არ არის დამოკიდებული. ამას ვერ გარისკავენ და არჩევნებზე საერთო-საზოგადოებრივ
ინტერესებს ვერ გაემიჯნებიან, გრძნობად-სენტიმენტალურ მოტივაციას ცივ პრაგმატულ ანგარიშიანობაზე
მაღლა ვერ დააყენებენ და „სუბიექტურ“ არჩევანს ვერ გააკეთებენ.
დიახ, თავიანთი პრეზიდენტის არჩევას ამერიკელები მთელი სერიოზულობით ეკიდებიან და ამაში
არაფერია გასაკვირი. ისინი ხომ ჩვეულებრივი ყაიდის პრეზიდენტს კი არა, ამერიკული მესიანიზმის
დამამკვიდრებელ ნამდვილ მეფე-პრეზიდენტს ირჩევენ! სხვათა შორის, მრავალი ისტორიკოსი და სოციოლოგი
სწორედ ამგვარად მოიხსენიებს შტატების მეთაურს. იგი მართლაც მეფური უფლებებითაა აღჭურვილი და
მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილ ადამიანს წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ პრეზიდენტი სახელმწიფოს
კონსტიტუციურ მეთაურადაა აღიარებული, იგი არის მთავრობის თავმჯდომარეც და უმაღლესი
მთავარსარდალიც, აქვს ნებისმიერ კანონპროექტზე ვეტოს დადების უფლება და სხვა მრავალი ისეთი
პრივილეგია, რასაც დღესდღეობით მონარქებიც კი მოკლებულნი არიან ევროპულ სახელმწიფოებში.
მოკლედ, პრეზიდენტობა, როგორც კალვინ კულიჯი წერდა, – „რჩება უდიდეს პოლიტიკურ
საიდუმლოებად მათთვისაც კი, ვინც თვითონ ყოფილა პრეზიდენტი... ეს თავად უნდა გამოსცადო. ამის
გადმოცემა შეუძლებელია, ისე, როგორც შეუძლებელია, სიტყვებით გამოხატო მზის ამოსვლის მთელი
მშვენიერება და სიდიადე“...
და სწორედ ძალაუფლების ამ ფანტასტიკური „მშვენიერებისა და სიდიადის“ გამო, როგორც ჯონ
სტეინბეკი შენიშნავდა, „ჩვენ ვაიძულებთ პრეზიდენტს, აკეთოს იმაზე მეტი, ვიდრე ერთ ადამიანს შეუძლია,
ვაკისრებთ მას ერთ ადამიანზე აღმატებულ პასუხისმგებლობას, გამუდმებით ვახდენთ მასზე ზეწოლას და
ვაიძულებთ, იშრომოს სულის ამოხდომამდე. ჩვენ ის ავირჩიეთ – ჩვენ უფლება გვაქვს, იგი
გავანადგუროთ“...
„მეფეო, უფალი არ მოგკითხავთ მეფურ მოვალეობათა აღსრულებას, ადამიანურ მოვალეობათა
აღსრულებას მოგკითხავთ“, – მისწერა ლევ ტოლსტოიმ იმპერატორს და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს,
ხელმწიფემ მრავალი რამ შეცვალა ამ სიტყვების გამო.
ცხადია, სახელმწიფოებრივი აზროვნების ენციკლოპედია ბუნებაში არ არსებობს, მაგრამ სწავლის
მოსურნეს წინ ვერავინ დაუდგება, რათა ყურადღებით წაიკითხოს და „ზეპირად მოიწუართნოს“ სიბრძნით
აღსავსე შეგონებანი, სადაც საბას პირით მართლაც ჭეშმარიტება ღაღადებს თავის უეჭველობას!
– „მეფეთაგან სამს დაიმადლებს უფალი: – სამართალსა უქრთამოსა, მოწყალებასა და დიდსა
სიყვარულსა ყოველთასა.
– მეფეთაგან სამს ინატრიან ქუეყანანი: ზავსა მართებულსა, სიმართლესა უზაკველსა და სიუხვესა
ყოველთასა.
– მეფეთაგან სამს ითხოვენ მონანი: სავსესა ტაბლასა, ჯამაგირთა მოუკლებლობასა და მალე
შეუბეზღებლობასა...“
ყოველივე ამას უპოვარ მეფეთაგან ითხოვდნენ ჩვენი წინაპრები.
2009 წ.

ლიტერატურა
* * *
ლიტერატურისმცოდნეობის თვით ყვე- ლაზე ზუსტი ტერმინოლოგიითაც კი თით- ქმის შეუძლებელია
„ვეფხისტყაოსნის“ ცალკეულ ფრაგმენტების ახსნა-განმარტება.
მით უფრო ძნელია ჩვენში აღძრული თანაგანცდის, ესთეტიკური ნეტარების შე- სატყვისი გადმოცემა.
* * *
„ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები მეტწილად წარსულს იხსენებენ. ეს წარსული კი აწმყოში ისეთი
გამანადგურებელი ძალით განიცდება, რომ ახლანდელი დრო თითქოს არსებობს და არც არსებობს.
„აწმყო წარსულისა“, – ასე ახასიათებდა ამ მდგომარეობას ნეტარი ავგუსტინე.
* * *
„ლეკვი ლომისა სწორია“...
„მზე სწორად მოეფინების“...
„ჩემთვის ყველაი სწორია“...
ეს „სისწორე“ ანუ ერთგვარი თანაფარდობა „ვეფხისტყაოსანში“ მხოლოდ ერთხელ ირღვევა და ისიც
მხოლოდ მაშინ, როცა ავტორი ადამიანურ განზომილებებზე საუბრობს. აქ მკაცრი იერარქია ბატონობს:
არავითარი დემოკრატია და ეგალიტარიზმი:
„კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის“.
* * *
„ავთანდილ დაჯდა ტირილად, ტირს ხმითა შვენიერითა“. მშვენიერი ხმით ტირისო, თითქოს მღეროდეს...
რუსთველის სასწაულქმედება აქაც გამაოგნებელია. ის რაღაც განსაკუთრებული მოფერებით ძერწავს
ავთანდილს.
აი, ჩვენ თვალწინაა კაცისმკვლელი ავთანდილი. მან ჯერ ჭაშნაგირის მცველები დახოცა („თავი თავსა
შეუტაკა, გაურივა ტვინი თმასა“), შემდეგ კი ჭაშნაგირი „დაკლა დანითა“, თითი მოაჭრა და გვამი
ფანჯრიდან გადატყორცნა.
ერთობ შემზარავი სცენაა!
მაგრამ რუსთველის თვალში საყვარელ გმირს მწიკვლიც არ ეცხება.
„წამოვიდა ვარდი ტკბილი“-ო, წერს ჩვენი რუსთველი.
როგორია? „სისხლიანი“ და თან „ვარდი ტკბილი“; მაგრამ ნუ გაგიკვირდებათ.
ეს ალქიმიკოსი რუსთველია.
* * *
ტარიელმა მრავალი ბრძოლა გადაიტანა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ დაიჭრა. ხატაელებთან გამარჯვებულ
გმირს შინ ტრიუმფით ხვდებიან. „მშვენოდეს მე ენიანი კაბანიო“, – თავმოწონებით იხსენებს ტარიელი,
მაგრამ ამ დროს მას არაფერი ისე არ „შვენის“, როგორც ყელზე ჩამობმული დაჭრილი ხელი („ხელი
ყელსა ჩამოება“).
დიახ! ტარიელის ბრწყინვალებას რაღაც დააკლდებოდა, რომ არა ეს ჭრილობა!
„ვარდი უეკლოდ“ განა სადმე გაგონილა?
* * *
„ვეფხისტყაოსნის“ მხატვრულ-სტრუქტურული შინაარსის გამოხატვა რომ შეიძლებოდეს, ჩვენ წინაშე
გადაიშლებოდა უზუსტეს ესთეტიკურ კანონზომიერებაზე დაფუძნებული თვალწარმტაცი ჰარმონია, უმკაცრესი
შინაგანი წესრიგი, ფერთა ხილული თუ უხილავი მიმოქცევები, შიგადაშიგ ვნებათა სულისშემძვრელი
ამოფრქვევები, ტემპი და ტემპერატურა და კიდევ ვინ იცის, რა და რა...
* * *
როცა ბერნარდ შოუს ჰკითხეს, თუ რა გავლენა მოახდინა მასზე მაჰათმა განდის ხილვამ, მწერალმა,
თურმე, უპასუხა: „ეს იმას ნიშნავს, რომ იკითხოთ: რა შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანზე ჰიმალაი“.
ინდური ლეგენდები ხშირად შეგვახსენებენ, რომ არსებობს ერთგვარი „სათნოების ჰიმალაი“, ანუ
ზნეობრიობის მწვერვალი. ამ მწვერვალზე ასვლა კი არა, მისთვის თვალის შევლებაც გამაოგნებელი
იქნებოდა.
* * *
ასე თუ ისე ვიცნობ მსოფლიო პოეზიის შედევრებს და თითქმის ვერ ვიხსენებ, ვინმეს ისე
სულისშემძვრელად გამოეთქვას ადამიანური მარტოობის სასოწარკვეთილება, როგორც ეს გალაკტიონმა
გამოხატა.
„ყველა ნახა და ვერავინ ნახა“...
ან – „ის ახლობელი იყო სულ შორი“... და ა. შ. და ა. შ.
და კიდევ – „წყარო სჩანს და წყალი არსად არის“...
ირგვლივ ყველაა და ყველაფერია, მაგრამ არავინ და არაფერი გარშემო არ არის... აი, რა არის
მარტოობა.
* * *
უსწრაფესად ცვალებადი დრო, აწმყო, თანამედროვეობა... ხვალ ეს ყველაფერი ანაქრონიზმად
მოეჩვენებათ. განა ღირს კი თავის მოწონება იმით, რომ დღეს მეტად თანამედროვედ და მოდურად, ან
თუნდაც პოსტმოდერნისტულად გამოვიყურებით?
2016 წ.

შვილისად მაყურებელი თვალი


შვილო, შუბლი გაქვს ცხელი...
გალაკტიონი
ილია დასძენდა: „ერი თავის გმირებში პოულობს თავის სულსა და გულსა, თავის მწვრთნელსა, თავის
ღონეს და შესაძლებლობას, თავის ხატსა და მაგალითს. ამიტომაც იგი ზოგს წმინდანების გვირგვინითა
ჰმოსავს და ჰლოცულობს, ზოგს დიდბუნოვნების შარავანდედითა და თაყვანსა სცემს სასოებით და
მადლობით“.
ზემოთქმულის ფონზე რაოდენ გულსაკლავად ჟღერს სასოწარკვეთილი ამოძახილი: „მაგრამ, ქართველნო,
სად არის გმირი, რომელსაც ვეძებთ, რომლისთვის ვსტირი?“
„ქართლის დედა“-ში ილიამ მომავლის საქართველო დახატა. აქ მან ხორცი შეასხა მანამდე
აუსრულებელ ოცნებებსა და აუხდენელ წინათგრძნობებს. ამიტომ პოემის სათაურქვეშ საგანგებო მინაწერიც
გააკეთა – „სცენა მომავალ ცხოვრებიდან“. აი, როგორია ილიას თვალით დანახული „უკეთესი
საქართველო“:
„ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა, ხალხი მოქმედობს,
კასპიის ზღვიდამ შავ ზღვიდანა ერთს ფიქრსა ჰფიქრობს, –
და ეგ ფიქრია მთელ კავკასიის თავისუფლება!..
დიდია ხალხი, რომ ეს გრძნობა წინ წარუძღვება!“
ხოლო თვით „უკეთესი ქართველი“ ერი ამგვარი სულიერებით ცხოვრობს:
„ცოცხალი მოვალ, თუ არა და ისე მოვკვდები,
რომ ჩემს სიცოცხლეს ამჯობინო ჩემი სიკვდილი“.
სიკვდილ-სიცოცხლის, ანუ ადამიანური არსებობის არსის ამგვარი გააზრება ქართული ხასიათის ღრმა
რელიგიურ და ისტორიულ საფუძველს ემყარება.
გოეთე შენიშნავდა: „გერმანელი მწერალი გერმანელი მარტვილიაო“. ეს სიტყვები მით უფრო მიესადაგება
ქართველ მწერალს, რომელიც ჩვენი ისტორიული ბედისწერის გამო იმავდროულად მუდამ მარტვილი იყო.

* * *
მართებულად შენიშნავდა პავლე ინგოროყვა: „ოთარაანთ ქვრივი არის შვილი ხალხისა, რომელმაც
საუკუნეთა მანძილზე თავისუფლებისათვის ბრძოლაში გამოიმუშავა შეუდრეკელი სული, – თავდადებული
დამცველი თავის „განძისა“ და „ანდერძისა“. ამ თვალსაზრისით ოთარაანთ ქვრივი არის „ზოგადი
მნიშვნელობის ქართული ნაციონალური სახე, ქართული ნაციონალური ტიპი“.
ოთარაანთ ქვრივის, როგორც, ერთი მხრივ, სახე-იდეისა და, მეორე მხრივ, – ხასიათის მთლიანობა,
ერთი არსებითი ფაქტორის გათვალისწინებას გულისხმობს. მხედველობაში გვაქვს სწორედ ის „განძი“ და
„ანდერძი“, რომლის ზოგადმხატვრული მნიშვნელობა ასე ზუსტად განსაზღვრა მკვლევარმა:
„ყველაზე უძვირფასესი განძი სხვა დარჩა ოთარაანთ ქვრივს თავის ქმრისაგან... ეს განძი თოფ-იარაღი
იყო“. ქვრივი „გულდასმით, კრძალვით და სასოებით“ უვლის ამ „უძვირფასეს განძს“, რომელიც
შვილისათვის არის განკუთვნილი. „ჩემ პატარა გიორგის მიმიხედეო... – დაუბარა სიკვდილის წინ თევდორემ
მეუღლეს, – მამისეული თოფ-იარაღი შეუნახე, გამოადგება... მაგის ზუზუნი ერთ რამედა ჰღირს“... ქვრივმა
ეს ანდერძი უნდა აღასრულოს. ამდენად, იგი „ვალდებულია“ როგორც წარსულის, ისე მომავლის წინაშე.
ამ იდეის შესაბამისად არის ფორმირებული ოთარაანთ ქვრივის ხასიათი და იგივე იდეა განსაზღვრავს ამ
ხასიათის მთლიანობას. ამიტომ ოთარაანთ ქვრივი, როგორც მხატვრული სახე, – ერთგვარი მედიუმია,
წარსულისა და მომავლის ერთგვარი „შემაერთავი ხიდია“. იგი ანდერძითაა „შეკრული“ წარსულთან და
სწორედ ეს ანდერძი აკავშირებს მას მომავალთან. შვილის აღზრდა მისთვის, უწინარეს ყოვლისა,
მამისეული განძის მემკვიდრის აღზრდას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, წარსული და მომავალი
ერთნაირადაა აქტივიზებული მის არსებაში. ამიტომაც არის, რომ შვილის ქცევაში იგი ყოველთვის მამის
ხასიათის გამოძახილს დაეძებს: – „სულ ცხონებული მამაა, ცხონებული მამა, – გაიხარა დედამ“ და
სწორედ ეს სიხარული ბადებს მის ოპტიმიზმს...
* * *
წუთისოფელი, როგორც ოთარაანთ ქვრივი ფიქრობს, – „გასავლელი მინდორია“. ამ ვრცელ „მინდორზე“
გამოატარა მან „უძვირფასესი განძი“ და ანდერძისამებრ – ღირსეული ძე აღზარდა. ახლა უკვე
„გასავლელი მინდვრის“ თავში გიორგი დგება. იგი მამისეული „განძის“ პატრონია, „შვილია და მომავალია“.
წარსული (დაღუპული მამის წმინდა სახე) და აწმყო (დედის ნათელი სიყვარული) მიაცილებს მას
ბედისწერის გზაზე. ერთიცა და მეორეც გიორგის არსებაშია გასხეულებული და ამიტომ სწორედ მისი
„ბედი“, მისი სიცოცხლეა „განძის“ გადარჩენის ერთადერთი გარანტი. ქვრივმა ყველაფერი უნდა დათმოს და
გზა მისცეს ამ სიცოცხლის შეუჩერებელ მოძრაობას, წინ არ უნდა გადაეღობოს მას. მცირეოდენი ყოყმანის
შემდეგ დედა ასეც იქცევა. „არა შვილო!.. – ამბობს იგი, – შენ გაიხარე შენ!.. მე კი... ჩემისად
მაყურებელ თვალს დავიბრმავებ და შენისად მაყურებლითღა ვივლი და ვიცოცხლებ“. ოთარაანთ ქვრივის
ეს თვითდათმობა და თვითუარყოფა თავისებურ კვალს აჩენს მოქმედების მთელ შემდგომ განვითარებაზე.
იცვლება გარემო, სიტუაცია, მოძრაობის რიტმი... თითქოს თვით ოთარაანთ ქვრივიც „დაივიწყა“ მწერალმა.
გმირის ეს ერთგვარი „გაუჩინარება“ კი პერსონაჟთა ურთიერთმიმართების მკაფიო შინაგანი ლოგიკითაა
მოტივირებული. შვილის გამგზავრების შემდეგ დედამ „თავისად მაყურებელი თვალი დაიბრმავა“; მისი
სიცოცხლე მთლიანად „გადავიდა“ შვილის არსებაში. ახლა უკვე იგი მხოლოდ „შვილისად მაყურებელი
თვალით“ „იხედება“. ეს მზერა კი ყველგან, ყოველთვის კესოს სწვდება (გავიხსენოთ: შვილი ისე წავიდა,
რომ „უკან აღარ მოიხედა“). მაშინაც კი, როცა სულთმობრძავი გიორგი წამით გაახელს თვალს და დედაც
ამ „თვალის სისწრფივად გაჰხედავს“, – უმალ მტირალი კესო ჩნდება. დედა იმასაც კი გრძნობს, თუ რა
„ინატრა გიორგიმ და იმისმა თვალმა“, რომელმაც „უფრო სთქვა ხვეწნა და ვედრება, ვიდრე ენამ და
ხმამ“. ამ შემთხვევაშიც დედა-შვილის „თვალი გულისა და ყური გულისა“ განუყოფელ მთლიანობადაა
ქცეული. ამიტომ, გიორგის სიკვდილი ოთარაანთ ქვრივის სიკვდილის მომასწავებელიცაა. თუმცა, იგი
შვილის დაღუპვის შემდეგაც ცოცხალია, მაგრამ „ეს ვეება დედაკაცი“ უკვე „სნეული, ქვეშაგებად
ჩავარდნილი, დამდნარი და თითქმის სასიკვდილოდ მიხრწნილი“ არსებაა. ეს მხოლოდ „ფიზიკური
არსებობაა“, „ბრმად“ ანუ უსიცოცხლოდ ყოფნაა... ამ მომენტიდან ოთარაანთ ქვრივის „ფიზიკური სიკვდილი“
თვით ამ მხატვრული სახის ლოგიკურ დაბოლოვებად აღიქმება. სასიცოცხლო ძალის აბსოლუტური
დაშრეტის სურათი იხატება მოთხრობის ბოლოსწინა ეპიზოდში. ძნელი არაა იმის მიხვედრა, რომ ქვრივის
„სნეული და დამდნარი“ სხეული თავისთავშივე „ატარებს“ სიკვდილს. ინსტინქტურ „მოძრაობათა რიგის“
ყოველი დეტალი ზუსტად აღბეჭდავს გმირის მიახლოებას დასასრულთან: – „ქვეშაგებში უღონოდ ჩამოჯდა...
ჩაიცვა თბილი წინდები, თბილი ახალუხი, ზედ გადაიცვა კაბა, მოიხვია თავს შავი შალი, გადმოცოცდა
ქვეშაგებიდან, წაჰყო ქოშებში ფეხი და უღონობამ სძლია: ფეხი წინ ვეღარ წასდგა, დაჰბარბაცდა და
ცალის ხელით ქვეშაგებს უკანვე დაებჯინა“... შემდეგ „ჯოხზედ დანდობილი“ ოთარაანთ ქვრივი ასევე
უღონოდ გაივლის ეზოს და საბოლოოდ გამოეთხოვება „ამ უთავბოლო და უსწორმასწორო წუთისოფელს“.
მას შვილი „ეძახის“. დედისათვის სწორედ ეს „ძახილია“ ერთადერთი ხმა, რომელსაც იგი მუდამ
„ემორჩილება“.
მისი არსებობა გააზრებულია, როგორც ქალის (დედის) ანუ ნაყოფიერი საწყისისა და დასაბამის
მარადიული სრულყოფა, სიცოცხლის შეუწყვეტელი მოძრაობა მომავლისაკენ. სწორედ „მომავალი“ აწესრიგებს
სასიცოცხლო ძალის განვითარების მიმართულებას; იგია არსებობის უმაღლესი მიზანიც. შვილის სიკვდილი,
უწინარეს ყოვლისა, ამ მიზნის განადგურებაა, რადგან მომავლისაკენ მიმართული მდინარების შეჩერება
სამყაროს გამამთლიანებელი ჯაჭვის გაწყვეტას ნიშნავს. სასიცოცხლო აზრის, იდეის, მიზნის კრახს
განაპირობებს.
ოთარაანთ ქვრივის ინდივიდუალურ ტრაგედიაში ზოგადადამიანური, „კაცობრიული“ ყოფის ტრაგედიაა
პერსონიფიცირებული. იგი წუთისოფლის საერთო „საჭირბოროტო და წყევლა-კრულვიანი საკითხავიდან“ იღებს
დასაბამს და თვით ილია ჭავჭავაძის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, „მთელ კაცად-კაცობის... სრულს სიგრძე-
სიგანესა და სიღრმე-სიმაღლეს“ უკავშირდება.
ქრისტიანული ძე ღვთისა მკვდრეთით აღდგომის სასწაულით აქარვებს სასოწარკვეთას და მეორედ
მოსვლის იმედს ამკვიდრებს. ოთარაანთ ქვრივი კი ადამიანური ყოფისაგან „ამოკვნესილი სიტყვით“
სამუდამოდ ეთხოვება „თავის ძეს“, „წამიხველ, წამიხველ და აღარ მომიხვალ!“ – მოსთქვამს იგი.
მხატვრულ სახეთა ფართო ურთიერთშეპირისპირების შედეგად შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ოთარაანთ
ქვრივი ერთგვარი „მიწიერი დედაა“, ხოლო მისი გოდება „მიწის გოდებაა“ – პირმშოს, პატრონის, იმედის
დაკარგვის გამო... ამ შემთხვევაშიც „საზოგადო ჭირი“ და „ცხოვრების აზრი“ ფართო კონტექსტშია
ამეტყველებული; „აქ თავის დიდებას, თავის დიდ-ბუნებოვნებას, სულგრძელობას თვითონ ერი მეტყველებს
თავის ჭეშმარიტის შვილის ბაგითა“... მართალია, ილიას ეს სიტყვები სულ სხვა ვითარების გამოა
ნათქვამი, მაგრამ თვით აზრის ჭეშმარიტებას „ოთარაანთ ქვრივიც“ ადასტურებს.

მამა თუ ხევისბერი?
ალ. ყაზბეგთან ხევისბერის ხასიათი უაღრესად გამოკვეთილ ზნეობრივ იდეალს ექვემდებარება. მისი
ქცევის მამოტივირებელი იმპულსი მოკლედ ამგვარად შეიძლება გამოიხატოს: „მოძმეთ მოღალატე
სიცოცხლის ღირსი არ არის“.
ხევისბერმა მოჰკლა მოღალატე, – აქ თითქოს არაფერია უჩვეულო, მაგრამ საქმე ის არის, რომ იგი
მამაა, ხოლო მოღალატე – მისივე შვილი. სინამდვილის მკაცრი ლოგიკა, რომელიც უთუოდ
ანგარიშგასაწევია მწერლისათვის, – თხრობის ამ ეტაპზე შეჩერების შესაძლებლობას არ იძლევა. შვილის
მკერდიდან ამოღებულ ხანჯალზე დამჩნეული სისხლის კვალი შთამბეჭდავ მეტამორფოზას იწვევს
ხევისბერში. წამიერად გაქრა „რომანტიკა“ და ხევისბერმა გაიცნობიერა შვილის მკვლელობის ფაქტი.
მხატვრული სინამდვილე აქ უკვე ღრმად ბუნებისეულ ლოგიკას „დაემორჩილა“. „მე მოვკალ შვილი“. –
სიტუაციის ამგვარი გაცნობიერება ერთგვარად „ათავისუფლებს“ მამას ხევისბერობისაგან, მთლიანად
განძარცვავს მას „რომანტიკული“ სამოსელისაგან და უკვე ბუნება, ღრმად ადამიანური სამყარო, მამობრივი
გრძნობა ყვირის მასში. რომანის ფინალში ჩვენ ვხედავთ შეშლილ მამას, რომელმაც ვეღარ ზიდა
მოვალეობის სიმძიმე.
1980 წ.

შეუძლებელია ეს არ მომხდარიყო
* * *
„ჭეშმარიტებას უმალვე ასცდები, როგორც კი წმინდა სამების დათვლას დაიწყებ“, – ავგუსტინეს ეს
შეგონება უთუოდ დააფიქრებდა ყველას, ვისაც ოდესმე იდუმალებით მოსილი სამყაროს შეცნობა
მოუწადინებია. ხოლო ის, ვინც ამგვარი ფიქრით შეპყრობილი ერთხელაც არ გარინდებულა მშვენიერების
წინაშე, ვერასოდეს შეიგრძნობს ამ სამყაროს განუმეორებელი სიცოცხლის მიმზიდველობას, რადგან:
„რამდენიც უნდა ვთვალოთ ქალღმერთის ნაბიჯები, რამდენიც უნდა ვზომოთ მათი სიხშირე და საშუალო
სიგრძე, ჩვენ ვერ შევიცნობთ ამით მისი წამიერი ხიბლის იდუმალებას“ (ვალერი). ჭეშმარიტება, რომელზეც
აქ ავგუსტინე მიანიშნებდა – „დაფარული სიბრძნეა“, ხოლო პოლ ვალერის მიერ ნახსენები „წამიერი
ხიბლის იდუმალება“ მშვენიერების სფეროს განეკუთვნება. ერთიცა და მეორეც ის მარადიული სიმაღლეებია,
საითკენაც გამუდმებით ისწრაფვის ადამიანის დაუცხრომელი სულისკვეთება, მაგრამ სწრაფვა ჯერ კიდევ
ვერ მოიცავს ხელოვანის უმთავრეს მიზანს – შემოქმედებით გამარჯვებას. ეს უკანასკნელი ძალზე წააგავს
იმ ლეგენდარული რაინდის მდგომარეობას, რომელსაც ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ სათნოების ჰიმალაიზე
მიღწეულს, ფართოდ გაუხსნეს აღსავლის კარიბჭე. კარი კი, როგორც ლეგენდა გადმოგვცემს, მხოლოდ
ერთხელ იხსნება და ისიც მხოლოდ რჩეულთათვის.
ამგვარივე ხვედრი ერგო წილად აკაკი გაწერელიასაც.
უკან დარჩა მღელვარებით აღსავსე წლები, „უკანასკნელმა მატარებლებმა“ ხმაურით ჩაიარეს მის
თვალწინ და თან წაიყოლეს ძვირფას ადამიანთა სახეები. „მარადიულ წარსულში“ დაიდეს ბინა სიყრმის
ერთგულმა მეგობრებმა, რომელთა აჩრდილებიც ხშირად გაცოცხლდებიან ხოლმე მისი კალმის შეხებისას.
ასეთ დროს თითქოს წამიერად ითრგუნება გონების მკაცრი ცენზურა და იგი, ვინც მეცნიერებაში მუდამ
გამჭოლავი რაციონალიზმით მიიკვლევდა გზას, უმალ „გულის კარნახს“ მიენდობა. ასე იწერება მშვენიერი
მოგონებები და ლიტერატურული პორტრეტები, საიდანაც უხვად იღვრება განუმეორებელი ფერები.
„ამა ქვეყნის ძლიერთა“ წინაშე ქედმოხრილი რომაელი გლადიატორის აღგზნებული შეძახილი „ავე
ცეზარ!“ მისთვის ყოვლად მიუღებელი პოზაა.
როგორც პიროვნება, იგი შორს დგას ყოველგვარი კონფორმიზმისაგან. იქნებ ამიტომაც არის, რომ
ხშირად აღმოჩნდება ხოლმე ცხარე პოლემიკის შუაგულში. კომპრომისი აქაც დაუშვებლად მიაჩნია, რადგან
მაღალი ლიტერატურული პრინციპებისადმი ერთგულებას მწერლისა და მეცნიერის უპირველეს მოწოდებად
მიიჩნევს.
* * *
აკაკი გაწერელიას ლიტერატურული ალღო, ხაზგასმული ესთეტიზმი და ნატიფი გემოვნება ერთგვარი
არტისტიზმით ავსებს ლოგიკური აზრის მოძრაობას. ამიტომაა, რომ მხატვრული რეალობის მისეული აღქმის
უნარი ღრმად სწვდება ხელოვნების ქმნილებათა ფარული შინაგანი კავშირების მრავალფეროვან შინაარსს.
მას ძალუძს მართლაც „ავტორის მხარზემოდან ჩახედოს“ წიგნებს და სრულყოფილად წარმოაჩინოს
ესთეტიკურ ფასეულობათა განუმეორებელი მომხიბვლელობა. ლევ ტოლსტოიზე დაწერილ ესეში „ანა
კარენინას“ ერთი ეპიზოდის შესახებ იგი შენიშნავს: „ტრაგიკულად ბედნიერი ანა თავისავე შეფაკლულ
სახეს შესცქერის სიბნელეში. შეუძლებელია, ეს მომხდარიყო, მაგრამ შეუძლებელია, ეს არ მომხდარიყო“.
მხატვრული წარმოსახვის განსაკუთრებული კანონის ასეთ უმნიშვნელოვანეს მხარეზე მითითების შემდეგ,
ავტორი აბსოლუტური სიზუსტით განსაზღვრავს. ამ მექანიზმის სპეციფიკურ შინაგან ბუნებას და იშვიათი
ლაკონიზმით გვაწვდის მის დახასიათებას.
„დიად ხელოვნებაში“ ამგვარი „შეღწევის“ გამო აკაკი გაწერელიას სამართლიანად უწოდეს „შემეცნების
ლირიკოსი“. ამ ეპითეტის ღრმა აზრი უფრო საცნაური ხდება, როდესაც მისი მშვენიერი ნოველების
კითხვას შევუდგებით ხოლმე. აქ უკვე „წამიერი ხიბლის იდუმალება“ პოეტური სულის ჭეშმარიტი
გაელვებით არის აღბეჭდილი.
აკაკი გაწერელიას მისამართით თამამად შეგვიძლია გავიმეოროთ იშვიათი სიმართლის შემცველი აზრი: –
„ხელოვნების ჭეშმარიტ მცოდნედ მხოლოდ ის იწოდება, ვინც ადამიანთა მიერ ნაკლულად მიჩნეულ საგანს
წარმოაჩენს, როგორც მშვენიერს, მოიძიებს და აღადგენს მის სილამაზეს. სხვანი კი მხოლოდ მსახურნი
არიან ხელოვნებისა, გაბატონებული გემოვნების მორჩილნი და „მოდის ბრმად მიმდევარნი“.
აკაკი გაწერელია არც არასოდეს ყოფილა „მიმდევართა“ შორის და, მით უმეტეს, არ მდგარა იგი
„მსახურთა“ რიგებში.
* * *
რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ისტორიული მოვლენები პიროვნების შინაგანი მთლიანობის
გარკვეულ გამოცდას წარმოადგენს. აკაკი გაწერელიას მოთხრობებში ეპიკოსის დინჯი და დაკვირვებული
ხედვით არის წარმოსახული ამგვარი გამოცდის ზოგადადამიანური შინაარსი, დახატულია კონკრეტულ-
ისტორიული „ფაქტების ლოგიკისა“ და ამაღლებულ სულიერ ფასეულობათა შეჯახების დრამატული სურათები.
მოვლენათა ქრონოლოგიურ განვითარებას აქ კანონზომიერად ენაცვლება ზედაპირზე ამოტივტივებული
მძაფრი ფსიქოლოგიური მომენტები, რომლებიც სინამდვილის ფარული, მაგრამ ღრმად ინტენსიურ
მიმოქცევათა შუაგულში იმყოფებიან და ზედმიწევნით განასახიერებენ წინააღმდეგობათა საერთო ხასიათს.
ისინი თითქოს ყოფნა-არყოფნის საბედისწერო ზღვარზე დგანან და თავიანთი უკანასკნელი სიტყვითა თუ
ჟესტით ერთბაშად ამჟღავნებენ ნებისყოფის სიმტკიცესა და შინაგან მონოლითურობას. „უკანასკნელი
ლოცვის“, ან კიდევ „უკანასკნელი ჰაზავათის“ დროს პერსონაჟები სტოიკურად დგებიან სიკვდილის
პირისპირ და წმინდად აღსრულებული ვალის მთელი მიმზიდველობით ადასტურებენ, რომ „ადამიანი
შეიძლება მოსპონ, მაგრამ მისი დამარცხება შეუძლებელია“. იღუპებიან ნაზარი და ამზათი, მაგრამ როგორი
პარადოქსულიც უნდა ჩანდეს, ისინი იღუპებიან სწორედ იმის გამო, რომ მათი დამარცხება შეუძლებელი
აღმოჩნდა.
აკაკი გაწერელია ათეული წლების განმავლობაში იკვლევდა ჩრდილო კავკასიის მთიელთა ბრძოლების
ისტორიას. მწერლისათვის ეს ბრძოლები ერთგვარ „კავკასიურ ილიადას“ წარმოადგენს.
„ჭკვიანია და დიდი, თუმცა მისი სადა მორთულობა – ჩერქეზული მწვანე ჩოხა, ხმალი და დამბაჩა
არაფერს აკლებს მთიელთა წინამძღოლის მბრძანებლურ გარეგნობას... ჩვეულებრივ იგი მთვლემარე ლომს
მიაგავს. ახოვანია, მწითური, ქერა და გრძელი წვერი ბევრს ჰმატებს მის სიდიადეს. ნაცრისფერი და
გრძელი ჭრილის თვალები აზიურ ყაიდაზე განზრახ აქვს მოჭუტული... მარცხენა ხელი ხმალზე უძევს.
მუდამ სერიოზულია, ქარვისფერ კრიალოსანს მარცვლავს... მეტწილად კი ქვასავით მდუმარეა“, – ასეთი
იყო შამილი შინ, თავის მშობლიურ ვედენოში და ასეთადვე რჩება იგი კალუგაში. დრო და რადიკალურად
შეცვლილი ვითარება კვალს ვერ ტოვებს მის სახეზე. იტალიური ოპერის მოსასმენად ლოჟაში
განმარტოებით მჯდარი ყოფილი იმამის პოზა მხოლოდ სწორუპოვარი ხასიათის სიმტკიცეს ამჟღავნებს,
მარცხითა და ტყვეობით გამოწვეული სასოწარკვეთის ამოკითხვა მის მკაცრ გამომეტყველებაში
შეუძლებელიც კი ხდება. „შამილი იარაღასხმული შემოვიდა დარბაზში. მარცხენა ხელში გრძელი
კრიალოსანი ეჭირა... მის გარეგნობაში ყველაფერი ძლიერ ნებისყოფას ამჟღავნებდა, ხანდაზმულობის
მიუხედავად მისი მიმოხვრა აღსავსე იყო საკუთარი ღირსების შეგნებითა და საზღვარმიჩენილი,
მრისხანებანარევი გრაციით“, – ასეთია ტყვე შამილი. ამ შეურყეველ სულიერ წონასწორობას ავტორი
ლაკონიურ, მაგრამ უაღრესად ზუსტ განსაზღვრას უძებნის: „იმამი თავისავე თავის ტყვეა“. ამიტომ არის,
რომ შამილი ერთნაირად „დიადი“ ჩანს როგორც გამარჯვების, ისე დამარცხების ჟამს. „თავისი თავის
ტყვეობა“ მყარი ინდივიდუალური საწყისის განუხრელ ბატონობას გულისხმობს. ამით შამილი ერთგვარად
თავისუფლდება მოვლენათა ბრმა ტყვეობისაგან და თვითგამოხატვის ფართო შესაძლებლობას ინარჩუნებს,
მაგრამ მწარე სინამდვილე არაერთხელ შეახსენებს, რომ იგი კალუგაში იმყოფება და ყველაფერი, რაც მას
არსებობის ჭეშმარიტ საფუძვლად ესახება, – სამუდამოდ დაკარგულია. ბოსკოს შეგირდმა, განთქმულმა
ჯამბაზმა ფრანსუა კერიმ ადრე შიშის გამო უარი თქვა შამილისათვის ვედენოში ეჩვენებინა თავისი
ხელოვნება, მაგრამ კალუგაში იგი თამამად ეწვია ყოფილ იმამს, „მართლადა, კალუგა ხომ ვედენო არაა!“
– აი, რას ემყარება მისი სითამამე. არც შამილია ძლევამოსილი მბრძანებელი. ამიტომ ჯამბაზი კიდევაც
შეურაცხყოფს მას. „იმამ, მართლაც ჩამოჰკიდებდით ხეზე იმ ჯამბაზს, ვედენოში რომ გწვეოდათ და იქ
ეჩვენებინა ამგვარი თვალთმაქცობა?“ – კითხულობს ბოგუსლავსკი, რაზედაც შამილი უყოყმანოდ პასუხობს:
„მით უფრო ჩამოვკიდებდი!“ და აქ იგი ყველაზე მტკივნეულად გრძნობს, რომ „კალუგა ვედენო არაა“ და
თავადაც მარტო „თავისავე თავის ტყვე“ არ არის. თომას მანის ერთ-ერთ მოთხრობაში აღწერილია ამაყი
მარიოს შურისძიება იმის გამო, რომ „ყოვლისშემძლე ილუზიონისტმა“, კავალერე ჩიპოლამ სეანსის
ჩატარებისას უხეშად შეურაცხყო მისი ღირსება. მარიო ჰკლავს ჩიპოლას. ავტორის სიტყვით, „ეს იყო
თავისუფლების მომნიჭებელი დასასრული“. შურისძიების წყალობით მარიომ მიაღწია საწადელს, იგი
გათავისუფლდა ილუზიონისტის ტყვეობისაგან. მოცემულ სიტუაციაში ამგვარი დასასრული სავსებით
ლოგიკური აღმოჩნდა. მაგრამ ტყვე შამილს ფიქრიც არ შეუძლია ასეთ დასასრულზე. ჯამბაზის სიკვდილი
მას თავისუფლებას ვერ მოუტანს. იგი მშვიდად ისტუმრებს ბოსკოს კადნიერ შეგირდს, რადგან ცხოვრების
მკაცრმა ლოგიკამ მისთვის უკვე კარგა ხანია „ერთნაირად უაზრო“ გახადა „რწმენისათვის გადახდილი
ომიცა და ჯამბაზის თვალთმაქცობაც“. შამილის ეს სკეპტიციზმი მხოლოდ კონკრეტული მარცხით როდია
გამოწვეული. იგი უფრო ამქვეყნიური ყოფის რელიგიურ-ფილოსოფიურ განსჯას ემყარება. „სულის გმირი“
მის არსებაში აშკარად სძლევს „ცხოვრების კაცს“ და იმ სიმაღლიდან, საიდანაც ეს „გმირი“ იცქირება,
„ჯამბაზის თვალთმაქცობად“ და ამაო ფუსფუსად ჩანს „ოცდახუთწლიანი ჰაზავათის“ გამარჯვებებიცა და
დამარცხებებიც. ყველაფერ ამას შამილის ცნობიერებაში უპირისპირდება ურყევი „კანონი“, რომელსაც იგი
მუდამ ერთი სიტყვით გამოხატავს – „ალმავთ“ (სიკვდილი).
„თვით უმძიმესი ხვედრიც კი უფრო ადვილი ასატანია შეცნობის შემდეგ“.
1980 წ.
* * *
მკითხველის ცნობიერება გამუდმებით მოგზაურობს იმ ვრცელ და უკიდეგანო სამყაროში, რომელსაც
მხატვრული აზროვნების განსაკუთრებული წესები განაგებს. ქმნადობის უწყვეტი პროცესი განაპირობებს ამ
სამყაროს მარადიულ განახლებას. თამამი და გაბედული ექსპერიმენტები ახალ-ახალი სივრცეებისაკენ
წარმართავს ლიტერატურულ მოძრაობას, რის შედეგადაც ჩვენ წინაშე ხშირად გაიელვებს ხოლმე
მოულოდნელობით აღბეჭდილი მხატვრული სახეები. ისინი საგრძნობლად აფართოებენ კულტურის ჩარჩოებს
და ზოგადადამიანურ დანიშნულებას იძენენ. აქ ერთი საყოველთაო კანონზომიერება იჩენს თავს: ბუნებას
უყვარს ფერთა სიუხვე და ყველგან, სადაც კი მრავალფეროვნება სუფევს, ძალუმად შევიგრძნობთ ხოლმე
სიცოცხლის ცხოველმყოფელ სუნთქვას. მრავალხმიერება და მრავალფეროვნება სიცოცხლის აქტიური
გამოვლენაა. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული ყაიდის შემოქმედი უფრო
ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის მწერლობის განვითარებისათვის, ვიდრე ერთ თარგზე გამოჭრილი ეპიგონების
მთელი ამქარი.
ბუნება გულუხვი და კეთილია ადამიანის მიმართაც, რომელსაც დაუშურვებლად უბოძა ორიგინალურად
ხედვისა და შემოქმედებითი ცხოვრების უნარი, რის წყალობითაც, გერონტი ქიქოძის სიტყვებით რომ
ვთქვათ, „ის ქმნის ახალ სინამდვილეს, სადაც ადამიანი დღესასწაულობს თავის ხელახალ დაბადებას
რეალური დროისა და სივრცის გარეშე“.
1984 წ.

შენ ნუ გეწყინება...
* * *
მურმან ლებანიძე, „კრებული – 1983“. წიგნის გარეკანზე პოეტის კარგად ნაცნობი სახეა გამოსახული.
ფიქრიანი მზერა სივრცეს მისჩერებია. „სიკვდილს ისე უყურებს, როგორც აუცილებელს“ და მაინც უჩვეულო
შემოქმედებითი ენერგიით აღსავსე კვლავ თავის უმთავრეს საფიქრალს დასტრიალებს. უფლისციხესთან
კვლავ ის „სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი“ ელანდება, რომელიც მოსვენებას უკარგავს და შთააგონებს, რომ
შემოქმედების გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი სიამოვნება. ამგვარი „სიამოვნების“ მიღება, ტოლსტოის
თქმისა არ იყოს, „შეუძლებელია ერთგვარი შიშის, ტანჯვისა და სინდისის ქენჯნის გარეშე“. „რა ტვირთი
ვზიდე, რა შევიძელ! რას, რას გავუძელ!“ – ეს სიტყვები ჩვეულებრივ ქადილს როდი გამოხატავს. ეს
მხოლოდ ერთხელ დასცდა პოეტს, მხოლოდ ერთხელ ვერ შეაკავა საკუთარი, „სუბიექტური“ ტკივილი,
რომელიც უმძიმეს გზებზე იშვა. შემდეგ კი, მართლაც „სინდისის ქენჯნას“ გრძნობს და ერთგვარი
თავმდაბლობით აცხადებს: „შენ ნუ გეწყინება პოეტის სამდურავი – ის ცხოვრობს გალუმპულ ტყეების
მწუხარებით“.
* * *
„ოხვრით, ყვირილით, შეძახილით, ტაშით, გინებით“ – თავისი შეუფერადებელი სახით ცოცხლობს
თანამედროვე ადამიანი მურმან ლებანიძის ლექსებში. ამ ლექსებშივე დაეძებს იგი საკუთარი არსებობის
მართალ გამოძახილს, დაეძებს რწმენას და დასტურს ამ რწმენისას: „დაინთხევა ბევრი ტვინი, ბევრი
სისხლი დაიღვრება, დაიღვრება კოშკი რკინის – ბროლის კოშკი აიგება“, – ასე ღვივის იმედი მის
ლექსებში, ცოცხლობს მართალი და ნათელი აზრი ჩვენი არსებობისა...
შეუძლებელია არ ვირწმუნოთ პოეტის მშვენიერი სტრიქონი, – „ტევრი, დახუნძლული ტევრი
ნიამორებით... თქვენს წიგნს წაიკითხავს ბევრი – სიამოვნებით“...
1983 წ.

პოეტის ვედრება
* * *
ბოლო დროს ხშირად და დაჟინებით გაისმის აკაკი წერეთლის ერთადერთი სტრიქონი, რომელსაც
ზოგიერთი რატომღაც ილია ჭავჭავაძის ქმნილებად აცხადებს, ზოგიც კი ილიას მკვლელობისადმი აკაკის
მიერ გამოთქმულ მრისხანე პროტესტად მიიჩნევს.
„ფურთხის ღირსი ხარ, შენ საქართველო!“ – აი, რა ახსოვთ ჩვენს პოლიტიკოსებს აკაკის ლექსიდან.
მათ უმრავლესობას, ცხადია, თავიდან ბოლომდე ეს ლექსი ნამდვილად არ აქვს წაკითხული, არ იციან,
რომ იგი 1864 წელს არის დაწერილი და ავტორის ცხოვრებისეული ფილოსოფიის ერთგვარ პოეტურ
ინტერპრეტაციას წარმოადგენს.
ისიც უნდა ითქვას, რომ ქართული საზოგადოება მუდამ დარცხვენილი დუმილით უვლიდა ხოლმე
გვერდს სათაყვანებელი მგოსნის ამ მკაცრს შეძახილს. ყველაზე ადრე მასზე კონსტანტინე გამსახურდიამ
გაამახვილა ყურადღება, როდესაც 1921 წელს, თავადაც საკმაოდ ბასრ შეფასებას აძლევდა ქართველთა
გულარხეინობას. „გამონაკლისი ერთადერთი კაცი ქართველ პატრიოტთა შორის აკაკი წერეთელი იყო. ისიც
ერთხელ იმეტებს ამ მწარე სიტყვას: ფ-ის ღირსი ხარ შენ საქართველოვო, რომ მიაძახა უცხო ერის
ბატონობის ქვეშ გართხმულ ქართველ ერს“, – წერდა კ. გამსახურდია და როგორც ვხედავთ, სიტყვა
„ფურთხის“ ხსენებას ისიც გაურბის და მასზე მხოლოდ ქარაგმულად მიგვანიშნებს.
ჩვენებურ პოლიტიკურ „მოღვაწეებს“ კი დღეს არაფრად უღირთ ეს სიტყვა შიგ სახეში მიახალონ
ქართულ საზოგადოებას!
რატომ?
იმიტომ, რომ საზოგადოება, ანუ ჩვენი ახლანდელი „საქართველო“ დღესაც ისევე მოკლებულია
ღირსების გრძნობას, როგორც მაშინ, შორეულ 1864 წელს, როდესაც გულმოკლული პოეტის ეს
დაუნდობელი სტრიქონი იწერებოდა.
მაგრამ ჩვენს ახლანდელ „პირშიმთქმელ“ პოლიტიკოსებს ეს ლექსი მართლაც თავიდან ბოლომდე რომ
ჰქონდეთ წაკითხული, უწინარეს ყოვლისა, ქართული საზოგადოების ფეხზე წამოსაყენებლად გააჩაღებდნენ
შეუპოვარ ბრძოლას.
ვეჭვობ, მათ ისიც ახსოვდეთ, რომ ამ ლექსის სახელწოდებაა „ვედრება“ და იგი მოყვასისადმი
თანაგრძნობის აღმძვრელი უაღრესად ფაქიზი მიმართვით იწყება:
„ძმაო მკითხველო! ძმობას გაფიცებ,
კაცი რომ ნახო შენ დაცემული,
თუ რად დაეცა, მიზეზს ნუ ეძებ!
შენი ვალია შეგტკივდეს გული!..“
აკაკი საუბრობს თვით „დაცემის“ ორგვარ ბუნებაზე, „დაცემულთა“ შორის არსებულ განსხვავებაზე და
ყურადღებას ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორზე ამახვილებს:
„ერთს ჰსურს აღდგომა,
უნდა თავის ხსნა,
და მეორე კი გდია, ვით მკვდარი!..
ერთი მოელის კაცთაგან შველას,
ებრძვის თვის დამცემს,
რაც შეეძლება;
მეორე ვერ ჰგრძნობს
ამაებს ყველას
და მტერს პირუტყვებრ
ემორჩილება!“
აქ ძნელი არ არის იმ წყალგამყოფის აღმოჩენა, რომელიც, ერთი მხრივ, მონურ მორჩილებას,
კონფორმიზმს და, მეორე მხრივ, – შეურიგებლობას, დაუმორჩილებლობასა და ბრძოლისუნარიანობას შორის
არსებობს. აკაკი პირდაპირ და შეულამაზებლად წერს ორ ზნეობრივ პოზიციაზე, რომელიც კონკრეტულ
ვითარებაში ჩვენს ქცევას უნდა განსაზღვრავდეს, –
„პირველს თუ შეხვდე,
შრომა უკურთხე,
ხელი მიეცი, წამოაყენე,
და მეორეს კი ზედ
დააფურთხე!..
იტირე, მაგრამ ზურგი
აჩვენე!..“
პოეტის საბოლოო „მკაცრი განაჩენი“ სწორედ ამ ლოგიკას ემყარება. პასიური, მონურად ქედმოხრილი
„საქართველო“ არავითარ პატივისცემას არ იმსახურებს, უფრო მეტიც: იგი არც თანადგომის ღირსია და
არც თანაგრძნობისა.
„უნდა ჩავყლაპო სიტყვები ძალით,
გულს თუ დამადგა, ვერც დავახველო...
ამას კი გეტყვით, გინდა მომკალით:
„ფურთხის ღირსი ხარ, შენ, საქართველო!“
აკაკი, ისევე როგორც სამოციანელთა მთელი თაობა, ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა დაუღალავი
შრომითა და ღვაწლით „ხელი მიეცა“ და შველა მოეტანა ქვეყნისთვის. მათ ეს ხანგრძლივი და
მტანჯველი მისია პირნათლად აღასრულეს და თავს ეკლის გვირგვინიც დაიდგეს. მაგრამ საკითხავია,
„ცოტათი მაინც თუ წავედით წინ“ – როგორც ამას თავის დროზე მიხაკო წერეთელი კითხულობდა. ან,
ასევე „ცოტათი მაინც თუ წავედით წინ“ მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის მიჯნაზე? თავის დროზე დიდი
მამულიშვილი მომაკვდინებელ დასკვნამდე მივიდა: „სულ ტყუილი ყოფილა ჩვენი ზნეობრივი პროგრესი,
თურმე კიდევ უფრო დაცემულ ვართ!“
ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ?
რით ვინუგეშოთ თავი?
„ქართველი გაურბის თავისთავს (ცუდს), რომ ნახოს თავისთავი (უკეთესი). ამიტომ ისმება საკითხი: ან
თავის-თავის მონახვა, ან სრული დაღუპვა. გზა ხსნილი არ არის სხვა“...
ამ სიტყვებს 1920 წელს წერდა გრიგოლ რობაქიძე. ჩვენ კი დღეს, ოთხმოცდაშვიდი წლის შემდეგ
კვლავ სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ და გავარკვიოთ:
გავექეცით თუ არა „თავისთავს (ცუდს)“ და ვიპოვეთ თუ არა „თავის-თავი (უკეთესი)“?..
პირველ შემთხვევაში აღდგენას და კურთხევას უნდა მოველოდეთ, მეორეში კი – კვლავ დაცემას და
შეჩვენებას.
ეს კი დღევანდელი საქართველოს წინაშე მდგარ უმთავრეს დილემას წარმოადგენს.
2009 წ.

მისი აღმატებულება ნასყიდა-ეფენდი ანუ მხატვრული პორტრეტი


მცირეოდენი კომენტარით
„საზოგადოება, რომელიც ჯერ პურით უზრუნველყოფას ცდილობს, შემდეგ კი – თავისუფლებით, ვერც
ერთს იმკის და ვერც მეორეს. ხოლო საზოგადოება, რომელიც ნებით ირჩევს თავისუფლებას, ერთსაც
აღწევს და მეორესაც“.
კეთილი ეიბი (იგივე აბრაამ ლინკოლნი)
შესავალი
ამ წერილს მოკრძალებით ვუძღვნი ჩვენს განათლებულ, ანუ წერა-კითხვის მცოდნე საზოგადოებას,
რომელიც უკანასკნელ ხანს სრულიად დამსახურებულად თავის თავს „ელიტას“ უწოდებს. დაე, ამ
პატივცემული საზოგადოების ღირსეულმა წევრებმა ჩვეული დიდსულოვნებით მომიტევონ, რომ მათი მქუხარე
გვარების ჩამოთვლისაგან თავს ვიკავებ. გთხოვთ სხვაგვარად ნუ გამიგებთ. თავს ვიკავებ მხოლოდ და
მხოლოდ პოეტური მოსაზრებით: „ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები?!“
ჭეშმარიტად ბედნიერია ერი, რომელიც ამგვარი საპატიო და საამაყო „სნეულების“, გნებავთ, „დილემის“
წინაშე აღმოჩნდება ხოლმე. როგორ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ჩვენ, ქართველები, მართლაც
ბედნიერ ერს წარმოვადგენთ („ჩვენისთანა ბედნიერი განა არი სადმე ერი?!“) – ესეც ერთგვარი „პოეტური
აღიარებაა“ ჭეშმარიტი აზრისა და ჩვენც, ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე უნდა ვიწამოთ ამ
აღიარების უეჭველობა.
დიახ! ზემოხსენებული მაღალი საზოგადოების ღვთისმოსაობა, სიბრძნე და ზნეკეთილობა კიდევ უფრო
გვიღვივებს რწმენას, რომ ჩვენისთანა ბედნიერ ერს მარტოოდენ ერთადერთი „თავსატეხი“ შეიძლება
გაუჩნდეს: რამდენიც უნდა ვეცადოთ, ვერასგზით ვერ დავთვლით ღირსეულ მამულიშვილებს. ისინი
ნამდვილად ისევე უთვალავნი არიან, როგორც ზღვაში ქვიშა და ცაზე ვარსკვლავები.
ეს ერთგვარი „ბედნიერი უბედურებაა“ ჩვენი ერისა, რაც მთელი მსოფლიოს წინაშე თავის მოწონების,
ანუ ყელის მოღერების ფრიად დამაჯერებელ საბუთად უნდა ჩაგვეთვალოს. ამიტომ, იმედია, ვერავინ
გვისაყვედურებს იმის გამო, რომ ასეთი ფოლადივით მტკიცე საბუთი პირადად ჩემთვის სავსებით
საკმარისი აღმოჩნდა, რათა კალამი ამეღო და ქვემორე წერილის წერას შევდგომოდი.
მაშ ასე, ჩვენო განსწავლულო საზოგადოებავ! ვგონებ, უკვე დადგა დრო, – გაგიმხილოთ ერთობ
გაბედული განზრახვა: თუ თავხედობაში არ ჩამომართმევთ, მსურს გესაუბროთ ჭეშმარიტ გმირზე, ყველაზე
ბრძენ, ქველ, შორსმჭვრეტელ, სამშობლოსათვის ყველაზე გულაღტკინებულ მამულიშვილზე... ალბათ, უმალ
მიხვდით, ვისზეცაა საუბარი. თქვენ ხომ სასტიკად გონებაგახსნილი ბრძანდებით... მაშასადამე, უკვე
შეგიძლიათ ერთობლივად აღმოსთქვათ მისი აღმატებულების სახელი – ნასყიდა-ეფენდი! დიახ, დიახ!
ნასყიდა-ეფენდი-ფაშაზე მოგახსენებთ, ეგზომ საყვარელ, ხელის გულზე სატარებელ, მამულის მხსნელად და
მოსესავით ერის გზისგამკვლევად მოვლენილ, საქვეყნოდ განთქმულ ფაშაზე... ვიმედოვნებ, განათლებულ და,
მით უფრო, წერა-კითხვის ძლიერ კარგად მცოდნე მაღალი საზოგადოებისათვის უხერხულიც კია ნასყიდა-
ეფენდის ვინაობის შეხსენება. ალბათ, არც იმ ჩინებული მწერლის დასახელება ჩამეთვლება დიდ
გამჭრიახობად, ვინც სულ რაღაც ათიოდე წლის წინათ, 1985 წელს, დიდებული ძეგლი აუგო ძვირფას
ნასყიდა-ეფენდის.
ის მწერალი გურამ გეგეშიძე გახლავთ, ხოლო ზემოხსენებული მოთხრობის სათაურია „დიდება“.
თავის დროზე მრავალტირაჟიან ჟურნალში გამოქვეყნებული ეს მოთხრობა, როგორც იტყვიან, ხელიდან-
ხელში გადადიოდა. ყველა, დიდი და პატარა, აკადემიურად ჩამორჩენილი სტუდენტი თუ კვალიფიციური
აკადემიკოსი, პარტიული თუ უპარტიო მოქალაქე, ანუ თითქმის მთელი ქვეყანა იმჟამად გაუთავებლად
მასზე ლაპარაკობდა, ყველას ნასყიდა-ეფენდის სახელი ეკერა პირზე და იშვიათად თუ შეხვდებოდით
მკითხველს, აღფრთოვანება რომ არ გამოეხატა მწერლის მიმართ, ვინც მთელი სიგრძე-სიგანით დახატა
ნასყიდა-ეფენდის დაუვიწყარი ფიზიონომია.
ძვირფასო წარჩინებულო საზოგადოებავ! მოდით, ტრადიციისამებრ, კვლავ მივაგოთ კეისარს კეისრისა.
ამით ხომ ყველანი კმაყოფილნი დავრჩებით, რადგან კარგად ვხედავთ, რომ ნასყიდა-ეფენდის ფენომენმა
უკვე გადალახა დროის სამანი და მისი სახელი დღესაც ისევე ჰქუხს, როგორც მაშინ, როცა იგი
სატახტო ქალაქში მიიწვიეს და უზარმაზარი ქვეყნის კაფუდინ-ფაშად, ანუ ზღვაოსნობის გამგებლად
განაწესეს.

ნასყიდა-ეფენდი: თხების მწყემსი და თათრების ქვეშევრდომი


„ბალღობაში ნასყიდა-ეფენდი თხების მწყემსი იყო... მერე იგი მშობლებმა თათრებს მიაბარეს და
თათრულად აღზარდესო“, – ასე იწყებს ავტორი ნასყიდა-ეფენდის დახასიათებას.
უნდა ითქვას, რომ ნასყიდოლოგიაში მეტად მწირი ინფორმაცია არსებობს ნასყიდა-ეფენდის მწყემსობის
თაობაზე. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ოდესღაც იგი მართლაც „თხებს მწყემსავდა“ და სავარაუდოა,
რომ ამ საპატიო მოვალეობას ღირსეულად ართმევდა თავს.
ცხადია, დიდი ბედნიერება იქნებოდა, რომ იგი ბოლომდე მწყემსად დარჩენილიყო და თათრების
ნაცვლად მთელი თავისი მდიდარი გამოცდილება თხებისათვის შეეწირა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ
შესაძლებლობა გვექნებოდა ამაყად გვესაუბრა ნასყიდას, როგორც „მწყემსი კეთილის“ ალეგორიულ სახე-
ხასიათზე. „მწყემსმან კეთილმან თავი დასდოს ცხოვართათვის“... მართალია, მოთხრობაში აქცენტი თხებზეა
გაკეთებული, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, თხა ცხვარზე უფრო ჯიუტი და ძნელად დამყოლი არსებაა
და ამდენად, მისი „მწყემსობის“, ანუ პატრონობის გაწევა თვით ნასყიდა-ეფენდის განსაკუთრებულ
შესაძლებლობებზე მეტყველებს. ამიტომ ფრიად სამწუხაროა, რომ მშობლებმა იგი თხებს მოაცილეს და
მწყემსობაში დაოსტატებული ნასყიდა თათრებს მიაბარეს „აღსაზრდელად“. ჩვენი აზრით, ეს ფაქტი ნასყიდა-
ეფენდის პიროვნულ ტრაგედიას წარმოადგენს, რომელიც შემდგომ მთელს ვილაეთზე გავრცელდა და
საერთო-სახალხო უბედურების მიზეზად გადაიქცა. ბოლოს და ბოლოს, ხომ დღესავით ნათელია, რომ
თანამემამულე თხების მწყემსობა უფრო პატრიოტული საქმიანობაა, ვიდრე თათრების სამსახური?!
ზემოაღნიშნულ პასაჟთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ გათათრების პროცესში ნასყიდა-ეფენდი
ერთობ პასიურად გამოიყურება. მართალია, იგი გადამთიელებს მშობელთა ნება-სურვილით მიებარა, მაგრამ
მოთხრობაში არაფერია ნათქვამია იმის თაობაზე, თუ როგორ განიცადა ეს მოვლენა თვით ნასყიდა-
ეფენდიმ. „მაშინ თორმეტი წლისა ვიყავი, როცა ბატონმა სახლს მომაშორა“, – როგორც მახსოვს, ამგვარი
სევდით იხსენებს „კაკო ყაჩაღის“ პერსონაჟი მშობლებთან განშორებას. ნასყიდა-ეფენდის კი მსგავსი ჩივილი
არსად დასცდენია, ერთხელაც არ გამოუთქვამს პროტესტი „თათრებთან მიბარების“ გამო, რაც იმაზე
მეტყველებს, რომ ილიას პერსონაჟისაგან განსხვავებით პატარა ნასყიდა ბალღობიდანვე ერთგვარი
კონფორმიზმითა და კოლაბორიციონიზმით ყოფილა დაღდასმული. ამიტომაც გამოეთხოვა იგი ასე იოლად
ძვირფას თხებს და უყოყმანოდ „მიებარა“ თათრებს.
ასე იწყება ნასყიდა-ეფენდის ტრაგიკული თავგადასავალი. მან უსწრაფესად განვლო გზა მწყემსობიდან
თათრების ქვეშევრდომობამდე. ავტორი შეულამაზებლად გადმოსცემს, თუ როგორი ნაყოფი გამოიღო ამ
პროცესმა, ანუ ნასყიდა-ეფენდის საბოლოო გათათრებამ.
„ამბობენო, – შენიშნავს მწერალი, – გათათრებულ ნასყიდა-ეფენდის არც მშობელი ქვეყანა ავიწყდება
და გულით სურს თავისი ხალხი თათრების სამსახურში დააწინაუროსო, რათა თათრების კეთილგანწყობა
მოიპოვოსო“, – ამგვარი „მიწის ყივილი“, ჩვენი აზრით, მშობლიურ თხებთან გატარებული ბედნიერი
წარსულის შორეულ გამოძახილად უნდა მივიჩნიოთ. თუმცა ფაქტია, რომ თათრებთან ყოფნას მაინც
გადამწყვეტი ზემოქმედება მოუხდენია ნასყიდა-ეფენდის ხასიათის ფორმირებაზე. მას იქ შეუძენია
განსაკუთრებული შინაგანი ელასტიურობა და დიპლომატიურ-პოლიტიკური გამოცდილება, რასაც იგი
გონებამახვილურად იყენებს თავისსავე საკეთილდღეოდ.
ნასყიდა ცდილობს „თავისი ხალხი“ თათრების სამსახურში ჩააყენოს და ამ გზით მიაღწიოს წარმატებას.
ამგვარ მოქმედებას ნასყიდა-ეფენდი გარკვეულ პოლიტიკურ გამართლებას უძებნის და მთელი ხალხის
გასაგონად ხშირ-ხშირად აცხადებს: „ჩვენ რომ თათრებს ზურგი შევაქციოთ, მყისვე გაგვაქრობენო“...
მწერალი საგანგებოდ ერიდება ფერების გამუქებას და ამიტომ არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა ბედი
ეწიათ ნასყიდას მიერ მიტოვებულ, უპატრონოდ დარჩენილ თხებს, რომლებსაც მან კარგა ხანია, „ზურგი
შეაქცია“ და ალბათ, თითოეულ მათგანს მგლების ხახაში ამოაყოფინა თავი. არადა, თავის მხრივ ნასყიდა-
ეფენდიც თავისებურად მართალია: სად თხები და სად თათრები. ჰოდა, ისიც მთელი სულითა და გულით
თათრების მხარეს დადგა, ერთგულება შეჰფიცა და მთელი ქვეყნის გათათრებას მიჰყო ხელი.
ნასყიდა-ეფენდი-ფაშა „მღვდელთმთავრებს და დიდებულებს მოუწოდებდა, თათრული წესები გადმოეღოთ
და თათრული ენა კარგად შეესწავლათ. თათრებს იქით ჩვენ სხვა გზა არა გვაქვსო, თათრებმა რომ
მიგვატოვონ, სხვები გაგვანადგურებენო“, – ასე მამაშვილურად მოძღვრავს იგი „თავის ხალხს“, თუმცა
ერთი სიტყვითაც არ ახსენებს იმ „სხვებს“, რომლებმაც თათრებისაგან მიტოვების შემთხვევაში უნდა
გაგვანადგურონ. ეს მხოლოდ ნასყიდა-ეფენდისათვის არის ცნობილი და თათრული წესის თანახმად, მას
უფლება არა აქვს, საქვეყნოდ გათქვას „სახელმწიფო საიდუმლოება“.
როგორც დავინახეთ, ნასყიდა-ეფენდის უკვე სრულყოფილად აქვს ათვისებული თათრული დიპლომატიური
სკოლის მიღწევები, რასაც წარმატებით იყენებს „თავისი ხალხის“ გასათათრებლად.

თათრულად ნასწავლ-ნაზარდი ნასყიდა-ეფენდი


თათრული აღზრდა, თათრებთან გატარებული წლები, მათდამი ერთგულებით აღავსებდა ნასყიდა-ეფენდის;
მაგრამ საერთო-სახალხო აღიარებისათვის ეს სულაც არ აღმოჩნდა საკმარისი. გათათრებული ნასყიდა-
ეფენდის წინაშე უამრავი პრობლემა წამოიჭრება ხოლმე. ამის თაობაზე მწერალი ერთგვარი თანაგრძნობითაც
კი გვესაუბრება: „თათრებთან გაიზარდა იგი, მაგრამ თათრული კარგად ვერ შეისწავლაო“. და ამ მშრალ
ინფორმაციას კიდევ უფრო განავრცობს: „მაინც უწიგნური კაცი იყო, თუმცა თავისებურად ნიჭიერი,
მოხერხებული, პატივმოყვარე და ცბიერი“.
ასეთი გამოდგა ჩვენი გათათრებული გმირი. ყოფილი მწყემსი, თათრულად აღზრდილი, თათართა
ერთგული ქვეშევრდომი და მაინც, რაღაც გონებრივი სისუსტისა თუ სხვა უფრო სერიოზული მიზეზის გამო
„თათრულის კარგად ვერ-შემსწავლელი“ ნასყიდა-ეფენდი-ფაშა...
კი მაგრამ, როგორ?! – იკითხავს ალბათ გაკვირვებული მკითხველი. კაცი თათრებთან გაიზარდა და
თათრული ენის შესწავლა ვერ შეძლო? თათრული აღზრდა-განათლება მიიღო და „მაინც უწიგნურ კაცად
დარჩა?“
ამ შეუსაბამობას მწერალიც გრძნობს და ცდილობს, შეძლებისდაგვარად გამოასწოროს თავისი
„მწერლური ლაფსუსი“.
მიუხედავად „უწიგნურობისა“, ნასყიდა-ეფენდი მაინც „თავისებურად ნიჭიერია“, „მოხერხებულია“ და თქვენ
წარმოიდგინეთ, „ცბიერიც“‘ გახლავთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი წარმატებით ახერხებს სხვების, პირველ
რიგში, ალბათ, „თავისი ხალხის“ მოტყუებას. მისი განთქმული „ცბიერება“ ხომ ლამის გენიალურობის
ტოლფას მოვლენად აღიარეს მთელ ვილაეთში, სადაც ისტორიულად დადასტურებულია ნასყიდიზმის
სოციალურ-ფსიქოლოგიური ზემოქმედება საზოგადოების კოლექტიურ ცნობიერებაზე. ამ საზოგადოების თვალში
ნასყიდა-ეფენდის „ცბიერება“ მისი, როგორც პიროვნების ყოველი სისუსტის ერთგვარ კომპენსაციას
წარმოადგენს. კოლექტივი ასე ფიქრობს:^ რა ვუყოთ, რომ ჩვენი ფაშა გაუნათლებელია, თათრების ერთგულ
მსახურს თათრულიც ხეირიანად ვერ შეუსწავლია, სამაგიეროდ, მან კარგად აითვისა მოხერხებულობა,
ეშმაკობა, მლიქვნელობა, რის წყალობითაც ფაშობას მიაღწია და თათრების დიდი ნდობა დაიმსახურა.
ავტორი ობიექტურად განაგრძობს თხრობას ნასყიდას „ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე“:
„ცხადია, ნასყიდა-ეფენდის განათლებას უამრავი ხარვეზი გააჩნდა. შემდგომში ამ დანაკლისს
გულმოდგინედ მალავდა, როცა აღზევდა, თავისი თავი ყველაზე ჭკვიანადაც კი წარმოიდგინა... მაგრამ
გარკვეული შეზღუდულობა, მოუმზადებლობა და უცოდინრობა ქვეყნის საქმეებისა, სათანადო აღზრდა-
განათლება მიუღებელს, ბოლომდე გაჰყვა“.
მართალია, ნასყიდა-ეფენდი, ერთგვარი ჭკუასუსტობის მიუხედავად, მაინც ხვდება თავის უმეცრებას,
მაგრამ გაფაშების, ანუ ფაშად გახდომის შემდგომ, თავს ყველაზე ჭკვიან კაცად წარმოიდგენს... როგორც
ჩანს, მსგავსი ილუზორულობა ფაშობის, როგორც პოლიტიკური ინსტიტუტის თანდაყოლილ ატრიბუტად უნდა
მივიჩნიოთ. მიუხედავად ამისა, ნასყიდა-ეფენდი მაინც ვერ მალავს თავის „შეზღუდულობას“,
„მოუმზადებლობას“, „უცოდინარობას“ და სხვა მრავალ „ინტელექტუალურ ხარვეზს“. ამის მიზეზი კი,
როგორც მწერალი შენიშნავს, „სათანადო აღზრდა-განათლების მიუღებლობაა“...
კი მაგრამ, ვისგან უნდა მიეღო ნასყიდას ეს „სათანადო აღზრდა-განათლება?“ ცხადია, ამ საქმეში
ზემოხსენებული თხების წვლილი მინიმალური იქნებოდა, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანის
ოთხფეხა მეგობართა ამ კატეგორიას, მათი მომეტებული „შინაურობის“ მიუხედავად, არავითარი
პედაგოგიური მონაცემები არ გააჩნია, ხოლო რაც შეეხება თათრებს, მათი „სწავლა-აღზრდის“ აბსურდული
„მეთოდების“ გამო, ნასყიდა-ეფენდი, ძალიანაც რომ მოეწადინებინა, – ვერაფრით შეძლებდა „სათანადო
აღზრდა-განათლების“ მიღებას. როგორც ზემოთ დავინახეთ, ჩვენმა ნასყიდამ თათრებისაგან მხოლოდ
„მოხერხებულობა“ და „ცბიერება“ შეიძინა. ეტყობა, ეს თვისებები, თათართა აზრით, სავსებით
დამაკმაყოფილებელი იყო, რათა ნასყიდა-ეფენდი „ნიჭიერ კაცად“ ეღიარებინათ და მისთვის ფაშობა
ებოძებინათ.
ჩვენი მხრივ, უნდა დავსძინოთ, რომ სწორედ ხსენებული „უწიგნურობა“, „შეზღუდულობა“ და
„უცოდინრობა“ წარმოადგენს ნასყიდა-ეფენდის, როგორც თავისებური ფენომენის თვითდამკვიდრებისა და
პოლიტიკური ზეაღსვლის უშრეტ წყაროს, რაც გარკვეულ გარემოსა და პირობებში ზედმიწევნით
განამტკიცებს ნასყიდიზმის სოციალურ ბაზას.
ამ აბსურდულ მოვლენას პირობითად, თანაც ისე, რომ ნასყიდა-ეფენდი არ გავანაწყენოთ, შეგვიძლია
„პროგრესული ნეგატივიზმი“ ვუწოდოთ. ეს ფიგურალური გამოთქმა კი ასე უნდა გავშიფროთ:
დემოკრატიულად მოწყობილ ვილაეთში თვით აურაცხელი ნეგატიური თვისების მქონე პიროვნებას, ამ
თვისებათაგან თუნდაც ერთ-ერთის – ცბიერების წყალობით, ყველა გზა გახსნილი აქვს სოციალურ-
პოლიტიკური მწვერვალების დასაპყრობად. უფრო მეტიც: მას უმტკივნეულოდ ძალუძს ფაშობასაც გამოჰკრას
ხელი.
ახლა კვლავ გთავაზობთ ნასყიდა-ეფენდის, როგორც „პროგრესულად ნეგატიური“ ფენომენის კიდევ ერთ
დამახასიათებელ პასაჟს:
„ყველაფერი თათრული მოსწონდა ნასყიდა-ეფენდის, რადგან ძალა თათრების ხელში იყო. ნასყიდა-
ეფენდის ამა ქვეყნის ძლიერთა შორის სურდა ტრიალი. არაფერზე უკან არ იხევდა. საკუთარ მშობლებს
გაყიდდა, ოღონდაც ამისათვის მიეღწია. თათრების გარეშე რას მიაღწევდა და ამიტომაც იყო, რომ მუდამ
თვალში შესციცინებდა ამ ხალხს... ნასყიდა-ეფენდი მალე მიხვდა, რომ თათრების გულს მოიგებდა და
მალედაც დაწინაურდებოდა, თუ თათრების ორგულ მოხელეებს თათრებთან დაასმენდა, ამას იგი აკეთებდა
კიდეც და თათრული საქმის ერთგული თავკაცი ხდებოდა“.
პოლიტიკური იერარქიის კიბეზე დაწინაურების მიზნით თვით „საკუთარ მშობლების გაყიდვისთვის“
მზადყოფნა, დასმენისა და დაბეზღებისაკენ მისწრაფება, რაღა თქმა უნდა, განთქმულ „ცბიერებასთან“
ერთად, არსებითად განაპირობებს ნასყიდა-ეფენდის „თავკაცად გახდომას“. სხვაგვარად იგი ნამდვილად ვერ
შეძლებდა „ამა ქვეყნის ძლიერთა შორის ტრიალს“, ვერც თათრების გულს მოიგებდა და ვეღარც სანუკვარ
მიზანს ანუ ფაშობას მიაღწევდა. ვერც ასე და ამგვარად განიმტკიცებდა თავის მდგომარეობას თათრების
წინაშე ნასყიდა-ეფენდი. ამიტომ თათართა ნდობით აღჭურვილ ფაშას სულაც არ გასჭირვებია მშობლიური
ვილაეთის დამორჩილება და იქ თათრული მმართველობის დამყარება.

ნასყიდა-ეფენდი და შინაური ნაზირ-ვეზირები


ნასყიდა-ეფენდის, როგორც მხატვრული სახის სრულყოფისათვის, საკმარისი როდია მხოლოდ თხებთან
და თათრებთან მისი ურთიერთობის წარმოსახვა. ამიტომ მწერალი კიდევ ერთი მოკლე, მაგრამ ამომწურავი
შტრიხით ავსებს ნასყიდა-ეფენდის პორტრეტს.
თუკი თათრების წინაშე ნასყიდა ერთობ ქედმოხრილი დგას და ამ ხალხს „მუდამ თვალში
შესციცინებს“, ანუ დღენიადაგ მათი „გულის მოგებაზე“ ოცნებობას, – შინ, თავის კუთვნილ ვილაეთში ცა
ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა – ქალამნად.
„შინ სულ სხვაგვარად იქცეოდაო, – წერს ავტორი, – ყველა, რაიმეთი ცნობილი და გამორჩეული კაცის
ფადიშაჰის სამსახურში ჩაყენებას ცდილობდა... ასეთ ადამიანებს იახლოვებდა. მათთვის არც საჩუქრებს
ინანებდა და არც საზეიმო ქება-დიდებას, რაც ასე ძლიერ უყვარდა ამ ხალხს. ეს კარგად იცოდა
ნასყიდა-ეფენდიმ და თანდათანობით აღწევდა მიზანს. ცრუმამულიშვილები, ცრუსარდლები, ცრუმშენებლები,
ცრუმგოსნები და ცრუმეცნიერნი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რათა ნასყიდა-ეფენდის გული მოეგოთ და
დაწინაურებულიყვნენ, რამ ეშოვათ. იმის სიტყვას და ბრძანებას უყოყმანოდ მხარს უჭერდნენ. ნასყიდა-
ეფენდისაც ეს უნდოდა, ამ ადამიანების დახმარებით ხალხში სწორი და სამართლიანი მმართველის სახელის
გამტკიცებას ცდილობდა. თუმცა ხალხს ჭკუას ვინ ჰკითხავდა, მაგრამ მაინც ასე ერჩივნა ახალ ფაშას. ის
ძველი ნაზირ-ვეზირებიც, რომელიც მან განდევნა და მათ მაგივრად ახლები შემოიკრიბა, სამაგიეროს
გადახდას კი არ ფიქრობდნენ, არამედ ცდილობდნენ, კვლავ გამოენახათ გზები ქვეყნის მმართველთან
დასაახლოვებლად“...
ესეც თქვენი „ქვეყნის საქმეების უცოდინარი“ ნასყიდა-ეფენდი! მის ფერხთით გართხმულია ვილაეთის
მთელი ნაზირ-ვეზირობა, ანუ როგორც დღეს იტყვიან, „მოწინავე ინტელიგენცია“. ეს საზოგადოება ისეთივე
თავმოდრეკით „შესციცინებს“ ფაშას და ისევე ცდილობს მისი „გულის მოგებას“, როგორც თავის მხრივ
თვით ნასყიდა-ეფენდი „შესციცინებს“ თათრებს და მათს მლიქვნელობაში ათენ-აღამებს.
„ნასყიდასი ეშინოდათო, – ვკითხულობთ მოთხრობაში, – მას ადამიანის მოკვლა სწყუროდა! ეს იყო
მისი ყველაზე უნეტარესი, სანუკვარი, თამამი და გაბედული სურვილიო!“
როდესაც ლურჯი მონასტრის აღმშენებელმა, დიდებულმა ხელოვანმა ნასყიდა-ეფენდის უარი განუცხადა
შეთავაზებულ სამსახურზე, ნასყიდამ, ნაცვლად იმისა, რომ იქვე დაესაჯა ურჩი ხელოვანი, ჯალათს მისთვის
დამახასიათებელი მოთმინებით უბრძანა:
„ხელი არ ახლო! შიმშილით ჩაკვდეს!!!“ ასე კვდებიან ნასყიდა-ეფენდის ვილაეთში ჭეშმარიტი
მამულიშვილები, შიმშილისა და სიცივისაგან იღუპებიან „ურჩი“, მაგრამ ამაღლებული სულის მქონე ამაყი
ხელოვანნი. სამაგიეროდ, ნასყიდა-ეფენდი-ფაშას გამუდმებით მხარში უდგანან სიკვდილას მსგავსი ჯალათები
და გლახუნასნაირი ცრუხუროთმოძღვარნი.
დიახ! „შინ სულ სხვაგვარად იქცევა“ ნასყიდა-ეფენდი...
კვლავ ავტორი უნდა დავიმოწმო: „ნასყიდა-ეფენდის სურდა თავისი ქვეყანა სათათრეთის ყველაზე
ერთგულ და მოწინავე ვილაეთად ექცია და წარჩინებულთა და დიდებულთა მხარდაჭერას თხოულობდა ამ
საქმეში, თავისივე საკუთარი, სულით დაცემული, წელში გადამტყდარი და გაღატაკებული ქვეყნის
წინააღმდეგ“.
– და მხოლოდ ალაჰმა უწყის, მომავალში კიდევ რას მოისურვებს ნასყიდა-ეფენდი-ფაშა. ჩვენ კი ისღა
დაგვრჩენია, მოთმინებით დაველოდოთ იმ ბედნიერ დღეს, როცა ეს ქვეყანა სათათრეთის ყველაზე
ერთგულ და მოწინავე ვილაეთად გადაიქცევა.
1996 წ.

ბატონი კიტა, ოპერეტა და სხვა...


ბატონო კიტა, თქვენ, „ორჯერ ორის ოთხად დამთვლელი“, ფრიად განსწავლული პიროვნება, ავტორი
მეტად შექსპირული მასშტაბის დრამატული შედევრისა – „ეზოში ავი ძაღლია“, თურმე იმ კოშმარულ
იანვრის ღამეს „მოაზროვნე საქართველოსთვის“ განკუთვნილი თხზულების შესაქმნელად მიჯდომიხართ საწერ
მაგიდას... მართალია, ცისქვეშეთში სადღეისოდ თითქმის აღარაფერი დარჩა გასაოცარი, მაგრამ საიდან
ამოდენა სიბრძნე და გამჭრიახობა? საიდან ასეთი განსაცვიფრებელი კეთილშობილება და გულჩვილობა?
1992 წლის 2 იანვარს, ზარბაზნების გამაყრუებელ ქუხილში, როგორ შეინარჩუნეთ წონასწორობა, ხასიათის
სილბო და ჭეშმარიტად ქრისტესმიერი სათნოება? ვინ იცის, რაოდენი სულიერი ტანჯვის ფასად შესძელით
ხელის ერთი დაკვრით უგულებელგეყოთ თურმე ზვიად გამსახურდიასეული ფორმა მიმართვისა –
„მეგობრებო!“ და მოგეძებნათ ერთობ დემოკრატიული, ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში
სოციალისტურ-კომუნისტური აზროვნების შუქზე ახსნილ-გაშიფრული უძვირფასესი სიტყვა – „მოქალაქენო!..“
რომელი ძალა გედგათ მფარველად, ბატონო კიტა, იმ კოშმარულ დღეს? ქართველთა გულისმომკვლელი
ურთიერთდაუნდობლობის საბედისწერო საათებში როგორ შესძელით თქვენთვის ჩვეული დინჯი მოძრაობით
აგეღოთ საწერ-კალამი და თავბრუდამხვევად გრძელ-გრძელი წინადადებების გაწყობისათვის მიგეყოთ ხელი?
ბარაქალა, თქვენს ოლიმპიურ სიმშვიდეს, ორჯერ ორის ოთხად დამთვლელო ბრძენკაცო! ბარაქალა თქვენ,
„თოთხმეტი თვის სიტყვა და კალამმოუღლელო“ ქომაგო „მოაზროვნე საქართველოსი“... მაგრამ იცით კი
საერთოდ, რას წარმოადგენს ეს „მოაზროვნე საქართველო?“ თქვენ, პატიოსნების ეულ სანთლად ცოდვილ
თვისტომთა შორის ანთებულ სინდისს, განა გასაკვირია, რომ ბალღური მიამიტობით პატივსაცემ
„მოაზროვნეებად“ ისევე მიგეჩნიათ გარკვეული კლანი ჩვენი საზოგადოებისა, როგორც თავის დროზე
„პროლეტარული კულტურის“ ღირსეული გვამნი მიაჩნდა ქართველთა სისხლში ხელგასვრილ ერთ თქვენს
მოგვარეს? ხომ არ აჩქარდით, „მოაზროვნეებად“ და „ორჯერ ორის ოთხად ვერდამთვლელებად“
საქართველოს დაყოფაში, ძვირფასო ბატონო კიტა? ბარე წელიწადზე მეტი დრო გავიდა თქვენი გენიალური
„კოშმარული ოპერეტის“ შექმნიდან, ამასობაში კი ჩვენმა ნაქებმა „მოაზროვნე საქართველომ“ ისეთი ამბები
დაატრიალა, მასთან შედარებით „გამსახურდიას ყიამყრალი ერთბატონობა“ ლამის ბულბულის ხმატკბილ
გალობად მოგვეჩვენოს. და საერთოდ, თქვენი ღრმად მოაზროვნე გონება დაფიქრებულა თუ არა იმაზე,
რომ დეკემბერ-იანვრის ტრაგედიაში „მოაზროვნე საქართველომ“ მეტად საბედისწერო როლის შესრულება
იკისრა? ამ საქართველომ, თურმე, „არ დაიჩოქა პრეზიდენტი გამსახურდიას წინაშე“, მაგრამ, იქნებ იქვე
ისიც გვიბრძანოთ, თუ ვის წინაშე „დაიჩოქეს“ ჩვენებურმა „მოაზროვნეებმა“? მიიხედ-მოიხედეთ, ღრმად
პატივცემულო ბატონო კიტა, და დაინახავთ, რომ დღეს საქართველოში გაცილებით უარესი ვითარებაა,
ვიდრე თქვენ „კოშმარულ ოპერეტაში“ გაქვთ დახატული... ბატონო „ორჯერ ორის ოთხად დამთვლელო“,
იქნებ დღევანდელი საქართველო არ გაინტერესებთ? ნუთუ ოდნავ მაინც არ გაღონებთ „მოაზროვნეთა“
მიერ დარბეული, გაძარცული და ნამუსახდილი ქვეყანა? ნუთუ თქვენი კეთილშობილი სული წამიერად
მაინც არ ათრთოლდება იმ ავაზაკობის გამო, რომელიც სწორედ თქვენგან ქებული „მოაზროვნე
საქართველოს“ ლოცვა-კურთხევით მკვიდრდება ბედკრულ საქართველოში? თქვენი პატიოსანი გონება ერთობ
შეუშფოთებია ნუგზარ შარიას მიერ პრეზიდენტისათვის მიძღვნილ კონცერტს... კი მაგრამ, რა ნახეთ აქ
საქილიკო? დემოკრატი სწავლული ბრძანდებით და ის მაინც უნდა იცოდეთ, რომ აქ უჩვეულო არაფერია:
მსახიობმა თავისი პატივისცემა გამოხატა საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტისადმი. რაო, ჯორჯ
ბუშისათვის მსგავსი არაფერი უძღვნიათო და, ამიტომ წყრებით? იმაზე რატომ არაფერს ბრძანებთ, რომ
თეთრი სახლისთვის ბილ კლინტონს ზარბაზნები არ დაუშენია? რომ მიუხედავად ბუშის არც მთლად
მოწონებული პოლიტიკისა, აზრადაც არავის მოსვლია მისი ძალით გამოყვანა თეთრი სახლიდან? უბედურება
ისაა, რომ თქვენ, „შავი წიგნის“ მოკრძალებული სტრიქონების ავტორი, ასე გაშმაგებით, თქვენი
ასაკისათვის სრულიად შეუფერებელი სიშლეგით იწონებთ და კვერს უკრავთ ძალადობას, თითქმის
ამართლებთ სისხლისღვრას, იზიარებთ ე. წ. „მოაზროვნე საქართველოს“ ველურ აღტკინებას. ბარაქალა
თქვენ, ღრმად პატივცემულო ბატონო კიტა!
თქვენ, „ორჯერ ორის ოთხად დამთვლელი“, შეუფერებელი ირონიით ქილიკობთ პრეზიდენტის
რუსთველოლოგიურ გამოკვლევებზე. დაფიქრებულხართ თუ არა, ერთხელ მაინც, ბატონო კიტა, რომ თქვენ
არა ხართ ის კაცი, ვინც უნდა შეაფასოს სხვათა მეცნიერული ნამოღვაწარი? ორიოდ ცოდვილი პიესისა
და პუბლიცისტური ნარკვევის ავტორმა რატომ ინებეთ, ილია ჭავჭავაძესავით ერის მამად მოვლინებოდით
საქართველოს? თქვენ ხომ ასეთი კაცი არა ხართ? რატომ იწონებთ თავს იმით, რომ მეგობრობთ ისეთ
ადამიანთან, ვისაც ხეირიანი საწერი მაგიდაც არ გააჩნია და ვის ბინასაც ერთადერთი საბრალო ნათურა
ანათებს? მობრძანდით, ბატონო, ჩვენთან და საკუთარი თვალით იხილავთ, რომ უკეთესად არც ჩვენ
ვცხოვრობთ. მიუხედავად ამისა, გაჭირვებულთა დასახმარებლად ხელი არასოდეს აგვთრთოლებია. მაშ, რითი
გვაწონებთ თავს? რას გვეკეკლუცებით? ნუთუ გგონიათ, რომ ვისმეს სიკეთე და ქველმოქმედება
გაგვაკვირვებს? ბოლოს და ბოლოს, რად გვაყვედრით თქვენს ღირსეულ პერსონას?
ბატონო კიტა! ჩვენო ღირსეულთა შორის ღირსეულო მამულიშვილო! (იმედია, თქვენს პატივმოყვარეობას
ეს სიტყვები ოდნავ მაინც დააკმაყოფილებს), ცოტა ხნის წინათ თქვენ მოკრძალებული წარწერებით
საკუთარ გენიალურ ქმნილებებს უძღვნიდით ბ-ნ აკაკი გაწერელიას და ალბათ, ბ-ნ ალექსანდრე
ბარამიძესაც. ნუთუ სიშმაგე იმდენად ვერ დაიოკეთ, რომ მათი სახელები ბაზრული ციებ-ცხელების
ორომტრიალში არ მოგექციათ? ისინი ხომ გულწრფელად, მეცნიერული სინდისის კარნახით აღიარებდნენ
ზვიად გამსახურდიას რუსთველოლოგიურ მიღწევებს? რად ამტკიცებთ, რომ თითქოს მათ, ოთხმოც წელს
გადაცილებულ მოაზროვნეთ, მოულოდნელად აღმოაჩნდათ „კრძალულობა“ პრეზიდენტის ავტორიტეტის წინაშე?
განა იგივე ბ-ნი აკაკი გაწერელია არ იყო, ვინც თავის დროზე ასეთივე ხელდასხმა მოუწყო ზვიად
გამსახურდიას, როდესაც ეს უკანასკნელი საკანდიდატო დისერტაციას იცავდა? მაშ, რამ აღგაშფოთათ
ამჯერად? რა ბოღმა შემოგაწვათ ასეთი, რომ არ დაინდეთ ფრიად ღირსეული წარმომადგენელი ჩვენი
ინტელიგენციისა? იქნებ თქვენ „ინტელიგენციად“ მარტოოდენ თოფმომარჯვებულ ვაჟბატონებს მიიჩნევთ? თუ
ასეა, მაშინ თქვენთან საკამათოც აღარაფერი გვექნება, მაგრამ ვაი, რომ თქვენ თავად იწვევთ კამათში
სრულიად საქართველოს...
ქართველთა შორის უპატიოსნესო და განათლებულთა შორის უგანათლებულესო! ერთი ეს გვიბრძანეთ,
თავად რომელი რუსთველოლოგიური პრობლემების ანალიზისთვის შეგიწირავთ ძვირფასი დრო? რა
შეგიქმნიათ რუსთველოლოგიაში? „ვეფხისტყაოსნის“ რომელი მკვლევარ-მეცნიერი თქვენ ბრძანდებით, სხვას
რომ ავი ძაღლივით გააფთრებული ეტანებით საჯიჯგნად? იქნებ „ეზოში ავი ძაღლია“ მართლაც
შექსპირული სიმაღლის ქმნილებად მიგაჩნიათ? ამ სწორუპოვარ „დრამას“ რომ ქმნიდით, ღრმად
პატივცემულო კიტა, ნუთუ მაშინ არ გაწუხებდათ „მოაზროვნე საქართველოს“ ნამდვილი გულისტკივილი?
ნუთუ გეგონათ, რომ „ავი ძაღლის“ კბილების ღრჭიალი მაშინდელი საქართველოს სულისკვეთების
გამომხატველი იყო? ან იქნებ, ახლა სტალინ-ხრუშჩოვ-ბრეჟნევის თეორიულ-პოლიტიკური ოპონენტის როლში
გამოსვლა მიგაჩნიათ დიდ ვაჟკაცობად? ამდგარხართ და ლამის მთელი საქართველოს მამად დაგისახავთ
თავი, აქეთ-იქით ტორებს იქნევთ, აქაოდა, მე ვარ და ჩემი ნაბადიო... არაფერი შეგეშალოთ, ღრმად
პატივცემულო ბატონო კიტა! ჯერ „ვეფხისტყაოსანზე“ დაწერილი თქვენი თუნდაც ერთი სტრიქონი
გვიჩვენეთ და მერე ეკამათეთ ბ-ნ აკაკი გაწერელიას ან ბ-ნ ალექსანდრე ბარამიძეს! დევნილ ზვიად
გამსახურდიასთან მეცნიერულ პრობლემებზე პაექრობა კი დღესდღეობით ვერაფერი გაბედულებაა თქვენი
მხრივ! იქნებ ისა სჯობდა, ვითარცა ჭეშმარიტად კაცთმოყვარე ადამიანს შეჰფერის, თანაგრძნობის სიტყვა
გეთქვათ იმ კაცის მისამართით, ვინც, დავუშვათ, თუნდაც მცდარად, თუნდაც აკვიატებით, მაგრამ მაინც
თქვენთვის ესოდენ საყვარელი „მოაზროვნე საქართველოსაგან“ განსხვავებით „თუალითა სულისათა“
კითხულობს „ვეფხისტყაოსანს“... თქვენ კი ისე ინერწყვებით, ისეთი სიხარულით იფშვნეტთ ხელებს, როგორც
ჯალათი, ვინც კარგად იცის გემო ეშაფოტზე დანთხეული სისხლისა... ნუთუ ამის გამო ოდნავი გრძნობა
სირცხვილისა წუთით მაინც არ აკრთობს თქვენს სპეტაკ სულს? ბოლოს და ბოლოს, რად გსურთ ასეთ
მძიმე შთაბეჭდილებას სტოვებდეთ მკითხველთა თუნდაც ერთ, უმნიშვნელო ნაწილზე? არადა, ისიც ხომ
მოგეხსენებათ, რომ სინამდვილეში საქართველოს ეს განუყოფელი „ნაწილი“ არც მთლად მცირეცხოვანია?
მაშ, დღეს, ისედაც გაჭირვებულ ქვეყანას რად დაატეხეთ თავს ზევსური მრისხანება? განა რას ამბობთ
ისეთს, რომ ჯადოსნურ პანაცეად დაგისახავთ ეგ თქვენი მართლაც კოშმარული „ოპერეტა“?
ეჰ! ძვირფასო ბატონო კიტა! თქვენ ხომ იცით და მთელმა საქართველომ კი ბარე რამდენიმე ათეული
წელია, რაც ჩინებულად უწყის, რომ კიტა ბუაჩიძის ბადალი თავმდაბლობის მამულიშვილი ორიც არ
ჰყოლია „ორჯერ ორის ოთხად ვერდამთვლელ“ ამ უბირ ქვეყანას? ისიც კარგად მოეხსენება სრულიად
ივერიას, რომ ამ წერილის კითხვისას, თქვენ, ალბათ, ხელებს ასავსავებთ და ღრმა ფილოსოფიურ
ჭვრეტაში დანთქმული, თქვენსავე გენიალურ პერსონას ეჩურჩულებით: მე ხომ... მე ხომ ერთი უბრალო
კაცი ვარ, მცირე რამ სათქმელი შევკადრე მშობელ ხალხს, ესენი კი, როგორ მოცდნენ ჩემი
მოკრძალებული პიროვნების გამოო... თქვენებრ ზეგარდმო ნიჭით მადლცხებული ქმნილება, ცხადია, ვერ
გაექცევა ამგვარ ქრისტესმიერ თავმოდრეკას... ამიტომ ამთავითვე შემოგბედავთ, ყოვლად ღირსეულო
მოამაგევ ტანჯული საქართველოსი: არ გეგონოთ, რომ ჩვენ ბატონ კიტა ბუაჩიძეს ვეკამეთებით! დეკემბერ-
იანვრის რევოლუციის რაინდთა მსგავსად, პიროვნულად ჩვენ არავის ვეხებით, ანუ როგორც დიდი წინაპარი
ბრძანებდა, პიროვნებასთან საქმე არა გვაქვს... ჩვენ მხოლოდ მოვლენას ვუპირისპირდებით, იმ მოვლენას,
რომელსაც თქვენდამი უღრმესი პატივისცემის ნიშნად, „ზვიადიზმის“ საწინააღმდეგოდ კიტაიზმს ვუწოდებთ!
ეს უკვე მეტისმეტიაო! ბრძანებს ალბათ, მოკრძალებისაგან მთლად გაწითლებულ-გამიხაკისფერებული თქვენ
„ალტერ-ეგო“... მაგრამ გთხოვთ, გემუდარებით, წუთით მაინც დათმეთ ეგ თქვენი ბავშვურ-მიამიტური
მოკრძალება... არა! კიტაიზმი ნამდვილად არსებობს დღევანდელ საქართველოში და მისი ყველაზე
კოლორიტული, ყველაზე სწორუპოვარი, ყველაზე პატიოსანი, დიახ, ყველაზე, ყველაზე ყველაზე... დიდი
რაინდი თქვენ ბრძანდებით! მერედა, რა არის კიტაიზმი? რა და ის, ჩვენო სინდისო და ნამუსო, ჩვენო
ღირსებავ და სიამაყევ, რომ თქვენ და ძმანი თქვენნი, გრძნობთ რა დეკემბერ-იანვრის ტრაგედიის მთელ
საშინელებას, შეგნებულად, დიახ, შეგნებულად (და სწორედ ესაა ყველაზე დიდი ბოროტება), ამ ტრაგედიის
მთელ სიმძიმეს ერთ კაცს, საქართველოს პრეზიდენტს, ქართველთა არცთუ მცირე ნაწილისათვის
სათაყვანებელ პიროვნებას აკისრებთ! თქვენ და ძმანი თქვენნი, გრძნობთ რა დეკემბერ-იანვრის ტრაგედიის
მთელ საშინელებას, შეგნებულად, დიახ, შეგნებულად, დუმხართ და კრინტსაც არა სძრავთ იმ „კაცებზე“
(თუ არაკაცებზე), რომელთაც ვითომ დემოკრატიისათვის, ვითომ სამშობლოს კეთილდღეობისათვის, ვითომ
ზვიად გამსახურდიას „დიქტატურისგან“ საქართველოს განთავისუფლების მიზნით, ამდენი უბედურება
დაატეხეს თავს ბედკრულ ქვეყანას...
„ტირანი“ გააძევეთ, „ტოტალიტარული რეჟიმი“ დაამხეთ, „ავტორიტარული ხელისუფლება“ დაამსხვრიეთ,
მაგრამ რა მოიტანეთ სანაცვლოდ, ბატონო, არა, უკაცრავად, დიდო ბატონო კიტა?! 1992 წლის ორ იანვარს
„დიქტატორის“ საწინააღმდეგო ისტორიული ტრაქტატის საწერად დამჯდარხართ. ერთობ დიდი შრომა
გაგიწევიათ! მაგრამ ერთი ეს გვიბრძანეთ, რას აკეთებდით იმავე წლის სამ იანვარს? ოცდაექვს იანვარს?
ორ თებერვალს? თქვენ, საყოველთაო სიკეთის, კაცთმოყვარეობისა და სამართლიანობის ქომაგს, როგორ
გეძინათ თუნდაც აგერ, ახლა, 1993 წლის 14 აპრილის ღამეს? თქვენ, „ეზოში ავი ძაღლია“-ს ავტორს,
„ძაღლური თემატიკის“ ზომიერ ტრფიალს, რა განწყობა დაგეუფლათ, როდესაც თქვენ მიერ ასე ქებულმა
„დემოკრატიულმა“ ხელისუფლებამ ძაღლები მიუსია თავისსავე^ მოქალაქეებს? მოგეწონათ? დატკბით?
დამშვიდდით? „ყოჩაღ, ძაღლებოო!“ – შესძახეთ?..
1992 წლის 2 იანვრიდან 1993 წლის 14 აპრილამდე რატომ ერთხელ მაინც არ ისურვეთ კვლავ
დაჯდომა „წერად ანდერძისად“, ძვირფასო ბატონო კიტა? „კარვის ქალებზე“ თუ „მდედრიონზე“ აღრენილს,
ნუთუ ერთხელ მაინც არ გაგიჩნდათ სურვილი, თქვენი ავტორიტეტული სიტყვა გეთქვათ თუნდაც იმ ერთი
ქალბატონ-პარლამენტარის მისამართით, რომელმაც მთელი საქართველოს გასაგონად ტელევიზიით
გამოგვიცხადა – საყვარელი მინდა და აბა, თქვენ იცით, ჩემებრ „შინაგანად ახალგაზრდა“, ჩათქვირებულ-
ჩამკვრივებული ქალი ხელიდან არ გაუშვათო? ან იმაზე რატომ არაფერს ბრძანებთ, მეორე ქალბატონ-
პარლამენტარი ამ სულისშემძვრელი სისხლისღვრისა და ცოდვა-მადლის განკითხვის ჟამს იმავე ტელევიზიით
ფანდურზე რომ დაჰღიღინებდა სააშიკო და „ამხანაგთა სათრეველ“ „კუპლეტებს“? რაო, დაგატკბოთ ამ
სიმღერამ, ბატონო კიტა? ის ქალბატონიც ძალიან ჩაგივარდათ გულში? თქვენებრ სანთელ-საკმეველივით
ალალ-მართალი კაცი ამ უმსგავსოებაზე რატომ დუმს, ძვირფასო „ორჯერ ორის ოთხად დამთვლელო“
პირუთვნელო მოსამართლევ? აი, სწორედ ეს დუმილია, კიტაიზმი, ღრმად პატივცემულო კიტა!
კიტაიზმის პოლიტიკურ გაქანებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! ჩვენი პრეზიდენტის მიღებაზე, თურმე, მის
უმაღლესობას – ბატონ ჯორჯ ბუშს უარი უთქვამს! სამაგიეროდ, დიდი პატივით, თეთრი სახლის კარები
ფართოდ გაუხსნია „მტკაველნახევარი.. არცთუ ლამაზი... ასკარ აკაევისათვის“ – ყირგიზეთის სახელმწიფოს
მეთაურისათვის... ჩვენი „დიქტატორი“ პრეზიდენტი კი არ იქნა და არ შეუწყნარებია მის აღმატებულებას!
ასეც მოუხდებოდა! აბა, რა ეგონა, გორბაჩოვ-ბუშ-გენშერის „დინების საწინააღმდეგოდ“ რომ მიდიოდა და
საქართველოს დამოუკიდებლობაზე ზრუნავდა... ჯერ ბუშისთვის უნდა ეკითხა, მერე გენშერისთვის, დიახ,
უნდა ეკითხა, რამე ფარსაგს ხომ არ ჩავდივარ, ერთი საბრალო ქვეყნის თავისუფლებას რომ ვაცხადებო.
ისინიც, დინჯი ჯენტლმენებიც, ცოტას „ყურს აუწევდნენ,“ რა დროს თქვენი დამოუკიდებლობააო და უმალ
გააჩუმებდნენ. აკი იმ ბრძენთაბრძენ საბასაც ასე უქნეს! არა, მიღებით კი „მიიღეს“, მაგრამ კარი ისე
გამოუხურეს, რომ თვით 1918-1921 წლებშიც ვერ შევძელით „ერთა ლიგის“ საპატიო ლოჟაში მოხვედრა.
ასეც მოგვიხდება! რა ჩვენი საქმეა თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ან ის პრეზიდენტი, საქართველოს
ის ბედკრული შვილი, რას ჩაებღაუჭა ამ „დამოუკიდებლობას“... ყოფილიყო თქვენ მიერ ასკარ აკაევის
მსგავსად „სოიუზის“ შენარჩუნებისათვის თავგამოდებული მზრუნველი და ბუშიც ფართოდ გააღებდა თეთრი
სახლის საპარადო შესასვლელს... თუმცა, ეს „ნაციონალისტები“ ნამდვილად არ არიან სახლში შესაშვებნი...
გახსოვთ, ალბათ, ბატონო კიტა, უკრაინელმა ნაციონალისტებმა – „რუხ“-ის წევრებმა, თავის დროზე რა
უხეშად, უტაქტოდ და არაჯენტლმენურად გამოისტუმრეს იგივე ჯორჯ ბუში, როცა ამ უკანასკნელმა მათ
მოუწოდა – „სოიუზს“ ნუ არღვევთო... არადა, უკრაინა, სწორედ იმ დროიდან, თქვენ რომ ქალებს
ეარშიყებოდით, გაერო-ს სრულუფლებიან წევრად ირიცხებოდა...
ჰო, მართლა, არშიყზე გამახსენდა... ახლა ავტომატების კანონადა არ ისმის და შემიძლია ამაზეც
ვილაპარაკო. თქვენ კი, ბატონთა შორის ბატონო კიტა, იმ ორი იანვრის ღამეს, ოდეს სიკვდილის ცელი
მუსრს ავლებდა თქვენსავე შვილებსა და შვილიშვილებს, საიდან გეტაკათ ამურის ისარი? ქვეცნობიერის
რომელმა იმპულსმა გაგიცოცხლათ ყმაწვილკაცური „ლიბიდოს“ ასოციაციები, იმ წყეულ დღესა თუ ღამეს,
ბატონო კიტა? ქალის ასეთი და ისეთი ტრფობა ვიცოდიო, – რომ წერთ, ამაზე ფიქრის დრო გქონდათ
მაშინ? თუ თქვენც ჩვენებურ ქალბატონ-პარლამენტარის მსგავსად მოულოდნელად გადაეშვით ეროტიკულ
ზმანებათა საუფლოში?
ბატონო კიტა! ეროტიკული ინტროსპექციის პარალელურად თქვენ ღრმად პოლიტიკურ ანალიზსაც
გვთავაზობთ. კაცმა რომ თქვას, სწორედ ამან შთაგაგონათ „კოშმარული ოპერეტა“... ჰოდა, თქვენს
„პოლიტიკურ ანალიზში“ ერთადერთი თემა პრეზიდენტის ლანძღვა-გინებაა. კი მაგრამ, დაფიქრებულხართ თუ
არა იმაზე, რომ სანამ ჩვენი პრეზიდენტი თავის „დიქტატორულ“ კლანჭებს გამოაჩენდა, რას სჩადიოდნენ
მეტად დემოკრატი და დემოკრატიისათვის თავგადაკლული თქვენი თანამემამულენი? გულზე ხელი დაიდეთ
და ისე გვიპასუხეთ, ბატონო კიტა, თუ გახსოვთ, რისთვის გამოაცხადა „სასიკვდილო შიმშილობა“ ბ-ნმა
ირაკლი წერეთელმა 1990 წლის დეკემბრის მიწურულს? ან ის თუ გახსოვთ, რა ლოზუნგი ჰქონდათ
გამოკრული ჩვენს „დემოკრატებს“ ამავე პერიოდში უნივერსიტეტის მახლობლად? „ძირს გამსახურდია-
შევარდნაძის ალიანსიო!“ – გაჰყვიროდნენ მაშინ ისინი. ახლა კი, ახლა, ბატონო კიტა, იმავე
შევარდნაძესთან აშკარა „ალიანსის“ გამო რად არ უწყრებით თქვენს ღმერთგამწყრალ თანამემამულეებს?
თუ იმის თქმა გინდათ, რომ მაშინ, 1990 წელს, გადადგომამდე ერთი თვით ადრე იგივე შევარდნაძე ჯერ
კიდევ არ ბრძანდებოდა გარდაქმნილ-გადასხვაფერებული? რა პასუხი უნდა გაეცა ასეთ აბსურდულ
ბრალდებაზე პრეზიდენტს? „ძირს გამსახურდია-შევარდნაძის ალიანსიო“, – რატომ ახლა არ ჰყვირით,
ბატონო დემოკრატო კიტა? ეგებ შევარდნაძე, ეს თხემით ტერფამდე ნათელი პიროვნება, ახლაც ალიანსშია
გამსახურდიასთან? მაშ, რატომ პასუხს არ სთხოვთ მას, პატიოსნების საზომად ქცეულ მსოფლიო მასშტაბის
პოლიტიკოსს, „დიქტატორ“ გამსახურდიასთან ალიანსში ყოფნის გამო? ამაზე რად არ იღებთ ხმას? რამ
დაგამუნჯათ, „ორჯერ ორის ოთხად დამთვლელო“ ბრძენკაცო? რამ შეგიკრათ პირი?
ასეთი „შეკვრაც“ კიტაიზმია, ბატონო კიტა!
უკვე მესამედ ვაგრძელებ ჩემს წერილს, ბატონო კიტა, მაგრამ გაზეთ „კომუნისტში“... ფუი, ეშმაკს! –
„საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებული თქვენი უსასრულო ქმნილების ნახევარიც არ დამიწერია. არ
ვჩქარობ, მოწყალეო ხელმწიფევ! მადლობა ღმერთს, დალაგებულ ქვეყანაში გვიხდება ცხოვრება და წესი
ამა ცხოვრებისა იმდენად „დემოკრატიული“, უფრო სწორად – დემონოკრატიული გვაქვს, სათქმელ-
სალაპარაკოს ბარე ერთ წელიწადშიც ვერ ამოვწურავთ. ჰოდა, მეც გზადაგზა, შიგადაშიგ მოვიპყრობ ხოლმე
თქვენს ღვთაებრივ ყურთასმენას...
დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, გეამათ თუ არა თქვენდა პატივსაცემად ფრიად საგულისხმო მოვლენის
კიტაიზმად მონათვლა. მაგრამ ფაქტია, რომ კიტაიზმი ნამდვილად არსებობს და როგორც ჩანს, კიტაისტებიც
მოიძებნებიან ჩვენს კურთხეულ სამშობლოში. ა, ბატონო, აგერ ახლა, 1 მაისის ნომერში გაზეთმა
„საქართველოს რესპუბლიკამ“ ფართოდ გაუხსნა კარი კიტაისტურად მოაზროვნე კიდევ ერთ ღვაწლმოსილ,
თუ ღვარძლმოსილ პარლამენტარს. წაიკითხეთ, ალბათ, რომან მიმინოშვილის „აზეფი“, ჩვენო ბრძენკაცო!
თქვენი გაქანების ამბავი რომ ვიცი, ერთობ მოგეწონებოდათ ეგ სტატია-ნარკვევი! ღრმად პატივცემული
მიმინოშვილი რომან ამ ბოლო დროს სულ მთლად გაგვიდემოკრატ-გაგვიკიტისტდა. ზვიად გამსახურდია სუკ-
ის აგენტიაო, აცხადებს და კიტაისტური სიბრძნით აღსავსე გამანადგურებელ შეკითხვებს უსვამს „ორჯერ
ორის ოთხად ვერდამთვლელ“ საქართველოს. რომანიც, ისევე, როგორც თქვენ, ბატონო კიტა, ჩვენი
ბედკრული სამშობლოს ახლანდელ ჭირს არაფრად მიიჩნევს და თავისი გენიალური ტვინის მოწამებრივი
ჭყლეტით მთელი უბედურების მიზეზად ზვიად გამსახურდიას პიროვნებას მიიჩნევს.
დავით კლდიაშვილს, როგორც გახსოვთ, ბ-ნო კიტა, ერთი დარდიმანდი მიმინოშვილი ჰყავს დახატული...
საცა ლხინი და პურის-ჭამაა, ის მიმინოშვილიც (კირილე) მუდამ იქ არის! ეს მიმინოშვილი (რომანი) კი
ყოველ ჟამს იქ ბრძანდება, სადაც თანამდებობრივი ციებ-ცხელება იგრძნობა. სხვას თუ არა, თქვენ მაინც
გემახსოვრებათ, ბატონო კიტა, რა დღეში ჩააგდო თავის დროზე ამ მიმინოშვილმა ცეკას ნომენკლატურულ
მუშაკთა ელიტა... გახსოვთ, ალბათ, როცა მას მწერალთა კავშირის მდივნობიდან გათავისუფლება
გადაუწყვიტეს და სხდომა პრეზიდიუმისა დანიშნეს, ეს მიმინოშვილი „ძალიან ცუდად“ რომ შეიქნა და
„ლოგინად ჩავარდა“. ჰოდა, ამა მიზეზის გამო ვერავინ შეძლო მწერალთა კავშირის გათავისუფლება
რომანისაგან. არადა, ასეთი „ძალიან ცუდად“ გახდომა და „ლოგინად ჩავარდნა“ ამ მიმინოშვილმა
არაერთხელ (და წარმატებითაც) გაითამაშა. მაგრამ ვაგლახ, საბოლოოდ მაინც შეძლეს ჯანმრთელად მისი
დაგულვება და ციმციმ გამოისტუმრეს იმ კავშირიდან, რომელსაც დღეს რატომღაც „მწერალთა“-ს ეძახიან.
ჰოდა, ამ მიმინოშვილს, ახლა კიტაიზმის უკურნებელი სენით შეპყრობილს, გაპარლამენტარებულ-
გაჯანსაღებულ რომანს, პოლიტიკასთან საეჭვო რომანი გაუბამს და თქვენი „შკოლის“ მიმდევარ-მიმწევარი
გამხდარა. ბატონო კიტაისტებო! ფაქტებს რომ თავდაყირა აყენებთ, თქვენგან ეს არ გასაკვირია, უკუღმა
რომ წერთ და ლაპარაკობთ, ესეც ცნობილი ამბავია, მაგრამ ერთი ეს გვიბრძანეთ, თქვენ რა, ზვიად
გამსახურდიას ცილისწამებით აპირებთ „ახალი, დემოკრატიული“ საქართველოს აშენებას? მშიერ-მწყურვალი
მოსახლეობის დაპურებას? თქვენთა თანამებრძოლთა მიერ დარბეულ-დაწიოკებული ქვეყნის დამშვიდებას? თუ
საქმე სუკ-ზე მიდგება, მოდით და გენერალ შევარდნაძეზე ვილაპარაკოთ... თქვენებრ მაღალი აზრის
ინტელექტუალებისათვის „წვრილფეხობაზე“ საუბარი ხომ ერთობ დამამცირებელია! თანაც ეს გენერალი
დღეს ქვეყნის მმართველია და თქვენს მახვილ თვალს, აბა, როგორ გამოეპარება, რა სასწაულებს ახდენს
შინაც და გარეთაც... ჰოდა, დასხედით, ბატონო კიტაისტებო, და გენერლის გენიალურ გენერლობაზე
ილაპარაკეთ რამდენიც გენებოთ... „აგენტი“ ზვიად გამსახურდია კი „ორჯერ ორის ოთხად ვერდამთვლელ“
ზვიადისტებს დაუტოვეთ... თქვენ თქვენს ფალავანს-გენერალ შევარდნაძეს დაუმშვენეთ ბაჯაღლო საბჭოური
„პაგონებით“ შემკული მხარ-ბეჭი, ჩვენ კი, დაე, ჩვენი სადარდებელი თქვენ ნუ შეგაწუხებთ.
ბატონო კიტა! კიტაისტური ფილოსოფიის თქვენეულ საგანძურში ერთი მეტად საგულისხმო შტრიხი
შეინიშნება: თქვენ გიყვართ „ავტობუსებში, ბაზრებში, მოსახვევებში, პანაშვიდებზე“ ნაჩურჩულებ-ყურმოკრულ-
გაგონილ სიბრძნეთა განვრცობა-განზოგადება... ასეთი ზეგარდმო სოფისტური წიაღსვლები კიტაისტური
აზროვნების დიდ მიღწევად უნდა ჩაითვალოს. ერთ პანაშვიდზე, მაგალითად, ყური მოგიკრავთ, როგორ
„ჩურჩულებდნენ“ შევარდნაძის უდიდეს დამსახურებაზე ბერლინის კედლის დანგრევის საშვილიშვილო
საქმეში, საბჭოთა კავშირის დაშლის ისტორიულ მოვლენებში და ა. შ. „არ აპატიესო“ სტალინის
იმპერიისათვის „წყლის შეყენება“ ბატონ ედუარდსო... კი მაგრამ, ნუთუ მართლა დაიჯერეთ „პანაშვიდზე“
ნაჩურჩულები ეს უმწიფარი ჭორი? თქვენ, „ორჯერ ორის ოთხად დამთვლელმა“ ბრძენკაცმა, – ნუთუ
მართლა ირწმუნეთ, რომ გერმანიის გაერთიანება და საბჭოთა კავშირის დაშლა თქვენთვის ესოდენ
სათაყვანებელი პიროვნების ხელშეწყობით განხორციელდა? თუმცა, თქვენ ხომ ერთობ გულუბრყვილო,
ბოროტებისაგან შორის-შორად განრიდებული პიროვნება ბრძანდებით. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ასეთი
გაუგონარი სიცრუეც კი დაიჯეროთ. კიტაიზმის ერთი უმთავრესი ნიშანი სწორედ ისაა, რომ საჭიროების
შემთხვევაში „სიცრუის სიბრძნიდან“, მართლაც „ბრძნულად“ ანებივრებს სიცრუეს...
აქ კი დროებით გემშვიდობებით, ბატონო კიტა, და სანამ ერთმანეთს კვლავ შევხვდებოდეთ, მსურს
მოკრძალებული რჩევა შემოგთავაზოთ. „კიტაისტებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“
1992 წ.

სწავლული კაცი
იგი შეუმცდარად აღიქვამს შედევრებს და ზედმიწევნით იცის მათი ბედისწერის საიდუმლოებანი; იცის,
როგორ იწერება კარგი წიგნები და როგორ უნდა გამოვსტაცოთ ისინი დავიწყებას. მწიგნობარი, ანუ
როგორც საბა განმარტავდა, – „წერილთ მეცნიერი“ სხვა, დიდი სამყაროს ბინადარია. იქ, იმ სამყაროში
ახალი სიცოცხლით ივსებიან სხვადასხვა დროის პოეტები და ფილოსოფოსები, გმირები და ანტიგმირები,
ხელახლა წარმოიქმნებიან ეპოქები და ცივილიზაციები. მწიგნობარი ფეხმოუცვლელად აკვირდება მათ ყოველ
მოძრაობას, შიგ სულში უსახლდება დაუღალავ გენიოსებს და მათგან მიღებული შთაბეჭდილებები
მემატიანის სიბრძნითა და პირუთვნელობით გადააქვს ქაღალდზე.
მწიგნობართა რაოდენობა დღეს კატასტროფულად მცირეა, ასევე მცირერიცხოვანია მკითხველთა
რაოდენობა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც გარკვეული კანონზომიერება მოქმედებს, – „ჭეშმარიტებას მუდამ
მცირედნი, მაგრამ ღირსეულნი ეზიარებიან; ყველასთვის ხელმისაწვდომად გახდომა არაა ჭეშმარიტების
ხვედრი“.
მე ახლაც თვალწინ მიდგას ბ-ნი ბაჩანა ბრეგვაძე – ბრძენი მწიგნობარი, ვისთვისაც ჭეშმარიტება
მართლაც ხელმისაწვდომ სიდიდეს წარმოადგენს და ვინც ასე თვალსაჩინოდ გამოირჩევა ღირსეულთა
შორის.
რომ ვთქვათ, იგი მთარგმნელიაო, თუნდაც ბრწყინვალე მთარგმნელიო, – ეს იმას ნიშნავს, რომ მასზე
საერთოდ არაფერი ვთქვათ!
ბ-ნი ბაჩანა ბრეგვაძე, უწინარეს ყოვლისა, ძველი ელინელივით, ჭეშმარიტების ვნებიანი ტრფიალია,
პოეტი და ფილოსოფოსია. იგი ხან ცნობისმოყვარეობის დაუოკებელი ჟინით შეპყრობილი მოგზაურია, ხანაც
– უდაბნოს ხვატში მოხეტიალე სტოიკოსი. ჭეშმარიტების ძიება და ამ პროცესში რაც შეიძლება
მრავალრიცხოვანი აუდიტორიის ჩაბმა მისი უმთავრესი შემოქმედებითი ამოცანაა. სხვა შემთხვევაში მას
თავისუფლად შეეძლო სოკრატესეულ განმარტოებაში ეპოვა გამოსავალი და საერთოდ არ ეზრუნა
თანამემამულეთათვის საკაცობრიო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაზე.
ანტიკური ფილოსოფია, შუა საუკუნეების ქრისტიანული აზროვნება, რენესანსი და განმანათლებლობა,
მითოსი და პოეზია, ისტორია და ეთნოგრაფია ბ-ნი ბაჩანა ბრეგვაძის ინტერესის, დაკვირვებისა და
ანალიზის საგანს წარმოადგენს. მაგრამ მისი საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ინტერესის
დაკმაყოფილებით. იგი გრძელდება მძიმე მთარგმნელობითი სამუშაოს შესრულებით და სრულდება
თარგმნილი ტექსტის მრავალმხრივი კომენტირებით, რომელიც თავისთავად უაღრესად მნიშვნელოვან
მეცნიერულ ინფორმაციას შეიცავს და ამდენად, დამოუკიდებელი ღირებულების მქონე გამოკვლევად უნდა
მივიჩნიოთ.
გარდა ამისა, ბ-ნი ბაჩანა ბრეგვაძე „ბიბლიის“ მთარგმნელია (რაც სავსებით საკმარისია ერთი
ადამიანის უკვდავებისთვის). მის მიერ ზომიერი არქაიზმით, ნათელი და ძალდაუტანებელი სტილით
გამართული „ბიბლიის“ ტექსტი უკვე კარგა ხანია დამკვიდრდა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში; იგი
მიიღო და შეიყვარა მორწმუნე მკითხველმა, რაც თავისთავად მრავლისმეტყველი ფაქტია.
საგულისხმოა, რომ „ბიბლიის“ თარგმნა კი არა, უბრალო გადაწერაც კი ოდითგანვე ურთულეს საქმედ
იყო მიჩნეული. არსებობდა მეტად მკაცრი და შეუვალი წესი, რომლის დაცვაც სავალდებულო იყო
გადამწერისთვის. ასე, მაგალითად, ყოველ პერგამენტზე ზუსტად უნდა ყოფილიყო გამოყვანილი თითოეული
სიტყვა, ასო და სასვენი ნიშანი; არც ერთი მათგანი არ უნდა ჩაწერილიყო მეხსიერებით, ანუ მანამ,
სანამ გადამწერი ორიგინალში არ ჩაიხედავდა და ა. შ. უფრო მეტიც: მუშაობისას თვით მეფის
შეხმიანების შემთხვევაშიც კი გადამწერს არამც და არამც მისთვის ყურადღება არ უნდა მიექცია! ეჭვი
არაა, რომ თარგმანის პროცესი ათასჯერ მეტ ენერგიას და ძალისხმევას მოითხოვს. „ბიბლიის“ თარგმნა,
ანუ „სიტყვის გაცხადებით თქმა“ (საბა) მთარგმნელის განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ და სულიერ მზაობას
საჭიროებს. სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა საღვთო ვალის აღსრულება, რასაც ასე წარმატებით
გაართვა თავი ბ-ნმა ბაჩანა ბრეგვაძემ.
დიახ! ჩვენთვის, მკითხველისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია არა მარტო თარგმანის ე. წ. ტექნიკური
მხარე, არამედ თვით ორიგინალის, დედნის თავისთავადი ღირებულება. რას და რატომ ირჩევს
მთარგმნელი და რით არის განპირობებული მისი არჩევანი? რამდენად ღრმადაა იგი დაკავშირებული
სათარგმნ მასალასთან? – ამ თვალსაზრისით ბ-ნი ბაჩანა ბრეგვაძე მართლაც გამორჩეული ინტერესებისა
და გემოვნების მქონე შემოქმედს წარმოადგენს. საკმარისია გადავშალოთ მის მიერ გადმოქართულებული
ნეტარი ავგუსტინეს „აღსარებანი“, პლატონის „ტიმეოსი“, ან პასკალის „აზრები“, რომ ერთხელ კიდევ
ვირწმუნოთ, თუ რაოდენ ფართოა მთარგმნელის შემოქმედებითი დიაპაზონი.
ნეტარი ავგუსტინეს „აღსარებანი“ ქრისტიანულ სამყაროში ღვთისმეტყველებისა და, საერთოდ,
ფილოსოფიური აზროვნების გადაულახავ სიმაღლედ არის აღიარებული. საუკუნეთა განმავლობაში მას
უდიდესი ინტერესით კითხულობენ სხვადასხვა მრწამსის ადამიანები. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას,
რომ ქართულ ენაზე ნამდვილად მოგვეპოვება „აღსარებანი“-ს კონგენიალური, დიახ, – კონგენიალური
თარგმანი! აქ იშვიათი სულიერი აღფრთოვანების გამომწვევი ოსტატობით არის გაცოცხლებული ნეტარი
ავგუსტინეს მოქცევის, მისი შინაგანი მეტამორფოზისა და წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრების
დრამატული ეპიზოდები. მთარგმნელი სრულად ფლობს არა მხოლოდ ტექსტის სემანტიკურ „გასაღებს“,
არამედ ისეთ აზრობრივ ნიუანსებსაც სწვდება, რომელთა ფილოსოფიური გენეზისი მრავალფეროვან შრეებს
მოიცავს. „ბედნიერი ცხოვრება, – ვკითხულობთ თარგმანში, – არც საბერძნეთთან არის დაკავშირებული და
არც რომთან. მაგრამ მას ხარბად მიელტვიან ბერძნებიც, რომაელებიც და უცხოელებიც, სხვადასხვა ენებზე
რომ მეტყველებენ. მაშასადამე, ბედნიერება ცნობილია ყველა ხალხისთვის და ერთდროულად რომ გვეკითხა
მათთვის, გსურთ თუ არა ბედნიერები იყოთო, ყველანი ერთხმად გვიპასუხებდნენ, ცხადია, გვსურსო.
მაგრამ პასუხი ასე ერთსულოვანი არ იქნებოდა, ყველას რომ არ შემორჩენოდა იმის ხსოვნა, თუ რას
ნიშნავს „ბედნიერება“.
ცნობილია, რომ ნეტარი ავგუსტინე ყოველთვის ცხოველ ინტერესს იჩენდა იმის მიმართ, თუ რანაირად
ინახავს მეხსიერება სულიერ მღელვარებათა ნაკვალევს. მეხსიერება რომ არ ინახავდეს წარმოდგენას
ოდესღაც განცდილი შიშის, ტკივილის, მწუხარებისა და ვნების შესახებ, – შეუძლებელი იქნებოდა მათზე
ლაპარაკი. ამასთან დაკავშირებით მთარგმნელის კომენტარებში ვკითხულობთ: „მეხსიერება, უწინარეს
ყოვლისა, აღქმელობითი უნარია. ესაა სულის ერთგვარი საკუჭნაო, უზარმაზარი საცავი, რომლის ცოლკეულ
სენაკებშიაც ინახება მთელი მისი შიგთავსი თუ შინაარსი. ნეტარი ავგუსტინე ერთმანეთისგან განასხვავებს
მეხსიერების ორ სახეს: ხსოვნას „წარმავალისას“, რომელიც ხორციელი გრძნობებით (მზერა, სმენა, ყნოსვა,
გემო, შეხება) აღქმულ საგანთა ხატებთანაა დაკავშირებული, და ხსოვნას „წარუვალისას“, რომელსაც
ამნაირი ხატები არ სჭირდება“. აქვე კომენტარების ავტორი ვრცლად საუბრობს პლატონისეულ კონცეფციაზე
თანდაყოლილი იდეებისა და ცოდნის, როგორც „მოგონების“ შესახებ და საჩინოს ხდის იმ, ერთი
შეხედვით, უხილავ შტრიხს, რომელიც პლატონის ნააზრევთან აკავშირებს ნეტარ ავგუსტინეს.
ბ-ნი ბაჩანა ბრეგვაძე, როგორც მოაზროვნე, ზედმიწევნით იკვლევს დასავლურ ფასეულობებს. ევროპელ
ფილოსოფოსთა ნააზრევში იგი ყოველთვის პოულობს პასუხებს, რომლებიც ზუსტად შეესაბამება ჩვენს
ახლანდელ პრობლემატიკას.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში ქართული სამყარო თავის თავში იყო ჩაკეტილი, მაგრამ ჩვენამდე
მაინც აღწევდა შორეულ ვულკანთა გამოძახილი, მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩვენს სწავლულ
საზოგადოებას უკვე ესმოდა შოპენჰაუერისა და ნიცშეს სკეპტიციზმი, იგი ხელშესახებად გრძნობდა ევროპის
მოახლოებული დაისის დადგომას და სულიერი კრიზისის სიმპტომებს.
მიუხედავად ამისა, ჩვენი კარჩაკეტილობისა და მძიმე იდეოლოგიური წნეხის გამო დასავლური
ფასეულობები ჯერ კიდევ წარმოადგენდა ფეტიშის ობიექტს. თვლემის მდგომარეობაში მყოფი საზოგადოება
სულ უფრო ძალუმად მოიცვა შინაგანი რღვევისა და წინააღმდეგობების პროცესმა. ასეთ დროს საჭირო
და აუცილებელი იყო ობიექტური წარმოდგენების ფორმირება, რასაც დიდად განაპირობებდა ბ-ნ ბაჩანა
ბრეგვაძის მიერ ზუსტად მიგნებული კრიტიკული აზრის გაცოცხლება ქართულ სინამდვილეზე მისი
ერთგვარი „მორიგების“ მიზნით: „... ასე იჩინა თავი კონტრასტმა, განსხვავებამ, განსაცვიფრებელმა
გათიშულობამ ერთი და იგივე სულის ორ მდგომარეობას შორის. როცა ის, ერთის მხრივ, თავდავიწყებით
იღვწოდა და აღარ ახსოვდა არაფერი. თავისი უანგარო შრომის, თავისი მკაცრი, კრიტიკული ცნობიერების
და თავისი ბრძნულად გამოკვლეული სიღრმის გარდა, ხოლო მეორეს მხრივ, როცა პოლიტიკის ინტერესებს
ემსახურებოდა. ის თითქოს პოლიტიკისათვის ინახავდა მთელი თავისი ნამოღვაწარის ყველაზე ფუჭ,
ყველაზე უსარგებლო და ყველაზე ბილწ ნაწილს: ინსტინქტებს, კერპებს, მოგონებებს, სინანულს,
გულისთქმას, მნიშვნელობათაგან განძარცვულ ბგერებს და თავბრუდამხვევად მსწრაფლმავალ მნიშვნელობებს...
ყოველივე იმას, რასაც უარყოფდნენ მეცნიერებაც, ხელოვნებაც და თვით ისიც კი, რისი ატანაც უკვე
აღარ შეეძლოთ მათ“. – ეს სიტყვები გასული საუკუნის ევროპული ინტელექტუალიზმის ერთ-ერთ
გამორჩეულ ლიდერს პოლ ვალერის ეკუთვნის. ბ-ნმა ბაჩანა ბრეგვაძემ ჯერ კიდევ ოთხმოციანი წლების
დასაწყისში აამეტყველა იგი ქართულად. დრო გავიდა და პოლ ვალერის ნააზრევიდან ბევრი რამ
მიესადაგა ჩვენს კრიზისულ ყოფასაც. ქართული საზოგადოებისთვის ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია ამ
ნააზრევის გახსენება. უფრო მეტიც: დღეს, ალბათ, უფლება არ გვაქვს ყურად არ ვიღოთ მკაცრი
გამოცდილებით ნასაზრდოები ევროპული კრიტიკული აზრის ეს გაელვებაც: „დიქტატორი, ბოლოს და
ბოლოს, მოქმედებათა მთელი სისრულის ერთადერთი მფლობელი ხდება. ის ისრუტავს და ითვისებს
ყოველგვარ ფასეულობას, საკუთარ თვალსაზრისამდე დაჰყავს ყველა თვალსაზრისი. სხვა პიროვნებებს ის
თავისი აზრის იარაღად აქცევს, აზრისა, რომელიც, მისი წარმოდგენით, ყველაზე სწორ და ყველაზე
გამჭრიახ აზრად მიაჩნია ხალხს, რაკიღა ის ყველაზე თამამი და ყველაზე ბედნიერი აზრი აღმოჩნდა
საყოველთაო მღელვარებისა და დაბნეულობის დროს. მან დაამხო უმწეო და მიხრწნილი ხელისუფლება,
განდევნა უღირსი და უუნარო ხალხი, და მათ თან მიაყოლა კანონები და ჩვეულებები, რომლებიც
იწვევდნენ უთავბოლობას, სიზანტეს, უსარგებლო პრობლემებს, ასუსტებდნენ სახელმწიფო ზამბარებს.
განდევნილთა შორისაა თავისუფლებაც... თავისუფლება ყველაზე ძნელი გამოცდაა, რომლის წინაშეც
შეიძლება დააყენო ხალხი, თავისუფლებით სარგებლობის უნარი ყველა კაცსა და ყველა ხალხს როდი
შესწევს“...
ჩვენი ახლანდელი მდგომარეობა ზედმიწევნით გვაახლოებს ზემოთქმულ რეალობასთან. დიადი წიგნები,
მათი ავტორები და მთარგმნელები, ჭეშმარიტი მწიგნობარნი წინასწარმეტყველურად გვიყალიბებენ მომავლის
კონტურებს და ამით გვიმსუბუქებენ ცხოვრების მძიმე ტვირთს.
ბ-ნი ბაჩანა ბრეგვაძე ამ კეთილშობილური მისიის აღმსრულებელია. მისი ღვაწლი ერთხელ კიდევ
გვახსენებს იმ ჭეშმარიტებას, რომ „მწერალი ღრმაა, თუკი მისი სიტყვა, ადვილად აღსაქმელი აზრის ენაზე
გადატანილი, ჩვენ აღგვძრავს ხანგრძლივი და საგრძნობლად სასარგებლო სულიერი ქმედითობისთვის“.
ყველა, ვისაც ოდესმე ამგვარი განცდა დაუფლებია, მადლიერებით ივსება „ღრმა მწერლის“ – ბ-ნ
ბაჩანა ბრეგვაძის მიმართ. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ მადლი და მადლიერება ამჯერადაც საიუბილეო
თარიღის გამო გვახსენდება.
ღმერთმა შეგვინდოს!
თქვენ კი, ჩვენო დიდო მწიგნობარო და განმანათლებელო, დღეგრძელობასა და შემოქმედებით
ნეტარებას გისურვებთ, რადგან კარგად ვიცით, რომ სხვაგვარ ბედნიერებას არც აქამდე ესწრაფოდით.
2006 წ.

გამოსალმების ხელოვნება
ლეგენდასავით ჰყვებიან: თურმე, ერთხელ მარტოდმარტო შესულა კაფეში, ჭიქა არაყი მოუთხოვია და
აცახცახებულ ხელისგულზე დაღვრილი სითხით სწრაფად წვერი დაუნამავს. მერმე წამომდგარა და ფიქრში
გართული ხმაურიან ქუჩას გაჰყოლია. ირგვლივ არყის სუნს აფრქვევდა, რითაც შემხვედრთ აგრძნობინებდა,
რომ მთვრალი იყო („მთვრალია ყოფნით, მთვრალია ცეცხლით და მაინც ღვინით ჰგონიათ მთვრალი“...)
ბევრს სურდა სწორედ ასეთი ეხილათ იგი: – წაქცეული, ავბედით ცხოვრებისაგან უღვთოდ გათელილი და
განადგურებული. ისიც, თითქმის ყოველდღიურად, ერთგვარ ძღვნად თუ ხარკად, დაუზარებლად სთავაზობდა
მათ სასურველ „გალაკტიონს“, ანუ იმ პოზას, რომელიც თავის დროზე გახმაურებულ „დაწყევლილი
თაობისათვის“ დამახასიათებელ სიგნალებს გადმოსცემდა. ასე იკვეთებოდა ქართულ მწერლობაში
თავისებური „სალოსის“ ტიპი, რომანტიკული სიშლეგის, თვითგვემისა და თვითუარყოფის ზღვარზე მდგარი
პოეტის ტრაგიკული ხატი. გალაკტიონის ბედისწერა ზედგამოჭრილი აღმოჩნდა ამგვარი ხატის შესაქმნელად.
თავისივე გენიის წყალობით ჩვენში მხოლოდ მან შეძლო შეეთავსებინა ერთი შეხედვით შეუთავსებელი
ანტინომიები, ერთდროულად ყოფილიყო მეფეცა და მსხვერპლიც, უძვირფასესი საგანძურის მფლობელიც და
პილიგრიმივით ღარიბ-ღატაკიც, „ქვეყნისთვის ჯერაც მიუკვლეველი სამყაროს“ აღმომჩენიცა და მეფე ლირის
მსგავსად მარტოობისთვის განწირულიც... დღეს აღარავის აკვირვებს გალაკტიონი ორფევსის ნიღბით. ჩვენს
თვალთახედვას სრულიადაც არ ეუცხოება ორიოდ სტრიქონით გამოძერწილი და ლამის პლასტიკური
სიცხადით გაცოცხლებული ამაყი პოზა – „მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა“. მაგრამ
საკმარისია ამ ნიღბის თუნდაც წამიერი უარყოფა („მე ვიხსნი ნიღაბს! მომგვარეთ რაში!“), რომ
ყველაფერი თავდაყირა დადგება: მკერდის სიღრმიდან უმალ ამოიფრქვევა უკიდურესი სასოწარკვეთილებით
აღსავსე გულისტკივილი, ულმობელი და დამთრგუნველი შეგრძნება ტრაგიკული ბედისწერისა.
გული, ოჰ, გული, შემეძლოს ნეტავ,
მისი ვინმესთვის ახლა ჩვენება,
გულში შევიდა, ვაიმე დედავ!
სიკვდილი, შიში და შეჩვენება,
სიკვდილი, შიში და შეჩვენება...
გალაკტიონმა ადრიდანვე გაიცნობიერა საკუთარი მსოფლგანცდის მგრძნობიარე პროცესების მსგავსი
პოლარიზაციის გარდუვალობა. არსებითად, ამაზე მეტყველებს 1919 წელს გამოცემული კრებულის
საგულდაგულოდ შერჩეული სახელწოდება – „თავის ქალა არტისტული ყვავილებით“. მისივე განმარტებით
თავის ქალა არის „სიმბოლო ჩვენი არსებობისა და საშინელი წლების. ყვავილები – სიმბოლო არტისტული
გრძნობებისა მშვენიერებისადმი“. ამ სიმბოლურ განზომილებათა გარეშე ძნელია გალაკტიონის ლირიკული
ინტერპრეტაციების სრულყოფილი გააზრება. თვით სახელწოდების წარმომავლობას (ცნობილია, რომ იგი
აღებულია ბოდლერის ლექსიდან) აქ ნაკლები მნიშვნელობა არ ენიჭება.
ქართული სიმბოლიზმის აღიარებულმა თეორეტიკოსმა ვალერიან გაფრინდაშვილმა თავის დროზე
საგანგებო ყურადღება მიაქცია პოეტისათვის აუცილებელ პოზას. საგულისხმოა, რომ 10-20-იანი წლების
ქართულ მოდერნისტულ მწერლობაში ამ ცნებამ ფართო შინაარსი შეიძინა. ხელოვანის პოზა
გარესამყაროსთან „პოეტური დამოკიდებულების“ ფორმად იქნა აღიარებული. ამასთან დაკავშირებით თვით
ვ. გაფრინდაშვილი შენიშნავდა: „ლირიკა არის პოეტის ავტოპორტრეტი... ავტოპორტრეტი გულისხმობს
პოზას... დღეს პოზა ლირიკაში სიმბოლურია, რადგან ლირიკას სწამს გარეგანი სინამდვილე, როგორც
საშუალება და არა როგორც მიზანი, როგორც ფენომენი და არა როგორც ნოუმენი“.
გალაკტიონის სიმბოლურ პოზას ანუ ავტოპორტრეტს, ერთი მხრივ, „თავის ქალის“ (არსებობის
საშინელება) და, მეორე მხრივ – „არტისტული ყვავილების“ (სწრაფვა ამაღლებულისაკენ) გამუდმებულ
შეჯახებათა საბედისწერო ტრაგიკულობა ახასიათებს. ტრაგედიის უფსკრულს კიდევ უფრო აღრმავებდა ის
გარემოება, რომ დროთა განმავლობაში „საშინელი წლები“ ჯოჯოხეთურად აუტანელი კატაკლიზმებით
მძიმდებოდა. ამგვარი ცხოვრება, რეალური ყოფა, გამეტებით უტევდა მის ფაქიზ შეგრძნებებს, აჭკნობდა და
იავარქმნიდა თვით „არტისტული ყვავილების“ მომხიბვლელ მშვენიერებას. ასეთ ვითარებაში, როგორც წესი,
ან მუზები იღუპებიან, ან მათი ერთგული ქვეშევრდომები. მაგრამ გალაკტიონის ადრეული ლირიკა,
კრებული „თავის ქალა არტისტული ყვავილებით“, ვითარცა თვით პოეტის სიმბოლური ავტოპორტრეტი,
ერთგვარი შინაგანი გაწონასწორებულობით ხასიათდება. შემთხვევითი არაა, რომ დასახელებულ წიგნს ჩვენ,
ნებსით თუ უნებლიეთ, მხოლოდ „არტისტულ ყვავილებად“ მოვიხსენიებთ ხოლმე, რაც კრებულში
თავმოყრილი ლექსების საერთო განწყობილებითაც არის ნაკარნახევი. „ყრმა, მეოცნებე და გენიოსი“, –
ასეთია პოეტის თავდაპირველი ავტოპორტრეტის ზოგადი შტრიხები. „შორეული ცის სილაჟვარდისკენ“
მიპყრობილი დენდის, „მეფის, მგოსნის“ შთაგონებული მზერა კი ამ ავტოპორტრეტის მრავლისმეტყველ
ფრაგმენტს წარმოადგენს. მართალია, იქვე ილანდებიან „შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებიც“, მაგრამ
ისინი ჯერ კიდევ „ღამეულ ზმანებათა“ ბურუსში არიან გახვეულნი. თანაც, ლურჯა ცხენების დაუოკებელი
ქროლვა ისეთი სიმაღლეებისაკენ იტაცებს მეოცნების ცხოველმყოფელ ფანტაზიას, საიდანაც თვით
სიკვდილის მრუმე მორევიც კი ანკარა წყალივით თვალისმომჭრელად ირეკლავს მზის დამაბრმავებელ
სხივებს. გამოუსწორებელი ესთეტის ჯიუტ მიზანსწრაფვას მინდობილი შინაგანი მზერა მთლიანად
შეპყრობილია მშვენიერი და ამაღლებული ხილვებით. ამ მზერის მაგიური ძალა იმდენად ყოვლისმომცელია,
რომ მის არეალში მოხვედრისთანავე საგნები თითქოს უმალ იცვლიან თავდაპირველ სახეს, სწორედ ისე,
როგორც ზღაპრებში ხდება ხოლმე, ჯადოსნური კვერთხის მოქნევისას. ასე იწყება არტისტულ „შერიგებათა“
უჩვეულო ფოიერვერკი, სადაც შეუვალად ბატონობს წმინდა ესთეტიკური მსოფლგანცდა.
ამაღლდი სულო, თეთრ აკლდამაზე
მშვენიერების ლექსით მქებელი,
დღეს მხოლოდ მზეა და სილამაზე
სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი.
ვაჟა-ფშაველასაგან განსხვავებით („შენ გენაცვალე სიკვდილო, სიცოცხლე მშვენობს შენითა“) შერიგების
სურვილი აქ სიკვდილის, როგორც ასეთის, ლირიკულ-ფილოსოფიური განსჯის შედეგად არ იბადება.
გალაკტიონის პოეტურ აზროვნებაში თვით სიკვდილის ღირებულება, უწინარეს ყოვლისა, სამყაროს
ესთეტიკური მოდელირების მთლიანი კონტექსტით არის განსაზღვრული. ამიტომ „შერიგების“ ლირიკულ
განწყობაში სწორედ სიცოცხლის, სილამაზის სტიქია ბატონობს და არა სიკვდილისა. ასეთია „არტისტულ
გრძნობათა“ სამყარო, სადაც თვით ყოვლისშემძლე თანატოსიც შესაძლოა, უბრალო დეკორატიულ
პერსონაჟად მოგვევლინოს. ამ სამყაროში მთავარია მომხიბვლელი პოზა და არა მხოლოდ პოზა,
სიმბოლური ავტოპორტრეტი და არა საკუთრივ პორტრეტი, სიკვდილთან ლამაზი შერიგება და არა თავად
სიკვდილი, ანუ... „ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი“ და არა საერთოდ, თვითმკვლელობა...
„არტისტული ყვავილების“ ლირიკული პერსონაჟი სიმბოლური გმირია. სიმბოლურია მისი ვნებებიცა და
ფათერაკებიც. „თეთრ აკლდამებზე“ ამაღლების ჟამსაც კი მას არ ძალუძს იარსებოს უმძაფრესი ემოციების
გარეშე. თვალს არიდებს რა „თავის ქალას“ – ამქვეყნიურ საშინელებას, გამუდმებით იცვლის ნიღბებს და
თავისთვის ახალ-ახალ დრამებს იგონებს. უფრორე ტრაგიკულ „როლებს“ ესწრაფვის. სწორედ მასში
პოულობს საკუთარი სიდიადის შესაფერის განცდათა სიღრმესა და ბრწყინვალებას. ყოვლისშემძლე
ფანტაზიის მეშვეობით მუდამ სწრაფად და გაუჭირვებლად აღწევს მიზანს, მაგრამ არც ერთი მიზანი აღარ
აკმაყოფილებს. ერთხელაც, „ქვეყნად ყველაფრით უკმაყოფილო“, გიჟური ტრფობით შეპყრობილი რაინდის
ისეთ სასწაულებრივ ვნებათაღელვას გაითამაშებს, გაოგნებისაგან ლამის სუნთქვა შეგვეკრას. აი, ისიც:
ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, –
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი...
ვიწრო კამერული განწყობილებით ცხოვრება ნამდვილად არ აღმოჩნდა მისი სტიქია. თუ უყვარს,
იმგვარად უყვარს, რომ ბობოქარ გრძნობით მთელი ხმელეთის გადაფარვა ხელეწიფება. სატრფოს იდუმალი
მშვენიერების მეტაფორული ხატებიც სწორედ ამ გრძნობის ვარიაციული მიმოქცევის შედეგად იქმნება.
მაგალითად, „ღამეს ელვარე დღე შეუცვლია თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი“. ძნელი მისახვედრი არ
უნდა იყოს, რომ მსგავს შემთხვევაში პოეტი „არტისტული გრძნობებით“ გამსჭვალული სიმბოლური პოზის
დამკვიდრებას ესწრაფვის. ეს პოზა კი დროთა განმავლობაში სულ უფრო ტრაგიკულ იერს იძენს.
დოსტოევსკის ტანჯვისადმი „საღმრთო შურით“ შეპყრობილ ლევ ტოლსტოის მსგავსად, რომელიც დღენიადაგ
მოწამებრივ ცხოვრებას ნატრობდა, გალაკტიონიც, თითქოს, საგულდაგულოდ იღვწის: რაც შეიძლება მეტი
ტრაგიზმით დატვირთოს ავტოპორტრეტი, ამიტომ ეს უკანასკნელი თანდათანობით მძიმდება „უმიზეზო
წვალების“, „უმოწყალო მარტოობისა“ და საერთოდ, „ათას საუკუნის მძიმე ტრაგედიის“ პირქუში ფერებით.
უკვე ცხადად ილანდება „ვიღაც მესამე, ვიღაც მახინჯი“. „ყორნების საუბარიც“ ავისმომასწავებლად ჩაესმის
ყურათასმენას. შუბლზე კი ძალუმად შეიგრძნობს „ბედისწერის ცივ ხელისგულს“. და მაინც „ეკლიან გზაზე“
მოუცილებლად თან დაატარებს პოეზიის სასწაულმოქმედ რწმენას. ნუგეშს და თავშესაფარს მუდამ მხოლოდ
მის ნათელში ჰპოვებს „მაგრამ შენი მზე სიბნელეს გახევს და დაადგება შუბლს ნათელივით“... მხოლოდ
რუსთველის, ბარათაშვილის, აკაკის, ედგარ პოს, ვერლენისა და ხელოვანთა სამეფოს სხვა ძვირფას
ბინადართა შორის აღიქვამს თავისთავს „თავისუფალ და სრულუფლებიან მოქალაქედ“. სულიერი შეჭირვების
ჟამსაც მათ აჩრდილებს მოუხმობს და მარტოობის განცდას ტკივილნარევი მოგონებებით იქარვებს. –
„ხშირად ვიხსენებ ვერლენს, როგორც დაღუპულ მამას“... „მამის დაღუპვის“ თემა ანუ „დაღუპული მამის“
ხატი, თავის ქალა – არტისტული ყვავილების სიმბოლურ დაპირისპირებათა კონტექსტში უნდა გავიაზროთ.
„მამა ვერლენი“ მარადიული ღირებულებაა. მშვენიერებისაკენ იმ არტისტული ლტოლვის სიმბოლოა,
რომელიც უმოწყალოდ იღუპება „საშინელ წელთა“ სუსხში. ეს თვით გალაკტიონის „არტისტულ გრძნობათა“
ტრაგედიაა, მისსავე შინაგან სამყაროში დატრიალებული დრამაა. ამის თაობაზე^ მოგვიანებით უფრო
დაუფარავად და გაშიშვლებულად იტყვის:
ეხლა შენ სულში
ყვავილისთვის მზე აღარ არის,
მზე აღარ არის და არ არის არარაიმე...
უმზეოდ, როგორც წესი, ყვავილები ვეღარ ყვავილობენ. უმზეობა და უსინათლობა ასევე მკვეთრად
ცვლის შუქ-ჩრდილების განლაგებას ავტოპორტრეტზე და ამდენად მასზე უკვე არა სიმბოლურ,
არამედ ღრმად რეალურ დაპირისპირებათა ნაკვალევს ტოვებს.
ვისაც სერვანტესის გენიალურ ქმნილებაში კაცობრიობის უკეთესი ნაწილის ტრაგედია ამოუკითხავს,
უთუოდ გაახსენდება, რომ ამ ტრაგედიის კულმინაციას თვით ლამანჩელ იდალგოს არსებაში მომხდარი
კატასტროფა – დონ კიხოტის ნაადრევი „სიკვდილი‘“ წარმოადგენს. ულმობელი სინამდვილის მარწუხებში
მოქცეული ალონსო კიხანა იძულებულია „გონს მოეგოს“ და აღიაროს, რომ დონ კიხოტი ამქვეყნად
საერთოდ არ არსებულა და რომ მშვენიერი დულცინეა ტობოსელის ამაღლებული ტრფობაც მხოლოდ
ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი ყოფილა. ილუზიების ამგვარ არაადამიანურ მსხვრევას, ასეთ არნახულ
იმედგაცრუებას მალევე ეწირება მეოცნებე იდალგოს სიცოცხლე. ცხადია, მას, ვინც ერთხელ მაინც
განიცადა დონ კიხოტად ყოფნის რომანტიკა, სურვილიც არ გასჩენია მოეგერიებინა ტრაგიკული
მეტამორფოზის უკანასკნელი დარტყმა. დონ კიხოტი აქ შემთხვევით როდი ვახსენეთ. ალბათ, არავის
გაუჭირდება იმ ხილული თუ უხილავი ძაფების შემჩნევა, რომელიც პოეტური სულის ადამიანებს
აკავშირებთ მწუხარე სახის რაინდთან. ყოველ მათგანში ჩაბუდებული თამამი ოცნებები და მისწრაფებანი
ხშირად ველზე გაჭრილ დონ კიხოტივით ეწირება ცხოვრების მშრალ და, უმეტეს შემთხვევაში,
სულისშემხუთავ ატმოსფეროს. ისინი მარადიული ბავშვობისათვის, ანუ, როგორც იტყვიან, „დიდი
ბავშვობისათვის“ არიან განწირულნი და სწორედ აქაა მათი შინაგანი წინააღმდეგობების სათავე, ნათქვამი
მით უფრო ესადაგება რომანტიკული განწყობილების პოეტებს. ზემოხსენებული ტრაგიკული მეტამორფოზა
ბარათაშვილის შემდეგ ჩვენში ისე მძაფრად არავის განუცდია, როგორც მარტოობის ორდენის კავალერად
შერაცხულმა გალაკტიონმა განიცადა.
„არტისტული ყვავილების“ შემდეგ „ცხოვრების უსამართლობასთან“ სამკვდრო-სასიცოცხლო ჭიდილის
მოტივი, არსებითად, მთლიანად მსჭვალავს მის პოეზიას. „ახალმა დრომ“ ახალი ქარტეხილები დაატეხა
პოეტს, ყურთასმენას აშკარად ეხამუშებოდა „სხვა ხალხის ჟრიამული“, ამიტომაც მძლავრობს მწარე
იმედგაცრუება მის სულისშემძვრელ ამოკვნესაში:
არის ცხოვრების უსამართლობა
შენთან მოსული მწარე ფიალით,
ის ეკლის გვირგვინს შუბლზე დაგადგამს
და შუბლი ელავს სისხლის რიალით.
20-იანი წლების მიწურულიდან მოყოლებული, გალაკტიონის ცხოვრების ყოველ ფურცელზე „თავის ქალის“
– საშინელ წელთა მკაცრი ხელწერაა აღბეჭდილი. პოეტის ჩინებულმა ბიოგრაფმა ვახტანგ ჯავახაძემ,
იშვიათი სიყვარულითა და რუდუნებით დაწერილი „უცნობის“ ავტორმა, მკაფიოდ წარმოაჩინა გალაკტიონის,
როგორც ხელოვანის პიროვნული ტრაგედიის პერიპეტიები. „ხანმა უნდობარმა“ მას საბოლოოდ ჩამოუყალიბა
მტანჯველი აზრი განწირულობის შესახებ. განგებამ თითქოს იმთავითვე გამოარჩია, რათა საკუთარი
უმძიმესი გამოცდილებით შეემოწმებინა გავრცელებული წარმოდგენა რეალურ ცხოვრებასა და „დიდ პოეტთა“
შორის საბედისწერო კონფლიქტის გარდუვალობაზე. ამაღლებულ ფასეულობათაგან დაცლილი ყოფა
რადიკალურად გამორიცხავდა მასთან შერიგების შესაძლებლობას. ამიტომ კონფლიქტმა ერთობ მწვავე და
დაუნდობელი ხასიათი მიიღო. „რად გინდა იყო დიდი პოეტი, თუ სიცოცხლეში ხარ უბედური?“ მსგავსი
ჩივილი ხშირად მოისმის ჩვენი „დიდი პოეტის“ სევდიანი სტრიქონებიდან. ცამეტჯერ თავის მოკვლის
ტრაგიკული სურვილის განცხადებაც ვერ აღძრავს ისეთ შემაძრწუნებელ განცდებს, როგორც გალაკტიონის
საუბარი „უბედურ სიცოცხლეზე“,
სიკვდილს მე როდი შევუშინდები,
იგი, ძმა, მუდამ ჩვენს მხარეზეა,
მე მაშინია იმგვარ სიცოცხლის,
სიკვდილს რომ ჰგავს და უარესია.
ეს „შიში“ არ ყოფილა მარტოოდენ სიკვდილ-სიცოცხლის მედიტაციური განსჯის ნაყოფი. სიცოცხლის,
როგორც უმაღლესი ამქვეყნიური ღირებულების უკიდურესმა გაუფასურებამ, ახალ კონტექსტში მოაქცია ეს
პრობლემა. ამჯერად უკვე ლაპარაკი აღარაა ლამაზ, არტისტულ შერიგებაზე („ვით შეიძლება იქნე ლამაზი,
როცა სიტლანქე მოდის მგმობელი“).
როგორც ითქვა, „არტისტულ პერიოდში“ სრულად განხორციელდა სიკვდილის ესთეტიკური დაძლევა,
ახლა რეალურ საშიშროებად იქცა „სიკვდილზე უარესი სიცოცხლე“, რომელიც გადაულახავ ჯებირად
აღიმართა პოეტის წინაშე. „ქვეყანა გაცვდა, ვით ძველი გროში, უდაბურებად იქცა ყოველი“... ასეთ
გაუსაძლის წუთისოფელში კატასტროფულად გამოიფიტა ადამიანის სულიერი სამყარო; უფრო მეტიც, სენი
ტოტალურად მოედო მთელ ქვეყანას. გალაკტიონს ზედმიწევნით ჰქონდა გაცნობიერებული თავისი პირადი
ტრაგედიის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი გარშემო მიმდინარე საყოველთაო ცოდვათდაცემის პროცესთან. ამის
გამო მის პოეზიაში შესამჩნევად იმძლავრა შინაგანი პროტესტის ნაკადმა, რომელიც გარკვეულად
ენათესავება განვლილ საუკუნეებში ჩვენს მწერლობაში გავრცელებულ „სოფლის სამდურავის“ მოტივს.
დავით გურამიშვილის სევდის, სიკვდილის ესთეტიკის, უსახლკარობისა და უსამშობლობის ანალოგს
ქართველი სიმბოლისტები ფიროსმანის და მეტადრე ვერლენის ცხოვრებასა და შემოქმედებაში ხედავდნენ.
პარალელების ძიებათა კვალდაკვალ, ჩვენ უთუოდ უნდა ვახსენოთ გალაკტიონიც. მართალია, დიდი
წინაპრისაგან განსხვავებით, იგი თითქოს „დაინდო“ ბედისწერამ და თავიდან ააცილა გადახვეწის სიმწარე,
მაგრამ იმავე ბედისწერამ ცოდვილ თვისტომთა ხელით იმდენი შხამი და სამსალა შეასვა, რომ
სათაყვანებელ სამშობლოში ნამდვილი საქართველოს ხილვა სანატრელი გაუხდა – „დადიოდე და ხედავდე,
ეს არ არის საქართველო“... ცხადია, კარგად გვესმის, რომ თვით იდეალურ გარემოშიც კი ჭეშმარიტი
ხელოვანის სულიერი კმაყოფილება ისევე წარმოუდგენელია, როგორც ანგარიშმიუცემელი ღიმილი მაცხოვრის
ბაგეზე (მაგალითად გოეთეს გახსენებაც იკმარებდა), მაგრამ იმის წარმოდგენა კი გვმართებს, თუ რა მძიმე
ტვირთად, რა სიზიფეს ლოდად აწვებოდა პოეტს, ერთი შეხედვით, უბრალო და ჩვეულებრივი დღიური
ყოფა, ანუ, როგორც თვითონ იტყოდა, „ცოცხალი ცხოვრება“.
რა საჭიროა თალხი,
თუ უგულოდ და ძალით
მშვიდობიანი ხალხი
დაემსგავსება ჯალათს?
აი, ამ ჯალათის პირისპირ იდგა იგი მარტოდმარტო, მხოლოდ ეფემერების, ლურჯა ცხენებისა და
სანთელივით მთრთოლვარე სულის ამარა. იდგა თავდაუხრელად, სწორედ ისე, როგორც „სულის გმირს“
(თომას მანი) შეჰფერის, რომელიც უმალ სიკვდილს არჩევს, ვიდრე ამპარტავან პატრიცთა გულის
მოსაგებად გამართულ გლადიატორთა დამამცირებელ ორთაბრძოლაში გარევას.
გალაკტიონის „სოფლის სამდურავი“ შემოქმედებითი ცხოვრების იმ საფეხურიდან იწყება, რომელიც ჩვენს
ლიტერატურისმცოდნეობაში „მიწასთან დაბრუნების“ სახელითაა ცნობილი. თვით დაბრუნებას ტრაგიკული
შედეგი – „მწარე გათიშვა ფიქრთა და სინამდვილეს შორის“, ჩვეულებრივ რომანტიკული ილუზიების
მსხვრევაზე როდი მიგვანიშნებს. ამ სინამდვილის, საშინელი ცხოვრების ალეგორიული გამოცხადება –
რკინის ბორბლებზე შემდგარი პირქუში მატარებელი („უკანასკნელი მატარებელი“) უკვე მთელი სისწრაფით
მიაქროლებს მძიმე ვაგონებს. მატარებელმა შეუბრალებლად თან გაიყოლა „იმედი“, ბორბლებქვეშ მიმოფანტა
ინტიმურ გრძნობათა ძვირფასი საგანძური, რამაც სამარადისო განშორების უმწარესი სევდა არგუნა
პოეტს.
აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები,
მივდევ ვაგონებს, მახრჩობს გრძნობები.
გემშვიდობები სამარადისოდ,
სამარადისოდ გემშვიდობები.
„საშინელ წელთა“ შურისძიებამ თითქოს საბოლოოდ დაამსხვრია არტისტულ გრძნობათა ეფემერული
სამყარო და მიწაზე დანარცხებული პოეტი მეამბოხე პრომეთესავით მიაჯაჭვა მიუვალ კლდეზე. მატარებლის
ყურისწამღები ხმაური ახშობს უნაზეს მუსიკას, ორთქლმავლის რუხ კვამლში ეხვევა სიკვდილ-სიცოცხლის
შემარიგებელი მზისა და სილამაზის ხატება... ყმაწვილობიდანვე ტრაგიკულ სიმაღლეთა დაპყრობის მოსურნეს
აწ უკვე აღარ მოუწევს შესაფერისი ნიღბების ძიება, აღარც ჰამლეტის, არც ლირის, აღარც ამირანისა...
ცხოვრებამ თავად იზრუნა, რათა თავის „რეალურ პროტაგონისტად“ ექცია პოეტი. მაგრამ ასეთ გაუსაძლის
ვითარებაშიც გალაკტიონი პოულობს ტრაგიკულ განცდათა მხოლოდ მისთვის, ანუ ჭეშმარიტი პოეტისათვის
მისაღებ ლირიკულ ფორმულას, რითაც თავს აღწევს მოსალოდნელ „გრძნობათა დამიწების“, პოეტური
ინტერპრეტაციის სიბრტყეზე განმეორებას. ემპირიული დრამა ლირიკული აქტის უმაღლეს რეგისტრში იწყებს
აჟღერებას. ასე ჩნდება აღნიშნული რეგისტრის შესატყვისი და გამოსახვის მხრივ უაღრესად ტევადი
გამონათქვამი – „გამოსალმების ხელოვნება“. გალაკტიონის პოეტური „მე“ ანუ ლირიკული გმირი, ამ სასტიკ
„ხელოვნებაში“ უბადლოდ „თამაშობს“ მისთვის განკუთვნილ ტრაგიკულ როლს.
ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი, –
ყოველჟამს ვკარგო თითო იმედი, –
გამოსალმების ხელოვნებისთვის
ნუთუ არვინ არს პოეტის მეტი?
ლირიკული მონოლოგის უკანასკნელი ფრაზა, რიტორიკული შეკითხვა, თავისთავშივე შეიცავს პასუხს.
მისი წარმოდგენა, ალბათ, ძნელი არ უნდა იყოს.
სცენის შუაგულში დგას სასიკვდილოდ დაჭრილი ტრაგიკული პროტაგონისტი-პოეტი და ათრთოლებული
ხმით წარმოთქვამს ამ მონოლოგს. მაყურებელთა წარმოსახვაში ცოცხლდებიან ყველა დროისა და ყველა
კუთხის „დაწყევლილი თაობები“, ბედისწერას შეჭიდებული სიტყვის მაგიის ჯადოქრები, მელექსენი და
მეოცნებენი... ბოლოს კი, დარბაზთან გამოსალმებისას, როდესაც გმირი უნიღბოდ უნდა წარუდგეს
მაყურებელს, ირკვევა, რომ მას საკუთარი ტრაგედია გადმოუშლია, თურმე ნამდვილი ჭრილობითა და
მართალი ტანჯვით გამოსულა სცენაზე. სისხლის უკანასკნელ წვეთსაც იგი იქვე ღვრის და ყველას
თვალწინ, გაჩახჩახებულ სცენაზე ეთხოვება „უბედურ სიცოცხლეს“...
„ლირიკოსი თვითონ არის ამ თეატრის მსახიობი, რეჟისორი, ავტორი და მაყურებელიო“, შენიშნა
გალაკტიონის თანამედროვე ერთმა პოეტმა. თავად კი ინატრა: „... და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის
სევდიან გედად“...
მისი უკანასკნელი გამოსალმებაც სწორედ ასეთი იყო.
1992 წ.
* * *
„ცეცხლი აკაკი, გმირი ვაჟა, ბრძენი ილია“...
ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ გალაკტიონის ამ კლასიფიკაციაში ვაჟა-ფშაველას ადგილი
განსაკუთრებულია.
გმირობა ზნეობრიობის მწვერვალია.
ალბათ ამიტომ იყო, რომ საქართველოს უპირველესი ლირიკოსი ვაჟას ადგილს სწორედ ზნეობრიობის
მწვერვალზე წარმოიდგენდა.
ვაჟა-ფშაველა დიდ დროსა და სივრცეში მოძრავი გმირია. მისი ყოვლისმომცველი ჭვრეტა ერთნაირი
ინტენსივობით აღიქვამს სამყაროს სამივე გარსს. ის დევების ქორწილში მოხვედრილი „ვინმე ყმაცაა“ და
უსულო საგნებისთვის „სულის ჩამდგმელი“ სასწაულმოქმედიც; ვაჟა ათ-ათი კაცის სანთლით მძებნელი
დაუოკებელი შეთქმულია, რუსთველთან და გურამიშვილთან თავმდაბლად მოლაპარაკე მელექსეა,
ჭეშმარიტების ტრფიალი და სამართლიანობის ქომაგია.
ვაჟა-ფშაველა კოსმოსის ცენტრში დგას. მის გარშემო მწყობრად მოძრაობენ ხილული თუ უხილავი
სამყაროები. სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა გმირის სრულყოფა, მით უფრო ისეთი გმირისა, რომელიც
თავის თავში აერთიანებს ქვეყნიერების რეალურ და სიურრეალურ განზომილებებს.
ეს ის მასშტაბია, რომლითაც ნამდვილად შეიძლება ვაჟა-ფშაველას შეცნობა.
2014 წ.

თურმე არც რამე დაკარგულიყო


ცოცხალი შთაბეჭდილებები დროთა განმავლობაში ფერმკრთალ მოგონებებად იქცევა და შესაძლოა,
დავიწყებასაც მიეცეს. მაგრამ ადამიანის მეხსიერება არც ისე ცივი და ანგარიშმიუცემელია, რომ იქ
თავმოყრილი ძვირფასი საგანძური ხელაღებით უარყოს და მარადიული დავიწყებისთვის გაიმეტოს.
უბრალო ნივთის დაკარგვაც კი ჩვენ ისე გვაფორიაქებს, რომ ამის გამო ზოგჯერ წონასწორობას
ვკარგავთ და ვერ ვისვენებთ, სანამ დაკარგულს არ ვიპოვით.
ეს, ერთი შეხედვით, მოსაბეზრებლად რუტინული მდგომარეობაც ადამიანის სიღრმისეული ფსიქოლოგიის
თვალსაჩინო ანარეკლია. ალბათ, სწორედ ამაზე მიანიშნებდა ნეტარი ავგუსტინე, რომელიც კაცებრივ
მეხსიერებას „უსასრულო და გონებამიუწვდომელ ტაძრად“ მიიჩნევდა. მართალია, დღეს ამ „ტაძარში“
წესრიგი არ სუფევს, მაგრამ მოდით, ვიკითხოთ: „როცა მეხსიერება კარგავს რაიმეს, ანუ როცა
გვავიწყდება რაღაცა და მის გახსენებას ვცდილობთ, მაშინ სად ვეძებთ დანაკარგს, თუ არა თვით
მეხსიერებაში?.. ვინ დაუწყებს ძებნას დაკარგულ ნივთს, მისი დაკარგვის ამბავიც რომ დავიწყებოდა?“ შუა
საუკუნეების რიტორიკისთვის დამახასიათებელი ეს მეტაფიზიკური წიაღსვლა იმ უხილავი
კანონზომიერებისადმი ნდობით და პატივისცემით არის გამსჭვალული, რომელსაც ჩვენს მეხსიერებაში
„წესრიგის აღდგენა“, ანუ დაკარგულის და დავიწყებულის გაცოცხლება ხელეწიფება.
დღეს ხშირად ვსაუბრობთ მყარ და დაურღვეველ ისტორიულ მეხსიერებაზე. გვსმენია, რომ არსებობს
შორეულ წარსულში ღრმად დამარხული ეროვნული ყოფიერების ირაციონალური და ინტიმური
საიდუმლოებანი; ისიც ვიცით, რომ ერი არის ისტორიული პროცესის მარად ცოცხალი სუბიექტი და მასში
არანაკლებად ცოცხლობენ გარდასული თაობები, ვიდრე თანამედროვენი. ჩვენ ურყევად გვწამს, რომ
ეროვნული ყოფიერება უთუოდ სძლევს დრო-ჟამს, რომ ერის სული პრინციპულად ეწინააღმდეგება
წარსულის შთანთქმას აწმყოთი, ის ყოველთვის ესწრაფვის უხრწნელობას და სიკვდილის ძლევას.
ისტორიული მეხსიერება ჩვენს წინაპრებსაც ისეთივე ცოცხლებად აღიარებს, როგორც ჩვენ ვართ და
როგორც ჩვენი შთამომავლები იქნებიან.
აი, ასეთი უწყვეტობის და შინაგანი კავშირის უზრუნველსაყოფად არის მოწოდებული ისტორიული
მეხსიერება. თუმცა ტრაგიკული დანაკარგები და წყვეტილობანი აქაც თვალშისაცემია.
„რაღაც მნიშვნელოვანი დაგვეკარგა სამუდამოდ, გლოვის, ტრაგიზმის იერით აღბეჭდილი და,
იმავდროულად, ჰეროიკული სულით გაჟღენთილი“.
დიახ, დავკარგეთ! დავკარგეთ მთელი თაობის ბრწყინვალედ შესრულებული პორტრეტები, ხანგრძლივი
მოლოდინის შემდეგ ფრთაშესხმულ გმირთა საარაკო თავგანწირვის ამსახველი ნაირგვარი სურათები და ავი
დროების თავზარდამცემი სისხლიანი ქრონიკები. ეს ყველაფერი კი იმიტომ დავკარგეთ, რომ რომანი „შავი
ჩოხა“ მიხეილ ჯავახიშვილს არასოდეს დაუწერია. 1926 წელს მან მხოლოდ მომავალი ქმნილების სათაურის
ჩანიშვნა მოასწრო: – „შავი ჩოხა“, მაგრამ ეს ქმნილება შექმნამდე დაიკარგა!
აი, კიდევ ერთი ტრაგედია! ტრაგედია და თანაც როგორი მასშტაბისა!..
რამდენი პროტაგონისტი, რამდენი მოქმედება, რამდენი მღელვარე და გულისგამყინავი სცენა, რამდენი
ცრემლი და აღმაფრენა, აღმაფრენა და ცრემლი!..
ეს ტრაგედია ათეული წლების განმავლობაში ელოდებოდა ღირსეულ დრამატურგს, რომელსაც
ზედმიწევნით უნდა აღედგინა ისტორიული სიმართლე და ქართველი ერის სულიერი რაობა სრულყოფილად
წარმოეჩინა; მას უნდა გაეცოცხლებინა რაინდული სულისკვეთებით გამსჭვალული სახეები და ხასიათები.
როსტომ ჩხეიძემ ეს შეძლო!
„რაღაც მნიშვნელოვანი სამუდამოდ დაგვეკარგაო...“ მაგრამ არა! თურმე არ დაკარგულა!
სად ვეძებთ დანაკარგს, თუ არა თვით მეხსიერებაში?
როსტომ ჩხეიძემ ქართველი ერის ისტორიულ მეხსიერებაში იპოვა ის, რაც აქამდე დაკარგული
გვეგონა!
მან თავად დაწერა თავისი „შავი ჩოხა“ და 1924 წლის აჯანყების გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილი სწორედ
ისეთი სიმართლით დახატა, როგორც თვითონ მიხეილ ჯავახიშვილი დახატავდა. მეტიც: ამ სქელტანიანი
რომანის თითქმის ყოველ ეპიზოდში დიდი მწერლის ფიქრიან მზერას ვაწყდებით.
როსტომ ჩხეიძე ამაოდ წუხს: „ვაითუ მიხეილ ჯავახიშვილის თემების კვალში ჩადგომა სახიფათო
გაგვიხდესო...“ საქები თავმდაბლობაა, მაგრამ მის ხელთ არსებული კოლოსალური ისტორიული მასალა და
ამ მასალის მხატვრულ-ექსპრესიული დამუშავების უბადლო ხელოვნება როსტომ ჩხეიძის რომანს სრულიად
ორიგინალურ ელფერს ანიჭებს. ამიტომ ერთობ ძნელდება „შავი ჩოხის“ მოთავსება სათავგადასავლო
ჟანრის ჩარჩოში. აქ თანმიმდევრულად არის წარმოდგენილი ქართველი ერის კულტურულ-ისტორიული
ცნობიერების მრავალფეროვანი პანორამა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი
მოვლენები. ამ მოვლენათა ანალიტიკური ფონი კი ინტელექტუალური არისტოკრატიზმის მთელი
სრულყოფილებით იზიდავს მკითხველის ყურადღებას. რომანში შთამბეჭდავად არის გაცოცხლებული ერის
ისტორია და ისტორიული გონი, ამოქმედებული და ამეტყველებულია ყველა რესურსი – მითებით
დაწყებული, პოლიტიკური დეკლარაციებით დამთავრებული.
* * *
1924 წელს ქართველ ხალხში მისივე უმანკოება აჯანყდაო, – იხსენებდა შალვა ამირეჯიბი. გაცილებით
ადრე, დიდი რევოლუციების მომსწრე ლაფაიეტი აჯანყებათა პირველმიზეზად ადამიანის წმიდა გრძნობებს
ასახელებდა; ხოლო ვიქტორ ჰიუგო ამ მოვლენას „აღშფოთებული სიმართლის“ ჯანყს უწოდებდა. ქაქუცა
ჩოლოყაშვილისთვის კი 1924 წელი სამშობლოს გათავისუფლების ჰეროიკული წყურვილით იყო დამუხტული.
მანამდე, 1921 წლის თებერვალში, როცა წითელმა არმიამ საქართველოს საზღვრები გადმოლახა, ქაქუცა
ჩოლოყაშვილის ერთგული თანამებრძოლი და ბიოგრაფი ალექსანდრე სულხანიშვილი თანამემამულეთა
უნიათობით გაოგნებული და აღშფოთებული, – ასე აღწერდა ქვეყანაში დატრიალებულ ტრაგედიას: „რა
ნახა ჩემმა თვალებმა! გვარდიელებს თოფები ჯოხებივით გაედოთ მხრებზე და ოც-ორმოცკაციან ჯგუფებად
მიეხეტებოდნენ სახლებისკენ... საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას მანამდე არ ახსოვდა მტრის
ასეთი სამარცხვინო შემოშვება ჩვენ მიწა-წყალზე“.
რატომ მოხდა ასე? დაკვირვებულ და გამოცდილ გონებას ასეთ შემთხვევაშიც შეუძლია მზამზარეული
პასუხის შემოთავაზება. ის გვეტყვის, რომ ხალხი ზოგჯერ თავის თავსაც ღალატობს და ამაში არც
არაფერია გასაკვირი. ასეთ დროს ის არაფერს მოითხოვს, გარდა დასვენებისა; თუ ნატრობს რასმე,
მარტოოდენ მშვიდობას: ოღონდ მოასვენონ და თავი დაანებონ დაღლილს... მადლობა ღმერთს, ყველაფერი
ნახა და იგემა, დიდებული ამბებიც და საზარელი შემთხვევებიც. გაჭიანურებული დღის საღამოს ჟამს
ხალხი მოქანცულია, ლოგინი და ტკბილი ძილი ენატრება. კიდევ უფრო ღრმა სასოწარკვეთილების
აღმძვრელია იმის შეგრძნება, რომ „დაიღალნენ თავგანწირულები, დაბერდნენ გმირები, დიდებულთა ხელის
კოცნით გაძღნენ მლიქვნელები, დიდი სიმდიდრე შეიძინეს ანგარების მოყვარულებმა და ყველაფერი ამით
დასრულდა“ (ჰიუგო).
მსგავსი კრიტიკული მდგომარეობის ანალიზს არც როსტომ ჩხეიძე გაურბის, მაგრამ ის უმალ ეროვნული
ხასიათის სიღრმისეული შრეებისკენ მიაპყრობს მკითხველის მზერას: „ნურც იმას დავივიწყებთ, რომ
ეროვნული ხასიათი ჟამთასვლისა თუ თავსმოხვეულ ვითარებათა გამოისობით ფარულ ცვლილებებს –
გამკვეთრებას თუ დაგლუვებას განიცდის; და ამიტომ მთავარია, რომ იმ ძირეული ნიშატისა თუ ბირთვის
ირგვლივ ბრუნავდეს, მას არ მოწყდეს ან არ გადააგვაროს, თორემ გარეგან გადასხვაფერებას ყოველთვის
ეშველება რაღაც“.
ასეთი პასუხი ამომწურავიცაა და იმედის მომცემიც. მაგრამ მოუსვენარი სკეპსისი თავს მაინც არ
ზოგავს, რათა ძირისძირამდე ჩაჰყვეს ჩვენს მეხსიერებას და იქიდან თავისი არსებობის გამამართლებელი
მტკიცე არგუმენტები ამოატივტივოს. არადა, დედამიწაზე არ დარჩენილა ხანგრძლივი ისტორიის მქონე არც
ერთი ხალხი, რომლის ეთნოგენეზშიც ურთიერთგამომრიცხავი, ან უფრო უკეთ რომ ვთქვათ, – ანტინომიური
ხასიათის მაგალითები არ მოიძებნებოდეს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც როსტომ ჩხეიძის მსოფლმხედველობრივი
თვალსაზრისი უაღრესად მკაფიოა და ამასთანავე, ბოლომდე გაცნობიერებული რწმენით არის
გამყარებული.
„აზვიადებდნენ რამეს ძველები? როცა დაკარგულ რაინდულ სულზე გვამცნობდნენ?“ – კითხულობს იგი
და თავისი გაუნელებელი რწმენის დასტურად, უწინარეს ყოვლისა, სწორედ იმ დაუკარგავ რაინდულ სულზე
მიგვითითებს, რომელიც ასე მომნუსხველად და მომაჯადოებლად გააცოცხლა თავის „შავ ჩოხაში“. „თურმე
არც რამე დაკარგულიყო, ოღონდაც არაფერი მოკლებოდა ამ სულის სრულქმნილებას, რადგანაც ისე
ძალდაუტანებლად ამოჩნდებოდა ახალ და ახალ რეალობაშიც, თითქოს უწყვეტ ჯაჭვზე ჩაუჭიდია ყველას
ხელი და იქიდან იწოვს მადლსა და ძალას, იქიდან აღენთება მისთვის გასაკვირი მუხტით“... აქვეა
სულიერი სრულქმნილების გამაოგნებელი უბრალოებით წარმოჩენილი კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც, თავის
მხრივ, ნებისმიერი დიდი ერის ისტორიას დაამშვენებდა: „ამასთანავე, ამ ბუნების პიროვნებათათვის
განსაკუთრებით შემძვრელია წამის სილამაზე და ერთი ჰეროიკული გაელვებისთვის დაუნანებლად გაიღებენ
სიცოცხლეს“.
* * *
ადამიანები დღემდე გარინდებულნი შესცქერიან დედამიწის სხვადასხვა კუთხეში აღმართულ გრანდიოზულ
პირამიდებს, მავზოლეუმებს, აკლდამებსა თუ მემორიალებს, სადაც მშვიდად განისვენებენ ფარაონები,
იმპერატორები, მაჰარაჯები და ბელადები. თუმცა არავინ იცის, გაიხსენებდა თუ არა მათ სახელებს
შთამომავლობა, – ისტორიის ამ პირქუში მუზეუმებისთვის რომ არ მიენდოთ თავიანთი უკვდავება.
2011 წ.
* * *
– როსტომ ჩხეიძემ – მამამისის – ოთარ ჩხეიძის მწერლურ ბიოგრაფიას თავის დროზე ღრმად
სიმბოლური და, ამასთანავე, მკაფიოდ ისტორიული შინაარსით აღბეჭდილი ეპითეტი მიუსადაგა. მეოცე
საუკუნის მებრძოლი პატრიოტიზმი მან განუყოფლად დაუკავშირა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებას და ამ
ეპოქის ყველა მეამბოხეს „აგვისტოს შვილი“ უწოდა.
„აგვისტოს შვილობა“ დაუმორჩილებლობაა, შეურიგებლობაა, ბრძოლა და თავისუფლებაა. ამ
თვალსაზრისით ოთარ ჩხეიძე გამოუსწორებელი „აგვისტოელი“ იყო. აგვისტოს მარცხიდან დიდი ხნის
შემდეგაც, ის ბოლომდე „აგვისტოს შვილად“ დარჩა და ამ ზნეობრივი მრწამსისთვის არასოდეს უღალატია.
ზვიად გამსახურდია ამიტომაც მიიჩნევდა მის ღვაწლს ჭეშმარიტი მამულიშვილობის ნიმუშად და
მაგალითად.
ოთარ ჩხეიძის მდიდარი პუბლიცისტიკა მძაფრი ეროვნული სულისკვეთებით არის განმსჭვალული.
გასაკვირი არ არის, რომ მწერალი, ვინც შთამომავლობას „მატიანე ქართლისა“ დაუტოვა, განსაკუთრებული
ინტერესით აკვირდებოდა და აანალიზებდა თანამედროვეობის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პრობლემებს და
მათი გადაჭრის გზებსაც სახავდა.
„ფილოსოფოსები ამბობენ „ყველაფერი იცვლება, ყველაფერი მიმდინარეობსო“, მაგრამ უცვლელია
ბედისწერა ერისა, როგორცა სჩანს ჩვენი ერისა. აქამდე უცვლელია ადამიანი. დაწერილმა ისტორიამ
მხოლოდ ეს იცის: უცვლელობა ადამიანისა... ადამიანი უცვლელია. ისტორია ადამიანისაა, ისტორია
უცვლელია“... ასეთ მსოფლმხედველობრივ საფუძველზეა აგებული ოთარ ჩხეიძის ისტორიის ფილოსოფია.
პოლიტიკური პროცესების განვითარებაშიც, იგი, უპირველეს ყოვლისა, ამ ურყევი ლოგიკის
სიცოცხლისუნარიანობას ჭვრეტს და ასეთი უნივერსალური დასკვნის ფორმულირებამდე მიდის: „ყოველი
ტრაგიკული მოვლენა ჩვენს ისტორიაში საქართველოს გარეთა მზადდებოდა და სათანადო ნიადაგს ეძებდა
საქართველოშივე. დევნილნი თუ უკმაყოფილონი მტრულ სახელმწიფოებში ჰპოვებდნენ თავშესაფარს...
მოღალატენი ღალატითვე იღუპებოდნენ“.
ოთარ ჩხეიძე განსაკუთრებული გულისხმიერებით ეკიდებოდა ქართული სახელმწიფოს პრობლემატიკას.
მას ჩინებულად ახსოვდა ჩვენი ისტორიის სასტიკი გაკვეთილები და კარგად იცოდა, თუ რა ტრაგიკული
შედეგები მოსდევდა სახელმწიფოებრიობის რყევას და მორღვევას. „მე საქართველოს მოქალაქე ვარ – ეს
არის ერთადერთი და შესაძლოა უძვირფასესი მონაპოვარი დღევანდელი საქართველოსი, ყველაზე
საფრთხილო, ყველაზე სათუთი, ყველაზე სავალალო, ყველაზე მეტად საზრუნავი მონაპოვარი“. ეს ოთარ
ჩხეიძის სულისკვეთებაა, მისი მამულიშვილური იმედი და სასოებაა. ამ სულისკვეთებით არის ნასაზრდოები
კონსტიტუციური მონარქიის იდეალიც, რომელზედაც მწერალი ჯერ კიდევ 1990 წელს ამყარებდა იმედებს და
რომლის პრაქტიკულ რეალიზებას მაშინ ჩვენთვის მრავალი საბედისწერო ქარიშხლის არიდება შეეძლო.
ალბათ, სწორედ მოსალოდნელი რყევების გამო წინასწარმეტყველური გაფრთხილება იყო ოთარ ჩხეიძის
მიერ საქართველოს ეროვნულ ორგანიზმში ფესვგადგმული მტრობის და ურთიერთდაუნდობლობის თაობაზე
გამოთქმული არაერთი ჭკუისსასწავლებელი შეგონებაც.
2015 წ.
* * *
„თანამედროვე ფრანგული პოეზია სავალალო მდგომარეობაშია. თავად პოეტების აზრით, ამ საქმეში
დიდი ბრალი მიუძღვის დღევანდელ საზოგადოებას, კერძოდ, ერის გულგრილობას. საჭიროა გავაანალიზოთ,
რა გვიშლის ხელს გვიყვარდეს პოეზია“. ასე იწყება გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების
პოპულარული ფრანგი პოეტის და ესეისტის ალენ ბოსკეს წერილი – „პოეტის ხვედრი საფრანგეთში“.
„ადამიანის სიყვარული პოეზიისადმი დიდად არის დამოკიდებული მის აღზრდა-განათლებაზეო“, – შენიშნავს
ავტორი და იქვე დასძენს: „პოეზია საფრანგეთში მხოლოდ ორ ეპოქაში იყო მეტად პოპულარული –
რომანტიზმისა და მეორე მსოფლიო ომის დროს – ე. ი. როდესაც იგი კონკრეტული პოლიტიკური იდეებით
სულდგმულობდა. დღეისათვის პოეტსა და მკითხველს შორის ისე ღრმა უფსკრული ძევს, არასოდეს რომ
არ ყოფილა...“ საყურადღებოა ალენ ბოსკეს კიდევ ერთი მოსაზრება, რომელიც მაშინდელი საბჭოთა
კავშირის რესპუბლიკების კულტურულ ცხოვრებას ეხება: „ამბობენ, რომ სოციალისტურ ქვეყნებში პოეზია
დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ ქვეყნებში გამოცემული ჩვენი პოეტების ნაწარმოებთა ტირაჟი
ფრანგულ ტირაჟთან შედარებით ათჯერ უფრო დიდია. ახლახან საბჭოთა კავშირში ერიხ მარია რილკეს
რჩეული პოემების კრებულის პირველი გამოცემა 80000 ეგზემპლარი დაიბეჭდა...“
„ჯანმრთელმა ადამიანმა ორი დღე შეიძლება გაძლოს უჭმელად, უპოეზიოდ კი – არა!“ – ბოდლერის
ეს სიტყვები ჩვენს დროში, ალბათ, ბევრისთვის ღიმილისმომგვრელი იქნება, მაგრამ იყო დრო, როცა
საქართველოში მართლაც გულმხურვალედ ეწაფებოდნენ პოეზიას.
2012 წ.

ეს იდუმალი ბედისწერანი
* * *
– ჩვენ პატარა-პატარა უიღბლობათა გადატანაც გვიჭირს და წარმოიდგინეთ ცნობიერება ერისა,
რომელიც კატასტროფულ, მუდმივ დამარცხებებს განიცდის.
როცა ვკითხულობთ ერისა და ქვეყნის ბედისწერასთან გადაჯაჭვული ადამიანების ცხოვრებას, ვეცნობით
არა მხოლოდ ერთი პიროვნების, არამედ მთელი ერის ხვედრს, დანიშნულებას, ეგზისტენციას...
რადგან ერსაც თავისი ბედისწერა აქვს.
და როდესაც პიროვნებისა და ერის ბედი გადაეჭდობა ერთმანეთს, ეს ისეთი მდგომარეობაა, გარემო
რომ ირყევა, წისქვილის ქვა იწყებს ტრიალს და ადამიანი არის და აღარც არის საკუთარი ბედის
განმსაზღვრელი.
ამის დასტურად და თვალსაჩინო ნიმუშად კი საქართველოს უახლესი ისტორიაც კმარა. თუმცა...
* * *
– ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ, „რომ არა“...
„რომ არა“... რაც ასე არ უყვარს ისტორიას;
რომ არა საბედისწერო შეჯახებები, წამიერი თუ წუთიერი კავშირები, ადამიანთა, ზოგჯერ ცივილიზაციათა
ავადმყოფობები, რომელიც ალბათ ერთი კაცის ნებით არ ხდება და ხანდახან კაცობრიობის ისტორიასაც
ცვლის...
პოლ ვალერის უთქვამს:
კლეოპატრას ცხვირი ცოტა სხვაგვარი რომ ყოფილიყო, მსოფლიო რუკაც სხვანაირი იქნებოდაო.
... ოღონდ ამ ადამიანებს ამ ქვეყანაში, ამ დროში, ამ ხვედრით ეწერათ დაბადება.
2014 წ.

„ლოდი, რომელიც შეურაცხყვეს მაშენებელთა“


ფრიად დასაფასებელია იმ მცირერიცხოვან მოღვაწეთა თავგამოდება, რომლებიც გაუსაძლის სოციალურ
გარემოში მოქცეულნი, დღემდე სასწაულებრივად ინარჩუნებენ სულიერ-ინტელექტუალურ
სიცოცხლისუნარიანობას და მიძინებულ თანამემამულეებს ამბოხებული გონების შეძახილით აფხიზლებენ.
სამწუხაროდ, ჩვენში (და არა მარტო ჩვენში) მაინცდამაინც მიღებული არ არის სხვისი ნიჭისა და
ცოდნის საჯარო აღიარება, მაგრამ გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ქალბატონ მედეა კუჭუხიძის
ფილოსოფიური ესეების კრებულით აღტაცების გამოხატვას, როგორი სუბიექტურიც უნდა იყოს ეს განცდა, –
მე ჩემს პირად ღირსებად მივიჩნევ!
ასეთი გამახვილებული „თვალი გულისა და გონებისა“, ასეთი ჭკვიანური ხედვა და მომნუსხველი
აქცენტებით გაჯერებული უბადლო თხრობა, დღეს ისეთი იშვიათობაა, რომ აღტაცების დაფარვა, უბრალოდ,
შეუძლებელი ხდება.
თუმცა, აღტაცებასთან ერთად ჩვენ იმ ლოდის სიმძიმესაც შევიგრძნობთ, რომელიც ამაოების მტანჯველ
ფიქრს აღძრავს ადამიანში.
ჭეშმარიტი ფილოსოფოსიც სწორედ ასეთ დროს იბადება.
2011 წ.

ჩამქრალი ელვარება
სულის შემძვრელია იმის გაფიქრება, რომ უნიჭიერეს ახალგაზრდა კაცზე საუბარი მისი აღსასრულით
უნდა დავიწყო. ზვიად გამსახურდიას სიტყვები ამეკვიატა: „პოეტის ცხოვრების ფინალი ხშირად დასაწყისია
მისი შემოქმედების ჭეშმარიტი გაგებისა, ეს ფინალი მუდამ სიმბოლურია და ძირეულზე მიუთითებს“...
რატომ არის მალხაზ ბეზარაშვილის ცხოვრების ფინალი სიმბოლური? ალბათ, იმიტომ, რომ ის, როგორც
პიროვნება და ხელოვანი, ვერაფრით თავსდებოდა იმ დროსა და სივრცეში, რომელიც ბედისწერამ მისთვის
გამოიმეტა. მალხაზი ფაქიზი და ამასთანავე, რაინდული სულის ადამიანი იყო. ასეთი ადამიანები მეტწილად
მხოლოდ „ოქროს ხანაში“ ჰპოვებენ თავიანთი არსებობისათვის საჭირო სარბიელს; სხვა შემთხვევაში ისინი
ცხოვრებისგან განდგომას ან მასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას ამჯობინებენ.
მალხაზის ხანმოკლე ცხოვრება სულიერ-ინტელექტუალური ბრძოლებით იყო აღსავსე. ის ნაადრევად
დაბრძენებულ ბედუინს ჰგავდა, ვისთვისაც უდაბნოში ბრძნულ განმარტოებას არანაკლები მნიშვნელობა
ჰქონდა, ვიდრე ბრძოლის ველზე ხმლის ქნევას. ამიტომ არის მისი მოთხრობები სიდარბაისლით აღსავსე.
მალხაზ ბეზარაშვილი, როგორც მთხრობელი, მისი ასაკისათვის უჩვეულო სიდინჯით და სრულყოფილებით
გამოირჩევა. არადა, თავისი თხზულებები მან 20-25 წლის ასაკში შექმნა, რამოდენიმე წლის შემდეგ ის
ამქვეყნად უკვე აღარ იყო.
ასე გაიზიარა მალხაზ ბეზარაშვილმა ნიკო ბარათაშვილის ხვედრი, მაგრამ ეს ხვედრი მისთვის
გაცილებით მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე თავის დროზე „მერანის“ ავტორისათვის იყო.
თავის მშვენიერ მოთხრობებში მალხაზი წარმოგვიდგება, არა როგორც ნაირგვარი სიუჟეტებისა და
დახლართული სიტუაციების მთხზველი, არამედ როგორც ადამიანის სულიერ-ფსიქოლოგიური სიღრმეების
ცხადად და ხელშესახებად წარმომსახველი. მას არ უყვარდა მკითხველზე ზემოქმედების ჰიპერტროფული
ხერხების გამოყენება. მიუხედავად ახალგაზრდული ვნებიანობისა, ის ყოველთვის გაურბოდა გამომწვევ და
შოკისმომგვრელ პასაჟებს, რაც ასე თვალშისაცემად ჩანს მისი თაობის არაერთი ხელოვანის ქმნილებებში.
მალხაზის პერსონაჟები არსად გადადიან იმ ზღვარს, საიდანაც ადამიანურ განზომილებათა მიჯნა იშლება;
ისინი არ „ყვირიან“, არ „ღრიალებენ“ და არც სასწაულებს ახდენენ, ამიტომ იმდენად მომხიბვლელნი და
დაუვიწყარნი არიან, როგორც ჩვენს შინაგან სამყაროში სამარადისოდ აღბეჭდილი „შეჩერებული წამები“.
მალხაზ ბეზარაშვილის პერსონაჟები მისივე სულის რაღაც ნაწილის მატარებელნი არიან, მაგრამ
დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე მათგანი ავტორს სრულ „ალტერ ეგოს“ წარმოადგენს. რომანი
„ყინულის ეტლი“ მთხრობელის და პერსონაჟის ურთიერთმიმართებათა ისეთ მხატვრულ კულტურაზე
მეტყველებს, რომლის მსგავსი არც ისე მრავლად მოიპოვება ჩვენს ახლანდელ ლიტერატურაში. მალხაზმა
ჩინებულად იცოდა, რომ „შეუძლებელია ადამიანი დაყვანილ იქნას მის ნებისმიერ მდგომარეობამდე“.
ამიტომ ეძებდა ის ადამიანური არსებობის მყარ და ურღვევ ექსისტენციალურ ღირებულებებს, მას არ
იტაცებდა იაფფასიანი თავგადასავლები და მიზნად არ ჰქონია იოლად ხელმისაწვდომი პოპულარულობის
მოხვეჭა.
მას სულის მარადიულობისა სჯეროდა, სწამდა, რომ ადამიანის სული მხოლოდ ამქვეყნიური ყოფიერების
მიღმა აღწევს სრულყოფას.
ჩვენ კი, ვინც ჯერ კიდევ შემოვრჩით ბედკრულ წუთისოფელს, მოკრძალებით თავს ვხრით ელვარე
ნიჭის წინაშე და შენდობას ვწირავთ მას, ვინც სულს სიკეთით და სიმშვიდით აღავსებს.
2014 წ.

ანტილიტერატურა
ეს არაჩვეულებრივი ისტორია არცთუ ისე შორეული წარსულიდან იღებს სათავეს და როგორც
ობიექტურობა მოითხოვს, თხრობა მეც იმ სათავიდან უნდა დავიწყო.
1992 წლის „საერთო-სახალხო აჯანყების“ მრისხანე დღეებში, როცა სამხედრო საბჭო ტყვიებისა და
რევოლუციური დეკრეტების თანხლებით იბრძოდა, რათა დემოკრატიული ფიანდაზი დაეგო საქართველოს
მთელ ტერიტორიაზე, როცა „გასადემოკრატებელი სამშობლოს“ თავზე ჯერ კიდევ არ გაფანტულიყო
„პროვინციული ფაშიზმის“ საავდრო ღრუბელი და პროლეტარიატის ბელადის სიტყვები რომ გავიხსენოთ,
„რევოლუციის მონაპოვარს კვლავ საფრთხე ემუქრებოდა“, ჰაერზე და წყალზე რომ აღარაფერი ვთქვათ,
მასების სულიერ სიმშვიდეზე მზრუნველმა სამხედრო საბჭომ არსებული უმძიმესი ვითარების შესაფერისი
გადაწყვეტილება მიიღო: გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქტორად ბატონი თამაზ წივწივაძე
დაინიშნა. „გაზეთ ლიტერატურული საქართველოს მთავარ რედაქტორად ვნიშნავ თამაზ წივწივაძეს.
პოპულარული სატირიკოსია. სატირა კი სწორედ ისაა, რაც ახლა აუცილებელია (?) გაატრიზავოს ის, რაც
ჯერ დამარცხებული არაა“ (ჯ. იოსელიანი, „მესამე განზომილება“, გვ. 53). ამ ჭეშმარიტად რევოლუციურ
გადაწყვეტილებას თავისი ისტორიული ანალოგიც მოეძებნება. „მასებზე ზემოქმედების თვალსაზრისით ყველა
ჩვენგანისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კინო“ – ეს „უკვდავი“ სიტყვები ლენინს ეკუთვნის და
მათი წარმომავლობაც რევოლუციის ქარცეცხლიან დღეებთან არის დაკავშირებული.
როგორც დავინახეთ, თუ ძველი თაობის რევოლუციონერ-ბოლშევიკები დაუმარცხებელი მასების
„გატრიზავების“ მიზნით უპირატესობას კინოხელოვნებას ანიჭებდნენ, მეორენი – ამავე თვალსაზრისით, უფრო
მძლავრ იარაღად გაზეთს, განსაკუთრებით კი – ლიტერატურულ გაზეთს მიიჩნევენ. მიუხედავად ამგვარი
„ნიუანსური განსხვავებისა“, – საქმის არსი არ შეცვლილა და, ალბათ, ისტორია გაარკვევს რევოლუციური
მეთოდოლოგიის გათვალისწინებით რომელს უნდა მიენიჭოს უპირატესობა. ჩვენში მაინც რაღაც ახალი,
გაუკვალავი გზით სიარული არჩიეს და ხალხის „გასატრიზავებლად“ „ლიტერატურული საქართველოს“
რედაქტორად თამაზ წივწივაძის დანიშვნა სამხედრო საბჭომ ალბათ იმ მოსაზრებითაც გადაწყვიტა, რომ
„რევოლუციური სიფხიზლე“ გაეღვივებინა ინერციას აყოლილ მწერალთათვის.
ისტორიისთვის კარგადაა ცნობილი, რამდენი შრომა და გარჯა დასჭირდა ლენინს, რათა თავის
„რევოლუციურ პლატფორმაზე“ გადაეყვანა მაქსიმ გორკი (ავტორი ფრთიანი გამოთქმისა – „ყველაზე კარგი
მტერი მკვდარი მტერია“). სამხედრო საბჭოს კი თამაზ წივწივაძისთვის ნამდვილად არ დასჭირვებია
„კალთების შემოხევა“ და ეს უკანასკნელიც ისეთი სისწრაფით შეიჭრა „გამტრიზავებელი“ რედაქტორის
სტიქიაში, რომ გული ოდნავადაც არ აჩუყებია რედაქტორობის მსურველთა ერთობ გრძელი რიგის
ხილვისას. არადა, სხვაგვარად მოქცევის უფლება ნამდვილად არ ჰქონდა: სამხედრო საბჭომ უბრძანა და
დაემორჩილა! რევოლუციამ უხმო და პირველსავე დაძახილზე იქ გაჩნდა, სადაც, ანგელოზისა რა
მოგახსენოთ, მაგრამ „სისხლიანი ეშმა“ კი ამაყად შემდგარიყო კვარცხლბეკზე.
სხვათა შორის, 1926 წელს, ქართველ მწერალთა პირველ ყრილობაზე, სადაც არაერთი სახელოვანი
კალმოსანი იყო წარმოდგენილი, – მთავარი მომხსენებელი „რევოლუციის სისხლით განბანილი“ ფილიპე
მახარაძე გახლდათ. მაშინაც რევოლუციური ზრახვებით აღგზნებული ლაპარაკობდა მწერლობაზე დიდი
პრეტენზიის მქონე ეს ფერშალი. და რაოდენ საგულისხმოა, რომ ბედის უცნაური ირონიის წყალობით, ამ
ყრილობაზე პირველად გაიჟღერა სიტყვა „ფაშიზმმა“ და ეს იარლიყი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე
სწორედ კონსტანტინე გამსახურდიას მიაკერეს. წინამორბედთა ამ ჭკუისსასწავლებელ გამოცდილებას
შემდგომში ერთგულად გამოიყენებს „რევოლუციით წრთობილი“ ახალი თაობის მრავალი „მოფილიპე“
ელემენტი და ეს „მაგიური სიტყვა“ პირდაპირ ყუმბარის მნიშვნელობას შეიძენს მათ ლექსიკურ არსენალში.
ამ ყრილობაზე ამაო გამოდგა თვით კონსტანტინე გამსახურდიას, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე
აბაშელის, გერონტი ქიქოძის, ვახტანგ კოტეტიშვილის, გრიგოლ რობაქიძისა და სხვათა დაჟინებული
მცდელობა, – დაეცვათ მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურული ტრადიცია, ქართული მწერლობის როლი
და დანიშნულება. რევოლუციით ზურგგამაგრებულმა ფილიპე მახარაძემ, პროლეტკულტელებმა და მუშფაკებში
გამოჩეკილმა წერა-კითხვის კანტიკუნტად „მცოდნე“ მომწერლო-მოპოეტო ელემენტებმა პირდაპირ „საღვთო
ომი“ გამოუცხადეს ქართულ ეროვნულ ცნობიერებას, ისტორიის ფილოსოფიურ გააზრებას და „ახალი
გმირის“ – ნამგლითა და უროთი (და შაშხანითაც) შეიარაღებული კუმირის – პროპაგანდა დასახეს
ქართული მწერლობის მთავარ ამოცანად. ამაო აღმოჩნდა პავლე ინგოროყვას ვედრება: ნაციონალიზმი
მცირერიცხოვან ერთა თავდაცვის საშუალებაა მხოლოდ და ამ ფაქიზ თემას საკამათოდ ნუ გავხდითო.
რკინის ბესარიონს კი (ჟღენტს) სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა ეს ფაშისტურ-ნაციონალისტური გამოხდომები
და რევოლუციური პირდაპირობით უტევდა ქართველ რომანტიკოსთა, სამოციანელთა, უწინარეს ყოვლისა –
ილია ჭავჭავაძისა და თვით შოთა რუსთველის უკვდავ სახელებს.
ასე რომ, 1992 წლიდან თამაზ წივწივაძის თავკაცობით ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებაში აღსდგა
ქართული ნაციონალიზმის, იგივე „ფაშიზმის“ (უფრო ზუსტად – „პროვინციული ფაშიზმის“) წინააღმდეგ
რევოლუციური ბრძოლის ტრადიცია. რასაც ეს გაზეთი („ლიტერატურული საქართველო“) 1992-1994 წლებში
ქადაგებდა, ცალკე საუბრის თემაა. მარტო „5%-იანი გვერდი“ რად ღირს... ეს პირდაპირ საარაკო ლუკმაა
ქართული პუბლიცისტიკის მომავალ მკვლევართათვის. მაგრამ როგორც ხშირად მომხდარა ხოლმე,
რევოლუციის ქარიშხალმა თან გაიყოლა ავანტიურისტთა პირველი თაობა და დადგა „წარმატებისაგან
თავბრუდახვეულთა“ გზიდან ჩამოცილების შეუქცევადი პროცესი. ეს საფრთხე დროულად იგრძნო თამაზ
წივწივაძემაც და სამსხვერპლოდ შესაწირი ბატკნის საპატიო ქურქის მორგება განიზრახა. „ჩემს
ლიტერატურულ საქმიანობაში მე მხოლოდ ზნეობრივ მრწამსს ვეყრდნობი და ჩემი ნახელავი ამ კუთხით
უნდა განიჩხრიკოს.
შეიძლება ამ მრწამსმა თავისუფლების ტაძრამდე ვერ მიმიყვანოს, მაგრამ თავისუფლების აღკვეთის
ადგილზე კი!“ (თ. წივწივაძე).
აქ უკვე 1937 წლის ზმანებით საზოგადოების აფორიაქებას შეეცადა ბატონი თამაზი. თან რევოლუციის
წინაშე საკუთარ დამსახურებას ახსენებს „ვისაც ჯერ არს“: „ჩემგან გაკრიტიკებული კაცი, მწერალი იქნება
იგი თუ პოლიტიკური მოღვაწე – უკვე პოლიტიკურ ლეშად იქცევა... განმეორებით ჩემგან გაკრიტიკებული
ხალხი ხშირად ცოცხლებში აღარ იხსენიება“ (თ. წივწივაძე). ისტორიას კარგად ახსოვს რევოლუციის
ჯალათთა მსგავსი აღსარებანი, მაგრამ თამაზ წივწივაძის ეს „აღსარება“ მაინც განსაკუთრებული
ხასიათისაა. იგი გადაჭარბებული რევოლუციური აღვირახსნილობით გამოირჩევა და რაღაც არაადამიანური
ცინიზმით არის გაჟღენთილი. თუ ძველი რევოლუციონერ-ბოლშევიკები ასე თუ ისე იცავდნენ მკაცრ
პროტოკოლურ სტილს, თამაზ წივწივაძის დასმენა-აღიარება ცოცხალი ადამიანის „ლეშად“ გადაქცევის
თაობაზე, სახიფათო ემოციას ამჟღავნებს, რაც ასე უცხოა ნორმალური ადამიანის ფსიქიკისათვის. და
მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციის უმკაცრესი კანონები დაუნდობელი იყო ასეთი „თავგასულების“
მიმართ (სისხლი სისხლით უნდა ჩამობანილიყო), თამაზ წივწივაძე „თავისუფლების აღკვეთის ადგილზე“ კი
არა, პირდაპირ მწერალთა კავშირის თავმჯდომარის სავარძელზე დააბრძანეს, რადგან „პერესტროიკის“
წლებში ლაღად ფრთაგაშლილმა პამფლეტისტმა „ჟამთა სვლას“ ადვილად აუღო ალღო და ახალი
ლოზუნგებით შეიმოსა. ნებისმიერ ავანტიურისტულ ხელისუფლებას სწორედ ამგვარი ცრუგმირები სჭირდება,
თორემ რომელი ჭკუათმყოფელი დაიჯერებდა თამაზ წივწივაძის სიტყვებს: „ჩემს პირველ ორ წერილს
უფრო გაკვირვება მოჰყვა, ვიდრე მკაცრი რეაქცია. გაკვირვება იმიტომ, რომ იმ დროს არავინ არავის
აკრიტიკებდა“ (?).
ესეც კიდევ ერთი რევოლუციური სიცუეა, თორემ უფრო შორეულ ფაქტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ,
ოცდაათიან წლებში არა მარტო აკრიტიკებდნენ მართლაცდა დიდ მწერლებს, არამედ მათ გულაგებში
ამწყვევდნენ და სასიკვდილოდაც იმეტებდნენ. 50-იან წლებში კი, როგორც იტყვიან, კრიტიკის ქარცეცხლში
ატარებდნენ კონსტანტინე გამსახურდიას რომანებს, 50-60 წლებში – ლევან გოთუას, ოთარ ჩხეიძისა და
სხვათა ქმნილებებს, ამავე პერიოდიდან მოყოლებული ხომ გადაულახავ ბარიერებს უქმნიდნენ ახალი
თაობის ყოველ ნიჭიერ წარმომადგენელს. სხვათა შორის, სწორედ 70-იან წლებს განეკუთვნება მძაფრი
პოლემიკა რ. ჯაფარიძის „ჯარისკაცის ქვრივის“ გარშემო. ეს რომანი მაშინდელი ოფიციოზის შეფასებით
საბჭოთა სულისკვეთების გამომხატველ მაღალმხატვრულ ტილოს წარმოადგენდა და მისი გაკრიტიკება
მართლაც გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული.
ასე რომ, „იმ დროს“, რომელსაც თამაზ წივწივაძე გულისხმობს, ქართული კრიტიკა ნამდვილად
ცოცხლობდა და ვითარდებოდა. უფრო მეტიც: ხელიდან ხელში გადადიოდა ზვიად გამსახურდიას, აკაკი
ბაქრაძის, ოტია პაჭკორიასა და სხვათა დაუსტამბავი მძაფრი ლიტერატურულ-პუბლიცისტური წერილები.
ცხარე პოლემიკა იყო გაჩაღებული ლიტერატურისმცოდნეობის სფეროშიც: გასახსენებლად თუნდაც აკაკი
გაწერელიას და გიორგი წერეთლის მრავალწლიანი უმწვავესი დებატებიც იკმარებდა.
თუ საქმე კრიტიკაზე, კრიტიკული აზრის სიცოცხლისუნარიანობაზე მიდგება, უფრო მეტიც შეგვიძლია
გავიხსენოთ: თვით პოლიტიკის სფეროში მოღვაწე თხემით-ტერფამდე ლენინელ-კომკავშირელი ედუარდ
შევარდნაძე უკვე 1956 წლიდან იწყებს „გრიშა ბიძიების“ უკიდეგანო სამშობლოს კრიტიკულ ანალიზს.
ხოლო 80-იანი წლების დასაწყისში კი თურმე გურამ შარაძისთვის დაუფარავად უთქვამს: 2004 წელს
საქართველოში კომუნისტების სახსენებელიც აღარ იქნებაო. შეგნებულად აღარაფერს ვამბობ ახალგაზრდა
ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ვოვა სიხარულიძის, გივი მაღულარიასა და სხვათა მიერ
სიყრმითგანვე გამოვლენილ მძაფრ კრიტიკულ პათოსზე, რომელიც არა მარტო სალიტერატურო ცხოვრების,
არამედ მთელი სოციალურ-პოლიტიკური წყობის წინააღმდეგ იყო მიმართული. თამაზ წივწივაძის „ლაღი
კრიტიკა“, ანუ „ლოზუნგების ქვეყანა“ და „გაიღვიძე, გრიშა ბიძია“, – პერესტროიკის სიმებზე აჟღერებულ
მსუბუქ ვოდევილებს უფრო წარმოადგენდა, თანაც, იმ პერიოდში შესრულებულს, როცა თვით კრემლის
ბინადარნიც კი რეჟიმის დღეებს თითებზე ითვლიდნენ. ამიტომ ელემენტარული ობიექტურობა მოითხოვს
აღინიშნოს, რომ როცა არსებობს კონსტანტინე გამსახურდიას „ღია წერილი ვლადიმერ ულიანოვ-ლენინს“,
რომელსაც შეეძლო წამიერად შეეწირა ავტორისა და მის ახლობელთა სიცოცხლე, როცა საკონცენტრაციო
ბანაკებში გმირულად იტანჯებოდნენ თავისუფალი აზრისათვის მებრძოლი მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები
თუ რეჟისორები, ბევრად თუ არა, ცოტათი მაინც უხერხულია „გაბედულებად“ და „ვაჟკაცობად“ შერაცხო
მსუბუქი შაირი მოძველებულ ლოზუნგებსა და სადღაც დეპოში ჩაძინებულ გრიშა ბიძიებზე. რაღაც არ
მახსენდება (და არა მარტო მე), თამაზ წივწივაძის თამამი კრიტიკულ-პუბლიცისტური აზრები გამოეთქვას
70-იანი წლებიდან მოყოლებული, ვიდრე 1985 წლამდე, ანუ იმ დრომდე, სანამ თვით გენერალური მდივნის
ბაგეთაგან მთელ მსოფლიოში არ გაიჟღერა ცნობილმა ფრაზამ: „ასე ცხოვრება აღარ შეიძლება! ჩვენ უნდა
გარდავიქმნათ!“
* * *
თამაზ წივწივაძეც გარდაიქმნა, მაგრამ გარდაიქმნა ისე ანაქრონისტულად და მომნუსხველად, როგორც
ძველეგვიპტელი ფარაონები გარდაიქმნებოდნენ ხოლმე სამუდამო საბრძანებელში გადასასვლელად. ახლა იგი
უშუალოდ პრეზიდენტზე „გადაერთო“ და მთელი თავისი შესაძლებლობები მისი „მზე-ხატის“ სადიდებლად
„გარდაქმნა“. „ეს აღვირახსნილი კამპანია ახლა რომ ჩემს წინააღმდეგ მთელი ფრონტით რომ (?!)
მიმდინარეობს, დიდი ანგარიშით საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ არის მიმართული. მთელ ამ
ბინძურ ბრძოლაში მე მხოლოდ ერთი რიგითი მონაწილე ვარ (ეს ბ-ნ თამაზის ფარაონული
მედიდურობისათვის ყოვლად შეუთავსებელი ერთადერთი გამონათქვამია, რომელიც, ხსენებულ კონტექსტში
უფრო სიყალბეზე მიგვანიშნებს, ვიდრე სავარაუდო თავმდაბლობაზე). ანგარიშგასაწევია იმდენად, რამდენადაც
„ლიტერატურული საქართველო“, დავით აღმაშენებლის საზოგადოება, საქართველოს მწერალთა კავშირი და
სხვა შემოქმედებითი კავშირები, ანუ ერთად აღებული „ნახევარი საქართველო“ – საქართევლოს
ამჟამინდელ პრეზიდენტს უჭერს მხარს“.
ამ ნახევარი საქართველოს ფაქტიური თუ ფიქტიური „უფროსი“ მე გახლავართ. ბატონო ზურაბ, არ
გეშინიათ, არა?..“ გასაკვირია, „ნახევარი საქართველოს უფროსად“ თვითგამოცხადება ნუთუ მართლა ბ-ნ
ზურაბ კიკნაძის შესაშინებლად სჭირდება თამაზ წივწივაძეს? არადა, ამ მანიაკალურ აზრს იგი სხვაგანაც
იმეორებს: „ნახევარი საქართველოს“ ფაქტიური თუ ფიქტიური „უფროსი მე გახლავართო“...
რევოლუციონერთა ცხელი თავების მსუბუქმა „ცვენამ“ თამაზ წივწივაძეს სწორედ ყვარყვარესეული ხერხი
აპოვნინა: მსწრაფლ თავის „მფარველობაში“ აიყვანა მსოფლიოში საუკეთესოდ დაცული პრეზიდენტი და
მთელი ქვეყანა გააფრთხილა: ემანდ, ჩემს პროტეჟეს არაფერი ავნოთ, თორემ საქმე პირდაპირ ჩემთან
გექნებათო!
საბრალო პრეზიდენტი!
რა ხერხებით არ ეთამაშება მის სახელს პრეზიდენტის საამებლად გარდაქმნილი თამაზ წივწივაძე! ერთ-
ერთ „წინასაახალწლო ხუმრობაში“, ცხადია, „ნახევრადხუმრობით“, რომელშიც, ალბათ, „დიდი სიმართლე“
უნდა ვიგულისხმოთ, თავის თავისთვის დასმულ არცთუ მოკრძალებულ შეკითხვაზე: „ვინ არის თამაზ
წივწივაძე?“ ეს უკანასკნელი, კვახჭირის ორღობეში თანშეზრდილ ძმაკაცივით წერს პრეზიდენტის შესახებ: მე
ვარო „ქვეყნის პრეზიდენტის მეგობარი, თავის დროზე თითები ხანჯლებით რომ გადაისერეს და ერთმანეთს
შეჰფიცეს: შენ ძმა და მეც ძმაო. თუ გნებავთ, შენ შვილი და მე მამაო! აქამდე არ ვამხელდი, ახლა,
მტერი რომ მოუმრავლდა, მინდა ეს ამბავი ქვეყანამ იცოდეს!“
ნეტაი არ გაემხილა! ეგ უხეირო ხუმრობა ნეტა სამარეში ჩაეტანა ჩვენს გმირს! თუ ეს ამბავი
მართლა სახუმაროდაა შეთხზული, უნდა ითქვას, რომ აქ გვარიანადაა შეურაცხყოფილი ჩვენი
წარმართულად თითებდასერილი პრეზიდენტი. „მტერი მოუმრავლდაო“, რომ გვეუბნება ბ-ნი თამაზი, რატომ
იმასაც არ გვიმხელს, რა არის ამის მიზეზი? ნუთუ „ნახევარი საქართველოს უფროსმა“ არ იცის, რომ
პრეზიდენტს სწორედ მისმა პოლიტიკამ „მოუმრავლა მტერი“, თორემ ქართველი კაცი ჯერ ისე არ
გადარეულა, რომ მსოფლიოს მხსნელ თავის პრეზიდენტს მტრად მოეკიდოს.
ამ ოხუნჯობაში კიდევ ერთი თვალსაჩინო უხერხულობა იჩენს თავს. პრეზიდენტთან თავის ტარიელ-
ავთანდილურ ძმობაზე რომ საუბრობს, თამაზ წივწივაძე საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ეს „ნახევარი
საქართველოს უფროსი“, – „ქვეყნის პრეზიდენტის მეგობარია“. აქ იგი ედუარდ შევარდნაძის, როგორც
პიროვნების, მეგობრობაზე კი არ წერს, როგორც ეს ჩვეულებრივ ადამიანურ ურთიერთობებშია მიღებული,
არამედ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არც მეტი არც ნაკლები – „ქვეყნის პრეზიდენტის მეგობარი ვარო“.
აბა, სხვაგვარად როგორ იქნება, „ნახევარი საქართველოს უფროსი“ მოქალაქე შევარდნაძეს თავს
სამეგობროდ როგორ გაუტოლებდა... „უფროსის“ მეგობარი შესაფერისი ტიტულით უნდა იყოს აღჭურვილი,
სულ მცირე – პრეზიდენტისა მაინც...
ამ მეგობრობის „საქმიანი“ ანუ „სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი“ მხარე ხომ მთლად
კომედიოგრაფიის ჟანრს განეკუთვნება. „დამარტყი, მაგრამ მომისმინე“, „მომისმინე, თორემ დაგარტყამ“,
„აიღე შენთვის, შენც ხომ შევარდნაძე არა ხარ“... წერს და წერს თამაზ წივწივაძე ანტიკორუფციულ
შეგონებებს და ათას მეერთედ მოუწოდებს „ჭკუის დარიგების ობიექტს“, ანუ პრეზიდენტს, – ხელის
გამოღებისკენ, კორუფციაზე მომაკვდინებელი დარტყმის განხორციელებისკენ. მაგრამ პრეზიდენტი არა და არ
ისმენს „შემგონებლის“ გაუთავებელ მიმართვებს, არამც და არამც „არ იღებს გადამჭრელ ზომებს“,
პირიქით, ხან „შვიდკაცათი“ ერთობა, ხანაც – „თორმეტკაცას“ აყალიბებს... თამაზ წივწივაძე კი უფრო
შორსაც მიდის და ახლა უკვე პრეზიდენტის უსაყვარლეს შვილობილებს უტევს, მგელ ტოტიასავით შეჭმას
უპირებენო. ვერაფრით „ვერმიხვედრილ“ პრეზიდენტს კი არა და არ სურს „ნახევარი საქართველოს
უფროსის“ ჭკუაზე სიარული. „მთელი დასავლეთი განცვიფრებული მეკითხება, სად იპოვე ასეთი შესანიშნავი
ახალგაზრდებიო“, – თითქოს სწორედ თამაზ წივწივაძის ჯიბრით საუბრობს პრეზიდენტი იმ ახალგაზრდებზე,
რომელთაც „ნახევარი საქართველოს უფროსი“ მთელი საქართველოს მტრად და დამაქცევრად აცხადებს?
რა შეიძლება კაცმა ასეთ შემთხვევაში იფიქროს?
ან თამაზ წივწივაძე იბრძვის პრეზიდენტის ერთგული გუნდის (პოლიტიკური შვილებისა და
შვილობილების) დაშლა-განადგურებისათვის, რათა მთლიანად „თავის ხელში“ მოაქციოს პრეზიდენტი, ანდა ბ-
ნი თამაზი ღრმადაა დარწმუნებული, რომ ედუარდ შევარდნაძეს იმდენად დაჩლუნგებია რეალობის გრძნობა,
რომ თეთრი შავისგან ვერ გაურჩევია...
ორივე შემთხვევაში მდგომარეობა იმდენად სავალალოა, რომ საქართველოს უბედურება ქვასაც
აატირებდა, მეტადრე, თუ ის „ქვა“ ცოტათი მაინც „ქვაზე მეტი“ აღმოჩნდებოდა და რაღაც მანქანებით
დაინახავდა, რომ შევარდნაძეც, ჟვანიაც, ლეკიშვილიც, სააკაშვილიც, წივწივაძეც და ძმანი მათნი, ანუ
ყველა ისინი, ვინც ერთად და ცალ-ცალკე თავს შევარდნაძის გუნდის წევრებად მიიჩნევენ, – ყოველგვარი
ეჭვის გარეშე ნამდვილად შევარდნაძის გუნდელები არიან. ისინი შევარდნაძესავით ეტრფიან ძალაუფლებას,
სახელსა და დიდებას, ფულსა და საკუთარი უსაფრთხოების დაცვას... ანუ როგორც პოეტი იტყოდა, მათ
„არავითარი სხვა სამშობლო, სხვა გზა, სხვა ხსნა არ გააჩნიათ“. მათ ხელში ჩავარდნილი საქართველოს
ტრაგიკული ყოფა ცხადად მეტყველებს ამაზე! მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა და მასზე სხვა დროს
ვილაპარაკებთ.
* * *
მასონურ-შპიონურ მაფიებთან მორკინალი „სატირიკოსი“ ხშირად თავად ვარდება სატირულ
მდგომარეობაში... ვფიქრობ, მთელ ქართულ მწერლობას, უფრო სწორად კი თამაზ წივწივაძის თავკაცობით
არსებულ მწერალთა კავშირს დიდხანს ეყოფა სირცხვილად მისი ცინიკური „მობოდიშება“ პრეზიდენტთან
არსებული რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის მესვეურების ბ-ნ მურმან ლებანიძესა
და ბ-ნ ტარიელ ჭანტურიასადმი. „ბატონებო! – მიმართავს იგი ბ-ნ მურმანსა და ტარიელს, – ჩემს
სამარცხვინო საქციელზე უნდა გიამბოთ, რომელმაც უშუალო გავლენა მოახდინა თქვენდამი რწმუნებული
კომიტეტის ერთი მეტად სერიოზული საკითხის გადაწყვეტაზე.
საქმე რევაზ მიშველაძისთვის რუსთაველის პრემიის მინიჭებას ეხება... საქმე ის გახლავთ, რომ
კომიტეტის წევრების ხმათა დიდი რაოდენობა ამ პრემიის მაძიებელს მე თვითონ მოვუპოვე... ნეტა თქვენი
თვალით გენახათ, ბატონო მურმან და ბატონო ტარიელ, რა კატორღული შრომა დამჭირდა ამისათვის.
თითოეული „გადმობირებული“ ობიექტი გაუგონარ წინააღმდეგობას მიწევდა! „რა სისულელეებს მეუბნები,
თამაზ, როგორ შეიძლება ამ ბითურისთვის რუსთაველის პრემიის მინიჭებაო?“ – პირდაპირ მომახალა
კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, ბატონმა გურამ ბენაშვილმა!..“
როგორც ამ მცირე ფრაგმენტიდან მკითხველმა შეიტყო, თამაზ წივწივაძეს ორმაგი დანაშაული ჩაუდენია:
ჯერ ერთი (ვინ იცის, რის ფასად) თავისი ყოფილი მეგობრისთვის, პრეზიდენტის მოტყუების წყალობით,
რუსთაველის პრემის მოუკვარახჭინებია. ეს, სხვა რომ არა იყოს რა, უმაღლესი ხელისუფალის აბუჩად
აგდების გარდა, ქართული მწერლობის და მთელი ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა. თამაზ წივწივაძის
ამ საქციელს, ყალთაბანდობისა და აფერისტობის გარდა, სხვა უარესი ეპითეტიც შეჰფერის. ვაჭრობა-
ჩარჩობისა და გადაგდება-გადმოგდების მსგავს მაგალითს, ალბათ, ავლაბრის ბაზარშიც ვერ იპოვის კაცი. აქ
კი „ერის სულიერ მოძღვართა“ პრეტენზიის მქონე სახელოვანი გვამების საქმენი-საგმირონი თავად
ღაღადებენ, თუ რას წარმოადგენენ ისინი სინამდვილეში, რა სიმაღლეზე აიყვანეს კულტურული ყოფის
გამაიმუნების პროცესი და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი მამაძაღლობა ჩაუდენიათ ამ ფაქტის
გამომზეურებამდე.
აქვე შევნიშნავ, რომ ამ თხუთმეტიოდე წლის წინათ თავად გამოვაქვეყნე კრიტიკული სტატია რევაზ
მიშველაძის ნოველებთან დაკავშირებით. სხვებთან ერთად, წივწივაძის მიერ აქ დასახელებული ბ-ნი გურამ
ბენაშვილი მაშინ „ახალი ტიპის ნოველად“ მიიჩნევდა რ. მიშველაძის თხზულებებს. ჩემი მაშინდელი
მოკრძალებული წერილი კრიტიკის ქარცეცლში გაატარეს ქართული სიტყვის ოსტატებმა. ახლა კი, როცა
თამაზ წივწივაძის თავგამოდების შედეგად რ. მიშველაძემ მაინც მიიღო რუსთაველის პრემია, აღმოჩნდა,
რომ საქმე ჩვეულებრივ აფიორასთან გვქონია. თამაზ წივწივაძეს ერთნაირად „გაუცუცურაკებია“
საქართველოს პრეზიდენტიც, პრემიების კომიტეტიც, ქართველი მკითხველიცა და მთელი საქართველოც!
თავისთავად ეს ფაქტი სრულიად საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რათა მწერალთა კავშირის
თავმჯდომარეობიდან გაეთავისუფლებინათ ეს ყალბისმქმნელი და სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის
ანაზღაურებაც მოეთხოვათ მისთვის!
მაგრამ ასე მხოლოდ წესიერ საზოგადოებაში იქცევიან!
ვინა თქვა, რომ ჩვენ წესიერი საზოგადოება ვართ?!
არის კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ამ ყბადაღებულ თემას უკავშირდება. საქმე ის გახლავთ, რომ
ახლახან ჩატარებულ მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობის არჩევნებზე რევაზ მიშველაძემაც წამოაყენა
თავისი კანდიდატურა. ამან მწერალთა კავშირში ისეთი დავიდარაბა გამოიწვია, რომ გეგონებოდათ, წმინდა
ქალწულთა გიმნაზიას ლოველასთა ბატალიონი შესევია და ყველას ერთიანად გაბახებას უპირებენო. არადა,
მოადგილისა თუ მდივნის თანამდებობაზე კენჭს იყრიდა მათ მიერვე ფრიად დაფასებული და აღიარებული
მწერალი, მათივე ძმა და მეგობარი, მათგანვე რუსთველისა და სხვა მრავალი პრემიით დაჯილდოებული
პიროვნება.
ერთ მუშტად შეკრულმა, ახლა უკვე „გაპატიოსნებულმა“ და „ჭკუაზე მოსულმა“ წივწივაძის კავშირმა
ისეთი ბინძური კამპანია გააჩაღა რევაზ მიშველაძის წინააღმდეგ, რომ მრავალსაუკუნოვანი ქართული
მწერლობის პატივისმცემელი საზოგადოება ყველა ახლანდელ მწერალს სახრით გარეკავდა
სარაჯიშვილისეული სასახლიდან... „საერთოდ, დიდი ცოდვაა მისი სახელის ხსენებაო“,^ – წერდნენ
„ლიტერატურულ საქართველოში“ რევაზ მიშველაძეზე და არც კი ახსენდებოდათ, რომ კულტურულ
საზოგადოებაში ასე არ იქცევიან! მაგრამ სად კულტურა და სად წივწივაძის მწერალთა კავშირი!
როგორც მკითხველი, უფლებას ვიტოვებ ვიკითხო: ხვალ რომ თვითონ თქვენს ნაქნარ-ნამოღვაწარს
შეაფასებენ, – ვაითუ, რევაზ მიშველაძე ფრთიან ანგელოზად გამოჩნდეს ამდენი თაღლითისა და ორპირის
ფონზე. როგორ ფიქრობთ, განა ჩვენი საზოგადოება სულ ასეთი დაცემული იქნება და ერთხელაც არ
მოსთხოვს პასუხს მათ, ვინც ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარა და მთელი ერისათვის წმიდათაწმიდად
აღიარებული რუსთველის პრემია მასხრობის საგნად აქცია?!
ამის იმედი ნუღარ გექნებათ, პრემიებით მოვაჭრენო! ეს დროც მალე დადგება!
კიდევ უფრო სასაცილო იყო (სატირალი რომ არა) თვით თამაზ წივწივაძის საარჩევნო კამპანია,
„ლიტერატურული საქართველოს“ ყოველი ნომერი მთელი წლის მანძილზე სავსე იყო თამაზ წივწივაძისადმი
აღვლენილი ლოცვა-ვედრებით! არ დაგვღუპო და მწერალთა კავშირის თავმჯდომარეობაზე უარი არ თქვაო.
ეს საზიზღარი მასკარადი მხოლოდ პრეზიდენტის საარჩევნო ბატალიებს თუ შეედრებოდა – საკუთარი
უალტერნატივობის აკვიატებული მტკიცებით რომ იკლებდა მთელ ქვეყანას. მაგრამ, როგორც ჩანს,
გარკვეული პრაქტიკის მქონე პრეზიდენტს თამაზ წივწივაძეზე მეტი ჭკუა და გემოვნება აღმოაჩნდა, თორემ
ვინ შეუშლიდა ხელს, თუნდაც ვეებერთელა „საქართველოს რესპუბლიკის“ მთელი წლის ნომრები მისადმი
მუხლმოდრეკილი ვედრების მოფრიალე დროშად ექცია საპრეზიდენტო არჩევნების წინ?
ერთ ცალკე შემთხვევასთან დაკავშირებით, მუდამ საბრძოლველად შემართული თამაზ წივწივაძე, თავის
გაზეთში, მისთვის დამახასიათებელი ჰიპერტროფირებით შენიშნავს: „მთელი დღის განმავლობაში, ქუჩებში,
ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა, გაჩერდა ყველა საწარმო და დაწესებულება, რომელიც კი
საქართველოში მუშაობდა და მთელი ქვეყანა საპარლამენტო სხდომათა დარბაზიდან ტელევიზიით ისმენდა
„ლიტერატურული საქართველოსა“ და მისი მთავარი რედაქტორისადმი მიძღვნილი ლანძღვა-გინების
კორიანტელს.
საღამოს კი, „რუსთავი 2“-ის ეკრანიდან 5 მილიონიან აუდიტორიას აცნობეს და პარლამენტის წევრებმაც
მოწონებით დაადასტურეს, რომ სცემეს თამაზ წივწივაძეს“.
ჯერ ერთი: „მთელი დღის განმავლობაში ქუჩებში, ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა“ მართლაც
ხშირად წყდება და წარმოება-ორგანიზაციებიც ჩერდებიან, მაგრამ ეს ყველაფერი კორუმპირებული
ხელისუფლების მიერ გატანჯული ხალხის პროტესტის გამოხატვას წარმოადგენს. შემიძლია ხატზე დავიფიცო,
რომ თამაზ წივწივაძის ცემა-არცემა მათ ისე ადარდებთ, როგორც შარშანდელი თოვლი.
ისე კი, საკუთარი პერსონისადმი ასე მოჭარბებული ყურადღებით შეპყრობილ თამაზ წივწივაძეს
შევახსენებდი, რომ „კულტურის ისტორია, საერთოდ, უსასრულო მარტიროლოგიაა“. „ტანჯვა ჩემი ხელობააო“
– პირდაპირ აღნიშნავდა დიდი მწერალი და მოაზროვნე. კულტურის ტრაგიკული ბანალურობა იმითაც
გამოიხატება, რომ ამ დარგის მოღვაწეებს ბედი არასოდეს სწყალობდათ. „უუბედურესს“ უწოდებდა თავის
თავს დანიელი სოკრატე-სორენ კირკეგორი. თვით დიდ სოკრატეს ხვედრზე რომ აღარაფერი ვთქვათ...
იქნებ ბატონმა თამაზმა თვითონ გაიხსენოს, რამდენი ჭკვიანი თავი დაგორებულა გილიოტინაზე ან
რამდენი პითაგორა, ანაქსაგორა, სენეკა, ოვიდიუსი, ვოლტერი, ბაირონი, შელი, ჰიუგო, რაღა შორს წავიდეთ
და, ჩვენი ბარათაშვილი მოსთქვამდა თავის ტრაგიკულ ბედზე. იქნებ ვერლენის სულისშემძვრელი ისტორია
მაინც გაიხსენოს და თავისი „ცემის“ გამო შებარბაცებული საქართველო ცოტათი მაინც დააშოშმინოს. მე
კი არა, ხშირად მიქელანჯელოსთვისაც კარგა გვარიანად „დაუნაყავთ ცხვირპირი“ და ჩემი ცემა, აბა, რა
სახსენებელიაო...
მაგრამ როცა თამაზ წივწივაძე თავის ფასდაუდებელ პერსონაზე წერს, იქვე აუცილებლად უნდა
მიეწეროს – „დედამიწა იძრა“, „ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა“, „პრეზიდენტს მიაჩნია“,
„მეორე დღეს თითქმის ყველა გაზეთი იუწყებოდა, რომ“... და ა. შ. გაუთავებლად...
* * *
ცალკე თემაა თამაზ წივწივაძის, როგორც „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქტორის ერთი
განსაკუთრებული თვისება – სახოტბო ლირიკისადმი მისი ამოჩემებული თაყვანისცემა. ოღონდ აქ ერთი
აუცილებელი დეტალი უნდა გავითვალისწინოთ: ხსენებული სახოტბო ლირიკის ჰეროიკული სუბიექტი, არც
მეტი, არც ნაკლები – თვითონ თამაზ წივწივაძე უნდა იყოს!
ამგვარ „შემოქმედებით პროცესში“ იგი ერთგული ხელქვეითების (თუ კარის პოეტების) არმიას ითრევს
და მთელ „ლიტერატურულ საქართველოს“ ერთგვარი „თამაზიადა“, გნებავთ, „წივწივაძიადა“ იპყრობს. ძველ
ბოლშევიკურ პრესაში მკითხველს, ალბათ, წაუკითხავს ბელადთა განსადიდებელი მრავალრიცხოვანი
პანეგირიკი, სახოტბო ლირიკა თუ ბელეტრისტიკა. მაგრამ ის, რაც თამაზ წივწივაძის შესამკობად თამაზ
წივწივაძისავე გაზეთში სისტემატურად ქვეყნდება, – აშკარად სჯაბნის ბოლშევიკურ ტრადიციას და
ყოველგვარ ზღვარს აჭარბებს. ეს „წივწივაძიადა“ თვითგანდიდების მანიის იშვიათ პროვინციულ
ნაირსახეობად უნდა მივიჩნიოთ. ჯერ კიდევ 1998 წელს „ლიტერატურულ საქართველოში“ დაიბეჭდა მურმან
ჯგუბურიას, ასე ვთქვათ, ტონის მიმცემი ნარკვევი „წიგნი და ხმალი“, სადაც ისტორიული წიაღსვლების
ფონზე დახატულია ედუარდ შევარდნაძისა და თამაზ წივწივაძის ქებათა-ქებით აღსავსე სტრიქონები. თანაც,
გასათვალისწინებელია, რომ ორთავე პერსონაჟის არქეტიპად დავით აღმაშენებელია გამოყვანილი. დავითი,
როგორც საქართველოს უძლეველი ხმალი, იდენტიფიცირებულია ედუარდ შევარდნაძესთან, ხოლო, როგორც
„წიგნი“ და „სიტყვა“ – თამაზ წივწივაძესთან.
„ახლო ურთიერთობა აქვთ თამაზ წივწივაძეს და ედუარდ შევარდნაძეს, – შენიშნავს მურმან ჯგუბურია,

შემოქმედსა და ქვეყნის მეთაურს
მესიტყვესა და მთავარსარდალს
წიგნსა და ხმალს“.
სხვათა შორის, ამ უჩვეულო თხზულებაში ედუარდ შევარდნაძე რატომღაც გამუდმებით მთავარსარდლად
და მხედართმთავრად მოიხსენიება. ვერც ავტორი და ვერც რედაქტორი ვერანაირ უხერხულობას ვერ
გრძნობენ იმის გამო, რომ ყველა ომში დამარცხებული კაცის გამუდმებით „მთავარსარდლად“ და
„მხედართმთავრად“ ხსენებას ცინიზმის ელფერი დაჰკრავს.
მურმან ჯგუბურია აგრძელებს: „ბედნიერია თამაზ წივწივაძე, რადგან მას გვერდით ეგულება მთელს
მსოფლიოში სახელგანთქმული პოლიტიკოსი და მთავარსარდალი.
ედუარდ შევარდნაძე კისრულობდა მხედართმთავრობას და არ უნდოდა ომი (?!).
მხედართმთავარი კი ჩვენი გაგებით, მაინცდამაინც ომთანაა დაკავშირებული...“ (ისე კი, საინტერესოა,
ომის გარდა, სხვა რასთან უნდა იყოს დაკავშირებული მხედართმთავარი? მართალია, „ჩამომხრჩვალის
სახლში თოკზე არ ლაპარაკობენ“, მაგრამ მხედართმთავარს მხოლოდ პურითა და კომბოსტოთი ჯარის
მომარაგება რომ ევალებოდეს, – ჩვენს შემთხვევაში ეს ერთობ დიდი შეღავათი იქნებოდა. ამ სფეროში
ჩვენს მხედართმთავარს მართლაც გააჩნია გარკვეული მონაცემები. მსოფლიოში, ცნობილ უმაღლეს
მთავარსარდალთა შორის, მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია ცარიელი სიტყვით დააპუროს და
შემოსოს შიმშილისა და სიცივისაგან დაოსებული ბატალიონები, პოლკები, ბრიგადები და თქვენ
წარმოიდგინეთ, მთელი არმია).
თამაზ წივწივაძეს, როგორც რედაქტორს, ჯგუბურიას წერილისთვის მაშინ მაინც უნდა „გაეკრა კალამი“,
როცა საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ამგვარ ფრაზას კითხულობდა: „ამ საკითხზე
სტკიოდა თავი თამაზ წივწივაძეს, როცა დამოუკიდებლობა ფიქრადაც კი იყო შორი“.
არა, ძვირფასო ბატონებო! ეს მეტისმეტი მკრეხელობაა და მთელი ქართველი ერის აბუჩად აგდების
მაგალითია. გულმხურვალე ქართველი პატრიოტები საქართველოს დამოუკიდებლობაზე მანამდე ფიქრობდნენ,
სანამ თამაზ წივწივაძე საერთოდ დაიწყებდა ფიქრს...
ამ ნარკვევში კიდევ უფრო მკრეხელურ აზრებსაც ვკითხულობთ. მურმან ჯგუბურია შენიშნავს: „ილიას
უფრო უჭირდა, ვიდრე წივწივაძეს... მას გვერდით არ ედგა მეფე და მთავარსარდალი“.
ჯერ ერთი: ილია ჭავჭავაძისა და თამაზ წივწივაძის ერთად მოხსენიება ამ ორიდან ერთ-ერთის ძალზე
დიდი შეურაცხყოფაა (ცხადია, არა წივწივაძის). ეს ყოვლად უადგილო და უთანასწორო „დაწყვილება“
მიუღებელია ქართული ეროვნული ცნობიერებისთვისაც. არსებობს სხვა, ერთობ საჩოთირო ვარაუდიც: ზვიად
გამსახურდიას, მერაბ კოსტავასა და სხვა მამულიშვილთა მაგალითზე შეგვიძლია ნათელი წარმოდგენა
შევიქმნათ, თუ როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ილია ჭავჭავაძე, „მეფედ და მთავარსარდლად“ მასაც
ედუარდ შევარდნაძე რომ ჰყოლოდა. ასე რომ, „წიგნი და ხმალი“ ისეთივე სიზუსტით ასახავს შევარდნაძე-
წივწივაძის პოლიტიკურ და შემოქმედებით ნათესაობას, რამდენადაც ეს „ნათესაობა“ პოლარულად
განსხვავდება ხმლისა და წიგნის დავითისეული იდენტიფიკაციის ჭეშმარიტი ხასიათისაგან.
საოცარი კიდევ ისაა, რომ „წიგნი და ხმალი“-ს ავტორს ოდნავადაც არ „ესაკვირველება“ (ეს მისი
საყვარელი გამოთქმაა), რომ თამაზ წივწივაძისადმი მიძღვნილი პანეგირიკი თამაზ წივწივაძისავე გაზეთში
მიაქვს გამოსაქვეყნებლად. თუმცა რატომ უნდა „ესაკვირველებოდეს“, როცა კარგად იცის, რომ თამაზ
წივწივაძე დიდი სიამოვნებით დაბეჭდავს თამაზ წივწივაძისავე ქება-დიდებას. ილია ჭავჭავაძე და თამაზ
წივწივაძე, გალაკტიონი და თამაზ წივწივაძე, აკაკი და თამაზ წივწივაძე, წიგნი – თამაზ წივწივაძე, სიტყვა
– თამაზ წივწივაძე და ბოლოს: ედუარდ შევარდნაძე და თამაზ წივწივაძე... აი, ასეთ პანთეონში
მკვიდრობს „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქტორად სამხედრო საბჭოს მიერ „ვითარების
გასატრიზავებლად“ დანიშნული წივწივაძეთა შთამომავალი! მას აურაცხელ სახოტბო ლექსებს უძღვნიან
„მადლიერი მკითხველები“, ოღონდ იმ განზრახვით, რომ თითოეული ეს ქმნილება, უწინარეს ყოვლისა,
თამაზ წივწივაძის ხელში უნდა მოხვდეს. აი, მაშინ კი განაღდებული აქვთ გამოქვეყნება და „სამზეოზე“
გამოსვლა.
ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა და ჩვეულებრივი პუბლიცისტური შესაძლებლობების პარალელურად,
პოეტური აღქმის გარკვეულ უნარსაც გულისხმობს. თავს უფლებას მივცემ ამ მხრივაც გამოვიყენო ჩემი
მოკრძალებული შესაძლებლობა და შემოგთავაზოთ (ნაწილობრივ მაინც) თამაზ წივწივაძის გაზეთში
დაბეჭდილი თამაზ წივწივაძისადმი მიძღვნილი „მარგალიტები“.
კარგად მახსოვს, გასული საუკუნის 80-იან წლებში ხალხმრავალ მანიფესტაციებზე ბევრი მგზნებარე
ახალგაზრდა კითხულობდა თავის არც მთლად დახვეწილ ლექსებს. ამ პროცესმა ისეთი საყოველთაო
ხასიათი მიიღო, რომ ერთმა მომიტინგეთაგანმა წერილი გამომიგზავნა: – „სულ ამ უმწიფარ ახალგაზრდებს
რომ გვასმენინებთ, ნამდვილი მწერლები სადღა არიანო“... „ნამდვილი მწერლები მთაწმინდაზე განისვენებენ-
მეთქი“, – მივუგე წერილის ავტორს... აბა, იმას ხომ ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენი სათაყვანებელი მწერლების
უმრავლესობა ცეკას აქტივის სხდომაზე იმყოფებოდა და, არაერთი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, იქიდან
ნაბიჯიც ვერ გამოვადგმევინეთ... იმ გულმხურვალე ახალგაზრდებმა კი ლექსების წერა მაინც არ შეწყვიტეს
და ალბათ ბევრს დღესაც ახსოვს რუსთაველის პროსპექტზე ჩარიგებულ ჭადრებს მიწებებული
ხელნაწერები... ასე გაჩნდა ქალაქში „ხეების პოეზია“, რომელთა ავტორებსაც, იცოდნენ რა თავიანთ
ქმნილებათა „სუსტი მხარეები“, არც ერთი „არაფორმალური“ გაზეთის რედაქცია არ შეუწუხებიათ თხოვნით,
აქაოდა, სათქვენო პოზიცია გამოვხატეთ და უთუოდ დაგვბეჭდეთო.
უნდა გამოვტყდე: თამაზ წივწივაძის გაზეთში გამოქვეყნებული თამაზ წივწივაძისადმი მიძღვნილი
„ლექსები“ ნამდვილად „ყველა პარამეტრით“ ჩამოუვარდება თავის დროზე ასე დაწუნებულ „ხეების
პოეზიას“.
მოდით, ერთი მათგანი ახლავე „დავაჭაშნიკოთ“, რათა თავიდან ავიცილოთ ის მოსალოდნელი ელდა,
რომელიც მალე უთუოდ თავს დაატყდება ლირიკული „თამაზიადის“ მკითხველს.
„თამაზ წივწივაძეს
გურიის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ სანათა მასწავლებლისაგან“.
სიმართლის მთქმელი კაცი, მუდამ მტრებითა სავსე,
ჩემო ჭკვიანო ძმაო, რად გამითეთრდი ასე?!
– შენ რა გგონია „კუტა“, გემდურის მარტო უტა –
ან ამხ. ხუტა?!
ასე წახდენა მათი მთელ საქართველოს სურდა?
შეწყდა კი ლექსთა გროვა მართლაცდა აბდა-უბდა?
გარს გახვევია, იცი, რამდენი უტა-ბუტა?
მოგიწევს ასი წელი მათი ჩხვლეტა და ჩუტვა!..
სიმართლის მთქმელი კაცი დარდითა მუდამ სავსე,
ჩემო ლამაზო ძმაო, რად გამითეთრდი ასე?!
გვიყვარხარ, გვენატრები, მაგ ძნელ, დიდ, მძიმე სკამზე –
მოდი, მოსცილდი მაგ სკამს, გული შიშით გვაქვს სავსე,
– რატომ გათეთრდი ასე!
რატომ გათეთრდი ასე!
პატივცემული სანათა მასწავლებლის ეს ლექსი მთლიანად იმიტომ ამოვიწერე, რომ აქ ერთმა
გონივრულმა ფრაზამ მიიპყრო ჩემი ყურადღება. აი, ისიც: „მოდი, მოსცილდი მაგ სკამს, გული შიშით
გვაქვს სავსე!..“ ჯერ ერთი: თუ ბატონ თამაზს, საბავშვო ბაღიდან მოყოლებული, ვიდრე სიმწიფის
ატესტატის მიღებამდე, – მასწავლებლისადმი თუნდაც ოდნავი პატივისცემა ჯერ კიდევ შერჩენია, – სანათა
მასწავლებელი ნამდვილად არ უნდა გააწბილოს და „მოდი, მოსცილდი მაგ სკამსო“, – გულამოსკვნილი
რომ ემუდარება, – კი უნდა დაუჯეროს! მეორეც: თუ ბატონი თამაზი ნამდვილად კაცთმოყვარე და
ცოცხალ არსებათა მზრუნველი და ქომაგია, – აუცილებლად ყურად უნდა იღოს პედაგოგის ჯანმრთელობის
მდგომარეობა, მეტადრე, გულთან დაკავშირებული გართულება (როგორც ლექსიდან ვიგებთ, სანათა
მასწავლებელს მეტად შემაშფოთებელი „შიშები“ აწუხებს) და, თუნდაც ერთი სიცოცხლის გადასარჩენად,
მართლაც უარი უნდა თქვას იმ „მძიმე სკამზე“. მით უფრო, რომ პატივცემულ სანათა მასწავლებელს არც
პედაგოგიური ალღო აკლია და მისაბაძი ტაქტიანობითაც გამოირჩევა: ეს ჯვარი შენთვის მეტისმეტად
მძიმეაო და დროულად „გაცლას“ ურჩევს თავის ძმობილს. ამ რჩევა-დავალების შესრულებით ბ-ნი თამაზი
ორი კურდღლის დაჭერას მაინც მოახერხებს: სანათა მასწავლებელსაც გაათავისუფლებს მოუშორებელი
„შიშებისგან“ და იმ ვიღაც „კუტას“, „უტას“ და „ბუტასთან“ საბრძოლველად ზედმეტი ტვირთისაგან – „დიდი
და მძიმე სკამისაგან“ გათავისუფლებული გაეშურება... თორემ ვის უნახავს, კაცი საომრად
მხარზესკამმოკიდებული (თანაც „დიდის და მძიმის“) რომ მიდიოდეს... კი, ნათქვამია, „ვაჟკაცსა გული
რკინისა, აბჯარი თუნდა ხისაო“, მაგრამ ხსენებულ „ხის აბჯარში“ სკამი, ანუ სავარძელი და სხვა
კაბინეტური მოწყობილობა ნამდვილად არ იგულისხმება!
პატივცემულო სანათა მასწავლებელო! გულწრფელად გევედრებით, თუ მართლა ასე გიყვართ და
გენატრებათ თქვენი თამაზ წივწივაძე, გთხოვთ, ყურადღებას ნუ მოაკლებთ მას და ყოველი ღონით
შეეცადეთ „მეცხრე ცაზე“ კი არა, მანდვე, გურიის თვალწარმტაც მიდამოებში, თქვენსავე სიახლოვეს
გამოუძებნოთ შედარებით იოლი, პატარა და მსუბუქი სკამი. ამით თქვენც დაისვენებთ, თქვენი ძვირფასი
„ძამიაც“ და, რაღა თქმა უნდა, მთელი ქართული მწერლობაც!
თორემ თამაზ წივწივაძე და წივწივაძისტი პოეტები იმდენად მოუსვენარნი არიან, რომ სულაც არაა
გამორიცხული, მართლაც „მეცხრე ცას“ მიაწვდინონ წივწივაძის ხოტბა-დიდება.
ჩემი ვარაუდის საფუძვლიანობაში ახლავე დაგარწმუნებთ.
მაგრამ სანამ ამ ვარაუდზე გადავიდოდე, ნება მომეცით, დროებით მოვწყდე ძირითად სათქმელს და
ძველ ბოლშევიკებს, ანუ ახლა, წივწივაძის გავლენით, სიყვარულით რომ „გრიშა ბიძიებს“ ვუწოდებთ, –
სწორედ იმათ მივმართო:
პატივცემულო ამხანაგებო! თქვენი ახალგაზრდობის წლებმა სტალინის ეპოქაში ჩაიარა. ხრუშჩოვის
კომპანიამ ამ ეპოქას „სტალინის პიროვნების კულტის“ პერიოდი უწოდა.
გულზე ხელი დაიდეთ და გაიხსენეთ თუნდაც ნებისმიერი მაშინდელი პარტიული გაზეთი, რომლის ერთ
ნომერში, ვიმეორებ: ერთ ნომერში, ერთდროულად ყოფილიყო დაბეჭდილი სტალინის ორი სიტყვა,
სტალინისადმი მიძღვნილი ორი წერილი და ასევე სტალინის სახოტბოდ შექმნილი ორი ლექსი!
ღრმად მწამს, როგორადაც უნდა დაძაბოთ მეხსიერება, თქვენ ვერც ერთ ასეთ ფაქტს ვერ გაიხსენებთ.
ვერ გაიხსენებთ იმიტომ, რომ შეუძლებელია სტალინის სიცოცხლეში ამგვარი რამ „მომხდარიყო“. როგორ
„დიქტატორადაც“ არ უნდა მოიხსენიონ სტალინი, – იგი ნამდვილად არ ყოფილა თვითგანდიდების მანიით
შეპყრობილი პროვინციელი ლაზღანდარა და მსგავს პრეცედენტს არამც და არამც არ დაუშვებდა!
ახლა კი გადაშალეთ თამაზ წივწივაძის „ლიტერატურული საქართველო“ (7-14 აგვისტო, 1998 წ.), ანუ ის
ნომერი, სადაც თამაზ წივწივაძისადმი მიძღვნილი სანათა მასწავლებლის სახოტბო „პოეზიაა“
გამოქვეყნებული და დარწმუნდებით, რომ თვითგანდიდებისკენ წივწივაძის მანიაკალურ სწრაფვას ნამდვილად
არა აქვს საზღვარი და ჩემი ვარაუდი, რომ წივწივაძისტი პოეტები მალე „მეცხრე ცაზეც“ აღავლენენ
წივწივაძის ხოტბას, სრულიად შესაძლებელ რეალობად მოგეჩვენებათ.
ლექსი „თამაზ წივწივაძეს“ (ესეც ორი!).
„მტრები მუმლივით გახვევია, ხარ მტრების რისხვა“, – ასე იწყება ეს „პოეტური ქმნილება“. სხვათა
შორის, ის ფაქტი, რომ თამაზ წივწივაძე „მტრიანია“, ანუ „მტრებითაა გარშემორტყმული“, ლექსიდან
ლექსში მეორდება. ეს, ალბათ, ვაჟა-ფშაველასეულ „კარგია მუდამ მტრიანი“-ს გავლენას უნდა მიეწეროს,
თორემ ისე გამოდის, რომ თუკი საქართველოში ვინმე მტრად შეიძლება აღიქმებოდეს, რატომღაც ყველანი
მხოლოდ თამაზ წივწივაძეს მტრობენ და სხვებს არაფერს უშავებენ. გამოდის, რომ სხვა ქართველს
ამქვეყნად არც მტერი ჰყოლია და არც მოშუღარი. ყველა მტერი თამაზ წივწივაძის წინააღმდეგ
დარაზმულა და მის მოსპობას თუ არა, „მოთელვას“ მაინც ლამობს. მაგრამ როგორც ზემოხსენებული
„ლექსის“ ავტორი გვაუწყებს, არც ბ-ნი თამაზი ზის გულხელდაკრეფილი, ისიც „მტერია“, ოღონდ: „მამულის
მტრების, ხალხის მტრების, არა პირადის...“
თუმცა გასაკვირი სულაც არაა, რომ ჩვენი კორუმპირებული ხელისუფლებისა და მშიერ-მწყურვალი
ჯარის შემყურე მკითხველმა მართლა გაიფიქროს, „მამულისა და ხალხის მტრების“ ერთადერთი მტერი
საქართველოში მხოლოდ თამაზ წივწივაძეღა დაგვრჩენიაო...
ამგვარი ფსიქოლოგიური ფონის შესაქმნელად ავტორი საგანგებოდ ამზადებს მკითხველს: „ავთანდილივით
გულანთებულს, თამამს, პირდაპირს, არ შეგეშლება ვინ ხარ, რა ხარ, ვისი გორის ხარ“. აკი მართლაც არ
ეშლება: თვითონვე აცხადებს, პრეზიდენტის მეგობარი ვარო, თავის დროზე თითები ხანჯლებით
დავისერეთო... არაბი ავთანდილიცაა, მოხევე ონისეცაა და ქართული ზღაპრიდან ჩვენი ბედკრული
საქართველოს გადასარჩენად გადმოტყორცნილი გმირიცაა, – ქაჯეთის ციხიდან ნესტანის გამომხსნელი და
სუპერაგენტ „ბეთჰოვენის“ გამშიფვრელი ყოვლისშემძლე რაინდიცაა.
„ჰე, ოცი წლის წინ რაც იყავი, რჩები იმ კაცად“-ო, – მიმართავს თავის გმირს ავტორი და აქ უკვე
უხილავ პარალელს ავლებს ედუარდ შევარდნაძესა და თამაზ წივწივაძეს შორის. უკანასკნელი სამედიცინო
ცნობების მიხედვით (თანაც ამერიკულის!), ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტს ოცდაათი წლის
წინანდელი ჯანი მოსდგამს. მას მხოლოდ ათი წლით „ჩამოუვარდება“ თ. წივწივაძე, რომელიც მალე მგონი
სამოცს მიუკაკუნებს (მიკაკუნება ხომ ნატოს კარების გარდა სხვაგანაც შეიძლება).
ეს რაც შეეხება გაზეთის ერთი ნომრის „ლირიკას“. „პუბლიცისტიკა“ კი პირველ გვერდზე
წარმოდგენილია თამაზ წივწივაძის ნაშრომით „წერილი სოფლიდან“, სადაც გვალვისაგან წელში გაწყვეტილ
ქართველებს ბ-ნი თამაზი „ახალი სახელმწიფო მინისტრის დანიშვნას“ ულოცავს და მსუბუქად „კენწლავს“
„სოფლად გახიზნულ“ ოპოზიციას.
იმავე ნომრის მეორე გვერდზე კვლავ თამაზ წივწივაძის სიტყვაა დაბეჭდილი – „როგორ უყვარდა
ვაჟას“.
ვაჟაობაზე ჩაბრძანებულ თამაზ წივწივაძეს თავისი გაზეთის პირველი გვერდი, რატომღაც „ახალი
სახელმწიფო მინისტრის დანიშვნის“ სასიხარულო ფაქტისადმი მიუძღვნია. ვაჟაობის დღესასწაულისთვის კი
მეორე გვერდიც საკმარისად ჩაუთვლია. მაგრამ უცნაური ისაა, რომ თავისი მიმართვის დასაწყისში
(რომელიც ვაჟა-ფშაველას ეძღვნება), თვით ვაჟას ხსენებამდე თ. წივწივაძე პრეზიდენტზე იწყებს საუბარს
და მოსახლეობას ფრიად ოპერატიულ ინფორმაციას აწვდის: „დილიდან მოყოლებული, უცნაური კია, მაგრამ
პრეზიდენტზე არავითარი შეიარაღებული თავდასხმა არ მომხდარაო“, – სიხარულით აცხადებს საპატიო
სტუმარი და ამის გამგონე ფშაველებსაც, გაოცებისაგან ალბათ იმდენად აებნათ თავგზა, რომ ყურადღების
მიღმა დარჩათ თამაზ წივწივაძის მართლაც კეთილი სურვილით ნაკარნახევი სიტყვები: „ის კი უნდა
გავაკეთოთ, რომ გენიალურმა ფშაველამ მსოფლიო კულტურის კონტექსტში თავისი ღირსეული ადგილი
დაიმკვიდროსო“.
აზრი, თავისთავად, მართლაც მშვენიერია, მაგრამ თუ ჩვენი საქმე კვლავ ისე უკუღმართად წავიდა,
როგორც ამჟამად მიედინება, თუ „ლიტერატურული საქართველოს“ ყოველი ნომერი „გაწივწივაძებული“
წარსდგება უცხოელთა წინაშე, ვეჭვობ, ამ კეთილი წამოწყებიდან რამე სასიკეთო გამოვიდეს.
მოდით, გაზეთის ამ ერთ ნომერში გამოქვეყნებულ „თამაზიადაზე“ საუბარი ბოლომდე მივიყვანოთ და
ჩვენთვის კარგად ცნობილი მურმან ჯგუბურიას წერილი „პატარა ეკასა და მოკლე და გრძელი ეკლების
შესახებ“ – ვახსენოთ. ჯგუბურია რომ თავგამოდებული მოწივწივაძისტო პოეტია, ამას ქვემოთ დავინახავთ.
ზემოთ ამ ავტორის „წიგნი და ხმალი“ ვახსენე, სადაც შევარდნაძე-წივწივაძის დუეტი ავტორმა საუკუნეთა
ისეთ ლაბირინთში გაატარა, რომ უკან მობრუნებული გმირები მართლაც ძნელად საცნობნი აღმოჩნდნენ.
გეგონებათ, ჯგუბურიამ მრუმე ხვრელში ჩვენთვის კარგა ნაცნობი ორი ქართველი შეიყვანა, ხოლო იქიდან
ყველა შორეულ ისტორიულ გმირთა ერთარსებად ქცეული უცნაური ჰიბრიდი გამოიყვანაო.
ეკა კვესიტაძესთან პოლემიკაში მ. ჯგუბურია ისევ თავის სტიქიაშია და თამაზ წივწივაძესთან ერთად
კვლავ ედუარდ შევარდნაძის დამცველისა და მეხოტბის მოსაწყენ როლს ასრულებს.
ამჯერად მიზნად არ დამისახავს ამ უშინაარსო პუბლიცისტიკით ისედაც გადაღლილი მკითხველის
შეწუხება. მე მხოლოდ ადრე ნათქვამს ვაზუსტებ და კვლავ ვადასტურებ, რომ თამაზ წივწივაძის
რედაქტორობით გამოსულ „ლიტერატურული საქართველოს“ ერთ ნომერში გამოქვეყნებულია თამაზ
წივწივაძისადმი მიძღვნილი ორი უნიჭო ლექსი, ორი ისევე არაფრისმთქმელი (სახოტბო-დათირამბული)
პუბლიცისტური წერილი და თვით თამაზ წივწივაძის ორი ჩვეული ოხუნჯობით გაჯერებული „სიტყვა-
მიმართვა“.
შესაძლოა, ოპონენტები შემომედავონ თამაზ წივწივაძის წერილებისა და ორი დასახელებული
პუბლიკაციის გამო (თუმც ეს ერთეული შემთხვევა რომ იყოს, ამაზე ყურადღებას არც გავამახვილებდი)...
პარალელების მოყვარულები, ალბათ, ილიას მაგალითს მოიშველიებენ, მაგრამ დაე, ნუ დაავიწყდებათ ის
ფაქტი, რომ საკუთარ ჟურნალ-გაზეთებში ილია არამც და არამც არ აქვეყნებდა თავის საქებარ
ცრუპოეზიასა და პუბლიცისტიკას, ხოლო ორიგინალურ თხზულებებს არცთუ იშვიათად, ფსევდონიმებს
მოაწერდა ხოლმე (ისე კი, ოღონდ მაინც გაუტოლდეს ილიას და თუგინდ მთელი „ლიტერატურული
საქართველო“ მარტოოდენ „თამაზიადის“ ასპარეზად გადააქციოს).
მაგრამ როგორც არ უნდა ვიდავოთ, პოეტური წივწივაძიადა არა მარტო ერთი პიროვნების, თუ
გნებავთ, ერთი გაზეთის, არამედ მთელი ჩვენი ლიტერატურული ცხოვრების ღრმა პროვინციალიზმის
მაჩვენებელია და ამ ჭაობის ამოვსებას, საზოგადოების საერთო გაჯანსაღების გარდა, არაფერი უშველის.
* * *
მასალის სიმრავლის გამო, ცხადია, ჩემი მსჯელობა უფრო სქემატურია, ვიდრე სკრუპულოზური. მაგრამ
ამ შემთხვევაშიც საზოგადოებამ, ალბათ, მაინც იგრძნო, რომ ის, რაც ნორმაა „ლიტერატურული
საქართველოსათვის“, ანომალური და მიუღებელია ჯანსაღ საზოგადოებაში, მით უმეტეს, რომ ვიღაცებს
ყოველივე ამით ძალიანაც ემატებათ სიამაყე და ძლევამოსილება.
არადა, „ლიტერატურული საქართველოს“ ფურცლებზე არ წყდება რედაქტორის თვითგანდიდებისთვის
გამიზნული, ალბათ, მის მიერვე ინსპირირებული უსახური სახოტბო პოეზიის დემონსტრირება. პირდაპირ
წარმოუდგენელია ამდენმა უნიჭო ავტორმა პირი შეკრას და ერთთავად თამაზ წივწივაძის საგმირო
ლირიკის შესაქმნელად მოიცალოს...
* * *
ჩემთვის გასაგებია საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების სიმწვავე და ის ერთგვარი ანტაგონიზმი,
რასაც დიდი ხნის ისტორია აქვს და რომელიც ახალ ფაზაში 1991-1992 წლებიდან შევიდა. შესაძლოა,
არცთუ მისაღები იყოს, მაგრამ ისიც გასაგებია, რომ ფასეულობათა რადიკალური გადაფასების მტკივნეულ
პროცესში არაერთი შეცდომაა დაშვებული, მაგრამ არა მგონია, თამაზ წივწივაძე პოზიტიურ როლს
ასრულებდეს ამ პროცესის განეიტრალებაში. მიუხედავად დიდი საზოგადოებრივი დეპრესიისა და სულიერი
კრიზისისა, ჩვენი წიგნიერი საზოგადოების ფართო ნაწილისთვის კვლავ მიუღებელია ლიტერატურული
პროვინციალიზმის, პოლიტიკური შარლატანობისა და მცირემცოდნეთა შულერობის ის აუტანელი პრაქტიკა,
რაც თამაზ წივწივაძის რედაქტორობისას „ლიტერატურულ საქართველოში“ შეინიშნება (ოდნავი გადახვევა:
კრემლის წინაშე თავის ეროვნული თავმოყვარეობის შემლახავ მლიქვნელობას ედუარდ შევარდნაძე იმით
ხსნის, რომ სწორედ ამგვარი მლიქვნელობითა და მონური უთავმოყვარეობით კრემლს სასიკეთო საქმეს
ვაკეთებინებდი საქართველოსთვისო. შორს არაა ის დღე, როცა თამაზ წივწივაძეც ანალოგიურად
განაცხადებს, შევარდნაძის წინაშე „მუცელზე ხოხვა“ მწერალთა კავშირის ფეხზე დასაყენებლად
მჭირდებოდაო. არადა, აგერაა მწერალთა ყრილობის კონკრეტული და უტყუარი მაგალითი: თურმე რამდენი
სიცრუე იმალება თუნდაც ერთი სიცრუის მიღმა (ერთხელ კიდევ გაიხსენეთ რ. მიშველაძის მაგალითი).
სხვისი არ ვიცი, მაგრამ არათუ თამაზ წივწივაძისეულ „ლიტერატურულ საქართველოში“, არამედ
რომელიმე ნანგრევებადქცეულ კლუბში შემორჩენილ კედლის გაზეთში რომ მენახა, – ალბათ, იმ სოფელზე,
იმ სოფლის მკვიდრ საზოგადოებაზე, იქაურ მასწავლებლებსა თუ ბიბლიოთეკარებზე, მეტად მძიმე
შთაბეჭდილება შემექმნებოდა ამ სტრიქონების წაკითხვისას:
მწერალთა კავშირს ეროვნულს.
„ფაშისტთა კავშირს“ უწოდებთ?!
სხვა დასაწიხლი ვერ ნახეთ
ესაა მარტო მწერალი?!
და ამით გინდათ დაიპყროთ
კაცურკაცობის მწვერვალი?!
სოკოცუანებს გეძახით
ჩვენი ლიდერი თამაზი!
(მისეულ დარტყმის სიზუსტეს
მხარს უჭერს მთელი დარბაზი!
აკი გავიხსენეთ კიდეც, კონსტანტინე გამსახურდიას, მიხეილ ჯავახიშვილს და სხვა უნიჭიერეს მწერლებს
ყველაზე საშიშ დროში ფაშისტებად ნათლავდნენ და ამას სჩადიოდნენ არა უმწიფარი ჟურნალისტები,
არამედ თვით უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები. ფართო მასების ცნობიერება ყველგან და
ყოველთვის ინფანტილური იყო კულტურულ ფასეულობებთან მიმართებით. წიგნიერი საზოგადოების,
„სულიერი არისტოკრატიის“ თვალში კი მათ შემოქმედებას თუ ემატებოდა ღირსება, თორემ დაკლებით
ნამდვილად არაფერი აკლდებოდა. მასობრივი კულტურის ცალთვალა მომხმარებლებთან ბრძოლაში სახელის
მოხვეჭის იაფფასიან ოინბაზობას ჩვენში ეწირება გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები. შესაძლოა, აქ
მოსატანი არ იყოს, მაგრამ იქნებ ვინმემ აგვიხსნას ამ ჩვენს მემარჯვენე-მემარცხენე „ინტელექტუალთაგან“
რამდენს აინტერესებს, იყო თუ არა შოთა რუსთველი მანიქეველი? რას ქადაგებდნენ სიბრძნით
დამძიმებული არეოპაგები, რას ფიქრობდნენ და რაზე წერდნენ იოანე პეტრიწი, ექვთიმე და გიორგი
ათონელები; ბოლოს და ბოლოს, იქნებ ის მაინც აინტერესებს ვინმეს, ასე შუბლშეჭმუხვნილი რად
დააბიჯებს თბილისის ქუჩებში ბაჩანა ბრეგვაძე – ბარე ერთ და ორ საუკუნეს რომ გაუტოლდება თავისი
ჭკუაგონებით?!
ეროვნულ-კულტურულ ღირებულებათა ღრმა გაცნობიერება და სანთელივით მისი ჩაუქრობელი ტარება
თითოეულის და მთლიანის გადარჩენის ერთადერთი შეუცვლელი გზაა. ამ გზაზე ბრძოლა დღეს და გუშინ
არ დაწყებულა. ხმამაღლა ნათქვამად ნუ ჩამომართმევთ და ჩვენც, ვისაც ხალხი დღესაც ეროვნულ
ხელისუფლებად მოგვიხსენიებს – ხომ ფაშისტებად და ნაცისტებად გვნათლავდით, ზედსახელებიც კი
შესაფერისი გამოგვიგონეთ:^ ფიურერი, გებელსი, ბორმანი და ა. შ. და აი, გავიდა სულ რაღაც ათიოდე
წელიწადი და აღმოჩნდა, – დაწმენდილი რომ გვეგონა, თურმე ის მდინარე კვლავ ამღვრეული და
კალაპოტიდან ამოვარდნილი ყოფილა, აღმოჩნდა, რომ ისტორიული ქარტეხილები ასე ადვილად არ
ცხრებიან. „აგრესიული დესტრუქტივიზმის ანატომია“, რაზედაც ასე ვრცლად წერდა უჭკვიანესი ერიხ ფრომი,
– ურთულესი აგებულებისა ყოფილა და ამიტომაც ერთობ ძნელი გასააზრებელი აღმოჩნდა
ახლადფეხადგმული საქართველოსთვის. იყო 1980-90-იანი წლების, შესაძლოა, არც მთლად დაწყობილ-
დალაგებული, მაგრამ საერთო ჯამში, თავისი ზოგადეროვნული მნიშვნელობით, ჩვენი ისტორიის ტრაგიკული
წყვეტილობის გამთლიანებისაკენ მიმართული უდიდესი მნიშვნელობის მქონე მოვლენები. მაგრამ
საქართველოს მაშინდელმა მტრებმა, რომლებიც დღეს ერთ ქვაბში იხარშებიან და უკაცრავად, მაგრამ
ერთმანეთის ჯიჯგნის მეტს არაფერს აკეთებენ, ვერ გაითვალისწინეს, რომ „ერის სული ყოველთვის
გამოირჩევა პიროვნების თვისობრივი შერჩევით, რჩეული პიროვნებების მეშვეობით. არავითარი ეროვნული
დემოკრატია თავისი რაოდენობრივი მექანიკით არ შეიძლება იყოს ერის სულის გამომხატველი... ერის ნება
გამოუთქმელია არითმეტიკულად რაოდენობებში, იგი არ არის უმრავლესობის ნება“ (ნ. ბერდიაევი). არა
ნიშნის მოგებით, მაგრამ მაინც ვიტყვი: გახსოვთ, ალბათ, ამ ათიოდე წლის წინათ ყველანი ერთხმად
როგორ იმეორებდით: „ჯერ დემოკრატია – შემდეგ თავისუფლებაო“. არადა, ამ სენტენციის ავტორმა მერაბ
მამარდაშვილმა მაშინ ბოლომდე არ გახსნა ფრჩხილები და ამ, ერთი შეხედვით, „ცივილიზებული“
ლოზუნგის მიღმა საშინელი და მომაკვდინებელი სიმართლე დაუმალა თავის მიმდევრებს: „1921 წლიდან
საქართველოში სამოქალაქო ომი არ დამთავრებულაო“... ეს სიტყვები კი 1990 წლის 6 ოქტომბერს
დაიწერა, ე. ი. სულ მცირე ხნით ადრე, ვიდრე 1921 წლის 25 თებერვალს გაწყვეტილი ისტორიის
კანონზომიერი მდინარება თავის „ბუნებრივ“ შესართავს შეერწყმოდა 1990 წლის 28 ოქტომბრის სახით.
ვთქვათ მწარე სიმართლე და გავიხსენოთ, ახლანდელმა მემარჯვენე-მემარცხენეებმა ერთნაირი
ძალისხმევით, ბარიკადებითა და გადაულახავი ჯებირებით როგორ ჩაშალეს ეს შერწყმა, როგორ ჩახერგეს
ურთიერთშემხვედრი ისტორიული გზები და კიდევ ერთხელ ცეცხლს მისცეს „მომავალზე გასამარჯვებლად“
ყალყზე შემდგარი „წარსული“. კვლავ ნიკოლაი ბერდიაევის კიდევ ერთ საგულისხმო მოსაზრებას
მოვიშველიებ: „ერის ნებაში მონაწილეობენ არა მხოლოდ ცოცხალნი, არამედ გარდაცვლილნიც,
მონაწილეობს დიდი წარსული და ჯერ გამოუცნობი მომავალი. ერში შედიან არა მხოლოდ ადამიანთა
თაობები, არამედ ტაძართა, სახლთა და კარმიდამოთა ქვებიც, საფლავის ლოდები, ძველი ხელნაწერები და
წიგნები. ერი არ არის დემოკრატია და არ გამოიხატება დემოკრატიაში“. ჩვენ პირიქით მოვიქეცით.
უკუვაგდეთ ის, რაც ნამდვილად წარმოადგენს ისტორიულ „ერს“, „ეროვნულობას“. უკუვაგდეთ „ერის ნებაში“
ყველაზე აქტიურად ცხოველმყოფელი ფენომენები და ვარჩიეთ „ჯერაც გამოუცნობი მომავალი“, სწორედ ის,
რაც ერი არ არის, ანუ დემოკრატია...
„ეროვნული ყოფიერება ძლევს დრო-ჟამს, ერის სული ეწინააღმდეგება წარსულის შთანთქმას აწმყოთი
და წარსულით, ერი ყოველთვის ესწრაფვის უხრწნელობას, სიკვდილის ძლევას. იგი არ გაამარჯვებინებს
მომავალს წარსულზე“ (ისევ ბერდიაევი).
ჩვენ კი, ჩვენ „ვიბრძოლეთ“ და მივაღწიეთ იმას, რომ დრო-ჟამის სიავეს შევწირეთ ეროვნული
ყოფიერება, აბობოქრებულ, მშფოთვარე და სიმყრალით სავსე აწმყოს მივეცით წარსულის „შთანთქმის“
საშუალება. დავივიწყეთ, რომ წარსულისაგან მაცოცხლებელი წვენის მიღების გარეშე ერის არავითარი
მომავალი არ არსებობს და ჩვენ ამ წვენით დატენილი ძირები მოვუსხიპეთ მომავალს. ვერ გაიმარჯვა
წარსულმა და მომავალმაც ჩვენსავე თვალწინ დალია სული.
ეს ერის ტრაგიკული ბედისწერის ანარეკლია. ამ ბედისწერის განცდა ინახავს ინდივიდში ეროვნულს,
ეროვნულს – კაცობრიულში. ამიტომ მთელი ახლანდელი იწილო-ბიწილო, „ფაშისტურ-კოსმოპოლიტურ-მასონურ-
ოლიგარქიული“ დაპირისპირებები ის ზედაპირული ბუტაფორიაა, რომლის მიღმაც ჩვენი ტრაგედიის ჭეშმარიტი
არსი იმალება. მათ შორის ერთობა არ სუფევს. ისინი ურთიერთჭიდილში სპობენ და ანადგურებენ
ერთმანეთს, ანუ, ისევ და ისევ: – „1921 წლიდან საქართველოში სამოქალაქო ომი არ დამთავრებულა!..“
დიახ, არ დამთავრებულა და ისეთი მახინჯი, სატირალ-სასაცილო ხასიათი შეიძინა, რომ ის, რასაც
ეროვნული ყოფა ჰქვია, – საგიჟეთს დაემსგავსა:
მტერს და მაცილს დაუბრუნდება ხურდა,
ძირგამოთხრის ამაოა მცდელობა,
ყრილობაზე ერთხელაც დადასტურდა, –
მეწინავე სადროშოა მწერლობა, –
ეს სტრიქონები რომ გასული საუკუნის 20-30-იანი წლების რომელიმე გამოცემაში ამოგვეკითხა,
შესაძლოა, რაღაც ბუნდოვანი აზრი დაუფლებოდა ადამიანს, მაგრამ იგი დაბეჭდილია 2000 წელს, გაზეთ
„ლიტერატურულ საქართველოში“ და ისევ და ისევ შეუბრალებლად ადასტურებს, რომ ამ „მეწინავე
სადროშოს“ ვერაფრით გაუგია, რა ხდება დღევანდელ საქართველოში, რომ „1921 წლიდან საქართველოში
სამოქალაქო ომი არ დამთავრებულა“, უფრო მეტიც: „1992 წლიდან სამოქალაქო ომი საქართველოსთვის
მომაკვდინებელ ფაზაში შევიდა!“ ეს ტრაგედიაა, რომელიც თავისებურ გასართობად, ურთიერთყიდვა-გაყიდვად
და გაშავება-გაშარჟებად იქცა „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქტორის – თამაზ წივწივაძის ხელში.
„მე ვარ ქართველი – მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“, – აცხადებს ერთი ინდივიდი. მეორე კი,
„ნახევარი საქართველოს“ „ფაქტიური“ თუ „ფიქტიური“ უფროსი ისეთი შემართებით ერკინება
„გაევროპელებულებს“, თითქოს რომელიმე მათგანის გამარჯვება ან დამარცხება ოდნავ მაინც შეცვლის
საქართველოს ისტორიულ ბედს, ერის ნებას.
ეროვნული ყოფა ღრმა, ვრცელი და გარკვეულწილად მისტიური ხასიათისაა. მით უფრო, რომ აქ
აუცილებლად გასათვალისწინებელია მისი რელიგიური ბუნება.
ამიტომ მიუტევებელი მკრეხელობაა ენის მოსაფხანი ჭორები, საკუთარი თავის ქება-დიდებისა და სხვათა
ჩაქოლვა-ჩაქვესკნელების არენად აქციო ისეთი გაზეთი, როგორიც „ლიტერატურული საქართველოა“. უმწვავეს
პრობლემათა ყბადაღებული „გატრიზავების“ უფლება მას არა აქვს!
შენც გუნებაზე ვერა ხარ,
ღირსი ვერ შეგხვდა მტერი-ო,
კვლავ თამაზ წივწივაძეს საქებად შენიშნავს ჩვენთვის კარგად ნაცნობი მ. ჯგუბურია და მართალიცაა.
ბოლოს და ბოლოს, რომელ ბუმბერაზებს ებრძვის ეს ცრუჰერკულესი? ლამის მთელი საქართველო აიკლოს
იმ ახლადთვალგახელილი ლეკვების დაწიოკებით, ბებერ ტოტიას (ანუ პრეზიდენტს) თურმე შეჭმას რომ
უპირებენ. არადა, ეგ ტოტია ისეთი კერკეტი კაკალია, თვითონ „ჩაახრამუნებს“ ამ მგელუკებს...
გებრძვის ვიღაცა, მახეს გიგებს, გაბრალებს რასმე,
გიგონებს ჭორებს, გლანძღავს, გთათხავს, გაგინებს, გასმენს.
მერედა, ღირს კი ამისათვის ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა?! ვიღაც ბ-ნ თამაზს „ჭორებს უგონებს“ და
მოსვენებას უკარგავს, მაგრამ ნუთუ საქართველოში ამ „პრობლემაზე“ მწვავე და შემაშფოთებელი არაფერი
ხდება? რა დროს წივწივაძის „შევიწროებაზე“ საუბარია, როცა მთელი საქართველო ხერხემალშია
გადამტვრეული და ერს ყოფნა-არყოფნის აშკარა საშიშროება ემუქრება?!
მახსოვს, გასული საუკუნის 80-იან წლებში, გურამ ასათიანმა პრესაში წამოიწყო მეტად საგულისხმო
დისკუსია. მისი ვრცელი ნარკვევის სახელწოდება იყო „სათავეებთან“. დისკუსიაში ჩაერთვნენ ქართველი
სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები. რასაც გაზეთის ან ჟურნალის
ფურცლებზე ცენზურის აკრძალვის გამო ვერ აქვეყნებდნენ, – ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა და
საზოგადოებისთვის საცნაურს ხდიდნენ ჩვენი ეროვნული ხასიათის, ისტორიის საზრისისა თუ
თანამედროვეობის უმწვავეს პრობლემებს. იყო ბრძოლა და კამათი, იყო შეხლა-შემოხლა, მაგრამ არა იმის
გამო, რომ ვიღაცა ვიღაცას „მახეს უგებს“ და „ჭორებს უვრცელებს“.
გაცილებით ადრე კი, 20-იანი წლების დასაწყისში (ილიას ეპოქაზე რომ არაფერი ვთქვათ), ქართული
პუბლიცისტიკა პირდაპირ ბრწყინავდა ფუნდამენტურად გააზრებული და შორსმჭვრეტელურად განხილული
საკითხებით. რაოდენი სიბრძნე, აზროვნების მასშტაბურობა და ვნება იკითხება პავლე ინგოროყვას,
კონსტანტინე გამსახურდიას, გერონტი ქიქოძის, სხვათა და სხვათა დიდებული სახელის მქონე
მოაზროვნეთა ნაწერებში. სწორედ იმხანად გაიჟღერა „ეროვნული ენერგიის“, „დასავლურ-აღმოსავლურ“
ურთიერთობებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ღრმად კვალიფიციურმა შეხედულებებმა. მათი
ავტორები უმაღლესი სიბრძნით დაჯილდოებული ცოდნის ქურუმები ბრძანდებოდნენ და ისევე იწვებოდნენ
ერის საკუთრთხეველზე, როგორც კელაპტრებში დანთებული წმინდა სანთლები.
წივწივაძის „გასატრიზავებული“ გაბრძოლებები წმიდა წყლის სანახაობითი მოვლენაა და მარკესის ერთი
პოლკოვნიკის საყვარელ გასართობს წააგავს.
* * *
ბევრი ვეძებე, მაგრამ საღი და მწყობრი აზრი ლირიკულ თამაზიადაში ვერ ვიპოვე (ესთეტიზმზე ხომ
ლაპარაკიც ზედმეტია). ყველა წივწივაძისტი პოეტი ერთხმად გვიხატავს მტრებით გარშემორტყმულ ლირიკულ
სუბიექტს – ანუ თვითონ თამაზ წივწივაძეს, რომელსაც პრეზიდენტის და მთელი საქართველოს ჯიბრზე
ყველანი „მახეს უგებენ“ და „ჭორებს ავრცელებენ“.
ღმერთმა გვიცოცხლოს თამაზი,
ერისკაცი და ლამაზი,
ვაჟკაცი ცამდე მართალი
დიდი ბრძოლების სარდალი (შ. მგელაძე).
თამაზ წივწივაძე რომ შეუდარებელი ერისკაცია, თან სილამაზითაც ავთანდილს რომ ჩამოგავს, ეს უკვე
„ბავშვმაც რომ იცის“, ისეთი უტყუარი ჭეშმარიტებაა. ახლა მხოლოდ ისღაა გასარკვევი, რომელ „დიდ
ბრძოლებს“ უსარდლა „არწივთა შთამომავალმა“ (ასე ამბობს ავტორი).
მიუხედავად ამ გაურკვევლობისა, ეს ლექსი თუნდაც იმით არის ქრესტომათიული, რომ თამაზ
წივწივაძისადმი მიძღვნილი მრავალრიცხოვანი ჰიმნებისაგან განსხვავებით აქ საერთოდ არ ფიგურირებს
წივწივაძის მტრის სახე. პირიქით, ავტორი თამაზ წივწივაძისადმი ისეთი „გარდარეული“ სიყვარულით
აღსავსე გარემოს ხატავს, – თვით მეფე ერეკლესაც რომ შეშურდებოდა:
მთელ საქართველოს უყვარხარ,
უყვარხარ მტკვარსაც, არაგვსაც,
ოქროს კალამი ხმალია,
სხვა იარაღი არა გაქვს
დიდია შენი ფიქრის მთა
და მეგობრების ლაშქარი,
გიცავს ღმერთი და სამშობლო.
აქ კი მკითხველს შეუძლია შვებით ამოისუნთქოს! არავითარი საფრთხე თურმე თამაზ წივწივაძეს არ
ემუქრება! მთელ საქართველოს ჰყვარებია, მტკვარიც და არაგვიც მისი „ხათრით“ რწყავენ ჩვენს მშვენიერ
მინდორ-ველებს. თურმე გარს მტრების კი არა, – მეგობრების ურიცხვი ლაშქარი ახვევია და ღმერთიცა
და სამშობლოც ისე თავგამოდებით „იცავს“, რომ თმის ღერსაც ვერავინ ჩამოუგდებს თავიდან.
ბედნიერი თამაზ წივწივაძე!
უბედური საქართველო!
ერთი კი მაინტერესებს: ყველაფერ ამას, მთელ ამ სახოტბო „ლირიკულ-პუბლიცისტურ“ აბდაუბდას რომ
კითხულობს, ნეტა რა გუნებაზე დგება თვითონ თამაზ წივწივაძე? სირცხვილისაგან წითლდება თუ
სიხარულისაგან?
ორივე შემთხვევაში კაი გაძლება მისცეს უფალმა, მაგრამ თუ ღმერთი ნამდვილად სწამს, – მკითხველი
კი უნდა დაინდოს და მისდამი მიძღვნილი დითირამბები მარტოკამ უნდა იკითხოს. წინააღმდეგ
შემთხვევაში, ისედაც „გატრიზავებულ“ „ლიტერატურულ საქართველოს“ უმწიფარი გოგო-ბიჭებიც კი უკვე
სასაცილოდ იგდებენ, რაც გულსატკენი ფაქტია.
გაგვიღატაკეს მკითხველი,
წიგნისთვის აღარ სცალიაო, –
რატომღაც სხვას აყვედრის თამაზ წივწივაძის კიდევ ერთი მელექსე. არადა, ცამდე მართალია! აბა,
წარმოიდგინეთ, ამ სტრიქონების წაკითხვის შემდეგ რომელი რკინისნერვებიანი მკითხველი აიღებს წიგნს
ხელში:
იმ ხვითოს რად არ უწყრები,
გესლით რომ არის უძღები,
როდესაც წაიკუზება,
მაშინ რომ მოსდის მუზები?!
* * *
ამ წერილის მიზანი ოდნავ მაინც რომ იქნას მიღწეული, ე. ი. შევძლო და ესკიზურად მაინც
წარმოვადგინო თამაზიადის, გნებავთ, წივწივაძიადის, – ზოგადი მონახაზი, – აუცილებლად უნდა შევეხო ამ
ფართო თემის ერთ არცთუ უმნიშვნელო ქვეთემას. ლაპარაკია მტრის განსაკუთრებულ ნაირსახეობაზე,
რომელიც ასევე განსაკუთრებულ როლს ასრულებს თამაზ წივწივაძის ეპოპეაში. ეს მტერი არც
ცხრათავიანი დევია და არც ცეცხლისმფრქვეველი გველეშაპი. ვფიქრობ, „ლიტერატურულ საქართველოში“
გამოქვეყნებული ბ-ნ გურამ კლდიაშვილის პირველივე სტრიქონიდან იოლად გამოიცნობთ მის ვინაობას,
რადგან ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პორტრეტული ხატვის ვირტუოზულ ხელოვნებასთან:
„გუშინ მწერლებს ლანძღავდი, უფრო ადრე – კულტურას,
რა თქმა უნდა სუყველამ ჩაგითვალეს ბჟუტურად“.
„წაესიეთ მართალ კაცს ტაიგელი მგლებივით,
და გამოჩნდით მის გვერდით უვიცი და დებილი“.
„შენ ძიების ხერხი გაქვს, ჩემს მტერს ჰქონდეს მაგ ხერხი,
დაარწმუნე ქვეყანა, თავში რომ გაქვს ნახერხი“...
„მის ადგილზე, ალბათ, სხვა თავში რამეს გრეკავდათ,
ისე ხშირად უშვებდით „სიკოს ცნობილ რეკლამას“.
ამ ლექსის „იდეური კულმინაცია“ კი ასე გამოიყურება:
წივწივაძის დაკბენა მოინდომე უკბილოდ,
მიგასწავლი თუ გინდა, სადაც უნდა უკბინო!
იმედი მაქვს, „საქმეში ჩახედულმა“ მკითხველმა უკვე გამოიცნო ლექსის ადრესატი:
შენ აკაკი არა ხარ, შენ ხარ კაკო ყაჩაღი...
– და ალბათ არც შემცდარა: ეს „კაკო ყაჩაღი“ არც მეტი, არც ნაკლები – „ტყიდან“ ტელევიზიაში
პირდაპირ ჟურნალისტად გადასული აკაკი გოგიჩაიშვილია. ასე რომ, მტერი გაშიფრულია, „დიდი
ბრძოლების“ „სარდალიც“ კმაყოფილია და ფინალიც ზედმიწევნით შეეფერება უკვდავ ეპოპეას, რომელსაც
ამდენი ენერგია, ქაღალდი და ბრძოლის კიდევ სხვა მრავალი საშუალება შეეწირა.
* * *
გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“ ყოველ პარასკევს „ფასდაუდებელ“ ამბებს აცნობებს ხოლმე
მკითხველ საზოგადოებას, რომელთა შორის, როგორც ყველგან, საქართველოს პრეზიდენტი პირველობს:
„ყველა გაზეთს ვერ ვკითხულობ, მაგრამ „ლიტერატურული საქართველო“ კი მიყვარს და დიდი
სიამოვნებით ვეცნობი ყველა მასალას, რომელიც მის ფურცლებზე ქვეყნდება“, – წერს იგი.
მე კი, ჩემი მხრივ, „ლიტერატურული საქართველოს“ პარალელურად ბატონ პრეზიდენტს ვურჩევდი
ასეთივე „სიამოვნებით“ წაეკითხა შარლ ბოდლერის სტრიქონები: „დღე არ გავა, რომ გაზეთში არ ნახო
საშინელი ადამიანური გათახსირების ყველა ნიშანი. თანაც ყოველივე შეზავებულია წესიერების, სიკეთის,
მოწყალების ხოტბით და პროგრესისა და ცივილიზაციის საზიზღრად ურცხვი დასაბუთებით... არა მგონია,
სუფთა ხელების ადამიანმა ზიზღის კონვულსიის გარეშე აიღოს ეს გაზეთი“.
ცხადია, შარლ ბოდლერს, ჩვენი პრეზიდენტისგან განსხვავებით, „ლიტერატურული საქართველოს“
წაკითხვის სიამოვნება ნამდვილად არ რგებია, მაგრამ, რასაც იგი წერს, აბსოლუტურად მიესადაგება
წივწივაძისეულ გაზეთს. პრეზიდენტისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მეც, ერთ ჩვეულებრივ მკითხველს, არა
მგონია, სუფთა ხელების ადამიანმა ზიზღის კონვულსიის გარეშე აიღოს ეს გაზეთი...
ჩვენს შემთხვევაში, სამწუხაროდ, საუბარი „ლიტერატურულ საქართველოს“ ეხება, რომლის მთავარი
რედაქტორიც და ყველა სახოტბო, სატრფიალო, ლირიული ქმნილების გმირიც თვითონ თამაზ წივწივაძეა.
„და ამ გულისამრევ აპერიტივს მიირთმევს ცივილიზებული ადამიანი დილის საუზმესთან ერთად...“ (შარლ
ბოდლერი).
ჩვენ კი ამ პროცესში მცირეოდენი კორექტივის შეტანა თუ შეგვიძლია: საუზმე და სადილ-ვახშამი უნდა
უარვყოთ.
2001 წ.

ახალი დროება
აქამდე ძველ დროს მოვთქვამდი,
ახლა ახალსაც ვტირიო!..
აკაკი
* * *
ივანიშვილი ქართულ საზოგადოებას ბრალს სდებს პასიურობაში... უნდა ითქვას, რომ პირველი დიდი
პროტესტი სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ქართველმა ხალხმა 2005 წელს გამოხატა და მას
შემდეგ თითქმის სულ ქუჩაშია და პროტესტის გრძნობა, მიუხედავად დარბევებისა, არ ჩამცხრალა. ჩნდება
კითხვა: რატომ მარცხდებოდა ხალხი ხელისუფლებასთან ბრძოლაში? იმიტომ, რომ ფსევდოელიტა, რომელიც
საკმაოდ გავლენიანია, დარაზმული იყო სააკაშვილის გარშემო, მათ შორის, ფინანსურ-ოლიგარქიული წრეები,
დავასახელებ ორ მათგანს: ბადრი პატარკაციშვილი და ბიძინა ივანიშვილი.
წარმოიდგინეთ, როგორი ძლიერი იქნება ქვეყნის მმართველი, რომელიც ჯავშნად იფარებს „ძლიერთა ამა
ქვეყნისა“...
ქართველი საზოგადოება ბიძინა ივანიშვილისგან არ იმსახურებს დამუნათებას და ყვედრებას. ხალხი
გამუდმებით ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმსა და მის გარშემო შეკრებილ მილიარდერთა ჯგუფს. რეალობა
მოითხოვს, ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის შეფასებაში ცოტა ფრთხილი იყოს.
ბატონი ივანიშვილი ხშირად გვაყვედრის, რომ მან რისკის ქვეშ დააყენა თავისი ოჯახი და ცხოვრება,
როდესაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. რბილად რომ ვთქვათ, მისი ეს განცხადება მეტისმეტად თამამი
და ნარცისულია, ქვეყანას ჰყავდნენ ადამიანები, რომლებიც ჩვენ თვალწინ დაიმსხვრნენ და დაილეწნენ
სამშობლოს გამო, თითოეულ ქართველზეც წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ არაფერი
დაგვკლებია. ივანიშვილი კი საქართველოში ყველაზე მეტად დაცული პიროვნებაა. მისი განცხადება,
რისკებთან დაკავშირებით, ცინიზმია, ის თავს მშვენივრად გრძნობს.
ივანიშვილი ხშირად საუბრობს იმაზეც, რომ მისი მთავრობა დაკომპლექტებულია კარგი და ძალიან
კარგი მინისტრებით, რაც მეტისმეტად გადაჭარბებული შეფასებაა.
2013 წ.
* * *
უფროსი თაობის ადამიანებს, ალბათ, კარგად ახსოვთ ამ 10-15 წლის წინანდელი სახელისუფლებო
პიარკამპანიის მთავარი თემა, როცა დიდი და პატარა ჩინოვნიკები ხმაშეწყობილად საუბრობდნენ არნახული
სტაბილურობის დამყარებაზე. ისინი გამუდმებით ჩაგვჩიჩინებდნენ, ქუჩებში ავტომატიანი ადამიანები აღარ
დააბიჯებენ, მაღაზიები და რესტორნები გვიან ღამემდე ფუნქციონირებენ და რაც მთავარია, ხალხმა
ღიმილი და ხალისი დაიბრუნაო... ცხადია, ყოველივე ეს, ხელისუფალთა მხრიდან, წახალისებული ცინიზმი
იყო, რადგან ყოველდღიური ცხოვრება სულ სხვა რეალიებით გახლდათ აღსავსე: კრიმინალიც ბობოქრობდა
და კორუფციაც უკიდეგანო მასშტაბებს იძენდა. მთელი ქვეყანა ურცხვად იძარცვებოდა და უცხოეთიდან
სამოწყალოდ შემოსული ფინანსები ჩინოვნიკების ჯიბეებში ილექებოდა. სწორედ მაშინ გაჩნდა შავი
იუმორით აღბეჭდილი რეპლიკა „სასაფლაოზე გამეფებული იდეალური სტაბილურობის“ თემაზე.
ახლანდელ ხელისუფალთა ქცევა ძალზე წააგავს წინამორბედთა ქმედებებს. დღეს ისინი ისე ხშირად
გვესაუბრებიან დემოკრატიის აყვავებაზე, თითქოს ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა მთელი ფენა არ
არსებობდეს, მილიონზე მეტი ქართველი უცხოეთში არ იყოს გახიზნული და ჩვენი ყოველდღიურობა
მოქალაქეთა სასიცოცხლო ინტერესებისთვის სახიფათო მრავალი ფაქტორით არ იყოს გაჯერებული. ჩვენში
არსებული სოციალური პოლარიზაცია არავითარ დემოკრატიულ ჩარჩოში არ თავსდება. ჩვენი რეალობიდან
გამომდინარე, უმწვავესად იგრძნობა იმ ფაქტორის აქტივიზირება, რასაც შარლ მონტესკიე „სიმდიდრის ცუდ
ფორმას“ უწოდებდა. აი, რას წერდა ევროპული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზროვნების ფუძემდებელი:
„სიმდიდრის ცუდი ფორმაა ის, რომელიც შემთხვევითაა მოპოვებული და დამოკიდებული არ არის არც
ხალხის ინდუსტრიაზე, არც მცხოვრებთა რაოდენობაზე და არც მიწათმოქმედებაზე“.
სამწუხაროდ, სიმდიდრის ასეთი ცუდი ფორმა ჩვენში, ჯერჯერობით, მხოლოდ დადებით მოვლენად
აღიქმება და ადამიანები ნაკლებად ფიქრობენ ამ ფაქტორის მავნე გავლენაზე.
2015 წ.
* * *
ივანიშვილი, ბოლო დროს, განსაკუთრებით ბობოქრობს, მის ნერვიულობას კი რეალური საფუძველი
ნამდვილად აქვს. მკითხველს ვთხოვ, კარგად გაიხსენოს ამ ადამიანის დაპირებები, განსაკუთრებით კი ის,
რომელიც „კარგ 2015“ და „ძალიან კარგ 2016 წელს“ ეხება. ის გრძნობს, თუ რა გამოუვალ
მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. მის მიერ ხელდასხმული ხელისუფლება ხალხმა 4 წლის ვადით აირჩია.
არადა, ივანიშვილი სწორედ ამ 4 წლის განმავლობაში გვპირდებოდა „ღირსეულ ცხოვრებას“, სადაც
ოჯახიდან, მინიმუმ, ერთი წევრი დასაქმდებოდა. მეტიც, ეს ადამიანი დღენიადაგ გვარწმუნებდა, რომ ამ
ხნის მანძილზე ყველა პირობა შეიქმნებოდა უცხოეთში გახიზნულ თანამემამულეთა დასაბრუნებლად, რომ
მშობლიურ კერას მონატრებული ადამიანები ღირსეულად გააგრძელებდნენ საქმიანობას საქართველოში.
არაფერს ვაჭარბებ, მადლობა ღმერთს, ეს ყველაფერი გამოქვეყნებულია და ნებისმიერს შეუძლია მისი
მოძიება...
ახლა კი ივანიშვილი ერთბაშად ალაპარაკდა 2030 წელზე!.. თურმე, გვიან მიხვდა, რომ ორ ან, თუნდაც,
ოთხ წელიწადში „ქვეყანა არ აშენდებოდა“... კი მაგრამ, განა სადმე მოიძებნება ისეთი იდიოტი, რომ
მცირე დროში საქართველოს ადგილას შვეიცარიის აშენება გადაწყვიტოს?!. ჩვენს თანამემამულეებს ეს არც
გაუფიქრიათ, მაგრამ იმის იმედი კი ბევრს ჩაესახა, რომ ივანიშვილი ხარბ და გაუმაძღარ ჩინოვნიკებს არ
დაგვასვამდა თავზე, რომ ამ ჩინოვნიკთა ობივატელური მადა ქვრივ-ობოლთა და უპოვართათვის
განკუთვნილ თანხებს არ შთანთქავდა და შემდეგ აქეთ არ დაგვიწყებდა ჭკუის სწავლებას!!!
* * *
ივანიშვილი კითხულობს, – ერთი მითხარით, რა ბერკეტები მაქვს ხელისუფლებაზე ზემოქმედების
მოსახდენადო?..
გეტყვით, ბატონო ივანიშვილო, გეტყვით და თქვენ ეს ჩინებულად იცით...
ესაა სწორედ ის „თავხედი ფული“, რომელიც, როგორც გვსმენია, ჯოჯოხეთსაც კი „ანათებს“.
კიდევ სხვა რა ბერკეტია საჭირო თქვენი და თქვენი მინისტრების, პარლამენტარებისა თუ
არასამთავრობოების შეხმატკბილებული თანაარსებობისთვის? განა პარლამენტის წევრები, მინისტრები და
თვით პრემიერ-მინისტრი ყოველდღიურად თავზე ნაცარს არ იყრიან და საქვეყნოდ არ ღაღადებენ მათთვის
ერთობ სამარცხვინო სიმართლეს, – ხელისუფლებაში ჩვენ ბიძინა ივანიშვილმა მოგვიყვანა, თორემ ამას
მის გარეშე ვერასოდეს ვეღირსებოდითო?!. ასეთ პატარა ადამიანებზე ზემოქმედების მოსახდენად განა რა
არის საჭირო, თუ არა ფული, ფული და ისევ ფული?.. და, რაღა თქმა უნდა, მათ შესახებ უამრავი
კომპრომატი, რაც ჩინებული საშუალებაა მათზე ზემოქმედებისთვის!!! ნუთუ, ეს ნამდვილად არ იცით?
* * *
ერთი თავშესაქცევი ისტორია გამახსენდა: ლუდოვიკო XIV-მ ბუალოს თავის ლექსები მიაწოდა და აზრის
გამოთქმა სთხოვა. გონებამახვილმა კრიტიკოსმა მას ასეთი პასუხი გასცა: „თქვენო უდიდებულესობავ!..
თქვენთვის შეუძლებელი არაფერია. აი, თქვენ, გადაწყვიტეთ დაგეწერათ უხეირო ლექსები და შეუდარებელი
ოსტატობით გააკეთეთ ეს“. ასეთი „შეუდარებელი ოსტატობით“ იმოღვაწა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერის
პოსტზე, ასევე „შეუდარებლად იშრომა“ არასამთავრობო სექტორში და, სავარაუდოდ, მისი ტელესაქმიანობაც
მსგავსი „ოსტატობით“ იქნება აღბეჭდილი. საინტერესოა, კინოპროექტში რა ადგილს მიუჩენს ივანიშვილი
სააკაშვილთან ურთიერთობას? დედამიწაზე არ ყოფილა პრეცედენტი, როცა კერძო პირი პრეზიდენტს, ანდა
მის მეუღლეს ფულს აძლევდა მუსიკალური სტუდიის შესანახად. არც ისეთი კერძო პირი ყოფილა სადმე,
ვინც მოქმედი პრეზიდენტის დედას მილიონებით ამარაგებდეს. ივანიშვილმა ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის
გარეშე უნდა აგვიხსნას, – რეალურად რა აკავშირებდა მიხეილ სააკაშვილთან და მისი ოჯახის
წევრებთან?!. აგრეთვე უნდა გვიპასუხოს, რატომ და რა მიზნით ეწეოდა ამ ოჯახის დაფინანსებას თავისი
ფულით?.. მეტიც, ივანიშვილმა ისიც უნდა თქვას, რომ სოროსის სახელს ამოფარებული, რომელი კანონის,
ან სადაური სამართლის სახელით აძლევდა ფულს სააკაშვილის მინისტრებს, პარლამენტარებს, გამგებლებს,
პოლიციელებსა და ა. შ.?
* * *
მოდით, სახარების ის ეპიზოდი გავიხსენოთ, რომელიც მარად დაუვიწყარია თავისი კეთილშობილური
უბრალოებით: „საგანძურის წინ მჯდარი იესო ხედავდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს მასში. ბევრმა
მდიდარმა ბლომად ჩაყარა. მოვიდა ერთი ღარიბი ქვრივი და ჩადო 2 ლეპტა, რომელიც კონდრატს
შეადგენს. დაუძახა იესომ თავის მოწაფეებს და უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ; ამ ღარიბმა
ქვრივმა საგანძურში ყველა ჩამგდებზე მეტი ფული ჩადო, ვინაიდან ყველამ თავისი სიუხვიდან ჩადო, ამან
კი თავისი სიმწირისგან ჩადო ყველაფერი, რაც კი რამ ჰქონდა, მთელი თავისი სარჩო-საბადებელი“...
2015 წ.
* * *
– დაბეჯითებით არაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ, საფიქრებელია, რომ ბატონი ივანიშვილი
გარკვეულ იმედგაცრუებას განიცდის. მისთვის, ალბათ, შოკისმომგვრელი იქნებოდა იმ ფარული
აუდიოჩანაწერების მოსმენა, რომელიც არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გავრცელდა. ამ დროისთვის
ივანიშვილს უკვე არაფრის შეცვლა არ შეეძლო. ის სიიდან ვერ ამოაგდებდა კოალიციაში მყოფ
დემორალიზებულ ფსევდოპოლიტიკოსებს, რომლებმაც ისიც კი იკადრეს, რომ თავიანთ კეთილისმყოფელს
პირადი შეურაცხყოფა მიაყენეს. ახლა პრემიერი იძულებულია შეეგუოს თავის გუნდში მათ ყოფნას, მაგრამ
შეუძლებელია მას არ ესმოდეს, თუ რა ხიფათს წარმოადგენენ მსგავსი ადამიანები ქვეყნისთვის. მათი
ნდობა არ შეიძლება! მომავალი არჩევნები ამას ნამდვილად დაადასტურებს; ვერც ერთი მათგანი
ვერასოდეს დაბრუნდება პოლიტიკაში, მეტიც: ადამიანური თვალსაზრისითაც მათ პრობლემები შეექმნებათ
საზოგადოებასთან ურთიერთობაში.
* * *
ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია პრემიერის ირიბი მობოდიშება იმის გამო, რომ ის დღესაც კი ბოლომდე
არ იცნობს თავისი გუნდის წევრებს, რომ ამ გუნდში ჭარბადაა წარმოდგენილი აქტიური მედროვეები და
ა. შ.
„ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ღრმა ანაქრონიზმს წარმოადგენს.
სულ მალე ეს გუნდი დაიშლება, სააკაშვილს კი მამაზეციერიც ვერ დააბრუნებს ხელისუფლებაში.
2013 წ.

თავშესაქცევი...
* „2013 წელი იქნება საჩვენებელი, 2014 წელი – უკეთესი და 2015 წლით ყველანი ვიამაყებთ“ (ბიძინა
ივანიშვილი, 2012 წლის დეკემბერი).
* „მესამე წელი იქნება კარგი და მეოთხე – ძალიან კარგი. ამას ვამბობდი სულ“ (ბიძინა ივანიშვილი,
2014 წლის მარტი).
* „2008 წელს, ომის დაწყებასთან დაკავშირებით, მიშას თხოვნით შევხვდი გიგას“ (ბიძინა ივანიშვილი,
2012 წლის თებერვალი).
* „ელექტროენერგიაზე ტარიფი 20-30%-ით, ალბათ, იანვრიდან შემცირდება“ (ბიძინა ივანიშვილი, 2012
წლის დეკემბერი).
* „ჩემი მხრიდან საკმაოდ ბევრი ეშმაკური ნაბიჯი გადავდგი, რის საფუძველზეც გავიმარჯვეთ“ (ბიძინა
ივანიშვილი, 2013 წლის დეკემბერი).
* „ყველაფერი საკმაოდ ბუნებრივად გავითამაშეთ“ (ბიძინა ივანიშვილი, 2013 წლის დეკემბერი).
* „პარლამენტში უმრავლესობით მოსვლით მყისიერად დავიწყებთ სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხის
განხილვას“ (ბიძინა ივანიშვილი, 2011 წლის ნოემბერი).
* „საზოგადოება, ჩემგან განსხვავებით, დიდი ხნით ადრე მიხვდა, ვინ იყო რეალურად სააკაშვილი“
(ბიძინა ივანიშვილი, 2013 წლის დეკემბერი).
* „მთელი რუსეთი მე დავსვი მაგაზე, ხელოვნებაზე, მე მისაბაძი ვიყავი... აბრამოვიჩმა დაიწყო გვიან
გაცილებით და მე მასზეც და სხვებზეც დიდი გავლენა მოვახდინე“ (ბიძინა ივანიშვილი, 2014 წლის
დეკემბერი).
* „საერთოდ, ზვიგენები საჭიროა არა მხოლოდ ურეკში, არამედ, მაგალითად, კახეთში“ (ბიძინა
ივანიშვილი, 2014 წლის დეკემბერი).
* „პირველ წლებში სოროსის ფონდში მეც ვრიცხავდი თანხებს, რათა სახელმწიფო მოხელეებს
ხელფასები მომატებოდათ“ (ბიძინა ივანიშვილი, 2012 წლის თებერვალი).
* „გიგა ბოკერია მე ოდესღაც ძალიან მომწონდა, სხარტი გონების, ახალგაზრდა, განათლებული ბიჭი“
(ბიძინა ივანიშვილი, 2012 წლის თებერვალი).
* „მერაბიშვილს ვიცნობ, როგორც კარგ მენეჯერს, კარგ ორგანიზატორსა და ბევრი დადებითი თვისების
მქონე პიროვნებას“ (ბიძინა ივანიშვილი, 2011 წლის ოქტომბერი).
* „ჩემი ოჯახის ყველა წევრს რუსეთის მოქალაქეობა აქვს“ (ბიძინა ივანიშვილი, 2013 წლის
დეკემბერი).
* „ტელევიზორს, პრაქტიკულად, არ ვუყურებდი, ამიტომ გვიან შევიტყვე, რომ დემოკრატიის ნაცვლად
ააშენეს ავტოკრატია. ეს მაშინ გავიგე, როცა მშვიდობიანი მანიფესტაცია 2007 წლის 7 ნოემბერს სასტიკად
დაარბიეს“ (ბიძინა ივანიშვილი, 2013 წლის დეკემბერი).
* „ვფიქრობ, რომ მე უფრო ეფექტური ვარ“ (ბიძინა ივანიშვილი, 2014 წლის მარტი).
* „ყველაფერი, რაც გაკეთდა ჩემ მიერ, იყო გამჭვირვალე... ერთი იყო სოროსის ფონდად წოდებული
ფონდი და მეორე, – საქართველოს გადარჩენის, თუ ძალოვანი სამინისტროების განვითარების ფონდი...
ხმამაღლა ვაცხადებ: ყველაფერი ჩემი ინიციატივით კეთდებოდა“ (ბიძინა ივანიშვილი, 2012 წლის
თებერვალი).
* „ყველას ფული უნდა, ყველა ფულზე ოცნებობს“ (ბიძინა ივანიშვილი, 2014 წლის დეკემბერი).
* „ნურაფრის გეშინიათ, ყველაფერს ვაკონტროლებ!“ (ბიძინა ივანიშვილი, 2013 წლი თებერვალი).
* „მოვახერხე და გავაერთიანე პოლიტიკური ძალების საუკეთესო ნაწილი“ (ბიძინა ივანიშვილი, 2013
წლის ნოემბერი).
* „ხელისუფლებაში ნამდვილი, დემოკრატიული ძალები მოვიყვანე“ (ბიძინა ივანიშვილი, 2013 წლის
ნოემბერი).
* „ვფიქრობ, „მაესტროს“ ჟურნალისტები დაიბნენ და დაგოიმდნენ“ (ბიძინა ივანიშვილი, 2013 წლის
ოქტომბერი).
* „სააკაშვილი მთავაზობდა, სახლში გესტუმრებიო, მაგრამ არ მინდოდა, სახლი ჩემთვის წმინდაა“
(ბიძინა ივანიშვილი, 2013 წლის დეკემბერი).
* „რეკლამასა და პიარს ყველაზე კარგად სააკაშვილი და მისი გუნდი მიკეთებენ“ (ბიძინა ივანიშვილი,
2012 წლის მაისი).
* „რესპუბლიკელებისგან განსხვავებით, ირაკლი ალასანიასთან და მის პარტიასთან შეკითხვები არ
მაქვს“ (ბიძინა ივანიშვილი, 2011 წლის ოქტომბერი).
* „მე ვარ უკანასკნელი თავისუფალი ადამიანი ამ ქვეყანაში“ (ბიძინა ივანიშვილი, 2012 წლის აპრილი).
* „უკეთესი იქნებოდა, ჭიკაიძე უფრო კარგი ორატორი ყოფილიყო“ (ბიძინა ივანიშვილი, 2014 წლის
სექტემბერი).
* „სად არის ანალიზი, სად არის მედია?“ (ბიძინა ივანიშვილი, 2014 წლის სექტემბერი).
* „მოქალაქეების უმრავლესობას სწორი ანალიზის უნარი არ აქვს“ (ბიძინა ივანიშვილი, 2013 წლის
ოქტომბერი).
* * *
უფალმა იესო ქრისტემ თითოეული ჩვენგანი ფულით კი არ იყიდა, არამედ, „სისხლითა მისითა
სყიდულ ვართ“, როგორც ამას იოანე საბანისძე წერს. სწორედ ამიტომ, რაკიღა თავისი სისხლით გვიყიდა,
შეიძლება, რომ თავი „უფლის მონებადაც“ მივიჩნიოთ, რადგან ძალიან დიდია საზღაური სისხლით, წამებით
და სიცოცხლით გაღებული, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა, უსისხლოდ, თვითშეწირვის გარეშე, სულ რამდენიმე
მილიონად იყიდა ბევრის სული! „არ შეიძლება, პრეზიდენტი ეკამათებოდეს ბიძინა ივანიშვილს!..“-ო. ეს
არის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლის, ყოფილი ექსპერტისა და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი
მრჩევლის სიტყვები და ვაი, ჩვენ, რომ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ასეთი მრჩევლები და
ექსპერტები არსებობენ!!!
* * *
ხელისუფლების უპირველესი წყარო ხალხია, მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ძალიან ხშირად
ფული წყვეტს პროცესების ბედს... აბა, დააკვირდით, ქვეყნის მართვის როგორი მოდელის დამკვიდრებას
ცდილობს ბიძინა ივანიშვილი ჩვენში?!. მან საბჭოთა ჩრდილოვანი ეკონომიკისთვის დამახასიათებელი
მართვის გამოცდილება აირჩია და ქვეყანას იატაკქვეშეთიდან მართავს!.. სხვათა შორის, უფრო ადრე
ანალოგიური პრინციპებით მართავდნენ მაფიოზური დაჯგუფებებიც. ფარულად კი ისინი ხელგაშლით
აფინანსებდნენ შეიარაღებულ დაჯგუფებებს და ქალაქებში მათთვის ხელსაყრელ „წესრიგს“ ამყარებდნენ...
იატაკქვეშა მმართველობის პირველ პერიოდში, რომელიც „ვარდების რევოლუციიდან“ დაიწყო ივანიშვილმა,
განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ძალისმიერი უწყებების მიმართ გამოიჩინა, მან ცდა არ დააკლო
სააკაშვილის პოლიციის გაძლიერებას და ამ უწყებიდან ნამდვილი ფრანკეშტაინის ურჩხული შექმნა!.. უნდა
ითქვას, რომ ბატონმა ივანიშვილმა ისიც კი შეძლო, რომ თავად სააკაშვილისგანაც შეექმნა ურჩხული,
ოღონდაც, საბოლოოდ, მას ის ურჩხულიც აუჯანყდა!..
* * *
მწერლები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები ერთხმად მიმართავენ განათლების მინისტრს, რათა მან
ყურად იღოს სასკოლო სახელმძღვანელოების გამომცემელთა პრობლემები. საქმე ჩვენი ახალგაზრდობის
განათლებას ეხება.
განათლების სამინისტრო კი ისე დუმს, თითქოს არაფერი იცოდეს და არც არაფერი ესმოდეს.
2013 წ.
* * *
ქართულ გრამატიკაში არსებობს ზმნის ასეთი კატეგორია – ქცევა, რომელსაც სამი სახე აქვს: 1.
სათავისო; 2. სასხვისო; 3. საარვისო. ხელისუფლება „სასხვისო“, ანუ სახალხო უნდა იყოს. ესენი კი
„სათვისონი“, არიან და თუ ეს ყველაფერი არ გამოსწორდა, „საარვისო“ ვითარებას მივიღებთ.
* * *
ბიძინა ივანიშვილი თავისი საჯარო გამოსვლებით ყოველთვის გვაოცებს, ახლახან მან ხუთჯერ ახსენა
შვეიცარია და თქვა, – ხალხს უნდოდა, საქართველო ოთხ წელიწადში შვეიცარიად ქცეულიყოო.
დაასახელოს წყარო, ფაქტი – სად, როდის და ვინ მოითხოვა საქართველო შვეიცარიად ქცეულიყო.
საქართველო სულელებით დასახლებული ქვეყანა არ არის. ჩვენ ვითხოვთ, ნორმალური, კეთილმოწყობილი
საქართველოს აშენებას, რასაც დრო სჭირდება და ქართველმა ეს ძალიან კარგად იცის.
ივანიშვილს უყვარს თავისი სიყრმის გახსენება და ხშირად ლაპარაკობს, რა სიღატაკე აქვს გამოვლილი.
ბუნებრივია, უკიდურესი სიღატაკიდან მილიარდებამდე ასვლის პროცესში ადამიანის ფსიქიკა ძალიან
ზარალდება.
2015 წ.
* * *
ძალიან ხარბია ჩვენი ხელისუფლება. გაიხსენეთ ზვიად გამსახურდიას მორალი: წარმოუდგენელ
მკრეხელობად ითვლებოდა პრემიებისა და ხელფასებზე საუბარი. იონა მეუნარგია შენიშნავს ერთგან:
„ღარიბ სამთავროს მთავარიც ღარიბი ჰყავსო“. საზოგადოებაში აღშფოთებას იწვევს ხელისუფალთა
გაუმაძღრობა, უფსკრული, რომელიც მთავრობამ შექმნა.
დღეს ქვეყანაში არნახული ნეპოტიზმია, რომელიც ივანიშვილმა წაახალისა. პრემიერმა ღარიბაშვილმა
დაგვცინა, როცა გვითხრა, ცოლის ნათესავი ნათესავი არ არისო. ამ ყველაფერს ხალხი მოთმინებიდან
გამოჰყავს.
* * *
– ერთი გონივრული სიბრძნე მახსენდება: „არავინაა უფრო სასტიკი, ვიდრე ყოფილი მეგობარი“.
უახლოესი მეგობრები იყვნენ სააკაშვილი და ივანიშვილი.
ივანიშვილი და სააკაშვილი უბრად კი არიან, მაგრამ ერთმანეთს არასოდეს გაწირავენ.
* * *
მარკ ტვენს ჰკითხეს: „როგორ უნდა მოვიქცეთ, ერთი ნახვით რომ არ შეგვიყვარდესო?“, მან ასე
უპასუხა: „მეორედაც უნდა შეხედოთო!“.
კარგი ხუმრობაა და შესასრულებლადაც ძნელი არ უნდა იყოს.
მოდით, არჩევნების დროს ჩვენც „გავიხუმროთ“ და კარგად დავაკვირდეთ პრეტენზიულ რჩეულებს, რათა
„მიჯნურობის სიშმაგემ“ წონასწორობა არ დაგვაკარგვინოს და ჩვენი არჩევანი სანანებელი არ გაგვიხდეს.

სიკეთისათვის
ადამიანურ სათნოებათა იერარქიაში სიქველეს უპირველესი ადგილი უკავია.
სიქველე განხორციელებული სიკეთეა.
აქ ზოგჯერ ღარიბი ქვრივის ორი ლეპტა მდიდადი სოვდაგრის ათასეულებზე უფრო ფასეულად
გამოიყურება.
ეს იმიტომ, რომ სიკეთის წონა ჩვეულებრივი საბაზრო ღირებულებით არ გამოითვლება. ის თვითონაა
მეტრი და საზომი, სავსებად და მოუწყინებლობა.
სიქველე სიკეთის წიაღში იბადება და სიკეთისკენვე მიიმართება. ისინი უერთმანეთოდ ვერ იარსებებენ.
...და რამდენადაც აღმატებული და აღმაფრთოვანებელია სიქველის მშვენიერება, იმდენადვე
შემაძრწუნებელი და თავზარდამცემია მისი სიკვდილი.
დიახ, სიქველეც შეიძლება მოკვდეს.
ეს კი მაშინ ხდება, როცა ქველმოქმედება თავის მიზანს ასცდება და იაფფასიანი მანიპულირების
საგნად გადაიქცევა; როცა მარცხენა შეიტყობს, თუ „რასა იქმს ხელი მარჯუენა“, როდესაც სიკეთის
მალვის ულამაზეს სურვილს მისი საშუალებით ძალაუფლებისა თუ სხვა რამ ამქვეყნიური „დიდების“
მოხვეჭა ჩაანაცვლებს.
ღმერთს – ღმრთისა და კეისარს – კეისრისა! სიკეთე საღმრთოა, სხვა ყველაფერი კი მოკვდავთა და
კეისართა ხვედრია.

You might also like