You are on page 1of 8

ელდარ შენგალაიას „ცისფერი მთები“ და საბჭოთა კავშირი

ელდარ შენგელაიას გადაღებული შესანიშნავი ფილმი, „ცისფერი მთები ანუ


ტიანშანი“, რომელიც რეზო ჭეიშვილის ტექსტზეა დაფუძნებული, ქართული კინოს
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, კაშკაშა მარგალიტია. ფილმი 1983 წელსაა
გადაღებული, თუმცა მისი ხასიათიდან და დროიდან გამომდინარე ეს ფილმი 2 წელი
თაროზე იდო შემოდებული. იმ უბედურებას, უმეცრებასა და სრულ უაზრობას,
აბსურდს, რაც საბჭოთა კავშირში იყო, ეს ფილმი ისეთი ოსტატური სატირით ჰყვება,
რომ მიუხედავად მთავარი პერსონაჟი სოსოს უბედურებისა, მაყურებელს სახიდან
ღიმილი შეიძლება 1 წამითაც არ მოგშორდეს. ეს არის ფილმი, რომლის ყოველი
კადრიც შედევრია. ნებისმიერი დიალოგის ღრმად ჩაშლა შეიძლება და ნებისმიერი
სცენის უკან ღრმა აზრი იმალება.

ჩემი აზრით, ამ ფილმის გენიალურობა იმაშია, რომ ჩვეულებრივ სიცილ-ხარხარში


გაიაზრება ის დიდი უბედურება, რასაც საბჭოთა კავშირში ცხოვრება ჰქვია. აი,
მაგალითად, ავიღოთ ერთი ამ ფილმისთვის რიგითი კადრი და დავაკვირდეთ:“

- გამარჯობა. იგავ-არაკების საკითხზე ვარ მოსული და თუ იცით, იგავ-არაკებს


მიიღებს?

- არა, მაგრამ უარს არ გეტყვით.“

და ის კაცი, რომლის იგავ-არაკებიც არავის აინტერესებს და არც უარს არ ეტყვიან,


ბედნიერი ჩამოჯდება, დალოდების უფლებას მოითხოვს და მოთმინებით
დაელოდება დირექტორ ვაჟას, რომელიც ისევ მთვრალი მოვა, ბორჯომებით სავსე
მაცივარს გამოაღებს და ნაბახუსევზე გამოსვლას შეუდგება. არსებობენ ვიღაცები,
ვინც როგორღაც სკამს ხელი გამოჰკრეს. მათ გაუმართლათ და ცხოვრობენ. ამის იქით
ყველა ადამიანს, ვინც სახელმწიფოს ძალით ვერ ლაპარაკობს, მეორეხარისხოვანია კი
არა, საერთოდ არანაირი ღირებულება არ გააჩნია. მაშინ როცა იმ იგავ-არაკების ან
თუნდაც სოსოს რომანის დაბეჭდვა, განხილვა, მიღება, გამოცემა მათი პირდაპირი
ვალდებულებაა, არავის არაფერში არ აინტერესებს, რა არის სინამდვილეში
გასაკეთებელი. დირექტორი ვაჟა ზაზაევიჩი ყველა პრობლემას, ყველა გამოწვევას,
მასთან ყოველ ინტერეაქციას ორი სიტყვით აგვარებს, ასრულებს - „ძალიან კარგი“ ან
„ამაშია საქმე“. ფილმის მთავარი პერსონაჟი სოსო განადგურებული მივა დირექტორ
ვაჟასთან.

- სამი წელიწადია სრულ სიცარიელეში ვარ, ბატონო ვაჟა.


- ძალიან კარგი. რაში ვარო, რაშიო?
- სიცარიელეში.
- ძალიან კარგი.“

ბატონი ვაჟა პირდაპირ თვალებში უყურებს ადამიანს და ეუბნება, რომ ძალიან


კარგია, რომ ის სიცარიელეში იმყოფება. მას, როგორც საბჭოთა ბიუროკრატიის ხატს,
საერთოდ არ ანაღვლებს სოსოს მდგომარეობა და უბრალოდ საუბრის
დასასრულისკენ მიჰყავს დიალოგი. ადამიანურადაც კი არ შეუძლია თანაგრძნობა
გამოხატოს. არ ვსაუბრობ იმაზე, რომ როგორც დაწესებულების დირექტორმა აიღოს
საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და სოსო პრობლემა მოაგვაროს, არა. მას
ძალაუფლებისგან ისე აქვს თავი დაკარგული, რომ მის წინ მენტალურად სრულიად
განადგურებული ადამიანი ზის, პოულობს საკუთარ თავში ძალას, რომ ამაზე
ისაუბროს და ეუბნებიან, რომ ეს ძალიან კარგია. დიახ, ჰომო სოვიეტიკუსი ასეთი
უნდა იყოს. ეს სწორი მდგომარეობაა. სრულ სიცარიელეში უნდა არსებობდეს ეს
ადამიანი. ეს არა თუ სამწუხარო ამბავია, ეს მიზანია, რომ ადამიანი სრულად
ცარიელი იყოს. მას არ უნდა ჰქონდეს უნარი, ამ სიცარიელეს დაუპირისპირდეს და 3
წელი ამაში იცხოვროს კი არა, უფრო დიდი დროის შემდეგაც ამ სიცარიელის
შემოქმედის მიმართ პატივისცემით, რიდითა და იმედით სავსე თვალებით უნდა
ისაუბროს. სოსო ალბათ იშვიათად ენთუზიასტი ადამიანია, რომელსაც იმ სამყაროში
ამხელა იმედით ცხოვრება შეუძლია და შეუძლია ამდენი ითმინოს, ამდენი ენერგია
ჰქონდეს ამ აბსურდში. თუმცა მასაც კი ისე დაცლიან, უკმაყოფილების გამოხატვაც კი
არ შეეძლება და მისი წიგნის განხილვისას, კარს გაიჯახუნებს, თუმცა კარი ისეთია,
ხმაც კი არ ექნება, მის გასვლას ვერავინ გაიგებს და ისე გააგრძელებენ მისი წიგნის
განხილვას, სადაც ყველაზე ჭკვიანური ის ითქმება, რომ ტექსტის სათაური ძალიან
პოეტურია, რადგანაც მასში სიტყვა „ცისფერია“ გამოყენებული. ისიც ბარათაშვილის
ხათრით. დანარჩენი ყველა გამყრელიძის დასკვნას ეთანხმება. მაგრამ ეს რა დაკსვნაა,
არავის წარმოდგენა არა აქვს. თუმცა ყველა გამყრელიძის „შეხედულებას“ იზიარებს.

ჩემი აზრით, ძალიან საინტერესოა იმის გაცნობიერება, საერთოდ რა დაწესებულებაა


(ვინ მოგვიწვია?) ის ადგილი, სადაც მთელი ფილმის მოქმედება ვითარდება. რა ჰქვია
ამ დაწესებულებას? რა კეთდება? რისთვის არსებობენ? ამ დაწესებულების
დანიშნულება რა არის ან რასაც აკეთებენ, როგორ აკეთებენ? მიმოვიხილოთ.
დირექტორი არის კაცი, რომელიც უბრალოდ ან ძალიან სულელია, ან ასე აჩვენებს
თავს. ბატონ ვაჟას ჰგონია, რომ მას „დეფიციტში გარღვევა“ აქვს. მხოლოდ ამის თქმა
საკმარისია იმისთვის, რომ ამ კაცზე წარმოდგენა შევიქმნათ და სრულიად ხმამაღლა
ვთქვათ, რომ არაფრის დირექტორად არ შეიძლება ეს კაცი დაინიშნოს. როგორც არ
შეიძლება რამის დირექტორად დაინიშნოს კაცი, რომელსაც ჰგონია, რომ ის ახლა
დაგეგმავს პროგრამას თუ რამდენი კილოგრამი პომიდორი უნდა აწარმოოს
თხუთმეტმა ქვეყანამ და ჰგონია, რომ 5 წლის შემდეგ ეს თხუთმეტი ქვეყანა მართლა
მაგდენ პომიდორს მოიყვანს. დეფიციტი უკვე გარღვევაა ბიუჯეტში, როგორ
შეიძლება თავად დეფიციტში ცალკე გარღვევა იყოს. ვაჟა ზაზაევიჩი დირექტორია,
მაგრამ რას ხელმძღვანელობს, უბრალოდ ვერ გაიგებ. რაზეა ის პასუხისმგებელი,
კონკრეტულად მისი საქმე რა არის, რა უნდა მოაგვაროს? ვითომ რაღაც წიგნებს
ბეჭდავენ ან განიხილავენ, მაგრამ ეგ საქმე როგორც კეთდება, ფილმის ბოლოს ძალიან
ცხადად ჩანს. თუ მართლა წიგნის დაბეჭდვა ან გამოსაცემად მომზადებაა მათი საქმე,
ფილმის ბოლოს ჩანს, რომ ერთი კაციც არ არსებობს, ვინც წიგნს განიხილავს კი არა,
უბრალოდ 1 გვერდს მაინც წაიკითხავს. საბჭოთა კავშირში არსებობდა უამრავი
დაწესებულება, ქარხანა, რომელშიც უამრავი ადამიანი მუშაობდა და ეს ორგანიზაცია
გაცხადებულად ზარალზე მუშაობდა. 1 მანეთ დოვლათსაც კი ვერ ქმნიდა
ასეულობით ადამიანით დაკომპლექტებული გუნდი. ცხადია, ამის მიზეზი ისაა, რომ
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ხალხის მიზანი არ იყო სიკეთის, დოვლათის შექმნა.
„ცისფერ მთებში“, ამ რაღაც ძალიან უცნაურ ორგანიზაციაში, სადაც ფილმში
მოქმედება ვითარდება, ის მაინც ვიცით, რომ წიგნებს „განიხილავენ“ ადამიანები,
თუმცა ფილმში არის სრულიად გენიალური ეპიზოდი, როცა ეს ორგანიზაცია შაბი
ამნის ახალ პარტიას მიიღებს. რა საჭიროა შაბი ამანი?

- შაბი ამნის ახალი პარტია მოიტანეს. არ გვჭირდება, მაგრამ მაინც მოაქვთ.“

ვის მოაქვს შაბი ამანი ან თუ არავის არ სჭირდება, რატომ მოაქვთ? საბჭოთა კავშირში
მთავარია, ხალხი „დასაქმებული“ იყოს, რამეს მაინც აკეთებდეს, ხალხი უნდა
მუშაობდეს. რა მნიშვნელობა აქვს რას გააკეთებს. ტრაქტორები რომ ჰყავდეთ მიწის
სათხრელად, ტრაქტორს გადააგდებენ და ხალხს კოვზებს დაურიგებენ, რომ უფრო
მეტი ადამიანი იყოს ჩართული საქმის კეთებაში.

ამ ფილმში ბიუროკრატიის სრულიად მანკიერი, საზიზღარი ხატი უბრალოდ


გენიალურადაა გადმოცემული. ფილმის პერსონაჟი, ბატონი ვასო ჩორგოლაშვილი,
თავის სამუშაო ოთახში, სადაც 27 წელიწადია მუხლჩაუხრელად შრომობს, სურათს
ვერ დაკიდებს ისე, ვიღაც მურმანიძემ ხელი თუ არ მოაწერა. ხომ უბრალოდ
შეუძლებელია, რაიმე საქმეს აკეთებდეს ის დიდად დახატული გრენლანდია ბატონი
ვასოს თავზე. ბატონ ვასოს კი ძალიან აწუხებს ეს საკითხი და ერთხელ ამის გამო ისე
იჩხუბებს, დამამშვიდებლების დალევაც კი გახდება საჭირო მის დასაწყნარებლად.
თავისით რომ გაიტანოს, ეს იდეა ხომ საერთოდ არ მოუვა თავში და იმდენად
უუფლებოა, ვიღაც ბიუროკრატს უნდა მიუტანოს ეს პრობლემა, მერე იმან კიდევ
ვიღაცას უნდა წაუღოს და დაეთანხმოს და მერე ამ შეთანხმების მისაღწევად ვიღაც
მურმანიძემ ამას ხელი უნდა მოაწეროს. აქ ორი უბედურება ჩანს ნათლად - ერთი ის
რომ ვასო იმდენად გაუბედურებულია, არც კი მოსდის თავში აზრად იდეა, რომ
ადგეს და ნახატი ჩამოხსნას და თავისით გაიტანოს. ეს მარტივი ქმედებაც კი მას ისე
დაესახება გონებაში, რომ ჯერ ამაზე უფლება უნდა მოიპოვოს სადღაც ზემოთ. ეს
ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს. მხოლოდ ვიღაცას აქვს ჭკუა და გონება ამის
მოსაფიქრებლად. ჯერ ვიღაცას ზემოთ უნდა მისწვდეს ხმა. კლარკის ტექსტში
სახელად “The Soviet Novel: History As Ritual” 1 ავტორი საუბრობს სწორედ იმაზე, რომ
არსებობს ვიღაც ჭკვიანი ხალხი, მამები და მხოლოდ მათ შეუძლიათ
„ნამდვილი/მაღალი რეალობის“ დანახვა. ეს მათი ხვედრია. მხოლოდ მამებს აქვთ
წვდომა ჭეშმარიტ სამყაროზე და არსებობს სხვა დამდაბლებული ხალხიც,
რომელთაც მხოლოდ ჭეშმარიტი ცოდნის ანარეკლებზე მიუწვდებათ ხელი.
საბჭოური სისტემა ხომ სრულად ამაზე დგას. ბელადს უტყუარი ცოდნა აქვს. შენ
არაფერი იცი. სხვებმა იციან. შენ დამოუკიდებლად აზროვნება, ფიქრი, საკითხის
შენით გადაწყვეტა არ შეგიძლია. უცდომელი ბელად-პაპი მოიფიქრებს გეგმას და შენ
ამას შეასრულებ. ბიუროკრატიის მიმართ შიში ამ ფილმში ძალიან კარგად
გამოჩნდება მაშინ, როცა ის უბედური კაცი, იგავ-არაკები რომ ჰქონდა მოტანილი,
ისევ მოვა, სრულიად სხვა საკითხზე თუმცა იმხელა კოზირითაა მოსული, ეგრევე
ვაჟა ზაზაევიჩთან შეიყვანს თავად ვასო ჩორგოლაშვილი. რა არის კოზირი? - მასზე
ყუფარაძემ დარეკა! არ არსებობს დაწესებულებაში ადამიანი, ვინც იცის, ყუფარაძე
ვინაა. შესაძლოა, თვითონ ყუფარაძე საერთდ არ არსებობს. უბრალოდ მათ გონებაში,
თუნდაც დირექტორი ვაჟას გონებაში, „ყუფარაძემ დარეკა“ ისმის, როგორც: „ზემოდან
ბელადმა დარეკა და საქმე დაგავალა!“. ამ ბელადი ყუფარაძის შიში იმხელაა, რომ ამ,
კიდევ ერთხელ ვიტყვი, სრულიად გაურკვეველ ორგანიზაციაში მარკშეიდერს (მერე
გამოჩნდება, რომ არც კი იცის ვაჟა ზაზაევიჩმა რას ნიშნავს მარკშეიდერი. როცა
მარკშეიდერი რაღაც ჭკვიანურს აუხსნას ვაჟას, ვაჟა ჰკითხავს, ეს საიდან იცითო და ის
კაცი უპასუხებს, მე ხომ სამთო ინჟინერი ვარო.

--------------------------------------------------------------------------- 1 Katerina Clark, The


Soviet Novel: History as Ritual (Chicago: University of Chicago Press, 1981), p. 141-152)
ვაჟა კი გაოგნებული ფეხზე წამოხტება და ჰკითხავს: „მარკშეიდერი ვარო თქვენ არ
ამბობდით?!“) აიყვანენ. ეგ ისეთ პროფესიაა, მართლა საჭირო რომ იყოს, ჯერ მაგას
აიყვანდენ სამსახურში. თუმცა ცხადია, არანაირი საჭიროება არ არის მარკშეიდერის.
ვაჟა ზაზაევიჩმა მარკშეიდერი რა არის, ისიც არ იცის და მარკშეიდერს რანაირად
აიყვანს სამსახურში. თუმცა ეგ არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ
ყუფარაძემ დარეკა. ზემოდან დარეკეს. მათ იციან და რადგანაც მათ ასე თქვეს, ესე
იგი, საჭიროცაა. ასევე ძალიან კარგადაა ნაჩვენები, რომ ბიუროკრატს საერთოდ არ
აღელვებს, საქმე გამოვა თუ არ გამოვა. რასაც ის აკეთებს, ხარისხიანი იქნება თუ არა.
სანამ ვაჟა ზაზაევიჩი არ გამოჩნდება, რომელსაც ყველაზე მეტად არ აინტერესებს, რას
იზამს ეს ორგანიზაცია, ბიჭები განუწყვეტლივ ჭადრაკს თამაშობენ და დირექტორის
მოსვლის შემდეგ ისე აატრიალებენ მაგიდას, გეგონება ბატონი ვაჟა ყოველ წამს
შემოდიოდეს და ამოწმებდეს, ხომ ეფექტურად მუშაობენ ბიჭებიო. თავად
დირექტორი ვაჟა ყველაზე უპასუხისმგებლოა. ხარჯთაღრიცხვას, რომელიც ალბათ
ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი უნდა იყოს ორგანიზაციის დირექტორისთვის,
გზაში დააწევენ და ხუთასგვერდიან დოკუმენტს კიბეებზე მოაწერს ხელს. აქ
ყველაფერი მოჩვენებითა. ყველა თამაშობს, რომ რამე საქმეს აკეთებს, თუმცა
სინამდვილეში არავის არაფრის მოტივაცია არ აქვს. სოსოს წიგნის განხილვაზე
წინასწარ ჰქონდა ვიღაცას დავალებული, რომ როგორც კი ტაშის ხმას გაიგონებდა,
მუსიკა უნდა ჩაერთო. ცხადია, დაგეგმილი იყო, რომ ტაშის ხმა ლოგიკურად სოსოს
წიგნის დამტკიცებას უნდა მოჰყოლოდა, რადგან სხვა მეტი იქ არაფერი
განიხილებოდა. თუმცა რატომღაც სოსო როცა შემოვა, შენობის რყევის მიზეზს
მოუტანს ვაჟას და ეტყვის, რომ მალე მოგვარდება ეს მდგომარეობა. ამაზე ყველა ტაშს
შემოჰკრავს და როგორც კი ის დავალებული კაცი ამ ტაშის ხმას გაიგონებს,
წარმატების სულისკვეთებიან მუსიკასაც ჩართავს. მას მალე გაუვარდება მისი
დამვალებელი და ეუბნება:
- გააჩერე, კაცო, გააჩერე, გააჩერე, რა!
- თქვენ არ მითხარით, ტაშის დროს ჩართეო?
- ის ხო სულ სხვა ტაშია, ის მერე იქნება!“

ჩემი აზრით, საბოლოოდ სწორედ ეს გატეხავს სოსოს. ეს ენთუზიასტი კაცი


ბოლომდე ფიქრობდა, რომ რამე გამოვიდოდა, თუმცა აი, აქ საბოლოოდ მიხვდა, რომ
არავის მისი წიგნი არაფრად არ აინტერესებს და წინასწარ აქვთ მოფიქრებული, რა
უნდა მოხდეს განხილვის დასასრულს. ერთადერთი ადამიანი, რომელიც მართლა
თავის საქმეს ასრულებს და ბოლოს და ბოლოს ერთადერთი ადამიანი, რომელმაც
სოსოს წიგნი წაიკითხა, მუშაა. ფილმში მხოლოდ მას არ ევალებოდა ამის გაკეთება,
თუმცა უბრალოდ აინტერესებდა და კიბეზე ჩამომჯდარი კითხულობდა სოსოს
ნაშრომს. მის საქმესაც ასრულებს. უბრალოდ ასეთი კაცი, რაღაც რომ აინტერესებს,
მარტივად რომ ვთქვათ, ცოტა ადეკვატური ადამიანი რომაა, არ შეიძლება რამე
მნიშვნელოვან თანამდებობას ფლობდეს. „განა იმიტომ რომ ჩემი აზრი არ გამაჩნია,
არა, უბრალოდ ასე მოიტანა ცხოვრებამ.“

ეს ფილმი უბრალოდ შესანიშნავი შარჟია საბჭოთა კავშირისა. მთელ მის


ამორალურობასა და აბსურდს სულ სიცილ-ხარხარით ჰყვება. როგორც ფილმის
რეჟისორი ელდარ შენგელაია იხსენებს, როდესაც ფილმი კინოკომიტეტში აჩვენეს,
სხდომაზე სრული სიჩუმე ჩამოვარდა. არავინ ხმას არ იღებდა ფილმის დასრულების
შემდგომ. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დაჟინებით სთხოვდა კომიტეტის
წევრებს, რომ თავიანთი აზრი გამოეთქვათ, თუმცა არავინ ხმა არ ამოიღო. ბოლოს
თავად მოადგილემ თქვა: „ჩვენ ეს ფილმი უნდა გავუშვათ, რადგან იტყვიან, რომ ეს
ფილმი ჩვენი შარჟია, ეს ფილმი კი ჩვენზე არ არის.“ 2 ფილმი კი მიიღეს
ფორმალურად, მაგრამ დიდ ეკრანზე გაშვება მანამ არ ეღირსა, სანამ ის გორბაჩოვმა
არ ნახა და არ მოეწონა.

--------------------------------------------------

2 https://www.youtube.com/watch?v=CIaiqOpOaqU&ab_channel=Teatri.GeTeatri.Ge 10:15
კინოკომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევდა, რომ ეს ფილმი არასაბჭოთა იყო და
ელდარ შენგელაიას უთხრა, რომ მას არ გაუშვებდა. თუმცა რომ გაიგო, რომ იმ კაცს
მოეწონა, ვისი სურათიც კაბინეტში ეკიდა (გორბაჩოვის), ეგრევე გადაიფიქრა.
გორბაჩოვი ერთხელ ბიჭვინთაში იყო ჩამოსული და ქართული ფილმები მოითხოვა.
როგორც შენგელაია ამბობს, როცა გორბაჩოვმა ცისფერ მთებსაც უყურა,
სხვათაშორის, ედუარდ შევარდნაძესთან ერთად, მან შევარდნაძეს უთხრა: „ედუარდ,
ჩვენ რომ რამე არ ვიღონოთ, როგორც ამ ფილმში ჩამოიგნრა ჭერი, ისე დაგვემხობა ეს
სახელმწიფოც თავზეო.“ ფილმის გადაღებიდან ერთი ათეული წელიც არ გახდა
საჭირო, რაც ეს გორბაჩოვის ეჭვი მხოლოდ ეჭვად არ დარჩა და საბჭოთა კავშირი
მართლა დაიშალა.

You might also like