You are on page 1of 2

მე-3 თავი

• იმსჯელეთ მამამზე ერისთავის სულიერ სამყაროზე;


• იმსჯელეთ მოღალატე ფეოდალებსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაზე;
• იმსჯელეთ მთავარ სათქმელსა და მხატვრულ საშუალებებზე;

,,მწერლობა გმირობის გამოსარჩლებაა მხოლოდ, მიჩქმალული გმირობის ქომაგია მწერალი და


სხვა არაფერი’’, - ათქმევინა ექვთიმეს კონსტანტინე გამსახურდიამ და იმთავითვე მოგვამზადა
საამაყო წარსულთან შესახვედრად. ,,დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა’’ ისტორიული
რომანია, რომელიც წარმოაჩენს მე-11 საუკუნის საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ
მოვლენებს. მეტად საინტერესოა მამამზე ერისთავის სასახლიდან გაპარვის ეპიზოდი. მამამზე
ერთგული თანამებრძოლი იყო ბაგრატ მესამისა, ბრძოლის ველზე სიკვდილს გადაარჩინა
ბაგრატის ვაჟი გიორგი პირველი და ახლა, როცა მცხეთაში საახალწლოდ ჩაბრძანებული მამამზე
ფარისევლურად ლოცავდა ტახტის მპყრობელს, მისი ვაჟი ჭიაბერი მეფის ჩამოსაგდებად ხალხს
აჯანყებდა. მამამზე ურცხვად ლიქნიდა მეფის წინაშე და ემსგავსებოდა სამგზის საწყალობელ
ვარსქენს, რომელიც იხმობს თავის ძეებს, ,,ვითარცა ერთგული სოფლად შევდიეს’’ (იაკობ
ხუცესი), მას შემდეგ, რაც სარწმუნოებას უღალატა. მამამზე ერისთავი ერთ-ერთი საინტერესო
პერსონაჟია შინაგანი განხეთქილების გამომხატველ პირთაგან. პირადმა მისწრაფებებმა
საოცრად გამოცვალა ერისთავი, რომელსაც ადრე არერთხელ მოუქნევია ხმალი სამშობლოს
დასაცავად. მან დაივიწყა პატივისცემა იმ მეფის წინაშე, რომლის შესახებაც რუსთაველს უთქვამს
,,მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა’’ და რომლის ღვთაებრივი წარმომავლობის
იდეასაც გააჟღერებს გრიგოლ ხანძთელი მე-9 საუკუნეში. მამამზეს ვერაგობა, მზაკვრობა,
უსინდისობა მკაფიოდ წარმოჩნდება, როდესაც იგი სასახლდიან გაპარვას აგდაწყვეტს და ზვიად
სპაასალარის მახეში გაებმება. მამაზესთვის ,,სიკვდილის წინაშე შიში უცნობი იყო ამ დღემდე’’,
რადგან აქამდე იგი ბრძოლის ველზე ღირსებისთვის, სამშობლოსთვის, სარწმუნოებისთვის
იბრძოდა, ახლა კი მან ღვთის რწმენაც დაკარგა, მეტიც, დასცინოდა ,,ებრაელთა ღმერთის იწილ-
ბიწოლოს’’ და ღვთისმოშიშობისა გაქრობასთან ერთად მასში ყოველგვარმა ხორციელმა შიშმა
დაისადგურა. ,,ეჰა, ღამევ, სულის ჩემისაებრ ბნელო’’,-ეს სიტყვები, რომლებიც მონაკვეთს
რეფრენად გასდევს, მამამზე ერისთავის სულიერი სიბნელის წარმოჩენას ემსახურება. შეიძლება
ითქვას, რომ მამამზეც ტიპური იუდაა, რომელიც შესაფერის ,,ჟამს ეძიებს’’. მის დანაშაულს
კი ,,შენდობა არ უხერხდება’’, რადგან ის ძირს უთხრის ქვეყნის ერთობას. მამამზე მაგონებს
წიწოლას (,,ბახტრიონიდა’’), რომლის დანაშაულიც ,,აწეულია ცამდინა’’.
რომანში მოქმედება იშლება ფეოდალურ-მონარქიული წყობილების ფონზე და მეამბოხე
ფეოდალთა სახეები განსაკუთრებული სისრულით წარმოგვიჩენს რომანში ასახულ ეპოქას.
მოცემულ მონაკვეთში წარმოგვიჩნდება მოღალატე ფეოდალებსა და ხელისიფლებას შორის
ურთიერთობა. თანადროული და მწვავე თემა ქვეყნის შინააშლილობისა გამოიხმო კონსტანტინე
გამსახურდიამ შორეული წარსულიდან. ქვეყნის ღალატი ყოველთვის აშკარა როდია. ფირმანით
გაფორმებულ მოღალატეს არც მიიღებს ერი და არც ამოუდგენა გვერდში კანონიერი მეფის
დასამხობად, ამიტომაც ისინი ცდილობენ მალულად, ფრთხილად იმოქმედონ. შინაომი თითქოს
უკეთესი მერმისის სახელით იწყება და მოღალატე ფეოდალებსაც კი მხოლოდ სამშობლოს
ბედნიერება სურთ, პატრიოტული მოტივით მოძრაობენ, თუმცა შნააშლილობის რეალურ
მიზეზად ისევ ავადმყოფური პატივმოყვარეობა და უცხო ქვეყნის ნებაზე სიარული გვევლინება.
ეპიზოდის იდეა მოღალატის სულიერი სამყაროს და მოღალატეთა მიმართ ხელისუფლების
დამოკიდებულების წარმოჩენაა. გამორჩევით აღსანიშნავია კონსტანტინე გამსახურდიას
თხრობის ორიგინალური სტილი, რომელსაც ქმნის სხვათა სიტყვის ნაწილაკების მოჭარბებული
გამოყენება და ზმნის გადმოტანა წინადადების შუაში: ,,ყარყატზე ნადირობააო ახლა არაგვის
ჭალებში კარგი’’, ,,კიდევ არ ამოგართვესო სული?’’ და ა.შ. ტექსტში შევხვდებით ტროპული
მეტყველების ნაირსახეობებს: ეპითეტებს, შედარებებს, მეტაფორებს. ეპითეტებია: ,,ვაგლახად
დაღრეჯილი’’-მწირის შეჭირვების გამოსახატად, ,,პირბანჯვლიანი, მოღუშული’’, ,,შეყრილი და
მრისხანე წარბები’’ ზვიად სპასალარის მკაცრი ხასიათის წარმოსაჩენად, ,,თავჩქინდრული’’ კი
მამამზე ერისთავის, როგორც ტყვის სულიერ მდგომარეობას, დამცირებულ ყოფას მიესადაგება.
შედარებებია: ,,ბერძნულ კატარღებსავით’’, ,,ვითა ბოგანომ, უსახლკარომ, მიუსაფარმა’’.
აღსანიშნავია, რომ რომანში ყველა საგანი თუ მოვლენა განსაკუთრებული, მისთვის
დამახასიათებელი ფერით აღიქმება. ,,მამზეს მიწისფერმა გადაჰკრა’’-ამ შემთხვევაში ფერი
მეტაფორულად ერისთავის შიშით სავსე მდგომარეობას გამოხატავს, ,,როცა მტრედისფრად
აყვავდა ცა’’-მტრედი, ზოგადად, მშვიდობის სიმბოლოა და ამ შემთხვევაშიც უკეთესი
მოვლენებისათვის განგვაწყობს.

You might also like