You are on page 1of 7

ალუდა ქეთელაური

მე-2 თავის მიხედვით

როგორ სულიერ მდგომარეობას ხატავს ავტორი და რით არის ამგვარი განწყობა გამოწვეული:

1. ალუდა ქეთელაური ორთაბრძოლიდან გამარჯვებული ბრუნდება სახლში. ავტორი


შემდეგი სტრიქონებით შესაბამის განწყობას უქმნის მკითხველს:
,,შატილს ჯერ არ ჩასწდომია
შუქი შუადღის მზისაო,
არ ჩაუშვებენ ჩამსვლელსა,
ცა ახურია კლდისაო’’.
2. პარალელი: თუ სახისმეტყველებაში მზე უფლის სიმბოლოა, ვაჟა ამ სიტყვებით
მიგვახვედრებს, რომ მართალია შატილი ქრისტიანული თემია, მაგრამ ეს ხალხი არ
ცხოვრობს ქრისტეს ღირებულებებით. ქრისტიანული მრწამსით ღმერთი სიყვარულია,
ხოლო მათი ცხოვრება ქცეულა მტრობად, სისხლისღვრად, გაუტანლობად და
სიძულვილად.
3. და თუ ადრე ალუდა ქეთელაური, რომელსაც, ნაწარმოების მიხედვით, ბევრი ქისტის
მარჯვენა მოუკვეთია, თავმოწონებული და ამაყი ბრუნდებოდა შინ, ახლა იგი სევდიანია.
4. მას არ ეამაყება მუცალის განგმირვა, რადგან უკვე მიხვდა, რომ მტერიც შეიძლება იყოს
კარგი ვაჟკაცი. მუცალმა შეძლო და მტერში ღირსეული ამოიცნო. ქისტმა იარაღი
დაუტოვა თავის მკვლელს, აღიარა იგი ვაჟკაცად. ამ ფაქტმა შეძრა ალუდა.
პარალელი: ვასილ ბარნოვი, რომელიც სასულიერო პირი გახლდათ, თავად ავლენს
რელიგიური ტოლერანტობის მაგალითს, როდესაც ურჯულოს ნაცვლად იყენებს
ტერმინს ,,სხვა რჯულის’’.
პარალელი: შოთა ნიშნიანიძის თეთრი ლექსი ,,ქართველების გასაგონად’’:
,,ცოტნე გმირია, დიდებული გმირი...
ოღონდაც თუ ბიჭები ვართ, ნუ ვადიდებთ მარტოდენ ცოტნეს,
ვახსენოთ სახედაღრეჯილი ლომი მონღოლიც,
გმირობისა და ვაჟკაცობის უბადლო მცოდნე...’’
5. სწორედ ამიტომ, ,,პირს დასწოლია ნისლები’’, იგი მწუხარეა, მისი ფიქრი გულიდან
ნადენი და მძიმეა. ეს არ არის წამიერი წუხილი, რომელიც მალე გაქრება, ეს ალუდა
ქეთელაურის სულის დარდია.
6. ავტორი აღნიშნავს, რომ მას თან მოაქვს მუცალის ძმის მკლავი და იარაღი. ამის
მიხედვით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ალუდას სულიერი ფერისცვალება ჯერ
მხოლოდ ახლა დაიწყო. მან მუცალის ძმის მიმართ ტრადიცია აღასრულა, მკლავი
მოჰკვეთა.
7. მთავარ გმირს ჯერ ბოლომდე არ გაუაზრებია ამ წესის საზარელი ბუნება, თუმცა გულს
აუხსნელი სევდა აწევს. სევდა ღირსეული ადამიანის, თუნდაც მტრის, მაგრამ ნამდვილი
ვაჟკაცის, მკვლელობის გამო.

ტექსტში ვისი ფიქრი, აზრია გამოხატული, ალუდასი თუ ავტორის, რა არის ვაჟას მთავარი
სათქმელი:
1. ვის ეკუთვნის ამგვარი ფიქრი, ალუდა ქეთელაურს თუ თავად ავტორს, ვაჟა-ფშაველას?
ამის გასარკვევად უნდა დავუკვირდეთ ალუდას სულიერ ყოფასა და აზრებს.
2. იგი იხსენებს წარსულს, ბევრჯერ ყოფილა მსგავს მდგომარეობაში, მრავალჯერ მდგარა
სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე. ბევრი ქისტიც მოუკლავს, ალბათ უამრავი ურჯულოს
მკვლავებს ახლა ადნობს მზის სხივი მისი ,,დამსახურებით’’, თავად კი ჯერაც ცოცხალია.
3. მას გაუმართლა, მტერმა ჯერაც ვერ დაამარცხა. მის ცხოვრებაში, როგორც ყველა
ადამიანისაში, ზოგჯერ ავდარია, ზოგჯერაც მზე ბრწყინავს. იგი ბევრის მომსწრეა,
ახსოვს, როგორ შეღებავდა სისხლი წითლად ,,ავი არდოტის’’ წყალს.
4. ამ სისხლიანი წარსულის გახსენებისას ალუდას შემოაწვება ფიქრი:
,, ვისაც მტერობა მასწყურდეს,
გააღოს სახლის კარია,
სისხლ დაიგუბოს კერაში,
თვითანაც შიგვე მდგარია’’.
5. სისხლი იქნება მისი პური, მისი საზრდო; ქორწილსაც სისხლში გადაიხდის, შვილებიც
რომ ეყოლება, თუნდაც მრავალი ქალი და ვაჟი, იქვე მათი საფლავი უნდა გათხაროს,
რადგან:
.,შენ რო სხვა მაჰკლა, შენც მოგკვლენ,
მკვლელს არ შაარჩენს გვარია’’.
6. მთაში სისხლის აღება საუფლო წესია, მაგრამ შენ რომ სხვას მოკლავ, სიკვდილი უკანვე
დაგიბრუნდება, შენს შთამომავლობას დაუბრუნდება.
7. ნაწარმოების მიხედვით, ყოველივე ამას განსჯის ალუდა ქეთელაური, თუმცა, ვფიქრობ,
სინამდვილეში ეს ვაჟას ფიქრია. ამავე დასკვნამდე ალუდა მივა აზროვნებითა და
დაკვირვებით, საკუთარ სულში ჩაღრმავებით, თემთან დასაპირისპირებლად საჭირო
ძალის მოკრებით.
8. თუმცა ჯერ ეს სიტყვები მხოლოდ ავტორის შეგონებაა. ამას მოწმობს ისიც, რომ ალუდა
ქეთელაურის სულიერი ,,გამოღვიძება’’ ჯერ მხოლოდ ახლა იწყება, მისი ფიქრები ჯერ
ეფუძვნება ერთი კაცის, მუცალის გმირობას.
9. ვაჟას სიტყვები ალუდას გულისთქმად იქცევა, როდესაც იგი გუდანის ჯვართან მივა და
მოსალოდნელი შედეგების მიუხედავად, მეგობრად, ლამაზ ძმად მოიხსენიებს მუცალს
და მაჰმადიანი ქისტის სახელზე კურატს შეწირავს ჯვარს.
10. მისთვის ჭეშმარიტება გაცხადდება: უცხოც, მტერიც შეიძლება იყოს შენი მსგავსი, კარგი
ვაჟკაცი და ისიც ცხონდება, რადგან ადამიანი უფლის წინაშე წარდგება ღირსების
მიხედვით.

2.) თემთან საუბარი

ალუდას მრწამსი:

1. პოემის მიხედვით, ალუდა ქეთელაურმა ქისტი მუცალი და მისი ძმა სიცოცხლეს


გამოასალმა. ქისტმა თავის მკვლელს საკუთარი იარაღი დაუტოვა, ალუდა ვაჟკაცის
სიმამაცემ და ღირსებამ შეძრა, ამიტომაც გამარჯვების ნიშნად მოკლულს მკვლავი არ
მოჰკვეთა, ტრადიცია არ აღასრულა, ქისტს ცხონებულიც უწოდა.
2. ალუდა ქეთელაური შინ დამწუხრებული დაბრუნდა.“არ ეწონება თავიო“. არ ეამაყება
ქისტის მოკვლა. მთელი შატილი გამოეგება ვაჟკაცს: ძმა, ძმისწულები, ხევსურთ ქალ-
ვაჟი, რადგან ალუდა ,,კაცია დავლათიანი’’. ყველას სურს, რომ მიეგებნოს მას და
გამარჯვება მიულოცოს. ალბათ ამდაგვარი ვითარება მრავალგზის ყოფილა.
3. ალუდა ხომ რჩეული ვაჟკაცია. და როდესაც ბებერი უშიშა მას ბრძოლის ამბავს
გამოჰკითხავს, რჩება განწყობა, რომ ფიქრით დასევდიანებული ალუდა არა მოხუცს, არა
თემს, არამედ საკუთარ თავს ესაუბრება. იგი ძალიან მოკლედ აღწერს ორთაბრძოლის
ისტორიას და დასძენს:
,,იმ ცხონებულსა მუცალსა,
რკინა სდებიყო გულადა’’.
4. თუ ბრძოლის დამთავრების შემდეგ ალუდამ სიტყვა ,,ცხონებული’’ გულით თქვა და არა
გონებით, ახლა მან ეს შეგნებულად გაიმეორა. თანდათან მისი სულიერი სამყარო და
გონება რწმუნდება იმაში, რომ მაჰმადიანი, ქისტი, მტერიც შეიძლება იყოს ცხონებული,
კარგი ვაჟკაცი.
5. ხოლო როდესაც მოისმენს თემის პასუხს, ამატებს:
,,- მით ვაქებ ვაჟკაცობასა,
არ იყიდება ფულადა’’.
6. ალუდა ქეთელაურისთვის საზომი ადამიანის შეფასებისა უკვე არის არა სარწმუნოება,
არა ის, მტერია თუ მოყვარე, არამედ ის, თუ რა ღირსების მატარებელია, როგორი
ვაჟკაცია.
7. იგი კიდევ ერთხელ აღწერს მუცალის გამბედაობას, ხაზს უსვამს მის ძალასა და
შეუპოვრობას თემის წინაშე.
8. ალუდა თითქოს ებაასება საკუთარ თავს: ისინი, ხევსურნი, ხომ ამბობენ, რომ მხოლოდ
თავად არიან ვაჟკაცნი, მხოლოდ მათ ზრდიან დედები. ურჯულო კი რადგან ურჯულოდ
იბადება, განწირულია ჯოჯოხეთისთვის, მაგრამ ნუთუ ყველაფერი, რასაც ამბობენ
სიმართლეა? განა ყველა ქრისტიანი, რომელიც პირჯვარს იწერს და თავს ქრისტიანად
მოიხსენიებს, ყოველთვის მართალია?
9. ყურადსაღებია ტაეპი:,,ღვთისშვილთ უკეთეს იციან’’. ,,ღვთისშვილთ’’ ხევსურები
არქმევდნენ წმინდა ხატებს. ალუდა გაბედავს და ამბობს, იქნებ ღვთის სამართალი და
თემის სამართალი სხვადასხვაა? ამ სიტყვებით მას ეჭვი შეაქვს თავისი თემის, შატილის
ღირებულებათა მართებულობაში.
10. იგი აღნიშნავს, რომ მართალია მოკლა მუცალი, მაგრამ ვერ გაიმეტა მარჯვენის
მოსაჭრელად:
,, გული გამიწყრა, არა ჰქნა,
რაც საქნელია ძნელადა:
დაე დააკლდეს სახელსა,
მე გირჩევნივარ მრჩევლადა”.
11. ალუდამ იცოდა, რომ მკლავის არმოკვეთით ტრადიციას არღვევდა. იმ ტრადიციას,
რომელიც თავადაც მრავალჯერ აღუსრულებია. სხვას ასწავლიდა, რომ წინაპართა წეს-
ჩვეულების აღსრულება აუცილებელი იყო.
12. თუმცა გულმა არ დაანება, ვერ გააკეთა. იმ გულმა, რომელიც, ხატოვნად რომ ვთქვათ,
ალუდას არსებაში ამ შემთხვევის შემდეგ სხვანაირად ფეთქავს. იმ გონებამ, რომელიც
სხვანაირად აზროვნებს.
თემის დამოკიდებულება ალუდას მოსაზრებისადმი (ყურადღება მიაქციეთ უფროსი თაობისა
და ახალგაზრდების დამოკიდებულებას), მთავარი სათქმელი:

1. დამაფიქრებელია თემის დამოკიდებულება. ალუდა ქეთელაური დინჯად საუბრობს.


არსად ჩანს გაღიზიანება თემისადმი. მაშინაც კი, როდესაც თემი მის მიმართ
უპატივცემულობას გამოხატავს, ალუდა თემს არ პასუხობს. მან კარგად იცის, იმის
გააზრება, რასაც მიხვდა, მისთვისაც ჯერაც რთულია და თემისთვისაც მეტად ძნელი
იქნება.
2. უფროსი თაობა, უშიშას სახით, ეპასუხება ალუდას:
,, - რას ამბობ? ქისტის ცხონება
არ დაწერილა რჯულადა’’.
3. ამ სიტყვებით თემი ახსენებს ალუდას, რომ მაჰმადიანის ცხონებულად გამოცხადება არის
მათი რჯულის უპატივცემულობა, წინაპართა ადათ-წესების უარყოფა.
4. თუმცა ამის შემდგომ ეს ხალხი დუმს. უფროსი თაობა დინჯია, კარგად იცის, რა კაციცაა
ალუდა ქეთელაური, ის ხომ ,,საფიხვნოს თავში დაჯდების’’. ამიტომ ცდილობს, მიხვდეს,
რა მოხდა იქ, ბრძოლისას ისეთი, რომ ალუდამ ცნობიერება შეიცვალა.
5. მაგრამ მათგან განსხვავდებოდნენ ახალგაზრდები, რომელთაც, უმალვე
გაბრაზებულებმა, შესძახეს:
,, მოკვდი, სიკვდილი გირჩევნავ,
რა ხარ სიცრუის მთქმელადა’’.
6. ახალგაზრდები ვერ ხვდებიან,, რა მოხდა ასეთი მნიშვნელოვანი. მათ იციან, მტერი ორი
იყო, ალუდამ ერთს მოჰკვეთა მარჯვენა, მეორეს-_არა. ამიტომ ამ ყველაფერს ყველაზე
ადვილი ახნსა მოუძებნეს: ალუდა ქეთელაურმა ტყუილი თქვა, მას არ მოუკლავს
მუცალი და თავის ხელმოცარულობას ასე მალავს.
7. ამიტომ ეუბნებიან მას, მიუგდოს ხმალი ქალებს, აღარაა ვაჟკაცი, რადგან ტყუილი
იკადრა. ალუდას ქალი უწოდეს, რაც ხევსურთათვის დიდი შეურაცხყოფა იყო, და
ზურგი აქციეს. ასეთ შეურაცხმყოფელ და უტიფარ დამოკიდებულებასაც კი არ
უპირისპირდება ალუდა ქეთელაური, რამეთუ იგი ფიქრის კაცია და მათიც ესმის,
თავადაც უჭირს იმის აღქმა, რაც მის სულში ხდება..
8. ვაჟამ ამ დიალოგში წამოჭრა თემისა და განსხვავებული პიროვნების დამოკიდებულება.
საზოგადოებას უჭირს, მიიღოს განსხვავებული ადამიანი და მისი თვალსაზრისი. მაგრამ,
ნაწარმოების მიხედვით, სწორედ განსხვავებული პიროვნებები აყენებენ საზოგადოებას
სულიერი პროგრესის გზაზე.
9. პარალელი: ნაწარმოების მიხედვით, მინდიამ დაუმტკიცა თემს ალუდას სიმართლე,
მაგრამ მათ არ აპატიეს ქეთელაურს გუდანის ჯვრისთვის მუცალის სახელზე კურატის
შეწირვა.
10. მინდიას აუწყლიანდა თვალები. თუმცა იგი ჯერ სუსტია, ალუდას სიმართლე
გახმოვანდა მის სულშიც. და ამიტომ, ამ თემში კვლავ დაიბადება ალუდა ქეთელაური.
11. პარალელი: ეს აზრი ჟემალ ქარჩხაძის მოთხრობა ,,იგიში’’ და რიჩარდ ბახის
ნაწარმოებ ,,თოლია სახელად ჯონათან ლივინგსტონში’’, რომლებიც განსხვავებული
პიროვნებისა და საზოგადოების თემაზეა შექმნილი.
პარალელი: მინდია შეგვიძლია შევადაროთ ჯემალ ქარჩხაძის მოთრობის ,,იგი’’ პერსონაჟ
ზუს, რომელიც გაბედავს სინათლისთვის თვალის გასწორებას - გადადგამს პირველ
ნაბიჯს ჭეშმარიტების შეცნობისკენ.
პარალელი: ,,ვეფხისტყაოსნის’’ გმირთა ერთგულება: ,,ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე
მე დაამიც წესად-რე’’

3.) მე-3 თვი სიზმარი

პირველი საკითხი, სიზმრის საზრისი:

1. ალუდა ქეთელაური ვერ ივიწყებდა ქისტ მუცალს, მის მიერ ხევსურის, მკვლელის,
მჯობნ ვაჟკაცად აღიარებას. ფიქრობდა მისი და თემის ურთიერთდამოკიდებულების
მოსალოდნელ შედეგებზე. იგი საკუთარ გონებასა და სულს უკვირდებოდა და სწორედ
ამის გამოხატულებაა სიზმარი.
2. ალუდას სიზმრის შინაარსი ასეთია: სხვა მამაკაცებთან ერთად გარდაცვლილის ოჯახში
მიდის თანაგრძნობის გამოსახატავად. ხევსურნი სალაშქროდ არიან გამზადებულნი და
რჩება განწყობა, რომ ეს ხევსური ქისტთაგან არის მოკლული, ამიტომ ისინიც სისხლის
ასაღებად ემზადებიან. ამ დროს ვიღაცამ ალუდას ხელში ხანჯლის ტარი ჩაუდო. ალუდა
მიხვდა, რომ ეს მუცალი იყო. მას მკერდზე ეტყობოდა ნატყვიარი, მაგრამ მედგრად იდგა,
როგორც უწინ. ალუდას გაახსენდა, რომ ამ ვაჟკაცის მკვლელი თავად იყო.
3. მუცალი ამბობს:
,, მინდა სიკვდილი, არ ვკვდები,
მამკალო, მითხრა ხვეწნითა.
თქვენ დაგრჩეს წუთისოფელი,
მე-კი წავიდე ქვეყნითა,
დაძეღით, ხევსურთ შვილებო,
ლაშქრობით, ხმლები ს ქნევითა”.
4. რეალურმა მუცალმა ქრისტიანი, მტერი, მკვლელი აღიარა კარგ, მჯობნ ვაჟკაცად. თუმცა
არსად არაა ნათქვამი, რომ იგი განწყობილი იყო მტრობისა და სისხლისღვრის
წინააღმდეგ.
5. თუ რეალურ მუცალს სიცოცხლე სურდა, სიზმრისეულ მუცალს სიკვდილი სწყურია.
მისთვის მიუღებელია მტრობითა და სისასტიკით აღსავსე ცხოვრება, ამას სიკვდილი
ურჩევნია. ეს სიტყვები მოწმობს, რომ სიზმრისეული მუცალი არის ალუდას
გაღვიძებული სინდისი.
6. ეს სწორედ ის წერტილია, საიდანაც ალუდას შეგნება, ალუდას გონიერება ახალ
საფეხურზე ადის. იგი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ასეთი ცხოვრება არ არის მართებული,
ასეთი ცხოვრება ვერ იქნება უფლისთვის სათნო.

მეორე საკითხი, ალუდას სულიერი სამყარო:

1. ძალიან მნიშვნელოვანია სიზმრის მეორე ნაწილიც. ალუდა ქეთელაური სხვა


ხევსურებთან ერთად სუფრასთან ზის. მას წინ ჯამი დაუდგეს, რომელიც სავსე იყო კაცის
ხორცის წვნიანით. ალუდა მას ჭამდა და თან სზარავდა, გულში ფიქრობდა:
,, რასა ვსჩადიო, ვსჯავრობდი,
უმსგავსი, შაჩვენებული’’.
2. ამ სიზმრის მიხედვით, ალუდასათვის მტრობა, გაუტანლობა, კაცისკვლა იგივე
კაციჭამიობაა.
3. "ჭამეო, რამამ მიძახა,
ნუ ჰხდები გაშტერებული’’.
__ ეს კი თემის ხმაა. თემი და ტრადიციები აიძულებს ალუდა ქეთელაურს, ბრმად
მისდიოს წინაპართა დადგენილ გზას. მისდიოს იმ ცხოვრების გზას, რომელიც აქამდე
მისი სიცოცხლე იყო.
4. მაგრამ მას ეს ეზიზღება, სძაგს ადამიანის ხორცის ჭამა, მტრობა, ადამიანთა ხოცვა
მისთვის მიუღებელია.
5. იგი არჩევანის წინაშე დგას: მისდიოს გულს, რომელიც ამოსძახებს, რომ ასეთი ცხოვრება
არ შეიძლება, თუ მისდიოს წინაპართაგან დადგენილ ტრადიციაებს, ვალდებულებებს?
ამდაგვარად წარმოაჩინა ავტორმა სულიერი მდგომარეობა პერსონაჟისა.
6. პარალელი: ალუდა შემდომში მინდიასთან საუბრისას საბოლოოდ დაგმობს მკლავის
მოკვეთის ტრადიციას.უწოდებს მას ცოდვა-ბრალით მონათლულ სამართალს. იგი
გარდაიქმნება სიყვარულის, სიკეთის კაცად.
პარალელი: ალუდა მაგონებს იგის, რომელიც პირველი წელშიგამართული ადამიანი
იქნება ტომში.
პარალელი: ალუდას ქმედება შეგვიძლია შევადაროთ ბარათაშვილისეულ ,,განწირულის
სულისკვეთებას’’.

4.) მე- 5 თავი კურატის შეწირვა

პირველი საკითხი, რატომ სწირავს ალუდა ქეთელაური კურატს გუდანის ჯვარს მუცალის
სახელზე:

1. ალუდა ქეთელაური თემში სახელოვანი, გამოჩენილი ვაჟკაცია. იგი საფიხვნოს თავში


ზის და ყველაფერი დაეჯერება, ყველაფერში გარკვეულია, ამიტომ როცა მის მიერ
მოკლული ქისტის, მუცალის, სახელზე მიიტანა შესაწირი, მას წინასწარ
გათვალისწინებული ჰქონდა, რაც მოჰყვებოდა ამგვარ ქმედებას.
2. მიუხედავად ამისა, ალუდას ცნობიერება ახლად დაიბადა და მისი არსება მოიცვა
ჭეშმარიტებამ: მტერშიც შეიძლება დაინახოს ღირსეული. იგი დარწმუნებულია, რომ
სასუფეველში ადამიანი პიროვნული ღირსების მიხედვით იმკვიდრებს ადგილს.
3. მან უარყო თემის თალსაზრისი: ყველას, ვინც ქრისტიანი არაა, ჯოჯოხეთში წამება ელის.
იგი აღნიშნავს:,,ყველანი მართალს ამბობენ განა, ვინაცა ჰფიციან?’’. მან თემის მრწამსში
ეჭვი შეიტანა, რაც ინდივიდუალური აზროვნების გამოვლინებაა.
4. ალუდამ მუცალში დაინახა ღირსეული ვაჟკაცი, თავისი ტოლი და სწორი, ამიტომ
დარწმუნებულია, რომ ის ცხონდება.
5. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქეთელაურმა ქისტი პატიოსან ბრძოლაში მოკლა, მის
გამო მკლავი მაინც მოაჭრეს ხევსურთა ტრადიციის მიხედვით, მკლავმოჭრილი კაცი
სასუფეველში ,,კაი ყმად’’ ვერ შევიდოდა.
6. სწორედ ამიტომ მის სულს სჭირდებოდა ცოცხალთა მხრიდან ლოცვა და ვის უნდა
ელოცა მისთვის, თუ არა ალუდას? ,,იმ ცხონებულსა მუცალსა რკინა დაედო გულადა’’.
ალუდა თავს ვალდებულად თვლიდა, გაეკეთებინა ეს მადლი მისი ვაჟკაცი ძმისთვის,
მიუხედავად განსხვავებული რჯულისა თუ ეროვნებისა.

მეორე საკითხი, რატომ არის ბერდიასათვის მიუღებელი ალუდას გადაწყვეტილება, რატომ


მოკვეთეს ქეთელაური თემიდან:

1. ბერდიას სახით წარმოგვიდგება თემი და მისი შეხედულებები. იგი, გაოგნებული და


შეურაცხყოფილი ალუდას ქმედებით, მას გონზე მოსვლას ურჩევს:,,ურჯულოვდები
მაგითა’’.
2. ბერდიას აზრით, ალუდა ქეთელაური ორმაგ დანაშაულს სჩადის უფლის წინაშე. პირველ
რიგში, ალუდამ კურატი სამსხვერპლოდ მაჰმადიანისთვის მოიყვანა, მისი სახელის
ცხონებისთვის ლოცვა ითხოვა, ანუ ურჯულო მოწამედ მონათლა.
3. ამასთან ერთად, როგორც ბერდია თვლის, ალუდაც დაშორდა უფალს, გაურჯულოვდა.
4. როცა მტკიცე უარი მოისმინა, ალუდამ გააკეთა ისეთი რამ, რისი უფლებაც არ ჰქონდა:
თავად დაკლა სამსხვერპლო, ჩაიდინა რა დანაშაული, რომლის გამართლება თემს
ტრადიციების მიხედვით არ შეეძლო.
5. ამის შემდეგ, ბერდიამ და თემმა მიიღეს გადაწყვეტილება, მოეკვეთათ
ალუდა: ,,მოკვეთილ იყოს სხვა ქვეყნის ცა-ღრუბლის შანამზირები’’. განსხვავებული
აზრის მქონე პიროვნება გარიყეს, რადგან ტრადიცია ამ აზრის მიღებას ხელს უშლიდა.
6. თუმცა, ამასთანავე, უნდა გვითვალისწინოთ, რომ თემსაც თავისი სიმართლე აქვს.
საზოგადოების სიმტკიცე და ერთიანობა ეფუძნება იმ ადათ-წესების ერთგულებას,
რომლებიც წინაპრებს დაუწერიათ. თემი ვერ დაუშვებს, რომ ერთეულებმა, დადგენილ
წესებში ეჭვის შეტანით, ხელი შეუშალონ მათ ერთსულოვნებას.
7. ეს ესმის ალუდასაც, ამიტომ ნაწარმოებში არსად არ ჩანს მისი საყვედური თემის მიმართ.

მთავარი სათქმელი: ალუდას თემიდან მოკვეთის შემდეგ რჩება იდეა თავისუფლებისა,


იდეა იმისა, რომ ტრადიცია-,,პაპით და პაპის პაპისგან’’ ბოძებული ადათი
დაუფიქრებლად არ უნდა მივიღოთ, გავიხსენოთ თავად ვაჟას სიტყვები:
,,ნისლი ფიქრია მთებისა,
იმათ კაცობის გვირგვინი’’ - რომლითაც იგი ფიქრისკენ, განსჯისკენ მოგვიწოდებს. ვაჟა-
ფშაველა არ ილაშქრებდა ყოველგვარი ტრადიციის წინააღმდეგ, მას სურდა ადამიანში
გაეღვივებინა ფიქრისა და განსჯის უნარი, რათა საღი გონებითა და თვალით
დაჰკვირვებოდა გამყარებულ წეს-ჩვეულებებს, შეეფასებინა, რამდენად ერგებოდა იგი
ჰუმანურ ნორმებსა და აზროვენბის განვითარების თანამედროვე საფეხურს, გარდაექმნა,
ან სულაც უარი ეთქვა მასზე.

You might also like