You are on page 1of 3

საერთო აზრით გაერთიანებულ ადამიანებს ვერავინ

დაამარცხებს
არაერთხელ დამსგავსებია საქართველო აღდგომის კვერცხს, მაგრამ
ერთად დგომამ ყველაფერი შეგვაძლებინა; რამეთუ ერთიანობა
განაპირობებს ძალას, ძალას რომელსაც მტერი ვერ დაამარცხებს. „თუ
ერთად იქნებით, მტერი ისევე ვერ გაგტეხთ, როგორც მე ვერ გავტეხე
შეკრული ისრების კონა. თუ დაშორდებით ერთმანეთს, ცალ-ცალკე მტერი
ადვილად დაგლეწავთ“ - წერდა სულხან-საბა.
ნოდარ დუმბაძის რომანიდან, „მე ვხედავ მზეს“, მოცემულ პასაჟში
ნათლად არის აღნიშნული პრობლემა გაშუქებული. ვხედავთ როგორ არ
ეშვება მამიდა „ლუკაიას“ და მტრის წინაშე გაერთიანებისაკენ მოუწოდებს,
„ლუკაია“ კი ამ ყოველივეს პესიმისტურად უდგება:
„– არ უნდა მოვუშვათ!
– ვინ – მე და შენ?
— მე და შენ.
– მაგას გააჩერებ, ქალო, დღეში ხუთ ქალაქს იღებს?
– უნდა გავაჩეროთ.
– აბა, შენ იცი, გააჩერე! „
ნოდარ დუმბაძე 20-ე საუკუნის მწერალია, რომლის ნაწარმოებების
ნათელმა ოპტიმიზმმა, თანამედროვე ცხოვრების უმნიშვნელოვანესი
მოვლენების ღრმა წვდომამ, თხრობის ლირიზმმა და განუმეორებელმა
იუმორმა განაპირობა მწერლის პოპულარობა — როგორც საქართველოში,
ისე საზღვარგარეთ.
როგორც ვხედავთ, მწერალი გამოირჩევა თხრობის ორიგინალური
მანერით. მისი ექსპრესიული თხრობის სტილი მაღალ მხატვრულ ელფერს
სძენს ტექსტს. პერსონაჟები წარმოჩენილია საინტერესო მეტყველებითა და
დიალოგებით. აღნიშნულ ტექსტში ავტორი იყენებს ტროპის სხვადასხვა
სახეს, რომელთა მეშვეობით უფრო საინტერესოდ მოაქვს სათქმელი
მკითხველამდე. ხოლო მისი გურული დიალექტი მშობლიურობის
გრძნობას კიდევ უფრო უმძაფრებს მკითხველს.
არსებობს მოსაზრება რომ საერთო აზრით გაერთიანებულ ადამიანებს
ვერავინ დაამარცხებს. მე საზოგადოების იმ ნაწილს ვეკუთვნი რომელიც
მოცემულ დებულებას ემხრობა; რადგან როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნე
ერთიანობა იმ ძალას განაპირობებს, რომელსაც მტერი ვერ დაამარცხებს.
საქართველო მრავალსაუკუნოვანი ქვეყანაა, რომელსაც არაერთი ომი
უნახავს. ჩვენ ყოველთვის მცირერიცხოვანნი ვიყავით და საკითხავი ისაა
რამ გვიხსნა? რამ შეგვინახა? როგორც ილია თავის ერთ-ერთ პუბლიცისტურ
წერილში წერდა: „ვიცოდით - იმ დროს რა უნდოდა, რა იყო მისი ციხე-
სიმაგრე. მისი ფარ-ხმალი, ვაჟკაცობა უნდოდა, ვაჟკაცნი ვიყავით, ხმალი
უნდოდა, ხმლის ჭედვა ვიცოდით, ომის საქმეთა ცოდნა უნდოდა, ომის
საქმენი ვიცოდით. აი, რამ შეგვაძლებინა, რამ გვიხსნა, რამ შეგვინახა...“ ჯერ
არსად გაუმარჯვია გათითოკაცებულ ერს, ძალა სწორედაც რომ ერთობაშია,
ამას მოწმობს ლელთ ღუნიას სიტყვები: „რა არის მტერობა თუ ერი ერობს“.
აქვე დავძენდი გიორგი 1-ის სიტყვებს, რომელსაც კონსტანტინე
გამსახურდია „დიდოსტატის მარჯვენაში“, წერდა: „იცოდე თუ მთელმა
ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, პიპა, რადგან
ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშრებსა და მსტოვარებს.“
„მოხუცი, თუ ახალგაზრდა,
ერისკაცი, თუ სამღვდელო,
ყველა ერთმხრივ მიიწევდა,
ერთი ჰქონდა ყველას ლელო!
სადღა იყო განსხვავება?
რის ბატონი? ან ვისი ყმა?!
ყველა ერთად შეკავშირდა,
ერთი ჰქონდათ მათ გულისთქმა“ - წერდა აკაკი წერეთელიც.
საკითხავი და გასაკვირი კიდევ ისაა დიდგორის ბრძოლის დროს ასეთი
მცირერიცხოვანი ჯარით როგორ ვძლიეთ მტერს. პასუხი მარტივია, ჩვენ
გადავრჩით იმიტომ რომ ვაჟკაცნი ვიყავით, ერთად ვიდექით, უფლის
გვწამდა და გვახსოვდა რომ სამი დიდებული საუნჯე მამული ენა და
სარწმუნოება გვქონდა დასაცავი. დღესდღეობით ასე აღარ არის. დღეს
ქართველი ერი გათითოკაცდა, დღევანდელმა საზოგადოებამ სამწუხაროდ
მუცელთა და გულთათქმა ბატონად გაიხადა. პოლიტიკოსები ერთმანეთს
უპირისპირდებიან, ხალხი ბრბოდ იქცა რომელიც სხვა ყველას რიყავს,
ყველა მხოლოდ ერთი სურვილის დასაოკებლად მიიწევს და ეს სურვილი
გაუმაძღარი ლტოლვაა ფუფუნებისკენ. სამწუხაროა რომ ხალხმა ილიას
სათქმელი ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა, სამწუხაროა ისიც რომ ჯავახიშვილის
დარგულმა მუხამ ფესვები ბოლომდე ვერ გაიდგა საზოგადოებაში და
ნაყოფი ჯერ კიდევ ვერ გამოიღო.
იმისათვის რომ აღნიშნული პრობლემა დაიგმოს, საჭიროა საზოგადოების
ცნობიერების ამაღლება, ადამიანებმა უნდა გაითავისონ თავიანთი
ამქვეყნად მოსვლის როლი და როგორც ილია ამბობდა უნდა ემსგავსონ
ღმერთს, რამეთუ ხსნა მხოლოდ ამაშია.
ჩემი აზრით, ადამიანები ადრე უფრო იზიარებდნენ ერთმანეთის ჭირსა
თუ ლხინს, ერთმანეთს გვერდში ედგნენ და გასაჭირში მარტო არ
ტოვებდნენ. დღეს კი ყველაფერი სხვანაირადაა, შეიცვალა დრო და მასთან
ერთად ერი.

You might also like