You are on page 1of 2

"არა, ჩემი დღენი დათვლილია უკვე. მიწია გველისფერი წმ.

გიორგის რისხვამ, მე მივდივარ ამ სოფლიდან, პიპა, უამბე ჩემი ნათხრობი, ვინც მომიკითხოს, ბაგრატ უფლისწულსა და უკანასკნელ მეხამლესაც უამბე, პიპა. მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც მეფეს, ისე როგორც კაცს, თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარის ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისათვის არასოდეს მიღალატნია, პიპა. ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავისა, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი - სარკინოზებს. როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას, პიპა. ბასიანთან აზნაურებს რომ არ ეღალატნათ, იქაც ვძლევდი ბასილი კეისარს, იცოდე. თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, პიპა, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშარებსა და მსტოვარებს. სიყრმე და სიჭაბუკე საქართველოს შევალიე, მაგრამ ქართლელები "აფხაზს" მეძახდნენ, ხოლო აფხაზები - "ქართლელების მსტოვარს" მიწოდებდნენ ბაგრატოვანს, ლაზს. დამანელა აზნაურებისა და სარდლების კინკლაობამ, პიპა. ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას - სარდლობა. მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოზები, მეფეები მწვანე ეტლებს მიეტრფოდნენ და ბიზანტიურ ხარისხებს, ამიტომაც არ მიყვარდა პაპაჩემი - გურგენ მაგისტროსი, მამაჩემი - ბაგრატ კურაპალატი, და მცხეთიდან გაქცევის წინაღამეს ჩემს ვაჟს წავეკიდე, ბაგრატს. ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი. ხალხიც აზნაურებს ბაძავდა, პიპა, ამიტომაც მშვენიერს, "უცხოს" უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს - "ბერძნულს" ხოლო საუკეთესო ცერცვსაც - "ბერძნულს". სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები, პიპა, ეგაა ოღონდ - სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხიზლებულთ. მეც მჭირდა ეგ სენი, პიპა, სიმთვრალეში მოვაკვლევინე ფხოველებს დედიჩემის დისწული გირშელ, თრიაქით მთვრალმა. ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია. მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები". მცირე ხანს დადუმდა თვალდახუჭული, უცნაურად დაემანჭა სახე. ისევ გადაედო მკვდრისფერი, მერმე გაახილა თვალები და ეუბნება უშიშარაისძეს: "ახლა ადექი, პიპა, მღვდელთაგანი მომგვარე ვინმე, არ მიყვარს პამპულა ეპისკოპოზები, უბრალო დიაკვნის პუტუნი მენატრება, პიპა". გავიდა უშიშარაისძე, ვიღაც ახმახი დიაკონი გამოსძებნა სოფელში, როცა გიორგის

სამყოფლოს მიეახლა, გამოექცა დიაკონს, სვეტს მიეყრდნო და ზლუქუნებდა ეს ვეება ვაჟკაცი ბნელში. თავზე წამოადგა დიაკონი მომაკვდავს, ცალ ხელში დავითნი ეჭირა, ცალშიაც - ანთებული კელაპტარი და პუტუნებდა: "ღმერთო, სულთა და ყოველთა ხორციელთაო, რადგან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასრთგუნე და ცხოვრება სოფელსა მიანიჭე, შენ, უფალო, განუსვენე სულსა მონისა ამის შენისასა (სახელი და გვარი გამოსტოვა, რადგან არც კი იცოდა, ვის უკითხავდა სულთათანას) ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა იგი არა არს სალმობაი, მწუხარებაი და სულთქმაი და ყოველნი ცოდვანი ამის მიერ ქმნილნი საქმითანი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან შეუნდენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა ხარ და სიმართლე შენი სიმართლეა საუკუნო და სიტყვა შენი ჭეშმარიტ." გიორგი იწვა გულზე ხელდაკრეფილი, ხოლო ზემოტუჩი უტოკავდა ნელა, სულ ნელა, თითქოს ეჩურჩულებაო ვიღაცას. წაიბუტბუტა: "მომიცადე, დედა!" პიპას ზლუქუნი შემოესმა გარედან, თვალი გაახილა, დიაკონი უშიშარაისძე ეგონა, ხოლო ანთებული კელაპტარი - ცეცხლისმფრქვეველი ხმალი. ეუბნეა: "რა გატირებს, დამკარი, შე უღმერთო, ეგ ხმალი, ბარემ გათავდეს ეს ცხოვრება, პიპა". ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები ამქვეყნად. როცა ქუთაისში ასაფლავებდნენ მის ცხედარს, საშინელი წვირმა იყო და ქარი ჰქროდა. პირველად ერთ მესაფლავეს წამოცდა სიმართლე მისი უთავჟამო და ბობოქარი ცხოვრების გამო. როცა მოტირალები, დიდებულები და მოსეირენი წავიდ-წამოვიდნენ, მოხუცმა მესაფლავემ ეს უთხრა ახალგაზრდას: "არც სიკვდილში ჰქონია გიორგი მეფეს ბედი".

You might also like