You are on page 1of 3

„ ვეფხისტყაოსნის“ შინაარსობრივი ანალიზი

I
(არაბეთის სამეფოს სამყარო)

„ვეფხისტყაოსანში“ თხრობა იყწება ჰარმონიის სურათის გამოკვეთით. არაბეთის


მონარქი როსტევანი პრობლემატურ ნაბიჯს დგამს. ტახტზე ქალის ასვლის დელიკატური
საკითხი წყდება ბუნებრივად, უმტკივნეულოდ. ვეზირებთან განსჯა მეფის
გაწონასწორებულ ხასიათს გვიჩვენებს, აქ ჩანს მიწიერი სამყაროს ბუნებრივი
გონივრული წესრიგის გამოხატულება, რომლის ბინადარნი კანონზომიერად ცვლიან
ერთმანეთს. სიბერესა და სიკვდილზე მსჯელობისას არ ხდება ამ მოვლენების
დრამატიზება, რადგან წესრიგი, ჰარმონია არ უნდა დაირღვეს. ვეზირთა მსჯელობაში
ჩანან ადამიანები, რომელთაც არ აშინებთ მეფის რისხვა, აქვთ საკუთარი
თვითმყოფადობა, არ არიან მეფის ბრმად მორჩილნი. ჩანს, რომ ამ ქვეყანაში ბუნებრივი
ატმოსფერო სუფევს და არა დესპოტიზმი. ჰუმანურობა შერწყმულია პრაგმატულობასთან.
მეფის ასული უხვი და  უშურველი უნდა იყოს, რაც მისთვისაც სასიკეთო და სასარგებლო
იქნება. სიკეთე ქვეშევრდომთათვის საპასუხო სიკეთის გაღებით საზღაურდება.
როსტევანი მორჩილებას აფუძნებს წყალობაზე და არა შიშზე. სხვისთვის გაზიარებული
სიკეთე გაძლიერებული, გაზრდილი გვიბრუნდება უკან. თინათინის გამეფების
ცერემონიალს აცოცხლებს თვით თინათინის სულიერი მდგომარეობის წარმოჩენა.
ბრძენი ასული ძალიან ემოციურია.განცდა ბუნებრივია, რადგან თავმდაბალია და
ტახტზე ასვლა ნაადრევად მიაჩნია. იკვეთება ავთანდილის ფიგურაც. სპასპეტი ლამაზი და
გონიერი ყმაწვილია, მას ახარებს თინათინის გამეფება, რადგან საკუთარი ტკივილის
მოშუშების საშუალებად მიიჩნევს ამ შესაძლებლობას. ის აქტიური და ინიციატივიანი
ადამიანია. მისი აქტიური, ძლიერი ბუნება  ჩანს ნადიმისა და ნადირობის
დროსაც.ავთანდილი მეფესთან თამამი და შეუზღუდავია, ეხუმრება , ეჯიბრება კიდეც,
წინდახედულიცაა, რადგან მეფის შესაძლო განრისხებასაც არ გამორიცხავს, ამიტომ
გარანტიას ითხოვს. ნადირობა არის ავთანდილის პირველი გამოცდა, რომელსაც
იოლად აბარებს. მთელი პოემა მისი ვაჟკაცობისა და ადამიანური გამძლეობის ერთგვარი
გამოცდაა, რომელთა დაძლევაც ავთანდილის პიროვნების სრულფასოვნებას უსვამს
ხაზს.

უცხო მოყმის გამოჩენა არაბეთის ჰარმონიულ ყოფაში მკვეთრ დისონანსს შეიტანს.


ეგზოტიკური იერის ყმაწვილი შემზარავ გამოცანად რჩება როსტევანისთვის. მისი
გამოჩენით როსტევანის შეუზღუდავი ძალაუფლება დაირღვა,გაქრა საკუთარი
ყოვლისშემძლეობის რწმენაც. თითქოს ღმერთი საკუთარ წყალობას ართმევს
როსტევანს, ბედნიერების დასასრულს მიანიშნებს „ღვთისაგან სვიან“ მეფეს.
რუსთაველის პოემას მსჭვალავს აზრი, რომ  ადამიანის ხსნა სხვა ადამიანშია. ასეთ
მხსნელად მოევლინა მეფეს თავისი ასული. ყოფიერების ტრაგიზმი ადამიანის
აქტიურობით უნდა დაიძლიოს. ადამიანმა ტანჯვის გამომწვევი მიზეზები უნდა
აღმოფხვრას, გამოსავალი მოძებნოს. თინათინის შეხდულება, რომ სიკეთის შემოქმედი
ღმერთი ბოროტებას არ ქმნის, პოემის მთავარი მსიფლმხედველობრივი, ბოროტების
არამყარობის იდეის პირველი მონახაზია პოემაში.. თინათინის მსჯელობა მეფეს
ღმერთის მოწყალების რწმენას უბრუნებს.

მეფის ასული სპასპეტს ავალებს უცხო მოყმის პოვნას. თინათინის სახე ამ პასაჟში,
ერთი მხრივ, მეფური დიდებულებითა და სიმკაცრით გამოირჩევა, მეორე მხრივ, -
ეროტიულობით ( თხლად აცვია). მეფის ასული აღიარებს სპასპეტის მიმართ თავის
გრძნობას და ავთანდილს მისი სიყვარულის დამსახურების შანსს აძლევს, მას სურს
მიჯნურის ღირსება, ვაჟკაცობა გამოსცადოს, ასევე მან უნდა მიიღოს პასუხი უმთავრესზე:
შესაძლებელია , თუ არა ბოროტების დემონური ძალის დათრგუნვა.
პოემაში მიჯნურთა შორის სიყვარულის გამოხატვა ცრემლის ღვრით ვლინდება, ხოლო
შეყვარებულთა ერთგულება  - ფიცით. ფიცის დაცვა პოემის გმირებს მათი პიროვნული
სიმყარის გამოხატვაში ეხმარება. თინათინისთვის ავთანდილი ქვეშევრდომთა შორის
უპირველესია, ამავე დროს უკვე მისგან აღიარებული მიჯნური, რაც ავთანდილს მეფის
ასულის დავალების შესრულების აუცილებლობაში არწმუნებს.

სპასპეტის ტყუილი როსტევანთან იმის მიმანიშნებელია, რომ ავთანდილისთვის


სახელნწიფოებრივი ინტერესები უპირველესია და მეფემაც უნდა ირწმუნოს, რომ რაინდი
მოსაზღვრე ქვეყნების დასალაშქრად მიდის და არა მიჯნურის დავალების
შესასრულებლად.

საყურადღებოა ავთანდილის თანშეზრდილ შერმადინთან ურთიერთობა, რომელიც


საოცარი სითბოთი და პატივისცემით გამოირჩევა. ავთანდილის აზრით, მარტოობა
სიყვარულის ბუნებრივი სტიქიაა. მიჯნურმა ტანჯვა მარტომ უნდა იტვირთოს, რათა ტანჯვის
სიმძიმე მოსაპოვებელი ფასეულობის ადეკვატური იყოს. ადამიანი საკუთარი თავის,
საკუთარი ძალების იმედად უნდა იყოს და არა სხვებზე დამოკიდებული. ღმერთის იმედის
მქონე ადამიანი განსაცდელის პირისპირ არსებითად მარტო არ იქნება. გარდა ამისა,
ავთანდილი მზრუნველი და მოამაგე ადამიანია. მისი წასვლით ზიანი არ უნდა მიადგეს
მის ქვეყანას, სახელმწიფოს უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს და სწორედ
ამიტომ უნდა მიანდოს თავისი  საქმე ყველაზე საიმედო ადამიანს - შერმადინს.

არაბეთიდან წასული ავთანდილის კაეშანი მძაფრია, მაგრამ ნებისა და გონების


კონტროლს არის დაქვემდებარებული. მისი გრძნობების დაოკება იმითაა
განპირობებული, რომ მას ღრმად აქვს გაცნობიერებული დათმენის აუცილებლობა, რაც
მისი გამარჯვების ერთგვარი წინაპირობაცაა. რაინდს შეჭირვების მოთმენას უადვილებს
სიახლოვე ადამიანებთან და უფლის რწმენა. კრიტიკულ ვითარებშიც კი ვლინდება
ავთანდილის ანალიტიკური აზროვნება, სრული რეალიზმი, რომელიც გამორიცხავს
ხისტი სინამდვილის თუნდაც ოდნავ შერბილებას და შელამაზებას. ზოგჯერ
სასოწარკვეთა საყვედურს ათქმევინებს ავთანდილს ღმერთთან, თუმცა მალე მისი
ჩივილი ღვთის მორჩილებად იქცევა. სწორედ ღმერთის ნებასთან ავთანდილის
შერიგებას მოჰყვება ჯილდო - უცხო მოყმის კვალის პოვნა. ხატაელი ძმების გამოჩენა
ავთანდილისავის გადამწყვეტი აღმოჩნდა. ხატაელთა ბოროტება (ტარიელის
შეპყრობისა და გაძარცვის თაობაზე) სიკეთის მიზეზად გვევლინება, რადგან ამ ქმედებამ
განაპირობა ავთანდილის მიერ უცხო მოყმის პოვნა. ამით ჩანს, რომ ბოროტებას
სუბსტანცია (არსებობა) არ აქვს და სიკეთესთან შედარებით ხანმოკლე და სუსტია.

არაბმა რაინდმა რაციონალისტური გონებით შეძლო გაშმაგებულ უცნობ მოყმესთან


მოულოდნელი შეხვედრისათვის თავის არიდება.  ეს დეტალი ხაზს უსვამს ავთანდილის
წინდახედულობას, სიბრძნეს, გონიერებას. ავთანდილისა და ასმათის შეხვედრის
დრამატული სცენა კი დაგვანახებს, რომ ადამიანი ყოველთვის წინასწარ ვერ დაგეგმავს
და განსაზღვრავს მოსალოდნელ შედეგებს. ასმათის საოცარი ერთგულება, სიმტკიცე,
თავდადება, სიმამაცე გამაოგნებელ რეაქციას ახდენს ავთანდილზე. რაინდს აშკარად
ღალატობს მოთმინების უნარი და ძალადობის დემონსტრირებით ცდილობს მიზნის
მიღწევას. ასმათი არის უტყუარი მაგალითი იმისა, რომ მასში არის სულიერი სიძლიერე,
რაც მის ფიზიკურ სისუსტეს აღემატება, ეს კი აიძულებს ავთანდილს საკუთარი უსუსურობა
დაინახოს.

ავთანდილისთვის დამახასიათებელია არაორდინარული სიტუაციების შეგუების უნარი


და განუხრელი მიზანსწრაფვა. კრიტიკულ სიტუაციებში მის მახვილ გონებას
ელსტიურობა ემატება და უფრო აქტიური ხდება. ავთანდილის დახმარების სურვილით
გულანთებული ასმათი არწმუნებს ტარიელს, რომ ადამიანებთან ურთიერთობისთვის
თავის არიდება მას საკუთარი ტანჯვისა და სიშმაგის ტყვედ აქცევს. ადამიანი მხოლოდ
სხვა ადამიანის გვერდით, მისი წყალობით ჰპოვებს შვებას. ტარიელი უკიდურეს
სასოწარკვეთას ამჟღავნებს, მისი აზრით, ამქვეყნად მისი სატკივარი განუკურნებელია,
რადგან ღმერთს განწირული ჰყავს. იგი ფიქრობს, რომ მისნაირად მძიმე ბედის
ადამიანი ღმერთს არ შეუქმნია, ეს კი ტარიელს საკუთარი განსაკუთრებულობის
მნიშვნელობას შეაგრძნობინებს.

ადამიანურ ურთიერთობათა ჰარმონიულობა რუსთაველისათვის არა მარტო


ყოფიერების სირთულეთა დამძლევი ძალაა, არამედ სრულყოფილი მშვენიერება,
სიკეთე და ჭეშმარიტება. „ვეფხისტყაოსნის“ გამსჭვალავი მშვენიერების კულტი
გულისხმობს, რომ ადამიანის განსაკუთრებული სილამაზე მისი რჩეულობის,
აღმატებული სულიერი და ზნეობრივი ღირსებების უტყუარი გამოხატულებაა. ადამიანის
სხეულის სრულყოფილება , ნათელმოსილება მისი ღვთიური ბუნების განსახიერებაა.
ადამიანის წარმოჩენა ღვთის ხატად და მსგავსად ყველაზე ცხადად ადამიანური
მშვენიერების განდიდებით ხდება.

„ვეფხისტყაოსნის“ გმირები ერთმანეთს როგორც მონათესავე არსებებს, თვისტომებს,


ადვილად ცნობენ განსაკუთრებული მშვენიერების ნიშნით. ამიტომაა, რომ ტარიელი და
ავთანდილი ახლობლებივით ხვდებიან ერთმანეთს. შეხვედრისას ტირილი მათი
დაახლოების,ურთიერთაღიარების, სოლიდარობის ნიშანია. ტარიელი არ მალავს თავის
მწუხარებას, ამით ის ავთანდილს თავისი რანგის რაინდად აღიარებს.

რაც შეეხება ტირილის მოტივს, „ვეფხისტყაოსანში“, ეს უპირატესად საკუთარი


გრძნობების, ვნებების, დაუოკებელი სიძლიერის გამოვლინებაა და არა სისუსტის.
ამიტომ ცრემლი არ ამცირებთ მათ, პირიქით, ეამაყებათ საკუთარი ტანჯვა, ღრმა
ტკივილის განცდის უნარი, თუმცა პოემის პათოსი უმოქმედობის გამომწვევ აფექტურობას
უპირისპირდება. გრძნობების მოძალება აქ წარმოისახება, როგორც  ღრმად ადამიანური,
მშვენიერი რამ. ტარიელის მიერ თავისი ამბის მოყოლას მის თავგანწირვად აღიქვამს
ავთანდილი , სწორედ ეს გახდება მისი უკან (ტარიელთან) დაბრუნების ერთ-ერთი
მთავარი სტიმული . სწორედ თავისი ამბის მოყოლის შემდეგ აღწევს უდიდეს
კულმინაციას ტარიელის შინაგანი კრიზისი, რადგან ამბის მოყოლა მას უფრო მეტად
უღრმავებს დეპრესიაში მყოფ რაინდს სულიერ იარებს. ის ტანჯვით იშიშვლებს სულს,
კვლავ გაივლის ტრაგიკულ გზას აღზევებიდან დამხობამდე. აქ იგრძნობა მცირეოდენი
გადაჭარბება, მაგრამ რუსთაველისთვის ხომ საერთოდ ორგანულია ამბის ასეთი მძაფრი
ტემპერამენტით აღქმა. ტარიელი აფასებს , რომ ავთანდილს მის ძებნაში დიდი ტანჯვა-
წამება გამოუვლია. მასზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ავთანდილის მიერ მისდამი
გამოვლენილი მძაფრი თანაზიარობა. ყოველივე ეს უადვილებს ტარიელს სულიერ
თანამოძმედ, მოყვასად ჩათვალოს ავთანდილი. მას სურს სხვას გაუკვალოს გზა
ბედნიერებისაკენ, იმის მიუხედავად, რომ თვითონ უბედურია. ტარიელის ხსნის
საფუძველი, წინაპირობა აღმოჩნდება ის, რომ სამყაროსა და ადამიანებისაგან
გაუცხოებულმა, სულიერად შერყეულმა, მაინც შეძლო სხვა ადამიანის თანაგრძნობა. მას
ტანჯვამ გული ვერ გაუქვავა. იგი ამით ცდილობს გაარღვიოს თავისი მარტოობის ,
იზოლირების ჩაკირული გარსი.

რუსთაველის მხატვრული თვალთახედვით, ადამიანის ხსნის გზა თანაზიარობასა და


სხვისი შველის უნარშია.

You might also like