You are on page 1of 5

„ალუდა ქეთელაური“ - ანალიზი ( ლალი დათაშვილი)

"ალუდა ქეთელაურით" ვაჟას მეტად რთული და ძნელად მისაღწევი მიზანი დაუსახავს - პოემაში
ნაჩვენებია პიროვნების მეტამორფოზა. თუ გავიხსენებთ, რომ მწერლობის უმნიშვნელოვანეს ამოცანად
დამაჯერებელი, ხელშესახები პერსონაჟის ასახვა ითვლება, იოლი წარმოსადგენია, რაოდენ ძნელია
ერთი პიროვნების ორი- აბსოლუტურად განსხვავებული სახის ჩვენება. ალუდა, ნაწარმოების
დასაწყისში რომ გავიცანით: მტრის რისხვა, დაუფიქრებელი მებრძოლი, ლომივით რომ "მიიზიდება"
თავდამსხმელებისკენ, გუმანს მინდობილი რომ მიექანება კლდის ფრთამალი შევარდენივით ცისკრის
ხანს, ხელის აუკანკალებლად რომ ისტუმრებს მტერს საიქიოში - ნამდვილი ხევსურია, თემის ერთი
ტიპური წარმომადგენელი, სხვებზე ვაჟკაცობით, სიმარდითა და სიმარჯვით აღმატებული. მუცალთან
შეხვედრის შემდეგ კი ალუდა სიყვარულის მქადაგებელი, მტრის დანდობის, მისი ღირსების
პატივისცემისათვის მებრძოლია. პოემა საშუალებას გვაძლევს, თვალი გავადევნოთ ამ ცვლილებას და
დავფიქრდეთ, რამდენად შესაძლებელია იგი, ან მხატვრულად რამდენად დამაჯერებლადაა
გადმოცემული.

რადგან ძალიან ძნელი იყო (განსაკუთრებით თემში) ალუდას მსგავსი ადამიანისთვის (ვინც თავად
მონაწილეობდა კანონთა შექმნაში და შემდეგ მათ სამაგალითოდ აღასრულებდა) ეჭვის შეტანა
ცხოვრების, ადათ-წესების, შეხედულებების სისწორეში, მწერალს უნდა ეჩვენებინა, რომ ქეთელაურს
დიდი სულიერი ძალაც ჰქონდა და გარდაქმნისათვის აუცილებელი, დამაჯერებელი მიზეზიც.
ამიტომაცაა, რომ ალუდას დავლათიან კაცად გვაცნობს ვაჟა: "ალუდა ქეთელაური კაცია დავლათიანი".
რადგან "დავლათიანი" ღვთისგან დალოცვილს ნიშნავს, უკვე იმთავითვეა განსაზღვრული, რომ
ალუდას ყველა თანასოფლელზე მეტი მოეთხოვება და მეტიც შეუძლია თავისი სულიერი
მადლმოსილების გამო. მის ნაფიქრალსა თუ ნაღვაწს სხვანი ვერ მიხვდებიან, ვერ შესწვდებიან. ე. ი.
ქეთელაურს გააჩნია ძალა და ნიჭი გარდაქმნა-ამაღლებისათვის.
მეორე აუცილებელი პირობა მეტამორფოზისთვის ბიძგია, რომელიც შეცვლის ცხოვრების ჩვეულებრივ
მდინარებას და სამყაროს სხვაგვარად აღაქმევინებს ადამიანს. ამგვარ მოვლენად ალუდასთვის გადაიქცა
მუცალთან შეხვედრა, მუცალის პიროვნება და მისი საოცარი საქციელი.
სრულიადაც არ არის გამორიცხული, რომ ალუდას მუცალის მსგავსი და, შესაძლოა, უკეთესი ვაჟი,
ბევრი თუ არა, რამდენიმე მაინც ჰყავდეს მოკლული, მაგრამ ქეთელაურმა ეს არ იცის. ის არ შესწრებია
ასე ახლოს და პირდაპირ "კაცის კაცურად სიკვდილს", რაც არ ამოსდის გონებიდან. დავლათიანი
ალუდა, მუდამ დარწმუნებული საკუთარ გამარჯვებაში (რადგან სწამს, რომ ამას უფალი განაპირობებს:
"გამმარჯვედ ჯვარი დაჰყვების, ძალს შაახვეწებს ღვთისასა". ანუ მასთან ერთად იბრძვის, საკუთარ
ძალას აძლევს გუდანის ჯვარი - წმ. მხედარი, ჩვენებური წარმოდგენით, რაც გაცილებით აღემატება
მიწიერ ძალებს), ქედმაღლურად და დამცინავად რომ ელაპარაკება ქისტ "ძაღლს", "ქურდკანტალას",
სრულიად მოტყდება მისი სიკვდილის ხილვისას, რადგან კარგად ხედავს, რომ "მგლისფერი" ბიჭი
კვდება, არც სახეზე და არც სულში ერთი წამითაც არ ეტყობა სიკვდილისა თუ ტკივილის შიში, ამით
საუკეთესოდ აღასრულებს კაი ყმისათვის სავალდებულო მოთხოვნას: "სახე სისხლ-გადამდინარი
ტკივილს არ გამოიტყოდეს" ("კაი ყმა"), რასაც დიდ პატივს სცემენ ფშაველ-ხევსურნი. პირიქით,
უკანასკნელ წამამდე ცდილობს, მტრის ჯავრი თან არ გაიყოლოს, ბალახით შეიჩეროს სისხლი და
უკანასკნელი სროლა, უკანასკნელი მწარე სიტყვა მოასწროს, რომ მტერი არ გაახაროს. ფაქტობრივად,
საკუთარ სიკვდილს უყურებს ალუდა, თავადაც ასე აღესრულებოდა იგი, ასე შეეცდებოდა ღირსების
შენარჩუნებასა და თავისი ნამუსის შემბღალავის გონზე მოყვანას. მუცალმა ხომ სულს ამოაყოლა:
"ეხლა შენ იყოს, რჯულძაღლო,
ხელს არ ჩავარდეს სხვისასა".
ამით იზრუნა, რომ მისი თოფ-იარაღი (ანუ მისი პატიოსანი სახელი და ვაჟკაცობა) ღირსეული კაცის
(დაე, მტრის) ხელში ჩავარდნილიყო. გააგებინა ალუდას, რომ იგი ხელწამოსაკრავი ყმა არ იყო.
ალუდა სწორედ სიკვდილს ვერ ივიწყებდა იმ ვაჟკაცისას, ვისაც "რკინა სდებიყო გულადა". ამ,
ხევსურთათვის მიუღებელ და წარმოუდგენელ, შეხედულებას ორი არგუმენტით ხსნიდა:
"ნატყვიარს ბრძამით იფევდა, ისრე დალია სულია" და
"სულს არ აცლიდა ამოსვლას, კიდევ მიხსენა რჯულია".
ცხადია, მუცალთან შეხვედრის გარეშე (ან იმ შემთხვევაში, თუ მასაც ზურგში ნასროლი ტყვიით
მოკლავდა მის ძმასავით) ალუდა ძველებურ, მეომრობითა და "გზიანი სიტყვით" გამორჩეულ
შატილელად დარჩებოდა, დაელოდებოდა "სხვა მუცალს".
ვაჟა-ფშაველა კიდევ ერთ გარემოებას ითვალისწინებს, რადგან ამგვარი, ძირფესვიანი ცვლილება
ერთბაშად ვერ მოხდება, ალუდა ნაბიჯ-ნაბიჯ მიემართება გარდაქმნისაკენ.
ქეთელაურს თავდაპირველად სიბრალული და სანახევროდ გაცნობიერებული სინანული ამოქმედებს.
სწორედ ეს ორი რამ "აიძულებს" დაიტიროს მუცალი, უწოდოს მას "ვაჟკაცი" და ცხონება შეუთვალოს.
გული ამოქმედებს ალუდას, გონება პასიურად ეთანხმება მის გაწყრომას (შდრ. "გული გამიწყრა, არა
ჰქნა, რაც საქნელია ძნელადა) და "არ ეწონება თავია, პირს დასწოლია ნისლები, გულით ნადენი, შავია".
თორემ, ალუდას საქციელი გონებით შეპირობებული რომ ყოფილიყო, ცხადია, ქეთელაური არც
მუცალის ძმას მოსჭრიდა მკლავს, ერთი წამით მაინც დაფიქრდებოდა, რომ ადვილი შესაძლებელია,
ისიც კარგი ვაჟკაცი ყოფილიყო. ალუდამ ტახტაზე ჩამოკიდა მუცალის ძმის მკლავი, გამონაკლისი
მხოლოდ "ღილღველი მგლისათვის" დაუშვა.
შეხვედრა თავის ყოფასთან, წარსულსა (რაც მინდიას ქავის სურათითაა გამოხატული) თუ აწმყოსთან
(თანასოფლელებთან საუბარი) დააფიქრებს ალუდას უსამართლობის ხანგრძლივობასა და
უძლეველობაზე. გულში კიცხავს ყველას, "ვისაც მტერობა მასწყურდეს"- ან ვისაც ვერ გაუაზრებია
ბოროტების რაობა და შეჰგუებია ერთხელ და სამუდამოდ დაწესებულ კანონებს. თანასოფლელები
ისევე ყრუნი არიან და გულის თვალით ბრმანი, როგორც იმედას ქავის ამშენებელი. ეს ერთგვარ ბიძგად
აღმოჩნდება საიმისოდ, რომ ალუდამ უფრო საკუთარ თავს დაუსვას კითხვა, ვიდრე სხვას:
"ყველანი მართალს ამბობენ განა, ვინაცა ჰფიციან?"
ქეთელაური პასუხს არც ელის. თავადაც ვერ მოუყრია ფიქრთათვის თავი და იმდენად უჭირს გულის
წიდილის ატანა, გულიდან წამოსული, გაუცნობიერებელი ფიქრის გაძლება, რომ არც კი ესმის, ირგვლივ
რა ხდება. "ახალ-უხლები", ("ტყემლები", ვაჟას თქმით), რომელნიც მინდიას თვალ-წარბში შესცქერიან
და უსიტყვოდ ემორჩილებიან მის ყოველ სიტყვას, რადგან მინდია "თორმეტის ქისტის მამკვლავია"
(მთაში კი ვაჟკაცი დახოცილი მტრის რაოდენობით ფასობდა, უპირველეს ყოვლისა. ვაჟას სიტყვები
მინდიაზე: "თორმეტის ქისტის მამკლავი" - სწორედ ამ შეხედულების დასტურია), გაუგონარ
შეურაცხყოფას აყენებენ ქეთელაურს: "დიაცს" უწოდებენ, "ურჩევენ" თავად "გზიანი სიტყვის" პატრონს,
როგორ მოექცეს საკუთარ თოფ-იარაღს. სხვა დროს ისინი ალუდას სიახლოვეს თავის აწევასა და ერთი
სიტყვის თქმასაც ვერ გაბედავდნენ, რადგან ქეთელაურს (არა მხოლოდ 12) იმდენი მტერი ჰყავდა
მოკლული, რომ არც თვითონ უწყოდა მათი რიცხვი, არც სხვა შატილიონს მოეხსენებოდა. მის ქავზე
"ხელებ ჯღრდესავით" ეკიდა, მართლაც, ყვავ-ყორნებივით "ცუდ დროს" ჩაიგდეს ხელში არწივი და
თავხედობდნენ. მაგრამ, ჰოი საოცრებავ, ალუდა იმდენად იყო საკუთარ სადარდელში დანთქმული,
პასუხის გაცემა აზრადაც არ მოსვლია, არც კი მოუსმენია, რას ეუბნებოდნენ, არც მინდიას მოსვლა და
მისი სიტყვები გაუგია (პოემა ამაზე არაფერს ამბობს).
ალუდას მთელი ცხოვრება ყირაზე უდგებოდა, საძირკველი თუ საყრდენი ეცლებოდა, რადგან ეჭვქვეშ
აყენებდა იმ ყოველივეს, რაც წმიდათაწმიდად; უეჭველ ჭეშმარიტებად მიაჩნდა...
გული "თავისას შვრება" და სიზმარშიც დარდიან ფიქრებს ვერ ერევა ქეთელაური. "გულის შავი ნისლი"
წარმოუდგენს მკვლელობას ადამიანის ხორცის ჭამად, დაუნდობლობასა და სიძულვილს –
საშინელებად. "უმსგავსი, შაჩვენებულია" ყველა, ვინც ამას სჩადის, ვინც სისხლში ცხოვრობს, ვინც
ვაჟკაცობასა და კაციჭამიობას აიგივებს. მუცალის სიტყვები: "დაძეხით, ხევსურთ შვილებო,
ლაშქრობით, ხმლების ქნევითა" - პირდაპირ გრძელდება კაცის წვენ-ხორცის ჭამით. როგორც მუცალი
აძალებს "მომკალი", ისევე "რამა" უბრძანებს, ჭამოს კაცის ულვაშით "შანელებული წვენ-ხორცი".
ნიშანდობლივია, რომ მუცალი ხანჯლით მოკვლას სთხოვს ქეთელაურს ("ერთ წამს ხელ ვინამ დამტაცა,
ტარი ჩამიდვა ხანჯრისა") და არა – ტყვიით. მას ნატყვიარიც ემჩნევა და მასში ჩაფენილი ბალახიც. ამით
ვაჟას პოზიცია ცხადდება, ალუდა კი მხოლოდ ქვეცნობიერით ხვდება, რომ მტრის მოკვლა კი არაა
კაციჭამიობა (მტერს მტრულად დახვედრა უნდა, როგორც სამშობლოს, ისე სარწმუნოებრივი
ინტერესებიდან გამომდინარე. მიტევება მხოლოდ პირადი მტრისათვის ევალება ქრისტიანს), არამედ
მისთვის მკლავის მოკვეთა. ის, რაც ხანჯლით სრულდება (ამ შემთხვევაში).
ალუდა ვერბალურადაც გააფორმებს სიზმარში აღქმულს, როდესაც მტრისთვის მკლავის მოკვეთას
ცოდვაბრალიან სამართალს უწოდებს:
"წესი არ არის მტრის მოკვლა,
თუ ხელ არ მასჭერ დანითა".
ვაი ეგეთას სამართალს,
მონათლულს ცოდვა-ბრალითა!"
მომდევნო ნაბიჯი ალუდას მინდიას დაუფიქრებელმა საქციელმა გადაადგმევინა. (მხოლოდ კეთილი
სურვილით შეპყრობილმა, მეგობრის შელახული ავტორიტეტის აღსადგენად წასულმა მინდიამ ერთი
წამითაც არ დაუსვა საკუთარ თავს კითხვა "რატომ", განა ალუდას არ შეეძლო ქისტისთვის მკლავის
მოკვეთა, მინდია მეგობრის უნახავადაც დარწმუნებული იყო, რომ ქეთელაური ტყუილს არ იტყოდა,
ორთაბძოლა მართლაც შედგა. იგი მკვდარს ეძებდა და იპოვა კიდეც. მაშინ მაინც ხომ უნდა
დაფიქრებულიყო თუნდაც ერთი წამით, რამ დაატოვებინა მკლავი ალუდას მოკლული ქისტის მხარზე,
ან რატომ მოუარა მიცვალებულს, რატომ დაიცვა მისი გვამი ნადირ-ფრინველისაგან). ქეთელაური
მიხვდა, რომ ასე, ყოველგვარი გააზრების გარეშე, "რთავდნენ საქმეს ავად", ამიტომაც გადაწყვიტა,
აღარავისთვის მოეჭრა მკლავი:
"მტერს მოვკლავ, კიდევ არ მოვსჭრი მარჯვენას..!"
მინდიამ "ძღვენი გაუმსუბუქა" ქეთელაურს. მუცალის მკლავს ხან ბალღები დაათრევდნენ და ხან –
ფრინველები. თუ კაი ყმისთვის მკლავის დატოვებით თითქოს შეიმსუბუქა ალუდამ ცოდვა, მუცალს
იმქვეყნად ღირსეულ ვაჟკაცად მისვლის შესაძლებლობა მისცა, არ წაართვა სულეთში მებრძოლად
ჩასვლის პატივი, "სულიერი ყმობა" (რადგან მკლავს იმიტომ კვეთდნენ, რომ პიროვნება სულეთში კაი
ყმად ვერ მისულიყო, არამედ შერცხვენილად, სხვების მოსამსახურედ), ერთგულმა მეგობარმა წყალში
გადაუყარა ყველაფერი. ამიტომ უმძაფრდება ქეთელაურს ტკივილისა და ცოდვილობის შეგრძნება და
ცდილობს, როგორმე ჩამოირეცხოს საშინლად მძიმე (მისთვის გაუსაძლისი) ცოდვა. უკვე გააზრებული
აქვს გულისტკივილის მიზეზი.
ალუდა გამოსავალს მუცალის სულისთვის კურატის შეწირვით პოულობს. ყველაზე დიდი საკლავის
არჩევა და ვედრება ხევისბერისთვის, "კარგადაც დამიმწყალობნეო", გვიჩვენებს, როგორ იტანჯება
ქეთელაური. ბერდიასთვის ნათქვამი: "გამემეტებავ მისთვინა, როგორც უნდომლად მოკლულის თავის
ლამაზის ძმისთვინა", ააშკარავებს, რომ ალუდა თავს ძმის მკვლელად გრძნობს. ეს ტანჯვა აღამაღლებს
მას, უსიტყვოდ აატანინებს მოკვეთის სიმძიმეს, ცოლსა და დედასაც უშლის წყევლას, რათა ამით ჯვარი
ან თემი არ დაჰგმონ.
მწერალი თავისი მთავარი გმირის თვალით უყურებს ყოველივეს, მკითხველსაც აძლევს
შესაძლებლობას, თანდათანობით გადააფასოს მოვლენები და ალუდას, რომელიც "გზას მიჰკვალავს"
თოვლში, ქარბუქში (ანუ საწუთროს უკუღმართობაში სწორად სვლას ცდილობს), "თან გაჰყვეს" მისი
ცოლ-შვილივით, ნაბიჯ-ნაბიჯ ამაღლდეს. თუ პოემის დასაწყისში მუცალი "ქურდ-კანტალაა", "ავი,
ავიზნიანი", "რჯულ-ძაღლი" (მასზე საუბრისას მწერლის ტონიც გაღიზიანებული და დამცინავია:
"გამასტყვრა მუცალის თოფი, ტყვია ჩქამს იზამს მქისესა"), თანდათანობით "ვაჟკაცი", "ცხონებული",
"ღილღველი მგელი" და ალუდას "ლამაზი ძმა" ხდება. მის მიმართ აღძრული სიმპათია კი ქეთელაურის
ფიქრსა და სიმართლეს სარწმუნოს ხდის მკითხველისათვის.
ავტორის მიზანი (ამ პოემით) სისხლის ღვრის, შეწყვეტის აუცილებლობის ქადაგებაა. ალუდა კი ამ
სიტყვის საუკეთესო მქადაგებელი და ავტორის მიზნის განმახორციელებელია. ამიტომაც
გვემშვიდობება "ტრფობის მთაზე" ასული, როგორც მისი მკვიდრი და არა მხოლოდ აქ "ერთი წამით
შემდგარი" სტუმარი, როგორც "ბახტრიონში" ამბობს ვაჟა უგრძნობ ადამიანზე:
"ისე მოკვდება, ვერ შედგეს
ერთს წამს ტრფობისა მთაზედა."
ფინალში ალუდა სიყვარულს ქადაგებს, ამით უფლის სიტყვა მიაქვს ხალხში, ცდილობს, თავის
თანამემამულეებს გულის კარი სიყვარულისათვის გაუხსნას და შორს მიდის, სადღაც მთის წვერთან, ცას
მიახლოებული იკარგება.
ვაჟას რწმენით, სიყვარულია კაცობის საზომი და არა – სიძულვილი, ადამიანის (თუნდაც, მტრის) ლამაზ
ძმად დანახვის უნარი და არა – მცდელობა, რაც შეიძლება მალე მოუღო სხვას ბოლო. ამიტომაც უნდა
ცდილობდეს ადამიანი, გულს მოუსმინოს, გულით მოეკიდოს სხვას (როგორც ალუდამ გააკეთა) და არა
- ცივი გონებით, რადგან პავლე მოციქულისა არ იყოს, უსიყვარულოდ კაცი არა-ვერაა (არც არის და ვერც
იქნება), ჟღარუნა რვალია და ჩხარუნა წინწილა, რა სიმდიდრის, რა ნიჭის პატრონიც უნდა იყოს,
სიყვარულის უნარის გარეშე არარაობაა. (იხ. I კორინთელთა 13, 1-2).
ალუდას მეტამორფოზის აზრიც ესაა, სავლესავით მტრის მოძულემ და კლდის შავარდნის სისწრაფით
მიმქროლმა მის გასანადგურებლად, დაუფიქრებლად, სხვებივით თვალდახუჭულმა "შუაღამის მზე"
იხილა (სიმბოლურად რომ ვთქვათ. სავლესთვის თუ მზე გახდა დაფიქრებისა და გონს მოსვლის
მიზეზი, ანუ უფალმა ამ სახით ინება მისთვის გულის კარზე დაეკაკუნებინა, ალუდას გულმა კაკუნი
მუცალის ხილვით მოისმინა) და აბსოლუტურად გარდაიქმნა, თანდათანობით ირწმუნა უდიდესი
ჭეშმარიტება - "ღმერთი სიყვარული არს". ამით დავლათიანი (უფლის რჩეული) შვილი თავის ნამდვილ
მშობელს - უფალს დაუბრუნდა.
მოკვეთილი, მთაზე მიმავალი ალუდა, "ჯვარს რომ ეზიდება" - თოვლს მიიკვლევს, უკან კი ცოლ-შვილი
მისტირის, ჰგავს გოლგოთაზე მიმავალ მაცხოვარს; ისევე მიუტევებს თანასოფლელებს და დედასა თუ
მეუღლეს თემის წყევლას უშლის, როგორც ჯვარცმული უფალი შეჰღაღადებდა მამას, მიუტევე, არ
იციან, რას აკეთებენო და ჯვარმცმელებს ლოცავდა. ჯემალ ქარჩხაძის იგივით, მშვენივრად ესმის, რომ
მისი "ვიწროშუბლა ძმები" - ბნელეთის ტომი უნდა გამოიყვანოს ამ სიბნელიდან და ნათლის ტომად
გარდაქმნას.
ალუდას მსგავსი პიროვნებების მისიაა, ადამიანებზე ზეგავლენა მოახდინონ და არ მისცენ უფლისკენ
სავალი გზის დავიწყების უფლება.
"ალუდა ქეთელაური" ძალიან საინტერესოა ტროპული მეტყველების თვლსაზრისითაც.
განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია რქის, სინათლისა და ნისლის მეტაფორები.
ალუდას მიერ მისგანვე მოკლული მუცალის დატირებას ბუნების სურათი მოსდევს:
"მზემ აიწია ცაზედა,
ნისლებმ დაწირეს ხევები...
მადლი რქათ ადგა ღვთისაო"...
ამ სტრიქონებში მოჩანს ძლიერი და ბედნიერი მზე, გამქრალი ნისლი და მადლის რქა.
უფლის მადლის "რქად" გააზრებას ბიბლიური საფუძველი აქვს. ღმერთი შეჰპირდა დავითის მოდგმას,
რომ "აღმოუცენებდა რქას", ანუ "განუმზადებდა სანთელს" - განწმენდდა და აღამაღლებდა, მათ მტერს
კი შეარცხვენდა:
"მუნ აღმოუცენო რქაი დავითს, და განუმზადე სანთელი ცხებულსა ჩემსა. მტერთა მისთა შევმოსო
სირცხვილი, ხოლო მის ზედა აღყვავნეს სიწმიდე ჩემი" (ფს. 131, 17-18).
ეზეკიელი კი წინასწარმეტყველებდა, რომ "ისრაელის სახლში რქა აღმოცენდებოდა" და პირი
"აეღებოდა" წინასწარმეტყველს, რათა ხალხს შეეცნო უფლის მოახლოება:
"მას დღესა შინა აღმოსცენდეს რქაი ყოვლისა სახლისა ისრაელისაი და შენ მოგცე პირი აღებული შორის
მათსა და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი...
ძეო კაცისაო, წინასწარმეტყველებდ და თქუ: ..."რამეთუ ახლოს არს დღე უფლისაი" (ეზეკიელი 29, 21...
30- 1-2).
გავიხსენოთ, რომ მიქელანჯელომ მოსე რქებით გამოაქანდაკა, რაც იმ მადლის მიმანიშნებელი იყო,
მოსეზე უფლის ხილვის შემდეგ რომ გარდავიდა.
"ახალმა აღთქმამ" ამ წინასწარმეტყველებათა აღსრულება გვამცნო. იოანე ნათლისმცემლის შობა წინ
უსწრებდა მაცხოვრის მოვლინებას - ღმერთის მიერ დავითისათვის შეპირებული "რქის აღმაღლებას",
რადგან იოანეს უფლის მოახლოება უნდა ემცნო ადამიანთათვის, თავად "სიწმიდით აღზევებულს"
უნდა შეერცხვინა მტრები (იხ. ლუკა 1, 69-79).
ე. ი. ღვთის ნებით "რქის ამაღლებას" უფლის წინამორბედის, მისი სიახლოვის მქადაგებელის გამოჩენაც
უკავშირდება. ალუდას მუცალის დატირება განწმენდილს, ამაღლებულს, თანამოძმეთაგან გამორჩეულს
ხდიდა, "პირს უხსნიდა" ურთიერთსიყვარულისა და ურთიერთდანდობის საქადაგებლად. ალუდას
სახით ახალი წინამორბედი იშვა, რომელსაც მზე-უფლის (ვითარცა სიყვარულის) მობრძანება და
მისთვის გულის კარის გაღების აუცილებლობა უნდა ექადაგა ხევსურთათვის.
ცხადია, ნებისმიერი შატილელი ვერ იტვირთებდა ამ მისიას (ისევე, როგორც იოანე ნათლისმცემელი
მიაჩნდა უფალს ყველაზე დიდ კაცად დედის მუცლით ნაშობთა შორის). ამიტომ ალუდა პოეტმა
"დავლათიან", ანუ ღვთისგან დალოცვილ კაცად გაგვაცნო. ღვთის რჩეული კი უფლის ნებითა და
კურთხევით მოქმედებს.
მადლის "რქად ადგომას" წინ მზის ამობრძანება და ნისლის გაფანტვა უძღოდა. ("მზემ აიწია ცაზედა,
ნისლებმ დაწირეს ხევები"), თუმცა ეს სინათლე შატილში ვერ აღწევდა ("შატილს ჯერ არ ჩასწვდომია
შუქი შუადღის მზისაო, არ ჩაუშვებენ ჩამსვლელსა, ცა ახურია კლდისაო). ალუდას მისია იყო ამ კლდის
გარღვევა, შატილელთა განათლება, მათ სულებში უფლისეული სინათლის შეტანა, რათა მტრობისა და
დაუნდობლობის კლდე სიკეთისა და სიყვარულის მომფენი მზით შეცვლილიყო. ალუდას ეს მზე მუდამ
თან დასდევდა, როგორც მისი სიმართლისა და რჩეულობის დასტური. იგი კიდევ ერთხელ გამოჩნდა
ქეთელაურის ხმალზე ("შუქი ამოხდა მზისაო"), როდესაც ვაჟკაცი ცოდვის მონანიებას მუცალის
სულისათვის მოზვრის შეწირვით ცდილობდა. ამ მომენტში მზის გამოჩენა ქეთელაურის ამ ნაბიჯის
უფლისმიერი მხარდაჭერა და გამართლება იყო. ხევსურები კი, რომ არ უსმინეს ალუდას, იმ "ავხმიან
ყორნებად" დარჩნენ, მადლის რქად აღსვლის შემხედვარენი მხოლოდ კაი ყმის სიკვდილს რომ
ხარობდნენ, რადგან მისი "გულ-ღვიძლით" ამოივსებდნენ კუჭებს. ყორნობა მათთვის ცხოვრების უფრო
მისაღები წესი იყო, ვიდრე ვაჟკაცობისა და სიყვარულის თესვა (ნიშანდობლივია, რომ ალუდას
ამქვეყნიური სამკვიდრებელიც - სახლი ყვავ-ყორნებს დარჩათ, მისი ბინის ჭერხოზე ჩამომსხდართ).
მზის უფლის სახელად გააზრებას უკავშირდება ნათლისა და ბნელის მონაცვლეობა პოემაში. ალუდას
ცრემლებსა და მის სულიერ ფერისცვალებას, სიკეთისაკენ შემობრუნებას უღრუბლო, უნისლო სინათლე
(ანუ უფლის სიხარული) მოსდევს:
"მზემ აიწია ცაზედა,
ნისლებმ დაწირეს ხევები".
მინდიას წასვლას მუცალის მკლავის მოსატანად, ანუ ცოდვისაკენ დაუფიქრებლად, გაუაზრებლად
სვლას, მოსდევს ჩამობნელება, ბნელის გამარჯვება და ბუნების ტირილი (ანუ უფლის მწუხარება):
"დაბნელდა, წყალნი ტირიან,
კალთა გვეხურვის ღამისა".
მინდიას დაბრუნება შატილში, მის მიერ აღსრულებული ცოდვა და ამით ალუდასთვის მიყენებული
ტკივილი სისხლის სიწითლითა და სადარდელის დაგროვებით გადმოიცემა:
"თენდება, მთის წვერნ დაწითდენ,
ნისლნი აგროვდენ მთებზედა"..
ყოველივეს აგვირგვინებს საშინელი სიბნელე, რაც ამ საზოგადოების უღმერთობასა და ქვესკნელის
მკვიდრობაზე მიგვანიშნებს. ალუდას - სინათლის სხივის - მოკვეთის შემდეგ (რაც სულებში უფლის
შეშვებაზე უარის თქმასაც ნიშნავს) თემი ნათელს აბნელებს. ამიტომაც ქეთელაურების ოჯახი
სიბნელეში დადის. დედა შესტირის ალუდას:
"ვაჰმე, რა უგზოდ დავდივართ,
ვაჰმე, როგორა ბნელაო!.."
მათი გულებიც გაუსაძლისი ტკივილისთვისაა განწირული. ყველას მდგომარეობას გამოხატავს
მოხუცებული ქალის სიტყვები:
"გულშია ბნელი ჩამიდგა სვეტადა", თუმცა ალუდასა და მისნაირთა ვალი მიწიერ ტკივილებზე
ამაღლება და ამქვეყნიური სიბნელის ზეციური ნათლით, მზე-უფლის რწმენით დაძლევაა, რაც შეძლო
კიდეც ქეთელაურმა, როდესაც სიძულვილის სამაგიეროდ თანასოფლელებს სიყვარულით უპასუხა,
მშვენივრად იცოდა, რომ "ღმერთმ ეს არგუნა ბედადა".
ნისლი სულიერი სიბნელისა და ტკივილის მაჩვენებელია პოემაში. მისი გაფანტვა მხოლოდ მზე-უფლის
ნებითა და ძალითაა შესაძლებელი. ალუდა "ნისლიანია" მუცალის მოკვლის შემდეგ, "პირს დასწოლია
ნისლები, გულით ნადენი, შავია". ეს ნისლი – ტკივილი, ცოდვის განცდა - თანდათან უძლიერდება,
გმირი "ნისლად გადაიქცევა". ხატობაზე მისული ალუდა აღარც კი ჩანს. პოეტი ამბობს:
"ეს ვინღა მოდგა ნისლივით,
თითბრით, ნაზიკის ხმალითა?"
ცოდვით გამოწვეულ ტკივილს შთაუნთქავს ალუდა, მხოლოდ ცოდვისგან განთავისუფლება
დაუბრუნებს სიცოცხლის ძველებურ სიყვარულს...
ვფიქრობთ, ამ მეტაფორებით ვაჟას ქრისტიანული განათლება და "ალუდა ქეთელაურის" სათქმელის
სიღრმე წარმოჩნდება.
უნდა აღინიშნოს, რომ მწერალი ბუნების სურათებს მიუსადაგებს ალუდას სულიერ მდგომარეობას, ან
მათი საშუალებით წინასწარმეტყველებს მომავალს:
ორთაბრძოლის წინ ნათქვამი: "გათენებისას ჭიუხში შურთხმა დარეკა ზარია" - მოასწავებს ალუდას
სულის შეძვრას, მის "გათენებას", ამ პერსონაჟის "შურთხად გადაქცევას" - მის მიერ ზარების დარისხებას
ცოდვიანი სამართლის წინააღმდეგ.
იდუმალების საოცარი განცდა შემოაქვს ავტორს "მკვდართ სულთ" საფლავებიდან გამოსვლისა და მათი
წყნარი სიმღერების მოლოდინით, რასაც მოსდევს კიდეც ქეთელაურის სიზმრის იდუმალება და
მუცალის სულის სტუმრობა ალუდასთან.
ფინალურ სტრიქონებში ქარის ხვივილი შეესაბამება ქალის ქვითინს, ბუნება ეხმიანება პერსონაჟის
ტკივილს... "ვიწრო სავალი გზებისა" კი სამოთხის ვიწრო ბილიკზე მიგვანიშნებს.

You might also like