You are on page 1of 3

კაცობრიობა არაერთხელ დამდგარა მორალურ-ზნეობრივი

დეგრადაციის პირისპირ, რომლის პირობებშიც გაუფასურებულია


ყოველგვარი ადამიანური თუ ჰუმანური და პიროვნებისთვის
ცენტრალური ფიგურა არა გარშემომყოფები და ეგოიზმისგან
განდგომაა, არამედ საკუთარი თავი და თვითგადარჩენის, ფიზიკურად
არსებობის ინსტიქტი. პირველ პრიორიტეტად ქცეული ხორციელი
ფასეულობების ფონზე კი რეალობის ობიექტურად აღქმა და შეფასება,
რომელიც არსებითად მნიშვნელოვანია საზოგადოების სულერი
გამოფხიზლებისთვის, მეტად რთულია. თუმცა, რა თქმა უნდა, საერთო
სულიერი, მორალური და ზნეობრივი აგონია თითოეულ ადამიანზე
ერთნაირად არ მოქმედებს და საზოგადოებაში, თუნდაც მცირე დოზით,
მაგრამ მაინც ყოველთვის არსებობს ადამიანური სწორი და ჯანსაღი
ფასეულობების, პრინციპების ამოსავალი წერტილი, რომლის
პირველი სამოქმედო ნაბიჯი მხილებაა. მე-18 საუკუნის საქართველოს
მწარე რეალობისთვის კი ასეთი პიროვნება დავით გურამიშვილი
აღმოჩნდა, რომელმაც აღწერა ქართველთა იმ დროინდელი სულიერი
მდგომარეობა, თუმცა არა შეფარვით და მალულად, არამედ --
პირდაპირ, საშინელი რეალობის სიმძაფრითა და მხილების გზით.

„ქართლი სჭირის“ მოცემულ ეპიზოდში ნათლადაა აღწერილი


ზნეობრივად წახდენილი საქართველოს ყოფა, „ქართლის ჭირსა
ვერვინ მოსთვლის,თუ არ ბრძენი, ენამჭევრი!“. დავით გურამიშვილი
კი, როგორც ნამდვილი მამულიშვილი და ქვეყნის ბედით შეწუხებული,
ამ ყოველივეს ყველაზე ნამდვილი და ამავდროულად ყველაზე მწარე
იარაღით-- მხილებით უპირისპირდება: „პირს-ფერობა, უკან ძრახვა
არა თქმულა საფარსაგო. სჯობს ტყუილით ქვე ყოფასა ზე სიმართლით
ავიბარგო.“ გურამიშვილის თითოეული სიტყვა მიმართულია არა
ქართველების საქვეყნოდ შერცხვენასა და დამცირებისკენ, არამედ
საკუთარ თვალში დირეს დანახვაზე, გამოფხიზლებასა და ქვეყნის
უკუღმა დატრიალებული ბედის ბორბლის წაღმა დატრიალებაზე. მისი
ეს ნაბიჯიც არა ინტიქტურად, არამედ გააზრებულადაა გადადგმული ,
„რასაც ახლა ვამბობ, ვგონებ, ამაზედაც მხვდეს გინება“, რადგან
სიმართლის მღაღადებლები საზოგადოებას არ უყვარს, მეტიც,
ურჩევნიათ სავალალო რეალობის შემყურეებს ცხადად ეუბნებოდნენ
და აჯერებდნენ არარსებულ კეთილდღეობასა და მშვიდობას. სწორედ
ასეთი ადამიანების სიყრუის, სიბეცის, თავისმოტყუებისა და
მეზღაპრეობის ნამოქმედარისა და ნაგროვების გამოსწორება უწევთ
გურამიშვილის ნაირ პიროვნებებს, მათ, ვისი პირადი მორალისა და
ზნეობისთვის მიუღებელია მსგავსი სიბრმავე და ტყუილი. ასეთი
სოციუმისთვის უცხოა ობიექტური ხედვა და შესაბამისად მიუღწეველი --
სიტუაციის ჭეშმარიტად აღქმა და მისი გამოსწორება. გურამიშვილი კი
ყოველივე ამის მხილებას საკუთარ, როგორც ადამიანისა და
პატრიოტის, მოვალეობად მიიჩნევს, თუნდაც სიცოცხლის გაღების
ფასად: „მე, თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად, ვინც
არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად“. გარდა პირადი
ვალდებულებისა, მწერალს კარგად ესმის მხილების საზოგადო
მნიშვნელობაც რომ მხოლოდ დამნაშავისთვის მისჯილი სასჯელით
ქვეყნის ზნეობრივი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება და ამისთვის
მხოლოდ დამნაშავისა და დანაშაულის მხილებათა მთელი რიგია
საჭირო, რადგან „წამხდენელთა და მბაძველთა კიდევ სხვასაც
წაუხდების; სძრახვავე სჯობს საძრახავთა, ძრახვას კაცი მოუფთხვების“.
იმ დროინდელი საქართველოს საერთო მორალი და ზნეობა
გაუფასურებულია, უარყოფილია, უარყოფილია, იმდენად რომ ძმა
ძმის სისხლის დაღვრას, სიკეთის ბოროტებად შეცვლას და პირადი
შუღლის გამო პატრიოტულ ინტერესებზე უარის თქმას არ ერიდება:
„ძმამ ძმას სახრე გარდუჭირა, მტერთ კობალი თავში დასცხეს, ორნივ
ერთად შეხრინკულნი დასცეს ქვეყნად, დაანარცხეს!“. ასეთ დღეში
ჩავარდნილი საქართველოს უბედობის გამოსწორება კი მხოლოდ
გურამიშვილის ნაირ ობიექტური თვალით მაცქერელს და
ამავდროულად სუბიექტური, პირადი გრძნობებითა და ქვეყნის
სიყვარულით განმსჭვალული ადამიანების მზრებზე იდგა, რასაც
დღედაღამე დაუღალავად ცდილობდნენ, ისევე როგორც ამას ილია--
ქვეყნის „კეთილისმსურველებისთვის“ მუდამ საძულველი-- აკეთებდა
და თანაც მოსალოდნელი და ლოგიკური გაგრძელებისთვისაც
ჰქონდა მზაობა და წერდა: „ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას
ამბობს, ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!”.
დღევანდელ რეალობაშიც არ დაუკარგავს ამ პრობლემას
აქტუალობა. დროის ცვლა, ტექნოლოგიური პროგრესი, სიახლეები,
ახალი რწმენა- წარმოდგენები თუ შეხედულებები და სხვა ბევრი
ფაქტორი იწვევს ღირებულებებისა და პრინციპების გადაფასებას, რაც
თავისთავად აისახება, როგორც ცალკეული პიროვნების, ისე
საზოგადოების საერთო მორალსა და ზნეობაზე. ყოველივე ამის ფონზე
ადამიანს ნაკლებად რჩება დრო, იფიქროს ღრმა ადამიანურ
საკითხებზე, უდიდესი კონკურენციის ფონზე მუდმივად იმოქმედოს
ჯანსაღი პრინციპებით და არ გადაუხვიოს ჭეშმარიტ მორალურ-
ზნეობრივ გზას. სწორედ ყოველივე ამის გათვალისწინებით, ხშირად
იკარგება და უფერულდება სწორი სავალი გეზი, რის გამოც
ადამიანებს თუ არა შემოქმედი, მწერალი ან ნებისმიერი საჯარო
ფიგურა, საკუთარი თავი ადრე თუ გვიან დააყენებს მწარე რეალობის
წინაშე და თავადვე აიძულებს ყოველივეს მხილებასაც და
სინამდვილისთვის თვალის გასწორებას.

მაშასადამე, ადამიანის მორალურ-ზნეობრივი გამორკვევის


ერთადერთი გზა რეალობის ობიექტური აღქმა, მისი სწორად დანახვა
და შეფასებაა, რასაც შემოქმედები მხილებით აღწევენ.

You might also like