You are on page 1of 14

ტერენტი გრანელი

(1897—1934)

ოციანი წლების თბილისს კარგად ახსოვს ერთი შთამაგონებელი


და სევდიანი ნაწილი მისი ბოჰემური ისტორისა. კარგად
ახსოვს სამგლოვიარო პროცესიების ხშირი გამცილებელი,
ახალგაზრდა კაცი, არცთუ სათუთად და საკმაოდ ღარიბულად
ჩაცმული, თეთრი ტილოს ტანსაცმელში გამოწყობილი, თავდახრილი
და მიცვალებულის ჭირისუფალივით შეწუხებული,
შორიახლოს რომ მიაცილებდა სასაფლაოსკენ ხშირად მისთვის
სრულიად უცნობს... ან კიდევ ეკლესიის ეზოსა და საფლავებს
შორის ლანდივით მოსიარულე, ჩუმად მობუტბუტე, ეპიტაფიებ-
თან ჩამუხლული; უეცარ შემხვედრს საოცარ ლურჯ თვალებს
რომ შეანათებდა, რომელთაგანაც მუდამ სევდა და ტკივილი
მოჩანდა, ქერა თმებს კი ქარი უწეწავდა... ზოგჯერ რუსთაველზე
გამოჩნდებოდა, ახალ აფიშებს, გაზეთებსა და ალმანახებს
ყურადღებით ათვალიერებდა, ხელში მუდამ ფურცლების დასტა
ეჭირა, გზადშემხვედრთ (განსაკუთრებით პოეტებს) ხან ღი 245
მილით ესალმებოდა, ხან კი არცთუ კორექტული საქციელით
აკვირვებდა; მას კარგად იცნობდნენ თბილისელები, მისი ლექსები
ზეპირად იცოდნენ, ქუჩაში მიმავალს ღიმილითა და თანაგრძნობით
აცილებდნენ...
თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ორ რამეს
ეთაყვანებოდა — პოეზიას და თბილისს. მისთვის სხვა ყველაფერი
მეორეხარისხოვანი იყო. თუმცა არასოდეს ყოფილა
გამთბარი, მაძღარი, არც საკუთარი ჭერი ღირსებია, არც სამსახური
ჰქონია და არც ჰონორარებით ყოფილა განებივრებული.
მის სევდიან და შეჭირვებულ ყოფაში მხოლოდ რამდენიმე მცირეხნიანი
გამონათება თუ მოხდა და ისიც თავის საყვარელ ქალაქში
რაც მისივე წიგნის გამოცემასთან, ლიტერატურულ სა-
ღამოსთან, ან მკითხველთა აღიარებასთან იყო დაკავშირებული.
სახელიც უცნაური დაირქვა — ტერენტი გრანელი (პირველად
„წალენჯიხელის“ ფსევდონიმით წერდა), მის ლიტერატურულ
სახელს რამოდენიმე ახსნა აქვს: ერთთა აზრით, იგი ლათინური
„გრანუმიდან“ (მარცვალი) მოდიოდა, „პატარა ობოლი მარცვალი,
სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო“ — აცხადებდა პოეტი;
სხვათა შეხედულებით, გრანელი გვარია, რომელსაც ზოგიერთი
იტალიელი მომღერლის პატივსაცემად შერქმეულად მიიჩნევდა,
სხვები კი იტალიელი დირიჟორის სახელს უკავშირებდნენ.
ტერენტი გრანელის ყოფისა და შინასამყაროს უძირითადესი
ფორმაც და მდგომარეობაც უპირველესად მარტოობა და
მარტოსულობა იყო, ამ სიტყვების ყველაზე პირდაპირი თუ
კლასიკური გაგებით. გულჩათხრობილი და ჩაფიქრებული,
თითქმის არასოდეს საუბრობდა თავის ცხოვრებაზე. თბილისში
არავინ იცოდა მისი ოჯახის შესახებ, არც ის იცოდნენ, სად
ცხოვრობდა, ან რით ცხოვრობდა.
„ცხოვრობდა იგი მთრთოლვარე, ცივი,
და ბედისაგან შეწუხებული,
თითქოს საეჭვო, ქურდი კაცივით
უყვარდა ღამის შავი ხვეული...
უნდოდა შველა და სწუხდა დღისით.
სწამდა თბილისი, უდაბნო დარდის.
ასეთი იყო იღბალი მისი,
დღესაც ასეთი მოკლული დადის“.
ის კი დილიდან ეჩვენებოდა თბილისის ქუჩებს — ჩაფიქრებული,
დაბნეული და იშვიათად გახარებული ( მაშინ, როცა
ლექსს შეუქებდნენ); აჩერებდა გამვლელებს და უკითხავდა თავის
ლექსებს, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ტონითა და
246
აქცენტით. შემხვედრნი კი სევდანარევი ღიმილით უსმენდნენ,
ხშირად მისივე სტრიქონებს თავადაც ზეპირად ეუბნებოდნენ,
რასაც პოეტის უსაზღვრო კმაყოფილება და აღტაცება მოჰყვებოდა
ხოლმე.
ტერენტი გრანელი თბილისის ერთ ძველ უბანში, იტალიური
ეზოს კიბის ქვეშ ცხოვრობდა, ნიკო ფიროსმანივით, როგორც
მხატვრის ბედის პოეტური გამგრძელებელი, მასავით
ადამიანების სითბოსა და სიყვარულს დანატრებული, მასავით
დიდი სულისა და ნიჭის პატრონი, მასავით დაუფასებელი, სადა
და უბრალო, როგორც ყოველივე მართალი და ნამდვილი. ეს
იყო მისი ერთადერთი საკუთრება თბილისში, ამ ცივ და პატარა
ოთახში ტახტის, მაგიდის, სკამის, პატარა ნავთქურის გარდა
არა გააჩნდა რა, თუ არ ჩავთვლით იმ მშვენიერ ლექსებს, იმ პატარა
ოთახის პატარა მაგიდაზე დაწყობილ ფურცლებზე რომ
იქმნებოდნენ, და პოეტისავე განუშორებელ უბის წიგნაკს, რომელსაც
იგი მუდამ თან ატარებდა მეტწილად ხელში გაშლილს
და ხშირად ქუჩაში ხეტიალისას აკეთებდა მასში ჩანაწერებს:
„ეს შემოდგომა და ეს მინდორი
მიხმობს უმიზნო ხეტიალისთვის,
მაღლა გაფრენა მე მოვინდომე,
რადგან მიწაზე სული არ იცდის...
შენ, დედამიწავ! უფრო მაშინებ,
როცა ოცნებით ზეცას მივიარ,
წმინდაო ღმერთო! რად გამაჩინე,
მე ხომ სიცოცხლე არ მითხოვია“.
ასეთად ახსოვთ ტერენტი გრანელი, მაგრამ ვინ იყო ტერენტი
კვირკველია (კვირკვაია)? წალენჯიხელი ხარაზის ერთადერთი
ვაჟი, დედით ადრე დაობლებული, დედინაცვლისა და
დების სითბოში გაზრდილი, რომელიც ყმაწვილკაცობიდანვე
პოეტური შთაგონებისა და ფიქრის სამყაროში ცხოვრობდა.
მდინარის პირას თუ ეკლესიაში, სოფლისაგან მოშორებით განმარტოვებული
და ჩაფიქრებული ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა,
მწერლობასა და ყოფიერების არსზე საუბარი უყვარდა; მაგრამ
იქ, მის მშობლიურ კუთხეში ცოტანი იყვნენ, ვისაც ესმოდა მისი,
ან გრძნობდა, რომ მათ წინაშე სხვა კაცი იდგა — ლექსის,
სიტყვის, წიგნის და ფიქრის კაცი, რომლისთვისაც „არაჩვენებურ
სიზმართა“ ხილვა, „სხვა ქართაგან წეწვა“ ჩვეულებრივი
მოვლენა იყო. ტერენტის მამას კი სურდა მის ვაჟს ხელობა ესწავლა,
რადგან ღრმად სწამდა, რომ სწავლა და წიგნი მათნაირ
247
ხელმოკლეთა საქმე არ იყო, ამიტომაც დაკარგულად და დაღუპულად
მიაჩნდა თბილისს წასული შვილი, რომელმაც ვეღარც
ოჯახი შექმნა, ვერც მშობლებს უპატრონა და შეეწირა კიდეც
უპატრონო და ბოჰემურ ყოფას. იქნებ მართალნიც იყვნენ პოეტის
ოჯახის წევრები, რომელთაც სულაწეწილ, მიუსაფარ, ცხოვრებაარეულ,
მარტოდდარჩენილ და ადრედაღუპულ პოეტ ტერენტი
გრანელს, წალენჯიხაში დარჩენილი, ოჯახსმოკიდებული
ჩვეულებრივი კაცი, ხარაზი ტერენტი კვირკველია ერჩივნათ?!
„რა ვქნა, მას შემდეგ, დიდი ხანია,
რაც არ მინახავს ჩემი სოფელი.
მარტო დავდივარ, ჩუმი ღამეა,
მივდივარ ასე შეუცნობელი.
პოეტს ცისფერი ოცნება დაღლის,
რადგან სიცოცხლე მეტად რთულია
და მესიზმრება ის ჩვენი სახლი,
რომელიც უკვე გაყიდულია.
ეხლა მარტო ვარ, ის დრო წავიდა,
როცა ქუჩაში ვახდენდი დებოშს.
ნუ დარდობთ ჩემზე, იყავით მშვიდათ,
მე მალე მოვალ ძვირფასო დებო!"
„მალე მოსვლა“ კი თბილისის მხოლოდ მცირე ხნით დატოვებას
ნიშნავდა, მხოლოდ რამდენიმე დღე და პოეტი კვლავ უბრუნდებოდა
თავის საყვარელ და „დამღუპველ“ ქალაქს:
„მე ისევ ძალას ვიკრებ დილისთვის
და ანგელოზი ჩემს სულში ცხოვრობს,
რა ვქნა, დღეს მინდა ვნახო თბილისი,
ვნახო თბილისი და მეუცხოვოს.
მზის ნაპერწკალი ეშვება ციდან,
მოდის შუადღე, როგორც ანთება.
ისევ თბილისის შუქი მიზიდავს,
ისევ თბილისის ცა მენატრება“.
შემოქმედებითი დამკვიდრების, ლიტერატურული ფორმის
ძიების, საკუთარი ხელწერისა თუ მხატვრული პროფილის შემუშავების
ძირითადი პროცესი გარკვეულ დროსთან კავშირში
მოიაზრება. დრო, რომელიც საზღვრავს მწერლის შემოქმედებითი
განვითარების შესაძლებლობებს (არეალს) და ლიტერატურული
ეპოგეისა და გამომსახველობითი შესაძლებლობის
მაქსიმალიზმსაც ააშკარავებს, თუმცა ლიტერატურული სრულყოფის
ეს საზოგადო წესი ტერენტი გრანელთან მიმართებაში
არ განხორციელებულა. მისი შემოქმედებითი ცხოვრების ბე 248
დისწერაც მისივე არეული, განუსაზღვრელი, ყოველგვარ ჩარ-
ჩოსა და კანონზომიერებას განრიდებული, ფიზიკური ყოფასავით
წარიმართა. იქნებ აქაც არ ჰქონდა ბედი, ან კიდევ, წარმოუდგენელიც
იყო ტერენტი გრანელის პოეტური ტალანტის გამოვლინება
შემოქმედებითი განვითარების საფეხურებრივ ლოგიკას
დაქვემდებარებოდა.
სწორედ პირიქით მოხდა, ტერენტი გრანელი თავისი შემოქმედებითი
ცხოვრების ადრეულ წლებში (1920—1928) უფრო
პოპულარული იყო, ვიდრე შემდგომ, როცა თბილისმა თითქოს
უცებ და ერთპიროვნულად შეიცნო სულიერი დეპრესიითა და
მძიმე ფსიქიკური აშლილობით დაავადებული ტერენტი გრანელი,
თუმცა ისევ პოეტი, მუზათა და ლანდთა სტუმრობით შთაგონებულიც
და გატანჯულიც.
ფაქტია, რომ იმთავითვე (1918 წლიდან) იგი ორგანულად
ჩაეწერა თბილისის ლიტერატურულ-ბოჰემურ ყოფაში, მაშინვე
შეამჩნიეს მისი ღარიბული გარეგნობა და ლირიკული ლექსები,
დაუბეჭდეს, შეაქეს კიდეც; სულ მალე თბილისელებმა ეს ლექსები
დაიზეპირეს და დაიწყო გზა აღიარებისა, თუმცა „აღიარება“
ამ შემთხვევაში სრულიად პირობითი ცნებაა, რადგან ამ
პროცესს პოეტისთვის ცხოვრების სტილი არ შეუცვლია და არც
კეთილდღეობის რაიმე ნიშანწყალი დატყობია, უბრალოდ იგი
გაიცნეს და პირველ გულშემატკივართა (იაკობ შანავა, ზაქარია
ჭიჭინაძე, იოსებ იმედაშვილი, დარია ახვლედიანი) და მეგობარ-
თა თანადგომით, 1920 წელს ლექსების პირველი კრებულიც გამოიცა
ფრიად სევდიანი და მოულოდნელი სათაურით: „პანაშვიდები“.
ამ პერიოდში მხოლოდ შემოქმედებით ძიებაში არ ყოფილა,
ცხოვრების გზისა და არსის შეცნობასაც ცდილობდა. ხან
საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას მიეკედლა, პუბლიცისტიკაშიც
სცადა ბედი, უნივერსიტეტში მეგობართა რჩევით
ფილოსოფიის ლექციებს ესწრებოდა, საგამომცემლო საქმიანობითაც
დაინტერესდა, მეგობრებთან ერთად გაზეთი „ია“ და
ჟურნალი „კრინოსის სარკე“ გამოსცა. ეს გამოცემები ტერენტი
გრანელისა და მისი ლიტერატურული საძმოს შემოქმედებით
სამყაროს ასახავდნენ, თუმცა ორივე მათგანის არსებობა თი-
თო-ოროლა ნომრით შემოიფარგლა, მათი მესვეურის უსახსრობის,
ყოფითობის დეტალებში ვერგარკვეულობის და ყოველგვარ
ორგანიზაციულ-დალაგებულთან ვერშეგუების გამო.
თურმე შემდგომაც უცდია საკუთარი თავი და შინასამყარო გამოეგლიჯა
უსისტემობის, ქაოსისა და მოუწყობლობის წიაღი249
დან, ამისათვის ნაბიჯებიც გადაუდგამს; რედაქციებში მუშაობაც
„სცადა“, ლექსიც დაუწერია — „დაბრუნება“, ჰონორარებით
საჭმლისა და ტანსაცმლის ყიდვის მცდელობაც ყოფილა, მეგობართა
დაჟინებით, რასაკვირველია, მაგრამ ამ დროს ტერენტი
გრანელი საკუთარ თავს აღარ ჰგავდა და დიდხანს ის თავის
თავსა და ბუნებას, ბუნებრივია, ვერ დამალავდა. და ისევ
უბრუნდებოდა ბოჰემურ ყოფას, როცა მშიერი პოეტი უკანასკნელი
ნასესხები გროშებით ხან მეგობრებს უმასპინძლდებოდა,
ხანაც დაქირავებული ეტლით გოლოვინსკზე ჩაიგრიალებდა,
ხოლო იქ, სადაც პოეტები იკრიბებოდნენ, ფეხზე დგებოდა,
გაქანებული ეტლიდან ხმამაღლა ესალმებოდა მათ საკუთარი
სახელის ძახილით — „გახლავართ პოეტი ტერენტი გრანელიო“.
რა იყო ეს? ალბათ სურვილი და ნატვრა იქ მდგარი პაოლო იაშვილის,
ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, კონსტანტინე
გამსახურდიას, ვასილ ბარნოვისა და რაც მთავარია
გალაკტიონის გვერდით ეგულისხმათ. მარადიული ძიების, თუ
ვერშეგუების მქროლავ ტაიჭზე შემომჯდარი, შეუცნობელი
სამყაროსკენ, მესამე გზისკენ გეზაღებული.
თუმცა მთავარი კი ისაა, რომ „პანაშვიდებს“ სხვა პოეტური
კრებულებიც მოჰყვა: „სამგლოვიარო ხაზები“ (1921), „სულიდან
საფლავები“ (1922), „მემენტო მორი“ (1924), „ლექსები“ (1926).
ამის შემდეგ, ტერენტი გრანელის პოეზიას გამომცემელთა ყურადღება
თითქმის ოცდათხუთმეტი წელი აღარ ღირსებია, ის
არც მაშინდელ, ყბადაღებულ „სამშობლოს მტერთა“ სიაში მოხვედრილა,
ამასაც ადვილად დააბრალებდნენ, მაშინდელი ხელისუფლებისათვის
იმთავითვე ძნელადმოსაწონ „ცრემლისა“ და
„მწუხარების პოეტს“, მაგრამ სულიერი ავადმყოფისა და შემდგომ
სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტის ამგვარი
დადანაშაულება სხვა რომ არაფერი ვთქვათ, თვით დამბრალებლის
იდეოლოგიური უსუსურობის უთუო გამოვლინება
იქნებოდა, არც მისი ლიტერატურული ნაღვაწის განხილვა მოუწყვიათ
მკაცრ „წითელ კრიტიკოსებს“, მისსავე მკითხველთა
შიშით დასადუმებლად. ყველაფერი ძალიან უბრალოდ და ბუნებრივად
მოხდა: ტერენტი გრანელი თავად გაეცალა მათ, თავის
საყვარელ ქალაქს, მეგობრებს; თითქოს მისივე სულიერი
ძმების — „ცისფერყანწელების“ პოეტური ქადაგების, პოეტისათვის
— სიგიჟის კარიერის ნამდვილობა ირწმუნა და სხვადქცეული,
მისივე მკითხველებისაგან, მეგობრებისაგან თუ თაყვანისმცემლებისაგან
ახლა უკვე მკვეთრად განსხვავებული
ეზიარა „მარადისობის ლაჟვარდებს“.
250
„ცრემლი არ მომდის, მაინც მე ვტირი
და შორეული სივრცე მიტაცებს.
სული გაფრინდა თეთრი მტრედივით,
სხეული დარჩა ცოდვილ მიწაზე.
ალბათ იქ, ჩემზე ვიღაც ნაღვლობდა,
მაშინ, როდესაც მე არ ვიცოდი,
ასე მგონია, სულთან ახლოა,
ცისფერი შუქი მარადისობის“.
შეუძლებელია, ტერენტი გრანელის პოეზიის ანალიზი გარკვეულ
პერიოდებს, ან კრებულთა თანამიმდევრულობას შეეფარდოს,
მისი პოეზია არც თემატურად დანაწევრდება და არც
განსხვავებულ მხატვრულ ფორმებად. ეს არის ერთი მთლიანი
სათქმელი, ერთ ამოსუნთქვას, ერთ ტკივილს ამოყოლებული
სულის ძახილი, სადაც სიტყვა, ფიქრი, ტკივილი და გრძნობა
ერთად არიან პოეზიის უსათუთეს სამყაროში.
„სადღაც შორს, ნაპრალს ნისლი ეწვია, მე დავასვენე ბაღში თვალები,
ქრიან ფიქრები, და პოეზია რა არის გარდა იდუმალების,
სადღაც შორს, ნაპრალს ბინდი ეწვია, მივდივარ,
თბილისს ვტოვებ დროებით,
ქრიან ფიქრები და პოეზიაც რა არის გარდა უსაზღვროების.
სადღაც შორს, ნაპრალს ფიქრი ეწვია, ძვირფასო ჩემს სულს
შენ არ იცნობდი,
ქრიან ფიქრები და პოეზია, რა არის, გარდა მარადისობის“.
ტერენტი გრანელს არასოდეს დაუწერია იდეოლოგიური
განწყობილების ლექსი, არანაირი მოქალაქეობრივი პათოსი,
არც სოციალისტური შრომის ჰეროიკა, არც აღტაცება „ქვეყნის
დიადი აღმშენებლობისა და რევოლუციების“ გამო, ეს ყოველივე
მისთვის ძალიან უცხო იყო, პოეტი სრულიად ინდიფერენტული
იყო იმ მძაფრი პოლიტიკურ-ისტორიული კატაკლიზმებისადმი,
რომლებიც მის გარშემო, მის გვერდით, თბილისში ხდებოდა.
ლიტერატურულ გამოცემებში მხოლოდ პოეტურ ქმნილებებს
ეძებდა, ნაკლოვანებებსა და მოპარულ რითმებსაც ადვილად
აგნებდა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, როგორც
კი „ნეიტრალურ თემაზე“ — ვანო სარაჯიშვილის გარდაცვალებაზე
დაწერა ლექსი, მაშინვე თავიანთ ორგანოში დაბეჭდეს
იგი პროლეტარმა მწერლებმა — ტერენტი გრანელის მსოფლმხედველობასა
და პოეტურ ხილვებს „სახალხო ბრძოლასა“
და მტრობას რომ უცხადებდნენ, როგორც ცრემლისა და სასაფლაოების
მეხოტბესა თუ ვერშემდგარ პოეტს (!), თუმცა, აღნიშნული
ფაქტი იმ ცნობილ ვითარებაზე მეტყველებს, რომ წითელი
პოლიტიკის მოლაქუცე ფსევდომწერლებისათვის თავიანთი
251
იდეოლოგიური მეტოქეების — გალაკტიონის, პაოლოს, ტიციანის,
ან თუნდაც ტერენტი გრანელის შემოქმედებითი ტალანტით
შთაგონებული ორიოდე „შესადაგისი სიტყვა“ უფრო მნიშვნელოვანი
იყო, ვიდრე თავიანთივე ერთგულთა უნიჭო და
მლიქვნელური ეპიგონები.
ტერენტი გრანელი კი ამ ყოველივესგან განრიდებული
კვლავ დაჟინებით ეძებდა „რაღაც სხვას“, ქუჩებს, გამვლელებსა
და საფლავებს შორის:
„მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც, შორს არსებობს
უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე
სული. ... მე არ მინდოდა არც სიცოცხლე, არც სიკვდილი. მე რა-
ღაც სხვა მსურდა. მე ახლაც ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა,
როგორც იდუმალების. მე ისევ ვდგევარ მარადისობის
გარინდებულ საზღვართან, ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი
ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან. და
მჯერა სიცოცხლის სხეულის გარეშე.
მე მივმართავ მთელ მსოფლიოს, შემდეგი სიტყვებით: მე
მინდა გაფრენა, მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი ჩარ-
ჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე და არ ვიცი, როგორ
ამოვიდე იმ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.
"არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა“.
(„გულიდან სისხლის წვეთები“)
რას უნდა გულისხმობდეს პოეტი? საით მიემართება მისი
სულისკვეთება? თუ ამ კითხვას ვუპასუხებთ, ვფიქრობთ მესამე
გზის არსსაც ჩავწვდებით, აქედან კი იხსნება ტერენტი გრანელის
პოეზიის მნიშვნელობაცა და ზემოაღნიშნული საკითხიც.
"შავი ფიქრები გროვდება ისევ,
დგება წამების თეთრი საათი,
მიწა არ მინდა და როგორც ქრისტე
მე ვემზადები გაფრენისათვის“.
სიკვდილის ძიება პოეტისათვის მესამე გზასთან, შველის
გზასთან მისაახლოებელი რეალობაა, ყოფითი სამყაროდან
„სხვა“, ირეალურ სამყაროში გარდასვლა პოეტისათვის ნატვრად
ქცეულა, მაგრამ ვფიქრობთ, ეს „ირეალური ძიებანი“ სიმბოლისტური
წარმოსახვითი მსოფლაღქმის ანალოგი არ უნდა
იყოს, არც ბედის სამძღვრის გადალახვის რომანტიკული აღტკინება,
და არც გალაკტიონის ლურჯა ცხენებისა და მეეტლის
მარადიული ქროლვის სურვილის გრანელისეული ინტერპრე 252
ტაცია. თუმცა სალიტერატურო კრიტიკაში ტერენტი გრანელის
პოეზია ცისფერყანწელთა პოეტურ ვარიაციადაც გამოაცხადეს,
ნეორომანტიზმის კლასიკურ მაგალითადაც და „გალაკტიონის
ერთ სტრიქონადაც“ ვფიქრობთ რომ ასე არ არის. ტერენტი
გრანელი აქაც მარტოა და განცალკევებული, მარტო დადგომია
რა საკუთარი სულიერი სავანის, შეუცნობელი მესამე
გზის, „სხვა“ სამყაროს, მარადისობის საუფლოს რთულ და ძნელადმისაწვდომ
გზასავალს.
„მაღალო ცაო! ისევ შენ გიმზერ,
იქ უცხო მხარეში ალბათ მომელიან,
ძვირფასო! ვდგევარ გზაჯვარედინზე
და ვიცი ჩემი გზა ახლა რომელია.
ისევ იქა ვარ, თუმცა ვარ აქაც,
და ლექსი გულია, და ლექსი-სისხლია,
სხვაგვარ დუმილით ვუსმენ მუსიკას,
და ახლა სიკვდილი ასე ადვილია...“
ამ მისტიკური ხილვების და მძაფრი ემოციების სათავე კი
პოეტის სურვილია — განერიდოს დამღლელ-დაწვრილმანებულ
ყოველდღიურობას, მომაბეზრებელ ყოფითობას და ახალი სამყარო,
ახალი რეალობა იხილოს, იქნებ მხოლოდ პოეტისავე ოცნებაში
შექმნილი, სხვა განზომილებაში გარდასახული. ამგვარი
პოეტური მისტერიები და სწრაფვა "რაღაც სხვის" შესაცნობად,
თავისთავად მოდერნისტული მსოფლხედვისა და ანალიტიკის
შედეგია, თუმცა თავად პოეტისათვის კონკრეტული მოდერნისტული
კანონიკა გარკვეულწილად დაკონკრეტებული, სისტემატიზირებული
და გაწერილი არასოდეს ყოფილა, პოეტურ-მსოფლმხედველობრივი
ინსტალაციები ძირითადად ბუნებრივი, სპონტანური
აღქმისა და გადმოცემის შედეგი უფროა.
„ჩემი სული სიზმარია,
ბედზე დარდი მივატოვე
და მე ასე მიხარია
სიჩუმე და სიმარტოვე.
დღესაც ბაღში ვიმალები,
როგორც თეთრი მდუმარება
და მიზიდავს გრიგალივით
სიჩუმე და მწუხარება“.
„ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე,
მე რომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე რომ მინდოდა გაფრენა ცისკენ —
იქ უხილავი მხარე მიცდიდა.
და ნისლიანი უსაზღვრო სივრცე“.
253
ლიტერატურულ კრიტიკაში ტერენტი გრანელის პოეზიის
თეოლოგიურ ბუნებაზე არაერთგზის მიუთითებენ. აქ საქმე
ბიბლიურ მსოფლაღქმასთან კი არ გვაქვს, არამედ, ბიბლიური
სახეების მხატვრულ განზოგადებასთან, თუმცა, იმ დროს, როცა
ეს ლექსები იწერებოდა, ვფიქრობთ ამ საკითხთან ნებისმიერი
მიახლოება ბეწვის ხიდზე სიარულის ტოლფასი იყო.
სწორედ მათ, ვისთვისაც მისტიციზმი სალანძღავი ცნება
იყო, ხოლო პოეტის ადგილად მხოლოდ ტრიბუნას მიიჩნევდნენ,
ხელიდან არ გაუშვეს არც ეს მიზეზი და უღმრთოთა იდეოლოგიის
აპოლოგეტებმა საზოგადოების მტრად მიიჩნიეს პოეტი.
ტერენტი გრანელი კი საოცარი პოეტური უშუალობით მიმართავდა
ლექსებში უფალს:
„შუაღამე ჩამოეშვა, ხატების წინ ხელაპყრობილი ვდგავართ
მე და გაფითრება. სადღაც შორს ბნელი თვალებით ვამ-
ჩნევ: თეთრ უდაბნოში, სანთელივით რომ კრთის ჩემი მწუხარე
დის ცისფერი ლანდი. არ ვიცი: შეიძლება ჩემი მწუხარების მიზეზი
უხილავი ბაღების სილურჯე იყოს... ღამის უფსკრული იხსნება,
უნდა გათენდეს, ხატების წინ ისევ ხელაპყრობილი ვართ
მე და გაფითრება. და ჩემი მწუხარე დის ცისფერი ლანდი ისევ
ღამის შუქივით ელავს თეთრ უდაბნოში“.
ცხადია, ეს ლექსები არც სიმბოლისტური მსოფლაღქმისაგანაა
მკვეთრად გამიჯნული და არც გალაკტიონისეული განცდაა
მათთვის უცხო; ეპიგონობის უარყოფა გავლენის უარყოფას
არ გულისხმობს და ტერენტი გრანელის პოეზიაშიც, ბუნებრივია,
ოციანი წლების ლიტერატურული ამინდი, იმ დროის
ლიტერატურული მიმართულება ასახვას ჰპოვებდა. ეს თავადაც
კარგად უწყოდა. ქართველ პოეტებთანაც საკუთარ სულიერ
ნათესაობასაც აცნობიერებდა, ხოლო რაც შეეხება გალაკტიონთან
ურთიერთობას — ამაზე საკუთარი შემოქმედებითი
ფორმულა გააჩნდა: „გალაკტიონში არის დემონი და ჩემში უფრო
ანგელოზიაო“. განსაკუთრებულ სულიერ სიახლოვეს განიცდიდა
რუს სიმბოლისტებთან მიმართებაში, ყველაზე მეტად
პიროვნულ და შემოქმედებით სიახლოვეს სერგეი ესენინთან
გრძნობდა, ამას სხვებიც ამჩნევდნენ...
ზოგჯერ კი თითქოს უმიზნო ხეტიალით, სიკვდილის ძიებით,
ქროლვითა და ემოციებით დაქანცული მშვიდ, ჩუმ, პანთეისტურ
სამყაროში ეძებდა საშველს:
„გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
სული საზღვარს გადასცდება ფრენით,
254
ეხლაც მახსოვს მისამართი შენი.
ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ“.
ტერენტი გრანელის პოეზიას ხშირად იმ ერთისა და მიუწვდომელის
დარდიც ეფინება, ამ დროს ლექსებში მონატრებისა
და კვლავხილვის ოცნებაც ჩნდება:
„მე შენზე ვფიქრობ, და თითქო ვხედავ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი,
ძვირფასო! მოსვლა რად გაგიძნელდა,
ძვირფასო! რისთვის დააგვიანე“.
„ჩემი ფიქრები მხოლოდ შენ მოგდევს
ქრის ქარიშხალი, მთებია ახლო,
მე შეიძლება ამეღამ მოვკვდე,
და სიკვდილის წინ შენ ვეღარ გნახო.”
ტერენტი გრანელის ლექსები განსაკუთრებით ახალგაზრდებს
მოსწონდათ, ამ დამოკიდებულებას ისინი არცთუ იშვია-
თად პოეტსაც უზიარებდნენ და არა მხოლოდ ფურცლებზე ან
ლიტერატურულ შეხვედრებზე, არამედ ქუჩაში და პირად წერილებშიც,
მათ შორის მანდილოსნებიც მრავლად იყვნენ. ტერენტი
გრანელი ბედნიერი და თვალებდახრილი უსმენდა მათ, საპასუხოდ
ლექსებსაც ჩუქნიდა და იმასაც ცდილობდა, მისი პერსონით
ზედმეტად არავინ მოეხიბლა, თითქოს გაურბოდა ქალბატონებთან
ურთიერთობებს. მის ცხოვრებაში არ ყოფილა
მღელვარე რომანები, ყველაზე უკეთ თვითონ გრძნობდა, რომ
მისნაირი ცხოვრებით მცხოვრები, იმგვარ ყოფით და მატერიალურ
მდგომარეობაში მყოფი კაცისთვის ქალის მოხიბვლა, შეყვარებული
კაცის როლის მორგება წარმოუდგენელიც იყო და
საფრთხილოც; ოჯახის შექმნაზე ხომ ფიქრიც ზედმეტი იყო, პირადი
ცხოვრება პოეტს არასოდეს ჰქონია.
თუმცა იყო ერთი ისტორია ტერენტი გრანელის ცხოვრებაში,
რომელმაც პოეტის ბიოგრაფიაშიც და სულშიც უცნაური
კვალი დატოვა. მისი პოეზიის თაყვანისმცემელთა წერილებს
შორის იყო ერთი, კიევიდან გამოგზავნილი: "მე ვარ თქვენი პოეზიის
თაყვანისმცემელი. თქვენი ლექსების კითხვა ყოველდღიურ
სულიერ საზრდოდ გადამექცა... ზეპირად ვიცი თქვენი ბევრი
ლექსი. მე თქვენ თბილისში გხვდებოდით და საიდუმლოდ,
ფრიად საიდუმლოდ მიყვარდით კიდეც... ახლა, როცა ასე შორს
ვარ თბილისიდან, ქართულ ენასთან მაკავშირებს თქვენი ნაზი
ლექსები" — წერდა უცნობი ქალი.
255
ტერენტი გრანელი გაოცებული იყო, გაოცებული და ბედნიერი:
ვის უნდა მოეწერა წერილი კიევიდან?! ის იქ არავის იცნობდა.
თავდაპირველად კვლავ ფრთხილად იყო, ეკრძალებოდა
მის ცხოვრებაში გაჩენილ მშვენიერ უცნობს, მაგრამ როდესაც
პირველ წერილს მეორე და მესამე მოჰყვა, მაშინ გრანელმა უმ-
შვენიერესი სიტყვებით და გრძნობით აღსავსე წერილი მისწერა
მასზე შეყვარებულ ქალს. მიწერ-მოწერა გახშირდა, ტერენტი
გრანელი ბედნიერებისა და აღტაცებისაგან "ცაში ნავარდობდა",
მას მთელი არსებით შეუყვარდა უცნობი და უნახავი ქალი.
დრო გადიოდა, წერილები ერთმანეთს ცვლიდნენ, ტერენტი
გრანელი მოუთმენლობამ შეიპყრო, თავის სიყვარულთან შეხვედრის
ფიქრი და ნატვრა პოეტს არ ასვენებდა, ეს ლექსიც თავის
სიყვარულს უძღვნა და კიევში გაუგზავნა:
"მე შენზე ვფიქრობ და თითქო ვხედავ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი.
ძვირფასო! მოსვლა რად გაგიძნელდა,
ძვირფასო! რატომ დაიგვიანე.
ეხლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ეხლა ქარები არხევენ ტირიფს.
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს.
ასე გაივლის წამება ოხვრა,
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით.
მოხვალ დაღლილი, მეტყვი: როგორ ხარ,
მოხვალ და ვიცი მომეფერები.
თუმცა იქნება ღამე წვალების
ღამე სასტიკი და ულმობელი
და ეს თვალები, ლურჯი თვალები
ჩემი თვალები ისევ მოგელის”.
("შენს მოლოდინში")
ბოლოს პოეტის ნატვრაც ახდა: ქალი, რომელმაც ლოდინს
და მონატრებას დიდხანს ვერ გაუძლო, აუწყებდა, ჩამოვდივარ
და სადგურის ბაქანზე დამხვდიო, ის ქმარს გაშორდა და თბილისში
გამოიქცა.
ტერენტი გრანელი იმ ხანებში შეიცვალა, სიცოცხლე შეუყვარდა,
ფიქრობდა, რომ ამიერიდან სხვანაირ ლექსებს დაწერდა,
ლექსებს სიყვარულზე, სინათლეზე, ბედნიერებაზე. შეხვედრის
დღეს ადგილს ვერ პოულობდა, მღელვარებამ და მოლოდინმა
ერთთავად აიტანა... მარტო ყოფნა არ შეეძლო, სადგურზე
მეგობარიც იახლა. დანიშნულ ადგილას ადრე მივიდნენ,
სადგურის ბაქანზე, ქალაქის გასასვლელთან მატარებელი ჩა 256
მოდგა, უცნობი ქალი მხოლოდ მაშინღა შენიშნეს, როცა ბაქანი
ხალხისაგან სრულიად დაიცალა. "...ის იდგა ბაქანზე მარტო,
რაღაცნაირად შემცბარი, ღიმილით და დიდი ჩემოდნით".
ამ წუთებამდე "ციურ ლაჟვარდთა მხილავი" ტერენტი გრანელი
უცებ დაუბრუნდა მიწას — გაფითრებული, გამშრალი და
გამოფიტული ის გაუნძრევლად იდგა და შეჰყურებდა ქალს,
რომელიც არაფრით არ შეიძლებოდა ყოფილიყო ის ერთადერ-
თი "ოცნების ასული", ვისაც ელოდა ... და ტერენტი გრანელი
წავიდა. ქალი იდგა უძრავად, თითქოს ეშინოდა ნაბიჯის გადადგმისა,
თითქოს ერთი ნაბიჯის იქით უფსკრული ყოფილიყოს და
თითო წამწამზე თითო შვიდფერი ცრემლი დაეკიდა (გ. ქელბაქიანის
მოგონებიდან).
ტერენტი გრანელმა კი თავისი წარმოსახვითი სიყვარული
და მირაჟული ბედნიერება ამ სტრიქონებით გამოიტირა:
"...და სევდა მიპყრობს ისევ და ისევ,
დაბნელდა ჩემი ოცნების მხარე,
არყოფნის ღამევ, შენ დამიფარე
არყოფნის ღამევ, შენ დამიფარე".
ამის შემდეგ ტერენტი გრანელი თითქოს ერთგვარად ჩაიფერფლა
კიდეც. დრო გავიდა, სასიყვარულო აღტაცება მის
ცხოვრებაში აღარ მოსულა.
სამაგიეროდ უფრო გამძაფრდა მისტიკური ფიქრები. პოეტური
ხილვები ირაციონალიზმისა და დრო-სივრცის ზღვარზე
მავალი სევდიანი მისტერიების ასპარეზად იქცნენ. ამასთან ერ-
თად, ტერენტი გრანელის ლექსებში ბიბლიური სახეებიც აირეკლა.
თუკი ბიბლიური თემატიკის შემოქმედებით აღქმაზე
მიდგება ჯერი, უპირველესად „განკაცებული ქრისტეს“ მხატვრული
სახე უნდა აღინიშნოს: „ტერენტი გრანელი მოდის სისხლიანი
სამარიდან. იქნებ ეს იყოს ქრისტე მეორედ მოსული“ —
ასეთი ეპიგრაფი აქვს წამძღვარებული კრებულს „სულიდან
საფლავები“ (1922). ხოლო ამ კრებულში დაბეჭდილი ლექსების
დიდი ნაწილი პოეტური ინსპირაციის ყველაზე მისტიკურ სახედ,
მათი ავტორი კი ცხოვრების არსზე მწარედ ჩაფიქრებული,
უცნაური ხილვების პოეტად აღიარეს:
ვალერიან გაფრინდაშვილი:
"ტერენტი გრანელი განწირული ბოგემის შვილია, ბოგემა
მისთვის სინამდვილეა და არა პოზა... მისი ლექსები იცრემლებიან
როგორც ინფანტას ცრემლები“.
257
ვასილ ბარნოვი:
"უხორცოთაც სჩვევიათ ცთომა. ეთეროვნობს მათი შეცდომა,
მაინც არის ცოდვა მამძიმი. გამჩენელი უწესებს სასჯელს,
გადმოსტყორცნის ქვეყანაზედ კაცთა სახითა. ზოგს
ავიწყდება ზეციური ყოფნა ნეტარი, სადაც პირისპირ მზერდა
იგი მშვენიერებას. სხვას გადმოჰყვება ბუნდოვნად ის სახეები,
შეგრძნობა მქრალი ნეტარ სუფევის... ...და ეძებს თავის საძიებელს
მარად და ყველგან... მიდ-მოდის, დაძრწის თავშიშველი,
თმააბურძგნული, ფეხშეუმოსი, მათხოვარი, გვაბანაკი, ჩამოძენ-
ძილი, ბევრჯერ მშიერი, ხან გამაძღვარი. ვერ დასთმობს იგი ამ
ძიებას აღსასრულამდინ! — და ჰპოვებს იგი? — არ მოაკლებს შემოქმედი
განცხადებათა, შეაძლებინებს უჭკნობ ყვავილთ უხვად
მოკრებას, რომ მოუფინოს ბნელში მავალთ გზა ცხოვრებისა“.
ვალნერ დაისელი:
„ქართულ პოეზიაში მწუხარება სულით არავის დაუღვრია
ისე, როგორც ტერენტი გრანელს, პოეზიაში სევდა გამოაცხადა
მან, როგორც ესთეტიკური ფენომენი, როგორც გაწვალება
ყოვლადობის, სივრცისა და დროის გარეშე, მწუხარების და სევდის
ტრიუმფატორი...ტრიუმფი... ტრიუმფი ცივი დეკემბრის და
კანკალი ფიქრებით ზამთართან მოწყენაში. არის დათოშილი
პორტრეტის მოხაზვა უნაზეს პროფილში და დაეკლილი ქრისტეს
ღიმილი...პოეზია არის დათრობა და კარგია დათრობა მწუხარების
პოეზიით, და საქართველოში მწუხარების პოეზია მოდის
ტერენტი გრანელით“.
ივანე გომართელი:
„იმ ახალგაზრდა პოეტთა შორის, რომლებიც სულ ბოლო
დროს გამოჩნდნენ პოეზიის სამსხვერპლოსთან ტერენტი გრანელს
უსათუოდ ეტყობოდა ჭეშმარიტი ნიჭი, ის კლდიდან გადმომჩქეფარე
ანკარა ნაკადულია, რომელიც ჯერ ვერ ჩამდგარა
თავის კალაპოტში, ის რაც არსებობს, მას არ აკმაყოფილებს, მას
სხვა უნდა, ის სხვას დაეძებს... მთელი პოეზია ტერენტი გრანელის
საკუთარი განცდაა. პოეზია მუსიკაა მისი სევდიანი სულისა...“
პაატა ორბელიანი:
„დღეს ტფილისისთვის სიზმარეულია ტერენტი გრანელის
მოცახცახე სხეული, ისე როგორც გრანელისათვის სიზმარია და
მოჩვენება საკუთარი ცხოვრება. „უიმედო ღამეებმა ნელა ჩაიარეს“
და არავინ იცის ამ ზამთრის დაუსრულებელ ღამეებში მას
იატაკზე სძინავს გაყინული ცრემლებით. დილას, როგორც
258
ტფილისის ნისლში ამოვა მზე, იგი მოჰყვება მზიან ტროტუარებს,
შფოთიანი ელდით და კონვულსიებით“.
კონსტანტინე გამსახურდია:
„ჩვენი თანამედროვეობა მისტიკის სამიზნეს უყურებს.
ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ახალგაზრდა პოეტის
საოცარის გამბედაობით გამოცემულმა წიგნაკმა... ევროპიულის
მასშტაბით მოხდა დიდი გარდატეხა, რადიკალიზმიდან
მარჯვნით, ფილოსოფიის მისტიკა იმარჯვებს, პოეზიასაც
მხატვრული ქროლვა ეუფლება. ახალგაზდა ტერენტი გრანელი
სიმპატომატურია ამ მხრივ, წიგნში მრავალი გულწრფელი
ცრემლია, დიდი მჭმუნვარება, დიდი სევდა გაუხარებელ ნაღველში
გამოზრდილი თაობის სტრიქონები აქა-იქ სევდიანია,
როგორც ცოდვილი ქერუბიმების თეთრი ფრთების შრიალი... ეს
წიგნი უახლეს პოეზიაში ძლიერ თამამი სიტყვაა“.
ეს არის იმ გამოხმაურებათა ნაწილი, რომელიც პოეტის
ახალ კრებულებს მიეძღვნა და შემდეგ კი მათი უმრავლესობა
1924 წელს ტერენტი გრანელის პოეზიისადმი მიძღვნილ გაზეთში
(მისი პოეზიის დღის გამო) დაიბეჭდა პოეტისავე ცნობილ
ლექსებთან ერთად, — ეს ფაქტი კი ტერენტი გრანგელის პოეტური
ნიჭის ხმამაღალი აღიარება იყო.
მაგრამ ყოველივემ ამაოდ ჩაიარა... პოეტის მძიმე ყოფა არ
იცვლებოდა, დღეები დღეებს მისდევდა, უმკაცრესი ყოფა და
არანაირი შვება, თანდათან უარესდებოდა ტერენტი გრანელის
ფიზიკური არსებობა, რაც მას სულიერ წონასწორობასაც აკარგვინებდა...
„ქრიან ფიქრები თეთრი და შავი,
და ეს დღეები სახეს მიცვლიან.
ახლა ხომ დროა მოვიკლა თავი,
მეტის მოთმენა არ შემიძლია;
მე ვერ მიშველის თვით ჩემი ლექსიც,
თვით ჩემი ლექსი — სისხლის რვეული,
პოეზიაში ვარ უდიდესი
და ცხოვრებაში გზააბნეული“.
1934 წლის შემოდგომის მიწურულს მწერალთა კავშირში
ქალაქის პირველი საავადმყოფოს პროზექტურიდან დარეკეს:
სიცივისა და მძიმე სენისაგან გარდაცვლილ უპატრონო მიცვალებულებში
ერთ-ერთმა პრაქტიკანტმა პოეტი ტერენტი გრანელი
ამოიცნო.
259
იგი საავადმყოფოს კედლის გადაღმა, პეტრე-პავლეს ძველ
სასაფლაოზე დაკრძალეს მეგობარმა პოეტებმა. სევდიან და უხმო
პროცესიას სულ რამდენიმე კაცი მიაცილებდა, ნათესავებმა
გვიან გაიგეს მისი სიკვდილი. ეს დღე კი საოცრად ჰგავდა იმ
ხილვას საკუთარი გარდაცვალებისას, რომელიც პოეტმა რამოდენიმე
წლით ადრე აღწერა:
„დადგება ზამთარი,
მოვკვდები ღამით გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის
გაცივებული
მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები
და ჩემი უნაზესი
და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველ-
თვის.
...გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს.
ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს. და მე
ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას. ჩემი კუბო იქნება სადა და პროცესია უცრემლო...
ბალდახინი, რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს იქნება თეთრი და მოძველებული.
პანაშვიდს გადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი, რომელსაც
არ ექნება წაკითხული ჩემი სისხლიანი წიგნი „მემენტო მორი“. შევეცოდები
მღვდელს,
რომელსაც არ ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია.
მხოლოდ ცხედართან მდგომ პოეტებს მოაგონდებათ ჩემს დანისლულ
ლექსებიდან
სტრიქონები. მოვა უიმედობა... პანაშვიდი გათავდება ქარში...“
საკუთარი აღსასრულის ეს პოეტური ხილვა ოდენ დაკონკრეტებული
აღნიშვნაა სიკვდილისათვის თვალებში ჩახედვის,
ბედისწერისათვის თვალის გასწორების პოეტისეული უნარისა,
თორემ დროის აღნიშვნა და გზის დასასრულის არდავიწყება
ტერენტი გრანელის მთელ პოეზიაში შეიგრძნობა: დაძაბულში,
ნერვულში, გაღიზიანებულში, ხან აგონიურში, მისტიკურში, აცრემლებულში,
ტანჯულში, ...და ჭეშმარიტი პოეტური ტალანტით
შთაგონებულში, მართალში, სულამოყოლებულში, სადაც
ყოველი სიტყვა და ყოველი სტრიქონი ტერენტი გრანელის
ცხოვრების ერთ დიდ და ძირითად შეგონებად ჩამოყალიბდა.
გახსოვდეს სიკვდილი — მემენტო მორი.
„ახლა უფრო ხშირია, შეცდომების დაშვება,
ეხლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია,
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი ეს „მემენტო მორი“-ა.
260
დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,
ჩემს გარშემო ციხეა მწუხარების სავანე,
რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,
მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.
სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,
ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი,
ახლა მე ცას უცქერი, ცაზე ანთებულია,
ვარსკვლავები. სიმბოლო თეთრი მარადისობის.
ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,
როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.
მე ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,
ჩემი ნაზი სამშობლო, ლაჟვარდები ცისფერი.
რა ვქნა შავი ღამეა მძიმე და უსაშველო,
მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები,
ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო,
რომ დაღუპვა მომელის ვიცი დანამდვილებით.
ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,
მე ძვირფასო! ვერ მოვალ გზა შენამდე შორია,
ჩემი გვარი გრანელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სული ეს „მემენტო მორი“-ა".

You might also like