You are on page 1of 4

მამათა და შვილთა ბრძოლა.

1861-1863 წლებში ქართულ მწერლობაში ორი ურთიერთსაპირისპირო ბანაკი


ჩამოყალიბდა. ერთი იყო კონსერვატიული („მამების“) ბანაკი, რომლის წევრები
იყვნენ: ივანე კერესელიძე, გრიგოლ ორბელიანი და სხვა. ხოლო მეორე- პროგრესული
(„შვილების“) ბანაკი, რომლის წევრები იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი,
იაკობ გოგებაშვილი და სხვა. ბრძოლის დასაწყისად ითვლება ილია ჭავჭავაძის
კრიტიკული წერილი, „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის
კოზლოვიდან „შეშლილის“ თარგმანზედა“, რომელიც ჟურნალ „ცისკარში“
დაიბეჭდა.
ილია ჭავჭავაძე ამ სტატიაში რევაზ ერისთავს უწუნებს სალიტერატურო ენას,
რადგან მან რითმების შეწყობას შესწირა ლექსის მთელი სილამაზე. ასევე მას უწუნებს
არჩევანს. იკვეთება ავტორის ზოგადი დამოკიდებულება მაშინდელი
თავადაზნაურობის გემოვნებაზე. მათ პრიმიტიული, არაფრისმთქმელი, ყალბი
ნაშრომებიც აკმაყოფილებდათ. მთელი სტატია ეძღვნება ამ საკითხს თუ როგორი
შებღალულია ქართული ლიტერატურა და რომ მას გადარჩენა სჭირდება. ილიას
აზრით, ზედმეტი იყო ძველი ასოების გამოყენება, რადგან მათი შესატყვისი ბგერები
მეტყველებას აღარ გააჩნდა. დავის შემდგომ საგნად მიჩნეულია ენის სისადავის
საკითხი, რაც გულისხმობდა სალიტერატურო ენის დაახლოებას სალაპარაკო
ენასთან.
ამ სტატიის გამოქვეყნებამ თავადაზნაურობაში დიდი გაკვირვება და გაღიზიანება
გამოიწვია რის გამოც კონსერვატიულმა („მამათა“) ჯგუფმა ილიას „წერილები“
მიუძღვნა. რომელიც ჟურნალ „დროებაში“ იბეჭდებოდა. წერილებს სულ რამდენიმე
ადრესატი ჰყავს, მათ შორის არიან: კნეინა ბარბარე ჯორჯაძე, გიორგი ბარათოვი,
რევაზ ერისთავი, სარდიონ ალექსიევ-მესხიევი, ეფთვიმე წერეთელი და სხვა. ამ
წერილების ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ილია ჭავჭავაძეს აძლევენ
„რჩევებს“ და აკრიტიკებენ მისი ასეთი დამოკიდებულების გამო „მამათა“ თაობის
მიმართ. რევაზ ერისთავი ილიას აძლევს რჩევას, რომ: მან განაგრძოს სხვა სტატიების
განხილვა „კეთილსინდისიერად, აუჩქარებლად და არა უკადრისი ლანძღვით.“
სარდიონ ალექსი მესხიშვილი ილიას წერის სტილს უწუნებს და თვლის რომ მისი
ნაშრომები როგორც ლექსიკურად ასევე გრამატიკულად დასახვეწია. ასევე დიდ
გულის ტკივილს გამოთქვამს, რადგან უკვირს ილიას ასეთი დამოკიდებულება
ქართველი მწერლების მიმართ. მიუხედავად ასეთი მკაცრი დაპირისპირებისა კნეინა
ბარბარე ჯორჯაძემ პირველმა გააჟღერა შერიგების საკითხი. ის თვლიდა, რომ
დაპირისპირება და უთანხმოება ყოველივე არსებულის განადგურების საფუძველია.
ამიტომ ყველას მშვიდობისკენ და ერთიანობისკენ მოუწოდებდა.
დაპირისპირება განახლდა და უფრო სერიოზული სახე მიიღო 1871 წელს, როდესაც
საქართველოში სტუმრად ჩამოვიდა იმპერატორი ალექსანდრე ll. „მამათა“ ნაწილმა
გადაწყვიტა, რომ იმპერატორისთვის განკუთვნილი ადრესი ჩაესწორებინა და
იმპერატორისთვის კადეტთა სკოლის შექმნის თხოვნით მიემართა. ამ ქმედებამ
გამოიწვია ის, რომ ილია ჭავჭავაძემ დაწერა „გამოცანები“, სადაც სასტიკად
აკრიტიკებს და დასცინის დიდ მოხელეებს. მან სულ ცხრა „გამოცანა“ დაწერა და
უმეტეს მათგანში სასტიკი კრიტიკა ჩანს. განსაკუთრებულად აკრიტიკებს და
მკაცრად აღწერს:
გიორგი მუხრან-ბატონს - „ჭკვით და გულით მოცვეთილა
ქვეყანაზედ უქმად გდია“
ივანე მუხრან-ბატონს - „ტაციობით დღეს აღამებს,
გულმურტალი და ფლიდია“
პლატონ იოსელიანს - „ყბედი და ჭკვაზედ თხელია“
რევაზ ანდრონიკაშვილს - „ხელთა მლოკი, ქონდრის კაცი“
ასევე ის აღწერს გრიგოლ ორბელიანს. თუმცა უნდა აღინიშნოს გრიგოლ
ორბელიანისადმი მიძღვნილი გამოცანა განსხვავდება სხვა გამოცანებისგან და მასში
იგრძნობა ილიას თბილი დამოკიდებულება კრიტიკის ობიექტისადმი. თუმცა
საბოლოოდ: „მაგრამ ამ კარგსაც ქვეყანა
ზოგჯერ ფეხებზედ ჰკიდია“
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ილია ჭავჭავაძე მეცხრე წერილში საუბრობს
საკუთარ თავზე. მან მეცხრე წერილი საკუთარ თავს მიუძღვნა. ის ამბობს:
„ვით თქვენ ქვეყანა, მეც წყრომა
თქვენი ფეხებზედ მკიდია.“
ილიას ასეთი მკაცრი ტონი გამოწვეულია იმით, რომ მას მობეზრდა
თავადაზნაურობის ასეთი დამოკიდებულება, რომ მიუხედავად ყველაფრისა ისინი
მაინც ერთპიროვნულად იღებენ გადაწყვეტილებას და ისე იქცევიან როგორც მათ
სურთ. ამიტომ 1871 წლის „მამების“ ეს შეცდომა ბოლო წვეთი იყო ილია
ჭავჭავაძისთვის.
ასეთ მკაცრ ტონს და დამცირებას პასუხი გასცა გრიგოლ ორბელიანმა, რომელმაც
ილიას „გამოცანების“ საპასუხოდ დაწერა „პასუხი შვილთა“, სადაც იგი ამბობს, რომ
მათ, უფროს თაობას, იმედი ჰქონდათ განათლებული ახალი თაობის. ის მათ
ადანაშაულებს ენის წახდენაში. იგი მათ საყვედურობს, რომ ისინი „მამების“ ღვაწლს
ქვეყნის წინაშე არ აფასებენ და უსამართლოდ ჰკიცხავენ მათ. ასევე ამატებს, რომ
ახალი თაობა ასეთი აგდებული დამოკიდებულებით „მამების“ ავტორიტეტს ვერ
შებღალავს, რადგან მათ სამშობლო სისხლის ბოლო წვეთამდე დაიცვეს. თუმცა
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გრიგოლ ორბელიანი მის მიღწევად რუსეთისთვის
ბრძოლას მიიჩნევს: „ოსმალ-სპარსები,
დაღესტნის მთები
ქებით გეტყვიან დიდთა მათ საქმეთ!“
გრიგოლ ორბელიანის „პასუხი შვილთას“ გამოცემიდან მალევე იწერება ილიას
„პასუხის პასუხი“ და ასევე აკაკი წერეთლის „ხარაბუზა ღენერალს“ რომელიც მეტად
ულმობელი და ირონიულია.
ილია ჭავჭავაძე „პასუხის პასუხში“ აქარწყლებს ყველა ბრალს, რომელიც მას
გრიგოლმა დასდო. ის განმარტავს, რომ ერი და ენა წოდებაზე არ გაუცვლია. ისინი არ
არიან ფარისევლები. ილია ამატებს, რომ სწორედ მამები იყვნენ ისინი ვინც
რუსულად საუბრობდნენ, სწორედ მათ დროს მიმდინარეობდა გაკვეთილები რუსულ
ენაზე. ხოლო დავიწყებული და გარიყული ქართული ენა სწორედ მან და მისმა
თანამოაზრეებმა შეიფარეს და ისევ გააცოცხლეს: „ენა მდიდარი,
თქვენს ხელში მკვდარი,
ჩვენ მიგვიღია გასაცოცხლებლად“
რაც შეეხება აკაკის „ხარაბუზა ღენერალს“ როგორც აღვნიშნე მეტად ირონიული,
ულმობელი და დამცინავია. აკაკი გრიგოლ ორბელიანს მიმართავს, რომ ის წერს
ყველასთვის გაუგებარ ენაზე. ბრალს დებს ფარისევლობაში და ორპირობაში: „ჩვენ არ
მოგვწონს შენისთანა
ენა წმინდა გულ სატანა.“
მიუხედავად ასეთი რთული დაპირისპირებისა „მამათა და შვილთა ბრძოლა“ 1872
წელს დასრულდა. დროთა განმავლობაში კი ილიამ იგრძნო სიახლოვე იმ ფენასთან,
რომელსაც უწინ ასეთი მკაცრი ტონით ეკამათებოდა. მიუხედავად მათი იდეური
განსხვავებებისა მათი საქმიანობა მაინც ქართველი ხალხის და ქვეყნის
კეთილდღეობას ემსახურებოდა. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ ილიასა და
გრიგოლს შორის ლიტერატურულო დაპირისპირება არ გაგრძელებულა და
საყოველთაო სახე არ მიუღია. მათ შორის საქმიანი და გულთბილი ურთიერთობა
ჩამოყალიბდა და ერთად განაგრძეს თანამშრომლობა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ
არსებობდა ისეთი თაობა რომელმაც შეძლო და საკუთარი აზრი ხმამაღლა
დაფიქსირა. ახალი თაობა იღვწოდა იმისთვის, რომ ქართული ენა უფრო
მრავალფეროვანი ყოფილიყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ პროცესებში ძველ
თაობას მონაწილეობა არ მიუღია. სწორედ მათ შექმნეს ის ნიადაგი რომელზეც
შემდგომ ილია ჭავჭავაძემ და მისმა მომხრეებმა ახალი სალიტერატურო
მიმდინარეობები შექმნეს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მამათა და შვილთა ბრძოლა ანუ თაობათა
დაპირისპირება აქტუალური საკითხია, რომელმაც თავი განსაკუთრებით მე-19
საუკუნეში, ილია ჭავჭავაძისა და გრიგოლ ორბელიანის ეპოქაში, იჩინა. მას შემდეგ ეს
თემა კვლავ განიხილება. გარდა ამისა თაობათა შორის აზრთა სხვადასხვაობა
მნიშვნელოვანია საზოგადოების პროგრესისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ
მოხდება ვერც პიროვნული ვერც საზოგადო განვითარება.

You might also like