You are on page 1of 5

სახელი ლია სტურუასი თანამედროვე პოეზიის სინონიმად წარმომიდგება, და არა

მხოლოდ ქართული პოეზიისა, რადგან მის შემოქმედებაში წარმოჩენილია ყველა ის


ნიშანი, რომლებიც თანამედროვე პოეზიას ახასიათებს.

ლია სტურუა თანამედროვეა არა მხოლოდ ჩვეული, არამედ, აგრეთვე,


ელიოტისეული თვალსაზრისითაც. იგი ფიქრობდა, რომ თანამედროვეობა
გულისხმობდა წარსულის გამოცდილების ათვისებას და მასზე ახლის დაფუძნებას.
ლია სტურუას პოეზიაში ირეკლება წარსულის მემკვიდრეობა, ტრადიცია. ძველის
ცოდნა და გადააზრება. ეს მისი ღრმა ფესვებია. ლია სტურუა ლექსის დიდოსტატია
— ვერლიბრისა თუ კონვენციური ლექსისა. ამაზე მეტყველებს მისი თავისუფალი
ლექსები და სონეტები. სონეტი ხომ პოეტისგან განსაკუთრებულ სმენას,
დახვეწილობასა და ელეგანტურობას მოითხოვს. სხვაგვარად სონეტი გარკვეულ
ჩარჩოში მოქცეულ სტრიქონთა გარითმულ რიგს დაემსგავსება.

ლია სტურუას პოეტური აზროვნების საყრდენია მეტაფორა. იგი მეტაფორაში


მოაქცევს ყველა სასიცოცხლო ძალას და მეტაფორითვე ავლენს თავის
დამოკიდებულებას გარე სამყაროს მიმართ. მისი დიალოგის ენა მეტაფორულია და
მკითხველისგან გარკვეულ მზაობას მოითხოვს, რომ სრულყოფილად მიუხვდეს და
ჩასწვდეს მისი ლექსის ემოციასა და აზრს.

მისი პოეზიისთვის დამახასიათებელია ორიგინალური მეტაფორების ფეიერვერკები,


რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ლექსის დრო-სივრცეში მოულოდნელად შემოჭრილი
ელვარე მეტაფორა თითქოს ჯაჭვური რეაქციით იწვევს მეორეს, მეორე მესამეს და
წარმოიქმნება ფერადოვანი ქსოვილი მხატვრული სახეებისა, რაღაც აბსტრაქტული
და სიურრეალისტური სურათი იხატება, ერთმანეთში გადახლართული
სიმბოლოებით. აი, ერთი მაგალითი:

„ზაფხული მიდის, ოქროს ძაფები ისე წყდება,

თითქოს დღე გაიხია და არავის არ სცალია,

გვირისტი დაადოს, ჭრილობა შეუხვიოს,

მე იმით ვარ დაკავებული,

რომ ფრთხილად მომაქვს ჩემი ჩამავალი მზისფერი თმა,

იოანე ნათლისმცემლის თავივით


(ნუთუ შეიძლება კაცი გიყვარდეს

და მის სისხლში ამოივლო გარეგნობა?)

ზაფხული ილევა, მაგრამ ოთახები,

ჯერ კიდევ გარეთ გადიან

ყველა ფანჯრიდან, გასაღებების აცმა

კითხვის ნიშნებივით კიდია კედელზე.

თავი ფიქრობს სისხლზე, რომელიც აღარ მიეწოდება,

რადგან ძარღვებში შედედებული დარდი ჩადგა…

ზაფხული მიდის, ვიღა გვასწავლის

ჩამავალი მზის ანატომიას?“

როგორც აღვნიშნეთ, მისი პოეტური აზროვნების საყრდენია მეტაფორა. მის სულში


სამყარო მეტაფორებით ირეკლება და ამ გზითვე გამოათარგმანებს მკთხველისთვის.
ლია სტურუა ბუნებით ესთეტია. ის მშვენიერებად აქცევს ყოველივეს, რისკენაც
ფიქრს წარმართავს და რასაც მხატვრული სახეებით მოიხელთებს. იგი წერს კიდეც
ერთგან, „სინატიფე მომისაჯესო“. ამ თვალსაზრისით, მოდერნისტებს წააგავს,
მისთვის ახლობელია უაილდისეული ესთეტიზმი. ის არ ცნობს სიმახინჯეს, მისთვის
ყოველივე და, მათ შორის, უსახურებაც, არტე-ფაქტად იქცევა და კეთილშობილდება.

ლია სტურუას პოეზია გაჯერებულია იმპრესიონისტული სახეებით. ფერი მის


სტრიქონებში ლაპარაკობს, ფერმწერისთვის დამახასიათებელი
კონცეპტუალურობით არის აღბეჭდილი ყოველი ფერადოვანი მონასმი. ერთ ლექსში
„გარდაცვალება“ ასეთი სახეა: ‘

„მოულოდნელად გამოეღვიძა:

შავ და უაზრო უკუნეთში თეთრი პეპელა შემოიჭრა —

მუსიკის ხელი,
ჩაძირული ბატისტის რუშებში…

ცაზე გაფატრული ორღანი ეკიდა

და მარმარილოს მკვეთრი თითები

მუსიკის წრეს აქუცმაცებდნენ,

ხოლო მაჯიდან ბატისტის თეთრი პეპლები ცვიოდა“.

აქ მეტაფორები ისე ხმაურობენ, თითქოს ჩანჩქერის შუაგულში იდგე და ერთად


გრძნობდე ყველა იმ ხმას, რომლებიც სიცოცხლეში მოგისმენია. წყლის შხეფებზე
მოთამაშე მზის სხივების ცისარტყელებმა კი ერთად მოაზღვავონ ყველა ფერი. ეს
არის გამოღვიძება: ფერების, ხმებისა და სურნელის წიაღში შეჭრა, სამყაროსთან
შერწყმა, მის ერთ-ერთ შემადგენელ ელემენტად თავის შეგრძნება, აქ აღარც
სიხარულია და აღარც ტკივილი და საერთოდ აღარავითარი გრძნობა, მხოლოდ
ნეტარება, რომელსაც სიყვარული ჰქვია ადამიანურ ენაზე.

ლია სტურუას პოეზიაში იგრძნობა ამგვარი „ნახტომებით“ მოგვრილი ერთგვარი


ექსტაზი, როდესაც პოეტი მეტაფორათა უწყვეტ ნაკადში ჩაიკარგება და მერე სადმე
მოულოდნელად ამოყვინთავს „განახლებული“ და თვითონვე გაოცებული, თითქოს
სიზმრიდან ახლად გამოღვიძებული და ცდილობს მოუყვეს მკითხველს განცდილ-
ნანახის შესახებ. ამ „გადმოცემისას“ კი ქმნის სრულიად ახალ წყვილებს აქამდე
დაუკავშირებელ საგანთა და მოვლენათაგან.

ერთ ლექსში, „ქალაქის მსხვერპლი“ რომ ჰქვია, პოეტი ხატავს გულგრილ, ფუტურო
ადამიანებს, რომელთაც დაჩლუნგებიათ სილამაზის შემჩნევისა და აღქმის უნარი.
მათ აღარ ახსოვთ ნეტარება გაოცებისა:

„მაგრამ რომელიმე მათგანს რომ დაესიზმროს

ისეთი მკაფიო წერო,

თითქოს მწვანე მინდორს გვირილა უჭირავს ხელში

და ერთი წუთით შეაჩეროს

ნაჯახივით წინ გაშვერილი შუბლი,


მერე ვეღარასოდეს უცხოსავით ვეღარ ჩაივლის…“

ლია სტურუას ლექსების კითხვა ნიშნავს, რომ ისწავლო პოეზიის ენა, გაიწაფო
პოეტურ აზროვნებაში, განსხვავებულად აღიქვა სამყარო. იგი სიტყვის ჯადოქარს
ჰგავს, სიტყვისგან მეტაფორის სასწაულებს ქმნის და პოეტის „უკუღმართი ტვინით“
გვაჯერებს, რომ

„ბულბულმა მოკლა ეკალი,

ისეთი გავარვარებული მკერდით შეასკდა“.

ღვთის თანაზიართაგან ლია სტურუასთვის გალაკტიონია სამყაროს უპირველესი


მესაიდუმლე, ამიტომაც სწორედ მისმა პოეზიამ შეაგრძნობინა ჭეშმარიტება:

„მან იცის პასუხი უპასუხო შეკითხვაზე:

როგორ შეიძლება ერთი ლექსით,

ისევე როგორც ერთი პურით და ერთი თევზით

ათასობით კაცი გააძღო“.

 ზუსტი ფერწერული ხატები ლია სტურუას  პოეზიის ყველაზე ნიშნული


კომპონენტია, ის გრაფიკულ სიცხადეს ანიჭებს პოეტურ შტრიხებს. პოეტის 
პალიტრაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ –  ფიროსმანს, ვან გოგს, სეზანს,
გოიასა და სხვა მხატვრებს, რომლებიც მიხვდნენ, „ვან გოგობა რისი მაქნისიცაა“, 
მაგრამ სხვანაირ ცას, სხვანაირ სამყაროს ხედავენ და იციან, რომ  „მათი ტკივილი
სოთბის  აუქციონზე  სხვას  დააპურებს“.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც  ლია სტურუას პოეზიაში იკვეთება, არის


ფასეულობათა რღვევა, მკვეთრად უარყოფითი და კრიტიკული დამოკიდებულება
ყალბის, ხელოვნურისა და ნაძალადევის მიმართ. ლირიკული გმირი წუხს, რომ
სწორი მიმართება კულტურასთან ხშირად დაკარგულია, რომ ფსევდოკულტურასა
და ჭეშმარიტ ხელოვნებას შორის ზღვარი თანდათან იშლება, თუმცა  „ნერწყვით
გაშინაურებული საღებავი“ ძალას კარგავს,  როცა „ვიღაც“ საკუთარი სისხლით
ხატავდა ტილოებს:

„ვეღარ ხატავ და
საღებავს ხომ არ შეჭამ?

დიდი-დიდი, ნერწყვით გაიშინაურო,

მაგრამ ყურს მოიჭრის ვიღაც

და  გათავდა

ამ სისხლით დახატული

მილიონებად გაიყიდება,

ნახატი რომ უწმინდურობაში

ამოავლო, იმასაც იყიდიან

XXI საუკუნეა, კანალიზაციის მილებში

ჩატენილი ვარდები-

ალიყური პოეზიას!...“

  „***გააჩერე დრო“ 

ამ სიტყვებში ავტორი ნათლად აღწერს სამწუხარო რეალობას, სადაც   ზღვარი


გამქრალია ხელოვანის სითამამესა და ვულგალურობას შორის. „კანალიზაციის
მილებში ჩატენილი ვარდები“– შერყვნილი კულტურის სიმბოლო, ეს არის სილის
გაწნა, როგორც პოეზიისთვის, ისე – წმინდა ხელოვნებისთვის.

ლია სტურუას შემოქმედებას  აფასებენ როგორც აღმოჩენების, ტკივილისა და


თანაგრძნობის პოეზიას, ავტორს სჯერა, რომ ხელოვნება, შემოქმედება მარადიულია:

„გასრესილ პალიტრაზე ფერების ნარჩენები

არ ყვირიან, როცა, მთლიანობაში,

მხოლოდ კაშკაშებენ, მზესავით

დარწმუნებულები თავის ხანგრძლივობაში.“

  „უჩრდილობა“ 

You might also like