You are on page 1of 8

რეფერატი

გალაკტიონ ტაბიძის რამდენიმე ლექსის თემატიკა და სიმბოლოები

სტუდენტი: ნათია ჭყონია

გალაკტიონ ტაბიძის ,,მერი“

ლექსში ნათლად იკვეთება ლირიკული გმირის მძაფრი, ზღვასავით მღელვარე


ემოციები და სულიერი მდგომარეობა. ავტორის განწყობა მელანქოლიურია,
ტრაგიკულია, რაც გამოწვეულია უსიყვარულობის, უიღბლობისა და
მარტოსულობის მტანჯველი სევდით: ,,იყო ობლობა და შეცოდება, დღესასწაულს
კი ეს დღე არ ჰგავდა“. ქალი, რომელიც პოეტის ფანტაზიაში ჯვარს იწერს,
გალაკტიონისთვის სათაყვანებელი, შთამაგონებელი და საოცნებოა. რეალურ
ცხოვრებაში მის პროტოტიპად შეგვიძლია მივიჩნიოთ მერი შერვაშიძე, რომელიც
პოეტისთვის მუზა გახდა.

ლექსში ლირიკული გმირისთვის ოცნებების მსხვრევა, სასოწარკვეთა


გლოვასთან ასოცირდება და საქორწილო დღესასწაულს უპირისპირდება:

,,ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი:

ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?“

პოეტის მღელვარე, სულისშემხუთველ გრძნობათა ნიაღვარს ბუნებაც


ეხმიანება: ,,ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი და განუწყვეტლად წვიმდა და
წვიმდა“.

გალაკტიონმა ,,მერიში“ ჩააქსოვა მშფოთვარე, სევდითა და უნუგეშობით


დამძიმებული განცდები, როგორც ლადო ასათიანი გვეუბნება: ,,ლექსი შველის
ყოველგვარ ტკივილს და ლექსი თვითონ ტკივილი არის!“

აღსანიშნავია, რომ განუხორციელებელ, მიუწვდომელ და უმწიკვლო


ტრფიალებაზე გალაკტიონი სხვა არაერთ ლექსში საუბრობს: ,,რაც უფრო შორს
ხარ, მით უფრო ვტკბები“. აგრეთვე, გალაკტიონი აღნიშნავდა, რომ სახელი მერი
მას არ გამოუგონია, იგი ხშირია ბაირონის ლირიკაში, მერი ასულდგმულებს
შელის, აღაფრთოვანებს პუშკინს.
გალაკტიონი საუბრობს გულგატეხილობაზე, წუხს, რომ ჭეშმარიტი სიყვარული
ვერ გახორციელდა, ვერაგმა ბედმა მას მარტოობა და უსასოოდ ყოფნა არგუნა:

,,ბედი, რომელიც მე არ მეღირსა,

ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი“

გენიოსი პირადი გამოცდილებით დაგვანახებს, რომ ხშირად ჭეშმარიტი


სიყვარული წარუმატებლობასთან ასოცირდება. პოეტი მკითხველს იმასაც
უდასტურებს, უთვისტომობა, ბედის უკუღმართობა ცხოვრების საზრისის
დაკარგვისა და სულიერი დაცემის საწინდარია- უსიყვარულოდ პოეტის
შემოქმედება ფუჭია, მერის, საოცნებო ქალის, დაკარგვას ლირიკური გმირი ისე
განიცდის , თითქოს სიხარული გაქრა მისი ცხოვრებიდან. ისეთი შეგრძნება გვრჩება,
რომ მისი შემოქმედების წყარო გაუჩინარდა და თავისმა ნაწარმოებებმაც აზრი
დაკარგა. თითქოს ეს ქალბატონი იყო მისი ლექსების წერის მიზანი, ახლა კი ეს აღარ
აქვს:

,,ან მესაფლავეს რისთვის ვმღეროდი,

ან ვინ ისმენდა ჩემს ,,მე და ღამეს?“

გარდა გალაკტიონისა, წარუმატებელი სიყვარული სხვა არაერთი პოეტისთვის


გამხდარა განუკურნებელი სულიერი ტკივილის მიზეზი. მაგალითად, თავისი
შემოქმედების დიდი ნაწილი მიუძღვნა ეკატერინე ჭავჭავაძეს რომანტიკოსმა
ნიკოლოზ ბარათაშვილმა. ტიციან ტაბიძისთვის ინსპირაცია გახდა თამუნია
წერეთელი, რომელზე პოეტი უიმედოდ იყო შეყვარებული. სევდასთან ერთად
ლირიკული გმირი მარტოობას , ყველაზე მძიმე გრძნობას, უპირისპირდება, ამის
გადმოსაცემად კი თავს მეფე ლირსაც ადარებს. ეს პერსონაჟი თავისი
იმედგაცრუებითა და სასოწარკვეთით მაგონებს სკოტ ფიცჯერალდის წიგნ “დიდი
გეტსბის” მთავარ პერსონაჟს. ჯეიც საყვარელი ქალის დაკარგვით გამოწვეულ
სევდას ებრძვის.

გალაკტიონ ტაბიძე მთავარ სათქმელსა და ემოციათა დინამიკას


მრავალფეროვანი მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებებით გადმოგვცემს.
ლექსი ჯვარედინი რითმითაა დაწერილი, რაც მას მელოდიურობას ანიჭებს.
ტროპული სახეებიდან გამოირჩევა ეპითეტები, რომლებითაც პოეტი მერის
ჯვრისწერის ტაძრის მირაჟს წარმოგვიდგენს: ,,აფეთქებული, მოცახცახე,
იდუმალი...“. გვხვდება არაერთი შედარება, რომელთა ფუნქცია ლირიკული
გმირის ტრაგიკული გრძნობების წარმოჩენაა: ,,და მე ავტირდი ვით მეფე ლირი“.
ლექსში პოეტის მელანქოლიზმი მეტაფორითაა რეალიზებული: ,,რად აშრიალდა
ჩემი ოცნება, როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?“. საინტერესო ალუზიაა მეფე
ლირისა, რომლითაც პოეტი საკუთარი ტრაგედიის პარალელს ავლებს შექსპირის
გმირთან. ,,მერიში“ ნახსენებია ტაბიძის ლექსები: ,,მე და ღამე“ და ,,მესაფლავე“,
რომლებშიც გალაკტიონმა იგივე პათოსი ჩააქსოვა. სტილისტური ფიგურებიდან
აღსანიშნავია რიტორიკული კითხვები და შეძახილნი, რომლებიც პოეტის
იმედგაცრუების, ენით გამოუთქმელი განცდების მატარებელია: ,,რაც ჩაქრა ასე?
ვის ვევედრები?“, ,,მერი, ძვირფასო, დღესაც არ მჯერა!“.

აქ დაბნეულობაც ჩანს, თითქოს ბოლომდე ვერც გაუაზრებია მომხდარი და თავის


გრძნობებზეც არ აქვს პასუხი. ავტორი, ალბათ, იმის გადმოცემას ცდილობდა, თუ
რაოდენი დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ერთ ადამიანს შენს ცხოვრებაში, მისმა
დაკარგვამ კი რამხელა გრძნობების მორევში ჩაგითრიოს. ერთდროულად
განგაცდევინოს სასოწარკვეთა, უსუსურობა და მარტოობა, ამ დროს თავის
დაღწევის გზაც არ ჩანდეს. პოეტმა ამ ლექსით ნამდვილად დაგვანახა სიყვარულისა
და ტრფობის ძალა . ამასთან, ის გვაჩვენა, რომ რამდენადაც საამო არის ეს
გრძნობა, ორმაგად მტკივნეული შეიძლება იყოს იმედგაცრუება.

გალაკტიონ ტაბიძის ,,მე და ღამე“

გალაკტიონ ტაბიძის ლექს „მე და ღამის“ ლირიკული გმირი მარტოობასა და


სულიერ ობლობას განიცდის. პოეტს ფიქრებისგან თავი ვერ დაუღწევია, მოსვენება
დაუკარგავს, ვერ იძინებს: ,,ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება.“ მას,
ადამიანებისაგან გარიყულს, ბუნება ეგულება ნუგეშად: „სიო, სარკმლით მონაქროლი,
ველთა ზღაპარს მეუბნება.“ გალაკტიონი წერდა: „განა შუაღამეს არ აქვს თავისი
განსაკუთრებული სილამაზე, როგორც, მაგალითად, მზის ამოსვლას?“ შუაღამე
ფერადოვნებისაგან დაცლილი მხოლოდ ერთი შეხედვითაა. მთვარით დაფენილ
სხივებში ხომ საგნები განსაკუთრებული მშვენიერებით მოჩანს: „არე-მარე ვერ იცილებს
ვერცხლის საბანს.“ ამიტომ პოეტი თავის საიდუმლო სატკივარს მხოლოდ ამ თეთრად
გათენებულ ღამეს ანდობს. მარტო მან იცის მისი წამებისა და ტანჯვის, სულიერი
კრიზისის შესახებ. აქ მახსენდება ბარათაშვილის სტრიქონები: „მხოლოდ ვარსკვლავთა
თანამავალთა ვამცნო გულის მე საიდუმლო.“ „მე და ღამის“ ფიქრის ნაკადი კი იმ
ფარული ისტორიისაკენ მიედინება, რომელსაც ლირიკული გმირი ვერავის გაუმხელს,
ვერავინ გაამჟღავნებინებს: ვერც საყვარელი ქალი, ვერც უამესი წუთები... თითქოს
ცარიელდება მთელი სამყარო და ერთმანეთის პირისპირ პოეტი და ღამე რჩებიან.
„მე და ღამეში“ წარმოჩენილია უანგარო „მეგობრობა“ მარტოსული ადამიანისა
და ბუნებისა. ის მარადის ერთგულია, უღალატოა და არაფერს მოითხოვს მისგან: „ჩვენ
ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!“ ადამიანებისადმი უნდობლობა კი
გალაკტიონის პოეზიაში არაერთხელ გამოხატულა: „ოჰ, ჩემი გული ბევრს დაიმონებს,
მეგობრები კი არ მეყვარება“ („შენ ერთი მაინც“). ამგვარ დამოკიდებულებას
განაპირობებდა რეალური ცხოვრება, სავსე მლიქვნელობით, პირფერობით, შურით,
სიხარბითა და ღალატით. მაგალითად, გალაკტიონის მიერ იოსებ გრიშაშვილისთვის
გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ: „ვით სიკვდილით დასჯილი სახრჩობელას წინ,
თვალით დავეძებ მონათესავე სულს.“ იგივე ტკივილი და მარტოსულობის სიძნელეა
გამოხატული ბარათაშვილის „სული ობოლში“. იქაცაა უნუგეშობა, ადამიანთა
უნდობლობა და გაუტანლობა. განსხვავებით ამ ნაწარმოებებისაგან, ილია ჭავჭავაძე
„მგზავრის წერილებში“ არ გვიხატავს ღამეს, როგორც შემოქმედებისა და აღმაფრენის
დროს. ილიასეული განცდით, ის გახლავთ უმოძრაობისა და ბოროტების სიმბოლო: „შენ
ხარ ხელის შემწყობი იმ ხელობისა, რომელსაც თვალთმაქცობას ეძახიან და ადამიანების
დამფრთხალ გონებას უბედურობას ბედნიერებად აჩვენებს.“ გალაკტიონისთვის მისი
უძილო ღამე შეუცვლელი მესაიდუმლეა, ხოლო მეგობრებმა „არ იციან, თუ რა ნაღველს
იტევს გული.“ პოეტი იმდენად მარტოსული, განსაკუთრებული და თავისებური გახდა,
რომ მასთან დაახლოება, გაშინაურება, თუნდაც შეცნობა შეუძლებელი იყო. მხოლოდ
ღამემ, „სარკმელში მოკამკამემ“, იცოდა მისი უძილობისა თუ ობლობის ყოველი მიზეზი.

გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „მე და ღამე“ სტროფებადაა დაყოფილი.


გამოყენებულია ჯვარედინი და მოსაზღვრე რითმა. ავტორი მოიტანს ტროპული
მეტყველების ნიმუშებს, რათა სათქმელი გადმოგვცეს მეტად ექსპრესიულად და
გამძაფრებული ემოციით. პოეტი მეტაფორით წარმოაჩენს გარემოს: „შუაღამე იწვის,
დნება.“ ის ერთმანეთთან აკავშირებს თავის ლექსსა და ზეცას. ორივე გრძნობებითაა
სავსე და ამას შედარებით გამოხატავს: „ისე არის სავსე გრძნობით, ვით რითმებით ეს
წერილი.“ გვხვდება გაპიროვნება ბუნებისა: „სარკმლით მონაქროლი სიო“ ლირიკულ
გმირს „ველთა ზღაპარს ეუბნება.“ ვკითხულობთ ეპითეტებს, როდესაც ავტორი თავის
გაუმხელელ ზრახვებზე იწყებს საუბარს: „ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი
წუთზე უამესი.“

,,ლურჯა ცხენები“

გალაკტიონ ტაბიძე წერდა: ,,ჩემი ,,ლურჯა ცხენები“ შეთავსებაა ორი


სხვადასხვაობისა- რუსთაველის რითმის დაცვა, ბარათაშვილის რიტმის გამოყენება,
აზრის გაღრმავება“ (II ტ.255). ლურჯა ცხენები ის სიმბოლოა, ის სახეა, რომელიც
ტაბიძის მხოლოდ ერთ პოეტურ ქმნილებაში როდი გვხვდება. ის სუფევს სხვა
ლექსებშიც , მაგრამ ერთი რამ უცვლელია- ყოველთვის იდუმალია, ყოველთვის
მიუწვდომელია მისი საიდუმლოსთვის ფარდის ახდა. ,,ლურჯა ცხენები“
გალაკტიონმა შემოიყვანა ქართულ პოეზიაში. ლურჯი ზეცათა საუფლოს, ღვთის
სამყოფლის, ღვთაებრივი სამყაროს ფერია. ლურჯა ცხენები თავიდანვე მიანიშნებენ
მათ არამიწიერ წარმომავლობასა და დანიშნულებაზე. ბერძნულ მითოლოგიაში
მზე ცეცხლოვან ცხენებშებმული ეტლით დაქრის ცის თავანზე. ცხენი, ზოგადად,
ინტელექტის, გონიერების სიმბოლოა“ (ჯალიაშვილი, 2011:24).

,,ლურჯა ცხენები“ იწყება ტრანსცენდენტული სამყაროს ხატვით:

,,როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,

ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!

არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,

ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე“.

პოეტური სულის ადამიანი ამქვეყნიურ ცხოვრებაში ვერ ილხენს, თითქოს სულ


სცივა, შია და სწყურია მარადისობა, უფრო სწორად, არც სიცოცხლე უნდა და არც
სიკვდილი, არამედ- რაღაც სხვა, მესამე გზა, როგორც იდუმალი ტერენტი გრანელი
გვიმხელდა. და რა მოხდება, თუ სხეულისგან გათავისუფლებული სული ვერც
საიქიოში მოიპოვებს სიმშვიდეს? თუ იქაც უნაპირო სივრცეა, მიუსაფრობა და
მარტოობაა, სიცივე და უნუგეშობაა:

,,მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში

სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა“

იქნებ არ არსებობს მხსნელი, გარდა საკუთარი მეს ხატისა, და თუ ლურჯა


ცხენები თავად გალაკტიონის სულია, რომელიც, ზღვარდაუდებლობის წყალობით,
აბობოქრდა ცივი მდუმარების წინააღმდეგ?! ,,წყვდიადისა და საშინელების
შემზარავ განცდას უცებ არღვევს ,,შუქთა კამარა“, რომელიც ,,უდაბნოში“ ღელდება.
უდაბნო სიმბოლოა დაკარგულობის, უსაშველობის, ბნელი ძალების საუფლოსი,
ურწმუნოებისა, ამ შემთხვევაში კი, ცივი სამარის ჩაკეტილი სივრცისა“
(ჯალიაშვილი,2011:28). პოეზია ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც არ არის უბრალო რამ, ის
უდაბნოს ვარდია, რომელიც ჩვენს სულებს სინათლეს აზიარებს, გონებას
ათავისუფლებს მიწიერზე მიჯაჭვულობისაგან, ყოველ შემთხვევაში, ასეთი იყო და
არის გალაკტიონის პოეზია. მაშინ რა დაამარცხებს გალაკტიონის პოეტურ სულს,
მას ლურჯა ცხენები სამზეოზე ამოიყვანენ, სამუდამო დავიწყებას გამოსტაცებენ,
სიკვდილს უკვდავებით ჩაუნაცვლებენ. ლურჯა ცხენებისთვის არ არსებობს
გადაულახავი ბარიერი, მებრძოლის სულისკვეთებას ქვესკნელის სული ვერასდროს
შთანთქავს, ბარათაშვილის მერანის მსგავსად, ზღვარდაუდებელია და სიკვდილი ვერ
მიეკარება:

,,ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები,

როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,

ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!“.

,,სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“

ამ ლექსის მუსიკალურობასა და სათქმელის სიღრმესთან ერთად, გვაჯადოებს


მისი სათაურიც. ვარდი სილაში, ალბათ, ქვეყნიურ ყოფიერებაში გაუხარელი
პოეტის სიმბოლოა , სილა უნაყოფობაა, სილაჟვარდე კი ის სამყარო, რომელსაც
მიესწრაფვის გალაკტიონის შეხუთული სული ახალ სუნთქვასთან საზიარებლად.

დედობრივობის მარადიული ხატი, ნუგეშის მზე- როგორი იმედია ,,დაკარგული“


პოეტისთვის ღვთისმშობლის მიერ გამოწვდილი თბილი ხელები, როგორ სჭირდება,
რომ აღსარება უთხრას თან ყველაზე შორსა და თან ყველაზე ახლოს მყოფ დედას
გალაკტიონმა, რომელსაც მანუგეშებელი არავინ ეგულება ქვეყნიერებაზე, არც
მეგობარი, არც ახლობელი: ,,და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო“ (,,თოვლი“).

,,არსებობს მოგონება, რომლის მიხედვით გალაკტიონმა ერთხელ ტაძარში ხატის


წინ დაჩოქილი მხურვალედ მლოცველი მეძავი ნახა. ეტყობა, სახე იმ ქალისა
სამუდამოდ ჩაებეჭდა- მლოცველი ცოდვილისა. ყოვლის შემნდობი ღმერთი ხომ
ადამიანს აპატიებს ცოდვას, თუ მოინანიებს“ (ჯალიაშვილი, 2011:33).
შედარება ,,დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან“ შეგვაგრძნობინებს, რომ
გალაკტიონის შინაგანი სამყარო ძალიან ნაზი იყო, მისი სული ადვილად
იმსხვრეოდა. ლირიკული გმირი ამ ლექსში გახლავთ ,,გედი, დაჭრილი ოცნების
ბაღით“, გედის სიმბოლოს მან მიმართა ,,მთაწმინდის მთვარეშიც“, მაგრამ იქ მას
სწამს საკუთარი უკვდავებისა, ,,სილაჟვარდეში“ კი უკვე ყველაფერში ეჭვი ეპარება.
ცხოვრებამ, რომლის სისასტიკეც თვით პოეტის მოფიქრებულ სიტყვაშიც კი ვერ
ეტევა, წარმოსახვითი სამყაროც კი თითქოს ჩამოუშალა და გაუნადგურა ლირიკულ
გმირს:

,,შეხედე, დასტკბი ყმაწვილურ ბედის

დაღლილ ხელებით, წამებულ სახით“

ამ სიტყვებით კვლავ ღვთისმშობელს მიმართავს პოეტი და იგრძნობა მისი


ერთგვარი გაორებულობა, თითქოს სულიერმა ტკივილმა ერთიანად ამოხეთქა და
საყვედური უთხრა ღვთისმშობელს, ეს იყო აღმონახდომი: რატომ არ მეხმარები?
რატომ არ მშველი, რატომ მიმატოვე? ესაა საყვედური, რომელიც მხოლოდ იმის
მიმართ გიჩნდება, ვინც ძალიან, ძალიან გიყვარს და გინდოდა შენთვის ეპატრონა,
ემფარველა შენ ეულისათვის მარადის. დედა ღვთისა არ იცავს პოეტებს, არ
იფარავს მათ გულს დამსხვრევისაგან- ეს სტკივა გალაკტიონს:

,,დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?

შენს მოლოდინში ასეა ყველა?

სული, ვედრებით განაოცები,

შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა.“

როდემდე გაგრძელდება უსასოობა, ,,როგორ შევიძლოთ უღვთისმშობლობა, ვით


ავიტანოთ უმადონობა“ (,,თუ ბრძოლა არ არის“), ამ ყველაფერზე მოფიქრალ
ლირიკულ გმირს, გარდაუვალია, გარდაცვალებაზეც ეფიქრება- იქნებ ,,სამარეში
ჩასვენებაა“ ტკივილის ერთადერთი დასასრული:

,,დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით

გამაქანებენ სწრაფი ცხენები!

ღამენათევი და ნამთვრალევი

ჩემს სამარეში ჩავესვენები.“

და მაინც, ამ დიდებული ლექსის ლირიკული გმირი არ არის სუსტი, ის ძალიან


ძლიერია და სწორედ ამ სიძლიერით დაიღალა, ძალიან დიდია და ამ სიდიდის
ზიდვით გაიტანჯა, თუმცა ეს ტანჯვა ისეთი ლამაზია, რომ სამუდამოდ
მეხსიერებაში გებეჭდება მუსიკად ქცეული სტრიქონები:

,,დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!


როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,

ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია

და შორეული ცის სილაჟვარდე.“

გამოყენებული ლიტერატურა:

მაია ჯალიაშვილი, ლალი დათაშვილი ,,უახლესი ქართული ლიტერატურა“,


ტრიასი, 2011 წელი.

You might also like