You are on page 1of 3

თოვლი

“თოვლი”_ მხატვრული ანალიზი


გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაში სიმბოლისტური ლიტერატურული პრინციპების გავლენით
შექმნილი ერთ-ერთი ლექსია “თოვლი.” იგი რომანტიკული სიყვარულით შთაგონებული
პოეტური ნაშრომია. ესაა სიყვარულის ძლიერი გრძნობით განათებული ლირიკული გმირის
აღსარება სატრფოს წარმოსახვითი აჩრდილის წინაშე დიდი სიტყვიერი ხელოვნებითა და
ღრმა ფსიქოლიზმით წარმოჩენა იმ წმინდა გრძნობისა, რომელიც ლირიკული გმირისთვის
ცხოვრების საზრისად და ამქვეყნიური არსებობის ყველაზე დიდ მიზანსწრაფვად ქცეულა.
ალბათ, სიტყვები ისეთივე ტანჯვით იბადებიან, როგორი ტანჯვაც ახლავს შობის პროცესს.
ადამიანი რაღაც უცხო, ჯერაც არგანცდილი გრძნობითაა შეპყრობილი. ამ გრძნობის გარეთ
გამოტანასა და გასაგნებას იგი მისთვის სახელის დარქმევით ცდილობს. მაგალითისთვის
გამოდგება მწირის ტანჯვა ილიას “განდეგილიდან:” “ან რა უწოდოს, ან რა დაარქვას, ამ ჯერ
არცნობილ ნეტარებასა.” დიდი ვნება იმ მაგიური ძალით, იმ პირველქმნილი მადლით
ბადებს უკვე ნაცნობ სიტყვას, რა მადლითა და ტკივილითაც იგი პირველად წასცდა
კაცთაგანს. ტანჯვით შობის მიუხედავად, თვით სიტყვა ვერასოდეს გადმოსცემს იმ
გრძნობის, იმ მოვლენის, იმ საგნის არსს, რომლის სამოსელადაცაა განსაზღვრული ვინაიდან
სწორედ სიტყვამ ვერ შეძლო ვნების სრულად გამოხატვა, რასაც ბარათაშვილი სენტენციის
სახეს ძლევს: “მოკვდავთა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა.”
გამომდინარე ზემოთქმულიდან, სიტყვის სემანტიკურ ფუნქციაზე მეტად პოეტები მის
ასოციაციურ შესაძლებლობებს ენდობიან. ვის უნახავს “იისფერი თოვლი” ან “უდაბნო
ლურჯად ნახავერდები,” მაგრამ ამ უცნაური სინტაგმებით პოეტი სწორედაც საგნობრივ
ასოციაციებს აღძრავს.
ეს ყველაფერი იქით იყოს და ლექსის მთავარი სათქმელი მაინც გალაკტიონის თანმდევი
მარტოსულობაა. გალაკტიონის ბიძაშვილმა, ტიციან ტაბიძემ, პოეტს _ “მარტოობის ორდენის
კავალერი” უწოდა. ლექსში “თოვლი” სათაურიდანვე შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ საქმე
ზემოთქმულთან გვექნება. სიმბოლური დატვირთვით თოვლს რამდენიმე ასპექტი აქვს: 1.
ვეჯახებით ფერთა პალიტრას; 2. თოვლი, როგორც სულის სიმბოლო; 3. მარტოსულობის
ღაღადისი. თეთრი აბსოლუტური სინათლის ფერია, ამიტომაც უმანკოების, ჭეშმარიტების,
უბიწოებისა და ღვთიურობის სიმბოლო გახლავთ. სახარებაში თეთრი სისპეტაკის ფერადაა
წარმოდგენილი, სადაც სიმბოლურად ღვთაებრივი ნათებაა გამოსახული. ერთგვარად,
თოვლის ფერთა ცვალებადობით ავტორი სულის განსაკუთრებულობას წარმოაჩენს, იისფერი
თოვლი სულ სხვა ასოციაციას იწვევს _ ეს არის წითლისა (ცხელ-აქტივობისა) და ლურჯი
(ცივი-პესიმისტური) ფერების შერწყმა.
ღრმა მარტოსულობის განცდას ლექსში აღვივებს ტაეპი:

“ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ


უდაბნო ლურჯად ნახავერდები.”
ზოგადად, უდაბნოს ხელოვნებაში მეტაფორულად გამოიყენებენ, როგორც სულიერებას
მოკლებულ ადგილს. გავიხსენოთ “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება,” წმინდანმა უდაბნოში
ააშენა ქალაქი, დააფუძნა ხანძთისა და შატბერდის მონასტრები. ეს სიმბოლურად
უსიცოცხლობაში გაცოცხლების, უწმინდურობაში _ სიწმინდის, უსულობაში _ სულიერების
და ა.შ. შეტანის მნიშვნელობას ატარებს.
“ლურჯად ნახავერდები უდაბნო” კი პოეტური უდაბნოა. ვფიქრობ, პოეზიაში ერთ-ერთი
ყველაზე მნიშვნელოვანი ფერია ლურჯი, რომელიც უსასრულობასთან ასოცირდება. ეს არის
ტიპური ზეციური ფერი, რომელიც გამუქებისას არაადამიანური ნაღვლის ფერს იძენს.
თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მისი სიმბოლიკაარის უსასრულობა, მარადიულობა,
ჭეშმარიტება, ერთგულება და რწმენა. იგი ყველაზე მშვიდია და ნაკლებად “მატერიალური.”
ტაეპ-ტაეპ ხდება ნათელი გალაკტიონის სულიერი მდგომარეობა. იგი ამბობს: “იანვარს
მოძმედ არ ვეძნელები,” რაც პოეტის სულის სიცივეს გამოხატავს. იანვარი ხომ ყველაზე ცივი
თვეა.
სპეტაკი გრძნობით შეპყრობილ გალაკტიონს ახსოვს სატრფოს თოვლივით მკრთალი
ხელები. განმარტებების მიხედვით, თვალები და ხლები სულის სარკეა. აქვე იკვეთება
იმედიც მანდილის სახით:

“იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს


შენი მანდილი ამ უდაბნოში.”
სახარების მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზს უხარებია მარიამ ღვთისმშობლისთვის,
რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე, ძე ღვთისა. ქრისტოლოგიაში ხარება მიჩნეულია
კაცობრიობის ხსნის დასაბამად, საუკუნეებით დაფარული ღვთის საიდუმლოს
გამოცხადებად.

“თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი


და დაღალული სიზმრით დამთოვა”  _ ამ ტაეპში რელიგიური დღესასწაულის ხსენება
აძლიერებს სულიერი ამაღლებულობის განცდასა და, ხარების მნიშვნელობის
გათვალისწინებით, გადარჩენის იმედსაც.

“როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,


როგორმე ქარმა თუ მიმატოვა” _ ზამთარი და ქარი განსაცდელის სიმბოლოებია.
იდეურ დატვირთულობასთან ერთად, ლექსი დახუნძლულია მხატვრული მეტყველების
საშუალებებით:
სათაურიც კი მეტაფორულია (“თოვლი”) და მისი მხატვრული მნიშვნელობა ზემოთ
აღვნიშნე.
დასაწყისშივე (“იისფერი თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა”) ერთდროულად  
თვალსაჩინოა მეტაფორა, შედარება, გაპიროვნება და ეპითეტი.
ლექსში გვხვდება რიტორიკული მიმართვა-წამოძახილები (“ძვირფასო! სული მევსება
თოვლით; დღეები რბიან და მე ვბერდები!” “ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება;” “ძვირფასო,
ვხედავ… ვხედავ შენს ხელებს”), რომლებითაც ავტორს ლექსში უშუალობა და ინტიმურობა
შემოაქვს.
ეპითეტითა და მეტაფორით (“უდაბნო ლურჯად ნახავერები”) ლირიკული გმირი თავის
სიმარტოვეს უსვამს ხაზს და წარმოაჩენს პოეტურ თვალთახედვას.
მეტაფორით (“იანვარს მოძმედ არ ვეძნელები”) გალაკტიონის სულის სიცივე წარმოჩინდება.
შედარებით (“შენი თოვლივით მკრთალი თითები”) ის ეფერება და პარალელურად აღწერს
სატრფოს მეტი თვალსაჩინოებისთვის.
ლექსში გამოყენებულია დიალექტური ფორმა (“მწუხარე გრძნობა ცივი *სისოვლის*”).
ავტორს იმერიზმი მუსიკალურობისთვის დასჭირდა.
რეფრენით (“თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული ფიფქით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!”) გალაკტიონი ამძაფრებს გადარჩენის მოლოდინით
გამოწვეულ განცდებს.

You might also like