You are on page 1of 15

სიმბოლიზმი საქართველოში

სიმბოლიზმი (ფრანგ. symbolisme) ევროპულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში


მე-19 საუკუნის შუახანებიდან აღმოცენდა და მე-20 საუკუნის დასაწყისამდე იარსება.
სიმბოლისტური მოძრაობის დასაწყისად მიჩნეულია ფრანგი პოეტის, შარლ
ბოდლერის პოეტური კრებულის „Les Fleurs du Mal“ (ბოროტების ყვავილები)
გამოქვეყნება 1857 წელს.
სიმბოლიზმი დაუპირისპირდა სინამდვილეს და ხელოვნების ისეთ
მიმართულებებს, რომლებიც სინამდვილის ზუსტ ასახვას ითვალისწინებდა
(ნატურალიზმი და რეალიზმი). სიმბოლისტებმა სინამდვილე სიმბოლოებით
შეცვალეს და ირეალური სინამდვილის ძიება დაიწყეს. მათთვის დიდი მნიშვნელობა
ჰქონდა ლექსის მუსიკალობას.
საქართველოში სიმბოლისტურ სკოლას საფუძველი ჩაეყარა 1916 წელს,
როდესაც ლიტერატურული დაჯგუფების, „ცისფერყანწელების“ პირველი ჟურნალი
„ცისფერი ყანწები“ ქუთაისში გამოვიდა. სულ ამ ჟურნალის ორი ნომერი გამოიცა
(პირველი ნომერი 1916 წლის თებერვალში, ხოლო მეორე - დეკემბერში). იმ
პერიოდში, 1900-იანი წლების დასაწყისში, კულტურის ცენტრად ქუთაისი
ითვლებოდა. 1918 წლის 26 მაისის შემდეგ, როდესაც საქართველოს რესპუბლიკის
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოცხადდა და თბილისი
ადმინისტრაციულ ცენტრად იქცა, ქუთაისში მცხოვრები შემოქმედი ადამიანები
თბილისში დასახლდნენ.
სიმბოლიზმს ხშირად ნეორომანტიზმს უწოდებენ. ქართული სიმბოლიზმი
ევროპულის გავლენით წარმოიშვა. ამიტომაც მათთვის არსებითი იყო ის მხატვრული
და ესთეტიკური პრინციპები, რომლებიც დასავლური სიმბოლიზმისთვის
ორგანულად ითვლებოდა. ამიტომაც არაა შემთხვევითი, რომ ქართულ
სიმბოლისტურ ნაწარმოებებში ხშირად გვხვდება დასავლური რომანტიზმის
მხატვრული სახეები (შექსპირის ოფელია, ბაირონის მერი). ცისფერყანწელების
ჟურნალის - „ცისფერი ყანწების” სახელწოდებაში ვხედავთ რომანტიზმისთვის
დამახასიათებელ ესთეტიკას, რადგანაც „ცისფერი” რომანტიკოსებისთვის საყვარელი
ფერია და ნოვალისის თუ ბარათაშვილის შემოქმედებას შეგვახსენებს.
ქართველი სიმბოლისტები ცდილობდნენ, რომ ქართული ხელოვნება და
ლიტერატურა ევროპულის ნაწილად წარმოედგინათ. ჟურნალ „ცისფერი
ყანწყებისთვის” დაწერილ მანიფესტში პაოლო იაშვილი წერდა: „საქართველოს
შემდეგ უწმინდესი ქვეყანა არის პარიზი.” იმავე ჟურნალში ტიციან ტაბიძე
მოითხოვდა, რომ ახალ ქართულ პოეზიას აღმოსავლური და ევროპული მოტივები
ერთდროულად უნდა გადმოეცა. გრიგოლ რობაქიძე წერდა: „ძვირფასია დასავლეთი
ევროპა, მაგრამ ევროპისათვის აღმოსავლეთს ვერ დავთმობთ. უმჯობესი იქნება მათი
ქორწილი ქართული ნადიმით გადავიხადოთ.“ ქართული კულტურის
„გაევროპულების“ კიდევ ერთი გამოვლინება იყო, როდესაც ცისფერყანწელებმა

1
ევროპულის მსგავსი სახელები დაირქვეს: ტიტე - ტიციანი, პავლე - პაოლო, ნიკო -
ნიკოლოზი, ნიკოლოზ - კოლია - კოლაუ და ა.შ.
ქართველი სიმბოლისტები უპირისპირდებოდნენ წარსულის ხელოვნებას და
ლიტერატურას და მათ კულტურის განახლება სურდათ. ისინი კავშირს წყვეტდნენ
ახლო წარსულთან - რეალიზმის და რომანტიზმის ქართველ წარმომადგენლებთან.
სამაგიეროდ, შორეულ წარსულში - წარმართული პერიოდის კულტურაში ეძებდნენ
ქართული კულტურის განახლებას.
სიმბოლისტებისთვის, ისევე როგორც, ზოგადად, მოდერნისტებისთვის
საკუთარი ინდივიდუალობის გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამიტომაც
ისინი ხშირად უჩვეულოდ, ექსცენტრულად გამოწყობილები დადიოდნენ.
საკმარისია გავიხსენოთ მაიაკოვსკის ყვითელი შარფი, თეოფილ გოტიეს წითელი
ჟილეტი თუ ოსკარ უაილდის მწვანე მიხაკი, რომელიც თავისი ექსცენტრულობით და
მასობრივი გემოვნების მიმართ დაპირისპირებით გაგვახსენებს ტიციან ტაბიძის
აქსესუარს - წითელ მიხაკს. სიმბოლისტების ამბოხი მამების თაობის წინააღმდეგ
დაპირისპირებაში გამოიხატა.
სიმბოლიზმი, ისევე როგორც საერთოდ მოდერნიზმი, თავისი არსით,
ქალაქური კულტურაა. ამიტომაც იქცა თბილისი სიმბოლისტების მოღვაწეობის
ასპარეზად. თუკი რომანტიზმის ხანა სალონურ შეკრებებთან ასოცირდება,
მოდერნიზმის ხანის ნიშნად შეგვიძლია კაფეები მივიჩნიოთ, სადაც თავს იყრიდნენ
ხელოვანები. ამ მხრივ, ქართული მოდერნიზმი, თავისი ევროპული ანალოგის
მიხედვით ვითარდება. თბილისში იხსნება არტისტული კაფეები, რომლებიც
სხვადასხვა მოდერნისტული მიმართულების წარმომადგენლების თავშეყრის
ადგილად იქცევა. აქ ხვდებიან ერთმანეთს სიმბოლისტები, აკმეისტები,
ფუტურისტები, დადაისტები, კუბისტები, კუბოფუტურისტები,
კონსტრუქტივისტები, ზაუმნიკები და იმართება შემოქმედებითი საღამოები თუ
საჯარო კითხვები. საქართველოში არტისტული კაფეები 1910 წლიდან ჩნდება
(„ძმური ნუგეში”, „ფარშევანგის კუდი”, „ფანტასტიკური სამიკიტნო”, „არგონავტთა
ნავი”, „ქიმერიონი”). ეს კაფეები ამპერიოდის თბილისის კულტურული სივრცის
ბუნებრივი ნაწილია. თბილისის არტისტული კაფეების კედლებს ქართველებთან
ერთად უცხოელი მხატვრები ხატავენ. „ფანტასტიკური დუქანი” ლადო
გუდიაშვილთან ერთად ილია ზდანევიჩმაც მოხატა; „არგონავტთა ნავს” იმავე
გუდიაშვილთან ერთად კირილე ზდანევიჩი და ბაჟბეუკ-მელიკოვი ხატავს; ხოლო
„ქიმერიონს” ლადო გუდიაშვილსა და დავით კაკაბაძესთან ერთად - სერგეი
სუდეიკინი. „ქიმერიონი” უნიკალური შემთხვევაა, ვინაიდან „ქიმერიონის” გარდა,
თითქმის სრული სახით დღეისთვის მხოლოდ პარიზის „La Coupol”-ის მხატვრობაა
შემორჩენილი.
ქართული სიმბოლიზმის გამორჩეული წარმომადგენელია გალაკტიონ ტაბიძე.
მან ალბათ ყველაზე ცხადად მოახერხა ქართული სიმბოლიზმის ევროპულ
კონტექსტში ჩართვა. 1919 წელს გამოსული მისი პოეტური კრებული „თავის ქალა
არტისტული ყვავილებით“ ქართული სიმბოლიზმის საუკეთესო ნიმუშია.

2
გალაკტიონ ტაბიძეს ხშირად მარტო „გალაკტიონის” სახელითაც მოიხსენიებენ.
ასეთი პატივი ძალიან ცოტა ქართველ კლასიკოსს ერგო. გალაკტიონიც კარგად
აცნობიერებდა საკუთარ მნიშვნელობას და ხშირად თავს ქართველი კლასიკოსების
გვერდით მოიხსენიებდა. თუმცა ამაში სიმბოლიზმის და, ზოგადად,
მოდერნიზმისთვის დამახასიათებელი ტენდენციაც ჩანს: ეგომანია. საბჭოთა
ხელისუფლების დამყარებისას გალაკტიონი გადაურჩა რეპრესიებს, თუმცა 1937
წელს მისი ცოლი - ოლღა ოკუჯავა გადაასახლეს და დახვრიტეს. მართალია, 1932
წელს ხელოვანებს და მწერლებს აუკრძალეს ექსპერიმენტები, მაგრამ გალაკტიონი
მაინც ახერხებდა თავისი სათქმელის შეფარვით გადმოცემას. საერთოდ, მის
პოეზიაში გამოიყოფა ორი მიმართულება - მაჟორული ლექსები და სიმბოლისტური
სკოლისთვის დამახასიათებელი, დახვეწილი პოეზია. ყველაფრის მიუხედავად,
გალაკტიონმა, როგორც ჩანს, ვერ გაუძლო არსებულ გარემოს და 1959 წელს მან
სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გალაკტიონმა ყველაზე დიდი გავლენა
მოახდინა შემდგომი პერიოდის ქართულ პოეზიაზე და ეს გავლენა დღესაც კი
საგრძნობია.
სიმბოლიზმის მეორე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო გალაკტიონის
ბიძაშვილი - ტიციან ტაბიძე, რომელიც ლიტერატურული დაჯგუფება
„ცისფერყანწელების” ერთ-ერთ დამაარსებლად ითვლება. ის სიმბოლისტური
მიმართულების ერთ-ერთი აქტიური იდეოლოგი იყო და სიახლეების დანერგვას არა
მხოლოდ პოეზიით და მოთხრობებით, არამედ კრიტიკული წერილებითაც
ცდილობდა.მის წერილებში აშკარად იგრძნობა ქართული კულტურის
აღორძინებისკენ სწრაფვა და ევროპულ კონტექსტში მოთავსების სურვილი. ტიციან
ტაბიძე სიმბოლისტური მიმდინარეობის გარდა, საქართველოში დადას ერთ-ერთ
დამამკვიდრებლადაც ითვლება. პოეტის ეს ექსპერიმენტები და მისი ევროპული
ორიენტაცია შეუმჩნეველი არ დარჩენია ხელისუფლებას. 1937 წელს ის ანტისაბჭოთა
მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.
ქართული სიმბოლიზმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია
პაოლო (პავლე) იაშვილი. ის თავდაპირველად მხატვარი იყო. 1913 წელს პარიზში,
ლუვრთან არსებული ხელოვნების ინსტიტუტში სასწავლებლად გაემგზავრა. მაგრამ
მოგვიანებით პოეზიით გატაცებამ ფერწერა დაავიწყა. პოეტი ფრანგი
სიმბოლისტების შემოქმედებას გაეცნო. პარიზში გატარებულ პერიოდში პაოლო
იაშვილმა საბოლოოდ დაინახა თავისი მოწოდება. 1915 წელს მსოფლიო ომში
გახვეული ევროპიდან საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება
ლიტერატურულ ცხოვრებაში. ის იყო „ცისფერყანწელების” ერთ-ერთი
დამაარსებელი და ჟურნალ „ცისფერი ყანწების” რედაქტორი. მასზე ძალიან იმოქმედა
1932 წელს „ცისფერყანწელების” ჯგუფის გაუქმებამ. საბჭოთა ხელისუფლებამ ის
იძულებული გახადა, რომ 1937 წელს თავი მოეკლა. 1937 წლიდან საბჭოთა იმპერიაში
მისი სახელის ხსენება აიკრძალა.

3
ქართული მოდერნიზმი

თავის დროზე, პარიზში ბოდლერის „ბოროტების ყვავილების” გამოსვლამ


დიდი სკანდალი გამოიწვია. საზოგადოება აღაშფოთა სექსის, დეპრესიის და
ალკოჰოლის შესახებ თემებმა. თვლიდნენ, რომ პოეტმა შეურაცხყო საზოგადოებრივი
მორალი. პოეტური კრებულის ავტორს და გამომცემელს დიდხანს დევნიდნენ.
ბოდლერს ჯარიმა - 300 ფრანკი გადაახდევინეს. ასე დაიწყო სიმბოლიზმი.

მსგავსი გამოხმაურება მოყვა ქუთაისში ჟურნალ „ცისფერი ყანწების”


გამოსვლას. ეს იყო ქართული სიმბოლისტური დაჯგუფების, „ცისფერყანწელების”
პირველი ჟურნალი. პრესაში ლანძღავდნენ ახალგაზრდა პოეტებს პესიმისტური
განწყობის, თვითმკვლელობის და ეროტიკული თემების გამო. ამ დაჯგუფების
ხელმძღვანელი და ჟურნალის რედაქტორი იყო პაოლო იაშვილი. მან სიმბოლიზმის
სამშობლოში - პარიზში იმოგზაურა და გადაწყვიტა, რომ ახალი იდეები თავის
ქვეყანაში გაევრცელებინა. რუსი მწერალი ილია ერენბურგი ასე იგონებს პარიზის
კაფე „როტონდაში” პაოლოსთან შეხვედრას: „პაოლო იმ დროს გამხდარი და ფიცხი
(ოცი წლის) ახალგაზრდა იყო. სულ მეკითხებოდა: „რომელ კაფეში იჯდა ვერლენი?
როდის მოვა პიკასო? მართალია, რომ კაფეში წერთ ხოლმე?”

ქართული სიმბოლიზმის გამორჩეული წარმომადგენლის, გალაკტიონ ტაბიძის


მოგონებიდან ვიგებთ, რომ „ცისფერყანწელები” შეკრებაზე უცნაურად
გამოწყობილები მივიდნენ. მათ პიჯაკებზე მამლის დეზები დაიმაგრეს და ქუთაისის
ბულვარში ასე დადიოდნენ. მამლის დეზები კი იმიტომ შეარჩიეს, რომ ფორმით ყანწს
მიამსგავსეს. თვითონ „ცისფერი ყანწების” სახელშიც სიმბოლიზმი ჩანს: ცისფერი -
პოეზიის ფერია, ყანწები კი - ბოჰემური ცხოვრების. სიმბოლისტებისთვის ფერს
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ხშირად ფერებს პოეტები თითქოს უადგილოდ
იყენებდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი შთაბეჭდილების მოსახდენად კეთდებოდა.
პაოლო იაშვილი წერდა: „მომწყინდა ყვითელი დანტე”, გალაკტიონი „იისფერი
თოვლის” შესახებ წერდა.

ქართველი სიმბოლისტები ბოჰემურად ცხოვრობდნენ. იმდროიდნელ


ქუთაისში ხშირად ხედავდნენ უცნაურად გამოწყობილ ახალგაზრდებს. მათგან ერთს
- ტიციან ტაბიძეს მკერდზე წითელი მიხაკი ჰქონდა დამაგრებული. აქვე შეგვიძლია
გავიხსენოთ მაიაკოვსკის ყვითელი შარფი, თეოფილ გოტიეს წითელი ჟილეტი თუ
ოსკარ უაილდის - მწვანე მიხაკი.

ჟურნალი „ცისფერი ყანწების” წინასიტყვაობაში დაჯგუფების წევრების


ექსცენტრულობა, წარსულის ხელოვნებისადმი დაპირისპირება, ახალი
ტექნოლოგიებისადმი ინტერესი, საკუთარი თავის განდიდება გამოვლინდა. ისინი

4
თავს ევროპული ავანგარდის მემკვიდრეებად აცხადებდნენ. დიდი პატივით
მოიხსენიებდნენ ფრანგი სიმბოლისტი პოეტის, რემი დე გურმონის „ნიღბების წიგნს”.
ამ წიგნს უკვე კარგად იცნობდნენ ისინი. „ცისფერყანწელები” თვლიდნენ, რომ
ქართველების არტისტული ბუნება, მათი გარდასახვის უნარი შეესაბამებოდა
სიმბოლიზმის ამ მოთხოვნას. ასეთი გარდასახვის მაგალითია პაოლო იაშვილი. ის
გამოგონილი ქალის - ელენე დარიანის ფსევდონიმით აქვეყნებდა ეროტიკული
შინაარსის ლექსებს. ავტორის ვინაობას „ცისფერყანწელები” საიდუმლოდ
ინახავდნენ. ასეთი თამაში მოდერნისტებისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ამით
პაოლო იაშვილმა თითქოს გიომ აპოლინერის შემთხვევა გაიმეორა, როდესაც ფრანგი
პოეტი ერთ დროს ქალის - ლუიზ ლალანის ფსევდონიმით წერდა.

მოგვიანებით ქართული მოდერნიზმის კიდევ ერთი წარმომადგენელი,


გრიგოლ რობაქიძე იგონებდა: „ცისფერწყანწელებმა ქუთაისის ტავერნები პარიზულ
კაფეებს დაამსგავსეს. აქედან ხშირად ისმოდა მათთვის საყვარელი სახელები: ედგარ
პო და ბოდლერი, ფრიდრიხ ნიცშე და ოსკარ უაილდი, პოლ ვერლენი და სტეფან
მალარმე, ხოსე მარია ერედია და ემილ ვერჰარნი, კონსტანტინ ბალმონტი და ვალერი
ბრიუსოვი, ანდრეი ბელი და ვიაჩესლავ ივანოვი, ინოკენტი ანენსკი და ალექსანდრ
ბლოკი და სხვ.”

ქართული ავანგარდი პირველ ნაბიჯებს სწორედ ქუთაისში დგამდა. კოლაუ


ნადირაძე იხსენებდა შემდგომში ადამიანების აღფრთოვანებულ რეაქციას, როდესაც
პირველად გაზის განათებები დააყენეს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დასავლეთ
საქართველოში დაიბადა რუსული ავანგარდის ერთ-ერთი გამორჩეული
წარმომადგენელი ვლადიმირ მაიაკოვსკი. ის გამართულად საუბრობდა ქართულად
და 12 წლამდე საქართველოში ცხოვრობდა. ადვილი შესაძლებელია, მომავალ
„ცისფერყანწელებთან” ერთად ერთ სკოლაშიც დადიოდა. წლების შემდეგ, აშშ-ში
ჩასული მაიაკოვსკი იგონებდა: „ჩიკაგოში, სადაც მოხსენებით გამოვდიოდი, ვიღაც
თეთრგვარდიელმა ჩემი დაცინვა სცადა. იცოდა, რომ ინგლისური არ ვიცოდი. ჩემს
გასაღიზიანებლად ინგლისურ ენაზე რაღაც თქვა. მთელი დარბაზი დაძაბული
მიყურებდა. მელოდებოდნენ, რა გამოსავალს ვიპოვიდი. წამოვდექი და ჩემს
ოპონენტს ვუპასუხე... ქართულ ენაზე. ყველა გაოცებული იყო. აღმოჩნდა, რომ
ქანდარაზე რუსეთიდან ჯერ კიდევ რევოლუციამდე წასული ერთი ქართველი იჯდა.
როცა ქართული მეტყველება გაიგო, თავი ვერ შეიკავა და დაიყვირა: „კაცო, ვინ ხარ ან
საიდან ხარო?” თავი ავწიე და ვუპასუხე: „ქუთაისელი ვარ, ქუთაისელი!” საღამოს
შემდეგ, ამ კაცმა მნახა და დავმეგობრდით.”

საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, შემოქმედი ადამიანები


სამოღვაწეოდ თბილისში გადავიდნენ. თბილისი პოეტების ქალაქი ხდება. ამ დროს
თბილისში უკვე იხსნება არტისტული კაფეები. კაფე „ინტერნაციონალში“ აცხადებენ,
რომ თბილისი პოეტების ქალაქია და პოეზია მარტო თბილისშია. კაფეები,
ძირითადად, გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე

5
გაიხსნა. აქ ცოცხალი შემოქმედებითი პროცესები მიმდინარეობდა. აქ
კითხულობდნენ ლექციებს ახალი პოეზიის შესახებ. ერთ-ერთი ყველაზე
პოპულარული კაფე იყო „ქიმერიონი”. „ქიმერიონი” უნიკალური შემთხვევაა იმ
მხრივაც, რომ დღეისთვის მხოლოდ პარიზის „La Coupol”-ის და „ქიმერიონის”
მხატვრობაა შემორჩენილი თითქმის სრული სახით. ამ პერიოდში საქართველო
კავკასიისა და რუსეთის კულტურის ცენტრი ხდება. აქ გამორჩეული შემოქმედებითი
საზოგადოება იყრის თავს. კაფეების კედლებს ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე,
ილია ზდანევიჩი, იური დეგენი, სერგეი სუდეიკინი ხატავენ. ყოველდღე იმართება
კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები. პრინც ოლდენბურგის ყოფილი
მზარეული - შეფ-კულინარი პაპაშა-ვანიჩკა - სტუმრებს აზიურ და ევროპულ კერძებს
სთავაზობს. ერთ-ერთ ასეთ კაფეში ფრანგი მომღერალი მარგარიტაც მღეროდა;
მარგარიტა, რომელიც ძალიან შეუყვარდა მხატვარ ნიკო ფიროსმანს. იქნებ მისი ერთ-
ერთი გამოსვლის შემდეგ გადაწყვიტა მან, რომ მარგარიტას პორტრეტი დაეხატა.
ფიროსმანი იმ დროს საქართველოში მცხოვრებმა ფრანგმა არტისტებმა - ილია და
კირილე ზდანევიჩებმა აღმოაჩინეს. პირველი მსოფლიო ომის დროს ისინი
საქართველოში ცხოვრობდნენ. იმდროინდელი თბილისის შესახებ ბრიტანელი
ჟურნალისტი კარლ ბიჰოფი წერდა: „აქ ძალიან უცნაურ ხალხს იპოვით, პოეტებსა და
მხატვრებს პეტროგრადიდან და მოსკოვიდან, ფილოსოფოსებს, მოცეკვავეებს,
მომღერლებს, მსახიობებს. პაოლო იაშვილი, ახალგაზრდა ქართველ პოეტთა
ლიდერი, თბილისის მთავარ ბულვარში, კაფე ინტერნაციონალში.. ავიდა სკამზე და
ხმამაღლა წარმოთქვა – არა პარიზი, არამედ თბილისი არის მსოფლიო კულტურის
ცენტრი.“

მე-20 საუკუნის 10-20-იან წლებში თბილისში თავი მოიყარეს მსოფლიოს


სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა ხელოვანებმა და მწერლებმა. თბილისში
იკრიბებიან რუსეთის რევოლუციას გამოქცეული პოეტები და ხელოვანები.
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ თბილისი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის,
კავკასიისა და რუსეთის ავანგარდის ერთ-ერთი ცენტრი იყო. ილია ზდანევიჩი,
ალექსეი კრუჩონიხი და იგორ ტერენტიევი თბილისში ქმნიან ახალ გაერთიანებას „41
გრადუსი”, თბილისის გეოგრაფიული განედის აღსანიშნავად. ტიციან ტაბიძე
იგონებდა, რომ რუსეთიდან ჩამოსული ხელოვანები და პოეტები სიხარულისგან
ტიროდნენ, როცა ელექტროგანათებას ხედავდნენ. აქედან გაჩნდა ლეგენდა, რომ
საქართველო ოაზისი იყო.

სიმბოლიზმს საქართველოში ექსპრესიონიზმი შეცვლის შიშის, შფოთის,


უიმედობის, სასოწარკვეთის, სევდის, იმედგაცრუების თემებით და პათეტიკური
განწყობით. ექსპრესიონიზმის რევოლუციურ განწყობას და პლაკატურობას თუ
ლოზუნგების ესთეტიკას შეესაბამება გალაკტიონ ტაბიძის ლექსი “დროშები ჩქარა”.
ამავე პერიოდში დაწერს კონსტანტინე გამსახურდია თავის პესიმისტურ რომანს
“დიონისოს ღიმილი” და გრიგოლ რობაქიძე თავის დრამას - “ლამარა”.

6
ამ პერიოდის პროზა მცირე ფორმის ნაწარმოებების სიმრავლით გამოირჩევა. ეს
ქართულ ლიტერატურაში იმპრესიონიზმის დაწყების ნიშანია. ქართულ მწერლობაში
იმპრესიონიზმი ნიკო ლორთქიფანიძის სახელს უკავშირდება. იგი წერს ნოველას -
„უიალქნოდ“, სადაც ასახელებს თავისი შემოქმედების პრინციპებს. თავის
შემოქმედებაში მწერალი ვრცელ აღწერილობას თავს არიდებს. მის ნაწარმოებებში
აბზაცები მოკლეა, ვრცელი წინადადების ნაცვლად ხშირად ერთ ფრაზას იყენებს. აქ
მისი ამოცანაა მთლიანი შთაბეჭდილების განწყობილებით გადმოცემა. ამ გაგებით
ნიკო ლორთქიფანიძის წერის სტილს ბევრი რამ აკავშირებს იმპრესიონისტულ
ფერწერასთან. ნიკო ლორთქიფანიძე ერთგან თვითონვე წერს, რომ მისი მიზანი
მკითხველში განწყობილების გამოწვევა იყო.

თბილისის კონსერვატორიის შენობაში პირველი ფუტურისტული საღამო


გაიმართა. ქართველმა ფუტურისტებმა თავიანთ დაჯგუფებას „H2SO4” უწოდეს და
ამავე სახელწოდების პირველი ფუტურისტული ჟურნალი დააარსეს. „H2SO4”-ს
სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. ფუტურისტებს ამ ქიმიური მჟავით ძველი
ხელოვნების განადგურება სურდათ. გამოსცეს მანიფესტი „საქართველო-ფენიქსი”.
ქართულ ფუტურიზმზე საუბრისას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მიმდინარეობა
სინთეზურ ხასიათს ატარებდა და ავანგარდული მიმდინარეობები (ფუტურიზმი,
დადა) და სიმბოლიზმი საქართველოში სინთეზურად იყო წარმოდგენილი.
სიმბოლისტი პოეტი ტიციან ტაბიძე თავის წერილში „ცისფერი ყანწებით” ძველი
ესთეტიკის ახლით შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობდა; თან ქარხნებს,
თანამედროვე ტექნოლოგიებს და დიდ ქალაქებს განადიდებდა. ამ წერილში
ერთდროულადაა წარმოდგენილი სიმბოლისტური პასაჟები და ფუტურისტული
ესთეტიკისთვის დამახასიათებელი ელემენტები. მასვე ეკუთვნის დადა მანიფესტიც.

ქართველი ფუტურისტები აცხადებენ, რომ მთვარის შესახებ დაწერილი


ლექსები ელექტრონის შუქისადმი მიძღვნილმა პოეზიამ ჩაანაცვლა, სენტიმენტები
წარსულს ჩაბარდა. ფუტურისტული პოეზია აგებული იყო სიტყვათა თამაშზე და
თითოეული ტექსტი მრავალგვარ იმპროვიზაციას და თავისუფალ ინტერპრეტაციას
ექვემდებარებოდა. თბილისში მოღვაწე ფუტურისტები ხშირად ლიტერატურულ
ეპატაჟს მიმართავდნენ.

განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა ენიჭებოდა არა მხოლოდ


ტექსტების შინაარსს, არამედ ვიზუალურსაც. პერიოდულ გამოცემებში გაფორმებას
დიდი ყურადღება ექცეოდა. საგანგებოდ არჩევდნენ შრიფტს და ხშირად
განსხვავებული ზომის შრიფტებით ბეჭდავდნენ ტექსტებს. განსაკუთრებით
პოპულარული გახდა ე.წ. ხელნაკეთი წიგნები. მხატვრები და პოეტები თვლიდნენ,
რომ ავტორის ხელნაწერი დამატებით დატვირთვას ანიჭებდა თითოეულ ტექსტს,
ბეჭდურ ასოებში კი ინდივიდუალობა იკარგებოდა. ისინი არაიშვიათად სხვადასხვა
შრიფტსაც იყენებდნენ. ქართველი დადაისტები ქართულ შრიფტს ერთფეროვნად
მიიჩნევდნენ. ხშირად უარს ამბობდნენ სასვენ ნიშნებზე და მათ ნაცვლად,

7
სხვადასხვა ფიგურას გამოსახავდნენ. ნაწარმოებებს უაზრობასა და აბსურდზე
აგებდნენ.

ახალ ტექნოლოგიებთან ერთად, ფუტურისტები აქებდნენ კინოხელოვნებას. ამ


მხრივ, საგულისხმოა კოტე მიქაბერიძის მიერ გადაღებული ფილმი „ჩემი ბებია”,
რომელშიც მრავლადაა ფუტურისტული ესთეტიკის ელემენტები. რეჟისორმა თავის
ამ ექსპერიმენტულ ფილმში საბჭოთა იმპერიაში ტოტალიტარული რეჟიმის
გაბატონება იწინასწარმეტყველა. ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ ფილმი „ჩემი
ბებია” აკრძალეს და კოტე მიქაბერიძეს ფილმების გადაღების უფლება ჩამოართვეს.

1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის გამო, კონსტანტინე


გამსახურდია და მისი მეგობრები შავი ჩოხით დადიოდნენ, ეროვნული გლოვისა და
პროტესტის ნიშნად. 1920-იანი წლების ბოლოდან ვითარება იცვლება.
“ცისფერყანწელების” დაჯგუფება იშლება და ყველა ცალ-ცალკე გააგრძელებს
მოღვაწეობას. მაშინ დაწერს იოსებ გრიშაშვილი სევდიანი განწყობის ლექსს
“გამოთხოვება ძველ თბილისთან”:

“ძველო თბილისო! ჩემი მიზნები

აღარ მაქვს, გულში რომ გინახავდი...

გადაწყდა, უნდა შევცვალო გზები...

ძველო თბილისო... გტოვებ... ნახვამდის...”

ეს უკვე აღარ არის არტისტული კაფეების თბილისი, სადაც დილამდე


შემოქმედებითი საღამოები იმართებოდა. თავისუფალი საქართველოს კულტურული
ცხოვრება ოთხი წელი გაგრძელდა. ადამიანები, რომლებმაც ტფილისურ ავანგარდს
ჩაუყარეს საფუძველი, 1930-იანი წლებისთვის გადასახლებებსა და საკონცენტრაციო
ბანაკებში აღმოჩნდნენ. ბევრი მათგანი დახოცეს. ვინც მოხერხა, ემიგრაციაში წავიდა -
გრიგოლ რობაქიძის მსგავსად. პარიზში გადავიდა ლადო გუდიაშვილიც. იმ დროს
მისი პერსონაჟები ჯერ კიდევ პირდაპირ იყურებოდნენ. მოგვიანებით კი, საბჭოთა
საქართველოში დაბრუნებული, პორტეტებზე გამოსახულ უყურო ადამიანებს
თვალებდახრილს დახატავს.

8
ექსპრესიონიზმი საქართველოში

ექსპრესიონიზმი ევროპაში მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩნდება.


ექსპრესიონიზმის წარმოშობის ერთ-ერთ გარე ფაქტორად უნდა ჩავთვალოთ ის, რომ
ის პირველი მსოფლიო ომის პირობებში განვითარდა. ამიტომაც არ არის გასაკვირი,
რომ ექსპრესიონისტები მიზნად ისახავდნენ ადამიანის სულიერი მდგომარეობის -
შიშის, შფოთის, უიმედობის, სასოწარკვეთის, სევდის, იმედგაცრუების გადმოცემას.
ისინი ასახვისთვის მნიშვნელოვნად მხოლოდ ავტორის შინაგან სამყაროს
მიიჩნევდნენ.
ექსპრესიონიზმის თანახმად, ადამიანი არასრულყოფილ სამყაროში ცხოვრობს
და აქედან მომდინარეობს მიუსაფრობის შეგრძნებაც. ამ მიმდინარეობის ერთ-ერთი
მთავარი ნიშანია არსებობის ტრაგიკულობის შეგრძნება.
ექსპრესიონისტების შემოქმედებაში წინა პლანზე გამოდის ადამიანების
ინსტინქტები. რადგანაც ადამიანი ბუნების შვილია, მისი ინსტინქტები არ
ექვემდებარება კრიტიკას.
მათ შემოქმედებაში მუდმივი კატასტროფის მოლოდინი იგრძნობა. მათი
ინტონაციაც პათეტიკურია.
ექსპრესიონისტებმა ლიტერატურაში გმირული განწყობა შემოიტანეს.ისინი
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მითებს. ამიტომაც არ არის გასაკვირი,
რომ ქართველი ექსპრესიონისტები წარმართულ სამყაროს ანიჭებდნენ
უპირატესობას. მითებში ხომ დრო წრიული და ციკლურია.
ექსპრესიონისტებისთვისაც კვდომას აღდგომა მოსდევს. აქედან გამომდინარე,
ქართველი ექსპრესიონისტები თვლიდნენ, რომ საქართველოს აღორძინება
შესაძლებელი იყო. ისინი ცდილობდნენ, რომ ქართული კულტურა მსოფლიო
კულტურის კონტექსტში მოეთავსებინათ.
საქართველოში ექსპრესიონიზმი 1920-იან წლებში ყალიბდება.
ექსპრესიონიზმის წარმომადგენლები უპირატესად გერმანული ფილოსოფიური
ლიტერატურით ინტერესდებოდნენ. თუკი სიმბოლიზმი უფრო პასიური იყო,
ექსპრესიონიზმი უპირატესობას ქმედებას ანიჭებდა. ექსპრესიონიზმის აქტიურობა
უარყოფდა სიმბოლისტურ აპოლიტიკურობას ხელოვნებაში. როდესაც ქართულ
ლიტერატურაში ექსპრესიონიზმზე ვსაუბრობთ, უპირველესად კონსტანტინე
გამსახურდიას და გრიგოლ რობაქიძის შემოქმედება უნდა ვახსენოთ.
კონსტანტინე გამსახურდიამ ევროპაში მიიღო განათლება. ის პეტერბურგის,
კიონიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში სწავლობდა.
1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი და ფილოსოფიის დოქტორის
ხარისხი მოიპოვა. ის აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული

9
„საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში. საქართველოში
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მიუხედავად, 1923 წელს კონსტანტინე
გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა. 1921 წელს საქართველოს
დამოუკიდებლობის დაკარგვის გამო, ის და მისი მეგობრები შავი ჩოხით
დადიოდნენ ეროვნული გლოვისა და პროტესტის ნიშნად. ქართული
მოდერნისტული მიმართულებების სხვა წარმომადგენლების მსგავსად, ისიც
ქართული და ევროპული კულტურის სინთეზით იყო დაინტერესებული.
გამსახურდია ჩოხაში გამოწყობილი დადიოდა და თან ევროპულ ესთეტიკას
ამკვიდრებდა.
გამსახურდიაზე დიდი გავლენა მოახდინეს გერმანულმა ექსპრესიონიზმმა და
ფრანგმა პოსტ-სიმბოლისტებმა. მისი მოთხრობების და რომანების ენა
სპეციფიურობით, ექსპრესიულობით, ამაღლებული ინტონაციით, არქაულობით
გამოირჩევა.
ექსპრესიონისტული ესთეტიკით დაწერილი რომანია გამსახურდიას
„დიონისოს ღიმილი“ და მისივე 1910-იანი წლების ნოველები („მკვდართან
შეხვედრა”, „საათები”).
გრიგოლ რობაქიძე ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთ გამორჩეულ
თეორეტიკოსად ითვლება. ლექსების, რომანების და პიესების გარდა, ის თეორიულ
წერილებსაც წერდა. გრიგოლ რობაქიძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც
საქართველოში კულტურის ახალი ტენდენციები დაამკვიდრა. ის ექსტრავაგანტური
ჩაცმულობით გამოირჩეოდა და „ცისფერყანწელების” ლიტერატურული
დაჯგუფების ერთ-ერთი დამაარსებელი იყო.
კონსტანტინე გამსახურდიას მსგავსად, მანაც განათლება ევროპაში მიიღო.1902
წელს ის ლაიპციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ორი წლით დარჩა საზღვარგარეთ, სადაც
სხვადასხვა უნივერსიტეტში ლექციებს ესწრებოდა. 6 წლის შემდეგ საქართველოში
დაბრუნდა და ლექციების კითხვა დაიწყო. ახალგაზრდა რობაქიძის ლექციები
იმდენად პოპულარული იყო, რომ მას ქართველი კლასიკოსები - ვაჟა-ფშაველა და
აკაკი წერეთელიც კი ესწრებოდნენ.
1931 წელს, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ მომძლავრება და თავისუფლად
მოაზროვნე ხელოვანების შევიწროვება დაიწყო, რობაქიძე ემიგრაციაში წავიდა. ჯერ
გერმანიაში გაემგზავრა და 1945 წლიდან შვეიცარიაში, ჟენევაში, დასახლდა.
ცნობილია გრიგოლ რობაქიძის უარყოფითი დამოკიდებულება სტალინის
პიროვნების მიმართ. თავისი მოსაზრებები სტალინის შესახებ მან ბერლინში
გამოქვეყნებულ რომანში „ჩაკლული სული” გამოამჟღავნა. ევროპულ პრესაში
სისტემატურად იბეჭდებოდა მისი ლექსები, ლიტერატურული და პოლიტიკური
წერილები, ესეები. გერმანიაში გამოიცა მისი რომანი „გველის პერანგი”, რომლის
წინასიტყვაობაც შტეფან ცვაიგმა დაწერა. საგულისხმოა ისიც, რომ 1932 წელს ის
ნობელის პრემიის ნომინანტებს შორის მოხვდა, თუმცა პრემია ჯონ გოლსუორთის
„ფორსაიტების საგამ” მოიპოვა.

10
ცნობილია აგრეთვე მისი გარკვეული სიმპათია ნაცისტების იდეოლოგების -
მუსოლინისა და ჰიტლერისადმი. რობაქიძის შემოქმედება საბჭოთა კავშირში 1980-
იანი წლების ბოლომდე, იმპერიის დაშლამდე, აკრძალული იყო.

ფუტურიზმი საქართველოში

ფუტურიზმი მე-20 საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა იტალიაში. ის


განადიდებდა ტექნოლოგიებს, სისასტიკეს, საგნებს, ინდუსტრიულ ქალაქებს და
ახალგაზრდობას. ეს რადიკალური მიმდინარეობა დაუპირისპირდა რეალიზმს და
მიზნად დაისახა არა გარემომცველი სინამდვილის ასახვა, არამედ ახალი რეალობის
შექმნა. ფუტურისტები კლასიკურ ესთეტიკას და მორალს დაუპირისპირდნენ. თუკი
სიმბოლისტები უპირატესობას ანიჭებდნენ ინდივიდებს, ფუტურისტები მომავლის
მშენებლობაზე იყვნენ ორიენტირებული, მაგრამ ეს იყო საყოველთაო, კოლექტიური
მიზანი. ამავე დროს, ისინი უარყოფდნენ საზოგადოების გემოვნებას და
მასობრიობას. ფუტურისტები გმობდნენ მუზეუმებს და კლასიკურ ხელოვნებას.
ფუტურიზმის დამაარსებელი, იტალიელი ფილიპო ტომაზო მარინეტი წერდა: „ჩვენ
გვსურს გავანადგუროთ მუზეუმები, ბიბლიოთეკები და ყველანაირი აკადემიები.“
ფუტურისტებს მთელი წარსული უნდა დაევიწყებინათ და თანამედროვე
ისტორია თვითონ უნდა დაეწყოთ. ახალი ადამიანი ამ ახალი სამყაროს მშენებელი
უნდა გამხდარიყო. წარსულის ხელოვნების უარყოფით ისინი დასაბამს აძლევდნენ
ახალ ხელოვნებას.
ფუტურიზმი ხელოვნების და სინამდვილის მაქსიმალურ დაახლოებას
გულისხმობდა. ფუტურისტების ჩანაფიქრი ახალი სამყაროს და ახალი ადამიანის
შექმნის შესახებ ხელოვნების ცხოვრებაში გადმოტანას გულისხმობდა.
ფუტურისტების სწრაფვამ სამყაროს შეცვლისკენ ორი რეჟიმის გააქტიურებას შეუწყო
ხელი: ფაშისტურისას იტალიაში და კომუნისტურისას - საბჭოთა კავშირში. რუსული
ფუტურიზმის შემთხვევაში ხელოვნების და სინამდვილის დაახლოება სტალინმა
მოახერხა, როდესაც ისტორია საკუთარი სურვილის შესაბამისად შეცვალა. მან
შეძლო, რომ ახალი ტიპის - საბჭოთა ადამიანი შეექმნა, რომელმაც რამდენიმე
ათეული წელი იარსება. სტალინმა ცხოვრებაში განახორციელა ის, რასაც მაიაკოვსკი
და რუსი ფუტურისტები თავიანთი ხელოვნებით ცდილობდნენ.
ევროპაში ფუტურიზმი პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და ომის
აუცილებლობას ქადაგებდა. ფუტურისტები თვლიდნენ, რომ ომი კაცობრიობის
ჰიგიენა იყო. აქედან გამომდინარე, აცხადებდნენ, რომ სამყაროს ერთი ნაწილი
გამორჩეულია, ხოლო მეორე - მსხვერპლია, რომელიც სიბრალულს არ იმსახურებს. ამ
ომში კი გამარჯვებული გამოვიდოდა ის, ვინც ძლიერი და ახალგაზრდა იყო.
ქართულ ფუტურიზმზე საუბრისას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს
მიმდინარეობა სინთეზურ ხასიათს ატარებდა და ავანგარდული მიმდინარეობები

11
(ფუტურიზმი, დადა) და სიმბოლიზმი საქართველოში სინთეზურად იყო
წარმოდგენილი. სიმბოლისტი პოეტი ტიციან ტაბიძე თავის წერილში „ცისფერი
ყანწებით” ძველი ესთეტიკის ახლით შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობდა და თან
ქარხნებს, თანამედროვე ტექნოლოგიებს და დიდ ქალაქებს განადიდებდა. ამ
წერილში ერთდროულადაა წარმოდგენილი სიმბოლისტური პასაჟები და
ფუტურისტული ესთეტიკისთვის დამახასიათებელი ელემენტები.
დასავლური ფუტურიზმი უპირისპირდებოდა „უმოქმედო” და აპოლიტიკურ
სიმბოლიზმს. საქართველოში ფუტურიზმი კი არ უპირისპირდებოდა, არამედ
ავსებდა სიმბოლიზმს. თუკი იტალიურ ფუტურიზმს პოლიტიკური ხასიათი ქონდა,
ქართული ფუტურიზმი მხოლოდ ესთეტიკურ დონეზე იზიარებდა ფუტურისტულ
იდეალებს.
ქართულ ავანგარდს ხშირად თბილისურსაც უწოდებენ, რადგანაც
ავანგარდიზმი ქალაქური კულტურის წიაღში წარმოიშვა. მე-20 საუკუნის 10-20-იან
წლებში თბილისში თავი მოიყარეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა
ხელოვანებმა და მწერლებმა. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ თბილისი
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და რუსეთის ავანგარდის ერთ-ერთი
ცენტრი იყო. რუსი ფუტურისტი პოეტი კრუჩონიხი თბილისს კულტურის მესამე
ცენტრს უწოდებს. ქართული ფუტურიზმი იწყება მაშინ, როდესაც რუსი
ფუტურისტები ბოლშევიკურ რევოლუციას იმ დროს მშვიდობიან საქართველოში
გამოექცნენ. 1918 წლის 26 მაისიდან, როდესაც სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა გამოცხადდა, თბილისი რეგიონში კულტურის ცენტრად იქცა. ამ
დროს თბილისში გადმოიხვეწნენ: ალექსეი კრუჩონიხი, იგორ ტერენტიევი, ძმები
ილია და კირილე ზდანევიჩები, ვასილ კამენსკი, სერგეი სუდეიკინი და ზიგმუნდ
ვალიშევსკი და თბილისურ კაფეებში შემოქმედებით საღამოებს მართავდნენ.
განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა ენიჭებოდა არა მხოლოდ
ტექსტების შინაარსს, არამედ ვიზუალურ მხარესაც. პერიოდულ გამოცემებში
გაფორმებას დიდი ყურადღება ექცეოდა. საგანგებოდ არჩევდნენ შრიფტს და ხშირად
განსხვავებული ზომის შრიფტებით ბეჭდავდნენ ტექსტებს. განსაკუთრებით
პოპულარული გახდა ე.წ. ხელნაკეთი წიგნები. მხატვრები საკუთარი ხელით
აფორმებდნენ მათ. მხატვრები და პოეტები თვლიდნენ, რომ ავტორის ხელნაწერი
დამატებით დატვირთვას ანიჭებდა თითოეულ ტექსტს, ბეჭდური ასოებისგან
განსხვავებით, სადაც ინდივიდუალობა იკარგება. ტექსტისთვის დამატებითი
მნიშვნელობის მისანიჭებლად, ისინი არაიშვიათად სხვადასხვა შრიფტსაც
იყენებდნენ.
ქართული ფუტურიზმის დასაწყისად შეგვიძლია ჩავთვალოთ 1922 წელი,
როდესაც კონსერვატორიის შენობაში პირველი ფუტურისტული საღამო გაიმართა.
ქართველმა ფუტურისტებმა თავიანთ დაჯგუფებას „H2SO4” უწოდეს. 1924 წელს
პირველი ფუტურისტული ჟურნალი „H2SO4” დააარსეს. „H2SO4”-ს სიმბოლური
მნიშვნელობა ჰქონდა. ფუტურისტებს ამ ქიმიური მჟავით ძველი ხელოვნების
განადგურება სურდათ. გამოსცეს მანიფესტი „საქართველო-ფენიქსი”, რომელსაც

12
ხელს აწერდნენ: აკაკი ბელიაშვილი, ბესარიონ ჟღენტი, სიმონ ჩიქოვანი და სხვები.
თავიანთ მანიფესტში ისინი წარსულის ხელოვნებას განადგურებით დაემუქრნენ.
ქართველი ფუტურისტებისთვის წარსულის მიმართ პროტესტი ესთეტიკური
პოზიციით შემოიფარგლება. ისინი აცხადებენ, რომ მთვარის შესახებ დაწერილი
ლექსები ელექტრონის შუქისადმი მიძღვნილმა პოეზიამ ჩაანაცვლა, სენტიმენტები
წარსულს ჩაბარდა. ფუტურისტული პოეზია აგებული იყო სიტყვათა თამაშზე და
თითოეული ტექსტი მრავალგვარ იმპროვიზაციას და თავისუფალ ინტერპრეტაციას
ექვემდებარებოდა. თბილისში მოღვაწე ფუტურისტები ხშირად ლიტერატურულ
ეპატაჟს მიმართავდნენ. ქართველი ფუტურისტები, თავიანთი იდეების პროპაგანდის
მიზნით, ხშირად პერფორმანსის ხელოვნებას მიმართავდნენ.
ახალ ტექნოლოგიებთან ერთად, ფუტურისტები განადიდებდნენ
კინოხელოვნებას. ამ მხრივ, საგულისხმოა 1929 წელს, კოტე მიქაბერიძის მიერ
გადაღებული ფილმი „ჩემი ბებია”, რომელშიც მრავლადაა ფუტურისტული
ესთეტიკის ელემენტები. რეჟისორმა თავის ამ ექსპერიმენტულ ფილმში საბჭოთა
იმპერიაში ტოტალიტარული რეჟიმის გაბატონება იწინასწარმეტყველა. ამიტომაც არ
არის შემთხვევითი, რომ ფილმი „ჩემი ბებია” აკრძალეს და კოტე მიქაბერიძეს
ფილმების გადაღების უფლება ჩამოართვეს. აღდგენილი სახით ფილმის პრემიერა
მხოლოდ 2010 წელს შედგა.

დადაიზმი საქართველოში

დადაისტური მიმართულება თითქოს ფუტურიზმის მილიტარისტულობაზე


რეაქცია იყო. პირველი დადაისტური წარმოდგენა 1916 წელს შედგა. ევროპელი
ემიგრანტები ციურიხის „კაბარე ვოლტერში” შეიკრიბნენ, სადაც ლექსებს
კითხულობდნენ მუსიკის თანხლებით. დადას დასაწყისი რუმინული წარმოშობის
ფრანგ პოეტ ტრისტან ტცარას სახელს უკავშირდება, რომელმაც დაჯგუფებისთვის
სახელი ლექსიკონში შემთხვევით ჩარჭობილი დანის საშუალებით მოიფიქრა.
არჩევანი ფრანგულ სიტყვა „დადაზე” შეჩერდა, რაც ხის სათამაშო ცხენს, გადატანითი
მნიშვნელობით კი ბავშვის ტიტინს ნიშნავს. დადაისტებმა მსოფლიო ძალადობისგან
გათავისუფლების მიზნით უპირატესობა ბავშვის ფსიქიკამდე დასვლას მიანიჭეს.
არის ერთგვარი მსგავსება დადაიზმის ინფანტილობასა და პრიმიტივიზმს შორის. ეს
არის პროტესტი დიდების მოწესრიგებული სამყაროს აღქმის მიმართ.
დადაისტებისთვის ცხოვრება აბსურდული იყო და ხელოვანი სწორედ
აბსურდულ ცხოვრებას ასახავდა. თავიდან დადაიზმი მხოლოდ მანიფესტების სახით
გამოვლინდა. პარალელურად, მისი წარმომადგენლები წარმოდგენებს მართავდნენ.
დადასთვის ერთ-ერთი უმთავრესი იყო შემთხვევითობის გაგება. ეს გასაგებიცაა,
რადგან მე-20 საუკუნის დასაწყისში ხომ სამყაროს შემთხვევითი წარმოშობის შესახებ
თეორია გაჩნდა.
დადაისტები ომს ამბოხის ფორმად არ მიიჩნევდნენ. მათ საკუთარ თავზე
გამოცადეს ომის გამანადგურებელი შედეგები და ამიტომაც შეიძულეს ის. თავიანთი

13
აბსურდის ესთეტიკით ისინი მილიტარისტულად განწყობილ ხელოვანებს
დაუპირისპირდნენ. დადაიზმი იყო პროტესტი, რომელიც კულტურის და
ესთეტიკური ნორმების უარყოფას ითვალისწინებდა. მათთვის მნიშვნელოვანი იყო
თამაშის პრინციპი.
დადას ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფრანგ მხატვარ მარსელ
დიუშანს. მარსელ დიუშანმა სახელი მაშინ გაითქვა, როცა თავისი ნამუშევრებით
ხელოვნებას დაუპირისპირდა. მან ხუთასწლიან დასავლურ კულტურას ზურგი
შეაქცია. ხელოვნების ნიმუშების ტრადიციული მეთოდების ირონიით ჩანაცვლება
დადაისტების მთავარი ნიშანია. მარსელ დიუშანი ცნობილია თავისი ე.წ.
რედიმეიდებით - მზა ნივთებით. ისინი ქარხნულად დამზადებული ნივთებია,
რომელთაც დიუშანი, საგანგებოდ, ბუნდოვან სათაურს არქმევდა. ასე გარდაქმნიდა
დიუშანი თანამედროვე ინდუსტრიული ცხოვრების პროდუქტებს ხელოვნების
ნიმუშებად.
საქართველოში კლასიკური სქემა ფუტურიზმი - დადა განსხვავებული
თანმიმდევრობით წარიმართა - ჯერ დადაისტური ტენდენციები გაჩნდა თავისი
მანიფესტებით და შემდეგ - ფუტურიზმი. ქართული დადა, ფუტურიზმის მსგავსად,
აპოლიტიკური მოვლენა იყო.
სიმბოლიზმის და ფუტურიზმის მსგავსად, ქართულ სინამდვილეში დადამ
ფასეულობების გადაფასება დაიწყო, თუმცა ადგილობრივი კულტურის მიმართ
ერთგული დარჩა. ქართველი დადაისტები თავიანთი შემოქმედებისთვის
ინსპირაციას ფოლკლორში ეძებდნენ.
საქართველოში დადაისტური ტენდენციების შემოტანა დაჯგუფებებს - „41O”-ს
და „ცისფერყანწელებს” უკავშირდება. პირველად ტიციან ტაბიძესთან ჩნდება
დადაისტური ექსპერიმენტები. მისი 1923 წლის მანიფესტში ირონია და
ბილწსიტყვაობა ერთმანეთის გვერდიგვერდაა. დადასთვის არსებითია
საყოფაცხოვრებო, ყოველდღიური მეტყველება, რომელიც წარსულის
მაღალფარდოვანი პოეტურობისგან თავისუფალია.
საქართველოში მოდერნისტული ტენდენციების სინთეზურობის მსგავსად,
დადაც სხვადასხვა ავანგარდული მიმდინარეობის ელემენტებს აერთიანებს.
მაგალითად, დადაიზმის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ჟანგო ღოღობერიძის დადა-
პოეზიაში ფუტურიზმის დინამიკა და დადაისტური ქაოსი თანაარსებობს.
საგულისხმოა, რომ ქართველი დადაისტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას
ანიჭებდნენ ლექსების გამომსახველობით მხარეს - განსხვავებულ შრიფტებს
იყენებდნენ, რადგანაც ქართულ შრიფტს ერთფეროვნად მიიჩნევდნენ. ხშირად უარს
ამბობდნენ სასვენ ნიშნებზე და მათ ნაცვლად, სხვადასხვა ფიგურას გამოსახავდნენ.
ნაწარმოებებს უაზრობასა და აბსურდზე აგებდნენ.
დადაისტების ინდივიდუალობა მათ ექსცენტრულ იერშიც გამოიხატებოდა:
ხლებნიკოვს და კამენსკის შუბლზე დახატული ჰქონდათ თვითმფრინავი, ბურლიუკს
პერანგზე გამოსახული ჰქონდა ადამიანის სახე, მაიაკოვსკს კეფაზე ეხურა
ცილინდრი, ტიციან ტაბიძე პიჯაკზე დამაგრებული მიხაკით დადიოდა.

14
15

You might also like