You are on page 1of 14

თამარ შარაბიძე

ალექსანდრე ჭავჭავაძე
ბიოგრაფია

ალექსანდრე ჭავჭავაძე დაიბადა 1786 წელს პეტერბურგში. მამამისი _ გარსევან


ჭავჭავაძე _ იყო საქართველოს დესპანი რუსეთში. ის აქტიურად მონაწილეობდა
რუსეთის მხარდამჭერ პოლიტიკაში, ხელი ჰქონდა მოწერილი საქართველოსა და
რუსეთს შორის დადებულ მეგობრობის ხელშეკრულებაზე, 1783 წლის გეორგიევსკის
ტრაქტატზე.

პოეტის დედა გახლდათ მარიამ ავალიშვილი.

ხოლო მისი ნათლიები რუსეთის იმპერატორი ეკატერინე მეორე და მისი ვაჟი


ალექსანდრე. შემთხვევითი არ არის, რომ მას ალექსანდრე დაარქვეს, ხოლო თავად
ალექსანდრემ საკუთარ ქალიშვილს თავისი ნათლიის სახელი _ ეკატერინე _ უწოდა.

ალექსანდრე თავდაპირველად პეტერბურგში, ბამანის კერძო პანსიონში,


სწავლობდა (1795-1799 წწ.), სადაც მხოლოდ არისტოკრატთა შვილებს,
თავადაზნაურთა უმაღლესი წრის წარმომადგენლებს იღებდნენ. 1799 წლიდან ოჯახი
თბილისში გადმოდის და ალექსანდრე სწავლას მშობლების ზედამხედველობით
აგრძელებს.

ხუთი წელი საქართველოში ცხოვრება საკმარისი აღმოჩნდა მომავალი


პოეტისათვის, რომ პატრიოტად ჩამოყალიბებულიყო. 1804 წლის 14 სექტემბერს ის
სახლიდან გაიპარა და შეუერთდა ფარნაოზ ბატონიშვილს, რომელიც მთიულეთის
აჯანყებას ედგა სათავეში.

აჯანყება ჩაახშვეს და მისი მონაწილენი დააპატიმრეს. ალექსანდრეს მიესაჯა


ტამბოვში გადასახლება, მაგრამ გადასახლებაში მან მხოლოდ რამდენიმე თვე
გაატარა. მამის თხოვნით ის პეტერბურგში გადაიყვანეს და პაჟთა კორპუსში
ჩარიცხეს. პაჟთა კორპუსის დასრულების შემდეგ მან მიიღო პოდპორუჩიკის ჩინი,
ერთ წელიწადში კი _ პორუჩიკობა. 1811 წელს ის ბრუნდება საქართველოში და
ინიშნება მარკიზ პაულიჩის ადიუტანტად.

1812 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძე მონაწილეობს კახეთის აჯანყების ჩახშობაში,


წუხს, რომ თავის ხალხთან უხდება შებრძოლება, მაგრამ იძულებულია
დაემორჩილოს სამხედრო დისციპლინას; ჭრილობას, რომელიც ამ ომში მიიღო,
დამსახურებულად მიჩნევს, აღიქვამს, როგორც საკუთარი ცოდვის შედეგს
ქართველზე ხელის აღმართვის გამო.
1813-1814 წლებში ალექსანდრე ჭავჭავაძე მონაწილეობს რუსეთის პირველ
სამამულო ომში, იბრძვის ბარკლაი დე-ტოლის მოქმედ არმიაში. ამ ომში ის
დაუჯილდოვებიათ წმ. ანას მეორე ხარისხის ორდენით და საფრანგეთის საპატიო
ლეგიონის ორდენით; მიუღია ოქროს ხმალიც წარწერით: „გულადობისათვის“.

1814 წლის დასასრულს ალექსანდრე სამშობლოში ბრუნდება.

1828 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძე ინიშნება სომხეთის ოლქის მმართველად.


თავისი სამხედრო მოღვაწეობის პერიოდში ის ყოველთვის ამჟღავნებდა
გამბედაობასა და ვაჟკაცობას. 1828 წლის 26 აგვისტოს ალექსანდრემ პატარა რაზმით
გადალახა ოსმალეთის საზღვრები და ბრძოლით აიღო ბაიაზეთის ოლქი. ამ
გმირული საქციელისთვის მას წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენი მიანიჭეს.

1832 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძე დააპატიმრეს შეთქმულებაში მონაწილეობის


გამო და გადაასახლეს ისევ ქალაქ ტამბოვში ოთხი წლით. იმპერატორმა კვლავ მალე
აპატია მას დანაშაული, პეტერბურგში გაიწვია და შემდგომ საქართველოში
დააბრუნა.

აჯანყების შემდგომ ალექსანდრე ჭავჭავაძე ძირითადად სამოქალაქო სამსახურშია:


1838 წელს ახალციხის რაიონში შავი ჭირის გაჩენის გამო დაინიშნა საკარანტინო
ზონების უფროსად, 1842 წელს დაამტკიცეს ამიერკავკასიის საფოსტო ნაწილის
უფროსად; 1843 წელს იგი დაინიშნა ახლადჩამოყალიბებული, ე. წ. კახეთის
მილიციის უფროსად. მას დაევალა შამილის ქვეშევრდომი ტომების წინააღმდეგ
ექსპედიციის მოწყობა. ალ. ჭავჭავაძე, რომელიც მისტირის საქართველოს
დამოუკიდებლობის დაკარგვას, თავად ემსახურება სხვა ქვეყანაში რუსული
მმართველობის დამყარებას.

მწერლის საზოგადოებრივი მოღვაწეობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი


ფაქტია, რომ 1845 წლის მარტში კავკასიის მეფისნაცვლის თანამდებობაზე
ახლადანიშნულ მიხეილ ვორონცოვს პოეტმა ქართული გაზეთის დაარსება სთხოვა
საზეიმო შეხვედრის დროს.

1846 წელს ალექსანდრე ტრაგიკულად, სრულიად შემთხვევით გარდაიცვალა. ის


მიდიოდა მთავარმართებელ ვორონცოვთან ეტლით. ვიღაც ქალმა აივნიდან წყალი
გადმოასხა, ცხენები დაფრთხნენ, მეეტლემ ვეღარ შეაკავა ისინი; ალექსანდრე
ჭავჭავაძემ მეეტლის დახმარება სცადა; ამ დროს მისი ფრაკის კალთა ეტლის
ბორბალმა ჩაიხვია; ალექსანდრე ეტლიდან გადმოვარდა და თავი დაჰკრა ქუჩის
ფილაქანს. იგი დასაფლავებულია საგვარეულო სასაფლაოზე შუამთის მონასტერში.

მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში არც ერთი საზოგადოებრივ-ისტორიული


მოვლენა არ ყოფილა, რომ მასში ალექსანდრე ჭავჭავაძეს მონაწილეობა არ მიეღოს;
მისი ბიოგრაფიის აწყობა პირდაპირ მოვლენების გახსენებით შეიძლება: 1804 წლის
მთიულეთის აჯანყება, 1812 წლის კახეთის აჯანყება, პირველი სამამულო ომი, 1832
წლის შეთქმულება და ა.შ. მიუხედავად სამხედრო მოღვაწეობისა, ალ ჭავჭავაძემ
მოახერხა ჩინებულად აეწყო ოჯახი და შეექმნა ლიტერატურული სალონი, რომელიც
იმდროინდელი საზოგადოებრივ-ლიტერატურული ცხოვრების ცენტრს
წარმოადგენდა. ამ სალონში თავს იყრიდნენ როგორც ქართველი არისტოკრატები,
ასევე რუსეთიდან და უცხოეთიდან ჩამოსული მაღალი წოდების წარმომადგენლები.
ქართულ საკრავებთან ერთად სალონში ფორტეპიანოც იდგა.

მისი ოჯახითა და შვილებით ბევრი იყო აღტაცებული, უცხოელებიც და


ქართველებიც. ალექსანდრე ჭავჭავაძეს სამი ასული ჰყავდა: ნინო (1812-1857),
ეკატერინე (1816-1882) და სოფიო (1833-1862). ჭავჭავაძეების სამივე ასული მრავალი
პოეტის მუზად და შთაგონების წყაროდ იქცა. პირველი ქალიშვილი ნინო, რომელიც
გრიგოლ ორბელიანის მუზა და მისი გარდარეული სიყვარულის წყარო იყო,
ალექსანდრე გრიბოედოვის მეუღლე შეიქმნა; გრიბოედოვს უზომოდ უყვარდა
თავისი ახალგაზრდა ცოლი და მას „მურილიოს მადონას“ ეძახდა. მეორე ქალიშვილი
ეკატერინე, ნიკოლოზ ბარათაშვილის მუზა და მისი „ობლობის“ მიზეზი,
სამეგრელოს დედოფალი გახდა; მესამე ქალიშვილი სოფიო კი ცოლად გაჰყვა ბარონ
ალექსანდრე ნიკოლაის, პეტერბურგის მაღალი საზოგადოების წარმომადგენელს,
წარმოშობით ფინელს, რომელიც თბილისში კავკასიის სამოსწავლო ოლქის
მზრუნველად დაინიშნა.

შემოქმედება

ალექსანდრე ჭავჭავაძეს ლექსების წერა თხუთმეტი წლისას დაუწყია, მაგრამ,


სამწუხაროდ, პოეტი მათ დაბეჭდვას ვერ მოესწრო. მიუხედავად ამისა, მისი ლექსები
ყველამ იცოდა, რადგან სუფრებზე და სალონებში სწრაფად ვრცელდებოდა.
გავრცელების სპეციფიკიდან გამომდინარე, პოეტს სატრფიალო ლექსების
მთხზველად აღიარებდნენ.

ალექსანდრე ჭავჭავაძის შემოქმედება ერთ-ერთმა პირველმა ილია ჭავჭავაძემ


შეაფასა ლექსით _ „ალ. ჭავჭავაძეს“. ილიამ მისი ლირიკა ოთხ ნაწილად დაჰყო:

1. პირველს მიეკუთვნა ლექსები, რომლებიც „სუფრაზე დაჰფრინავენ“;

2. მეორე ტიპის ნაწარმოებებს სატრფიალო უწოდა, რადგან მათში „ტრფობის ისრით


განნაწონი“ პოეტი „შეჰყეფს სატრფოს გულსაკლავად“;

3. გამოჰყო პატრიოტული ტიპის ლექსებიც, რომლებშიც მგოსანი „შეჰკვნესს შავბედს


ქვეყნისასა“
4. მეოთხე კატეგორიას მიაკუთვნა დროთა ცვალებადობის გამო სამდურავის
ამსახველი ნაწარმოებები.

ამ მოკლე შეფასება-მიმოხილვიდანაც ჩანს, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძის პოეზიის


თემატიკა მრავალფეროვანია. შემოქმედების პირველ პერიოდში პოეტი უმთავრესად
საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვაზე ჩივის და რომანტიკული
ასახვისათვის დამახასიათებელი სპეციფიკურობით აგრძელებს ქართული
ლიტერატურისათვის ტრადიციულ თემას _ პატრიოტიზმს. მის შემოქმედებას
ეტყობა როგორც აღმოსავლური პოეზიის, ასევე, კონკრეტულად, რუსეთში
გადასახლებულ ქართველ ბატონიშვილთა შემოქმედების ზეგავლენა.

ალ. ჭავჭავაძის მწუხარების უპირველესი მიზეზი სამშობლოს


დამოუკიდებლობის დაკარგვაა. პოეტს საქართველო პატიმრად ეჩვენება, მის სენაკს
უცხონი დარაჯობენ, რომლებიც პერიოდულად იცვლებიან, მაგრამ ბოროტება _
გველი _ ბოროტებადვე რჩება („ვისაც გსურთ). პატიმრობის თემა განსაკუთრებით
იჩენს თავს პოეტის შემოქმედებაში 1804 წელს მისი დაპატიმრებისა და ტამბოვში
გადასახლების შემდგომ. საპატიმროს კედლები სიმართლისათვის მებრძოლ პოეტს
„ბნელ სადგურად“ მიაჩნია, ხოლო მასში მყოფნი პატივისცემის ღირსად.

ყველაზე მეტად მტკივნეული პოეტისა და მკითხველისთვისაც იმ დროის


მოგონებაა, როდესაც „სამკვიდრო დავკარგეთ“. ამის მიზეზი პოეტის ქრისტიანული
მსოფლმხედველობიდან გამომდინარე ჩვენივე ცოდვაა:

„წყეულ არს ის დრო, როს სამკვიდრო დავკარგეთ კრულნი!

გვძლივა სოფელმან ხელ-მყოფელმან, აწ გვაგო შურნი“ („ისმინეთ, მსმენნო“).

პოეტი არ ერიდება დამპყრობთა შეურაცხყოფას და მათ შემდეგი ეპითეტებით


მოიხსენიებს: „სიტყვა-ლაქათნი“, „ცხოვრება-ცუდნი“, „გულით მრუდნი“,
„პირბნელნი სათნი“; ლანძღვას აგრძელებს აღნიშვნით, რომ მათ რჯულში აქვთ
მაცდურება და სიბოროტე. პოეტი რუსებს ქაჯებს უწოდებს, რომელთაც არც სმა-ჭამა
იციან და მგლურადაც იქცევიან, „სავანენი“ (ეკლესიები) გააუდაბურეს (ურწმუნო
ადგილად აქციეს) და ბატონისა და ყმების გარჩევაც არ შეუძლიათ:

ალექსანდრე ჭავჭავაძის შემოქმედებაში თავს იჩენს დროის წარმავლობის მოტივი,


რომელიც კვლავ პატრიოტულ გრძნობასთან ერთად წარმოდგება. ჟამთაცვლას არ
ექვემდებარება პოეტის ქვეყნისადმი სიყვარული:

„ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგებნი მტკბარად,

წარილტვენ, განქრენ სიზმრებრივ ჩქარად;

მე იგივე ვარ მარად და მარად!


არ ვსდევ ჟამთა ცვლას,

მე იგივე ვარ მარად და მარად!“ („ვაჰ, დრონი, დრონი“).

ალექსანდრე ჭავჭავაძის მოქალაქეობრივი აზროვნების ნათელსაყოფად უაღრესად


მნიშვნელოვანია მისი თარგმანები, რომლებშიც პოეტის საზოგადოებრივ ინტერესთა
სფეროა წარმოდგენილი. ერთ-ერთი მათგანია ფილოსოფიური შინაარსის ტრაქტატი
_ „ახლოით განჩხრეკილი კაცი“. თარგმანს წინ უძღვის შესავალი და მიძღვნა.
შესავლიდან ვიგებთ, რომ თხზულება შექმნილია ფრანგის მიერ, მარტოობის ჟამს,
როდესაც პარიზიდან უდაბნოში გავიდა საცხოვრებლად და დაწერა მრავალი წიგნი,
თითოეული სიბრძნით აღვსილი. თხზულებათა ავტორი, როგორც შემდგომ გაირკვა,
იყო კონსტანტენ ფრანსუა ბუაჟირე.1 ალ ჭავჭავაძეს უთარგმნია მისი ერთ-ერთი
ნაწარმოები 1804 წლის 8 დეკემერს, ქალაქ თბილისს. თხზულების სათაური
მიგვანიშნებს, რომ მასში ზოგადადამიანურ საკითხებზე უნდა იყოს საუბარი,
ახლოდან და ღრმად უნდა წარმოჩნდეს კაცი თავისი ბუნებით. ამ ყოველივესთვის
საუკეთესო ადგილია უდაბნო, სადაც ადამიანი განმარტოვებულია თავის ფიქრებთან,
შეიცნობს საკუთარ თავს და თავის გულთან დარჩენილი ადვილად განარჩევს
სიცრუეს სიმართლისაგან. გადმოთარგმნილი თხზულება ალექსანდრე ჭავჭავაძემ
ფარნაოზ ბატონიშვილს მიუძღვნა კაცთა ბუნების შესაცნობად. ის ბოდიშს უხდის
ბატონიშვილს იმ ნაკლოვანებებისათვის, რომლებიც თარგმანს გააჩნია.

თხზულების ავტორი შენიშნავს, რომ ადამიანთა უმრავლესობა უბედური და


დამწუხრებულია და სვამს რიტორიკულ შეკითხვას: „საფიქრებელ არსა, რათა
კეთილსა ღმერთსა შეექმნას ესოდენნი სულნი უბედურებისათვის?“ ადამიანის
ცხოვრების განჩხრეკას თხზულების ავტორი დაბადებიდან იწყებს. ჩვილი ამ
სოფლად ხმაურით _ ტირილით _ შემოდის და ცხოვრებაც მას სატანჯველს არ
აკლებს, თავიდანვე განუმზადებს მუდმივ შრომასა და მწუხარებას. დედა ახლად
დაბადებულს თავს დასტრიალებს. ისიც მადლობის ნიშნად უღიმს მშობელს. ბუნებას
სურს, ჩვილს ყველანაირი განცხრომა მისცეს, ხოლო კაცი ამის ნაცვლად მხოლოდ
მწუხარებას არგუნებს. უწყალო დედა გამოსაზრდელად მას დედამძუძეს აძლევს
(პირველად ამ დროს ირღვევა ბუნების კანონი). ჩვილი დედამძუძესაც ტკბილი
ალერსით აღავსებს, რაც საამო ჯილდოა მისთვის. ჩვილის გული მადლიერებითა და
სიყვარულითაა სავსე. შემდეგ ნამდვილ მშობელს შვილი მიჰყავს დედამძუძისაგან და
იმ სიყვარულს სთხოვს, რომელიც მას არ ეკუთვნის, რადგან ამაგი არა აქვს შვილზე.
ავტორის აზრით, ეს არის მეორეჯერ ბუნების კანონის დარღვევა და ამავე დროს _
საღვთო რჯულის შეურაცხყოფა. თხზულებაში იკვეთება აზრი, რომ მაღალი
წოდებისათვის ერთობ მიღებული გაძიძავება ამახინჯებს ბავშვის სუფთა გრძნობებს.

1
„ახლოით განჩხრეკილი კაცის“ ავტორის ვინაობა დაადგინა მკვლევარმა გიორგი ნატროშვილმა. ალ
ჭავჭავაძეს უთარგმნია ვოლნეის ნანარმოები. ვოლნეი ყოფილა ფსევდონიმი ფრანგი მწერლისა და
პოლიტიკური მოღვაწის, კონსტანტენ-ფრანსუა ბუაჟირეს.
უფრო რთულ სიტუაციას გვიხატავს ავტორი, როცა ჩვილი ბარბაროსებში ხვდება.
მათ არ ადარდებთ ბავშვის ტირილიც კი; უგრძნობელად უყურებენ მის ტანჯვასა და
წუხილს, ამით კი აძულებენ სიცოცხლეს, მრისხანებასა და სულმოკლეობას
ასწავლიან. ადამიანს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ იხაროს, ირწმუნოს უფალი
გულით, მაგრამ კაცი ახშობს მასში იმედის ნაპერწკალს.

ავტორის რწმუნებით, ადამიანის ბედი მის მშობელთა მდგომარეობაზეა


დამოკიდებული. ჩვილი მშობელთა ბედს იზიარებს. შესაძლებელია მონობაში
დაბადებულ ადამიანს შეხვდეს მზრუნველი პატრონი, რომელიც დაუფასებს მას
შრომასა და ერთგულებას, ხოლო, თუ პატრონი ბარბაროსია, კაცმა მისგან მთელი
ცხოვრება შეურაცხყოფა უნდა ითმინოს. ბოლოს კი, როცა პატრონის სამსახურს
ვეღარ შეძლებს, სნეულთა სამკურნალოში მოათავსებენ, რომელიც სინამდვილეში
საპატიმროა, მშვენიერი სახელით შენიღბული.

თხზულებაში ასახულია ცხოვრების კანონზომიერება _ ღარიბი კაცი


იძულებულია იმუშაოს მდიდრისათვის უფასოდ, რაც ადამიანებს, როგორც
მდიდარს, ასევე ღარიბს, სულს უმახინჯებს. ღარიბს იმიტომ, რომ დიდი
სიძულვილი უჩნდება მდიდრისადმი; სიძულვილის გამო კი ბორკილებით ეჯაჭვება
ქვეყანას, კეთილზნეობას ივიწყებს და თვითონაც ბარბაროსი ხდება.

თხზულების ავტორს, ადამიანის ბუნების გამჩხრეკს, კაცთა უბედურების წყაროდ


საკუთრება მიაჩნია. ის ჰყოფს ადამიანებს მდიდრებად და ღარიბებად. ღარიბს სძულს
მდიდარი, რადგან ის მოკლებულია მისთვის საჭირო ნივთებსა და ქონებას, რაც
მდიდარს აქვს. სიმდიდრე ადამიანს ძალაუფლებას ანიჭებს და უჩენს სხვისი
დამონების სურვილს. ადამიანთა მტრობა სახელმწიფოთა მტრობაში გადადის.
ხელმწიფენი არღვევენ თავიანთ მიერვე დაწესებულ საზღვრებს, შურთ თავიანთი
მეზობლის, რომელსაც მეტი ყმა და მამული აქვს, არად მიიჩნევენ
მართლმსაჯულებას და იარაღის ძალით იმონებენ სხვა ქვეყანას. თავდაპირველად
ადამიანს ესაჭიროებოდა წყალი და ნაყოფი, რომელსაც აღმოაცენებდა მიწა,
საქონელი, რომელსაც ასევე მიწა კვებავდა; ადამიანი იყენებდა მიწის წიაღში
არსებულ საბადოებსაც, ამიტომ გაუჩნდა სურვილი, რაც შეიძლება მეტი მიწის
დასაკუთრების. რამდენიმე ასეულმა ტირანმა გადაინაწილა მიწა მასზე მცხოვრები
ადამიანებით. ისინი არ კმაყოფილდებიან ამით და თავის მიწაზე მცხოვრებლებს
მიერეკებიან სხვათა დასაპყრობად, „ჰსტანჯვენ, ჰხოცენ, ჰგლეჯენ და ჰსჭამენ
ურთიერთსა“. ამპარტავნებით დაბრმავებულნი ვერ გრძნობენ, რომ დრო-ჟამი
მოჰხვევს თავის ბადეს „ჯინჭველთა სასაცილო ხორას“ და ერთიანად გაანადგურებს
მდიდარს და ღარიბს, მეფეს და მონას, ქალაქს და სამეფოს...
თხზულებას ალ. ჭავჭავაძე ლექსით ასრულებს, რომელშიც გადმოცემულია
შემდეგი: „პყრობილის შრომას“ აღწერს თავად პყრობილი 2 და ეს პროცესი აღწერისა
მას ამხიარულებს, რადგან დაფარული აზრი განმარტებულად გადმოიცემა. ნარკვევი
მეტად საინტერესოა ალ. ჭავჭავაძის საზოგადოებრივი აზროვნების წარმოსაჩენად. ის
იწყება ადამიანის ელემენტალური ჩაგვრის წარმოჩენით (როგორიცაა ჩვილის
გაშვილება და შემდეგ ისევ მშობელთან დაბრუნება), რომელიც შესაძლოა ჩაგვრადაც
არ მივიჩნიოთ; ამას მოჰყვება სოციალური უთანასწორობის მიზეზებზე საუბარი,
კერძოდ, საკუთრების როლზე ადამიანთა ფენებად და კლასებად დაყოფაში; ბოლოს
კი წარმოჩენილია სახელმწიფოთა შუღლის საფუძველი, რომელსაც იგივე მიზეზი
აქვს, რაც ადამიანთა შორის მტრობას. ეს არის ყველაზე ფასეული,
ყველაფრისმომცველი საკუთრების _ მიწის _ რაც შეიძლება მეტი ოდენობით, ხელში
ჩაგდების სურვილი. ნაშრომში კარგად ჩანს, რომ ამგვარი ამპარტავნული სურვილი
ადამიანს ხდის „პყრობილს“, დამონებულს, ცოდვილს, განურჩევლად მდიდრისა და
ღარიბისა, მპყრობელისა და დაპყრობილისა, რადგან, თუ ერთს უჩენს წართმევის
სურვილს, მეორეს გულში შურისძიებას უნერგავს. თხზულებაში შეფარვით იკითხება
აზრი, რომ ეკონომიკა განაპირობებს პოლიტიკასაც.

ნაშრომი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ თავიდან ბოლომდე წარმოგვიდგენს


1804 წლის აჯანყებაში მონაწილე ახალგაზრდა ალექსანდრე ჭავჭავაძის
მსოფლხედვას. ის იბრძვის პირველ რიგში იმ უსამართლობის წინააღმდეგ,
რომელსაც ბარბაროსები სჩადიან თავიანთი ხალხის სხვის ტერიტორიაზე
გამორეკვით სხვისი კუთვნილის წასაგლეჯად. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ
მოგვიანებით დაწერილ ისტორიული ხასიათის ნაშრომში _ საქართველოს მოკლე
ისტორიული ნარკვევი და მდგომარეობა 1801 წლიდან 1831 წლამდე“, რომელიც 1836-
1837 წლებშია დაწერილი, ალ. ჭავჭავაძე მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში
საქართველოში მომხდარი აჯანყებების (1804 და 1812 წლების) მიზეზებს ხალხის
ეკონომიური შევიწროებით ხსნის.

ალ. ჭავჭავაძის სოციალურ-პოლიტიკურ შეხედულებათა წარმოსაჩენად


ძალიან მნიშვნელოვანია 1837 წელს მიწერილი წერილი ნიკოლოზ პირველისადმი
სათაურით „საქართველოს მოკლე ისტორიული ნარკვევი 1801-დან 1831 წლამდე“.
აღსანიშნავია, რომ წერილი უაღრესად წრფელი ტონით არის დაწერილი, მხოლოდ
უმნიშვნელო დეტალებში თუ იგრძნობა, რომ მწერალი, როგორც პოლიტიკოსი,
მოზომილად მსჯელობს ზოგიერთი საკითხის შესახებ. ალ. ჭავავაძე თავისი
ნარკვევის დაწერის მიზეზად შემდეგ ვითარებას ასახელებს: „ადგილობრივ
მკვიდრთა საუბედუროდ, არც მათი დღევანდელი ყოფა-ცხოვრება არავის აღუწერია
ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სახით“ („ქართული მწერლობა“ 1992 : 80). ე.ი.
ავტორის მიზანია, რაც შეიძლება მიუკერძოებლად გადმოსცეს მისი დროის

2
„პყრობილში“ დამონებული უნდა ვიგულისხმოთ.
საქართველოში მომხდარი ამბები, რომელთა უმეტესობას პირადად შესწრებია,
აღწეროს იმპერატორის „ხელქვეითი ქართველი ხალხის ცხოვრება“, მისი წარსული
და ამჟამინდელი მდგომარეობა.

ალ ჭავჭავაძე ნარკვევს იწყებს საქართველოს უძველესი წარსულის


გადმოცემით, ყურადღებას ამახვილებს ქართველთა ძირითად საქმიანობაზე _
მიწათმოქმედებაზე, სახელმწიფოს სიძლიერესა და კულტურაზე. ავტორი
ჩამოთვლის მტრების იმ აურაცხელ შემოსევებს, რომლებმაც დააუძლურა ქვეყანა,
საუბრობს რუსეთთან უფრო ადრინდელი კავშირის შესახებაც. ქვეყნის
ჩრდილოეთში მთიელი ურდოების შემოჭრის გამო კახეთის მეფე ალექსანდრე
მეორეს რუსეთისთვის მიუმართავს. ალ. ჭავჭავაძე აღნიშნავს, რომ 1586 წელს
რუსეთმა საქართველო დაიცვა, მაგრამ მცირე ხნით. ნარკვევის ავტორი საუბრობს
რუსეთისა და საქართველოს სამეფო ოჯახების დანათესავების მცდელობაზეც და
საბოლოოდ გადადის ახლო წარსულზე, აღა-მაჰმად ხანის მიერ თბილისის
აოხრებაზე, ერეკლე მეორის მუდმივ პოლიტიკურ ურთიერთობაზე რუსეთთან და
რუსეთის ჯარის საქართველოში წარმატებით შემოსვლაზე.

ალექსანდრე ჭავჭავაძე არ ერიდება არც ქვეყნის შინაური აშლილობის მიზეზთა


დასახელებას. გიორგი XIII-ის გარიგებას იმპერატორ პავლესთან, რომ მემკვიდრეობა
მხოლოდ უფროს ძეს გადასცემოდა, გიორგი მეფის ძმების განრისხება გამოიწვია.
1800 წელს ალექსანდრე ბატონიშვილი ოცი ათასი ლეკით შემოიჭრა საქართველოში
თავისი ძმის ტახტიდან ჩამოსაგდებად. ქართველებმა რუსთა დახმარებით
დაამარცხეს იგი. ამ ფაქტმა დაარწმუნა გიორგი XIII, რომ ტახტს რუსთა გარეშე ვერ
შეინარჩუნებდა. საზოგადოებას რუსეთთან შეერთება სხვადასხვაგვარად ესმოდა;
ყველას პირადი ინტერესი ამოძრავებდა: ერთნი მოუთმენლად ელოდნენ რუსეთის
მმართველობის დამკვიდრებას, რომ ტახტზე დავით ბატონიშვილი არ ასულიყო;
სხვებს კი მეფობის შენარჩუნება უნდოდათ, ოღონდ ისე, რომ მეფე რუსეთის
მორჩილი ყოფილიყო. თითოეულ მომხრეს მისადმი კეთილგანწყობილი
ბატონიშვილის გამეფება სურდა. არსებობდნენ ისეთებიც, რომლებიც ქვეყნის
ინტერესებს პირადულზე მაღლა აყენებდნენ. მათი აზრით, საქართველოში რუსეთის
სამოქალაქო წყობილების დამყარებას როგორც რუსთათვის, ასევე ქართველთათვის,
შემდეგი სავალალო შედეგები მოჰყვებოდა:

1. რუსეთს მოუწევდა არა მარტო საქართველოს გარეშე მტრებისგან დაცვა,


არამედ მისი მთლიანად აღდგენა;
2. სამეფო ოჯახის მრავალრიცხოვან წევრთა შენახვა;
3. თუ რუსეთი დატოვებდა ქვეყანას, ბაგრატიონთა დინასტიას
თავადაზნაურობის მხრიდან საფრთხე შეექმნებოდა;
4. რუსეთს გაუჭირდებოდა საქართველოში კარგი მოხელეების გამოგზავნა;
5. მოსახლეობამ არ იცოდა რუსული, ამიტომ სასამართლო სისტემა ვერ
ამუშავდებოდა;

ალ. ჭავჭავაძე დაწვრილებით აღწერს იმ მიზეზებსაც, რომლებმაც


საქართველოში აჯანყებები გამოიწვია. მთიულებმა, რომლებიც საქართველოს
სამხედრო გზაზე მუშაოდნენ, მოკლეს კაპიტან-ისპრავნიკი ბარით. ისინი
დანაშაულამდე მიიყვანა ჩინოვნიკის თავგასულობამ. იმის ნაცვლად, რომ
მთავარი დამნაშავე დაესაჯათ, მოსახლეობას შეუსიეს ერთი როტა ჯარი. ალ.
ჭავჭავაძე სტატისტიკური მონაცემებით აღწერს მათ მიერ თავიანთი უფლებების
გადამეტებას, ხალხის ჩაგვრას და იმ შიშს, რომ ჩივილი უარეს მათ
მდგომარეობაში ჩააგდებდა. მოსახლეობას ევალებოდა ჯარისთვის სურსათ-
სანოვაგის გაღება იაფად და გადაადგილებაში დახმარება. რუსი ჩინოვნიკები
უზომოდ ითხოვდნენ ამ ყოველივეს, ბეგარა კი ზუსტად არ იყო განსაზღვრული.
პოლკები აპარტახებდნენ არა მარტო იმ სოფლებს, სადაც დაბანაკებულნი იყვნენ,
არამედ მეზობელ სოფლებსაც. შეურაცხყოფილი თავადაზნაურობა სპარსეთში
გარბოდა ალექსანდრე ბატონიშვილთან. 1812 წლის აჯანყებაც იმ მიზეზთ
დაიწყო, რომ ამკრეფმა მოხელეებმა მოსახლეობას დააბრალეს, ფასი გადავიხადეთ
და ხალხი პურს მალავსო. ჯარისკაცებს ნება მიეცათ, რაც სურდათ, ის წაერთმიათ
გლეხებისათვის. სწორედ ამის გამო 1811 წლის დასასრულს იფეთქა კახეთში
საშინელმა ამბოხებამ. მთავრობამ აჯანყება იარაღის ძალით ჩააქრო. იყო
შემთხვევები, როცა რუსი ჯარისკაცები ხალხმა შეიფარა. „ეს ჯარისკაცები
ადასტურებდნენ, რომ ისინი გადაარჩინეს იმ მცხოვრებლებმა, რომლებიც
კმაყოფილნი იყვნენ მათი მოპყრობით. განა ეს არ მეტყველებს იმაზე, რომ
ამოხების მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ უცაბედი შეურაცხყოფა იყო?!“ _ წერს ალ.
ჭავჭავაძე („ქართული მწერლობა“ 1992 : 97). ამ დროს ალ. ბატონიშვილის
სპარსეთიდან კახეთში გადმოსვლა, მწერლის აზრით, არ ცვლის აჯანყების
ხასიათს. ის მხოლოდ თავისი ამალით ჩაერთო მიმდინარე პროცესებში,
სპარსელებმა წინდახედულება გამოიჩინეს და მას არ წამოყვნენ, რადგან იცოდნენ,
რომ კახელებს ისინი სძულდათ. ბატონიშვილისთვის კი ძნელი არ აღმოჩნდა
რუსებისადმი უნდობლობის გაღვივება თავადაზნაურობის ნაწილში,
შეურაცხყოფის გრძნობის გამძაფრება და მათი გადაბირება. ალექსანდრე
ბატონიშვილის მცდელობა მისი დაღესტანში გაქცევით და საქართველოს
საუკეთესო ნაწილის _ კახეთის _ აოხრებით დასრულდა. ალ. ჭავჭავაძე ერთ
კურიოზულ ფაქტზეც მიუთითებს. ის მემამულე, რომელმაც არეულობის დროს
ბატონიშვილი მოიწვია, თვითონ ბატონიშვილის წინააღმდეგ მებრძოლ რუსთა
რაზმში იბრძოდა და ამ ბრძოლაში დაიღუპა. ალ. ჭავჭავაძე ხაზგასმით
მიუთითებს აჯანყების ადგილობრივ ხასიათზე, რადგან მასში სხვა მაზრებს
მონაწილეობა არ მიუღიათ; „კახეთის ამბოხება ყოველგვარი პოლიტიკური
მიზეზისა და უცხო გავლენის გარეშე მოხდა“. ნარკვევის ავტორი წუხს, რომ
„მაშინდელი უბედური დროის ნამდვილი ვითარების შესახებ მისი
უმაღლესობისათვის არავის უცნობებია“. ეკონომიური შევიწროებით აჯანყების
მიზეზეთა ახსნა ალ. ჭავჭააძის მხრიდან პოლიტიკური ნაბიჯი არ უნდა იყოს,
რადგან „ახლოით განჩხრეკილ კაცშიც“ და საკუთარ პოეტურ შემოქმედებაშიც,
ლექსში „ვაჰ, სოფელსა ამას“, პოეტს აჯანყებათა რეალურ მიზეზად კერძო
საკუთრება მიაჩნია.

ალ. ჭავჭავაძის გაბედულება ნარკვევის იმ ნაწილშიც აისახა, როდესაც


ჩამოთვლის, რა სარგებლობა ნახა რუსეთმა საქართველოს შემოერთებით: 1.
შეიქმნა კავკასიაში რუსეთის მფლობელობის კანონიერების საფუძველი; 2.
კავკასია ერთადერთი ადგილი იყო სპარსეთსა და ოსმალეთზე ზეგავლენის
მოსახდენად; 3. საქართველოს შემოერთებით რუსეთმა ალყაში მოიქცია კავკასიის
მთიელები და ქვეშევრდომებად გაიხადა; წინანდელ მდგომარეობაში ისინი
სახიფათო იქნებოდნენ იმპერიის სამხრეთი ნაწილისათვის; 4. კავკასია
მნიშვნელოვანი იყო რუსეთისთვის ფინანსური თვალსაზრისითაც „მისი
აურაცხელი სტატისტიკური საშუალებებითა და ვაჭრობის დარგებით“.

ალ. ჭავჭავაძე თვლის, რომ მთავრობას არა აქვს კავკასიის ბუნებრივი


სიმდიდრის შესახებ სათანადო ცნობები, რათა სწორად განსაზღვროს ეკონომიკის
განვითარება ამ ქვეყნებში; ის შეწუხებულია კანონთა მუდმივი ცვლილებებით,
მათი პირდაპირი კავშირით მთავარმართებლის ხასიათთან. საჭიროა იყოს
„მუდმივი წესი ამ ქვეყნის მმართველობის საქმეში“. ამგვარი მსჯელობიდან
ნათელია, რომ ალ. ჭავჭავაძე ერკვევა საზოგადოებრივი ცხოვრების მოწესრიგების
უმნიშვნელოვანეს დეტალებში და რომ არ მას არ ღალატობს პოლიტიკოსის
ალღოც: ის თავაზობს მთავრობას საქართველოში ტროპიკულ მცენარეთა
გაშენებას და მიწადმოქმედთა კლასის გაზრდას ადგილობრივი მოსახლეობის
ხარჯზე, რადგან ჩამოსული მუშახელი ვერ გაუძლებს აქაურ ჰავას (ეს უთუოდ
ზრუნვაა მწერლისა, დასაქმდეს თავისი ქვეყნის მოსახლეობა და რუსების
მოდინება ქვეყანაში მუშახელითაც არ გაიზარდოს). ქართველთა დასაცავად
მწერალი ამბობს, რომ სამხრეთის ხალხი ზარმაცი არ არის; უბრალოდ გაუჭირდა
სამუშაოს არჩევანი და ვერ წარმოიდგინა პროდუქციის გასაღების ფართო
მასშტაბი, რადგან აქამდე მხოლოდ საკუთარი ოჯახის გამოკვებაზე ზრუნავდა;
ალ. ჭავჭავაძე ქვეყნის განვითარებას კარჩაკეტილი საოჯახო მიწათმოქმედებიდან
დარგობრივ მეურნეობაზე გადასვლაში ხედავს. რაც შეეხება სამართლის
კანონების მოწესრიგებას ქვეყანაში, ალ. ჭავჭავაძის აზრით, ამისთვის ვახტანგ
მეფის კანონები სრულიად შეუფერებელია და მოძველებული, შექმნილი
სპეციფიკური ვითარებისთვის. ისინი აღარ შეეფერება ქვეყნის თანამედროვე
ყოფა-ცხოვრებას, ვერ აკმაყოფილებს როგორც აღმასრულებელ, ისე სასამართლო
ხელისუფლებას. საჭიროა საქართველოშიც რუსეთის კანონმდებლობის
საყოველთაო შემოღება და კანონთა კრებულის ქართულად თარგმნა.

ზემოთ წარმოდგენილი ნააზრევით ძალიან კარგად წარმოჩნდება ალ.


ჭავჭავაძე, როგორც საზოგადო მოღვაწე. მას აქვს ქვეყნის განვითარების
მასშტაბური ხედვა როგორც ეკონომიკის მიმართულებით, ასევე
მართლმსაჯულების დარგში. ხედავს, რომ ვიწრო, კარჩაკეტილი მეურნეობიდან
გლეხი უნდა გადავიდეს ერთი კულტურის მოშენებაზე, რომელსაც გაყიდის და
ამით არჩენს ოჯახს. რუსულ სამართალზე გადასვლა კი დაიცავს მოსახლეობას იმ
განუკითხაობისგან, რომელსაც ქმნიდა ქვეყანაში კანონის არარსებობა, ვახტანგის
კანონები, რომლებიც საერთოდ არ იცოდნენ რუსმა ჩინოვნიკებმა, რაც აძლევდა
მათ თავის ნებაზე მოქმედების საშუალებას.

ალ. ჭავჭავაძემ დაანახვა იმპერატორს, რომ, არა მხოლოდ რუსეთის სიძლიერე


არის აუცილებელი საქართველოსთვის, არამედ რუსეთის განვითარებისა და
სახელმწიფოებრივი წინსვლისთვისაც ძალზე გამოსადეგი და სასიცოცხლო
მნიშვნელობის ქვეყანაა საქართველო. ქართველები წინააღმდეგნი არ არიან
რუსეთის მმართველობის; ამბოხებები, ერთი მხრივ, ჩინოვნიკთა თავგასულობისა
და, მეორე მხრივ, ბატონიშვილთა მხრიდან ქართველთა წაქეზებისა და
შეურაცხყოფის გამძაფრების ბრალი იყო. ნარკვევს ემჩნევა, რომ ის დაწერილია
განათლებული, ჭკვიანი, თავისი ხალხისთვის მზრუნველი, მოქალაქეობრივად
მოაზროვნე პოლიტიკოსის მიერ.

ნარკვევის გულწრფელობაზე მიგვითითებს ალ. ჭავჭავაძის შესაბამისი


პერიოდის მხატვრული შემოქმედებაც, კერძოდ, ლექსები _ „დიმ. ვ.“ და „კავკასია“.
ლექსში „დიმ. ვ.“ პოეტი ახალგაზრდულ შეცდომად მიიჩნევს 1804 წლის
აჯანყებაში მონაწილეობას. ახალგაზრდობაში თავად პოეტი და მისი ადრესატიც _
დიმ. ვ. _ გრძნობით წყვეტდნენ საკითხს, „კეთილის ქმნას“ ისახავდნენ მიზნად,
თუმცა გზის არჩევანში შეცდნენ:

„ვალსა სამღრთოსა ვეძიებდით გზითა შემცთარით“ („დიმ. ვ.“).

მიუხედავად შეცდომისა, ალ. ჭავჭავაძე თვლის, რომ ღმერთმა აპატია მათ ეს


დანაშაული და „ცთომა ცოდვად“ არ ჩაუთვალა. ლექსში „კავკასია“ პოეტი ხაზს
უსვამს რუსეთთან შეერთების დადებით მხარეებსა და პროგრესულობას:

„განიხსნა გზა და ეშვათ ივერელთ სასოება,

რომე მუნით შევიდეს მათ შორის განათლება“ („კავკასია“).

როგორც ვხედავთ, ლექსების შინაარსი იდეურად ახლოს დგას ალ.


ჭავჭავაძის „ნარკვევში“ გამოთქმულ შეხედულებებთან. ეს ნაწარმოებები კიდევ
უფრო სარწმუნოს ხდის პოეტის რეალურ პოზიციას, გვარწმუნებს იმპერატორთან
მის გულწრფელობაში, იმ ფაქტში, რომ ალ. ჭავჭავაძეს შიში ან პოლიტიკური
სიფრთხილე კი არ ალაპარაკებდა, არამედ გაბედულება და პირდაპირობა.

ალ. ჭავჭავაძის შემოქმედება კიდევ უფრო მეტის თქმის საშუალებას გვაძლევს.


პოეტი არა მხოლოდ 1804 წლის აჯანყებაში მონაწილეობას უთვლის საკუთარ
თავს შეცდომად, არამედ _ შეთქმულთა ნდობასაც. გულით მიენდო იმათ, ვინც
ბოლოს „მლიქვნელის ენით“ მისცა „ჭირსა გასაჭირსა“ და „ჩაგვრა“ დაათმენინა.

შეთქმულების გამჟღავნებამ ქართველი რომანტიკოსების უმრავლესობა


რუსეთთან საქართველოს შეერთების აუცილებლობაში დაარწმუნა. მიუხედავად
ამისა, ისინი მაინც საქართველოს წარსულით ამაყობდნენ და არა აწმყოთი.
იცოდნენ, რომ წარსული ოცნებაა, მაგრამ „წარსულისა სიცოცხლის ნიავი“ მათ
„დამაშვრალს სულს“ სიტკბოთი აღავსებდა. ალექსანდრე ჭავჭავაძეც თავისი
შემოქმედების მეორე ნახევარში გაურბის „უწყალო სენზე“ (რუსთა მიერ
საქართველოს დაპყრობაზე) საუბარს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ქვეყნის ბედი
აღარ აწუხებს ან ხელი აქვს ჩაქნეული საქართველოს მომავალზე. ლექსში
„პყრობილისაგან თანაპყრობილთა მომართ“ პოეტი წერს:

„მე ამას ვსტირი, განაწირი, ვა, თუ ვესწრა ვერ,

თვარაღა ჟამი, გულთ მაამი, კვლავცა იქნების!“

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად „მომავლის ნამდვილ ხატს“ პოეტი


ხავსმოკიდებული ქალაქის ნანგრევებში ხედავს და აწმყოთი ნუგეში სიბრმავედ
მიაჩნია, ბედნიერების იმედს არ კარგავს, რადგან იცის „ცნობა მყარითა“, რომ
ზამთარს გაზაფხული შეცვლის და ბედნიერების კარი გაიღება, ოღონდ _
ყველასთვის არა, მხოლოდ იმათთვის, ვინც არ შეუშინდება ვარდის ნარ-ეკალს,
„გარშემოვლებით“ კი არ მიეახლება ვარდს, არამედ სიყვარულით. სწორედ ის
იხილავს „განშლას ბედშეკრულისას“. ალ. ჭავჭავაძე თავისი შემოქმედების მეორე
ნახევარში ქვეყნის ბედნიერების გზას რწმენით თვითშემეცნებაში _ ქრისტიანულ
სიყვარულში ხედავს („ეღების კარი გაზაფხულისა“). მრავალი ბრძოლოს
მონაწილისთვის მიუღებელი ხდება ომი, მშვიდობიანი ცხოვრების იარაღის
ძალით დარღვევა („აღრეულობის შიშები“) და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
უხილავი, „მფრინავი ტყვიით“ („ბრძოლისათვის“).

ალ. ჭავჭავაძის რელიგიური აზროვნება კიდევ უფრო ნათელი ხდება მის მიერ
35-ე ფსალმუნის 35-ე და 36-ე მუხლების გალექსვით. ცამდე „აღმატებ-
აღმაღლებულ“ უღმრთოს აუცილებლად ბოლო მოეღება და „ფესვით ღებული“
იქნება. ფუჭი და წარმავალია ურწმუნობით მიღებული დიდება. შემთხვევითი არ
არის, რომ ამავე პერიოდში ალ. ჭავჭავაძე თარგმნის დერჟავინიდან ლექსს _
„ღმერთი“, რომელიც რელიგიურ-ფილოსოფიური შინაარსის ტრაქტატია უფლის
არსის შესაცნობად და რომლის მხატვრული ღირებულებაც ნაკლებად
მნიშვნელოვანია. თარგმანი ზედმიწევნითაა შესრულებული და ზოგადად,
პოეტის მსოფლხედვის წარმომჩენია.

ალექსანდრე ჭავჭავაძის რელიგიური შეხედულებები, როგორც უკვე გამოჩნდა


ლექსში „ეღების კარი გაზაფხულისა“, მისი მხატვრული აზროვნების
განმსაზღვრელია. სატრფიალო ლექსში „სახე შენი როს ვიხილო“ პოეტი სატრფოს
მიმართავს ქრისტიანული სიმბოლიკით დატვირთული სიტყვებით: „არ შეიცვლი
სახეს მზეში“, აგრეთვე _ „ეგ სახე მზედ მომთვარული“. პირველი მხატვრული
სახე მოდის ქრისტიანული აზროვნებიდან, რომ წმინდანი იმქვეყნიურ მარადიულ
ნათელშიც სხივოსანია, რომ მისი ნათელი არ იჩრდილება; მეორე სახე კი
დაფუძნებულია დიონისე არეოპაგელის მიერ საღვთო სახელთა განმარტებაზე _
ღმერთის შედარებით სრულყოფილ წარმოდგენაზე საპირისპირო ცნებათა
ერთობით _ „უჟამო ჟამი“, „მზიანი ღამე“ („ვეფხისტყაოსანი“). „მზედ
მომთვარული“ აღიქმება როგორც ღვთაებრივ და პიროვნულ ნიშანთა ერთობა
სატრფოს სახეში, ისევე, როგორც ეს „ვეფხისტყაოსანშია“; მშვენიერი ნესტანი
„პირგამეხებულ ვეფხადაა“ ქცეული მიჯნურის წარმოსახვაში. დიდია დიონისე
არეოპაგელის გავლენა ქართულ ლიტერატურაზე და, თუ ძველი მწერლობის
ძეგლებში საპირისპირო ცნებათა ერთობა ღვთის განმარტებისთვის არის
გამოყენებული, ახალ ქართულ ლიტერატურაში მას ღვთაებრივის დეფინიცია
მიესადაგება. მაგალითისთვის მოვიყვანთ ალ. ჭავჭავაძის ცნობილ ლექსს
„სიყვარულო, ძალსა შენსა“. სიყვარულის გრძნობა ნაწარმოეში გადმოცემულია,
როგორც მწუხარებისა და სიხარულის ერთდროულად მიმნიჭებელი, ამავე დროს
_ ყველასათვის სასურველი სუფთა და ნათელი გრძნობა. აქედან გამომდინარე,
გაუგებარი ხდება ლექსის ბოლოს ავტორის სიტყვები:

„ნამდვილ კეთილ არს განცხრომა, იგი ნუმც ოდეს გველევის,

მაშა ცუდია, თუ მაში სიბნელეც არსით ერევის“.

მათი ახსნა მხოლოდ ძველი ქართული მწერლობიდან მომდინარე ტრადიციით


შეიძლება, რომლის მიხედვითაც სიყვარული ღვთაებრივი გრძნობაა, ნათელისა
და ბნელის ერთობა.

ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსებს ახასიათებთ ფილოსოფიურობა. თითქმის


ყველა ნაწარმოებში პოეტი პრობლემას ფოლოსოფიურად განაზოგადებს,
უკავშირებს სამყაროს მუდმივ ცვალებადობასა და ადამიანის წარმავლობას.
პოეტის ენა უაღრესად ხატოვანია, მაგრამ დამძიმებულია ძველი სალიტერატურო
ენისათვის დამახასიათებელი გამოთქმებით, არქაიზმებით. ჟანრობრივი
თვალსაზრისით ალ. ჭავჭავაძე ამჟღავნებს აღმოსავლური ლიტერატურისა და
აღორძინების პერიოდის ქართველ მწერალთა ზეგავლენას. თავის პოეზიაში მას
გამოყენებული აქვს: მუხამბაზი, მუსტაზადი, ანბანთქება, ყაზალი, გაბაასება,
თეჯნისი, ბაიათი და სხვა ფორმები. მათ პარალელურად მწერლის მხატვრულ
შემოქმედებაში გვხვდება ევროპული ტიპის სალექსო ფორმები: რომანსი,
ეპიტაფია, მადრიგალი, ეპიგრამა. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლურ ჟანრებში
დარღვეულია ტრადიციული ნორმები. პოეტი მათ როგორც ფორმით, ასევე
შინააარსობრივადაც, თავისებურად წარმოადგენს. ალ. ჭავჭავაძის შემოქმედებაში
ჟანრობრივადაც და ასახვის თავისებურებითაც (რაც რომანტიკულ სტილში
მდგომარეობს) მჟღავნდება აღმოსავლური გავლენიდან თანდათანობითი
განთავისუფლება და ევროპულისაკენ გადახრა, რაც დამახასიათებელი იყო
მთლიანად პოეტის ეპოქისათვის. მწერლის ნააზრევში უკვე თვალსაჩინოა
საგნებისა და მოვლენების რომანტიკული აღქმა. მწერალი პირდაპირ მოვლენას კი
არ ასახავს, არამედ _ მისგან აღძრულ გრძნობას. ის იწყებს ნაწარმოებს თავისი
ამბის თხრობით და შემდგომ გადადის ძირითად სათქმელზე, რომლითაც
განპირობებულია მისი გრძნობები. მაგალითად, „ვისაც გსურთ ჩემთა ამბავთა
ცნობა...“ წინა პლანზე გამოდის განწყობა, დარდი და შემდეგ მისი მიზეზი. ასევე _
„პყრობილის შრომა ვნახე პყრობილმან...“ _ აქაც სუბიექტურ გრძნობებზეა
საუბარი, რომელთა განზოგადება შემდგომ ხდება; სიყვარულის გამოხატვის
თვალსაზრისითაც ალ. ჭავჭავაძე არ ემორჩილება გონების კონტროლს, არ
განმარტავს და ანაწევრებს განცდას. მისთვის სიყვარული ბობოქარი გრძნობაა,
რომელიც ადამიანს გონებას აკარგვინებს, მეფეს მონას შეაყვარებს და ბრძენს
ხელად აქცევს. ეს ნიშნები ტიპურია რომანტიკული მიმდინარეობისთვის.

You might also like